Sunday, June 14, 2009

ახალი ამბები – 2008 - აპრილი


შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან

გურამ დოჩანაშვილის ხსენებისას, უნებლიედ ყოველთვის ,,სამოსელი პირველი” მახსენდება ხოლმე. ეს ალბათ იმიტომ, რომ ამ ნაწარმოებმა ავტორის შემოქმედებიდან ჩემთვის შთაბეჭდილების მოხდენა ყველაზე მეტად შეძლო. მწერლებისგან ხშირად მსმენია, რომ ყოველი ახალი რომანი, ახალი შვილის დაბადებასთან ასოცირდება და თითოეული ნაწარმოები მათთვის გამორჩეულად ძვირფასია. და მაინც... დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი” სხვადასხვა თაობის მკითხველებში ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევს. ეს ავტორმაც კარგად იცის და ამიტომაც არ იშურებს პასუხს, როდესაც ამ ნაწარმოების შექმნის ისტორიის გახსენებას სთხოვენ.
საყვარელ მწერალთან ხშირი შეხვედებით მისი მკითხველები არ არიან მაინცდამაინც განებივრებული, ამიტომაც არტ-კაფე ,,ქარავანის” ლიტერატურული საღამოების არსებობის განმავლობაში, გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ხალხმრავალი გახლდათ. უსმენ მკითხველთან გამართულ მის დიალოგს, ამომწურავ პასუხებს წერლობით კითხვებზე, საუბრებს მეგობრებზე... და მისი ნაწარმოებებიდან ავტობიოგრაფიული პერსონაჟის ამოცნობას ცდილობ. მსგავსებას მის მიერ შექმნილ გმირებში თავადაც არ უარყოფს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს, ,,დომენიკო” არა ვარო!
მათ კი ვისთვისაც ლიტერატურული საღამოს გმირი იმ დღეს მაინც ამოუცნობად დარჩა, ნამდვილი გურამ დოჩანაშვილის გაცნობა მის ახალ, ავტობიოგრაფიულ რომანში უკეთ შეეძლებათ, რომელიც პერიოდულად ჟურნალში (,,ლიტერატურა და ხელოვნება”) დაიბეჭდება.

,,ქართული მწერლობა” მესამედ

გაზაფხულს სიახლეები უხდება. ამიტომაც, გამომცემლობა ,,ინტელექტმა” მორიგი პერიოდული გამოცემის საპრეზენტაციოდ, ზამთრის ბოლო დღე შეგნებულად შეარჩია. ამიერიდან ქართველ მკითხველს კვლავ ექნება შესაძლებლობა, რომ 1926 წელს დაარსებული გამოცემა იხილოს. ჟურნალი ,,ქართული მწერლობა”, ქართულ ლიტერატურულ გამოცემებს შორის უკვე მესამედ გამოჩნდა.
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი პირველად ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ - ნიკოლო მიწიშვილმა დააარსა და ჟურნალის რედაქტორობაც ითავა. მომდევნო წლებში კი ჟურნალის სულისჩამდგმელთა ბედი დრამატულად წარიმართა და ზოგიერთი მათგანისთვის ტრაგიკულადაც კი დასრულდა. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი... პოლიტიკურ რეპრესიებს ემსხვერპლნენ.
1990 წელს ქართულ სალიტერატურო პერიოდიკაში ,,ქართული მწერლობა” კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ამჯერად თემურ დოიაშვილის რედაქტორობით, მაგრამ კომუნისტურ ნომენკლატურას არც მაშინ მოსდიოდა ჟურნალი თვალში, რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა და ჟურნალის გამოცემა მესამე ნომერზე შეწყდა.
ამჯერად (2008 წელს) ,,ქართული მწერლობა” კიდევ ერთხელ განახლდა. განახლდა იმ იმედით, რომ ამჟამინდელი საქართველოს ყველა კუთხისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ დაქსაქსულ მწერლობას თავს მოუყრის. ახალი სარედაქციო ჯგუფი შეეცდება, რომ წელიწადში ჟურნალის ექვსი ნომერი გამოვიდეს. აღდგენილი ილუსტრირებული გამომცემლობის დიზაინი და კონცეფცია პაატა ნაცვლიშვილს ეკუთვნის, ხოლო ჟურნალის მესამე რედაქტორი ლევან ბრეგაძეა.
პოეზია, პროზა, სხვახვადასხვა სახის ლიტერატურული რუბრიკები და მასალები... დამფუძნებლების დაპირებით ლიტერატურის მოყვარულებსაც დააინტერესებს და ქართული მწერლობის ინტერესებსაც მოემსახურება. ნათქვამია ,,მესამე და სამართალიო.”

ავტორი: მაია ცეცაძე

თურქი მწერალი Orange Prize-ის ნომინანტთა სიაში


თურქი მწერლის, ელიფ შაფაკის (Elif Shafak) რომანი “სტამბულის უკანონო შვილი” ("The bastard of Istanbul") ქალი მწერლების ბრიტანულ ლიტერატურულ პრემია Orange Prize-ზე წარადგინეს. წიგნის გამო მწერალს 2006 წელს სამშობლოში სასამართლო პროცესი ემუქრებოდა ერისა და ნაციის შეურაცხყოფისათვის, თუმცა, ევროკავშირის მოთხოვნით მას ბრალდება მოეხსნა. თავის ბესტსელერში შაფაკი 1915 წლის სომხურ გენოციდზე ჰყვება. ნომინანტების სიის გამოქვენყების შემდეგ ჯილდოს კიდევ ორმა პრეტენდენტმა, ბრიტანული ლიტერატურის გრანდ-ქალბატონებმა - ანტონია ბაიეტმა და ანიტა ბრუკნერმა განაცხადეს, რომ Orange Prize-მა თურქი მწერლის ნომინირებით ხელოვნურად შექმნა არაჯანსაღი კონკურენცია ნომინანტებს შორის. ელიფის გარდა Orange Prize-ზე წარდგენილი არიან 2007 წლის ბუკერის მფლობელი ირლანდიელი ენ ენრაიტი, სტელა დაფი, ნენსი ჰიუსტონი. საბოლოო სია 8 აპრილს იქნება ცნობილი. გამარჯვებული კი 4 ივნისს გამოვლინდება.


ასტრიდ ლინდგრენის სახელობის ჯილდო ავსტრალიელ ავტორს

ასტრიდ ლინდგრენის სახელობის შვედური ლიტერატურული პრემიის ლაურეატი ავსტრალიელი მწერალი, საყმაწვილო რომანების ავტორი, სონია ჰარტნეტი გახდა. როგორც დაჯილდოების პრეს-რელიზში იყო აღნიშნული, ჰარტნეტი ვირტუოზულ, შემეცნებით ფსიქოლოგიურ პროზას წერს ახალგაზრდებისთვის, ცდილობს, არ ასცდეს ცხოვრებისეულ თემებს და არ მოერიდოს ადამიანის სისუსტეების ხაზგასმას. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი სტოკჰოლმში 28 მაისს გაიმართება, პრემია კი 880 687 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია. სონია ჰარტნეტის რომანებია "Sleeping Dogs" (“მძინარე ძაღლები”), "Black Foxes" (“შავი მელიები”), "Forest" (“ტყე”), "Thursday's Child" (“ხუთშაბათის ბავშვი”). აქამდე კი ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატები იყვნენ მწერლები კეტრინ პეტერსონი, ფილიპ პულმანი, მორის სენდაკი, იაპონელი მხატვარ-ილუსტრატორი რიოძი არია და ვენესუელის საქველმოქმედო პროექტი Banco de Libro, რომელიც საბავშვო ლიტერატურის პროპაგანდას ეწევა.


მუსულმანური სამყაროს ბოიკოტი წიგნის ფრანგულ სალონს

პარიზის წიგნის ბაზრობა სკანდალით დაიწყო. წიგნის ხუთდღიან ბაზრობაში მონაწილეობის მიღებაზე მუსულმანური ქვეყნების მთელმა რიგმა უარი განაცხადა. პირველად ლიბანის კულტურის მინისტრმა, ტარეკ მიტრიმ გამოუცხადა ბოიკოტი წიგნის ფრანგულ სალონს, შემდეგ კი მას მხარი აუბა ირანის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ალი ალიპურმა, მიუხედავად იმისა, რომ ირანი პარიზის ბაზრობის რეგულარული სტუმარი იყო ხოლმე. ბოიკოტის მიზეზი ისრაელი გახდა, რომელსაც ბაზრობის ორგანიზატორებმა მთავარი პავილიონი დაუთმეს და 39 ებრაელი მწერალი მოიწვიეს თავიანთი წიგნების წარსადგენად. აღსანიშნავია ასევე, რომ წელს ისრაელში ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბების 60 წლის იუბილეს ზეიმობენ. ბაზრობის ორგანიზატორებს პოლიტკორექტულობის დარღვევაში ადანაშაულებენ, თუმცა თავად ფრანგები აცხადებენ, რომ მათ არავის წყენინება არ უნდოდად. პირიქით, გააკეთეს ის, რაც ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა გაეკეთებინათ, როცა ისრაელი 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა.


ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის მკვლელმა დანაშაული აღიარა

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის მკვლელი ლუფტვაფეს ყოფილი მფრინავი, გერმანელი ჰორსტ რიპერტი აღმოჩნდა. 88 წლის რიპერტმა თავად განაცხადა, რომ 1944 წლის 31 ივლისს ტულონის მახლობლად ფრანგული თვითმფრინავი შენიშნა და ხმელთაშუა ზღვის თავზე ჩამოაგდო. მხოლოდ მოგვიანებით გაიგო, რომ ამ თვითმფრინავს სწორედ ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი მართავდა. ჰორსტმა აღიარა, რომ ეკზიუპერი მისი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი იყო, და არაფრის დიდებით არ ჩამოაგდებდა ფრანგულ თვითმფრინავს, თუ კი ეცოდინებოდა, რომ კაბინაში სწორედ მისი კუმირი იჯდა. ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის მკვლელი ლიუკ ვანრელმა (Luc Vanrell) და ლინო ფონ გარტცენმა (Lino von Gartzen) იპოვეს, რომლებიც მუშაობენ წიგნზე “სენტ-ეკზიუპერი, უკანასკნელი საიდუმლო”. წიგნი საფრანგეთში 20 მარტს გამოვა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Thursday, June 11, 2009

აკა მორჩილაძე – ავარა დიკი და სხვა ამბები


ისეთი კაცი გამახსენდა, რომელიც მწერალი არ იყო, მაგრამ წიგნებს კი წერდა და თანაც უამრავს.
იმ წიგნების ზოგს არ სჯეროდა, გადამეტებულიაო, ზოგი უსაშინლეს და უხამს რამეებს უწოდებდა, მათ ავტორს კი ქვეყნად ყველაზე საზიზღარ და ამორალურ კაცს, რომელიც არა მხოლოდ თავისი უხამსობითაა გამორჩეული, არამედ თავისი ტყუილებითაც.
უდიდესი მატყუარა იყოო, ბევრი ამბობდა, არაფერი გაეგებოდა ათასი რამისა, რასაც იბრალებდა და რითაც აღტაცებაში მოჰყავდა ხალხიო.
ჰო, აღტაცებაშიც მოჰყავდა, აბა, ამდენს რატომ ილაპარაკებდნენ მის შესახებ... იმოდენა უცნობი სამყარო დაანახა ხალხს, რომ მგონი, სხვას
არც უქნია ეგეთი რამე.
სულს შეუძრავდა ხოლმე თავისი ლაპარაკით გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით, თუ დაატყობდა, რომ მსმენელები გამოკვეთილი მორალისტები არიან, ანდა უბრალოდ, წესიერი ხალხი, რომლებსაც თავიანთი პატარა სამყარო აქვთ და დიდ და თვალჩაუწვდენელ სამყაროს გაურბიან კიდეც.
მიაყრიდა და მიაყრიდა ამბებს, აღარ ამოისუნთქებდა, ამბები კი ერთმანეთზე სულისშემძვრელი იყო.
ამას ამ ამბებისადმი საკუთარ დამოკიდებულებასაც დაურთავდა ხოლმე, რაც არანაკლებ ძრწოლვისმომგვრელი იყო, ვიდრე საკუთრივ მონათხრობი.
ამბობდნენ, რომ ამას, ამ საშინელ ლაპარაკს, განგებ მისდევდა. სრულიად ბაირონული თვისება ჰქონდა ადამიანების შოკში ჩაგდებისაო და თანაც, ისეთ რამეებს იტყოდა იმ წესიერებისა და სიმკაცრის დროებაში, რომ ხალხი მას, როგორც კეთროვანს, ისე გაუხტებოდა განზეო.
იმას კი არ ედარდებოდა, პირიქით, სწორედ ეს მოსწონდა.
გადავრიეო, ალბათ გულში ფიქრობდა.
ქვეყანაზე იმდენი რამ ჰქონდა ნანახი, რომ ქრისტეფორე კოლუმბსაც შეშურდებოდა. ეგებ ხუმრობდა კიდეც, კოლუმბს წყლის მეტი ხეირიანად არც უნახავს რამეო, მე კიდევ, იმდენი ხმელეთი ვიცი, იმდენი ადამიანის რაობა, რომ ვერავინ შემედრებაო.
აქამდე ეგებ გეფიქრათ კიდეც, მარკიზ დე სადზე ხომ არ ლაპარაკობს ეს კაციო, ცოტათი მაინც გეფიქრათ, იმის მიუხედავად, რომ თავიდანვე ვთქვი, მწერალი სულაც არ იყო ეს ადამიანი-მეთქი, მაგრამ იმ მარკიზზე სულაც არ ვლაპარაკობ. მარკიზი ცუდად წერდა, ძალიან ცუდად. ბევრად უარესად, ვიდრე მისი თანამედროვენი. სტილის ამბავში მოგახსენებთ. ეს კაცი კიდევ, მგონი, ისევე წერდა, როგორც ლაპარაკობდა და ეს საქმე მშვენივრად გამოსდიოდა. მწერალი კი არ იყო.
მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ერთადერთი რამ შეეძლო, ორშაურად შეგებებოდა ტყვიასაო, ასე დაწერა ერთხელ და ამიტომაც ოფიცერი შევიქენიო.
სიცოცხლის ბოლოსკენ ეს კაცი სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი და რაინდი კომანდორი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლობდა წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის ორდენს, ყველაზე საპატიო რამეს იმ დროში.
მაგრამ ჩინ-მენდალთა და თანამდებობათა მადევარი ვერ იყო, სამხედრო წოდებაშიც კაპიტნობის იქით ვერაფერს უწია და სახელმწიფო კარიერაშიც დესპანობას თუ გამორჩა. ანდა, რად უნდოდა ასეთი თანამდებობები.
ამბობენ, შინ რომ დაბრუნდებოდა, დიდ ოთახში ათ მაგიდას ჩამოამწკრივებდა და ათივეზე კალმებს, სამელნეებსა და ქაღალდის შეკვრებს დააწყობდაო.
მერე პირველს მიუჯდებოდა, სათაურს გამოიყვანდა და წერას შეუდგებოდა, ხოლო როცა გვერდს გაავსებდა, მეორე მაგიდასთან გადაჯდებოდა და ახლა იქ გამოიყვანდა ახალ სათაურს, რომელსაც გვერდს მოაყოლებდა. შემდეგ მესამე მაგიდასთან გადაცოცდებოდა და ასე წავიდოდა, სანამ ისევ პირველ მაგიდას არ მოუბრუნდებოდა და ჭადრაკის ერთდროული თამაშის სეანსივით უბერავდა თავის წიგნებს და სტატია-ესეებს.
კაცმა მეტი რა უნდა ინატროს? ალბათ, ასეთი უნარი. კომპიუტერი რომ ჰქონოდა, უფრო იოლად გამოუვიდოდა ეს საქმე, მაგრამ მაშინ, აბა საიდან კომპიუტერი.
უამრავი ისეთი ენა იცოდა, ადამიანებს წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ: რაღაც უცნაური ინდური და აფრიკული დიალექტებიც კი.
ენების სწავლის ნიჭი ადრიდანვე ეტყობოდა: პატარა რომ იყო, მშობლებმა საფრანგეთსა და იტალიის ქვეყნებში წაიყვანეს თან და შინ რომ დაბრუნდნენ, მან უკვე იცოდა ფრანგული, ლათინური და ლამის ყველა იტალიური დიალექტი. მერე კი ცხოვრება ისე წავიდა, რომ ვესტ ინდოეთის კომპანიაში ჩაეწერა სამხედროდ და იქ იყო კაპიტანი.
პირველი წიგნიც იქ დაწერა: "გოა".
გოა ხომ მოგეხსენებათ, დღესაც გამორჩეული ადგილია ინდოეთში იმ მხრივ, რომ ლისაბონსა ჰგავს, რახან დიდხანს პორტუგალიელთა მთავარი ქალაქი იყო იქა.
მერე მიყვა და მიყვა.
რაები აღარ დაწერა: ფარიკაობის სახელმძღვანელოებიც კი. ინდური ბაზიერობის წესები ევროპელ მონადირეთათვის.
მაგარი იყო ამ საქმეებში. ხმალშიც და ნადირობაშიც. დიდად ნახიშტარი და უკანდაუხეველი. ხუმრობდა, სახელი ვერ დავიგდე, რადგან ავღანეთის პირველი ომი მანამდე დამთავრდა, სანამ მე იქ ჩავაღწიეო. სახეზე შთამბეჭდავი ნაიარევი აჩნდა, ხან არაბივით ეცვა, ხან ინდუსივით, ხანაც ოსმალოსავით, როგორც მოეპრიანებოდა ისე. გაბურძგნული წვერ-ულვაში და გამჭოლი, ცხელი თვალები ჰქონდა, სულ რაღაცას ეძებდა, ტბებით დაწყებული, უცნაური ნივთებით, მუმიებითა და ხელნაწერებით დასრულებული: ხან სომალიში იყო, რომელიც თავისნაირ ოფიცერთან და თავგადასავლების მოყვარულთან ჯონ ჰენინგ სპიკთან ერთად მოიარა და ეძება ნილოსის სათავე, ნახა ტანგანიკის ტბა და ათასი კიდევ სხვა რამ, რითაც დიდი გეოგრაფიც შეიქნა, ხან კიდევ, არაბეთში, სადაც დამასკოში იქაურ ებრაელთა ცხოვრებასაც კი სწავლობდა, ხოლო ატლანტიკის გაღმა მაიას ტომების, ინკების... ამ კაცს არაფრად ედარდებოდა იმ დროის მსოფლიოში გამეფებული რასიზმი, ადამიანთა თანასწორობაზე ღიად ლაპარაკობდა და, ასე რომ ითქვას, არც სხვაგვარი ტაბუების ტრფიალი იყო. ის გამოდგა პირველი ადამიანი, რომელმაც ევროპისგარეთა სამყაროს შოკისმომგვრელი რამეები გამოამზეურა სექსის შესახებ, და საერთოდ, ბევრს ჭორაობდნენ, მგონი, ჰომოსექსუალისტიაო. ჰომოსექსუალიზმზე ციხე იყო, ოღონდ სასამართლომდე საქმე მაინც არ მივიდა, ხელის დამდები არავინ იყო. თვითონ, მოქნილად იყენებდა ამ ჭორს, მოგეხსენებათ, სკანდალისტი იყო. ამბობდა, ყველა ადამიანი ადამიანიაო.
თუმც კი, ჰომოსექსუალისტი არ ყოფილა.
როდესაც მოკვდა, უკვე მოხუცებული, მისმა ცოლმა, ისაბელმა, შიშით დასწვა მისი უამრავი გამოუქვეყნებელი ნაწერი, რომელთაც ცენზურა არ ატარებდა, ის კი ჯიუტად ინახავდა, მოვა ამათი დროცო. ქალს შიში ჰქონდა, ამის გამო არავინ დაგვარბიოსო, მის სიცოცხლეში კი, აბა დარბევას ვინ გაუბედავდა, ხმალი და რევოლვერი, მან რომ იცოდა, ისეთი უნდოდა. ამბობდნენ, კაციც კი მოჰკლაო.
ოფიცერს კაცის მოკვლა მოუხდებოდა, მაგრამ ეს ბრძოლის ამბავი არ იყო. ქარავანში მოჰკლა კაციო. მეტიც, ბიჭიო. თვითონ კი, ისევე, როგორც ჰომოსექსუალიზმს, არც ამას უარყოფდა დიდად და არც ადასტურებდა. არ იტყოდა მოვკალიო, მაგრამ რაღაც საშინელ წინადადებას წამოისროდა, კაცს ასე კლავენო და გადარევდა ყველას.
ჰო, საინტერესო ამბავია. ის იყო იმ იშვიათ ევროპელთაგანი, რომელიც მექაში შეიპარა და იქაური ამბავი აღწერა. ინდოეთიდან დაიძრა ამ საქმეზე, ჰაჯის ქარავანთან ერთად, მუსლიმურად მოსილი და გრძელწვერიანი. მანამდე მხოლოდ ერთ კაცს თუ შეეღწია მექაში და უვნებელი გამოსულიყო.
მანაც მოახერხა.
იყო, რომ მოუკლავთ იმ დროის მოგზაურები, გაყიდულან. ის თავად მექაში არ გაიყიდა, რადგან ზედმიწევნით, შიგნიდან იცნობდა ისლამს და არაბულად ლოცვაც უკვე მშვენივრად შეეძლო, მაგრამ სწორედ ამაზე ამბობდნენ, გზაში გაიყიდაო, და ვინც მიუხვდა ის მოკლაო.
ერთხელ ერთ პასტორს გადაეკიდა და უთხრა, ათი მცნებიდან ათივე დამირღვევია და ხედავ ალბათ, მოსარიდებელი კაცი ვარო. კალიფორნიამდეც კი მივიდა, იქაური მექსიკის ამბების გასაგებად.
ბევრგან არსად ყოფილაო, ამბობდნენ, ნახევარი მოიგონა და ნახევარიც სხვათა მონაყოლიდან იცისო.
მან პირველმა თარგმნა "ათას ერთი ღამის" ზღაპრები ინგლისურად, თუმცა კი, ამისთვის ფრანგული თარგმანი მოიხმარა. ეს იყო სკანდალური წიგნი დედოფალ ვიქტორიას დროებაში.
თუმცა, სკანდალურობით ვერ შეედრებოდა "კამა სუტრას", რომელიც მანვე თარგმნა და დიდი ჭაპანწყვეტით, მაინც გამოსცა ინგლისში. ცოლმა რაები დაუწვა, იმას ვეღარ ჩამოვთვლით, სურნელებათა ბაღის, არაბების "კამა სუტრასნაირი" წიგნის გამოცემა კი ასევე დიდი ომით მოახერხა.
რა ეროტიკა და სექსი ჰქონდა ატეხილი, ძნელი სათქმელია, ოღონდაც, ესენი სკანდალური წიგნები იყო და ამიტომაც დარჩა ისტორიაში მათ მთარგმნელად, თორემ უამრავი სხვა რამ საინტერესო და მნიშვნელოვანი დაწერა. როგორც მოხდება ხოლმე ასეთი კაცების ცხოვრებაში, რომ ყველაზე ხმაურიანი გადაურჩებათ.
ამიტომაც ასე მოიხსენიებენ - სერ რიჩარდ ბარტონი, "კამა სუტრას" მთარგმნელი.
იოლი მისახვედრია, ძველ დროში ამ კაცის სახელი არ გამეგონა. საბჭოთა ეპოქაში ასეთ ძიებს არ შემოგვაწვდიდნენ ხოლმე, რა იცი, მაინც, სახიფათო ხალხი იყოო, უსახიფათოესი, შეიძლება ითქვას.
პერესტროიკა რომ დაიწყო, წიგნები გამოიყარა და იმათ შორის გამოჩნდა "კამა სუტრაც", რუსულად, რასაკვირველია. ქართულად, რაღაც თვითგამოცემითი უფრო მახსოვს, ოღონდ კი მე ის "კამა სუტრა" რუსულად არ მიყიდია. იმ დროში იმდენი რამე იყო საყიდელი, რაღა "კამა სუტრას" დავეტაკებოდი. ძაან წიგნები გამოდიოდა.
მერე კიდევ ისე გამოვიდა, რომ მაინც მომიწია ამ "კამა სუტრას" ყიდვა, მაგრამ ინგლისურად და სწორედ ბარტონის გულისთვის. სწორედ მაქედან გავიგე, რომ ასეთი კაცი არსებობდა.
თბილისში ყოველთვის იყიდებოდა თხელყდიანი ინგლისური წიგნები, საკუთრივ ინგლისსა და ამერიკაში გამოცემული. ძირითადად, კლასიკა: ერთ-ორჯერ ვონეგუტი და რეი ბრედბერი გამოერია და ეგ იყო. ყველაზე მეტი "პინგვინის" გამომცემლობის კლასიკა იყო ხოლმე. ჩვეულებრივი ფოქეთბუქი შვიდი და ორმოცდაათი ღირდა. მერე ეს გამოცემები სერიული იერისა გახდა. ყველას ერთნაირი ყდა ჰქონდა სხვადასხვა ნახატით და ბლომად იყიდებოდა, ტომ სოიერებით, ქუხილიანი უღელტეხილებით, თოროს ტყის წიგნით და ყველაფრით, რაც მოგესურვებოდა. ჰოდა, იმათში გამოერია ეს "კამა სუტრაც"; ბევრი ეწყო დახლზე და დავინახე.
მოკლედ, იქ პირველ გვერდზე რიჩარდ ბარტონის მოკლე ბიოგრაფია იყო და მივხვდი, ვიღაცა ჩანდა ღვთის პირიდან გადავარდნილი, ისეთი, რომლის შესახებ კითხვაც ყოველთვის დაგაინტერესებს და მისი სამოგზაურო წიგნები ხომ დაგაინტერესებს და დაგაინტერესებს.
მაგრამ საჯაროში რომ მოვქექე, ვერაფერი ვიპოვე. შეიძლება ცუდად ვეძებდი რუსულ კატალოგში, მაგრამ ვერ ვიპოვე და რას ვიზამდი?
კაცი-მანიაკი: აღმოჩენები ბრაზილიის მთებში, მისია დაჰომეაში, პირადი ჩანაწერი მექასა და მედინაში მოგზაურობის შესახებ, ხმალაობის ახალი სისტემა ინფანტერიისთვის, ორი მოგზაურობა გორილების მიწაზე, მიდიის მიწა, ხმლის წიგნი, ებრაელი, ბოშა და ისლამი და ასე დაუსრულებლად.
ეს წიგნების სათაურებია, ხოლო მის საჟურნალე სტატიებს კი თვლა არა აქვს.
აბა სად იშოვიდი ამ წიგნებს. აგე ინტერნეტი, მიდით და მოქექეთ, ახლა ყველაფერი იოლია. ერთხელ, ამერიკაში ვიყიდე მისი წიგნი. უფრო სწორად, ცოტა უცნაური წიგნი იყო, იქ ნაწყვეტები იყო მისი თხზულებებიდან სექსის შესახებ სამხრეთ ამერიკის ძველ ტომებში. წიგნს ეგრევე ერქვა, "ეროტიკული მოგზაური" და ის ნაწყვეტები მართლაც შოკისმომგვრელი იქნებოდა.
ოღონდაც, მე სხვა რამე მომიხდა, ერთი პატარა უცნაურობა და სერ რიჩარდ ბარტონსაც ამდენ ხანს იმიტომ ვიხსენებ.
ეს კაცი ლიტერატურულ პერსონაჟთან გავაიგივე. რატომ დამემართა, არ ვიცი, მაგრამ კარგა ხანს ნამდვილი და მოგონილი ერთი და იგივე ვინმე მეგონა.
ერთხელ, წიგნის მაღზიაში უმიზნო ბოდიალისას, გადავაწყდი რომანების სერიას ჰარი პაგეტ ფლეშმენის შესახებ. კაი გავრცელებული სერიაა ინგლისში, ცნობილი მწერლის და ჟურნალისტის, ფრეზერის რომანებია.
ოღონდ, მაშინ ეს არ ვიცოდი და ამ წიგნის კითხვა იქვე დავიწყე. ყოველთვის კი ვერ იყიდი, ძვირია.
ძველებურ, მადლიან სათავგადასავლო ხერხზე იყო ნაწერი, ვითარცა გენერალ ფლეშმენის ვითომდა მემუარები და სულ თორმეტი წიგნია, თუ არ ვცდები.
მერე და მერე, ამ ნაყალბევი მემუარების კითხვა რომ დავიწყე და დიდადაც ჩავუტკბი, ერთ მშვენიერ დღეს ფლეშმენი რიჩარდ ბარტონში ამერია.
ეს გამოგონილი გენერალი მოგზაური სულაც არ იყო, მაგრამ სწორედ იმ სამყაროებში საქმიანობდა და იბრძოდა, რომლებშიაც ბარტონს ედგა ფეხი და წიგნებიც ისე კოხტად იყო დაწერილი, რომ ეტყობა რომელიღაც წამს, დაუნახავ ადგილას ამერია.
ახლაც ასე მაქვს თავში, რიჩარდ ბარტონი რომ გამახსენდება, ფლეშმენის რომანების ყდებს ვხედავ.
იცით, რა არის? ჩვენ ჟიულ ვერნს ვკითხულობდით ბავშვობაში, რაიც გადასარევია, მაგრამ უამრავი სხვა რამეც არსებობდა, რასაც არ გამოსცემდნენ.
ამ ფლეშმენის სერიაზე კი არ ვამბობ. ეს ძველი არ არის, ჩვენი დროისაა, ავტორი საერთოდაც წლეულს გარდაიცვალა. მაგრამ, საერთოდ, უამრავი რამ არსებოდა, რაზეც ადამიანები იზრდებოდნენ. იმ ჟიულ ვერნისაც აბა რა ვიცით, ერთი რომანი აქვს, საქართველო მეტად წარმოჩინებული ყოფილა შიგა, ხვამლის მთაში განძეულის ძიებით და მთელი ამბით. მე არ წამიკითხავს, შემთხვევით ჩამოვარდნილ ლაპარაკში მიხსენეს. ყველაზე სქელი წიგნია მაგისაო.
ფლეშმენს მივუბრუნდები.
ინგლისელების, იცით, რა მომწონს?
ძალიან კოხტად აგრძელებენ ძველ საქმეებს. იქ თითქოს არაფერი შეწყვეტილა ძველი დროიდან.
ფრეზერს ფლეშმენი ცარიელ ადგილზე სულაც არ მოუგონია. რიჩარდ ბარტონის თანამედროვე ვექილმა და რომანისტმა, ტომას ჰიუზმა ოდესღაც წიგნი დაწერა: "ტომ ბრაუნის სასკოლო დროება: რაგბის სკოლის ძველი მოწაფის ჩანაწერები". ჰიუზს ახლა ძეგლი უდგას რაგბის სკოლის ეზოში, ხოლო რაგბის სკოლა რა განთქმული რამეც არის, მოგეხსენებათ.
ჰოდა, იმ რომანში, არის რაგბის სკოლის მოწაფე ფლეშმენი, რომელიც ამ მთავარი გმირის მიჩაგვრას აწვება და ბოლოს გამორიცხავენ კიდეც სკოლიდან ლოთობისთვის.
სწორედ ეს ფლეშმენი გააცოცხლა ფრეზერმა და მისივე სიტყვებით მოგვიყვა მისსავე ამბავს, რომელშიაც მთავარი ის არის, რომ შესაძლოა, კაცი არც მამაცი იყო, არც კეთილშობილი, მაგრამ მაინც შეიქნე ომების გმირი და გენერალი ათასი ჯილდოთი.
სწორედ ეს კაცი ამერია სერ რიჩარდ ბარტონში. კარგახანს ისე ვფიქრობდი, რომ წინააღმდეგობებსაც ვერ ვამჩნევდი. ფლეშმენის ამბის მიხედვით გავიფიქრებდი, კი მაგრამ, ხომ ომში იყო იმ დროს და აფრიკაში როგორღა წავიდა-მეთქი. ერთხელაც მივხვდი, რომ სხვადასხვანი არიან, თუმცა, დანახვისას, მაინც ფლეშმენს ვხედავ და არა სახენაიარევ ბარტონს. მოკლედ, სახალისო ამბავია, დაბნეულობის საკითხში.
ფლეშმენის ცრუ მემუარებში კი ასევე გვარიანი პერსონაჟები აღმოვაჩინე. მაგალითად, მადაგასკარის დედოფალი რანავანოლა: დიდი სისხლისმსმელი ქალი. მაგრამ აბა ფლეშმენი რის ფლეშმენია. ეტყობა, რიჩარდ ბარტონსაც ჰქონდა ასეთი თავგადასავლები. შეიძლება არც სადმე უხსენებია, მაგრამ მისმა ცხოვრებამ იმდენი ისტორია დაიტია, რომ, აბა, რას გაუგებ. ადამიანს სამი ცხოვრება გამოსდის, საზოგადოებრივი, პირადი და საიდუმლო. ჰოდა, აბა, როგორ გამოთვლი.
ერთი ის მახსენდება, რომ მგონი დამასკოში, თუ, არ მახსოვს სად, სადღაც არაბეთში, ბარტონი და მისი ცოლი ლედი ჯეინ დიგბის გადაეყარენ და დიდი მეგობრობა გააჩაღეს. ლედი ჯეინ დიგბი კი, ო, ჰო, ჰოოოოო,…ვისი ცოლი აღარ ყოფილა იმ დროში და რა მოგზაურობები არ გაუწევია.
… ბოლოს მავან არაბ ამირას გაუმიჯნურდა და იმას გაჰყვა. ხალხი სულ წყალში ხტებოდა მისი გულისთვის, დუელებში ეჯახებოდნენ, მეფეები კი ლამის ვენებს იჭრიდნენ... ეგეთები იყვნენ ეს ბაირონისგან ანასხლეტი ქალები და კაცები... აბა ცხოვრება მარტო სამსახური და ტელევიზორი ხომ არ არის? ტანგანიკას ტბაც არის, გორილაც, მოპარული სამხრეებიც და ოაზისში შეყვარებული ბედუინიც. ეგრე იყო, ყოველ შემთხვევაში. ახლა კიდევ... ჩაჯექი თვითმფრინავში და დღის ბოლოს სხვაგან ხარ. თუ ტურბულენტურში არ მოყევი, არც რამე შეგაწუხებს.
თუ ატყობთ, თავი რაებით მაქვს გამოტენილი.
რაღაც დონ კიხოტის სინდრომის მსგავსი შემეყარა, ამ ტიპებთან დაკავშირებით. იმას ამადის გალელზე ბოდვამ მოუწია, მე კიდევ რიჩარდ ბარტონი ჩავიხვიე: ანთროპოლოგი, რომელიც ხმალაობდა, კამოენშის სონეტებს თარგმნიდა პორტუგალიურიდან და ეკვატორელი ველურების სექსუალურ მითოლოგიას აღწერდა, თან კი ამბობდა, ცუდი ვარ, უსაზიზღრესიო. ტყუილად ხომ არ ეძახდნენ ხალხში ავარა დაკის, თუ ხულიგან დიკს, თუ ბანდიტ დიკს.
ეგრე იცის სათავგადასავლო ისტორიების კითხვამ.
მწერალი იყო თუ არა, რიჩარდ ბარტონი, სრულიად სამწერლობო კაცი გახლდათ. ბოლოს და ბოლოს, დოქტორ უოტსონის თანამედროვე იყო და დიდი რამე, თუ წერას გაბედავდა. ის ჰომოსექსუალისტობის ამბავი კი, აი, რატომ აუტეხეს: ინდოეთში, ოფიცრად ყოფნისას, პოლკში ერთი ოხერი ამბავი გასკდა. მავანი ოფიცრები ბორდელში დაიარებიანო. ამას ოფიცრებს ვინ აუკრძალავდა, მაგრამ სათავცემო ის იყო, რომ ბორდელი კაცებისა ყოფილიყო, აღმოსავლურად რომ მოვთარგმნოთ, საბიჭე, ჩვენთან ძველად გავრცელებული სიტყვით: სათუქსუსო. ჰოდა, გენერალს დაუვალებია, კაპიტანო ბარტონ, მიდი და კარგად შეისწავლე მაგ სამარცხვინო ადგილის ვითარება და წერილობითი ანგარიში წარმომიდგინეო. ანგარიში კი ისეთი ამომწურავი ყოფილა, ვითარცა მეცნიერული გამოკვლევა და ხმა გავარდნილა, შეუძლებელია, ისეთ კაცს დაეწერა, თვითონაც რომ არ ყოფილიყო ნამყოფი იმ ბორდელშიო.
მეორე მხრივ კი, წერა, ბარტონმა რომ იცოდა, ისეთი უნდოდა, კვლევაც, რასაკვირველია, და თემაც ხომ სამისო იყო და სამისო. ჰოდა, იმარჩიელეთო.
ბარტონს უყვარდა ბუნდოვანება პირად საკითხებში, ყოყოჩობდა ამით, თუ რა იყო, არ ვიცი.
ავღანეთის ომი რომ დაიწყო, ოქსფორდის სტუდენტად მყოფი ისეთ დღეში ვიყავი, რომ შვეიცარიელ დაქირავებულთა ცნობილ რაზმებშიც ჩავეწერებოდი და საფრანგეთის უცხოურ ლეგიონშიც, რაც მე იმ ავღანელებს ვლოცავდი, რომ ომში წასვლის საშუალება მომცესო, - აი, ასეთი კაცი იყო, - იმ დროს არაფრისთვის ვიყავი მზად, გარდა იმისა, რომ ორშაურად მოვეკალი ტყვიას, მაგრამ მაინც ასე მიჯობდაო.
ეგეთი დრო იყო და ეგეთი კაციც იმიტომ დაიბადა, ალბათ.
ვეღარ გაიგებ, ნამდვილია თუ მოგონილი. მგონი, ამიტომაც ამერია იმ თაღლით გენერალში.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“



ანა კორძაია-სამადაშვილი – მარტინ ვალზერის უკანასკნელი რომანის გამო


ბრალდება – ანტისემიტიზმი


მარტინ ვალზერის უკანასკნელი რომანის გამო


ანა კორძაია-სამადაშვილი


გერმანიის ლიტერატურულ წრეებში დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი: მარტინ ვალზერის ახალი რომანი, "კრიტიკოსის სიკვდილი", ჯერ კიდევ გამოქვეყნებამდე გახდა გაცხარებული დებატების საგანი.
ყველაფერი ვალზერის თითქოსდა უწყინარი წინადადებით დაიწყო: მან გაზეთს Frankfurter Allgemeine Zeitung-ს თავისი ახალი რომანის, "კრიტიკოსის სიკვდილის" წინასწარი გამოქვეყნება შესთავაზა. ამაში უჩვეულო არაფერია – გაზეთი ადრეც ბეჭდავდა ვალზერის რომანებს. არც ის გაკვირვებია ვინმეს, რომ მანამდე რომანის შინაარსი ძალიან ვიწრო წრემ იცოდა – ბოლოსდაბოლოს, ავტორის ნებაა, ვის რას უამბობს. მაგრამ ვალზერს არ გაუმართლა - მისი ახალი წიგნი გერმანელი ინტელექტუალების ნაწილისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.
Frankfurter Allgemeine Zeitung-ის სახელით დაწერილი წერილის ავტორის, ფრანკ შირმახერის თქმით, ეს რომანი არის შურისძიება, ანგარიშსწორება (დამალობანას აღარავინ თამაშობს) კრიტიკოს მარსელ რაიხ-რანიცკისთან. რომანის ფაბულა მარტივია: მთავარ პერსონაჟს, სახელმოხვეჭილ კრიტიკოსს, კლავენ, ეჭვმიტანილი — მწერალია, გამოძიებას კი მკითხველი აწარმოებს. მოგვიანებით ვიგებთ, რომ მწერალიცა და მკითხველიც ერთი და იგივე პიროვნებაა. ბოლოს ირკვევა: კრიტიკოსი არ მომკვდარა, უბრალოდ სიკვდილი გაითამაშა, რათა თავის საყვარელთან განმარტოებულიყო. გზადაგზა მწერალი არკვევს კრიტიკოსის, როგორც ასეთის, რაობას და არსს. შესანიშნავად ჟღერს: "მოკალით ძაღლი, ეგ ხომ რეცენზენტია!"
დღეს უკვე 82 წლის რაიხ-რანიცკის "მკვლელობას" გერმანელი საზოგადოება ნამდვილად არ მიიტანდა გულთან ახლოს და დიდადაც არ ჩაუღრმავდებოდა, რომ არა ერთი ნიშანდობლივი ამბავი: ის ებრაელია. თანაც თავისი ოჯახიდან ერთადერთი გადარჩენილი ებრაელი - ვარშავის გეტო, აჯანყება - ამას კომენტარები არ სჭირდება. ამიტომ ავტორის მიერ რომანში ორგან გამეორებული სიტყვები - "მას მოკვლა არ შეჰფერის" და "მაგის მოკვლა არ გამოვა" - საზოგადოებამ სრულიად შემზარავად ჩათვალა. ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს ნამდვილად ავადმყოფური დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ, ძნელია არ დაეთანხმო, რომ მარადი ურიას თემის ამგვარად გადამღერება, ვთქვათ ასე - ლამაზი არაა.
სკანდალი ვალზერისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. მას არც დაუფარავს, რომ მისი კრიტიკოსი სინამდვილეში რაიხ-რანიცკია, და რომ ეს სრულიად შეგნებულად გააკეთა. მაგრამ ანტისემიტიზმის ბრალდებას მწერალი უარყოფს: "ლიტერატურაში ნებისმიერი ცნობილი პიროვნების პაროდირება შეიძლება, მაშ, რატომ უნდა იყოს რაიხ-რანიცკი გამონაკლისი? ებრაელობა სულ არ მაღელვებს, მე იმასთან მაქვს საქმე, როგორ იყენებს - და ბოროტად იყენებს - რაიხ-რანიცკისნაირი ფიგურა თავის ძალაუფლებას ლიტერატურაში."
განსაკუთრებული შემართებით "კრიტიკოსის სიკვდილის" გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მარტინ ვალზერის წინააღმდეგ ლიტერატურათმცოდნე რუთ კლიუგერმა და სოციოლოგმა იან ფილიპ რეემტსმაამ გაილაშქრეს პრესაში.
რუთ კლიუგერი ამჟამად კანადაში ცხოვრობს. ამ ებრაელ ქალბატონს ვალზერთან დიდი ხნის პირადი მეგობრობა აკავშირებს. მისი ღია წერილიც, რომელიც Frankfurter Rundschau-ში გამოქვეყნდა, მეგობრული ტონითაა დაწერილი. ქ-ნმა კლიუგერმა ვალზერს "სინამდვილის ცრუ ასახვა" დასდო ბრალად: "გერმანია, რომელშიც ბოროტი ებრაელები არიან – თუნდაც ერთი ბოროტი ებრაელი – მაგრამ ანტისემიტიზმი არ არსებობს, რბილად რომ ვთქვათ, ტყუილია". მისი თქმით, ვალზერს ცხადად რომ ეჩვენებინა გერმანული ანტისემიტიზმი, თავად მას ამ ბრალდებას ვერ წაუყენებდნენ.
ქ-ნი კლიუგერი იმასაც აღნიშნავს, რომ წიგნი პირადად მას ძალიან მოხვდა გულზე. "როგორც ებრაელს, რომლის პროფესია გერმანული ლიტერატურაა და თავი შენი და შენი ოჯახის მეგობრად მიაჩნია, შენს მიერ დახატული ებრაელი ურჩხულის სახე პირადად შემეხო, გული მატკინა და მაწყენინა."
სოციოლოგმა რეემტსმაამ რომანს სულაც "ლიტერატურული ბარბაროსობა" უწოდა. Frankfurter Allgemeine Zeitung–ში გამოქვეყნებულ წერილში მან განაცხადა, რომ ვალზერმა ანტისემიტური წიგნი დაწერა და რომანს "სიძულვილის მოწმობას" უწოდებს. რეემტსმაა უფრო შორსაც წავიდა: "ავტორი აშკარად ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს. ამის შედეგად წიგნი საშინლად ძნელი წასაკითხია და შემზარავად მოსაწყენი." ასეთი რამ ვალზერისთვის ჯერ არ უკადრებიათ, მწერალს ალბათ ისევ იდეოლოგიური ბრალდებები ერჩივნა.
ყველა სიკეთესთან ერთად ვალზერს ლოთობაც დააბრალეს, რაც მან ერთ-ერთ ინტერვიუში მშვიდად უარყო: "მხოლოდ ლოთი ბრაზდება, როცა ლოთს უწოდებენ". მისი თქმით, საჯარო კითხვის წინ ცოტა წითელი ღვინო ლოთობას ნამდვილად არ ნიშნავს, ეს ამ შემთხვევაში მხოლოდ დოპინგია: "ვადღეგრძელებ დამსწრე საზოგადოებას და ერთ ჭიქას ვსვამ. ეს შოუს ნაწილია, თუნდაც დილის 11 საათზე. ამის მერე უკეთ ვკითხულობ."
აი, ასეთი ამბავი დატრიალდა. რომანის ავტორისთვის საკმაოდ დამთრგუნველი აყალ-მაყალი გარკვეულწილად საუკეთესო რეკლამა გამოდგა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვალზერის რომანი მაინც გამოქვეყნდა. 2002 წლის 5 ივნისს პრესაში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მარტინ ვალზერის საკამათო რომანს "კრიტიკოსის სიკვდილი" გამოსცემს ავტორიტეტული გამომცემლობა Surkamp, რომელიც გაცხარებულ დისკუსიებსა და ეჭვებს არ დაგიდევთ. წიგნი მაღაზიებში 26 ივნისს გამოჩნდა. Suhrkamp-მა თავიდანვე 50.000 ეგზემპლარი გამოუშვა - არცთუ ურიგო დასაწყისია. მას შემდეგ, რაც გამომცემლობის მესვეურებმა დიდი ჩხუბით იჩხუბეს რომანის ინტერნეტში უკანონო გამოქვეყნების გამო, მის ტექსტს ქსელში ვეღარ იპოვნით, და გამომცემლობაც დამშვიდდა: "ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, აღარც ბრძოლა გვინდა და არც ზარალის ანაზღაურება."
თუმცა ანტისემიტიზმში მასაც ადანაშაულებენ, გამომცემლობას უკან არ დაუხევია: "ამ პირობებში გამომცემლობა აკეთებს იმას, რაც მისი ვალია, აქვეყნებს რომანის ტექსტს, რომელზეც მარტინ ვალზერი აგებს პასუხს."
რომანის გმირის პროტოტიპი ლიტერატურის კრიტიკოსი მარსელ რაიხ-რანიცკი გულმოდგინედ ცდილობდა გამომცემელთა გადაბირებას. Suhrkamp–ის საბოლოო გადაწყვეტილებას მან "ძალიან სამწუხარო" უწოდა. "შესანიშნავი ტრადიციების მქონე გამომცემლობას, ერნსტ ბლოხის, ვალტერ ბენიამინის, თეოდორ ადორნოს, პაულ ცელანის და სხვათა გამომცემელს, ასეთი აღმაშფოთებელი და სამარცხვინო ნაშრომი არ ეკადრება." კრიტიკოსი თავად რომანისთვისაც არ იშურებს ტკბილ სიტყვას: "ასეთი საცოდაობა ვალზერს ჯერ არ დაუწერია" - კრიტიკოსი მაინც კრიტიკოსად რჩება! რაიხ-რანიცკიმ გერმანიის პრესაში დაიჩივლა, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობო. "მისი პერსონაჟების ცნობა სულ იოლად შეიძლება, მათი ასე დაცინვა უმსგავსობაა," და სხვა და სხვა.
"მე მისი მრავალი წიგნი მიდიდებია და ათწლეულების განმავლობაში მწამდა მისი ნიჭის," ჩიოდა რაიხ-რანიცკი, რომელიც აქამდე ვალზერის მთავარ კრიტიკოსად ითვლებოდა, "რომანმა, რომელსაც "კრიტიკოსის სიკვდილი" ჰქვია, ჩემში რისხვა კი არა, თანაგრძნობა გააღვიძა." იმავე პრესის სააგენტომ აღნიშნა, "მოხუცი კაცების ომი დაიწყოო," მაგრამ თავად ვალზერთან საუბარი რაიხ-რანიცკიმ საჭიროდ არ ჩათვალა: "სულ არ მაინტერესებს, როგორ ხსნის ავტორი თავის ნაწარმოებს. ტექსტმა თავად უნდა თქვას სათქმელი."
წიგნის გამოცემის შემდეგ ავტორმა გამომცემლობის გადაწყვეტილებას სასიხარულო უწოდა – ცხადია! და ბრძანა, რომ ამ წიგნის შესახებ დებატებში მონაწილეობა არ სურს. ეგ იყო და ეგ. წიგნი გამოქვეყნდა, მშვენივრად იყიდება. იქნებ ოდესმე ჩვენც წავიკითხოთ, რათა საკუთარი დასკვნები გამოვიტანოთ: კარგი კაცია მარტინ ვალზერი თუ ცუდი.
"ყველამ იცის, როგორი ისტორიული ტვირთი გვაწევს, უსასრულო სირცხვილი, დღე არაა, რომ არავინ შეგვახსენოს..."
მარტინ ვალზერი, 1998 წელი
მარტინ ვალზერი 1927 წლის 24 მარტს დაიბადა. სამხედრო სამსახურის შემდეგ (1943 წ. ნუ შეშინდები, მკითხველო, ესესელი არ ყოფილა) სწავლობდა თეოლოგიას, ფილოსოფიას, ლიტერატურას, იკვლევდა ფრანც კაფკას შემოქმედებას. რადიოსა და ტელევიზიისათვის პოლიტიკური და ყოველდღიური ინფორმაციის მოძიებისას იმოგზაურა იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ჩეხეთსა და პოლონეთში. მოთხრობისათვის Templones Ende 1955 წელს პირველი ლიტურატურული ჯილდო – Preis der Gruppe 47 მიიღო. ამ დღიდან დაიწყო მისი აღიარება: 1957 – ჰერმან ჰესეს პრემია, 1962 - გერჰარდ ჰაუპტმანის პრემია, 1965 - ბადენ-ვიურტემბერგის შილერის პრემია და მრავალი, მრავალი სხვა. დაგვირგვინება იყო 1998 წელს, როდესაც ფრანკფურტში მარტინ ვალზერს გერმანიის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო – Friedenspreis des Deutschen Buchhandels გადასცეს რომანისთვის Ein springender Brunnen.
დაჯილდოება ხდებოდა ფრანკფურტის წმ. პავლეს ტაძარში. ძალიან გამიმართლა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შესანიშნავი საჩუქარი მივიღე: მოწვევა გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა ბირჟების გაერთიანების მშვიდობის ჯილდოს გადაცემაზე. ვინც კი ოდესმე გერმანიის ისტორიით დაინტერესებულა, კარგად მიხვდება, რას ვგრძნობდი დარბაზში მჯდომი.
ფრანკფურტის წმინდა პავლეს ტაძარი ყოველი გერმანელისთვის ერის დიდების და მშვიდობის სიმბოლოა. 1848 წელს აქ პირველი გერმანული პარლამენტი შეიკრიბა, და მოგონება სავალალოდ დამთავრებული დემოკრატიის პირველი ნაბიჯების შესახებ დღევანდელი გერმანიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასია. სწორედ ამ ისტორიულ შენობაში, ღირსშესანიშნავი მოვლენიდან 150 წლის შემდეგ გადაეცა მშვიდობის ჯილდო მარტინ ვალზერს.
მისასალმებელ სიტყვაში – "მშვიდობის უფლება" – ითქვა: "ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესია, ადგილი, სადაც გერმანიის მეცნიერები და ლიტერატორები, დემოკრატები და პატრიოტები 150 წლის წინათ შეიკრიბნენ, ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩვენი, გერმანული დემოკრატიის იმედის სიმბოლოა. ყველა წინააღმდეგობისა და ყველა გაუგებრობის მიუხედავად ეს რესპუბლიკა ჩვენი მომავალია; ის, რომ ჩვენ ეს მომავალი შვერინელებთან და ლაიფციგელებთან, დრეზდენელებთან და ერფურტელებთან ერთად შეიძლება ვაშენოთ, ბედნიერებაა, რომელიც მარტინ ვალზერმა სხვებზე ბევრად ადრე წარმოიდგინა, დაწერა და ამგვარად შესაძლებელი გახადა." რა ჰქვია ასეთ კაცს, თუ არა ეროვნული გმირი?!
მშვიდობის ჯილდო ეროვნების, რასობრივი მიკუთვნილებისა და აღმსარებლობის მიუხედავად გაიცემა. მისი მასშტაბების უკეთ წარმოსაჩენად მოგახსენებთ, რომ 1950 წლიდან ეს ჯილდო გადაცათ ალბერტ შვაიცერს, ჰერმან ჰესეს, თორნტონ უაიდლერს, იანუშ კორჩაკს, მაქს ფრიშს, ასტრიდ ლინდგრენს, იაშარ ქემალს და მრავალ სხვას - 38 ავტორის ჩამოთვლა ალბათ არ ღირს, ისედაც ნათელია, რა საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. ამ ფონზე ფრანკ შირმახერი ვალზერის სადიდებლად წარმოთქმულ სიტყვაში განსაკუთრებულს და ორიგინალურს ვერაფერს იტყოდა. ეს სიტყვა ამჟამად მხოლოდ იმითაა აღსანიშნავი, რომ ის სწორედ ფრანკ შირმახერმა წარმოთქვა, იმ შირმახერმა, ახლა რომ გააფთრებით დაესხა თავს მარტინ ვალზერს: "...ვალზერი კითხვის ვნებითაა შეპყრობილი. მკითხველები... სანამ კითხულობენ, ცუდს ვერაფერს იზამენ. ვალზერისთანა მკითხველი კი სხვა არ მეგულება."
ეს იყო 1998 წელს. ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შირმახერი გამხეცდებოდა, თან ისე, რომ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში ასეთი სათაურით გამოაქვეყნებდა წერილს: "ძვირფასო მარტინ ვალზერ, ჩვენ თქვენს წიგნს არ დავბეჭდავთ". კარგია. დასასრული – კიდევ უკეთესი: "ძვირფასო ბატონო ვალზერ, თქვენ საკმაოდ ბევრჯერ გითქვამთ, რომ გინდათ გათავისუფლება იგრძნოთ. დღეს ვიცი: თქვენი თავისუფლება ჩვენი დამარცხებაა." რა ოსტატურად მალავდა მარტინ ვალზერი თავის ჭეშმარიტ სახეს 75 წლის განმავლობაში!
P.S. 2002 წლის 28 აგვისტოს "ყველაზე მნიშვნელოვანმა გერმანელმა კრიტიკოსმა", მარსელ რაიხ-რანიცკიმ ქალაქ ფრანკფურტის გოეთეს პრემია მიიღო. უკვე 75 წელია, რაც ეს ჯილდო კლასიკოსის დაბადების დღეს გაიცემა. რაიხ-რანიცკიმდე ეს ჯილდო მიენიჭა თომას მანს, ჰერმან ჰესეს, ზიგმუნდ ფროიდს, ალბერტ შვაიცერს. 82 წლის რაიხ-რანიცკის სადიდებელი სიტყვა ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესიაში შვეიცარელმა ლიტერატურათმცოდნემ, პეტერ ფონ მატმა წარმოთქვა.

© “წიგნები – 24 საათი”

დავით ჩიხლაძე – "მოხეტიალე წვეთები"


შოთა იათაშვილი

დავით ჩიხლაძე. "მოხეტიალე წვეთები". ლექსების კრებული (1983-2001); რედაქტორი ლია შერვაშიძე; თბილისი, "მერანი", 2002

იქ, სადაც "ჩინეთი არ არსებობს"

დავით ჩიხლაძე წელს 40-ის ხდება. და მხოლოდ ახლა გამოიცა მისი პირველი წიგნი - ლექსების კრებული "მოხეტიალე წვეთები". ასეთი რამ დღევანდელ რეალობაში მეტად უცნაურად ჩანს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 80-იანი წლების შუაწელიდან მოყოლებული, ეს ავტორი სულმუდამ ჩანდა ქართულ ლიტერატურულ (მეტიც - არტ) სივრცეში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაუცხრომელი მაძიებელი ახლისა ახალთაობელთა შორის. იგი გამოირჩეოდა თანამედროვე ხელოვნების იშვიათი ცოდნით, ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ახალი, აქამდე უცხო საოცრებების შემოტანისა და იქვე ანალიზის, თვითრეფლექსიის უნარით. და იყო ამავე დროს ზღვრულ მდგომარეობამდე ემოციური, აფექტური, სიტყვით, მზერით თუ მოძრაობით იმ იდუმალის მატარებელი და განმცხადებელი, რაც უძველესი, პირველყოფილი კულტურებიდან იღებს სათავეს.
"იყო"-ო, ვთქვი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე წელია ნიუ-იორკში გადაიხვეწა დავით ჩიხლაძე და მისი ხმისა და სახის სილბო და სისასტიკე აღარ მსჭვალავს ქართულ ჰაერს, თორემ იქ, სადაც იგი არის, ვიცი, ახლაც ისეთივეა, ოღონდაც ალბათ კიდევ უფრო გამძაფრებული ამ მახასიათებლებით. მაშინ კი, "პერესტროიკის" და სამოქალაქო არეულობების პერიოდში, მას უკვე ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი როგორც პოეტს (სხვა სფეროებს რომ თავი გავანებოთ), რომ მძიმე სოციალურ-პოლიტიკური პირობების მიუხედავად, სურვილის შემთხვევაში არანაირად არ უნდა გასჭირვებოდა წიგნის გამოცემა, თუნდაც იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი "სამიზდატის" ფორმით. დიახ, ეს ნამდვილად ასე იყო და თუ იგი წიგნს არ სცემდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და არანაირად არ იყო გამოწვეული გარემო პირობებით.
მახსენდება 1994 წელი. მაშინ ჩვენი საერთო მეგობრის, გელა ებანოიძის დახმარებით ორივე ერთად ვამზადებდით წიგნებს, და როდესაც გელამ ამონაბეჭდები საკორექტუროდ მოგვიტანა, დათომ უცებ გადაიფიქრა წიგნის გამოცემა. მიზეზი მაინცდამაინც არ დაუკონკრეტებია, უბრალოდ "აღარ მინდა"-ო - უთხრა გელას და ანაწყობები დააშლევინა.
მახსენდება ბადრი გუგუშვილი. მას მუდამ აცოფებდა დათოს ასეთი დამოკიდებულება საკუთარი წიგნის არსებობა-არარსებობისადმი. "მითხარი, რატომ არ აკეთებ წიგნს! - გაცეცხლებული ეკითხებოდა ხოლმე იგი თავის მეგობარს - მე მინდა მქონდეს შენი წიგნი! როდემდე უნდა იყოს ყველაფერი ასე გაფანტული! ასე ჭირს შენი პოეზიის მთლიანობაში აღქმა! რატომ არ უწევ ანგარიშს მკითხველს!" ამაზე დათოც, ცოტა არ იყოს, ბრაზდებოდა: "ეგ მხოლოდ ჩემი საქმეა! მე შეიძლება ცხოვრებაში წიგნი არ დავბეჭდო, ან მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს გამოვცე!"
ჰო, ეს ასე იყო და ამ ყველაფრის მიზეზები ახლა უკეთ ჩანს, როცა ბოლოს და ბოლოს გამოვიდა მისი ლექსების კრებული, წიგნი, რომელსაც ვერ მოესწრო ბადრი გუგუშვილი. უკეთ კი იმიტომ ჩანს, რომ ბადრის სიტყვებივე რომ გავიმეოროთ, უკვე შესაძლებელი გახდა დავით ჩიხლაძის "პოეზიის მთლიანობაში აღქმა", ვინაიდან ამ 72-გვერდიანი კრებულის ფურცლები ქანის იმ პლასტებივითაა, რისგანაც ძირითადად შედგება დავით ჩიხლაძის, როგორც პოეტისა და მოაზროვნის სამყარო. პლასტი კი საკმაოდ ბევრია - განსაკუთრებით ფორმალური თვალსაზრისით. და ეს არცაა გასაკვირი "მარადი ექსპერიმენტატორისაგან". არადა, მისი პოეზიის ბუნება, მთავარი თემები, ესთეტიკური პრინციპები, უკვე საკმაოდ გამოკვეთილია მის ადრეულ შემოქმედებაში, გრძელი, რეფრენიანი ან ისე, ურეფრენოდ პულსირებადი ლექსების სახე რომ აქვს ყველაზე ხშირად. გამოკვეთილია და ქართულ ლიტერატურულ რეალობაში დავით ჩიხლაძის პოეზიის ფენომენი უკვე შექმნილია, მაგრამ ავტორი არ ისვენებს, იმავე პოეზიას, იმავე თემებს, იმავე ესთეტიკურ პრინციპებს სხვადასხვა ფორმაში ქნის, აყალიბებს. ამით იმის თქმა არ მინდა, თითქოს შინაარსობლივი თვალსაზრისით სტატიკას ჰქონდეს ადგილი და მხოლოდ ფორმალური დინამიკა შეიმჩნეოდეს. უბრალოდ, მგონია, რომ არსებობს რაღაც ცენტრი, რომელიც ამ გარეგნული სიჭრელისა და "ხტუნაობის" მიუხედავად, უძრავია და ცხოვრებისეული ახალი გამოცდილება სწორედ ამ ცენტრის გარშემო აფართოვებს თემატურ, ესთეტიკურ არეალს.
იმ პერიოდში, როდესაც ეს ინტენსიური "ხტუნაობა" მიმდინარეობდა, მკითხველს და თვით ავტორსაც კი შეიძლება შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ ეს შემოქმედება ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებული ბლოკებისაგან შედგება და შესაძლოა მისი დაშლა მარტივ მამრავლებად, რაც, ვინ იცის, აჩენდა კიდეც ლექსთა ერთ წიგნად შეკვრის სირთულეს. ძნელია ექსპერიმენტატორული პროცესის შუაცეცხლში მყოფმა სწორად "დაალაგო" შენი შემოქმედება და მერე ამ ბლოკებიდან რომელიმეს მიანიჭო უპირატესობა, საკუთარი "საფირმო ნიშნით" შეამკო. სწორედ ამიტომ უჯობდა ალბათ დავით ჩიხლაძეს, ეწერა ათასი უცნაური ფორმის ლექსი, ებეჭდა სხვადასხვაგან ან სულაც არსად და მხოლოდ ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ეკითხა ხოლმე.
ის უძრავი ცენტრი კი, რომელიც თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში არსებობდა და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იარსებებს, ჩემი პოეტური გუმანით სენტიმენტალობაა, ოღონდ არა ჩვეულებრივი სენტიმენტალობა, არამედ რიტუალური. სწორედ ეს რიტუალურობა ანიჭებს დავით ჩიხლაძის პოეტიკას სენტიმენტალობას სულ სხვა განზომილებას, სულ სხვა ძალას. ეს რიტუალურობა მორევივითაა, რომელიც მის პოეზიაში ჩაითრევს ღმერთებს და ნახევარღმერთებს, მის მეგობრებს და მისი მეგობრების ნამოქმედარს, ქალის კოსმეტიკას და შაშვის ჭახჭახს... და ბარემ დაუკვირდით ლექსიკასაც: მისი ტექსტები პირდაპირ გაძეძგილია სიტყვებით: სიცოცხლე, მეგობრობა, სიყვარული, ტრფობა, თავისუფლება, სიკვდილი, ყვავილი, შუქი, ცეცხლი და ა.შ. ანუ ეს ბეწვის ხიდზე სვლაა. რამდენი ვიცით სიტყვა "ტკივილით" გამოტენილი ლექსების კრებული, რომლის თავიდან ბოლომდე წაკითხვა ერთხელაც ვერ გაგრძნობინებთ რაიმე "ტკივილს"? დარწმუნებული ვარ, ბევრი. იმიტომ, რომ მთავარი სიტყვებით წერა უმოკლესი გზაა ბანალობაში გადასავარდნად. დავით ჩიხლაძეც ვარდება ბანალობაში, მაგრამ საკუთარი სურვილით, სენტიმენტალურად, რიტუალურად... ვარდება წმინდა პოეტურ თვალისმომჭრელ და თავბრუდამხვევ ბანალობაში, ან როგორ შეუძლია არ გადავარდეს, "ბანალობა ხომ მისი უსაყვარლესი სიტყვაა" (ნ. დარბაისელი. "ალტერნატივა" ¹7, 2002). აი, მაგალითად, ფრაგმენტი ლექსიდან "+":
"+მოსკოვი+თურქეთი+გურამ წიბახაშვილი+ვოვა ჟელეზოვი+ნახტომი აივნიდან+
პარაშუტი+ფეხების მოხრა+დაშვება+მუხლების გამართვა+გახედვა მარჯვნივ
ოდნავ მაღლა+მზის ამოსვლა+მოდის მანქანა თავახდილი მოსკვიჩი ან
ძველი შევროლეტი წითელი ფერის+ესპანური მუსიკა+დიდი ფანჯრების
გაღება დიდ სოფელში+დიდი სოფლელები იცინიან დიდ ხმაზე+გაფენილია
დიდი სარეცხი+დიდი მთებიდან დაეშვა დიდი ქარი+ჯოხარტი+
ყავა ფუნთუშა ნესვი საზამთრო+ცივა თოვს+წითელი მოედანი+მოვაბიჯებთ
ინდუსტრიულ ნაგავზე+მზე მოგვყვება ზემოთ+სიტყვები, საყვირები+
ოქრო+სხეული+მძივები+სიცოცხლე მეგობრობა თავისუფლება".
"მოხეტიალე წვეთებში" შესული ლექსების უმრავლესობა კონკრეტულ ადამიანებს ეძღვნება. და თითოეულ ასეთ ლექსში კიდევ არაერთი სხვა პიროვნება გაიელვებს ხოლმე 80-90 წლების თბილისური (+მოსკოვურ+ლენინგრადული) არტ-ბოჰემური წრიდან. როცა ეს ლექსები იწერებოდა, ეს ადამიანები ერთად იყვნენ, ერთად ფიქრობდნენ, ცხოვრობდნენ, ერთმანეთს შორის ჰქონდათ ხან ხელოვნება, ხან სექსი, ხან მეგობრობა, და ალბათ ბუნებრივიც იყო, რომ დავით ჩიხლაძეს სრულად აკმაყოფილებდა საკუთარი შემოქმედების პრეზენტაციისა და რეპრეზენტაციის ის ფორმები, რომლებიც მის კლასიკურ დასასრულს - წიგნად შეკვრას არ ითხოვდნენ. მეტიც - ამაში იყო თავისებური ხიბლი, ავანგარდისტის გულწრფელი პოზა, გამორჩეულობა. მაგრამ თანდათან დაიწყო რღვევის პროცესი. ეს ადამიანები - ერთდროულად მისი ტექსტების მკითხველებიც და პერსონაჟებიც, დედამიწის მთელს ზურგზე გაიფანტნენ, ზოგმა საერთოდაც დასტოვა ამქვეყნიური ცხოვრება და უკვე 1994 წელს დავით ჩიხლაძემ მწარედ ამოთქვა:
"დაიმახსოვრე, ეს შენი საძმო, სადაც იყო კარლო, სანდრო,
შალვა, შოთა, მრავალი ქალი და ჰანგი ბავშვური -
აღარასოდეს, აღარასოდეს შეიკრიბება".
რამდენიმე წლის შემდეგ კი ავტორი თავადაც შეუერთდა "გაფანტულთა" რიგს. და სწორედ ეს მიმაჩნია მეორე მიზეზად იმისა, რომ წიგნი გამოიცა. როცა საძმო ერთად იყო, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ როცა იგი ბოლომდე, უიმედობამდე დაიშალა, პოეტის სულში უკუპროცესი დაიწყო, გაჩნდა სურვილი, ამ თითქმის მოტიტვლებულ ადგილას ადამიანებს თუ არა, ლექსებს მაინც ეარსებათ ერთად. და ეს შესანიშნავია! ცალ-ცალკე, ძველ, გაყვითლებულ გაზეთებსა თუ ჟურნალებში გაპნეულ მის ლექსებს ფაქტიურად უკვე დაკარგული ჰქონდათ აქ, ამ ალაგას, ანუ თბილისში, საქართველოში, მკითხველ საზოგადოებაზე ზემოქმედების უნარი. ახლა კი ის სამყარო, ის ესთეტიკა, ერთ კონად შეკრული, კვლავ იქცევა ძლიერ პოეტურ პულსაციად ჩვენს ლიტერატურულ არტერიაზე.
დავით ჩიხლაძე აქამდე ეულად არსებულ ფენომენად ჩანდა, მაგრამ ბოლო პერიოდის ლიტერატურული პუბლიკაციები თანდათანობით ადასტურებს, რომ იგი, როგორც პოეტური მოვლენა, ტანდემში არსებობდა. მისი მეგობარი და მისი ლექსების პერსონაჟი, ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი კარლო კაჭარავა, რომელიც, მაგალითად, ლექსში "კარლო კაჭარავა დაბრუნებული პარიზიდან", აი, ასეთია:
"ის მოვიდა - მან ნახა გაზაფხულის წაქცეული წვიმები
ნეილონის ბურუსში ამერიკელების ვარდები
ის ჰგავდა პატარა ბაღს
სადაც ზაფხულში მხოლოდ ორი ბეღურა ზის მერხზე",
როგორც პოეტი, ნაკლებად იყო აქამდე ცნობილი. 2002 წლამდე მისი 15-20 ლექსი თუ იყო გამოქვეყნებული, მაგრამ გაზეთ "ალტერნატივას" წამოწყებამ: მისი არქივის ბეჭდვამ, შესაძლებლობა მოგვცა სულ სხვა მასშტაბებში დაგვენახა ამ უნიჭიერესი ადამიანის პოეტური მემკვიდრეობა. ამ წერილში პარალელური ანალიზის დრო და ადგილი ნამდვილად არ არის და ეს არც ერთი-ორი დღის საქმეა, მაგრამ თავს უფლებას მივცემ გამოვთქვა ჰიპოთეზა, რომ გარკვეული თვალსაზრისით დავით ჩიხლაძის და კარლო კაჭარავას პოეტური შემოქმედება მათი ერთობლივი პროდუქტია. ისინი აშკარად ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთმანეთისგან სწავლობდნენ, ერთი და იგივეთი იყვნენ ინსპირირებულნი. ერთი სიტყვით, თავიანთი თაობის ავტორთაგან ყველაზე ახლოს დგანან ერთმანეთთან, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რომელიმე მათგანის ინდივიდუალობას ვნებს. მაგალითად, მიუხედავად ასეთი პარალელებისა, კარლო კაჭარავას შემოქმედებას დავით ჩიხლაძის შემოქმედებისათვის ახლახან გამოგონილ ჩემს ტერმინს "რიტუალურ სენტიმენტალობას" ვერანაირად ვერ მივუყენებ.
კიდევ რა შეიძლება ითქვას დავით ჩიხლაძის პირველ წიგნზე? იგი, რა თქმა უნდა, არანაირად სრული არ არის და მე მახსენდება არაერთი ლექსი, რომლის ხილვასაც ამ კრებულში ვისურვებდი. მაგალითად, "რასაც ვერ შეძლებ, შეგიძლია წარმოიდგინო"-ს, "ყოველდღიურობის სიცხადეს", ანდა "8 ჰაიკუს", რომელიც მან ადრე 8-გვერდიან პაწაწუნა წიგნუკადაც კი შეკრა მცირე ტირაჟით. სხვათა შორის, თუკი მაინცდამაინც ფართობის უკმარისობის პრობლემა იყო, მე კრებულიდან ამ ლექსებისათვის შევწირავდი "ლექსიკონის ლექსებს", რომელიც მექანიკურობისა და შემთხვევითობის პრინციპითაა დაწერილი, საინტერესოა მხოლოდ იმით, რომ დავით ჩიხლაძის ფორმალური ძიებების ჩიხს გვაჩვენებს და პოეტური ღირებულება უკვე აღარ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ წიგნის სათაური "მოხეტიალე წვეთები" გამომცემლობის ვარიანტს წარმოადგენს (ავტორს ერთ ლექსში აქვს "მოხეტიალე წვეთი") და ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყდის გაფორმებასთან ერთად, საკმაოდ წარმატებულ, კარგად გააზრებულ დასახელებად უნდა ჩაითვალოს, თუმცა მე მაინც მინდა გავიხსენო სათაურის პირვანდელი, ავტორისეული ვარიანტი: "ჩინეთი არ არსებობს". დიახ, სწორედ ასე - ჩინეთი არ არსებობს! ამ უცნაურ, ჯერჯერობით ვერშემდგარ სათაურს ზოგიერთმა შეიძლება ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნოს, ზოგიერთმა კი ინტერპრეტაციათა მთელი წყება დაალაგოს ერთ წუთში. საქმეც მაგაშია! დავით ჩიხლაძეს ორივე აწყობს! იმაზე მეტად, ვიდრე ის ვარიანტი, რომელიც მხოლოდ ცალსახა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
მეც, ოდნავ თუ სული წამძლევს, ვიტყვი, რომ ამ ფრაზაში არის დასავლელი ობივატელის ცხოვრებისეული თუ პოლიტიკური შეხედულებების მეტაფორაც, არის ძენ-იუმორიც, არის საერთოდ, აღმოსავლეთთან, მის კულტურასთან სიახლოვის ჩვენების სურვილი, ყველაზე მეტად კი, ჩემი აზრით ის ჩანს, რომ დავით ჩიხლაძის პოეზია არსებობა-არარსებობის დილემის სენტიმენტალობასა და სასტიკ ბუნებაზე საუბარია. და ჩვენ, მატერიალურ სამყაროს მიჯაჭვულ ადამიანებს, უკეთ როგორ დაგვანახოს ავტორმა ეს მარადი დილემა, თუ არა იმის თქმით, რომ მილიარდიანი "ჩინეთი არ არსებობს"...
ისე კი, თავად დავით ჩიხლაძის ლექსებში ჩინეთი ნამდვილად არსებობს, ისევე როგორც საქართველო, რუსეთი, ამერიკა... არსებობს თვით სოროსის ფონდი და მას არც მეტი, არც ნაკლები, სონეტი აქვს მიძღვნილი, არსებობს 100 000 ბერი, რომელიც გასასვლელს ეძებს, არსებობს პასპორტის შემმოწმებელი სერბი სამხედრო ოფიცერი ბულგარეთისა და იუგოსლავიის საზღვარზე, არსებობს ძვირფასი დაბნეულობა, ძვირფასი გაურკვევლობა და ძვირფასი ზურა რთველიაშვილი, რომელიც ნიუ-იორკსა და "მერანის" რედაქციას შორის საგამომცემლო პროცესის მოგვარებასა და წარმართვაში ეხმარებოდა თავის მეგობარს და ამისათვის მადლობა უნდა ეთქვას, არსებობენ შავი სანიტრები, რომელთაც ყვითელი ჯვრები აქვთ ზურგზე და რომელთაც არ უნდა გაუღო კარი, არსებობენ ბუდა, კრიშნა, სულების დედა კალი და ბოლო-ბოლო არსებობს მეგობარ მონაზონ გოგონა ნინოსადმი მიძღვნილი სტრიქონები, სადაც არის "ქადაგებაი წმიდისა ილია მეორისა, სრულიად კათალიკოს-პატრიარქისა სიონსა შინა"...

© “წიგნები – 24 საათი”

ქეთი თუთბერიძე - ლექსები

ძილინებისა

ჩემს ჭიქაში მზე ჩადის...
ცხრავე თითით შუშის კედლებს ეჭიდება
და თვალებს ხუჭავს...
ჩემ ჭიქაში მზე ჩადის...
მზე წითელი ფორთოხალია,
რომელიც ჟღალთმიანმა ოფიციანტმა
ისე გულგრილად მომიტანა,
ახლაც არ იცის,
რომ დაისი გამიწურა თვალწინ
და დოლარნახევრად მომყიდა.
ჩემ ჭიქაში მზე ჩადის...
ერთი ჭიქიდან დავაშროთ მზე და
ერთად დავბნელდეთ,
სანამ ვინმე აღმოგვაჩენს,
სანამ შეგვიძულებენ,
სანამ უცხო მოგვაგნებს
იქ,
მარტოობის პლანტაციებში გადამალულებს.
არარსებული მზის დაბნელებას
ერთად ვუყუროთ...
დაგელოდები
მეცხრე სხივის ბოლო წვეთამდე,
(არ დავიძინებ)...
დაგელოდები
სანამ მთლიანად ამ დამლევ მუჭით.
ამ დროს საათი
მეცამეტე წრეზე გადავა
და აირევა...
ჩემ ჭიქაში მზე ჩადის,
მზე წითელი ფორთოხალია,
რომელიც ერთად უნდა გავწუროთ
ყოველ ღამით და
წამლის ნაცვლად დაგალევინო
დაძინების წინ,
რომ ბავშვობიდან გამოყოლილმა
სიბნელის შიშმა
სიზმარში მაინც არ შეგაწუხოს...
ძილინებისა...

მე და მისტერ ანდერსენი

ძველ ჩემოდანში
ჩავალაგე მთელი ბავშვობა, -
ჭრელი ზღაპრები გაყინული კოპენჰაგენის.
სიზმრების ტბაში
დავაძინე ობოლი გოგო,
ბოლო ასანთის ღერებით რომ თითებს ითბობდა .
ჩამოვამწკრივე
ხის ძველ სკივრში ჯარისკაცები,
ერთიც უფეხო,
სევდიანი თვალების მქონე.
სკანდინავიას ზამთრის სუსხი ურწევს იალქნებს,
თოვლის დედოფალს უკან გაჰყვნენ ფანტაზიები.
და გერდას მსგავსად,
დაკარგული ოთხ სამეფოში,
თეთრ სივრცეებში დაგეძებდი
როგორც ზღაპრის გმირს.
ჯადოქრებისგან ვისახსოვრე ოქროს ვაშლები,
ვკოცნე გომბეშოს გაწეპილი, სველი სხეული,
წაბლისთვალება უფლისწულად რომ ქცეულიყო,
მერე ჭაობთან, ლილიებში ჩამოგვეძინა...
და გავექეცი
იმ დიდ ხომალდს "გაზრდა" რომ ჰქვია,
ვერ დავივიწყე
ზამბახისფერ ზღაპრის მინდვრები.
ხორბლის მარცვალზე რახანია სძინავს დედოფალს,
მასაც ჩემსავით ელანდება კოპენჰაგენი.
მოდი,
გავუსწროთ
იმ დიდ ხომალდს "გაზრდა" რომ ჰქვია,
დავიკარგებით,
უსწრაფესად დავიკარგებით...
ცისარტყელების ოაზისში წამოწოლილებს
რას არ გვიამბობს ჯადოქრებზე ჰანს ქრისტიანი...
მოდი,
ერთხელაც დავივიწყოთ მიწიერება,
ბავშვური ცოდვით ჩვენც შევცოდოთ
ბოლო ზღაპარში...

კვიპაროსი

წარმოიდგინე...
დედამიწაზე ერთ-ერთ წერტილში,
რომელიც ალბათ გლობუსზეარ ჩანს,
ცხოვრობს პატარა ზანგი გოგო
ბრმა და ობოლი...
ყოველ ახალ დღეს
ელოდება დედის ჩამოსვლას
ცივი ქვეყნიდან,
სადაც
ცხოვრობენ სხვისი მშობლებიც
და აღარასდროს მობრუნდებიან
ქუსლმოტეხილი ფეხსაცმლებით გამოვლილ გზებზე.
შებინდებისას ხეებშორის გაბმულ ჰამაკში
ჭამს მწარე ფაფას.
რადგან ბებია უკვე მოხუცდა და,
როგორც წესი, არ ახსენდება
შაქრის მოყრა რძიან ფაფაზე.
ღამით არ სძინავს...
უდაბნოების ცხელ სუნთქვას ითვლის...
წარმოიდგინე,
დედამიწის ერთ მკრთალ წერტილში,
ალბათ სამყარო იმ ბრმა გოგოს ცისარტყელაა...
და უხილავი...
დედასაც ხედავს მკრთალ ფერებში
ხვეული თმებით და ხის მძივებით
ატყავებულ ტერფამდე ასხმულს.
ის კვიპაროსს ჰგავს...
ან იქნებ ერთხელ კვიპაროსის ხედ გადაიქცა,
სულისფერ ჩრდილში მშვიდად არწევს
თავის ბრმა გოგოს და ჰამაკის თოკს
წელზე იხვევს სისხლისდენამდე...
მერე რა მოხდა,
თუკი მკერდში რძე გამოუშრა
და უნაყოფო საშვილოსნომ ხმობა დაიწყო...
ჰავის ბრალია...
ან ევროპიდან მოვარდნილი ეპიდემიის...
შოვინისტური ქალაქების სუნი რომ ასდის,
ახალ ქარხნებში ჩამოსხმული ილუზიების...
წარმოიდგინე,
რომ ეს სუნი ჩვენც აგვდის ტანზე,
წარმოიდგინე ის სოფელი,
შორს... აფრიკაში...
წარმომიდგინე...
ის გოგო ვარ, -ბრმა, უსახლკარო...
და უკეთესი ვიდრე ახლა,
ვიდრე შენს გვერდით,
21-ე პალატაში გამოძერწილი...
მეც ავისხამდი კვიპაროსის ხის სამკაულებს
და აღგზნებული ქარიშხლების პულსს დავითვლიდი...
წარმოიდგინე
ის გოგო ვარ, -
ზანგი, ობოლი...
დედაჩემი კი კვიპაროსის ხედ გადაიქცა.
ალბათ,
ვერასდროს მივხვდებოდი,
რომ კოკაინი კაკაოს ტორტზე გაცილებით გემრიელია.
რომ ნიკოტინი რიტუალია ორგაზმის შემდეგ და არა ჩვევა...
ვერ გავიგებდი,
როგორ უყვართ ან ეზიზღებათ
მავთულებივით გადახლართულ ფართო ქუჩებში
ახალ პრიმატებს...
წარმოიდგინე,
ეკვატორის მეორე მხარეს
მე ვიქნებოდი უსინათლო და
უკეთესი...


სილვია

(სილვია პლატს)


ჰაერს თითქოს გაუჭირდა შენით სუნთქვა...
თითქოს ფილტვში გაეჭედე...
ხედავ, გოთურ ნაგებობებს
როგორ ფართოდ გაუღიათ თვალები.
ასე სძინავთ...
არ ისუნთქო,
მზე იხრწნება ტბის ხელებზე დაყრდნობილი.
როგორ ცივა...
ლოლუები დაეკიდა სახლის კედლებს,
ყველა ოთახს,
შენი თმების მოტკბო სუნით რომ გაჟღინთე.
არ იწამო
სარკის ბზარში დანახული სილუეტი.
სუნთქვა გიჭირს...
მზე იხრწნება ნელი კვდომით,
სილვია...
ხედავ, ის ტყე,
ბავშვობიდან რომ გამოგყვა უცხო სიზმრად,
ნაჯახებით გაუჩეხავთ ტყისმცველებს.
გზები ისე იხლართება უსაშველო მანძილებად,
სიარული გაგიჭირდა
და დახეთქილ ფეხისგულებს
დაბადება მოენატრათ.
ჰაერს თითქოს გაუჭირდა შენით სუნთქვა...
თითქოს ყელში გაგეჩხირა სუიციდი.
ისევ ჟონავს სისხლი შენი ფანჯრებიდან...
არ ისუნთქო,
არ ისუნთქო,
არ ისუნთქო აგონია ამ ქალაქის.
მზე გაიხრწნა ნელი კვდომით,
სილვია...

შვილები

იმ თვეში, როცა
მამები მიდიან სამოგზაუროდ
და სპირიტიზმით ერთობიან ანგელოზები,
დედები ყიდიან ყველაზე უმცროს
შავთმიან შვილებს...
ასე სჩვევიათ მათ პლანეტაზე გენეტიკურად.
დაღრღნილ საშოში
დასისხლულ კედლებს არ ახსენდებათ
მოკუნტული უშნო ბავშვები,
რომლებიც გუშინ შავი ფანჯრიდან
თეთრ საპნის ბუშტებს უშვებდნენ ცაში.
მგონი ბუშტები ღრუბლებად იქცნენ
ან ღამის ჰაერს შეერივნენ სისხლჩაქცევებად .
იმ თვეში, როცა
მამები მიდიან სამოგზაუროდ
და სპირიტიზმით ერთობიან ანგელოზები,
დედები ყიდიან ყველაზე უმცროს
შავთმიან შვილებს...
მერე შვილები იზრდებიან
და სხვა შვილების მოკვლას იწყებენ.
ღრძილით წურავენ არტერიებს,
თბილი სიზმრები რომ ამოსწოვონ პირის მოსვრამდე,
არ დაეღვაროთ არცერთი გრამი...
მათ სიზმრის წვეთებს მარმელადის გემო აქვს ალბათ...
გაყიდულ ბავშვებს ხომ არასდროს არ გაუსინჯავთ
ტკბილეულობა...
და ჩასახვისას დედის მხრიდან დაკლებულ რკინას
სხვის დნმ-ში აღმოჩენილ სუნთქვით ივსებენ.
და საპნის ბუშტებს ღრულებისკენ აღარ უშვებენ
ჩამონგრეული სახლის ფანჯრიდან...
იმ თვეში, როცა
მამები მიდიან სამოგზაუროდ
და სპირიტიზმით ერთობიან ანგელოზები,
დედები კლავენ ყველაზე უმცროს
შავთმიან შვილებს...
ასე სჩვევიათ გენეტიკურად…

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“