Monday, March 23, 2009

ზაალ დგებუაძე – მესამე მხეცი?


ზაალ დგებუაძე

მესამე მხეცი?

ვახტანგ გოგუაძე. ორი მხეცი (ლენინი და სტალინი), თბილისი, 25 დეკემბერი, 2002 წელი, საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირი, მეორე შევსებული გამოცემა.


ეს წიგნაკი დაწერილია ადამიანის ხელით, რომელიც თავს ქრისტიან მართლმადიდებლად თვლის. ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში, მისივე აღიარებით. მე კი მგონია და ამას წიგნაკის ბევრი ადგილი, უფრო მეტიც, მთელი წიგნაკი, მოწმობს, რომ მის ავტორს შორეული წარმოდგენა აქვს ქრისტიანობაზე და მის ფუძემდებლურ წიგნებზე. შორეული და ზერელე, მეტისმეტად ზედაპირული, როგორც საბჭოთა "ფილოსოფიური" სკოლიდან გამოსული დოქტორისგან არის მოსალოდნელი.

ასეთი წიგნაკი მხოლოდ საღვთისმეტყველო კულტურის სიმწირისა, უფრო მეტიც, სრული გაველურების ფონზე თუ წარმოიშვებოდა. რა ძირითადი საღვთისმეტყველო პრობლემატიკა და თემები აწუხებთ, რა აღაფრთოვანებთ პეტრიწის მემკვიდრეებს ქვეყანაში, რომელსაც თავი მოაქვს ორიათასწლოვანი ქრისტიანული სარწმუნოებით, კულტურით? აღაფრთოვანებთ საქართველოს გაბრწყინების და ქართულ ენაზე მოლაპარაკე მესიის თემა და აწუხებთ ჯერეთ დაუბადებელ, დედის საშოშივე გარდაცვლილ ჩვილთა ან მკვდრადშობილთა ცხონება-წარწყმედის პრობლემა. აი, ამით არის, რამდენადაც ვიცნობ, დაკავებული ჩვენი საღვთისმეტყველო აზრი. ერთს საბჭოური პროპაგანდის ბანგის სუნი უდის (გაბრწყინება ერთი ქვეყნისა გარემომცველ სიბნელეში, როგორც კომუნიზმის დამყარება ერთ ქვეყანაში!), მეორე კი უსირცხვილო კაზუისტიკის სფეროს განეკუთვნება. ამ ფონზე არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი, პირდაპირ ვიტყვი, უწიგნური წიგნაკის გამოჩენა (როგორც გარეკანის წარწერა გვაუწყებს, იგი მეორედ გამოცემულა შევსებულ სახით).

"მე მრავალი წელია ვმუშაობ ამ უწმინდესს საკითხზე", - აცხადებს ავტორი. რა არის ეს "უწმინდესი (რატომ წმიდა არა?) საკითხი"? ეს არის გაშიფრვა იოანეს "გამოცხადებაში" ნახსენები სიმბოლური ფიგურებისა, რომლებიც ესქატოლოგიურ ჟამს, ანტიქრისტეს ხანის დადგომას და, ბოლოს, ქრისტეს მეორე მოსვლას მიანიშნებენ. ძირითადად ორ აპოკალიპსურ მხეცზეა ლაპარაკი - პირველ მხეცზე და მეორე მხეცზე. ფილოსოფიის დოქტორის აღმოჩენა შემდეგში მდგომარეობს: პირველი მხეცი (შვიდი თავითა და ათი რქით) ლენინია, მეორე მხეცი (კრავის ორი რქით) - სტალინი. პირველი მხეცი (ანუ ლენინი) ქრისტეს მგმობელია, ანტიქრისტეა; მეორე მხეცი (ანუ სტალინი) ქრისტეს მსგავსია, რაკი მას "კრავის მსგავსი ორი რქა" ამშვენებს... მეორე მხეცი, თუმცა ის ქრისტეს მსგავსია, გზას უხსნის პირველ მხეცს - ანტიქისტეს. რეალობაში: სტალინი ლაპარაკობს ლენინის სახელით, ქმნის მოძღვრებას და არქმევს სახელად ლენინიზმს. ანუ პირველ მხეცს მიაწერს თავის ნააზრევს სრულიად უანგაროდ, ის ხომ უვერცხლო იყო (იხ. 64-ე გვერდზე მისი პირადი ნივთების სია). ამ საიდუმლოს ამოხსნამდე, სიმბოლოთა ამგვარ გაშიფრვამდე, ცხადია, წარსულში ვერავინ მივიდოდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლენინ-სტალინი მეოცე საუკუნის ფიგურები არიან, მაშინ დაბადებული არ იყვნენ, თუნდაც მაშინ, როცა ანდრია კესარია-კაპადოკიელი წერდა თავის განმარტებებს. ამრიგად, დღევანდელ ფილოსოფიის დოქტორს თავისუფლად, სინდისის ქენჯნის გარეშე, შეუძლია თქვას, რომ "ანდრია კესარიელის ინტერპრეტაციაც მოძველებული ჩანს" (გვ. 12). ასეთი დიდი უპირატესობა შესძინა ჩვენს დოქტორს დრომ. ოღონდ უნდა ვიკითხოთ, რომელი სულით არის შთაგონებული მისეული განმარტება? ეჭვი მაქვს, რომ მას სულიწმიდა არ უწევდა მეგზურობას აპოკალიფსის ლაბირინთებში.

იყო დრო, როცა იოანე მოციქულის (და ღვთისმეტყველის) სახელით ცნობილი წიგნი "გამოცხადება" (სხვაგვარად: "აპოკალიფსი") არ იყო შეტანილი ახალი აღთქმის კორპუსში კანონიკურ წიგნებს შორის. გადავშალოთ "დიდი რჯულის კანონი" და მოვძებნოთ ლაოდიკიის კრების განჩინებები, სადაც ძველი და ახალი აღთქმების წიგნებია ჩამოთვლილი. მათ შორის ვერ ვპოვებთ "გამოცხადებას". თავდაპირველი ეკლესია შიშობდა, რომ ამ წიგნის რთულ (როგორც ფიგურათა, ისე რიცხვთა) სიმბოლიკას ბიძგი არ მიეცა ამაო მარჩიელობისათვის. საცდურში არ ჩაეგდო მომავლის საიდუმლოთა ახსნის მოსურნე ადამიანის სული. მაინც, საბოლოოდ, "გამოცხადება" შეტანილ იქნა ახალ აღთქმაში. ეკლესიის შიში კი გამართლდა. ამ წიგნის თვითნებურმა განმარტებებმა ბევრი ფსევდოქრისტიანული სექტა წარმოშვა წარსულში და დღესაც (მაგ., იეღოვას მოწმეთა მოძღვრება, ძირითადად, "გამოცხადების" თვითნებურ გაგებაზეა დამყარებული). წინამდებარე წიგნაკი სექტანტური აზროვნების კიდევ ერთი ნიმუშია.

ამრიგად, ლენინიც და სტალინიც, ჩვენი ავტორის რწმენით, აპოკალიფსური მხეცები არიან. თუ ეს ნამდვილად ასეა, ქრისტიანული პოზიციებიდან მათ ვერაფერი გაამართლებს, მაგრამ დოქტორი, რომელი სულით შთაგონებული, არ ვიცი, მაინც ვერ მალავს თავის სიმპათიებს და აღფრთოვანებას ამ მხეცების პიროვნებათა და მათი შექმნილი წყობილების მიმართ. "იმ დემონსტრანტებს, წითელი დროშებით, ლენინისა და სტალინის პორტრეტებით რომ გამოდიოდნენ, მე დიდ პატივს ვცემ. საბჭოთა სახელმწიფოს მადლი არ უნდა დააკნინო" (გვ. 10). განსაკუთრებით დაუფარავია რწმენა, სასოება და სიყვარული მეორე მხეცისადმი, სტალინისადმი, რომელსაც, თუ ბოლომდე ჩავიკითხავთ ამ წიგნაკს, დავრწმუნდებით, რომ არცთუ შორეულ მომავალში წმიდანად შერაცხვა ელის. ასე სჯერა ჩვენს ავტორს. აი, რა აძლევს მას ამის იმედიან არგუმენტს: "სტალინი არ იყო წმინდანი, იგი სახელმწიფოს მეთაური გახლდათ. თუმცა ზოგიერთ მეფეს სიკვდილის შემდეგ წმინდანადაც შერაცხდნენ, იმ ადამიანებს, რომლებიც დემონიურთან იყვნენ წილნაყარნი და სისხლიც ბევრი ეცხოთ ხელზე, ყოველ შემთხვევაში, ისტორიოგრაფიას მაინც სჭირდება დროის დისტანცია" (გვ. 87). ანუ უნდა დაველოდოთ, როცა გამოაშკარავდება "საბჭოთა სახელმწიფოს მადლი", რომელიც ახლა უმადური ადამიანების მიერ დაკნინებულია (გვ. 10). როცა შინაგანი გარეთ გამოვა, როგორც ნათქვამია წმიდა წერილში, აი, მაშინ გაბრწყინდება საბჭოთა მადლი, დღეს მიჩქმალული და დაკნინებული. ნამდვილად, ეს სტალინის მეორედ მოსვლის დრო იქნება (გვ. 65). და იცით, ვინ არის ამ ნეოსაბჭოური ხანის წინამორბედი? თავად ვლადიმირ პუტინი! სტალინი, ასე ამოიცნო doctor sovieticus sive diabolicus-მა, "მისთვის (პუტინისთვის, ზ.დ.) გარკვეული ორიენტირია და ჩვენზე უკეთ იცის მისი ფასი" (გვ. 88). ხალხის მასებიც თურმე ატარებს ესქატოლოგიურ მოლოდინს: "დიდი ადამიანები ენატრება ახალგაზრდობას"; "სტალინის მაგალითი აღელვებს ახალგაზრდობასაც და ძველგაზრდობასაც" (გვ. 89). პუტინი - ძველგაზრდა, რომელიც ახლა მეორე მხეცის კაბინეტში ზის, "ოცნებობს, აღუდგინოს რუსეთს მსოფლიო დიდება" (გც. 89). თუ იცის ამ დოქტორმა, რას ამბობს ამ სიტყვებით? რას ნიშნავს პოლიტიკურ ასპარეზზე დიდება და, მით უმეტეს, მსოფლიო? ვის ხელშია დიდება ამა სოფლისა? ვის გულისხმობენ, როცა ამ ენით ლაპარაკობენ? მართალია, ჩვენი doctor propheticus -ი არ დემაგოგობს იბერიის გაბრწყინებით (ეს სხვათა საქმეა), სამაგიეროდ "დიდი რუსეთის" ამ დიაბოლურ დიდებაში თავის ქვეყანასაც, როგორც "გარკვეულ მეწილეს დიდ რუსეთთან ერთად", მიუჩენს ადგილს (გვ. 91).

კეთილი და პატიოსანი. მაინც რით შეიძლება დაიმსახუროს "მეორე მხეცმა" სტალინმა წმიდანობა? რას შეეძლო წარეხოცა მისი მხეცობა? აი პასუხი: "მეორე მხეცმა (სტალინმა) ამავე დროს გააკეთა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კეთილშობილი საქმე - მან გადაარჩინა მართლმადიდებელი ეკლესია. ეს შეეძლო მხოლოდ ქრისტეს მიახლოებულ კაცს. სტალინი ღმერთზე ნაკლებია და კაცზე მეტია". ეს ღირსშესანიშნავი სიტყვები მეტი დამაჯერებლობისთვის შავი (აზრის ადექვატური ფერის) შრიფტით არის აწყობილი. მკრეხელობა ამაზე შორს ძნელად თუ წავა. ვისგან გადაარჩინა "ღმერთზე ნაკლებმა და კაცზე მეტმა" სტალინმა მართლმადიდებელი ეკლესია? თავისი მხეცობისგან? თუ ავტორი ფიქრობს, რომ მებრძოლი ათეისტური საბჭოეთის მშენებლობაში სტალინს არავითარი წვლილი არ მიუძღვის? არა, თურმე სტალინს დახვდა ათეისტური რუსეთი, სადაც მას არაფრის შეცვლა არ შეეძლო. აი, ბატონო: "საბჭოთა ათეიზმს ოფიციალურად სტალინიც ვერ უპირისპირდებოდა" (გვ. 53). თუ ეს ასეა, მაშ, სადღაა სტალინის ზეკაცობა ("აი ეს იყო მართლა ზეკაცი", გვ.61), მისი რკინისკაცობა? მისი მონოლითურობა? და, ბოლოს, "ქრისტესთან მიახლოებულობა"? დავიჯეროთ, რომ სტალინი სახალხოდ, საკაცობრიოდ, ცეცხლითა და მახვილით ნერგავდა იმას, რაც არ სწამდა ანუ მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებს და საიდუმლოდ, შიშით ინახავდა იმას, რაც სწამდა - ქრისტეს სიყვარულს? ქრისტიანობის რომელ ისტორიაში მოძებნა ავტორმა ასეთი ზღაპრები? აი, ასეთ სტალინზე ამბობს ჩვენი ავტორი, რომ "სტალინის მაგალითი აღელვებს ახალგაზრდობასაც და ძველგაზრდობასაც"?

ჩვენი სპიკერყოფილის რწმენით, "ისტორიულად არსებულ ყველა სახელმწიფოს შორის, თუ ვიხელმძღვანელებთ პლატონის პრინციპით, საბჭოთა კავშირი უმცირესი ბოროტებაა" (გვ. 10). ამ უმცირესი ბოროტების შექმნა-განსრულება, როგორც ფიქრობს სპიკერყოფილი, ვერ მოასწრო პირველმა მხეცმა, მაგრამ მეორე მხეცმა-სტალინმა განასრულა (გვ. 17). როგორ გამოვხატოთ ეს განსრულება? ვერ გამოვხატავთ უკეთესად, თუ არა მისივე, აწ პროფეტის და ისტორიის მსჯავრმდებლის, სიტყვებით: "აი, ამ რუსეთიდან, კავის რუსეთიდან, სტალინმა ატომური ბომბის მფლობელი რუსეთი მისცა მსოფლიოს. ეს ატომური ცეცხლი სხვა რა შეიძლება ყოფილიყო, კითხულობს სპიკერყოფილი და პასუხობს "გამოცხადების" ტექსტით: თუ არა ის, რომ სტალინი "ახდენდა სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე". ამაოდ აწუხებს "გამოცხადებას". ყოველ შემთხვევაში, სტალინთან მიმართებაში ატომური ბომბი და "გამოცხადებისეული" ციური ცეცხლი სრულიად უადგილოა. თუ რაიმე ახდა ამ წინასწარმეტყველებაში, უფრო (თუმცა საეჭვოა) ამერიკის შეერთებულ შტატებზე ითქმის. რა ბომბი ჰქონდა, თუნდაც არა ციდან, ისევ მიწიდან მოპარული, სტალინს ხიროსიმამდე?

წმიდა წერილის შინაარსის ზედაპირული და ანტიქრისტული უზურპაციის შედეგია ასეთი დასკვნა სტალინის, როგორც ეკლესიის მხსნელის პიროვნებაზე. ის, მართალია, ანტიქრისტეა, მაგრამ ეკლესიის მხსნელია. სპიკერყოფილს ჰყოფნის კადნიერება (და გამბედაობაც, რასაც მხოლოდ მისი უმეცრება თუ გაამართლებს), რომ ამ კონტექსტში სავლე გაახსენდეს, რომელსაც ის "დიდ ანტიქრისტეს (?)" უწოდებს, რაკი ხოცავდა ქრისტიანებს. სავლე "უცბად ხდება დიდი, უმაღლესი მოციქული". სავლე-პავლეთი სპეკულაცია ე.წ. ეროვნულმა მოძრაობამ მოიტანა. თავიდანვე ეს არასერიოზული, ზედაპირული, ფსევდოქრისტიანული აზროვნების ნაყოფი იყო. მან დაანაგვიანა ქართული საზოგადოების ცნობიერება. ჩვენ სპიკერყოფილს იგი კულმინაციამდე აჰყავს: როგორც პავლედ გარდაქმნილმა სავლემ იხსნა ეკლესია, ასევე თურმე სტალინს გადაურჩენია რუსეთის მართლმადიდებლობა: "ასე რომ, მეორე მხეცი, გველეშაპი, ცრუწინასწარმეტყველი (სტალინი) გახდა დიდი საიდუმლო ბურჯი ქრისტიანობისა" (გვ. 20). სპიკერყოფილს არ სურს იცოდეს, რომ პავლე ქრისტეს მოციქული შეიქნა და ცხადად, სახალხოდ, ქადაგებდა ქრისტეს და რომ ის საქვეყნო სვეტი იყო და არა "საიდუმლო ბურჯი". პავლემ თავისი სისხლით დაამოწმა ქრისტე, სტალინმა კი სხვისი, მათ შორის, ღვთისმსახურთა სისხლით დაამოწმა კომუნიზმის "ჭეშმარიტება". ან სად მოხდა "მეორე მხეცის" გარდაქმნა პავლედ - სად იყო მისი დამასკოს გზა? ან როდის - როცა გაუჭირდა?

ლენინ-სტალინი აპოკალიპსური მხეცები არიან, მიწიერი მხეცები მათთან ახლოსაც ვერ მივლენ. რატომ? რატომ და ლენინ-სტალინის მხეცობა ღვთის ნება იყო: "ჰიტლერი ან ტროცკი გაცილებით საშინელი ბოროტება გახლდათ, ვიდრე ლენინი, მაგრამ მათ "შვიდი თავი და ათი რქა" არ არგუნათ ღმერთმა". და კიდევ: "ღმერთის მგმობელს ერთი უცნაური ბედი სჭირს. იგი არა თავისი ნებით (როგორც ჩანს, უფლის ნებით), ფორმალური ნიშნებით უნდა ჰგავდეს ქრისტეს..."
"როგორც ჩანს, უფლის ნებით". საიდან ჩანს? აპოკალიფსის ვაიკომენტატორი დარწმუნებულია, რომ ანტიქრისტე ღვთის ნებით მოქმედებს. საიდან, რომელი თეოლოგიური ლექსიკონიდან ამოიკითხა ასეთი აბსურდი. doctor sovieticus sive satangelicus -ი აშკარად ურევს ერთმანეთისაგან ღვთის ნებას და ღვთის მიშვებას. ბოროტების ქმნას ღმერთი არ აიძულებს ადამიანს, ადამიანი თავისი ნებით სჩადის ბოროტებას. სატანაც თავისი ნებით განუდგა ღმერთს და დღემდე ამ ნებით განაგრძობს განდგომილებას. სპიკერყოფილი პატივს სცემს მათ, ვისაც ლენინ-სტალინის პორტრეტები მოჰქონდათ. დღემდე იგი ამ პორტრეტებს სიწმიდეებად თვლის და მათ პროტოტიპებსაც.

სრული ჭეშმარიტებაა, რომ ანტიქრისტე (როგორც ეს ბერძნული სიტყვა აჩვენებს) ქრისტეს მიმბაძველია ანუ ცრუქრისტეა და ქრისტეს სახით მოევლინება კაცობრიობას, რათა აცდუნოს. მაგრამ როგორ ავლენს ამ მსგავსებას ერთ-ერთი მხეცი-ანტიქრისტე ლენინი? აი, თურმე როგორ: "ქრისტე მოჰკლეს, ჯვარს აცვეს, მაგრამ აღსდგა. ლენინი სასიკვდილოდ დაჭრეს, მაგრამ როგორღაც "აღსდგა" იმის გამო, რომ სასწაულით განიკურნა". მკითხველო, გესმით, რას წერს ეს doctor sovieticus sive satangelicus -ი? მან ხომ თავისი კერპის ბიოგრაფიაც არ იცის (ქრისტეს ცოდნას რომ თავი დავანებოთ): განიკურნა კი ლენინი? სასწაული იყო, მამალივით რომ აყივლდა კრემლში? წავიდეთ უფრო შორს: ავტორი აგრძელებს პარალელს: ქრისტემ სახელი შეინარჩუნა, მაგრამ ეპითეტები მოიპოვა (მესია, კრავი, დავითი...); ლენინი-ანტიქრისტეც არ ჩამორჩა: ინარჩუნებს სახელს (ვლადიმერს), მაგრამ იცვლის გვარს. ძლიერი არგუმენტია, დამარწმუნებელია, წყალი არ გაუვა. კიდევ წავიდეთ წინ: "ანტიქრისტეს დედაც იუდეველი უნდა იყოს. ქრისტეს დედა მარიამია, ლენინის დედაც მარიამია (ბლანკი)". ეს ფრაზა, რომელმაც დაიტია ისტორიული აღმოჩენა, მეტი თვალსაჩინოებისთვის, ასევე შავი შრიფტით არის აწყობილი!

საგანგებოდ უნდა შეინიშნოს (არ მივჩქმალოთ) ავტორის დოგმატშემოქმედებითი ღვაწლი. ქრისტიანული დოგმატები მსოფლიო კრებებზე იქმნებოდა, მაგრამ doctor sovieticus -ს დღეს შეუძლია შექმნას დოგმატები. ის ქმნის ახალ-ახალ დოგმატებს, მაგალითად, ქრისტეს მეორედ მოსვლა, მისი შეხედულებით, მეორე ჯვარცმაა: "მე ამ ჟამს ქრისტეს მეორე ჯვარცმას ვუწოდებ" (გვ. 23).

საწინააღმდეგოდ, მთელს საქრისტიანოში (როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში) მიღებული დოქტრინისა ბოროტების უარსობის შესახებ, იგი გვთავაზობს: "რაც შეეხება ბოროტებას, დიალექტიკურად მას აქვს არამარტო უფლება არსებობისა, არამედ იგი სიკეთესთან თანაარსებობის აუცილებელი ელემენტია. რომ არ იყოს ბოროტება, არ იქნება სიკეთე" (გვ. 22). იგი ასე აზროვნებს: თანაფარდობა არ უნდა დაირღვეს, თორემ ბოროტების არსებობა აუცილებელია. უნდა არსებობდეს, ოღონდ მცირე დოზით!

ჩათვალა რა ჩვენმა დოქტორმა, რომ მისი თანადროული კაცობრიობა "ანტიქრისტეს ეპოქაში" იმყოფება, იქამდე მიდის, რომ აცხადებს: "პირველად კაცობრიობის ისტორიაში სიტყვა, ანტიქრისტეს ეპოქაში, არ არის ღმერთთან. იგი მიიტაცა სატანამ" (გვ. 37). ეს სიტყვები იოანეს სახარების პირველ მუხლის კომენტარია. როგორ წარმოიდგინა, რომ ლოგოსი (სამების მეორე წევრი) "არ არის ღმერთთან"? სატანამ მიიტაცა (horribile dictu!) სამების მეორე ჰიპოსტასი, "ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს საუკუნეთა"?

დოქტორს თავისი წვლილი შეაქვს ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში: "ამ ცოდვის გამო დაისაჯნენ პირველი "დისიდენტის", გველის მიერ შეცდენილი ადამიანები. მაგრამ ამ ცოდვის წყალობით იქცნენ ისინი ნამდვილ ადამიანებად. მანამდე, სამოთხეში, როგორც ჰეგელი ამბობს, ადამს და ევას ჰქონდათ პირუტყვული სიმშვიდე, სრულიად უშინაარსო" (გვ. 66-7). ჰეგელის დამოწმება არ შველის - აქ გამოთქმული აზრი არა მხოლოდ ყირამალა აყენებს ქრისტიანულ, კერძოდ, მართლმადიდებლურ მოძღვრებას, რის ერთგულ ადეპტადაც თვლის თავს ჩვენი დოქტორი, არამედ სატანურ-ანტიქრისტულია. doctor satangelicus -ი ნამდვილად იზიარებს ოფიტების გნოსტიკურ სწავლებას ბოროტი დემიურგის შესახებ, რომელიც ადამს უმალავდა ცოდნას, კეთილმა გველმა კი ამ არარაობას, როგორიც თითქოს დემიურგის მონა ადამი იყო, გაუმჟღავნა თავდაპირველი სიბრძნე. ეს კეთილისმყოფელი გველია სწორედ პირველი მხეცი და, იქნებ, მეორეც.

წავიდეთ წინ ახალ-ახალი ერესების სიღრმისაკენ. დოქტორი, რომელიც ქრისტიანობას იჩემებს, იმდენად გაიტაცა სიკვდილის დასჯის აღდგენის იდეამ, რომ წინასწარმეტყველებს კიდეც, რომ "ევროპა და რუსეთი მალე აიჩეჩავენ მხრებს და დაიწყებენ ბოდიშების (sic! ასეა!) თავიანთი პრინციპების წინააღმდეგ - იმის გამო რომ უნდა აღადგინონ სიკვდილით დასჯა". ეს კიდევ არაფერი, წმიდა წერილში ეძებს და პოულობს (!) მის გამართლებას: "ქრისტეს "მეორედ მოსვლის" განაჩენი სიკვდილით დასჯა არ არის? ქრისტე გულმოწყალეა უმწეოთა და სუსტების მიმართ, მაგრამ სასტიკია თავხედთა მიმართ. სიკვდილით დასჯა თვით ღმერთის მიერაა დაკანონებული" (გვ. 38). ეს აღმოჩენაც შავი შრიფტითაა აწყობილი! ვინ არიან ეს "უმწეონი და სუსტები", რომელთადმი ქრისტე გულმოწყალეა. უმწეო და სუსტი გამორიცხავს ცოდვას? რა კატეგორიაა "თავხედობა"? როდის დააკანონა ღმერთმა სიკვდილით დასჯა - კაენის ეპიზოდში? და, ბოლოს, უკანასკნელი აკორდი - თითქოს მობოდიშება, ასე ვფიქრობ, თავისი ოდიოზური აზრისთვის: "ქრისტე ღმერთი კი არ იწონებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მის მიერ ეს არმოსაწონი ნაბიჯი ქრისტეს მიხედვით აუცილებელია" (გვ. 38). აქ ის შემთხვევაა, როცა მახინჯი აზრი უკვე ენასაც ამახინჯებს. აშკარად უმტყუნა დოქტორს მშობლიურმა ენამ. თუ "ღმერთმა დააკანონა", ღმერთი როგორღა "არ იწონებს"? საკუთარ ტვინში გაჩენილ წინააღმდეგობას დოქტორი ღმერთს მიაწერს?

კიდევ ახალი "დოგმატი": "ქრისტე გაადამიანურდა..." (გვ. 55). და კიდევ: "თუმცა ქრისტეს მიერ ნაქადაგევი ასკეტიზმი ძალზე მკაცრი ასკეტიზმია, ძალზე იშვიათად განსახორციელებელი" (გვ. 55). და კიდევ: "ადამიანის ბუნება არ არის ისე იდეალური, ქრისტე რომ მოითხოვს". გვესმის დოქტორის გულმოწყალება საცოდავი ადამიანების მიმართ! არა, ძე ღვთისა ამაოდ განკაცებულა! მისამართი ხომ არ შეეშალა, ანგელოზებისთვის ხომ არ უნდა ექადაგა? ვის ვერწმუნოთ და მივსდიოთ - დოქტორს თუ ქრისტეს, რომელიც ამბობს: "რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მ. 11:30).

კიდევ ახალი "დოგმატი" ქრისტოლოგიურ საიდუმლოებაში: "ჭეშმარიტ ღმერთად ქრისტე ჯვართამაღლების შემდეგ ხდება" (გვ. 58). რისი თქმა სურს დოქტორს? ქრისტე არ შობილა ღმერთად ანუ წმიდა მარიამი არ არის ღვთისმშობელი, არამედ მხოლოდ ნახევარღმერთის მშობელი. დოქტორი აღადგენს არიანულ მწვალებლობას, რომელიც საუკუნის მანძილზე არყევდა ეკლესიას. დღეს მას ერთგული ქომაგი გამოუჩნდა.

იუდას საკითხში ჩვენს ავტორს ვერ მივაწერთ ორიგინალობას, მაგრამ მაინც აღვნიშნოთ - მისი კილო მოწმობს, რომ იუდას პროვიდენციალობის პრობლემა საკუთარ აღმოჩენად მიაჩნია. კითხულობს თამამად და თამამსავე პასუხს იძლევა: რომ არ ყოფილიყო იუდა, როგორი იქნებოდა ქრისტეს ზეცად ამაღლების მთელი ეს პროცესი, რომელიც მამისგან იყო დაშვებული?" (გვ. 72). ჯერ ერთი, უნდა იყოს ლაპარაკი გამოსყიდვის პროცესზე - გამოსყიდვა ესაჭიროება დაცემულ კაცობრიობას, იუდა კი ამ დაცემის ნაყოფია. როცა იუდა, ქრისტეს მოციქულიც კი, სჩადის ასეთ საქციელს, აუცილებელი ხდება გამოსყიდვის პროცესი ღვთის განკაცებიდან დაწყებული მის მეორედ მოსვლამდე, რომელიც არ არის თვითმიზნური, რომ იუდას მისი პროვოცირება მოეხდინა. იუდა არავის დაუნიშნავს გამცემად - მან თავად აირჩია, საკუთარი ნებით გადადგა ეს ნაბიჯი, რითაც დაადასტურა, რომ "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" და მას ხსნა ესაჭიროება. ყოველი ლაპარაკი იუდას მისიაზე, თითქოს ის ცას დაენიშნოს, გაუგებრობაა.

კიდევ, ეს უკვე ანტიქრისტული ცინიზმია: სტალინმა "შექმნა ხალხის სახელმწიფო. ამ ქვეყანაში არ იყო დემოკრატიული სახალხო არჩევნები, მაგრამ არასოდეს ხალხს, უბრალო ადამიანს არ ღირსებია ისეთი უფლება ადამიანისა, რაც მშრომელ, გაჭირვებულ ადამიანს ჰქონდა...""(გვ. 63). დოქტორი ვერ ხვდება, რომ თუ სადმე ანტიქრისტეს დაუარსებია სახელმწიფო, ეს საბჭოეთი იყო თავისი ნიველირებული, გასაშუალებული მოსახლეობით, რომელთაც "მშრომელები" ეწოდათ. დემოკრატიულ არჩევნებს ვინ ჩივის, საერთოდ არჩევნების იდეის კარიკატურაზე იზრდებოდნენ თაობები, მათ შორის ჩვენი doctor sovieticus-ი, რომელიც მისტირის სტალინურ რეჟიმს.

და კვლავ იმეორებს დემაგოგიურად თავის საყვარელ სილოგიზმს, რომ რაკი სახელმწიფოს არსად სამოთხე არ დაუმყარებია, "ბოროტებათა ხარისხით - საბჭოთა კავშირი ყველაზე ნაკლები ბოროტება ყოფილა" და აგვირგვინებს მისთვის ჩვეული ენობრივი აბდაუბდით: "მეტი და უკეთესი არ არის მიწაზე აშენებული ქვეყანა" (გვ. 63). მაგრამ თუ რეპრესიების გამო ვინმე ანტისტალინელი ჩამოაგდებს სიტყვას, პასუხიც მზადა აქვს საღვთისმეტყველო სფეროდან: "რეპრესიების გამო ბრალდებას ვერ მოვუხსნი სტალინს, თუმცა იმასაც შეგახსენებთ, არც მეორედ მოსვლა უფლისა იქნება ურეპრესიო. სამწუხაროდო, გვაფრთხილებენ უფლის სახელით, უდანაშაულონიც არ აღმოჩნდებიან მთლად კაი დღეში" (გვ. 65). Doctor odiosus-ი, თავისდა უნებურად (მსურს, ასე ვიფიქრო) ქმნის ახალ, ჯერარნახულ მწვალებლობას - ქრისტეს მეორედ მოსვლა რეპრესიების კატეგორიაში გაჰყავს. კეთილი და პატიოსანი. ეს აზრი მის სადოქტორო სინდისზე იყოს, მაგრამ ამ "უდანაშაულოებმა" რაღა დააშავეს, ცოდვილთა შავი დღე რომ უნდა გაიზიარონ?

რაც მთავარია და სავალალო, სიბრალულის გარეშე ნამდვილად არ შემიძლია ამის აღიარება, რომ დოქტორი იმ დაბეჩავებული, ღირსებაწაშლილი "უბრალო ადამიანისა" და "მშრომელის" ფსიქოლოგიას არ გასცილებია, როცა სტალინის უბრალოებაზე და ასკეტობაზე ლაპარაკობს: "სტალინის მამა ფეხსაცმელს კერავდა, მისმა შვილმა მსოფლიო ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი სახელმწიფო შეკერა (sic! ასეა! ზ.დ.). თვითონ კი გაცვეთილი ფეხსაცმელით წავიდა ამა ქვეყნიდან" (გვ. 62). მოსაწყენი ბანალობა, როგორიც მხოლოდ მეშჩანურ-მდაბიურ ცნობიერებაში შეიძლება დაიბადოს! როგორ არ გავიხსენო ერთი პროლეტარი მწერლის გულწრფელი განცვიფრება, როცა დაინახა, რომ მილიონერი ფორდი საუზმედ ყავისა და ორცხობილას მეტს არაფერს მიირთმევდა. ნუთუ არ ესმის დოქტორს, რომ ასკეტიზმი თავისთავად არავითარ კავშირში არ არის არც მორალთან, არც სიკეთესთან, არც სიწმიდესთან, არც რელიგიურ რწმენასთან...? სატანაც მარხულობს, სატანაც ასკეტია და ასკეტი იქნება ანტიქრისტეც.

სტალინის ასკეტიზმზე, მის უანგარობაზე პირად ცხოვრებაში, მის უვერცხლობაზე რომ დიდის ამბით ლაპარაკობს, ჩვენს დოქტორს ის კი აღარ ახსენდება, რომ ამ ასკეტმა შეგნებული მიშვებით გააღმერთებინა თავი საბჭოეთის დაშინებულ-დაბეჩავებულ და გაუბედურებელ ხალხს. ამაზე მეტს რას ისურვებდა მეორე მხეცის პროტოტიპი? ანტიქრისტეს ხომ, გარდა მსოფლიო ბატონობისა და ადამიანთა მოხიბლვა-გადაბირებისა, სხვა ანგარება არ გააჩნია! ახლა დოქტორი გვასწავლის, რომ თურმე გაუცვეთელი ფეხსაცმელი კი არ არის მთავარი, არამედ, "მთავარია ის დიადი იდეა, რომელიც ღვთისაგან მოდის. რომელიც ღვთისაკენ მიდის" (გვ. 62). რომელი იდეა მიმოდის ღვთისგან და ღვთისაკენ - კომუნიზმის, ადამიანთა დაბეჩავების, ტერორის, მსოფლიო ბატონობის, ტყუილის, დემაგოგიის? რომელი ერთი? თურმე "რას არ აიტან სიტკბოების მოსაგერიებლად, რას არ აიტან ტანჯვით, წვალებით ემსახურო ღმერთს, ხალხს, ქვეყანას" (გვ. 62). რომელ ღმერთს, რომელ ხალხს, რომელ ქვეყანას? პირველი და მეორე მხეცის "ღმერთს", ღმერთწართმეულ ხალხს და უღმერთო ქვეყანას ხომ არა?

Doctor sovieticus-ი გვაწვდის სტალინის პირადი ნივთების ნუსხას - 5 ჩიბუხი, 10 შარვალი და ასე შემდეგ... სხვა ქონება აღწერაში შეტანილი არ არისო... რატომ არ შეიტანეს მისალმებათა ნაკადი ან დედამიწის ყოველი ქვეყნიდან გამოგზავნილი საჩუქრები - ვისი საკუთრება იყო ისინი? ან ის კაპიტალი, რომლითაც თავისი სახელობის ლაურეატებს აჯილდოვებდა? "ქრისტეს კვართი და სტალინის შინელი" (გვ. 60) - ასეთი სათაური აქვს კულმინაციურ თავს ამ ბროშურისა. მართლაც კულმინაციაა დემაგოგიის, გაუგებრობის, უმეცრების, პროფანაციის!.. რა სიმბოლური კავშირია, რა პარალელიზმია მათ შორის, გაურკვეველი რჩება. სემიოტურ დონეზე მაინც ყოფილიყო ცხადი! "ქრისტეს პერანგი მისი დიდებულების სიმბოლოა", გვამცნობს დოქტორი. სტალინის შინელიც მისი პატრონის დიდებულებას გამოხატავს? კვართზე წილი იყარეს, შინელზე არ უყრიათ... (გვ. 66).

და უკანასკნელად, დოქტორი გულისტკივილით, თითქოს აღშფოთებითაც წერს: "საბჭოთა კავშირი დაინგრა. მაგრამ ისტორიოგრაფია დგას დოყლაპიასავით და თითქოს უყურებს ცირკს - როგორ აორთქლდა საბჭოთა კავშირი..." (გვ. 90). ის მოითხოვს "საბჭოთა ხელისუფლების სამართლებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობის ობიექტურ შეფასებას" (გვ. 91). მაგრამ რას მოელის ამ "ობიექტური შეფასებისგან"? არ არის ძნელი გამოსაცნობი: საბჭოეთის გამართლებას მოელის! რეპრესიების გამართლებას, რაკი "არც მეორედ მოსვლა უფლისა იქნება ურეპრესიო." ნუთუ ერთხელ მაინც, საბჭოეთის აორთქლებას რომ მისტირის, არ დაიბადა მის საბჭოურ ტვინში კითხვა, თუ სად აორთქლდა 60 მილიონი ადამიანი, საბჭოთა კავშირის არსებობას, მის არაადამიანურ რეჟიმის განმტკიცებას, კომუნიზმის გაუმაძღარ მოლოხს რომ შეეწირა?

"საბჭოთა კავშირში დაბადებულ-გაზრდილ ადამიანებს დღეს მარტო მეტრიკა გვაშორებს მასთანო", ამბობს დანანებით doctor sovieticus -ი. უნდა ვანუგეშო - არც ისე ცუდად აქვს საქმე. მისი ტვინიც და ტვინის ნაყოფი ეს წიგნაკი იმის უტყუარი დასტურია, რომ ორივე მხეცის ნაშიერი მისი ავტორი მხოლოდ მეტრიკის იმედზე არ უნდა იყოს. მეორე მხეცის, კომუნიზმის ხუროთმოძღვრის, მოსაყდრე ხომ მალე "გაშიფრავს" (გვ. 91) ისტორიას.


© “წიგნები – 24 საათი”

Thursday, March 19, 2009

საუკუნის წიგნი – ენტონი ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალი"


დავიწყოთ იმით, რომ "მექანიკური ფორთოხალი" შეუდარებელი რომანია. ახალგაზრდა ალექსის სახით ენტონი ბერჯესმა ისეთი გამორჩეული და ორიგინალური ბოროტმოქმედის პორტრეტი დაგვიხატა, რომ იგი გრემ გრინის ცნობილ პერსონაჟს, ფინქისაც არ უდებს ტოლს, ის კი არადა, აჭარბებს კიდეც ცინიკური სისასტიკითა და გულქვაობით. ალექსი არის ზნედაცემული, აულაგმავი თინეიჯერი, ერთი სიტყვით, გამოცხადებული პატარა ურჩხულია, რომელიც "უანგაროდ" უძღვნის თავს ბოროტებას და ფანტასტიკურ "საგმირო საქმეებსაც" ჯოჯოხეთური ცეცხლით აღაგზნებს. ის მიზანსწრაფი, თავდადებული ბოროტმოქმედია, თუმცა ძნელია მის საქციელში ლოგიკურობის მსგავსი რაიმის აღმოჩენა; იგი, უბრალოდ, ზვიგენივით უტრიალებს გარს თავის ლუკმას და ინტელექტთან შეზავებულ დაუნდობლობას აფრქვევს.
მწერალი, ძირითადად, სახელმწიფოსთან მის დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას, მის ამბოხზე იმ მანქანის წინააღმდეგ, რომელიც ალექსს არჩევანის უფლებისგან ძარცვავს და პირობითი რეფლექსების (ამ შემთხვევაში დადებითად მიჩნეულების) გროვად გადააქცევს. "მექანიკური ფორთოხალი" არის პატარა გამაოგნებელი მოღალატე, ჩვენზე სასურველი ეფექტის მოსახდენად ტელესკოპური სიზუსტით რომ გვთავაზობენ.
ყველაზე თავზარდამცემად კი ის მიმაჩნია, რომ ალექსის ეს სწორუპოვარი მონოლოგი მომავლიდან გადმოგზავნილ მემუარებად აღიქმება: ყმაწვილი ცხოვრობს ისეთ სამყაროში, რომელსაც მთელი სივრცე მოუცავს და სოციალური სიმსივნის გარდა სხვა რამ საფრთხე აღარ ემუქრება. როდესაც მისი თვალით შევყურებთ აწმყოს (ცხოველისდარად, მას წარსულისა და მყოფადის აღქმა არ შეუძლია), ახალ და უცხო პლანეტას აღმოვაჩენთ იმ სამყაროს მიღმა, მტრულად რომ არის განწყობილი ალექსისა და მისი ხულიგან-ბიტნიკი დამქაშების მიმართ და მაინც, რაღაც დოზით იგი ხელს უწყობს მათ სისასტიკეს.
ენა, რომელზედაც ეს ჯეელი და მისი "დოსტები ღადაობენ", კომუნიკაციის იშვიათი, არგაგონილი სახეობაა. ყოველი გვერდი დამუხტულია ამ ჟარგონის უჩვეულობით, მაგრამ საკმარისია წიგნის შუამდე მივაღწიოთ და ჩვენთვის უკვე აღარაფერი იქნება გაუგებარი. ამით მთხრობელის მიზანიც მიღწეულია: ჩვენ და ალექსი ერთსა და იმავე ენაზე ვამყარებთ ურთიერთობას, სტილისტური ხერხი, რომლითაც მისი ამბოხებული "ძმაკაცის" დასჯის ეპიზოდია გადმოცემული, ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოსაბეზრებლადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ ბერჯესი აქაც ისეთი ოსტატობით ახერხებს ჩვენს მორჯულებას, რომ აღარაფერი გვაქვს საწუწუნო. მისი ნეოლოგიზმები თითქმის ყოველთვის გამომწვევია, ზოგჯერ კი, თავშესაქცევად ირონიული (სიგარეტს "კიბოს ჩხირად" მოიხსენიებს), და წიგნის ბოლომდე ჩაკითხვისას ჩვენ გვეჩვენება, რომ ახალი ენაც შევისწავლეთ და ალექსის "საძმოშიც გავწევრიანდით".
ის დაუცხრომლად მიისწრაფვის "ყოვლადუმიზნომიზნისაკენ", განსასჯელს კი მტაცებლური ალღოთი ირჩევს. ალექსი და მისი "ძმაბიჭები" უმოწყალოდ უბრაგუნებენ მოხუც მეცნიერს, ერკინებიან მეტოქე ბანდას, მშვიდი სინდისით დააქროლებენ სხვის მანქანას, ჟეჟავენ მწერალს და თვალწინ "უფორმებენ" ლამაზ მეუღლეს. მაგრამ ალექსის ფანტაზია ამოუწურავია: ათიოდე წლის ორ გოგონას სახლში იტყუებს და წარბშეუხრელად ასალმებს უმანკოებას. ბოლოს კი მთელი სიამოვნება ამოშხამდება: გაძარცვის მიზნით ბინაში შეჭრილს ხანდაზმული ქალი შემოაკვდება და "კოპების" მიერ დაუზოგავად ნაგვემს გისოსებს მიღმა უწევს ყურყუტი. უგრძნობლობითა და გულგრილობით იგი კამიუს უცხოსაც კი უკან იტოვებს, ასე ვთქვათ, ამ პერსონაჟის გროტესკული ვარიანტია.
და აი, რომანის მეორე ნაწილში (იგი რაღაცით სამმოქმედებიან პიესას აგონებს მკითხველს) ამ ყმაწვილს სანიმუშო პატიმრის როლი მოურგია, თავს ისე აჩვენებს ციხის კაპელანს და ადმინისტრაციას, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ ბიბლია აინტერესებს... და გამოსწორების გზაზე შემდგარი დამნაშავის მორჩილებით ელის ბედის წყალობას. მაგრამ ყველაფერი წყალში ეყრება: თანასაკნელებთან ერთად მოუსავლეთში გზავნის ამოჩემებულ "ახალწვეულს" და ცხადია, ყველაფერი ისევ მარტო მას ბრალდება; ამიტომაც აირჩევენ "ლუდოვიკოს მეთოდის" საცდელ ბაჭიად, ეს მეთოდი კი ის პროცესი გახლავთ, ბატონებო, ნებისმიერი ძალადობის დანახვაზე კუჭის წვენს რომ ამოაღებინებს ადამიანს. ალექსს ზედა ქუთუთოებს პაწაწკინტელა სარჭებით უმაგრებენ, რათა თვალი ვერ მოაშოროს ეკრანს, რომელზეც ძალადობას ძალადობა ეცილება. ამ გზით "გადარემონტებულ" ადამიანს უკვე ბიბლიაც აღარ სჭირდება, ისეთი უსაშველო სათნოებითაა აღჭურვილი. შემდეგ კი ალექსს ბედის ანაბარა მიატოვებენ, ვირთხასავით გამოამწყვდევენ რეფლექსების გალიაში და საბოლოოდ პოლიტიკურ პაიკადაც იყენებენ. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ავტორი საზოგადოების გასაფრთხილებლად და დასამოძღვრად აღწერს.
მთელი რომანი კი იმის შეგონებაა, რომ კეთილი ნებით არჩეული ბოროტება უნდა გვიჯობდეს თავსმოხვეულ სიქველესა და სათნოებას. აქ უნებურად ასეთი კითხვა გვებადება: გარდა საკუთარი არჩევნისა, საზოგადოების გულგრილობაც ხომ არ განაპირობებს ამ ყმაწვილის სისასტიკეს? საბედნიეროდ, მისტერ ბერჯესი ჩრდილს არ აყენებს ამ შესანიშნავ ნაწარმოებს და თავს არიდებს ასეთ ბანალურ კითხვაზე მზამზარეული პასუხის შემოთავაზებას. ის უბრალოდ გვიყვება "დამშოკავ" ამბებს, რომელიც ინდივიდის სოციალურ გადახრასა და ამავე ინდივიდის კეთილ ნებაზე კოლექტიური ოპერაციის ჩატარების პროცესს ასახავს. სხვათა შორის, მისი მიზანი, ცოტა არ იყოს, თავის თავს უსწრებს რომანის მეორე ნახევარში: იმის ნაცვლად, რომ ირონია აქ აღწერილი სიტუაციებიდან ამოიზარდოს, პირიქით ხდება, მწერალი თავად ამ ეპიზოდებს ახვევს თავს სარკაზმს, რითიც აბლაგვებს სამართებლივით მჭრელ პროზას. იმის დამატებაღა დაგვრჩენია, რომ "მექანიკური ფორთოხალი" არის ბოროტებისა და ძალადობის ჰიპერბოდა, უმოწყალობის დემონსტრაცია, სატირა ცალკეულ თუ კოლექტიურ ანომალიაზე.

The New York Times
მარტი 19, 1963

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა


© "წიგნები – 24 საათი"

მიხეილ ქვლივიძე – ვაპირებ ცხოვრებას – ავტობიოგრაფიული ჩანაწერები

უსათაურო, ანუ ჩემი "ღობე-ყორული"

ეს ჩანაწერები, ჩემთვის შეუმჩნევლად, "თავისთავად" იქმნებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ვწერდი მაშინ, როცა ლექსი არ მეწერებოდა და ზოგი მათგანი ლექსის ეკვივალენტი მგონია. ასეა თუ ისე, ჩემი ჩანახატები, ზნეობრივი და ფილოსოფიური სენტენციები (ღმერთმა დამიფაროს, არც მონტენს, არც ლაროშფუკოს თავს არ ვადარებ!), რაღაცნაირად წარმოადგენს ჩემს პიროვნებას და ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე შემეტანა ჩემს "ავტობიოგრაფიულ ნარკვევში". მკითხველმა განსაჯოს, რამდენად სწორად მოვიქეცი.

* * *
უსარგებლო ფიქრი - დროსტარების საუკეთესო საშუალებაა! გონება, ჩვენ, არა მარტო დისერტაციების დასაწერად, გართობისთვისაც მოგვცა ღმერთმა! შემოქმედი კაცი, მხატვარი, სიკვდილამდე ბავშვია და ტვინი, როგორც საყვარელი სათამაშო, მას არასდროს მობეზრდება! დროცა და სივრცეც, წარსულიცა და აწმყოც, მომავალიც და უსაზღვრო კოსმოსიც - ყოველივე ეს გონების სრულ განკარგულებაშია!.. საბრალონი არიან, ვისაც ამ სიმდიდრის გამოყენება არ შეუძლია!
მაგრამ ფიქრი აუცილებლად უსარგებლო უნდა იყოს - პრაქტიკულ ინტერესს მოკლებული! იგი უნდა გვიტაცებდეს, გვალაღებდეს, გვართობდეს, - ამ "გართობაში" კი ბევრი რამ იგულისხმება: ძიების აზარტიცა და აღმოჩენის სიხარულიც!

* * *
თავს იღარიბებს, ვინც მხოლოდ აწმყოში ცხოვრობს! უფალმა, ჩვენ მოგონებისა და ფანტაზიის, ანუ დროში გადანაცვლების უნარიც მოგვანიჭა... ამის შესახებ, კარგად წერს კურტ ვონეგუტი თავის რომანში "სასაკლაო N5": "ჩემი რომანის გმირი ბილ პილიგრიმი დროს გამოეთიშა - 50 წლის კაცი იყო, უკვე დაქვრივებული, როცა დაიძინა და თავისი ქორწინების დღეს, 20 წლის ასაკში გამოეღვიძა! მერმე უხილავი კარი შეაღო და 70 წლისა გახდა!.. ბილის თქმით, არაერთხელ გაუვლია თავისი ცხოვრების გზა - დაბადებიდან სიკვდილამდე. იგი განუწყვეტლივ მოგზაურობს დროში და ზოგჯერ თვითონაც არ იცის, დღეს სად აღმოჩნდება: ბავშვობაში, ახალგაზრდობაში თუ სიჭარმაგეში?! "სიკვდილი არ არსებობს, - აცხადებს ბილი, - გარდაცვლილ ადამიანზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იგი ამჟამად "ცუდად გამოიყურება", რადგან დროის სხვა მონაკვეთში, მაგალითად, წარსულში - იგი ცოცხალია. ამიტომ სისულელეა მკვდრის დატირება... დრო კრიალოსანს ჰგავს და მისი ყოველი მძივი - წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, - მუდამ ჩვენს განკარგულებაშია, როგორც ჩვენი მოქმედების ასპარეზი"...
რა დიდებული, მანუგეშებელი აზრია!

* * *
სიბერე - სიცოცხლესთან გაჭიანურებული გამოთხოვებაა, უსიამოვნო და ძნელად ასატანი. მაგრამ, ამავე დროს, იგი სიცოცხოლის გახანგრძლივების ერთადერთი საშუალებაცაა, რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობს!

* * *
თუ კარგად ვიცით, რაზე ვწერთ, მით უმეტეს, სიმართლეს თუ ვწერთ, შეგვიძლია ბევრი რამ გამოვტოვოთ - მკითხველი თვითონ მიხვდება.

* * *
რატომ არის, რომ გამოუცდელი კაცის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება უფრო სასტიკი და ულმობელია, ვიდრე გამოცდილი ბოროტმოქმედის დანაშაული?

* * *
აწმყო - უსასრულოდ მცირე მონაკვეთია ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის და ჩვენ, ფაქტობრივად, მხოლოდ წარსულში და მომავალში ვცხოვრობთ!

* * *
უცხოელები "გენაცვალეს" და "შენი ჭირიმეს" იმიტომ ვერ თარგმნიან, რომ ამ გამოთქმების შესატყვისი განცდა არ გააჩნიათ, თორემ იმათი ენა ქართულზე ღარიბი როდია.

* * *
ის, რაც სუყველას ეკუთვნის, სინამდვილეში არავისია - ეს ანბანური ჭეშმარიტება ვერა და ვერ გაიგეს კომუნისტებმა! მარქსი მაინც რამ გადარია, ის ხომ თვითონ მესაკუთრე იყო?!

* * *
ერთი პაწაწინა, უძველესი ქვეყნის პატივმოყვარე მოსახლეებმა (რომლებსაც "ქართველებს" უწოდებდნენ) თავიანთი ეროვნული ანბანის უკვდავსაყოფად, ქალაქის მოედანზე გრანიტის ლოდი აღმართეს და ზედ დააწერეს: "აქ "დედა-ენის" ძეგლი დაიდგმებაო"... გავიდა ხანი და როცა იმ ქვეყანაში კოსმოდრომის მშენებლებმა მიწის ქანს გრანიტის ლოდიც ამოაყოლეს, მთელს დედამიწაზე კაციშვილი არ აღმოჩნდა, რომ ის წარწერა ამოეკითხა!

* * *
იქნებ შემოქმედება ჩვენი უსუსური მცდელობაა, გაკვირვების წამიერ განცდას უსასრულობის თვისება მივანიჭოთ?!

* * *
ქართველი კაცი ბუნებით მსახიობია და ყოველთვის ისეთი გატაცებითა და კმაყოფილებით თამაშობს თავის თავის როლს, რომ ხშირად არც აინტერესებს: რა სპექტაკლში მონაწილეობს?!

* * *
ბუნება ბრმა და გულგრილია. იგი ყოვლად უაზროდ, მექანიკურად ეწევა ჩვენში დამანგრეველ მუშაობას და აინუნშიც არ აგდებს ჩვენს ზრახვებსა და მისწრაფებებს!

* * *
პროვინცია რომ თბილისს ეტანება, კარგია - საქართველოს დედაქალაქში ძირითადად ქართველები უნდა სახლობდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ქალაქური ცხოვრების წესი, დღეს, სომეხმა ჰაიკანუშამ უკეთესად იცის, ვიდრე ქართველმა ფაცია-ბიცოლამ!

* * *
ერთი ჩემი დაუწერელი მოთხრობის "კონსპექტი" მინდა შემოგთავაზოთ: ყველაფერი ქალ-ვაჟის ერთმანეთისადმი ლტოლვით დაიწყო. მერმე, ეს ფიზიკური და სულიერი ლტოლვა, ე.წ. "სიყვარული", საკუთრების გრძნობაში გადაიზარდა და ეჭვიანობამ ცოლი იქამდე მიიყვანა, რომ მან "მოჰკლა" და დაივიწყა ქმარში - მამაკაცი, ქმარმა კი (რაკი ცოლში მხოლოდ ეჭვიან მოთვალთვალეს ხედავდა), "მოჰკლა" და დაივიწყა ცოლში - დედაკაცი... მაგრამ ისინი მაინც ერთად იყვნენ და თითქოს უყვარდათ კიდეც ერთმანეთი და ვერაფრით ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ სინამდვილეში მათ სიყვარული კი არა, - ერთად ჩადენილი ბოროტმოქმედება - სიყვარულის მკვლელობა აკავშირებდა!

* * *
ნიჭი დანაშაულივითაა, რომელიც მხატვარმა თავისი შემოქმედებით უნდა გამოისყიდოს!

* * *
ნებისმიერი საზოგადოება სოციალურ ჯგუფებად, ანუ კლასებად იყოფა, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა, უფრო დიფერენციული დაყოფა, რასაც ჩვენი არსებობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მართლაც, რამდენია საზოგადოებაში ჭკვიანი და უჭკუო, პატიოსანი და თაღლითი, ბოროტი და კეთილი, ძუნწი და ხელგაშლილი...
საკვირველია, რომ "კლასთა ბრძოლის" მიმდევრებს ეს მხედველობიდან გამორჩათ!

* * *
ერთი საყოფაცხოვრებო "კანონი" აღმოვაჩინე: ქალისადმი ჩვენი სიყვარული იმ ენერგიის უკუპროპორციულია, რაც ამ სიყვარულის მოსაპოვებლად (ანუ ქალის ხელში ჩასაგდებად!) დაგვეხარჯა... განა ასე არ არის?

* * *
ნუ მოვთხოვთ ადამიანს იმაზე მეტს, რისი მოცემაც მას თვითონ, ნებაყოფლობით უნდა... მაშინ ყველანი ბედნიერი ვიქნებით!

* * *
ქართველ კაცს ლექსის წერის (საერთოდ, შემოქმედების) თანდაყოლილი ნიჭი აქვს. მაგრამ არაფერს ისე კარგად და ისეთი შთაგონებით არ წერენ ჩვენში, როგორც ნეკროლოგს (გარდაცვლილი ადამიანისთვის ტკბილი სიტყვა არ გვენანება!).
სადღეგრძელოს თქმაშიც მარჯვენი ვართ, რადგან სადღეგრძელო ხშირად ნიღაბია ნამდვილი გრძნობის დასაფარავად და სადღეგრძელოს მთქმელი, თავის გამოჩენას უფრო ცდილობს, ვიდრე მოყვასის დაფასებას!

* * *
როგორი მომხიბვლელი და სასურველიც არ უნდა იყოს ქალი, შვილს დედასთან ქუჩაში გავლა არ უნდა ეუხერხულებოდეს! ჩვენმა დედებმა და ბებიებმა ყოველთვის იცოდნენ ქალური თავდაჭერისა და მიხრა-მოხრის ეს საიდუმლოება. ნუთუ ახლა დაივიწყეს?

* * *
ერთ ჩემს ნაცნობ პოეტს იმდენად დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე, თვითონვე რცხვენოდა ამის, ერიდებოდა თავის ღირსებებზე ლაპარაკს და ამიტომ უაღრესად თავმდაბალ კაცად თვლიდნენ!..

* * *
ჩემი დაკვირვებით, ადამიანს ხუთი შეგრძნების გარდა, კიდევ ერთი, გარდაუვალი აღსასრულის შეგრძნებაც აქვს... თუ მიგიქცევიათ ყურადღება, რა ნაღვლიანი თვალებით იყურება ახალშობილი ბავშვი?!

* * *
სიყვარული რწმენაა და ყველანაირ ცოდნას აღემატება! საყვარელ არსებაზე ხშირად არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ გვიყვარს და ეს ჩვენთვის საკმარისია. სამაგიეროდ, კარგად შეგვიძლია დავახასიათოთ ადამიანი, ვის მიმართაც სრულებით გულგრილნი ვართ.

* * *
ამას წინათ, ბალზაკი გადავიკითხე. საყურადღებოა გობსეკის ევოლუცია... თავიდან, გამდიდრება მისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალება იყო: ამის გამო განიცდიდა გაჭირვებასა და დამცირებას, ყველაფერს იკლებდა, კაპიკ-კაპიკ ფულს აგროვებდა, რომ შეძლებული კაცი გამხდარიყო. იგი ფიქრობდა: ყოველთვის ასე ხომ არ ვიქნები, დოვლათს დავაგროვებ, შეძლებული კაცი გავხდები და ბედნიერად ვიცხოვრებო... მაგრამ მიზანი შორს იყო და დროთა ვითარებაში, გობსეკი იმდენად შეეჩვია თავის მათხოვრულ ყოფას, რომ დაივიწყა ის, რისკენაც მიისწრაფოდა. იგი უკვე აღარ ვარგოდა იმ მომავალი "ბედნიერი ცხოვრებისთვის" და ამიერიდან, მხოლოდ შიმშილის, დამცირებისა და უუფლებობის პირობებში შეეძლო არსებობა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ბედნიერი ცხოვრების მიღწევის საშუალება - მატერიალური დოვლათის დაგროვება, - გობსეკისათვის ცხოვრების მიზნად გადაიქცა... დასკვნა ასეთია: წინააღმდეგ მარქსისტული მოძღვრებისა, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად მარტო ის საშუალება გამოდგება, რომლის მეშვეობითაც მიღწეული მიზანი, თავის პირვანდელ სახეს არ კარგავს...

* * *
ორთაბრძოლაში მოგებული ის არის, ვინც გამარჯვებულიც კი თავის "მეობას" შეინარჩუნებს!

* * *
სასვენი ნიშნების მტერი არ ვარ, მაგრამ ბოლო ხანს ძახილის ნიშანი შემძულდა. ჩემი ნება რომ იყოს, გავაუქმებდი... თუმცა, ამით რა შეიცვლება?

* * *
საკულტო ნაგებობა, - ქართული ტაძარი იქნება თუ გოთური ეკლესია, - ხელთუქმნელსა ჰგავს: იგი ბუნებასთან ორგანულად შერწყმულია და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქო, ხესავით, მიწიდან იყოს ამოზრდილი... ამას ვერ ვიტყვით სამოქალაქო ან საწარმოო დანიშნულების შენობებზე, თვით არქიტექტურულ შედევრებზეც კი, ცოცხალი ბუნების ხელოვნურ დანამატებად რომ გამოიყურებიან!

* * *
ერთმა ახალგაზრდა მწერალმა ბრძენსა ჰკითხა: მშობლიური ენის გარდა, უცხო ენებიც ვიცი და რომელ ენაზე ვწეროო? ბრძენმა უპასუხა: იმ ენაზე წერე, რა ენაზეც ლოცულობო... ჩემი აზრით, ენის არჩევანზე თუ მიდგა საქმე, იმ ენაზე უნდა ვწეროთ, რა ენაზეც დავიძახებთ: "ვაი, დედაო!", როცა რაიმეს ვიტკენთ!

* * *
ვინმეს უნდა ვჭირდებოდეთ, - მარტო მაშინ იქნება ჩვენი არსებობა გამართლებული!

* * *
ადამიანს თუ პასუხს ვაგებინებთ მისი შეხედულებების გამო, მაშინ უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმ მოვლენებისთვისაც, რამაც ეს შეხედულებები განაპირობა, ეს კი აშკარა უსამართლობა იქნებოდა!

* * *
ადამიანი, თუ მას ყოველივე არსებულის ნაწილად არ წარმოუდგენია თავისი თავი, შეუძლებელია ბედნიერი იყოს.

* * *
ერთბაშად და მოკლედ ბევრს რომ იტყვი, ესაა ლექსი!

* * *
რაც დრო გადის, ჩემში თანდათან იკლებს საკუთარი თავის შეცოდების გრძნობა და მოყვასისადმი უფრო მეტი თანაგრძნობით ვიმსჭვალები. იქნებ, ის პირვანდელი, ღვთაებრივი საწყისი იღვიძებს ჩემში, აღსასრულს რომ ვუახლოვდები?

* * *
საკვირველია, მაგრამ მელექსე კაცს, ლექსის მოსმენა არ მიყვარს! პოეზია, ალბათ, ფერწერას უფრო ჰგავს, ვიდრე მუსიკას და ლექსის აღქმა შინაგანი მხედველობის საშუალებით ხდება!

* * *
რწმენა თუ არ გაგაჩნია, მახვილს ნუ ამოიღებ, რადგან ბრძოლას მხოლოდ მიზანი აკეთილშობილებს: უმიზნოდ მებრძოლი - მოღალატეზე უარესია!

* * *
პოეზიაში მოყვარულებს არაფერი ესაქმებათ: მუზასთან არშიყობა არ შეიძლება - იგი თავდავიწყებით უნდა გიყვარდეს!

* * *
დადიხარ, ხვდები ქალებს, მათ შორის, შემთხვევით, შეიძლება ისიც შეგხვდეს, ვისაც შეიყვარებდი, რომ იცნობდე, მაგრამ შემთხვევით არ იცნობ და სხვა შეგიყვარდება, ვისაც ასევე შემთხვევით შეხვდი და გაიცანი... ასე, ჩვეულებრივი შემთხვევითობა შენი ცხოვრების ბედისწერად იქცევა... ნუთუ მარტო შემთხვევაა ის, რასაც ბედისწერას ვეძახით?

* * *
შიშით დაზაფრული - ერთია, მშიშარა - სხვაა! შიშმა შეიძლება ადამიანი გაგიჟებამდე მიიყვანოს, მაგრამ ლაჩრულ, უპატიოსნო საქციელს არ ჩაადენინებს. მშიშარა კაცი კი, ბუნებით პატიოსანიც რომ იყოს, არავითარ სისაძაგლეს არ მოერიდება სულიერი სიმშვიდისა და თავისი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად!

* * *
ხშირად მეჩვენება, თითქოს რაღაც ისეთი ვიცი, რაც სხვებმა არ იციან, მაგრამ რა ვიცი - ვერ მივმხვდარვარ!

* * *
"ღრმა აზრი" სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მისი სიტყვიერი გამოხატულება აუცილებლად ბუნდოვანი და გაუგებარი უნდა იყოს. პირიქით - სწორედ რთული და ორიგინალური აზრი უნდა გამოითქვას უბრალოდ და გასაგებად, რომ მკითხველმა არ იგრძნოს მწერლის "უპირატესობა", მიენდოს მას და ადვილად გაითავისოს მისი ნათქვამი...

* * *
"გონებრივი დალტონიზმი" შეიძლება ვუწოდოთ პოეტების პროფესიულ დაავადებას, როცა ისინი მართალსა და ტყუილს, სინამდვილესა და ფანტაზიას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ...

* * *
ის კაცი სულ თავის თავს უსმენდა, მაშინაც კი, როცა სხვას ელაპარაკებოდა!

* * *
ღმერთო ჩემო, რამდენი უსიამოვნება ხდება ქვეყანაზე, თუნდაც ისეთი, პირადად ჩვენ რომ არ გვეხება?! რატომ გვინდა მაინცდამაინც ყველაფერი ვიცოდეთ? განა უფრო ხელსაყრელი არ იქნებოდა თავი მოგვეტყუებინა, ვითომ არაფერი არ ვიცით?!

* * *
კარგ აზრს რა სჯობია! სამწუხაროდ, საზოგადოებაში ყოველთვის მოიძებნება ერთი სულელი, ვინც მეთოდურად და თანამიმდევრულად თქვენს აზრს აბსურდამდე მიიყვანს!

* * *
ქალთან ფიზიკური სიახლოვე, პირადად ჩემთვის, მარტო ფიზიკური სიახლოვეა - უდიდესი სიამოვნების წყარო. "სიყვარული" ამასთან არაფერ შუაშია, მით უმეტეს - "ღალატი", "ერთგულება" და სხვა ამისთანები!

* * *
ცირკის არენაზე გამოსული ჯამბაზი ალყაში მოქცეულ მეომარსა ჰგავს. სცენა სხვაა: ვაჟკაცურია, როგორც დუელი, მსახიობისა და მაყურებლის პირისპირ შეყრა!

* * *
უპატრონოა თვითონ, ვისაც არავინ ჰყავს საპატრონებელი!

* * *
უღირს მტერთან ბრძოლაში გამარჯვების სირცხვილს, განა არ ჯობია - ღირსეულ მტერთან დამარცხების სიამაყე განიცადო?!

* * *
ისტორია - მუნჯი კინოფილმივითაა: ყოველი ახალი თაობა თავისი ნება-სურვილით ახმოვანებს მას და თავისი მოთხოვნილების მიხედვით ალაპარაკებს მოქმედ პირებს. მთავარია, არტიკულაცია არ დაირღვეს და ახალი ტექსტი ისტორიულ პირთა ტუჩების
მოძრაობას შეესაბამებოდეს!

* * *
ჩეხოვის პიესებში უდიდესი სულიერი კატასტროფები ხდება, მოქმედი პირები კი ყოვლად უმნიშვნელო, წვრილმან საკითხებზე საუბრობენ... ეს გენიალური "თავისებურება" უაღრესად ართულებს ჩეხოვის პიესების თარგმნას.

* * *
კურტ ვონეგუტი წერს: "ღმერთმა დედამიწა შეჰქმნა, მაღლიდან დახედა და თქვა: ცოცხალი არსებაც საჭიროა, რომ ვიღაცამ დაინახოს ჩვენი ნამოქმედარიო... მერე თიხა აიღო და მიწაზე ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები მოაშენა. მათ შორის ადამიანიც იყო - ერთადერთი, ვისაც ლაპარაკი შეეძლო. ადამიანმა მიმოიხედა და იკითხა: "რა აზრი აქვს ყოველივე ამას?" "შენ გგონია, ამას აზრიც უნდა ჰქონდეს?" "რასაკვირველია!" მაშინ შენთვის მომინდვია ამის გამოცნობაო, - თქვა უფალმა და გაუჩინარდა".

* * *
სიბრიყვისა და სპორტით არანორმალური გატაცების ბრალია, რომ ლიტერატურაში გამარჯვებულებს და "ჩემპიონებს" ვეძებთ! ვინ ვის აჯობა, პირველობა ვინ მოიპოვა? მაგრამ მწერლობა ჩემპიონატი როდია. ლიტერატურაში "პირველი ადგილი", ჩვეულებრივად, რამდენიმე მწერალს ეკუთვნის - კარგსა და სხვადასხვანაირს და მხოლოდ ისტორიულ პერსპექტივაში ნიშანსვეტებივით ჩანან: გურამიშვილი, ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი...

* * *
უფლის ქმედებაში ჩვენ მხოლოდ სიკეთის ამოცნობა შეგვიძლია, სხვა მისი ნამოქმედარი ჩვენს განსჯას არ ექვემდებარება.

* * *
რა ცოტა უნდა რუს გოგონას, რომ მზეთუნახავი გახდეს: შიშველ ტანზე გახუნებული ჩითის სარაფანი, იაფფასიანი "ბასანოჟკები" და ომში დაღუპული მამის საველე ჩანთა მხარზე გადაკიდებული!

© „არილი“

მიხაილ ზოშჩენკო – მოთხრობები


ჩემი ლიტერატურული საქმიანობისა და კრიტიკოსების შესახებ

ამჟამად, ჩემს ლიტერატურულ საქმიანობასთან დაკავშირებით რაღაც დაბნეულობას აქვს ადგილი კრიტიკოსთა შორის. ვერა და ვერ გადაუწყვეტიათ, კერძოდ რას მიაკუთვნონ ჩემი შემოქმედება, - მაღალ ლიტერატურას, თუ ლიტერატურას - წვრილმანსა და უღირსს. და იმდენად, რამდენადაც ჩემი რაღაც-რაღაცეების უმეტესი ნაწილი პატივდაუდებელი ფორმით მაქვს მოწოდებული - ჟურნალისტური ფელეტონი და პატარ-პატარა მოთხრობა - ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩემი ბედი, როგორც ყოველთვის, გადაწყვეტილია.
კრიტიკოსები ჩემს შესახებ ლაპარაკობენ, როგორც იუმორისტზე, მწერალზე, რომელიც აცინებს, და რომელიც, სიცილის გამო ღმერთმა უწყის რას აღარ უშვება მშობლიურ რუსულ ენას.
ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.
მე თუ ხანდახან ენას ვამახინჯებ, მხოლოდ და მხოლოდ - პირობითად, ვინაიდან, მსურს დავხატო ჩემთვის საჭირო ტიპი. ტიპი, რომელიც ადრე თითქმის არც კი ფიგურირებდა რუსულ ლიტერატურაში. ხოლო, რაც შეეხება წვრილმან ლიტერატურას, - ამგვარ განმარტებას არ გავაპროტესტებდი (ჯერ კიდევ საკითხავია, თუ რას ნიშნავს - წვრილმანი ლიტერატურა).
აი, არსებობს ლიტერატურაში ეგრეთ წოდებული "სოც.შეკვეთა" (ვფიქრობ, ამჟამად ეს შეკვეთა არამართებულად დამკვიდრდა) და ფიგურირებს ვერსია, რომ შეკვეთილია წითელი ლევ ტოლსტოი. როგორც სჩანს, ეს შეკვეთა რომელიღაც წინდაუხედავმა გამომცემლობამ დაგვიბევა. ვინაიდან ჩვენი ცხოვრება, მთელი საზოგადოება და მთელი გარემო, რომელშიც დღეს მწერალი სულგამძლეობა, რა თქმა უნდა, წითელი ლევ ტოლსტოის შეკვეთას არ იძლევა. და თუ თავად შეკვეთაზე ვისაუბრებთ, მაშინ, შეკვეთილია ისეთი რამ, ისე პატივაყრილი, დაწვრილმანებული ფორმით, რაც (ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო) ყველაზე ცუდ ლიტერატურულ ტრადიციებს უკავშირდება.
შეკვეთილი ერთი ყოფილა და მე ყველაფერს მიყოლებით ვტაცე ხელი.
ვფიქრობ არ შევმცდარვარ.
მაღალ ლიტერატურაში არც ვაპირებ შეძრომას. მაღალ ლიტერატურაში ისედაც ბევრი მწერალია.
ხოლო, როდესაც კრიტიკოსები (და ეს კი ხშირად ხდება ხოლმე) ჩემს სამუშაოს ორ ნაწილად ჰყოფენ: აი, თურმე, ჩემი მოთხრობები, ეს თურმე - მართლაც მაღალი ლიტერატურაა, ხოლო ესენი კი, პატარა მოთხრობები - საჟურნალო იუმორისტიკა, სატირიკონი: - ვირის თავ-ფეხი! ეს ასე არ არის.
დიდ მოთხრობებსაც და პატარა მოთხრობებსაც ერთი ხელით ვწერ. და არც ასე ზედმიწევნითი ვყოფ: აი, მეთქი, ეხლა ვირის თავ-ფეხს დავწერ, ხოლო, ამ მოთხრობას კი - შთამომავლობას ვუტოვებ.
ისე, მართალია, რომ გარეგნული ფორმით, ჩემი დიდი მოთხრობა უფრო ახლოს დგას - ეგრეთ წოდებული - მაღალი ლიტერატურის ნიმუშებთან. მასში, მე ვიტყოდი, მეტია ლიტერატურული ტრადიცია, ვიდრე იუმორისტულ მოთხრობებში. მაგრამ, მათი ხარისხოვნება, პირადად ჩემთვის, ერთი და იმავე დონისაა. საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ დიდტანიან მოთხრობებში (სენტიმენტალური მოთხრობები) ვხატავ უშუალოდ ინტელიგენტ ადამიანს. მცირე ზომის მოთხრობებში კი უფრო უბრალო ადამიანები ფიგურირებენ. თვითონ თემა და ტიპაჟი მკარნახობს ფორმას.
აი რატომ იყოფა (ასე გამოკვეთილად) ჩემი სამუშაო ორ ნაწილად. კრიტიკა კი - გარეგნული მოჩვენებითობით არის ცთუნებული...
მთელი უბედურება იმაშია (განსაკუთრებით ამ ბოლო ორი წლის მანძილზე), რომ რაღაცნაირი დაღლილობის, სასოწარკვეთილი მოწყენილობისა და ყოველდღიური აუცილებელი საქმიანობის ფონზე მრავალი პატარა რაღაცის დაწერა მოვახერხე (რა თქმა უნდა - "ცუდის"), რომლებიც, მართლაც რომ ყოველდღიურ საჟურნალო მოთხრობაზე მაღლა ვერ დადგება. ეს კიდევ უფრო აბნევს კრიტიკოსებს, რომელნიც მთელი მონდომებით (ბევრი რომ არ მეჯახირონ და მეცოდვილონ) ცდილობენ ჩემს (ლამისდა) რეპორტიორად გასაღებას.
მაგრამ, არც ამ შემთხვევაში გამოვთქვამ პროტესტს. მხოლოდ ერთი რამ უნდა ვაღიარო. შესაძლოა, ეს თქვენ უცნაური და მოულოდნელიც გეჩვენოთ. საქმე იმაშია, რომ მე - პროლეტარული მწერალი ვარ. უფრო სწორად, ჩემი რაღაც-რაღაცეებით, იმავე წარმოსახვის მქონე, მაგრამ, ნამდვილ პროლეტარულ მწერალს ვაპაროდიებ მწერალზე, რომელიც ცხოვრების დღევანდელ პირობებსა და დღევანდელ გარემოში იარსებებდა. რა თქმა უნდა, ასეთი მწერალი სინამდვილეში არ არსებობს, განსაკუთრებით ახლა. ხოლო, როცა იარსებებს, მაშინ საზოგადოება, მისი გარემო ყოველმხრივ მნიშვნელოვნად ამაღლებული იქნება.
მე მხოლოდ პაროდირებას ვცდილობ. დროებით ვცვლი პროლეტარულ მწერალს. ამიტომაა ჩემი მოთხრობათა თემატიკა მიამიტი ფილოსოფიით გაჯერებული და რომელიც, ზუსტადაც რომ - საჩემმკითხველოა.
დიდ ნაწარმოებებში კვლავ ვაპაროდიებ მოუხერხებელ, ძორძოხა (კარამზინის სტილია) თანამედროვე წითელ ლევ ტოლსტოის ან რაბინდრანატ თაგორს, და კიდევ, სენტიმენტალურ თემას, რომელიც ამჟამადაა მოდებული (მოდაშია). ვაქილიკებ - პაროდიის ფორმით - დღევანდელ ინტელიგენტ მწერალს, რომელიც, შესაძლოა არც კი არსებობს, მაგრამ რომელიც უნდა არსებობდეს, რათა ზუსტად შეასრულოს სოციალური შეკვეთა არა გამომცემლობისგან, არამედ იმ გარემოსგან და იმ საზოგადოებისგან, სადღეისოდ რომ წამოწეულია წინა პლანზე...
...და კიდევ, ენის შესახებ მინდოდა მეთქვა. ეხლა, უბრალოდ, მიჭირს თანამედროვე მწერალთა უმეტესი ნაწილის წიგნების კითხვა. მათი ენა ჩემთვის - თითქმის კარამზინისეულია. მათი ფრაზები - კარამზინისეულ პერიოდებს მაგონებს. შესაძლოა, პუშკინის რომელიღაც თანამედროვეს ისევე უჭირდა კარამზინის კითხვა, როგორც მე ამჟამად ძველი ლიტერატურული სკოლის თანამედროვე მწერლის გაცნობა. ვფიქრობ, ერთადერთი ადამიანი რუსულ ლიტერატურაში, რომელმაც ეს ყველაფერი შეიგრძნო - ვიქტორ შკლოვსკია. მან პირველმა გაწყვიტა კავშირი ლიტერატურული ენის ძველ ფორმასთან, "შეამსუბუქა" ნაწერი და უფრო მოხერხებული და იოლი გახდა კითხვაც.
მეც იგივე გავაკეთე. ვწერ ძალიან შეკუმშულად. მოკლე ფრაზებით. ღარიბთა ხელმისაწვდომად.
...იქნებ, ამიტომაც მყავს უამრავი მკითხველი?..

სააღდგომო შემთხვევა

აი, ძმებო, დღესასწაულიც კარზე მოგვდგომია - მართლმადიდებლური პასექი. ვინც მორწმუნეა, დაადებენ თავს ცხვრებივით და წაიღებენ თავიანთ პასკებს საკურთხებლად. წაიღონ რა! მე მაინც არ წავიღებ. აი, ასე. მე, ძმებო, გასულ პასექს ზედ პასკაზე დამიდგეს ფეხი. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ შემაგვიანდა და დაწყებას ვერ მივასწარი.
მოვედი ეკლესიის ღობესთან და ვხედავ, მაგიდები დაკავებულია. ვთხოვ მართლმადიდებელ მოქალაქეებს: ცოტა შევიწროვდით-მეთქი. ისინი კი უარზე არიან. ილანძღებიან.
- დააგვიანე არა, შე ეშმასთან წილნაყარო?! ჰოდა, დადგი ეხლა ეგ შენი პასკა მიწაზე. ეხლა კიდევ დაიწყე იდაყვებით ჩამოკვეხება, პასკებს შეგვირყვნიო.
რაღა უნდა მექნა. დავდგი ჩემი პასკა მიწაზე. ვინც დააგვიანა, ყველა მიწაზე დგამდა.
ჰოდა, დავდგი თუ არა, ატეხეს ზარებმა რეკვა-ზრიალი.
შევხედე, თავად მამაო მოაპობს გზას ფუნჯით ხელში. ჩააწობს ფუნჯს ვედროში და მიმოაშხეფებს. ვის სიფათში შეეწუწება და ვის სააღდგომო ძღვენს დაუსველებს, - მღვდელი არას დაგიდევს. უკნიდან კი დიაკვანი წამოშვერილა თეფშით ხელში - შესაწირს აგროვებს.
- ნუ იძუნწებო, ამბობს, მართლმადიდებელო პუბლიკავო! დააგდეთო მონეტა თეფშის შუაგულში.
მეც ჩამიარეს წინ, და ამ დიაკვანს წასთვლიმა იმ თავის თეფშზე თუ, რა იყო, პირდაპირ ჩემს პასკაში დღლიზა ფეხი.
სული შემიგუბდა.
- რას სჩადიხარ, მეთქი, შე წვერწოწოლავ, რაღა ამ აღდგომის ღამეს მოგინდა, მეთქი, ჩემს პასკაში ფეხის ჩათხრა.
- ბოდიშს ვიხდიო, შემთხვევით მომივიდაო.
- მე მაგ შენი ბოდიშით ქურქი შევიკერო თუ რა?! ახლავე სრული ღირებულება ამინაზღაურეთ, მეთქი. დამიდე, მეთქი, მამაო-დიაკვანო ფული კონში!
შეწყდა მსვლელობა. ფუნჯიანი მამაოც შემობრუნდა.
- ეს ვის პასკას ჩაუბიჯესო, ფეხი?
- ჩემსას ჩაუბიჯეს-მეთქი, დიაკვანმა-მეთქი, ამ წვერწოწოლა კატამ...
მამაო კი მეუბნება:
- მეო, ახლა ამ პასკას ფუნჯით დავაწინწკლებ, რომ ჭამა შეიძლებოდესო. რაც არ უნდა იყოს, სულიერების წარმომადგენელმა ჩაადგაო...
- არა, მეთქი, მამაო, თუ გინდა მთელი ვედრო ზედ გადაასხი, არა ვარ, მეთქი, თანახმა. ფულს მოვითხოვ, მეთქი, უკან.
ატყდა ყაყანი, ვინ - ჩემს მხარეზეა, ვინ - წინააღმდეგი. მნათე ვავილიჩი ლამისაა სამრეკლოდან გადმოხტეს: ჰაა, გავაგრძელო რეკვა, თუ შევწყვიტოო, - ყვირის.
- მოიცა, მეთქი, ვავილიჩ, ვეუბნები, თორე, მაგ რეკვის ხმაზე სულ დამჩაგრავენ, ზედ გადამივლიან, სხვა თუ არაფერი, გამაბრიყვებენ, მომატყუებენ-მეთქი.
ეს მამაო კი, მივლის გარშემო ავადმყოფივით და თან მხრებს იჩეჩავს. ხოლო, დიაკვანი, ეს წვერწოწოლა ეშმა, ღობეს გადაყრდნობია და ჩემ დაჟღლემილ პასკას ხის ნაფოტით იშორებს ჩექმიდან.
როგორც იქნა, მომცეს ცოტაოდენი ფული იმ თეფშიდან და წასვლას მთხოვენ... ხელს ვუშლი, თურმე, ჩემი ყვირილით...
გამოვედი შემოღობილიდან და იქიდან კიდევ ერთხელ შევარცხვინე დიაკვანი. მერე კი - წამოვედი.
ვჭამ ახლა პასკებს. უკურთხებლებს. გემო - იგივე აქვთ, მე კი უსიამოვნება ნაკლები მხვდება.

მამილო

ამას წინათ ვალოდია გუსევი დაადუღეს სასამართლოზე. რომელიღაც თოთო ბავშვის მამობაში ამხილეს და ჯამაგირის მესამედი წილი დააკისრეს. ამ ბედნიერი მამილოს დარდი არანაირ აღწერას არ ექვემდებარება. ძალიანაა დამწუხრებული ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო.
- მეო, - ამბობს, - არასდროს არ მეხატებოდნენ გულზე თოთო ბავშვები. ფეხებს იქნევენო, ყვირიანო, ხანდახან შეიძლება დააფცხიკინონ კიდეც, ტანსაცმელიც დაგითხუპნონ. მოკლედ - ცხოვრებას არ დაგაცლიანო. შენ კი, ამ წკიპურტა არსებას - ფული უნდა ახარჯო. ჯამაგირის მესამედი ნაწილი აძლიო. არაადა - მშვენივრად იცხოვრებ კაცი. ამათი გადამკიდე კი შეიძლება გარეკო. მეც, სახალხო მოსამართლეს, ავდექი და პირდაპირ მოვახსენეო.
- სასაცილოა, მეთქი, სახალხო მოსამართლევ, პირდაპირ სასაცილოა ასეთი არანორმალურობა. ესეთი ცურცლივით ვინმეა და მიდი და მესამედი წილი აძლიე! რაში სჭირდება, მეთქი, მაგას მესამედი წილი? ბავშვია, ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი; არ სვამს, არ ეწევა და არც კარტის თამაშით არის გატაცებული, და მიდი ეხლა შენ და არჩინე ყოველთვიურად. ხომ შეიძლება ამის ნიადაგზე გარეკო კაცმა... ასეთი არანორმალურობისგან, მეთქი.
მოსამართლე კი მეკითხება:
- თქვენ როგორი ხართ ბავშვთან მიმართებაში? სცნობთ თქვენს ბავშვად თუ არაო?
მე ვეუბნები:
- რა უცნაურ სიტყვებს ამბობთ, სახ. მოსამართლევ, პირდაპირ, რანაირად საწყენ სიტყვებს. მე, მეთქი, შემიძლია გავრეკო ასეთი სიტყვებისგან. ნატურაში გეუბნებით, ეს ჩემი ბავშვი არ არის!.. ის კი დანამდვილებით ვიცი, თუ ვისი ჩაწყობილი ინტრიგაა. ეს, მეთქი, მარუსია კოვროვაა გაღიზიანებული ჩემს ფულებზე. მე, ჩემდათავად, ოცდათორმეტ მანეთს ვიღებ. ათი და სამოცდათხუთმეტი თუ მაგას მივეცი - რაღა დამრჩება, მეთქი? ესე იგი, მე გამოძონძილი შარვლით უნდა ვიარო და მარუსკამ კი, პარალელურად როიალები და ბატისტის წვივსაკრავები იყიდოს ჩემი ფულებით. ფუი, მეთქი, დასწყევლოს ღმერთმა, ეს რა უსიამოვნებას აქვს-მეთქი, ადგილი!..
მოსამართლე კი არ ცხრება:
- იქნებ თქვენია. როგორმე გაიხსენეთო.
ვუხსნი:
- ნამდვილად არაფერი მაქვს-მეთქი, მოსაგონებელი და გასახსენებელი. ამ მოგონებებმა შეიძლება, გაგარეკინოს... ხოლო, რაც შეეხება მარუსკას - ჰქონდა ერთხელ ჩემს ბინაზე მოსვლის მსგავსი რაღაც. ტრამვაიშიც გვიმგზავრია ასევე ერთხელ (ჩემი ხარჯით), და ხომ არ შეიძლება რომ ამის გამო მთელი ცხოვრება ყოველთვიურად ვიხადო. ნუ მთხოვთ-მეთქი, ამას...
მოსამართლე ისევ მეუბნება:
- თუ კი თქვენ თოთო ბავშვის საკითხში ეჭვი გეპარებათ, ჩვენ მას ახლავე დავათვალიერებთ და ვნახოთ, როგორი გარეგნული ნიშნები ექნებაო.
მარუსკა კი, იქვე დგას, გვერდით და ბავშვის გახსნას იწყებს.
უყურებს მოსამართლე ბავშვს და ამბობს:
- ცხვირი, ფორმალურად, თქვენს ცხვირს ემთხვევაო.
- ბოდიში მომიხდია, მეთქი; ვეუბნები; ცხვირზე უარს არ ვამბობ. ცხვირი მართლაც ჩემსას უგავს. ცხვირის გამო ყოველთვის მზად ვარ, სამი ან სამნახევარი მანეთი შევიტანო. სამაგიეროდ, დარჩენილი ორგანიზმი ნამდვილად არ მეკუთვნის. მე, მეთქი, აი როგორი შავტუხა ვარ, ეს კი, ბოდიში მომიხდია და... ჭერივით თეთრია. ასეთ სითეთრეში მანეთის ან ორნახევარ მანეთზე მეტის გადამხდელი არა ვარ, მეთქი. მეტი რატომ უნდა ვიხადო-მეთქი, მით უმეტეს, თუ, ოჯახურ კავშირშიც არ ვიმყოფებით.
მოსამართლე კი:
- მსგავსება, მართლაც რომ - განვრცობადია. თუმცაო, ამბობს, ცხვირში - პირწავარდნილი მამააო.
- ცხვირს ვერ დაეყრდნობი, მეთქი. ცხვირით კი მგავს, მაგრამ ნესტოების რა მოგახსენოთ, სულაც არა გვაქვს-მეთქი, ერთნაირი. შეხედეთ, როგორი წვრილია-მეთქი, ორივე ხვრელი. ასეთ ხვრელებში ერთ მანეთზე მეტს ნამდვილად ვერ გადავიხდი. ნება მომეცით, სახ. მოსამართლევ, სახლში წავიდე და აღარ დავყოვნდე...
ის კი, მეუბნება:
- შეიცადეთ ცოტა ხანს, განაჩენი უნდა გამოვიტანოო.
...და - გამოიტანა: ჩემი ჯამაგირის მესამედი წილის გამოქვითვა.
- ფუი! მეთქი, ყველას!
ასეთი ამბავი რომ გადაგხდება თავს, გარეკავ, აბა რა იქნება...

თარგმნა ბექა ჭახელიძემ

© „არილი“

Wednesday, March 18, 2009

დონალდ კინი - იუკიო მიშიმას "ოქროს ტაძარი"


დონალდ კინი

სილამაზე მოსისხლე მტრად იქცევა

იუკიო მიშიმას "ოქროს ტაძარი"

1950 წლის ივლისში ხელოვნების თაყვანისმცემლები გააოგნა ცნობამ იმის შესახებ, რომ "ოქროს ტაძარს" კიოტოში განზრახ ცეცხლი წაუკიდა შეშლილმა ახალგაზრდა ბერმა. ამ მახინჯმა, ენაბრგვილმა კაცმა სასამართლოზე განაცხადა, რომ, საერთოდ, სძულდა სილამაზე და ამიტომაც გაანადგურა მეთექვსმეტე საუკუნის ძეგლი. თავისი საქციელის გამო ბერს სინანული არ გამოუთქვამს.
ზემომითითებული ინციდენტი და ბერის ცხოვრების სხვა დეტალები საფუძვლად დაედო იუკიო მიშიმას შესანიშნავ რომანს. ესაა მიშიმას მესამე წიგნი, რომელიც აშშ-ში გამოქვეყნდა. მან მწერალს საუკეთესო იაპონელი რომანისტის სახელი მოუხვეჭა, თუმცა მიშიმა მხოლოდ 34 წლისაა. მისმა ადრინდელმა თხზულებებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ "ოქროს ტაძარში" მიშიმა, ჩემი აზრით, წარმოგვიდგება, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი გამოჩენილი რომანისტი.
ნაწარმოებში მთხრობელი აგვიწერს ბერ მიცოგუშის უჩვეულო დამოკიდებულებას ოქროს პავილიონის მიმართ, დაწყებული იმ დროიდან, როდესაც მამამისმა პირველად უამბო შვილს ტაძრის უბადლო სილამაზის შესახებ, და დამთავრებული მომენტით, როდესაც "ვალმოხდილი" ბერი უდარდელად ეწევა სიგარეტს ტაძრის განადგურების შემდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიცოგუშის აზრები პავილიონის ირგვლივ ტრიალებდა. ომის დროს ბერი ამ შენობას დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის ნამდვილ სიმბოლოდ მიიჩნევდა, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ პავილიონის ხან საშიშარი, ხან კი საამო ზეგავლენა მიცოგუშის სულიერ სამყაროზე კიდევ უფრო გაძლიერდა. ტაძრის მშვენებამ ხელიც კი შეუშალა მიცოგუშის, დამტკბარიყო მასზე შეყვარებული ქალიშვილის ალერსით. ბერი ხვდება, რომ მხოლოდ ტაძრის განადგურება მოუტანს შინაგან თავისუფლებას.
ესაა ძენ-ბუდისტური ტაძარი, და ძენის კოანებს ნაწარმოებში მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება. "ნანსენი ჰკლავს კნუტს" - ეს კოანი გვამცნობს ბერ ნანსენის შესახებ. დავა ორ ტაძარს შორის, რომლებიც ურთიერთს ეცილებოდნენ კნუტს, ნანსენმა გადაჭრა ამ კნუტის მოკვლის მეშვეობით. მოგვიანებით ბრუნდება მისი მთავარი შეგირდი: ჩოშუ, და როდესაც გებულობს ნანსენის საქციელის შესახებ, იხდის თავის მტვრიან ფეხსაცმელებს და თავზე იწყობს. ნანსენი ეუბნება ჩოშუს: "შენ რომ აქ ყოფილიყავი, კნუტი, ალბათ, გადარჩებოდა". ამ კოანს უკითხავს ბერებს ტაძრის წინამძღვარი 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის დღეს. ბერებს ვერ გაუგიათ მისი მნიშვნელობა და ვერ ახერხებენ კოანის განმარტებას, თუმცა, შესაძლებელია, ჩოშუს თვითგანქიქება განასახიერებს იაპონიის მარცხს. ამავე კოანს განსხვავებულად აღიქვამს კოჭლი ბერი კაშივაგი. მისი აზრით, კნუტი სხვა არაფერია, თუ არა ნანსენის მიერ განადგურებული სილამაზე, რადგან ეს უკანასკნელი უთანხმოების მიზეზს წარმოადგენს. ამასთან, ჩოშუ, ფეხსაცმელების თავზე დაწყობის მეშვეობით, აქარწყლებს ეგზომ მარტივ განმარტებას. კიდევ ერთი ინტერპრეტაციით, კაშივაგი ვარაუდობს, რომ მიცოგუშის სურს, ჩოშუსგან დაიცვას სილამაზე ცოდნის მეშვეობით. მაგრამ მიცოგუშის აზრით, მისი დამოკიდებულება სილამაზის მიმართ მისივე ენაბრგვილობის ჭეშმარიტ მიზეზს წარმოადგენს. ის ამბობს: "სილამაზე, ლამაზი საგნები ახლა ჩემი მოსისხლე მტრებია".
თუ მიცოგუში გვევლინება ნანსენის - გამანადგურებლის და განმათავისუფლებლის - სახით, მის ჩოშუდ წარმოგვიდგება წინამძღვარი, რომელიც ისევე იოლად ეგუება და ღებულობს ბოროტებას, როგორც ღებულობს სიგარეტების კოლოფებს ამერიკელი ჯარისკაცისგან, როგორც მეძავთან ურთიერთობის საზღაურს. მოგვიანებით მიცოგუში რწმუნდება, რომ წინამძღვარი ტაძრის ფულად სახსრებს გეიშას ახარჯავს. ბერის დამცინავ მხილებას წინამძღვარი ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ საბოლოოდ მიცოგუში იხილავს, როგორ საწყალობლად ლოცულობს უდრტვინველი მორჩილების პოზაში პირქვე დამხობილი წინამძღვარი.
მიუხედავად ამ სირთულისა, რომანი ძალდაუტანებლად იკითხება. იაპონიაში მას გაეცნო 300 000-ზე მეტი მკითხველი. თუ ნაწარმოებს აღვიქვამთ, როგორც უბრალოდ, ამბავს კაცისა, რომელმაც დაწვა სახელგანთქმული არქიტექტურული ძეგლი, წიგნი ბევრ ინტერესს აღგვიძრავს. ამასთან, მისი მნიშვნელობის დამატებითი კონოტაციები თითოეულ მკითხველს თავისებურად წარმოუდგება. ნენსი უილსონ როსის შესანიშნავი წინასიტყვაობა დაეხმარება ამერიკელ მკითხველებს, დატკბნენ ამ ქმნილებით.

New York Times Book Review
1959, 31 მაისი


ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
© “წიგნები – 24 საათი“