Thursday, December 31, 2009

ბესიკ ხარანაული - და, აი, მე ვიყიდე ქვეყანა...


და, აი, მე ვიყიდე ქვეყანა
და აღარაფერია ამ მიწაზე, ჩემი რომ არ იყოს.

ისე უცაბედად მოხდა ყველაფერი,
რომ არცაა გასაკვირი, ასე რომ მოხდა:
რომ გავიხედე და... კარს მომდგომოდა ჯოხის რაკუნით
ჩემივ ნათქვამი, წლების უკან დაწერილი ჩემივ სტრიქონი
და დამცინავად დამკითხავდა ბრაზიანი ხმით:
- “სიღარიბის ნოსტალგია ისევ ღარიბს ეწვევა ხოლმე!” - ასეა, არა?
ნაღარიბალო!
და დაიწყო, ამის მერე, რაც რომ დაიწყო:
დამცხო და დამცხო ჯოხად ქმნულმა ჩემმავ სტრიქონმა,
ამჩეჩ-დამჩეჩა და წინ გამიგდო:
შიშველმა ტანზე გრძელი ლაბადის შემოხვევა ძლივს მოვასწარი
და კიდევ კარგი გზაზე თოკის ნაგლეჯიც ეგდო...

მტერი იყოს ამათ იმედად:
გავრბოდი და თავს იმ კაცის სახედა ვგრძნობდი,
ჟამიანობას რომ გამოექცა თავის სოფლიდან, ტანსაცმელი რომ დაყარა და გამოვარდა,
შიშველ ყვერებს რომ მიიქნევდა და გარბოდა თავდავიწყებით,
რადგანაც ჟამი მოჰყიოდა უკან მუქარით...

მეც, როგორც გლეხმა თავის ყანაში შესულ მოზვერს დაჰკრას ჯოხი
და შხამ-ვახშმად ამოადინოს, რაც გაიხარა, სულ ძუნძულით დამატარა
ქუჩები და ქუჩაბანდები,
ერთის შეხედვით, - ერთ სურათად დამანახა მთელი ქალაქი,
რის შემდეგაც ერთი წამით ამომასუნთქა, და, შევნელდით დიდ ბაზრობასთან
(მხოლოდ ცოტად წამკრა სტრიქონმა წვერი, შიგ რომ შევეგდე).

და, აი, მაშინვე:
ბაზრობების კიდეებზე მოსიარულე მარგინალი,
სკამუკების გამყიდველი მოხუცი კაცი:
თითო ხელში თითო სკამი დაეჭირა და
მოცოცავდა, გეგონება კლდეებს შორის გაბმულ ბაგირზე.
სიბერემ ისე არ შემაწუხა ამ კაცისამ, როგორც სიბრიყვემ:
- დალოცვილო, მარაოსავით რომ დაგიჭერია ეგ სკამები და დალაყლაყობ, ადექი და, ერთზე დაჯექ და მეორე გვერდით მოიდგი,
რომ ნახავენ რომ ჯდომაც არის მაგ სკამებზე შესაძლებელი,
უფრო იყიდიან,
აქ არავინ არის ისეთი, სიარულს ჯდომა რომ არ ერჩიოს.

მშიერი ხარ, ნიკაპი ყრონჭზე ჩამოგცოცებია,
თან, ეტყობა თავის თავის მეაბუჩეც ხარ, თორემ იყიდდი რასმეს მოსალოღნს,
აგერ, ფუნთუშებს იხვეწება ჯანსაღი ქალი:
სამარშრუტო ავტობუსშიც შერგო თავი, - ფუნთუშაო! - შეახსენა მთელ ავტობუსს, რომელსაც სულ არ სჭირდებოდა ეს შეხსენება, სუნიც კმაროდა,
მით უფრო, რომ შემოდგომის გამჭვირვალე დილის ჰაერში ორმაგი ძალით მუშაობს ყნოსვა.
ამან კი სამჯერ უფრო ჯიბრით გაუმეორა, - ფუნთუშებიო!
მაგრამ მთლიანად გაჭედილმა ავტობუსმა ცხვირები რომ სხვა მხრით მიმართა,
ჩაიქირქილა:
- დავიჯერო, სუყველა ასე გაბესკნილები გამოხვედით ამუთენია?..
და, ჰაჰაჰაჰაო, გაიფიქრა, თქვენი კარგიცო... და შემებრალა ავტობუსი თავის შიგთავსით, რადგან, როგორც საძაგლობით გავსილ რამეს, ისე გაშორდა.

მე და ჩემს სტრიქონს არ მოგვეწონა ფუნთუშების ეს გამყიდველი,
მაგრამ გავჩუმდით.

- მიდი, იმ მოხუცს ხელი დაუცალე, იყიდე სკამები!
მიბიძგა სტრიქონმა.
მეც ვიყიდე
და ორი სკამით მეტი გახდა ჩემი ქონება.

და ეს სურვილი რომ შევასრულე, ამ სტრიქონისა,
გამახსენდა, საკუთარიც რომ მქონდა ერთი,
ძალიან ძველი,
და გავიჭერ რუსთაველისკენ.

ეს ქუჩა თუმც ყველაზე ლამაზია და კეთილქმნული,
წამდაუწუმ მათხოვარზე შეიძლება დაგიცდეს ფეხი
და შეიქნე სწორედ იმის ასაყენები, ვისაც გაურბი.

გამიმართლა. მოდიოდა:
ძველი კაცი, ცხოვრებისგან და ამინდებისგან
გამოცდილი და დამუნჯებული,
ერთიდაიგივე იყო თვითონ, აგერ უკვე წელი რამდენი
და გულზეც ერთიდაიგივე რაოდენობის ფეხსაცმელის თასმა ეკიდა.

ვისთვის დააქვს ეს თასმები, ვერ გამიგია:
წარმოუდგენელია, რუსთაველზე ვინმე შედგეს, თასმა აიღოს,
ფეხი შეიმაღლოს და თასმების გაყრა დაიწყოს.
ამას, სჩანს, რომ თავი ისევ ძველ დროში ახსოვს,
ეხლა თასმები ფეხსაცმელებს თვითონ ცვეთავენ.

ან სპექტაკლს ხომ არ გვიდგამს რაიმეს და ჩვენ არ ვიცით?
რაკი აღარც მკითხავები ბუდობენ სადმე
და აღარც მტვერში სხედან გულგადაღეღილი წინასწარმეტყველნი.
ამას კი იქნებ მოთმინების ქადაგება აქვს ჩაფიქრებული -
ქარავნისგან ჩამორჩენილ აქლემის სახით
და ყელიდან ჩამოშვებული ჭრელი თასმებით,
მკერდსა და შარვლის წინ-შესაკრავს რომ უფარავენ,
ვითომ ფაფარში შეფარული ეჟვნები და ზანზალაკები
ჟღარუნობენ მარტოდ მოარული აქლემის ყელზე, -
უდაბნოში, - რომელმაც მარტო მთვარე და მზე იცის.


კაცს რომ უბრძანო, თავისი ნაწერი თვითონ ითამაშოს,
დიდი სასჯელია.
არც ისაა იოლი საქმე,
რომ მავანმა თავისი თავი სცენად აქციოს.
ორ რამეს ეჭირა:
შიგნიდან თავის თავს, - გარედან ჰაერს,
ამას კი უნდოდა, რომ ორივეს გაეშვა ხელი, თვითონ უნდოდა,
არ უწყოდა, მოკვდებოდა, ერთ-ერთი თუ გაეყრებოდა.

არც ერთი ადამიანი არაა ღმერთი, რომ მცნებებით ილაპარაკოს
და ადამიანების ყური მიაპყროს,
იმისკენ, რაც მათ არ უწყიან და არ შეუძლიათ.
ამიტომაც ყველა კაცი მოვალეა, ისე მოიქცეს,
რომ სხვები გაართოს და სიხარული მოუტანოს -
რაც ასევე არ უწყიან ადამიანებმა და არ შეუძლიათ...

რაც მე თამაშზე და ნაწერებზე მიღელვია და მიტირია,
რაც მე გავრთულვარ და მიხარია,
რაც მე მყვარებია მოთამაშეები...
აი, ახლაც, ამას რომ ვწერ, ისე ვღელავ, რომ ლამის არის, ლამის არის...
მაგრამ არა!
იმიტომ, რომ საწერად რომ ავიძრები,
მარტო კალამს კი არ მოვიკითხავ, - ღამის ქოთანსაც...

ყოველი წუთი კონსერვატიულია.
ადამიანი კი მომავლისგან არის მიხმობილი.

ის ცხონდება, ვინც სხვას გაართობს, -
იციან ეს მოხუცებმა
და თავისი ცხონებისთვის უყვართ ბავშვები.
იმათაც წინ ცხონება ელით, ვინც დიდებს ართობს.

მე თვითონ აქეთ მაკვირვებენ, ვინც მე მიკვირვებს:
- რა ძალითო, შენ ერთმა კაცმა?
ორად და ათად იმიტომ ვარ გაყოფილი, რომ გავნადგურდე...
თუ არ გესმით, მაშინ გეტყვით:
შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რა უნდა მიაშენო?

ან გარეთ რას გამოიტანს, რაც შიგნით არა აქვს... ამიტომაც მაეჭვებენ
“გარეთ-მოვაჭრენი”, მგონია, რომ გზას რისხვით იწყებენ...

რისხვა ისეთი სამოსია, კაცს უთუოდ უნდა უხდებოდეს,
მაგალითად, მოხუცს რისხვა არ შეშვენის,
მის ხელში რისხვა ემსგავსება სასოწარკვეთას.

თქვენ ახალგაზრდები ხართ,
თქვენი არის - გლოვის ასაკი,
თქვენი არის ტყებისა და ვაების ჟამი.
ნუ დააგდებთ ქალაქებს,
ნუ დაყრით სოფლებს,
თქვენ უნდა იაროთ
სტვირით და საყვირით - ჟამიანობაში.
თქვენმა სისხლმა უნდა თქვას,
თქვენმა პირმა იძახოს...
თქვენ ახალგაზრდები ხართ,
თქვენია - რისხვა!

კაცმა მარტო წვიმას კი არ უნდა დაუცალოს ხელი...

ამასობაში ჩემმა სტრიქონმა კვალვ წინ გამიგდო:
რაკი მეთასმეს ხელი დავუცალეთ, მთელ ქალაქს მოვედეთ,
თან მიმახტუნებდა და თან მაქეზებდა:

“ანთა გამორბის ველთაო, შიშველს მიიქნევს ყვერთაო”...

ყველა მთავარი სიტყვა უხერხული წარმოსათქმელია.

მახსოვს, ამ სტრიქონის ბოლო სიტყვა “ყვ...თა”-დ ეწერა.
მე გამოვკუჭე ის სამი წერტილი და “ყვერთად” მივიღე.
და კმაყოფილი ვარ, რომ აღვადგინე.

სტრიქონი კი ისევა მმართავს, თუმც დღესავით ნათელია
რომ ვიყიდე მთელი ქვეყანა:
სიმდიდრისთვის არ მიყიდია, გულუბრყვილობით დამემართა ეს ყველაფერი,
იმ წვეტიანი სტრიქონის ძალით ვქმენ,
რამეთუ მრქენდა:

- გაიხედე, შენი არის ყველაფერი, რასაცა ხედავ!
შენი არის ფულიც, - სიტყვა, რომელიც ითქმის ადვილად
და საქმედ ძნელად...
ნუ ჩამომათვლევინებ, სადაც არის, - ცოტად ენას მეც ვუფრთხილდები,
ის არის იქ, სადაც მისი ფუთები და ყუთები და ანგარებია.
ფულს ფრიალი უყვარს,
ამიტომაც იქ ინახავენ, სადაც ნესტი და სიგრილეა...
შენი არის ქვეყნის მთელი შემოსავალი,
შემოზიდული გაქვს ზურგით და გაცრეცილ ლარებით თვლილი,
ამიტომაც, ყორანივით ერთი თეთრიც არ გირევია - არაქართული.

აბა, თუ მეტყვი, მაინც რამდენი რესტორანია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე?
??????..
ან მარცხენაზე?
??????..
რას მეტყვი, როცა არც ერთში არ შეგიდგამს ფეხი.
ლეგიონია მათი რიცხვი, დაიმახსოვრე!

ჯერ მარჯვენა სანაპიროს უწყეს შენება
და როცა ისე დამძიმდა, რომ მტკვარი მარჯვნივ გადაიხარა,
მარცხენა სანაპიროს დამძიმებაც საჭირო შეექნათ.
და დაამძიმეს სათანადოდ... და შეივსო ორივ ნაპირი
და გაწონასწორდა.

ვისიც მატყლია, ჯარაც მან უნდა ატრიალოს.
შენ გიჭირავს ჯარა-ტარი, შენ კი არ იცი.
სამაგიეროდ სხვებმა იციან:
ახლად შექმნილი კლასი გარე-მოვაჭრეთა შენ გელოდება,
სასწორ-სალაროები მუხლებზე უწყვიათ... დაუცალე სუყველას ხელი...

მეცემენტეებს, მეშუშეებს, მეჭურჭლეებს, პურის გარეთ გამყიდველებსაც:
ჯერ ცხელოდა, კვლავ აცივდება... თითო პურში რამდენს იგებენ,
ან რამდენი უნდა გაყიდონ?
თანაც ეს პურის გამყიდველები სულ ქალებია და ბაზრობებზე მათი ადგილიც თონის ფერია...
საიდანაც გინდა იყვნენ ჩამოსულები, შინ სახლები ელოდებიან:
დაუცალე სუყველას ხელი,
სახლში დააბერე.

და ამ სახით მრავალი სასწაული ჩამადენინა.
ვყიდულობდი სუყველაფერს, რაც შემხვდებოდა,
ფულს ვაძლევდი, გასაყიდს კი სახლში ვატანდი,
შინდაბრუნების თამასუქებზე უარს არ იყვნენ,
- დაიღალნენ მთლად ქალაქის ნოტარიუსნი.

მშრალი ხიდიდან, ელიავა-ისან-სამგორი, ავჭალისა და ლილოს ჩათვლით, საერთოდ კი - ცხვარიჭამიიდან ვიდრე ლოჭინამდე (პეტრე რომ გაქურდეს), ყველას ხელი დავუცალე და ვათავისუფლე... და, ასე შემდეგ...
დაიარეთ ის ადგილები, - შეიცვალა მთელი ქვეყანა,
გარდა იმ ჯვარ-სიწმინდეებისა,
რითაც სამშობლოს იცნობს სახლში დაბრუნებული.
ნახეთ, როგორ მოკრიალდა სუყველაფერი:
ვახუშტის ხიდთან, დიდუბისკენ რომ აუხვევდი და ბეღურებივით რომ აფრთხიალდებოდნენ დღიურ საქმის მაძიებელნი
და შემოგეფრქვეოდნენ მანქანის შუშებზე,
- არა, ჩვენ ვიცით უკეთ თხრა და უკეთ ლესვა, არა ჩვენაო...
საით გაფრინდნენ, რად არ იკითხავთ?
მით უმეტეს რომ ბეღურები სხვა ქვეყნებში არ მიფრინავენ,
თვინიერ თავის ხის ტოტებისა.
სად წავიდნენ და, - ყველა თავის ეზოში ბარავს.
სულები ჩაედგათ, რომ გვეგონენ ცარიელები...

ჩემი პირობაც არ იყო ძნელი: - წადით, სვით, ჭამეთ,
აშენეთ, აშენდით...
ხალხად იქეცით, როდემდის უნდა იყოთ ასე, ბუზებივით საძულველები.

შორი მთებიდან და კლდეებიდან ჩამოსულთა
უკან მიქცევა კვლავაც ძნელი საქმე შეიქნა,
მაგრამ ცალკე ხელფასები დავუნიშნე “ადგილის საჭერი”,
ოდნავად სტრიქონის წვერიც წავკარი
და მთებში შევლალე: გამრავლდნენ და იჭირონ ადგილი.

არც დროში მიცხოვრია და არც ქვეყანაში,
ვიცხოვრე სასჯელში.
სხვანი მის პატიმრებს შორს ერეკებიან, რომ არ დაინახონ.
ჩვენთან ყველაფერი გზის გადაღმა და ფანჯრის წინაა,
ამიტომაც დავკარ ლახტი საპატიმროებს და დავანგრიე,
წამოვასხი ნახირივით პატიმრებიც და იმათ მცველებიც:
- არ არის წესი ქართველისთვის დანაშაული
და სასჯელი - სიყვარულია...

და, აი, ასე, მასხარას სახით,
მარბენინა და მაყიდინა, რაც კი რამ იყო სიღარიბე
და თამასუქი ჩამომართვა, რომ სიღარიბის ნოსტალგია აღარ მეწვევა,
და თუ მეწვევა, დაბრალდება ისევ ჩემსავ უვარგისობას...

ღმერთო, გვაშორე, ასეთი რამ კიდევ სადმე რომ განმეორდეს:
ყველა სტრიქონი ჯოხად რომ იქცეს
და დაერიოს თავის მთქმელებს,
ლექსის წერას ვინღა გაბედავს...
გადაშენდებიან პოეტები და დავიღუპებით.
ამიტომაც, სჯობს სტრიქონი რომ - დევს, ჯოხიც - ასევე...

გამომეთხოვა ჩემი სტრიქონი
გამომიშვა შინ ცარიელი და გულარხეინი.
და ვლოცავდი ყველას, ვისაც ეძინა იმ დროს, იმ წუთში,
იმ ერთ წუთში, იმ ათ წუთში, იმ ერთ საათში...
განსაკუთრებით ვლოცავდი ქალებს:
აბა, ანთა ვინ დაინახა თუ არა ქალმა?
ვინ მოიცალა ლექსობისთვის ჟამიანობაში?


ანთა გამორბის ველთაო,
შიშველს მაიქნევს ყვერთაო...

მთვარიანი ღამე იყო და დავეგდე, აღარ მახსოვს ქუჩა იყო, მინდორი იყო?
ჩემი იყო ყველაფერი, რა მადარდებდა...
და პირველად ავხედე ზეცას:
სხვა ყოფილა ზეცა თურმე, ვალს რომ მოიხდი...
ქუთუთოებს თვითონ გიხუჭავს,
თვითონ გაძინებს,
გალობა კი შენიდან გესმის.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

1 comment:

Anonymous said...

ბესიკ, "გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშა, რაც უნდა მაღალ თახჩაზე შემოსდო.." შენც იცი, რომ ეს სიმართლეა და გეყოს ბაქიობა