Sunday, February 21, 2010

მაიკლ როსენი - ლექსები


მაიკლ როსენი როსენი ინგლისელი პოეტია, ცნობილია აგრეთვე, როგორც რადიოწამყვანი. იგი საგანმანათლებლო და ანტირასისტული კამპანიების აქტიური მონაწილეა. როგორც თავად წერს, სინაგოგაში სულ ორჯერაა ნამყოფი - ერთხელ საკუთარ ქორწილში და ერთხელაც პოეზიის საღამოზე, მაგრამ არავის უნახავს იქ მლოცველი. წარმოდგენილი ლექსები გამოქვეყნებულია მის წიგნში "შენ ხარ, არა?"

მაიკლ როსენი
მოდი ვითამაშოთ ტირანობანა


მოდი აიღე მსოფლიო რუკა
აიღე მოდი ლურჯი ფანქარი
და მოინიშნე მოინიშნე სახელმწიფოები

და დაეხმარე მათ წინსვლაში
სახელმწიფოებს დაეხმარე წინსვლაში
და გამარჯვებებში და წინსვლაში

სიკეთე ჰქმენ და იღაღადე ჰუმანიზმზე
მოხერხებულად გაასაღე მათი ლიდერები
დააქილერე

და შეურჩიე მათ ბედნიერებს გენერლები
და გაუმრავლე პოლკოვნიკები
და საჰაერო მეთაურები

ასესხე მერე მათ მწვანე ფული
სტერლინგებიც ასესხე მათ და
მარკებიც კიდევ რაღა თქმა უნდა

მიჰყიდე მერე მათ რაკეტები
ტანკები და თვითმფრინავები
გაუჩალიჩე ბოევიკებიც
და წამალსაც ნუღარ მოაკლებ

გამოწვრთენი მათი ჯარები
და გამოჯეკე მათი ფოლადის არწივები
გააფოლადე მათი საიდუმლო სამსახურები

და წაასხი ისინი მერე რიო ტინტო ზინკისკენ
ანგლო-ამერიკას ჩაახუტე
სხვაგან და სხვაგან გადაისროლე
შორსაც ახლოსაც

და შეაწერე მერე მათ ყველას ალუმინი
და ნედლეული შეაწერე სახელმწიფოებს
გაზიც ნავთობიც

და აწარმოე დაკვირვება მერე მათ ხალხებზე
დააკვირდი მათ ახალგაზრდებს დღეშემოკლებულთ
იცან კაიფი მახეებში გახლართულების.

და დააკვირდი როგორ ულეწავენ
როგორ ულეწავენ ერთმანეთს ცხვირ-პირს
პოლკოვნიკები და გენერლები
დაამუღამე ეს დიადი სანახაობა

ნახე ბომბების ფეიერვერკები
ნახე ტანკების დნობა-ალუფხვა
თვითმფრინავების ჩამოღვენთება

ნახე გაქრობა ძეხორციელთა
ნახე სოფლები გადახანძრული
ქალაქები იავარქმნილი

კვლავ გაბარიგდი მერე გაყიდე
გაყიდე მეტი ნაღმტყორცნები
გაყიდე მეტი ჯავშნოსნები
და გამოჩეკე მეტზე მეტი ჯარისკაცები

მაგრამ რა ხდება ვერ აკონტროლებ
შენს გენერლებს და შენს პოლკოვნიკებს
რას ბჟუტურობენ რას ბაზრობენ
რას ღადაობენ

და ჰა, გამოხდა ჟამი ნანატრი
კვლავ ჰქმნა სიკეთე
და იღაღადო დემოკრატიაზე და დამოუკიდებლობაზე
კაცთმოყვარეობაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე

და გამოიყვანო მწყობრიდან ბომბდამშენი
და კრეისერები გამოიყვანო მწყობრიდან
და ლაზერები გამოიყვანო მწყობრიდან

რათა მერე ისევ თავიდან ითამაშო
ჩახოცო ხალხი თავიანთ სოფლებში
ჩახოცო ხალხი თავიანთ ქალაქებში
მინდვრებში ლოგინებში ბაღებში

რათა მათ ჰქონდეთ თავისუფლება ჭეშმარიტი
რათა მათ ჰქონდეთ დემოკრატია ჭეშმარიტი
რათა ისინი აწ და მარადის
განთავისუფლდნენ ტირანებისგან

ინგლისურიდან თარგმნა გურამ ოდიშარიამ

შარანსკი

გახსოვს შარანსკი - თავისუფლების მებაირაღე?
ებრაელი, შეყინული რუსეთის თაღებს.

საკუთარ თავზე:
ჩემსავე სახლში მე მაქვს ლტოლვილის ტკივილი,
ვნება.
მაჩუქეთ ნება წავიდე ისრაელს,
ჩემს ერს აჩუქეთ მიწის ძახილის ნება.
ის ურეკავდა მთელს მსოფლიოს:
არავისა აქვს დრო, გამცეს პასუხი?
არ გსურთ გაიგოთ ჩვენი ყივანა თავისუფლება?

საბოლოოდ ნება აჩუქეს...

არც კი აცალეს დაბრუნება,
რომ უცნობები მიესივნენ:
ჩვენ პალესტინის გეწვიეთ ნება,
ჩვენსავე სახლში ჩვენ გვაქვს ლტოლვილის ტკივილი, ვნება.
არავისა აქვს დრო აიღოს სმენის ყურმილი?
არ გსურთ გაიგოთ ჩვენი ყივანა თავისუფლება?

- თავისუფლება?
- თავისუფლება?
თითქოს ბოდიში ორჯერ დაბადა;
- იცით ბიჭებო, ეს არ გაძლევთ ყველაფრისნებას...
და მოიხურა ვერნუგეშისფერი ლაბადა.

ახალმოსახლეები

გუშინ
მამაჩემი ჩამოვიდა ინგლისში სხვა ქვეყნიდან,
გუშინწინ
მამაჩემის დედა ჩამოვიდა ინგლისში სხვა ქვეყნიდან,
მაგრამ, გუშინწინ
მამაჩემის მამა დარჩა წარსულში.

ე.ი. ჩემს მამიკოს მამას არ უნახავს სველი კუნძული
და მე კი თვითონ არ მინახავს ბაბუ საერთოდ.

გაზაფხულის დღემ
რამდენიმე საჩუქარი გამომირიყა:
ცოტა ქაღალდი ძველი და ბაცი,
ცოტა სურათი წარსული თვლებით,
და - დიახ, - სულაც არ გეხუმრებით,
ბომბორა, მძიმე, სქლად კუბოკრული ქურთუკი კაცის,
მე რომ მინდოდა დამეძახა მისთვის "ბაბუააააააა",
კაცი, რომელიც დარჩა წარსულში.

მაგრამ მე მისი ხსოვნა ვცვითე ქურთუკთან ერთად,
მე ის ვატარე,
მე ის მეცვა,
მე ის ვატარე,
მანამდე, ვიდრე არ შემცივდა გარღვეულ ზურგზე.

ებრაელი ვარ

იმიტომ რომ მე დედ-მამამ მითხრა
შენ ხარ
იმიტომ რომ არ მწამს ღმერთი
იმიტომ რომ დამარიგეს
კი ხარ მაგრამ ასე მაგრად ნუ იქნები

იმიტომ რომ დედაჩემმა მე მომიგო თხრობით შვება
1936, კაბლის ქუჩა, მუსლიმანთა შეწყვეტილი მარშირება

იმიტომ რომ მამის მამამ ერთხელ ასე უიგავა
თუ აიღებ 1-ღერ ასანთს მოახერხებ გადატეხო იმიტომ რომ არის ერთი,
თუ აიღებ 2-ღერ ასანთს მოახერხებ დაამტვრიო იმიტომ რომ არის ერთი,
თუ აიღებ 3-ღერ ასანთს შეგიძლია დაამსხვრიო ისიც არის რადგან ერთი,
მაგრამ კონით სავსე ყუთი თვითონ გაგტეხს - იმიტომ, რომ ერთებისგან შექმნილია კონა მთელი.

იმიტომ რომ შენ მითხარი რომ სუყველა ებრაელი უ-ბრალოა
როცა ვიცი უ-ბრალობას კენტად ვბერავ და მოვგავარ რომის ბოლო მთავრის მკერავს
იმიტომ რომ შევათავსე სამარიტელთ იგავის და კრენტილების ცხობის ტრფობა
იმიტომ რომ არასოდეს გამიგია ყურისხლებით ისრაელის წმინდა ვენის
იმიტომ რომ არ არსებობს ებრაული თეთრი შავი ინგლისური
ჩემი-შენი რასის მსგავსი ფენომენი
იმიტომ რომ დავინახე ორი ბიჭი დასცინოდა მლოცველ ხასიდს
იმიტომ რომ დილით სამჯერ მომაძახეს ნაგავი და შებილწული ებრაელი
იმიტომ რომ ჩემს ტელეფონს ვერ მოძებნი ალფავიტით
იმიტომ რომ მომახალეს სიხარულის მკვდარი ჩიტი
ებრაელით სრულებითაც არ ვწუხდებით მაგრამ მაღალ სავარძლებში ასე ბევრი ნუ იქნებით
იმიტომ რომ წინასწარ ვუცქერ დროს და მაღალ სკამებს მოვახსენებ თქვენ იქ ქრებით

ინგლისურიდან თარგმნა ზვიად დევდარიანმა

© “არილი”



No comments: