Sunday, October 17, 2010

ნიკა ჯორჯანელი - ლექსები


კრუნჩხვა

I

აღმაფრენის დაგულებით

გულს დამედო აგურები.

ვუძლებ დროის წიოკობებს,

როგორც უძლებს მატლებს მიწა.

მიჩლუნგებს და მივალალებს

შენი სახის ხსოვნა თვალებს.

და შიგნეულს მიოქროებს

მოგონება შენი ხმისა.

II

ცხოვრება კი ბანგებს ურევს

და უყვება თავის მდგმურებს

რაღაც ცივ და უნდომ ზღაპარს;

სხვას არაფერს არ სთავაზობს.

ავსებს ჰაერს კვნესა თოვლის.

და მთელ ქალაქს, როგორც ცთომილს

შავი ორმო, იწოვს, ყლაპავს

შენი სახლის სადარბაზო.

III

ზამთრის სახე ასე ახლო

მერამდენედ უნდა ვნახო.

გზები, სევდით მორეკილი,

მერამდენედ ვტკეპნო უნდა.

სიყვარული მერამდენედ

გიგალობო ფერფლის ენით.

გზა არ მოჩანს; ურემი კი

რა ხანია გადაბრუნდა.

IV

თუმც ცხოვრება ძალზე ყვინთავს,

ფხიზლობს მაინც სულ და, გინდაც

დაემალო, გაილურსო,

თვალმარჯვე და უცებია;

და ერთ დღესაც – რაღაც წყევლის

ახდენაა თითქოს, ძველის –

უცებ ხვდები, შენში გულს რომ

სულ ტყუილად უცემია.

V

სადღაც ტკბილად სძინავთ გემზე.

სადღაც მზეა. სადღაც მწყემსი

გაჰყოლია ბინდში კლდეკარს.

სადღაც დუმან ხრიოკები

აღმოსავლურ საღამოში...

შენ არაფრით არ გამოჩნდი.

და თვალები სიზმარს ვეღარც

გახელილნი იოკებენ.

VI

ამ გოდებით, ალბათ, ვერ ვრგებ

და ვღლი კიდეც არეს. ეგებ,

არე რომ არ გადავღალო

სიტყვიერი საგოდებლით,

უტყვობაში გადავიჭრა,

ყველა თითი გადავიჭრა

და ავიღო ამდაგვარად

შენი სულის აკორდები.

VII

ათოვს ბედს, და იღბალს ათოვს.

ათოვს უჯრედს და მის ატომს.

და ფიფქების ცივი ბადე

კრავს ჩემს სახეს. ლამის ხორხში

ჩამივიდეს თოვლი. ლამის

მომეწყუროს შესმა ლავის.

სევდა ლამის ღრუბლებამდე

აიმართოს, როგორც კოშკი.

VIII

ბნელში თეთრი ცაცხვებია.

და, უშრობი, წასცხებია

ყინულს მთვარის აკვარელი.

მე ჩემს სულში მოციმციმე

ცეცხლის რხევებს გითანხმებდი...

სცივა ცეცხლს, და დღიდან დღემდე

ფართოვდება, საყვარელო,

მონატრების ოსვენციმი.

IX

საყვარელო, მისმენ? ყოფნა

არც სისხლად ღირს და არც ოფლად.

ჰგავს ის ქოხმახს, თოვლით ნაშენს.

მხოლოდ სიზმრის მომგვრელია

ის და მისი მკრთალი შუქი.

და სიზმარი ჩვენი თუკი

თვითონაა, ძილი მაშინ

ჯანდაბაში მოგვრევია.

2010

* * *

...და ზამთრის ხმაში საბოლოო გაისმა ფალში.

მიწის აფრებად აფრიალდნენ თხელი კაბები.

ცა უღრუბლოა, და, ცხადქმნილნი, დაფრენენ მასში

ანგელოზები და ახალ მზეს ადუღაბებენ.

ბუნების ხელი გამრუდებულ ცხოვრებას მართავს,

და მშვიდობაზე თანხმდებიან გულში მხარენი,

და ბაღს წააგავს, მოცოცხლებულს, უბრალო ფარდაც,

და მშვიდად სუნთქავს საკუთარი თავით ჰაერი.

ჩნდება იმედი, რომ იმედი სასწაულს შეძლებს.

სივრცე, სითბოთი განვრცობილი, მკვიდრდება შუქში.

ფერი, ღაჟღაჟი, სიცხოველე დაემჩნათ კედლებს,

და წყალს მიჰყვება ნაზამთრალი დღეების ჭუჭყი.

ხის ტოტებს შორის ალაპლაპდა ობობას ქსელი.

დღე ტყავს იკერებს, უამრავი ქარით ანაძრობს.

და საიდანღაც სიშორიდან მოფრინავს ცელი,

გულს რომ გაივლის, როგორც კარაქს, და გზას განაგრძობს.

მაწანწალები იფერებენ მაწანწალობას,

და მტრედი ყუით ილუკმება, როგორც გავროში.

ეს აქ მერყეობს გაზაფხული, წავა-წამოვა,

თორემ მდგრადი და უწყვეტია ის სამყაროში.

2010


ზაფხულის მოლოდინში

მალე მოპირდაპირე სახლის უკანა მხრიდან

ჩემი შარშანდელი ზაფხული გამოვა.


ის შემოცქრიალდება ჩემს ხელებივით გაშლილ ფანჯრებში,

ჩამოჯდება ერთდროულად ყველა სკამზე

და მთხოვს მისთვის ჭიქა წყლის დალევინებას.

შემდეგ გულთბილად მომიკითხავს,

მომისმენს, გამამხნევებს

და შხაპის მისაღებად შევა.

მე კი იმავე მუსიკას ჩავრთავ,

რომელსაც შარშან ზაფხულში ვუსმენდი,

და კიდევ ერთხელ მივხვდები,

რომ თავისი საკუთარი ზაფხული აქვს ყველას

და რომ ჩემი ჩემთან ერთად დაბადებულა

და ჩემთან ერთად ბერდება.

მოდი, გაგაცნო ის,

და, როცა შენი ზაფხული მას ვეღარსად შეხვდება,

სხვებზე ადრე გაიგებ, ცოცხალი რომ აღარა ვარ.

2010

© „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

No comments: