Thursday, June 11, 2009

ანდრო ბუაჩიძე - მოკლედ ნათქვამი სიტყვა



"მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ"
მათე, 20-16


უმთავრესი შეცდომა, რომელსაც პოეზიაზე მსჯელობისას უშვებენ, გონებაჭვრეტითი დამოკიდებულებით არის გამოწვეული. კრიტიკოსი, უპირველეს ყოვლისა, კარგი მკითხველი უნდა იყოს და პოეზიის ემოციურად აღქმა შეეძლოს. ამგვარი ხასიათის კონტაქტი თავისთავად გამოდევნის გონებაჭვრეტითობას.
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, პოეზიის შემქმნელსაც და გამგებსაც ორი რამ უნდა ჰქონდესო: ინტელექტი და გრძნობითი აღქმის განსაკუთრებული უნარი. ეს თითქოს ყველამ იცის, ამიტომ თეორია არაფრისმთქმელია, მთავარია პრაქტიკა. ეს ის შემთხვევაა, როცა ყოველი თეორია ნაცრისფერია, მხოლოდ სიცოცხლის ხეა მარადმწვანე ("ფაუსტი").
რადგან გოეთეს აჩრდილი შევაწუხეთ, ბარემ მისი აზრიც გავითვალისწინოთ: "პოეტური ნაწარმოები მით უფრო უკეთესია, რაც უფრო გაუგებარია და მიუწვდომელი გონებისთვის" (ეკერმანი, "საუბრები გოეთესთან"). ფაქტობრივად, აქაც იგივეა ნათქვამი - მხოლოდ ცივი გონებით პოეტურ ნაწარმოებს ვერ გაიგებ, უნდა გქონდეს თავისებური ინტუიცია, "გრძნობითი აღქმის განსაკუთრებული უნარი".
გონებაჭვრეტობით აღჭურვილი კრიტიკოსები ხშირად მიიჩნევენ, რომ ლექსები, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვაგვარი ანალიზისთვის იწერება. ესეც ძველი ამბავია, ამიტომ შეახსენებდა კორნეი ჩუკოვსკი მათ: "ლექსები ხომ საიმისოდ არ იწერება, რომ ამა თუ იმ ლიტერატურათმცოდნეობითი ოპუსების ან კიდევ ცრუმეცნიერული დოქტრინების მასალად გამოდგეს. ლექსებს როცა წერენ, პოეტები იმაზე ოცნებობენ, მკითხველმა ემოციურად, მთელი არსებით მიიღოს მათი ნაღვაწი და ისე განიცადოს, როგორც საკუთარი ცხოვრებისეული მოვლენა. ყოველგვარი ლირიკის ფასი ადამიანების გრძნობებზე და ფიქრებზე ზემოქმედების სიძლიერით განისაზღვრება".
ეს ციტატა ბრწყინვალე წიგნის, "ჩემი უიტმენის" შესავალი ნაწილიდანაა მოყვანილი. ამ მინანქრული წყობის ესეისტიკას ერთი წელი ვთარგმნიდი და 1986 წელს დავამთავრე...
ახლა კი უშუალოდ პოლემიკის თაობაზე.
ჩემი "პრეამბულა" შეიძლება მთლად პირდაპირ არა, მაგრამ მაინც გარკვეულწილად ეხება "ცხელი შოკოლადის" ლიტერატურული დამატების ფურცლებზე წამოწყებულ პოლემიკას. აქაც გამოსჭვივის გონებაჭვრეტითობის (умозрительность) კვალი.
ვფიქრობ, რომ პოლემიკის თაოსან ზაზა შათირიშვილს აქვს "გრძნობითი აღქმის განსაკუთრებული უნარი". (მახსოვს მისი წიგნი გალაკტიონზე, ასევე მეტად საინტერესო საუბრები მანდელშტამზე, პასტერნაკზე, ხოდასევიჩზე). უბრალოდ, რატომღაც, ჩემი აზრით, ისე მოხდა, რომ ამ უნარს კერძო შემთხვევაში გასაქანი არ მიეცა. მის მიერ შემოთავაზებული პოეტების კლასიფიკაცია ნაკლებად მარჯვეა, რადგან ზოგადია და სწორხაზოვანი. აქ უნიფიცირებულია ის, რაც ყველაზე მთავარია - პოეტების ინდივიდუალობა, მათი გამორჩეული სახე. ქართული პოეზიის დიდი ნაწილი "მიჯნებს შორის" გაუჩინარდა. ერთ ტომარაში არიან ჩაყრილი სრულიად სხვადასხვა "კალიბრის" პოეტები, მათ სივრცეში ჩნდება "ღრიჭოები", სიცარიელე, რაც სუბიექტური მიდგომის საფუძველს წარმოშობს. არადა, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია, ყველა ოპონენტს შეუძლია ამ ცარიელ სივრცეში თავისი "წესრიგი" შეიტანოს, რაც საბოლოოდ ქაოსს გამოიწვევს.
ეპითეტი "დიდი" ან "მაგარი" არ არის თავის თავში შემოსაზღვრული, ზუსტი დეფინიცია პირობითობის შემცველია, ამიტომ ვისაც გინდა, იმას მოარგებ, მერე კი ნებისმიერ კლასიფიკაციაში ან იერარქიაში მიუჩენ შენთვის სასურველ ადგილს...
ჩემი აზრით, საჭირო იყო უფრო მოქნილი და ვითარების ადეკვატურად ამსახველი სქემა, რომელიც უფრო ზუსტი ინტუიციის და დახვეწილი კვლევის შედეგი იქნებოდა.
სამომავლოდ, ალბათ, ზაზა ამას გაითვალისწინებს. არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს პოეტურ ინდივიდუალობათაგან შედგენილ მრავალფეროვან პანორამას.
რაც შეეხება ახალი მიჯნის აღმართვას ან, საერთოდ, ე.წ. მიჯნების ძიებას, დაბრკოლებებს წავაწყდებით მანამ, ვიდრე არ შევურიგდებით ერთ აზრს: "ვერსიფიკატორი" და "პოეტი" ანტინომიური შინაარსის ცნებებია. ამის გამო სამართლიანად მიმართა ზაზას შოთა იათაშვილმა: "მისთვის ძირითადი ვერსიფიკაციული წესების კარგი დამცველი ყველა საშუალოც შესაძლოა "დიდი" იყოს"...
ახლა სხვა საკითხს შევეხები - ე.წ. დამოძღვრას.
ზაზა შათირიშვილი დასძენს: თუ არ დაგეზარება და ამ ბოლო ვარიანტსაც გადაათვალიერებ, დაინახავ, რომ თანამედროვეებს ტრადიციასთან დაპირისპირებაში კი არ ვადანაშაულებ, მე ვამბობ, რომ მათ საკმარისად არ იციან ენა და საკუთარი ლიტერატურაო.
ამის შემდეგ დასახელებულია XVI-XVIII საუკუნეების რამდენიმე პოეტი, რომელთა არცოდნასაც კრიტიკოსი საძრახისად უთვლის თანამედროვე პოეტებს. აი, ეს რამდენიმე პოეტი: "ფეშანგი, თეიმურაზ I, სულხან და ბეგთაბეგ თანიაშვილები და სხვ."
უშუალოდ ამ ფრაგმენტს მოსდევს ასეთი თვალსაზრისი: "ეს იგივეა, რომ ეზრა პაუნდს და ელიოტს თავიანთი გრანდიოზული ინოვაციები ისე ეკეთებინათ, რომ ენდრიუ მარველი, ჰერბერტი, დონი და ჩოსერი არ სცოდნოდათ".
ამ სტრიქონებმა გულწრფელად გამაოცა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვისთვისაც და სადაც არ უნდა ყოფილიყო, ფეშანგის (ფაშვიბერტყაძის) და ბეგთაბეგ თანიაშვილის არცოდნა ჯეფრი ჩოსერის და ჯონ დონის არცოდნას გაუტოლდებოდა. საქმე ისაა, რომ ფეშანგი, ისევე, როგორც სულხან და ბეგთაბეგ თანიაშვილები, საკმაოდ უღიმღამო ვერსიფიკატორები არიან, ჩოსერი და დონი კი უდიდესი პოეტები. მათი ღვაწლი ლიტერატურის წინაშე ის კი არ არის, რომ პაუნდს და ელიოტს ინოვაციებისკენ გაუკაფეს გზა, არამედ თავისთავად არიან განსაცვიფრებელი პოეტური ფენომენები. ჩოსერი "ინგლისური პოეზიის მამად" არის აღიარებული, დონი კი პოეტი-მეტაფიზიკოსის სიმბოლოდ.
ისღა დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ფეშანგი და თანიაშვილები ენის დაუფლების მიზნით იქნენ მითითებულნი (თეიმურაზ I - მართლაც ნიჭიერი პოეტი - ამათ გვერდით არც უნდა იხსენიებოდეს). მაგრამ არც აქ ეწყობა მაინცდამაინც კარგად საქმე. სამწუხაროდ, ფეშანგი ვერაფერი მოქართულე იყო იმ უბრალო მიზეზის გამოც, რომ ეროვნებით ქართველი არ გახლდათ. მის შესახებ კორნელი კეკელიძე "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის" II ტომში წერს: "ფეშანგი ამირას ძე ხითარაშვილი ან ნართაულად ფაშვიბერტყაძე იყო გორელი სომეხი". ცოტა ქვემოთ კი განაგრძობს: "ავტორის სტილი სიწმინდის მხრივ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, ავტორი ზომიერებას ვერ იცავს უცხო სიტყვათა ხმარებაში, განსაკუთრებით აჭრელებულია მისი ნაწარმოები სპარსულ-თურქული სიტყვებით და არმენიზმებით" (გვ. 510-512).
ფეშანგი რუსთაველის ეპიგონი იყო და იმეორებდა მის ცალკეულ ფრაზებს და მეტაფორებს. იგივე ითქმის სულხან და ბეგთაბეგ თანიაშვილებზეც, ოღონდ, მათი საერთო დონე შედარებით უფრო მაღალია.
ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა აქცენტი გაგვეკეთებინა არა რუსთაველის ეპიგონებზე, არამედ თვითონ რუსთაველზე.
საქმე ისაა, რომ თანამედროვე პოეტებმა უბრალოდ ლექსიკური მარაგი კი არ უნდა შეიძინონ, ქართული ენის ბუნებას და სიტყვის იდუმალი ზემოქმედების ძალას უნდა ეზიარონ. ყოველივე ამას კი ყველაზე უკეთ რუსთაველი თუ აზიარებს. ვერცერთი "გვერდითი შტოს" პოეტი ვერ შეძლებდა იმას, რაც რუსთაველმა ქართულ ენაში განახორციელა. და თუ ასე გვინდა "გვერდითი შტოს" არსებობა, მაშინ წარმოვიდგინოთ, რომ რუსთაველი თავის თავში მოიცავს მომდევნო პერიოდის ყოველგვარ "გვერდით შტოებს". ეს ხომ ასეც არის...
რუსთაველის მომდევნო ხანის პოეტები მუდამ მას ადრიდნენ თავს, მის გარშემო ბრუნავდნენ, თითქოს ციური სხეულები ბრუნავენო მზის ირგვლივ. გურამიშვილი ახალი უზარმაზარი ინდივიდუალობაა, რომელიც "გვერდითა შტოდ" ნამდვილად ვერ მიიჩნევა.
და კიდევ ერთი რამ: რადგან ზაზა შათირიშვილმა პოეტების წინაშე ქართულ ლიტერატურასთან ერთად ქართული ენის შესწავლა-დაუფლების საკითხიც წამოჭრა, ჩემი აზრით, ფეშანგის მითითებას, შეიძლებოდა, იმთავითვე სულხან-საბა (შეუდარებელი ლექსიკონის შემქმნელი მეიგავე, განმანათლებელი) და სანიმუშოდ თანამედროვენი - გიორგი ლეონიძე ან კიდევ ანა კალანდაძე მიეთითებინა. თითოეული მათგანი (მიჯნათშორისი) განსაცვიფრებლად ფლობს ქართულ ენას. მათ ენის ცოცხალი შეგრძნება აქვთ, რითაც ძველი ტექსტებიდან შეთვისებულ სიტყვებსაც შთაბერავენ სულს. ანა კალანდაძე არა მარტო ბრწყინვალე პოეტია, არამედ პროფესიონალი ენათმეცნიერიც. ანას ლექსებში ენა სიძველის საკვირველ ელფერს ასხივებს.
აღარაფერს ვამბობ გალაკტიონზე...
მგონი, სიტყვა გამიგრძელდა, ამიტომ შევეცდები მოკლედ მოვჭრა.
ყველაზე მეტად ზაზა შათირიშვილის თაოსნობაში მაძიებელი კაცის გაბედულება მომეწონა. ის ოქროსმაძიებელს ჰგავს. ცნობილა, რომ ჯეკ ლონდონი ალიასკაზე ოქროს საძებნელად წავიდა, მაგრამ იქიდან ხელცარიელი დაბრუნდა. ამ ხელმოცარვამ და შეძენილმა გამოცდილებამ მას შესანიშნავი მოთხრობების წიგნი დააწერინა, რომელიც, რა თქმა უნდა, ოქროზე მეტად ფასობს.
ვფიქრობ, არამცთუ დიდი პოეტების, არამედ უბრალოდ პოეტების აღმოჩენაც კი ძნელია.
თუ, ვთქვათ და, ისე მოხდა, რომ ზაზამ ვერ აღმოაჩინა დიდი პოეტები (ანუ "ლიტერატურულმა ელიტამ" არ გაიზიარა მისი ბოლო აღმოჩენა), შეძენილი გამოცდილების ხარჯზე ის აუცილებლად დაწერს ახალ გამოკვლევებს. ესე იგი, მაძიებლის სულისკვეთება ცუდად ნამდვილად არ ჩაივლის.
P.S. მე, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ზაზამ გრანელი-სამადაშვილის ხაზს მიმაკუთვნა. მაგრამ აქაც, ასეთ "ხაზებზე" საუბრისას, მეტი სიფრთხილე და დაფარული ნიუანსების შემჩნევის უნარი გვმართებს, ინტუიციამ არ უნდა გვიღალატოს და გონებაჭვრეტითობის მსხვერპლი არ უნდა შევიქნეთ. მე პირადად, გრანელსა და ნიკო სამადაშვილს შორის თუნდაც პირობით, არსებით, სიღრმისეულ სიახლოვეს ვერ ვხედავ. ტერენტი გრანელი სადღაც "ქართველი სიმბოლისტების", "ცისაფერყანწელების" და გალაკტიონის პოეტიკის რკალში ტრიალებს, რასაც ნიკო სამადაშვილზე ვერაფრისდიდებით ვერ ვიტყვით, ის უფრო თავისთავადია.
კარგად წერდა გურამ ასათიანი: "ყოველი ჭეშმარიტი პოეტი თვითონ არის მიმდინარეობა, მიმართულება - ერთ-ერთი სუვერენული გზა პოეზიის განვითარებაში. ამის გამო ყოველგვარ მსჯელობას "მიმართულებებზე", "ხაზებზე", "ნაკადებზე" მხოლოდ პირობითი, მიახლოებითი მნიშვნელობა აქვს" (ტ. .3, "ლექსის მადანი", გვ. 492).
უკეთეს შემთხვევაში, როცა "ხაზებზე" ვსაუბრობთ, ეს მიახლოებითი მნიშვნელობა მაინც უნდა იქნეს შენარჩუნებული.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Wednesday, June 3, 2009

პიტერ აკროიდი – სურნელით გატანჯული მკვლელი


რეცენზია პატრიკ ზიუსკინდის რომანზე "სურნელი" (მკვლელის ისტორია)

პატრიკ ზიუსკინდის ნაწარმოები წარმოადგენს წიგნს სურნელის შესახებ. რომანის პირველ გვერდზე დახასიათებულია მე-18 საუკუნის პარიზი, მისთვის ჩვეული სიბინძურით. ქალაქის ყველაზე მყრალ რაიონში, სასაფლაოს მახლობლად, თევზეულის ფარდულის სარდაფში დაიბადა "სურნელის" გმირი, ჟან-ბატისტ გრენუილი, რომლის საკვირველი თავისებურება ისაა, რომ მას არავითარი სუნი არა აქვს. ამ ობოლს სხეულის სუნის არქონა საზოგადოებისგან გარიყულ მარტოსულად აქცევს. გრენუილი, ერთდროულად, ბედნიერი ჯადოქარიცაა და შეჩვენებული პარიაც.
გმირს მოსვენებას არ აძლევენ ყნოსვითი შეგრძნებები. მას ძალუძს ცალკეული ქვებისა და წყლის სახეობათა სუნის გარჩევა და შორიდან გრძნობს თვით ყველაზე სუსტ არომატსაც. გრენუილს შეუძლია დაშალოს უმარტივესი სუნი მის შემადგენელ ელემენტებად. მაგალითად, ადამიანის დაყნოსვისას ის შეიგრძნობს კატის განავლის, ყველისა და ძმრის ნაზავ სუნს. ბავშვობისა და ახალგაზრდობისას გრენუილმა შეინარჩუნა სიცოცხლე მხოლოდ ძლიერი ინსტინქტის წყალობით - და გადაწყვიტა, ყოველთვის ემოქმედა აბსოლუტური ბოროტების პრინციპის საფუძველზე. მე-18 საუკუნის საფრანგეთში, "განმანათლებლობისა" და "პროგრესის" ეპოქაში ინსტინქტებს აყოლილი ეს კაცი თითქმის პირველყოფილ ადამიანად ჩანდა, ხოლო ულამაზესი სამშვენისებისგან განძარცული ამ სამყაროს ცენტრს მისთვის წარმოადგენდა მხოლოდ ყნოსვის ფუნდამენტური გრძნობა.

გრენუილის ერთადერთ მიზანია ყველა დროის უდიდეს პარფიუმერად იქცეს. საკუთანი სუნის არქონის შესანიღბავად ის ქმნის სუნამოს, რომელიც "აღიქმებოდა არა, უბრალოდ სუნამოდ, არამედ - არსებად, რომელიც სურნელს გამოსცემდა". გრენუილს ძალუძს იმგვარი სუნამოების შედგენა, რომლებიც იძლევიან ჰაერში მოკიაფე ფანტომური ობიექტის სუნთქვის ილუზიას. მაგრამ გმირის მიზნები ფატალურია: ადამიანებს საფრთხეს უქმნის მასთან დაახლოება, რადგან, გრენუილის აზრით, მიმზიდველი სურნელი სისხლის მსგავსად უნდა იქნას გამოწოვილი ცოცხალი არსებისგან.
თავდაპირველად გმირი ჰკლავს ქალიშვილს, რომლის ნაზი სურნელი მას მოსვენებას არ აძლევს. ამ გზით ის ართმევს ადამიანს "მის არომატულ სულს". მკვლელობა ამძაფრებს გრენუილის უკეთურ ვნებებს, მაგრამ მომდევნო მკვლელობის დაგეგმვამდე ის შეგირდად უდგება პარიზელ პარფიუმერს და იგონებს აქამდე არარსებულ სუნამოებს. შემდეგ გრენუილი შვიდი წლით უჩინარდება - ის თავს აფარებს უკაცრიელ, უსუნო ადგილს, სადაც მისი პირადი ძალა არაჩვეულებრივად იზრდება. ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებისას გმირი აგრძელებს თავის ფატალურ კარიერას, ჰკლავს რამდენიმე ქალიშვილს, გამოსწოვს მათ სურნელს და ტოვებს უსუნო გვამებს. იგია სურნელების ვამპირი - ნოსფერატუ. ბოლოს მას აპატიმრებენ და აწამებენ, მაგრამ გრენუილის არაადამიანური ძალა კიდევ ერთხელ იხსნის მას. რომანი იწყება როგორც ისტორიული დოკუმენტი და მთავრდება როგორც მეტაფიზიკური მისტერია.
რომანის თემა ტექსტს განსაცვიფრებელ გრძნობად უშუალობას ანიჭებს. ფიზიოლოგიური ხასიათის გამო ეს თემა ახლაც ძალზე აქტუალურია. ამდენად, ჩვენთვის ინფორმაციული ღირებულებითაა აღჭურვილი არა მარტო რომანის გმირი, გრენუილი, არამედ - მისი აკვიატებული იდეაც. გრენუილს უჭირს "უსუნო საგნების, აბსტრაქტული იდეების და ა.შ." სიტყვიერი განსაზღვრა, ამდენად, რომანის სამყაროში აბსტრაქტული საკითხები საზრისების ნიშნებს წარმოადგენენ. ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი, მღვდელი, ახასიათებს ცხვირს, როგორც "ყნოსვის, ე.ი. ერთ-ერთი ძირითადი გრძნობის ორგანოს", რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა "წარმართობისდროინდელ ბნელ ეპოქაში", მაგრამ ყნოსვის უნარი განსაზღვრავს გრენუილის ცხოვრებას თვით "განმანათლებლობის" საუკუნეში და, "სურნელის" მიხედვით, ის ამჟამადაც ქმედითია.
პატრიკ ზიუსკინდის ქმნილება არ წარმოადგენს მარტოოდენ ისტორიული აქსესუარებით გაჯერებულ ნაწარმოებს. ესაა მედიტაცია სიკვდილის, ვნებებისა და გახრწნილების შესახებ.
წიგნის ამოსავალი იდეა მარტივია: გრენუილი ენათესავება დრაკულას, მოხეტიალე მელმოტს (მე-19 ს. მწერლობის ამ შეჩვენებულ სულს) და გოთიკური ლიტერატურის სხვა პერსონაჟებს. ამასთან, ზიუსკინდის დახვეწილი, მაგრამ მაღალფარდოვანი პროზა გვაგონებს ოსკარ უაილდის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწარმოებებს. კერძოდ, "სურნელი" უჩვეულოდ წააგავს "დორიან გრეის პორტრეტს".
ა თქმა უნდა, ზოგიერთი მწერალი ზუსტად ამგვარი მიზნებით ასახავს წარსულს. ისტორია, როგორც ასეთი, იქცევა მათი საკუთარი სურვილებისა და იდეების ექოკამერად; მაგრამ ამისთვის საკმარისი როდია მარტივი სტილური ხერხების გამოყენება, თუმცა, რომანისტთა უმრავლესობის აზრით, ისტორიულ ნაწარმოებში მთავარია დაახლოებით სწორი "ატმოსფეროს" შექმნა. აქ მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება დეტალებს. დეტალების გარეშე არაფერი არსებობს, და "სურნელის" ერთ-ერთ ღირსებად მიგვაჩნია უტყუარი ალღო, რომლითაც ზიუსკინდმა ოსტატურად გამოიყენა XVIII ს. საფრანგეთის ცხოვრების ფარული ასპექტების საგულდაგულო კვლევის შედეგები.
"სურნელი" დრამატურგ პატრიკ ზიუსკინდის პირველი რომანია - და ის ფაქტი, რომ მწერალმა იმთავითვე მიმართა ისტორიულ ჟანრს, გვარწმუნებს ამ ჟანრის ცხოველმყოფელობაში. რომანი გვასწავლის, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ნატურალიზმი, ისე, რომ გვერდი ავუაროთ "ექსპერიმენტალიზმისა" და "მოდერნიზმის" მახეს. ნაწარმოებში თავს იჩენს რეალისტური მანერა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ ან სოციალურ დაკვირვებებთან, არამედ - ერწყმის გამონაგონს. მაშასადამე, როგორც ხასიათების ან ამბების რომანი, "სურნელი", საუკეთესო შემთხვევაში, ექსპერიმენტული ქმნილებაა. ამასთან, აღქმის დეტალური აღწერისა და საფუძვლიანი ისტორიული ანალიზის მიხედვით, ის წარმოადგენს ღრმააზროვან და დამაჯერებელ ნაწარმოებს.
გრენუილის ჯადოსნური სუნამოები ყოველთვის აღწევს მიზანს. ზუსტად ასევე, პატრიკ ზიუსკინდი წარმოქმნის გარდასული ეპოქის სარწმუნო ხატს. პარფიუმერი გრენუილი, ერთგვარად, რომანისტია, რომელიც ქმნის ფანტომურ ობიექტებს, ზიუსკინდი კი ენის მასალაზე მომუშავე პარფიუმერად წარმოგვიდგება. ესაა შესანიშნავი დებიუტი. "ის გრძნობდა" კედლის მიღმა მყოფი გოგონას"* (*სუნამოს სახელწოდება) სურნელსა და ბაღის არომატს, რომელთა კონტურებს ისევე მკაფიოდ და ზუსტად განასხვავებდა, როგორც - ცისარტყელას ფერად ზოლებს. ყველაზე სანუკვარი და მნიშვნელოვანი რამ ამ ზოლებს შორის იყო მოქცეული. გრენუილს ექტაზისგან ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო შიშისგან - აჟრჟოლებდა. დანაშაულის ადგილას დაჭერილი პატარა ბიჭის მსგავსად, სისხლი ჯერ თავში აუვარდა, შემდეგ კი - გულთან ჩამოეღვარა, და სისხლის ეს გიჟმაჟი მიმოქცევა მან ვერაფრით შეაჩერა. მარადისობაში, რომელსაც გრენუილი ჭვრეტდა, დრო მეორდებოდა ან მთლიანად ქრებოდა, და მან აღარ იცოდა, ემთხვეოდა თუ არა "ახლა" - "ახლას" და "აქ" - "აქ"-ს, და ეს იყო რიუ დე მარე, პარიზი, 1753 წლის სექტემბერი. ბაღის სურნელი იყო არომატი წითურთმიანი გოგონასი, რომელიც გრენუილმა იმ ღამეს მოკლა. მიხვდე, რომ სურნელმა კიდევ ერთხელ მოგგვარა ნეტარების ცრემლები - და იცოდე, რომ ვერაფერი შეგაშინებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე...
როდესაც გრენუილმა ძალ-ღონე მოიკრიბა და დამშვიდდა, ის ნელ-ნელა (რაც ნაკლებად სახიფათო იყო) დაეწაფა ფატალურ სურნელს. რა თქმა უნდა, ეს იყო წითელთმიანი გოგონას სურნელი. გრენუილმა მკაფიოდ დაინახა ("ყნოსვითი წარმოსახვის" წყალობით) გოგონა და მოინდომა მისი სურნელის დასაკუთრება. გოგონას სხეულიდან კანის აფცქვნა, ისე, რაიმეს კანს რომ აცლიან ხოლმე, და ამ სურნელის ქცევა საკუთარ სუნად...".

The New York Times Book Review, 1986, 21 სექტემბერი.

© “წიგნები – 24 საათი”


ახალი წიგნები – 2008 – აპრილი



ბაჩო კვირტია, „მატარებლის მოსვლამდე“. თბ. “დიოგენე” 2007.

ბაჩო კვირტიას უკვე კარგა ხანია იცნობს ქართველი მკითხველი სხვადასხვა ლიტერატურული პერიოდული გამოცემებიდან თუ კონკურსებიდან, თუმცა, მოთხრობების კრებული “მატარებლის მოსვლამდე” მწერლის სადებიუტო წიგნია. მოთხრობებთან ერთად კრებულში შესულია რამდენიმე მინიატურა, ასევე პიესა “შებინდებიდან გათენებამდე”. ბაჩოს ტექსტები ჰუმანიზმით, ხალასი იუმორითა და ცხოვრებისეული ტკივილებითაა გაჯერებული, მისი პერსონაჟები კი ის ადამიანები არიან, რომლებშიც ყოველმა ჩვენგანმა შეიძლება ამოიცნოს საკუთარი თავი. ბაჩო კვირტია 2007 წელს გამართული ლიტერატურული კონკურსების, “პენ-მარათონისა” და “წეროს” გამარჯვებულია. კრებული “მატარებლის მოსვლამდე” კიდევ უკეთ სრულყოფილად გააცნობს მკითხველს მის შემოქმედებას.

დავით ქართველიშვილი, „4 მოთხრობა“. თბ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ 2007.

თუ ჯერ კიდევ ვერ გარკვეულხართ საკუთარ თავში და ბოლომდე არც კი იცით, სად გადის ზღვარი რეალურ და ირეალურ სამყაროს შორის, მაშინ იქნებ ამ წიგნმა რამდენიმე მინიშნებაც კი მოგცეთ, ან ხელოვნებისათვის თვალთვალზე მაინც გადაიტანოს თქვენი ყურადღება, შეიძლება ციყვთან გასაუბრებაც დაგეხმაროთ... და თუ უბრალოდ ლიტერატურის გურმანი ხართ და დათო ქართველიშვილის პროზასაც იცნობთ, მაშინ მწერლისგან კიდევ ერთი სიურპრიზი გელოდებათ - მოთხრობების კრებულში ორი სრულიად ახალი მოთხრობაა შესული - „რამდენიმე მინიშნება“ და „თვალთვალი ხელოვნებისათვის“. დათო ქართველიშვილს მკითხველი ასევე იცნობს რომანით „იყო საღამო, იყო დილა“.

ეკა ღაღანიძე, მოთხრობები. თბ. „ნეკერი“ 2007.


რას აკეთებს ადამიანი კვირაში ერთხელ, რისთვის იცლის კვირაში ორჯერ, რა აქვს დაგეგმილი კვირაში სამჯერ, რას ვერ აიცილებს თავიდან კვირაში ოთხჯერ... ეკა ღაღანიძის მოთხრობების ციკლი ორიგინალური ფორმით გადმოცემული ყოველდღიურობაა, რომელიც მწერალმა ერთ წიგნად შეკრა. ეკას ქართველი მკითხველი უკვე იცნობს მოთხრობების კრებულით, რომელიც 2001 წელს გამოიცა. ახალ წიგნში კი 2001-2007 წელს დაწერილი ტექსტებია შესული, რომლებიც ერთ კონცეპტუალურ მთლიანობას ქმნიან.

გიორგი კაკაბაძე, „როგორ მესმის ლიტერატურა“. (კრიტიკული წერილები, პოლემიკა). თბ. “შემეცნება” 2007.

დღეს, როცა ქართული ლიტერატურული კრიტიკა სულს ღაფავს, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ წიგნები „კრიტიკისა“ თუ „პოლემიკის“ იარლიყით. გიორგი კაკაბაძის „როგორ მესმის ლიტერატურაც“ სწორედ კრიტიკული წერილების კრებულია, სადაც ავტორის მიერ ლიტერატურულ პერიოდიკაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული პუბლიკაციებია შესული. წერილები „პოტეროფობია,“ „საზოგადოებიდან გაქცევა“, „გოგონა საათით“, „მარადიული ცხოვრების დასაწყისი“ და ა.შ. ავტორის დამოკიდებულებას გამოხატავს ლიტერატურისადმი, მისეულ ინტერპრეტაციას გვაცნობს.

რევაზ სირაძე, “კულტურა და სახისმეტყველება”. თბ. „ინტელექტი“ 2008.

ლიტერატურის თეორიითა და კულტუროლოგიით დაინტერესებული მკითხველისათვის რევაზ სირაძის ახალი წიგნი კიდევ ერთი საინტერესო ნაშრომია, რომელიც ავტორის ადრინდელი ნარკვევების „ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან“, „ქართული კულტურის საფუძვლები“ და ა.შ. ერთგვარი გაგრძელებაა. წერილები „დრო და ჟამი“, „რუსთაველის ესთეტიკური თვალთახედვა“, „ისტორია „მკითხველის ფენომენისა“ და სახისმეტყველებითი პერიოდიზაცია“ და სხვა ისევ და ისევ სახისმეტყველებასა და ცნებათმეტყველებას უკავშირდება მწერლობასა და მხატვრობაში.

მანანა შილაკაძე, „ტრადიციული სამუსიკო საკრავები და ქართულ-ჩრდილოკავკასიური ეთნოკულტურული ურთიერთობანი“. თბ. „კავკასიური სახლი“ 2007.

ამა თუ იმ ქვეყნისა და ეთნიკური ჯგუფის სამუსიკო კულტურა ისტორიის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მუსიკალური კულტურის კვლევის დროს კი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტრადიციულ სამუსიკო საკრავებზე დაკვირვებას. მანანა შილაკაძის წიგნი სწორედ ქართულ და ჩრდილოკავკასიის ხალხთა ტრადიციულ სამუსიკო საკრავებზე გვიამბობს, მათს კლასიფიკაციასა და გავრცელების არეებზე, დამზადების წესებსა და ფუნქციებზე. წიგნი საინტერესო იქნება როგორც ეთნოლოგიით, კავკასიოლოგიითა და ეთნომუსიკით დაინტერესებული პირებისათვის, ასევე ფართო აუდიტორიისათვისაც.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ახალი წიგნები – 2008 – აპრილი


”Nothing to be Frightened of”
Julian Barnes
“არაფერია საშიში”
ჯულიან ბარნსი
256გვ. Jonathan Cape


ხანდახან სიკდილის მოახლოების შეგრძნება რაღაცით იუმორის გრძნობას წააგავს. ერთსაც და მეორესაც ადამიანები ან აღიქვამენ, ან - ვერა. მაგრამ მემუარების წერის სურვილი გიჩნდება, და ამავე დროს ჯულიან ბარნსი ხარ, მაშინ ერთიცა და მეორეც ზედმეტად ახლოს არის შენთან. ლიტერატურის გურმანებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზია ბარნსის ახალი რომანი, რომელიც მწერალმა თავის ოჯახურ ისტორიებზე ააგო და თავისებურად შეაზავა იუმორით, თვითირონიით, ადამიანური სისუსტეებითა და ცხოვრებისეული გამოცდილებებით. ჯულიან ბარნსი 20-მდე წიგნის ავტორია, იგი ნომინირებული იყო ბუკერის პრემიაზე რომანებისათვის ”England, England” და ”Arthur & George”.

“La Consolante”
Anna Gavalda
“დამამშვიდებელი”
ანა გავალდა
640გვ, le delittante


”თითქმის სამი წლის განმავლობაში სხვა ადამიანში, მის თავსა და სხეულში ვცხოვრობდი. თანდათან აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს ადამიანი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, სიგიჟემდე ეშინია ცხენების და კიდევ სხვა ისეთი თვისებებიც აქვს, რომლებმაც მაფიქრებინა: ეჰ, არავინაა სრულყოფილი”, _ წერს ანა გავალდა. მისი ახალი რომანის გმირი, კარლი, 47 წლისაა და თავისი ბავშვობის მეგობრის დედის სიკვდილს იძიებს. კარლი ინჟინერ-არქიტექტორია, თუმცა ახალი საქმიანობა მას იმდენად გაიტაცებს, რომ არათუ პროფესია, არამედ ცხოვრების წესიც რადიკალურად ეცვლება. ანა გავალდა ათამდე რომანისა და მოთხრობების კრებულის ავტორია. მწერალი ბოლო წიგნშიც ინარჩუნებს თავის სტილს _ შეულამაზებლად და დეკორაციის გარეშე გვიამბოს ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.


”Das Wochenende”
Bernhard Schlink
”კვირის ბოლო”
ბერნჰარდ შლინკი
240გვ Diogenes


კრისტიანის ძმამ თითქმის 20 წელი გაატარა ციხეში. იგი სხვადასხვა მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს, თუმცა ახლა სრულიად მოულოდნელად შეიწყალეს და გაათავისუფლეს. გისოსებს მიღმა მას კრისტიანი ელოდება, რომელმაც გადაწყვიტა, სოციუმთან თავისუფლად ინტეგრირებაში დახმარებოდა ძმას და კვირის ბოლოს ერთ-ერთ მივარდნილ, მიტოვებულ სახლში წვეულება მოაწყო, სადაც თავისი 12 მეგობარი დაპატიჟა. მაგრამ ციხიდან ახლადგამოსულის ფსიქოლოგია არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ამას კრისტიანი ვარაუდობდა, და მისი გეგმებიც თავდაყირა დადგა. ”კვირის ბოლო” ბერნჰარდ შლინკის მეშვიდე რომანია, ავტორს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია: Prix Laure Bataillon, WELT-Literaturpreis, Hans-Fallada-Preis...

”Ein liebender Mann”
Martin Walser
„შეყვარებული მამაკაცი”
მარტინ ვალზერი
288გვ Rowohlt


ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სასიყვარულო რომანი მკითხველისათვის სრულიად წარმოუდგენელად და არაპროგნოზირებულად ვითარდება: ”ახალგაზრდა ვერტერის ვნებანისაგან” შთაგონებული ავტორი რომანს მიმოწერის ფორმით აგრძელებს, პროტაგონისტები კი არც მეტი, არც ნაკლები - გერმანელი კლასიკოსი და მისი ერთ-ერთი სატრფო - ულრიკე ფონ ლევეცოვი არიან. ვალზერის რომანი გოეთესა და ლევეცოვის მიმოწერის ერთგვარი გავრცობაა, სადაც მკითხველი მოუთმენლად ელოდება, როგორ დამთავრდება ცნობილი სასიყვარული ისტორიის ვალზერისეული გადამღერება. მარტინ ვალზერი 50-მდე წიგნის ავტორი და არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელია. ”შეყვარებული მამაკაცი” კი ჯერ-ჯერობით მისი ბოლო რომანია.

“რჩეული ლექსები, 1945-2005”
რობერტ კრილი
“Selected Poems, 1945-2005”
Robert Creeley
338გვ. Unversity of California Press


რობერტ კრილი სამოცზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია, თუმცა კი, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, მისი საუკეთესო ნაწარმოებები, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ადრეულ ასაკში შეიქმნა. ამჯერად კრილის ლექსების კიდევ ერთი კრებული აქვთ ამერიკელი პოეტის თაყვანისმცემლებს, სადაც რედაქტორმა 1945 წლიდან პოეტის გარდაცვალებამდე (2005წ) რჩეულ ნაწარმოებებს მოუყარა თავი. კრილის პოეზია მრავალფეოვანი და თავისთავადია, ისევე როგორც მისი ბიოგრაფია და ცხოვრების გზა. თავისი თაობის პოეტებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა და მკითხველსაც სწორედ ამ გამორჩეულობის გამო უყვარს იგი.

რასელ ბენკსი
”ნაკრძალი”
Russel Banks
“The Reserve”
287გვ. Harper/HarperCollins.

30-იანი წლების ამერიკა, ენდირონდაკის მთების კერძო ნაკრძალი, თითქოს არაფრით გამორჩეული საღამო - მზე მთის მწვერვალებს მიღმა. ამ დროს მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ტბის პირას ფეხშიშველი სეირნობს და ჰორიზონტს გაჰყურებს, საიდანაც მოულოდნელად ჰიდროპლანი ჩნდება. ავიატორი ახალგაზრდა, ცნობილი მხატვარია, თავისუფლებას მოწყურებული რადიკალი, რომელსაც ყურადღების მიღმა არ რჩება ლამაზი არსება, და თავისმხრივ არც ქალს ტოვებს გულგრილს მისი მიმზიდველობა. რასელ ბენკსის ახალი რომანი უჩველო რომანტიული ისტორიაა, რომელიც მკითხველს სასწაულების დაჯერებაში დაეხმარება.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ბესიკ ხარანაული - ლექსები (1992-2002)


თორნიკე მოდებაძე

ნებას დაქვემდებარებული აზრი

ბესიკ ხარანაული. ლექსები (1992-2002). რედაქტორი გივი ალხაზიშვილი, მხატვარი ლევან ხარანაული, თბ. "მერანი" 2002

ბესიკ ხარანაულის ახალი ლექსების კრებულში 1992 წლიდან 2002 წლამდე დაწერილი ლექსებია თავმოყრილი. ნიშანდობლივია ერთი ლექსი: "რაც მოიწყინე, მას თავიდან ვეღარ მოიწყენ და ახალი მოსაწყენი უნდა ეძიო, ერთ მოწყენაში ორჯერ ვერ შეხვალ, ვერც სიყვარულში და ახალი განსაცდელი უნდა ეძიო". მართლაც ასეა - ორჯერ ერთ მდინარეში ვერ შეხვალ. და პოეტიც ასეა: ერთი ხმით მოლაპარაკე მუზა ორჯერ არასდროს ეწვევა. აბა რაღა გასაკვირია, რომ ბესიკ ხარანაულის ეს წიგნი განსხვავებული იყოს მისივე სხვა წიგნებისაგან, აქ არის ლექსები, რომლებიც კლასიკური ქართული პოეზიის ვარიაციებს წარმოადგენს; მაგალითად: "საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა, ამ წამიერსო, ბრბოში, ქუჩაში, მეტროში, რას ვნახავ მე მშვენიერსო, რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო, საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა, ამ წამიერსო, უბედურება რომ კონავს, ყველას, მაძღარს და მშიერსო, საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა, ამ წამიერსო, რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო; და სუნთქვამ ამოიყოლა, ნუთუ შენ აქ ხარ, იესო". არ არის ძნელი იმის მიხვედრა, რომ ეს ლექსი დავით გურამიშვილის ღაღადისის გამოძახილია, ოღონდ ამწამიერ რეალობას ეხება. ადრეც აქვს პოეტს ნათქვამი, რაღაცამ წმინდამ გვერდს ჩამიარაო. ახლა კი იმ უბედურების ფონზე, რომელზეც პოეტი საუბრობს, მაცხოვრის სახის ხილვა ხსნის და იმედისმომნიჭებელი სინათლის გამოჩენის მაუწყებელია.
ამავე წიგნში არის ხალხურ კილოზე დაწერილი ლექსები, ოღონდ ამ ნიმუშებს მკაფიოდ ეტყობა ბესიკ ხარანაულის ხელწერა: "ვაჰ, ტკივილს, მოურჩენელსა, ღამესა, გაუძლებსაო, ვაი, გზას ჩამოთოვილსა, სამ თვეს არ აუღებსაო, ვაჰ, კერას, გაციებულსა, ცეცხლსა ზედ დაუნთებსაო, სუყველას ამას გაეძლვის, ვაი, ძმამკვდარსა დებსაო".
ბესიკ ხარანაულმა ახალ ციკლში თითქოს ხაზგასმულ უბრალოებას და სისადავეს მიმართა, რამაც ფორმასაც გამჭვირვალება და ფოლკლორული სიმკვეთრე მიანიჭა. რასაც ამბობს პოეტი, დაბეჯითებით ამბობს და ინტონაციურადაც მკაფიო ჟღერადობას ანიჭებს. არცთუ იშვიათია სენტენციები ან პარადოქსული გამონათქვამები, რომელთა მეშვეობითაც საკმაოდ უცნაური, ორიგინალური აზრობრივი ნახატი იქმნება. ვთქვათ, ამ ნიშნით საინტერესო ლექსია "ეგ მუდამ ერთზე მეტია", - "ისეთი კალთააკრეფით წავიდა ნისლი ხევისკენ, ხეებს დაუჩნდათ წვივები და მე მეგონა ვეღირსე მაღალ წვივებში ხეტიალს... ვინც დამინახა, შეშურდა - უბირს ყოველთვის ბედი აქვს!.. ან ძროხის მწყემსი იქნება ან ვინმე შარახვეტია... მე რომ ვიყავი, ისა თქვეს, ეგ მუდამ ერთზე მეტია!"
ამავე წიგნში არის ლექსები, ვერლიბრული ნიმუშები, რომლებიც ბესიკ ხარანაულის ადრინდელ შემოქმედებას მოგვაგონებს, მაგრამ რაღაც განსხვავება მაინც არის, და ამაზეც მოკლედ შეიძლება ითქვას. ჩემი აზრით, ადრეულ ნაწარმოებებში მეტი იყო სახოვანება, თვითდინება, ასოციაციური წიაღსვლები. ამჟამად კი ჭარბობს პოეტის ნებას დაქვემდებარებული აზრი, რომელიც ნატიფი ოსტატობით იშლება ლექსში და ფაქიზ აქცენტებს იძენს. საქართველოზე დაწერილი ლექსებიც ამ კატეგორიის ნაწარმოებებს მიეკუთვნება, აქაც არის ვარიაციები ქართული კლასიკური პოეზიისა. მთავარი კი ისაა, რომ პოეტი გახსნილად, სრულიად თავისებურ პოეტურ კონტექსტში საუბრობს საქართველოზე და ეს, რა თქმა უნდა, ახალი შტრიხით ავსებს მთელ მის შემოქმედებას.


© “წიგნები – 24 საათი”