Thursday, March 27, 2008

უმ­ბერ­ტო ეკო

ხეობა


(ნაწილი II)


ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიშვილმა


როდის წამოვიწყეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ის "დიდი თამაში?" სამყაროში, სადაც ყველა ერთმანეთს ესროდა, ჩვენც გვჭირდებოდა მტერი და ასეთად სან-მარტინოში, მთის მწვერვალზე გაშენებულ სოფელში მცხოვრები ბიჭები დავისახეთ.

იქაურები მართლაც იდეალური მტრები იქნებოდნენ, ვინაიდან უკლებლივ ყველა ფაშისტად მიგვაჩნდა. სინამდვილეში კი აი, როგორ იყო საქმე: ერთი ოჯახიდან ორმა ძმამ "შავხალათიანებს" მიაშურა, დანარჩენი ორი კი სოფელში დარჩა; ამბობდნენ, იქაური დაჯგუფების მეთაურები არიანო. სოლარელებს უყვარდათ ომში წასული ბიჭები და ამიტომაც ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, სან-მარტინოელებს ვერ ენდობა კაციო.

არ ვიცი, ფაშისტები იყვნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ იქაური ბიჭები ნამდვილ ცხოველებად მიგვაჩნდა. როცა ისეთ წყეულ ადგილას ცხოვრობ, როგორიც სან-მარტინოა, ძალაუნებურად ყოველდღე რაღაც უბედურება უნდა ჩაიდინო, მხოლოდ იმიტომ, თავი რომ დაირწმუნო, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარო. იქაური ბიჭები სოლარას სკოლაში სწავლობდნენ და ჩვენ, ქალაქელები, ისე ვუყურებდით, როგორც ბოშებს. ჩვენ ათასი "ნუგბარი" დაგვქონდა სკოლაში - პური, ფორთოხლის ჯემი - მათ კი ისიც ახარებდათ, ვინმე თუ ჭიან ვაშლს გადაუგდებდა. მოკლედ, რაღაც უნდა ჩაედინათ და ისინიც ზოგჯერ ქვებს გვიშენდნენ, როცა ჩვენ ორატორიოს ჭიშკარს ვუახლოვდებოდით. ცხადია, ამაზე პასუხი უნდა ეგოთ. ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, სან-მარტინოში ავსულიყავით და სწორედ მაშინ დავსხმოდით თავს, ეკლესიის მოედანზე ბურთს როცა დასდევდნენ.

მაგრამ სან-მარტინოსკენ მხოლოდ ერთი გზა მიდიოდა, არც მოსახვევი იყო და არც არაფერი და ეკლესიის მოედნიდან მშვენივრად ჩანდა ყველა მიმსვლელი. ასე რომ, მოულოდნელად ვერ დავატყდებოდით თავს. მერე კი დურანტემ, ჩვენებური ფერმერის შვილმა, რომელიც ისეთი შავტუხა და დიდთავა იყო, ნებისმიერ აბისინიელს შეარცხვენდა, განაცხადა, დიახაც რომ დავატყდებით, თუკი მთის ხეობით ავალთო.

მაშინ არავის მოუვიდოდა თავში იმ ციცაბოზე აბობღება (და, შესაბამისად, ჩამობობღება); იქ ხომ ბუჩქებიც არ იყო, რომ მოსჭიდებოდი, მიწა კი, შეიძლება, ყოველ წუთას გამოგცლოდა ფეხქვეშ. კი შენიშნავდი მოშორებით აკაციისა და მაყვლის ბუჩქების კორომს, შუაგულში ბილიკისმაგვარი გასასვლელით, მაგრამ სინამდვილეში იქ გზა არ იყო, მხოლოდ ერთი უსწორმასწორო ქვიანი მონაკვეთი. ათიოდე ნაბიჯის შემდეგ ფეხი დაგისხლტებოდა, დავარდებოდი და ერთი ოცი მეტრი მაინც სულ კოტრიალით წახვიდოდი თავქვე. გინდაც დამტვრევას გადარჩენოდი, ეკალი უთუოდ ამოგთხრიდა თვალს. ყველა სიკეთესთან ერთად, იქ თურმე გველხოკერებიც ოხრად ბუდობდნენ.

ამიტომ ასე ჰაიჰარად ვერ ავიდოდით, წინასწარ უნდა გვევარჯიშა. მთელი სეზონი მოვუნდით ამას: პირველ დღეს ათი მეტრი ავიარეთ, თითოეულ ნაბიჯსა და ნაპრალს ვიმახსოვრებდით, ვცდილობდით, ზუსტად ისევე დაგვედგა ფეხი ჩამოსვლისას, როგორც ამას ზემოთ ასვლის დროს ვაკეთებდით. მეორე დღეს კიდევ ათი მეტრით წავიწიეთ წინ. დრო საკმარისი გვქონდა, რადგან სან-მარტინოდან ვერავინ დაგვინახავდა. სხვათა შორის, სასტიკად გვეკრძალებოდა იმპროვიზაცია: ზუსტად იმ ქვეწარმავლებისთვის უნდა მიგვებაძა, იქაურ ფერდობზე რომ იწყობდნენ თავშესაფარს - ბალახის გველებს, ხვლიკებს.

ამასობაში ჩვენმა ორმა მეგობარმა ხელ-ფეხი იღრძო, ერთი კი კინაღამ დაიღუპა და წაქცევისას იმ ხელის გული, რომელსაც დაეყრდნო, მთლიანად გადაიქლიშა, მაგრამ მალე ჩვენ ვიყავით ერთადერთი "რაზმი" მთელ დედამიწაზე, იქ აბობღების ხელოვნებას რომ დაეუფლა. ერთ დღესაც გავბედეთ და საათზე მეტ ხანს მივიწევდით წინ, არაქათგამოცლილებმა გამოვაღწიეთ დაბურული კორომიდან და სან-მარტინოს სახლებსა და უფსკრულს შორის გამავალ გზას მივადექით. ამ გზას გალავანი მიუყვებოდა, რათა იქაურები ღამით უფსკრულში არ გადაჩეხილიყვნენ. ბილიკმა გალავანთან მიგვიყვანა და იქ საკმაოდ განიერი ღიობი დაგვხვდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მშვენივრად გავეტიეთ. მერე პატარა ორღობეში გავედით და მღვდლის სახლს ჩავუარეთ. მალე ეკლესიის მოედანზე აღმოვჩნდით.

სან-მარტინოს ბიჭები იქ დაჭერობანას გაუმჯობესებულ, აშკარად გონივრეულ სახესხვაობას თამაშობდნენ: ერთ მათგანს თვალები ჰქონდა ახვეული და ვერაფერს ხედავდა, დანარჩენები კი წინ და უკან დახტოდნენ, "ბრმას" ხელში რომ არ ჩავარდნოდნენ. ჩვენ სასწრაფოდ დავუშინეთ ქვები, ერთ ბიჭს შიგ შუბლში მოვახვედრეთ, სხვები კი ეკლესიაში შეცვივდნენ, რათა მღვდლისთვის ეთხოვათ დახმარება. ჩვენც დრო ვიხელთეთ, ორღობე ჩავირბინეთ, ღიობში გავძვერით და ფერდობზე დავეშვით. მღვდელი რომ გამოვიდა, მხოლოდ ჩვენს თავებსღა მოჰკრა თვალი და ჩვენც ბუჩქებში გავუჩინარდით. მან საშინელი მუქარა შემოგვითვალა, დურანტემ კი ერთი შესძახა, "ეგეც თქვენო" და გამარჯვების ნიშნად მარცხენა ხელი მარჯვენა მკლავზე დაიტყაპუნა.

ამის შემდეგ სან-მარტინოს ბიჭებმა ჭკუა ისწავლეს: რადგან ნახეს, რომ ჩვენ იქ მთის ხეობით ავედით, გალავნის ღიობთან გუშაგები დააყენეს. კი შეგვეძლო იმ გალავნამდე დროზე მივსულიყავით, მაგრამ ეს მაინც სათუო იყო; ბოლო რამდენიმე მეტრი ეკალ-ბარდს დაეფარა და ვიდრე იქიდან გავაღწევდით, ისინი განგაშის ატეხას ასწრებდნენ. ორღობის ბოლოს ჩასაფრებული ბიჭები მზეზე გამომშრალი ტალახის გუნდებით გვიმასპინძლდებოდნენ და გზაზე გასვლის ყოველგვარ შესაძლებლობას გვისპობდნენ.

სამარცხვინო დღეში ჩავცვივდით; განა იმიტომ ვისწავლეთ ზემოთ ასვლა, რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა? ბოლოს ისევ დურანტემ გვიხსნა. "ახლა ნისლიან ამინდშიც უნდა ვცადოთ აბობღება."

ადრიანი შემოდგომა იყო და ზოგჯერ ისეთი ნისლი ჩამოწვებოდა ხოლმე, ცხვირს იქით ვერაფერს დაინახავდი. ნისლიან დღეს ქალაქი საერთოდ არ ჩანდა და ერთადერთი რამ, რაც ნაცრისფერი საფარველიდან ამოზიდულიყო, სან-მარტინოს სამრეკლო გახლდათ. იმ სამრეკლოში მოხვედრილს ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს დირიჟაბლში იჯექი და ზემოდან დაჰყურებდი ღრუბლებს.

ცხადია, ნისლში უფრო ძნელი იყო ასვლა, ვიდრე მზიან დღეს. მთელი გზა ხელისგულივით უნდა შეგესწავლა, ისიც უნდა გცოდნოდა, სად რომელი ქვა ეგდო; ფხიზლად უნდა ყოფილიყავი, რათა დროზე შეგენიშნა ხშირი ეკალნარი. იქიდან ხუთ ნაბიჯში (დიახ, ზუსტად ხუთში და არა ოთხში ან ექვსში) ხომ გზა აღარ იყო: იქვე, დიდ კაჭართან, შენგან მარცხნივ ბილიკი მოგეჩვენებოდა, მაგრამ სინამდვილეში იქ არავითარი გზა არ იყო და თუ იქითკენ წახვიდოდი, კლდიდან გადაჩეხას ვერ ასცდებოდი. და კიდევ, რომელი ერთი უბედურება ჩამოგითვალოთ.

ჯერ ნათელ დღეებში ვვარჯიშობდით, მერე მთელი კვირის მანძილზე გონებაში ვიმეორებდით თითოეულ ნაბიჯს. რუკის შედგენაც კი ვცადე, ზუსტად ისე, როგორც სათავგადასავლო წიგნებშია აღწერილი, მაგრამ, რად გინდა? ჩემი მეგობრების ნახევარს მაინც არაფერი გაეგებოდა რუკებისა. მით უარესი მათთვის. მე რუკა გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი, თვალდახუჭულსაც შემეძლო ასვლა და განა ეს იგივე არ იყო, ნისლიან ღამეში რომ დავდგომოდი გზას?

მთელი რიგი საცდელი ექსპედიციების შემდეგ სან-მარტინოსკენ ავიღეთ გეზი. არც კი ვიცი, როგორ მივადექით მწვერვალს, მაგრამ, ფაქტია, რომ ავედით. მტრებიც იქ დაგვხვდნენ, მოედანზე, სადაც ჯერ კიდევ არ მიეღწია ნისლს. ერთად შეყრილიყვნენ და ყბედობდნენ. არც იყო გასაკვირი: სან-მარტინოს მსგავს ადგილას ან მოედანზე უნდა იყურყუტო, ანდა რძეში ჩამბალი გამხმარი პურის ჩახეთქვის შემდეგ საწოლს მიაშურო.

ჰოდა, ჩვენც მივეჭერით, ერთი გემოზე დავბომბეთ, სიცილიც დავაყარეთ, სახლებისკენ რომ მოკურცხლეს და გამარჯვების ყიჟინით დავეშვით ქვემოთ.

მერე კიდევ რამდენჯერმე დავესხით თავს. ისინი სიბნელეში გუშაგებს ვეღარ აყენებდნენ, რადგან მათ უმეტესობას სიბნელის ეშინოდა, უფრო სწორად, სიბნელეში მობორიალე ჯადოქრების. ჩვენც, ორატორიოს ბიჭებსაც, გვაფიქრებდა ეგ ამბავი და ასვლისას "ავე მარიას" ვმღეროდით ავი სულების დასაფრთხობად. რამდენიმე თვეს კიდევ ვლაშქრავდით სან-მარტინოს, მერე კი მოგვბეზრდა: ნისლიან ამინდში თუ მზიან დღეს, იქ აბობღება ვაჟკაცობაში აღარ ჩაგვეთვლებოდა.

კვირადღის თორმეტი საათი იყო. რაღაც ხდებოდა. სოლარაში გერმანელი ჯარისკაცებით გადაჭედილი ორი საბარგო მანქანა გამოჩნდა. გერმანელებმა ქალაქი გადაჩხრიკეს და სან-მარტინოს გზას დაადგნენ.

დილას ისეთი სქელი ნისლი ჩამოწვა, რომ ბეღურების ჟღურტულიც კი თითქოს ცხრა მთის იქიდან ჩაგვესმოდა. იმ დღეს მიცვალებული უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ხალხმა ვეღარ გაბედა სასაფლაოზე ასვლა და მესაფლავესაც შემოეთვალა, ახლა ვერავის დავასაფლავებ, ერთიც ვნახოთ და კუბოს მიწაში ჩაშვებისას, ვინმემ მე თვითონ ჩამიძახოს სამარეშიო.

ქალაქიდან ორი კაცი ჩაუდგა კვალში გერმანელებს, იქნებ შევიტყოთ, რას აპირებენო. მანქანები თურმე ძალიან ნელა მიიწევდა წინ, შუქფარები ჩართული იყო, მაგრამ მათი სინათლე ერთ მეტრსაც ძლივს სწვდებოდა. მერე სან-მარტინოსკენ ამავალ აღმართთან შეჩერებულან. ვერც მანქანით ბედავდნენ გზის გაგრძელებას და ვერც ფეხით. მანქანები, შესაძლო იყო, ქვემოთ, უფსკრულში ჩაგორებულიყო და ფეხით თუ წავიდოდნენ, მაინც გაუჭირდებოდათ გზის გაგნება. ალბათ უთხრეს, რომ ის სან-მარტინოსკენ მიმავალი ერთადერთი შედარებით უსაფრთხო გზა იყო, და მათაც იფიქრეს, იქიდან წამოსულს მაინც დავინახავთ, ასეთ ამინდში ვერავინ გაბედავს სხვა გზით ჩამოსვლასო. ამიტომ იქვე გაჩერდნენ, მაგრამ შუქფარები არ გამოურთავთ და ყოველი შემთხვევისთვის იარაღიც მომარჯვებული ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი თურმე რაღაცას ჩაჰყვიროდა საველე ტელეფონს, ალბათ დამხმარე ძალას ითხოვდა. იმ ჩვენმა კაცებმა გვითხრეს, სულ "ვოლსუნდე, ვოლსუნდეს" გაიძახოდაო. გრანიოლა მაშინვე მიხვდა, რომ ლაპარაკი "ვოლფსჰუნდებზე", ანუ ნაგაზებზე იყო.

გერმანელები იქ იცდიდნენ და ასე დაახლოებით ოთხი საათისთვის, ჯერ კიდევ დღის სინათლეზე, ნისლის ფარდიდან დაინახეს, რომ ვიღაც ველოსიპედით ეშვებოდა ქვემოთ. ის იქაური მღვდელი აღმოჩნდა, რომელიც მთელი ცხოვრება ამ გზას ადგა და თვალდახუჭულსაც შეეძლო ჩამოსვლა. მის დანახვაზე გერმანელებმა იარაღი დაუშვეს, რადგან სასულიერო პირს კი არა, კაზაკებს ეძებდნენ. მღვდელმა აუხსნა (უფრო ჟესტ-მიმიკით, ვიდრე სიტყვიერად), რომ სოლარას მახლობელ ფერმაში კაცი კვდებოდა და მის საზიარებლად მიიჩქაროდა. მან გერმაელებს ზიარებისთვის საჭირო ატრიბუტებიც აჩვენა, ველოსიპედის საჭეზე მიმაგრებულ აბგაში რომ ჩაელაგებინა. ისინიც სიტყვაზე ენდნენ და გაუშვეს. მღვდელი ორატორიოში მივიდა და დონ კონიასოს ჩურჩულით აუწყა რაღაც.

მართალია, დონ კონიასო პოლიტიკაში არ ერეოდა, მაგრამ ამქვეყნისა მასაც გაეგებოდა რაღაც და ერთი-ორი სიტყვით აუხსნა მღვდელს, თუ რა უნდა ეთქვა გრანიოლასა და მისი მეგობრებისთვის. თავად კი არ სურდა და არც შეეძლო ასეთ საქმეში გარევა.

ახალგაზრდა კაცები მაშინვე მაგიდას შემოუსხდნენ. მეც მათთან მივედი, მაგრამ ვცდილობდი, თვალში არავის მოვხვედროდი.

მღვდელმა უთხრა, რომ ზემოთ კაზაკების პატარა რაზმი იმალებოდა. ისინი რუსეთის ფრონტზე დაეტყვევებინათ გერმანელებს. კაზაკებს ნამდვილად ჰქონდათ საიმისო მიზეზი, სტალინი რომ არ ჰყვარებოდათ. ბევრი მათგანი იოლად დაიყოლიეს გერმანელებმა, ისინიც მათ მხარეზე გადავიდნენ და სათადარიგო რაზმში ჩაეწერნენ (ეს ფულის გამოც გააკეთეს და საბჭოთა კავშირის სიძულვილითაც; თანაც არავითარი სურვილი არ ჰქონდათ, დარჩენილი სიცოცხლე საბჭოთა ბანაკებში გაეტარებინათ. ახლა მათ საშუალება ეძლეოდათ, დაეტოვებინათ საბჭოთა სამოთხე და თავიანთი ოჯახებითა და ავლა-დიდებიანად იქიდან აბარგებულიყვნენ). მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ რეგიონებში იბრძოდა და იქ (მაგალითად კარნიაში) სისასტიკითა და შეუპოვრობით გამოირჩეოდა. პავიაში თურქული დივიზიაც იბრძოდა. ხალხი მათ მონღოლებს ეძახდა. ყოფილი რუსი პატიმრებიც დაძრწოდნენ პიემონტში.

იმ დროისთვის უკვე ყველამ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა ომი, გარდა ამისა, ის რვა კაზაკი მორწმუნეც ყოფილა. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ გადაწვეს რამდენიმე ქალაქი და რა უმოწყალოდ ჩამოახრჩეს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მას შემდეგ, რაც მათი ორი ამხანაგი სიკვდილით დაისაჯა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოხუცებისა და ბავშვების დახვრეტაზე თქვა უარი, ამ კაზაკებს ესესელებთან დარჩენა აღარ შეეძლოთ. "მარტო ამიტომ არა," აგვიხსნა გრანიოლამ, "თუ გერმანელები ომში დამარცხდებიან (და ფაქტიურად, უკვე დამარცხდნენ კიდეც), როგორ მოიქცევა ინგლისი და ამერიკა? ცხადია, კაზაკებს შეიპყრობს და თავის მოკავშირე რუსეთს გადასცემს, რუსეთში კი ეს ჯეელები - კაპუტ! ახლა ისინი ცდილობენ, ომის დამთავრების შემდეგ ისეთ ადგილას ჰპოვონ თავშესაფარი, სადაც იმ ფაშისტი სტალინის კლანჭები ვეღარ მისწვდება.

"მართალია," ჩაურთო მღვდელმა, "ამ რვა კაზაკს შეუტყვია პარტიზანებზე, რომლებიც ინგლისელებისა და ამერიკელების წინააღმდეგ იბრძვიან და ახლა მათთან მიღწევას ცდილობენ. მათ საკუთარი მრწამსი აქვთ: არ უნდათ გარიბალდისტების მხარეზე ბრძოლა, ბადოგლისტებთან კავშირს ამჯობინებენ."

ისინი გამოქცეულან და სოლარასკენ წამოსულან, რადგან ვიღაცას მიესწავლებინა, რომ ბადოგლისტები იმ არე-მარეში იმყოფობოდნენ. მათ მრავალი კილომეტრი გაეარათ, ისე რომ გზებს გვერდს უქცევდნენ და მხოლოდ ღამით მიდიოდნენ, ამიტომ ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ. ესესელები კვალში ედგნენ და მართლაც სასწაულია, ჩვენამდე რომ მოაღწიეს. ფერმებთან ჩერდებოდნენ და საჭმელს ითხოვდნენ (ყველა მათგანი გერმანულს ამტვრევდა, მხოლოდ ერთმა იცოდა იტალიური). იმ საბრალოებს დიდი საფრთხე ემუქრებოდა: შესაძლო იყო ამასობაში ჯაშუშებსაც გადაყროდნენ.

იმის შიშით, რომ ესესელები წამოეწეოდნენ, სან-მარტინოში ავიდნენ; იფიქრეს, რამდენიმე დღეში იქიდან ბატალიონს განვდევნით და სხვა თუ არაფერი, ვაჟკაცურად მაინც დავიხოცებითო. თანაც ვიღაცას ეთქვა, რომ იქ ვინმე ტალინო ცხოვრობდა, ის კი ისეთ ადამიანთან დააკავშირებდა, რომელსაც მათთვის დახმარების გაწევა შეეძლო. იმ დროისთვის კაზაკების რაზმი უკვე თავაწყვეტილ ხროვად ქცეულიყო. ღამით მართლაც მიაღწიეს სან-მარტინოს და ტალინოსაც მიაგნეს. მან გააფრთხილა, რომ იქ ფაშისტების ოჯახი ცხოვრობდა და რადგან ისეთ პატარა სოფელში არაფერი დაიმალებოდა, გადაწყვიტა ლტოლვილები იქაური მღვდლის სახლში დაებინავებინა. მღვდელმა მიიღო ისინი საკუთარ ჭერქვეშ, ცხადია, არა პოლიტიკური სოლიდარობისა თუ დიდი გულკეთილობის გამო, არამედ იმიტომ, რომ კარგად უწყოდა, თუ რას მოუტანდა სოფელს მათი წინ და უკან ბორიალი; ამას მათი დამალვა სჯობდა, მაგრამ რვა კაცის სამყოფ საჭმელს ვერსად იშოვიდა, თანაც შიშისგან გული ეპარებოდა, რადგან, შესაძლო იყო, გერმანელებს ყველა სახლი გაეჩხრიკათ, მათ შორის - მისიც.

"მისმინეთ, ბიჭებო. ხომ წაიკითხეთ ფელდმარშალ კესელრინგის მანიფესტი - აკი ყველგან გამოაკრეს. თუ იმ კაზაკებს ჩვენთან მიაგნეს, მთელ ქალაქს ნაცარტუტად აქცევენ, და კიდევ უარესი, ვინმემ ცეცხლი რომ გაუხსნას... მაშინ ხომ დედაბუდიანად ამოგვწყვეტენ."

საუბედუროდ, ის მანიფესტი ყველას წაკითხული გვქონდა და ისედაც მშვენივრად ვიცოდით, რომ ესესელები გულჩვილობით არ გამოირჩეოდნენ და კიდეც გადაეწვათ უკვე რამდენიმე ქალაქი.

"მაშ როგორ მოვიქცეთ?" ჰკითხა გრანიოლამ.

"რადგან მოწყალე ღმერთმა ნისლი გამოგვიგზავნა და გერმანელებიც არ იცნობენ ამ მხარეს, სოლარადან ვინმე უნდა ამოვიდეს სოფელში და ის დალოცვილი კაზაკები ქვემოთ ჩაიყვანოს, ბადოგლისტებთან."

"რატომ მაიცდამაინც სოლარადან?"

"ჯერ ერთი იმიტომ, რომ სან-მარტინოში არ ღირს ამ ამბის გახმაურება და მერე კიდევ, გერმანელებმა გზა გადაკეტეს და ერთადერთ იმედად მთის ხეობაღა გვრჩება."

სიტყვა "ხეობის" გაგონებაზე კაცები ერთხმად აყაყანდნენ: "ჯერ კი არ გავგიჟებულვართ! ასეთ ნისლში? ის ტალინო რაღას გვიკეთებს, თვითონ ვერ მიხედავს საქმეს?" და ა. შ. მაგრამ მღვდელმა სასწრაფოდ შეახსენა მათ, რომ ტალინო ოთხმოცი წლის იყო, სან-მარტინოდან მზით გაჩახჩახებულ დღესაც ვერ ჩამოვიდოდა და დასძინა (დარწმუნებული ვარ, ამით ჩვენზე, ორატორიოს ბიჭებზე, იძია შური): "მხოლოდ თქვენს ბიჭებს შეუძლიათ იმ გზით ასვლა, ნისლშიაც კი. ადრე თუ თავიანთ სიმარჯვეს ბოროტი ზრახვებისთვის იყენებდნენ, ახლა, კეთილი ინებონ, და ცხოვრებაში ერთხელ კარგი საქმეც გააკეთონ. რომელიმე ბიჭი დაიხმარეთ და ისე ჩამოიყვანეთ ის კაზაკები."

"უფალო იესო," წამოიყვირა გრანიოლამ, "ასეც რომ მოვიქცეთ, მერე რაღა ვქნათ? ორშაბათ დილას მათ, უბრალოდ, სან-მარტინოს ნაცვლად სოლარაში იპოვიან და თქვენ კი არა, ჩვენ გადაგვბუგავენ!"

ორ ყმაწვილს - სტივულუსა და ჯიჯიოს - პარტიზანებთან ჰქონდა კავშირი. "დაწყნარდით," თქვა სტივულუმ, ამ ორიდან შედარებით გამჭრიახმა, "ახლა ბადოგლისტები ორბენიოში იმყოფებიან და აქამდე არც ესესელებს ჩავარდნიან ხელში და არც "შავხალათიანებს." ისინი ძალიან მაღლა, მთებში არიან დაბანაკებული და მთელ დაბლობს აკონტროლებენ, თანაც შესანიშნავი ინგლისური ავტომატები აქვთ. აქედან ორბენიომდე, ასეთ ნისლშიც კი, იმას, ვინც გზა კარგად იცის, მაგალითად ჯიჯიოს, მხოლოდ ორი საათი დასჭირდება ასავლელად, თუკი ბილიკს დაადგება... იქ ხომ შუქნიშნებია დაყენებული. კარგი, სამი საათი იყოს, რადგან უკვე ბნელდება. ახლა ხუთია. ჯიჯიო იქ რვა საათისთვის ააღწევს, გააფრთხილებს იმ კაზაკებს, ისინიც ჩამოვლენ და ვინიოლეტას გზაჯვარედინთან დაიცდიან. ჩვენ იქ ათი საათისთვის, კარგი, თერთმეტისთვის, საბარგო მანქანას მივიყვანთ და კორომში დავმალავთ, ხეობის ბოლოს, მადონას პატარა სამლოცველოსთან. ერთ-ერთი ჩვენგანი თერთმეტის შემდეგ ავა სოფელში, კაზაკებს წამოიყვანს, მანქანაში შეტენის და ის ჯიგრები გათენებამდე ბადოგლისტებთან იქნებიან."

"ხალხო, ამაზე ვყბედობთ ამდენ ხანს? ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ უნდა შევაგდოთ სასწორზე, რომ ვიღაც რვა მამელუქი თუ ყალმუხი თუ მონღოლი და რა ვიცი, ათასი ჯანდაბა და დოზანა გადავარჩინოთ? ისინი, ვინც გუშინდელ დღემდე ესესელებს ეტმასნებოდნენ?" იკითხა წითურმა ჯეელმა, რომელსაც, თუ არ ვცდები, მიგლიავაჩა ერქვა.

"მოიცა, ძმაო," შეაწყვეტინა გრანიოლამ, "იმ ბიჭებს ტვინი გადმოუბრუნდათ და ეს უკვე კარგი რამეა. თანაც რვა მამაცი მებრძოლი, ტყვიას ტყვიაში რომ სვამს ისეთი, ბევრ რამეში გამოგვადგება. დანარჩენის დედაც..."

"ისინი ბადოგლისტებს გამოადგებიან," აღშფოთდა მიგლიავაჩა.

"ბადოგლისტებიც და გარიბალდისტებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და როგორც უკვე ითქვა, ანგარიშს მერე გავასწორებთ. ახლა ის კაზაკები უნდა გადავარჩინოთ."

"ჰო, მასეა, გრანიოლა. ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ საბჭოთა მოქალაქეები არიან და სოციალზმის დიადი სამშობლოს შვილები," დაეთანხმა მარტინენგო, კაცი, რომელსაც დეზერტირ-მოღალატეები მაინცდამაინც არ უყვარდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, იმ დომხალში ვერ გაარჩევდი, ვინ რას აკეთებდა. აი, თუნდაც ჯინო ავიღოთ. ჯერ "შავხალათიანებთან" იყო, თანაც ძალიან ერთგულებდა, მერე გაიქცა, პარტიზანებს მიეკედლა და სოლარაში წითელი ყელსახვევით გამოგვეცხადა. მაგრამ ერთობ იმპულსური ყმაწვილი გახლდათ და სწორედ მაშინ დაბრუნდა თავისი გოგოს სანახავად, როცა არ უნდა გამოჩენილიყო. "შავხალათიანებმა" შეიპყრეს და ერთ დილას წირვაც გამოუყვანეს ასტიში.

"მოკლედ, ასე უნდა ვქნათ," თქვა გრანიოლამ.

"მოიცა, მოიცა," კვლავ აღელდა მიგლიავაჩა, "აკი მღვდელმაც გვითხრა, რომ იქ აბობღება მარტო ბავშვებს შეუძლიათ, მაგრამ ბავშვს ასეთ საქმეში ხომ ვერ გავრევთ? გინდაც გავგიჟდეთ და გავრიოთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ენას კბილს დააჭერს?"

"რატომ?" შეეპასუხა სტივულუ, "აგერ ჩვენი იამბო. თქვენ არ შეგინიშნავთ, ის კი აქ არის და გვისმენს. ხეობა მას თავისი ხუთი თითივით აქვს შესწავლილი, ჭკვიანი ბიჭუნაა და რაც მთავარია, ენა წინ არ უსწრებს. ამაზე, ძმებო, თავს დავდებ. თანაც მთელი მისი ოჯახი ჩვენს მხარეზეა და მგონი, კარგი ვარიანტი უნდა იყოს..."

ცივმა ოფლმა დამასხა და ჩავიბურდღუნე, უკვე გვიანია და სახლში მელოდებიან-მეთქი.

გრანიოლამ განზე გამიყვანა და შებმა დამიწყო: "ეს ხომ თავისუფლებისთვის ხდება... იმ საბრალო რვა ჯეელის გადასარჩენად. განა შენი ხნის ბიჭს არ შეუძლია გმირობის ჩადენა? სხვა თუ არაფერი, რამდენჯერ აბობღებულხარ იქ და ახლა რაღა ღმერთი გაგიწყრება? ერთი ეგ არის, სიფრთხილე გმართებს, რადგან რვა კაზაკს უნდა წაუძღვე. ის გერმანელები ნუ გადარდებს, გზის ბოლოს დგანან გაქირ ვირებივით და აზრზეც არ არიან, სად არის მთის ხეობა. ავად კი ვარ, მაგრამ მაინც წამოგყვები, მოვალეობას ვერ ვუღალატებ. თერთმეტი საათისთვის კი არა, თუ გინდა უფრო გვიან, შუაღამით წავიდეთ, როცა შენებს ეძინებათ და შეუმჩნევლად გამოიპარები. დილას კი საწოლში გნახავენ... ვითომც არაფერი."

ასე ამირია ტვინი და მეც დავთანხმდი. სხვა თუ არაფერი, ეს ხომ ნამდვილი სატრაბახო, პარტიზანული თავგადასავალი იქნებოდა, მართლაც ნამდვილი, ისეთი კი არა, ფლეშ გორდონს არბორიას ტყეში და თრემალ-ნაიქს შავ ჯუნგლებში რომ გადახდათ თავს. ახლა მე იდუმალ გამოქვაბულში მობორიალე ტომ სოიერსაც ვაჯობებდი.

მაგრამ რადგან მეც მება მხრებზე თავი, გრანიოლას გეგმაში გარკვეული ცვლილებები შევატანინე. ის ამბობდა, ემანდ გზაში რომ არ დაგვეკარგონ ჩვენი კაზაკები, ერთი კარგი თოკი უნდა ვიშოვოთ და მთასვლელებივით ერთმანეთს გადავებათო, მაგრამ მე შევედავე: "ასე რომ ვქნათ და წინ მიმავალი გადავარდეს, ჩვენც თან გაგვიყოლებს, ამიტომ გვიჯობს თოკის ათი ნაჭერი გამოვიყენოთ, თითოეული ჩვენგანი როგორც წინ, ისე უკან მიმავალის თოკს მოეჭიდება. თუ ვინმე გადავარდა, მაშინვე გავუშვებთ ხელს თოკის ბოლოს. ყველას დაღუპვას ერთის სიკვდილი სჯობია."

გრანიოლამ შემაქო, მაგარი ხარო.

მე ვკითხე, იარაღი ხომ არ მოგაქვს თან-მეთქი და მან მიპასუხა, არავითარ შემთხვევაში, რადგან ბუზის მომკვლელიც არა ვარ, გარდა ამისა, ღმერთმა დაგვიფაროს და შეტაკება რომ მოხდეს, კაზაკები ისედაც შეიარაღებული არიან, თანაც, გავიხედე და ესესელებს ჩავუვარდი ხელში... რომ ნახავენ უირაღო ვარ, შეიძლება კედელთან აღარ მიმაყენონო.

მერე გრანიოლამ მღვდელს უთხრა, კარგი, თანახმა ვართ და კაზაკებს პირველი საათისთვის მოვაკითხავთო.


© “ცხელი შოკოლადი”

No comments: