Wednesday, June 17, 2009

ზაირა არსენიშვილი - "ვა, სოფელო..."

გიორგი ლობჟანიძე


ტანჯვის გრდემლზე გამოკვერილი სიხარული


ზაირა არსენიშვილი. "ვა, სოფელო..." (რომანი) რედაქტორი და გამომცემელი გივი კიკილაშვილი, თბილისი, 2002


"ვა, სოფელო" ზაირა არსენიშვილის მეორე რომანია. აქამდე მას, როგორც სცენარისტს, უფრო ვიცნობდით. ბოლო წლებში კი ძალიან მცირე ინტერვალით გამოაქვეყნა ჯერ "რეკვიემი ბანის სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის" (1997 წ.), ხოლო 2002 წელს "ვა, სოფელო".
დაკვირვებულ მკითხველს მისი რომანიდან იქნებ ზოგჯერ რეზო ინანიშვილის, გოგლა ლეონიძის, ოთარ ჩხეიძისა და გურამ გეგეშიძის სტილური ინტონაციებიც შემოესმას, მაგრამ ეს ფაქტი, ჩემი აზრით, უფრო ქართული პროზის ტრადიციათა ერთგულებით აიხსნება, ვიდრე გავლენით ან მიმბაძველობით. გავლენასა და მიმბაძველობას თავისი ასაკი აქვს; ზაირა არსენიშვილი კი ამ რომანით წარმოგვიდგება, როგორც გამოცდილი ოსტატი, რომელმაც შესანიშნავად იცის თითოეული მხატვრული პლასტის ფასი და რაც მთავარია, ამ მხატვრულ პლასტთა უზუსტესი ადგილი ნაწარმოების ერთიან ქსოვილში.
არ ვიცი, ტექნიკურად, რამდენ ხანში დაიწერა "ვა, სოფელო", მაგრამ იგრძნობა, რომ ეს წიგნი ზაირა არსენიშვილის ცხოვრების რომანია, მთელი სიცოცხლე გულით შენაგრძნობი და გონებაში გამოტარებული; ამიტომაც არის "ვა, სოფელო" ასეთი სრული - საუკეთესო კახური ღვინით სავსე აზარფეშასავით, რომლის ჭურჭელიც მშვენიერია, ტრადიციული ორნამენტებითა და ნაყშებით მოხატული; შინაარსი კი - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, მაცხოვრის სისხლს შედარებული ზიარების ღვინოსავით.
ვისაც ზაირა არსენიშვილის რომანი ჯერ არ წაუკითხავს, შეიძლება ჩემი სიტყვები მკრეხელობად მოეჩვენოს, მაგრამ მე, პირადად, იშვიათად თუ მინახავს ასეთი ქრისტიანული სათნოებით აღსავსე წიგნი, სადაც ქრისტიანობა მყვირალა, ხმამაღალი ლოზუნგებით შერყვნილი მოძღვრება კი არა, ტანჯვითა და სიხარულით, სასოებითა და იმედგაცრუებით განმტკიცებული და დადასტურებული ცხოვრების წესია. ამ ცხოვრების წესის თავისებური ასკეზა კი ვერა ჰგუობს პაიტიკასა და მაღალფარდოვნებას. მისთვის სიტყვის ემოციური და სემანტიკური სიზუსტეა მთავარი და არა ამ სიტყვებით მოგვრილი ფუჭი ნეტარება. ამიტომაც, ოთარაანთ ქვრივის "რას მიქვიან ტკბილი სიტყვა?!" წიგნის დასასრულამდე ხმიანებს "ტექსტის არაცნობიერში" და რომანს მკაფიო სოციალურ ჟღერადობასაც ანიჭებს. თუმცა, ზაირა არსენიშვილის "ვა, სოფელო" დოკუმენტური პროზის ნიმუში არ გახლავთ და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მასში საგულდაგულოდ უარყოფილია ჟურნალისტური ხედვის პრინციპები; იმის მიუხედავად, რომ მწერლის უკიდურესი გულწრფელობის გამო, მკითხველს ზოგჯერ უჭირს ტექსტში სინამდვილისა და ფანტაზიის გაცალკევება და ყველაფერს ერთ დიდ მხატვრულ სიმართლედ აღიქვამს. ამას ხელს უწყობს "ვა, სოფელოს" პერსონაჟთა დიდი ოსტატობით წარმოჩენა. ამ რომანის თითოეული გმირი პლასტელინისაგან გამოძერწილი კი არაა, ისეთი ცოცხალია, რომ გეგონება - შენს ძალიან ახლობელ ადამიანებზე გიყვებიან, რომელთაც ბავშვობიდანვე იცნობ, სიყრმიდანვე მათში ტრიალებ და გგონია, რომ მათი ავკარგისა შენზე უკეთ არავის გაეგება; მაგრამ "ვა, სოფელოს" წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს ნაცნობი და შეჩვეული ადამიანები სრულიად ახალი მოულოდნელი კუთხით დაინახე და მათ შესახებ ისეთი სიმართლე გაიგე, რომელსაც სხვაგან ვერაფრით შეიტყობდი.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ქართულ პროზაში აშკარად იგრძნობა ტენდენცია, რომელსაც მე, პირობითად, "გმირის დეფიციტს", ანდა "პერსონაჟის კრიზისს" დავარქმევდი. რამდენჯერ მომხდარა, მთელი რომანი ისე ჩაგვიკითხავს, რომ ერთი პერსონაჟიც კი არ დაგვმახსოვრებია, იმდენად უსახურნი, არაფრით გამორჩეულნი და ერთმანეთის მსგავსნი ყოფილან ეს პერსონაჟები. "ვა, სოფელოს" გმირები კი, ძალაუნებურად, თავს გამახსოვრებენ. ისეთი რეალურები და ამავე დროს, ისეთი განზოგადებულნი არიან, რომ თუ ერთხელ გაიცანი, მერე ვეღარასოდეს დაივიწყებ.
წეღან ზაირა არსენიშვილის მიერ ჟურნალიზმის პრინციპებზე უარისთქმის შესახებ რომ მოგახსენეთ, ამ უარის თქმაში ენობრივ სიღატაკესთან და სტილისტურ სიმწირესთან მწერლის ხაზგასმულ დაპირისპირებასაც ვგულისხმობდი.
სამწუხაროდ, ბოლო ხანს ბევრი და განსაკუთრებით - ახალგაზრდა მწერლები გამიზნულად ამარტივებენ ენას, აქაოდა, დღევანდელ მკითხველს მისივე ენით უნდა ელაპარაკოო. ზოგი ნაკლებმოკრძალებული კი "გენიალურ სიმარტივეზეც" ჩამოაგდებს ხოლმე მადლიან სიტყვას. ამიტომაც, მწერლობაში "ვერბალურმა ჟურნალიზმმა" იძალა, რომელიც დაცლილია ყოველგვარი შემოქმედებითი მიგნებებისაგან და რომელსაც, კაცმა რომ თქვას, ამაზე მეტი არც მოეთხოვება. ამ ჩვენი მწერლების "გენიალურ სიმარტივეზე" კი აკაკი წერეთელი, ან ვთქვათ, უფრო მოდური - ერნსტ ჰემინგუეი საფლავში ბრუნავენ.
ამ ფონზე ზაირა არსენიშვილის რომანის ენობრივი სიმდიდრე სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ. ეს სიმდიდრე კი გაპრანჭულ მაღალფარდოვნებას კი არ გულისხმობს, ენის სხვადასხვა ფენისა და სხვადასხვა მხატვრული სტილის ზომიერი და გემოვნებიანი შერწყმით მიიღწევა. ზაირა არსენიშვილის სტილისტურ-ვერბალური დიაპაზონი მეტისმეტად ფართოა და მაღალფარდოვნებით დაწყებული, უკიდურესად მდაბიური, მარტივი მეტყველებით დამთავრებული - ყველაფერს მოიცავს, ოღონდ, ყოველი პლასტი თავის ადგილზეა და ამითაა განპირობებული ის სასწაული, რომ მთელი ამხელა ტექსტის მანძილზე ადამიანს ერთი ფრაზაც კი არ ეხამუშება. ამასვე ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი - შეიძლება, მკითხველს "ვა, სოფელოდან" ქართული სიტყვის რამდენიმე აღიარებული ოსტატის ინტონაციებიც შემოესმას-მეთქი. სხვათა შორის, ზემოთ ნახსენებ მწერლებს ისიც აერთიანებს, რომ მათი მხატვრული სტილი ხალხურ მეტყველებას დაეფუძნა. ამიტომაც აღიზიანებდათ ჟურნალისტური (თანაც საბჭოთა ჟურნალისტიკის) მეტყველების ტრადიციებზე გაზრდილ კალმოსნებს გიორგი ლეონიძის მაღალფარდოვნება, ანდა დღესაც აღიზიანებთ ოთარ ჩხეიძის მხატვრული სტილის თავისებურებანი, რომელთაგან რამდენიმე ზაირა არსენიშვილის რომანშიც მეორდება, რამდენადაც ორივე ეს მწერალი, თავისი ნიჭისა და მხატვრული გაქანების შესაბამისად, შემოქმედებითად ითვისებს ხალხურ მეტყველებას.
"ვა, სოფელოში" აშკარად იგრძნობა, რომ ავტორი მთელი ცხოვრება მუშაობდა ხალხურ გამოთქმებზე - საგანგებოდ იწერდა, ინიშნავდა, აღნუსხავდა, რათა მერე შესაბამის მხატვრულ სივრცეში მოექცია და ახალი, უფრო მაღალი ხარისხის სიცოცხლე მიეცა.
სხვათა შორის, წეღან "ვა, სოფელოს" პერსონაჟთა სიცოცხლისუნარიანობაზე რომ მოგახსენებდით, ეს ეფექტი, დიდწილად, ამ პერსონაჟთათვის დამახასიათებელი მეტყველების თავისებურებებითა და მათი საუბრის ყაიდის მხატვრული გრადაციითაც გახლავთ განპირობებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ამ პერსონაჟთა გარეგნული პორტრეტების ხატვისას ზაირა არსენიშვილი გრაფიკოსია, მათი სულიერი სამყაროს გადმოცემისას, უფრო ფერმწერს ჰგავს და ამ შემთხვევაში, აუცილებელი ფერადოვნების მისაღწევად, ამა თუ იმ პერსონაჟის მეტყველების თავისებურებას არცთუ უკანასკნელი როლი აკისრია.
მაგალითად, მთხრობელის ოთხმოცდაათ წელს მიტანებული ბებო თავს გამძლეობით, ასკეტიზმითა და ამ თვისებათა გამო დამსახურებულად მოპოვებული პირდაპირობის უფლებით გვამახსოვრებს. ამიტომაც, თუკი მწერალს უნდა რაიმე მაღალფარდოვანი თქვას, ბებოს, ანდა რამდენიმე მისნაირ "ავკარგიან" პერსონაჟს ათქმევინებს; რადგან იცის, რომ ამ პერსონაჟთა პირიდან ეს მაღალფარდოვნება უხერხულად, უგემოვნოდ ან მით უმეტეს - შემაწუხებლად სულაც არ აღიქმება.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ "ვა, სოფელო" ქალური ხასიათების კონფლიქტზე აგებული რომანია. მამაკაცი პერსონაჟები ნაწარმოებში დატრიალებული ამბების მხოლოდ ფონს ქმნიან, თავად სტატიკურნი არიან და ბიძგს აძლევენ ქალებს, რათა იმოძრაონ, სრულად გამოხატონ თავიანთი შინაგანი სამყარო და საკუთარი სიმართლის დასამკვიდრებლად გაისარჯონ. სწორედ ამ განსჯისას ჩნდება კონფლიქტები და ქალთა ტიპებს შორის განსხვავებაც უფრო მკაფიოდ და ხელშესახებად იკვეთება. აქ არის ბებია ევა - მარადიულ სიყვარულს შეწირული მეოცნებე. აქ არის ბებია რუსუდანი - ქრისტიანული სათნოებისა და გულმოწყალების განსახიერება; ბებია მაკა - თავის დროზე, საყვარელი მამაკაცისაგან უარყოფილი, მაგრამ ამის გამო, იმდენად ამაღლებული და გაფაქიზებული, რომ ცხოვრების ბოლოს მზადაა, იმ თავისი უარმყოფელი კაცის ობლად დარჩენილი შვილობილი შეიფაროს. აქ არის წმინდაო - საროსკიპოს მხიარული მეძავი და ბოლოს და ბოლოს, აქ არის მარო - სისხლსავსე, "ბლომაძუძუებიანი" ქალი - ქმარ-შვილზე "გადაგებული", "ოჯახის მუჭუჭი", რომელიც როცა საშუალება მიეცემა, არც საყვარელთან კოტრიალზე ამბობს უარს.
მიუხედავად პერსონაჟთა შინაგანი სამყაროს ასეთი გრადაციისა, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ყველა ეს პერსონაჟი, არსებითად, ერთი ქალია, ქართველი ქალი, რომელიც სხვადასხვანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციაში თავს სხვადასხვაგვარად, ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებული რაკურსებით წარმოაჩენს. ამ ქალის ცხოვრებაც, სამყაროსთან მიმართებაცა თუ ადამიანური პოზიციაც სიყვარულზეა დამოკიდებული, ამიტომაც რომანის მთავარი პერსონაჟი, ჩემი აზრით, ბებია ევაა - უტრაგიკულესი ქალბატონი, რომელმაც მეორედ გათხოვების მიუხედავად, მთელი სიცოცხლე, შინაგანად, თავის პირველ ქმარსა და სიყრმის სიყვარულს - გიოს უერთგულა. თუმცა თვითონ ამ ქალბატონის ტიპი ქართული ლიტერატურისათვის ახალი არაა. იგი ერთის მხრივ, შეიძლება ითქვას, ახალგაზრდა ოთარაანთ ქვრივია, მეორეს მხრივ კი ნაირა გელაშვილის რომანის "დედის ოთახის" დედას მოგვაგონებს. შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ სამივე ეს ლიტერატურული გმირი, სხვადასხვაგვარი სიყვარულით, გიოზე, გიორგიზე გახლავთ შეყვარებული და როგორც "ოთარაანთ ქვრივის", ასევე "დედის ოთახისა" და "ვა, სოფელოს" გიორგი - ტრაგიკული კაცია ტოლ-სწორებში გამორჩეული და სწორედ ამ რჩეულობის გამო, თავიდანვე დასაღუპავად გამეტებული.
აღნიშნული ტექსტების გიორგებზე შეყვარებული (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით - გიორგების გულშემატკივარი) ქალები, არა ამ ნაწარმოებთა დაწერის თარიღის, არამედ ამ ქალთა ფსიქოლოგიურ-ემოციური ასაკის მიხედვით, შეგვიძლია, პირობითად ასე დავაჯგუფოთ: ბებია ევა (უფრო ზუსტად - ახალგაზრდა ევა) - "დედის ოთახის" დედა და ოთარაანთ ქვრივი. ეს ჩემი პირადი შეხედულება თუ შთაბეჭდილება გახლავთ და ბუნებრივია, ამ დებულების მტკიცებისას კატეგორიული ვერ ვიქნები; სხვამ კი შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად აღიქვას და შეაფასოს. ერთი კია, მე პირადად ისიც არ მგონია შემთხვევითი, რომ სამივე ამ ნაწარმოების ავტორი წარმოშობით კახეთიდანაა; ლიტერატურული ინვარიანტის შემქმნელი მამაკაცია, ხოლო ვარიანტების მთხზველები ქალბატონები ბრძანდებიან. ამის მიზეზი, ჩემი ფიქრით, ის არის, რომ "ანდროგინული" ოთარაანთ ქვრივი, სისრულისათვის, ქალური შტრიხების დამატებას მოითხოვდა, რათა ილია ჭავჭავაძის სიმართლე ახალი დროის შესაფერად გაჟღერებულიყო.
სხვათა შორის, ზაირა არსენიშვილის რომანის ერთი პერსონაჟი ამბობს, "ერთი სიმართლე არ არსებობს და ყველა დროს თავისი სიმართლე მოაქვს". მე უფრო სხვაგვარად მგონია: სიმართლე კი ერთია, მაგრამ ეს სიმართლე სხვადასხვა დროსა და პირობებში სხვადასხვაგვარად ხმიანებს. თუნდაც ამიტომაც ხდება ხოლმე საჭირო კლასიკური მემკვიდრეობის ახალი თვალით გადაკითხვა, რათა ამ მემკვიდრეობამ ყველა დროში შესაბამისი დატვირთვით "იმუშაოს". ამავე მიზანს ისახავს ზაირა არსენიშვილის რომანის სათაური "ვა, სოფელო" და ამ რომანის ცალკეული თავებისათვის ეპიგრაფად წამძღვარებული შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" სხვა სტრიქონები. ეს ეპიგრაფები მკითხველს, ძალაუნებურად, "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟებსაც გაახსენებს და იმაზეც ჩააფიქრებს, მეთორმეტე საუკუნიდან დღემდე რა შეიცვალა ქართველის ბუნებაში.
აღნიშნული ეპიგრაფებიდან, რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიგრაფი, რომელიც წინ უძღვის მთლიან რომანს: "ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან". არსებითად, "ვა, სოფელო" არის წიგნი ურჩი ბრძენკაცების შესახებ, რომელთაც არ შეუძლიათ უკრიტიკოდ მიიღონ არსებული სინამდვილე და არ იღვაწონ ამ სინამდვილის შემოქმედებითი ათვისებისათვის. სწორედ აქედან იღებს სათავეს ის ტრაგიზმიც, რაც ნიშანდობლივია ამ რომანის თითქმის ყველა გმირისა და ასე განსაჯეთ - თვით ისეთი მიწიერი პერსონაჟისათვისაც კი, როგორიც მაროა. მაროც ეურჩება თავის დედამთილს - ევას და თავისი ინტელექტისა თუ სულიერების შესაბამისად, ცდილობს, საკუთარი სიმართლე დაამკვიდროს. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: რა არის ჭეშმარიტება? რას ვეურჩებით და საჭიროა თუ არა ურჩობა? - ამ კითხვაზე ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. თუმცა, მეორეს მხრივ, დიდი ლიტერატურა და მათ შორის ზაირა არსენიშვილის რომანიც ცდილობს, აღნიშნული თემების თავისებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზოს. ამ ორი საწყისის, ანუ ევას - ამაღლებული, ღვთაებრივი ხატისა და მაროს - მიწიერი, ვნებიანი, ხარბი მდედრის თანაარსებობა ქალის არსებაში და მათ შორის მიმდინარე კონფლიქტი კი ქმნის ქალის მდიდარ, წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროს, რომლის სრულყოფილად გამოხატვის ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის და თავიდანვე მარცხისთვის იქნება განწირული; რადგან ყველა დროის შესაბამისად, ამ სამყაროს შტრიხები - ევა ბებიას ზურმუხტის საყურეთა წახნაგებივით - სხვადასხვაგვარად ელვარებენ. თქვენ კი მხოლოდ ის რომ წაგაკითხათ, როგორი ოსტატობით აღწერს ზაირა არსენიშვილი თუნდაც მხოლოდ ევა ბებიას ამ ზურმუხტის საყურეებს, კიდევ ერთხელ ირწმუნებდით სასწაულს, რომელიც ნიჭიერი მწერლის კალამს შეუძლია მოახდინოს.
მე საგანგებოდ რომანის მხატვრულ სივრცეზე ვისაუბრე და არაფერი მითქვამს მის კონკრეტულ დროზე, რომელიც ბოლშევიკურ-კომუნისტური მმართველობის პერიოდსა და ამ პერიოდის რეპრესიებს მოიცავს. რასაკვირველია, ეს კონკრეტიკა მნიშვნელოვანია და ეგებ, სწორედ ესეც იყო ბიძგი, რამაც ზაირა არსენიშვილს "ვა, სოფელო" დააწერინა, მაგრამ გულუბრყვილობა იქნებოდა, რომანის მნიშვნელობა მხოლოდ ბოლშევიკური რეპრესიების თუნდაც ძალზე მაღალმხატვრულ აღწერამდე დაგვეყვანა. პირიქით, ჩემი აზრით, მწერალი სწორედ იმიტომ იმარჯვებს, რომ ბოლშევიკურ რეპრესიებს გოლგოთის მისტერიის მეტაფიზიკურ გაგრძელებად მოიაზრებს და მკაფიოდ გვეუბნება, რომ ეს რეპრესიები ჯერაც არ დასრულებულა, გრძელდება და გრძელდება ყველგან, სადაც კი სუსტისა და დაუცველის უფლება ილახება.
ამ მხრივ, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ზაირა არსენიშვილმა თავისივე გამოგონილი (იქნებ, სულაც რეალური) ბებია რუსუდანის ანდერძი პირნათლად შეასრულა, რადგანაც იცოდა, რომ "ტანჯვის გრდემლზე იკვერება სიხარული".

© “წიგნები – 24 საათი”

Sunday, June 14, 2009

გაზეთში თევზს ახვევენ, წიგნი ბიბლიოთეკაში რჩება


გაზეთში თევზს ახვევენ, წიგნი ბიბლიოთეკაში რჩება


თამარ ბაბუაძე


დედა გუგენჰაიმი ჰყავდა, მამა – სტრაუსი, დღესაც ძალზე ცნობილი სავაჭრო ქსელის Macy’s-ის მფლობელი და ისტორიული გვარის წარმომადგენელი. იყო კიდევ ერთი მიზეზი თავმოწონებისთვის: მის დიდ ბებიას, იდას მეუღლე ისე უყვარდა, რომ გემიდან ნავში არ გადაჯდა და "ტიტანიკზე" ისიდორ სტრაუსთან ერთად დაიღუპა.
მერე დადგა დრო, როდესაც წარსულის და ლეგენდადქცეული წინაპრების გარდა, თავმოსაწონებლად საკუთარი მიღწევებიც ბლომად დაუგროვდა – წარმატებული საგამომცემლო სახლი, "ნობელიანტი" მეგობარი მწერლები და ტკბილი მოგონებები... სტამბიდან...
ეს სახელოვანი კაცია როჯერ სტრაუს უმცროსი – ერთ-ერთი იმ სამი თევზიდან, რომელიც გამომცემლობა FSG-ის ლოგოს ამშვენებს და თან, ალბათ, ყველაზე დამსახურებული "თევზი".
FSG-ი, პირველ რიგში, ბიზნესია თავისი ბუღალტერიით, ხარჯთაღრიცხვებით, გადარიცხვებით, კომერციულად წარმატებული და ჩავარდნილი ნაწარმით. თუმცა, კომპანიაში არავის ავიწყდება, რომ პროდუქციას, რომელსაც აწარმოებენ, წიგნი ჰქვია; რომ წიგნი ძალიან სათუთი ცნებაა და მისი მხოლოდ ნაწარმით სახელდება არაფრით შეიძლება.
ეს დაუწერელი კანონი FSG-ის ახლანდელ ხელმძღვანელობას სისხლში აქვს გამჯდარი, რადგან ასე დაწესდა თავიდანვე. 1945 წელს, როდესაც სტრაუსმა და ჯონ ფარარმა საგამომცემლო სახლის საძირკველი გათხარეს, ის ყველაზე გამძლე მასალით – ცნება "მაღალი კლასის ლიტერატურით" ამოავსეს. ასე რომ, მეტყველ და მრავლისმთქმელ სახელწოდებას – "წიგნს" მათ ხელში არც არასდროს ეწერა პროზაულ და მხოლოდ ფინანსური მოგების მომტან ცნებად – "ნაწარმად" ქცევა.
...მართალია, სულ ერთი წინადადების წინ მაღალ მატერიებზე ვსაუბრობდით, მაგრამ სხვა გზა არ არის, შემდეგი წინადადების დასაწერად, მაინც უნდა ვიხმაროთ ერთი პროზაული ტერმინი – ბიზნესი. 1946 წელს ხომ ჯონ ფარარმა და როჯერ სტრაუსმა სწორედ ბიზნესი დაიწყეს, რომელსაც, ვერაფერს გავაწყობთ და, წიგნებით ვაჭრობა ერქვა.
ფარარმა ომი მოიარა, ომის ინფორმაციათა ოფისში იმსახურა, შინდაბრუნებულმა კი გამომცემლობა Farrar&Rinehart-ზე საბოლოოდ აიყარა გული და ბედად როჯერ სტრაუსს გადაეყარა.
სტრაუსი, როგორც უკვე მოგახსენეთ, იმ გვარს ეკუთვნოდა, საუკუნის დასაწყისიდანვე რომ მაღალ საზოგადოებაში ამინდს ჰქმნის. იმ დროისთვის, როდესაც მისი და ფარარის სურვილები ერთმანეთისას დაემთხვა, როჯერს უკვე გამოვლილი ჰქონდა გაზეთში კურიერად სირბილის, სკოლის დიპლომის გარეშე ჰამილტონის კოლეჯში ჩარიცხვის, მისურის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლის, ომში საზღვაო ფლოტში მოღვაწეობის პერიოდები. მეტიც, ეს დაახლოებით ის დრო იყო, როდესაც როჯერმა დაასკვნა: "რადგანაც გაზეთებში ბოლოს თევზს ახვევენ, წიგნები კი სამუდამოდ ბიბლიოთეკებში რჩება, მე წიგნების გამომცემლობას უნდა მივხედო". ეტყობა, არ იცოდა, ან შესაძლოა, დემოკრატი პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრებს, უბრალოდ, დავიწყებული ჰქონდა, რომ ყველა წიგნი ბიბლიოთეკაში არ ბინავდება, რომ ხშირად წიგნებს კრძალავენ, წვავენ და ხანდახან კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფასაც აყენებენ.
ასეა თუ ისე, სტრაუსი საგამომცემლო საქმეში მოვიდა იმ მიზნით, რომ წიგნებზე განხორციელებული ყველანაირი ძალადობა აღეკვეთა. მას საამისოდ ჰქონდა ფული, კონტაქტები და ენთუზიაზმი.
კომპანიის სტარტი მაინც უღიმღამო გამოდგა. ეტყობა, მრავალი საამაყო მიზეზის მიუხედავად, სტრაუსი ბუნებით არ იყო თავმომწონე კაცი და აღიზიანებდა ყველაფერი მყვირალა. ალბათ, ამიტომაც არ უცდია ველოსიპედის თავიდან გამოგონება, ამის ნაცვლად იმ ეპოქის მოდურ ტალღას – ომის თემატიკას უპრეტენზიოდ აედევნა და პირველი წიგნი, რაც "ფარარი, სტრაუსი და კომპანიის" სახელით დაბეჭდა, იყო ყოველკვირეული სამხედრო ჟურნალის "იანკის" მასალების კრებული.
1947 წელს გამოვიდა კარლო ლევის "ქრისტე ებოლიში შეჩერდა", 1949 წელს ალბერტო მორავიას "რომაელი ქალი", მაგრამ საქმე მაინც არ გამოსწორებულა. რაც არ უნდა ემტკიცებინათ ერთმანეთისთვის როჯერსა და ჯონს, რომ სუ, ჩუმად, წიგნი პროდუქცია არ არისო, ფაქტი ფაქტად რჩებოდა – წიგნები არ იჭმებოდა, არც დოლარებს ისხამდა, ფინანსური კრიზისი კი სულ უფრო მწვავდებოდა და შექმნილ მდგომარეობას არც ხელმძღვანელების ცვლა შველიდა.
ნუ შეახსენებთ FSG-ს, თუ როგორ დაძლია ფინანსური კრიზისი, თანაც, მაინცდამაინც ახლა, როდესაც ის მაღალხარისხიან ლიტერატურასთან ასოცირდება. ნუ შეახსენებთ, რადგან შერცხვება და გაწითლდება. კომპანიას ხომ ვერც მორავიამ უშველა და ვერც ლევიმ. არამედ უშველა ფიზკულტურის სახელმძღვანელომ.
1950 წელს გეილორდ ჰაუზერმა, ფიტნესის პოპულარულმა მაესტრომ "ფარარი, სტრაუსის და კომპანიის" ნიშნით "იყავი ახალგაზრდა, იცოცხლე დიდხანს" გამოაქვეყნა. იმ წელს 300 ათასი წიგნი გაიყიდა და ფარარი და სტრაუსიც მაშინ პირველად ცდუნდნენ და წიგნს ისე შეხედეს, როგორც დოლარების მომტან პროდუქტს. თუმცა, მორიგ ცდუნებას იმავე წელს "ხარისხიანი" ანდრე ჟიდის გამოჩენამ შეუწყო ხელი. მერე სიტუაცია დაბალანსდა და "არაფიზკულტურულმა" წიგნებმაც დაიწყეს მოგების მოტანა: 1950 წელსვე რაბი ფილიპ ბერნშტეინის "რა სწამთ ებრაელებს" ბესტსელერი გახდა – მოგეხსენებათ, თემატიკა ფიგურის დაყენებაზე არანაკლებ აქტუალური იყო.
სხვათა შორის, FSG-ის პროფილის განსაზღვრაზე სტენლი იანგის, ცნობილი მწერლისა და "ნიუ იორკ ტაიმსის" ლიტერატურული კრიტიკოსის რედაქტორობამაც იმოქმედა. სწორედ იანგის გვარიდან დაიწყო ის ურიცხვი ცვილებების პროცესი, რაც კომპანიის სათაურში ფარარისა და სტრაუსის მესამე პარტნიორის ადგილმა გადაიტანა.
50-იანი წლებიდანვე შეიქმნა ის იმიჯი, რითაც კომპანია დღემდე ამაყობს და რაც სტრაუსისა და ფარარის ჯიუტ პრინციპს – კარგი წიგნები ბიბლიოთეკისთვის, ანუ მარადიული სიცოცხლისთვის იწერებაო – უნდა უმადლოდეს. დაისტამბა მარგერიტ იურსენარის "ადრიანის მოგონებები". 1953 წელს კი FSG-იმ გამოსცა ფრანსუა მორიაკის "უბიწოების ნიღაბი". ეს დიდი პატივი იყო გამომცემლებისთვის – ერთი წლით ადრე ხომ მორიაკმა ნობელის ლიტერატურული პრემია მიიღო.
მალევე მოხდა უმნიშვნელოვანესი ცვლილება კომპანიის მენეჯმენტშიც. მესამე ვაკანტური ადგილი ფარარისა და სტრაუსის შემდეგ სამუდამოდ შეივსო – რობერტ ჟირო ერთდროულად გახდა გამომცემლობის მთავარი რედაქტორი და ვიცე-პრეზიდენტი (მაგრამ FSG-ის აბრევიატურით წიგნი 1964 წლამდე არ გამოსულა).
თუმცა, მოსვლაცაა და მოსვლაც. ჟიროს, რომელიც "ქოლამბია რევიუსთვის" ბევრ ცნობილ მწერალს ბეჭდავდა (ამ გამოცემების უმრავლესობას სწორედ ჟიროს შესავალი აქვს დართული, ან ტექსტია ჟიროს რედაქტირებული), FSG-ში 17 ავტორი გადაჰყვა – ტომას ელიოტი, ფლენერი ო`კონორი, ჯონ ბერიმენი, ბერნარდ მალამუდი... ეს იყო საგამომცემლო საქმეში ყველაზე გრანდიოზული "მსვლელობა", რომელიც რედაქტორის ერთი კომპანიიდან მეორეში გადასვლას მოჰყვა.
მშრალ ფაქტებს რომ გადავხედოთ, ჟიროს მოსვლის შემდეგ კომპანიას საქმე "იყო და არა იყო რა-სავით" წაუვიდა: გამუდმებული წინსვლა, მაღალხარისხიანი გამომცემლობის იმიჯის გამყარება, ახალი საგამომცემლო სახლების შესყიდვა, კიდევ მეტი "ნობელიანტი", პულიცერის პრიზისა და ნაციონალური წიგნის ჯილდოს მფლობელი ავტორები: სიუზენ სონტაგი, ტომ ვულფი, ჯომ მაქფი, რობერტ ლოუელი, იოსიფ ბროდსკი, უილიამ გოლდინგი, ნადინ გორდიმერი, კნუტ ჰამსუნი, ჰერმან ჰესე, ხუან რამონ ხიმენესი, ჩესლავ მილოში, სალვატორე კვაზიმოდო, ალექსანდრ სოლჟენიცინი, დერეკ უოლკოტი.
თუმცა, რეალურად ეს ბედნიერი ზღაპარი მრავალი სევდიანი და მწვავე ეპიზოდითაც იყო სავსე: 1974 წელს გარდაიცვალა ჯონ ფარარი, როჯერ სტრაუსი უფრო მთავარი "თევზი" და თავისი პირვანდელი პრინციპების უფრო ჯიუტი დამცველი გახდა. 1970-იან წლებში განრისხებული სტრაუსი "ამერიკელი გამომცემლების ასოციაციიდანაც" კი წამოვიდა იმიტომ, რომ ორგანიზაცია იცავდა კონგლომერატებს და ჩირად არ აგდებდა ავტორებსა და დამოუკიდებელ გამომცემლებს. მართალია, 1994 წელს FSG-ი გერმანულ კომპანია "ვერლაგსგრუპეს" მიჰყიდა, რომელიც "ჰენრი ჰოლტს" და Saint Martin’s Press-საც ფლობს, მაგრამ სტრაუსი კონგლომერატებს და ცნება კომერციას ძველებურად ვერ იტანს. ახლა ეს ლეგენდარული კაცი 80 წელსაა გადაშორებული, მაგრამ მაინც ზიზღით ეჭმუხნება ხოლმე სახე იმის წარმოდგენისას, თუ როგორ შეიძლება, იქცეს ჭეშმარიტი შემოქმედება კომერციული ნაგვის მსხვერპლად.
P.S. მოკლედ, ბოლომდე მეგონა, რომ სტრაუსმა ფიტნესი იმ "გასაწითლებელი" ეპიზოდის შემდეგ სამუდამოდ დაივიწყა და მეც ასე ჭირი იქა, ლხინი აქასავით ვამთავრებდი წერილს, მაგრამ მერე FSG­-ს ახალ გამოცემებს გადავხედე და თვალებს არ დავუჯერე, როდესაც სიუზენ სონტაგის, ჯეიმს მაკმანუსის, პოლ ელის წიგნებს შორის მორიგ ფიტნესს წავაწყდი – ჯინა კოლატას "მაქსიმალურ ფიტნესს", 2003-ში გამოცემულს!.. თუმცა, აგერ უკვე ხუთი წუთი გავიდა, პირველმა შოკმა გამიარა და მივხვდი: რაც არ უნდა მაღალი დონის იყოს გამომცემლობა, ხანდახან მაინც გააპარებს ხოლმე წიგნს, რომელიც, ძალიან მარტივად, დოლარების მომტანი ნაწარმია და სხვა არაფერი. რა ქნან – მძაფრად კომერციულ გარემოში სხვაგვარად ვერც ისეთი პრინციპული და ჯიუტი მოხუცები გაძლებენ, როგორიც როჯერ სტრაუსია. მე კი აღარსდროს მოვტყუვდები. საშვილიშვილოდ შევიმეცნე უკვე, რომ ცოტა სონტაგთან და მის მაღალმატერიულ მსჯელობებთან ერთად, არც ცოტა ფიზკულტურა აწყენს ვინმეს; მით უფრო ამერიკელებს, რომლებიც, სტატისტიკის მიხედვით, თურმე, დღითი დღე სუქდებიან და აღარც ფიტნესი შველით. ვაიმე...

© “წიგნები – 24 საათი”

დაბოლილი ცნობიერების ნაკადი


დათო პაიჭაძე
დაბოლილი ცნობიერების ნაკადი
აკა მორჩილაძე:
"შენი თავგადასავალი"
რომანი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2002


მოსაწევი, პლანი, მარიხუანა - საერთოდ, ნარკოტიკი ფრიად მნიშვნელოვანი რამ გახლავთ აკა მორჩილაძის პერსონაჟებისათვის. მისი ჯერ კიდევ პირველი პერსონაჟი ახალ ნაპუტჩევს სწორედ წამლის საშოვნელად წავიდა მეზობელ აზერბაიჯანში და ყარაბაღში მოგზაურობა კი გამოუვიდა. კი ბატონო, შეგვიძლია გავიაზროთ ეს მცირე რომანი, როგორც გეოპოლიტიკური მეტაფორა და თავისებური რეცეპტი საქართველოსთვის ამ გარემოში გასაძლებად, მაგრამ აკა მორჩილაძეს ნურც იმას დავუკარგავთ, რომ მის პერსონაჟებს უჭირთ დაარღვიონ საზღვრები მოსაწევის, შესაყნოსის თუ გასაკეთებლის გარეშე. ბარემ აქვე დავაზუსტოთ, რომ ეს ეხება თბილისელ და არა ტფილისელ (თუ ტფილელ) პერსონაჟებს. (აკა მორჩილაძესთან დროში დაცილებული ორი ქალაქის რაობაზე იხ. ზაზა შათირიშვილის წერილი ალმანახ "ახალი დროების" მეორე ნომერში).
ყველას ახსოვს, რა ურჩია პუშკინმა გოგოლს "მკვდარი სულების" დასაწერად: აიღე ერთი პერსონაჟი და დანარჩენებს აწვიეო. აკა მორჩილაძის "შენს თავგადასავალშიც" რაღაც მსგავსი ხდება: პროტაგონისტი გაუნელებლად სტუმრობს თუ მოგზაურობს სხვა პერსონაჟებთან, რომლებიც თავად გახლავან მკვდარი სულები – ლიტერატურის, ისტორიისა თუ თანამედროვეობის კარგად ნაცნობი პერსონაჟები. გაუნელებლად იმიტომ, რომ ნარკოტიკის გარეშე ასეთი მოგზაურობა არ გამოდის.
პეტრე ჯაფარიძე ლონდონში კონფლიქტოლოგიას სწავლობს. 25-ე გვერდზე ის ერთი სოხუმელი დოსტის ნაჩუქარ ჰალუცინატორს გადაყლაპავს და შეიქნება ჯორჯ ჯეფერსად, რომელიც წამლის ეფექტის განელებამდე დაფრინავს ბავშვობის, ყმაწვილკაცობისა და მოწიფულობის დროინდელ ზმანებებსა თუ კოშმარებში. ასეთი ფაბულა თითქოს რისკის წინაშე აყენებს მწერალს სიუჟეტის კომპოზიციის აგებისას – აბა, ხილვებსა და წარმოდგენებში როგორ უნდა შეეთანადონ ერთიმეორეს ქცევები, ამბები და მოქმედებები?! მაგრამ რომანის სტრუქტურული კარკასი აქ მთავარი არ არის. იშვიათი კომპოზიციური სიმწყობრის საჩვენებლად აკა მორჩილაძემ ერთი რომანი უკვე დაწერა ("აგვისტოს პასეანსი"), რომლის ღირსება (დავესესხოთ ძველ დიქოტომიას) ჯერ ფორმაა და მერე - შინაარსი. ეს ღირსება ავტორს ისევე გამოაქვს წიგნის სათაურში, როგორც ახლა, "შენი თავგადასავალის" (sic! კუმშვის გარეშე) დასტამბვისას.
რას ნიშნავს "შენი თავგადასავალი"? რასაკვირველია, აკაკი წერეთელს. წიგნი არა გადაშლისთანავე, არამედ გადაუშლელად გეუბნება: იყავ მზად უამრავი ალუზიისა და ასოციაციის, ციტატისა და პარაფრაზის, პაროდიისა და სტილიზაციისათვის.
უმადური და არასწორი საქმე იქნება, დავყვეთ ახლა და ამ რომანის მომავალში წამკითხველს განვუმარტოთ, საიდან მოაქვს აკა მორჩილაძეს ტექსტის საგრძნობი ნაწილი. რატომ უნდა მოუსპო ადამიანს ძველ ნაცნობებთან შეხვედრის სიხარული? მით უმეტეს, ძალიან ბევრ პარალელსა და სხვა სამყაროებიდან გამოხმობილ პერსონაჟებს ვერც მე ჩავწვდი. აკა მორჩილაძის აჩრდილთა სამყაროში თვითეულ მკითხველს თავისი მასპინძელი ელოდება.
კოშმარი, ზმანება და ხილვები ვახსენეთ. არ იფიქროთ, თითქოს მძიმე კითხვა გელით და გზად სასაცილო არაფერი შეგხვდებათ. პერსონაჟის კოშმარი მკითხველისთვის კომედიაა: წარმოიდგინეთ მარქსი, რომელიც დათა თუთაშხიას სინტაქსით ლაპარაკობს; მოლესბოსელო წყვილი, ხანდაზმული ეტელ ვოინიჩი და ჰარიეტ ბიჩერ სტოუ, რომელთაც ბოცვრები მიჰყავთ ჩე გევარას ბომონისთვის შესაწირად და ბოდღო ყვალთავას, ყურუ ქარდავასა და კაზა ჩხეტიას ფრაზებით მეტყველებენ; მელ გიბსონი ასრულებს სოსო პავლიაშვილის უძველეს ჰიტს; ნოე ჟორდანია ლონდონში კონსპირაციულ ბინაზე ცხოვრობს ტრანსსექსუალი კახპების მეზობლად; ლონდონელი ნარკოდილერი ლეგენდარულ ნაცისტ დამნაშავეს, ოტო სკორცენის (იგი ჯეფერს-ჯაფარიძის მოკავშირე შეიძლება გახდეს ერთ ამბავში) გამხმარ თევზს აძლევს და თქვენ ილარიონ შევარდნაძეს ხედავთ, ილიკო ჩიგოგიძესთან მოუბარს: აგი ტარანია, კარგია ღომზე და ადესაზე...
განზრახ არ ვამბობ, რატომ ხვდება წიგნში ჯორჯ ჯეფერსი-პეტრე ჯაფარიძე ამ აჩრდილებს, რა უნდა მათგან, რას მოელის, რისთვის სჭირდება. საამისო მოტივი მთავარ პერსონაჟს ნამდვილად აქვს. მაგრამ ჩვენ რას ვაქნევთ შორეულ თუ უახლოეს, ვირტუალურ თუ ისტორიულ წარსულთან შეხვედრებით გადაძეძგილ ამ ტექსტს?
აკა მორჩილაძისა არ იყოს, მეც "ახალი სამოციანელი" ვარ, ანუ ის, ვინც სამოციან წლებში ან დაიბადა, ან წერა-კითხვა ისწავლა. ჩემი, როგორც იმ ეპოქის ათასობით ბავშვის, მერე მოზარდისა და კაცის ტვინი გამოტენილია სწორედ იმ ტიპებით, ფრაზებით, მოვლენებით, ემოციებით, მიმართებებით და რა ვიცი, კიდევ რით, რასაც ჰალუცინატორით ჭკვიდამ გადამდგარი ჯორჯი თუ პეტრე ცდილობს გაუმკლავდეს. ეს არ არის პერსონაჟის ავტოფსიქოანალიზი. ეს ჩვენი შანსია, საღ ჭკუაზე კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი აქამომდელ გზას და ან გავერთოთ, ან ვიფიქროთ. აკა მორჩილაძის "გმირი" ლონდონშია და მაინც ვერ წაუვიდა იმას, რაც კოტე ყუბანეიშვილმა თქვა საკუთარ სამშობლოზე: "გრუზია მართლა გრუზიაო". ეს "გრუზი", მთელ ამ ბოდვაში ფარფატის მიუხედავად (აჩრდილები წიგნში მსუბუქად დაფრინავენ ხოლმე), ყოველთვის დასთრევს მთავარ პერსონაჟს და ზმანების დასასრულს იქცევა საზარელ ხილვად; ყარიბობა ლამის სიურეალისტურ ჰადესში მთავრდება აპოკალიფსით ერთ ცალკე აღებულ ქალაქ-სახელმწიფოში. ბიბლიის ფინალური აკორდის ამ ბრწყინვალე პაროდიას ("შენი თავგადასავალი", გვ. 204-229), თქვენი ნებაა, რასაც დაუყენებთ გვერდით ქართული მწერლობიდან.
ჰალუცინატორის მიღებამდე რამდენიმე ხნით ადრე პეტრე ჯაფარიძეს ერთი ხორვატი ნაშა წაუვიდა ზაგრებში. გამოფხიზლებულ პეტრეს კი შეიძლება რომანული ურთიერთობა აეწყოს ბრიტანელ შერილთან. მაგრამ ეს ჩვენი, ქართველი მკითხველების, საქმე აღარ არის. ქართველმა პერსონაჟებმა მათ რეალურ თანამემამულეებზე გაცილებით გვიან დაიწყეს საქართველოდან გასვლა. ისინი ჯერ არ დაცლილან საქართველოსგან (თვით "ტერცო მონდოს" გმირებიც კი). ამ პერსონაჟების პირველი მეგზური აკა მორჩილაძეა, რომელმაც ეროვნულ ლიტერატურაში ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქართველები ისევ გაიყვანა დასავლეთში. "შენს თავგადასავალში" ჩვენ ვხედავთ, როგორ იჭრიან თუ ებღაუჭებიან ისინი დედასამშობლოსთან დამაკავშირებელ პლაცენტას.
დაბოლოს, ერთი რამ, რაც უთუოდ დაამშვენებდა ამ რომანს: გამოყენებული ლიტერატურის სია. მაგრამ ეს ერთხელ უკვე გააკეთა გურამ დოჩანაშვილმა "ვატერპოლო(ო)ს" ფინალში. ამიტომ მკითხველებს დამატებითი თავშესაქცევი გვეძლევა: შეგვიძლია ასეთი სია თავად შევადგინოთ. თუნდაც - ზეპირად.

© “წიგნები – 24 საათი”

XXI საუკუნის ახალი ქართველი "განმანათლებლები"


XXI საუკუნის ახალი ქართველი "განმანათლებლები"
ანუ ვინ ჩაჯდება კარცერში
ნანა კობაიძე


გამომცემელ მამუკა ხანთაძეს მის კოლეგებთან განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც ქართველ გამომცემელთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად მუშაობს, უზრდის მათ ძალზე საჭირო კადრებს, გამოსცემს ელექტრონულ წიგნებს და... ოცნებობს 3-4 დღით კარცერში ჯდომაზე. თუმცა, სჯობს, თანმიმდევრობით მივყვეთ მოვლენებს.
ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. ხანთაძეების ოჯახს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა და მამუკაც ბევრს კითხულობდა. როგორც თავად ამბობს, უკვე მაშინ დაინტერესდა, როგორ იქმნებოდა წიგნი, რა გზას გადიოდა მწერლიდან გამომცემლამდე. საბედნიეროდ, იგი პოლიგრაფისტის ოჯახში იზრდებოდა და მთელ ამ პროცესებს უშუალოდ ადევნებდა თვალს. როგორც ჩანს, ყველაფერმა ამან თავისი კვალი დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხანთაძე სპეციალობით მართვის სისტემების ინჟინერია, მას შედეგ, რაც პირველად იგრძნო სტამბის საღებავის სურნელი, ამ საქმიანობას ვეღარ შეელია. თავდაპირველად მეგობრებთან ერთად გამოსცემდა დამოუკიდებელ სტუდენტურ გაზეთს "პლიუს-მინუს უსასრულობა" – ეს იყო 1989-90 წლებში. შემდეგ უფრო სერიოზული იდეები გაჩნდა და 1993 წელს ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა - "აზრი" დააარსა.
პირველი წიგნის გამოცემის იდეა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თინა ხიდაშელმა მიაწოდა და მამუკა ხანთაძემ საკუთარი ხარჯით გამოსცა წიგნი, რომელშიც შევიდა ნატოს, ჰააგის საერთაშორისო სამართლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ევროსაბჭოს წესდებები. დავინტერესდი, არ ეშინოდა, რომ პროექტს არ გაემართლებინა? ეს ხომ მისი, როგორც დამოუკიდებელი გამომცემლის პირველი მცდელობა იყო და წარუმატებლობას შეეძლო საბოლოოდ დაესვა წერტილი მისი შემდგომი საქმიანობისთვის. "საგამომცემლო საქმეში, გარდა დიდი ცოდნის, ბაზრის შესწავლისა და ა.შ. არსებობს ე.წ. მეექვსე გრძნობა. ანუ კარგი გამომცემელი ხანდახან გრძნობს, რა უნდა გამოსცეს" – მიიჩნევს მამუკა ხანთაძე. იმხანად ნატო, ევროსაბჭო და მსგავსი ორგანიზაციები საქართველოში პოპულარულ თემად ითვლებოდა და წიგნი კარგად გაიყიდა. ამას მოჰყვა მამუკას მეგობრის, დათო ტურაშვილის წიგნების გამოცემები. გამომცემლის თქმით, თავის დროზე სწორედ "აზრმა" დაბეჭდა პირველად რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა ავტორი, მათ შორის, რატი ამაღლობელი და ელენე კვანჭილაშვილი. შემდეგ გამოიცა ჯაბა იოსელიანის "მესამე განზომილება," ჯემალ აჯიაშვილის თარგმანები. ასე ნელ-ნელა წავიდა წინ საქმე. თუმცა, მალე ჩვენი რესპოდენტი პროფესიულმა ლიტერატურამ გაიტაცა: "საკმაოდ მიმიწვდებოდა ხელი საგამომცემლო საქმის სასწავლო ლიტერატურაზე. ხშირად დავდიოდი მოსკოვში შეხვედრებსა და სიმპოზიუმებზე, ვხვდებოდი ამ საქმის სპეციალისტებს. შემდეგ ვიყავი ოქსფორდში, სადაც საგამომცემლო საქმე დამოუკიდებლად ისწავლება. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა ანალოგიური რამ საქართველოში გამეკეთებინა." შედეგად 1997 წელს დაარსდა საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი. ამავე პერიოდში მამუკა გამომცემლობა "აზრიდან" წავიდა, რადგან, როგორც თავად თქვა, ორ ფრონტზე ბრძოლა არ სურდა. ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებდა ტრენინგებსა და სემინარებს გამომცემელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ცალკე გაიხსნა კურსები მათთვის, ვინც გამომცემლობებში მუშაობდა. ქართულ ენაზე გამოიცა ლიტერატურა გამომცემელთათვის. ერთი სიტყვით, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. სწორედ ამ პერიოდში მამუკას დაუკავშირდა მისთვის სრულიად უცნობი პიროვნება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ამირან გომართელი და უნივერსიტეტში საგამომცემლო კურსების გახსნა შესთავაზა. დღესდღეობით ეს არის დამოუკიდებელი განყოფილება – დამოუკიდებელი მისაღები გამოცდებით. მომავალ წელს პირველი გამოშვებაც ეყოლებათ – საგამომცემლო საქმის 7 რედაქტორ-მენეჯერი. ეს ცნება სრულიად განსხვავდება რედაქტორის დღეისათვის დამკვიდრებული იმიჯისგან და გულისხმობს წიგნის გამოცემის პროცესის სრულ კონტროლს – ბაზრის კვლევას, ავტორის მოძიებას, ნაწარმოების შეკვეთას, სტამბასთან მოლაპარაკებას, რეკლამას და ა.შ. მამუკა ხანთაძე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ეს ყველაზე საჭირო ხალხია საგამომცემლო ბიზნესში..
საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი ამ საქმით დაინტერესებულთ სიურპრიზს უმზადებს. სულ მალე ამუშავდება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება სრულიად უსასყიდლოდ გაეცნოს საგამომცემლო საქმიანობის საფუძვლებს. "ეს იქნება სპეციალური სასწავლო პროგრამა დამწყებთათვის. მსურველი გაეცნობა მას. იქვე, online რეჟიმში ჩააბარებს ტესტებს და მიიღებს ჩვენს სერთიფიკატს. სამომავლოდ გათვალისწინებულია სპეც-კურსები სპეციალისტებისთვის. შევეცდებით, ისიც უფასო იყოს" – გვითხრა მამუკა ხანთაძემ, თუმცა ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ეს პროექტიც სოროსის ფონდის გრანტს, რომელმაც საშუალება მისცა მათ უფასო პროგრამა დამწყებთათვის განეხორციელებინათ.
ახლა ისევ დავუბრუნდეთ მოვლენათა მსვლელობას და ვისაუბროთ ერთ საინტერესო პროექტზე, რომელსაც ასევე საინტერესო ისტორია აქვს. საუბარია "ლიტერატურაზე თანამედროვე კარცერ-ლუქსისთვის", რომლის პირველი ეტაპი შარშან განხორციელდა. ყველაფერი კი, როგორც საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე, სუფრიდან დაიწყო. მამუკა და მისი თანაკლასელი – პროფესიით ფილოლოგი კახა დავითური ერთმანეთს შემთხვევით ერთ სუფრაზე შეხვდნენ. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, თავიანთ ამბებს მოყვნენ. საუბარში კახამ თავისი სადიპლომო ნაშრომი ახსენა, რომელიც ლექსის დეკლამაციას ეხებოდა. კახას მიაჩნდა, რომ ლექსის სრულყოფილად აღქმისთვის საჭიროა არა მხოლოდ მისი წაკითხვა, არამედ მოსმენაც და იქვე გაჩნდა იდეა – გამომცემელ მამუკა ხანთაძეს და ფილოლოგ კახა დავითურს ელექტრონულ წიგნად გამოეცათ გალაკტიონის ლექსები. თავდაპირველად ნავარაუდევი იყო მხოლოდ ავტორისა და ქართველი მსახიობების მიერ დეკლამირებული გალაკტიონის ლექსების ჩაწერა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ელექტრონულ მატარებელს გაცილებით მეტი ინფორმაციის დატევა შეეძლო. საბოლოო ვერსიაში დისკზე შევიდა გალაკტიონის წერილები, ფოტოარქივი, დოკუმენტური ფილმი მის შესახებ. 2001 წელს საქართველოში გამოვიდა პირველი ელექტრონული ლიტერატურული გამოცემა (მანამდე რამდენიმე ელექტრონული გამოცემა განახორციელა "ტექინფორმმა," ოღონდ ეს იყო საცნობარო ლიტერატურა). ამჟამად კიდევ ორ პროექტზე მუშაობენ – სურთ გამოსცენ ვაჟა-ფშაველა და ქართული ფოლკლორი. ამ გამოცემის რედაქტორებად მიწვეული არიან ვახუშტი კოტეტიშვილი და ანზორ ერქომაიშვილი. სხვათა შორის, "გალაკტიონის" ელექტრონულ ეგზემპლარებს ყველაზე მეტად თურმე უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის ყიდულობდნენ. "მოგეხსენებათ, ნოსტალგია ქართული სენია და როგორც ჩანს, ეს წიგნი უცხოეთში მყოფ ქართველებს მის დაძლევაში ეხმარებაო" – ასე ახსნა ეს ფაქტი გამომცემელმა.
და ბოლოს, დასაწყისში აღვნიშნე, რომ მამუკა ხანთაძე კარცერში ჯდომაზე ოცნებობს. და იცით რატომ? იმიტომ, რომ სულ მალე გურამ დოჩანაშვილის კარცერ-ლუქსი რეალობად იქცევა. მამუკა ხანთაძე და მისი თანამოაზრეები, რომელთა შორის არიან აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, დათო მაღრაძე, მამუკა ხერხეულიძე – წიგნის დარბაზის გახსნას აპირებენ. ეს იქნება თანამედროვე წიგნის მაღაზია თავისი ბიბლიოთეკით, სალონით, სადაც შეგეძლებათ მიირთვათ ჩაი და იკითხოთ თქვენს მიერ შერჩეული ნებისმიერი წიგნი, გაიმართება ლიტერატურული შეხვედრები, პრეზენტაციები და რაც მთავარია, იქნება ნამდვილი კარცერი – კარზე დიდი ბოქლომით, სადაც დაცვის ორი თანამშრომელი, ორი კიმი, უბოდიშოდ შეაბრძანებს და რამდენიმე დღით გამოკეტავს იმას, ვინც რაიმე სისულელეს იტყვის. კარცერის ინტერიერი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ვასილ კეჟერაძეს წარმოედგინა – უამრავი წიგნით, მოხერხებული სავარძლებით, კარგი განათებით – იჯექი და იკითხე რამდენიც გინდა! სხვათა შორის, კარცერში შესვლა ნებაყოფილობითაც იქნება შესაძლებელი. "მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე მაქვს, სიამოვნებით ჩავჯდებოდი ასეთ კარცერში 3-4 დღეს" – გამოგვიტყდა მამუკა. სხვათა შორის, ბატონმა გამომცემელმა არც ის გამორიცხა, რომ შესაძლებელია კარცერ-ლუქსის "კლიენტურა" პირდაპირ ქუჩიდანაც აიყვანონ. "ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუხდებათ ასეთი კარცერები. სხვათა შორის, იმაზე კარგს ვერაფერს იზამენ – 3-4 დღე იქ რომ დასხდნენ და იკითხონ" – ხუმრობს მამუკა ხანთაძე და არცთუ უსაფუძვლოდ. სამომავლოდ მათ მთელი საქართველოს მოფენა სურთ ასეთი კარცერებით. იმიტომ, რომ საქართველოში დღეს ტოტალური გაუნათლებლობა სუფევსო – ასე ახსნა მან ჩანაფიქრი. არ ვიცი, რამდენად მოეწონება XXI საუკუნის "განმანათლებლების" იდეა საქართველოს არამკითხველ საზოგადოებას, თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანთა უფლებების დამცველებს უსაქმოდ დარჩენა კარგა ხანს აღარ მოუწევთ.

© “წიგნები – 24 საათი”

ჰარუკი მურაკამი – პეიზაჟი უთოთი


ტელეფონმა დაახლობით შუაღამისას დარეკა. ძიუნკო ტელევიზორს უყურებდა. კეისუკე თავისთვის კუთხეში მიმჯდარიყო, თავზე ყურსასმენები ჩამოეცვა და თვალდახუჭული უკრავდა ელექტროგიტარაზე - ეტყობა პასაჟებს ამუღამებდა, ისე სწრაფად დარბოდნენ სიმებზე თითები. ზარის ხმა არ გაუგონია. ყურმილი ძიუნკომ აიღო.
- ხომ არ გეძინა? - როგორც ყოველთვის ჩურჩულით იკითხა მიაკემ.
- არა, ჯერ არ დავწოლილვართ, - უპასუხა ძიუნკომ.
- ეხლა სანაპიროზე ვარ. მორებითაა სავსე აქაურობა. კარგი რამე გამოვა. მოხვალ?
- მოვალ. გადავიცვამ და ათ წუთში მანდ ვიქნები.
ძიუნკომ კოლგოტკები და გახეხილი ჯინსები ჩაიცვა, მაღალყელიანი სვიტრი. პალტოს ჯიბეში სიგარეტი, საფულე, ასანთი და ბრელოკი ჩაიდო. მერე კეისუკეს ფეხი წაჰკრა ზურგში. კეისუკე შეკრთა და სასწრაფოდ მოიხსნა ყურსასმენები.
- სანაპიროზე მივდივარ, კოცონს დავანთებთ.
- ისევ იმ მიაკესთან, არა? - მოიღუშა კეისუკე. - მაგარი ხუმრობაა. გარეთ თებერვალია, შუაღამე. ეს კი სანაპიროო... კოცონიო...
- არ გაძალებ, მარტოც მშვენივრად წავალ.
კეისუკემ ამოიოხრა:
- კარგი, წამოვალ. მოიცა, უცებ მოვემზადები.
გამაძლიერებელი გამორთო, პიჟამაზე შარვალი ამოიცვა, სვიტრი გადაიცვა და ბოლომდე შეიკრა ქურთუკის ელვა. ძიუნკომ შარფი შემოიხვია, თავზე შალის Qქუდი დაიკოსა.
- ნეტა რა ნახე მაგ კოცონებში? მაინც რა არის საინტერესო? - ბუტბუტებდა კეისუკე სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე. ყინავდა, მაგრამ უქარო ღამე იყო. ამოისუნთქებ და სიტყვები პირს გამოსცდება თუ არა, იქვე იყინება.
- “პერლ ჯემში” რაღაა საინტერესო? კაკაფონიაა და მეტი არაფერი, - უპასუხა ძიუნკომ.
- “პერლ ჯემს” ათ მილიონამდე თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში...
- კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე.
- რაც მართალია, მართალია, - დაეთანხმა კეისუკე.
- ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან.
- ეგეც სიმართლეა.
კეისუკემ ჯიბიდან მარჯვენა ამოიღო და ძიუნკოს მოხვია.
- მაგრამ იცი რას გეტყვი ძიუნკო?.. სულ არ მაინტერესებს რა იყო ხუთასი საუკუნის წინათ და რა იქნება კიდევ ხუთასის შემდეგ. სულ არ მაინტერესებს! მთავარი ის არის, რაც ახლაა. იცის კი ვინმემ რამდენი დარჩა ქვეყნის აღსასრულამდე? შენ გგონია ფიქრობს ვინმე მომავალზე? კუჭი უნდა გქონდეს ამოვსებული და გიდგებოდეს. რა, არა?
კიბით მოლოზე ავიდნენ და იქ, როგორც ყოველთვის, მიაკეს ფიგურა დაინახეს. მიაკეს ერთად შეეგროვებინა ნაპირზე გამორიყული ნაირ-ნაირი ფორმის კუნძები და ფრთხილად ალაგებდა ერთ ადგილას. გამორიყულ ხეებს შორის ერთი მოზრდილი მორიც იყო. აქამდე მოთრევა ეტყობა არც ისე იოლი უნდა ყოფილიყო.
მთვარის შუქზე სანაპირო ზოლი ალესილ სამართებლის პირს ჰგავდა. ზამთრის ტალღები საოცრად ჩუმად ლოკავდნენ ქვიშას. ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ იყო.
- რას იტყვით, ბევრია? - თეთრი ორთქლის ღრუბლად ამოისუნთქა მიაკემ.
- აჰა! - წამოიძახა ძიუნკომ.
- ჰო, დროდადრო გროვდება ხოლმე. ამ რამდენიმე დღის წინ ძლიერი შტორმი იყო. ეგ არის, თოლიებს უნდა მიუგდო ყური: “დღეს აუარებელ ხე-ტყეს გამორიყავს”.
- გეყოფათ ბაქი-ბუქი, ცოტათი გავთბეთ, თორემ ამ ყიამეთში მთელი ჩემი მეურნეობა წამეყინა, - ხელების ფშვნეტით თქვა კეისუკემ.
- თუ შეიძლება, ნუ გვაჩქარებ. ამ საქმეში მთავარი წესრიგია. ჯერ ყველაფერი უნდა იანგარიშო, შეამოწმო, რამე ხომ არ გამოგრჩა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აუჩქარებლად დაანთო. ფაცი-ფუცით არაფერი არ გამოვა. აჩქარდები და ყველაფერს გააფუჭებ.
- აჰა, ნუ ფაცი-ფუცობ კლიენტის ქვეშ.
- ეგეთი ხუმრობები ჯერ ადრეა შენთვის, - თავი გადააქნია მიაკემ.
სქელი მორითა და რამდენიმე მოზრდილი ნაფოტით მიაკემ ოსტატურად აღმართა რაღაც ავანგარდული სკულპტურის მსგავსი. მერე რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, ყურადღებით შეათვალიერა კონსტრუქცია, რაღაც შეასწორა, ისევ უკან წავიდა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მორებს. და როგორც ყოველთვის, ეს რამდენჯერმე გაიმეორა. უყურებდა დალაგებულ შეშას და თვალნათლივ ხედავდა როგორ აბრიალდებოდა კოცონი - სკულპტორივით, ხელუხლებელ ქვაში რომ ხედავს სხვისთვის ჯერ კიდევ არარსებულ ფიგურას.
“აი ეს უკვე სხვა საქმეა”, ჩაილაპარაკა მიაკემ, როცა მორები ისე დალაგდნენ, როგორც ჩაფიქრებული იყო. მერე საამისოდ შემონახული გაზეთი დაახვია, სულ ძირში შეაცურა და ჩვეულებრივი პლასტმასის სანთებელათი მოუკიდა. ძიუნკომ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, პირში გაიჩარა და ასანთს გაჰკრა. თვალებმოჭუტული შეაცქერდა მიაკეს ზურგსა და სიმელოტეშეპარულ კეფას. ეს ყველაზე დაძაბული წუთი იყო - მოეკიდება თუ არა? და როგორ აბრიალდება...
ორნი ჩუმად შესცქეროდნენ მორების გორას. ცეცხლი მოედო გაზეთს, ერთხანს ალში გაუჩინარდა, მაგრამ სულ მალე ერთიანად გაშავდა და ჩაქრა. ეს იყო და ეს. “არაფერი გამოვიდა”, - გაიფიქრა ძიუნკომ, - ეტყობა ძალიან ნესტიანი მორებია.” ის იყო, სულ გადაეწურა იმედი, რომ ამ დროს ცეცხლის ნაღდი ნიშანი - თეთრი კვამლის წვრილი ძარღვი აიკლაკნა ზევით. ქარი არ ქროდა და ბოლიც აი ასე გაწვრილებული წავიდა მაღლა-მაღლა. სადღაც ნამდვილად დაინთო, მაგრამ სად, ჯერჯერობით არ ჩანდა.
ყველანი ხმაგაკმენდილები იდგნენ. ჯიბეში ხელებჩაწყობილი კეისუკეც კი ჩუმად იყო. მიაკე ჩაცუცქდა, ძიუნკომ გულხელი დაიკრიფა და მხოლოდ დროდადრო არტყამდა ნაფაზს.
ასეთ დროს ძიუნკო ყოველთვის ჯეკ ლონდონის “კოცონზე” ფიქრობდა. მოთხრობაზე, რომელშიც კაცი სადღაც შუა ალიასკაში ცდილობს კოცონის დანთებას. ვერ დაანთებს და გაიყინება. მზე კი ჰორიზონტისკენ ეშვება. საერთოდ ძიუნკო ცოტას კითხულობდა, მაგრამ ეს წიგნი, რომელიც არდადეგებზე წასაკითხად მისცეს, რამდენჯერმე გადაიკითხა. მთელი სცენა ცოცხლად, ძალიან ბუნებრივად ედგა თვალწინ. გულისცემას, შიშს, იმედსა და სასოწარკვეთას სიკვდილის პირად მყოფ ადამიანისას, ისე გრძნობდა, თითქოს ეს ყველაფერი მის თავზე ხდებოდა. მაგრამ ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კაცი თვითონვე ეძებდა სიკვდილს. ძიუნკომ ეს იცოდა. მიზეზის ახსნა არ შეეძლო, მაგრამ იმთავითვე გრძნობდა ამას. მგზავრი მართლა ეძებდა სიკვდილს. იცოდა, რომ ეს მისთვის ყველაზე შესაფერისი დასასრული იქნებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთელი ძალით იბრძოდა. თავის გადასარჩენად თავისზე ძლიერ მეტოქისთვის უნდა ეჯობნა. ძიუნკო სწორედ ამ პრინციპულმა, ერთი შეხედვით აბსურდულმა წინააღმდეგობამ შესძრა სადღაც შუა მოთხრობაში.
მასწავლებელმა სასაცილოდ აიგდო მისი ეს მოსაზრება. გაკვირვებულმა ჰკითხა: “მაინც რა შავ ქვად ეძებს მოთხრობის გმირი სიკვდილს? ეს რაღაც ახალია, თან ერთობ ორიგინალური”. ნაწყვეტი ძიუნკოს ნაწერიდან ყველას გასაგონად წაიკითხა. კლასში სიცილი ატყდა.
მაგრამ ძიუნკო დარწმუნებული იყო - ყველა ცდებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ რატომ ჰქონდა მოთხრობას ასეთი წყნარი და ლამაზი ფინალი?
- მგონი ჩაქრა, არა? - მორიდებით იკითხა კეისუკემ.
- ყველაფერი რიგზეა, არ ჩამქრალა. ძალას იკრებს, სულ მალე აბრიალდება. ხომ ბოლავს ისევ? როგორც იტყვიან ხოლმე: “კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს”.
- ისევე, როგორც სისხლის გარეშე არ აგიდგება.
- შენ რა, სხვა არფერი გიტრიალებს თავში? - გაუკვირდა მიაკეს.
- თქვენ მართლა ფიქრობთ რომ ცეცხლი არ ჩამქრალა?
- მართლა. სულ ცოტაც და აალდება.
- საინტერესოა, სად დააგროვეთ ამდენი სიბრძნე?
- რა სიბრძნე. პატარაობაში ბოისკაუტი რომ ვიყავი, მაშინ ვისწავლე. რას რას და კოცონის დანთებას, გინდა არ გინდა მაინც გასწავლიან.
- ოჰო! - წამოიძახა კეისუკემ, - გამოდის ბოისკაუტიც ყოფილხართ?
- მარტო მაგიტომ არა, რა თქმა უნდა. ეტყობა, რაღაც ნიჭიც მაქვს. იმის თქმა მინდა, რომ კოცონს ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთ ვანთებ.
- საინტერესო უნარია, თუმცა ფულს მაგ ხელობით ვერ იშოვნი.
- რაც მართალია, მართალია, ფულს ვერ იშოვნი, - გაეღიმა მიაკეს.
და როგორც იწინასწარმეტყველა, მალე სიღრმეში ალი გამოჩნდა. შეშა ატკაცუნდა. ძიუნკომ შვებით ამოისუნთქა. ახლა სანერვიულო მართლა აღარაფერი იყო. კოცონი დაინთო. კიდევ ცოტაც და სამივენი გათოშილ ხელებს მიუშვერენ. ჯერჯერობით არაფრის გაკეთება აღარ არის საჭირო, უნდა იდგნენ და უყურონ როგორ იკრებს ცეცხლი ძალას. “ხუთასი საუკუნის წინათ ადამიანები ალბათ ზუსტად ასე ითბობდნენ ხელებს კოცონთან”, - გაიფიქრა ძიუნკომ.
- თქვენ მგონი თქვით, რომ წარმოშობით კობედან ხართ? - თითქოს უცებ გაახსენდაო, იკითხა კეისუკემ. - თქვენიანებიდან არავინ დაშავებულა?
- არც კი ვიცი. დიდი ხანია ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი მაქვს.
- დიდი ხანია თუ ცოტა, აქცენტი მაინც არ შეგსუსტებიათ.
- მართლა? თვითონ როგორღაც ვერც კი ვგრძნობ.
- თუ ეს კანსაური აქცენტი არ არის, მაშინ რომელ დიალექტზე უნდა ვლაპარაკობდეო, არა?
- რაც არ შეგიძლია, ხელი არც უნდა მოკიდო. ამ შემთხვევაში ეს სწორედ მაგ დიალექტს ეხება. ეგღა აკლია კანსაურს, რომ იბარაკელებმა დაამახინჯონ. თქვენ გაცილებით უკეთ დროშებით მოტოციკლეტებზე ჭენება გამოგდით (საუბარია ეგრეთ წოდებულ ”ბოსოძოკუზე”, დაჯგუფების წევრებზე, რომლებიც საცობებს აწყობენ გზებზე, მოტოციკლებითა და მოპედებით დაჰქრიან დროშებით ხელში. მთარმგნ.)... მოსავალს რომ აიღებთ ხოლმე.
- ესეც ჩვენი ჩუმჩუმელა მიაკე, პასუხისთვის ჯიბეში არ დაიწყებს ქექვას. კარგი არ არის ასეთ უბრალო რამეზე ჩრდილოეთ კანტოს გულუბრყვილო პიპლების დაჩაგვრა (კანსაი იაპონიის სიდიდით მეორე რაიონია. ამ რაიონში შედის ქალაქები კობე, Oოსაკა, კიოტო. ჩრდილოეთ კანტო ტოკიოდან ჩრდილოეთითაა და რამდენიმე პრეფექტურისგან შედგება. ერთი მათგანია იბარაკი. მთარგმნ.), - თქვა კეისუკემ. - ისე კი, ხუმრობის გარეშე, იქ ყველაფერი რიგზეა? ვიღაც ნამდვილად გადარჩებოდა. თქვენ რა, ახალ ამბებს არ უყურებთ?
- კარგი, გვეყოფა ამაზე, - შეაწყვეტინა მიაკემ. - დალევ ვისკის?
- უარს არ ვიტყოდი.
- შენ, ძიუნ-ტიან?
- სულ ცოტას.
მიაკემ ტყავის ქურთუკის ჯიბიდან ლითონის თხელი მათარა ამოიღო და კეისუკეს მიაწოდა. იმან სახურავი მოხსნა და ისე გადაჰკრა ერთი ყლუპი, ტუჩები არ მიუკარებია.
- მშვენიერია! - სული რომ მოითქვა დააყოლა. - ნაღდი ”სინგლ მოლტია”, ოცდაერთი წლის დაძველების. მუხის კასრი. შოტლანდიის სანაპიროს ტალღების შხუილი და ანგელოზების სუნთქვა ისმის.
- ნუ სულელობ. ჩვეულებრივი “სანტორია”, კვადრატული ბოთლიდან.
ძიუნკომ კეისუკეს მათარა გამოართვა, თავსახურში დაისხა, მერე კი თითქოს წრუპავსო, რადენჯერმე სულ ცოტა მოსვა. ოდნავ დაიჭყანა. იგრძნო როგორ ჩაიღვარა თბილი სითხე ყელიდან კუჭში. სხეულს სითბომ დაუარა. მიაკემაც დალია, მერე მათარა ისევ კეისუკეს გადააწოდა, იმანაც ბევრი არ ახვეწნინა. სანამ მათარა ხელიდან ხელში გადადიოდა, ცეცხლმა იძალა და ნამდვილ კოცონს დაემსგავსა. მაგრამ არც ისე აბურბურებულა, ნელ-ნელა, თანდათანობით, ზუსტად ისე, როგორც მიაკე ვარაუდობდა. ამაში იყო მთელი მისი მომხიბლაობა. ალი რბილად, რაღაცნაირად ნაზად ძლიერდებოდა. ფრთხილად, აუჩქარებლად ელამუნებოდა მორებს. ეს იყო ადამიანების სულების გასათბობად მოწოდებული ალი.
კოცონის წინ ძიუნკო არასდროს არ იღებდა ხმას. მხოლოდ დროდადრო იცვლიდა პოზას და მეტი აღარ ინძრეოდა. ეს ალი დაუყვედრებლად იღებდა სხვადასხვა საგნებს, თავის წიაღში მიჰქონდა, თითქოს პატიობდა კიდეც რაღაცას. “სწორედ ისე, როგორც ნამდვილ ოჯახში უნდა იყოს”, - ფიქრობდა ძიუნკო.


ძიუნკო იბარაკის პრეფექტურის ამ პატარა ქალაქში მაისში, გამოსაშვები კლასის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა. მამის საბანკო ანგარიშიდან სამასი ათასი იენი გამოიტანა, “ბოსტონის” ჩანთა ტანისამოსით გატენა და შინიდან წავიდა. თავის მშობლიურ ქალაქ ტოკოროძავას სადგურიდან გაემგზავრა, რამდენიმე მატარებელი გამოიცვალა და იბარაკაში, ზღვისპირა პატარა ქალაქში აღმოჩნდა. ამ ქალაქზე არაფერი არ იცოდა, არც კი გაეგონა. უძრავი ქონების პირველივე შემხვედრ სააგენტოში ერთოთახიანი ბინა დაიქირავა და უკვე შემდეგ კვირიდან მუშაობა დაიწყო ხალხლმრავალ გზატკეცილისპირა სადღეღამისო მაღაზიაში. დედას კი მისწერა: “არ ინერვიულო, ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი. ნუღარ მომძებნი.”
აღარც სკოლაში სიარული უნდოდა და აღარც მამის დანახვა. პატარაობაში კარგი ურთიერთობა ჰქონდა. უქმეებზე ხშირად მოგზაურობდნენ. მის გვერდით ძალასა და სიამაყეს გრძნობდა. მაგრამ როცა დაწყებითი სკოლის ბოლო კლასში თვიურები დაეწყო, ბოქვენზე თმა ამოუვიდა და მკერდიც დაუმრგვალდა, მამამ რაღაც უცნაურად დაუწყო ყურება. თხუთმეტი წლისას კი, როცა ას სამოცდაათ სანტომეტრს ასცდა, მამა საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას.
სწავლაში წარმატებებით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა. საშუალო სკოლაში რომ გადადიოდა, კლასში საუკეთესო იყო. წლის ბოლოს კი სიის ბოლოში დაეშვა. მესამე საფეხურის სკოლაში ძლივძლივობით მოეწყო. თავი ძველებურად რიგზე ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად გაფანტული იყო. ვერც ერთ საქმეს ბოლომდე ვერ აბამდა თავს.
შეეცდებოდა თუ არა მორეოდა თავს, მაშინვე თავი ასტკივდებოდა, სუნთქვა გაუხშირდებოდა, პულსი აერეოდა. სკოლაში სწავლა გაუთავებელ წამებად ექცა.
ახალ ქალაქს ხეირიანად არც კი იყო შეჩვეული, როცა კეისუკე გაიცნო. ბიჭი ორი წლით უფროსი იყო, საუკეთესო სერფერის სახელი ჰქონდა დაგდებული. მაღალი იყო, თმას წაბლისფრად იღებავდა და სიცილის დროს კოხტად ჩარიგებული კბილებით იწონებდა თავს. ეს ქალაქი თავისი განსაკუთრებული ტალღებით იყო განთქმული, ჰოდა ისიც დარჩა აქ საცხოვრებლად, ძმაკაცებთან ერთად უკრავდა როკ-ჯგუფში. მეორეხარიხოვან ინსტიტუტში მოეწყო, მაგრამ ლექციებზე არ დადიოდა და დიპლომსაც როგორღაც საეჭვო პირი უჩანდა. კეისუკეს მშობლებს მიტოში, პრეფექტურის ცენტრში, ტკბილეულის ცნობილი მაღაზია ჰქონდათ. ბოლო-ბოლო ეს საქმე მემკვიდრეობით კი დარჩებოდა, მაგრამ საკონდიტროს მეპატრონედ გახდომა მაინცდამაინც არ უნდოდა. ძმაკაცებთან ერთად სატვირთო “დაცუნით” აქეთ-იქით გრიალი, ტალღის თავზე მოქცევა და მოყვარულთა ჯგუფში გიტარაზე დაკვრა უფრო მოსწონდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ასე ცხოვრება უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა.
ძიუნკო მიაკეს მას შემდეგ დაუმეგობრდა, როცა კეისუკესთან დაიწყო ცხოვრება. მიაკე ორმოცდახუთი წლის თხელ-თხელი, სათვალიანი მამაკაცი იყო. მოგრძო სახე ჰქონდა, მოკლე თმა, ხშირი წვერი, საღამოთი თმა მუქ ჩრდილად ამოეჯაგრებოდა ხოლმე სახეზე. შარვალზე გადმოშვებული ხალათითა და თეთრი, გაცვეთილი კედებით დადიოდა. ზამთრობით ზემოდან დაჭმუჭნილ ტყავის ქურთუკს იცვამდა, ზოგჯერ ბეისბოლის კეპს ჩამოიფხატებდა ხოლმე. ძიუნკოს სხვა ტანისამოსში არ ენახა, მაგრამ ის, რაც ეცვა, ყოველთვის გულდაგულ იყო გარეცხილი.
ზღვისპირა პატარა ქალაქ კასიმაში კანსაურ დიალექტზე მოლაპარაკე სხვა ადამიანი არ აღმოჩნდა და მიაკე უნებურად იქცევდა ყურადღებას. ძიუნკოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გოგონამ თქვა, რომ ეს კაცი სადღაც აქ ახლოს ცხოვრობს და სურათებს ხატავსო. “არა, სულაც არ არის ცნობილი, მისი ნახატებიც არავის არ უნახავს, მაგრამ ცხოვრობს როგორც ყველა, ესე იგი, რაღაცას აკეთებს, ხანდახან ტოკიოში მიემგზავრება საღებავებისა და ფუნჯებისათვის და იმავ საღამოთივე ბრუნდება. რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობს? ხუთი? სანაპიროზე ხშირად ანთებს კოცონს. როგორც ჩანს, მოწონს ეს საქმე. თვალებზე ეტყობა როგორი გატაცებულიც არის. ჩუმია, ცოტა უცნაური, მაგრამ ცუდი ადამიანი არ უნდა იყოს.
მიაკე დღეში სამჯერ შეივლიდა ხოლმე მაღაზიაში. დილით პურს, რძესა და გაზეთს ყიდულობდა, შუადღისას - ბენტოს (სხვადასხვა წვრილ-წვრილი კერძებისა და ბრინჯისგან შედგენილი კომპლექსური კერძი), საღამოთი კი - ცივ ლუდსა და რამე მისატანებელს. ასე მეორდებოდა ყოველდღე. ერთსა და იმავე დროს - დილით, შუადღისას და საღამოს. მიესალმებოდა და ათასში ერთხელ თითო-ოროლა სიტყვას თუ ამოღერღავდა. ძიუნკოს როგორღაც ბუნებრივად გაუჩნდა სიმპათია.
და აი, ერთ დილით, როცა მაღაზიაში არავინ იყო, ძიუნკომ გაბედა და ჰკითხა:
- გასაგებია, რომ სადღაც ახლოს ცხოვრობთ, მაგრამ ამგვარ საყიდლებზე რატომ დადიხართ ყოველდღე? უფრო იოლი არ არის იყიდოთ რძის ან ლუდის რაღაც მარაგი და მაცივარში შეინახოთ? ასე უფრო მოსახერხებელი არ იქნება? მე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი გამყიდველი ვარ და ჩემთვის მართალი გითხრათ, სულ ერთია...
- სრული სიმართლეა, რა თქმა უნდა, წინასწარ ყიდვა ჯობს, მაგრამ არის მიზეზები რომელთა გამოც ასე არ ვიქცევი.
- საინტერესოა, რატომ?
- როგორ გითხრათ... ისეთი წვრილმანია...
- მაპატიეთ, ალბათ თავს გაბეზრებთ ჩემი შეკითხვებით. ისეთს ნურაფერს იფიქრებთ. უბრალოდ, როცა რამე არ ვიცი, თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვიკითხო. ეს სიბოროტით ნამდვილად არ მომდის.
მიაკემ ერთხანს შეიცადა, მერე თავი გადააქნა - რაღაცნაირად დაბნეულმა.
- მე, სიმართლე თუ გინდათ, მაცივარი არცა მაქვს. არ მიყვარს მაცივრები.
- არც მე მახატია მაინცდამაინც გულზე, - გაიცინა ძიუნკომ, - მაგრამ ერთი მაინც მაქვს. უმაცივროდ როგორღაც ძნელია.
- იქნებ ძნელიც არის, მაგრამ რას იზამ - მშვიდად ვერ ვიძინებ იქ, სადაც აი ეს მაცივრები დგას.
რა უცნაურია, გაიფიქრა ძიუნკომ, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ მიაკეთი უფრო მეტად დაინტერესდა.


რამდენიმე დღის შემდეგ სანაპიროზე სეირნობისას ძიუნკომ დაინახა როგორ ანთებდა მარტო მიაკე კოცონს. კოცონი ერთიციცქნა იყო. ძიუნკომ თავი ვერ შეიკავა, მიუახლოვდა და ხელები მიუშვირა ცეცხლს. გვერდით რომ ედგა, გოგონა მიხვდა, რომ ხუთიოდე სანტიმეტრით მაღალი იყო. მიესალმა, მერე კი ჩუმად შესცქეროდა ცეცხლს.
და სწორედ მაშინ მოხდა პირველად: საკმარისი იყო ჩაშტერებოდა ცეცხლის ენებს, რომ მაშინვე რაღაც იგრძნო. რაღაც ძალიან ღრმა. შედედებული განწყობის მაგვარი. რაღაც მეტისმეტად ცოცხალი და რეალური წონით, რომ ამისთვის იდეა დაგერქმია. და აი ამ რაღაცამ მთელ სხეულში დაუარა, გამსჭვალა და გაქრა, მკერდში კი სულის მათრობელა გრძნობა დაუტოვა. ხოლო როცა გაქრა, ცეცხლისკენ გაშვერილ ხელებზე კარგა ხანს გრძნობდა ბუსუსებდაყრილ კანს.
- მიაკე-სან, თქვენ როცა კოცონს უყურებთ, უცნაური არაფერი გეჩვენებათ?
- რას გულისხმობ?
- იმას, რასაც ვერ ვგრძნობთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, უცებ ცოცხალ რეალობად აღვიქვამთ. როგორ ვთქვა... ალბათ ჭკუა არ მყოფნის და სიტყვებით არ შემიძლია ამის გამოხატვა. მაგრამ ვუყურებ ცეცხლს და რატომღაც ვმშვიდდები.
მიაკე ჩაფიქრდა.
- ცეცხლს თავისუფალი ფორმა აქვს. და რადგან ასეა, თითოეული ადამიანი თვითონ ირჩევს გულით რისი დანახვაც უნდა. შენ მშვიდდები, ესე იგი, სიმშვიდე, რომელიც შენში ბუდობს, ბუნებრივად ირეკლება ცეცხლში. ხვდები, რისი თქმა მინდა?
- აჰა.
- მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე ემართება ყველანაირ ცეცხლს. საამისოდ ცეცხლი თავისუფალი უნდა იყოს. გაზის გამათმობელში ეს არასდროს არ მოხდება. არც სანთებელაში. ისევე როგორც არც ნებისმიერ კოცონში. ცეცხლი რომ თავისუფალი იყოს, ისეთი ადგილი უნდა შეარჩიო, სადაც მას თავისუფლად ყოფნა შეეძლება. ეს კი ყველას არ შეუძლია.
- მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ?
- ხან - ჰო, ხან - არა. მაგრამ უფრო ხშირად ვახერხებ. თუ სულს ჩაატან, მაშინ გამოდის.
- ასე გიყვართ კოცონი?
მიაკემ თავი დაუქნია:
- რაღაც ავადმყოფობასავით არის. ისე გამოდის, თითქოს ამ პატარა ქალაქში იმიტომ დავსახლდი, რომ ამ სანაპიროზე სხვებთან შედარებით მეტი მორები გამოაქვს. ეტყობა, ეს არის მიზეზი. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ კოცონები დავანთო.
ამის შემდეგ ძიუნკო შეძლებისდაგვარად მოდიოდა საპაიროზე, როცა მიაკე კოცონს ანთებდა. გამონაკლისი მხოლოდ ზაფხულის სეზონის პიკი იყო, როცა პლაჟი გვიანობამდე სავსე იყო ხალხით. მიაკე კოცონს ხან კვირაში ორჯერ ანთებდა, ხანაც თვე ისე გავიდოდა, ერთხელაც არ დაანთებდა. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენ შეშას გამორიყავდა ზღვა. მაგრამ როგორც კი გადაწყვეტდა კოცონის დანთებას, აუცილებლად ურეკავდა ძიუნკოს. “შენი კოცონის მეგობარიო”, ხუმრობით ეტყოდა ხოლმე კეისუკე. საერთოდ არანორმალურად ეჭვიანი კეისუკე რატომღაც მხოლოდ მიაკეს ენდობოდა.

ცეცხლი ყველაზე დიდ მორს მოედო, ალი ნელ-ნელა დამშვიდდა. ძიუნკო ქვიშაზე დაჯდა, ტუჩები მოკუმა და აალებულ სტიქიას მიაშტერდა. ჯოხმომარჯვებული მიაკე ალს სიკვდილის საშუალებას არ აძლევდა, დროდადრო საამისოდ მომარაგებულ შეშას შეუკეთებდა ხოლმე მისი აზრით საჭირო ადგილას.
- რაღაც მუცელი ამტკივდა, - დაიჩივლა კეისუკემ, - ეტყობა შემაცივა. ქოთანი მაინც იყოს, ცოტა მომეშვებოდა.
- თუ გინდა, შინ წადი, - უთხრა ძიუნკომ.
- ალბათ აჯობებს, - საცოდავად დაიკნავლა კეისუკემ. - შენ რას იზამ?
- ძიუნ-ტიანს მე მოვაცილებ სახლამდე, არ ინერვიულო, - თქვა მიაკემ.
- მაშინ კარგი, - და კეისუკე დაემშვიდობათ.
- სულელი, - თქვა ძიუნკომ როცა კეისუკე წავიდა და თავი გადააქნია. - ჯერ თავის ასატკენს გაიჩენს, მერე კი წუწუნებს.
- ეგრეა, ეგრე, ძიუნ-ტიან: ვინც ბავშვობიდანვე თავთან არ მეგობრობს, ცუდად მისდის საქმე. უვარგისი ადამიანები არიან. მაგრამ კეისუკეს თავისი ღირსებებიც აქვს.
- შეიძლება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ არაფერზე არ ფიქრობს.
- ახალგაზრდები საერთოდ სიტყვებს დაუფიქრებლად ფანტავენ.
ისევ გაჩუმდნენ, თითოეული თავისას ფიქრობდა. დროც სხვადასხვანაირად გადიოდა.
- მიაკე-სან, რაღაც მინდოდა მეკითხა. შეიძლება გკითხოთ?
- მაინც რა?
- პირადული. ცოტა არ იყოს, უხერხული.
მიაკემ რამდენჯერმე გაისვა ხელი აჯაგრულ ლოყაზე.
- რა ვიცი. მაგრამ რადგან მეკითხები, მკითხე.
- ალბათ გყავთ ცოლი, არა?
მიაკემ ქურთუკის ჯიბიდან მათარა ამოიღო, სახურავი მოხსნა და აუჩქარებლად დალია დარჩენილი ვისკი. სახურავი ისევ მოახრახნა, მათარა ჯიბეში ჩაიდო და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა სახეში ძიუნკოს:
- ასე უცებ საიდან მოგივიდა თავში?
- უცებ არა. უბრალოდ გავიფიქრე... როცა კეისუკემ მიწისძვრაზე დაიწყო ლაპარაკი... სახეზე შემოგხედეთ. კოცონთან მჯდარი ადამიანების თვალები არ ტყუიან. ერთხელ ეს თქვენ თვითონ მითხარით.
- მართლა?
- შვილებიც გყავთ?
- ჰო. ორი.
- კობეში?
- იქ სახლი გვაქვს. იქ ცხოვრობენ.
- რა ადგილას?
- ხიგასინადას რაიონში (1995 წლის მიწისძვრის დროს ეს რაიონი ყველაზე ძლიერ დაზარალდა. მთარგმნ.).
მიაკემ თვალები მოჭუტა, ზღვას გახედა, მერე ისევ ცეცხლს მიაცქერდა.
- ნუ ეძახი კეისუკეს სულელს. ეს ჩვენი განსასჯელი არ არის. აი, მე, მაგალითად არაფერზე არ ვფიქრობ. არც მეტი, არც ნაკლები, სულელების მეფე ვარ. გესმის ჩემი?
- მეტი არაფრის მოყოლა არ გინდათ?
- არა, არ მინდა.
- კარგი, - თქვა ძიუნკომ. - მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანი ხართ.
- პრობლემა ეგ არ არის, - თავი გააქნია მიაკემ. ჯოხის წვერით ქვიშაზე რაღაცას ხაზავდა. - ძიუნ-ტიან, შენ ოდესმე დაფიქრებულხარ სიკვდილზე?
ძიუნკომ ერთხანს შეიცადა, მერე თავი გააქნია.
- აი მე კი ხშირად ვფიქრობ.
- და როგორ აპირებთ სიკვდილს?
- მაცივარში გავიყინები. გაგიგონია მსგავსი რამ? როცა ბავშვები თამაშობენ და გადაგდებულ მაცივარში ძვრებიან. კარი იკეტება და ისინი იქ იხუთებიან. აი ასეთი სიკვდილით.
მოზრდილი კუნძი წამოიქცა და ფერფლი გაფანტა. მიაკე იჯდა და შეჰყურებდა, ხელიც არ გაუნძრევია. ცეცხლის ათინათები არარეალურ ჩრდილებს დაათამაშებდა მის სახეზე.
- უჩუმრად, ნელ-ნელა მოვკვდე ვიწრო და ბნელ ადგილას. კარგი იქნება უჰაერობით დაიღრჩო, მაგრამ ეს ყველაფერი ასე იოლი არ არის. სადღაც ჭუჭრუტანიდან ჰაერი აღწევს, ამიტომ მოხუთვა არ გამოდის. სანამ მოკვდები, კარგა დრო უნდა გავიდეს. რამდენიც გინდა იყვირე, მაინც ვერავინ გაიგონებს. არავინ არ შეფუცხუნდება. თან ისეთი სივიწროვეა, ვერ გაინძრევი. რამდენიც არ უნდა ეცადო, არც კარი გაიღება.
ძიუნკო ხმას არ იღებდა.
- ვერც კი დაითვლი, რამდენჯერ ვნახე ერთი და იგივე კოშმარი. შუაღამისას ოფლში გაღვრილს მეღვიძება. თან ყოველთვის ვკვდები სიზმარში - უკუნ სიბნელეში, საზარელი და ნელი სიკვდილით. მეღვიძება და კოშმარი არ მტოვებს. ყველაზე საშინელი სწორედ ეს არის. თვალებს ვახელ, ყელი გამშრალი მაქვს. სამზარეულოში მივდივარ. მაცივართან. რა თქმა უნდა, მაცივარი არა მაქვს, ამიტომ უნდა მესმოდეს, რომ ეს სიზმარია. მაგრამ იმ წუთას ეს სულ არ მახსოვს. ვაგრძელებ ფიქრს: რაღაც ისე ვერ არის, თან მაცივრის კარს ვაღებ. შიგნით უკუნი წყვდიადია. ნათურა ჩაქრა. ჩემთვის ვფიქრობ: ნუთუ სინათლე გამორთეს-მეთქი და შიგნით ვყოფ თავს. უცებ იქიდან ვიღაცის ხელი მწვდება ყელში. ვგრძნობ, რომ მიცვალებულის ხელია. და აი ეს ხელი არაადამიანური ძალით მიმათრევს. რაც ძალი და ღონე მაქვს, ვღრიალებ. ახლა კი ნამდვილად მეღვიძება. აი ეგეთი კოშმარია. Yყოველთვის ერთი და იგივე და ერთნაირი. და ყოველთვის საშინელი.
მიაკემ ჯოხი წაჰკრა კუნძს და თავის ადგილზე დააბრუნა.
- იმდენად რეალური, რომ მგონია - უკვე რამდენჯერმე მოვკვდი.
- დიდი ხანია, რაც გესიზმრებათ?
- იმდენი, რომ გახსენებაც კი მიჭირს. ზოგჯერ ვახერხებდი თავის დაღწევას. ერთი... თითქმის ორი წლითაც. მაშინ ვფიქრობდი, რომ საბოლოოდ მიმატოვა და ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ მერე კოშმარი ისევ ბრუნდებოდა. საკმარისი იყო დამეჯერებინა, რომ საბოლოოდ გავთავისუფლდი, ახლა ყველაფერი რიგზე იქნება-მეთქი, რომ ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო. ზუსტად ისე, როგორც ადრე. ვერც ვერსად გაექცევი. - მიაკემ თავი გადააქნია: - მაპატიე ძიუნ-ტიან, რომ ასეთ საშინელებებს გიყვები.
- არაფერია, - თქვა გოგონამ, სიგარეტი პირში ჩაიდო და ასანთს გაჰკრა. მერე მოქაჩა და მოკლედ თქვა: - მოყევით...
ცეცხლი თანდათან ნელდებოდა. დარჩენილი შეშებიც კარგა ხანია კოცონში იწვოდა. ტალღები თითქოს წინანდელზე მეტად ხმაურობდნენ.
- არის ერთი ამერიკელი მწერალი, ჯეკ ლონდონი.
- ის, რომელმაც კოცონზე მოთხრობა დაწერა?
- ჰო. საიდან იცი? მოკლედ, ეგ მწერალი გამუდმებით ფიქრობდა, რომ ზღვაში დაიღრჩობოდა. სჯეროდა, რომ სწორედ ასეთი სიკვდილით მოკვდებოდა. ჩავარდებოდა ღამის ზღვაში და ჩაიძირებოდა, ისე, რომ ვერც ვერავინ შენიშნავდა.
- და რა, ზუსტად ეგრე მოკვდა?
მიაკემ თავი გააქნია.
- არა, მორფით მოიწამლა.
- გამოდის, მისი წინათგრძნობა არ გამართლდა. ან იქნებ საგანგებოდ მოაწყო ისე, რომ არ გამართლებულიყო?
- ერთი შეხედვით, - თქვა მიაკემ. ჩამოვარდა პაუზა. - მაგრამ რაღაც თვალსაზრისით არ შემცდარა. ის მართლა დაიღრჩო, როცა მარტოდმარტო დარჩა ბნელ, ღამის ზღვაში. გალოთდა. ნება მისცა სასოწარკვეთას მთელ მის სხეულს დაუფლებოდა. ტანჯვით კვდებოდა. წინათგრძნობა ერთგვარი საცდურია. ხანდახან რეალობასაც ჯაბნის და ცოცხალ არსებას ემსგავსება. ამაშია მთელი მისი საშიშროება. გესმის ჩემი?
ძიუნკო ჩაფიქრდა. არა, არ ესმოდა.
- ადრე არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ როგორ მოვკვდებოდი. როგორ უნდა მეფიქრა სიკვდილზე, როცა ისიც კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო.
მიაკემ თავი დაუქნია.
ამაში მართალი ხარ. მაგრამ პირიქითაც ხდება - სიკვდილის არჩევანით ცხოვრების გზაც საცნაური ხდება.
- და ასეთია თქვენი გზა?
- არ ვიცი. მხოლოდ ხანდახან მეჩვენება ასე.
მიაკე ძიუნკოს გვერდით დაჯდა. როგორღაც თითქოს ჩამოჭკნა და დაბერდა. ყურებს ზემოდან თმის ბღუჯა გამოშვეროდა.
- როგორ სურათებს ხატავთ?
- რამდენიმე სიტყვით ვერ ავხსნი.
ძიუნკომ კითხვა შეცვალა:
- კარგი, მაშინ რას ხატავდით ამ ბოლო დროს?
- სამი დღის წინ დავამთავრე ”პეიზაჟი უთოთი”. შუა ოთახში უთო დგას. და მეტი არაფერი.
- მერედა რატომ არის ეს ძნელი ასახსნელი?
- იმიტომ, რომ სინამდვილეში უთო არ არის.
ძიუნკომ სახეში შეხედა მიაკეს.
- გამოდის, რომ უთო უთო არ არის?
- ეგრეა.
- გინდათ თქვათ, რომ საცდურია?
- ჰო.
- და სულ სხვა რაღაცის მაგივრად არის დახატული?
მიაკემ თავი დაუქნია.
ძიუნკომ ახედა: ვარსკვლავები მომრავლებულიყო. მთვარესაც კარგა გრძელი გზა გაევლო. მიაკემ, აქამდე რომ ხელში ეჭირა, ის უკანასკნელი ჯოხიც შეაგდო ცეცხლში. ძიუნკო ნელა მიეყრდნო მხარზე. მიაკეს ტანსაცმელი სხვა ათასი კოცონის სუნით იყო გაჟღენთილი და გოგონაც აუჩქარებლად ისრუტავდა ამ სურნელს.
- იცით რა?
- რა?
- მე... მთლიანად ცარიელი ვარ.
- სერიოზულად ამბობ?
- ჰო.
ძიუნკომ თვალები დახუჭა და ატირდა. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ლოყაზე. ძიუნკო მარჯვენათი მუხლს ზემოთ, შარვალში ჩაებღაუჭა მიაკეს, სხეული უთრთოდა. კაცმა ხელი მოხვია და ფრთხილად მიიკრა. ცრემლები კი მოდიოდა და მოდიოდა.
- მართლა გეუბნებით, სრულიად არაფერი, - ცოტა ხნის შემდეგ გაბზარული ხმითა თქვა. - სრული სიცარიელე.
- მესმის.
- მართლა?
- ეგეთ რამეებში ცოტათი ვერკვევი.
- რა უნდა ვქნა?
- უნდა გამოიძინო. გაიღვიძებ და ნახავ - ყველაფერი გაგივლის.
- ჩემი აზრით ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე.
- შეიძლება. შეიძლება მართლა ასე მარტივად არ არის საქმე.
შეშა აშიშინდა და ქშენით გამოუშვა ორთქლი. მიაკემ თავი ასწია, თვალები მოჭუტა და ერთხანს კოცონს მიჩერებოდა.
- ახლა რა უნდა ვქნა? - გაიმეორა ძიუნკომ.
- მართლაც და რა? იქნებ ერთად მოვკვდეთ?
- სერიოზულად ამბობთ?
- სერიოზულად.
მიაკე გაჩუმდა. ძიუნკომ მის ძველ ქურთუკში ჩარგო სახე.
- ნებისმიერ შემთხვევაში მოიცადე სანამ ჩაიწვება, - თქვა მიაკემ. - რაც არ უნდა იყოს, კოცონია. ბოლომდე ჩემთან იყავი. ჩაქრება და სულ დაბნელდება. აი მაშინ კი მოვკვდეთ. კარგი?
- კარგი, - უპასუხა ძიუნკომ. - ოღონდ როგორ?
- მოვიფიქროთ.
- აჰა.
კოცონი აბოლდა. ძიუნკომ თვალები დახუჭა. მხარზე მოხვეული მიაკეს ხელი, მოზრდილი ადამიანისთვის მეტისმეტად პატარა, გახევდა.
საეჭვოა, რომ ამ კაცთან ცხოვრება შევძლო, ფიქრობდა ძიუნკო. რატომ? იმიტომ, რომ ალბათ ვერ შევძლებ მის გულში შეღწევას. მაგრამ სიკვდილს მასთან ერთად ნამდვილად მოვახერხებ.
ნელ-ნელა ძილი მოერია. ვისკი თავისას შვრებოდა. მთელი შეშა კარგა ხანია ჩაიფერფლა. მხოლოდ ყველაზე დიდი მორი კაშკაშებდა ნარინჯისფრად. მისი მშვიდი სითბო მთელ სხეულზე ედებოდა. ალბათ კიდევ დიდხანს არ ჩაიწვება.
- არა უშავს თუ დავიძინებ?
- არა უშავს.
- როცა ჩაქრება, გამაღვიძებთ?
- ნუ ღელავ. ცეცხლი ჩაქრება თუ არა, აცივდება. რომც არ გინდოდეს, გაგეღვიძება.
ძიუნკომ თავისთვის გაიმეორა ეს სიტყვები. “ცეცხლი ჩაქრება თუ არა, აცივდება. რომც არ გინდოდეს, გაგეღვიძება”. მერე მოიკუნტა და დაიძინა - დიდი ხნით არა, მაგრამ ღრმად.

თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“