Friday, November 12, 2010

ახალი წიგნები – 2010 - ივნისი

ოთარ ჭილაძე, "ლექსები, პოემები", რედაქტორი თამაზ ჭილაძე. თბ. “პეგასი”, 2010.

"მე კარგად ვიცი, რას ველოდები,
მაგრამ არ ვიცი, რა მელოდება
და ამიტომაც ჩემი ცოდვები
მიუტევებელ რჩება ცოდვებად..."
ეს ოთარ ჭილაძის უკანასკნელი ლექსია, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უკარნახა საკუთარ ძმას. მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამომცემლობა "პეგასმა" მისი ლექსებისა და პოემების სრული კრებული გამოსცა. წიგნი თამაზ ჭილაძემ შეადგინა. მასში შევიდა როგორც ძველი, ყველასათვის ნაცნობი ციკლები - "ძველი რვეული," "მატარებლები და მგზავრები," "თიხის ფირფიტები," "რკინის საწოლი," ასევე ბოლო წლებში დაწერილი ლექსები და ცხრა პოემა, მათ შორის - "ადამიანი გაზეთის სვეტში," "დევებით სავსე ქუდი" და "სინათლის წელიწადი."
ამ კრებულს ბევრი ელოდა. მათთვის, ვინც მხოლოდ რომანების ავტორ ოთარ ჭილაძეს იცნობს, ეს წიგნი სასიამოვნო აღმოჩენა გახდება, ისინი კი, ვინც მისი პოეზია დიდი ხანია შეისიხლხორცა (ვიმედოვნებთ, ასეთები უმრავლესობაში არიან), კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადაავლებენ თვალს ოთარ ჭილაძის მდიდარ მემკვიდრეობას.

ლაშა ბუღაძე, "ლიტერატურული ექსპრესი," რომანი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

ლაშა ბუღაძემ ახალი, რიგით მეოთხე რომანი დაწერა. ავტორი აგვისტოს ომით შოკირებულ ახალგაზრდა ქართველ მწერალზე მოგვითხრობს, რომელიც სრულიად მოულოდნელად ევროპელთა მიერ ორგანიზებულ სემინარზე აღმოჩნდება. მისი მონაწილე 100 სხვადასხვა ეროვნების კალმოსანი "ლიტერატურულ ექსპრესად" წოდებული მატარებლით ევროპის რამდენიმე ქალაქში მოგზაურობს. ორგანიზატორთა აზრით, მსგავსი წამოწყება შთაგონების წყარო უნდა გახდეს მონაწილეებისთვის და ასეც ხდება. გზა ლისაბონიდან ბერლინამდე ზოგიერთისთვის ახალი წიგნის დაწერის სტიმულია, ზოგისთვის საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციის, ზოგისთვის კი მოულოდნელად თავს დამტყდარ სიყვარულთან გამკლავების.
რამდენიმე წლის წინ ავტორი თავად იყო ასეთი ლიტერატურული მოგზაურობის მონაწილე, თუმცა როგორც ამბობს, ეს ამბავი მხოლოდ რომანის სიუჟეტისთვის გამოიყენა. ლიტერატურულ ექსპრესში ვითარება ლიტერატურულია, ზედმეტადაც კი. იმდენად, რომ მატარებლის დაძვრისთანავე იწყება ლეპტოპების, კალმისტრების, ბლოკნოტების, ფურცლების შრიალი და ძალად საქმიანი თუ შთაგონებული სახის გამომეტყველებით რაღაცეების წერა. რომანის მთავარი გმირისთვის ასეთი რამ უცხოა და ერთი ხანობა თავს საერთო რიტმიდან ამოვარდნილადაც მიიჩნევს, თუმცა, შემდეგ ნათელი ხდება, რომ ეს ყველაფერი ყალბია და მოჩვენებითი, ისევე, როგორც ამ მწერლების შემოქმედება.
ერთთვიანი მოგზაურობისას 28 წლის ქართველი მწერალი იმასაც აღმოაჩენს, რომ მთელს მსოფლიოში ლიტერატორებს ერთნაირი ამბიციები აწუხებთ, მსგავსი პრობლემები აქვთ და შემოქმედებით კრიზისსაც ისევე განიცდიან, როგორც მისი თანამემამულე ქართველი ავტორები.

გივი ალხაზიშვილი, "მომავალი წარსული", რომანი, რედაქტორი როსტომ ჩხეიძე. თბ. “სიესტა”, 2010.

გივი ალხაზიშვილმა ავტობიოგრაფიული რომანი დაწერა. "მომავალი წარსულის" შექმნა მოულოდნელობა არ ყოფილა. - წერს წინასიტყვაობაში როსტომ ჩხეიძე. – ის კი არა, თუ ჩვენს თანამედროვეთაგან ვინმეს შეიძლება დაეწერა მრავალმხივ საინტერესო ავტობიოგრაფიული რომანი, მათ შორის უთუოდ გივი ალხაზიშვილსაც, ვინც პოეზიიდან დროდადრო ბელეტრისტიკაში გადანაცვლებული – აქეთ მოემართებოდა, დოკუმენტური პროზის ამ ჟანრისკენ."
წიგნი რამდენიმე წელია იწერება და ორმოცწლიან პერიოდს მოიცავს – გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან 2000 წლის ჩათვლით. ერთი თვალის შევლებითაც ცხადია, რომ ამბები, რომლებზეც ავტორი მოგვითხრობს, დიდ მითქმა-მოთქმასა და აზრთა დაპირისპირებას გამოიწვევს. რამდენიმე მონაკვეთს, რომელიც სხვადასხვა დროს ჟურნალ "ომეგაში" გამოქვეყნდა, მოჰყვა კიდეც ვნებათღელვა. ზოგიერთმა მწერალი ტენდენციურობაშიც დაადანაშაულა, თუმცა მისთვის ეს შემაფერხებელი გარემოება ვერ აღმოჩნდა. "არ გამკვირვებია, ველოდი კიდეც მწვავე გამოძახილს, რადგან ფაქტები, ამ წიგნში რომ მოგითხრობთ, ბურუსითაა მოცული და დღემდე სიმართლე არავის უთქვამს."
სიმართლე კი მწარეა და იმ ეპოქის ამაზრზენ დეტალებს ასახავს, კომუნისტური მმართველობის ბოლო ათწლეულებში არაერთი ცნობილი პერსონის ზნეობა და მორალი რომ შეიწირა. მკითხველი ძალზე საინტერესო და დღემდე გაუხმაურებელი ფაქტების შესახებ შეიტყობს. მათი გახსენება ბევრს არ ესიამოვნა, მაგრამ სიმართლე თავისას მოითხოვსო – ამბობს წიგნის ბოლოთქმაში ავტორი. მიუხედავად აქ მოთხრობილი რეალური ისტორიებისა, "მომავალი წარსული" არ არის ტიპური ავტობიოგრაფიული რომანი. იგი ჟანრთა ერთგვარი კოლაჟია. როგორც როსტომ ჩხეიძე წერს, "თუკი ქირურგიულად დავშლით მის მოზაიკურ გარეგნობას – გარდა კრიტიკულ-ესთეტიკური ჩანართებისა, შეხვდებით ნოველასაც, მინიატურასაც, ჩანახატსაც, ლიტერატურულ პორტრეტსა თუ სილუეტსაც, იუმორესკასაც, დღიურის ფურცლებსაც, ეპისტოლეებსაც..." ეს ჟანრობრივი მრავალფეროვნება ორგანულად ერწყმის რომანის ერთიან სიუჟეტურ ქარგას და მკითხველისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

შოთა იათაშვილი, "დალაგება," წერილები, რედაქტორი ბესო ხვედელიძე, თბ, “საუნჯე”, 2010.

პოეტმა და მწერალმა შოთა იათაშვილმა საკუთარი პუბლიცისტური შემოქმედების დალაგება გადაწყვიტა. ეს არცთუ იოლი საქმე აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტორი ბოლო 13 წელია ლიტერატურული პროცესების აქტიური შემფასებელია, რაც გულისხმობს რეცენზიების, ანალიტიკური სტატიების, ლიტერატურული სვეტებისა თუ წიგნების წინასიტყვაობის დაწერა-გამოქვეყნებას სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემასა თუ თემატურ კრებულში. სწორედ ამ 13 წლის (1997-2010) ნაშრომ-ნაღვაწია თავმოყრილი წინამდებარე გამოცემაში. განხილულ ავტორთა სპექტრი საკმაოდ ფართოა: ეგნატე ნინოშვილიდან - "ვარდისფერი ავტობუსის" ჩათვლით, მაგრამ ყველაზე დიდ ადგილს მაინც 90-იანელთა, ანუ მის თაობელთა შემოქმედება იკავებს, რომელიც ავტორისთვის განსაკუთრებით ახლობელი და მნიშვნელოვანია. ასეთი ჭრელი მასალის დალაგება შოთასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა გამოსავალი იპოვა და კრებული რამდენიმე ნაწილად დაყო: I - ავტორები და წიგნები; II - ლიტერატურული პროცესისა და კულტურული ფენომენების შესახებ და III – ლიტერატურული პორტრეტები.
შოთა იათაშვილი იმ მცირერიცხოვან ავტორთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ისეთივე საინტერესო შემფასებლები არიან, როგორც მწერლები. ამიტომ, ჩვენც ვფიქრობთ და თავადაც იმედოვნებს, რომ ეს კრებული ბოლო პერიოდის ლიტერატურული პროცესებით დაინტერესებულ მკითხველს ამ პროცესებზე წარმოდგენას ოდნავ მაინც დაულაგებს. "თუ ასე მოხდება, ჩავთვლი, რომ ეს საკმაოდ მძიმე ცამეტწლიანი შრომა ტყუილად არ გამიწევია და წიგნად მისი შეკვრაც ნამდვილად ღირდა" - წერს კრებულის შესავალში ავტორი.

თამაზ ვასაძე, "ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში," რედაქტორი მაკა ელბაქიძე, თბ. “ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2010.

ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი თამაზ ვასაძე თავის ახალ კრებულში, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობამ გამოსცა, სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ წერილებს უყრის თავს. წიგნში ძირითადად ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა შემოქმედებაა მიმოხილული, დავით გურამიშვილიდან ჯემალ ქარჩხაძის ჩათვლით. აქვე წაიკითხავთ ავტორის მოსაზრებებს ქართული ლიტერატურის განვითარებაზე, მის მიერ გავლილ და გასავლელ გზაზე, მწერლის ადგილსა და როლზე თანამედროვე სოციუმში და ა.შ.
საით მიდის ჭეშმარიტების მაძიებელი ლიტერატურა, როგორია ილიას ფორმულა ჩვენს დროში, რა საერთოა ეროვნულ და დასავლურ იდეოლოგიას შორის - პასუხს ამ და ბევრ სხვა საინტერესო შეკითხვაზე თამაზ ვასაძის წინამდებარე კრებულში იპოვით.

ძველი შუამდინარული პოეზია, მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე, თბ, “მემკვიდრეობა”, 2009.

ძვ. წ-აღ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში შუმერებმა შექმნეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დამწერლობა, რამაც შესაძლებლობა მისცა წერილობით აღებეჭდათ თავიანთი მხატვრული შემოქმედება. იქედან მოყოლებული ათას ხუთასი წლის განმავლობაში შუმერული მხატვრული სიტყვა მწერლობად ყალიბდება. სწორედ ამ მწერლობის ჩვენამდე მოღწეულ ნიმუშებს გვთავაზობს მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე. თიხის ფირფიტებზე ამოკვეთილი შუმერული და აქადური ტექსტები გვიამბობს ინანასა და დუმუზის, ენლილისა და ენმერქარის, ლუგალბანდასა და გუდეას ამბებს. მრავალფეროვანია პოეტური შემოქმედების ჟანრებიც: სატრფიალო პოეზია და გოდებები, გაბაასება და ლირიკული ელეგია... "ჩვენს წარმოსხვაში შუამდინარული მწერლობა წარმოგვიდგება, როგორც ერთი ნანგრევი ნანგრევ ცივილიზაციაში, რომლის თავდაპირველი სახე და კონფიგურაცია დღევანდელი ადამიანისთვის მიუწვდომელია.... ჩვენზე უცხო და უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათი სემანტიკა და მეტაფორიკა, საგანთა უჩვეულო ასოციაციურობა ვერ ეტევა ჩვენს რაციონალურ გონებაში. მაგრამ უნდა მოველოდეთ რაციოს ხმას პოეზიისგან, მით უმეტეს, თუ ეს პოეზია ათასწლეულების წინ შეიქმნა?" - წერს წიგნის შესავალში ზურაბ კიკნაძე.

ჰერმან ჰესე, "ნარცისი და გოლდმუნდი", მთარგმნელი მარიამ ქსოვრელი, თბ. “სიესტა”, 2009.

"ნარცისი და გოლდმუნდი" ცნობილი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰერმან ჰესეს ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ხასიათის რომანია. ავტორმა იგი 1930 წელს დაწერა და მისი შემოქმედების შედარებით გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება. ჰესეს ეს ოპუსი არ არის ისეთი პოპულარული, როგორც "ტრამალის მგელი" ან "თამაში რიოში მარგალიტებით," თუმცა უდავოდ საინტერესოა ამ ავტორის ნაწერებით დაინტერესებული მკითხველისთვის. სხვა რომანების მსგავსად, აქაც ნაჩვენებია შემოქმედებით და ლოგიკურ საწყისთა ურთიერთდამოკიდებულება. პირველს არტისტული ბუნების გოლდმუნდი განასახიერებს, მეორეს - ნარცისი, ასკეტი ბერი. მათი ურთიერთობა ორი სულიერი მეგობრის, განსხვავებული ბუნებისა და ცხოვრების წესის ადამიანის შინაგან დიალოგზეა აგებული. ნარცისი საშუალებას აძლევს გოლდმუნდს საკუთარი გზა თავად გაიკვალოს. მართალია, ეს გზა სახიფათო და წინააღმდეგობებით სავსეა, მაგრამ ბერი მიიჩნევს, რომ ადამიანური სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებაა მისცე სხვას შინაგანი თავისუფლება და არ მოახვიო შენი მსოფლმხედველობა და მოსაზრებები.

ალექსანდრე დიუმა, "კავკასია", რედაქტორი თემურ ქურდოვანიძე, თბ, 2009, აგორა.
150 წლის წინათ თბილისს ალექსანდრე დიუმა ეწვია, რომელიც იმ პერიოდში კავკასიაში მოგზაურობდა. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის სილამაზითა და ქართული მასპინძლობით მოხიბლულმა აქ თვენახევარს დაჰყო და წვრილად გაეცნო ქართველების ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს. შინ დაბრუნებულმა კი დაწერა წიგნი, სახელად "კავკასია," რომლითაც შეეცადა ეს რეგიონი ევროპელი მკითხველისთვის გაეცნო.
ქართველი ხალხისადმი ავტორი განსაკუთრებული სიმპათიითაა განმსჭვალული. წერს, რომ ისინი "იმდენად საუცხოო, კეთილშობილი, პატიოსანი, მამაცი, გულუხვი და შემმართებელი ერია, რომ სპეციალური გამოკვლევა უნდა მიეძღვნას." მწერალი მოხიბლულა ქართველთა სილამაზითაც და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხალხის, ჩერქეზების კონკურენტებადაც მიიჩნევს ამ საკითხში. წიგნში არაერთი საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი და თბილისისა და კავკასიის შესახებ არაერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც გაეცნობით.
დიუმას "კავკასია" პირველად 1964 წელს თარგმნა თინათინ ქიქოძემ. ეს იყო ტექსტის ე.წ. შემოკლებული ვარიანტი, რომელიც 1859 წლის გამოცემის მიხედვით შესრულდა. მთელ რიგ მიზეზთა გამო წიგნში შეგნებულად იყო გამოტოვებული მთელი პასაჟები კულინარიულ თემაზე, ასევე ზოგიერთი ანეგდოტი და გამოგონილი ამბავი. წინამდებარე გამოცემა პირველ თარგმანზეა დაფუძნებული, რომელშიც გამოტოვებული ადგილები ია ბერსენაძემ და გიორგი ეკიზაშვილმა შეავსეს. ამგვარად, ეს წიგნი დედნის სრული ანალოგია და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი მკითხველის საოჯახო ბიბლიოთეკაში თავის ადგილს დაიკავებს.

ნანა კობაიძე
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: