Monday, February 8, 2010

მალხაზ ხარბედია - სიმართლის პოეზია

დღევანდელ ნომერში ერთი ამერიკელი კრიტიკოსის საინტერესო ესეს ნახავთ ბერძენი პოეტის, იორგოს სეფერისის შესახებ. იქ ერთ ლექსზეა საუბარი, ლექსს “ელენეს” ჰქვია. მას “ჰომეროსის მითის ევრიპიდესეული გამანადგურებელი ვერსია უდევს საფუძვლად, რომლის მიხედვითაც ელენე არასდროს ყოფილა ტროაში და ამხელა ომი მხოლოდ მოჩვენების გამო გაჩაღდა. მთხრობელი კი, ერთ-ერთი ბერძენი ჯარისკაცი, ვერ ახერხებს, ჩასწვდეს იმ ფაქტს, რომ “ამდენი ტკივილი, ამდენი სიცოცხლე/ მიეცა უფსკრულს/ ელენეს ცარიელი ღამის პერანგის გამო”.
ნაცნობი სიტუაციაა. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ სტრიქონებს ქართველი მკითხველი გაცნობისთანავე შეავსებს თავისი გამოცდილებით, სისხლით, რომელიც უკვე წლებია იღვრება ასეთი “ცარიელი ღამის პერანგების გამო”.
მიკვირს, რატომ არ ამჩნევენ ევრიპიდეს ამ გენიალურ იდეას ქართველი რეჟისორები? იქნებ უბრალოდ ალღო და გაბედულება არ ჰყოფნით? ეჭიდებიან ათეულობით თითიდან გამოწოვილ მოდურ იდეას, უხეშად აქართულებენ პიესებს, აწყობენ კლოუნადებს, რეალობის პირისპირ კი არავინ ჩერდება, არც რეალობად შემოსაღებულ “ცარიელ ღამის პერანგზე” ამბობს ვინმე სიმართლეს.
ეს საყვედური მარტო თეატრს არ ეხება, იგივე სიტყვებს გავიმეტებდი თანამედროვე ქართული პროზისთვის და პოეზიისთვისაც. თუმცა დღევანდელი ნომერი გამონაკლისია, ამ შემოდგომაზე, როგორც ჩანს, რამდენიმე პოეტს მწარე მოსავალი მოუვიდა.
დღევანდელ ჩვენს ნომერს პირობითად “სიმართლის პოეზია” შეგვიძლია ვუწოდოთ, სადაც განსხვავებული თაობისა და მსგავსი გულისცემის ორი პოეტი, ბესიკ ხარანაული და ზვიად რატიანი თავიანთ სიმართლეს ამბობენ. ამბობენ მწვავედ, გულახდილად, სინანულით.
ბესიკ ხარანაული ლექსში უძველეს მეტაფორას მიმართავს, იყო დრო, როცა პოეტებს თავისივე სტრიქონები მიადგებოდნენ საყვედურით, ანდა მათ თავად პოეტი აგზავნიდა ხოლმე დავალებებით, ხან ვიღაც მეძავთან, ლექსების რვეულის გამოსასყიდად, ხან იმპერატორთან, თავის მოსაქონად, ხანაც ვაჟიშვილთან, გასამხნევებლად. როგორც აღმოჩნდა, სტრიქონები ჩვენს დროშიაც აკითხავენ ავტორს: “რომ გავიხედე და... კარს მომდგომოდა ჯოხის რაკუნით/ ჩემივ ნათქვამი, წლების უკან დაწერილი ჩემივ სტრიქონი/ და დამცინავად დამკითხავდა ბრაზიანი ხმით:/ - “სიღარიბის ნოსტალგია ისევ ღარიბს ეწვევა ხოლმე!” - ასეა, არა?/ ნაღარიბალო!”. ასე ამბობს წლების წინ დაწერილი სტრიქონი და თან ავტორს ქუჩაში მიერეკება, უმოწყალოდ სცემს, ძუნძულით დაატარებს ქუჩებში, ერთ სურათად ანახებს მთელ ქალაქს.
ზვიად რატიანი კი პირდაპირია, ძველებურად მრავალხმიანი, სადაც “ჩვენ”-აა მთავარი და არა “მე”, “ისინი” და არა “იგი”: “ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ/ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,/ არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს/ და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ/ ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს”. ვინც ზვიადის ლექსებს იცნობს, ეს “ჩვენ” ადვილი ამოსაცნობი იქნება, პირველ რიგში ერთი უძველესი ლექსიდან: “ჩვენ ხომ აქ ვმდგარვართ. ჩვენ ხომ აქ დიდხანს...”, შემდეგ ამოძახილით: “რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,/ ვერც დავიხოცეთ?” და ბოლოს “მამებიდან”: “ისინი აწყობდნენ ლამაზ საღამოებს./ ისინი აწყობდნენ ძნელზე ძნელ საქმეებს./ ისინი აწყობდნენ მზრუნველ ხელისგულებს საყვარელი შვილების მხრებზე და/ აწყობდნენ, უსასრულოდ აწყობდნენ გეგმებს.”
“მამების” დაწერიდან, თუ არ ვცდები, უკვე, 10 წელი გავიდა. 10 წლის წინ მამებს ყოფნიდათ თავხედობა “დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ”, ახლა კი მხოლოდ “სიზმრებია”, სადაც „უწყვეტად/ ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,/ სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან/ და აღვიძებენ”.
ამ ბოლო სტრიქონმა ბესიკ ხარანაულის ერთი დიდი ლექსი გამახსენა, და გულში შეცდომით წამომცდა: „სად არიან მამები? მამები სად არიან?“ და რადგან იმ ერთხელ ნაფიქრში მეორეჯერ ვეღარ შევაღწიე, დასასრულისთვის მხოლოდ ერთი ხმელი აზრი შემომრჩა: ეს ორი ლექსი პოეტური მამა-შვილის დიალოგია, მკაცრი და გულახდილი დიალოგი.

2008
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: