Wednesday, March 4, 2009

იოსიფ ბროდსკი - "ლოუელს ნებისმიერ ამინდში შეეძლო ლექსების წერა"


ფრაგმენტი სოლომონ ვოლკოვის წიგნიდან "საუბრები იოსიფ ბროდსკისთან"

- დიდი ხანია მინდოდა თქვენთვის ლოუელის შესახებ მეკითხა...

- ჩვენ 1972 წელს გავიცანით ერთმანეთი "Poetry International"-ზე, სადაც ოდენმა მიმიყვანა. იმ საღამოს ლოუელმა ჩემი ლექსების ინგლისურად წაკითხვა მოინდომა, რაც მისი მხრიდან ძალზე კეთილშობილური ჟესტი იყო, შემდეგ კი კენტში, თავისთან მიმიპატიჟა, სადაც იგი იმ ზაფხულს ისვენებდა. წამიერად გაჩნდა რაღაც ინტუიტიური ურთიერთგაგება, თუმცა ჩვენს შეხვედრას ერთმა ამბავმა შეუშალა ხელი. საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ დროს საკმაოდ გაღიზიანებული და გადაღლილი ვიყავი მთელი ამ გადაადგილებებით: ვენა, ლონდონი, ერთი ბინიდან მეორეში გადასვლა და ა.შ. თავიდან მეგონა, ვაითუ ეს ყველაფერი დასრულდეს-მეთქი... მაგრამ ვცდილობდი ყველაფერი გამეგო და ყველაფერი ერთდროულად აღმექვა. ამიტომაც ყველაფერი რაღაც ერთიან ვინეგრეტში აიზილა. მახსოვს, ვიქტორიას სადგურზე რომ მივედი ლოუელთან გასამგზავრებლად და მატარებლების განრიგს ავხედე, თავბრუ დამესხა, დავიბენი. უბრალოდ, აზროვნების უნარი დავკარგე. განა იმის შემეშინდა, რომ ისევ სადღაც უნდა გავმგზავრებულიყავი... არა, უბრალოდ, თვალის ბადურა მქონდა გადაღლილი და შემაძრწუნა სივრცის რომელიღაც ახალ ვერსიაზე გაფიქრებამ, რომელიც ჩემს თვალწინ უნდა გადაშლილიყო. ალბათ წარმოგიდგენიათ ეს სიტუაცია, არა?..
- ო, რა თქმა უნდა! ამ დროს შიში გეუფლება და არა ხარ დარწმუნებული იმაში...
- ...თუ რა ხდება აგერ, ყურისძირში, არა? ერთი სიტყვით, სადგურიდან დავურეკე ლოუელს და შევეცადე ვერჩასვლის მიზეზები ამეხსნა, დაწვრილებით მომეთხრო ყველაფერი, მაგრამ ამ დროს მონეტები დამიმთავრდა და ტელეფონიც გაითიშა. ლოუელი შემდეგ მეუბნებოდა, თურმე ეგონა, რომ უისტენმა გადამათქმევინა გამგზავრება, რადგანაც ლოუელსა და ოდენს შორის რაღაც დაძაბულობა არსებობდა. რა თქმა უნდა, არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა! უისტენმა არც იცოდა, რომ ლოუელთან შეხვედრას ვაპირებდი. მაგრამ ლოუელის ეს რეაქცია ნათელს ჰფენს მთელ მის არსებასაც, იმას, თუ როგორი ადამიანი იყო რობერტი. არა, იგი დაკომპლექსებული არ იყო, თუმცა საკუთარი თავის რწმენა აკლდა. რა თქმა უნდა, ეს წმინდა ადამიანურ მხარეს ეხება, რადგანაც, როგორც პოეტმა, ლოუელმა თავისი ფასი კარგად იცოდა. ამ მხრივ მას პრობლემები არ ჰქონდა. ოდენს თუ არ ჩავთვლით, მწერლური თვალსაზრისით ასეთი ორგანული ფიგურა მე არასდროს შემხვედრია. ლოუელს ნებისმიერ ამინდში შეეძლო ლექსების წერა. არა მგონია, რობერტს ჰქონოდა პერიოდები, როცა იგი...
- ...იშრიტებოდა...
- ჰო. შესაძლოა მასაც უჭირდა დრო და დრო, როგორც ყველა პოეტს, მაგრამ ეს არ ტანჯავდა ლოუელს, მის თანამედროვეთაგან - დილან ტომასისგან, ჯონ ბერიმანისგან, სილვია პლათისგან განსხვავებით. ჩემი აზრით, სწორედ ამ ტანჯვამ მიიყვანა ბერიმანი და პლათი თვითმკვლელობამდე და არა ალკოჰოლიზმმა ან დეპრესიამ. ლოუელი ძალზე გონებამახვილი ადამიანი იყო და ამავე დროს, ერთ-ეთი საუკეთესო თანამოსაუბრე, რომელსაც კი ვიცნობდი. ოდენი აბსოლუტურად მონოლოგური იყო. როცა ლოუელზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება ხოლმე თანამოსაუბრის მიმართ მისი არათუ გულისყური, არამედ უზარმაზარი ყურადღება. სახის გამომეტყველებაც მუდამ კეთილი ჰქონდა. და შენც გესმოდა, რომ კედელს არ ესაუბრებოდი, არ ეხლებოდი რაღაც იდიოსინკრაზებს, არამედ ელაპარაკებოდი ადამიანს, რომელიც გისმენდა. პირველი შეხვედრის შემდეგ, 1972 წელს, ჩვენ 1975 წლამდე არ გვინახავს ერთმანეთი. გვქონდა მეგობრული მიმოწერა, რომელიც უფრო ზოგად ხასიათს ატარებდა. 1975 წელს სმიტკოლეჯში ვასწავლიდი, უეცრად ბოსტონიდან დამირეკა ლოუელმა და თავისთან მიმიწვია, თანაც იქვე, ტელეფონით ათასი კომპლიმენტის თქმა მოასწრო (ალბათ, პირველად აიღო ხელში ჩემი წიგნი). კომიკურ ეპიზოდს ვერც ამჯერად გადავურჩით, რადგან ლოუელთან შეთანხმებულზე ერთი კვირით ადრე თუ გვიან ჩავედი - ზუსტად აღარ მახსოვს. სამაგიეროდ, კარგად მახსოვს ჩვენი საუბრები, ეს ნამდვილი საოცრება იყო! ანა ანდრეევნას შემდეგ, 1975 წლამდე (ანუ ლოუელთან შეხვედრამდე) დანტეს შესახებ, მაგალითად, არავისთან მისაუბრია. "ღვთაებრივი კომედია" ისე იცოდა, როგორც ჩვენ "ევგენი ონეგინი". მისთვის ეს ისეთივე წიგნი იყო, როგორც ბიბლია. ან ვთქვათ, "მაინ კამპფი", სხვათა შორის.
- უცნაური შეხამებაა...
- ო, ეს რთული ისტორიაა. საქმე იმაში გახლავთ, რომ როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარში გაიწვიეს, ლოუელმა უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. იგი ურყევი პაციფისტი იყო. და ამის გამო ლოუელმა რაღაც ნომინალური სასჯელიც კი მოიხადა, გარკვეული პერიოდი იჯდა, მაგრამ როცა ომი დამთავრდა, გამოირკვა (პაციფისტური მრწამსის მიუხედავად), რომ ფაშიზმი სწორედ ის ბოროტება ყოფილა, რომელთანაც უნდა გებრძოლა. როგორც ჩანს, ლოუელს, მთელი თავისი პრინციპულობის მიუხედავად, მოსვენებას არ აძლევდა ეს აზრი და ამის გამო, მე მგონი ფაშიზმის უფრო დაწვრილებით შესწავლა განიზრახა, გადაწყვიტა პირველი ხელიდან მიეღო ინფორმაცია. ასე წაიკითხა მან "მაინ კამპფი". მე მგონი, სწორედ ჰიტლერის ცნობიერებისთვის დამახასიათებელმა ვულგარულობამ მოახდინა ლოუელზე შთაბეჭდილება. ეს ვულგარულობა საკუთარი პოეტიკით ხასიათდება. ამის შესახებ არაერთხელ მიფიქრია. საქმე ისაა, რომ ნებისმიერ უხამსობაში ჭეშმარიტების ელემენტია; კატასტროფული სწორედ ეს გახლავთ. თანაც ამას დაუმატეთ ოდენის განცხადება (რომელიც დაახლოებით 35-36 წლებში ითქვა) იმის შესახებ, რომ ჰილტერი არაფერ შუაშია, რომ უბრალოდ ყველა ჩვენთაგანში ცხოვრობს ეს ჰიტლერი. "მაინ კამპფის" შესწავლა ლოუელთან დეპრესიას ერწყმოდა. იგი მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით იყო შეპყრობილი, რომელსაც, მართალია არასდროს მიუღია კოშმარული ფორმები, მაგრამ შეტევები საკმაოდ ხშირად მეორდებოდა. მინიმუმ წელიწადში ერთხელ იგი საავადმყოფოში ხვდებოდა ხოლმე. და ყოველთვის, როცა ლოუელს ეწყებოდა ეს მანიაკალური პერიოდები, იგი ნაცნობებს "მაინ კამპფს" აჩვენებდა ხოლმე, როგორც თავის საყვარელ წიგნს. ეს იყო სიგნალი, რომ ლოუელი "ვერ იყო". მე მგონი, ასეთ ვითარებაში იგი - გარკვეულწილად - ჰიტლერთან აიგივებდა თავს. ამას ძალზე უბრალო სარჩული ჰქონდა: აზრი იმის შესახებ, რომ მე ცუდი ადამიანი ვარ, ბოროტების წარმომადგენელი, არა? სინამდვილეში კი ასეთი მანია გაცილებით უფრო მისაღებია, ვიდრე ის, როცა ადამიანი ქრისტესთან ან ნაპოლეონთან აიგივებს თავს. ჰიტლერის მაგალითი, მე მგონი, უფრო ახლოს დგას სინამდვილესთან.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ყველაფერი ეს გარკვეულ ფსიქოლოგიურ და შესაძლოა, ინტელექტუალურ თავაშვებულობაზე მეტყველებს?
- შესაძლოა ასეც იყოს. ლოუელი განსაკუთრებული ინტუიციით იყო დაჯილდოვებული. ინტელექტუალური თავაშვებულობა - როცა ყურადღებას აღარ აქცევ დეტალებს და განზოგადებისკენ ისწრაფი - გარკვეულწილად ყველა იმ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, ვისაც ლიტერატურასთან რაიმე აქვს საერთო. განსაკუთრებით ეს კაზმულ სიტყვიერებას ეხება. ლოუელს შესანიშნავი ფორმულირებები ჰქონდა და ყველაზე მეტად მასში ის მომწონდა, რომ ასპროცენტიანი ამერიკელი იყო. მაღიზიანებს არასრულფასოვნების ეს კომპლექსი, რომელიც განათლებულ ამერიკელებს ახასიათებთ ევროპელებთან მიმართებაში. ეზრა პაუნდი ან ვინმე სხვა, გარბის ევროპაში და იქიდან გაჰყვირის, რომ ამერიკელები ღორები არიან და ა.შ. ჩემზე ეს ისევე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც ვულგარული მედასავლეთეობა რუსეთში. ლოუელში ასეთი რაღაც საერთოდ არ იყო.

თარგმნა
მიხო ხარაძემ

ნოდარ გურაბანიძე


სამყარო თეატრალის თვალით

როზენკრანცისა და გილდენსტერნის ქართველი ორეული

"ჰამლეტის" ორი განუყრელი პერსონაჟი, როზენკრანცი და გილდენსტერნი - დანიის პრინცის თანაკურსელები ვიტენბერგის უნივერსიტეტიდან, - თითქოს რაიმე განსაკუთრებული ინდივიდუალური თვისებებით არ გამოირჩევიან. წარსულის ცნობილი შექსპიროლოგი გრენვილ-ბარკერი შენიშნავდა: !"ეს არა მხოლოდ არარაობაა, არამედ ორად გაყოფილი არარაობააო".
დიდი გოეთე კი სხვანაირად ფიქრობდა. იგი აღტაცებული იყო შექსპირის ჩანაფიქრის სიღრმით და სინატიფით. თავის ცნობილ რომანში "ვილჰელმ მეისტერის განსწავლის წლები", სადაც განსაცვიფრებლად ორიგინალური აზრებია გამოთქმული "ჰამლეტის" პერსონაჟების გამო, ერთი დიდი და ფრიად საგულისხმო აბზაცი ეძღვნება ამ ტყუპ გმირებს: თეატრის ხელმძღვანელი ბატონი ზერლო (დიდი მსახიობისა და რეჟისორის ფრიდრიხ შროდერის პროტოტიპი) ეკითხება ახალგაზრდა შემოქმედს ვილჰელმს - რატომ არ გინდა შენს დადგმაში ეს ორი მსგავსი ადამიანი ერთ პერსონაჟად აქციოო. ამაზე ვილჰელმი (იგი რომანში გოეთეს თეატრალური შეხედულებების გამომხატველია) პასუხობს: "ის, რასაც ეს ორნი წარმოადგენენ და აკეთებენ, შეუძლებელია ერთით გამოიხატოს. ამ დეტალებში ვლინდება სწორედ შექსპირის მთელი სიდიადე. ეს ფარული წაქეზებები, ეს მაამებლობა და გაქნილობა, ეს სიმარდე და ქვემძრომობა, ეს ყველაფრისათვის მზადყოფნა და არარაობა, ეს გაშმაგებული მზაკვრობა და უნიჭობა - განა შეიძლება ერთი ადამიანის სახით გამოიხატოს?! ამას ერთი დუჟინიც (თუ კი ამდენი მოიძებნება) არ ეყოფა. მაგრამ ისინი ხომ თავის თავს ავლენენ მხოლოდ საზოგადოებაში, ისინი თავად წარმოადგენენ საზოგადოებას და შექსპირმა გამოამჟღავნა დიდი თავდაჭერილობა და სიბრძნე, როცა მხოლოდ ეს ორი, ამგვარი სახე შექმნა. ამის გარდა, სპექტაკლში მე მჭირდება სწორედ წყვილი, რომელიც ერთ კეთილ, დიდებულ ჰორაციოს დაუპირისპირდება" (გოეთე. თხზ.ათ ტომად. ტ.VII, გვ.245. 1978. რუს.ენაზე). როგორც ჩანს, გოეთეს ეს ორი გმირი ჰამლეტისდროინდელი საზოგადოების სიმბოლოებად მიაჩნია.
ასევე ქართული სინამდვილის ერთგვარ სიმბოლოებად შეიძლება მივიჩნიოთ პოლიკარპე კაკაბაძის კომედიის "ყვარყვარე თუთაბერის" გმირები კაკუტა და ქუჩარა. მაგრამ, შექსპირის ტრაგედიისაგან განსხვავებით, აქ, როგორც ეს ჟანრს შეეფერება, ყველაფერი კომიკურად უკუღმაა შეტრიალებული. განსხვავებით როზენკრანცისა და გილდენსტერნისაგან, რომლებიც სამეფო კარზე ტრიალებენ, განუწყვეტლივ მოქმედებენ, ყველასთან აქვთ ურთიერთობა, კაკუტა და ქუჩარა ნამდვილი აუტსაიდერები არიან, ცხოვრების ფსკერზე მილექილნი, საცოდავნი და საბრალონი - სემუელ ბეკეტის ესტრაგონისა და ვლადიმირის ("გოდოს მოლოდინში") წინაპრები. ისინი გარიყულნი არიან, უპატრონონი - მხოლოდ ყვარყვარე უცვნიათ თავიანთ მფარველად და იმედად. ისინი ყველაფერში ეთანხმებიან ყვარყვარეს და მის ჩრდილს არიან შეფარებულნი. ეს ტიპიური კომიკური წყვილია, მათი ცალ-ცალკე წარმოდგენა შეუძლებელია, სცენაზეც ყოველთვის ერთად შემოდიან და გადიან, ძნელია მათი გარჩევა ქცევით, ან მეტყველებით, ან საერთოდ რაიმე ინდივიდუალური ნიშნებით. მე ისიც მიკვირს, რომ საცოდავი ლირსა მათი საზიარო ცოლი არ არის ("ტფუ მგელს დააფეთებს... ამის შეყვანას იმ ფაცხაში, ქვა რომ შეგეგდო, ის გერჩია" - ამბობს ყვარყვარე.). ისინი მთელი კომედიის მანძილზე ყვარყვარეს გარდა თითქმის არავის ხვდებიან, ყვარყვარეა მათი სამყაროს ცენტრი (სადაც არ უნდა წაწანწალდნენ, მაინც მასთან მოდიან ბოლოს). ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია: ისინი მხოლოდ ყვარყვარეს ელაპარაკებიან. თუ ვინმესთან დააპირებენ გამოლაპარაკებას, ყვარყვარე უმალვე ხმას ჩააკმენდინებს ხოლმე - "თქვენ ენა გააქვავეთ"-ო, მკაცრად შეუძახებს. რასაკვირველია, პ.კაკაბაძეს შეეძლო ერთ კომიკურ სახეში მათი გაერთიანება, მაგრამ ის, რომ სწორედ ორნი არიან და ეს "ორი" - "ერთია" კომედიურობის ეფექტს აძლიერებს, უფრო დინამიურს ხდის მოქმედებას და ცხოვრების საგულისხმო დეტალებით ამდიდრებს მთელ კომიკურ სიტუაციას.
ყვარყვარე ვითომ ძალიანაა მოწადინებული, რომ კაცებად აქციოს ისინი და ასევე ვითომ ძალიან შესტკივა გული მათ სიგლახეზე: "რა დაგემართათ, თქვე გლახაკებო? ასე უნდა იწანწალოთ, უთაურებო? თქვენი კაცად გახდომა ვერასოდეს რომ ვერ მოვახერხე! აფსუს, თქვენ ჩემი მეზობლები იყოთ, სწორედ მერცხვინება" - თითქოს ყვარყვარეს მეზობლობა საკმარისი იყოს ვინმეს "კაცად გახდომისათვის". როგორც ზღაპრული ამირანის წარმოდგენა შეუძლებელია მისი ერთგული გოშიის გარეშე, ასევე ყვარყვარეა წარმოუდგენელი ამ ორი, მარად მოხეტიალე, ყვარყვარესავით მშობლიურ კერას მოწყვეტილი გლახაკის გარეშე, რომლებიც თითქოს, ერთი საერთო ნიღბის ნაწილებად ქცეულან. ყვარყვარეც უამათოდ თავს მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობს, მაშინვე მოისაკლისებს ხოლმე, რადგან ისინი მისთვის იმ სარკედ ქცეულან, რომელმაც მისი დიდება და წარმატება უნდა აირეკლოს: "ორი ერთგული კაცი რომ მომყვა ამირანის გოშიებივით, სად დამიღუპეთო?" - კითხულობს გაკვირვებული.
მხოლოდ ერთხელ, ისიც სუსტად, გაუბედავად შეიტანეს ეჭვი კაკუტამ და ქუჩარამ ყვარყვარეს ყოვლისშემძლეობაში და უმალვე დაისაჯენ: "რადგან თქვენ ვერ მიცანით, თვითონ უნდა გაგაცნოთ ჩემი თავი და... როგორც გაუსწორებელ დამნაშავეებს გაპატიმრებთ"-ო - ამის შემდეგ კაკუტა და ქუჩარა კომედიიდან ქრებიან, - როგორც ტრაგედიაში როზენკრანცი და გილდენსტერნი, - მათი კვალი აღარსად ჩანს. ყვარყვარეს ამ კომიკურ-ფარსულ ჟესტში, მისივე აღსასრულის მოახლოება იგრძნობა. ქრება მისი დიდება - "ამირანი" რჩება ერთგული გოშიის გარეშე - თუკი ამ "გლახაკებმაც" ვერ გაიგეს მისი სიდიადე, გათავებულია მისი საქმე და ეგაა ("გათავდა ყვარყვარე შენი ჩალიჩიო" - აკი თვითონვე ამბობს.).
თუ უკვდავია ყვარყვარე (დრომ კი სწორედ მისი უკვდავება დაადასტურა) - ასევე უკვდავია მისი "ფონი" - კაკუტა და ქუჩარა - გასაცოდავებული, დაბნეული და გაღატაკებული ხალხის ეს სახე-სიმბოლოები. ეს სოციალური ფონი აუცილებელია ყვარყვარეს მარადისობისათვის. სადაც ჰამლეტია - იქ ყოველთვის გამოჩნდებიან როზენკრანცები და გილდენსტერნები, სადაც ყვარყვარეა - იქვე აედევნებიან მას კაკუტები და ქუჩარები, როგორც ახალი დროის გმირს.
სხვათაშორის, შექსპირის ამ ორი პერსონაჟის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ თანამედროვე ინგლისური დრამატურგიის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ტომ სტოპარდმა პარადოქსული პიესა შექმნა - "როზენკრანცი და გილდენსტერნი მკვდრები არიან" (რუსულად თარგმნა იოსიფ ბროდსკიმ. ბარემ აქვე შევნიშნავ, რომ სტოპარდის პიესა "არკადია" მიჩნეულია XX საუკუნის ინგლისურენოვანი დრამატურგიის ერთ-ერთ შედევრად. ეს პიესა დაიდგა პეტერბურგშიც, "დიდი დრამატული თეატრის" სცენაზე. წარმოადგინეს ჩეხოვის III საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, 1998 წელს).
შეგვეძლო აქვე გაგვეხსენებინა გოგოლის ტყუპი პერსონაჟები - დობჩინსკი და ბობჩინსკი კომედიიდან "რევიზორი" - მაგრამ აქ, ამ გმირებს, სხვა ფუნქცია აქვთ დაკისრებული და არ წარმოადგენენ ხლესტაკოვის აუცილებელ სოციალურ ფონს.

დარიო ფოს ტრაგიკომიკური ფარსები

ნობელის პრემიის ლაურეატის (1997 წ.) თანამედროვე იტალიური ე.წ. "პოლიტიკური თეატრის" ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის, დარიო ფოს შემოქმედება უდიდესი წარმატებით სარგებლობს. იტალიური თეატრალური ჟურნალი "სიპარიო" ("ფარდა") გვარწმუნებს, რომ იგი უფრო პოპულარულია, ვიდრე სახელგანთქმული ლუიჯი პირანდელო (ასევე ნობელის პრემიის ლაურეატი დრამატურგიაში) და მსოფლიოს სცენებზე დღეში მისი ოთხასი (sic) პიესა თამაშდებაო. ეს ციფრი უეჭველად გადაჭარბებული მოგვეჩვენება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი დრამატული ნაწარმოებების უმეტესობა სკეტჩივით პატარაა და სხარტი, ფარსულ-ვოდევილური ბუნების გამო ადვილად სათამაშო, მაშინ შეიძლება ამ ცნობის სარწმუნოდ მიღება.
დარიო ფო "ერთი მსახიობის თეატრის" შემქმნელია. იგი არის ტექსტის ავტორიც, შემსრულებელიც და რეჟისორიც. მისი პიესები და განსაკუთრებით კი სპექტაკლები, კომედია დელ არტეს პრინციპებზეა აგებული, სადაც ძირითადია სცენური იმპროვიზაციები. მისი ქმნილებების ფორმა "ღიაა", ელასტიურია ანუ იგი თავისუფლად "იღებს" ახალ-ახალ ეპიზოდებს და ცხოვრების სიტუაციებს.
რუსთაველის თეატრის მილანში გასტროლებისას (ფესტივალი "მილანო ოლტრე", 1990 წ.) გავიცანი - "სიპარიოს" რედაქტორი, რომელიც აღტაცებული იყო "ტეატრო ლირიკოს" უზარმაზარ სცენაზე წარმოდგენილი რობერტ სტურუას სპექტაკლით "მეფე ლირი". ორგზის ნახა იგი და ძალიან სურდა ჩვენი რეჟისორის გაცნობა, მაგრამ სტურუა იმ დროს ლონდონის თეატრის სცენაზე ჩეხოვის "სამ დას" დგამდა და მილანში ვერ ჩამოვიდა.
"სიპარიო" სწორედ მილანში გამოდის და ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) სოლიდური, დიდფორმატიანი ჟურნალია იტალიაში. "სიპარიოს" რედაქტორს ორი "თეატრალური ღმერთი" ჰყავდა - გენიალური რეჟისორი ჯორჯო სტრელერი ("პიკოლო თეატრის" შემქმნელი) და დარიო ფო. სწორედ მან მაჩუქა ფოს შემოქმედების ამსახველი ვიდეო ფირები და "სიპარიოს" რამდენიმე ნომერი. სხვათაშორის, დარიო ფო გავიცანი უფრო ადრე - 1981 წელს, როცა რუსთაველის თეატრმა დიდი ტურნე გამართა იტალია-შვეიცარიის სცენებზე, მათ შორის მილანში, "დელ არტეს" სცენაზე, სადაც თავისი ორივე დიდი სპექტაკლი ("კავკასიური ცარცის წრე" და "რიჩარდი") დიდი წარმატებით წარმოადგინა. დარიო ფოს შთაბეჭდილებანი ფირზე აღბეჭდა კიდეც ჩვენმა სახელოვანმა ოპერატორმა ლომერ ახვლედიანმა.
დარიო ფო (ამ ფირების მიხედვითაც კი) ოცი წლის წინ ულამაზესი მამაკაცი იყო, მაღალი, მხარბეჭიანი, დიდი, წაბლისფერი თმა კიდევ უფრო მომხიბლავს ხდიდა მას. სცენაზე გამოდის ხოლმე გრიმის გარეშე; ყოველგვარი აქსესუარებისგან თუ დეკორაციული დეტალებისაგან თავისუფალ სივრცეში. მიმიკრიის შეუდარებელი ოსტატია, მის სახეს და ხელებს (აღარაფერს ვამბობ მისი ხმის ინტონაციურ სიმდიდრეზე და მოდულაციების დიაპაზონზე) ყველაფრის გამოხატვა ძალუძს. მისი "სცენები" თითქმის გამორიცხავს მონოლოგურ პრინციპს, მათში გამოყვანილია ორი ან რამდენიმე პერსონაჟი, რომლებიც წამიერად გაიელვებენ ჩვენს თვალწინ. ყველა ამ პერსონაჟს თამაშობს ერთი მსახიობი - დარიო ფო. იგი არ იყენებს ტრადიციულ თეატრალურ ნიღაბს, მაგრამ მომენტალურად, ხმითა და პლასტიკით ქმნის "სახე-ნიღბებს", ერთი სიტყვით, იმპროვიზაციების მაესტროა. განუწყვეტლივ მოქმედებს და სცენის მთელ სივრცეს იპყრობს. მის მიერ მოგონილი თუ "ნამდვილი" ისტორიები ძალზე აქტუალურია, მწვავე. სატირა თითქმის გროტესკშია გადაზრდილი. უსაზღვროდ უყვარს ხალხს და ასევე უსაზღვროდ სძულს ხელისუფლებას. თუმცა, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეიძულო მსახიობი, რომლის კეთილშობილური, არისტოკრატულად დახვეწილი სახე (სიცილის დროს კიდევ უფრო მომხიბლავი) დაუფარავ კეთილგანწყობილებას გამოხატავს აუდიტორიის მიმართ.
სახელი და დიდება მას, რასაკვირველია, "დიდმა პიესებმა" მოუხვეჭეს (37 პიესის ავტორია), განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც თავის მეუღლესთან, ფრანკა რამესთან ერთად, 1959 წელს დააარსა "დარიო ფოსა და ფრანკა რამეს თეატრი".
დარიო ფოს ხელოვნებას იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავს (პირველ რიგში კი ფრანკა, ეს ულამაზესი მსახიობი ქალი, კომედია დელ არტეს სახელოვან შემსრულებელთა დინასტიის უკანასკნელი მოჰიკანი), იმდენია მასზე დაწერილი, რომ მე რა უნდა ვთქვა საყურადღებო. მაგრამ არის ერთი გარემოება, რამაც იმის იმპულსი მომცა, რომ მკითხველის ყურადღება ამ ხელოვანზე შემეჩერებია. ეს არის დარიო ფოს სპექტაკლების ის სიუჟეტები, რომლებიც თითქოს ქართული სინამდვილიდან არიან აღებულნი. ასეთი სპექტაკლებია კომედია-ფარსები "ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი" და "მიქელგაბრიელები არ თამაშობენ ფლიპერსს" (ამით გაიხსნა მისი თეატრი). ამ პიესების აბსურდულ ამბავში "ქართული აბსურდია" არეკლილი.
ვინც ჩვენს ყოველდღიურ პრესას თვალყურს ადევნებს, მას არ გამოეპარებოდა ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილი იყო ჩვენი ძალოვანი ხელისუფლების შენობების ფანჯრებიდან თავისით, უნებლიედ თუ შეცდომით გადმომხტარი ეჭვმიტანილების საბედისწერო თავგანწირვის გამო (ზოგიერთი ჟურნალისტის მტკიცებით: თვით ძალოვანების მიერ გადმოგდებული ან ფიზიკური შეურაცხყოფით შეშლილ ადამიანთა ტრაგიკული ფინალი!!!).
წარმოიდგინეთ, ასეთი რამ, თურმე, იტალიაშიც ხდება. მართალია, მაფიოზების კლასიკური ტრადიციების მქონე ქვეყანაშიც კი ასეთი რამ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ფაქტმა აღაშფოთა საზოგადოება, იტალიელი ძალოვანები გულმოდგინედ მალავდნენ ამ თვითმკვლელობას და გამოძიება ფაქტობრივად ჩაშალეს კიდეც. და აი, კლოუნი და ჯამბაზი დარიო ფო წერს თავის ერთ-ერთ ყველაზე გონებამახვილურ და ბრწყინვალე ფარსს "ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი". ფარსში გადმოცემულია გამოძიების პროცესი ვინმე პინელის გამო, რომელიც "შემთხვევით", გაურკვეველ ვითარებაში, გადმოვარდა პოლიციის შენობიდან. გამოძიებას იწყებს ერთი უცნაურზე უცნაური კაცი, ვერ გაიგებ, ვინ არის იგი, მოსამართლეა, პოლიციელია, მსახიობია თუ შეშლილი ვინმე. დარიო ფო "შიშვლად" იღებს ამ ფაქტს და ბრწყინვალე თეატრალური ვარიაციების ფოიერვერკს ქმნის - ფარსულ-გროტესკულ პლანში. მთელ სიტუაციას ხლართავს, თეატრალური გაუგებრობებით, გაგებით და ე.წ. გრამლიოთი (მეტყველების მიბაძვა ამა თუ იმ ენაზე, როცა მხოლოდ ერთეული სიტყვების გაგებაა შესაძლებელი და აზრს ვხვდებით მხოლოდ მიმიკითა და ჟესტით) ავსებს ის ამბავი, რომ ამ საქმეს უძღვება ერთდრულად "რამოდენიმე" კაცი. ყველა ამ პერსონაჟს ერთი მსახიობი - დარიო ფო ანსახიერებს. თამაშდება კომიკური აღრევების, გაუგებრობების, სახე-ნიღბების კავალკადა. ამ ფარსს ახლავს ე.წ. "მეორე პლანი", საიდანაც გამოსჭვივის ხელოვნების ზემოქმედების ძალა ადამიანზე. ამ კომიკურ-ფარსულ სახეთა გალერეის ეს მრავალფეროვნება აბსურდამდეა მიყვანილი. გამოძიების ფაქტი და ობიექტი უკან იხევს და წინ გამოდის დიდი მსახიობის გარდასახვის, თამაშის, კომიზმის ხელოვნება. გროტესკული პანორამა ძალზე სასაცილოა და როცა გგონია, რომ ყველაფერი მხიარულ ნოტზე უნდა დამთავრდეს - უცებ, მსუბუქი, ფარსული თავისუფლება მთავრდება დრამატიულ-ტრაგიკული ჟესტით - მსახიობი, მოქალაქე, პოლიტიკოსი დარიო ფო თვალშეუვლები სისწრაფით "უბრუნდება" თავის თავს, ერთი ხელის მოსმით იშორებს სახე-ნიღბებს და გადადის ავტორისეულ თხრობაზე, სადაც აღარ რჩება ადგილი იუმორისათვის - საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს!
დარიო ფოს პიესათაგან ეს პიესა ყველაზე ხშირად იდგმება მსოფლიოს სცენებზე. თუმც, მე არ ვიცი, თუ როგორ უნდა გათამაშდეს ეს მართლაც "ქართული სიუჟეტი" ჩვენს სცენაზე, ან საერთოდ, ღირს თუ არა მტკივნეული თემის ასე მხიარული ფორმით წარმოდგენა დღევანდელ საქართველოში, მაგრამ დარიო ფოს იმპროვიზაციებმა ხელოვნებით მონიჭებულ სიამოვნებასთან ერთად გულის სიღრმემედე შემძრა.
სპექტაკლის - "მიქელ გაბრიელები არ თამაშობენ ფლიპერსს" - აბსურდულ ამბავში ასევე ვიგრძენი ქართული შეფერილობა.
ჩვენთვის ეგზომ ნაცნობი წვრილ მოხელეთა კორუფცია, ყოველ უმნიშვნელო ცნობის მიღებასთან დაკავშირებული დაუძლეველი ბარიერები, არაპროფესიონალიზმი, უსულგულობა, არევ-დარევა დოკუმენტებში (რასაც მოსდევს დაუსრულებელი სასამართლოები) კომედიური ვირტუოზობითაა გადმოცემული. თითქოს ერთი ამოსუნთქვით დაწერილ კომედიაში, რომელსაც საფუძვლად საგაზეთო ქრონიკა დაედო, ერთი პატარა ქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი ამბავია გაშარჟებული (დრამატურგის სიტყვებით "აქ გამოვლინდა ქრისტიან-დემოკრატიული სახელმწიფო პარადოქსები და წინააღმდეგობანი").
წვრილფეხა მოხელის უყურადღებობით, მიღებაზე მოსულთა სარეგისტრაციო წიგნში, შეცდომით, მამაკაცის ნაცვლად ძაღლს გაატარებენ. ამას მოჰყვება ნამდვილი დომხალი, "ძაღლი" კისრულობს პატრონის მოვალეობის შესრულებას (ამაზეა ნათქვამი "ძაღლი პატრონს ვერ ცნობსო"). იგი პრეტენზიებს უყენებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მოუგვარებელი საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო. მას უსმენენ, აწყნარებენ, ედავებიან, ეთანხმებიან, ჰკიცხავენ. მთელ ამ ალიაქოთში ვერავინ ამჩნევს, რომ საქმე აქვთ ძაღლთან და არა მის პატრონთან, რომელიც საერთოდ არ ჩანს. აქ ამოქმედებულია დეტექტიური ჟანრისთვის დამახასიათებელი კანონები - მაგრამ ყველაფერი მაინც გამსჭვალულია იტალიური ხალხური კომედიის ცხოველმყოფელობით. გაძაღლებული ცხოვრების ეს სურათები, ასე მგონია, დიდად არ უნდა შორდებოდეს ჩვენს სინამდვილეს, მხოლოდ განსხვავება აქ ისაა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ძაღლი გამარჯვებული გამოდის. მკითხველი თავად მიხვდება, რომ ყველა ამ როლს (მათ შორის "ძაღლსაც", ცხადია) დარიო ფო ბრწყინვალედ თამაშობს.
სხვათაშორის, მსგავს, შეცდომით ჩანაწერზეა აგებული იური ტინიანოვის (ავტორი რომანებისა "კუხლია" და "ვაზირ მუხტარის სიკვდილი") გონებამახვილობით სავსე მოთხრობა "პოდპორუჩიკი კიჟე" (პოლკის მწერალმა ბრძანების ტექსტში შეცდომა დაუშვა, ნაცვლად "Подпоручики же"-სა ჩაწერა "Подпоручик Киже", რასაც წარმოუდგენელი არევ-დარევა მოჰყვა).
ამბობენ, რომ ნობელის პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტი ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურით ხელმძღვანელობსო. მართლაც, დარიო ფო პერმანენტულ კონფრონტაციაში იყო ხელისუფლებასთან. იგი იტალიის კომუნისტური პარტიის წევრიც გახლდათ (დიდი ხნის წინ გამოვიდა მათი რიგებიდან), სდევნიდნენ (47 სასამართლო პროცესი გაიარა), მოსტაცეს ლამაზი ცოლი, გადაიტანა რეპრესიები, როგორც მისმა წინამორბედმა "ძანებმა", "დოქტორებმა", "ტრუფალდინოებმა", "ბრიგელებმა" - კათოლიკური ეკლესიისგან ამ შეჩვენებულებმა! ნობელის პრემიაზე იგი ჯერ კიდევ 1975 წელს იყო წარდგენილი. მეორე წარდგინებისას (1997 წ.) უმძაფრეს კონკურენციას გაუძლო და გაიმარჯვა. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შეიძლება პოლიტიკური მოტივი მართლაც იყო მის "განობელიანტობაში" (მისმა მეუღლემ, ფრანკა რამემ სიხარულით წამოიძახა თურმე - "ღმერთი არსებობს! და ეს ღმერთი კომუნისტიაო!"), მაგრამ იმასაც თამამად ვიტყვი, რომ დარიო ფოს ხელოვნება ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას - ეს არის დიდი არტისტიზმით სავსე სახითმეტყველება.

რომეო და ჯულიეტას ვნებანი

ალბანური წარმოშობის ფრანგი ქორეოგრაფის ანჟელენ პრელჟოკაჟის ხელოვნება ამ ბოლო დროს ბალეტის მოყვარულთა დიდ ინტერესს იწვევს თავისი თამამი ექსპერიმენტებით, მათ შორის კლასიკურ რეპერტუარშიც.
1999 წლის მაისში, მოსკოვში ფრანგული კულტურული პროგრამის ფარგლებში - "ახალი შეხედულება კლასიკაზე" - წარმოდგენილი იქნა მის მიერ დადგმული სერგეი პროკოფიევის "რომეო და ჯულიეტა".
ამ ბალეტის კლასიკური ქორეოგრაფიული ტექსტი, რომელიც ლეონიდ ლავროვსკის ეკუთვნის (1955 წელს "დიდ თეატრში" დადგმულმა ამ ბალეტმა, გენიალური გალინა ულანოვას მონაწილეობით, ჩემზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება დატოვა მაშინ), თითქმის ყველა შემდგომი დადგმის კანონიკურ საფუძვლად იქცა. მართალია, ისეთმა ცნობილმა ბალეტმაისტერებმა, როგორებიცაა აშტონი, მაკმილანი, ნოიმეიერი, რუდოლფ ნურიევი (მის მიერ დადგმული "რომეო და ჯულიეტა" ვნახე მეხიკოში 1977 წელს, რუსთაველის თეატრის ქორეოგრაფის იური ზარეცკის მეშვეობით. იური მეგობრობდა სსრკ-დან გაქცეულ ნურიევთან და ვინმეს რომ გაეგო ჩვენი ვიზიტის ამბავი, დიდ უსიამოვნებას ვერ ავცდებოდით) ამ ბალეტის ორიგინალური ვერსიები შექმნეს, მაგრამ ისინი მაინც რადიკალურად ვერ დაშორდნენ ლავროვსკის რედაქციას, რომელიც თითქმის ქრესტომათიულად ითვლებოდა.
პრელჟოკაჟმა კი აბსოლუტურად ახალი ქორეოგრაფია შეთხზა ამ ბალეტისათვის, რომელმაც ცეკვის ხელოვნების მოყვარულთა პოლარიზაცია გამოიწვია. ერთნი მას აღფრთოვანებით შეხვდნენ, მეორენი უკიდურესი გაღიზიანებით.
რატომ ვიხსენებ ამ, თითქმის ორი წლის წინ ნანახ სპექტაკლს? პრელჟოკაჟის სცენურ-ქორეოგრაფიულმა სამყარომ შემძრა თავისი სისასტიკით, უჩვეულო (უფრო სწორად, ჩვეულებრივი) მკვლელობებით (როცა ახალგაზრდები ისე, სხვათაშორის, ერთი გადაბრუნებული სიტყვის ან უბრალო ჟესტის გამო ხოცავენ ერთმანეთს), პირქუში, ბნელი გარემოთი, თითქოს ყველაფერი ეს დღევანდელი ქართული სინამდვილით იყო შთაგონებული. აქ არ არის ლ.ლავროვსკის ბრწყინვალე და დიდებული ვერონა, რენესანსული სტილის შენობებით, მოედნებით და შადრევნებით, თვალისმომჭრელი კოსტიუმებით, მეჯლისებით, მუსიკით (გავიხსენოთ, თუნდაც, რეჟისორ ფრანკო ძეფირელისა და კომპოზიტორ ნინო როტას ბრწყინვალე ფილმი), შექსპირული გენიით განათებული ამაღლებული და ტრაგიკული სიყვარულის ისტორია.
სცენაზეა პირქუში ციხის შიდა ეზო, შეიძლება აქ საკონცენტრაციო ბანაკის სივრცეც წარმოვიდგინოთ. ეზო - შემოზღუდულია მავთულხლართით, აღმართულია სამეთვალყურეო კოშკები, ზოგჯერ თვალს გვიბრმავებს გაბრდღვიალებული პროჟექტორები. დაძრწიან ნაგაზიანი პოლიციელები და საიდუმლო პოლიციის აგენტები. პროკოფიევის პარტიტურაში შემოჭრილია თვითმფრინავის მოტორების გრიალი, სატვირთო მანქანების ხმაური. არსად ჩანან დიდგვაროვანი მონტეგები და კაპულეტები, რომელთა შვილებს ასე თავგანწირვით შეუყვარდათ ერთმანეთი. სამყარო სოციალურად უკიდურესად კონტრასტულია. ჯულიეტა ტოტალური სისტემის თავში მოქცეული ოჯახის შვილია, რომეო - დიდი ქალაქის გარეუბნის ღატაკი ყმაწვილი.
ფრანგი კრიტიკოსების აზრით, შექსპირ-პროკოფიევის ქმნილების ამგვარი ინტერპრეტაცია შთაგონებულია ჯორჯ ორუელის რომანის "1984" - სამყაროთი. სოციალური უთანაბრობის მიუხედავად, შეყვარებულთა გრძნობები კონტროლს თანაბრად ემორჩილება. "სისტემა ცდილობს დაიქვემდებაროს არა მხოლოდ გმირების ცნობიერება, არამედ "ჩაეწეროს" მათ ქვეცნობიერებაშიც, გაბატონდეს მათ ინსტინქტებზე და ფარულ მისწრაფებებზე". ამიტომაც, ბალეტის გმირები ბიოლოგიური არსებანი არიან, როგორც ეს სურს სწორედ ტოტალიტარულ სისტემას. ადამიანური გრძნობების ამ დამთრგუნველ, საშინელ ატმოსფეროში ნათელ სხივად აღიქმება რომეოსა და ჯულიეტას დაუფარავი ხორციელი სიყვარულიც კი, რადგან ეს ადამიანობის ამბოხია არაადამიანური სისტემის მიმართ. სიკვდილი ყოველი ფეხის ნაბიჯზეა ჩასაფრებული, იგი გმირების არსებობის განუყოფელ ნაწილად ქცეულა. რომეო ისე, ტყუილუბრალოდ ჰკლავს ჯარისკაცს, რომელმაც გზა გადაუღობა ჯულიეტასაკენ, ტიბალტის მოკვლაზე ხომ არც ღირს ლაპარაკი.
ამ პირქუშ გარემოს მაინც ანათებს რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული. გმირები კვდებიან და თავდება სიყვარულიც, რომელიც არაჩვეულებრივი ემოციურობით და პლასტიურობითაა გამოხატული შეყვარებულთა სიკვდილის წინა დუეტში. უკანასკნელი სვეტი ნათლისა ქრება, ისევ ტოტალური სისტემის სიბნელე ისადგურებს სცენაზე.
იმათი აზრით, რომელთაც ეს ბალეტი განსაკუთრებით მოსწონთ, ფრანგმა პრელჟოკაჟმა ამოიცნო სერგეი პროკოფიევის პარტიტურის "საიდუმლო". საქმე ისაა, რომ ბალეტის პირველ ვარიანტში (1940 წელი, ლენინგრადი) ლ.ლავროვსკიმ პროკოფიევის მუსიკა შეკვეცა, გაუკეთა რედაქცია, საფუძვლიანად გადაამუშავა იმდროინდელი სტანდარტების მიხედვით, დაუმორჩილა საბჭოურ ეთიკურ და ესთეტიკურ ნორმებს, ამ დადგმაში კი თანამედროვე ქორეოგრაფი უპირატესად ენდობა არა იმდენად შექსპირის ტექსტს, რამდენადაც პროკოფიევის მუსიკას, სადაც ტრაგიკული სიმძაფრითაა გადმოცემული სამყაროს ჰამლეტისეული აღქმა, ცხოვრების ტრაგიკულობის და გამოუვალობის შეგრძნება ("რაღაცა დალპა დანიაში", "დანია საპყრობილეა"). პრელჟოკაჟმა აღადგინა შეკვეცილი მუსიკა, პირვანდელი სახე დაუბრუნდა რედაქტირებულ პასაჟებს, დაუმატა სხვადასხვა ხმაური და შეძლებისდაგვარად მიუახლოვდა ორიგინალს. ყოველივე ამან განაპირობა ბალეტის მძიმე, გამოუვალი შეგრძნებებით დატვირთული ატმოსფეროს ტრაგიზმი.
© ”არილი”

მიხეილ თუმანიშვილი


დღიურებიდან


1976 წ. 1 იანვარი


ამ წელიწადს მთავარია სტუდია-სახელოსნო
თეატრი უნდა შევქმნა!

* * *
ძალიან მნიშვნელოვანია არა იდეა, სათქმელი, არამედ დედააზრი. რა უბრალოა, მაგრამ რა ზუსტი, სწორი. გენიალურია. ყველაფერი საამისოდაა. დედააზრი - ყველაფრის საწყისი და მაორგანიზებელი, მთავარი გენი.
"ახალი ტაძარი ახალ წესს ითხოვს", - წერს პიტერ ბრუკი. ძალიან ზუსტია! როგორი წესი ექნება ჩვენს სტუდიას? თეატრი რიტუალიდან უნდა აღმოცენდეს. ჯერ რიტუალი იშვა და მხოლოდ ამის შემდეგ ააგეს მისთვის ტაძარი (თეატრი). როგორი რიტუალი გვჭირდება ჩვენ?
ფიქრები:
სტუდიაში პატარა სკივრი ან ზარდახშა უნდა დაიდგას, სადაც ყველა მსახიობი და რეჟისორი თავის პირად, მისთვის ყველაზე ძვირფას რელიკვიებს შეინახავს, რომლებიც მის სახლთან, მშობლებთან, შვილებთან იქნება დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ჩემი ძველი, ჯავახიშვილის ქუჩის სახლის აგურის ნატეხი, კოვზი, რომლითაც ბავშვობაში მაჭმევდნენ, სათვალე დედაჩემის, რომელიც დიდი ხანია აღარ არის ცოცხალი. მე მოვიტან მუშამბის პატარა ნაჭერს სამშობიაროდან, სადაც ლიკას ნომერია დაწერილი (საბრალო ჩემი ნინელიკა!). თითოეულმა თავისი სულის ნაწილი მოიტანოს და ამ ჩვენს სკივრში შეინახოს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, 31 დეკემბერს, ყველანი შევიკრიბებით, ამოვალაგებთ ამ ჩვენს რელიკვიებს და ჩვენი მეგობრების წინაშე მთელი წლის აღსარებას ვიტყვით. აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ ვნებათაგან ჩვენი სხეული, უნდა დავმშვიდდეთ და ფიქრებითა და შეგრძნებებით თეატრის სამყაროში გადავეშვათ.


1977 წ. 1 დეკემბერი


ვაშა-ა-ა-ა-! სავარძლები მოიტანეს. ჩვენ ჩვენი თეატრი გვაქვს. მალე, სულ მალე გაიხსენება ჩემი თეატრი! როგორი იქნება, ნეტავ?

* * *

გავხსენი თეატრი-სახელოსნო. ახალი თეატრი - ახალი სწავლება! თუ ახალი სწავლება არ არის, თუ რწმენა არ არის, არავითარი თეატრი არ აღმოცენდება.

არსებობს სიღრმისეული რეპეტიციები, როდესაც აზრის, წარმოსახვის და ინტუიციის ზემოქმედებით ტექსტის შიდა შრეებში ვიჭრებით და შიგ მოულოდნელ მოვლენებს, სვლებსა და აქამდე ვერ-ნავარაუდებ კონფლიქტებს გამოვაჩენთ. ასეთი რეპეტიცია გამდიდრებს. მიგნებები ფორმით საინტერესო ქმედით კონტურებს იძენს. მაშინ, ზეაწეული, წარმოსახვის ტალღით ატაცებული სწრაფი "სიჩქარით" თხზავ და ძერწავ სცენებს და მიქრიხარ, მიქრიხარ... არც კი იცი, სად. რა ბედნიერი ხარ ასეთი რეპეტიციის დროს.


1978 წ. 6 თებერვალი


57 წლისა გავხდი. რატომღაც მილოცავენ, იმის მაგივრად, რომ კიდევ ერთი დაკარგული წელი მომისამძიმრონ.
თუმცა, ეს წელი მაინცდამაინც დაკარგული არ იყო - თეატრი შევქმენი! პატარა, მაგრამ ჩემი თეატრი! ასეთი თეატრი არსად არის. სად შეიძლება მოიძებნოს თეატრი, სადაც სპექტაკლის დღეს ძალიან დაწვრილებით და დიდხანს გადიან სცენებს ამ სპექტაკლიდან? სად არის ისეთი თეატრი, სადაც დღევანდელი სპექტაკლის ყველა მონაწილე, დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე, მობილიზებული, მაქსიმალურად ყურადღებამოკრებილია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მსახიობები ფოიეში შუქს აქრობენ, სანთელს ანთებენ, მის ირგვლივ მუქ სილუეტებად იკრიბებიან, ვიღაც მუხლებზეც კია დაჩოქილი. მურმან ჯინორია ჩუმად იწყებს: - "გაიხსენეთ, რისთვის გამოდიხართ სცენაზე? აქტიურად ვიფიქროთ ჩვენს როლებზე, რატომ და რისთვის გავდივართ სცენაზე. რა ფუნქცია აქვს ჩვენს როლს. გაიხსენეთ, რომ ჩვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვართ დედამიწის ზურგზე, საშუალება გვაქვს, ჩვენი სათქმელი ვთქვათ სცენიდან. მოემზადეთ, გაიხსენეთ, ვის და როგორ თამაშობთ..." ყოველ ჯერზე ეს სიტყვები ახალია, კონკრეტული, განწყობის შექმნაში გეხმარება. მერე, ოდნავ გასაგონად მღერიან (მზია იწყებს) თავის ჰიმნს და ვიღაც აქრობს სანთელს. ამ დროს კი მაყურებელთა დარბაზში უამრავი ხალხია. მათ რომ იცოდნენ, ამ წუთებში კულისებში რა ხდება, ყველანი იქ შემოცვივდებოდნენ ამ ჭეშმარიტი რიტუალის სანახავად - სხვაგან რომ არსად არსებობს, ისეთი თეატრის რიტუალისა, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე თავად სპექტაკლი. ის უნიკალურია! სად არის კიდევ თეატრი, სადაც ყველა რეჟისორი, ჩემი მეთაურობით, მსახიობთა თამაშის, განათების, მუსიკის და ა.შ. სულ უმცირეს შეცდომებსა და უზუსტობებს პედანტურად იწერს. სად არის კიდევ თეატრი, სადაც სპექტაკლის შემდეგ (ჯერ კიდევ გრიმსა და კოსტიუმებში) იწყებენ გარჩევას - ვინ როგორ ითამაშა და რა აკლდა დღევანდელ წარმოდგენას. სად არის კიდევ თეატრი, სადაც ყოველი სპექტაკლის შემდეგ მსახიობებს ნიშნებს უწერენ? - არსად. ეს არაჩვეულებრივია, ეს რწმენაა, რელიგია თეატრისა!
მიყვარს თეატრი! მაგრამ ჩემი მსახიობებისთვის მეტი ალერსი უნდა გავიღო. აი, რა მაკლია. მე - მხოლოდ ვითხოვ, ალერსი კი - სასწაულებს ახდენს.

* * *

შინ მარტო ვარ. სტუდიაში დღეს უქმეა. გაბმულად ჭიკჭიკებენ ჩვენი ჩიტები, სიმღერად არიან ქცეულნი, მთელ ბინაში დაფრინავენ - გეგონება თავიანთი ბინა იყოს, ერთმანეთს დასდევენ. რატომ მღერის ჩიტი? რატომ წერს ადამიანი ლექსს? რატომ თამაშობს მსახიობი სპექტაკლს? იმიტომ, რომ გამოხატოს თავისი აღტაცება სიცოცხლით. ის ხომ მშვენიერია! სიცოცხლე - ბედნიერებაა! ბედნიერია ამქვეყნად მოსული, მაგრამ ეს არ უწყის. ჩიტმა კი იცის. მას არანაირი კომპლექსი არ აწუხებს. აი, ლოჯიაში მზემ შემოანათა და ჩიტიც ტრელებად დაიღვარა, მისი მეგობარიც შეეხმიანა. სცენაზე იმისთვის უნდა ითამაშო, რომ სიცოცხლის მიმართ შენი აღტაცება გამოხატო, სიხარული შენი არსებობის გამო, მყოფობის ბედნიერება! ყოველ ჯერზე, სცენაზე კვდომისას, მყოფობის, არსებობის სიხარული დაბადო. რა ბედნიერებაა - ყოფნა!
ქუჩაში კაცი მიდის. კოჭლობს. სიარული უჭირს. გაქცევა რომ შეძლებოდა - მასზე ბედნიერი, ალბათ, არავინ იქნებოდა. ჩვენ შეგვიძლია ვირბინოთ, ვწეროთ, ვხატოთ, ვითამაშოთ, დავინახოთ, გავიგონოთ, შეგვიძლია სიყვარული, სუნთქვა - ბოლოს და ბოლოს, და რატომღაც, არ მივიჩნევთ თავს ბედნიერად. ჩიტი კი მღერის და ამით გამოხატავს თავის სიხარულს, იმ სასიამოვნო მღელვარებას, მის გულსა და სულს რომ ავსებს. რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ მაყურებელთა დარბაზიც ჩიტსავით მღელვარებდეს?!

სცენაზე, სპექტაკლის დროს, სულ უნდა გქონდეს იმის შეგრძნება, რომ ადამიანებს შენი ცხოვრების, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის შესახებ მოთხრობებს უამბობ. ცხოვრების გამჭოლი ხაზი უნდა ითამაშო, გმირთა ქცევებითა და განცდებით თხრობა. და მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა სპექტაკლი კარგი. ქცევით თხრობა მსახიობის შესრულებას მტვრის ტილოსავით ჩამოაცილებს მსახიობური ოინების და "ხრიკების" წლობით დადებულ მტვერს. უნდა ისწრაფოდე მთავარისკენ, რისი გულისთვისაც გამოდიხარ სცენაზე, რისი გულისთვისაც ხარ ამ ჩვენი სამარცხვინო საქმით დაკავებული.

* * *

ჩემი წიგნი მაღაზიის თაროებზე დევს. ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით ასეა. ზოგჯერ რომელიმე მაღაზიაში შევივლი და თვალებით ვაწყნარებ მას: ნუ გეშინია, გიყიდიან, გიყიდიან. ის კი ობლად შემომცქერის და ჩემს მზერაში დარწმუნებულობას ხედავდეს დიდად-მეთქი - ვერ ვიტყვი.

* * *

ფანჯრებს მიღმა ეზო ჩიტებითაა გავსებული. ისინი რაღაც თავის ამბებზე, ძალიან აქტიურად მსჯელობენ, ღელავენ, კამათობენ, განიცდიან. თითქმის ისევე, როგორც ადამიანები. თბილა. მზიანი ამინდია. ფანჯრები ღიაა. ნამდვილი ზაფხულის დღეა.
ახლა გავიფიქრე: როდესაც ახალი თაობის რეჟისორებისა და მსახიობების შესახებ უფრო მეტი გინდა გაიგო, ამისთვის რა კარგი საშუალებაა, მათთან ერთად ცხოვრებიდან აღებული ეტიუდებით იმუშაო. ეს ეტიუდები გარემომცველი ცხოვრება-სინამდვილის მიმართ მათი დამოკიდებულების ანაბეჭდი, კვალი, ანარეკლი გახდება. ის, რასაც სტუდენტი ჯერ ვერ გამოხატავს, ვერ განსაზღვრავს სიტყვებით, იმის გადმოცემას, ასახვას ეტიუდით შეძლებს. ახალგაზრდების ეტიუდური შემოქმედება საშუალებას მომცემს, მათი შინაგანი სამყაროს შესახებ ობიექტური ინფორმაცია შევიქმნა - რა გარემოში ცხოვრობენ ისინი და როგორ? მომცემს საშუალებას, შევისწავლო მათი სამყარო, მათი ინტერესები, მათი გარემოცვა და დავეხმარო, სრულყონ საკუთარი თავი, გემოვნება და ჩვეულებანი, შეხედულებანი და ჩვევები. რა საინტერესოა, მეორე ადამიანის საიდუმლოს ჩაწვდე, შეიცნო მისი აზროვნების წესი, აღმოაჩინო ის ახალი, რაც ჩვენთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის, ძნელად გასაგებ თაობას აქვს. ისინი ხომ ჩვენ სრულებით არ გვგვანან. რა საინტერესოა ეს ყველაფერი!

* * *

შეგრძნებები - ბადებს აზრს,
აზრი - ბადებს სურვილებს,
სურვილები - ქცევებს,
ქცევები - ჩვევებს,
ჩვევები - ხასიათს,
ხასიათი - ადამიანს და მის ბედს.
რა საინტერესოა!

* * *

ბიჭვინთა. ფიქრები: თუ ადამიანს შესწევს უნარი, ყოველ ჯერზე გაიკვირვოს და ხელახლა აღმოაჩინოს ის, რასაც თავის გარშემო ხედავს - ბედნიერი ადამიანი ყოფილა.
სულის მოძრაობა. რა არის ეს? არადა, ესაა ყველაზე მთავარი, რითაც ადამიანები ერთმანეთთან ან საკუთარ თავთან ამყარებენ კონტაქტს. ეს ის არის, რაც ადამიანებისგან, ჩვეულებრივ, დაფარულია, მაგრამ, რაც მუდმივად ხდება. ესაა ჩვენი ფიქრები და განცდები: მოუთმენელი, დაუმშვიდებელი, მუდმივად რაღაცისკენ მიმსწრაფი. ეს ფარული მოძრაობაა, სწრაფვა. ერთი ადამიანისა მეორისაკენ. იგი ყოფითი საქმეებისა და ჩვევების მიღმაა დაფარული. სულის მოძრაობა - ესაა გარეშე თვალისათვის მალული, მაგრამ მუდმივ მოძრაობაში მყოფი საიდუმლო სწრაფვანი და განცდები. ესაა ბილიკები, რომლებსაც მუდმივად კაფავენ ჩვენი სურვილები, ფიქრები და გრძნობები სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უღრან ტყეში.

* * *

სიკეთე უნდა ქმნა. ასე მგონია, სტუდიის შექმნით კეთილი საქმე გავაკეთე და რაღაც კარგის შეგრძნება მეუფლება. ვინმემ რომ ნახოს, სპექტაკლისათვის როგორ ემზადებიან ჩემი სტუდიელები, როგორ უყურებენ სანთლის ალს, როგორ ურთიერთობენ მასთან, როგორ განაწყობენ ერთმანეთს სპექტაკლისათვის, როგორ განეშორებიან ყოველივე იმას, რაც ყოველდღიურია, დანალექია, ქუჩისაა, წარმავალი... ცდილობენ, მარადიულს ემსახურონ. რა ლამაზია ეს! ბედნიერი ვარ, როდესაც იქვე, სიბნელეში ვდგავარ და მათ ვუთვალთვალებ.

* * *

ოქტომბრის თვეში მზეა გარშემო. მზე და ფოთოლთა ყვითელი ფერი უმშვენიერესი პალიტრით მოეფინა არე-მარეს. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ყურყუმელაობ სითბოსა და ფერის ამ ოქროსფერ სტიქიონში.
წელიწადის სიბერე, რა მშვენიერია იგი!

* * *

პიესის ყოველი სცენა ეტიუდების მწკრივია, ჯაჭვი. ეტიუდი - სიტყვების შიგნით, ადამიანის შიგნით არსებული მოძრაობაა. აი, სადღაც იქ, შიგნით, სულში, ფიქრებში, სიტყვებს მიღმა რაღაც ხდება, რაღაც ფუთფუთებს. უნდა შეძლო, ამოიცნო და დაბადო შინაგანი მოძრაობა.
დამდგარი წყალი მოსაწყენია, აბობოქრებული კი - მშვენიერი. ღრმა წყალი მიყუჩებულია. შიგ ქვა რომ ჩააგდო, მის ზედაპირზე წრეები სეირნობას და ერთი მეორის მიყოლებით გაფართოებას დაიწყებენ. თვალისათვის დასანახი მხოლოდ ზედაპირული მოძრაობები იქნება. წყლის მთელი სიღრმე კი ქვამ აამღვრია, ქვამ ააღელვა. ესაა ეტიუდი. ცხოვრების ჩვეულ დინებაში მეტ-ნაკლებად კრიტიკული, კრიზისული სიტუაცია უნდა შევიტანოთ და ეტიუდიც შიგნიდან დაიწყებს გაცოცხლებას. ამის გარეშე სცენაზე სიცოცხლე არ იარსებებს, მოვლენები არ იქნება. მოძრაობა სულის შიგნითაა, რაღაციდან რაღაცისკენ მიმსწრაფი.

* * *
ყოველი სტუდენტი - განსაკუთრებული სამყაროა. ის უნდა აღმოაჩინო, გახსნა, შეისწავლო, შენებურად ისე გარდაქმნა, რომ თავისი განსაკუთრებული ხასიათი, თავისი ინდივიდუალობა არ დაეკარგოს და პროფესია შეისწავლოს, უმჯობესია, თუ ვიტყვით - დაეუფლოს.

* * *

თუ პიესაში, რომელსაც ამუშავებ, არ ჩადებ რაიმე საკუთარს, ავტობიოგრაფიულს, თუ თითოეულ პერსონაჟს, მოქმედების თითოეულ ხვეულს, თითოეულ მოვლენას საკუთარი გამოცდილებით არ გამსჭვალავ - კარგი არაფერი გამოვა. გენერალური რეპეტიციის ჩათვლითაც კი, ყურადღებით, გაფაციცებით უნდა ადევნო თვალყური, რომ ეს პიროვნული არ გაქრეს. არ შეიძლება, აბსტრაქტულად დგამდე პიესას ისე, რომ შენად არ აქციო. უნდა გამოიყენო სხვისი ქარგა და სიტყვები, მაგრამ აუცილებლად დადგა შენი, პიროვნული. პიესასაც დასადგმელად ხომ ამ ნიშნით ირჩევ - გაძლევს თუ არა ის საშუალებას, გამოხატო რაღაც შენი, ძალიან პიროვნული.
რაც უფრო მეტს იტყვი შენზე, მით უფრო მიუახლოვდები ავტორს - პარადოქსია!

* * *

განათება სცენაზე - სასწაულთა სასწაულია, თუკი მას არა როგორც ჭაღ-გამნათებელს შეხედავ, არამედ, როგორც - მზეს, რომელიც სცენას სიცოცხლეს, სიკვდილს, სიცივეს, სითბოს, მარტოობას, სიხარულს, სიყვარულს, ბოროტზე გამარჯვების ზეიმს ანიჭებს. რა აღარ ძალუძს შუქს, თუ ისევეა მოძებნილი, როგორც ხმა, ფერი, მხატვრული სახე. სცენა არ შეიძლება გაანათო, როგრც სადგური ან მაღაზია.

* * *

თეატრალური მართლმაგვარობა, ცხოვრების აღწერა - არ ნიშნავს ცხოვრების ასლის გადაღებას. არამედ ესაა ძერწვა განსაკუთრებული ცხოვრებისეული სიტუაციებისა, რომლებიც არაჩვეულებრივად მართლმაგვარად უნდა იყოს შესრულებული. უაღრესად თეატრალური ფორმის და პლანების დაძვრისას, შენაცვლებისას - შესრულების აბსოლუტური მართლმაგვარობა.
ქარი უბერავს, მაგრამ თუ გარშემო დატოტილი ხეები არ არის, ის არ ჩანს. ქარი - უხილავია. მაგრამ, საკმარისია, ჯიბიდან ამოვიღოთ ქაღალდის ტელეგრაფის ლენტი და ქარიც მაშინვე ხილული ხდება. აი, უყურე, რანაირ გრიგალებად იკლაკნება. ქმედებაც ასევეა. ცხოვრება, ავტორისეული ტექსტის ქვეშ, დაფარულია. ქმედების ლენტი პიესის სიტყვებიდან გამოთავისუფლებული ცხოვრებისა და ვნებების ზეწოლით ფეთქავს. თეატრში მთავარია, გრიგალი შექმნა. მოძრაობა, აქამდე უხილავი, ხილული გახადო!

* * *

ეტიუდი - მოვლენის, მთლიანი როლის, ურთიერთობების გადაწყვეტის ყველაზე მართებული გზაა, ეტიუდით შეიძლება ხასიათიც მოძებნო. ეტიუდი არ არის ტექნიკური საშუალება. ეს - შემოქმედებითი აქტია, მთხზველობა. რეპეტიცია ეტიუდურად უნდა ჩავატაროთ. ყველაფერი ეტიუდად უნდა ვაქციოთ. ეტიუდი - პატარა სპექტაკლია, უჯრედი მომავალი სპექტაკლისა, რომელიც, იმპროვიზაციის მეშვეობით, ცოცხლობს, თრთის. თითოეულ ეტიუდში დაპროგრამებული უნდა იყოს მთელი სპექტაკლი. ეტიუდი - სპექტაკლის გენია.

* * *

მხოლოდ სცენური რეპეტიციების დროს ვცოცხლდები, ფრთებს ვისხამ, მეორე სუნთქვა მეძლევა და უზომოდ ბედნიერი ვარ. თამაში - აი, თეატრის სტიქია, გაგრძელებული ბავშვობა, გადაქცეული პროფესიად. მიყვარს თამაში, ოღონდ სცენაზე. სარეპეტიციო ოთახი - თამაშისათვის მზადებაა.

* * *

კიდევ ერთხელ ვნახე ფელინის ფილმი "ორკესტრის რეპეტიცია". ნამდვილმა ხელოვნებამ ბოლოს ცრემლიც მომგვარა. აი, აქ არის პოლიფონია! მხოლოდ მუსიკას, - ამბობს ფელინი, - მხოლოდ შრომას შეუძლია გადაარჩინოს კაცობრიობა დაღუპვას და განადგურებას. მხოლოდ მწყობრ, დახვეწილ მელოდიას, როდესაც მას ერთად ვასრულებთ - შეუძლია გადაარჩინოს დაღუპვის პირას მდგარი კაცობრიობა. გარშემო ყველაფერი ინგრევა, იქცევა, ვერშესაერთებელ ნაწილებად იშლება, პირველქმნილ აზრსა და ჰარმონიას ვანაწევრებთ. დიდი ფელინი კი ყოველგვარ გაუცხოებას ერთი მთლიანად, მწყობრიდან აგებს. მხოლოდ მუსიკის წიაღში შეიძლება გადარჩე, მხოლოდ შრომაში შეიძლება იპოვო ხსნა. და აი, ამ საშინელი კოშმარისას ერთადერთი დირიჟორიღაა ყურადღებამოკრებილი, ჩაღრმავებული. დირიჟორი ყველას შეკრებს და ორკესტრი იწყებს დაკვრას. ჩვენს გარშემო ყველაფერი ინგრევა, ორკესტრი კი უკრავს და იბადება მუსიკა; და იგი აერთიანებს ადამიანებს სიმწყობრედ და მთლიანობად, ამ საშინელ ნგრევაში ღმერთთან გვაერთიანებს!

* * *

მოცარტი! კონცერტი N19. დილით, თეატრში წასვლამდე, ვუსმენ. ყურადღებას ვიკრებ, შინაგანად ვაკვირდები თხზულებას, მუსიკალურ სტრუქტურას, რომელსაც ის დროში ქმნის, ვაკვირდები თემის განვითარებას, მის დამუშავებას და იმას, თუ როგორ არის ეს ყველაფერი ინსტრუმენტებით, ანსამბლებით ხორცშესხმული. ვაკვირდები იმას, თუ როგორ თხზავს ის სვლებს, ხერხებს, ხმებში, ხმებით როგორ აფიქსირებს დროის წყვეტილობას. თვალყურს ვადევნებ, მივყვები მის ოსტატობას. ვცდილობ, პირდაპირი ასოციაციები არ გამიჩნდეს (აქ ნაკადული რაკრაკებს, იქ ძაღლი ყეფს, ჩიტები ჟღურტულებენ), რასაც ბავშვობაში მასწავლიდნენ. მუსიკა - ხმათა არაჩვეულებრივი, ღვთიური შეხამებაა. ეს ღმერთების ენაა. მისი მეშვეობით მათთან ვამყარებთ კავშირს.
თუმცა, არსებობს სხვაც - ლიტერატურული მუსიკა. ეს სულ სხვა რამაა და სუფთა მუსიკაზე რანგით დაბალიც.

* * *

თავს იმ იმედით როდი ვიმშვიდებ, რომ მაყურებლისთვის თეატრი - ტაძარია, მაგრამ მსახიობებისთვის ის უნდა იყოს ტაძარი. თუ არადა, რა აზრი აქვს, ემსახურო მას?! თუკი ის არ განგწმენდს, არ გაგაკეთილშობილებს, თუკი ის მხოლოდ ბალაგანია, სახიობა, მაშინ რისთვისღაა საჭირო?! თეატრში ყოფნას მაშინ აქვს აზრი, თუკი სასწაულს ეძებ, რომელიც ცხოვრებაში არ იპოვება. თეატრი ადგილია, სადაც ლაპარაკობენ და ქმნიან მთავარს: რისთვის ვარ, რისთვის ვართ, როგორები ვართ, როგორები უნდა ვიყოთ? თეატრი იმისთვისაა, რომ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ, გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავს და გაოცდნენ.

* * *

გენიალურია ქართული (გურული) სიმღერის, მრავალხმიანობის პოლიფონია. ახლა ვუსმენდი და ვტკბებოდი, ბედნიერი მივყვებოდი ცალკეულ ხმას და ვგრძნობდი რაღაცას, რაც შეუთავსებადის ამ გენიალური შეთავსებით იქმნებოდა. სწორედ ეს არის ხელოვნება.

* * *

ტრადიცია - ეს არის ის საუკეთესო, რაც ქართულ თეატრში დაკრისტალდა. ეს ის გენებია, სადაც წარსულისა და მომავლის ინფორმაციაა ჩადებული. ტრადიცია - დედაარსია, მას ვერ მოიგონებდა ორი-სამი ოსტატი და თეატრმცოდნე. ეს ის არის, რაც სვანურ ფრესკებს ბიზანტიურისგან გამოარჩევს, ქართულ საგალობელს, მრავალხმიანობას - მსოფლიოს სხვა ხალხთა სიმღერებისგან. ხშირად მიფიქრია იმაზე, რა გამოარჩევს ქართველს, ვთქვათ, სომეხისგან. ესაა სული და არა ჩოხა.

* * *

როდესაც რაღაც მტანჯავს, როდესაც ვეძებ, ეს როგორ გამოვხატო, მაშინ მჭირდება პიესა. მაგრამ, სად არის, სად ვეძებო? ეს ტანჯვა სიყვარულს ჰგავს, შიგნით დაგროვებული, დაბერილი, აფეთქებული გარეთ გამოსვლას ლამობს. ეს მინდა გამოვხატო. ამისთვის მჭირდება დრამა, სიტყვები, სიტყვები, სიტყვები, რომლებსაც საკუთარი შინაარსით, ემოციებითა და შთაგონებით ავავსებ. ამისთვის საჭიროა, ეს მოგენიჭოს (და თუკი არ გაქვს მონიჭებული, საიდან გააჩენ?). ამისთვის საჭიროა თეატრი, საკუთარი თეატრი, არა სამსახურეობრივი, არა აკადემიური, არამედ სახელოსნო, რომელიც ესოდენ მჭირდება ცხოვრებისათვის: 1. სცენა - სივრცე, 2. ჯგუფი მსახიობებისა, რომლებიც არსად იჩქარებენ და ბრმად მომყვებიან და 3. პიესა. თეატრი, სადაც არ იტყუებიან, არაფერს მოგაჩვენებენ; სადაც კი არ იმალებიან, არამედ ისეთები ჩანან, როგორებიც არიან; არაფერზე თამაშობენ, თავი არ მოაქვთ, ვითომდა, გატაცებული ვართო; თეატრი, სადაც ვისწავლით მთლიანად, მთელი არსებით როგორ შევასრულოთ ქმედება, ისე, როგორც ცხოვრებაში არაჩვეულებრივი სიყვარულის წუთებში ხდება, როდესაც შეუძლებელია განვსაზღვროთ, ცნობიერად ვმოქმედებთ თუ არაცნობიერად; როდესაც ჩვენ თვითონ კი არ ვმართებთ თავს რაღაცას, არამედ რაღაც გვემართება; როდესაც ურთიერთობა თავისთავად, ძებნის გარეშე აღმოცენდება, როდესაც ის აქ არის, როდესაც გრძნობები უკიდურესად გაშიშვლებულია და არ არის მოტყუება. აი, სწორედ ეს არის თეატრი, რომელიც მსახურების, ლოცვის ღირსია.

ჩემი თეატრი - რიტუალის, აღსარების თეატრია, სადაც მსახიობებმა და მაყურებელმა უკიდურესი თვითგახსნის, სულიერი თვითგაშიშვლების რიტუალი უნდა გამოიარონ.

* * *

სასწაული - მოვლენაა, რომელიც ბუნების საზღვრებს იქით არსებობს. და განა თეატრი კი არ არის სასწაული? - როდესაც სცენაზე არასოდეს არსებული ცხოვრება, ტანჯვა, სიხარული, ადამიანები, ხასიათები იბადება?!
თეატრი - სასწაულია.
© ”არილი”

Monday, March 2, 2009

პატრიკ ზიუსკინდი


ლიტერატურული ამნეზია

...მოიცა, რა კითხვა იყო? ჰო, გამახსენდა: რომელმა წიგნმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ყველაზე მეტი გავლენა რომელმა იქონია ჩემს განვითარებაზე, თავისი კვალი დატოვა, შემძრა და საერთოდაც, "ჭეშმარიტ გზაზე დამაყენა", ანდა სულაც გამომაშტერა.
თუმცა, სიმართლე ითქვას, მთელ ამ აურზაურს უფრო გიჟურ-ტრავმატული ან შოკური განცდების სუნი ასდის, მათ კი დაზარალებული მხოლოდ თავის კოშმარულ სიზმრებში თუ გამოიხმობს ხოლმე, მაგრამ არამც და არამც სიფხიზლისას; ეგეთ რაღაცეებზე წერა და ამ ფიქრების ხმამაღლა განცხადება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია; ამაზე, თუ არ ვცდები, ერთმა ავსტრიელმა ფსიქოლოგმა მიუთითა, ვისი სახელიც ახლა თავში არ მომდის - თავის საპროგრამო სტატიაში, არადა, ამ სტატიის სათაურსაც ვერ ვიხსენებ ზუსტად. ვიცი, რომ იგი შესულია კრებულში საერთო სახელწოდებით "მე და შენ" თუ "იგი და ჩვენ" ან "მე თვითონ" თუ რაღაც ეგეთი (ზუსტად არ ვიცი, ვინ გამოსცა ეს წიგნი ხელახლა, "როვოლტმა", "ფიშერმა", "დეტეფაუმ" თუ "ზურკამპმა", მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყდა თეთრი და მწვანე ჰქონდა, თუ მოყვითალო-ცისფერი, მე მგონი, უფრო რუხ-ლურჯ-მომწვანო იყო).
თუმცა, ვფიქრობ, ეს კითხვა სულაც არ ისახავს მიზნად ჩემი ნევროდრამატული სამკითხველო გამოცდილების შესწავლას, არამედ უფრო იმ გასაოცარ ხდომილებას გულისხმობს შემოქმედებითი ცხოვრებიდან, რომელიც, მაგალითად, ცნობილ ლექსში, "მშვენიერ აპოლონშია" გამოხატული... თუმცა არა, მე მგონი ამ ლექსს "მშვენიერი აპოლონი" კი არა, რაღაც სხვა სათაური ჰქონდა, უფრო არქაული, "ყმაწვილის ტორსი", "ძველი მშვენიერი აპოლონი", თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მე მგონი თემას გადავუხვიეთ... ერთი სიტყვით, გამოხატულია ამ ცნობილ ლექსში, რომელიც დაწერა, დაწერა... ჰმ... ახლა ავტორის სახელსაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ნაღდად ვიცი, ძალიან ცნობილი პოეტი იყო ძროხის თვალებითა და ხშირი ულვაშით, იგი რიუ-დე-ვარენზე ბინის შოვნაშიც დაეხმარა იმ გასიებულ ფრანგ სკულპტორს (მოიცა, რა ერქვა?) - ისე, ბინას ვამბობ, თორემ, ნამდვილი სასახლე იყო, პარკით - ათი წუთი რომ მოუნდებოდი შემოვლას! (სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, საიდან იხდიდნენ ამხელა ფულებს, ან სად შოულობდნენ?) მოკლედ... რომელიც გამოხატულია ამ შესანიშნავ ლექსში, რომელსაც რომ მომკლა, ზეპირად ვერ ვიტყვი, სამაგიეროდ, ბოლო სტრიქონი დამამახსოვრდა კარგად, მორალური იმპერატივივით: "უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!"
მაშ ასე, იმ წიგნების შესახებ, ჩემი ცხოვრება რომ შეცვალეს! ამ პრობლემის გასაშუქებლად ჩემი წიგნების თაროსთან მივდივარ და ყდებს გადავხედავ. როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში - როცა ერთ ადგილასაა თავმოყრილი ერთი სახეობის ბევრი წარმომადგენელი და თვალები გიჭრელდება მათი სიმრავლით - ჯერ თავბრუ მესხმის, შემდეგ კი თვალდახუჭული თითს ვასობ მთელ ამ მასაში და ერთი კონკრეტული წიგნი გამომაქვს, ვფურცლავ და კითხვას ვიწყებ.
მალე ვამჩნევ, რომ წარმატებით გავისარჯე და თითიც ზუსტად იქ დამიდევს, სადაც საჭირო იყო. ჩემს წინაშე უდახვეწილესი პროზაა, ავტორი ძალზე გარკვევით გადმოსცემს აზრებს, ტექსტი საოცრად საინტერესო, აქამდე ჩემთვის უცნობი ინფორმაციითაა გადაჭედილი და სავსეა წარმტაცი მოულოდნელობით - სამწუხაროდ, იმ მომენტში, როცა ამ სიტყვებს ვწერ, წიგნის სახელწოდება თავში არ მომდის, ისევე როგორც ავტორის გვარი ან შინაარსი, მაგრამ ეს, როგორც ვნახავთ, საქმეს არ ცვლის, უფრო მეტიც: მხოლოდ ხელს უწყობს პრობლემების ნათელყოფას. მაშ ასე, ხელთა მაქვს შესანიშნავი წიგნი, ყოველი წინადადება მასში, ნამდვილი მონაპოვარია და კითხვით გართული დიდი გაჭირვებით ვუახლოვდები სკამს, კითხვა-კითხვით ვჯდები და მავიწყდება საერთოდ რატომ ვკითხულობ, ერთი გაუმაძღარი ვნება ვარ, რომელსაც დახვეწილი და სრულიად ახალი საკვები ესაჭირება და მას აგერ, ყოველ გვერდზე ვნთქავ. ზოგან, ტექსტში ხაზგასმულ ადგილებს ვპოულობ, აშიებზე კი ძახილის ნიშანს ვხედავ; ეს ჩემი წინამორბედის შენიშვნებია - არადა, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს, როცა ვინმე ხელს მიშლის კითხვაში თავისი ფანქრით. ამჯერად შენიშვნებს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, რადგანაც თხრობამ გამიტაცა და თუკი საერთოდ ვამჩნევ ფანქრის კვალს, მხოლოდ იმ ადგილებზე, რომლებიც მეც ძალიან მომწონს; გამოდის, რომ ჩემმა წინამორბედმა - აზრზე არა ვარ, ვინ უნდა ყოფილიყო - იქ გაუსვა ხაზები და ძახილის ნიშნებიც იქ დასვა, სადაც ჩემი აღფრთოვანება პიკს აღწევდა. და ასე ვაგრძელებ კითხვას, ორმაგად ფრთაშესხმული ტექსტის გასაოცარი ხარისხითა და ჩემს უცნობ წინამორბედთან სულიერი ნათესაობით, სულ უფრო ვეფლობი ზღაპრულ სამყაროში, სულ უფრო განცვიფრებული მივსდევ ავტორს მის მიერ გაკვალულ საუცხოო ბილიკებზე... ვიდრე არ მივაღწიე იმ ადგილს, სადაც, როგორც ჩანდა, თხრობის აპოგეა უნდა ყოფილიყო და სადაც ძალაუნებურად აღმომხდა "აუ!", "აუ, რა მაგარი აზრია! რა მაგარი სიტყვებია!" და ერთი წამით თვალებს ვხუჭავ, რათა გავიაზრო წაკითხული, რომელმაც თითქოს ბილიკი გაჭრა ჩემი ცნობიერების ბუნდოვანებაში, სრულიად ახალი პერსპექტივები დამანახა, ახალი ცოდნითა და ასოციაციებით დამმუხტა და მართლაც რომ დამნესტრა იმპერატივით: "უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!" და თითქმის ავტომატურად ჩემი ხელი ფანქრისკენ იწევს და ვფიქრობ - "შენ უნდა ხაზი გაუსვა ამას, აშიაზე აღნიშნავ "ძალიან კარგია!"-ს, დიდ ძახილის ნიშანს დასვამ იქ და რამდენიმე სიტყვით დააფიქსირებ ამ გასაოცარი პასაჟით გამოწვეულ აზრთა მდინარებას!"
მაგრამ უყურე შენ! დავუშვი თუ არა ფანქარი წიგნზე, ჩემი "ძალიან კარგია!"-ს მისაჯღაბნად, დავინახე, რომ იქ უკვე ეწერა "ძალიან კარგია!" და აღმოჩნდა, რომ რეზიუმეც, მე რომ უნდა მიმეწერა, ჩემს მკითხველ წინამორბედს უკვე დაუტოვებია, თანაც მისი ხელწერა ძალიან მეცნობა, ჩემსას ჰგავს, რადგანაც ეს წინამორბედი სხვა არავინაა, თუ არა მე, ვისაც კარგა ხნის წაკითხული მქონდა ეს წიგნი.
ამ დროს ენითაღუწერელმა სევდამ შემიპყრო. ძველი ავადმყოფობა ისევ დამიბრუნდა: amnesia in litteris, ლიტერატურული მეხსიერების სრული დაკარგვა და შემეცნებისკენ სწრაფვის და საერთოდ, ყველანაირი ინტელექტუალური სწრაფვის ამაოების გამო პესიმიზმის ტალღამ გადამიარა. რატომღა ვკითხულობ, თუკი ვიცი, რომ სულ მცირე ხანში მისგან ერთი მისხალი მოგონებაც კი არ დამრჩება? რა საჭიროა რაიმე აკეთო, როცა ყველაფერი ირღვევა, არარად მიიქცევა? აზრი აქვს ცხოვრებას, თუკი მაინც უნდა მოვკვდეთ? ...ჰოდა, მეც დავხურე ეს წიგნი, ავდექი და ნაცემივით, კარგად ნაბეგვი ბიჭივით მივლასლასდი სტელაჟთან და ტომი სხვა, მრავალრიცხოვან ანონიმურ და დავიწყებულ წიგნებს შორის შევჩურთე.
მზერა ბოლო თაროს შევავლე. რა დევს იქ? ალექსანდრე დიდის სამი ბიოგრაფია. ოდესღაც სამივე წავიკითხე და რა ვიცი ალექსანდრე დიდის შესახებ? არაფერი. შემდეგი თაროს ბოლოში რამდენიმე კრებული დევს ოცდაათწლიანი ომის შესახებ, მათ შორისაა ვერონიკა ვეჯვუდის ხუთასგვერდიანი მონოგრაფია და გოლო მანის ათასგვერდიანი წიგნი ვალენშტაინზე. ყველაფერი ეს ყურადღებით მაქვს წაკითხული, მაგრამ ოცდაათწლიანი ომის შესახებ მაინც ვერაფერს გეტყვით; არ ვიცი, რა ვთქვა. ქვედა თარო თავიდან ბოლომდე ლუდვიგ II ბავარიელისა და მისი ეპოქის შესახებ შექმნილი წიგნებითაა გადაჭედილი. ისინი არამხოლოდ წავიკითხე, არამედ გადავღეჭე კიდეც (წელიწადზე მეტი მოვუნდი) და შემდეგ ამ თემაზე სამი კინოსცენარი დავწერე, შეიძლება ითქვას, ლუდვიგ II-ს ექსპერტიც კი გავხდი, მაგრამ ახლა? მახსოვს რამე მის შესახებ? არაფერი. სულ მთლად არაფერი. კი ბატონო, ვფიქრობ მე, ლუდვიგ II-სთან დაკავშირებული ამნეზია შესაძლოა არც ისე საშიში იყოს, მაგრამ რა ვუყო წიგნებს, აგერ აქვე რომ დევს, ჩემს საწერ მაგიდასთან, უფრო პრესტიჟულ, ლიტერატურულ განყოფილებაში? რა დარჩა ჩემს მეხსიერებას ანდერშის თხუთმეტტომეულიდან? არაფერი. ბიოლის, ვალზერისა და კიოპენის მრავალტომეულებიდან? არაფერი. ჰანდკეს ათი ტომიდან? კიდევ უფრო ნაკლები. რა მახსოვს ტრისტრამ შენდის, რუსოს აღსარებისა და ზოიმეს გასეირნებიდან? არაფერი. არაფერი და კიდევ ერთხელ არაფერი. აი, მაგალითად! შექსპირის კომედიები! შარშან ყველა წავიკითხე, ზედიზედ, მათგან მაინც ხომ უნდა დარჩენილიყო რამე, თუნდაც ერთი გაელვება, სათაური მაინც, ერთადერთი სათაური შექსპირის ერთადერთი კომედიისა! ა-რა-ფე-რი. მაგრამ, ღმერთო ჩემო, გოეთე. გოეთე მაინც... აი, თეთრი ტომი, "სულთა ნათესაობა", სამჯერ თუ ოთხჯერ მაქვს წაკითხული... მომკალი და ვერაფერს ვიხსენებ. თითქოს ყველაფერი სადღაც გაფრინდა. წარმოიდგინეთ, დედამიწაზე არ არსებობს წიგნი, რომელსაც მე გავიხსენებდი. აი, ორი წითელი ტომი, წითელი ფოლიანტი გაცვეთილი სანიშნეებით, ისინი მაინც ხომ უნდა მახსოვდეს, ასეთი ნაცნობი, ასეთი ახლობელი. რა თქმა უნდა, წაკითხული მაქვს, კვირების მანძილზე თავაუწევლად ვუჯექი ამ წიგნებს და თანაც, არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს... რა წიგნებია, რა ჰქვიათ? "ეშმაკნი". ბიჭოს! საინტერესოა! ავტორი ვინაა? ფ.მ.დოსტოევსკი. ჰმ. მე მგონი ბუნდოვნად მახსოვს: რომანის მოქმედება, თუ არ ვცდები, მე-19 საუკუნეში ვითარდება და მეორე ტომში ვიღაცა თავს იკლავს პისტოლეტით. მეტს ვერაფერს გეტყვით.
სკამზე ვჯდები საწერ მაგიდასთან. ვაი, სირცხვილო! ეს ხომ სკანდალია! აი, უკვე ოცდაათი წელია კითხვა ვიცი და ამ დროის მანძილზე აუარება თუ არა, საკმაოდ ბევრი წიგნი მაინც წავიკითხე და ყველაფერი, რაც დამრჩა, ერთი ბუნდოვანი მოგონებაა იმის შესახებ, თუ როგორ იკლავს გმირი თავს პისტოლეტით ათასგვერდიანი რომანის მეორე ტომში. ოცდაათი წელი სულ ტყუილად ვკითხულობდი! ჩემი ბავშვობის ათასობით საათი, ყმაწვილობისა და ახალგაზრდობის წლები კითხვაში გავატარე და მეხსიერებას არაფერი დარჩა. თანაც, ამ ავადმყოფობისგან არათუ არ ვიკურნები, არამედ იგი პროგრესირებს კიდეც. დღეს, როცა რომელიმე წიგნს ვკითხულობ, ბოლომდე არმისულს წიგნის დასაწყისი მავიწყდება ხოლმე. ჩემი მეხსიერება ზოგჯერ ერთი გვერდის დამახსოვრებასაც ვერ "ქაჩავს" და ასე მივჩოჩავ აბზაციდან აბზაცამდე, ერთი წინადადებიდან მეორემდე და მალე, ალბათ მხოლოდ სიტყვების დამახსოვრებასღა თუ შეძლებს ჩემი ცნობიერება, სიტყვების, რომლებიც გაუგებარი ტექსტის ბურუსიდან ამოტივტივდებიან, მოწყვეტილი ვარსკვლავებივით უკანასკნელად გაკრთებიან, რათა სრული დავიწყების მღვრიე დინებას მისცენ თავი. ლიტერატურულ დისკუსიებზე კარგა ხანია ხმას აღარ ვიღებ, სირცხვილის მეშინია, ერთმანეთში ვურევ მერიკესა და ჰოფმანსტალს, რილკესა და ჰოლდერლინს, ბეკეტსა და ჯოისს, იტალო კალვინოსა და იტალო სვევოს, ბოდლერსა და შოპენს, ჟორჟ სანდსა და მადამ დე სტალს... როცა ციტატის ძებნას ვიწყებ, კვირები ვუნდები სხვადასხვა წყაროს ქექვას, რადგან არ მახსოვს ციტატის ავტორის გვარი, ამასობაში კი იმდენ ახალ სახელს ვაწყდები ხოლმე, რომ საერთოდ მავიწყდება, რას ვეძებდი. აბა, როგორ შემიძლია ასეთ ქაოტურ სიტუაციაში გავცე პასუხი კითხვას: რომელმა წიგნმა შეცვალა ჩემი ცხოვრება? არც ერთმა? ყველამ? ზოგიერთმა? არ ვიცი, არ ვიცი.
მაგრამ იქნებ - კითხვისას (ისევე როგორც ცხოვრებაში) ჩვენი შეხედულებების ფორმირება და მკვეთრი ცვლილებები მსოფლმხედველობაში რაღაცნაირად ფარულად მიმდინარეობს - თავს ვიმშვიდებ ხოლმე ხანდახან. იქნებ კითხვა ერთგვარი გაჟღენთვის აქტია, რომლის დროსაც ცნობიერება, მართალია ბოლომდე ნაყრდება, მაგრამ იგი ისე ოსმოტურად მოუხელთებელია, რომ ცნობიერება ამ პროცესს ვერც კი ამჩნევს. შესაძლოა ლიტერატურული ამნეზიით შეპყრობილი მკითხველი ძალიან ხშირად იცვლება კითხვის წყალობით, თუმცა ვერ ამჩნევს ამას, რადგანაც კითხვის დროს მასთან ერთად იცვლება მისი ტვინის ის კრიტიკული ინსტანციებიც, რომლებიც მის ამ ცვლილებებზე მიანიშნებდნენ. იმისთვის კი, ვინც თავადაც წერს, ასეთი ავადმყოფობა, შესაძლოა მადლიც იყოს და უფრო მეტიც, აუცილებელი პირობა ლიტერატურული შემოქმედებისთვის, რადგანაც იგი იცავს მწერალს, რათა არ თრთოდეს ყოველი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვისას და არც პლაგიატის ხიბლს დანებდეს; ამის გარეშე ხომ წარმოუდგენელია რაიმე სერიოზულის შექმნა.
ვიცი, რომ სულ ტყუილად ვიმშვიდებ თავს და ვცდილობ თავი დავაღწიო ამ ავადმყოფობას: არ უნდა დანებდე ამ საშინელ ამნეზიას - ვფიქრობ მე - მთელი შენი არსებით უნდა დაუპირისპირდე ლეთეს მღვრიე ტალღებს, ნუღარ გადაეშვები ასე უკანმოუხედავად ლიტერატურულ ტექსტებში, არამედ ცივი, ნათელი და კრიტიკული გონებით უნდა შეაფასო ისინი, ამონაწერები უნდა გააკეთო, დაიზეპირო ზოგიერთი ადგილი, უნდა ავარჯიშო მეხსიერება, ერთი სიტყვით: შენ უნდა... და აქ თავს უფლებას მივცემ, ერთი ციტატა მოვიყვანო ცნობილი ლექსიდან, რომლის ავტორსა და სახელწოდებასაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს უკანასკნელი სტრიქონი, როგორც მარადიული მორალური იმპერატივი: "შენ უნდა" - ნათქვამია იქ - "შენ უნდა... უნდა..."
რას იზამ! ახლა უკვე სიტყვებიც კი დამავიწყდა, მაგრამ არაუშავს, აზრი მაინც კარგად მახსოვს, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: "უნდა შეცვალო ცხოვრება შენი".

თარგმნა
მალხაზ ხარბედიამ


© “არილი”

ბესიკ ხარანაული


ნანა, საქართველოს მიწავ!
ნანა, საქართველოს მიწავ!
საქართველოს მთავ და ველო
დაიძინე, დაღლილი ხარ,
ტანჯული ხარ, საყვარელო...
გაძრცვილი ხარ, გაცლილი ხარ,
ზვარში თითქო ქარებს ევლო.
დაიძინე, დაღლილი ხარ,
ტანჯული ხარ, საყვარელო...
სიზმარი თუ ტკბილი ნახე,
სცადე, რომე გაიგრძელო,
ცხადს ერიდე, ცხადი ჩვენ ვართ,
ცხადი ჩვენ ვართ, სანატრელო
და განცხრომა გვირჩევნია
გან თუ ბრძოლა სასახელო
ნანა, საქართველოს მიწავ,
დაიძინე, საყვარელო...
ქარი დაგქრის, ქარი გხოკავს,
ფერი გადაცლია მდელოს,
მახვილს შენზე გადმოქნეულს
შენივ შვილის ხელი ევლო,
ძილში მაინც დაისვენე,
ნუღა ბორგავ, სანატრელო...
ჯერ სვავები არ გამძღარან,
ჯერაც ისევ მგელი მგელობს,
ჯერეთ ძილი გირჩევნია,
დაიძინე, საყვარელო!
ქართლ-კახეთო, იმერეთო,
გურიავ და სამეგრელო,
ნუღარც ხმალი გელანდება,
ნუღარც ჩანგი სარუსთველო
დაიძინე, დაღლილი ხარ,
ტანჯული ხარ, საქართველო!

2001 წელი
© “არილი”