Wednesday, November 26, 2008

ლევან ბერძენიშვილი

პასირებული შეტევა


[ანტი]ლირიკული [ანტი]გმირის ანუ მთავარი პერსონაჟის ყოფილმა ცოლმა (ვუწოდოთ მთავარ პერსონაჟს ბინძური ჰარი, თუმცა მისმა ყოფილმა მეორე ნახევარმა სავარაუდოდ არც იცის მისი ეს კოდური სახელი) ეს კაცი “შეუკვეთა”, როგორც ახლა წამდაუწუმ ხდება ხოლმე და ქილერად (ყველა პატიოსან კაცს ერგება ერთი კარგი ქილერი ჩვენს დროში - ეს ამ მოთხრობის ლაიტმოტივია ან ლაით მოტივი, იმიტომ რომ სხვა უფრო ცუდი ამბები ხდება) ნინძა დაიქირავა. ქილერი ნინძა - ეს, როგორც ცნობილია, მხატვრული სახე არ გახლავთ, ეს, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, განაჩენია. ამ დროს ირკვევა მოტივიც, თუ რატომ გასწირა ყოფილმა მეუღლემ ყოფილივე მეუღლე: თურმე (ო ზევსო! ვაგლახ, ლახვარი სასიკვდილო გულს დამეძგერა!) მისი ნაწერები წაუკითხავს (ზოგი იტყოდა, მაგალითად, “საბას” მიმნიჭებელი კომისიიდან, როგორ გინდა არ გაუგო ამ ქალსო! მე ერთ ელლინისტს ვიცნობდი, მედეას ეროვნულად ყოვლად გამართლებულ გამართლებაში გაწაფულმა კლიტემნესტრაც გაამართლა). ქილერი ნინძა მთელი მოთხრობის განმავლობაში მოსაკლავად დასდევს თავის კლიენტს, მაგრამ მიუხედავად უმაღლესი პროფესიონალიზმისა, მოთხრობის ბოლო გვერდზეც კი ნინძა-სანი უსამართლოდ ხელმოცარულია. და ამ მცირე პერიოქის ან თუნდაც რომ ანოტაციის შემდეგ ამ მოთხრობას ვინღა არ წაიკითხავს?

ზაზა ბურჭულაძემ დაწერა შედევრი. რატომ ჩაიდინა ეს საქმე, არ ვიცი. შედევრების ეპოქა ისტორიას ჩაბარდა და ახლა მათი შექმნა ცოტა უხერხულიც კია. არა, ასე ლაპარაკი არ შეიძლება, ძალიან ძველმოდურია ეს სიტყვა “შეფ დ’ევრ”, როგორც მ.გ. იტყოდა. ზაზა ბურჭულაძემ დაწერა [მხატვრული?] ტექსტი სათაურით passive attack ანუ, ერთი შეხედვით, “პასიური შეტევა”. როგორ უნდა გავიგოთ ეს სათაური?

ჯერ ერთი, passive attack რაღაცას ნიშნავს. თანაც რაღაცას ძალიან თანამედროვეს. Passive attack კრიპტოსისტემაში[1] არის ისეთი შეტევა, რომლითაც შემტევი, რომელსაც სათანადო ნებართვა (მაგალითად, რომელიმე კომპეტენტური ორგანოს სანქცია) არ გააჩნია, აკვირდება ან უსმენს ორი მხარის კომუნიკაციას[2].
ამ შემთხვევაში მას კომუნიკაციაში უშუალო მონაწილეობა არ შეუძლია. ბევრი თანამედროვე საიფერი[3] უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს ამგვარი შეტევის შესაძლებლობას და თავს იცავს მისგან.

მოკლედ რომ ვთქვა, ზაზა ბურჭულაძემ თავის მოთხრობას კომპიუტერული კრიპტოგრაფიის ტერმინი დაარქვა. ორიდან ერთიაო, ან მეო, მიგვანიშნა, ორი სუბიექტის კომუნიკაციას ვაყურადებო და თქვენს წინაშე გამომაქვსო, ან მეო, მიგვანიშნა, რაღაცას ვმალავო. მოკლედ, თქვენს წინაშე ღია ანუ თავდაპირველი ანუ ორიგინალური ტექსტი არ არისო, თქვენს წინაშე საიფერტექსტიაო. და თუ ბიჭები და გოგოები ხართ, გაშიფრეთო. და თუ არ გაშიფრავთ, ჩემი ტექსტი უფრო მოგეწონებათო. მოკლედ, ავტორი “გვაწვალებს” და რაღაც ჩვენში არსებული ღრმა ცოდნისკენ გვიბიძგებს, სოკრატეობს, ბებიაქალობს და მაიევტიკის გათანამედროვებას ცდილობს.


თქვენს წინაშეა პასიური შეტევის სქემატური წარმოჩენა. ევა (პასიური მოყურადე) აკვირდება ელისის (ტელნეტის კლიენტი) და ბობის (ტელნეტის სერვერი) კომუნიკაციას.

ესე იგი, ასეთი ტერმინი არსებობს. ეს ერთი. ახლა მეორე: არ ჩამოვრჩეთ ცხოვრებას და გავიხსენოთ, რომ 1988 წლიდან არსებობს Massive Attack (“მასირებული შეტევა”), ინგლისური მუსიკალური ჯგუფი ბრისტოლიდან, რომელსაც გამოშვებული აქვს რვა ალბომი (მათ შორის ოთხი ე.წ. “სრული სტუდიური ალბომი”) - ძირითადად ესაა ელექტრონული მუსიკა ჯაზის, ჰიპ ჰოპის, როკისა და კლასიკური მუსიკის ელემენტებით - ე.წ. ტრიპ ჰოპი. ამ ჯგუფის მუსიკა გამოყენებულია მრავალ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალში, მათ შორის “მატრიცაში”. ალუზია ბოლომდე რომ გამოვიყენოთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ 2003 წელს ჯგუფის ხელმძღვანელი, რობერტ დელ ნაჯა, დააკავეს საბავშვო პორნოგრაფიასთან კავშირის ბრალდებით და ექვსი საათის შემდეგ გაათავისუფლეს (ზაზა ბურჭულაძის მოცემულ თხზულებაში ლაპარაკია პედოფილიაზე). ბრალდება ზ.ბ.-ის ბრალდებებივით ცრუ, მაგრამ ზ.ბ.-ისგან განსხვავებით ბოროტად ცრუ აღმოჩნდა, და ბევრმა ჩათვალა, რომ ეს სინამდვილეში იყო. არადა, ეს იყო ხელისუფლების შურისძიება ერაყის ომის საწინააღმდეგო გამოსვლების გამო. ამავე დროს, ჯგუფს სახელი შეეცვალა და უბრალოდ Massive ეწოდა, რადგან Massive Attack სამხედრო ტერმინია და ომის დროს მისი “არადანიშნულებისამებრ” გამოყენება აკრძალულია.

და მესამე: ეპიგრაფად მოტანილია ფრანც კაფკას “ამერიკიდან”: “მე ნაცნობი მყავს ანელოზებს[4] შორის”. ეს გახლავთ კიდევ ერთი, ანუ ჭარბი მინიშნება Massive Attack-ზე. უყვარს ზ.ბ.-ს ბრისტოლური მუსიკა და კაფკა[5] ხსნადიც[6] და ნალექიანიც. სხვა მოყვარულები კი გონებაში აღადგენენ ამ ეპიზოდს: “საწყენია, - თქვა კარლმა; ეს იყო პირველი გაწბილება ახალ ადგილზე, მე [მდედრობითი სქესის] ნაცნობი მყავს ანგელოზებს შორის. - თქვენ მას ოკლაჰომაში ნახავთ, უპასუხა...”

ზ.ბ.-ის ანტილირიკული გმირი ამტკიცებს, ჰარი მქვია, ბინძური ჰარიო. Dirty Harry, ბინძური ჰარი კლინტ ისტვუდის მიერ შექმნილი სან-ფრანცისკოელი სასტიკი და დაუნდობელი პოლიციელის, ჰარი კალაჰანის დაუვიწყარი სახეა რეჟისორ დონ სიგელის 1971 წელს გადაღებულ ფილმში[7]. მას შემდეგ რაც “ნულოვანი ტოლერანტობა” ანუ Zero Tollerance[8] სამართალდამცველთა ოფიციალურ პოლიტიკად გამოცხადდა, ბინძური ჰარის მხატვრული სახე ჰაერივით სჭირდებოდა ქართულ სალიტერატურო სივრცეს. [ანტი]ლირიკული [ანტი]გმირისთვის ანას (ამ პერსონაჟზე სულ გვეუბნებიან, რაღაცას გეტყვითო და, გარდა იმისა, რომ ფსევდოუვიცი გენიოსია, კრეატივის ნიშნებით, არაფერს გვეუბნებიან) უთქვამს, ბინძურ ჰარის გავხარო.

ესაა ბინძური ჰარი კალაჰანი, მაგნუმ 44-ის ფანი. ქილერთა რისხვა. ამ კაცის მაგალითით ხშირად სარგებლობს საპატრულო პოლიცია, მაგრამ ეს თან “სიმპატიჩნია”.
ეს არაა Placebo-ს ფანი, ყურადღებას ამახვილებს ფართოდ გახელილ თვალზე, საიფერ-ხედვაზე (ვითომ ვაჟა ვარო), თუმცა მეორე თვალი საღი და ყურადღებიანი უჩანს.

რაო, ვითომ ჰგავს? ანას (და საერთოდ, ქალებს) რას გაუგებ?

ბინძურ ჰარის ანამ თვალი აუხილა. 30 წელი უყურა მთას და ვერ დაინახა, ანას შემდეგ კი დაინახა, თუმცა ანას პრუსტი და ჯოისი არ წაუკითხავს და “გრამი ჰაშიში ურჩევნია სკრიაბინის ყველა საფორტეპიანო სონატას ერთად აღებულს, სკრიაბინისვე შესრულებით ”. აი, ჰარის პრუსტი და ჯოისი (არისტოტელეს “მეტაფიზიკაც” კი[9]) წაკითხული ჰქონდა, სკრიაბინიც მოსმენილი ჰქონდა, მახინჯაურში რომ მახინჯები არ ცხოვრობდნენ[10], იცოდა, მაგრამ მთას (სიმაღლეს, სულიერებას, სუბლიმაციას და ა.შ.) ვერ ხედავდა.

როგორც ამბობდა ერთი ლათინოსური, კერძოდ ესპანურენოვანი (ესე იგი, “ძლიერივით”, მაგრამ მთლად ძლიერი არა, რადგან ფეხბურთი, ქათამი და სერიალი ბრაზილიური თქმულა მეფედ) საპნის ოპერა, “ეშმაკი ხუანი ჭკვიანია”. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვების მოყვარული ბინძური ჰარი ღია ტექსტში (“ცხოვრებაში”) ჰუმანისტია, ხოლო საიფერტექსტში (“კინოში”) იმდენად ბინძურია, რომ გლობალიზაციის რაღაც ახალგამოვლენილ მეტასტაზზე, ე.წ. “რელიგიურ მუტაციაზე” საუბრობს: “რახანია ქრისტე ლოტოსის პოზაში ჩაჯდა, ხოლო ბუდა ჯვარს ეცვა, მთა კი მოჰამედმა ლომბარდში ჩააბარა”.[11]

მოთხრობა თოთხმეტი სიმღერისგან შედგება. თოთხმეტივეში ცინიკოსი ბინძური ჰარი, ეპატაჟურ მეცნიერებათა დოქტორი, დასცინის უმაღლეს ღირებულებებს, ასეთია მისი კოდი. დეკოდირებისას კეთილშობილი და ამაღლებული ცინიზმის ნაცვლად ხელთ გრჩება ვულგარული, მაგრამ მაინც ვარგისი ჰუმანიზმი, ხოლო ბინძური და შეიარაღებული ჰარის ნაცვლად - სუფთა (მინარევების გარეშე, მაგრამ მინერალური და სინკოპირებული, როგორც ჯაზი) ზენა-ნიჭიერი მისტერ ზაზა ბ., უიარაღო II. ანუ არც ანა იყო უწიგნური და არც ჰარი ბინძური, ორივენი ბედკრული ჰუმანიზმისა და სხვისი შვილები იყვნენ.

ვერა, ვერ დაიმალება ცინიკოსის საპატიო, ძვირფას მეწამულ მანტიაში გაიძვერა და გაქნილი ჰუმანისტი[12]. პატიოსანი ცინიკოსი აღელდებოდა მკვლელობასა და, უკაცრავად პასუხია, თვითმკვლელობაზე? განა ძირგამომპალი და ამოუძირკვავი ჰუმანისტი არ ღელავს იმაზე, რომ ელიტური თვითმკვლელობა სართულებიდან მიწაზე დაეშვა, გაბანძდა და მასობრივი კულტურის საგანი გახდა, როგორც Elle (იკითხება “ელე”, ყოველ შემთხვევაში, ჯიხურებში ასე კითხულობენ[13]), განა კრიპტოჰუმანისტი არ ტირს, რომ ეს ტურფაც გაიაფდა და “შაჰიდის ქამრები აფთიაქში იყიდება უკვე”? რატომ დასცინა ზ.ბ.-მ თვითმკვლელობას, რატომაა ის მისთვის მიუღებელი (აკი ეკლესიისა არ მესმისო და შორიდან დანახულ მოკრძალებულ მოძღვარში ვიღაც-ვიღაცეები მელანდებაო?[14])? - “თვითმკვლელი შამპუნ-კონდენციონერივითაა, 2 ინ 1”. არა, არ უყვარს კომბინეზონები, კომბიკორმები, კომბაინები (მაგალითად, ერთ ყუთში დამწყვდეული “პრისტავკიანი” ტელევიზორი, თუ ინ უან), არ მოსწონს დიადი გლობალიზაცია, არ აღიარებს წმინდა ორებას, რომელიც ისტორიას შლის და აყენებს, ამიტომაცაა მოთხრობის ბოლო წინადადება კითხვითი და თანაც თემატური: “რა დროს შამპუნია?” მართლაცდა, როგორც ერთი დიდი თვითმკვლელი და ასევე კრიპტოჰუმანისტი იტყოდა (იცნობს, იცნობს მას “სახარება ვირისას” ავტორი), რა დროს რომანსეროა? ვისთვის ან რისთვის რომანსეროა? რაში გვჭირდებოდა ეს ზედმეტი მოთხრობა-შედევრი?
P.S. ძველი და ურცხვი ჰუმანისტების სახელით, გარეწარი ლიბერალების სახელით სიტყვასა ერთსა გაკადრებ(თ), მამაო ზაზა(ბ), კერძოდრე - გმადლობ(თ).


[1] კრიპტოსისტემა - ანუ კრიპტოგრაფიკული სისტემა არის კომპიუტერული სისტემა, რომელიც მოიცავს კრიპტოგრაფიას.
[2] პოლიტიკური ოპოზიციის თვალით რომ შევხედოთ ზაზა ბურჭულაძის არაპოლიტიკურ ტექსტს, მისი სათაურის Passive Attack (თანამედროვე მუსიკის მსმენელთა მთავარი და პირველი თავისუფალი ასოციაცია Passive Attack => Massive Attack) დეშიფრირება ასე შეიძლება: პასიურმა შეტევამ ანუ უნებართვო დაყურადებამ და კონტროლმა ჩვენს ვითომდაც დემოკრატიულ სახელმწიფოში მასობრივი ხასიათი მიიღო.
[3] საიფერი (ეს სიტყვა ეტიმოლოგიურად იგივეა, რაც “ციფრი”) კრიპტოსისტემაში არის ალგორითმი, რომლითაც ენკრიფცია (დაშიფრვა და საწინააღმდეგოდ დეშიფრირება) ხდება. თავდაპირველი ანუ ორიგინალური ინფორმაცია ცნობილია როგორც ღია ტექსტი (plaintext), ხოლო დაშიფრული როგორც საიფერტექსტი (ciphertext).
[4] Massive Attack 1998 წლის ალბომი Mezzanine (“ანტრესოლი”) იხსნება სიმღერით Angel - ანგელოზი. (“შენ ხარ ჩემი ანგელოზი // ჩამოდი ზედა გზიდან // სიყვარული რომ ჩამომიტანო...).
[5] ძველი რომაული წესით, სადაც თავისუფალ და მამრობითი სქესის ადამიანს ჰქონდა სახელი, გვარი და საგვარეულო მეტსახელი-გამოსაჯავრებელი (Praenomen, Nomen et Cognomen), ვთქვათ, Marcus Tullius Cicero ან Publius Vergilius Maro, ზ.ბ. იქნებოდა Zaza Burchulazius Kafka ანუ ზაზა ბურძულაძე კაფკა ან ფრანც ბურჭულაძე ზაზა (სხვათა შორის, მე ვიცნობ კლავდიუს, ნერონ და იულიუს ბურჭულაძეებს - ძმები არ არიან).
[6] “ხსნადი კაფკა” - ზაზა ბურჭულაძის მცირე რომანი, რომელსაც “საბა” არ მიენიჭა, რადგან “ცუდი სიტყვებით” იყო დაწერილი (დიდი ლექსიკოლოგის სახელი არ შეიძლება უკავშირდებოდეს “ცუდ სიტყვებს” და ბარემ იქნებ გენიოსის მიერ განმარტებული ერთი-ორი სიტყვაც ამოგვეღო “სიტყვის კონიდან”) და, საერთოდ, ავტორს თუ “საბა” უნდა, სასაბაოდაც უნდა წეროს და ილაპარაკოს, განსაკუთრებით ეთერში.
[7] 2007 წელს გამოვა ახალი თამაში “ბინძური ჰარი”, რომელშიც მოთამაშე სან-ფრანცისკოს ქუჩებში იმოძრავებს, როგორც ისტვუდის მიერ განხორციელებული უხეში დეტექტივი ჰარი კალაჰანი.
[8] სხვათა შორის, სწორედ ამ სახელს Zero Tolerance ატარებს ერთი ცნობილი სტუდია, რომელიც პორნოგრაფიულ პროდუქიას უშვებს.
[9] ასეთი სისასტიკით თავის პერსონაჟებს ყველა მწერალი როდი მოექცეოდა.
[10] ანას როიალისტი როიალის ამწყობი ჰგონია და უფლისციხეში უფალი ჰგონია დამწყვდეული, ანუ ანა “ღია ტექსტის” ქალია (როგორც იწერება, ისე იკითხება, ან WYSIWYG what you see is what you get), ხოლო ჰარი - საიფერტექსტისა.
[11] ამავე სამეულზე ჯერ კიდევ 1996 წელს მღეროდა ბორის ბორისის ძე გრებენშჩიკოვი (ალბომი Снежный Лев, სიმღერა Великая Железнодорожная Симфония):

Молодым на небе нудно, да не влезешь, если стар.По Голгофе бродит Будда и кричит "Аллах Акбар".
[12] ანას ენაზე ჰუმანისტი არის ადამიანი, რომელიც ბავშვს “ჰუმანათი” ზრდის.
[13] კითხულობენ მყიდველები - customers ask, спрашивают покупатели და კითხულობენ გამყიდველები - salesmen are reading, читают продавцы.
[14] “რა ვიცი, იქნებ გადაუტრიალდა თავში რაღაც და საკუთარი დედა ცოლად დაისვა და ღვიძლი შვილისგან კატლეტი გააკეთა?”


© “ცხელი შოკოლადი”

No comments: