Sunday, November 21, 2010

ზაალ ებანოიძე - ლექსები

პროლოგის მაგიერ

ალხია და ითენთება ყანა,
მაჯისცემაც უკითხავად იმატებს;
ვამბობ გულში: "კბილს არ მიხსნის დანა,
ანდა მართლა დამამუნჯა სიმართლემ".

თუკი გხედავ, ამ დროს უფრო გხედავ,
ლაჟვარდების მჩატე ქაფით მოყელილს;
ხელჯოხივით დავიბიჯებ სევდას
და ნაკვალევს ნაბიჯ-ნაბიჯ მოვყვები.

მოვივედრებ მე ამ დღიდან ჩეროს,
სულს მოვითქვამ და საკინძეს შევიხსნი,
ამის მერე, რა და როგორ ვწერო,
ჩემზე უფრო, რა თქმა უნდა, შენ იცი.

თუმცა ხანდახან ხემი...

სიტყვა. მუსიკა. მითი.
მითი. მუსიკა. სიტყვა.
ამ დროს რო კანი გვითრთის -
განცდის გარეშე ვინ თქვას.

დრო თავის ნებით მიდის,
თუ ჩვენს გამო და ჩვენით.
მიაქვს - რაიმე მინდი,
რჩება - რაიმე ძღვენი.

თვალსაწიერი! - რა ჩანს
რო გამოვისხათ ფრთები:
ყანჩა! ყანჩა და ყანჩა!
მთები! მთები და მთები!

უდაბნოს მერე - სვეტი!
კლდე! კლდეზე ხათრად - თოვლი!
უნდა დაგვესხას რეტი
ჩვენ ერთმანეთის პოვნით.

"რა ვქნათ" (არ გითქვამს, მესმის) -
გაიფიქრე და გაგცი:
"აღმოცენებას ფესვის
იწვევს სიკვდილი მარცვლის".

"კარგ მთქმელს - გამგონეც კარგი" -
მორცხვად მიხედნეს ყური:
ხო გემოწმება წარბი,
ხო გეთანხმება გული.

აღარ იკმარა სივრცემ
ტანსამკაული სამი
და დროს - "მეოთხეს" იცმევს
თუ თავს იტყვილებს ამით.

და თვლემს შენი და ჩემი
მომადლებული მღვიმე;
თუმცა ხანდახან ხემი
მაინც აფხიზლებს სიმებს.

სიტყვაში, როგორც სახლში,
შედის ასეთ დროს ბგერა
და თვალგახელილ ბავშვის
სიზმრის ბრმებივით გვჯერა.

ახელფეხება ანუ ყალყზე შემდგარი
ცხენის გამოხმობა სხვისი ტექსტიდან


მხედრის მაჯა აშენებს
ცხენის ახელფეხებას;
მგოსნის მაჯა - ასევე -
რაც რო სიტყვას ეხება.

"ტოკავს თვალწინ იაბო,
დარჩა უკან ფერდობი"...
შენ - ხედავ და მიამბობ,
მე - გისმენ და გენდობი.

ვკრიბავ ბგერებს აზიზად,
როგორც რამე თილისმას;
სმენა გააფაქიზა
სუნთქვამ ქარტეხილისმა.

და ღმერთს ლოცვას ვუგზავნი
ბნელს რო მზერით ვიცილებ,
და თვალებზე კურცხალი
ყინულივით ციმციმებს.

წევს ჩვენს შორის დრო-ჟამი
და მიზანი გზაში დევს;
და ფარულად თოვს ნამი
და ცალ-ცალკე გვამშვიდებს.
"მირბის-მითოხარიკობს" -
ზოგჯერ მაინც ჩამესმის,
და მეც - შენი არ იყოს -
მრჩება ხელში სხვა ლექსი:

ჭიხვინს აიმეგზურებს
რითმის გრილი შხეფებით;
თითქოს სკივრში ხელს ვურევ,
როცა შენს ტექსტს ვეხები.

თითქოს თვალწინ ჩერდება
ორი გზა და სამყარო;
ღაწვზე ცრემლი დედდება
და სხეული კანკალობს:

უკვე სიტყვაც აშენებს
ცხენის ახელფეხებას
და ხელახლა გვაჩვენებს -
რაც მე და შენ გვეხება.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: