Wednesday, March 18, 2009

სანდრო ჩხაიძე - ბესო ხვედელიძე, "ჯადო"


სანდრო ჩხაიძე

საწყისი კაპიტალი

ბესო ხვედელიძე, "ჯადო", მოთხრობები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2002.


ყოველი წიგნის რეცენზირება ალბათ ერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული: აუცილებლად უნდა გადაწყვიტო, ვის წარადგენ — წიგნს თუ ავტორს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა საკმაოდ ადვილად წყდება: წიგნზე გაცილებით მეტის თქმა შეიძლება, ვიდრე მწერალზე. შემოქმედებითი გზის მოკრძალებული დასაწყისი და მისი აღიარებით აღსავსე მწვერვალი ერთ რამეში გვანან ერთმანეთს: შეგიძლია თავი არ შეიწუხო ავტორზე ფიქრით და პირდაპირ წიგნს მიმართო. ასე დაისმის ტოლობის ნიშანი ჯერ სათქმელსა და უკვე ნათქვამს შორის...
ბესო ხვედელიძის კრებული "ჯადო" ცხრა მოთხრობას შეიცავს, რომლებიც ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავდება, რომ მათ ერთ წიგნში არასოდეს გააერთიანებდა არც გამოცდილი გამომცემელი, არც თავისი პროდუქციის მიმართ ყურადღებიანი ავტორი. და მაინც, წიგნს სწორედ რომ გამომცემლის გამოცდილება და ავტორის ყურადღებიანობა ეტყობა ყველაზე მეტად: მოთხრობები სამ ძირითად მიმართულებადაა დაჯგუფებული. ეს მიმართულებები, წიგნის ყდაზე გამოსახული სამი ადამიანისა არ იყოს, ერთმანეთსაა აცდენილი.
პირველს შეგვიძლია პირობითად ვუწოდოთ რეალისტური: "თამრო", "მამა", "მძიმე დღე". თუმცა კი ბესო ხვედელიძის რეალიზმი საკმაოდ თავისებურია, ანუ პირწმინდად ლიტერატურული. ახლავე შევეცდები განვმარტო, რისი თქმა მინდა. სამი მოთხრობა თითქმის სრულად მოიცავს დღევანდელ სოციალურ რეალობას: "თამრო" ქალაქია, "მძიმე დღე" — სოფელი, მოთხრობაში "მამა" კი ეს ორი სამყარო ერთმანეთს ხვდება. და მაინც, ქალაქსაც და სოფელსაც ეტყობა, რომ ორივე ავტორის განსაკუთრებული პოეტიკის ნაყოფია, და არა ჩვენი სინამდვილისა. თამროს "პლეხანოვურმა" ლირიკამ არ უნდა დაგვაბნიოს: დავით აღმაშენებლის პროსპექტი აქ სრულიად შემთხვევითი ელემენტია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სიუჟეტის მამოძრავებელი შინაგანი ძალები: რა შეიძლება იყოს ყველაზე მწარე? — ინვალიდის შეგნება, რომ ხორციელი სიყვარულის კარი მისთვის ჩარაზულია. ყველაზე მეტად ვის შეებრალება ეს ინვალიდი? — ვისაც იგი უყვარს, მაგრამ მასთან ხორციელი ურთიერთობა აკრძალული აქვს, ესე იგი, საკუთარ დას. ყველაზე უკეთ რა წარმართავს ტრაგიკულ სიუჟეტს? — ამაო თავგანწირვა. ყველაზე უკეთ რა განმუხტავს ტრაგიკულ დაძაბულობას? — მადლიერება ამაო თავგანწირვისათვის. სწორი მიმდევრობით შევაერთოთ ეს ელემენტები, მოვათავსოთ ისინი ქალაქის სასტიკ ანონიმურ წიაღში და მოთხრობაც გამოგვივიდა.
იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ამგვარი ანალიზით ავტორი დავაკნინე? მაშინ წაიკითხოს ედგარ პოს განმარტებები იმის თაობაზე, თუ როგორ გაუჩნდა "ყორანის" იდეა. განა ბევრია ჩვენს ირგვლივ ავტორი, რომელსაც ძალუძს ჩვეული ელემენტების შეერთება ისე, რომ მკითხველმა ეს ყველაფერი ჩაყლაპოს და ვერც შეამჩნიოს?
მეორე ნაწილს შეიძლება დავარქვათ ფანტასმაგორიული: "ჯადო", "პლანეტობანა", "ქაღალდის თვითმფრინავები". ჩემთვის უცნობია ავტორის შინაგანი მოტივები, მაგრამ ამ უკანასკნელ მოთხრობაში აშკარად იგრძნობა გივი მარგველაშვილის "მუცალის" გამოძახილი. მოთხრობის თემა ლიტერატურულ პერსონაჟთა ბედია, — ავტორის სასტიკი ნების სათამაშო. ქართველი ფილოსოფოსის გერმანული რომანისაგან ბესო ხვედელიძის მოთხრობა ერთი არსებითი ნიშნით განსხვავდება: იგი უფრო მოკლეა.
მესამე ნაწილში თავმოყრილია მოთხრობები, სადაც რეალობა და სიზმარი ერთმანეთს ხვდება: "ერთი დაკონკილი ამბავი", "Curriculum vitae", "მინდვრის ყვავილები". თუმცა კი უცნაური რეალობაა და კიდევ უფრო უცნაური სიზმარი: რეალობის სფეროს, მაგალითად, ჩვენი სინამდვილისათვის სრულიად უცხო წარმატებული პროფესიონალი განეკუთვნება (თუმცა მოთხრობის პერსონაჟი პროფესიონალი ექიმია, ეს გარემოება ბევრად არ აძლიერებს ამ სახის რეალობას), ხოლო კრეტინი ხელისუფლების პარპაში, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ტოპოსად იქცა, სიზმარშია გადატანილი. როგორც ვხედავთ, ავტორი თვითონაა თავისი შექმნილი სამყაროების ბატონ-პატრონი. მართლაც რომ იშვიათად შეხვდები ასეთ თავისუფალ ფანტაზიას. მართალია, შექმნილი სამყაროები ხშირად არცთუ მკვიდრადაა შეკრული: ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონზე მლოცველი რედაქტორი მათში ბევრს რასმე ნახავს ხაზგასასმელს, რასაც არც შინაარსიდან გამომდინარე მოტივაცია ამართლებს; ხანდახან ოსტატურად შექმნილ მხატვრულ სახეს მაინც აკლია დამაჯერებლობა კი არა, უბრალოდ, ესთეტური საყრდენი; მოთხრობებში წამდაუწუმ გვხვდება ხაკისფერი თმები და თვალები, მოხუცები სიცოცხლეში ძალიან ბევრს ოფლიანობენ და თუ კვდებიან, ეს ისე ხდება, რომ ნაკითხ კაცს აუცილებლად გაახსენდება ფილიპ არიესის ცნობილი გამოკვლევა. მაგრამ ავტორის მაძიებელი ხასიათი მისი მომავალი დახვეწის საწინდარია, ხოლო ავტორის თვალშისაცემი გამბედაობა — დაუოკებელი შემოქმედებითი ენერგიის, მწერლის დაუხურდავებელი კაპიტალის ნიშანი.
როგორც ეტყობა, სწორედ ამ ენერგიასა და კაპიტალზე დადო ფსონი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, როცა თავის ძირითად ტენდენციას (ერთი წიგნი — ერთი ნაწარმოები) გადაუხვია და მოთხრობათა კრებული გამოაქვეყნა. როგორც ეტყობა, აქ სულ მალე დიდი ამბები დატრიალდება და მკითხველი ბესო ხვედელიძის რომანს იხილავს. ამ რომანს ალბათ მკვეთრად გამოხატული ჟანრი ექნება და ჩვენი ავტორიც საკუთარი ტყავით მიაგნებს პასუხს კითხვაზე, თუ რატომა აქვს სტივენ კინგს გაბრიელ გარსია მარკესზე დიდი შემოსავალი.

© “წიგნები – 24 საათი“

ნოდარ ლადარია - აკა მორჩილაძე, "სხვა"


ნოდარ ლადარია

რა სხვა?


აკა მორჩილაძე. "სხვა", რომანი. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბილისი, 2002.

პოსტმოდერნიზმი — ეს ველური სიტყვა, რომელიც ეგზომ ეალერსება ჩვენს განებივრებულ სმენას, — უფრო სწორად კი მისი მკრთალი კვალი, ჯერ კიდევ იგრძნობა აკა მორჩილაძის ახალ რომანში. განსაკუთრებით კი სათაურში, რომელიც უმბერტო ეკოს რჩევის თანახმად მინიმალურ წარმოდგენას იძლევა ტექსტის შინაარსზე. და მაინც, რა სხვა? კითხვა არც ისე მარტივია. თუნდაც იმიტომ, რომ სიტყვა "სხვა" აშკარად ორაზროვანია. უფრო მეტიც, მას ორი საპირისპირო აზრი აქვს: განსხვავებულსაც ნიშნავს და ახალსაც, ანუ კიდევ ერთსა და მსგავსს. მეორე აზრით რომანი ავტორის ცხოვრებასა და შემოქმედებაში გვახედებს, პირველი აზრით კი ჩვენს ცხოვრებასა და გარემოში იმკვიდრებს ადგილს.
ჩვენც მეორე აზრით დავიწყოთ და ვნახოთ, ჩვენთვის უკვე ნაცნობს რას იმეორებს ან რას ეხმაურება ეს ახალი რომანი.
სხვა "მადათოვი": ეს წიგნიც მკვლელობაზეა და ამ წიგნშიც მკვლელობას გამოძიება არ ხსნის. მკვლელობა, რომელიც რომანის დასაწყისში უბრალოდ კრიმინალია, ბოლოში უკვე სხვა მნიშვნელობას იძენს და ცხოვრების ყველაზე მთავარ მოქმედებად, ბიოგრაფიის ბუნებრივ გვირგვინად იქცევა მოკლულისა და მკვლელისათვის.
სხვა "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები": ეს რომანიც ასევეა აგებული. სხვადასხვა ნაწილებსა თუ თავებს მოქმედ პირთა სახელები ჰქვია და ყოფით ანტურაჟს არსებითი, უბრალო აღწერაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ და მოქმედებენ რომანის გმირები, კიდევ ერთი გმირია და მისი ფერები, გემო, ტემპერატურა ამ უცნაური გმირის ხასიათის თვისებებია, როგორც ოდესღაც ამბობდნენ, ხოლო ადგილთა მონაცვლეობა შუქისა და ჩრდილის იდუმალი თამაში, ზოგჯერ გამაღიზიანებელი და ზოგჯერ ძლივსგასაგონი ბგერები კი — რომანში აღწერილი მისი ცხოვრებაა.
სხვა ენა: არა, სიტყვის პირველ მნიშვნელობაზე ჯერ არ გადავსულვართ. ენის განსხვავებულობა, რომელიც პირველივე წინადადებიდან შეინიშნება, სინამდვილეში მოჩვენებითია. ავტორი იმასვე აკეთებს, რასაც, მაგალითად, "მადათოვში". ამ უკანასკნელის ენა სტილიზაციათა თაიგულია. სტილიზაცია კი მიმსგავსებას გულისხმობს, მიმსგავსებას, რომელზედაც მკითხველი გულუბრყვილოდ წამოეგება. სერიოზულად ხომ ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, პაზოლინიმ რომაულ დიალექტზე დაწერა თავისი რომანებიო. "მადათოვის" ენა (თუ ენები) არაა ნამდვილი და XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები მწერალი ვერ იქნება ძველი თბილისის ენობრივი სამყაროდან გამოსული მოწმე, ანუ, როგორც ლინგვისტები იტყვიან, ინფორმანტი. ასევეა რომანში "სხვა" — ამ წიგნის ქართულიც სრულიად სხვაა, სრულიად ნეიტრალური, ისეთი, როგორზედაც არავინ ლაპარაკობს, რადგანაც მოქმედება "სხვა ადგილას" ხდება. ავტორი, თუმც კი უკან მოიტოვა ძველი თბილისიცა და თანამედროვე ვაკეც, მაინც იმავეს აკეთებს: თავისი ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით ქმნის სათქმელის შესაბამის ენობრივ ფენას, რომელიც არსად არ გამოიყენება მისი რომანის გარდა.
რამ უბიძგა ავტორს ამგვარი, ასე ვთქვათ, იგივეობრივი "სხვაობისაკენ"? — პირადმა კრიზისმა თუ ლიტერატურული პროცესის წარმმართველად მოვლენილი გამომცემლის იდუმალმა ზრახვებმა? ეს რეცენზიის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხებად არ მეჩვენება, მე კი ჟანრის წესებს ვერ დავარღვევ, მით უმეტეს, როცა საუბარი აკა მორჩილაძეზეა, რომელიც უტყუარად გრძნობს ჟანრის მოთხოვნებს.
აი ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ რომანის სათაურში გამოტანილი სიტყვის პირველ, უფრო ჩვეულ მნიშვნელობაზე. ამისათვის კი ერთი პირადად ჩემთვის საზიზღარი და ყველასათვის კარგად ცნობილი ასოციაცია მინდა მოვიშველიო. განა უცხოა ასეთი სურათი? — დარბაისელი კაცები იკრიბებიან ერთად, სუფრაზე ჩნდება შემთხვევითი საკვები პროდუქტები (პური, მოხარშული კვერცხი, ორმანეთიანი ძეხვი, რამდენიმე პომიდორი, მაღაზიაში ნაყიდი ე. წ. იმერული ყველი) და საეჭვო ხარისხის ღვინო ("შვილები დაიფიცა, ჩემთვის დავწურეო"). მაინც ამ ღვინოს უჭირავს მთავარი ადგილი, საჭმელი მხოლოდ "მისაყოლებელია". ჰოდა ეს დარბაისელი კაცებიც ერთმანეთს ადღეგრძელებენ და ძმობას ეფიცებიან...
ჩვენ კი იმას ვიტყვით, რომ თუ ადამიანები ვერ გრძნობენ უბადრუკ რეალობასა და ამაღლებულ გრძნობებს შორის შეუსაბამობას, ეს რეალობასაც და გრძნობებსაც კიდევ უფრო აკნინებს. რომანი "სხვა" არც ასეთი რეალობისათვისაა დაწერილი და არც ასეთი ადამიანებისთვის. ამ რომანში საყვარელი ქალი ეკითხება გამომძიებელს, ღვინოში ხომ არ მოგიხარშო სალმონიო. სალმონი ორაგულს ნიშნავს. რატომ დაწერა ავტორმა ეს სხვა სიტყვა და არა ორაგული? რეალურად ფრაზა — "ღვინოში ხომ არ მოგიხარშო ორაგული?" — მხოლოდ რომელიმე ახალი ქართველის ცოლს თუ ხელეწიფება. მაგრამ მას პირის გემო არა აქვს, დიდი-დიდი ის შეძლოს, ბავშვის ძიძას ავტომობილი აჩუქოს. ენობრივადაც შეუსაბამობაა: ქვეყანაში, სადაც ღვინით მხოლოდ ილოცებიან (თუმც მას ღვინის გემო არ ჰქონდეს), ამგვარი ფრაზა არაბუნებრივად ჟღერს.
რომანის სამყარო დენადია და მოუხელთებელი, საინტერესო და ელფერებით მდიდარი. ხომ გახსოვთ, აკა მორჩილაძის მოთხრობის, "ტერცო მონდოს" ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვები: ნინიკოს ისევ ნიკი მირჩევნია, რადგან ყველაფერი ნაღდი მიყვარსო. ამიტომაა, რომ ახალ რომანში ჭამენ, ღვინოს კი საჭმელს აყოლებენ, ან უბრალოდ მაგარ სასმელებს წრუპავენ და საუბრობენ. პერსონაჟთა დამაკავშირებელი გრძნობებიც ძმაკაცობაზე უფრო ნაღდია, რადგან მათი ურთიერთსიძულვილი შაქრით მოდუღებულ ღვინოზე სათქმელი სიტყვებით არაა მიჩქმალული.
და ბოლოს, სიტყვა "სხვას" ტოპოგრაფიული მნიშვნელობაც აქვს. წიგნში აღწერილი ქვეყანა ძალიან ჰგავს საფრანგეთს, მაგრამ ეს მაინც "სხვა" ადგილია, ანუ უტოპია. რას იზამ, ქართული ლიტერატურის ურბანიზაციის განზრახვაში ნამდვილად არის რაღაც უტოპიური. რომანი მართლაც სხვაა. აკა მორჩილაძის ახალი წიგნით ნელა და გაუბედავად, მაგრამ მაინც აშკარად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში ახალი სიტყვა და ახალი ენა.

© “წიგნები – 24 საათი“

Saturday, March 14, 2009

ჯემალ ქარჩხაძე – თარგმანის შესახებ


ჯემალ ქარჩხაძეს ჩვენი საზოგადოება იცნობს, როგორც მრავალი მოთხრობისა და რომანის ავტორს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. ჯემალ ქარჩხაძე და დავით წერედიანი ერთად თარგმნიდნენ გრიმების ზღაპრებსა და რადიარდ კიპლინგის მოთხრობებს, მოგვიანებით კი ასევე ერთად აქვთ ნათარგმნი ჰალდორ ლაქსნესის "ატომის სადგური" და ლიონ ფოიხტვანგერის "ცრუ ნერონი". მოგვიანებით ჯემალ ქარჩხაძე ნელ-ნელა მოსწყდა მთარგმნელობით საქმიანობას და მთლიანად ორიგინალურ შემოქმედებაზე გადაერთო, მაგრამ ხშირად ამბობდა, რომ თარგმნა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რათა მწერალმა ენაზე და სტილზე მუშაობა ისწავლოსო. თავის უბის წიგნაკში, სხვა მრავალ ჩანაწერთან ერთად, ჯემალ ქარჩხაძეს აქვს მცირე ესეისტური ჩანაწერი, რომელშიც კონცეპტუალურად არის გადმოცემული მისი მოსაზრება თარგმანის შესახებ. ამ ჩანაწერს დღეს სრული სახით ვთავაზობთ მკითხველს.

ჯემალ ქარჩხაძე


თარგმანის შესახებ


ღირსეულ ნაწარმოებს ყოველი თაობა ხელახლა თარგმნის. ყოველი მეორე თაობა მაინც (ენის განვითარების ტემპის შესაბამისად). თუ ასე არ არის, ასე უნდა იყოს.
თარგმანი ხელს არ უწყობს სალიტერატურო ენის განვითარებას (ამ მხრივ თარგმანის დანიშნულებაა ხელი არ შეუშალოს ამ განვითარებას).
თარგმანის ენა უნდა შეესაბამებოდეს სალიტერატურო ენის განვითარების იმ დონეს, რომელსაც თარგმნის მომენტში მიაღწია სალიტერატურო ენამ. არც მეტი არც ნაკლები.
ეს დებულება ძირითადად, რა თქმა უნდა, ორიგინალურ მწერლობაზეც ვრცელდება, მაგრამ ორიგინალურ მწერლობას ამ შემთხვევაში აქვს გადახრები, რომლებიც გამოწვეულია საერთო-სახალხო მეტყველების, ან სალიტერატურო ენის განვითარების ტენდენციით. ამ ტენდენციის შესაბამისად ორიგინალური ნაწარმოები შესაძლებელია მთელი ეტაპით უსწრებდეს წინ ენის განვითარებას და ამით ამ განვითარებას აჩქარებდეს. თარგმანი ამას ვერ იზამს, რადგან თარგმანი არ წარმოადგენს საკუთარ თავს. თარგმანი ერთგვარი "გადაცმული ორიგინალია". თარგმანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სტატიურია. მთარგმნელი ორიგინალს ხდის უცხოურ ტანსაცმელს და აცმევს თავისას. ამ შემთხვევაში მთარგმნელი ირჩევს მზა ტანსაცმელს საკუთარი გარდერობიდან. ორიგინალური მწერლობა კი თვითონ კერავს. შეკერილი ყოველთვის შეიცავს რაღაც ახალ ნიუანსს, ყოველთვის წარმოადგენს განვითარების რაღაც ახალ საფეხურს.
თარგმანში ენის განვითარების ტენდენცია ყოველთვის ხელოვნურისა და ყალბის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ორიგინალური მწერლობა სალიტერატურო ენის განვითარების თვალსაზრისით ყოველთვის არის მიღწევა, ხოლო თარგმანი ყოველთვის არის მიღწეულის ასახვა.
წერის მანერულობის, ენობრივი მანიპულირების მეშვეობით ორიგინალის სტილის გადმოცემის ცდა წყლის ნაყვაა. მთარგმნელი, როგორც ითქვა, ორიგინალს ხდის თავის "ორიგინალურ ტანსაცმელს" და საკუთარი გარდერობიდან აცმევს იმას, რაც ამ გარდერობში უკანასკნელ მიღწევად ითვლება. ამ დროს უნდა ეცადოს არ დაამახინჯოს სხეული. ორიგინალის ტანსაცმელს არ გააყოლოს ის, რაც ტანსაცმელი არაა.
ენაზე მანიპულაციების ჩატარება ორიგინალურ მწერლობაში შეიძლება იყოს სალიტერატურო ენის განვითარების ბიძგიცა და უნაყოფო ექსპერიმენტიც (ეს დამოკიდებულია მწერლის ტალანტზე და იმ ალღოზე, რომელიც მწერალს ენასთან მიმართებაში აქვს). საერთოდ, ორიგინალურ მწერლობაში, ენის განვითარების პროცესში, უნაყოფო ექსპერიმენტები გარდაუვალია. მთარგმნელობით ლიტერატურაში კი ყოველი მანიპულაცია უეჭველად უნაყოფო ექსპერიმენტად დარჩება.
როგორ უნდა შეინარჩუნოს მთარგმნელმა ორიგინალის სტილი?
თუ ორიგინალური ნაწარმოები ყოველთვის წარმოადგენს ენის განვითარების რაღაც ახალ საფეხურს, ხოლო თარგმანი ენის განვითარების მხოლოდ უკანასკნელ მიღწევას, მაშინ ორიგინალის ის ახალი საფეხური, განვითარების ნიუანსი იკარგება. ასეცაა. ორიგინალი სხვა ენაა, თარგმანი სხვა. ბევრიც რომ ვეცადოთ, უცხო ენის განვითარების ტენდენციას მშობლიურ ენაზე ვერ გადმოვცემთ.
მაშასადამე, დანაკარგი გარდაუვალია.
დიახ, გარდაუვალია. მაგრამ ეს დანაკარგი იმდენად მცირეა, რომ მასზე წუწუნი არ ღირს.
ორიგინალური ნაწარმოები ენის განვითარების თვალსაზრისით ყოველთვის შეიცავს რაღაც ახალს, მაგრამ ეს ახალი იმდენად მცირეა, რომ კითხვისას ვერც იგრძნობ. როცა ეს "ახალი" ბლომად დაგროვდება (ეს არის მწერლობის მთელი ეტაპი) მხოლოდ მაშინ იგრძნობა საერთო განვითარება. ამიტომ ამ სიახლის დაკარგვა თარგმანს სრულებით არ ვნებს.
მაშ, როგორ შევინარჩუნოთ ორიგინალის სტილი?
მაგრამ რა არის სტილი?
მწერლის სტილი არის მწერლის შინაგანი სამყარო.
ნაწარმოების სტილი არის მწერლის შინაგანი სამყაროს ის ნაწილი, რომელიც ამ ნაწარმოებში გამჟღავნდა.
შინაგანი სამყაროს გადმოცემა არ შეიძლება უშუალოდ, რადგან შინაგანი სამყარო არამატერიალური ფენომენია.
არამატერიალური შინაგანი სამყაროს მატერიალიზაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ სიმბოლურად.
შინაგანი სამყაროს გადმოცემის საშუალება არის სიმბოლო.
გადმომცემი სიმბოლოს ხასიათს განსაზღვრავს გადმოსაცემი სამყაროს ხასიათი.
/ჩემი აზრით, აქ უკვე საჭიროა მივმართოთ კონკრეტულად რამდენიმე მწერლის შემოქმედებას და მოვახდინოთ მათი სტილის შედარებითი დახასიათება/.
სიმბოლო არის საშუალება, ენა არის მეთოდი.
განსხვავებული მეთოდი – განსხვავებული მანერა.
როგორღა გადმოვცეთ ენის განსხვავებული მანერა?
ხომ არ შეიძლება საკუთარი ენის უახლესი მიღწევა, როგორც გარდერობის საუკეთესო კოსტუმი, განურჩევლად მოვარგოთ ყველას, თუკი ზოგს წერის ასეთი მანერა აქვს, ზოგს – ისეთი?
საკუთარი ენის უახლესი მიღწევა არ არის ერთადერთი კოსტუმი. ეს მიღწევა შეიცავს მრავალ მანერას. ერთი სეზონის მოდა ერთი კოსტუმით არ განისაზღვრება. სათარგმნი ნაწარმოების მანერას ყოველთვის შეესაბამება ჩვენი ენის გარკვეული მანერა, თუკი ჩვენი ენა საერთო-საკაცობრიო კულტურის განვითარების მოცემულ საფეხურზე დგას, ან უახლოვდება მაინც. მაგრამ მთარგმნელის ენის მანერა, რომელსაც სათარგმნი ენის მანერას მივუსადაგებთ, როგორც ვთქვით, უნდა იყოს მშობლიური ენის თანამედროვე დონის თვისება, მისი ორიგინალური ნაწილი და არა ხელოვნური გადახვევა ამ დონიდან, რაც ზემოთქმულ უნაყოფო ექსპერიმენტამდე მიგვიყვანდა.
ენის ბუნება განვითარების მოცემულ საფეხურზე! – აი, რა არის მთავარი მთარგმნელისათვის.
როგორ ვთარგმნოთ ძველი მწერალი, რომლის ენაც ძველია, წერის მანერაც ძველია (ასეთი მანერა ჩვენი ენისთვის ისეთივე ისტორიული ფაქტია, როგორც სათარგმნიო ენისთვის)?
საფუძვლიანად შევისწავლოთ ენის განვითარების ის ეტაპი, რომელიც თანამედროვე იყო სათარგმნი მწერლისათვის. მერე ვიფიქროთ, ენის განვითარების ამ ეტაპს შეესაბამება ამ მწერლის ასეთი მანერა. იმავე ეტაპზე ჩვენი ენისათვის მსგავსი მანერა ასეთია. როგორი შეიძლება იყოს სათარგმნი ენის თანამედროვე ეტაპზე ასეთი მანერა? როგორი იქნება, მაშ, ჩემი ენის თანამედროვე ეტაპზე ასეთი მანერა?
დაახლოებით:
ძველი ენა ახალი ენა
= (ორიგინ.)
მანერა მანერა

ძველი ენა ახალი ენა
= (მშობლ.)
მანერა მანერა

თუ ასეთი მანერა აღარ არსებობს?
შევინარჩუნოთ ის ძველი მანერა თანამედროვე ენით.
ენა ყველა შემთხვევაში უნდა იყოს თანამედროვე (ენის განვითარების უკანასკნელი საფეხური).
/(საქმე გვაქვს მკითხველთან!!)/
ენის თვალსაზრისით მთარგმნელის ავკარგიანობის კრიტერიუმი:
რამდენად იცნობს ენის განვითარების უკანასკნელ საფეხურს, რამდენად მახლობელია ეს საფეხური, რამდენად შეუძლია გამოიყენოს იგი.
საერთო კრიტერიუმი:
რამდენად წვდება სათარგმნი მწერლის შინაგან სამყაროსა და, კერძოდ, ამ შინაგანი სამყაროს იმ ნაწილს, რომელიც სათარგმნ ნაწარმოებშია გამჟღავნებული. რამდენად მახლობელი, რამდენად თავისი ხდება მთარგმნელისათვის ეს სამყარო. რამდენად ერკვევა იმ სიმბოლიკაში, რომელიც ამ სამყაროს გადმოცემის საშუალებაა. რამდენად შეუძლია იგივე სიმბოლიკა იპოვოს საკუთარ აზროვნებაში. რამდენად სწორად ესმის მწერლის წერის მანერა და ამ მანერის მიმართება ორიგინალის ენასთან საერთოდ. რამდენად შეუძლია იპოვოს მშობლიურ ენაში მსგავსი მანერა (ენისათვის ორგანული), რომელიც ისეთივე მიმართებაში იქნება მშობლიურ ენასთან.
(ყოველივე ეს პრაქტიკულად მთარგმნელობით საქმიანობაში მიიღწევა არა შესწავლით, შედარებითა და მეცნიერული კვლეა-ძიებით, არამედ მთარგმნელის ინტუიციით. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწარმოების თარგმნას დასჭირდებოდა გაცილებით მეტი დრო, ვიდრე პრაქტიკულად სჭირდება; გარდა ამისა თარგმანი იქნება მშრალი).


© “წიგნები – 24 საათი“

Thursday, March 5, 2009

რატი ამაღლობელი: “ლიტერატურული კაფე” დღეს კარგი ხაჭაპურის შესაჭმელი ადგილია და არა ლიტერატურაზე საუბრის


ნანა კობაიძე

საუბარი რატი ამაღლობელთან “ლიტერატურულ კაფეში” შედგა, მეორე სართულზე, სადაც წიგნებია განთავსებული. აქ ყოფნა თბილისის “ელიტური” საზოგადოებისგან განსხვავებით, დიდად არ მხიბლავს, რადგან ლიტერატურა და წიგნები ირიბი დამატების ფუნქციას ასრულებს. ქვემდებარეც და შემასმენელიც პირველ სართულზე განლაგებული კაფეა, რომელიც კლიენტთა ნაკლებობას არასოდეს განიცდის და სურნელოვანი ყავისა და გემრიელი ხაჭაპურის ოხშივარით “ანებივრებს” წიგნების განყოფილებაში მომუშავე პერსონალს. კიდევ უფრო მეტი “კომფორტისათვის” ისინი შუა დეკემბერში “ვენტილატორით” ცდილობენ თავის გაგრილებას, რადგან სხვაგვარად “ლიტერატურული კაფეს” მეორე სართულზე სუნთქვა შეუძლებელია. პირადად მე კინაღამ დავიხრჩე იმ ერთი საათის განმავლობაში, რაც ინტერვიუ მიმდინარეობდა. რასაკვირველია, მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესოა ჩემი განცდები და არც ამ შემთხვევის აღწერით წაგართმევდით ძვირფას დროსა და ენერგიას, რომ არა ერთი დეტალი. ის, რაც “ლიტერატურულ კაფეში” ხდება, ძალზე ნიშანდობლივად მეჩვენა იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად გვიჩვენებს, რა როლი და ადგილი უჭირავს დღეს ლიტერატურას საქართველოში.

- ერთ-ერთ წერილში აკაკი ბაქრაძე წერს: “ლიტერატურა, (განსაკუთრებით რომანი) მწერლისა და მკითხველის ინტელექტუალური დუელია. ამ დუელში აზროვნების სიღრმით ყოველთვის მწერალმა უნდა აჯობოს მკითხველს (ვინც უნდა იყოს ეს მკითხველი). თუ მწერალმა ვერ აჯობა მკითხველს, მაშინ მწერლობა ღირებულებას კარგავს”. ეთანხმები ამ მოსაზრებას?
- ასე ცალსახად ვერ განვსჯი. მწერლობა მრავალმხრივია. ის შეიძლება დუელიც იყოს, შერიგებაც, ხიდიც, თუმცა, პირადად ჩემთვის მწერლობა დღესდღეობით მხოლოდ საკუთარ თავთან, საკუთარ ტექსტთან ურთიერთობაა და არანაირი დიალოგი ან დუელი მკითხველთან. ჩემს წარმოდგენაში არსებობს იდეალური ტიპის მკითხველი, რომელსაც ავტორთან ვაიგივებ. მისი როლი და ფუნქცია მაქსიმალურად იზრდება. ის უკვე აღარ არის პასიური გადამკითხველი, ტექსტის თანაავტორია, იმდენად, რამდენადაც თავად ქმნის ამ ტექსტს მასში არსებულ კონტექსტებთან ერთად. საერთოდაც, ტექსტი, ავტორი და მკითხველი განუყოფელი სივრცეა, ჯადოსნური წრე, რომელთა განხილვა ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ შეიძლება. ამ სამ კომპონენტს გამომცემელიც ემატება, არა როგორც ადამიანი, რომელიც რაღაცას გამოსცემს, არამედ, როგორც მის მიერ გამოცემული წიგნის თანაავტორი. დღესდღეობით მთელს მსოფლიოში გამომცემლები ლიტერატურულ პოლიტიკას განსაზღვრავენ. მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არტ-კრიტიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები, რომელნიც მხოლოდ ტექსტის ანალიზით არ შემოიფარგლებიან და ხშირად მსოფლიოს ლიტერატურული რუქის მთავარ ორიენტირებად გვევლინებიან. ის სივრცე და სუბსტანცია, რასაც ლიტერატურა და ლიტერატურული პროცესები ჰქვია, დღეს ძალზე მრავალფეროვანი გახდა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის უმთავრესი მაინც საკუთარ თავზე მუშაობა და ტექსტის შექმნის პროცესია. სწორედ ეს პროცესი მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას და ვცდილობ, აქ დავიხარჯო, აქეთ მივმართო მთელი ჩემი შემოქმედებითი ენერგია. სხვა დანარჩენისთვის არც დრო მაქვს და არც სურვილი. ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესოა უმბერტო ეკოს ლექციათა ციკლი “ექვსი გასეირნება ლიტერატურულ ტყეებში”. ეს არის გენიალური წიგნი, სადაც ძალიან სწორად და საინტერესოდ არის გადმოცემული ის პროცესები და ურთიერთმიმართებები, რაც ავტორს, მკითხველს და ტექსტს აკავშირებს. თუ არა გაწაფული, ავტორობაში თანამონაწილე მკითხველი, დღეს ლიტერატურული ტექსტის კითხვა ძალიან ძნელია.
- როგორ ფიქრობ, სჭირდება თუ არა მომზადება თანამედროვე მკითხველს თანამედროვე მხატვრული ტექსტის აღსაქმელად?
- რასაკვირველია. დიდი მომზადება სჭირდება მკითხველს და კიდევ უფრო მეტი – მწერალს, რადგან თამასა, ანუ, მოთხოვნები, რომელთაც საზოგადოება უყენებს ავტორს, ძალიან მაღალია. თანამედროვე ავტორები აღარ არიან ღმერთები, როგორც ამას დიდი ხნის განმავლობაში მივიჩნევდით ქართველები. ზუსტად ასეთი მიმართება გვქონდა მწერლების მიმართ – ჩვენთვის ისინი ღმერთებს უტოლდებოდნენ და ქმნიდნენ მარგალიტებს, რომელთა გაშიფვრასაც საუკუნეობით ცდილობდნენ საცოდავი მკითხველები. მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულება აღარსადაა და საბედნიეროდ, აღარც ასეთი ტექსტები იწერება.
- რას ითხოვს თანამედროვე მკითხველი ავტორისგან. რამ შეიძლება აიძულოს იგი გამორთოს ტელევიზორი, მოშორდეს ინტერნეტს და გადაშალოს შენი წიგნი?
- ამ თვალსაზრისით, მკითხველი საოცრად ეგოისტია. იგი ითხოვს, რომ წერო მასზე, ყველაფერში თავის ისტორიას ეძებს, ლიტერატურაში ახდენს საკუთარი თავის პროეცირებას. შესაძლოა, ეს ძალზე რადიკალური განცხადებაა, მაგრამ ასეთია ჩემი, როგორც მკითხველის პოზიცია. საკუთარ თავს სწორედაც რომ ეგოცენტრიკ მკითხველად მივიჩნევ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მკითხველად, რომელიც ცდილობს, მუდმივად ავტორის კვალდაკვალ იაროს და ხშირად მის ადგილზეც აღმოჩნდება ხოლმე. ბავშვობაში, ალბათ, ბევრს გიდირიჟორიათ სარკის წინ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიისთვის, თავი კომპოზიტორად წარმოგიდგენიათ და ნაწარმოების დასრულების შემდეგ დაღლილს, მაგრამ ბედნიერს, აპლოდისმენტებიც მიგიღიათ. სწორედ ამ ტიპის ეგოცენტრიკია კარგი მკითხველი.
- ეს პოეზიის მკითხველებსაც ეხება?
- პოეზიას ძალიან უცნაური მკითხველი ჰყავს, მცირერიცხოვანი, მაგრამ ერთგული. მათი უმეტესობა მანდილოსანია, ანუ, მკითხველის თვალსაზრისით პოეზია უფრო ქალურია, თუმცა, ერთი საინტერესო დეტალი აქაც შეინიშნება. საქართველოს მაგალითს მოგიყვანთ, კერძოდ კი, იმ გოგონებს შევეხები, რომლებიც პოეზიის სამყაროში დაახლოებით 17-18 წლის ასაკში “შემოედინებიან” და 23 წლის შემდეგ “გაედინებიან.” ეს ის 5-6 წელიწადია, როდესაც ისინი მაქსიმალურად კითხულობენ, თუმცა, როგორი ლექსი მოსწონთ, ზუსტად ვერ გეტყვიან. ეს უფრო ნაივური, ემოციებზე დაფუძნებული განცდაა, საკუთარი თავის ძიების და შეცნობის კიდევ ერთი გზაა, ვიდრე პოეზიის სიყვარული. სამწუხაროდ, რაც დრო გადის, მკითხველის ინტერესი ამ ჟანრის მიმართ კლებულობს. პათეტიკაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემი თაობის დამოკიდებულება პოეზიისადმი უკვე ძალზე ფილისტერული იყო. მეცხრე-მეათე კლასში ჩემი თანატოლი გოგონები, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, საერთოდ არ კითხულობდნენ ლექსებს. მათი ინტერესის სფეროს ამ ასაკში სულ სხვა ღირებულებები განსაზღვრავდა, განსხვავებით ჩვენი ბებიებისა და დედების თაობისგან, რომლებიც ცვეტაევას, ახმატოვას, ახმადულინას ლექსებს ხელით წერდნენ, ყვავილებს ახმობდნენ და დღიურებში ინახავდნენ. მავანი იტყვის, იმ დროს ეს მოდის ელემენტი იყოო. ამაზე არავინ დავობს. რა თქმა უნდა, ცვეტაევას ბევრი მოდის გავლენით კითხულობდა და არც ისინი გრძნობდნენ დიდ სულიერ კავშირს ახმატოვასთან, ვინც მის ლექსებს ხელით წერდა, მაგრამ დღეს ესეც რომ აღარ დაგვრჩა?
- თანამედროვე ქართულ პოეზიას ექსპერიმენტების ნაკლებობაში “ადანაშაულებენ”. ხშირად მსმენია - კი, რაღაცეები იწერება, მაგრამ ნახტომი, რომელიც რადიკალურად შეცვლის ვითარებას უკეთესობისკენ, არ გამოგვდისო. შენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით.
- მოსაზრებას ექსპერიმენტების ნაკლებობის შესახებ ნამდვილად ვერ გავიზიარებ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაახლოებით 2000 წლამდე ქართულ სალიტერატურო სივრცეში აქტიურად ვითარდებოდა სწორედაც რომ ექსპერიმენტული პოეზია. გაიხსენეთ “რეაქტიული კლუბი,” “პერფორმანსის თეატრი”, სადაც ლექსს და საერთოდ, სიტყვას ძალიან დიდი ადგილი ეჭირა, “კავკასიურ სახლთან” გაერთიანებული პოეტები, “ალტერნატივაში” დაბეჭდილი ლექსები, რომელთაც ნამდვილად ვერ დავარქმევდი კონვენციურ-ტრადიციულს. ეს ყველაფერი ავანგარდული, ალტერნატიული პოეზიის შექმნის მცდელობა იყო, თუმცა, იმ ავტორთა უმეტესობა, რომელთაც ეს ტალღა ააგორეს, დღეს ძალიან სხვანაირად წერს. როგორც მოვლენაზე და არა კონკრეტულ ავტორზე თუ ვისაუბრებთ, შოთა იათაშვილი, რომლის პოეზიის ადეკვატი ქართულ სივრცეში არ არსებობდა, დღეს ტერენტი გრანელის სტილში წერს და ლექსებს უძღვნის გალაკტიონს. ეს არის ბოლორითმოვანი კონვენციური ლექსები, ანუ, იგი დაბრუნდა უკან, ფესვებისაკენ და ეს ცუდი არ არის.
- თუმცა, ჩემთვის და მკითხველისთვისაც ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა, რატომ არ გრძელდება ექსპერიმენტები, ახალი ფორმების ძიება თანამედროვე ქართულ პოეზიაში?
- იმიტომ, რომ არ არსებობს მკითხველი, რომელიც ამას წაიკითხავს. საზოგადოებისგან არ არის დაკვეთა ასეთი ტიპის პოეზიაზე.
- არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი. არა მგონია, პოეტი წერის პროცესში იმაზე ფიქრობდეს, არის თუ არა მოთხოვნილება საზოგადოებაში კონკრეტული ტიპის პოეზიაზე. ის ხომ არ წერს საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, ის წერს იმიტომ, რომ ამის გარეშე არ შეუძლია.
- მოდით, საზოგადოების დაკვეთას ასე ნუ გავიგებთ. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ექსპერიმენტული ტიპის პოეზიამ თავისი მკითხველი ვერ ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტექსტები გასული საუკუნის ბოლო ათწლეული პერმანენტულად იბეჭდებოდა, მათი წაკითხვა არ მოხდა.
- ანუ, მან საკუთარი თავი ამოწურა?
- არა. ვფიქრობ, ერთი “ამოხეთქვა” კიდევ იქნება.
- “რეაქტიული კლუბის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი, ირაკლი ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მათი, ამ შემთხვევაში, მისი და მისი მეგობრების მიზანი თავის დროზე საზოგადოების გამოფხიზლება იყო. ეს მისია შეასრულეს და “რეაქტიული კლუბიც” დაიშალა.
- ეს ძალზე საინტერესო პერიოდი იყო. საზოგადოების უმეტესობას ხელში ავტომატი ეჭირა, ტყავის ქურთუკი ეცვა და მხოლოდ სამოქალაქო ომზე, ნარკომანიაზე, მკვლელობასა და უბედურებაზე ლაპარაკობდა. ადამიანები საოცრად აგრესიულები იყვნენ. ირაკლი და მისი მეგობრები ამ ყველაფრის მიმართ პროტესტს სწორედ ასეთი პოეზიით გამოხატავდნენ. სხვათა შორის, ეს იყო სერიოზული პროტესტი, რომელმაც საზოგადოების ცნობიერებაზე გარკვეული გავლენა მოახდინა.
- როგორ ფიქრობ, დღეს აღარ გვჭირდება პროტესტი?
- ის, რაც დღეს ხდება, კიდევ უფრო უცნაური და საინტერესოა. დღეს მწერლები, მუსიკოსები, გმირები, პოპ-ვარსკვლავები ჩაანაცვლა ერთმა ადამიანმა და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ვიღაცისთვის ეს პოზიტიური მოვლენაა, ვიღაცისთვის - ნეგატიური, მაგრამ ამის უარყოფა შეუძლებელია. ფაქტია, რომ დღეს ამ ადამიანმა საქართველოში არტ-ვარსკვლავის სივრცე შეითავსა. დამისახელეთ ქართველი მწერალი, რომელიც ჩვენთან აყალიბებს მოდას, აწყობს კულტურულ რევოლუციებს, ქმნის ამინდს, რომლის პირადი ცხოვრების ყოველი დეტალი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. ასეთი საქართველოში არ არის და ვერც იქნება, რადგან ამას სჭირდება სულ სხვა სივრცე და მასშტაბი. რა პროცესების მართვასა და საზოგადოების ცნობიერების ზემოქმედებაზეა ლაპარაკი, როდესაც ჩვენთან ყველაზე ცნობილი მწერლის წიგნის მაქსიმალური ტირაჟი მხოლოდ 2000-ია? რა დრამა შეიძლება გათამაშდეს ამ ტიპის აუდიტორიაში მთელი საქართველოს მასშტაბით? დღეს ჩვენ, მწერლებიც და მკითხველებიც მოჯადოებულ აკადემიურ სივრცეში ვიხარშებით, რომელიც არ მოძრაობს, არ არის ისეთი დინამიური, როგორც უნდა იყოს. შეიძლება, ვინმე შემეკამათოს, რაღაც ძვრები ხდებაო, მაგრამ ეს თითო-ოროლა გამონაკლისია და იმ ერთი მერცხლის ჭიკჭიკს ჰგავს, რომელიც გაზაფხულს ვერ მოიყვანს. დღეს ჩვენი შემოქმედებითი აუდიტორია, ლიტერატურული იქნება, მუსიკალური თუ სხვა, თავისი ტკივილის, პროტესტის, სამყაროსადმი დამოკიდებულების ლიტერატურაში ან მუსიკაში კონცენტრირებას კი არ ცდილობს, მთელი მისი ენერგია მიმართულია იქეთ, როგორ გაირთოს თავი საღამოს 7-დან 10 საათამდე. არავისთვის არის სიახლე, რომ “ლიტერატურული კაფე” დღეს კარგი ხაჭაპურის შესაჭმელი ადგილია და არა ლიტერატურაზე საუბრის. აქ შეკრებილ ადამიანებს ხაჭაპურის და “ტარტალეტკის” ხარისხი მეტად აღელვებთ, ვიდრე აქ წარმოდგენილი ლიტერატურის. რა ხდება ამ დროს სხვაგან? ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ არანაკლებ გემრიელი ბლინებია, სერიოზული ლიტერატურული სივრცეები არსებობს, სადაც რეალური ლიტერატურული პროცესები მიმდინარეობს და ადამიანები რეალურად ცხოვრობენ ლიტერატურით. ასეთი რამ საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
- თანამედროვე პერიოდს გულისხმობ?
- “ცისფერყანწელებსა” და მათ ლიტერატურულ სალონზე გამიგია რაღაც, მაგრამ რაც თავი მახსოვს, მსგავსი არაფერი მინახავს. ჩვენთან ყველაფერი ინერციით და სქემატურად მიდის. ჩემი აზრით, ამ საქმეში სერიოზულად უნდა ჩაერთონ გამომცემლები. ისინი არ უნდა იყვნენ 20-20 თეთრზე დამოკიდებული მცირე მეწარმეები. მათ უფრო მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეთ, ლიტერატურული პროცესების შექმნის ამბიცია. ამისათვის აუცილებელია ქართული ინტელექტუალური ბაზრის რეალური კვლევა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორია ადამიანების დამოკიდებულება წიგნთან (არ ვგულისხმობ მზითევისთვის ნაყიდ “ვეფხისტყაოსანს” ან “ქართლის ცხოვრებას”), რა ტიპის ლიტერატურას ითხოვენ და რატომ, რას ყიდულობენ სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა და ა.შ. მსგავს მონაცემთა ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, გამომცემლები სერიოზულად დაინტერესდებიან ამით.
- რამდენადაც ვიცი, რამდენიმე გამომცემლობას ჰქონდა მსგავსი კვლევების ჩატარების მცდელობა, თუმცა, ფინანსური სირთულეების გამო ვეღარ მოხერხდა.
- არა მგონია დღესდღეობით ეს შეუძლებელი იყოს. ბოლოსდაბოლოს, შესაძლებელია ფართომასშტაბიანი პროექტის დაწერა და გრანტის მოპოვება. ამას კიდევ ეშველება, მაგრამ არის ერთი, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯოჯოხეთურ შრომას მოითხოვს და ურომლისოდაც ზოგადად ქართული კულტურის, მათ შორის მწერლობის განვითარებაც წარმოუდგენლად მეჩვენება. ეს არის ქართული ვირტუალური სივრცე, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არ გვაქვს. პირადად მე მიმაჩნია, რომ მანამ, სანამ არ შეიქმნება ქართული საძიებლები, ინტერნეტში განთავსდება მთელი ქართული კულტურა, არ მექნება შესაძლებლობა დავჯდე კომპიუტერთან და ქართულ ენაზე მოვძებნო რომელიღაც მეასეხარისხოვანი ქართველი მწერლის რაღაც ნარკვევი, ვიდრე არ გვექნება სერიოზული ლიტერატურული საიტები, სადაც მწერალიც იმუშავებს, მკითხველიც და კრიტიკოსიც, მანამდე საქართველოში დიდი ლიტერატურული ნაწარმოებები არ დაიწერება.
- სამი წლის წინ საქართველოში დაარსდა ლიტერატურული კონკურსი სახელწოდებით “საბა,” რომლის იდეის ავტორი შენ იყავი. როგორ ფიქრობ, ასრულებს თუ არა იგი იმ მთავარ ფუნქციას, რისთვისაც იყო მოწოდებული, ანუ ლიტერატურული პროცესების გამოცოცხლებისა და ამ პროცესის შემადგენელი “ელემენტების” - ავტორის, მკითხველის, წიგნისა და გამომცემლის დაკავშირებას?
- სხვათა შორის, თავიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ კონკურსს ეჭვით შეხვდა. ამბობდნენ, ანგარებისა და პოლიტიკის სუნი უდისო, მაგრამ გავიდა დრო და გამოჩნდა, რომ მსგავსი ეჭვები უსაფუძვლოა. ამ კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ლიტერატურული პროცესის გამოცოცხლებაა და ამ ფუნქციას ის ასრულებს. როდესაც ყოველ წელს 7-8 მწერალი იღებს პრემიას, ჩვენ ვქმნით თანამედროვე ქართული ლიტერატურის ბიბლიოთეკას. რასაკვირველია, “საბა,” ისევე, როგორც ყველა კონკურსი, გარკვეულწილად, სუბიექტურია, მაგრამ საბოლოოდ ის სრულად ასახავს ჩვენს ლიტერატურულ რეალობას. ჩემი აზრით, არცერთი სერიოზული ავტორი ამ პრემიის გარეშე არ დაგვრჩენია. თუმცა, პრემია ყველაზე მთავარი ნამდვილად არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდა გამომცემლების დაინტერესება ავტორებით, ამ პროცესებში ჩაერთო მკითხველი. საბა” თავიდანვე იყო გათვლილი მკითხველთა წრეზე, ამ წრეში კონკრეტული ტექსტების პოპულარობაზე, მათ რეკლამირებაზე. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ “საბამ” ლიტერატურული კრიტიკაც გამოაცოცხლა. ის ფაქტი, რომ ჩვენ კრიტიკულ წერილებში გავცემდით პრემიებს, სტიმულს აძლევდა გამომცემლებს, ეს წერილები წიგნად დაებეჭდათ. ვფიქრობ, ასეთი გამოცემები თანამედროვე მკითხველისთვის ჰაერივით აუცილებელია, რადგან მას უნდა, რომ დღეს დაწერილ წიგნზე დღესვე წაიკითხოს კრიტიკული გამოხმაურება და არა ასი წლის შემდეგ.
- მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა შენი მოსაზრება თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ. რა არის შენთვის მისაღები და რა - მიუღებელი იმაში, რაც დღეს ხდება?
- უცნაურია, მაგრამ ჩვენ არ გვყავს თანამედროვე მწერლები, ერთი-ორის გარდა. გვყავს ადამიანები, რომლებიც წერენ და მათ შორის, მეც.
- “ერთი-ორში” ვის გულისხმობ?
- აკა მორჩილაძეს. იგი სრულად პასუხობს იმ სტანდარტებს, რაც თანამედროვე მწერალს მოეთხოვება - ვგულისხმობ მწერლის სოციალურ სახელდებას, სოციალურ ჰიპოსტაზს და არა პათეტიკურ განსაზღვრებას.
- რა სტანდარტებზეა ლაპარაკი?
- იმაზე, რომ თანამედროვე მწერალი მუდმივად უნდა მუშაობდეს, მხოლოდ ლიტერატურით ცხოვრობდეს და მატერიალურადაც ამაზე იყოს დამოკიდებული. ასეთი საქართველოში სწორედ აკა მორჩილაძეა, ავტორი, რომლის ახალ წიგნებსაც მკითხველი მოუთმენლად ელის. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ, ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. სწორად გამიგეთ, მე, როგორც მკითხველს, შესაძლოა, სრულიად სხვა ადამიანის ნაწერი მომწონდეს, მაგრამ მას მწერალს ვერ დავარქმევ. აკა კი მწერალია, რადგან იგი სოციალურადაც მწერლის ფუნქციებით ცხოვრობს. გაწაფული მკითხველი მიხვდება, რისი თქმაც მინდა.
- და ბოლოს, როგორი მკითხველია რატი ამაღლობელი?
- შეიძლება ითქვას, ამბიციური მკითხველი. როდესაც საინტერესო წიგნს ვკითხულობ, მგონია, რომ იმ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. თქვენ შეიძლება კონცერტზე მიხვიდეთ, ძალიან ისიამოვნოთ, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი არ გეგონოთ საკუთარი თავი. ეს ჩვენი ბრალი არ არის. წიგნს აქვს ეს უნიკალური უნარი - მისი წაკითხვის შემდეგ გვგონია, რომ რაღაცით უფრო მეტნი ვართ, ვიდრე მანამდე, სანამ ამ წიგნს წავიკითხავდით.

© "წიგნები – 24 საათი"

ირმა ტაველიძე - კონფლიქტის ზონა


თავი პირველი, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის კითხვა, რომელიც ირაკლი ტ. – მ საკუთარი მანქანის სარკეს დაუსვა (თანმიმდევრობა დაცულია)

რატომ გაუღიმა ცისფერმაისურიანმა ქალმა, სანამ პირზე ხელს ააფარებდნენ?

რატომ არ გამოიყენა დარჩენილი წამები კივილისთვის, რომელიც ამ სიტუაციაში ყველაზე ბუნებრივი იქნებოდა?

რატომ არ გაუწია მცირე წინააღმდეგობაც კი თავდამსხმელებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, შეიარაღებულები არ ჩანდნენ?

როგორ ვერ შენიშნეს გამტაცებლებმა იქვე, ორ ნაბიჯში, ასკილის ბუჩქს ამოფარებული შიშველი კაცი?

საერთოდ, საიდან გაჩნდა ეს ფოტოაპარატიანი ქალი?

რა დროს ჩამოვარდა ციდან?

რას აკეთებდა იმ მივარდნილ ადგილას, სადაც ერთ მენახირესაც
ვერ ნახავ და ვერც მაწანწალა ძაღლებს?

თუ მდინარეში ბანაობას აპირებდა და უცნობი კაცის დანახვამ განზრახვაზე ხელი ააღებინა, რატომ მაშინვე არ გაბრუნდა?

სურათების გადაღებას მოასწრებდა?

წესიერი ქალი შიშველი უცნობის შემჩნევისთანავე იქიდან გაქრებოდა, მაგრამ ასეთი მსჯელობა საით მიდის – ეს უწესო იყო?

არც თავზეხელაღებულ ჟურნალისტს ჰგავდა და თანაც, მდინარეში თუ მდინარის ნაპირზე საინტერესო რომ არაფერი ხდებოდა?

როგორ მოხვდა მისი ჩანთა ასკილის ბუჩქთან?

როდის შეინახა სათვალე და ფოტოაპარატი, რომელიც კისერზე ეკიდა?

რა დააშავა, რის გამო ეძებდნენ?

იქნებ გამტაცებლები სულაც არ იცნობდნენ და უბრალოდ, ვინმეს მძევლად აყვანა ჰქონდათ გადაწყვეტილი? თუ ასეა...

მაინც რატომ არ იკივლა?

პირადობის მოწმობა და სხვა საბუთები ხომ ექნება ჩანთაში? იქნებ სიგარეტიც... იქნებ კარგი სიგარეტი...

თავი მეორე, სადაც დასახელებულია ყველა ის ნივთი, რომელიც ირაკლი ტ.-მ უცნობი ქალის ჩანთაში იპოვა

შავი ფერის კალამი.

ქაღალდის ერთჯერადი ცხვირსახოცები, შვიდი ცალი. მარწყვის მძაფრი სუნით.

ორი ჰიგიენური პაკეტი (ცნობილი ფირმის, რომლის სარეკლამო რგოლის ნაწყვეტებს ხანდახან სიზმარში ხედავს ხოლმე).

ტყავის საფულე, რომელშიც მხოლოდ ოცი ლარი აღმოჩნდა. გარდა ამისა, აქვე დევს ვერცხლისფერი პაწაწინა ვარსკვლავი, რომელიც საყურის დეტალი უნდა იყოს.

უბის წიგნაკი, პირველ გვერდზე 2005 წლის იანვრით დათარიღებული ჩანაწერით.

რამდენიმე ქსეროასლი რუსული ტექსტით (ვიღაც მარინას წერილები ბორისისადმი).

გამჭვირვალე სითხით სავსე დეოდორანტი (რომლის რეკლამაშიც ყირაზე გადადის ის გოგო, აი, ის, ხომ იცით...)

რომელიღაც წამლის ფლაკონი ფრანგული წარწერით (სავარაუდოდ, საძილე საშუალება). გაუხსნელი.

წიგნი – ორაასორმოცდაათგვერდიანი, თხელყდიანი, ინგლისურ ენაზე. გარეკანზე გამოსახულია ქალი, რომელსაც შავი ცრემლები ჩამოსდის.

მუქჩარჩოიანი სათვალე.

ციფრული ფოტოაპარატი, კარგ მდგომარეობაში.

რგოლზე აცმული გასაღები – ბინის, სტანდარტული. იმავე რგოლზე ჰკიდია მინიატურული სათამაშო კრავი.

ავტობუსის ბილეთი – თბილისი – გორი. ფასი 3 ლარი. გასვლის დრო 13.00

თავი მესამე, სადაც აღწერილია ყველა ის კადრი, რომელიც ცისფერმაისურიანი ქალის ციფრულმა ფოტოაპარატმა შემოინახა

დახლზე დაყრდნობილ კაცს ხელში ნახევრად გაფცქვნილი ბანანი უჭირავს, ყურადღებით აკვირდება. მრგვალ სახეზე სიხარულის ღიმილი აფენია. იქვე ლურჯწინსაფრიანი გამყიდველი დგას და ყვავილოვან კომბოსტოს წონის.

ხანშიშესულ ქალს შავად შეღებილი თმიდან სარჭები მოუჩანს, მომჭკნარ ტუჩებზე მყვირალა ალისფერი წაუსვამს. უკმაყოფილოა. გამყიდველი ბრიყვული იერით უყურებს, ცალ ხელს მოწითალო კარტოფილისკენ იშვერს.

დახლის სიახლოვეს პატარა ბიჭი დახრილა, რომლის ფეხებთანაც ყვავილივით გადაშლილი ბანანის ქერქი გდია.

სრულიად მოულოდნელად შემდეგი კადრი ქალის მკერდს წარმოგვიდგენს. მას მუქი მწვანე პულოვერი აცვია, მსხვილი თვლებით ნაქსოვი, სადა.

ჩანთაწამოკიდებული ბიჭი მის ფეხებთან მოსეირნე მტრედებს დაჰყურებს, მარცხენა ხელში ფენოვანი ხაჭაპური უჭირავს. იჭყანება.

ეს შედარებით ბუნდოვანი კადრია, დაკვირვებას ითხოვს. ხილ-ბოსტნეულის დახლთან მდგარ უცნობს თვალებზე ხელები აუფარებია. ირგვლივ სრული სიბნელეა.

რომელიღაც ცნობისმოყვარე გამვლელი ტროტუარზე დაგდებულ, ვაფლმოციცქნილ, გამლღვალ ნაყინს ათვალიერებს. დამდნარი მასის სიახლოვეს კრაზანების გუნდი ირევა.

მხოლოდ თვალები, ალბათ იმავე ქალის. უცნაური, უსახელო ფერი – ერთმანეთში გარდამავალი თაფლისფერის და ჭაობისფერის რამდენიმე ტონი.

დახლზე მომცრო გორაკებად წამომართული ხილი – მსხალი, ატამი, რამდენიმე ჯიშის ვაშლი, შავი ქლიავი.

აქ ცარიელი ქუჩაა, ალვის ხეებით და ძირს მოფენილი ფოთლებით.

შენობის ახლადშეღებილი ფასადი და წარწერა მსხვილი ასოებით: "გორის ცენტრალური ბაზარი".

თეთრი მიკროავტობუსები, საქარე მინაზე აბრებით "ერედვი", "აჩაბეთი", "ქურთა", "ქვეში", "არბო", "ავნევი", "ნიქოზი", "დიცი", "კეხვი", "ერგნეთი".

მინდვრის ყვავილები.

მინდვრის ყვავილები.

მინდვრის ყვავილები.

თავი მეოთხე, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა ამოიკითხა ირაკლი ტ.-მ უბის წიგნაკში, სანამ საფეთქლებს დაიზელდა და ნაპოვნ ნივთს ჩანთაში ჩააბრუნებდა

პირველ გვერდზე:

ოთხი იანვრით დათარიღებული ჩანაწერი - "ყველაფრის თავიდან დაწყების მეშინია. დაბნეულობისგან შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ და ყველაფერი უსაშველოდ რთულდება. გავუძლებ. ცხვრებს დავითვლი და ტკივილის ხსოვნა ნელ-ნელა გაქრება. შიში ჩემთან ერთად დაიძინებს."

მესამე გვერდზე:

ელ-ფოსტის მისამართი: tavelix@yahoo.fr

მეშვიდე გვერდზე:

"ცხვრის ნეკნები ბრეტონულად" – მასალად საჭიროა: 4 ნეკნი, 1 კგ თეთრი ლობიო, 2 თავი ხახვი, 5 კბილი ნიორი, 75 გრამი კარაქი, 2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა, მარილი, პილპილი... (ირაკლი ტ.-ს კერძის მომზადების წესის წაკითხვის სურვილი აღარ გაუჩნდა).

მერვე და მეცხრე გვერდებზე:

რამდენიმე ლექსი, რომლებიც შესაძლოა სულაც არ იყო ლექსები ან სულაც არ იყო ამ ქალის.

მეცამეტე გვერდზე:

შესაძენი ნივთების სია: სურათების ალბომი, ჰიგიენური პაკეტები, გასაღების რგოლზე ჩამოსაკიდი სათამაშო, კალამი, დასაკეცი ქოლგა, საღეჭი რეზინა მარწყვის არომატით, იოდი და ბამბა.

მეჩვიდმეტე გვერდზე:

ივლისის შუა რიცხვებით დათარიღებული ჩანაწერი – "მეშინია მომდევნო რეპორტაჟის მომზადების, უხარისხო სურათების გადაღების, ჩემი შიშის, დაბნეულობის, არასწორად გადადგმული ნაბიჯების, შეცდომით არჩეული მიმართულების, უცხო ენების რთული გრამატიკის, აგრესიული უცნობების, თვითმკვლელობის, "ჰო"-ს ნაცვლად "არა"-ს თქმის, საკუთარი წინდაუხედაობის, დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანების, მდინარეების, სიზმრებიდან ამომხტარი თევზების..." ("ცოტას წაიპოეტებს", გაიფიქრა ირაკლი ტ.-მ და მოულოდნელად იგრძნო, რომ ამ ყველაფერმა საკმაოდ დაღალა).

მეთვრამეტე - ოცდამერვე გვერდებზე:

ნოველა "კონფლიქტის ზონა" (დაუმთავრებელი).

ოცდამეათე გვერდზე:

ბოლოსწინა ჩანაწერი: "დამესიზმრა, რომ ჩემს სოფელში მდინარე დაშრა და ქვიან ფსკერზე ის ბოთლი აღმოაჩინეს, ბავშვობისას რომ გავუშვი წყალში. შორს არ წასულა, იქვე ჩაძირულა. არ მახსოვდა, წერილში რა დავწერე, სანამ დავკეცავდი და ბოთლის ყელში ჩავაცურებდი. სირცხვილით ვიწვოდი – ნეტა ისეთი ხომ არაფერი წერია, რის გამოც მკაცრად დამსჯიან-მეთქი. თვალებს ვხუჭავდი და ყურებზე ხელებს ვიფარებდი, როგორც მაშინ, ათი წლის რომ ვიყავი და საკუთარი ჩრდილიც მაშინებდა... ამ შიშის გადალახვა როგორმე უნდა მოვახერხო. ხვალ სოფელში მივდივარ".

თავი მეხუთე, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის კითხვა, რომელიც ირაკლი ტ.-მ უბის წიგნაკის ოცდამეთერთმეტე გვერდზე ამოიკითხა (თანმიმდევრობა ამ შემთხვევაშიც დაცულია)

რამდენი წელია, რაც ეს მდინარე არ მინახავს?

ყოველთვის ასეთი მშვენიერი იყო თუ ახლა, ამდენი წლის შემდეგ მეჩვენება ასეთი?

როდიდან დაიწყეს კაცებმა მდინარეში ბანაობის წინ ტრუსების გახდა?

რატომ ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ?

შეიძლება, რომ მანიაკი ასე მომხიბვლელად გამოიყურებოდეს და ასეთი დამაბნეველი ღიმილი ჰქონდეს?

რატომ აქამდე ვერ მივხვდი, რომ ვერასდროს გავხდებოდი კარგი ჟურნალისტი და პროფესია დროზე უნდა შემეცვალა?

იქნებ ჯობდა, ისევ იქ დავბრუნებულიყავი, საიდანაც დავიწყე – ჩემს სიზმრებთან?

მათი ენა ხომ არ მესწავლა?

რა ვუყო ამ გაცნობიერებულ და გულმოდგინედ გაანალიზებულ შიშს?

ამ კაცს რომ შევუყვარდე, ნეტა თავის მეგობრებს და ახლობლებს თუ მოუყვება, რა ვითარებაში გავიცანით ერთმანეთი?

საინტერესოა, თუ მიხვდა, რომ თვითმკვლელობას ვაპირებ და მდინარიდან მის ამოსვლას ველოდები?

გამუდმებით რატომ ვატყუებ საკუთარ თავს?

იქნებ ამ სოფელში დავსახლდე და რომანების წერა დავიწყო?

წყლიდან ამოსვლას რატომ არ ჩქარობს – ჩემი ერიდება? სასაცილოა, ჩვენ ხომ სხვადასხვა განზომილებებში ვცხოვრობთ...

კონფლიქტის მთავარი მიზეზიც ეს არის – განა მინიმალური კომუნიკაციის ფონზე გაუგებრობების ხე მრავალმხრივ არ იტოტება და ყვავილობის შემდეგ უამრავ ცრუ ნაყოფს არ გამოიბამს?

სხვას რომ დაეწერა წინა სტრიქონები, ხომ ვიტყოდი, წაიპოეტებს-მეთქი?

ნეტა ცხვრის ხორცს თუ ჭამს?

ვინ იცის, იქნებ ჩემსავით თავგზააბნეული ჟურნალისტია?

ყვავილები ხომ არ დამეკრიფა, სანამ ბანაობას მორჩება და გამომელაპარაკება?

ჩემი შიში რითი იკვებება – ცუდი წინათგრძნობით თუ ცრურწმენით?

არ გადამარჩენს?

გადამარჩენს?

თავი მეექვსე, რომელიც არასრულად გვთავაზობს იმ ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია "ქართლი 2"-ის ეთერში მოისმინა იმავე დღეს რეგიონის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა

"დღეს დაახლოებით ცამეტ საათზე... კონფლიქტის ზონის ერთ-ერთი ქართული სოფლიდან... ჟურნალისტი, რომლის ვინაობა ამ დროისთვის დგინდება.... უცნობია იმ დაჯგუფების.... უშუალოდ მონაწილეობდა ამ გატაცებაში.... სამწუხაროდ, ვერც იმ თვითმხილველის... რომელიც აღნიშნულ ფაქტს შეესწრო... სამართალდამცავების ცნობით... დევნა ამ წუთებში მიმდინარეობს... ოპერაციის წარმატებით დასრულების შესაძლებლობა... გვესაუბრება შიდა ქართლის პოლიციის... თქვენი ინფორმაციით რომელ საათზე... მოგვიანებით... რა იცით გატაცებული ჟურნალისტის... მოგვიანებით... მართალია რომ ბავშვობა იმავე სოფელში... მოგვიანებით... როგორც დიდი ლიახვის ხეობის ამ სოფლის მოსახლეობა... მოგვიანებით... დიდი მადლობა... ინტერვიუ შიდა ქართლის... უახლესი ინფორმაციით გვერთვება ჩვენი კორესპონდენტი... პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა ერთადერთი თვითმხილველი... უკაცრავად აღელვებისგან ენა... ეს სწორედ ტელეკომპანია "ქართლი 2"-ის კორესპონდენტი ირაკლი ტ.... სენსაციური განცხადებით... უამრავი ახალი ფაქტი აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით... გამტაცებლების მანქანის ნომერი "VAT 987” რომლის დამახსოვრებაც თვითმხილველს... მაყურებელი უშუალოდ... და აი შესაძლებლობა გვაქვს... როგორც კადრში ხედავთ... გათავისუფლებული მძევალი იღიმება... "ქართლი 2"-ის კორესპონდენტს რომლის დროული დახმარების გარეშე... დაჯგუფების წევრებმა მიმალვა მოასწრეს... სავარაუდოდ მხოლოდ ფულის გამოძალვის მიზნით... უკაცრავად ეს ოპერატორის შეცდომაა... ყოფილი მძევალი ისევ იღიმება... წინა კადრში მხოლოდ მისი თვალები... მარცხენა ხელი... საღამოს ეთერში შემოგთავაზებთ ინტერვიუს... ირაკლი ტ. ამ ამაღელვებელი ამბის დეტალებზე... დროებით გემშვიდობებით და სარეკლამო პაუზის შემდეგ..."


თავი მეშვიდე, სადაც წაიკითხავდით იმ ინტერვიუს ჩანაწერს, რომელიც ორ საათს გრძელდებოდა "ქართლი 2"-ის პირდაპირ ეთერში, მაგრამ ამ ნოველის ავტორმა არჩია, დაუმთავრებელი ტექსტი შეეთავაზებინა მკითხველისთვის – ღიად დარჩენილი კითხვებით, შეუკრავი წრით და გაწყვეტილი ჯაჭვით.

P.S. კონფლიქტის ზონას საზღვრები არ აქვს. მიუხედავად ამისა, მათი გადალახვა მაინც შეიძლება.

© "წიგნები - 24 საათი"