Wednesday, June 9, 2010

გრიგოლ ჩხარტიშვილი – პერ-ლაშეზის სასაფლაო (პარიზი)




"სასაფლაოს ამბები", ცოტა არ იყოს, უჩვეულო წიგნია. მის მოკლე ანოტაციაში ვკითხულობთ: "ეს წიგნი ერთი ადამიანის დაწერილია, მაგრამ ორი ავტორი ჰყავს: ესეისტი გრიგოლ ჩხარტიშვილი და მისი alter ego, ბელეტრისტი ბორის აკუნინი. გ.ჩ. მოგითხრობთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებული ექვსი ძველი ნეკროპოლისის შესახებ, ხოლო ბ.ა. სასაფლაოსთან დაკავშირებული ამბებით შეგაშინებთ..."
იმ მკითხველისათვის, ვისაც ამ ავტორ-იანუსის წიგნები მხოლოდ "მძაფრსიუჟეტიანობის" გამო არ ხიბლავს, აკუნინი დღევანდელ მწერალთა შორის უთუოდ სიტყვის ერთ-ერთი დიდოსტატი და ვირტუოზი სტილიზატორია, XIX საუკუნეზე და დოსტოევსკიზე შეყვარებული. მისი ყოველი ახალი პროექტი, ანუ ყოველი წიგნი თუ რომანების სერია გვარწმუნებს იმაში, რომ გართობა ჩვენს ქარაფშუტულ დროშიც კი შეიძლება მნიშვნელოვან საზრისს უკავშირდებოდეს.


მთარგმნელი


ფრაგმენტი წიგნიდან "სასაფლაოს ამბები"


Voilà une belle mort, ანუ ლამაზი სიკვდილი

აქ თავს აუსტერლიცის ველზე გამოსულ ნაპოლეონად გრძნობ. საითაც გაიხედავ, ყველგან სიკვდილის ნადიმია, ბრინჯაოს იარაღსა და გადაპრანჭულ პოზებში გართხმულ სხეულებს აქ მრავლად ნახავ. პერიოდულად გიჩნდება ცდუნება, შესძახო: " Voilà une belle mort!"[1].
Voilà une belle cimetière[2]. საქმე მხოლოდ ის როდი გახლავთ, რომ ის მოვლილია და სკულპტურული გაგებით მომხიბვლელი. ეს 70000 ორმო თავისი არსით აბსოლუტურად შეესაბამება მიწას, რომელშიცაა ამოთხრილი. ამ ხეივნებში ხეტიალისას წუთითაც ვერ დაივიწყებ, რომ ეს ფრანგული მიწაა, მაშინაც კი, როდესაც სომხურ ან ებრაულ სექტორში ხვდები. და, თუკი მოსკოვში, ძველ დონსკოი სასაფლაოზე გიჩნდება შეგრძნება, რომ იქ გარდასული დროის რუსეთი განისვენებს, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე საფრანგეთი სრულებით ცოცხალი და ენერგიით სავსე წარმოგიდგება. მიზეზი ალბათ ისაა, რომ ეს ქვეყნის მთავარი ნეკროპოლისია, ამგვარი ადგილი კი ემსგავსება ფილტრს: ყველაფერი ზედმეტი, მიტმასნილი, უმნიშვნელო მიწით იფარება და ქრება; რჩება კარგად გამოხდილი ნაშთი, ეროვნული თვითმყოფადობის ფორმულა.
საფრანგეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელთა სახე ბავშვობიდანვე ყალიბდება ყოველი ჩვენგანის წარმოსახვაში. ჩემთვის ეს სახე ისეთივეა, როგორც უმრავლესობისათვის: დ‘არტანიანი (იგივე ნაპოლეონი და ფანფანი-ტიტა), ტამპლიერთა დიდი მაგისტრი (იგივე გრაფი სენ-ჟერმენი და გრაფი მონტე-კრისტო) და, რაღა თქმა უდა, მანონ ლესკო (იგივე დედოფალი მარგო და მადამ პომპადური). ეს ტრიადა შეიძლება სხვაგვარადაც, თან პირდაპირ ფრანგულადვე, გამოვსახოთ: aventure, mystère, amour - ეს სიტყვები თარგმანს არ საჭიროებს. წიგნებიდან და ფილმებიდან შექმნილი ეს კლიშე იმდენად მყარია, რომ არც მოგვიანებით შეძენილ ცოდნას, არც რეალური საფრაგეთის პირადად გაცნობას ძალუძს ამ ხატის შეცვლა ან თუნდაც რაიმე მნიშვნელოვანით შევსება. რაც მთავარია, მისი შეცვლის არანაირი სურვილი არ გვაქვს. რეალური, არაწიგნისმიერი საფრანგეთი ყველა სხვა ქვეყანასავით მოსაწყენი და პროზაულია; მის მაცხოვრებლებს სიყვარულის, თავგადასავლებისა და მისტიკის ნაცვლად ყველაზე მეტად გადასახადები, უძრავი ქონება და ბენზინის ფასები ანაღვლებთ. ამიტომაც პერ-ლაშეზი ჭეშმარიტად ნებისმიერი ფრანკოფონისათვის სანეტარო ადგილია, მათ რიცხვს კი კაცობრიობის 99% მიეკუთვნება, თუ არ ჩავთვლით კორსიკელ და ახალკალედონიელ სეპარატისტებს. პერ-ლაშეზზე არც ბენზინია, არც გადასახადები. აი, უძრავი ქონება კი, იცოცხლე, საკმარისად თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, მაგრამ აქ ამ სიტყვის მეტაფიზიკური მნიშვნელობა მის კომერციულ შემადგენელს აშკარად სჭარბობს.
თუკი მაინცდამაინც შევეხებით კომერციას, უნდა ვახსენოთ, რომ შარონის ბორცვზე 17 ჰექტარის ფართობის პირველი ნაკვეთი ქალაქ პარიზის მიერ კერძო მფლობელებისაგან იქნა შესყიდული პირველი რესპუბლიკის მეთორმეტე (და უკანასკნელი) წლის 23 პრერიალს, ესეიგი, 1804 წელს. ქალაქის ფარგლებში არსებული სასაფლაოები ანტისანიტარიის ბუდედ იქცა, ამიტომაც მერიის განკარგულებით მილიონობით ჩონჩხი კატაკომბებში გადაიტანეს, ახალი მიცვალებულებისთვის კი გარეუბნებში პარკის ტიპის ნეკროპოლისები გახსნეს.
თავიდან ამ ადგილს აღმოსავლეთის სასაფლაოს უწოდებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ახლანდელი სახელი დაუმკვიდრდა, რაც "მამა ლაშეზს" ნიშნავს: ოდესღაც აქ სიცოცხლის ბოლო წლებს ატარებდა სახელგანთქმული ფრანსუა და ლა შეზი, მეფე-მზის სულიერი მოძღვარი.
თავიდან, როგორც ხდება ხოლმე, ცოტა ვინმე თუ გამოჩნდებოდა მსურველი თავისი ძვირფასი ახლობელი ამ არაპრესტიჟულ მიყრუებულ ადგილას დაესაფლავებინა, ამიტომ მთავრობამ "პიარის" მიზნით გაწაფული ნაბიჯი გადადგა: პერ-ლაშეზზე გარკვეული რაოდენობის "ვარსკვლავი" გადმოასახლა. დასაწყისი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა: ყოვლად უღიმღამო ანრი III-ის ყოვლად უღიმღამო მეუღლის, ლუიზა ლოტარინგელის ნეშტის გადმოსვენებამ სასაფლაოს რეკლამა ვერ გაუკეთა. მაგრამ საფრანგეთი იმიტომაცაა სიყვარულის ღირსი, რომ აქ ლიტერატურა მუდამ მონარქიაზე მეტს ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც 1817 წელს შარონის ბორცვზე გადმოასვენეს აბელარი, ლაფონტენი, მოლიერი და ბომარშე, პერ-ლაშეზზე განსვენება უკვე დიდად საპატიო საქმედ იქცა. პერ-ლაშეზულ ტურიზმსაც სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძელი.
უკვე ორასი წელია, რაც აქ სახელოვან და/ან მდიდარ მიცვალებულებს მარხავენ, ამიტომაც ღირსშესანიშნაობათა ასეთ რეკორდულ რაოდენობას მსოფლიოს ვერც ერთ სხვა ნეკროპოლისში ვერ იხილავთ.
დავიწყებ იმით, რის შესახებაც საბჭოთა სკოლებში უყვებოდნენ ბავშვებს - ფედერალთა კედლით. მშვენივრად მახსოვს პარიზის კომუნისადმი მიძღვნილი ისტორიის გაკეთილი: "მაისის სისხლანი კვირა", ვერსალელი ჯალათები და პერ-ლაშეზის სასაფლაოს წამებულნი. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გავიგე ეს სახელწოდება პირველად. დღეს გაოცებას იწვევს არა იმდენად სიკვდილით დასჯის ფაქტი (ბოლოს და ბოლოს, სანამ ძალაში იყვნენ, მასობრივ დახვრეტებს არც კომუნარები წუნობდნენ), არამედ ურთიერთგამომრიცხავ მოვლენათა ერთად თავმოყრა. როგორც წესი, თავად სიკვდილის ფაქტისათვის განსასვენებლის კარი ჩარაზულია. კვდომასა და მკვლელობას სადღაც შორს, გისოსებს მიღმა, დიდ და საშიშ სამყაროში აქვს ადგილი, აქეთ კი უკვე უსულო ნეშტს მოასვენებენ. აი, პერ-ლაშეზს კი ცოცხალი სისხლის სუნი უდის, რადგანაც აქ ბევრი და ხმაურით დაუხოციათ. ჯერ 1814 წელს, როდესაც რუსმა კაზაკებმა აკუწეს ბორცვზე ჩასაფრებული სამხედრო სკოლის კადეტები. შემდეგ კი 1871 წელს, კომუნის პერიოდში: საფლავებს შორის ჩამალული ფრანგები რამდენიმე დღის განმავლობაში ცეცხლს უშენდნენ ერთმანეთს და ათასამდე კაცი დახოცეს, ესეც არ იკმარეს და ასორმოცდაათი გადარჩენილი რევოლუციონერი მაისის დილით დაბალ კედელთან მიაყენეს და დახვრიტეს. მას მერე ამ სექტორში კომუნისტებს ასაფლავებენ და გარეშემო საფლავებიც ამიტომაა წითელი გვირგვინებით მოფენილი.
სხვაგან არსად მინახავს ძველ სასაფლაოზე, ასზე მეტი წლის საფლავებზე ამდენი ცოცხალი ყვავილი. ბევრი მათგანი, ვინც პერ-ლაშეზზე განისვენებს, ახლაც ახსოვთ და უყვართ. ალბათ სწორედ ამიტომაც აქ სრულებით არ გეუფლება შიში და არც სევდას გრძნობ მაინცდამაინც.
აი, ვარდები, ქრიზანთემები და შროშანები საპატიო ბურჟუაზიულ ფილაზე, რომელმაც ედიტ პიაფი და მისი ახალგაზრდა მეუღლე, ბერძენი პარიკმახერი შეიკედლა. დიდ მომღერალ ქალს სურდა, თავისი მეორე ნახევარი ესტრადის ვარსკვლავად ექცია, მაგრამ არ დასცალდა.
ბოტანიკის მოკრძალებული ცოდნა არ მეყოფა მთელი იმ ფლორის ჩამოსათვლელად, ივ მონტანისა და სიმონა სინიორეს სამარეს რომ ამშვენებს. ამ სიუხვის მიღმა გარკვეული ისტერია გამოსჭვივის: ყველას ჯერაც ცხადად ახსოვს მონტანის სხეულის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული ამბავი. ვინმე ავრორა დროსარი, 22 წლის, ამტკიცებდა, ივ მონტანი მამაჩემიაო და სასამართლოს გზით ბოლოს და ბოლოს მიაღწია იმას, რომ მიცვალებულს გენეტიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამისათვის მას ციცქნა ნაკუწი ჩამოაჭრეს, მაგრამ დნკ-ს ანალიზმა მამობის ფაქტი არ დაადასტურა და მომღერალი კვლავ ჩამარხეს. საწყალი მონტანი. მახსოვს ის დრო, როცა ის, ახალგაზრდა და ლამაზი, მთელი საბჭოთა კავშირის სიყვარულის საგანი იყო. "როდესაც შორეული მეგობარი მღერის". კიდევ მახსოვს ფილმი "გოგონა ეძებს მამას" და ამიტომ მონტანზე უფრო მეტად მეცოდება მთელი ფრანგი ხალხისაგან მოძულებული ავრორა დროსარი. მკვდარს ხომ მაინც არაფერი დააკლდება, ამ საცოდავმა კი, წარმოიდგინეთ, ამ ამბის შემდეგ ქვეყნად როგორ უნდა იცხოვროს?
აქ კი უამრავი ხალხი შეკრებილა და ფოტოაპარატებს საქმიანად ატკაცუნებს პოლონური დროშის ფერებში, წითელი და თეთრი ყვავილებით მორთული სამარის ძეგლის წინ. ეს უგულო შოპენის განსასვენებელია. უგულოს იმ გაგებით ვამბობ, რომ კომპოზიტორი აქ ასვენია გულის გარეშე, რომელიც ათასი კილომეტრის მოშორებით, ვარშავის ტაძარშია დამარხული.
სასაფლაოს მთავარი არქიტექტურული ნაგებობაა გრაფინია დემიდოვას, née სტროგანოვას, მავზოლეუმი, თავისი მასშტაბებითა და პომპეზურობით რუბლოვის შარაგზის თავზე გაშენებულ ახალი რუსების აგარაკებს რომ ეჯიბრება. "ძველი" რუსებიც ოდესღაც "ახლები" ყოფილან და მათაც ჰყვარებიათ კუდის ყავარზე გადება. ასე რომ, არაფერია ახალი ამ მზისქვეშეთში, მათ შორის არც რუსები; რაც ყოფილა, ისევე ის იქნება. დემიდოვებისა და სტროგანოვების მსგავსი დღევანდელი "ნუვორიშებიც", ადრე თუ გვიან, მიხვდებიან, რომ სიმდიდრე გიგანტომანიაში კი არა, გონიერებაშია, ჭეშმარიტი შთამბეჭდაობა კი არა ყველას დასანახად, არამედ შიგნით უნდა იყოს მიმართული.
სწორედ ასეთია, მაგალითად, თითქმის რუსული გვარის პატრონი მდიდარი ფრანგის, რაიმონდ რუსელის (1877-1933) აკლდამა. ის უბრალოდ გასართობად წერდა ლექსებსა და პროზას, უკანასკნელ წლებში კი ჭადრაკითაც ყოფილა გატაცებული. დასაფლავებულია სულ მარტო 32 ადგილიან აკლდამაში, რაც ჭადრაკის ფიგურების რაოდენობაზე მიგვანიშნებს. თუკი ამ თავსატეხი მესიჯის გაშიფრვას შევეცდებით, რაღაც ამდაგვარს მივიღებთ: აქ განისვენებს მეფე, ვინც რთულ და ხანგრძლივ თამაშში ყველა პაიკი და ლაზიერი მიკარგ-მოკარგა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გამარჯვებული დარჩა.
დიდი დრო მოვანდომე ორი უცხოელის საფლავების ძებნას, რომლებსაც იშვიათად თუ ვინმე აკითხავს. ძლივძლიობით მივაგენი მათ ათასობით ერთნაირ ფირფიტასა და კოლუმბარიუმს შორის. "ISADORA DUNCAN. 1877-1927. Ecole du Ballet de l’Opera de Paris" და "NESTOR MAKHNO. 1889-1934". ეს ორი განსაკუთრებული ადამიანი იყო. ჭექა-ქუხილი და ელვა ორივეს თანამდევი იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე, რა საკვირველია, თავ-თავისებურ ყაიდაზე. ახლა კი ორ მოკრძალებულ უჯრედად ჩაიკარგნენ უცნობ, უსახელო თანამედროვეთა შორის. ესეც - თავისებური მესიჯია, რუსელისაზე ბევრად უფრო ძნელად ამოსაკითხი.
თანამედროვე პერ-ლაშეზის მთავარი ვარსკვლავი ასევე უცხოელი, ჯიმ მორისონი გახლავთ. მომსვლელთა უმრავლესობა აქ მხოლოდ ამ შეუხედავი საფლავის მოსანახულებლად მოდის (ადრე მას ბიუსტი ამშვენებდა, მაგრამ მოუპარავთ). მთავარი ჭიშკრიდან პირდაპირ აქეთ, მეექვსე სექტორში მოიჩქარიან, ოცდაათი წლის წინანდელ მუსიკას ააჟღერებენ, მათრობელა ბალახს მოწევენ. უწინ, როგორც ამბობენ, ორგიებსაც აწყობდნენ, მაგრამ მე არ გამიმართლა, ასეთ რამეს არ შევსწრებივარ. თუმცა იქ დიდ ხანს არ დავრჩენილვარ, რადგანაც სიყრმეში მაინცდამაინც არ მიტაცებდა ჯგუფ "დორზის" სიმღერები.
საგანგებოდ შევიმუშავე საკუთარი მარშრუტი, პერ-ლაშეზის ღირსშესანიშნაობათა საკუთარი იერარქია.
დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვმოძრაობდი და მეოთხე სექტორით დავიწყე, სადაც ალფრედ დე მიუსე ასვენია. ვერ ვიტყვი, ის ჩემი საყვარელი მწერლების რიცხვს ეკუთვნის-მეთქი; მის საფლავზე ცნობისმოყვარეობამ და ნათესაური გრძნობის მსგავსმა განცდამ მიმიყვანა. ხეებიდან მხოლოდ არყის ხის იდენტიფიცირება შემიძლია უშეცდომოდ და ბუნების აღწერისას ვიზუალური ხატის მაგიერ ჟღერადობით ვხელმძღვანელობ ხოლმე. მაგალითისათვის, ვწერ რაღაც ამგვარს: "თხმელები და თელები ქარში აშრიალდნენ", თუმცა აზრზე არ ვარ, როგორ გამოიყურება ეს თხმელები და თელები და, საერთოდ, ერთმანეთის გვერდიგვერდ თუ იზრდება. ამას მნიშვნელობა არა აქვს: სწორად შეწყობილი ბგერები საკუთარ ეფექტს ქმნიან. ჰოდა, მიუსეც, მგონი, ჩემნაირი ვინმე უნდა ყოფილიყო. დაუბარებია, ჩემს საფლავზე ტირიფი დარგეთო - ძეგლზე ამოტვიფრული ლამაზი ეპიტაფია მოგვითხრობს კიდეც იმის შესახებ, რომ მგლოვიარე ხის მსუბუქი ჩრდილი პოეტის საფლავს მოეფინება. მაგრამ მშრალ ბორცვზე ტირიფს რა უნდა? მივედი, ვიხილე, დავრწმუნდი: ტირიფი მართლაც დგას, ოღონდ ძალიან დაჩაგრული. ეტყობა, დიდხანს ვერ გაძლებს. ამ ერთნახევარი საუკუნის განმავლობაში ნეტავ რამდენი საცოდავი ხე ემსხვერპლა ორიოდე ლამაზ სტრიქონს? მე, როგორც ლიტერატუროცენტრისტს, ეს ფაქტი მახალისებს.
მეოთხე ნაკვეთიდან მეზობელ, ორმოცდამეთექვსმეტე ნაკვეთისაკენ მივეშურები (პერ-ლაშეზზე რაღაც უცნაური, არეულ-დარეული ნუმერაციაა), რათა იქ რაიმონდ რადიგეს (1903-1923) სამარე მოვინახულო. იგი სწრაფმდინარე ტიფოზურმა ციებ-ცხელებამ იმსხვერპლა. ავადმყოფობის წინა დღეებში ამ ვუნდერკინდს ჟან კოკტოსათვის იდუმალებით მოცული ფრაზა უთქვამს, უკვე მრავალი წელია, მოსვენებას რომ არ მაძლევს: "სამი დღის შემდეგ უფლის ჯარისკაცები დამხვრეტენ". საიდან იცოდა? ვინ უთხრა? დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ წერის ნიჭი იმდენად არარსებულის გამოგონების უნარი კი არაა, რამდენადაც განსაკუთრებული შინაგანი სმენა, როდესაც ისეთი ტექსტები ჩაგესმის, უკვე სადღაც რომ არსებობენ. მწერალთა შორის ყველაზე გენიალური ისაა, ვინც ამ მისტიკურ ნაკარნახევს უზუსტესად ჩაიწერს. ერთხანს ვიდექი მოკრძალებული საფლავის წინ, ვაყურადე. განსაკუთრებული ვერაფერი გავიგონე.
გადავედი 49 სექტორზე, სადაც განისვენებს კიდევ ერთი საიდუმლო, სახელად ჟერარ დე ნერვალი, გენიალური შეშლილი, რომელმაც 1855 წლის იანვრის ღამით ქუჩის გისოსზე ჩამოიხრჩო თავი. მოსაწყენზე მოსაწყენი ანტიკური ლარნაკით დაგვირგვინებული მარმარილოს სვეტი წააგავს ძახილის ნიშანს, არადა, წესით, კითხვის ნიშანს უნდა გამოხატავდეს.

განვლო სიცოცხლე ხან შოშიასმაგვარად ლხენით,
ხან სევდიანმა მეტრფემ, ხანაც სიმღერით ისევ,
ხან – სხვების მსგავსად, ხან კი, როგორც არავინ, ისე…
ბოლოს სიკვდილმა იმის კარსაც შეახო ხელი.
...აჰ, სული მისი, მცონარე და ცოდვილი სული,
მელანს ტოვებდა სამელნეში, აშრობდა სრულად,
მცირე შეიცნო, თუმც სწვდებოდა მის ირგვლივ ყოველს,
და ზამთრის წყნარ დღეს, ამქვეყნიურ წარმავლობიდან
სამარადისო ყოფნისთვის რომ უხმეს შორიდან,
წასვლისას ჩუმად დასცდა ბაგეს: "რაისთვის მოველ?"[3]

"მაშ, რაისთვის?" - შევეკითხე სვეტს. "მოვა დრო და გაიგებ", - მიპასუხა მან და მეც, პასუხით კმაყოფილმა, განვაგრძე ჩემი გზა 47-ე სექტორისაკენ, ონორე დე ბალზაკთან.
აქ საიდუმლომ კი არა, დიდი ხნის თანაგრძნობამ მომიყვანა. მახსოვს, მოზარდი ვიყავი, როცა შტეფან ცვაიგთან წავიკითხე მსუქანი, ქოშინით შეწუხებული მწერლის ამბავი, მთელი სიცოცხლე ამაოდ რომ დაეძებდა სიმდიდრეს, სიყვარულსა და ბედნიერებას. როგორ მომდიოდა გული ანგარებიან გრაფინია განელზე, რომელმაც ეს გულჩვილი კაცი უსასრულო მოლოდინით გააწამა და ქორწინებაზე მხოლოდ მაშინ დასთანხმდა, როცა ბალზაკს რამდენიმე თვის სიცოცხლეღა რჩებოდა. და აი, მან საცოლისათვის მდიდრული ბინა გამართა, საქორწინოდ გაემგზავრა ბერდიჩევში, იქორწინა და იქიდან მოიწერა: "არ მღირსებია არც ბედნიერი სიყმაწვილე, არც აყვავებული გაზაფხული, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაზე კაშკაშა ზაფხულსა და ყველაზე თბილ შემოდგომას მოვესწრები". შემდეგ გოროზი მეუღლე პარიზში ჩამოიყვანა, მთელი ზაფხული იავადმყოფა და შემოდგომამდე ვერ მიატანა. ეველინა განელი ხუთი წლის მანძილზე ცოცხალი კლასიკოსის ცოლი იყო, შემდეგ 30 წელი - მკვდარი კლასიკოსის ქვრივი, და აი, უკვე 120 წელია, რაც ორივენი ერთი ფილის ქვეშ განისვენებენ.
ბალზაკის ბიუსტიდან, ცოტათი ჭადრაკის ცხენს რომ მოგვაგონებს, ორ ნაბიჯზეა 86-ე და 85-ე სექტორები. იქ კიდევ ორი საფლავის ძეგლია, ჩემს აუცილებელ პროგრამაში რომ შედის.
პირველმა იმედი გამიცრუა. ცივი შავი ქვის ფილა. მის ყველაზე ვიწრო წახნაგზე - მკაცრი ოქროსფერი ასოები: "Marcel PROUST 1871-1922". მზერას ვერაფერზე შეაყოვნებ. მე კი, პრუსტისეული პროზის მსგავსად, რაღაც კაზმულს, გადაპრანჭულსა და ბლანტს მოველოდი, რასაც ხანგძლივი თვალიერება და დაფიქრება უნდა. აქ, სამწუხაროდ, დასაფიქრებელი არაფერია. ერთი შეხედვით. მაგრამ კიდევ ერთ-ორ წუთს თუ შეყოვნდები, მიხვდები, რომ შავი მარმარილო გენიალური მწერლისთვის კი არა, - ყოვლად უცნაური ადამიანისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არავის ჰყვარებია და რომელმაც სიცოცხლის ბოლო პერიოდი სქელ ფარდებსა და ხმის ჩამხშობ პანელებს მიღმა გაატარა, რადგან გარე სამყაროსაგან განცალკევება თავად მოისურვა. დიდი მწერალი საინტერესო და მნიშვნელოვანია არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც ტექსტების შემთხზველი, ქაღალდზე სიტყვების სწორად განმთავსებელი. და ყველაფერი საუკეთესო და უმთავრესი, რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ, მის წიგნებშივეა მოცემული. ადამიანის და, მით უმეტეს, მისი საფლავის თვალიერება კი საჭირო არ არის. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვეულებრივი საფლავი აქვს.
სხვის პირად ცხოვრებაში შემოჭრილ მეტიჩარასავით დარცხვენილი მეზობელ ნაკვეთზე გადავედი და გუნებაც გამომიკეთდა. ჭეშმარიტი ლიტერატორები მაინც პროზაიკოსები კი არა, პოეტები არიან-მეთქი, გავიფიქრე იმ მორთულ-მოკაზმული წარწერის შემხედვარე, გიიომ აპოლინერის სახელით ცნობილ ვილჰელმ-აპოლინარიუს კოსტროვიცკის საფლავს რომ ამკობს. ჯერ ერთი, პოეტი სიტყვების გაცილებით ნაკლებ რაოდენობას სჯერდება, მაშასადამე, თითოეული სიტყვის ხვედრითი წონა და აზრი პროზაული ტექსტისას ბევრად აღემატება. მეორეც, რათა ჯეროვნად შევაფასოთ უცხოელი მგოსნის გენია, ჯერ სრულყოფილად უნდა დავეუფლოთ მის ენას, რაც ურთულესი, მრავალკომპონენტიანი კოდის შესწავლას ნიშნავს; სხვა შემთხვევაში მოგვიწევს, უცხოელების სიტყვას ვენდოთ. სიკვდილი ადამიანისა, რომელსაც აპოლინერი ერქვა, ქვიშის უმცირეს ნაწილაკად ჩაიკარგა სიკვდილთა ორმაგ ქარიშხალში: პოეტი პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელ დღეებში გარდაიცვალა ციებ-ცხელებით, რომელმაც ყველა ვერდენსა და მარნაზე ბევრად მეტი სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ მისი სამარე ხორციელი ტკივილისა და კვდომის შესახებ არაფერს გვიამბობს, ქვაზე მჭიდროდაა ამოტვიფრული სიტყვები, სიტყვები, სიტყვები: ჯერ ოთხპწკარიანი სტროფების თანაბარ მწყობრებად, ბოლოს კი გულის ფორმის კალიგრამით. დიდად არც კი ჩავღრმავებივარ ამ გალექსილი გზავნილის კითხვას, მისი აზრი ჩემთვის ისედაც ნათელი იყო: დასაბამიდან იყო სიტყვა, და დასასრულსაც მხოლოდ სიტყვა დარჩება, და ბნელი იდება უფსკრულზე, და სული ღვთისა იძვრის წყლებს ზემოთ.
მოვითავე რა აუცილებელი პროგრამა, ლიტერატორთა საფლავების მონახულება, მაშინვე თავისუფლება ვიგრძენი და ყოვლად უსისტემოდ მივეცი თავი ხეივანთა და ბილიკთა დინებას, რათა პერ-ლაშეზის გემო, ფერი და სურნელი - მისი, ასე ვთქვათ, ბუკეტი - დამეჭაშნიკებინა. სწორედ ამ დროს გამომიკრისტალდა ზემოთ ხსენებული ტრიადა, ფრანგულობის მომხიბვლელი ფორმულა: aventure, mystère, amour.
რაც შეეხება aventure-ს, ეს იმდენად არა "თავგადასავალი", არამედ უფრო სახელდობრ "ავანტიურაა". მისი ატმოსფერო ბუნებრივი და ორგანულია ამ სასაფლაოსათვის. პერ-ლაშეზს მეტისმეტად ბევრი რამ აკავშირებს იმ დიადი ავანტიურისტის სახელთან, ვინც არარაობიდან დიდებისა და ძალაუფლების მწვერვალებზე ავარდა, ბოლოს კი თავისი კვარცხლბეკიდან ციცქნა უდაბურ კუნძულზე დაემხო. ეს ნეკროპოლისი სწორედ ნაპოლეონის მეფედკურთხევის წელს შეიქმნა; პირველად შეიღება სისხლით კორსიკელის დაცემის წელიწადს; მეორედ ბონაპარტიზმის საბოლოო კრახის წელს გაეხვა ტყვიების ცეცხლში. აქ ასვენია ის ქალები, რომლებიც უყვარდა იმპერატორს, ან, უფრო ზუსტად, რომლებსაც იგი ჰყვარობდა: მსახიობები მადმუაზელ ჟორჟი და მადმუაზელ მარსი, ბაგირზე მოცეკვავე მადამ საკი და "ეგვიპტელი" პოლინა ფურესი, მშვენიერი გრაფინია ვალევსკა. აქ თითქმის უკლებლივ განისვენებენ ნაპოლეონის მარშლები. თავისი სევდიანი აღსასრულის ჟამს, უკუნეთ ღამით, წელიწადი როს მიილევა, ბონაპარტი წესით თავისი აჩრდილ-ხომალდით მაღალ ნაპირს კი არა, შარონის ბორცვს უნდა მიადგეს[4]. ულვაშიანი გრენადერები მის მოხმობას ვერ შეისმენენ, რადგანაც ამ საპატიო სასაფლაოზე მათი ადგილი არ არის, მათ მარადიული ძილით სძინავთ დაბლობზე, სადაც ელბა ხმაურობს, ცივ რუსეთის თოვლის ქვეშ, პირამიდების თაკარა ქვიშაში. აი, მარშალები კი, - ისინი, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ და ისინიც, ვინც უღალატეს და დაშნა მიჰყიდეს მტერს, - იცოცხლე, მაშინვე წამოხტებიან, გამოძვრებიან მდიდრული აკლდამებიდან და ოქროს სირმების ბრდღვიალით ჩამწკრივდებიან ასო N-ით აღბეჭდილი დაცხრილული ალმის ქვეშ. ხოლო მადმუაზელ ლენორმანი მთავარი შესასვლელის შორიახლოს განლაგებული თავისი სამარის რუხ ქვას გადასწევს და ამ დიდებულ ლაშქარს ბწყინვალე გამარჯვებებსა და ლამაზ სიკვდილს უწინასწარმეტყველებს.
მაგრამ ამ ცნობილი სიბილას გახსენებას, ტანმორჩილ სამხრეთელს არაჩვეულებრივი ბედი რომ უწინასწარმეტყველა, უკვე mystère-ის სფეროში შევყავართ. მომლოცველთა ნაკადებიდან სწორედ ეზოთერულ საიდუმლოთა მაძიებლების ნაკადია პერ-ლაშეზზე ყველაზე უხვი: ვერც ლიტერატურის მოყვარულნი, ვერც კომუნის საქმის გამგრძელებელნი და თვით ჯიმ მორისონის თაყვანისმცემლებიც კი მას ვერ შეეჯიბრებიან.
აკლდამა, სადაც განისვენებს ლიონ რივაილი (1804-1869), უფრო ალან კარდეკის სახელით რომაა ცნობილი, მთლიანადაა მოფენილი ყვავილებით და მუდამ მორწმუნეთა მჭიდრო წრე არტყია. სულიერი სუბსტანციის გარდასახვის მოძღვრების ეს ფუძემდებელი დღეს მხოლოდ ორ ქვეყანაში ახსოვთ, - საფრაგეთსა და ბრაზილიაში - მაგრამ სამაგიეროდ როგორ ახსოვთ! თუკი საფრანგეთში კარდეკს მისტიკოს ფილოსოფოსად აღიქვამენ, ვრცელ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში მას თაყვანს სცემენ როგორც ახალ მესიას, მილიონობით მიმდევრის მქონე რელიგიის წინასწარმეტყველს.
კარდეკის აკლდამის წინ პორტუგალიურ ენაზე ლოცულობენ და ფრანგულად დაწერილ ბარათებს ტოვებენ, მის ბრინჯაოს ბიუსტს მოწიწებით ეხებიან. ვნახე სასწაულს მოწყურებულთა გრძელი რიგი, - რა თქმა უნდა, არც იმხელა, როგორც ლენინის მავზოლეუმის წინ, - სამაგიეროდ, ცნობისმოყვარეობის მაგიერ, რასაც წითელ მოედანზე შეესწრებით, ამ მომლოცველთა სახეებზე კონცენტრირებულობა და აღელვება იკითხებოდა. ძეგლზე წარწერაა: "დაიბადე, მოკვდი, კვლავ დაიბადე და უსასრულოდ სრულიქმენი - ესაა კანონი".
ამ უაღრესად ბუდისტური მაქსიმის გაგრძელებას ვკითხულობთ კარდეკის მოწაფის, გაეტან ლამარის სვეტზე: "სიკვდილი ჩრდილიდან ნათელში გასვლას ნიშნავს". სპირიტთა აზრით, ჩვენ, ვინც მზით განათებულ ბილიკებზე ფოტოაპარატებით დავსეირნობთ, სინამდვილეში წყვდიადში დავხეტიალებთ, ხოლო მიწაში, მიხრწნილი ფიცრების ქვეშ მწოლიარე მიცვალებულნი თვალისმომჭრელი ნათლის სხივებში ბანაობენ. მაშ, გამოდის, რომ ყველაზე უფრო საინტერესო და საოცარი ჯერ კიდევ წინ გვაქვს? ჰმ, ურიგო მოძღვრება სულაც არაა.
ჩვენი ისტორიკოსების მიერ ვიგინდარა შარლატანად შერაცხული ოკულტისტის, პაპიუსის სამარის ქვაც ასევე ყვავილებითაა მოფენილი. როგორც ჩანს, საფრანგეთში ჟერარ ანკოსს (ეს მისი ნამდვილი სახელია), "მარტინისტთა ორდენის დიდ მაგისტრს", სულ სხვავარად აფასებენ. რუსეთისათვის პაპიუსი მხოლოდ რასპუტინის ერთ-ერთი წინამორბედია დედოფალ ალექსანდრა ფეოდოროვნას ურიცხვ გატაცებებს შორის. სწორედ მან მოუწყო ნიკოლოზ II-ს გახმაურებული შეხვედრა გვირგვინოსანი მამის სულთან. მაგრამ ციმბირელმა ხუცესმა (რომელიც პაპიუსს სძულდა და რომლის გავლენისაგან ის ყველანაირად ცდილობდა იმპერატორის დაცვას) მთლიანად დაჩრდილა დიპლომიანი ფრანგი შამანი. არადა, სხვათა შორის, პაპიუსმა ჯერ კიდევ 1905 წელს უწინასწარმეტყველა რუსეთის იმპერატორს ტრაგიკული აღსასრული, თან შეჰპირდა, რომ დაიცავდა რომანოვებს, ვიდრე ცოცხალი იყო. გარდაიცვალა 1916 წლს მიწურულს. მართალია, რასპუტინიც ამავე წელს გარდაიცვალა. მაშ, ვიწამოთ მოვლენათა მისტიკური ურთიერთკავშირი? აქ, პერ-ლაშეზზე, უნებლიეთ გწამს კიდეც.
განსაკუთრებით მაშინ, როცა საფლავებს შორის რომელიმე გამხდარი პერ-ლაშეზელი კატა გაიელვებს. კატები აქ ასობით ბინადრობენ, უხმოდ და ელვისებრ მოძრაობენ და ადამიანებთან არანაირ კონტაქტში არ შედიან. ან, იქნებ, მხოლოდ სასაფლაოს მუშაკებთან ურთიერთობენ, რომლებიც მათ აპურებენ? თუ თვითონ ირჩენენ თავს, ბეღურებს ან რაიმე ამის მაგვარს სანსლავენ? ძაღლებისაგან განსხავებით, კატები ღამეულ, სარკისმიღმიერ სამყაროს ეკუთვნიან. სასაფლაო მათთვის სწორედაც რომ შესაფერისი ადგილია. მართალია, მე პერ-ლაშეზზე მარტში მოვხვდი და კატებიც ამ დროის შესაბამისად იქცეოდნენ. თავიდან მთლიან ფონთან ამგვარი დისონანსი უბრალოდ მართობდა, მაგონებდა სურათს "სიცოცხლე ყველგან ჩქეფს", მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავფიქრდი: აღვირახსნილი კატები და ვნებიანი შეკივლებები ბუჩქებში - ეს სულაც არ არის შემთხვევითი. აი, მაშინღა შევნიშნე პერ-ლაშეზული ტრიადის უმთავრესი რგოლი, amour.
პერ-ლაშეზი სიყვარულის ნეკროპოლისია – ამ მრავალფეროვანი მოვლენის ყველანაირი (სევდიანი, რომანტიული, სახალისო თუ უხამსი) მნიშვნელობით.
ყველა სასაფლაოზე, თუნდაც ის ძალზე ძველი იყოს, უმძაფრესად იგრძნობა გაწყვეტილი სიყვარულის ტრაგიკული სურნელი - როდესაც სიკვდილი მეტრფეებს ერთმანეთს აშორებს. პერ-ლაშეზიც მრავალ ასეთ ნაღვლიან, ლამაზ ამბავს ინახავს.
აი, მხედართმთავრის, ბარტელემი ჟუბერის ქანდაკება, ქორწინების მეორე დღეს ცხენიდან გადმოვარდნისთანავე რომ განუტევა სული. რევოლუციურ ომებს მასავით მშვენიერი რამდენიმე ყმაწვილი გენია ჰყავდა და თითოეულს იოლად შეეძლო, იმპერატორი გამხდარიყო. მათ შორის უბრწყინვალესი, 29 წლის გოში, მოულოდნელად დაიღუპა; 30 წლის ჟუბერი ნოვისთან სუვოროვის ჯარისკაცის ტყვიას ემსხვერპლა. ხოლო გენერალი ბონაპარტი, რომელიც, წესით, არკოლის ხიდზე ანდა ეგვიპტეში უნდა დაცემულიყო, სასწაულებრივად გადარჩა. რატომ? ღმერთმა იცის. მან დიდება მოიპოვა, გაშორდა საყვარელ ქალს და შეირთო ის, ვინც სრულებით არ ჰყვარებია, ღიპი მოისუქა და კუჭ-ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა. ჟუბერი კი შთამომავალთა ხსოვნაში მარად ახლადდაქორწინებულად, სიკვდილის ნეფედ დარჩება.
ნაპოლეონის მინისტრის, ანტუან დე ლავალეტის აკლდამა სხვა, მგონი, კიდევ უფრო შემაძრწუნებელი სასიყვარულო დრამის სახსოვარია. მისი სიკვდილით დასჯის წინა დღეს მასთან ციხეში მივიდა ცოლი და ტანისამოსი გაუცვალა. მამაკაცი განთავისუფლდა, ქალი კი ციხეში დარჩა - ლიტერატურაში ეგზომ ხშირად გამოყენებული ეს რომანტიკული ხრიკი ცხოვრებაში თითქმის არავის უცდია. ოღონდაც ფინალი ფრიად არარომანტიკული გამოდგა: თავგანწირული გრაფინია სიცოცხლის ბოლომდე დილეგში დატოვეს, სადაც ის შეიშალა. სიკვდილის ამგვარი გადავადება (საფლავზე აღნიშნული თარიღის მიხედვით, 15 წლით) ლავალეტს მეტისმეტად ძვირად დაუჯდა.
კიდევ ერთი მეტრფე ქალი, ამადეო მოდილიანის მეუღლე, მხატვრის გარდაცვალების მეორე დღეს ფანჯრიდან გადახტა. ცხრა თვის ფეხმძიმობამაც კი ვერ შეაჩერა. სამივენი - ცოლ-ქმარიცა და მათი არდაბადებული ბავშვიც 96-ე უბანზე ერთი მოკრძალებული ქვის ქვეშ განისვენებენ. ამგვარი ამბები, ისევე, როგორც შეყვარებულთა ორმაგი თვითმკვლელობები, განსაკუთრებულად გვაღელვებს განურჩელად იმისა, თუ რა დრომ განვლო მას შემდეგ. უნებლიეთ ეკითხები შენს თავს, თუ რა იყო ეს: სიკვდილის მიერ სიყვარულის დამარცხება თუ პირიქით?
მაგრამ პერ-ლაშეზის სასაფლაო ხომ საფრანგეთის მიწაზეა გათხრილი, - ამ ქვეყანაში კი ტრაგედია მხოლოდ ჰორიზონტზე მოფარფატე ციცქნა ღრუბელია, რომელსაც მთელი ცის დაფარვა არ ძალუძს. აქ არ მოგიწევთ უიღბლო სიყვარულის გამო დიდხანს ცრემლის ღვრა, რადგანაც საფრანგეთში ამაღლებულსა და სახალისოს შორის მანძილი მხოლოდ ერთი centimetre-ია, სხეულის წელსზევითა და წელსქვევითა ნაწილებს კი ერთმანეთისაგან სულაც არაფერი აშორებთ.
სიყვარულისა და სიკვდილის ალიანსი თურმე სასაცილოც შეიძლება იყოს - შავი იუმორის ჟანრში, რა თქმა უნდა.
პრეზიდენტ ფელიქს ფორის (1841-1899) სამარის მშვენიერი ბრინჯაოს ბარელიეფი მოწიწებით აღავსებს მას, ვისთვისაც უცნობია ამ ადამიანის ცხოვრების ზოგიერთი დეტალი: სახელმწიფოს მესვეური რესპუბლიკის დროშასთან გადახვეული გამოუსახიათ. Oh Captain, my Captain! Voilà une belle mort! და ასე შემდეგ. მაგრამ თანამედროვეებში, ვინც იცოდა, რომ მისი აღმატებულება საყვარლის მკლავებში მიიცვალა, ამ ალეგორიას სრულიად სხვა ასოციაციები უნდა აღეძრა. უკვე გაცვეთილ ხუმრობად იქცა: "პრეზიდენტი ფორი მოვალეობათა აღსრულებისას დაეცა".
სხვა, ასევე მწოლიარე, ბრინჯაოს ფიგურა კიდევ უფრო მჭიდროდ აახლოვებს ტრაგედიას სკაბრეზულობასთან. 1870 წლის საჯარო სკანდალი: ცნობილმა პირწავარდნილმა შფოთისთავმა, პრინც პიერ ბონაპარტმა ტყვია ესროლა ახალგაზრდა ჟურნალისტ ვიქტორ ნუარს, რომელმაც მის უმაღლესობას დუელზე გამოწვევის გადაცემა გაუბედა. მონარქისტული განუკითხაობის ამ მსხვერპლის დაკრძალვას 100 000 ადამიანი დაესწრო, ეს მოვლენა მეორე იმპერიის დაცემის მომასწავებელ მეხის გავარდნას ჰგავდა. გულმოთუთქულმა მოქანდაკემ ჭაბუკი უკიდურესი სიზუსტით გამოსახა, ტანისამოსის ერთი ნაოჭიც არ გამორჩენია. სწორედ ამ ნატურალიზმის გამო, ან, შეიძლება, განგებაც (ნუარს მექალთანეს სახელი ჰქონდა) ქანდაკების შარვალი უბეში საკმაოდ თვალშისაცემადაა გამობზეკილი. ალბათ, თავიდან ეს ნაკლებად შეიმჩნეოდა, მაგრამ ასზე მეტი წლის შემდეგ ბრინჯაოს ამ ბორცვმა თვალისმომჭრელი მბზინვარება შეიძინა. საქმე ის გახლავთ, რომ ქანდაკება უიღბლო სიყვარულისაგან გატანჯული ან უნაყოფო ქალების წარმართული თაყვანისცემის ობიექტად იქცა - ისინი ნუარს ყვავილებს სწირავენ და გულმოდგინედ უსვავენ ხელს მაგიურ ადგილს. ამბობენ, ზოგიერთს შველისო.
ამ სიუჟეტს უკვე საბოლოოდ გადავყავართ წელსქვევითა სფეროში, მაგრამ აქ ვერაფერს გავაწყობთ: ამ საჩოთირო თემისათვის გვერდის ავლა იქნებოდა პერ-ლაშეზის აურის ცენზურირების, მისი გამოფიტვის ტოლფასი. სასაფლაოს მთელი რიგი ღირსშესანიშნაობები ამა თუ იმ კუთხით უკავშირდება მამაკაცის სასქესო ასოს - როგორც მოკლული ჟურნალისტის შემთხვევაში, მის მომეტებულ სიჭარბეს, ანდა, პირიქით, მის მრავლისმთქმელ ნაკლულოვნებას.
რომანტიკულ მიჯნურთა, აბელარისა და ელოიზას ნეშტი აქ XIX საუკუნეში გადმოასვენეს და მედიდურ გოთურ სამარხში მოათავსეს. როგორც ცნობილია, ელოიზას განრისხებულმა გამზრდელმა დასაჯა გოგონას ტკბილხმოვანი მაცდუნებელი, დაასაჭურისა იგი და ამით შეუძლებელი გახადა შეყვარებულთა ფიზიკური ერთადყოფნა. აბელარი და ელოიზა იძულებულნი გახდნენ, დარჩენილი სიცოცხლე მონასტერში გაეტარებინათ და კვლავ ერთ სარეცელზე მხოლოდ შვიდასი წლის შემდეგ, მოქანდაკის ნებითღა აღმოჩდნენ.
დასაჭურისების კიდევ ერთი აქტი, ასევე შებღალული ზნეობის შედეგად რომ მოხდა, იმ ფრთაშესხმული ანგელოზის მიმართ განახორციელეს: უფრო სწორედ, სანახევროდ ანგელოზის, სანახევროდ სფინქსისა, რადგან ანგელოზს არ გააჩნია სქესობრივი ნიშნები, ხოლო სფინქსს - ფრთები. ეს ქანდაკება ამშვენებს ოსკარ უაილდის საფლავს, მამათმავალთა მომლოცველობის ადგილად რომ ქცეულა. თუ ჭორებს დავუჯერებთ, მათ შორის ისეთი თავზე ხელაღებულნიც კი აღმოჩნდნენ, კვარცხლბეკზე აძრომას და ქვის ამ მონსტრთან სქესობრივი კავშირის დამყარებას რომ ახერხებდნენ, რის გამოც მას კასტრაცია ჩაუტარდა. თუმცა, მომლოცველები ამან როდი დააფრთხო. მონუმენტი პომადიანი ტუჩების ანაბეჭდებითაა აჭრელებული, მის ფერხთით ნახავთ უაილდისადმი მიმართული სასიყვარულო ბარათების გროვებს. სივდილიდან ასი წლის შემდეგ ოსკარი ბევრად უფრო მეტად უყვართ, ვიდრე სიცოცხლეში. ჰოდა, გამოდის, რომ plaisirs d’amour ზოგჯერ chagrins d’amour-ზე ბევრად უფრო დროგამძლეა, ეს უკანასკნელი ხომ მხოლოდ და მხოლოდ toute la vie გრძელდება[5], - ეს გავიფიქრე და ფოტოკამერა შავ კატას მივუშვირე, სწორედ იმ წამს მრავალნატანჯი სფინქსის მუხლიდან პომადის ალოკვა რომ დაეპირებინა.
უკვე მოსკოვში ჩასულმა სურათი რომ გავამჟღავნე, მასზე, ცხადია, ვერავითარი კატა ვეღარ აღმოვაჩინე, ქვაზე მხოლოდ გამჭვირვალე ჩრდილი მოჩანდა.



[1] "რა მშვენიერი სიკვდილია!" (ფრანგ.) ნაპოლეონის მიერ წარმოთქმული ფრაზა ლ. ტოლსტოის რომანიდან "ომი და მშვიდობა".



[2] რა მშვენიერი სასაფლაოა (ფრანგ.).



[3] ტექსტში ამ და სხვა ლექსების თარგმანი ეკუთვნის ვასილ გულეურს.



[4] აქ პერიფრაზირებულია მ. ლერმონტოვის ლექსი `Воздушный корабль~.



[5] ფრანგული გამოთქმის პერიფრაზი: “Plaisirs d’amour ne durent qu’un moment, chagrins d’amour durent toute la vie” ("სიყვარულის სიამე მხოლოდ ერთ წამს გრძელდება, სიყვარულის სევდა კი - მთელ სიცოცხლეს").



თარგმნა თამარ კოტრიკაძემ




© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

სუზენ ზონტაგი – მოგზაურობის ანგარიში


სუზენ ზონტაგმა გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე (სონტაგი 2004 წლის დეკემბერში გარდაიცვალა) დაასრულა ეს ესსე, რომელიც ჰალდორ ლაქსნესის რომანის, “ყინულის მთის ძირას” ინგლისური თარგმანის წინასიტყვაობას წარმოადგენს.
დიდტანიანი პროზაული ნაწარმოები, რომელსაც უკეთესი სახელის არარსებობის გამო, რომანი ეწოდება, უნდა გათავისუფლდეს მე-19 საუკუნეში დაკისრებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ვალდებულებისგან: მოგვითხროს იმ პერსონაჟების ამბავი, ვისი როლი და ბედისწერაც ჩვეულებრივი, ე.წ. რეალური ცხოვრებიდან იქნება აღებული. ნარატივები, რომლებიც ამ ხელოვნურ ჩარჩოს სცდებიან და სხვაგვარ ამბებს მოგვითხრობენ, ან საერთოდ არ მოგვითხრობენ რაიმე ამბავს, მე-19 საუკუნეზე ბევრად უფრო ძველ ტრადიციებს ეყრდნობიან, მაგრამ ისინი, დღესაც კი, ინოვაციურად, ულტრალიტერატურულად ან ძალიან უცნაურად გვეჩვენება. მახსენდება რომანები, რომლებიც უმთავრესად დიალოგებითაა აგებული; რომანები, რომლებიც საშინლად კომიკურია (და ამდენად, ზღვარგადასული), ან სულაც დიდაქტიკურია; რომანები, რომელთა პერსონაჟები დღე და ღამ ფიქრებში გართულნი არიან, ან სმენადქცეულ თანამოსაუბრეს სულიერ თუ ინტელექტუალურ საკითხებზე ეკამათებიან; რომანები, რომლებიც მოგვითხრობენ, თუ როგორ ეზიარება გულუბრყვილო ყმაწვილი არაამქვეყნიურ სიბრძნესა თუ მწარე სიმართლეს; რომანები, რომელთა პერსონაჟებსაც ზებუნებრივი ძალა აქვთ, მაგალითად, გარდასახვა ან მკვდრეთით აღდგომა შეუძლიათ; რომანები, რომლებშიც წარმოსახვითი გეოგრაფიული გარემოა აღწერილი. გაუმართლებელი იქნება, თუ ავდგებით და უბრალოდ, რომანებს დავარქმევთ ისეთ ნაწარმოებებს, როგორიცაა: “გულივერის მოგზაურობა”, “კანდიდი”, “ტრისტრამ შენდი”, “ჟაკ-ფატალისტი და მისი ბატონი”, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, გერშენზონისა და ივანოვის “ორი კუთხიდან მიმოწერა”, კაფკას “ციხე-სიმაგრე”, ჰესეს “ტრამალის მგელი”, ვულფის “ტალღები”, ოლაფ სტეპლდონის “უცნაური ჯონი”, გომბროვიჩის “ფერდიდურკე”, კალვინოს “უხილავი ქალაქები”, ან სულაც პორნოგრაფიული ნარატივები. იმის საჩვენებლად, რომ ჩამოთვლილი ტექსტები რომანის ტრადიციულ ჩარჩოში ვერ თავსდება, სპეციალური ტერმინებია შემოღებული: “სამეცნიერო ფანტასტიკა”, “ზღაპარი, იგავი, ალეგორია”, “ფილოსოფიური რომანი”, “რომანი-სიზმარი”, “ვიზიონერული რომანი”, “ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა”, “სიბრძნისმეტყველებითი ლიტერატურა”, “პაროდია”, “სექსუალური საკითხავი”. ტრადიცია გვავალებს, რომ გასული საუკუნეების არაერთი ლიტერატურული შედევრი აუცილებლად ამ კატეგორიებიდან რომელიმეში მოვათავსოთ. მხოლოდ ერთი რომანი ვიცი, რომელიც ყველა მათგანს თანაბრად შეესაბამება - ეს ჰალდორ ლაქსნესის სრულიად ორიგინალური, დაუნდობელი და ამავე დროს ძალიან სასაცილო წიგნია: “ყინულის მთის ძირას”.
სამეცნიერო ფანტასტიკა
1864 წელს გამოქვეყნდა ჟიულ ვერნის “მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ”, სამკაციანი ჯგუფის ამაღელვებელი თავგადასავალი, რომელსაც მინერალოგიის გერმანელი პროფესორი – ფიცხი და გადარეული გიჟი-მეცნიერი ხელმძღვანელობს. ეს ხალხი ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაეშვება ისლანდიის ყინულებში, კერძოდ სნეფელში და მოგზაურობის დასასრულს მოქმედი ვულკანის გადახსნილი პირიდან ამოდის სხვა კუნძულზე, სტრომბოლიში, სიცილიის სანაპიროზე. სნეფელი კიდევ ერთ სრულიად ფანტასტიკურ მისიას მასპინძლობს ასი წლის შემდეგ, 1968 წელს, ისლანდიელი მწერლის, ჰალდორ ლაქსნესის რომანში, რომელშიც ნათლად ჩანს გაცნობიერებული ირონია: სამეცნიერო ფანტასტიკის ფრანგმა მამამთავარმა ხომ ისლანდიური ადგილი მიისაკუთრა. ამჯერად მიწის გულში ჩასვლა საჭირო აღარ არის, ყინულის მთის უბრალო სიახლოვეც საკმარისია იმისთვის, რომ წარმოუდგენელი კოსმიური მისტერიები დატრიალდეს.
რაიმე უჩვეულოს გამოგონება, რასაც ხშირად სასწაულებრივ, ჯადოსნურ ან ზებუნებრივ მოვლენად აღიქვამენ, თხრობის მუდმივი ამოცანაა. მასში მოსახვედრად ტრადიცია ფიზიკურ ადგილს გვთავაზობს: გამოქვაბულს, გვირაბს ან ორმოს, რომელსაც ძალიან უცნაურ თუ სულაც მოჯადოებულ სამეფოში შევყავართ, სადაც ალტერნატიული რეალობა გვხვდება. ლაქსნესის ამბავში სნეფელის სიახლოვეს ცხოვრება ისეთ წარმოუდგენელ სიმამაცეს არ მოითხოვს, მიწის გულამდე ჩასვლას რომ სჭირდება. აქაურმა ისლანდიელებმა კარგად იციან: ყინულის მთა თავად არის სამყაროს ცენტრი. ზებუნებრივი (ეს ცენტრი) ზედაპირზევეა მოცემული, ყოველდღიური ცხოვრების საბურველით - სოფელში, რომლის გზააცდენილმა პასტორმაც საეკლესიო მსახურების განხორციელება, ბავშვების მონათვლა, მკვდრების დამარხვა შეწყვიტა. ქრისტიანობა (ისლანდიელები ევანგელისტი ლუთერანები არიან) ისაა, რაც ნორმალურია, ისტორიულია, ლოკალურია* (მიწათმოქმედ ვიკინგთა კუნძული ქრისტიანულ რწმენაზე ერთ დღეში მოექცა, ალტინგზე – მსოფლიოს უძველესი ეროვნული პარლამენტის სხდომაზე, 999 წელს). ის კი, რაც შორეულ სნეფელში ხდება, ანომალურია, კოსმიურია, გლობალურია.
სამეცნიერო ფანტასტიკა ორი მიმართულებით უპირისპირდება დროისა და სივრცის კონვენციურ იდეებს. ერთი მხრივ, დრო შეიძლება შემოკლდეს ან “ირეალური” გახდეს, ხოლო მეორე მხრივ, სამყაროში არის განსაკუთრებული ადგილები, სადაც იდენტობისა და მორალის მმართველი ნაცნობი კანონები სრულიად დარღვეულია. სერიოზული სამეცნიერო ფანტასტიკის ნიმუშებში ეს ის ადგილებია, სადაც სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. უფრო მსუბუქ ვერსიებში კი ამგვარი გეოგრაფიული გამონაკლისი სიბრძნის დაგროვების ადგილი ხდება. სნეფელი სწორედ ასეთი ტერიტორიაა, ან ასეთი ჰგონიათ. აქ ხალხი საკუთარი მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს და როგორც ჩანს, არავის აღელვებს იმ გარემოს უნიკალურობა, რომელიც მის ირგვლივაა: “ამ ადგილებში არავის ეპარება ეჭვი, რომ ყინულის მთა სამყაროს ცენტრია”. სნეფელი ერთგვარ ლაბორატორიად ქცეულა, სადაც რაღაც ახალი და ამაღელვებელი ხდება: ის იდუმალი ყარიბობის ადგილია.
როგორც თხრობის ნაირსახეობა, სამეცნიერო ფანტასტიკა ალეგორიული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ძიების თანამედროვე ვარიანტია. მას ხშირად სახიფათო ან იდუმალი მოგზაურობის სახე აქვს, რომელსაც გულადი, თუმცა კი უმეცარი მოგზაური გვიამბობს - სწორედ ის, დაბრკოლებებს მამაცურად რომ უმკლავდება, რათა სხვა რეალობას დაუპირისპირდეს და იქ უამრავი რამ აღმოაჩინოს. სწორედ ამ კაცის ხარჯზე (რადგან ის ყოველთვის კაცია) იძენს ცოდნას ადამიანთა მოდგმა, რადგან ქალები მთელი კაცობრიობის წარმომადგენლებად კი არ მოიაზრებიან, არამედ მხოლოდ ქალების ნაწილად. ქალმა შეძლება თავისი სქესი წარმოადგინოს. მხოლოდ კაცი წარმოადგენს კაცსა თუ კაცობრიობას – ყველას. რა თქმა უნდა, მდედრობითი სქესის პროტაგონისტი შეიძლება ბავშვს წარმოადგენდეს (“ალისა საოცრებათა ქვეყანაში”), მაგრამ არა ზრდასრულ ადამიანს.
ამგვარად, ორივე წიგნს: “მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ” და “ყინულის მთის ძირას”, პროტაგონისტად და მთხრობელად კეთილშობილი, გულუბრყვილო ახალგაზრდა კაცი ჰყავს, რომელიც საკუთარ სურვილს უფრო ასაკოვანი ავტორიტეტული ფიგურის ნებას უმორჩილებს. ვერნის მთხრობელი, აქსელი, გამოჩენილი პროფესორის, ლიდენბროკის ობოლი ძმისშვილი და ასისტენტია. ის უარს ვერ ეუბნება ბიძას, ისლანდიელ გიდთან ერთად ახლდეს ამ მოგზაურობაში, თუმცა დარწმუნებულია: ეს მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ. ლაქსნესის რომანში კი, რომელიც პაროდიული შენიშვნით იწყება, მთხრობელი უსახელო ახალგაზრდაა, ვისაც რეიკიავიკში მყოფი ისლანდიელი ეპისკოპოსი სნეფელის ყინულის მთის ძირას მდებარე სოფელში გზავნის - “უმნიშვნელოვანესი კვლევის ჩასატარებლად ჟიულ ვერნის ეპოქიდან მთელს მსოფლიოში ცნობილი მთის შემოგარენში”. მან უნდა გაარკვიოს, თუ რა მოუვიდა იქაურ სამწყსოს, რომლის წინამძღოლსაც – პასტორ იონ იონსონს, რომელსაც პრიმუსს უწოდებენ – 20 წელია, ხელფასი არ აუღია. ნუთუ იქაურები ისევ ქრისტიანები არიან? ხმები დადის, მათ ეკლესიის კარი აჭედეს და აღარც საეკლესიო მსახურება ტარდებაო, პასტორი იმ ქალთან ცხოვრობს, ვინც მისი ცოლი არ არისო და იმასაც ამბობენ, მან ვიღაცის გვამი ყინულში ჩატოვაო.
ეპისკოპოსი ახალგაზრდა კაცს ეუბნება, რომ მან უამრავი წერილი გაუგზავნა პრიმუსს, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ახლა კი სურს, მისმა წარგზავნილმა მთელი სოფელი დაათვალიეროს, პასტორს გაესაუბროს და მისი სულიერი მდგომარეობა სათანადოდ შეაფასოს.
სამეცნიერო ფანტასტიკის მიღმა
“ყინულის მთის ძირას” ფილოსოფიური რომანი და რომანი-სიზმარიცაა. ის აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო წიგნია, რაც კი ოდესმე დაწერილა. თუმცა ეს ჟანრები – სამეცნიერო ფანტასტიკა, ფილოსოფიური რომანი, რომანი- სიზმარი, კომიკური რომანი – ისეთი გამოკვეთილი არ არის, როგორიც შეიძლება გვეგონოს.
მაგალითად, ორივეს: სამეცნიერო ფანტასტიკასაც და ფილოსოფიურ რომანსაც სჭირდება მთავარი პერსონაჟები, რომლებიც სკეპტიკურები, შეუპოვრები, ამავე დროს კი განცვიფრებისა და აღფრთოვანებისთვის მზადმყოფნი იქნებიან. სამეცნიერო ფანტასტიკა, ჩვეულებრივ, მოგზაურობის გეგმით იწყება ხოლმე. ფილოსოფიური რომანი კი შეიძლება მოგზაურობის გარეშეც გავიდეს ფონს – ფიქრი ნაკლებ მოძრაობას ითხოვს – თუმცა ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით კლასიკური მამაკაცური წყვილის შემთხვევაში: ბატონი, რომელიც კითხვებს სვამს და მოსამსახურე, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, ანუ ის, ვინც საგონებელშია ჩავარდნილი და ის, ვისაც ჰგონია, რომ პასუხები აქვს.
სამეცნიერო ფანტასტიკაში პროტაგონისტი, პირველ რიგში, საკუთარ შიშებს უნდა მოერიოს. სრულიად გასაგებია აქსელის მღელვარება, ვინც ფიქრობს, რომ ბიძამისი სულელურ ავანტიურაში ჩაითრევს და თავს მიწაში ამოაყოფინებს. საკითხავი ის კი არ არის, აქედან რას ისწავლის, არამედ ფიზიკურად გაუძლებს თუ არა იგი იმ შოკს, რომელიც აუცილებლად დაატყდება. ფილოსოფიურ რომანს რაც შეეხება, აქ შიშისა და ნამდვილი საფრთხის ელემენტი მინიმალურია, ან საერთოდ არ არის. მთავარი გადარჩენა კი არაა, არამედ ის, რასაც შეიტყობს გმირი, თუ საერთოდ შეიტყობს რამეს. ცხადია, ცოდნის შესაძენად აუცილებელი პირობებიც განსჯის საგანი ხდება.
როცა ლაქსნესის წიგნში ერთ გულუბრყვილო ახალგაზრდა კაცს ისლანდიის ეპისკოპოსი სნეფელში მიმდინარე მოვლენების გამოძიებას დაავალებს, ის უარს აცხადებს და ამბობს, რომ ამ მისიის აღსასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია არ აქვს. “არც შესაფერისი გარეგნობა”, - მოხერხებულად დაამატებს იგი და მაგალითად თავისი სიყმაწვილე და ავტორიტეტის ნაკლებობა მოაქვს, რაც ხელს შეუშლის, გულდასმით გამოიძიოს პატივსაცემი მოხუცის მიერ პასტორალური მოვალეობების უგულებელყოფა - მით უფრო მაშინ, როცა ამ უკანასკნელს თვით ეპისკოპოსის სიტყვებიც კი არ შეუსმენია. ეს ახალგაზრდა კაცი (მკითხველს ეუბნებიან, რომ იგი 25 წლისაა და სტუდენტია) სტუდენტი-თეოლოგი მაინც თუ არის? არა, არც კი. სასულიერო სფეროში აპირებს მოღვაწეობას? სულაც არა. დაქორწინებულია? არა (როგორც ვიგებთ, სინამდვილეში უმანკოა). მაშ, რა პრობლემაა? არც არანაირი. ბრძენი ეპისკოპოსის თვალში, კანდიდივით გამოუცდელი ახალგაზრდა ისლანდიელის უმეცრება სწორედ ის არის, რაც მას საჭირო პიროვნებად აქცევს. ამ ყმაწვილკაცს რომ შესაბამისი კვალიფიკაცია ჰქონოდა, ალბათ ცდუნებას ვერ გაუძლებდა და იმ ყველაფერს განსჯიდა, რაც ნახა.
ეპისკოპოსი უხსნის: ახალგაზრდამ მხოლოდ ის უნდა გააკეთოს, რომ თვალები ფართოდ გაახილოს, ყველას მოუსმინოს და შენიშვნები ჩაიწეროს. ეპისკოპოსმა იცის: მას ამის შესრულება შეუძლია - ყმაწვილკაცს აკვირდებოდა, როცა იგი სტენოგრაფიულ ჩანაწერს აკეთებდა სინოდის ბოლო კრებაზე და იმასაც იყენებდა... რა ჰქვია? ფონოგრაფს? მაგნეტოფონს ვიყენებდი, - პასუხობს ახალგაზრდა კაცი. ეპისკოპოსი კი აგრძელებს: ჩაწერე ყველაფერი, რასაც დაინახავ და გაიგონებ. ოღონდ არ განსაჯო.
ლაქსნესის რომანი მოგზაურობის ამბავიცაა და ანგარიშიც.
ფილოსოფიური რომანი უმთავრესად რომანული გამონაგონის იდეასთან დაპირისპირებით ვითარდება. ერთ-ერთი ცნობილი ხერხია, წარმოადგინო გამონაგონი, როგორც ავტორის სიკვდილისა თუ გაუჩინარების შემდეგ ნაპოვნი ან აღდგენილი დოკუმენტი: გამოკვლევა, ჩანაწერები, დღიური, პირადი წერილები.
ლაქსნესის წიგნის ანტი-რომანული მხარეა ის, რომ მკითხველს მომზადებული ან მომზადების პროცესში მყოფი დოკუმენტი აქვს ხელში, უფრო განსახილველად წარდგენილი, ვიდრე ნაპოვნი. მწერლის მახვილგონივრული ჩანაფიქრით, “ანგარიშს” ორი მნიშვნელობა აქვს: ანგარიში მკითხველის წინაშე, ხან პირველ პირში მოთხრობილი, ხან კი შეულამაზებელი დიალოგის სახით მოწოდებული, რომელიც სტენოგრაფიულ რვეულებში ჩაწერილი საუბრებიდან და დაკვირვებებიდან იმ ანგარიშის მასალადაა შერჩეული, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწერილა და არც არავის წაუკითხავს. ლაქსნესის ნარატივი მებიუსის ლენტს ჰგავს: ანგარიში მკითხველისთვის და ანგარიში ეპისკოპოსისთვის მუდმივად ერთმანეთში გადადის. პირველი პირის ხმა, სინამდვილეში, ჰიბრიდული ხმაა. ახალგაზრდა კაცი – ვის სახელსაც ვერასდროს გავიგებთ – ხშირად საკუთარ თავს მესამე პირში ახსენებს. “ქვემორე ხელისმომწერი” - თავიდან იგი სწორედ ასე გვეცნობა. შემდეგ საკუთარ თავს “ეპისკოპოსის ემისარს” უწოდებს, შემოკლებით “ეპიემს” და რომანის ბოლომდე ქვემორე ხელისმომწერად თუ ეპიემად რჩება.
იქაურები ისლანდიის ეპისკოპოსის ემისრის ჩამოსვლას ელიან - ამას ეპიემი მაშინ იგებს, როცა ავტობუსი შორეულ სოფლამდე მიიყვანს გაზაფხულის ერთ დღეს, მაისის დასაწყისში. ეპიემის კოლორიტული, გულდახურული და ამავე დროს მაინც სოფლურად ენაჭარტალა ინფორმანტები იმთავითვე ყოველგვარი ზედმეტი ცნობისმოყვარეობისა თუ ანტაგონიზმის გარეშე მისცემენ დაკითხვის უფლებას. ჰო, რომანში კომიკური ეფექტი აქვს იმას, რომ სოფლელები მას ისე მიმართავენ, როგორც “ეპისკოპოსს”. როცა იგი შეახსენებს, უბრალო ემისარი ვარო, ისინი პასუხობენ, თქვენი როლი სულიერად ეპისკოპოსთან გათანაბრებთო. ეპისკოპოსის ემისარი, ეპისკოპოსი – რამ გაყო?
ჰოდა, ეს სერიოზული, მორიდებული ყმაწვილკაცი, ვინც ზოგჯერ სიმორცხვის გამო საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს, სად აღარ დადის, ვის აღარ ესაუბრება - ეს რომანი ხომ საუბარია, კამათია, სჯა-ბაასია, ხმამაღლა ფიქრი და განსჯაა. ყველას, ვისაც იგი ესაუბრება, წარმართული ან პოსტ-ქრისტიანული იდეები აქვს დროის, მოვალეობების და სამყაროს წარმმართველი ძალების შესახებ: ყინულის მთის ძირას მდებარე პატარა სოფლის სულიერი სახე სრულიად გადასხვაფერებულია. ახლა აქ მოუხელთებელ პასტორ იონთან ერთად – ვინც, პურის ფულს იმით შოულობს, რომ ყველანაირ საქმეს აკეთებს მთელს დასახლებაში და როცა ეპიემი საბოლოოდ მაინც გამოიჭერს, იგი ამ ახალგაზრდას შოკში აგდებს თავისი საეჭვო თეოლოგიური დაკვირვებებით – მოქმედებს გურუების ინტერნაციონალური კონკლავი, რომელთაგან ყველაზე გამოჩენილი დოქტორი გოდმან სინგმანია ოუჰაიდან, კალიფორნიიდან. ეპიემს არ სურს, რომელიმე ერეტიკულ მიმდინარეობაში გაერიოს. უნდა, რომ ისევ სტუმრად, დამკვირვებლად, სტენოგრაფისტად დარჩეს: მისი ამოცანაა, უბრალოდ სარკე იყოს. თუმცა როცა ეროსი პასტორის იდუმალი ცოლის, უას სახით შემოიჭრება, იგი თავიდან უხალისოდ, მერე კი დიდი გატაცებით თმობს პოზიციებს და ამ ყველაფრის მონაწილე ხდება. მას რაღაც უნდა, რაღაც არ ასვენებს. მგზნებარე სურვილი საბოლოოდ ამოხეთქავს. ეს უკვე მისი მოგზაურობა, მისი ინიციაციაა (“ანგარიში უბრალოდ სისხლად და ხორცად კი არ მექცა, ჩემი ცხოვრების არსი შეერია ამ ანგარიშს”). მოგზაურობა მაშინ სრულდება, როცა იდუმალი არსება მოჩვენება აღმოჩნდება და ქრება. ეროტიკული გარდასახვის უტოპია ხომ მხოლოდ სიზმარი იყო. ინიციაციის დარღვევა კი მაინც რთულია. პროტაგორნისტმა უნდა იმუშაოს, რათა რეალობას დაუბრუნდეს.
რომანი – სიზმარი
მკითხველები იოლად ამოიცნობენ სკანდინავიური მითოლოგიისთვის დამახასიათებელ სიზმარეულ სამყაროს, რომელშიც მამრის სულიერ ძიებას მარადქალური საწყისის სულგრძელობა თუ მოქნილობა ეხმარება და საფრთხეებისგან იცავს. იბსენის “პერ გიუნტის” სოლვეიგის, სტრინდბერგის “სიზმრების თამაშის” ინდრას ტყუპისცალი და - უა საოცარი ქალია, რომელიც გადაიქცევა: ალქაჯად, მეძავად, დედად, საყვარლად, სიბრძნის უშრეტ წყაროდ. უა ამბობს, რომ 52 წლისაა, ანუ ორჯერ უფროსია ეპიემზე – იგივე ასაკობრივი სხვაობაა, შენიშნავს იგი, წმინდა ტერეზასა და სან ხუან დე ლა კრუსს შორის რომ იყო, როცა მათ ერთმანეთი გაიცნეს. სინამდვილეში, ის სახეცვალებადია, უკვდავია. მარადიულობას აქ ქალის სახე აქვს. უა პასტორ იონის ცოლია (მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკეა) და აქამდე ბორდელის მეძავიც ყოფილა ბუენოს აირესში, მონაზონიც და კიდევ უამრავი ვინმე. იგი თითქმის ყველა ძირითად ენაზე საუბრობს. უსასრულოდ ქსოვს: ხელთათმანებს - როგორც ამბობს, პერუელი მეზღვაურებისთვის. დიდი უცნაური ამბავია: სავარაუდოდ, ის მოკვდა, თევზად გადაიქცა და რაღაც დროის მანძილზე ყინულში იდო, ახლა კი პასტორმა იონმა მკვდრეთით აღადგინა და სადაცაა, ეპიემის საყვარელიც გახდება.
ეს მითის უბრალო პაროდია კი არ არის, არამედ ჩრდილოურ სტილში წარმოდგენილი მარადიული მითოლოგიაა. სტრინდბერგმა მისი დავიწყებული შედევრის “სიზმრების თამაშის” წინასიტყვაობაში დაწერა: “დრო და სივრცე არ არსებობს”. დრო და სივრცე მუდმივად იცვლება რომან-სიზმარში, სიზმრების თამაშში. დრო შეიძლება ყოველთვის გაუქმდეს. სივრცე მრავალია.
სტრინდბერგთან უდროობა და უადგილობა ირონიული არ არის, ლაქსნესთან კი პირიქით - ის თავის რომანში განზრახ მიმოაბნევს უხეშ დეტალებს – ისტორიულ ნიშნულებს, რომლებიც მკითხველს შეახსენებს, რომ ეს მხოლოდ ჩრდილოური მითოლოგიის ფოლკლორული დრო კი არ არის, არამედ ნარცისულ-აპოკალიფსური ლტოლვის უმნიშვნელოვანესი წელი: 1968. წიგნის ავტორი, ვინც პირველი რომანი 19 წლის ასაკში გამოაქვეყნა და ხანგრძლივი, სრულიად არაპროვინციული ცხოვრების მანძილზე (95 წლის გარდაიცვალა) 60 რომანი დაწერა, იმ დროს 66 წლის იყო. ისლანდიის ერთ-ერთ სოფელში დაბადებული მწერალი 1920-იანი წლების ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძირითადად ჰოლივუდში ცხოვრობდა. ბრეხტთან მეგობრობდა. 30-იან წლებში საბჭოთა კავშირშიც იმყოფებოდა. ამ რომანს როცა წერდა, სტალინის მშვიდობის პრიზი (1952) და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია (1955) უკვე მიღებული ჰქონდა. მას იმ ეპიკური რომანებით იცნობდნენ, ღარიბი ისლანდიელი გლეხების შესახებ რომ დაეწერა. სუფთა სინდისი ჰქონდა. ათწლეულების მანძილზე საბჭოთა კავშირით იყო აღფრთოვანებული, მერე ტაოიზმით დაინტერესდა. სარტრის “წმინდა ჟენე” წაიკითხა და საჯაროდ დაგმო ამერიკული ბაზების არსებობა ისლანდიაში, ამერიკის ომი ვიეტნამში. “ყინულის მთის ძირას” კი საერთოდ არ ასახავს ამ ყველაფერს. იგი უკიდურესი დაცინვის, თავისუფლებისა და ენამახვილობის ნიმუშია. ის არაფერს ჰგავს, რაც კი ლაქსნესს ოდესმე დაუწერია.
კომიკური რომანი
კომიკურ რომანშიც გულუბრყვილო მთხრობელი გვხვდება: ადამიანი, რომელსაც რაღაც ბოლომდე არ ესმის და შეუფერებლად უშრეტი მხნეობა თუ ოპტიმიზმი აქვს. პასტორი იონი, უა, სოფლელები - ყველა ეუბნება ეპიემს, რომ ის ვერაფერს ხვდება. “პატარა კი ხარ, მაგრამ ცოტა ხომ არ წაიშტერებ, ჩემო ბიჭუნა?” - ეკითხება უა ალერსიანად. ყოველ ნაბიჯზე ცდებოდე, მაგრამ გულს არ იტეხდე, შეცდომებს მამაცურად აღიარებდე და მაინც ჯიუტად აგრძელებდე იმავე საქმეს – ეს ხომ კომიკური სიტუაციაა (გულწრფელობის კომედია ყველაზე კარგი მაშინ გამოდის, როცა პროტაგონისტი ახალგაზრდაა, როგორც სტენდალის ავტობიოგრაფიულ “ანრი ბრიულარის ცხოვრებაში”). წესიერი და პატიოსანი გმირი, ვინც აბსურდულ სიტუაციებში ამოყოფს ხოლმე თავს, ცდილობს, იოლად მიაგნოს გამოსავალს და უმრავლეს შემთხვევაში, წარმატებასაც აღწევს. იმას, რომ უსახელო მთხრობელი ხან “მე”-ს ამბობს და ხან საკუთარ თავზე მესამე პირში ლაპარაკობს, დეპერსონალიზაციის უცნაური ელფერი დაჰკრავს, რაც ასევე სიცილს იწვევს. ხმების დაუდევრად არევა მთელს პათოსს ანგრევს. ის კომიკური გმირის მონათხრობის ნაკლებ სანდოობაზე მიანიშნებს.
სულაც არ იქნება კომიკური, რომ მართლაც განსაცვიფრებელი ან აბსურდული რამ გაგიკვირდეს. ეპისკოპოსის დავალება – რასაც არ უნდა გადაეყაროს მისი ახალგაზრდა ემისარი, ყველაფერი ჩაინიშნოს – თავისი არსით, უკვე კომიკურ სცენარს წარმოადგენს. ეპიემი ყოველთვის ინიშნავს იმ აბსურდულ სიტუაციებს, რომლებშიც აღმოჩნდება: მაგალითად, სოფელში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში პასტორის მოსამსახურე მას ყოველ დღე მხოლოდ ნამცხვრებით უმასპინძლდება.
გაიხსენეთ ბასტერ კიტონისა და ჰარი ლენგდონის ფილმები, გაიხსენეთ გერტრუდ სტაინის წიგნები. კომიკური სიტუაციის მთავარი ელემენტებია: გაქვავებული სახე, ერთი და იმავეს გამეორება, ნაკლები ემოციურობა, იმის ვერ მიხვედრა (ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც), თუ რას აკეთებს სხვა (რაც მაყურებელს თავგზააბნეულ გმირთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს), მიამიტური საქციელი, შეუსაბამო მხნეობა – ეს ყველაფერი ბავშვურობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
კომიკურობა სასტიკიცაა. ეს არის რომანი დამცირების – გმირის დამცირების შესახებ. ის უძლებს იმედგაცრუებას, უძილობას, შიმშილს (არა, ახლა ეკლესია ღია არ არის. არა, ახლა ამას ვერ მიირთმევთ. არა, არ ვიცი, სად არის პასტორი). ეს იმ იდუმალ ავტორიტეტთან დაპირისპირებაა, რომელიც საკუთარ თავს ბოლომდე არ ამჟღავნებს. პასტორმა იონმა თავის ავტორიტეტზე უარი მაშინ თქვა, როცა საეკლესიო მოვალეობების აღსრულება შეწყვიტა და მექანიკოსი გახდა, თუმცა, სინამდვილეში, ბევრად უფრო დიდ, მისტიკურ, კოსმიურ, გალაქტიკათშორის ავტორიტეტთან მისასვლელი გზა იპოვა. ეპიემი შემთხვევით გადააწყდება რაღაც შეკრებას - იმ ავტორიტეტული ფიგურების თავყრილობას, რომელთა წარმომავლობისა და ძალების გაშიფვრას ვერ ახერხებს. რა თქმა უნდა, ისინი თაღლითები, შარლატანები არიან და არც არიან - ან, ყოველ შემთხვევაში, გულუბრყვილო მსხვერპლი იმსახურებს მათ არსებობას (როგორც შარლატანი მოძღვრებისა და სოფლელი ბრიყვების შესახებ დაწერილ გაცილებით პირქუშ უნგრულ რომანში, კრასნაჰორკაის “სატანტანგოში”). საითაც არ უნდა გაიხედოს ეპიემმა, მაინც ვერაფერს ხვდება და არც არავინ ეხმარება იმაში, რომ რამე გაიგოს. პასტორი გასულია, ეკლესია დაკეტილია. თუმცა განსხვავებით, ვთქვათ, კაფკას “ცოხესიმაგრის” კ.-სგან, ეპიემი არ იტანჯება. არსად ჩანს, რომ ამ დამცირებების გამო ტკივილს გრძნობდეს. რომანში უცნაური სიცივე იგრძნობა. ის სასტიკიცაა და მხიარულიც.
ვიზიონერული რომანი
კომიკურ რომანსა და ვიზიონერულ რომანსაც აქვთ რაღაც საერთო: ბუნდოვანება. კომიკურ ასპექტს უაზრობა და სიცარიელე ქმნის, რაც უდავოდ დიდი რესურსია კომედიისთვის და აგრეთვე, სულიერებისათვის – აღმოსავლური (ტაოისტური) ვერსიით მაინც, რომლითაც ლაქსნესი იყო აღფრთოვანებული.
რომანის დასაწყისში ახალგაზრდა კაცი მცირე წინააღმდეგობას მაინც გამოხატავს, რადგან თვლის, რომ ეპისკოპოსის მიერ დაკისრებული მისიის განხორციელების უნარი არ შესწევს. შეკითხვებს სვამს: რა უნდა ვთქვა? რა უნდა ვქნა?
ეპისკოპოსი პასუხობს: “უბრალოდ, რაც შეიძლება, ცოტა თქვი და ცოტა აკეთე. თვალები ფართოდ გაახილე. ამინდზე ილაპარაკე. იკითხე, შარშან და შარშანწინ როგორი ზაფხული იდგა-თქო. თქვი, ეპისკოპოსს რევმატიზმი აწუხებს-თქო. თუ ვინმეს ასევე აწუხებს რევმატიზმი, ჰკითხე, რა ადგილას გტკივათ-თქო. ნუ შეეცდები, რაიმე გამოასწორო...”
აი, ეპისკოპოსის კიდევ ერთი სიბრძნე: “ნურაფერში ჩაერევი – იყავი გულგრილი!... რაც შეიძლება, მეტი წერე მესამე პირში... არანაირი შემოწმება-გადამოწმება!... არ დაგავიწყდეს, რომ ცოტა ვინმე თუ გადმოგიგდებს სიმართლის მარცვალზე მეტს: არავინ გეტყვის სიმართლის დიდ ნაწილს, მით უფრო მთელ სიმართლეს... როცა ადამიანები საუბრობენ, ისინი საკუთარ თავს ამჟღავნებენ, სულ ერთია, ტყუილს ამბობენ თუ მართალს... დაიხსომე, ნებისმიერი ტყუილი, განზრახ ნათქვამიც კი, ხშირად უფრო მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს, ვიდრე სრულიად გულწრფელად მოყოლილი სიმართლე. არ შეასწორო ისინი და არც ინტერპრეტაცია სცადო”.
განა ეს სულიერების თეორია და ლიტერატურის თეორია არ არის?
ცხადია, სულიერების მხრივ ყინულის მთის ძირას ქრისტიანობის საზღვრებს დიდი ხნის წინ გასცდნენ (პასტორი იონი ფიქრობს, რომ ყველა ღმერთი, რომელსაც ხალხი ეთაყვანება, თანაბრად კარგი და თანაბრად არასრულყოფილია). ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე ბუნების კანონი. და ღმერთებს რა როლი ენიჭებათ? რელიგიას? მკრეხელური სიმსუბუქე, რომლითაც ღრმააზროვან კითხვებს სვამენ ამ რომანში, მეტად შორს არის იმ სერიოზულობისგან, რუსულ თუ გერმანულ ლიტერატურაში რომ ახლავს მათ. ეს საოცრად მომხიბლავი რომანია, რომელიც პაროდიად მოჩანს. ეს “ნიუ ეიჯის” სახალისო აბდაუბდით სავსე რელიგიური სატირაა. ეს იდეების წიგნია და არაფრით ჰგავს ლაქსნესის არცერთ სხვა ნაწარმოებს.
ლაქსნესს ზებუნებრივი ძალის არ სჯეროდა. მას ცხოვრების სისასტიკის სწამდა: მხოლოდ სიცილი რჩება უასგან, იმ ქალისგან, ვის წინაშეც ეპიემმა ფარ-ხმალი დაყარა და ვინც უკვალოდ გაქრა. რაც მოხდა, სიზმარივით მოჩანს, ანუ ძიების რომანი მაინც რეალობასთან სავალდებულო დაბრუნებით მთავრდება. ეპიემი სასტიკ ბედისწერას ვერსად გაექცევა.
“თქვენი ემისარი თავის სამგზავრო ჩანთიანად გაიძურწა შუა სიცილში”, - ამგვარად ასრულებს ეპიემი ეპისკოპოსისთვის წარსადგენ ანგარიშს. რომანიც ასე მთავრდება. “დამფრთხალი ვიყავი და თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი იმავე ბილიკზე, რომლითაც აქ მოვედი. იმედი მქონდა, რომ მთავარ გზას ისევ მივაგნებდი”. “ყინულის მთის ძირას” საოცარი რომანია, რომელშიც ყველაზე ამბიციური შეკითხვებია დასმული, მაგრამ ის რომანთან ერთად მოგზაურობაცაა, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, მკითხველი კი გაოგნებული, გულმოსული და - თუ ლაქსნესის წიგნმა თავისი საქმე შეასრულა - ალბათ მთავარი გზის ხელახლა პოვნის სურვილით ნაკლებად შეპყრობილი უნდა დარჩეს, ვიდრე თვით ეპიემია.

* წიგნის ისლანდიური სათაური სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც “ქრისტიანობა ყინულის მთასთან”.
The New York Times Book Review, 2005
ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


ახალი წიგნები – 2009 - ივნისი

დათო ტურაშვილი, ჯინსების თაობა, თბ. “ბაკურ სულაკაურის”, 2008.

კარგა ხანია, ქართველი ავტორის წიგნს მკითხველის ასეთი დაინტერესება არ გამოუწვევია. გამოცემიდან რამდენიმე დღეში დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" წიგნის თაროებიდან გაქრა და გამომცემლობას ტირაჟის გამეორება დასჭირდა. ახალგაზრდები, რომელთაც "ჯინსების თაობის ბიჭებს" ეძახდნენ და რომელთა ტრაგიკულმა ბედმაც მილიონობით ადამიანი შეზარა, ამდენი წლის შემდეგაც უდიდეს ინტერესს იწვევენ. დღემდე არ წყდება კამათი, თუ ვინ იყვნენ ისინი - თავისუფლების იდეით შეპყრობილი, საბჭოთა საპყრობილიდან თავის დაღწევის სურვილით ატაცებული გმირები თუ ტერორისტები, რომელთა უპასუხისმგებლო საქციელმა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. აზრები განსხვავდებოდა მაშინაც და განსხვავებულია ახლაც, თუმცა, განაჩენი, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა ამ ახალგაზრდებს გამოუტანა, დღემდე ყველასთვის შემზარავია. ეს წიგნი არის პასუხი იმაზე, თუ რატომ უნდა დანგრეულიყო ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ერქვა. კავშირი, რომელიც არ შედგა.

გაიუს სალუსტიუს კრისპუსი, თხზულებები, ლათინურიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო გიორგი ქაჯაიამ. რედაქტორი ნანა ტონია. თბ. "ლოგოსი" 2008.

გაიუს სალუსტიუს კრისპუსს რომაელ თუკიდიდეს უწოდებენ, ნაკლებად ღრმას, თუმცა, ბევრად ცოცხალსა და დრამატულს. იმ ტიპის თხზულებათა ანალოგი, როგორიც სალუსტიუსმა შექმნა, რომაული ლიტერატურისთვის უცხო იყო. სალუსტიუსი მხოლოდ მოვლენებს კი არ აღწერდა, მათ ფსიქოლოგიურ ანალიზსაც ახდენდა. სალუსტიუსის თხზულებებიდან ჩვენამდე მოღწეულია ისტორიული ნაშრომები - "კატილინას შეთქმულება" და "ომი იუგურთასთან," აგრეთვე 6 ვრცელი და 500-მდე ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაგმენტი მისი "ისტორიებიდან." ავტორის ცხოვრება დრამატიზმით იყო აღსავსე, რაც მაშინდელმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა. კეისრის სიკვდილმა, რომის ქაოტურმა საზოგადოებრივმა ცხოვრებამ, პირადმა იმედგაცრუებამ სალუსტიუსს სახელმწიფო ასპარეზი დაატოვებინა და ამ მოვლენების აღწერისთვის მიაყოფინა ხელი. მისი ტექსტები ძალზე საყურადღებოა რომის ისტორიის რეალური და ობიექტური სურათის წარმოსადგენად. წინამდებარე ნაშრომში რომაელი ავტორის ჩვენამდე მოღწეულ თხზულებათა ქართულ თარგმანს მთარგმნელის გამოკვლევა და კომენტარებიც ახლავს. თარგმანი შესრულებულია ორიგინალიდან და ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება.

დიდება შენდა! თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო მანანა გიგინეიშვილმა. თბ. "პეგასი", 2008.

მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ღვთის სახედ და ხატად არის შექმნილი, ადამიანი შემოქმედს განადიდებს. ყველა საუკუნეს თავისი ნიშანი აქვს, ყველა ერს - საკუთარი რელიგია და ტრადიცია, თუმცა, გულიდან აღმომხდარი "დიდება შენა!" თანაბრად მისაღებია ყველა მათგანისთვის.
"უძველესი დროიდან დღემდე ყველა რელიგია მოძღვრავდა ადამიანს, რომ მან თავისი ღვთაებრივი სამშობლოსკენ გზა უნდა გაიკვლიოს, რომ ადამიანმა უნდა იზრუნოს თავის სულიერ ამაღლებაზე. რელიგია ღმერთთან ადამიანის კავშირის აღდგენას ემსახურებოდა. ეს კი მიიღწეოდა სათნოებით, ღვთისმსახურებით, ღვთის დიდებით, ქებით," - წერს წიგნის შესავალში მანანა გიგინეიშვილი. სწორედ ღვთის დიდების ნიმუშებია თავმოყრილი წინამდებარე კრებულში, დაწყებული ეგვიპტის ფარაონ ეხნატონის მზის სადიდებლიდან - შავკანიანთა რელიგიური სიმღერების, სპირიჩუელსების ჩათვლით. მასალის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა და მთარმნელის დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, წარმოდგენილი ტექსტები ბოლო წელიწადნახევარში ითარგმნა. ფრანგი, ესპანელი, გერმანელი, ინგლისელი და რუსი, ასევე, შუა საუკუნეთა ლათინურენოვანი ავტორები ორიგინალიდანაა თარგმნილი. ეგვიპტური პოეზიის ნიმუშები, მკვდართა წიგნის, რიგვედის, ათჰარვავედის, ავესტის, ესეველთა ჰიმნებისა და სხვათა შემთხვევაში კი მთარგმნელი მათ მეცნიერულ თარგმანებს ეყრდნობა.

ერლენდ ლუ, "ნაივური. სუპერი", თარგმნა თამარ კვიჟინაძემ, თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2009.

"ამ წიგნზე მუშაობისას იდეალური პირობები მქონდა: ვცხოვრობდი მეგობარ გოგონასთან ერთად შვედეთში, სადაც არავის ვიცნობდი. საქმე არაფერი მქონდა, მეც ვიჯექი და ვწერდი. სხვათა შორის, ორი წლით ადრე უკვე ვიცოდი, რომ აუცილებლად დავწერდი წიგნს სახელწოდებით "ნაივური. სუპერი". თუმცა, წარმოდგენა არ მქონდა, რაზე იქნებოდა ის," - წერდა ამ რომანის შესახებ თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ. მისი თხზულებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი და ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვიდრე ხელში კალამს აიღებდა, სხვადასხვა სფეროში სცადა ძალები: გამოდიოდა თეატრალურ სცენაზე, იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს და ვიდეოკლიპებს, მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სკოლაში - მასწავლებლად. მისი ლიტერატურულ დებიუტს "ქალის ტყვეობაში" ერქვა. ეს იყო რომანი, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. "ნაივური. სუპერი" კი გამოსვლისთანავე ევროპულ ბესტსელერად იქცა, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემია მიიღო. ავტორი 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც ყოფისა და ყოფიერების სირთულეებისგან გაქცევას სათამაშო დაფის კაკუნით ცდილობს. მარტივი ენა, მოკლე ფრაზები, მინიმალისტური სტილი - ლუს საფირმო ნიშანია, თუმცა, ეს მოჩვენებითი სიმარტივეა, რომლის უკან დიდი ცხოვრებისეული ფილოსოფია იმალება. ფერადი ბურთებითა და ბავშვურობით გაჯერებული სამყარო.

დარიო ფო, პიესები, იტალიურიდან თარგმნეს ილია გასვიანმა და მარიეტა ჩიხლაძემ. თბ. "ინტელექტი", 2008.

"ძვირფასო აკადემიის წევრებო! თქვენ ამჯერად მართლა გადააჭარბეთ... ამ ათიოდე წლის წინ ნობელის პრემია შავკანიანს მიანიჭეთ... შემდეგ ებრაელს... ახლა კი - მასხარას! რა ხდება? როგორც ნეაპოლელები იტყვიან ხოლმე, ჭკუაზე ხომ არ შევიშალეთ?" - ამ შეკითხვის ადრესატი ნობელის პრემიების მიმნიჭებელი კომისია გახლდათ, ავტორი კი იტალიელი მწერალი დარიო ფო, რომელიც 1997 წლის ლიტერატურის ნობელიანტი გახდა. ადამიანი-თეატრი – ასე უწოდებენ მას თანამედროვენი, რადგან ეს საოცარი ადამიანი თავადაა რეჟისორიც, მსახიობიც და სცენარისტიც. მისი კომედიები წარმატებით იდგმება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე და დიდი წარმატებითაც სარგებლობს. თეატრმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ფოს ტექსტები თავისი პოლიტიკური და სოციალური პრობლემებით თეატრის ყველა კანონს ამსხვრევს. ამას თავადაც აღიარებს, როცა ამბობს, რომ თეატრში კანონები არ უნდა არსებობდეს. მის შემოქმედებაში თავმოყრილია ჟონგლიორთა ხელოვნება და კომედია დელ არტეს გამოცდილება, კლასიკოსთა მემკვიდრეობა და ხალხური თქმულებები. ყველა ამ კომპონენტის შერწყმა თანამედროვე სამყაროსთან იმ თვითმყოფად და განსხვავებულ სამყაროს აყალიბებს, რასაც დარიო ფოს სასცენო ხელოვნება ჰქვია.

დორის ლესინგი, ნაპრალი, ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ. თბ. "ინტელექტი", 2008.

2007 წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში მეთერთმეტედ გადასცეს ქალბატონს. ეს გახლდათ 88 წლის ბრიტანელი დორის ლესინგი, რომელიც ამ ფაქტს იუმორით შეხვდა: ალბათ, გადაწყვიტეს, სანამ საიქიოს გზას დავადგებოდი, მანამ აჯობებდა ჩემი დაჯილდოებაო – ხუმრობდა ფემინიზმის "დედად" შერაცხული მწერალი. დამოუკიდებელი, ძლიერი ქალის თემატიკა მის შემოქმედებაში ერთ-ერთი წამყვანია, თუმცა, თავს ფემინიზმის იდეოლოგად არ მიიჩნევს. "მე ჩემი გამოცდილება აღვწერე - ის, თუ როგორ ფიქრობენ და ცხოვრობენ ქალები... იარლიყად კი "ფემინისტი" მომაკრეს, რამაც ძალზე დამაზარალა"-ო. დორის ლესინგი თანამედროვე ინგლისურენოვან მწერალთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. წერს კულტურათა დაპირისპირებაზე, რასობრივ უსამართლობაზე, ადამიანის ფსიქოლოგიაზე, დამოუკიდებელ, ძლიერ ქალებზე. მისი ნაწერების უმეტესობა ავტობიოგრაფიულია. 1950 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი "ბალახი მღერის," რომელიც კრიტიკოსებმა მოვლენად აღიარეს. ნაწარმოები ზიმბაბველთა ცხოვრებას და აპარტეიდის რეჟიმის კოშმარებს აღწერდა და მის გამო ავტორს ზიმბაბვესა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩასვლა აეკრძალა. "ნაპრალი" ლესინგმა ნობელის პრემიის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოაქვეყნა (2007). მწერალი ჩვენი ძველისძველი წინაპრების, "ნაპრალოსნებად" წოდებული ქალების მცონარე სამყაროს გვიხატავს. სამყაროს, სადაც არ არსებობს მამაკაცი, აქედან გამომდინარე, არც სექსუალური ინტრიგები, ეჭვიანობა და შუღლი. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს დაბადებული მამრი ამ ნეტარ ყოფას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს. როგორ ვითარდება მოვლენები, წიგნიდან შეიტყობთ.

ეუჯენიო მონტალე, იტალიურიდან თარგმნეს ლელა ბერიძემ და მზია კობერიძემ. თბ. 2008

XX საუკუნის იტალიური პოეზიის ყველაზე გამორჩეული ხმა, ეუჯენიო მონტალე (1896-1981) ქართულ ენაზე უკვე მეორეჯერ აჟღერდა. დანტეს, ლეოპარდისა და დანუნციოს ლიტეატურულ ტრადიციებზე აღზრდილი პოეტი თავის შემოქმედებაში მსოფლიო სევდას ატარებს, ცხოვრებისეულ ტკივილებს უმღერის და რომანტიზმის შლეიფში ხვევს. როგორც ამ წიგნის შესავალში მონტალეს ქართველი მთარგმნელი წერს, მისი განუკურნებლად იტალიური, რთული პოეზია მშობლიურ მკითხველამდეც კი უამრავი განმარტებისა და კომენტარის წყალობით აღწევს და ქართველი მკითხველის ყური შეიძლება კიდეც დაძაბოსო. თუმცა, პოეზია რისი პოეზიაა, თუკი ასეთი ბარიერები არ გადალახა. ვფიქრობთ, ქართველი მკითხველი დიდად ისიამოვნებს მონტალეს სამი პოეტური კრებულით (სიპინის ნიჟარები-1920-1927, ის შემთხვევითობანი-1928-1939, გრიგალი და სხვა-1940-1954), მით უფრო, რომ თარგმანთან ერთად ორიგინალის გაცნობის შესაძლებლობაც გვეძლევა.

რუსუდან ცანავა, მეტაფორა, რედაქტორი თამარ ლომიძე, თბ. “შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2009.

მეტაფორა ბერძნული სიტყვაა და "გადატანას" ნიშნავს. ეს ტერმინი არისტოტელემ დაამკვიდრა და მისი ოთხი ტიპიც გამოყო. მას შემდეგ საგანთა ან მოვლენათა აღმნიშვნელი რომელიღაც კლასის ნიშან-თვისებათა გადატანა სხვა კლასის საგნებსა და მოვლენებზე არაერთი ცნობილი მკვლევარის ინტერესის საგანი გახდა. "არისტოტელედან მოყოლებული, ყველა ხელოვანი და მკვლევარი აღიარებს, რომ მეტაფორა არის ტექსტის მხატვრულობის ძირითადი საზომი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეტაფორა "შეიჭრა" ყველა სფეროში: ყოველდღიურ მეტყველებაში, სამეცნიერო გამოკვლევებში, რეკლამაში. ეს მრავლისმომცველობა და "ყველგანმყოფობა" უფლებას გვაძლევს დავეთანხმოთ ორტეგა-ი-გასეტის მოსაზრებას, რომ მეტაფორა არის სამყაროს შეცნობის გასაღები". სწორედ სამყაროს შეცნობის გასაღების ძებნაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია რუსუდან ცანავას წინამდებარე ნაშრომი, რომელიც განსაკუთრებულად ლიტერატურისმცოდნეებსა და ენის მკვლევარებს დააინტერესებს.

ნანა კობაიძე

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

რუსა ამირეჯიბი – ორი მოთხრობა


ყველაზე საძულველი

სიმხდალე დილითვე დამეძგერა და ახლაც ისე მაჯანჯღარებს, რომ გულ-მუცელი ერთმანეთში მეზილება. რიგი აქაც თუ იარსებებდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ მეთხუთმეტე მაინც ვიქნები. ამ რაღაც, ერთჯერადად გადასატანი მომენტის შიში გონებას მაკარგვინებს. თან, ამაზე კი არ ვბრაზდები, პირიქით, საკუთარი თავის სიბრალულის კედლებშუა ვარ ჩაჭედილი და მაზოხისტურად მსიამოვნებს, რომ ცოდო ვარ. ეს ისე აღმაგზნებს, როგორც ხარს წითელი ფერი. ნეტავი ხარი მაინც ვიყო რააა, თანაც ესპანელი, მთელ ცხოვრებას ბრძოლაში გავატარებდი, კორიდა და რამე... ვაჟკაცურად ვიცოცხლებდი და მოვკვდებოდი.Aაბა, ესაა სიცოცხლე?
გვერდშიც რომ არავინ მყავს, ვინც ხელს დამიჭერს და თვალებში თანაგრძნობით ჩამხედავს? მამაკაცს ვგულისხმობ. ისე უთავმოყვარეოდ მეშინია, რომ იმასაც კი წამოვიყოლებდი და ვაყურებინებდი, როგორ მჩრიან რაღაც საძაგლობას ხახაში და მე რა საწყლად ვაღვარღვარებ ცრემლებს. ალბათ, ძააან შევეცოდებოდი და ამის გამო უფრო ძლიერადაც შევუყვარდებოდი, რა თქმა უნდა, საერთოდ რომ ვუყვარდე. არ მყავს შეყვარებული და მარტო მივეთრიე ზონდის გადასაყლაპად. მუცლის ღრუში რაღაც მტანჯავს, ექიმმა და დედაჩემმა: სხვანაირად არ გამოვაო... ჯანდაბა რააა. რა გადაუშვებს შლანგს? ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი შეგრძნება მექნება: საყლაპავ მილში გამეჭედება და ისე გამომიტენის, რომ ალბათ ნერწვის ადგილიც არ დარჩება. რა მოხდება, განიერი საყლაპავი აღმომაჩნდეს? ვაიმე, მეშინია რააა, მეშინია და მეზიზღება! რა ვქნა?
რა და, უნდა გავმაგრდე და "გავპირველდე", რიგშიც და საკუთარ თავშიც. დიდი რამე, წვრილი ზონდი ჩამისრიალონ მუცელში. დიდი ამბავი.. რა მოხდა რაა, უარესი არაფერი გადამიშვია? მაგრამ უარესი რა უნდა ყოფილიყო? გველი მე არ გადამიყლაპავს და... მოიცა, ჯერ გავიხსენებ რაები მეზიზღება, იქნება და... აი, მაგალითად, მეზიზღება ვირთხა! ამიტომ თავს დავდებ, რომ არ მიმირთმევია, არც დამიჭერია და შემიწვავს, ანდაც მომიხარშავს. მხოლოდ მიჩხუბია:
უფანჯრო, ბნელ სამზარეულოში ვიდექი და ყავის ფინჯანს ვავლებდი წყალს. სხვა კარიდან შევედი, შუქის ჩამრთველი კი მეორე კართან იყო და ანთება დამეზარა. გარეთ ზაფხული იყო, კარგ ხასიათზე ვიყავი და შლოპანციან ფეხს ჩემს ღიღინს ვაყოლებდი, რომ გასიებული ვირთხა სიბნელეში სულ შემთხვევით დამეჯახა. იმ წუთას ვერც კი მივხვდი რა იყო, მაგრამ ფეხებში რომ ამოძრავდა და ჩემს ყურამდე, საზიზღარი წრიპინიც მოვიდა, მივხვდი რა დღეც დამადგა.Aარ ვიცი საით ჰქონდა მარშრუტი, მაგრამ ჩემი შლოპანცში გაყრილი თითები თვალებში რომ აეფარა, ნამდვილად მადისაღმძვრელად მოეჩვენა (ალბათ სოსისს მიამგვანა, ნანახი კი ექნებოდა და გასინჯულიც). ჰოდა, ეცა! დავიღრიალე. სამკვდრო ბრძოლა გაიმართა ჩვენ შორის სრულ სიბნელეში, მოწინააღმდეგეს კიდევ კარგი ვერ ვხედავდი. ფეხებს ვიქნევდი და შლოპანცებს აქეთ-იქით ვისროდი. ვირთხას ერთი-ორი მოვადე კიდეც. ისიც ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდა. შიშისგან საკუთარ კანშივე ვხტუნაობდი და ტვინში ავარდნილმა სისხლის შხუილმა წამიერად ის ბგერები გამახსენა, ტალღამ რომ ჩამიხვია სარფში და წყლისქვეშა სიბნელეში, ტალღის და კენჭების შხუილმა ფაქტიური სიკვდილი რომ ჩამყვირა შიშისგან გაშეშებულ გონებაში. დღემდე მიკვირს ინსულტი რომ არ ავიკიდე, გინდ მაშინ და გინდ ვირთხასთან.
რა თქმა უნდა, გავიმარჯვე. ჩემი ოჯახის წევრები კი გვერდით ოთახში ისხდნენ და გულხელდაკრეფილნი ისმენდნენ ჩემს ყურითგაუგონარ და უმოწყალო გინებას, ღრიალს და ბრახა-ბრუხს... მე კი ამ დროს იმას ვებრძოდი, რისიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მეშინოდა. როგორც მერე გავარკვიე, სცოდნიათ, რომ ვირთხა ჩვენს ძველ სახლს შემოეჩვია და ჩუმ-ჩუმად უგმანავდნენ ხვრელს. ასე რომ, მშვენივრად მიმხვდარან რაშიც იქნებოდა საქმე, მაგრამ ჩხუბისადმი ჩემი დიდი მიდრეკილების იმედი ჰქონდათ და საკუთარი არტერიებიც ვერ გაიმეტეს შხამიანი სისხლის ცირკულაციისთვის. მე გავიმარჯვე, მაგრამ ვირთხაზე გამარჯვებამ მისი შიში კი არ დამაძლევინა, პირიქით ფობია ჩამომიყალიბა, სამუდამო ზიზღის გრძნობა ჩამინერგა გულში და ნერვებიც თავმოყვარეობასავით გამიშიშვლა. შენიშვნაზე დედაჩემმა მიპასუხა, ვირთხა რას დაგაკლებდა, შენ იმაზე შხამიანი ხარ, კიდევ კარგი თავს უშველა და გაიქცა, თორემ დასასაფლავებელი გამიხდებოდაო.
რა უცანურია, ღიმილი და კარგი განწყობა იმან მომიტანა, ვინც ყველაზე ძალიან მეზიზღება: ვირთხამ! რა დროს კარგი განწყობაა, ვა! სასწრაფოდ თავი უნდა დავირწმუნო, რომ ზონდის გადაყლაპვა არც იმაზე აურესია ვიდრე... ვიდრე... ვიდრე რა?Aაუუფ, ჯინაზე ვერაფერს ვიხსენებ. თითქოს, ისეთი სათნო ანდაც საწყალი ვიყო, რომ ამქვეყნად ყველა და ყველაფერი მიყვარდეს... აუ, მეშინია რაა.
არა, ვერაფრით ვიხსენებ, რა მიჭამია ან დამილევია ისეთი რაც მეზიზღება! ვატყობ ეს უკვე მაინტრიგებს, ოღონდ თან ნერვებს მიწეწავს. ნახე რააა, მაინდამაინც ისინი მიტივტივებენ თავში, რაებიც ძალიან მიყვარს: ლუდი, მარწყვი, შოკმანჟე, ბადრიჯანი, ღომი, ხაჭაპური. რა უბედურებაა ეს? უზმოზე მოდიო!.. მშია. ლამისაა ამ საშინელი შენობიდან მოვკურცხლო, აქვე საცხობს მივვარდე შიზოფრენიკივით, ადამიანების რიგი მუჯლუგუნებით გავარღვიო და დავიკივლო: რამდენიმე ფენოვანი ხაჭაპური! "კ ჩორტუ" ზონდი! გავვარდე? ნერწყვი მახრჩობს. მიშველეთ ვინმემ, ადამიანები არა ხართ? დეეე, დამეხმარე რაა. უი, რა ვუთხრა მერე დედაჩემს? ვერ მოვითმინე, გავქუსლე და მუცელი ამოვიყორე-მეთქი? არაა, ასე არ შეიძლება! კურდღელი კი ვარ, მაგრამ თავმოყვარეობა?! ბარემ აქამდე მოვსულვარ, დავპირდი და ხომ არ დავაღალატებ? არადა, ყავა და სიგარეტი ისე მინდა, რომ ჭამას აღარ დავეძებ, მგონი სული მეპარება. ყავა, ყავა, ყავა... ერთი ამბავი მახსენდება, რა დროს ესააა, მაგრამ...
ეკასთან ჩემი ექს-შეყვარებული დამხვდა თავის ახალ სატრფოსთან ერთად. ეს გოგო ვერ მიტანდა და მეც შესაბამისად... ყავა მოვადუღე, ყველას ჩამოვურიგე მის გარდა და გამარჯვებულმა დავლიე. ზოგს ჩაეღიმა, ზოგმა თავი გაიქნია, მხოლოდ ეგ წყვილი იჯდა დაყენებული სახით, ვითომც ვერაფერს მიხვდნენ. კმაყოფილებამ სულ ცოტა ხნით გადამავიწყა მარტოობის დაფუფქული შეგრძნება, იმ პერიოდში რომ განსაკუთრებით მტანჯავდა... გავიდა დრო. საერთო მეგობრებთან ისევ გადავეყარეთ ერთმანეთს. ვმხიარულობდით, იყო სმა-ჭამა. დრომ თავისი ქნა, მოვითენთეთ. ყავა გაგვახსენდა. ადგა ტურფა და ყავის მოდუღებას შეუდგა. ცოტახანში ყავას ჩემ გარდა ყველა სვამდა. გამეცინა, მესიამოვნა და გული მომეფხანა. და რომ მოედუღებინა?...
თავი კი გავირთე, მაგრამ ზონდის გადაყლაპვა მაინც მიწევს, თანაც ისე, რომ მაგაზე უარესი ვერაფერი გავიხსენე. არადა, ნამდვილად მახსოვს, რომ რაღაცები მთელი ცხოვრება მეზიზღებოდა... რა ჯანდაბა მემართება? არა, როგორმე უნდა მოვერიო თავს და გავიხსენო რა დამილევია ან მიჭამია ისეთი, რაც საზიზღრად არ მიყვარს. საჭიროა საძაგლობაზე ვიფიქრო, უნდა გავიხსენო, ზონდს შევადარო და დავწმუნდე, რომ ყველაზე უარესი გამოვლილი მაქვს და მაგის გადაყლაპვა არც ისეთი ძნელია. აჰა: რძე! აი, რძეს რომ ვუყურებ, ანდაც მის სუნს ვსუნთქავ, გული მერევა. ეს წყეული სითხე ღმერთმა რატომ შექმნა რაა. ჩემთვის ასეა და... სითხე კი არა, ყველაზე საზიზღარი რამეა ამქვეყნად. ფუუ, კისერში მაჟრიალებს. ბავშვობაში დედაჩემისთვის მიკითხავს, დე, რა კარგი ქალი ხარ და რძეს რატომ სვამ-მეთქი... და ამ სიბილწის დალევა საკუთარმა მამამ მაიძულა. დაიჩემა, გინდა თუ არა, დალიეო, არადა იცოდა, რომ ვერ ვიტანდი. სოფელში ვყავდით მე და ჩემი და. ზაფხული იყო. ახალგაზრდა იყო, რომ გავჩნდი და ხუთის ვიყავი, როცა დაშორდნენ. იმ დროს, რძე რომ ჩამასხა, პატარა აღარც ის იყო და მეც აღარ მეგონა, თუ პატარა ვიყავი. გინდა არ გინდა, დალიეო. ვტიროდი, ვეხვეწებოდი. მიყვიროდა. მეშინოდა, ვაჭიანურებდი რძის მოსმას, უარესად ცოფდებოდა. ბოლოს, ერთი ყლუპი მოვსვი და პირში ჩავიგუბე. გემო რომ ვიგრძენი კუჭმა დამქაჩა და გული რომ არ ამრეოდა, პირიდან გამოვასხი. ცუდად გავხდი, პანიკა, შოკი, არ ვიცი ეს რა იყო. დღემდე ვფიქრობ, მინდა გავუგო მამას, რატომ მაიძულა დამელია ის, რაც იცოდა, რომ მეზიზღებოდა. ეს ფაქტი დღემდე ფეთქავს ჩემს მეხსიერებაში. როცა მახსენდება, კადრები ცოცხლდება, იმასაც კი ვხედავ სად ვიჯექი, ის სად და როგორ იდგა, ირგვლივ რა ნივთები იყო. ვერ ვუგებ, პასუხი ვერ მიპოვნია. მას მერე სულ ვცდილობდი ეს ამბავი დამევიწყებინა, ამიტომ არც მიკითხავს არაფერი. ახლა კი, ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად ვკითხავდი. არ ვიცი, ალბათ გულგრილი ადამიანი ვარ, უგულო და ეგოისტი, მაგრამ მამის ისეთი სიყვარული, როგორითაც დედა მიყვარს, არასდროს მიგრძვნია. ისიც არ ვიცი, ეს რძის ბრალია თუ უბრალოდ იმის, რომ უმამოდ გავიზარდე. კი, მესმის, რომ ახალგაზრდა იყო როცა გავჩნდი, მართლა მესმის, მაგრამ მე რა შეღავათი?
სულ ვფიქრობ ხოლმე, ვინ იცის, როგორი ვიქნებოდი მამასთან რომ გავზრდილიყავი. იქნებ უკეთესი ადამიანიც, უფრო ქალურიც, ვიდრე ახლა ვარ. მამაკაცთან ურთიერთობაც უკეთ მეცოდინებოდა. ალბათ ახლა მარტოხელაც არ ვიქნებოდი. უდარდელი, კონკრეტული და უფრო ცივი, გონისმიერ გადაწყვეტილებებს დავემორჩილებოდი და არა ჩემს ემოციებს, რომლებიც გამუდმებით ნეხვის ბუზებივით გარს მეხვევიან. შეიძლებოდა უკეთესადაც კი მეცხოვრა, გვეცხოვრა... მეც შედარებით მეტი კომფორტი მექნებოდა.
შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო, მამისეულ აღზრდას, შეიძლება ჩემში დათესილი პიროვნული მარცვლები დაეჩრდილა და აღარ აღმოცენებულიყო. ხასიათის ეს შტრიხები: ცნობიმოყვარეობა, მუდმივი ძებნის შეგრძნება, სპონტანურობა, აქეთ-იქით ხეტიალი, სიბრალულის გრძნობა, თავისუფლების დადგენა და მისი ამავდროული წყურვილი, მუდმივი დარდიანი უკმარისობა, - ეს ყველაფერი მე რომ მახასიათებს, მექნებოდა? რაღაზე ვიდარდებდი ნეტავი?
ალბათ, ასე სჯობს ვცხოვრობდე, მუდმივი ინტერესით და ცოტათი სევდით, როგორი იქნებოდა მამასთან გაზრდა. კი, ჯობს, რადგან ამაზე ფიქრის თემა აღარ მექნებოდა. არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი და სწორედ ეს მომწონს, რომ არ ვიცი. სწორედ ეს მისაინტერესოებს ცხოვრებას, სწორედ ამას მოაქვს წამიერი, ნაზი და ესთეტიკური სევდის განცდა, როცა მამა მახსენდება. ამ გრძნობის გარეშე ალბათ უშნოც ვიქნებოდი. შეიძლება თავს ვიმშვიდებ, მაგრამ ვერაფერს შევცვლი.
მეორე წყება შვილებთან როგორი ალერსიანი მამა აღმოჩნდა, კეთილი და მზრუნველი. ჯერ გული დამწყდა, მერე ვგრძნობდი, რომ ვბრაზდებოდი, შავი ბოღმა მეპარებოდა გულში. თირკმელზე სიმსივნე რომ ამოჭრეს, სანახავადაც არ მივედი. შევუთვალე დაბოღმილი და ნაწყენი ვარ-მეთქი. არც დაინტერესებულა, რატომ. ამის შემდეგ ჩემთან კონტაქტი გაწყვიტა და აღარ მინახავს, მალე გარდაიცვალა. ყველაზე ცოტა მე ვიტირე... ბოღმა ვარ, უგულო! სინანულის გრძნობა მტანჯავს და ეკლიანი ქარბორბალასავით დაბორიალობს სხეულში, მარადმწვანე ფიჭვივით ამოსულა სულში და თავისი წიწვებით მკაწრავს... თურმე, ჩემი თავი მეზიზღება ყველაფერზე მეტად, რძეზე მეტადაც კი... საკუთარი თავის შეჭმა კი ფიზიკურად შეუძლებელია, ასეც მომიხდება! ხანდახან მგონია, ყველაფერს გაპატიებდი რძე რომ არ დაგეძალებინა. მამა მიყვარხარ, მაპატიე. მინდოდა ისე ძლიერ მყვარებოდი, როგორც დედა მიყვარს და შენც ისე გყვარებოდი, როგორც შენი სხვა შვილები.
ესაა ჩემი თავისუფლება?
ესაა ნაზი და ესთეტიკური სევდა?
მირჩევნია ისევ უთავმოყვარეოდ მხდალი და საბრალო ვიყო.
ესაა საინტერესო ცხოვრება?
უუფ, დღეს ყველაფერი მძაფრად გამოდის, ფიქრიც კი! თვალის ყოველი დახამხამებისას მგონია, რომ შუქი ქრება...
ამასობაში რიგის თავში გავსულვარ, ოღონდ როგორმე ამოვიგლიჯო ეს დეპრესიული განწყობა, ყელზე ქვებივით რომ მკიდია და მიწისკენ მქაჩავს, მუხლებში რომ მღუნავს და მუცელში მატლებივით მიფუთფუთებს, ზონდს კი არა - თოკს გადავყლაპავ! ისევ ზონდი მირჩევნია! ზონდი მინდა!
- აიღეთ, დროზე, ქალბატონო ექიმო, ეგ დაწყევლილი ზონდი და ხახაში ჩამჩარეთ!

"მარშუტკაში”

სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯექი. გატეხილ განწყობაზე ვიყავი. ირგვლივ ყველაფერი მიუწვდომლად შორეული მეჩვენებოდა. გავსწორდი, მინიდან გარეთ ყურება დავიწყე, უცნაურად ვგრძნობდი თავს. მე ვერაფერზე ვფიქრობდი, ტვინი რაც უნდოდა იმას ფიქრობდა და რაც აწუხებდა, იმაზე აზროვნებდა, დამოუკიდებლად დაქროდა გაურკვეველ ადგილებში, უკაცრიელ მიწებს და დიდ თეთრ სათბურებს ხედავდა. არც მხედველობას, არც მგრძნობელობას აინუნშიც არ აგდებდა. მოკლედ, გონებას ვერ ვიმორჩილებდი.
გონება ფიქრობდა: ყველამ მანქანა იყიდა და თოხნისთვის ვისღა სცალია, სად დადიან ეს თბილისელები, მარშუტკით აღარ მგზავრობენ? მეღა დავრჩი უმანქანო. "სვეცკებზე” არ ვამბობ, შვებულებას რომ პარიზში ატარებენ.
თვალები უბრალოდ ხედავდნენ, ვიდეოკამერასავით იღებდნენ მომენტებს. თითქოს საკუთარი გონების ობიექტი ვიყავი. პროტესტის ფორმას ვეძებდი.
ყურებს ესმოდა: “გელაია ნახე ბიჯო? არა, ბიჯო, მაი წევიდა საცხა.” “აზრზე ხააარ?Bბაზარი არააო.Gგავოგნდი რააა”, “დაჯეეეეეეეეექი გოგო რას დეეყუდე, არ შემჭამა ამ ბოვშვმა?”, “ალო, გამარჯობა ჩემო მშვენიერო, მოგენატრე?”, “ეს რა საშინელი რადიოა, რუსულ რომანსებს ატრიალებენ, სურვილი არ მაქვს რომ მოვუსმინო". "აბააააააა, არც კი რცხვენიათ, რატომ უნდა ისმოდეს რუსული ენა საქართველოში?!”... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე პირველად გავბრაზდი ყურებზე იმიტომ, რომ ყველაფერი ესმოდათ.
გონება მიტინგზე იყო: “დავიშალოთ ეხლა, სახლში თითო ჭიქა ავწიოთ”. “გაუმარჯოს საქართველოს”. “ბატონო ლევან, თქვენ გმირი ხართ!” გონებამ თავი აარიდა ამაზე ფიქრს და სადღაც სხვაგან წავიდა.
თვალები ხედავნენ: მარშუტკაში ამოვიდა დაბალი, კომოდივით გოგო, მუთაქებივით ბარძაყები შავშლაქსშარვალში გამოეკრა, წვრილწვეტიანი შავი ფეხსაცმელი ეცვა, კლასიკური შავი პიჯაკის ქვეშ ისე ამაზრზენად უჩანდა სპორტული, ნაცრისფერი ზმეიკიან-კაპიუშონიანი ჟაკეტი, რომ გულწრფელად მომინდა მეჩხუბა. მარშრუტი წერეთლის გამზირს მიჰყვებოდა. დაძაბული მოძრაობა იყო, მანქანები თავის გადარჩენისთვის თითქოს ერთმანეთს აგინებდნენ, მუჯლუგუნებს კრავდნენ, ღალატობდნენ. ამასობაში თეთრი ლიმუზინი გაეჩხირა თვალებს, მტვრიან, ხმაურიან, არაქათგამოცლილ გამზირზე ვარდისფერბაფთიანი თავმომწონედ მოიზლაზნებოდა. ამის შემხედვარეს აგრესია თითქოს მხრებზე შემომახტა, გამაჭენეო, ჩამცხო და მე პირველად გავბრაზდი თვალებზე იმის გამო, რომ ყველაფერს ხედავდნენ. ისევ ჩხუბისკენ გაიწია გულმა. სიამოვნებით ვიჩხუბებდი, მაგრამ კონკრეტულად ვისთან ან რამდენთან? ისევ უნდა ჩამეყლაპა და ჩავყლაპე. აშკარად ნამდვილი ყლაპია ვარ.
ყურები რადიოს უსმენდნენ: "ამ სიმღერას ვუძღვნი ჩემს სასტავს, ეკოს, მაკოს, თაკოს, ლიკოს დიდი სიყვარულით, ნინიკო" და იწყება უგემოვნო ქართული პაპსა. პირი ალბათ გაიცინებდა. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად თავისუფალი მედიაა.
გონებას გაახსენდა: “სულს ამოგხდით, თქვე ფარისევლებო, სულს ამოგხდით!!! ვერ ვიტყვი გონება დამიბნელდა, ვამბობ გონება დაბნელდა. თვალებიც მასთან რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად გაშუშდებოდნენ. გული რომ ყოფილიყო, იბრაგუნებდა, ჩხუბისკენ გაიწევდა. გონებამ პირველად ინატრა პირი.
თვალები: შავ ჯიპში სიგარეტგაჩრილი სათვალიანი გოგო საჭესთან, მონოტონურად უხათქუნებდა თავს მუსიკას და ძალიან კმაყოფილი ჩანდა ცხოვრებით. შავტუფლიანი ახალგაზრდა კაცები საცხობთან ბირჟაობდნენ, ეკლესიასთან მათხოვრები ისხდნენ, შეყვარებული თინეიჯრები ჩახვეულები დასეირნობდნენ, ვიღაც ქალი გაბრაზებული თვალებით მიიჩქაროდა სადღაც, მოხუცებული ურნაში იქექებოდა, საკვებს ეძებდა თუ ბოთლებს, არ ვიცი, ვეღარ ვუყურე. ისევ გავბრაზდი. მზე ამ ყველაფერს კარგად აშუქებდა. საფეთქლები გამიხურდა. გრძნობები უკვე გაბრაზებული კაცებივით დადიოდნენ ჩემში წინ და უკან.. სხეული თითქოს მევიწროებოდა.. ნერვები ჩამეწნა.Mდრო კიოდა, მაგრამ არავის ესმოდა...
აი, გულმა ბრახუნი ამიტეხა, მივხვდი მასზე ფიქრის დრო იყო, მაგრამ გონება გამექცა, მასზე ფიქრისას გულს რა შეგრძნებაც სჩვეოდა, იგივე ემოცია გამოძვრა რომელიღაცა სოროდან და უკანვე შეძვრა. გამახსენდა, რომ ჩემი ტელეფონი არ რეკავდა. პატივმოყვარეობამ ზუსტად იცოდა რა უნდოდა.
პატივმოყვარე არ ვარ, უბრალოდ ხანდახან მაწუხებს ხოლმე. ვერ ვპატიობდი, რომ ის დღითიდღე, თავისი თავისთვის შეუფერებელი ხდებოდა. სინამდვილეში კი, უკვე მიმქრალი და დაბურული, მაგრამ მაინც დიდი ბრილიანტი ედო სადღაც სიღრმეში. ერთმანეთთან შეხვედრა კი იმიტომ არ შეგვეძლო, რომ სიღრმისეულთან მიახლოებაში ხელს ზედაპირული გვიშლიდა. მოკლედ რომ ვთქვათ, "სვეცკი" არ ვიყავი და თუ რატომ არ ვიყავი, ეს სხვა თემაა და ამაზე ლაპარაკის დრო ახლა არც მაქვს და თან თავის მართლებად ჩამეთვლება. ის კია, მისი აზრით, ამის ერთ-ერთი ხელისშემშლელი იყო ჩემი შეუნიღბავი გულახდილობა...
“ამპარტავნობასა და პატივმოყვარეობას მხარს უჭერენ ნაყროვანება და მრუშობა, ეს ყველა ვერცხლისმოყვარეობას უკავშირდება. შედეგი მრისხანებაა, ნაღველი, მოშვებულობა, ანუ გატეხილი გონების სინდრომი. ჰედონიზმი, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებაა. სადაც დაცემა ხდება, იქ უფრო ადრე სიამაყე მკვიდრდება. ამპარტავნობაა დაცემის წინა ნიშანი”... და რატომ არ უნდა მდომოდა მასთან ჩხუბი? თავისი ნებით, შეგნებულად კოტრიალობდა ტალახში, ყველაფერ ზნეობრივს არღვევდა და კიდევ აქეთ მიწუნებდა. ისევ შევცდი. აღმაფრენის ჩამოსვენება.
თვალები ხედავდნენ, რომ გარეთ მზე ყველაზე ბნელ კუნჭულსაც კი ანათებდა, აშრობდა თოკებზე დაკიდებულ სარეცხს, აბრჭყვიალებდა მინებს, ახტუნავებდა ბავშვებს. გარეთ მზე ყველგან ცოცხლობდა. ჩემში კი უძრავად იდგა მისი ჩრდილი.
ყურებმა გაიგონეს, რომ შიგნით ჩიტივით აფრთხიალდა გული.
თვალებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა ის მაღაზიიდან და სიგარეტგაჩრილ გოგოს შავ ჯიპში ჩაუჯდა.
გულში თითქოს საათი გაჩერდა.
და მე ვიგრძენი, რომ იმედი სარეველა ბალახს დამგვანებოდა და მასზე ნატვრა გონების სოროებში ციყვივით აღარ დაძვრებოდა. მძივებივით აესხნენ ფიქრები და სურვილებიც სეტყვასავით წამოვიდნენ: გულს სიყვარული სურს, გონს კეთილდღეობა, სულს ღიღილოების მინდორი.. ნუთუ სამივე ერთად არ შეიძლება?

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


ტომას პინჩონის ,,იმ დღის წინააღმდეგ’’


დროის მანქანაში

ლიუკ სანტი

,,იმ დღის წინააღმდეგ’’ სქელტანიანი წიგნია, სფინქივით იდუმალი, შიშისმომგვრელად სადა, თეთრი გარეკანით, რომელსაც ერთადერთი, ამოუცნობსიმბოლოებიანი ბეჭედი ამშვენებს. ეს წიგნი პინჩონის ყველაზე დიდ რომანებზე უფრო დიდიც კია - ,,გრავიტაციის ცისარტყელა’’ (760 გვერდი) და ,,მეისონი და დიქსონი’’ (773 გვერდი) სიდიდით ალბათ მხოლოდ მის ნახევარს თუ გაუტოლდება. ,,გრავიტაციული ცისარტყელასგან’’ განსხვავებით, ამ რომანს რამე ხელმოსაჭიდი, ადვილად აღსაწერი სიუჟეტი, რომელსაც წიგნისგან ლიტერატურის თანამედროვე ,,მომხმარებელი’’ მოელის, არც გააჩნია. ,,მეისონი და დიქსონი’’-სგან განსხვავებით, რომანი ძლიერი ნიშან-თვისებების მქონე, შთამბეჭდავ პერსონაჟებზე არ სდგას. სიუჟეტი მოუხელთებელია, მრავალწახნაგიანი, გადმოსაცემად არცთუ მარტივი, არც რომელიმე ჩვენთვის ნაცნობ ტერიტორიას ემეზობლება. რომანს ექვსი თუ შვიდი გამოკვეთილი და თავისდამახსომებელი მთვარი პერსონაჟი ჰყავს, მაგრამ ოცამდე სხვა, ამათგან განსხვავებული გმირიც გვხვდება; ,,გრავიტაციის ცისარტყელას’’ იმდენი განშტოება და ნიშა, მის სიუჟეტს კი იმდენი მთავარი ხაზი, უკან მოსაბრუნებელი გზა და კვალი, გვერდითი და საცალფეხო ბილიკი აქვს, რომ მკითხველს პერსონაჟები რამდენიმე ასეული გვერდით ეკარგება, ხელახლა გამოჩენისას კი მათი გახსენება უჭირს.
პინჩონის რომანებს ყოველთვის მათთვის დამახასითებელი რიტმი და ლოგიკა გააჩნია, რომლებსაც მკითხველი მუდმივად მონაცვლე ლანდშაფტში გადაჰყავს, და ამის გამო, მოქნილობისა და ავტორისეული განწყობისადმი მორგების მხრივ წარმოუდგენელ მზადყოფნას მოითხოვს. მთავარი ხაზიდან განზე გახვევას გამონაკლისის კი არა, მუდმივი ხასიათი აქვს. სცენების თანმიმდევრობა, რომელსაც რომანის მსვლელობის ტრადიციული გაგება გულისხმობს,…თანდათანობით უგრძეს პროზაულ ლექსებში გადადის, რომლებიც თავის მხრივ, მრავალ გვერდზე გადაშლილ განსჯის პროცესად იქცევა. როცა მკითხველის თვალი მშვიდდება, და თითქოს მისთვის უკვე გასაგებ ტექსტს კითხულობს, სიუჟეტი მალაყებს ჭიმავს და ჭკუამხიარულ ლაბირინთებს მიუყვება. იდეები, რომლებზეც მთელი რომანის აგება შეიძლებოდა, დაუნანებლადაა უკუგდებული, სამაგიეროდ, წვრილმანი, შემთხვევითი და წარმავალი წინა პლანზე წამოიწევა და თავბრუსხვევამდე განივრცობა. ამ რომანში სიუჟეტის სვლა-გეზის განვითარება თუ სხვა ,,საორგანიზაციო საკითხი’’ შეიძლება კამათლის აგდებით, ბარამბოს ღეროებზე ან ჩაის ფოთლებზე დაკვირვებით გადაწყდეს. ხანდახან, სიუჟეტში ისეთი რამეები ხდება, თითქოს, ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ,,ჰომეროსსაც ჩასთვლემია.”
ყველა ის ნიშან-თვისება, რომელიც პინჩონის ნამუშევრებში თავიდანვე გამოიკვეთა, რომანში ,,იმ დღის წინააღმდეგ’’ უპრეცედენტო სიგრძე-სგანეს იძენს. პირველი შთაბეჭდილებით, წიგნი უზამრაზარ არქიტექტურულ ნაგებობას ჰგავს, რომელსაც ურიცხვი ფლიგელი, კოშკურა, ფრთა და სათავსო აქვს, და თავიდან ბოლომდე სპონტანურად, უჩანაფიქროდ და უპროექტოდაა ნაშენები. ნაგებობა შორიდან შიშისმომგვრელი და დამთრგუნველი ჩანს, მაგრამ მიახლოებისას ახლობელი და მყუდრო გამოდგება და მნახველს კეთილგანწყობით ეგებება – სიმეტრიისა და იერარქიის მსგავს წნეხებს რომანი სრულიად მოკლებულია.
რამდენიმე ათწლეულის წინათ დაწერილი დიდტანიანი ბესტსელერების მსგავსად, ,,იმ დღის წინააღმდეგ’’ რამდენიმე თაობის ამბის დამტევი, 30 წელიწადის მომცველი საგაა, ქმედების არეალი აქ ჩრდილოეთ ამერიკის კლდიანი მთებიდან ჰიმალაებამდე და პოლუსიდან პოლუსამდეა გადაშლილი, თუმცაღა, თვითონ ქმედება ასე თუ ისე, ფათერაკების მაძიებელების – ,,როვერ ბოისის’’ მსგავსი, მუდმივი სიჭაბუკით დაჯილდოებული ჰაერნაოსნების თავგადასავლებით იფარგლება, ხოლო დედამიწის გარშემო მათი სრბოლა თავგადასავალთა სერიებად (“ბედის ნებიერები კრაკატაუში’’, “ბედის ნებიერები ატლანტიდის ძიებაში’’) აღიბეჭდება. 1893 წლის ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენა-ბაზრობაზე – რომანი სწორედ ასე იწყება – ესენი ვინმე მერლ რაიდაუთს, შიგადაშიგ მოალქიმიკოსო ფოტოგრაფს გაიცნობენ, რომელიც ცოლმა მიატოვა და ახლა დროზე ადრე დაბრძენებულ ქალიშვილს, დელიას, იგივე დოლის მარტო ზრდის. შემდეგ ქმედება მერლის და დოლის კვალდაკვალ, კოლორადოში ინაცვლებს, სადაც თხრობაში ვინმე უებ ტრავერსი, მაღაროების მეპატრონე შემოდის, რომლის საიდუმლო გატაცება, როგორც შემდგომ ვიტყობთ, ანარქისტი ტერორისტის, კიელსელგურ ქიდის სახელით ელექტროგადამცემი ხაზების და სარკინიგზო ხიდების აფეთქებაა.
ამ სიმდიდრეთა უმეტესი წილი პირქუშ პლუტოკრატს, სქარსდეილ ვაიბს ეკუთვნის, რომელიც ჯეი ფი მორგანისა და თომას ედისონის საქმიანი სიამტკბილობითაა გაღიზიანებული, და არც ნიკოლაი ტესლას, სერბული წარმოშობის ბრწყინვალე ამერიკელი მეცნიერის ახირება ეხატება გულს, რომელიც იქადნის, რომ მის მიერ გამოგონილ ახალ ტექნოლოგიებს მსოფლიო კაპიტალი საკუთარ ინტერესებში ვეღარ მოიხმარს. ვაიბი ჯერ უების უმცროსი ვაჟის, ქითის სწავლა-განათლების ხარჯებს კისრულობს, შემდეგ ორ პურისმცხობელს ქირაობს და უებს აკვლევინებს. მოკლულის ქალიშვილი ერთ-ერთ მკვლელს უახლოვდება, მაგრამ უების ორი ვაჟი ფიცს დებს, რომ მკვლელებზე შურს იძიებენ. რომანის მთელი დარჩენილი ნაწილი დილი რაიდაუთის და ტრავერსის სამი ვაჟის თავგადასვლებისგან შედგება, რასაც დროდადრო ბედის ნებიერების ვიზიტები გამოერევა ხოლმე.
ასეთია ამ რომანის შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებული სინოფსისი, რომლის სიუჟეტურ დეტალებში ჩაღრმავება იმდენივე გვერდს წაიღებდა, რამდენსაც თავად წიგნი. ნახსენებ პერსონაჟთა გარდა, მასში სხვა რამდენიმე მთავარი გმირიცაა: იაშმინ ჰალფქურტი, ობლობაში გაზრდილი რუსი, რომელიც ზრდასრულობაში მხოლოდ მათემატიკოსად კი არა, femme fatale -ად გვევლინება, რომანის ბოლოს კი ტრავერსის ,,დედა და მარჩენალი’’ ხდება; საიფრიან ლეითვუდი, რომლის ყოველი გამოჩენა ,,ბილდუნგსრომანისთვის’’ დამახასიათებელ მთლიან ციკლს კრავს - ეს პერსონაჟი მკითხველის თვალწინ სტუდენტისგან თავგადასვლების მაძიებელ გმირად იქცევა, საბოლოოდ კი განდეგილობას არჩევს; და ბოლოს, მუდმივი აუტსაიდერი ლიუ ბესნაითი, რომელიც 36-ედან 1 061 გვერდამდე ლამის არცერთ მოვლენას არ აკლდება და თანდათანობით ,,შავი ნიღბის’’, ცნობილი ბულვარული რომანის პერსონაჟის, რომანტიკული დეტექტივის ნიშან-თვისებებს იძენს. ბევრი ალუზია ჩნდება ს.ს. ვან დაინის, ეგდარ უოლასის და ჯონ ბიუჩენის პერსონაჟებთან და სამყაროებთანაც, მოქმედების ადგილი იქნება ეს თუ პერსონაჟთან დაკავშირებული ამბები და ანეკდოტური სიტუაციები. ამათ გარდა რომანში კიდევ ოცამდე ისეთი პერსონაჟია, რომელთა გამოჩენა სიუჟეტის მსვლელობაზე მკაფიო კვალს ტოვებს.
პინჩონის ტილოების მასშტაბები და მოცულობა იმ შეზღუდვებთან შეურიგებლობითაა წარმოშობილი, რომლებსაც თვით რომანის ფორმა განაპირობებს – უფრო მსხვილი ნადავლის მონადირების ამბიციით, ვიდრე ბედთა კოლიზიების მეშვეობით ეპოქების და იდეების სიმბოლური ასახვა შეიძლება იყოს. სიუჟეტური ხაზის, სიტუაციების დაუსრულებელი და მოულოდნელი ,,წაზრდა’’, ბარტყობა, ნაწილობრივ მკითხველისა და საკუთარი თავის გართობის სურვილს ჰგავს, მაგრამ ამასთან ერთად რედუქციული ინტერპრეტირებისთვის დახვედრებული წინააღდეგობაცაა. წიგნის შუა გვერდებზე მოტივების, იდეების, ცნებების, გრძნობების, ანალოგიების მთელი კონა ჩნდება, რომელიც მუდმივად ფორმას იცვლის და მოძრაობს. ყველაზე მეტყველი თვით ეპოქაა, 1893 წელსა და პირველი მსოფლიო ომის კვირაძალს შორის მოქცეული შუალედი (ომისშემდგომი ამბების მოკლე დამატებით): ეს მოდერნული საზოგადოების დაბადების ხანაა, უმძაფრესი ისტორიული შუალედი, რომლის მოვლენები შეიძლებოდა სულ სხვაგვარადაც განვითარებულიყო. ისევე როგორც ,,მეისონი და დიქსონი’’, სადაც ეპონიმია ერთგვარ თავდაპირველ ცოდვადაა დანახული – ამ რომანშიც უკან დაბრუნებისა და ისტორიული მოვლენებისთვის გეზის შეცვლის მძაფრი სურვილი იგრძნობა. ისევე, როგორც რომანში ,,V.”, აქაც ბევრია განსჯა დროისა და სივრცის წარმავლობის შესახებ. ისევე, როგორც ,,გრავიტაციის ცისარტყელაში’’, ტექნოლოგიათა ომების თემა და აპოკალიფსური დასასრულისკენ დაქანების შეგრძნება თავს აქაც იჩენს; და Vineland-ის მსგავსად, აქაც ძლიერ ნებაზე დაფუძნებული ოპტიმიზმი, ძალაუფლების, ფულის და სიკვდილის ძალების წინააღმდეგ ამბოხის - ბნელში გაუმქრალი სანთლის რწმენა იგრძნობა. რაც ითქვა, რომანის სახელწოდებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ისევე, როგორც წინა რომანებში, პინჩონი აქაც გარკვეული აზრით პრაისტორიულ პროზას ქმნის, მისთვის ნაცნობი სამყაროდან ექსტრაპოლირებას ისევე ახდენს, როგორც ფანტასტი მწერლები – მეცნიერებაზე დაყრდნობით. სხვა ოსტატებზე ნაკლებ არც წარსულის ტექსტურას აცოცხლებს, მაგრამ უმეტესწილად წიგნის მოქმედება ერთგვარ პარალელურ სამყაროში ხდება, სადაც 1905 თუ 1914 წლის გარკვეული ისტორიული ასპექტები იმას ემთხვევა, რაც ამ ხანის შესახებ ვიცით, ან გვგონია, რომ ვიცით. დანარჩენი წარმოსახვის თამაშით რევიზიას განიცდის. რაკი სატირა ფეხს სწორედ ამ დანარჩენში იკიდებს, შესანიშნავი ანეკდოტური სიტუაციები იქმნება: მაგალითად, ერც-ჰერცოგი ფერდინანდი მსოფლიო ბაზარზე მიემგზავრება, მაგრამ ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში ხვდება და ადგილობრივ მაცხოვრებლებს კარგა გვარიანად აცბუნებს:
“მითხარით რამე თქვენს... მოითმინეთ, გეთაყვა, მოგახსენებთ...…როგორც თქვენში იტყვიან, mama-ს შესახებ; ჩიკაგოს ,,უაით სთოქინგში’’ მესამე ბაზაში თამაშობს, nicht wahr? ერთობ საძაგელი შესახედაობის ქალი, გული არ მიგივა. დიახ. ძლიერ ცხიმიანი, საჯდომიდან მკერდამდე სულ ცხიმები. გამოფენაზე არ უნდა მოვიდეს, თორემ ეტყვიან no, no ქალაბატონო, ეს მსოფლიო ბაზრობაა, მსოფლიო მასხრობა ხომ არა!’’
რომანში ანაქრონისტულად არაფერი იკითხება, რადგან დროს აქ სულ სხვა მოქნილობა აქვს; სწორედ მისი ელასტიკურობის გამო მიმდინარეობს მძვინვარე პოლემიკა ქვატერნიონისტებსა და ვექტორისტებს, მათემატიკოსთა ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის, რომლებიც სინამდვილეშიც არსებობდნენ, მაგრამ ალბათ არა ისეთი ექსტრავაგანტული სექტების სახით, როგორებადაც რომანში გამოიყურებიან (ქვატერნიონები, რომლებიც 1843 წელს პირველმა სერ უილიამ ჰამილტონმა აღწერა, ვიკიპედიის თანახმად, რთული რიცხვების გადაუნაცვლებელი გაფართოებაა, რომელთა არსებობა ოთხ, სამ სივრცით, და ერთ დროით განზომილებაში ივარაუდება. ცნება, როგორც ჩანს, მოძველდა, და გამარჯვება ვექტორისტებს ერგოთ). რომანში ქვატერნიონისტები “მათემატიკის იუედეველები’’, “ანარქისტები’’ არიან, რომლებიც სივრცისეულ ღერძს წარმოსახვის ნაყოფად თვლიან, დროს კი რეალობის ამსახველ ტერმინად მიიჩნევენ – ვექტორისტი ,,ბოლშევიკების’’ საპირისპიროდ, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია “სივრცის წაბილწვა მასში შეუძლებელი რიცხვების არსებობის ვარაუდით; დედამიწისეული სივრცისა, რომელსაც ურიცხვი თაობები იპყრობდნენ, ადგილს იმკვიდრებდნენ და იცავდნენ’’.
შემდეგ თხრობაში ისლანდიური შპატის, მინერალური კალციტის კრისტალური ფორმა შემოდის, რომელსაც სინათლის სხივის ორმაგად გადატეხვა ძალუძს; მისი გამოყენება ბევრნაირად შეიძლება; მაგალითად, დროის გარეთ და მიღმა ჭვრეტა და ალტერნატიული რეალობების დანახვა. მისი მეშვეობით კითხულობენ სფინჩუნოს მარშრუტს, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნის რუკაზეა დატანილი; რუკის ავტორს “დედამიწა მხოლოდ სამგანზომილებიან სივრცედ კი არ წარმოედგინა, არამედ მის მიღმა “წარმოსახვითი ზედაპირის’’ არსებობას ვარაუდობდა. ეს ოპტიკური მოწყობილობის მსგავსი სიბრტყეა, რომლის ორგანზომილებიან სივრცეში პროეცირება სინამდვილეს ერთობ უცნაურ სახეს აძლევს’’, და დაკარგული ქალაქის, შამბალას მიმართულებას აჩვენებს (რომანის ბოლოსკენ შამბალაში ექსპედიცია ,,უდაბნოსქვეშა ფრეგატ საქსაულით’’ მიმართება, და გზას მიწისქვეშ მიიკვლევს).
დრო მსხრევადი ხდება. ჩრდილოეთ პოლუსზე, ისლანდიის გავლით გაგზავნილი ექსპედიცია შინ ,,ნანატაკით’’ - ცოცხალი მთით ბრუნდება. ესქსპედიციის წევრები მას მეტეორად მიიჩნევენ, მაგრამ მიადგება თუ არა გემი ნიუ-იორკის პორტს, ქალაქში კატასტროფების სერია იწყება. “ქალაქის ქუჩებს სისხლი და ცეცხლი ბედისწერასავით მოედო’’, “თითქოს ქალაქში ყველამ იცოდა, რა იყო მათი უბედურების მიზეზი.’’ მეცნიერ-მკვევართა კლუბის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, ,,სწორედ დრო დაიმსხვრა, დროის იმგვარი გაგება, როგორადაც აქამდე ვიცნობდით, მისი ზუსტი და დაუნდობელი სვლა აირია. კატაკლიზმური მოვლენები შვიდ გვერდზე ისეა აღწერილი, თითქოს მათი მასშტაბი და ძალა ასეთ მწირ ზღვრებში ვერ ეტევა და ამოხეთქვას ლამობს – ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებით, ,,საზარელმა სიზმარმა, რომელსაც ახლაც ვცდილობ თავი წავართვა, უზარმაზარი ქალაქი ნგრევით და ნაღველით აავსო.’’ მკითხველი ამ ნგრევაში სვლას უშეღავათოდ განაგრძობს. არქტიკული ექსპედიციის წევრი, მხატვარი ჰანტერ ფენჰოლოუ იქაურობიდან თავის დაღწევას ახერხებს. ,,ადამიანების მასობრივი გადაადგილება დაიწყო. რაც უფრო შორს მიდიოდნენ, პეიზაჟი მით უფრო ფუტურისტული ხდებოდა.’’ მაშინ საკითხავია, საით უჭირავს პერსონაჟს გზა, მომავლისკენ? იქნებ წარსულისკენ? ვენეციაში ჩასულს, ანუ დაახლოებით ოთხასიოდე გვერდის შემდეგ, დოლი ხვდება:
,,ომი იყო? სად?’’
,,ევროპაში. ყველგან. მაგრამ აქ, ისე ჩანს, თითქოს არავინ არაფერი იცის’’, დაბნეული ჩანდა, დაფანტულ მზერას თავს ვერ უყრიდა, ,,ჯერ-ჯერობით, ყოველ შემთხვევაში.’’
,,როგორ თუ ჯერ-ჯერობით? ვითომ ისე შორს ვართ, რომ ამბავი ვერ მოგვივიდოდა?’’ დოლიმ ამოიხვნეშა, მერე თქვა - ,,იქნებ ეგ ამბები ჯერ არ მომხდარა?’’
ჰანტერმა მძიმედ გახედა, გასამტყუნებლად არა, თითქოს უნდოდა მიეხვედრებინა, რომ არცოდნისთვის არ განსჯიდა. ან ვის რა უნდა სცოდნოდა?’’ ჰანტერი ერთადერთი დროში მოგზაური არაა. ქენდლბროუს უნივერსიტეტში, შუააღმოსავლეთში, ბედის ნებიერები ერთ უცნაურ ვინმეს გადაეყარებიან – შეიძლება ისიც სხვა სამყაროდანაა მოსული, მთლად ადამიანიც არაა, ყოველ შემთხვევაში, აწმყოდან კი ნამდვილად არ უნდა იყოს. ეს მისტერ ეისი აცხადებს:
ახლა თქვენს შორის ვართ; ჩვენი აწმყოდან და თქვენი მომავლიდან – საყოველთაო შიმშილობის, საწვავი რესურსების ამოწურვის, უკიდურესი სიღატაკის დროიდან გაქცევის მსურველთა შორის – ეს კაპიტალისტური ექსპერიმენტის დასასრულია. ჩვენ მარტივი თერმოდინამიკური ჭეშმარიტების გასაგებად მოვედით – რომ დედამიწის მარაგები შეუზღუდავი არაა, ისინი საკმაოდ მალე ამოიწურება, კაპიტალისტური ილუზიიდან ხელში მარტო ნამსხვრევები დაგვრჩება. ვინც ჩვენთაგან ეს სიმართლე ხმამაღლა თქვა, ერეტიკოსებად, მაშინდელი ეკონომიკური შეხედულებების მტრად გამოაცხადეს. ძველი დროის სხვაგვარად მოაზროვნეების მსგავსად, ჩვენ-ჩვენი ქვეყნებიდან გაგვაძევეს. სხვა გზა არ გვქონდა და იმ ბნელ, ოთხგანზომილებიან ატლანტიკაში დავსახლდით, თქვენ რომ დროს უწოდებთ.
ბედის ნებიერებს მათი დიდად არ სჯერათ; ყოველ შემთხვევაში, მისტერ ეისის ნაამბობისა –არა, არც თავშესაფრის საძიებლად მოსული მისი ხალხის არსებობისა სჯერათ. დროში მოგზაურობის იდეა მათთვის მისაღებია, მაგრამ ეს ხალხი უფრო საშოვარზე ჩამოსულ უსახლკარო ლტოლვილებს ჰგავს. ის უფრო სარწმუნოდ ჩანს, რომ მისტერ ეისი და საზღვრის დამრღვევები – კრებითად მათ ასე უწოდებენ – რაღაც იდუმალ თამაშს თამაშობენ, და სამუდამო სიჭაბუკის შეპირებით თუ მის სანაცვლოდ ბედის ნებიერებსაც ჩათრევას უპირებენ. მაგრამ რაში მდგომარეობს ეს თამაში? მოგვიანებით საზღვრის დარღვევებს ისინი ბელგიაში ხვდებიან, იპრესსა და მენინს შორის. ერთ-ერთი დარღვევი ამბობს:
,,თავში ქვა გიხლიათ, არც ერთ თქვენგანს წარმოდგენა არ აქვს, საით მიექანებით. ეს სამყარო, რომელსაც ებღაუჭებით, დაიღუპება, ჯოჯოხეთში გადაიჩეხება, და მთელი შემდგომი ისტორია ჯოჯოხეთის ისტორია იქნება.
,,შეხედეთ’’, ამბობს მაილზი და მენინის გზას გაჰყურებს.
,,ფლანდრია ისტორიის სასაფლაოდ გადაიქცევა.’’
,,ეგრე იყოს.’’
რამდენიმე გვერდში იარაღით მოვაჭრე ,,დროზე დაფუძნებული იარაღის’’ მესაკუთრე ხდება. ეს პატარა, უცნაური იარაღი სანახევროდ ვერცხლით დაფერილი კალციტის სარკეებია. რამდენიმე ასეული უცნაური გვერდის შემდეგ იარაღი ფუჭდება, რასაც ტუნგუსკის მეტეორიტის ჩამოვარდნის მსგავსი შედეგი მოსდევს. (1908 წელს, 30 ივნისს, ტუგუსკის თავზე, დედამიწის ზედაპირიდან ხუთ-ათ კილომეტრში აფეთქება მოხდა, რომელიც სიმძლავრით 10-20 მეგატონა ტროტილის აფეთქებას უტოლდებოდა – აშშ-ს მიერ ყველაზე მძლავრი ბირთვული იარაღის საცდელი დეტონირების ექვივალენტური – აფეთქებისას ტუნგუსკის მიდამოებში, 830 კვადრატულ მილში 60 მილიონი ხე წაიცელა და პეპლის მოყვანილობის ხრიოკი მიწა დატოვა. ეს მოვლენა ბოლომდე არაა შესწავლილი; ჩამოვარდნილ მასას ხან კომეტას უწოდებენ, ხან ასტეროიდს, შავი ხვრელის ვერსიაც სახელდება, მაგრამ ყველა ვარაუდის წინააღმდეგ საფუძვლიანი არგუმენტები არსებობს.)
ქით ტრავერსს, რომელიც ერთ-ერთი სააგენტოს (მისი სახელი ბრიტანეთის ,,ინთელიჯენთ სერვისის’’ და თეოსოფიური საზოგადების ნაჯვარივით ჟღერს – გეთანხმებით, უცნაური ნაზავია) დავალებით ციმბირში მოგზაურობს, ეჭვი უჩნდება, რომ ტუნგუსკთან ქვატერნიონული იარაღის აფეთქება მოხდა. ბედის ნებიერების ერთ-ერთი რუსი მოწინააღდმეგე ამბობს: ,,დროში მოგზაურობა უფასო ვერ იქნება, ამ საქმეს საწვავი ესაჭიროება. ეს მომავლიდან არაერთი მოგზაურობის დამადასტურებელი არტეფაქტია.‘’ ამასობაში ,,გადარეული რასკოლნიკები ტყეებში დარბოდნენ, ზურგზე მათრახებს იჭერდნენ, არც იმ გაოგნებულ მომხვდურებს ინდობდნენ, ვინც მიახლოებას გაბედავდა და უგონო ბოდვაში ჩერნობილს ახსენებდნენ, მოწყვეტილ ვარსკვლავს, რომელიც იოანეს გამოცხადებაში ვითომ აბზინდად იყო მოხსენიებული.’’
რომანში იმდენი მთავარი ხაზია, რომ მათგან ხუთის, თუნდაც ათის გამორჩევა რომანის სათქმელს დაამახინჯებდა. მაგალითად, შეიძლება წიგნი თანამედროვეობის ალეგორიად აღიქმებოდეს. წიგნის ანოტაცია (რომელსაც, უფრო ხშირად, თავად ავტორები წერენ ხოლმე) გვეუბნება: ,,როცა მსოფლიო კატასტროფა კარზეა მომდგარი, სამყაროს კორპორატიული სიხარბე, ცრუ რელიგიურობა, უგუნური არხეინობა და ბოროტი ზრახვები მართავს.’’ თუმცა, მის საგაზეთო წერილებში შემდეგ ასეთი გაფრთხილება გაჩნდა: ,,დღევანდელობასთან რომანს არაფერი აკავშირებს, ამგვარი განზრახვა არ მქონია.’’
თითქოს გასაგები გაფრთხილებაა, მაგრამ ამასთან ოდნავ არაგულწრფელიც. ნებისმიერი რომანი, რომელიც ისტორიული ჟანრის ჩარჩოებში ჯდება, უმთავრესად ყოველთვის იმ დროს შეეხება, რომელშიც სიუჟეტი ვითარდება, და გამონაკლისს არც ეს რომანი წარმოადგენს. მოქმედება აქ მეორე მსოფლიო ომის წინა ორ ათწლეულშია მოქცეული, ხოლო იმდროინდელი მოვლენები აწმყოში ექოდ გადმოდის. სიჭაბუკის ასაკში სამუდამოდ ჩარჩენილი ბედის ნებიერები, მათი პერსონაჟები იმ პერიოდის ცნობილ ფიგურებზეა აგებული, თუმცა, სხვა პერსონაჟები (ქითი, დოლი, რუსი მატემატიკოსი იაშმინი, განსაკუთრებით კი საიპრიანი) ძალიან გვანან ჩვენი დროის გმირებს, თუმცა იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი, ადვილად ამოსაცნობი დამოკიდებულებები და წარმოდგენები აქვთ. უფრო ,,ჩვეულებრივ’’ წიგნში ასეთი შერწყმა შეიძლებოდა მწერლის მარცხადაც მოგვჩვენებოდა, მაგრამ ფინჩონის წიგნში ეს სრულიად გამიზნულადაა გაკეთებული. კიდევ უფრო მართლები ვიქნებით (თუმცა, ეს სიმართლეც მხოლოდ ნაწილობრივია და არადამაკმაყოფილებელი იქნება) თუ ვიტყვით, რომ ფინჩონის რომანი დროის ჰიბრიდულ განცდას შეიცავს: წარსული მომავალშია გადატანილი, მომავალი კი –წარსულში.
მწერლის დუალიზმით გატაცებაზეც ბევრის თქმა შეიძლება. ეს თემა რომანის გვერდებს მუდმივად თან გასდევს. ისლანდიური შპატი, როგორც უკვე ვთქვით, სინათლის სხივს ორმაგად გარდატეხს, მაგრამ ხშირად წარმოშობილი სურათი მის ორეულს ანარეკლივით სულაც არ ჰგავს. ბედის ნებიერები ერთგან პლატონისეული სამყაროებიდან ერთ-ერთს გადააწყდებიან. ეს სამყარო ჩვენთვის უხილავია, რადგან, მართალია, დედამიწის მსგავსად, ისიც მზის გარშემო ბრუნავს, ოღონდ მის მეორე მხარეს. ბრიტანელი მეცნიერი, რენფრიუ თავის ამგვარ ორეულთან, გერმანელ კოლეგასთან, ვერფნერთან ცხარედ კამათობს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ერთი პიროვნებაც კი აღმოჩნდნენ (ამან ბებიაჩემის საყვარელი გამონათქვამი გამახსენა - ,,ინგლისელი რომ შუაზე გაჭრა, ორი გერმანელი გამოვა’’).
ორეულები სხვა გმირებსაც ჰყავთ; ბედის ნებიერებს ასეთ მოპირისპირე პერსონაჟებად რუსები და საპირისპირო სქესის პერსონაჟები ჰყავთ. ბრწყინვალე ლაინერი, ,,სტუპენდიცა’’ ავსტრია-უნგრეთის საბრძოლო გემი ,,იმპერატორი მაქსიმილიანია’’ – თუმცა, ამ ორი იდენტობის ერთმანეთისგან გამოცალკევება რამდენიმე წლით ადრე ხდება, როდესაც საბრძოლო გემი I მსოფლიო ომს იწყებს. ბელგიური კონგოს რუკა ბალკანეთის კოდურ რუკად გამოიყენება (,,გახსოვდეთ, ყველაფერი, რაც ამ რუკაზეა გამოსახული, რაღაც სხვას ესატყვისება. კატანგა, მაგალითად, საბერძნეთია, გერმანელები შეიძლება ავსტრიელები იყვნენ.’’), ზოგიერთი პერსონაჟი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მანიქეველთა მონასტერში აღმოჩნდება (,,სწავლების პოსტულატი გულისხმობდა, რომ ადამიანს ჩვენი სამყაროს მიღმა, ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე დაუნდობელი კოსმიური ბრძოლა დღისა თუ ღამის ნებისმერ მომენტში უნდა ხსომებოდა’’), რამდენიმე გვერდის შემდეგ მკითხველი სინათლის იარაღის არსებობას იტყობს, რომელიც მოსალოდნელ ომში ბალკანეთზე უნდა იქნას გამოყენებული:
,,სინათლის ნაკადის, პროჟექტორების სამხედრო გამოყენება და მისი შედეგები: უსუსურობის და შიშის განცდა ფართოდ იქნა შესწავლილი. ახლა მომდევნო ნაბიჯი დამანგრეველი ენერგიის ნაკადის გამოყენება იქნება.’’
წიგნის სათაურს ეს გარემოება დამატებით შინაარსს სძენს.
1914 წლის წინა პერიოდს განსაკუთრებულ სიმძაფრეს იმ ხანის ადამიანთა რწმენა ჰმატებს, რომ სამყარო სასიკეთო ცვლილებების ზღურბლზე იდგა, რომ მოდერნული საზოგადოება და მისი ტექნოლოგიური ინოვაციები ამ სამყაროში ახალ ჰარმონიას შეიტანდნენ, სამართალი იზეიმებდა, სიმდიდრე ახლებურად განაწილდებოდა. იმ ხანის ბევრი იდეა, რომელთაც ახალი სამყაროს, მისი ხელოვნების და მეცნიერების შექმნაში წვლილი უნდა შეეტანათ, დასამარდა. ამგვარი იდეების ავტორებს: ქვატერნიონისტებს, ესპერანტისტებს და ანარქისტებს პინჩონის ამ წიგნშიც ვხვდებით. ახალი გარიჟრაჟის ეს მოლოდინი, რა თქმა უნდა, უფრო თეორეტულია, თვით მომლოდინეთათვისაც კი ბუნდოვანი. პოლიტიკური კლიმატი ბევრი თვალსაზრისით საოცრად ნაცნობია. ,,უნდა მოუსმინოთ, და ნათქვამის საწინააღდეგო აზრი გაიგონოთ’’, ამბობს უებ ტრავერსი, ,,როცა ამბობენ, თავისუფლებაო, უნდა შეშინდე და ზურგს უკან მიიხედო, ,,თანაგრძნობა’’ მოსახლეობის შიმშილით ამოწყვეტას, უსახლკაროდ დატოვებას ნიშნავს, ვისაც მკვდრად იხსენიებენ, ცოცხალია და ახალი ნახტომისთვის ემზადება.’’ ერთი პერსონაჟი კანონმდებლობაში შეტანილ სიახლეებზე ასე მსჯელობს:
,,ევოლუციის პროცესში მაიმუნი ადამიანად იქცა, ახლა რას უნდა მოველოდეთ? როგორია შემდეგი ნაბიჯი? ადამიანი რაღად იქცევა? რაღაც ხელოვნურ ორგანიზმად, მაგალითად, ამერიკულ კორპორაციად, სადაც უზენაესი სასამართლო ადამიანის ახალი სახეობის არსებობას ლეგიტმურად ცნობს. ყველაფერს, რაც ადრე ადამიანს ასე თუ ისე გამოსდიოდა, ეს ახალი სახეობა სრულყოფილად შეასრულებს.’’
ანარქისტები მრავლად არიან, და დიდ შევიწროვებას განიცდიან – მათ აწამებენ, აპატიმრებენ, ხვრეტენ. ზოგიერთ მათგანს ალპურ სარკინიგზო გვირაბებში ლიანდაგებს აგებინებენ. ასე ხდება მათი ,,განეიტრალება’’, არა მხოლოდ პოლიტიკური იურისდიქციიდან, არამედ თვით დროიდანაც მათი ამოშლა. მაგრამ გარდაუვალი დასასრული მოახლოებულია. ,,ომი რომ იწყება’’, ამბობს ერთ-ერთი პერსონაჟი, ,,ანარქიზმის მიერ მოპოვებული თიოეული მცირე გამარჯვება წყალში იყრება. დღეს პირწავარდნილი კაპიტალისტებიც კი ხვდებიან, რომ ცენტრალიზებული ნაცია-სახელმწიფოს იდეა, რომელიც წინა თაობაში ასეთი იმედისმომცემი ჩანდა, მოსახლეობის ნდობას დღითიდღე კარგავს. ახლა ანარქიზმია ის იდეა, ადამიანთა გულებს რომ ყველგან იპყრობს, ახლა ის, რაც ევროპის საზომებით, ჩვეულებრივ ომად ითვლება, ყოველი გაფიცული მუშისთვის ღალატის ტოლფასია და ანარქიზმის იდეას პოლიტიკური რუკიდან ამოძირკვით ემუქრება. ნაციონალური იდეა ხელახლა აღორძინდება. მახინჯი ფორმები, რომლებიც დაქცეული და განადგურებული ევროპის ჭაობიდან შეიძლება აღმოცენდეს, შემაძრწუნებელი იქნება.’’
ან როგორც არქიკაპიტალისტი სქარსდეილ ვაიბი აცხადებს ,,ანარქიზმი გადაივლის, მისი ტრიუმფალური სვლა შეჩერდება, ფული კი ისევ ფულს მოიტანს, ისევ ისე იმრავლებს, როგორც მინდორში ენძელები, ძალებს მოიკრებს და გარშემო ყოველივეს ქედს მოახრევინებს. ეს უმარტივესად მოხდება. ეს გარდაუვალია. პროცესი უკვე დაწყებულია.’’ და მაშინაც კი, იმედი, თუ ნება, წარმოსახვის უნარი მაინც – ადამიანის ყოველდღიურ მოთხოვნილებად დარჩება. იაშმინი, რომელიც პირენეს ნახევარკუნძულზე, ,,ანარქისტთა კურორტზე’’ განცხრომას ეძლევა, ისეთ ფრაზას წარმოთქვამს, რომელიც რომანის თეზისად შეიძლება ჩაითვალოს:
“ეს ჩვენი კვლევის საუკუნეა,’’ აცხადებს იგი, ,,ჩვენ უსაზღვრებო, დროის ოკეანის მიღმა დარჩენილი ურუკო ქვეყნის დაზვერვას ვიწყებთ. ჩვენს საიქითო მგზავრობებს მომავლის სუსტი სინათლე გაგვინათებს... ჩვენ ბურჟუაზიულ ყოფას დავუბრუნდებით, საყოველთაო უსარფრთხოებით თავის მასობრივ მოტყუებას, რომ ხალხს ვუთხრათ, წინ რაც მოგველის. რადგან ეს ჩვენი ,,უტოპიური ზმანებები’’ სხვა არაფერია, თუ არა დროში მოგზაურობის დეფექტური ფორმები.’’
ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს, რის გამო ღირს ცხოვრება ამ ქვეყანაზე. პინჩონი, როგორც ყოველთვის, ოსტატურად აღწერს ყველაფერს, რაც მკითხველს გაახალისებს, კერძებს, სექსს – პირველი ორის აღწერა ბრწყინვალედ გამოსდის, მის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, სექსუალურ მიდრეკილებებს მასთან სახელი არ ერქმევა, იმდენად მთელი არსებით ეძლევიან მას პინჩონის პერსონაჟები. ამის ნიმუშად იაშმინის, ფიბ ტრავერსის და საიპრიან ლეითვუდის პოლისექსუალური ისტორიებიც კმარა. ამ სფეროში ყოვლად რევოლუციური ამბები ხდება, თუმცა ეს რევოლუციურობა დიდხანს არ გრძელდება. უტოპიურ მოდელებს საფუძველი სუსტი აქვთ, თუმცა ყოველი მათგანი გაცოცხლებას, და თეორიიდან რეალობაში გადმოსვლას ლამობს. ხშირად მათ გარდამავალ მოდელებად ვხედავთ, რომლებშიც მკითხველი სულს ითქვამს. ნიუ ორლეანში ეს უტოპია რეალურ გამოხატულებას იძენს:
,,თქვენი ბენჯამინ თაკერი მიწათა ლიგის შესახებ წერდა,’’ – ეჭვი არაა, მოსაუბრის ხმა ირლანდიელს ეკუთვნოდა, ,,მსოფლიო ანარქისტთა ორგანიზაციას ჯერ ასე არავინ მიახლოვებია – ეს უტოპიის ყველაზე მკაფიო გამოვლინება იყო.’’
,,ვითომ ეს ფრაზა მისსავე შინაარსს არ ეწინააღმდეგება?‘’ –საკუთარი კომენტარი დაურთო ბრიდლავმა, ანუ ,,წამალამ’’.
,,არ ვიცი რა და როგორ, მაგრამ ეგეთი რამე მაშინაც ხდება, როცა შენი ბენდი უკრავს – ამ დროს ყველაზე გასაოცარი სოციალური ერთსულოვნების მოწმე ხდები, თითქოს თითოეულ თქვენგანს თავში ერთი და იგივე ტვინი უდევს.’’
,,კარგი, ეგრე იყოს,‘’ თქვა წამალამ, ,,მაგრამ რაც შენ თქვი, მაგას ორგანიზაციას მაინც ვერ დავარქმევთ.’’
,,აბა შენ რას დაარქმევ?’’
,,ჯაზს’’.
ანარქისტების მიერ ამოჩემებულ კურორტ იზ-ლე-ბენში, სადაც საყოველთაო აღსასრულის სუნი უკვე ჰაერში ტრიალებს, თავს მსოფლიოს სხვადასხვა ქევყნიდან გამოხიზნული ანარქისტები აფარებენ. აქ გოლფსაც ანარქისტულად თამაშობენ: ,,დარტყმათა თანმიმდევრობას არ იცავდნენ, არც ღრმულების რაოდენობა იყო განსაზღვრული; დარტყმა ნებისმიერი მანძილიდან შეიძლებოდა; ზოგი ღრმული მოთამაშეებისგან ორ ნაბიჯში იყო გათხრილი, ზოგი – ასობით იარდში, მათ მისაგნებად რუკებს და კომპასებს იყენებდნენ." განწირულების შეგრძნება და არხეინობა რომანში ერთმანეთს ესაზღვრება; ეს თავისებურება ფინჩონის მეთოდს კარგად განსაზღვრავს. მისი იუმორი ისეთივე ხარისხიანია და მსუბუქი, ბუნდოვანი მინიშნებები და თავისუფალი ასოციაციები ძმები მარქსების კვინტეტთან (დროდადრო მოქმედებაში ნაბოლარა გრაუჩოც კი შემოდის), “ფაიასაინ სიათერ’’-სა და საბავშვო მულტიპლიკაციურ ფილმთან ,,როკი და ბულვინქლი’’ ჭკუამხიარული შეშლილობის ატმოსფეროს ქმნის.
ერთგან ფინჩონი ქით ტრავერსს გიოტინგენის სულიერად დაავადებულთა სახლში ათავსებს, რადგან ისეთი პერსონაჟი სჭირდება, რომელიც ,,თავს დაირწმუნებს, რომ ცნობილი ბერლინური ნამცხვარია – ასეთებს თქვენ, ამერიკელები ,,ჯელი დონათს’’, ხილფაფიან ფუნჩულას ეძახით. პაციენტს გერმანული შაქრის ფხვნილში ამოგანგვლა უყვარს, მერე თაროზე წვება და იქედან გაჰყვირის: ,,მე ბერლინელი ვარ!’’
წიგნის ღირსებები, რა თქმა უნდა, მოცულობით არ განისაზღვრება, მაგრამ ლექსიკონისოდენა რომანს მაინც ცოტა მკითხველი თუ დაძლევს. მაგალითად, როცა თხრობა წმინდა მათემატიკურ საკითხებს გადაწვდებოდა ხოლმე, ანუ სფეროს, რომელშიც მე არაფერი გამეგება, თვლემას ვიწყებდი (თუმცა, მცირე ექსკურსი მოცემულ თემაში მკითხველს იმ მონაკვეთების ფაქიზ იუმორს შეაფასებინებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ეშხს ვერ გაუგებს, თუმცა, მაინც არამგონია, რომ ეს დიდი დანაკარგი იყოს). წიგნი შესახედად იმ მკითხველსაც კი დააფრთხობს, რომელიც ამავე ტექსტს, ნაწილებად დაყოფილი რომ წაეკითხა, სათანადოდ შეაფასებდა. პრობლემაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სიდიდე კრიტიკის უმთავრესი საგანი შეიძლება გახდეს. აქამდე დაწერილი კრიტიკული წერილები რომანს ძალზე ზედაპირულად მიმოიხილავდა; არადა, კრიტიკოსებს წიგნში ჩასაღრმავებლად მხოლოდ ორი კვირა ჰქონდათ მიცემული; ფინჩონის რომანი კი დიდტანიანის გარდა, კიდევ უზომოდ გაჯერებულიცაა; ესეც რომ არა, პინჩონის საუკეთესო რომანები აქამდე მის ნაწერებში ყველაზე დიდტანიანები იყო.
პინჩონს სხვა მწერლებისგან მასშტაბურობაც გამოარჩევს, იმდენად, რომ ხანდახან სურვილი გიჩნდება, მისი ნაწერებს რაღაც სხვა, რომანისგან განსხვავებული სახელი მოუძებნო, რადგან ისინი ჩვეულებრივი რომანებისგან ისევე განსხვავდება, როგორც ეს უკანასკნელები – მოთხრობისაგან. ეს უფრო ექსპონენციული განსხვავებაა. პინჩონის რომანი მოდერნიზმის და მისი შემდგომი წლების სულისკვეებითაა გაჟღენთილი, მაგრამ იუმორის და განწირულების ატმოსფეროს, სისუფთავის და ხორციელების, სამეტყველო ენისა და პოეტური ალუზიების, მაღალი და დაბალი სტილის მონაცვლეობით მასში რაღაც ისეთი ჩნდება, რაც ელიზაბეთის პერიოდის მწერლობასთან გვაბრუნებს, როცა ავტორი მთელ სამყაროს მიმართავდა, მაგრამ მისთვის ეს სამყარო თან ნაირგვარი ინტერესებისა და შესაძლებლობების მქონე პიროვნებებისგან შედგებოდა. პინჩონი მასშტაბურია თუნდაც იმიტომ, რომ მეტისმეტად ამერიკელია (თუმცა, ბევრი თანამემამულის მსგავსად, უცხოეთში ყოფნისას ამდენად ამერიკელი არასდროს არაა). ამ თვალსაზრისით იგი ბორხესის მოთხრობის ,,ტლიონ, უკბარ, ორბის ტერციუსის’’ პერსონაჟს, ასკეტ მილიონერს გვაგონებს, რომელმაც განაცხადა, რომ ,,ამერიკაში ქვეყნის გამოგონება სისულელეა, და მთელი პლანეტის გამოგონების წინადადება წამოაყენა.’’ აქ, რომანში ,,იმ დღის წინააღმდეგ’’, მისივე განმარტებით, პინჩონმა ერთი-ორი უმნიშვნელო შესწორება შეიტანა იმ სურათში, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამყარო.’’ ხაზს ვუსვამ: ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სამყარო ასეთი უ ნ დ ა ყოფილიყო. მასშტაბური აზროვნება მეგალომანიის ნიშანი სულაც არ არის, და არც მხატვრული პროზა გახლავთ ჯადოსნობის ხერხი. ,,იმ დღის წინააღმდეგ’’ დროის მოშლილი მანქანაა, რომელიც, თუნდაც უშედეგოდ, ისტორიის ისეთი ვერსიის პოვნას ცდილობს, სადაც უსამართლობას ტრიუმფით არ უზეიმნია, და ძიებისას გზადაგზა გულგაუტეხლობის, ამ წინააღმდეგობის გაგრძელების არაერთ მიზეზს პოულობს.

The New York Review of Books, 2007


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“