Sunday, December 6, 2009

ჩარლზ ბუკოვსკი - "კომპლექსებიანი მაჩო"


ირაკლი კობიძე

ჩარლზ ბუკოვსკი - "კომპლექსებიანი მაჩო"


მეგობრები მას ჰენკის უწოდებდნენ... ჩარლზ ბუკოვსკის პათოლოგიურად უცნაური ისტორიების, მონოტონურად ნაღვლიანი ფრაგმენტების უმეტესობა მუდმივი ჭიდილია შავი იუმორისა ცხოვრების სისასტიკესთან, უგნურ პირქუშობასა თუ ერთფეროვნებასთან. ბუკოვკის სამყარო უბრალო ხალხითაა დასახლებული -სტერილური ბარმენებით, ბანალური მეძავებით, პირფერი ოფიციანტებით, მექსიკელი მატადორების გაღატაკებული ნათესავებით, უპრეტენზიო ბრიყვებით, ფარულ ამბიციაშეპარული ვეგეტარიანელი ქალებით, ინფერნალური ბანოვანებით, თქვენ წარმოიდგინეთ, სულისწამღებად სექსოკრატი მანეკენებითაც, გონებაშეზღუდული ჩიკაგოელი, შოვინისტი "მაჩოებით", გონებაგაძარცული რომანტიკოსი მოკრივეებით თუ მათი მეშჩანი, ენაბრგვილი შეყვარებულებით, ტოტალიზატორის ბაქიებით, შიზოფრენიული გერმანელი კვაზიმეცნიერებითა და უნებლიე ექიმბაშებით... არაიშვიათად ამათი უმრავლესობა პაწაწინა, უმნიშვნელო მოლეკულებად, ატომებად იშლება, ქრება, ცხოვრების რომელიღაც ტრაგიკულ განზომილებაში ეფემერულად ინავლება, მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად მოულოდნელად მთლიანდება, უცნაურად საგულისხმო მნიშვნელობას იძენს, - უმრავლესი ამათგანი საინტერესო, ტრაგიკომიკური, მეგობრული და გულისხმიერი ადამიანია.
"ჩემი ხარახურის უმეტესობას მაშინ ვწერ, როდესაც ბახუსნაკრავი ვარ" - აცხადებს ბუკოვსკის ერთ-ერთი პერსონაჟი - აბა, ფხიზელი რაღას წარმოვადგენ?! ერთ უბრალო და არცთუ კეთილსინდისიერ ექსპედიტორს."
თავისი პერსონაჟივით "მოუწყობელ", უცნაურ პროზაიკოსს სძაგს პრეციოზულობაც - მის ყოველგვარ უმცირეს გამოვლინებაში - საკუთარ ატიპიურ ცხოვრებაშიც, თხრობაში, დიალოგში, მონოლოგში; უბრალო, მთლიანი, სწორხაზობრივი სტილის კონსომატორია; ჰემინგუეისავით ფსიქოლოგიურად ვერ იღებს ოფიციოზს, აკადემიურ-ოფიციალურ ლიტერატურას, კულტურულ ელიტას, მდიდრებს, პოლიტიკას, პოლიტიკოსებს, მემარჯვენეებს. ლაპიდარული გამჭვირვალება და სტერილური თავისთავადობა, საცნაურ-ხილული გრაფიკა იზიდავს. ძუნწი სქემატურობით ფართე ემოციური ფონის შექმნა... სიტყვის რეპორტაჟული დაწურულობა... ლექსიკური ერთმნიშვნელოვნება... ლაკონური აფორისტულობაც... ეს კომპონენტები მისთვის უმთავრესი კრიტერიუმია.
სამწერლო საიდუმლოებაზე საუბრისას იგი შენიშნავს: "წერის დროს ყველაზე ძნელი ის არის, რომ საბეჭდ მანქანას მივუჯდე. როგორც კი ამას გავაკეთებ, კინო იწყება. საკმარისია დავჯდე; არავითარი გეგმა არ არის, არანაირი ძალდატანება. არც შრომა. თითქოს ყველაფერს მანქანა აკეთებს. ისე წერ, თითქოს რაღაცნაირ ტრანსში იმყოფები... სიტყვები ზოგჯერ სისხლივითაა, ზოგჯერ კი ღვინოსავით... ნაბიჯის წადგმა, რიტმი, ცეკვა, სისწრაფე - ყოველივე ეს თანადროული საუკუნეა. ატომური ბომბები ხეებზე გრეიპფრუტივით ჩამოკონწიალებულა. მომწონს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა და ვუჩინარდები",
დროდადრო იგი სატანაა, მონსტრია - ზოგჯერ დაკომპლექსებული ანგელოზი; ოღონდ უცდომლად შეიგრძნობს ადამიანურ სიყალბეს, ცხოვრებისეულ სისასტიკეს, უხეირო, დისკომფორტულ პირობითობათა უადგილობას, ზოგად მანკიერებასა და უგერგილო გადმონაშთებს - ყოველივე ამას არაიშვიათად ნატურალისტური, წერის ნულოვანი ხარისხით ააშკარავებს. თვითონაც ასეთია და რასაკვირველია, მასში ბევრი რამ არის მიუღებელი; ხანდახან მისი მეორე "მე"-ს, ალტერ ეგოს მატარებელი გმირები პათოლოგიური ცნობიერების, ავადმყოფური მანკიერების მსხვერპლი ხდებიან. თუმცა, საცნაურია ისიც, რომ ბუკოვსკის "გაგების აქტის" სისტემაში მოქცევა შეუძლებელია. წარმოუდგენელია ისიც, რომ მას, როგორც ოდიოზურ პიროვნებას, ან მის წერის მანერას მიბაძოს ვინმემ. ამას ნურავინ ეცდება...
"მე ხალხი არ მომწონს. ჩემი თავიც კი არ მომწონს. ჩემთან ხალხი რაღაც ისე არ გრძნობს თავს." ბუკოვსკიმ ერთდროულად 50-იანელთა პირქუში მოუწყობლობა - სასოწარკვეთილება და 60-იანელთა ბუნტი თუ თავისუფალი მსოფლშეგრძნება გამოსახა. მის პოეზიას ენთუზიასტური აღფრთოვანებით განადიდებდნენ სარტრი და ჟენე. სისხლსავსე, ნერვულ-კონვულსიური, დინამიკურად იმპულსური სალექსო ერთეულები გაცილებით უფრო დიდ პოეტურ დიაპაზონს წარმოაჩენს, ვიდრე ამის არსენალის ქონას თითქოსდა ფორმალურად თვით ბუკოვსკი ამჟღავნებს. ის ბუკოვსკი, რომელიც უცნაურადახირებული სალდაფონურობით, რაღაც ჯუქური არტისტიზმით იბრძვის ცხოვრებისეული ასპარეზის ულმობელ, გამოუსწორებელ-გამანადგურებელ ველზე და ყოველგვარ ლიტერატურულ ფორმალიზმს, სკოლას თუ თვით ცხოვრებას უარყოფს. მაგრამ მის ადრეულ ლექსებში დადაისტურ-სირრეალისტური "ავტომატური წერა" შეიმჩნევა;
...სიურრეალისტური პასაჟები... გაუცხადებელი ადამიანური სევდა-ნოსტალგია. ესენი გაცილებით უფრო მგრძნობიარენი, სევდიანები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია. "ისევე მშვენიერია, როგორც საოპერაციო მაგიდაზე ქოლგის შეხვედრა საკერავ მანქანასთან" - ამბობდა ლოტრეამონი. აქედან ის სამყარო წარმოიშობა, სადაც უძლური იზოლაციისთვის ხარ განწირული. მიმართავ ფარსულ გროტესკს, ჟარგონის ატომარულ დახლეჩილობას, წერის ეგზისტენციალურ მიაზმებს... პათოლოგიურად ნატურალისტურ ზმნებს, ეროტიკულ შავ ირონიას; მართალია მწერალთან სექსუალური ავანგარდიზმი სათქმელს აღარიბებს, გრძნობების ემოციურ შეფერილობას ახუნებს, მაგრამ, ამავე დროს, გრძნობათა ეკზალტაციას აკუმულირებს და არა სხეულებრივ ბიორიტმებს. ამ სულელურ პირობითობას რაღაც თანხვედრილი ფლუიდებით ვუშვებთ და ვცდილობთ სამყაროში კეთილშობილური გრძნობების მარაგითა და ბრძნული წესებით დავბრუნდეთ.
მაგრამ აქამდე ბუკოვსკი გვიან მივა... იგი კერპია, უტეხი, ჯიუტი, და რაც მთავარია, ჰგონია, რომ შინაგანად მართალია. სქელშუბლიანობა, ეს რაღაცნაირი რაბლეზიანელობაც პოზიორული ესკაპიზმით როდია ნაკარნახევი; ეს ბახუსური ბოდვაა - ბახუსზე მლოცველის ლუღლუღი; ქარიზმატული, ძლიერი, მოავადმყოფო, მტყუან-მართალი, შეშლილი, საღი ამერიკელის ფიქრები. ის ლოს-ანჯელოსის "ანდერგრაუნდის" მეფე-ბარდია, აუტსაიდერთა პრინცი, ბოჰემური ქარიშხლის ფსევდოსიზიფე. ბუკოვსკის ამბოხი? რა თქმა უნდა, მისი ბუნტი ბევრწილად უნაყოფოა.
...მაგრამ, აბა დააკვირდით! თქვენ იცნობთ მის მოსულელო მეზობელს, მოსულელო, გულგახსნილ ტიპს, ჯო რომ ჰქვია და სხვებივით ცინიკოსი რომ არ არის? ერთხელაც, არც აცია, არც აცხელა და იპოდრომის ტოტალიზატორზე ბედი სცადა. თავისნაირ ღვთისგან დავიწყებულ ბოგანო როსინანტზე; კოეფიციენტი 1/25-ზეა. იცით, გაუმართლა! აქ მთავარი რა არის? ხასიათის სიმტკიცე, ცოდნის მარაგი, მეტი განზოგადება და ნაკლები აბსტრაჰირება. 10-დან 9 შემთხვევაში შეუცდომლად "არტყამდა". "მაღალშუბლიანები" ამბობენ, "ნეოფიტის გასაგნობრივებული პრიმიტივიზმიაო" ...სულაც არა, უბრალო, პირველადი სიზუსტეა... მაგარი, მაგარი "ნაშები" არიან იპოდრომზე, ზოგჯერ იცით, როგორ მოგოიმო ტიპებთან?! გული გაგისკდება! იქით, ცხენებთან კეკლუცად რიალებენ მომხიბლველი ბანოვანები, აქეთ-იქით სალაროებთან ხარბი მასკულინური "მიგერები"... აქ კი ნაღდია ბუკოვსკი. აქ ბევრი ჭეშმარიტებაა... ბუნტია, ნამდვილი ბუნტია ძვალგატეხილ პროზაულობაზე... სუპერავტომანქანები, სკულპტურებიანი "ფეშენ-ვილები", მოდური კოსტუმები და ამის ფონზე აი, ის, ერთი, გამორჩეული, ფატუმის ფავორიტი მაწანწალა; მის უკან პირშიჩალაგამოვლებული "დამწვარი პროფი", კიდევ დიდსტაჟიანი ჰანდიკაპისტები. მაინც ყველაფერს რაღაცნაირი ბუკოვსკისეული არომატი დაჰკრავს. რაღაც თავისებური, ნათელი კოლორიტი მსჭვალავს. როგორ, კიდევ რამე არ მოგწონთ?.. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პრობლემის პირველი შეცნობის სიბრტყეზე ყველაფერი ამართლებს? ასეა ამ ბედნიერი მაწანწალას შემთხვევაში. როგორ გგონიათ, თვითონ ბუკოვსკის შემთხვევაში სხვაგვარად არის? რამდენადაც ადამიანი საგნების არსის სიღრმისკენ მიემართება, იმდენადვე შეცნობახდომილი გარემოებები მძიმდება. რიგიანად არავინ არაფერი იცის. სინამდვილეში ადამიანისთვის არასოდეს საკმარისად მისაწვდომი არ არის არც რბოლა, არც ტოტალიზატორი, თუგინდ რაიმე საერთოდ. განა ასეთივე არ არის ბუკოვსკიც? პიჟონურობისკენ გადახრილი, პოეტური, ყოვლისმცოდნე ბუკოვსკი?! მასში პატარა, უცნობი, ცნობიერებაგაჩეხილი ადამიანების ფიქრის, ტკივილის, იმპულსის გენერაცია ხდება. ყოველივე ამასთან შინაგანად იდენტურია. მეტისმეტადაა თავის თავში კონცენტრირებული. შეუძლია სხვასაც ისევე გადასცეს შეტყობილ-განცდილი, როგორც თვითონ გრძნობს. ეს კი ზოგჯერ მაინც რაღაცას ნიშნავს. მეგობრებს შეუძლია თვალი ისე გაუსწოროს, რომ საკუთარი ნაჯღაბნის არ შერცხვეს! აბა, თქვენ რა გგონიათ, ამდენ სისულელეში, მეგაჟარგონში ბუკოვსკის ფილოსოფია კოტრდება?! თორემ, სხვაგვარად, ბუკოვსკისნაირ ტიპებს, ფსიქოლოგიურად წერა არ შეუძლიათ.
"გახსოვს, პერლ-ჰარბორი?" რომანტიკული მოთხრობაა. საერთოდ, ბუკოვსკის ოპუსებს მოთხრობებს ვერ ვუწოდებთ. აქ ადამიანები სამყაროს სულაც სხვადასხვრი ფსიქო-ემოციური რაკურსით აღიქვამენ. მხატვრულ ლიტერატურაში სუბიექტური ჰეროიზმი ისევ და ისევ ბუკოვსკის მასწავლებლისეული - ჰემინგუეისებურია. ბუკოვსკის პერსონაჟი - უფრო სწორად, მისი ალტერ-ეგო (მწერალს ტრადიციული გაგებით, არც გმირები გამოჰყავს, არც ხასიათის მთლიანობა აინტერესებს. მას უპირატესად სიტუაციური სახეობრიობა იზიდავს) პოეტური პატრიოტიზმის პაროდირებას ახდენს. სათაურის დეჰეროიზაცია მოთხრობის შინაგან სუბსტანციურობაში ცნაურდება. გმირი საკუთარ პენისზე ფიქრობს. იგი დეზერტირია. ამასთანავე, პროგრესულად მოაზროვნე, თავისუფალი ადამიანი. იდიოსინკრაზიას წინასწარწარმოდგენილი, განსაზღვრული გარემოს საზოგადო ბრავურულობა, პედანტური ტიპები, პატრიოტები იწვევს. "აქავებული ზურგები", "აქავებული უკანალები, აქავებული ჰუმანიზმი. ჯარისკაცული საფლავი, "ხიხოური" გარემოებები, საერთო სულისკვეთება... ასე გასინჯეთ, იქაურ ატმოსფეროში წარმოქმნილ მეგობრობას, ურთიერთობებსაც ნაკლებად აფასებს. აქ ფსიქოლოგიური დისჰარმონიაა თვალსაჩინო... შეუთავსებლობა.... "ანდერგრაუნდის" მენესტრელი სტანდარტებს, ადამიანურ სტერეოტიპებს ვერ ეთავსება. ყოველნაირ მეშჩანობას დასცინის - პატრიოტულს, სასიყვარულოს, ჰიპურ-ბიტნიკურსაც. უსულგულობა სულისშეძვრამდე აფორიაქებს. ასევე სკეპტიკურია უხერხემლოების მიმართ.
ზოგჯერ არამზადაცაა, პარანორმალურია და სექსუალურად მანიაკალურია ეს გერმანული წარმოშობის ამერიკელი. მაგრამ არა რაღაც გამოგონილი სულიერების საჭურისი. არა ინტელექსტუალი. ზედაპირულობიდან რაღაცნაირი მედიტაციური სიღრმისეულობისკენ მიმართული. ნუთუ თქვენში იმპონირებას არ იწვევს ეს არანორმალური ეთიკოსი, უცენზურო ლექსიკის ეპატაჟურობის გადმომფრქვეველი? ხომ მშვენივრად იცით, რომ "ანდერგრაუნდის" ეთოსიც არსებობს?! პირობითობებთან გააფთრებული, დაუსრულებელი ჭიდილი - კონფლიქტური შეხლა-შემოხლა; წესებთან, რელიგიასთან, მორალთან, კანონთან საბედისწერო, გააზრებული თუ გაუაზრებელი ბრძოლის ხერხები?! ფორმირებულ-ნორმირებული ყველაფერი უნდა უარვყოთ. ჩვენში მოულოდნელობები, უცნაურობები, აფეთქებები, პატარა და დიდი ატომებია. ეგზისტენციალიები, გახლეჩილობა. საინტერესონი ვართ. გაფუჭებული ანგელოზები და არა ფარისეველი ანგელოზები. მართლები, მტყუანები, ჰარმონიულები და დისჰარმონიულები. წრეგადასულები და უბრალო, უპრეტენზიო ადამიანებთან ნორმიანები, მათსავით მორიდებულები, სამართლიანები. ანარქისტები, ეროტიულები, ლოთები, მასტურბანტები, ნაცემ-ნაგვემნი, კომპლექსიანები, კაფკიანურ კოშმართა ჩრდილოვანი, უფერული ქარავნები - გვირაბში გაუჩინარებული უცნაური სხეულები, ოღონდ არა ისეთები - ტოტალისტები და კანონპატივისმცემლები, ბურჟუა-რობოტები თუ ნათელი მომავლის ადეპტები, ახალი წესრიგის განთიადზე მოსულები - ციგურების, კაპიტალიზმის, კომუნიზმის მოყვარულები, სპირიტუალიზმის ან წინადაცვეთის მოტრფიალენი; "პოლიტიკა განავალია, რადგანაც ლიბერალური წყობილების დროს სამუშაო ისევე გამომათაყვანებელი და უმადურია, როგორც ნებისმიერი ტოტალიტარიზმის დროს; შემოქმედები თუ ინტელექტუალები ძირითადად ფუფლოა, საზოგადოების ნასუფრალით მოსარგებლე ფუფლო, იმ საზოგადოების, რომელსაც ის ეწკავწკავება." რადიკალური ახალგაზრდობაც უსულგულო სახედარია, "ნარკოტიკებით" და საკუთარი ჩაილდჰაროლდიზმით გონდაბინდული. გონებისა და სხეულის პაექრობით თავგაბეზრებული. ქალების უმეტესობაც მეძავები, ან მარიონეტული ფუფლოა.
"პოეტად რომ ვიწოდებოდე - წერს ბუკოვსკი - ნიშნავს მატყუარა, უმაქნისი მჯღაბნელი, ვერსიფიკატორი, ხელოვნური ადამიანი ვიყო. ჩემთვის გაუგებარია, პოეტს რატომ მიწოდებენ".
მიუხედ ამისა, ჩარლზ ბუკოვსკის მთელი ნეგატივიზმი მაინც გაჟღენთილია ბუნებრიობის, შინაგანი სილამაზის, თავისუფალი, მეამბოხე, აპოლიტიკური ადამიანის უკეთესი პოტენციალების, მისი მომავალი შინაგანი გამთლიანების რწმენით.
მაგრამ, ეს მომავალს შეეხება... აწმყოსეულ რეალიებში ბუკოვსკის ადამიანის შეუზღუდავი აბსოლუტურობა მას არათავისუფლად აქცევს. თავისუფლება თავისთვის ერთადერთ საზღვარს არჩევს. სარტრის მსგავსად, "ადამიანიც თავისუფლებისთვის განწირულია". იგი შეუქცევად ბედისწერად გადაიქცევა. ბუკოვსკისეული ეგზისტენციალიების თავისუფლების ფილოსოფია ამავე ცნების ფატალიზმია, რაც, არაიშვიათად აბსურდულ, უაზრო, უსაგნო დანაშაულში გადადის, უნდა უკიდურესად ვულგარულ სექსუალურ ავანგარდიზმში, იაფფასიან ცინიზმში. ყოველივე ამის ფინალი ადამიანის ტოტალური გაუცხოებაა. ის სამყაროსგან მოწყვეტილი ადამიანი ხდება, და, აბსოლუტიზირებული, მხოლოდ "სურვილის ადამიანად" გარდაიქმნება (სულერთია, ბუკოვსკის ადამიანებს ბევრი მოთხოვნილება აქვთ თუ ნაკლები!) თუმცა, ბუკოვსკის გმირების სიმართლე იმაშია, რომ ისინი შინაგან ჰარმონიას და შეფარდებით თავისუფლებას ხშირად საკუთარი პიროვნების დათმობა-დაკარგვის გარეშე აღწევენ. მწერლის რომანიც - "ლორი ჭვავის პურზე" - კრიტიკის მიერ ყველაზე მეტად აღიარებული - თვითმხილების, ნაღველის, პატიოსნების, თვითირონიის მანიფესტაციაა. აქ ანდერგრაუნდის აზრობრივი პლატფორმაც ცხადდება ყველაზე მკვეთრად... მართლაც, ნოსტალგიური წლებია საბჭოთა იატაკქვეშეთის მსგავსად. ბროდსკისა და ბიტოვის მოსკოვი, ვაიდას ძველი კრაკოვი და კიდევ აუტსაიდერების ორი ნამდვილი ქალაქი - ბუკოვსკის ლოს-ანჯელოსი და ჯონ უების ნიუ-ორლეანი; "ბიტნიკების" უცნაურად-ნაღვლიანი, ნეორომანტიკული თაობა - ჰენრი მილერი, ლე როი ჯონსი, კერუაკი, ბევრი სხვაც ჩარლზ ბუკოვსკისთან ერთად - დაკარგული თაობის ახალი შტო და ლიბერალიზმის ჭაობში ჩახშობილი ამერიკაა...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: