Wednesday, March 25, 2009

ფორდ მედოქს ფორდი – კონრადი და ზღვა


ჯოზეფ კონრადის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, ნიუ-იორკში ვარ და ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვკითხულობ მის ნაწერებს; უცნაურია, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად "საიდუმლო აგენტი" მომწონს და საერთოდაც, კონრადის მხოლოდ იმ წიგნებს ვანიჭებ უპირატესობას, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ზღვასთან და მეზღვაურების ცხოვრებასთან ("ოქროს ისარი", "დასავლეთის თვალით", "ნოსტრომო", "წყვდიადის გული"). თუკი ამ დიადი რომანტიკოსის შემოქმედებას პუბლიკაც ასეთივე განაჩენს გამოუტანს, მისი საბრალო სული, ალბათ საბოლოოდ დამშვიდდება. კონრადი ხომ ხშირად იმეორებდა, რომ ზღვა სულაც არ იყო მისი საყვარელი თემა, იგი გაეყარა ზღვას, როგორც მობეზრებულ საყვარელს, ძულდა იგი უღონო კაცის სიძულვილით, რომელიც ზამთრის შტორმიან ღამეში არაერთხელ შერკინებია სველი ბაგირის უსასრულო იარდებს; იგი ოცნებობდა მოშორებოდა ზღვას, თავი დაეღწია მასთან დაკავშირებული მოგონებებისგან და განუწყვეტლივ იმეორებდა კრისტინა როსეტის უკანასკნელ სტრიქონებს: "მადლობა ღმერთს, მალე ჩავალთ იქ, სადაც ზღვა არაა".
კონრადისთვის დამახასიათებელი უცნაური, აღმოსავლური თავაზიანობა გაოცებას იწვევდა. იგი ყველაზე ბეჩავების წინაშეც კი ქედს იხრიდა, ფეხქვეშ ეგებოდა; ადამიანებს ნაზად ეხებოდა, თავს ხრიდა და ქებით აღსავსე სიტყვებით ესალმებოდა მათ. ეს სალამი ტახტზე დაბრძანებულ რუს მეფესაც კი შემატებდა მედიდურობას. ვიმეორებ, მე ვხედავდი, როგორ თამაშობდა იგი ამ აღმოსავლურ სპექტაკლს მუშის მოხუცებული ცოლის წინაშე, თავისი ვაჟის ძიძისა და ჩემს თვალწინ, ლორდთა პალატის წევრ ბატონებთან: გორთან, გარნეტთან და გოლსუორსისთან, ღვიძლ შვილთან, თორმეტი წლის ბიჭუნასთან და წვეროსან, სახედანაოჭებულ, გამოყრუებულ გლეხებთან. ერთი სიტყვით, იგი ყველას აჩვენებდა, რომ უყვარდა ადამიანები და უყვარდა ისინი ერთნაირად, განურჩევლად წოდებისა და სქესისა. მან ირწმუნა, რომ ბრიტანელები ამაყობდნენ თავიანთი ვიკინგური წარმომავლობითა და თავის აღმოსავლურ, ახირებულ თავაზიანობას აყოლილი, მოვალეობად მიიჩნევდა შემოქმედებითი დროის უდიდესი ნაწილი ზღვის სივრცეების სახოტბოდ დაეხარჯა - ტილბერიული დოკებიდან დაწყებული, პალემბრანგითა და სიდნი-ჰედსით დამთავრებული.
საოცარი იყო, მაგრამ კონრადს თითქოს ბოლომდე არ ესმოდა (და ამავე დროს ესმოდა) ინგლისელთა ხასიათი. ამიტომაც არ შეეძლო თავისი უბადლო რომანი "სიჭაბუკე" ამ სიტყვებით არ დაეწყო:
"ეს მხოლოდ ინგლისში თუ მოხდებოდა, სადაც ზღვა და ადამიანები, შეიძლება ითქვას, ერთმანეთში აღწევენ: ზღვა ადამიანების ცხოვრებაში შემოდის, ადამიანებმა კი ბევრი რამ - ან სულაც ყველაფერი - იციან ზღვის შესახებ". ილინოისელთან, ან რუსეთის მივარდნილი სოფლის მოსახლესთან შედარებით საშუალო ინგლისელის გონებაში ზღვა მართლაც უფრო დიდ ადგილს იკავებს, მაგრამ ეს სხვაობა მაინც არაა საგრძნობი. ისევე როგორც კონრადი, ჩემი თაობის ყველა ინგლისელი ბიჭუნაც კითხულობდა მარიეტის წიგნებს და ათი-თორმეტი წლის ასაკში ყველანი სამხედრო გემების კაპიტნებად ან ფლოტის ადმირალებად წარმოვიდგენდით ხოლმე თავს. თუმცა ფანტაზიებით როდი ვკმაყოფილდებოდით; ახლანდელი ყმაწვილები კი "პიტერ სიმპლსაც" არ გადაშლიან წასაკითხად. და მაინც, კონრადის ოსტატურად გათამაშებული ენთუზიაზმით შეპყრობილი ინგლისელი (ჩვენი საუკუნის პირველი ან მეორე ათწლეულის ბინადარი) წიგნის გადაფურცვლისთანავე იბღინძებოდა და თავს უწყალო ვიკინგად ან დრეიკის შთამომავლად წარმოიდგენდა, ან სულაც ნელსონის თანამებრძოლად, უარეს შემთხვევაში კი, თანაშემწედ ბეწვით დატვირთულ ავსტრალიურ კლიპერზე. თითქოს ამის სამაგიეროდ ინგლისელი მხოლოდ ერთს მოითხოვდა კონრადისგან - ეწერა ზღვაზე და მხოლოდ ზღვაზე.
სასტიკი ბედის ირონიაა! მრავალი წლის მანძილზე თითქმის ყველა ინგლისელი, რომელსაც კონრადი იცნობდა, ზღვასთან იყო დაკავშირებული და მანაც, თავისი გამძაფრებული თვითშეგნებით, ცოტათი გადააჭარბა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა ზღვას ინგლისელი ერის ისტორიაში - იმ ანგლოსაქსონურ დომხალში, საიდანაც ეს ერი იშვა.
ჩასულთა უმრავლესობა ლონდონში ჩარინგ-კროსის ან ვიქტორიას რკინიგზის სადგურებიდან ხვდებიან, რომელიც სამოცი მილითაა დაშორებული ზღვასა და გემებს. ასეთი მგზავრებისათვის ლონდონი - ქალაქი ლონდონია. ჰკითხეთ მათ და თუკი ცოტა რამ მაინც გაუგიათ ამ ქალაქის შესახებ, იმასაც მოკრავდნენ ყურს, რომ სადღაც ქალაქგარეთ, ღმერთის მიერ დავიწყებულ მხარეში, მართლაც დგანან გემები. ასე მაგალითად, ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასული მინეაპოლისელიც არ დავობს იმის თაობაზე, რომ სადღაც ბეტერის მახლობლად ხომალდები დაცურავენ. ერთი სიტყვით, ორივე დაგეთანხმება, რომ ქალაქ ლონდონთან ერთად პორტი ლონდონი ან პორტი ნიუ-იორკიც არ უნდა დავივიწყოთ.
მაგრამ კონრადმა ლონდონში სხვა, ჯადოსნური მხრიდან შეაბიჯა: სამოცი მილის მანძილზე მიცურავდა იგი დოკებს შუა, სადაც გვერდიგვერდ, თევზებივით ჩარიგებულიყვნენ ხომალდები რუხ-ვერცხლისფერი მდინარის ნაპირზე. მას ფუფუნების, შეუპოვრობის, მამაცობის, სიყოჩაღისა და სამართლიანობის სამყარო დახვდა, რომლის პირველ და უკანასკნელ სიქველედაც ხომალდის წყალში ჩაშვების უნარი ითვლებოდა. ასე რომ, კონრადისთვის დედაქალაქი პორტი-ლონდონი იყო.
როცა იგი წერდა: "ეს მხოლოდ ინგლისში შეიძლებოდა მომხდარიყო"-ო, კონრადი იმას გამოხატავდა, რაც იმ მომენტში მისთვის უზენაეს ჭეშმარიტებას წარმოადგენდა. მაშინაც კი, როცა ზღვა მიატოვა და "სიჭაბუკისა" და "წყვდიადის გულის" წერას შეუდგა მივარდნილ სოფელ სტანფორდ-ლე-ჰოუპში, ესექსის თიხიან ვაკეებზე ტემზის შესართავთან, იგი ჯერ კიდევ რჩებოდა ხომალდის სირენებისა და მოქცევის ხმის სმენადობის არეალში...
მწერლისთვის საზღვაო თემა ორმაგად სახიფათოა: როცა ზღვას ნაპირიდან უყურებ, იგი ჰორიზონტს ორ ნაწილად ჰყოფს; და თუკი ზღვაში გასული ადამიანების შესახებ დაწერ, შენს წიგნებს აუცილებლად საბავშვო ლიტერატურის რიგებს მიაკუთვნებენ. ასეთია უკანასკნელი შეურაცხყოფა, რომელიც კაცობრიობამ კაპიტან მარიეტს მიაყენა. არადა, მარიეტი, კონრადის პირველი მასწავლებელი, გაცილებით ნაკლებს წერდა ზღვაზე და მეტს ადამიანთა მიზნებსა და მისწრაფებებზე. კონრადი ზოგჯერ - შეიძლება ითქვას, ძალზე ხშირადაც - წყლის პირქუშ სტიქიას ადამიანის თვისებას ანიჭებდა; მარიეტი არასდროს მოქცეულა ასე. მისთვის ზღვა სამწუხარო მოვალეობა იყო, რომელიც ზოგჯერ საფრთხეშიც გადაიზრდებოდა ხოლმე; კონრადისთვის კი ანგლოსაქსებისადმი (ვიკინგებისა და კლერკების შთამომავლებისადმი) პატივისცემის ნიშნად ზღვა ხშირად უზარმაზარ, ყოვლისმომცველ, ანთროპომორფულ ღვთაებად იქცეოდა, მრისხანე, ჟინიან, დამცინავ, მეფურ სტიქიად, რომელიც ხან ბრმა რისხვით აენთებოდა, ხანაც მზის ბრწყინვალებაში ინაბებოდა. "პიტერ სიმპლის" საშინელი შტორმი არაფრით ჩამოუვარდება "ტაიფუნის" ქარიშხალს, მაგრამ იგი არაფრით არ ჰგავს ანთროპომორფული ღვთაების ახირებას.
მარიეტს ესმოდა, რომ მამაკაცების სამყარო ქალების გარეშე, ლამის უჰორიზონტო სამყაროს წარმოადგენდა და ამიტომაც ეს მწერალი ცდილობდა სიუჟეტში თავის პერსონაჟთა სატრფოები შემოეყვანა. კონრადსაც იმავე პრობლემებთან ჰქონდა საქმე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში იგი საერთოდ არც ახსენებდა ქალებს, სამაგიეროდ უსქესო, მძლავრ ტალღებს ხატავდა ხოლმე და მათ ხან მამაკაცური რისხვის მძვინვარე ლტოლვებით, ხან კი დახვეწილი ქალური სიკეკლუცით ახასიათებდა.
მაგრამ რაც უფრო შორდებოდა კონრადი საძულველ სტიქიას, მის წიგნებში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო ზღვასთან. სიუჟეტებში კი პოლიტიკური ინტრიგები და გამოგონილი სახელმწიფოების ხვედრი იკავებდა ძირითად ადგილს. "ნოსტრომო", პირველი დიადი წიგნი, რომელიც კონრადმა ზღვასთან განშორების შემდეგ დაწერა, მის პირველ პოლიტიკურ თხზულებად და ავტორის უსაყვარლეს რომანად იქცა. მასში ჯერ კიდევ იგრძნობა ადრეული შემოქმედებისთვის დამახასიათებელი გაქანება. ამ ნაწარმოების ასაგებად კონრადს მთელი ადამიანური კოსმოგონია დასჭირდა - მთელი რესპუბლიკა მართვის მექანიზმებით, კონსტიტუციით, ინტრიგებით, კომერციით, ინდუსტრიით, კორუფციით - და ქალთა უზარმაზარი გალერეა, რომელსაც მისის გულდის პორტრეტი იწყებს.
მის პოლიტიკურ რომანებში ქალები უკვე არსებით როლს თამაშობდნენ, არადა, პოლიტიკური რომანები სულ უფრო მეტად იტაცებდა კონრადის წარმოსახვას. "საიდუმლო აგენტი" - საერთაშორისო კომუნისტური ორგანიზაციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც მისის ვერლიკი "Deus ex Machina"-ს როლში გვევლინება; "ოქროს ისარი" - როიალისტების ინტრიგების შესახებაა, თანაც ყოველი ფრაზა მწერლის პირველი სიყვარულის, რიტას არსებითაა გამსჭვალული; "დასავლეთის თვალით" - ნიჰილისტების რუსულ-შვეიცარულ შეთქმულებას ეხება, რომელსაც ნისლივით ეფინება მისის გალდინის ნეტარი და მშვენიერი სული.
თუმცა პოლიტიკური მოტივები კონრადის ადრეულ ნაწარმოებებში, მალაიზიური საზღვაო ესკაპადების აღწერისასაც იჩენდა თავს. "ოლმეირას ახირება" ჰოლანდიელთა მტაცებლურ ხასიათს ამხელდა, რომელთაც კუნძულიდან სუნელ-სანელებლები გაჰქონდათ; "პროგრესის ავანპოსტში" ავტორმა იმპერიალიზმის საზარელი და ცინიკური შიდაპირი დაგვანახა, "წყვდიადის გულში" კი ისეთი ვნებითა და გატაცებით იხსნება ადამიანური ფარისევლობის, სიხარბისა და სისასტიკის (რა თქმა უნდა, გმირობისაც!) იდუმალი მექანიზმი, რომ ძნელია სხვა რომელიმე ავტორთან ნახო ამგვარი რამ. სულის სიღრმეში კონრადი მონარქიისა და არისტოკრატიის მომხრე რჩებოდა, პოლიტიკური მემარცხენეობა მასში ინსტინქტურ ეჭვებს იწვევდა და თავისდაუნებურად, ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა ამას, კონრადის ყოველ წიგნში იგრძნობოდა ოცნება პოლონეთის სამეფოს რესტავრაციის გამო და იმ ძველი იერარქიის შესახებ, რომელსაც უპასუხისმგებლო, თავზეხელაღებული და უაღრესად დახვეწილი გემოვნების ბატონები უდგნენ სათავეში. მხოლოდ ამაში ხედავდა კონრადი კაცობრიობის ხსნის გზებს... მაგრამ პოეტი პოლონელ პანზე უფრო მაღლა დადგა და აღწერა მალაიზიაში, ოქროთი, კაუჩუკითა და სისხლით გამდიდრებული ჰოლანდიელები, საზარელი ვამპირი ლეოპოლდ II, ლამის ყველაზე უნამუსო მევახშე, რომელიც კი ისტორიას ახსოვს - და ყველა ამ კოშმარმა კონრადის როიალისტურ ლტოლვებსაც კი ძლია.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, იგი დიდ პოეტად და დიდ მწერლად დარჩა. ჩემი აზრით, ცოტა ვინმე თუ იყო დაჯილდოებული ადამიანის წინააღმდეგობებით აღსავსე ხასიათში შეღწევის ამგვარი უნარით...
ჩემი ერთი მრავლისმცოდნე მეგობარი ამასწინათ შეეცადა აეხსნა იმის მიზეზები, თუ რატომ იკლო ნიუ-იორკში ამ დიდი მწერლისადმი ინტერესმა - ეს ქალაქი ხომ თხუთმეტიოდე წლის წინ აღმერთებდა კონრადს. მან თქვა, რომ კონრადი აღარავის დააინტერესებს, რადგანაც მის წიგნებში არაა აღწერილი მასობრივი მოძრაობები, არადა, სამყარო მუდამ წინ მიიწევს და ინდივიდისადმი მიძღვნილი წიგნები ვერ მიიქცევს პუბლიკის ყურადღებას, რომელიც სამყაროს მხოლოდ ამ მასობრივი მოძრაობებით აფასებს. არადა, ამგვარი შეხედულება სამყაროზე უბრალოდ მორიგი ფაზაა, ისეთივე წარმავალი, როგორიც ყველა სხვა მოდა. დრამაში ფონმა დროებით პერსონაჟთა უფლებების უზურპირება მოახდინა, მაგრამ ისინი მაინც დაბრუნდებიან, მეფე დაბრუნდება თავის სამფლობელოში, ჩვენ ხომ ყველანი მეფეები ვართ, თუნდაც საკუთარი ფანტაზიის მხარეში.

© “არილი”

ლირიკის აპოთეოზი – საუბარი ანდრო ბუაჩიძესთან

- ვიცი, რომ არ გიყვარს პათეტიკა, ამიტომ XXI Óაუკუნეს ხმაურიანი სიტყვებით არ შეხვდები.
- სასაცილოა, XXI Óაუკუნეში შევდივართ და ნავთქურის ფითილზე ვზრუნავთ. უნდა ამოწიო ფითილი, აანთო ასანთი (თუ იპოვნე სიბნელეში) და მერე დაიწყო ლაპარაკი, თუ გაქვს ამის ხალისი. გარშემო წყვდიადია, მხოლოდ ფანჯრიდან მანქანის წყვილი წითელი სინათლე მოჩანს და სევდიანად გიმღვრევს გუნებას.
- ეს უკვე ლირიკაა.
- მერე რა მოხდა, იყოს ლირიკა, ლირიკა მირჩევნია რიტორიკას. ლირიკა ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო ყოველთვის. ლირიკის გარეშე წარმოუდგენელია ყოველგვარი ეპიკა და არა მხოლოდ ეპიკა, არამედ საერთოდ, ხელოვანი კაცი, შემოქმედი. პოეზიაში მთავარი ლირიკაა. ვისაც სამყაროს ლირიკული შეგრძნება არა აქვს, ის ეპიკურ ნაწარმოებსაც ვერ შექმნის.
- გიყვარს ზოგადთეორიული მსჯელობანი?
- აქ სიყვარული არ არის მთავარი. უბრალოდ, ზოგჯერ გინდა, რაც შეიძლება ზუსტად დაახასიათო ესა თუ ის მოვლენა. გინდა არა ფარისევლური, სნობური "მსჯელობა მსჯელობისათვის", არამედ მართლა რაღაცის ახსნა გწადია. როცა კარგი კრიტიკოსის წერილს კითხულობ, სინანული გეუფლება: რასაც შენ მძაფრად, მაგრამ ინტუიტურად გრძნობდი, სხვამ უმარტივესი სიტყვებით გამოხატა. ამ სინანულს სიხარულიც ახლავს. ბნელმეტყველება, რომელიც სირთულედ არის მონათლული, არ მიყვარს, რადგან ის ყოველთვის სწორხაზოვნებასთან ასოცირდება, ნატიფად, ნათლად გამოთქმული აზრი კი - მრავალწახნაგოვნებასთან. საერთოდ, ნათლად აზროვნება, "ფოკუსის გასწორება" ძალიან ძნელია.
- აქ პოეზიასაც გულისხმობ?
- რა თქმა უნდა. პოეზიასაც და პროზასაც. მხოლოდ არა მარტივი სათქმელის მარტივად გამოთქმას, არამედ რთულის მკაფიოდ გამოხატვას, სადაც, ვთქვათ, ფოლკნერი ვერ ახერხებს შეძლებისდაგვარად ნათლად წერას და "გაუვალ ტევრებს" ახვავებს, იქ ის დამარცხებულია. ისე კი მისი საუკეთესო რომანები "ხმაური და მძვინვარება" და "აგვისტოს ნათელი" გარკვევით და გასაგებად არის დაწერილი. ფაბულა წყვეტილია, ქრება და მერე ისევ იჩენს თავს. მოვლენათა რგოლები უცნაურად არის ჩართული მთლიან ჯაჭვში. აქ თანაბარი მნიშვნელობა აქვს ფაბულის კვალდაკვალ "სვლას" და ეგზალტირებულ ლირიკულ ცივ დინებათა კვალდაკვალ მიყოლას, ვინაიდან სწორედ ლირიკული ობერტონები ქმნის მისი სტილის უცნაურობას.
პოეზიაშიც ასეა. მხოლოდ აქ უფრო რთული ვითარებაა. ამ სირთულეს "ლექსად სტრუქტურირებული სივრცე" კი არ ქმნის, არამედ თვითონ პოეზიის ბუნება. ეს ბუნება ლაკონიზმს, შეკუმშულ ფორმას მოითხოვს, ყოველი ფრაზა აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი და მნიშვნელობას "ფლობდეს". პოეზიის არსი დღესაც უცვლელია, როცა პროზაული რეალიების შეჭრა ხდება პოეზიაში. ეს ტენდენცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოეზია პროზად უნდა იქცეს, - მათ შორის უშველებელი წყალგამყოფია. ლექსი, რომლიდანაც არცერთი ფრაზა არ დაგამახსოვრდება, ლექსი არ არის.
- ზეპირად თუ სწავლობდი ლექსებს?
- არასოდეს. მე მიმაჩნია, რომ პოეზია თვითონ, ძალდაუტანებლად უნდა შემოვიდეს ადამიანში. ეს პოეზიის თვისებაა. დაზეპირება უფრო მექანიკური პროცესია, როცა ზეწოლა ხდება საკუთარ თავზე და ტექსტზეც. დაზეპირებული ლექსი, პირადად ჩემთვის, მნიშვნელობას კარგავს. აქ ერთი აზრობრივი ნახტომიც მინდა გავაკეთო. ზოგს ჰგონია (ამ ბოლო დროს არაერთი ასეთი ადამიანი გავიცანი), რომ პოეზია, ლექსი, "ინტელექტუალური კროსვორდის" მსგავსი რამაა. ასეთ ტექსტს იოლად მხოლოდ ტექსტოლოგები შიფრავენ. ჩვეულებრივი მკითხველიც შიფრავს და მას სწორედ გაშიფვრის პროცესი ანიჭებს, მათი აზრით, სიამოვნებას. ეს შეცდომაა. პოეზია, უპირველეს ყოვლისა, ემოციურ ზემოქმედებას უნდა ახდენდეს მკითხველზე.
- ხომ არ ფიქრობ, რომ პოეზიამ უკვე მოჭამა თავისი დრო?
- არა, არ ვფიქრობ. მართალია, არაპოეტურ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ სწორედ ეს არაპოეტურობა, სამყაროს ძველ წესრიგში შეჭრილი დისონანსი წარმოშობს დღეს პოეზიის იმპულსებს. დღევანდელი პოეტისთვის, ჩემი აზრით, მთავარი მსოფლშეგრძნების თანადროულობაა - მოვლენათა დრამატული აღქმა, ემპირიზმი, რომანტიკული შარავანდედისგან განთავისუფლება, საკუთარი ინტონაციის ძიება, იქნებ საგანთა ხედვის რაკურსის შეცვლაც - მცირეოდენი ენობრივ-სტილური გროტესკული გადახრაც. ასეა თუ ისე, თანამედროვე პოეტი იმ ალქიმიკოსს ჰგავს, რომელიც მოთმინებით აზავებს პროზაულ ანუ ემპირიულ მასალას პოეტურ სუბსტანციაში. პოეზიას თავის დრო არ მოუჭამია, ვიდრე არსებობს ღრმა ლირიკული გრძნობის ან განცდის უნარი მეტყველ ადამიანში, იარსებებს პოეზიაც. პოეზია, უპირველეს ყოვლისა, ლირიკული განცდის ვერბალიზაციაა.
- ჰოდა, მეც მაგას ვამბობ. იქნებ ეს განცდა საერთოდ დაკარგოს ადამიანმა ე.წ. კომპიუტერის ეპოქაში?
- შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება, ვინაიდან ადამიანი ჩვენს დროში თვითონაც კომპიუტერს ემსგავსება. რეალობაც იგივეს გვკარნახობს - თვალშისაცემად მომრავლდნენ ამ გრძნობას აბსოლუტურად მოკლებული პიროვნებები. პოეტის არსებობა ასეთ დროში ათგზის უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან თავის წიაღში ინახავს პრომეთეოსის ცეცხლს - იგივე ამ ლირიკულ განცდას, სამყაროს ესთეტიკური ხედვის პირველსათავეს, ურომლისოდაც ადამიანი არ იქნებოდა ის, რაც არის ჩვენს წარმოდგენაში. ამიტომ, ვიდრე პოეტი და პოეზია არსებობს, ქვეყნიერება უფრო სრულყოფილია და სრულქმნილი.
- საიმისოდ, რომ პოეზია თანადროული იყოს, იქნებ, გარკვეულწილად ექსპერიმენტებია საჭირო?
- აბა, რა გითხრათ, პოეზიასთან მიმართებაში ეს სიტყვა როგორღაც მეხამუშება. ჩემთვის წარმოუდგენელია ექსპერიმენტატორი რილკე, ბლოკი ან გალაკტიონი. ექსპერიმენტი თითქოს უფრო ფორმალისტური ძიებების გამომხატველი ცნებაა. XX Óაუკუნის სამი უდიდესი პოეტის შემოქმედებაში ნოვატორული ძვრები ღრმა "შინაგან ხმასთან" კავშირის მეშვეობით იკიდებდა ფეხს. რილკეს საგანი-ლექსები მისი მსოფლმხედველობის და მსოფლშეგრძნების საფუძველზე აღმოცენდა, ე.ი. აქ საკმაოდ უცნაური ფორმა შინაარსისგან გაპირობებული აუცილებლობით დაიბადა. ბლოკის შესახებ ერთი რუსი კრიტიკოსი წერდა, რომ ამ პოეტის ინტონაციური ჟღერადობა ხშირად იმეორებს წინამორბედ პოეტთა ჟღერადობას, მაგრამ მან იმხელა სულიერება, გზნება, ტემპერამენტი, დრამატული გაქანება ჩადო საკუთარ სტრიქონებში, რომ სულ სხვა სინათლე გამოასხივა. ასევეა გალაკტიონთან, დაკვირვებული თვალი მისი ადრეული ლექსებიდანვე შეამჩნევს (ვთქვათ, როგორიცაა "მე და ღამე"), რა უცნაური ბგერწერული ვიბრირება აღწევს მკითხველის ყურთასმენამდე. სწორედ რხევით, ბგერათა მუდმივი ვიბრაციით იყო გალაკტიონის მთელი არსება მოცული.
ასე რომ, ისინი ექსპერიმენტატორები კი არა, ნოვატორები იყვნენ, ამ სიტყვის უღრმესი მნიშვნელობით და ისიც უნდა ითქვას, რომ მათი ნოვაციები არა მხოლოდ ღრმა "შინაგან ხმასთან", არამედ უპირველეს ყოვლისა, საკუთარენოვან ტრადიციასთან იყო დაკავშირებული. ეს ვრცელი საუბრის თემაა.
ისევ გალაკტიონს მინდა მივუბრუნდე. მე მგონია, მან სხვებზე უკეთესად აღნიშნა თავის პოეტური ნიჭიერების თვისობრივი უნიკალობა, როცა თქვა, ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტისო. მისი პოეზია მართლაც ნერვებად დაქსელილ უწვრილეს ძაფებზეა ასხმული. ჩვენში ამ ბოლო დროს სოკოებივით მომრავლდნენ სნობები და პროვინციალები (ეს ორი რამ ერთმანეთს არ გამორიცხავს), რომლებიც ქართული ლიტერატურის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მეშვეობით, საკუთარი პერსონის ვითომდა კულტუროსნობას ამჟღავნებენ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა: XX Óაუკუნე დამთავრდა და ძნელი წარმოსადგენია ისეთი სახელოვანი ლირიკოსი - რილკე იქნება ეს, მანდელშტამი თუ პაუნდი - რომელიც გალაკტიონს ოდნავ მაინც დაჩრდილავს. გალაკტიონი ყველას გაუთანასწორდება (არ ვამბობ, აღემატება-მეთქი). გენიალური პოეტების შეფასებას აზრი არა აქვს; ერთი რამ კი უნდა ითქვას: გალაკტიონთან ძალზე გამჭვირვალედ ჩანს გენიალობა, რაც, ალბათ, გენიოსთა შორისაც იშვიათთა ხვედრია. ამას აშკარა რეალობა მკარნახობს და არა "ნაციონალისტური აღტკინება".
- ქართული ლიტერატურისადმი ვიღაცეების სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე რომ ლაპარაკობ, რას გულისხმობ, ღირებულებათა გადაფასების ხანას ხომ არა?
- პოსტსაბჭოთა პერიოდს ვგულისხმობ, როცა გარკვეულწილად მართლა უნდა გადაფასებულიყო ღირებულებები. ბოლშევიზმის ლაფი და ჭუჭყი უნდა მოსცილებოდა ქართულ კულტურას. უნდა აღდგენილიყო ის კრიტერიუმები, რომლებიც კომუნისტებმა გაამრუდეს მახინჯი იდეოლოგიის მეშვეობით. არადა, გარკვეულ წრეებში (კიდევ კარგი, ლოკალური მასშტაბით) მოხდა საპირისპირო რამ, გაჩნდა საპირისპირო ტენდენცია: მოვიდნენ არასრულფასოვნების კომპლექსით დასნეულებული ტიპები და რაც კომუნისტებმა დააკლეს ქართულ კულტურას, იმის აღსრულება მოინდომეს. ღირებულებების გადაფასებაზე ლაპარაკი ზედმეტია (რომელი მათგანი იყო გადამფასებელი), ამ ტენდენციას უნდა დარქმეოდა (ან უნდა დაერქვას) - ღირებულებების შელახვა. კარგად მახსოვს, როგორ წამოხტა ამ რამდენიმე წლის წინ ერთ აუდიტორიაში მავანი და დაიღრიალა: "რუსთაველი არარაობაა! რატომ არ უნდა გვქონდეს დღეს ჩვენ ამის დაფიქსირების უფლება?" ასევე კარგად მახსოვს სხვა ტიპის გამოხდომებიც - ჯერ სავსებით უმიზეზოდ ფედერიკო ფელინის ლანძღვას მოჰყვა, თან ისეთი ტონით, იფიქრებდი, ეს უკანასკნელი მისი მეზობელიაო, მერე კი მკაცრად წარმოთქვა: "რა გახდა ამისთანა, მომაშორეთ ბოლოსდაბოლოს ეს თქვენი საზიზღარი დოსტოევსკი და ფოლკნერი!" ამგვარი წამოძახილები საკმაოდ ხალხმრავალ აუდიტორიაში გაისმოდა. მე პირადად, ყოველივე ამას ვუცქერდი, როგორც არასაინტერესო ვოდევილს. ელიას კანეტის რომანში "დაბრმავება" არის ერთი მწითური დარაჯი, რომელიც თავის თავში უზარმაზარ აბსურდს ატარებს. სწორედ ამ პერსონაჟს მახსენებდნენ ეს ადამიანები... მაგრამ კარიკატურული პერსონაჟები ამ ბოლო დროს ნაკლებად მიტაცებენ. კულტუროფობია ყველა დროში სხვადასხვაგვარად ინიღბებოდა, ბოლოსდაბოლოს ჩვენს ქვეყანაში პროლეტმწერლები არსებობდნენ, რომელთაც კულტუროფობიის, ანტიქართული გამოვლინებების, მიზანთროპიის შესანიშნავი "ნიმუშები" დაგვიტოვეს.
- შენ რას იტყოდი XX საუკუნის ქართულ კულტურაზე, ზოგადად, რა თქმა უნდა?
- აქ მეცნიერების და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებმა უნდა თქვან თავიანთი კომპეტენტური სიტყვა. მე, უბრალოდ, მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ XX Óაუკუნის პირველ ოცდაათწლეულში მთელ კულტურულ მსოფლიოში შეინიშნებოდა სულიერ-ინტელექტუალური აღზევება და ეს მძლავრი ტალღა არც საქართველოს ასცდა. რუსებმა ამ ეპოქას "ვერცხლის საუკუნე" უწოდეს. ეს იყო ბლოკის და ახმატოვას, პასტერნაკის და მანდელშტამის, ბულგაკოვის და პლატონოვის, ბერდიაევის და როზანოვის, აგრეთვე, სხვათა მოღვაწეობის დრო. ამ ეპოქას "ძია ლენინმა" და "ძია სტალინმა" მოუთავეს ხელი. საქართველოში, მოგეხსენება, დამსჯელ ღონისძიებებს ლავრენტი ბერია განაგებდა. ამ არამზადამ არაერთი დიდი ქართველი ხელოვანი და მწერალი აწამა და გამოასალმა სიცოცხლეს, თუნდაც მიხეილ ჯავახიშვილი და ევგენი მიქელაძე გავიხსენოთ. ყოველივე ეს ცნობილია, მაგრამ ახლა უკვე დღის სინათლეზე შეიძლება შემზარავი ფაქტების გამოტანა და გაანალიზება. იცის ახალმა თაობამ, ვინ იყო მიხეილ ჯავახიშვილი, ან ევგენი მიქელაძე? იცის, რომ ასეთი ნიჭით მადლმოსილი ადამიანები იშვიათად იბადებიან არა მარტო საქართველოში, არამედ საერთოდ, სადაც არ უნდა იყოს? მე მგონი საამაყოა, რომ XX საუკუნის უპირველესი, უშველებელი ხელოვანების და სწავლულების ღირსეულ მოწაფეთა შორის ქართველებიც იყვნენ. ვთქვათ, ოგიუსტ როდენის მოწაფე იყო იაკობ ნიკოლაძე, ედმუნდ ჰუსერლისა - კოტე ბაქრაძე. პირველმა ქანდაკების სკოლა შექმნა საქართველოში, მეორემ - ფილოსოფიური აზროვნებისა. გერონტი ქიქოძე შვეიცარიაში სწავლობდა, ბერნის უნივერსიტეტში. ლაიფციგის უნივერსიტეტში დაიცვა 1909 წელს სადოქტორო დისერტაცია დიმიტრი უზნაძემ. ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა გრიგოლ რობაქიძემ. ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და დავით კაკაბაძე პარიზში XX საუკუნის უპირველესი მხატვრების გვერდით ჰფენდნენ თავიანთ ნამუშევრებს. არ შეიძლება დავივიწყოთ ადრე გარდაცვლილი ბრწყინვალე მხატვარი შალვა ქიქოძე - ქართველი იმპრესიონისტი, რომელიც პარიზშივე ქმნიდა თავის ტილოებს. პროზაში ნიკო ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე ევროპაში სწავლობდა, შნიცლერთან მეგობრობდა. ძნელია ყველას ჩამოთვლა. უბრალოდ, აქ ერთი რამ არის მთავარი და არსებითი: ეს ადამიანები ღვთისგან ბოძებული ნიჭის მეშვეობით ყველაფერს, რასაც ქმნიდნენ, ქართულ ელფერს ანიჭებდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპაში მიღებულ გამოცდილებას ქართულ ნიადაგზე ამყნობდნენ. ასე ეყრებოდა მყარი საფუძველი ჩვენში XX საუკუნის კულტურას.
- იყო თუ არა ეს კულტურა თანამედროვე?
- სწორედ რომ იყო, და აი, ეს არის მნიშვნელოვანი. აზრი, ესთეტიკა, პოეტიკა, ფორმათქმნადობა - ყველაფერი თანამედროვე იყო, ყველაფერი ევროპაში მიმდინარე პროცესებს პასუხობდა. ამგვარი სინქრონულობა, რა თქმა უნდა, უშუალოდ პირველწყაროსთან, ევროპულ ფასეულობებთან ზიარებამ განაპირობა. ვთქვათ, ხშირად საუბრობენ გრიგოლ რობაქიძეზე. შეიძლება დღეს, უკვე XXI საუკუნეში არ მოგვეწონოს მისი ესა თუ ის ნაწარმოები, რომელიც, ფაქტობრივად, XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და კარგად გამოხატავდა თავის ეპოქას ფორმითაც და სათქმელითაც, მაგრამ ეს არ არის მთავარი, გრიგოლ რობაქიძე იყო კაცი, რომელმაც პირველად გააცნო ქართულ კულტურულ საზოგადოებას ფრიდრიხ ნიცშეს ნააზრევი. რობაქიძის ლექციებს დიდძალი ხალხი ესწრებოდა - იმხანად წყურვილიც დიდი იყო სიახლეთა წვდომისა. გრიგოლ რობაქიძეს პატივს სცემდნენ ნიკოლაი ბერდიაევი, ანდრეი ბელი, ზინაიდა გიპიუსი. მან კარგად იცოდა სიმბოლიზმის თეორიაც და თუ "ცისფერყანწელებმა" ქართული ლექსის ძირეული რეფორმა განახორციელეს - ამ კაცსაც ღირსეული წვლილი მიუძღვის. XXI საუკუნეში ალბათ ობიექტურად უნდა შეფასდეს წინა ასწლეულში მოღვაწე მწერლების და მეცნიერების ღვაწლი. რუსიფიკაციის და ბოლშევიზმის სასტიკ წნეხს მხოლოდ მათი თავისუფალი აზრისკენ სწრაფვა და საერთოდ, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების დაფუძნება უპირისპირდებოდა. ამაზე მძლავრი იარაღი არ არსებობდა. ამიტომაც გაანადგურეს ან განდევნეს ეს ადამიანები. რაც შეეხება გრიგოლ რობაქიძეს, ის მართლაც თანამედროვე იყო და ეს ღირსება სძენდა აქტუალობას. მისი თვალთახედვის არეში თავისი დროის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მოექცა. ამ რამდენიმე წლის წინ "ლიტერატურნაია გაზეტაში" დაიბეჭდა ჩაადაევის პორტრეტი რობაქიძის რუსულ ენაზე დაწერილი წიგნიდან "პორტრეტები". ეს ნაწარმოები არამცთუ არ გახუნებულა, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ სავსებით ახალი ნიშნით გამობრწყინდა. ყურადღებას იქცევს უაღრესად თავისებური, დახვეწილი ენა და სტილი.
- ხომ არ დავკარგეთ ჩვენი საუბრის ძაფი?
- მე მგონი, არა, არ დაგვიკარგავს. მე არ მიყვარს ზედმეტი სუბიექტივიზმი ამა თუ იმ მწერლის შეფასებისას, არადა, როგორც ვატყობ, დღეს ესეც მოდაშია. არც განდიდებაა საჭირო და არც დამცირება. დღეს, XXI საუკუნეში, ალბათ ხელახლა დაიწერება XX Óაუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია და შეძლებისდაგვარად (ეს არ არის იოლი საქმე) ყველას თავისი ადგილი მიეკუთვნება. მთავარია, ავტორები იყვნენ შეფასებისას შინაგანად თავისუფალნი. ისინი ერთი მხრივ, კომუნისტური სტერეოტიპებისგან უნდა განთავისუფლდნენ და, მეორე მხრივ, დღეს ფეხმოკიდებული, უსაფუძვლო, ზერელე სკეპტიციზმისგან. სულერთია, ლიტერატურა მიმეტური იქნება თუ ანტიმიმეტური, - მთავარია, ის ცხოვრებაზე საუბრობდეს. ყველაზე სახიფათო მწერლობისთვის ფორმალიზმია. ვიდრე არსებობს სიცოცხლე, სიკვდილი, სიძულვილი, სიყვარული, ღალატი და ა.შ. მწერლობამ ცხოვრებაზე უნდა ილაპარაკოს, როცა ყოველივე ეს აღარ იარსებებს, მწერლობაც დაკარგავს აზრს. XX საუკუნის მანძილზე ევროპული ლიტერატურა არცთუ იშვიათად ვარდებოდა ფორმალიზმის უფსკრულში, ფორმალიზმის არა საბჭოთა გაგებით, არამედ საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვის, უხიფათობის, მკვდარ სიტყვებად ქცევის თვალსაზრისით. სწორედ ასეთ დროს იყო ალფრედ დიობლინმა, ფუტურიზმის მამას, მარინეტის რომ შეახსენა, მწერლობაში მთავარი ინდივიდისეული უნიკალობაა და არა კოლექტივიზმის სულისკვეთებაო. მართლაც, ინდივიდი ქმნის მწერლობას, ინდივიდი ანიჭებს ყოველგვარ მიმდინარეობას საზრისს.
- ლირიკაზე ხომ არ იტყოდი კიდევ რაიმეს?
- ჩემი ნება რომ იყოს, ამ საუბარს ლირიკის აპოთეოზად ვაქცევდი. ლირიკა არ უნდა გაქრეს. ნამდვილი შემოქმედება შთაგონების მეშვეობით იკრებს ძალას. შთაგონება კი ემოციური სტიმულის გარეშე წარმოუდგენელია. აი, აქ იჩენს თავს ლირიკა, ღრმად პიროვნული განცდა, რომელიც ამავე დროს, პოეტურიცაა.
- რატომღაც უცნაური დანაკლისის გრძნობა მაქვს, თითქოს უფრო მეტი უნდა გვესაუბრა ლიტერატურაზე, ვთქვათ, ხომ არ ახსენებდი შენს საყვარელ მწერლებს?
- ჯოზეფ კონრადს სიკვდილის წინ უთქვამს თურმე, მე მსურდა ვყოფილიყავი ისეთი მწერალი, როგორიც დოსტოევსკი იყოო. მართლაც არსებობენ მწერლები, რომლებიც თითქოს უფრო წარმოსახვის სფეროს ეკუთვნიან, ვიდრე რეალობას. ასეთები არიან ჩემთვის შექსპირი და დოსტოევსკი. რა თქმა უნდა, ეს სია უფრო ვრცელიც შეიძლება იყოს, მაგრამ მე ვინც მინდოდა, ისინი დავასახელე. ძალიან მიყვარს შექსპირისეული სენტენციები, ვთქვათ ასეთი: "ცხოვრება იდიოტის ნაამბობ ზღაპარს ჰგავს". ძნელია ცხოვრებაზე ასე მოკლედ და ზუსტად თქვა რამე. ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებაც ამგვარი "იდიოტიზმებით" - პარადოქსებით და მოულოდნელობებით არის სავსე. დოსტოევსკის ფანტაზია აღელვებულ ზღვას ჰგავს, მხოლოდ არა ემპირიულ სივრცეში, არამედ ადამიანის შიგნით, მის გულში და გონებაში გაშლილს. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მთავარი ის არის, რომ მწერლის აზარტულ შემართებას სწორედ აქ მომხდარი ძვრები აღძრავს. დოსტოევსკისთვის გარესამყარო ყოველთვის პირობითია, უფერულია, შინაგან ქვეყნიერებასთან შედარებით. ვთქვათ, მწერლის სიტყვით, რასკოლნიკოვი "კუბოსავით ვიწრო" ოთახში იწვა, არადა, ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ზრახვები ზოგადკაცობრიულია. იქნებ ვინმემ თქვას, რომ ასეა ყველა საინტერესო მწერალთან, კი, მართალია! მაგრამ ეს ზღვარი დოსტოესკისთან განსაკუთრებულია. "მკვდარი სახლის ჩანაწერებში" უკვე შესანიშნავად ჩანს დოსტოევსკი, როგორც ადამიანთა მჭვრეტელი. აქ უკვე იკვეთება მისი, როგორც მწერლის მიდრეკილება, ფოტოფირივით გაამჟღავნოს ადამიანთა შინაგანი სამყარო. ეს მისთვის შთაგონების აღმძვრელი გადაულახავი სურვილია, მართლაც აზარტია. აკი თვითონვე თქვა, თუკი მთელი ცხოვრება მოანდომე ადამიანის გამოცნობას, არ უნდა იფიქრო, რომ უქმად დაკარგე დროო. რაც შეეხება ლირიკას, რადგან ამაზე ავაგე ჩემი საუბარი, ისიც მინდა ვთქვა, რომ დოსტოევსკის რომანების პოლიფონიურობა, სულაც არ გამორიცხავს მის "ლირიკულ კადნიერებას".
ბოლო დროს ვინ იცის მერამდენედ გადავიკითხე გოგოლის "შინელი" და სტივენ კრეინის "ცისფერი სასტუმრო" და მივხვდი: მწერლობა გრძნეულებაა. სწორედ ეს გრძნეულება დაკარგა დღევანდელმა მწერლობამ, რადგან ინტელექტუალური კი არა, ინტელექტისმიერი გახდა. ქართველი პროზაიკოსებისგან მიხეილ ჯავახიშვილს ვახსენებდი კიდევ ერთხელ. ჩემზე "ჯაყოს ხიზნები", "კვაჭი კვაჭანტირაძე", "ლამბალო და ყაშა", "ოქროს კბილი" და სხვა ნაწარმოებები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ეს მწერალი ხელახლაა წასაკითხი.
- მიხეილ ჯავახიშვილს კარგად იცნობს მკითხველი, მაგრამ საუკუნის პირველი ნახევრის მწერლებიდან იქნებ დავივიწყეთ ვინმე?
- დავიწყება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმე ცოდვაა, მაგრამ არა მგონია მთლად მივიწყებული იყოს რომელიმე მნიშვნელოვანი მწერალი. განზრახ დავიწყებაც არ არის კარგი. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ ამა თუ იმ ნიჭიერ მწერალს, რადგან ცოდვები მოეჩხრიკება, ამიტომ მის შემოქმედებაზე საუბარი არასასურველია. ამგვარ თვალსაზრისს მე პირადად ვერ გავიზიარებ. ვთქვათ, ცნობილია, რომ კნუტ ჰამსუნმა და ეზრა პაუნდმა ფაშისტურ რეჟიმს დაუჭირეს მხარი, რაც, რა თქმა უნდა, მათივე პიროვნებისეული ნაკლოვანების გამომხატველია, მაგრამ ამის გამო ამ მწერლების აკრძალვა არასწორი იქნებოდა. გაუგებრობა რომ არ მოხდეს, მწერლის პიროვნებას ნათელი უნდა მოეფინოს, უნდა გაირკვეს, რა ბრალს სდებენ მას და შეესაბამება თუ არა ეს ბრალდება სინადვილეს. ამ "პროცედურისგან" დამოუკიდებლად ნებისმიერ კრიტიკოსს აქვს უფლება - და ეს აუცილებელიც არის - მიმოიხილოს უსამართლოდ თუ სამართლიანად შერისხული მწერლის შემოქმედება. მთავარია, თვითონ ნაწარმოები აღძრავდეს ანალიზის, მიმზიდველი საუბრის სურვილს.
ტოტალიტარიზმით სნეულ, იმპერიული ამბიციებით შეპყრობილ რუსეთში ყოველთვის არსებობდნენ ნიჭიერი, მაგრამ გაყიდული მწერლები, მაგრამ დღეს, როცა იმპერია დაინგრა, არავის უფიქრია მათი აკრძალვა, პირიქით, ისეთი ნაწარმოებები გამოიტანეს დღის სინათლეზე, რომლებშიც მათივე კონფორმისტული სულისკვეთება ნაკლებადაა შესამჩნევი.
უმკაცრესმა შემფასებელმა, ივან ბუნინმა, სტალინის ყურმოჭრილი ყმის, ალექსეი ტოლსტოის შესახებ თქვა, მისი ხელიდან გამოსულ "ხალტურასაც" კი ნიჭიერების კვალი ატყვიაო. ბოლო დროს ამ მწერლის არაერთი წიგნი გამოიცა...
სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა ბორის სლუცკიმ - პასტერნაკის წინააღმდეგ გაილაშქრა. მძიმე ცოდვის გაცნობიერებამ პოეტს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოაყოფინა თავი. პოსტსაბჭოთა პერიოდში სლუცკის შესანიშნავ პოეზიას "არავინ შეხებია ცუდად"... "უსაქციელობის გამო" დღესაც აკრძალული უნდა ყოფილიყო ბაირონი, ფრანსუა ვიიონი, მარკიზ დე სადი (დიდხანს იყო აკრძალული) და სხვა არაერთი მწერალი. მართალია, მათ "სხვა მუხლს" მიუყენებდნენ, მაგრამ საბაბი საბაბია, თუ აკრძალვა გინდა, ვერაფერი შეგეწინააღმდეგება. ერთი სიტყვით, შეცდომად მიმაჩნია არა მხოლოდ აკრძალვა, არამედ ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებითი რეზონანსის ჩახშობა სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო. ყველაფერი ხმამაღლა უნდა ითქვას.
- რომელ ქართველ მწერლებს კითხულობდი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ასაკში, მოწაფეობის დროს, ან სტუდენტობის პირველ წლებში?
- მე უმთავრესად ათიანი და ოციანი წლების ქართულ მწერლობას შევეხე. არადა, მინდოდა სამოციან წლებზეც მესაუბრა. თუმცა ეს უკვე ცალკე თემაა. სამოცდაათიან წლებში, ე.ი. ჩემი მოწაფეობის და სტუდენტობის პერიოდში ქართველი მწერლებიდან ყველაზე ხშირად გურამ რჩეულიშვილს ვკითხულობდი. ახლაც კარგად მახსოვს, როგორ წავიკითხე "ერთი მოთხრობის ბიბლიოთეკის" სერიით გამოცემული "ალავერდობა". ამ მოთხრობას არაჩვეულებრივი დასაწყისი და დასასრული აქვს. გვიან მივხვდი - გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები სრულიად თავისებური ლირიზმით მიზიდავდა. "ალავერდობა" ამინდზე საუბრით იწყება და ეს საუბარი რაღაც უცნაურ შეფერილობას ანიჭებს მთელ მოთხრობას. თითქოს ავტორი, ვიდრე მთავარი ამბის თხრობას დაიწყებდეს, უკიდურესად მელოდიურ პირველ აკორდებს იღებს. ასეა ფინალშიც, მხოლოდ აქ უკვე ბოლო აკორდები ჟღერს და ლირიკის წრე იკვრება: ალავერდიდან ჩამოსული გურამი ნელა მიაბიჯებს ალვანისაკენ, გზადაგზა კი ელნათურები იწყებენ ციმციმს. ძნელია აქ მთავარი გმირის მრავლისმეტყველ განწყობას რაიმე დაარქვა. ლირიკული ეფექტი იმდენად ძლიერია, რომ მკითხველი მთლიანად ერწყმის გმირს. რა გრძნობა ეუფლება გურამს, იმედგაცრუება? გულგატეხილობა? ნაღველი? მე მგონი, არცერთი. უბრალოდ, ის რაღაცას ხვდება ისეთს, რასაც აქამდე ვერ ხვდებოდა და თითქოს სხვა სივრცეში იჭრება. ეს ფინალი, ჩემი აზრით, რეფლექსიის მომენტს აღბეჭდავს. გურამი ფიქრობს, მხოლოდ ფიქრობს არა მარტო გონებით, არამედ მთელი არსებით და ყოველივე ეს ღრმა ლირიკული დინებით არის გადმოცემული. გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები ლირიზმის - ღრმად პიროვნებისეული განცდის და პოეტური წარმოსახვის გარეშე წარმოუდგენელია. ენის სისადავეს და ფსიქოლოგიზმს ბუნებრივად ერწყმის სიტუაციის ლირიკული ხაზგასმა, ხაზი მოძრავია და პლასტიური.
- იქნებ იმით დავამთავროთ, რითიც დავიწყეთ, მე ვგულისხმობ ლირიკას?
- კი ბატონო. ლირიკა ჩემთვის ყოველგვარი შემოქმედების პირველსათავეა.

ესაუბრა ალეკო ბერიძე

© “არილი”

Tuesday, March 24, 2009

ანდრო ბუაჩიძე

* * *

ყინვავ და თოშო, გულშემწირველო,
ჩემს ღრმა სოროში რატომ მომბუზე,
მე ახლაც ვხედავ - მწუხრის ფრინველი
თავის ჩრდილს როგორ აფენს კორპუსებს.

მზე როგორ გაშლის ხოლმე ზონარებს
სახურავებზე და ბათქაშებზე,
და მეც აქა ვარ - წყნარი მოზარე
წარმოდგენაში სივრცეს ვაშენებ.

საღამო მადგას ჭრელი ჩითივით
და წაფერდებულ სურათს შევტირი,
საით გაფრინდნენ მწუხრის ჩიტები
ამაოებით ფრთაშეჭედილნი?

ამ გარეუბანს გადაუარეს,
სადაც ლანდშაფტი გადამსხვრეულა,
ან რას იზამდნენ ნეტავ უარესს,
რომ არ ეფრინათ ასე ხვეულად?

ეს კაცი ჩემი მეგობარია,
ქალაქგარეთ რომ მიდის გზაწვრილზე
და მხრით მიათრევს აბგას გვარიანს
და შეიძლება მისთვის გაწვიმდეს, -

და შეიძლება შეხვდნენ მგზავრები,
მინდორში ლუკმის გადამტეხველნი,
ჩემსავით მწუხრის ჟამს მოზარენი
და ამ ცხოვრების უნდო მეხრენი.

ყინვავ და თოშო, გულშემწირველო,
გადამახედე ჩემი ფანჯრიდან, -
როგორ მიფრინავს მწუხრის ფრინველი
კორპუსებს შორის მოძრავ აჩრდილად.

ის ხომ მაცნეა მთელი მასივის
დაღამებიდან დაღამებამდე,
სადაც სხივები მწუხრში გასვრილი
სასოწარკვეთილ ალვებს ღებავენ.

ბარგი-ბარხანა უკვე ახიკეს
მათხოვრებმა და კვარტლის გლახებმა,
მზის ათინათი ადგას სახინკლეს
და ბინდი ფარავს სახლებს ნახევრად.

ძაღლი

დამზრალ ჰაერში მიწიდან ცამდე
შენ ჩემს უბრალო ცხოვრებას ჰყვები,
არ მეგონა თუ იტყოდი ამდენს
ხმაჩახრინწული გაბმული ყეფით.

ეგ ხმა ემსხვრევა ნათურებს, ბოძებს,
გარაჟებსა და მბჟუტვარე ჯიხურს
და აღარ ფიქრობს გაფრენილ დროზე,
რომელიც აქვე გადატყდა ჯიქურ.

როგორ ამოთქვამ ამხელა ნაღველს
და შენი ყელის ფაქიზი ხორხით
ჩემი ცხოვრების დარაბებს აღებ,
ჩემს ყურთასმენას ძვალივით ლოღნი.

შენ ხარ ძაღლი, მე - ადამიანი,
და შეიძლება მეც ვიქცე ძაღლად,
და ამისთანა რა დარდი არის,
მიწიდან ცამდე რომ ადის მაღლა.

მაგ ხმით მეცნობა მე სააქაო,
საიქიო კი მიღმა ამ ყეფის
ცახცახებს, ღამეს უნდა აღგავოს
ეგ ხმა, რომლითაც ჩემს ამბავს ჰყვები.

როგორც სანთელი და როგორც ხიწვი
გაზავებული უძირო ნაღვლით,
ამ ჩემს ღამეებს ანათებს ხრინწი
გათენებამდე მყეფარი ძაღლის.

* * *

ვიცი, აქ ცხოვრობს ჩემს სიახლოვეს,
ჩემი შემწეც და უნდო მგმობარიც,
და ისიც ვიცი, ასეთ ახლობელს,
უნდა ვუწოდო მე მეგობარი.

როგორც საკუთარ ქსელში ობობა
ვიცი, ისე ვარ მეც ჩახვეული,
მარტოობაზე წუხს მარტოობა, -
სველ ნიჟარაში სველი სხეული.

ვიცი, შრიალებს ხე ქვეყანაზე
და იშრიალებს ასე დილამდე
ვიცი, მზის სხივებს ქარი გადასწევს
სხვა მზეებიდან გამომდინარე.

ვიცი, სხვას უკვე ბევრჯერ ეწვია
ბედი უაზრო და უარესი,
და ცხოვრება რომ მთვრალი ბეცია
მე იმიტომაც მხედავ ამრეზილს.

ის თვითონ მოვა, თუმც შენ არ ეძებ -
ცილისწამება და დამცირება,
რადგანაც ბევრი სისხლი ჩარეცხეს
ქვაფენილებზე უკვე წვიმებმა.

* * *

შენს ვნებებს უნდა მჭიდრო ლაგამი,
რადგან ჰაერში ასვეტილ ნაძვებს
ლაჟვარდის ჭერიც კი ვერ აკავებს
და ქარიშხალიც კი ვეღარ აწვენს.

შენ გესალტება სხეულზე სიცხე
და გივიწროვებს ვიწრო სახედველს,
და საკუთარი თავის წინ ირცხვენ,
რადგანაც ვნება ვეღარ გახედნე.

დაოკდი, მთვარის დისკო იხრება
და ყვავილივით ლამაზი სხივი
შენთან შემოაქვს, შენ კი გიხდება
სხივის დაჭერა, ვნება რომ ღვივის.

მაღლა, სულ მაღლა სართულში, სადღაც,
ეთხოვებიან ვიღაც გარდაცვლილს,
გარდაცვლილს შუბლზე უელავს დამღა
მთვარისა, მერე დრო რომ გააცლის.

სძინავთ შენს მტევნებს და მკრთალ ლოყებზე
ოდნავ გეხება ძილი ჩრდილივით,
და გახსნილ ტუჩებს ფრთხილად მოჰყვება
დაუხარჯავი ვნების ჩივილი.

* * *

ათოვს სველ სინდისს, ათოვს სველ თვალებს,
საღამო ავლებს ხელს მოაჯირებს,
შეუმჩნეველი იქნება მთვარე,
არ შეიძლება ვინმეს დაჭირდეს.

და მიადგება მზის სველი სხივი
ცარიელ სახლში დარჩენილ ფინჯანს,
და ქუჩის ბოლოს გოგონას ღიმილს
ეტყობა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნა.

ათოვს სველ სახლებს, ათოვს ოჯახებს,
ათოვს საწოლებს, ათოვს ხალიჩებს,
სველი ბინები თოვლში მოჩანან
და თოვლი თოვლში უნდა დაიხრჩვეს.

ვიცი, დავტოვებ ამ თოვლს და თვალებს,
მინდვრებისაკენ წავალ, დავტოვებ,
ღამე იწვება თოვლი მკვდარივით
და დილით კვლავაც უნდა გათოვდეს.

არც ავი და არც კარგი დარია
და შეიძლება, რომ დაუბარო
დათოვლილ ჩიხში სველ ადამიანს,
რომ ამ თოვლივით იყოს უბრალო.

1992 წ.

© “არილი”

Monday, March 23, 2009

ჯუდით შულევიცი – როგორ ვიკითხოთ წიგნები იმაზე, თუ როგორ ვიკითხოთ წიგნები


მწერლებს კეთილგონიერება არ ღალატობთ და, როგორც წესი, ვიდრე მკითხველებს წიგნების კითხვის ინსტრუქციებს შესთავაზებდნენ, თავს მოვალედ თვლიან, რამდენადმე დაამცრონ საკუთარი ღირსებები და წინდაწინ აღნიშნონ ამ განზრახვის კადნიერება. ამ დროს ავტორი, შესაძლოა, ერთიანად იყოს მოკლებული გულწრფელობას. თუმცა, მწერალს ხომ ამ სიტუაციაში თავმდაბლობა არც მოეთხოვება, მისი ამოცანაა, საკუთარი უმნიშვნელობის ხაზგასმით, ცოტათი თავი მოუქონოს მკითხველს, რათა მას თავმოყვარეობა არ შეელახოს.
მაგალითად, მუდამ ტაქტიანობით გამორჩეულმა ვირჯინია ვულფმა სტატიას - "როგორ ვიკითხოთ წიგნები?" - ასეთი შენიშვნა წაუმძღვარა: "ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადამიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს, საერთოდ, არანაირ რჩევას". თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ვ. ვულფისთვის, ამ აზრისთვის მოეყოლებინა მკაფიოდ ფორმულირებული რჩევები და მათ შორის ასეთიც: "ნურასოდეს ეცდებით საკუთარი ნება მოახვიოთ თავზე ავტორს. უმჯობესია, თვითონ სცადოთ ავტორად ქცევა". მონტენი მისი დროის კლასიკური კანონების თვალსაზრისით გამომწვევად ორიგინალურ მანიფესტს "წიგნებისათვის" მობოდიშებით იწყებს: "ცხადია, ხშირად მიხდება ისეთ საგანთა გამო საუბარი, რომლებზე მსჯელობაც ამ საქმის ოსტატებს მართებდათ". დევიდ დენბის "დიად წიგნებში", სადაც 48 წლის ავტორი კოლეჯში მიბრუნდება, რათა კლასიკოსების კითხვა ისწავლოს, შემდეგ კი ჩვენ გვმოძღვრავს ამ საქმეში, იგი საკუთარი უბირობის ასეთი აღიარებით ცდილობს დაიმდაბლოს თავი: "მე მქონდა ინფორმაცია, და არა ცოდნა; შეხედულებები, და არა პრინციპები; ინსტინქტები, და არა მრწამსი".
თუმცაღა, არც ისე დიდი ხანია, ამ ტიპის წიგნთა ავტორები საჭიროდ აღარ თვლიან, მსგავსი წინასწარი პირფერობით მოინადირონ მკითხველის გული. ალბათ იმიტომ, რომ მათ რიცხვში იმატეს ცნობილმა პროფესორებმა, რომლებიც გაცილებით ნაკლებად არიან მკითხველთა კეთილგანწყობაზე დამოკიდებულნი, ვიდრე ჩვეულებრივი მწერლები. ისიც შესაძლებელია, რომ გამუდმებით გაფუყულ მეცნიერთა და კრძალვით შემყურე უფროსკლასელთა წრეში ტრიალმა ამ ადამიანებს ჩამოუყალიბა საკუთარი ინტელექტუალური აღმატებულებისა ყველა სახის არაკომპეტენტურობის რწმენა. წერის კულტურას აღსასრული დაუდგა, ამბობენ ისინი, და რაკი ასეა საქმე, რაღატომ ვხარჯოთ საბოდიშო სიტყვები? ჰაროლდ ბლუმის 2000 წელს გამოქვეყნებულ წიგნში - "როგორ და რატომ უნდა ვიკითხოთ?" - აპოკალიპსური შეშლილობის ნოტები ჟღერს. ბლუმის მოთქმა დღევანდელი მდგომარეობის გამო ბიბლიური წინასწარმეტყველის ხმას გაგვახსენებს, ისრაელის გარდაუვალ დაღუპვას რომ ჰგოდებდა: "ტელევიზორთან გატარებულ ყრმობას კომპიუტერთან ჩავლილი სიჭაბუკე მოსდევს და უნივერსიტეტის სტუდენტი უკვე იმ ფაქტის გააზრების უნარს ჰკარგავს, რომ ოდესმე ყველას ისევე მოგვიხდება ამ სოფლიდან განსვლა, როგორც მოვედით მასში" (აქ ბლუმი მიგვითითებს ბრძნულ გამონათქვამზე სიკვდილთან შერიგების შესახებ "მეფე ლირის" ბოლო ნაწილში). "წიგნის კითხვა თანდათან ქრება როგორც რეალობა და ამას თან სდევს პიროვნების რღვევა, მაგრამ ჩივილი უკვე საქმეს ვეღარ უშველის".
პროფესორთა წიგნები იმაზე, თუ როგორ ვიკითხოთ წიგნები, ყველაზე მეტად იმით მაოცებდა, რომ ძნელი მისახვედრი მეჩვენებოდა, საერთოდ, ვის რაში სჭირდება ისინი. თუკი უბრალო მკითხველს საკმაო შეგნება აღმოაჩნდა საიმისოდ, რათა ეყიდა წიგნი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიკითხოთ წიგნები, რატომღა უნდა ვიწუწუნოთ ხალხის შეუგნებლობაზე და რად გადავასხათ მის ცოდნისთვის ანთებულ ენთუზიაზმს ცივი წყალი? ამასთან, ლიტერატურათმცოდნეობა სწორედ კითხვას გვასწავლის და ამას ყველაზე უკეთ მაშინ ახერხებს, როცა მეტისმეტად თვალშისაცემი არ არის, რომ რაღაცის სწავლებას ცდილობს.
ასე ვფიქრობდი, მაგრამ, როგორც გამოირკვა, ვცდებოდი. ამ დღეებში ბოლოს და ბოლოს ვაიძულე თავი, წამეკითხა ბლუმის წიგნიცა და მისი წინამორბედის, რობერტ ოლტერის შრომაც გულშემაღონებელი სათაურით "კითხვის მშვენიერებანი იდეოლოგიების ეპოქაში" (1989) და, ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ თურმე მათში ბევრი არაფერი შეგიღონებს გულს. პირიქით, ამ წიგნებს სიხარულიც კი მოაქვთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბლუმი და ოლტერი თავიანთ პირქუშ წინასწარმეტყველებათა ღაღადებას შეწყვეტენ ხოლმე და კითხვის თემას ჩაუღრმავდებიან. კარგი იქნებოდა, ამ სახელგანთქმულ მკვლევრებს ძალები გაეერთიანებინათ და მოეწყოთ ერთობლივი სატელევიზიო შოუ. მეტად სასარგებლო სანახაობა იქნებოდა, რას მოიმოქმედებდა ეს ორი ურთიერთშემავსებელი ანტიპოდი. მაშინვე აშკარა გახდებოდა, რომ ვინც რა უნდა გვითხრას, სულ ერთია, კითხვის აბსოლუტური რეცეპტი მაინც არ არსებობს; და რომ მხოლოდ საბაზისო ჩვევების ათვისება არის შესაძლებელი, შემდეგ კი ყველაფერს უკვე პირადი გემოვნება განსაზღვრავს.
თანამედროვეობის უთვალსაჩინოესი ბიბლიისმცოდნე ოლტერი გემოვნებიანი და ჩაკირკიტებული მკითხველია, ხოლო ენციკლოპედიური გაქანების ლიტერატურათმცოდნე ბლუმი, რომელმაც ლიტერატურა განსაზღვრა როგორც ბრძოლა ძლიერ და სუსტ პოეტებს შორის, - შეუპოვარი და თავნება მკითხველი. ოლტერი ცდილობს პოეტური ხელოვნების თავისებურებებში გაგვარკვიოს, ამიტომ ცალკე თავებს უთმობს სტილს, ალუზიებს, სტრუქტურას და ა.შ. ბლუმს კი ლამის რელიგიურ გრძნობას აღუძრავს ლიტერატურის უნარი, კირთებისაგან იხსნას სული, და ცდილობს მკითხველსაც იგივე გრძნობა ჩაუნერგოს; იგი, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს მწერლურ ძალმოსილებაზე, პერსონაჟის ცხოველხატულობაზე, იმაზე, რომ, აუცილებელია, ლიტერატურათმცოდნეს მაღალი გემოვნება ჰქონდეს. ბლუმი მოითხოვს, განვავითაროთ ჩვენში სასწაულის წინაშე განცვიფრების უნარი, როცა ლექსების კითხვას იწყებს, ხმა უკანკალებს და ვგრძნობთ, როგორ ევსება ცრემლით თვალები. ოლტერი მასთან შედარებით უფრო დინჯი და მსჯელობისკენ მიდრეკილია, ოღონ ოდნავადაც არ არის ნაკლებად დაჟინებული. ორივე უაღრესად დიდსულოვანი ინტერპრეტატორია. ორივეს ძალუძს მღელვარე ყურადღებით მიადევნოს თვალი, როგორ მუშაობს ოსტატი, როგორ აკეთებს თავის საქმეს და ამ დროს ერთადერთი მიზანი ჰქონდეს: თვალნათლივ დაგვანახოს, რას ნიშნავს საქმის კარგად კეთება.
არსებითად, აი, რა უპირატესობა აქვს ამ ჟანრს - წიგნებს იმაზე, თუ როგორ ვიკითხოთ წიგნები: იგი ლიტერატურათმცოდნისაგან არანაირ თეზისებს არ მოითხოვს, ყოველ შემთხვევაში - აშკარად გამოთქმულს მაინც. მიეცით საშუალება კრიტიკოსებს, ეძებონ და ახსნან ტექსტში დაფარული აზრები და აქონ ან განაქიქონ ავტორის კულტურული თვალსაზრისები. უბრალო მკითხველს ისღა დარჩენია, რომ დააკვირდეს ინტერპრეტატორის მოქმედებას და თვითონ გადაწყვიტოს, აღუძრავს თუ არა მისი შრომა რაღაც უფრო მეტის გაგების სურვილს. ოლტერი განსაკუთრებით დამაჯერებელი ხდება მაშინ, როცა ძველებრაული ბიბლიიდან მოჰყავს მაგალითები. მის მიერ დახატული ბიბლიური დავითის სახე, - ტრაგიკული ფიგურა მეფისა, რომლის უსაყვარლესი ვაჟი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას მამის წინააღმდეგ, - შექსპირულ სიღრმესა და ძალმოსილებას აღწევს. ბლუმი, რომელმაც ათასობით გვერდი მიუძღვნა შექსპირს, დღემდე ახერხებს, განგვაცვიფროს - და, ამავე დროს, ინტერესიც აღგვიძრას - იმ ენერგიითა და გაქანებით, რომლითაც იგი შექსპირის სიდიადეს ამტკიცებს.
კითხვა, როგორც პროცესი, ყოველთვის განმარტოებასთან არის დაკავშირებული, და არასოდეს - მარტოობასთან. ყოველთვის შეგვიძლია მოვიწვიოთ თანამოსაუბრე და ვაზიაროთ იგი წიგნისადმი ჩვენს ინტიმურ დამოკიდებულებას, ოღონდ ზიზღს აღგვიძრავს ბრბო. კრიტიკოსები, სხვადასხვა სერიოზული იდეის სამსახურში რომ დგანან, ხშირად ცდილობენ ჩაგვაგონონ, რომ კეთილგონიერი ადამიანები კითხულობენ, ვთქვათ, ასე ან სხვაგვარად. ავტორები წიგნებისა იმაზე, თუ როგორ ვიკითხოთ წიგნები, მეტი პატივისცემით ეპყრობიან მკითხველებს, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის საუკეთესონი მაინც (ხოლო თუკი რომელიმე მათგანი მენტორულ ტონზე გადავა და ჭკუის სწავლებას არ მოიშლის, შეგვიძლია, მაშინვე დავხუროთ და მივაგდოთ მისი წიგნი). ისინი საშუალებას გვაძლევენ, გავეცნოთ მწერლის სამზარეულოს. ამქვეყნად ჯერ არავის მოუხერხებია, სხვებისთვის აღეძრა კითხვის სურვილი ლიტერატურის რაღაც კატეგორიებში მოქცევით. ლიტერატურა სავსებით იმსახურებს იმას, რომ მასზე ვხარჯოთ დრო და იგი ჯიუტად ამბობს უარს, ჩაეტიოს რაღაც ხელოვნურად შეკოწიწებულ ჩარჩოებში. აი, მაგალითად, რას ამბობს ვ. ვულფი: "განა არ არსებობს საქმეები, რომლებსაც ვაკეთებთ, უბრალოდ, იმის გამო, რომ მათი კეთება სახალისოა და საბოლოო სიამოვნებას ველით? და განა კითხვა ერთ-ერთი ასეთი საქმიანობათაგანი არ არის?" უეჭველია, ასეა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ კითხვის უკიდურეს სოლიპსიზმს ძალუძს (ამაზე თვით ვულფიც მიგვანიშნებს ავბედითი განსაზღვრებით "საბოლოო"), ლამის ზარდამცემი ლოგიკურობით გააუფერულოს ამქვეყნად სხვა ყველაფერი.

The New York Times
27 იანვარი, 2002 წ.

© “წიგნები – 24 საათი”

ზაზა კვერცხიშვილი – "გაუმარჯოს გალაკტიონოლოგიის ფუძემდებლებს!"


"გალაკტიონოლოგია", I, რედაქტორი თეიმურაზ დოიაშვილი. მხატვარი თენგიზ მირზაშვილი. თბილისი, 2002.

სტატიის სათაური სარეცენზიო წიგნის შემქმნელთა მისამართით წარმოთქმული ხოტბა-სადღეგრძელო არ გახლავთ; ეს არის თავად გალაკტიონის სიტყვები, საკუთარი შემოქმედების შემსწავლელ დარგზე (ლიტერატურათმცოდნეობის მძლავრ განშტოებაზე) ფიქრისას ჩაწერილი.
დღეს ყველამ იცის: გალაკტიონი ოცნებობდა გალაკტიონოლოგიაზე.
წიგნში ამის შესახებ მოკლედ მოგვითხრობს ვახტანგ ჯავახაძე: პოეტი "ამ სიტყვას დიდხანს ეფერებოდა. წერდა, ხატავდა, ხაზავდა - ქართულად, რუსულად, რუსულ-ქართულადაც. გრაფიკულად აფორმებდა, ჩარჩოში სვამდა, მარცვლავდა. სტამბაში მთავრული შრიფტით ააწყობინა და ანაბეჭდი მაგიდასთან გაიკრა, ლექსიც დაწერა, საუბარიც ჩაიწერა..."
დიახ, ფრაზა - "გაუმარჯოს გალაკტიონოლოგიის ფუძემდებლებს!" - მაშინ არის დაწერილი, როცა დარგი "გალაკტიონოლოგია" ერთადერთი ადამიანის ოცნებაში არსებობდა, ხოლო სარეცენზიო წიგნის ზოგი ავტორი ჯერ დაბადებულიც კი არ იყო. მაგრამ, თუ მათ შორის არიან გენიოსის ნებისმიერი გამონათქვამისთვის პროვიდენციული ღირებულების მინიჭების მოყვარულები, თამამად შეუძლიათ, საკუთარი ნაღვაწი გალაკტიონის ნათელხილვის აღსრულებად მიიჩნიონ და აქედანვე დაიწყონ ზრუნვა ამ სიტყვებს ქვემოთ ჩაწერილი კიდევ ერთი "წინასწარმეტყველების" ხორცშესასხმელად: "გალაკტიონოლოგია" ისეთი დარგია, რომლითაც უნდა დაინტერესდეს მთელი მსოფლიო". და თუ ეს დღევანდელ სამყაროში ძნელი წარმოსადგენია (უფრო სწორად კი, სრულიად წარმოუდგენელია), იმას ხომ ვერავინ აგვიკრძალავს (ვერც ავტორებს და ვერც ჩვენ, მკითხველებს), ასეთი სურვილი არსებობდეს როგორც ოცნება... უფრო კი, როგორც იმედი.
ასეა თუ ისე, წიგნი "გალაკტიონოლოგია" პოეტის ნათელხილვის თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ანდერძის აღსრულება უეჭველად არის... და რა შეიძლება იყოს დიდი წინაპრის ანდერძის აღსრულებაზე უფრო ღირსეული საქმე ნებისმიერი მეცნიერისა თუ ხელოვანისთვის?!
წიგნი გვარწმუნებს (და ეს სასიამოვნო მოულოდნელობაა), რომ ლიტერატურათმცოდნეობის ეს ახალი დარგი, პრაქტიკულად, უკვე შეიქმნა: ამის საბუთია აქ დაბეჭდილი სტატიების, - გალაკტიონოლოგიური კვლევა-ძიების, - თემატური მრავალფეროვნება და მაღალი პროფესიული დონე. ამასთან, ახალშობილი დარგის სიცოცხლისუნარიანობას მყარი საორგანიზაციო ფუნდამენტიც უზრუნველყოფს: ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დაფუძნდა "გალაკტიონის კვლევის ცენტრი", რომელიც ყოველწლიურად ჩაატარებს გალაკტიონოლოგთა სამეცნიერო სესიას (შარშან, ნოემბერში ჩატარებული II სესია, არა მხოლოდ საერთო კულტურული დონით, არამედ დამშეული და გათოშილი ზამთრის წინ, პოლიტიკური ვნებების მძვინვარების ჟამს, გალაკტიონის "აქტუალურ კონტექსტს" მოკლებული პოეზიისადმი მრავალრიცხოვანი საზოგადოების მიერ გამოვლენილი სიყვარულისა და ცოცხალი ინტერესის გამოც, წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა რიცხვს უნდა მიეკუთვნოს).
აქვე უნდა ითქვას: ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში (და უფრო ფართოდ - ჰუმანიტარულ მეცნიერებაში), არა მხოლოდ ნომინალურად, ფაქტობრივადაც, ერთი ხელოვანისადმი მიძღვნილ ცალკე დარგად აქამდე მხოლოდ რუსთველოლოგია არსებობდა. 1960-იან წლებში უნივერსიტეტში გრიგოლ კიკნაძის ხელმძღვანელობით დაიწყო ვაჟა-ფშაველას შემოქმედების კომპლექსური კვლევა, რაშიც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მონაწილეობდა და ანგარიშგასაწევი შედეგებიც იქნა მიღებული. მაგრამ ცალკე დარგად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი იყო კვლევა-ძიების მრავალასპექტიანობა, რაც იდეოლოგიური და მეთოდოლოგიური ჩარჩოების გამო მაშინ განუხორციელებელ ამოცანას წარმოადგენდა.
სამაგიეროდ, ამ თვალსაზრისით, უაღრესად საიმედო ჩანს "გალაკტიონის ცენტრის" ხელმძღვანელის, თეიმურაზ დოიაშვილის მიდგომა: "ერთი რომელიმე ლიტერატურათმცოდნეობითი პოზიციისა თუ მეთოდოლოგიის დიქტატურის ხანა დამთავრდა... ნებისმიერმა ლიტერატურათმცოდნეობითმა მეთოდოლოგიამ და პრაქტიკამ თავისი ღირსება მხატვრულ ტექსტთან შეხვედრისას უნდა დაამტკიცოს. თუ მას ტექსტის რომელიმე ასპექტის უფრო ღრმა გაგებამდე მივყავართ, ამგვარი კრიტიკული პრაქტიკა გამართლებულია... მაშ ასე: მობრძანდით ტრადიციონალისტებო, სტრუქტურალისტებო, დეკონსტრუქტივისტებო, პოსტმოდერნისტებო, პერმენევტიკის, რეცეფციული ესთეტიკის, მითოლოგიური სკოლის და რაგინდარა მიმართულების მიმდევარნო..." გალაკტიონოლოგიური კვლევის საორგანიზაციო ქვაკუთხედად გამოცხადებული ამგვარი პლურალიზმი მით უფრო ფასეულია, რომ თვით თ. დოიაშვილს, ამჯერად უკვე როგორც ლიტერატურათმცოდნეს, თავისი სავსებით გარკვეული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს: "იმსტორიზმის პრინციპი ჩემთვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შემოქმედის ობიექტური შეცნობა გვსურს, მაშინ იგი იმ ისტორიულ, მსოფლმხედველობრივ-ესთეტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომელშიც ქმნიდა. დავაკონკრეტოთ: გალაკტიონის სიმბოლისტური პოეზიის რეცეფცია, გაგება, ახსნა, ინტერპრეტაცია შესაძლებელია მხოლოდ სიმბოლიზმის მსოფლმხედველობრივ-ესთეტიკური სისტემის გათვალისწინებით..."
გალაკტიონოლოგიური კვლევის ზემოთ ნახსენებ თემატურ სიფართოვეს უკვე წიგნის რუბრიკების უბრალო ჩამონათვალიც კი კარგად ათვალსაჩინოებს: "არქივიდან", "ცხოვრება, როგორც ტექსტი", "ინტერპრეტაცია", "ესე" "გალაკტიონის შემდეგ", "პოეტიკა", "კრიტიკული დისკურსი", "კონტექსტი", "გალაკტიონი - პერსონაჟი", "რეცეფცია", "ტექსტოლოგია", "ახლობლები და მეგობრები", "მოგონებათა თოვის..." ამასთან, აღსანიშნავია, რომ მასალათა უმეტესობა საგანგებოდ ამ წიგნისთვის დაიწერა - შემდგენელთა ძალისხმევამ შვა. და ამ მხრივ, თ. დოიაშვილთან ერთად, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს თენგიზ მირზაშვილის ღვაწლი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა არა მხოლოდ წიგნის გაფორმებაში (პოეტის უცნაურ ჩანახატებით შემკული "გალაკტიონოლოგია" ამ მხრივაც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემაა), არამედ, მთლიანად, ახალი ჰუმანიტარული დარგის დაფუძნებაში. მხატვარ თ. მირზაშვილის შეჭრა ქართულ მეცნიერებაში აქამდე სხვადასხვა დარგში (ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორია) წამოწყებულ მასშტაბურ ნგრევასთან იყო გაიგივებული, რაც სპეციალისტების უკიდურეს გაღიზიანებას იწვევდა. ახლა ყველამ, ვისაც ობიექტურობა არ დაუკარგავს, უნდა აღიაროს: ეს პიროვნება ახლის შენებაშიც ასევე მასშტაბური და შთამბეჭდავია.
ერთი და იმავე საკითხისადმი სრულიად განსხვავებული ორი მიდგომის ნიმუში უკვე ბიოგრაფიულ განყოფილებაში შეიძლება ვნახოთ, სადაც გალაკტიონის მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ გაგებულია, ერთ შემთხვევაში, როგორც დედის მუცლიდან, ახალდაქვრივებული ქალის შიშითა და უიმედობით სავსე ორსულობიდან გამოყოლილი არსებობის შიში - ეგზისტენციალური ძრწოლა (ზაზა აბზიანიძე); ხოლო სხვა ავტორთან (ირაკლი კენჭოშვილი) - როგორც გაცნობიერებული ორიენტაცია ეპოქის "კულტურულ ტექსტზე": "გალაკტიონის როგორც ბიოგრაფია, ასევე მისი ლირიკული გმირების ქცევის ნორმების, მიმიკის, პოზების, ჟესტების სისტემა ლიტერატურის, ხელოვნების, თეატრის სამყაროში პოულობს საყრდენს, მათთან მუდმივი დიალოგით იძენს თავისებურ სემანტიკასა და სტილურ შეფერილობას".
საეჭვო არ უნდა იყოს, რომ გალაკტიონის მსგავსი ზემგრძნობიარე პოეტის სულიერ სამყაროში ქვეცნობიერ ძრწოლასაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა და კულტურული ფაქტების ცნობიერი გავლენაც ბევრად უფრო ძლიერი იქნებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ("ნორმალური") ინდივიდის ცხოვრებაში. ოღონდ, ვფიქრობ, ხელოვნურადაც კი ძნელია თუნდაც მთლიანად იდეალური სასიკეთო მოვლენებისგან შემდგარი ისეთი ბიოგრაფიის კონსტრუირება ან კულტურულ გავლენათა ერთიანად სიხარულის მომტანი ისეთი ნაკადის წარმოდგენა, სადაც თავს "ბედნიერად" ან "შინაურად" იგრძნობდა გალაკტიონის ბუნების შემოქმედი, რომელსაც იდუმალი და აუხსნელი გენია აიძულებს, ცხოვრება ერთიანად შესწიროს გამოუთქმადის ზღვარზე და ზოგჯერ ზღვარს იქით მყოფი ხდომილებების სიტყვიერ ფორმებში მოქცევას (შესაძლოა, XX საუკუნის ქართულ მწერლობაში მხოლოდ გალაკტიონს შეეფერებოდეს სენ-ჟონ პერსის სანობელე სიტყვაში ხელოვნებასთან დაკავშირებით გაცხადებული მნიშვნელოვანი სიმართლე: "პოეტური სულის დიადი შემართება არაფრით არ ჩამოუვარდება თანამედროვე მეცნიერების დრამატულ აღმოჩენებს. ასტრონომები ააღელვა გაფართოებადი სამყაროს თეორიამ; მაგრამ სხვა სამყაროში - ადამიანის სულიერ უსასრულობაში - არანაკლები გაფართოება ხდება. რაც უნდა შორს გაწიოს მეცნიერებამ თავისი საზღვრები, ამ რკალისებურ საზღვართა მთელ სიგრძეზე ჩვენ უწინდებურად გავიგონებთ პოეტის მიერ მიშვებულ მწევართა ყეფას").
ტექსტოლოგიურ მონაკვეთში განსაკუთრებით საყურადღებოა თ. მირზაშვილის გამოკვლევა, რომლის გაკვეთილის გათვალისწინება გალაკტიონოლოგებზე მეტად, ვფიქრობ, რუსთველოლოგებს მართებთ. აქ ერთ თვალსმიფარებულ ავტოგრაფთან დაკავშირებით გამოთქმულია უაღრესად დახვეწილი, მრავალფეროვანი, კარგად არგუმენტირებული ვარაუდები, რომლებიც მერე ავტოგრაფის მოულოდნელად ხელახლა გამოჩენამ ერთიანად გააქარწყლა. მეტად "ელეგანტური", მაგრამ მცდარი ინტერპრეტაციის ეს სასარგებლო მაგალითი თვალნათლივ გვარწმუნებს, რომ ისეთი რთული და იდუმალი პოეტის შემოქმედებაშიც კი, როგორიც გალაკტიონია, უმჯობესია უპირატესობა განმარტების ყველაზე მარტივ ვარიანტს მიენიჭოს: სიბრძნე - "სიმარტივე ბეჭედია ჭეშმარიტებისა" - აქაც უნაკლოდ "მუშაობს".
ამაშივე გვარწმუნებს იზა ორჯონიკიძის წერილი: სიმართლე უფრო მარტივი და უშუალოდ აღქმადი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი ასოს გადასხვაფერების გამო შეთხზული "ლამაზი" თეორიები ("წარვალს" წაკითხულ იქნა როგორც "ნარვალს" და დაიწყო თავის მტვრევა იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს იშვიათი სიტყვა).
ლევან ბრეგაძის სტატიაში განხილულია ერთი იმ უიშვიათეს შემთხვევათაგანი ("პოსტმოდერნისტული თამაშების" წინარე პერიოდისთვის), როცა გენიალური შემოქმედის უღრმეს სულიერ მოთხოვნებს ისე სრულად გამოხატავს სხვა ავტორის ქმნილება, რომ იგი, უბრალოდ, თარგმნით ვეღარ კმაყოფილდება, არამედ რამდენადმე უცვლის სახეს მას (რათა რაც შეიძლება სრულად "მოირგოს") და საკუთარ ნაწარმოებთა შორის მიუჩენს ადგილს. 1935 წელს გალაკტიონმა თარგმნა გოეთეს სამსტროფიანი "მინიონა", მეორე და მესამე სტროფებს ადგილი შეუნაცვლა, დასაწყისში ერთი თავისი სტროფი დაამატა, მიღებულ ტექსტს ახალი სათაური "სადღაც კი..." შეურჩია და 1948 წელს გამოცემულ ორიგინალური ლექსების წიგნში შეიტანა. ვფიქრობ, იშვიათობისა და "ეგზოტიკურობის" მიუხედავად, ასეთი შემთხვევები გავლენის უნივერსალური ფენომენის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. და თუ გავლენის ხასიათს, - სრული მიღებიდან, დაუფარავი მიბაძვიდან, ასევე სრულ უარყოფამდე, - წინააღმდეგობის ძალა თუ ხარისხი განსაზღვრავს, ასეთი შემთხვევები შეიძლება დახასიათდეს, როგორც მიღება უმცირესი წინააღმდეგობის გავლის გზით, ხოლო მათი წარმოქმნის ფსიქოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი მექანიზმი, ვფიქრობ, ყველაზე მკაფიოდ ახსნა შარლ ბოდლერმა, როდესაც ედგარ პოს მისთვის ყველაზე მახლობელ (ასევე რამდენადმე სახეცვლილ) ფრაგმენტს წინ ასეთი სიტყვები წაუმძღვარა: "ზოგჯერ ნებადართულია დავიმოწმოთ ჩვენივე თავი... მაშასადამე მე ვიმეორებ, რომ..." (ამის შესახებ უფრო ვრცლად და ზუსტად იხ. პოლ ვალერის "ბოდლერის მდგომარეობა").
ასეთი ტიპის კრებულის რეცენზენტს, ალბათ, ყველა სტატიაზე საკუთარი აზრის გამოთქმა არ უნდა ევალებოდეს. მით უფრო, რომ, რამდენადაც მახსოვს, "გალაკტიონოლოგიის ოლიმპზე" არავის აღვუსაყდრებივარ ზევსის ტახტზე და არც ამ სფეროში ყველა საკითხზე საბოლოო მსჯავრის გამოტანის უფლება მოუცია ვინმეს. ასე რომ, მხოლოდ პირადად ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო ოთხი წერილის აღნიშვნით შემოვიფარგლები.
დავით წერედიანი, "მუსიკა უპირველეს ყოვლისა". ურთულესი საკითხის ახსნის ცდა: რა წარმოქმნის გალაკტიონის ლექსის ყველასთვის ადვილად საგრძნობ, მაგრამ ლოგიკური ანალიზისთვის თითქმის მიუწვდომელ მუსიკალურობას? რა უდევს საფუძვლად ამ ჯადოსნურ ეფექტს? დ. წერედიანის უზადო პოეტურმა სმენამ აღმოაჩინა უცნაური ფაქტი: გალაკტიონის "ინტეგრალური მუსიკალურობა", თუნდაც ბესიკის ან აკაკის "არითმეტიკული მუსიკალურობისგან" განსხვავებით, ჩნდება არა ალიტერაციებისა თუ ჟღერადი ბგერწერული ეფექტების წყალობით, არამედ, პირიქით, - სწორედაც რომ მათ საპირისპიროდ.
ზურაბ კიკნაძე, "გალაკტიონის ცეცხლი და ბურუსი". თავისუფალი ფილოსოფიურ-პოეტური ვარიაციები გალაკტიონის ერთი უსათაურო ლექსის ("სანამ წვიმა გადივლიდეს...") თემებზე. მსოფლიო კულტურის უვრცელესი არეალიდან ("დაო დე ძინიდან" რილკემდე) ერუდიტის მეხსიერებაში ძალდაუტანებლად ამოტივტივებული აზრობრივ-"მუსიკალური" პარალელები თუ ასოციაციები.
ზაზა შათირიშვილი, "არტისტული ყვავილების" ერთი ინვარიანტული მოტივი". განმეორებადი ნარატივების ("სამგლოვიარო პროცესია ქარში", "მოკლული შველი" და სხვ.) მეშვეობით ახლებურად გაშუქებული გალაკტიონის მსოფლმხედველობრივი და პოეტური სამყარო. ხედვის უჩვეულო, თუმცაღა დამაჯერებელი კუთხე: "შვლის ნარატივი შესაძლებელია მეტონიმურად წანაცვლდეს და გახდეს ნუკრის თვალებიანი ბავშვის ნარატივი".
მალხაზ ხარბედია, "გალაკტიონის ქალაქური ტექსტი". მსოფლიო ლიტერატურათმცოდნეობის უახლეს მიღწევებთან განუწყვეტელი კონტაქტით ალესილი მზერა. აი, კარგი ნიმუში ცოდნის და ხედვის შერწყმისა: ცოდნა - "ნარცისისტული ტექსტები (ბაროკოდან მოყოლებული დღემდე), სპეციფიკური მეტაფორიკით ხასიათდება, რომელიც ძირითადად წყალთან არის დაკავშირებული"; ხედვა - "გალაკტიონთან მდინარე ხან მსუბუქი სიზმარივით მოსჩანს ("მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე"), ხან კი რაღაც იდუმალ სტიქიას იფარავს თავის თავში, მაგრამ აქ მთავარი ის გახლავთ, რომ მთელ ამ ანარეკლებს, სინათლესა და ელვარებას (შდრ. "ჩემთვის დღესავით არის ნათელი..."), თან ახლავს პოეტური მეს ჰიპერტროფია, დაწყებული "მეფე და მგოსნის" კომპლექსიდან...". უაღრესად გამჭრიახი თვალი სჭირდებოდა იმის დანახვასაც, რომ გალაკტიონის ქალაქი, არა უბრალოდ პოეტური ამოცანისა თუ განწყობილების გამო, უკვე თავისი არსით არის წარმოსახვითი ბუნების მქონე.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურათმცოდნეობაში რუსთველოლოგიის გვერდით გალაკტიონოლოგიის გაჩენა თავისებურად ახალ ვითარებას შექმნის ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში: გარდაუვალი გახდება სხვა დიდ ხელოვანთა თუ ცალკეულ მნიშვნელოვან ნაწარმოებთა ღრმა და დაინტერესებული შესწავლა. აქამდე ხომ ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებული იყო "ავტორის მკვლელობის" ორივე ძირითადი ფორმა - იგნორირება და სახოტბო (ან განმაქიქებელ - არსებითი განსხვავება არ არის) შტამპებში გაქვავება. ასე რომ, ვფიქრობ, დადგება დრო, როცა კრებულ "გალაკტიონოლოგიის" გამოსვლა, ეპოქალურ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, საეტაპო მოვლენად იქნება მიჩნეული.

P.S.
"გალაკტიონოლოგიя" ანუ მცირე ელეგია ჰიპერტროფირებული "მეს" შესახებ
ახლა კი, მას შემდეგ, რაც რეცენზენტის მოვალეობა პირნათლად მოვიხადე, ვისარგებლებ "გალაკტიონის ცენტრის" ზემოთ გახმიანებული მიწვევით ("მობრძანდით ტრადიციონალისტებო, სტრუქტურალისტებო, დეკონსტრუქტივისტებო..." და ა.შ.) და "რაგინდარა მიმართულების მიმდევრის" სტატუსით, მეც გავერევი გალაკტიონოლოგთა მარაქაში.
ორიოდე აბზაცის წინ მ. ხარბედიას სტატიიდან საგანგებოდ მოვიყვანე ფრაგმენტი, სადაც არის სიტყვები: "პოეტური მეს ჰიპერტროფია". საქმე ისაა, რომ წიგნში ამ ჰიპერტროფირებული "მეს" გრაფიკული გამოსახულებაც შეიძლება ვნახოთ. მე-11 გვერდზე დაბეჭდილია პოეტის ავტოგრაფი: უჯრედებიან ფურცელზე წარწერილი "გალაკტიონოლოგიя", სწორკუთხა ჩარჩოთი შემოხაზული და ჩარჩოს ქვემოთ გატანილი კიდევ ერთი, სიტყვის ასოებთან შედარებით უზარმაზარი, შავად შეფერადებული, მსუყე я. და თუმცა, ეს я, არაფრითა ჰგავს ადამიანის სატანჯ ინსტრუმენტებს, არსებითად, ჩვენს წინაშეა სწორედ უსაშინლესი საწამებელი იარაღი.
ჰიპერტროფია სამედიცინო ტერმინია - სხეულის ამა თუ იმ ნაწილის მეტისმეტ გადიდებას ნიშნავს. იგი ავადმყოფური მოვლენაა და სასიამოვნო ვერასოდეს იქნება. ოღონდ, რაკიღა ანატომიურ ორგანოებს ერთი და იგივე სასიცოცხლო ღირებულება არა აქვთ, შეიძლება სრულიად უხიფათოც აღმოჩნდეს. მაგრამ, როცა ჰიპერტროფიით სნეულდება პიროვნების ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, როგორსაც ადამიანის "მე" წარმოადგენს, უეჭველია, რომ ამას სავალალო შედეგები უნდა მოჰყვეს... კიდევ არაფერი, თუ ჰიპერტროფიული გადაგვარების მსხვერპლი ნაკლებნიჭიერი ან ნაკლებგონიერი ადამიანის "მე" გახდა. ასეთ შემთხვევაში, იგი მხოლოდ ირგვლივ მყოფთათვის ხდება აუტანელი, თვითონ კი, საკუთარ ჰიპერტროფირებულ "მეში" ჩაძირული, ცუდს არაფერს გრძნობს, არაფრით იტანჯება, ვერაფერს ამჩნევს...
მდგომარეობა ჭეშმარიტად ტრაგიკული არის მაშინ, როცა "მეს" ჰიპერტროფიით გენიალური ხელოვანი დაავადდება ხოლმე (რაც, ვაი რომ, არც ისე იშვიათი მოვლენაა). ამ დროს უკვე გარდაუვალია პიროვნების გახლეჩა: ზენა შრეებში ექცევა მისი უნივერსალური, საყოველთაოს შერწყმული, მარადიული ნათლის მჭვრეტელი გენიალობა; ქვემოთ კი, როგორც პაროდიული ანარეკლი ან მახინჯი ჩრდილი ამ გენიალობისა, - შეზღუდული, წვრილმანი, კერძო ინტერესების ნაჭუჭში გამომწყვდეული "მე" მიიწევს ეგოისტურ წადილთა წყვდიადისაკენ. თანაც, როგორც ანარეკლსა თუ ჩრდილს შეჰფერის, იგი ცდილობს რაც შეიძლება მეტად დაემსგავსოს გენიას, თვითონ გაასაღოს გენიად თავი, დაისაკუთროს მისი ადგილი... მოიკალათოს ადამიანური არსების ცენტრში, იქცეს აბსოლუტად და, ამავე დროს, უპრიმიტიულესი კერპის "გემოვნებაც" შეინარჩუნოს - საზოგადოებრივი აღიარებისა და გამუდმებული ხოტბა-დიდების სულ უფრო მსუყე ულუფებთან ერთად, თავისი "მფლობელისა" თუ "მეპატრონე" ადამიანის "გულისა და გონების" ახალ-ახალ ცოცხლად ამოგლეჯილ სისხლიან ნაფლეთებსაც მოითხოვდეს სამსხვერპლოზე... გენიალური ხელოვანის სულის ზენა შრეებში კი, - თითქოს, ამ უბედურ ადამიანს საკუთარ "მეს" მიერ მიყენებული საზარელი წამება არ ეყოფოდაო, - შემოქმედებითი ვულკანი ბობოქრობს, საიდანაც ნებისმიერი პიროვნებისა თუ ყველაზე უფრო ძლიერი სხეულის (გალაკტიონს კი საოცრად ჯანსაღი და ძლიერი სხეული ჰქონდა) დამანგრეველი, გამაცამტვერებელი ძალით ამოიტყორცნება ზეადამიანური მშვენიერება და ღვთიური ნათელი...
გალაკტიონი ერთიანად დაიმონა გენიალობამ... იმდენად, რომ ყველაფერი პიროვნული, - თვით ოლია ოკუჯავასადმი მისი უაღრესად ადამიანური, სულისშემძვრელი, მაგრამ როგორღაც "არამასშტაბური" სიყვარულიც კი, - მისი გრანდიოზული შემოქმედების ფონზე, ერთობ უფერულ კერძო ფაქტად შეიძლება მოგვეჩვენოს და თვით მისი ჰიპერტროფირებული я-ც, მართალია, სიცოცხლეს უწამლავდა გალაკტიონს და ყოვლად უნუგეშო მარტოობისთვის წირავდა, მაგრამ პოეზიაში - უკვე გენიის განმწმენდ ცეცხლში გავლილი - მხოლოდ საინტერესო თავისებურებად ვლინდებოდა: "...და არასოდეს ამობრწყინდება სხვა საუკუნე გალაკტიონის".

© “წიგნები – 24 საათი”