Friday, March 7, 2008

ახალი წიგნები (აპრილი, 2007)

ჯეი მაკინერნი, “კარგი ცხოვრება”

The Good Life

By Jay McInerney

353 გვ., Alfred A. Knopf

ამ რომანის გარშემო თავიდანვე ეჭვები გაჩნდა, მაგრამ ჯეი მაკინერნი მკითხველის სკეპტიკურ განწყობას მედგრად შეეგება, თითქოს შეგუებულიც კი იყო: “როცა ნორმან მეილერს ვუთხარი, ჩემს ახალ რომანში მოქმედება 2001 წლის შემოდგომაზე ხდება-მეთქი, მწერალმა უნდობლად გადააქნია თავი - 10 წელი მაინც მოიცადეო. 10 წელი მაინც უნდა გავიდეს, მოვლენათა არსს რომ ჩასწვდეო. ამდენ ხანს ვერ მოვიცდიდი...”

“კარგი ცხოვრების” რამდენიმე მთავარ გმირს უკვე იცნობს ერთგული მკითხველი მაკინერნის ძველი რომანიდან (“ბრწყინვალება ეცემა”, 1992). ძველი ნაცნობების - რასელისა და მისი ცოლის - კორინის ამბის პარალელურად რომანში ბანკის ინვესტორის, ლუკ მაკგავოკის ისტორია ვითარდება. 7-ციფრიანი წლიური ანგარიშის მფლობელმა სრულიად მოულოდნელად ყველაფერს ზურგი აქცია და წიგნის დაწერა გადაწყვიტა. ლუკის ახსნა მარტივია: ადამიანს უფრო კეთილშობილური მოწოდება აქვს და წარმავალი საკითხები არ უნდა აღელვებდეს. მის ცოლს, როგორც ქალების უმეტესობას, რასაკვირველია, ასეთი ახსნა არ ესმის და ოჯახში კონფლიქტი იწყება. რასელსა და კორინსაც შეემთხვევათ პატარა უსიამოვნება - გვარიანად შეზარხოშებული სტუმარი რაღაც ავისმომასწავებელს უქადის მათ ოჯახს...

ეს ავისმომასწავებელი წინათგრძნობა ტრაგიკულად გაცხადდება. 11 სექტემბრის ტრაგედიას კორინისა და ლუკის მეუღლენიც ემსხვერპლებიან.

კორინი და ლუკი პირველად სწორედ ტრაგედიის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. ისინი ნანგრევებში მომუშავე მაშველებს ეხმარებიან. გაცნობიდან ძალიან მალე კორინი მოხერხებული სიკეკლუცით ცვლის ზოგადი საუბრის თემას: ნუთუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ამ საქმეში სხვებზე უფრო მაგრები არიან? ამ კითხვას დასტურად მოსდევს ლუკის ნაამბობი ჰონგკონგელი მეძავის შესახებ, და კორინის მიერ შებრუნებული კითხვა: მოკლედ, თქვენ ფიქრობთ, რომ სექსი ჩოგბურთის ან ჭადრაკის თამაშს ჰგავს და სრულყოფილება პრაქტიკაში მოდის? უკანა პლანზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევები და ტრაგედიის მსხვერპლთა ცხედრები ილანდება...

ლუკისა და კორინის საუბრის ტექსტსა და რეალობას შორის სრული შეუსაბამობაა, ეთიკური, მორალური თუ ესთეტიკური თვალსაზრისით. კრიტიკოსთა აზრით, მაკინერნი ერთ რამეში ცდება: როგორც ჩანს, მწერალს არ სურს იმის აღიარება, რომ ადამიანები ხშირად არაადეკვატურად იქცევიან, განსაკუთრებით უბედურების დროს, და რომ ლუკი და კორინი სწორედ ასეთი ადამიანები არიან. კრიტიკოსებისთვის ეს ერთი ეგოისტი და ქარაფშუტა წყვილია, მწერლისთვის კი – ძალიან საინტერესო და, ამასთან, უცოდველი პერსონაჟები. მაკინერნი ცდილობს, თავისი განწყობა მკითხველსაც მოახვიოს თავს. იქნებ მართალიცაა, განა გვაქვს კი განკითხვის უფლება?

სტივენ კინგი, “საკანი”

Cell

By Stephen King

355 გვ., Scribner

პატარა ლუციფერები, რომელთაც ღვთის მიერ ბოძებული წესრიგი სრულ ქაოსად გადააქციეს – ასე მოიხსენია ერთ-ერთმა კრიტიკოსმა სტივენ კინგის ბოლო რომანის გმირები. ეს “პატარა ლუციფერები” მობილურ სატელეფონო კავშირს დამონებული თანამედროვე ადამიანები არიან, ტელეფონზე გაუთავებლად რომ საუბრობენ და ბოლოს საკუთარ თავსაც კარგავენ მობილური სიგნალებისა და სიხშირეების განუწყვეტელ ხმაურში. ამ ხმაურში იკარგება მთავარი: ადამიანური ღირებულებები, სილამაზე, სიკეთე... ალბათ ამიტომაც უწოდებს ზიზღით რომანის ერთ-ერთი გმირი მობილურ ტელეფონს “ეშმაკის კავშირს”.

კინგის ახალ ნაწარმოებში მოვლენები მობილური ტელეფონის სიგნალივით უსწრაფესად ვითარდება. ქალაქს იდუმალი ელექტრონული მუხტი დაუვლის. ეს მუხტი მობილური ტელეფონების მეშვეობით ვრცელდება. შედეგი საბედისწეროა: ადამიანები ზომბებად იქცევიან. და მთავარი გმირის განსაცდელიც სწორედ მაშინ იწყება...

თუ არისტოტელეს “პოეტიკაში” წარმოდგენილ ფორმის შესახებ მსჯელობას დავეყრდნობით, ზომბების აპოკალიფსის ისტორიას ჭეშმარიტი ლიტერატურული ღირებულება მაშინ ექნება, როცა ის ორ პირობას დააკმაყოფილებს. პირველი პირობა ცივილიზაციის ნგრევით გამოწვეული სავალალო შედეგებისა და სამყაროში გამეფებული ძალადობის ასახვაა. ამ მხრივ “საკანი” მკითხველს ნამდვილად არ გაუცრუებს იმედს. მოგეხსენებათ, სტივენ კინგი საზარელი სცენების ოსტატი გახლავთ. მაგრამ, როგორც კრიტიკოსები ამტკიცებენ, მეორე აუცილებელი პირობა სტივენ კინგის ახალმა რომანმა ვერ დააკმაყოფილა, კინგი სუსტი ფსიქოლოგი გამოდგა. თუმცა, ეს შეფასებაც ალბათ პირობითია, სინამდვილეში არმაგედონი ხომ არავის გამოუვლია.

რობერტ გრინფილდი, “ტიმოთი ლირი” (ბიოგრაფია)

A Biography

By Robert Greenfield

689 გვ., A James H. Silberman Book/Harcourt

უცნაურია, ტიმოთი ლირის სიკვდილიდან ჯერ სულ რაღაც ათი წელი გავიდა, მაგრამ მისი ცხოვრება თითქოს უკვე ლეგენდასავით გვეჩვენება. ყოფილი ფსიქოლოგი, რომლის ახირებული თეორიის მიხედვითაც, ფსიქოდელური წამლები ადამიანის განვითარებას უწყობდა ხელს, 60-იან წლებში პოპ-ვარსკვლავისა და რელიგიური ლიდერის როლში მოევლინა საზოგადოებას.

რობერტ გრინფილდი ობიექტური ბიოგრაფია, მისთვის მთავარია, არაფერი გამორჩეს. ამის საშიშროება კი ნამდვილად არის, ლირის ცხოვრებაში ხომ იმდენი დიდი თუ მცირე დეტალია, რომ შეიძლება თავგზა აგებნეს კაცს: მამის წასვლა, ცოლის თვითმკვლელობა, გზა ბერკლიდან ჰარვარდისაკენ, სამეცნიერო საქმიანობის დასაწყისი, მექსიკაში გატარებული დრო – ტრანსფორმაციის ხანა... სწორედ აქ, მექსიკაში, მოხდა დიდი გარდატეხა ლირის ცხოვრებაში, ფსიქოდელური ზემოქმედება მისი სწავლების, კვლევისა და მთლიანად ცხოვრების მამოძრავებელი ძალა გახდა...…

1964 წელს დაიწერა “ფსიქოდელური გამოცდილება” – ნაშრომი, რომლის ავტორებიც იყვნენ ლირი, ალპერტი და რალფ მეტცნერი. სწორედ ამ ნაშრომში გაიჟღერა ცნობილმა ფრაზამ: “გათიშეთ ტვინი, მოდუნდით, მიჰყევით დინებას”. ორი წლის მერე ეს ფრაზა გამოიყენა ჯონ ლენონმა სიმღერაში Tomorrow Never Knows (ბოლო სიმღერა ალბომიდან Revolver)...

60-იანი წლების ბოლოს ტიმოთი ლირის შესახებ საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ერთი ნაწილი მას აღმერთებდა, ჰიპები აღტაცებით შეჰხაროდნენ, სხვებს კი ბოროტ დემონად მიაჩნდათ. ყველაზე დაუძინებელი მტერი მაინც კანონი იყო, კანონი, რომელსაც ლირი არ ემორჩილებოდა. დიდი ხანი გაატარა ციხეში, რომ გეკითხათ, ისევე ეწამებოდა ხალხისთვის, როგორც იესო და სოკრატე...

შოუ-ბიზნესით დაინტერესებულ მკითხველს, რომელიც უკვე იცნობს გრინფილდისეულ “როლინგ სტოუნზისა” და ჯერი გარსიას ბიოგრაფიებს, წინ დიდი სიამოვნება ელის. გარდა ამისა, წიგნი 60-იანი წლების კულტურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.

რონ პაუერსი, “მარკ ტვენი” (ცხოვრება)

Mark Twain: A Life

By Ron Powers

723 გვ., Scribner

იყო დრო, როცა მისი ნაწერები პატარა ხერხის მომაბეზრებელ ბზუილს შეადარეს (დღეს ეს სასაცილოდ გვეჩვენება), თუმცა ერთგული მკითხველი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ამ მწერლის ხმას მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობა ჰქონდა, დახვეწილი და წრფელი. რონ პაუერსის ახალი 723-გვერდიანი წიგნი ყველასათვის მშობლიური ამერიკელი მწერლის - მარკ ტვენის, იგივე სემუელ კლემენსის, ცხოვრებაზე მოგვითხრობს; პაუერსის მონათხრობს მარკ ტვენის ცხოვრების შესახებ ისეთივე ჯადოსნური ძალა აქვს, როგორც ტვენის პროზას.

მწერალი მარკ ტვენის სახეს უაღრესად ცოცხალი შტრიხებით ხატავს. მკითხველის წინაშე წარმოდგება მახვილგონიერებით გამორჩეული, პატივმოყვარე, ხშირად აგრესიული ჩხუბისთავი და ამავდროულად უფაქიზესი ბუნების ადამიანი - კაცი, რომელიც არაერთხელ მჯდარა ციხეში ქუჩაში ატეხილი აურზაურისათვის და კაცი, რომელსაც განუწყვეტლივ ქენჯნიდა სინდისი ამქვეყნად გამეფებული უსამართლობის გამო... დაკვირვებული მკითხველის მახვილი თვალი მარკ ტვენის ცხოვრების ძალიან ნაცნობ დეტალებში ბევრ უცნობ დეტალსაც აღმოაჩენს.

ამ წიგნის ავტორი რონ პაუერსი პულიტცერის პრემიის ლაურეატია. მკითხველი კარგად იცნობს მის 2002 წელს გამოცემულ რომანს, რომელიც ამერიკელ თინეიჯერ მკვლელებზე მოგვითხრობს: “ტომი და ჰეკი აქ აღარ ცხოვრობენ: ბავშვობა და მკვლელობა ამერიკის შუაგულში.” ახალი რომანის სიუჟეტი დროში გადანაცვლების პოპულარულ სქემას მიჰყვება, თუმცა მაინც ორიგინალური ჩანს. მარკ ტვენი ჩვენს სინამდვილეში ცხოვრობს, ის პაუერსის რომანს კითხულობს და ხვდება, თუ რამდენი რამ შეცვლილა ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის დროის შემდეგ. და ტვენი წარსულში ქექვას იწყებს, იმ წარსულში, რომელიც დღეს უკვე გამქრალია.

სხვათა შორის, პაუერსის რომანს სამართლიანი პრეტენზია აქვს, რომ ის ამერიკის ისტორიის საზომად ჩაითვალოს. მარკ ტვენის შემოქმედების ლიტერატურული ღირებულების შეფასებისას პაუერსი იმ მოსაზრებას ემხრობა, რომლის თანახმადაც ტვენმა ახალი რეგისტრი შემოიტანა ამერიკულ ლიტერატურაში: “მარკ ტვენის სადირიჟორო ჯოხი ახშობდა ანგლიკანურ სიმფონიას და ამერიკული ჯაზის რიტმებს უკრავდა.”

ხოლო როცა ჯერი ჰეკლბერი ფინის თავგადასავალზე მიდგება, პაუერსის ბიოგრაფია აღარ გვჭირდება მისი შეფასებისთვის. ამ ნაწარმოებმა, რომელსაც თავის დროზე ელიოტმა შედევრი უწოდა, ყველა დროს გაუძლო.

© “ცხელი შოკოლადი”

No comments: