Saturday, June 19, 2010

ერეკლე შველიძე – ლექსები


* * *
გულზე გადაგდის მოგონებათა ცხელი ჭავლები.
შენი ცხოვრება დღეს, არ გავს იმას, რაც იყო ადრე.
ან კიდევ მას, რაც წარმოგედგინა; უცბად გაები
სხვაგვარ მახეში, ყველასთან ერთად, ხშირად დარდიც ხომ ბარდნის.

უკიდურესად შეკუმშულია გარშემო სივრცე,
უკიდურესად დაძაბულია ყოველი ნერვი.
უფრო ოცნება აღარ შლის ფრთებს და კუშტად გიცქერს,
მკაცრი ნაკვთებით დაღარული ცხადის ნარევი.

და ფიქრობ ასე, ხშირად მოგდის თავში ბოლო დროს
აზრი, რომ მოწყდე ამ ყველაფერს, გამოეცალო
ამ ზედნაშენებს; დანამატებს, ხმაურს, მონოტონს
შენ რომ გიბზარავს ყურთასმენას; რამე შეცვალო.

წახვიდე სადმე, მიანებო და მიატოვო
ეს ყველა ზრუნვა ფუჭზე, მოიცილო ყალბი იერი.
შენს თავზე მეტი სხვა არავინ გააბატონო
და სიყვარულით ამოავსო სევდის თხრილები.

მზეზე წამოწვე, თბილ ბალახზე; ცას შეაჩერდე
ტყიდან მოგესმას კაჭკაჭის ხმა, თავი მიანდო
იმას რაც მხოლოდ გულით იძვრის, ასე არჩენდე
ჭრილობებს, მხოლოდ მას უსმენდე, შენში შიგნიდ, ყრუდ რაც ბინადრობს.


* * *

როცა კეთილი ხარ,
მაღალი ხარ;
ვითომ მწვერვალებზე
გადადიხარ.
არა ბორძიკით,
სულ თავისუფლად.
თითქოს ყველა ნატვრა
აგისრულდა.

როცა კეთილი ხარ,
აღარ გინდა
თუნდაც წარსულიდან,
ნანახიდან
რამეს ჩაეჭიდო
უსარგებლოს.
როცა, თუნდაც აწმყო
უარესობს.

როცა კეთილი ხარ,
რა კარგი ხარ.
ვითომ ნიავივით
გადარბიხარ
მწვანე მდელოებს
და იმართები.
უკვე აღარ გახსოვს,
მიათრევდი

ზურგით მთელს ხმელეთს
და დამძიმებულს,
როგორც თავი არის
სირაქლემის
სადღაც მიმალული,
გაწუხებდა
შენი თავი; ახლა
მარწუხებმა
თვითონ გაგიშვეს
და გააზატეს.

როცა კეთილი ხარ,
უბრალოა
მთელი სამყარო
და სადღაც ნატკენს,
ვით მწვერვალებს
ნისლი ადევთ, მაგ
შენს ტკივილებზე
მალამოა.

* * *

შენ პარკში შენთვის, ხეების ჩრდილში
გაშოტილი ხარ ძელსკამზე მარტო.
გულგრილად უცქერ დავარდნილ გირჩას.
გავიდა უკვე რამდენი მარტი,
რომ წაიყოლეს თან თავის დარდი,
უთხარი ნიავს, რომ იყოს მარდი
და უცოდველი და იქვე გვრიტიც
აჟივჟივდება და იტყვის კრინტი
არ დაძრა მეტი, არ დაძრა კრინტი.

ნაღველი მუდამ უსიტყვოდ დაგღრნის
და გულის ფიცარს შეგიჭამს, როგორც
ჩრჩილი ჭამს ქსოვილს და მაინც არ ღირს
ამაზე დავა, რადგან აქ ცხოვრობ,
სადაც არ არის სამოთხის ბაღი.
ხედავ? იქ დედას რომ მოჰყავს ბალღი
ხელჩაჭიდებით, რომელიც ანცობს.
არ მიამსგავსო ის არცერთ ნაცნობს,
თორე იქნება ზედმეტი ბარგი.

ჰოდა, მაშ ასე, ძალიან კარგი
ამინდი არის. ფოთლების ჭრილში
იცრება სხივი. შენც თავი ჩარგე
აგერ ფოთლების უშფოთველ ძილში
და გაარღვიე საზღვრები მავნე;
თქვი, რომ დღეები უკვალოდ გავლენ.
გავლენ, ან წავლენ, რომელიც გიჯობს.
არ დაგავიწყდეს წერტილიც გლიჯო,
სანამ ვიღაცა გიკურთხებს კარგებს.

თქვი, რომ მარტო ხარ პარკში და უცქერ
განრთხმულ პეიზაჟს, თავისთვის, ისე.
დრო სულ არაფერს აღარ გაუწყებს,
მოგაგონდება რაღაც და მყისვე
გადაინთქმება გარინდებაში
მთელი ალაგი, მთელი მიდამო,
გრძნობ გაუგებარ მიღმიერ კავშირს,
აბამს ბუნება შენთან, უდაოდ.

ნიავს კი მიაქვს სადღაც ტალღები
მტვრის და მიიწევს. რა გეეჭვება?
აღარაფერი გაწვება ბარგად.
და შენც ბალღდები და თან ლაღდები,
ყველა შეგრზნება სინანულს კარგავს.
აგერ ჰაერი სხივზე ციმციმებს.
გაგახსენდება? შენც გაიცინე,
გადატრიალდი და ჩაიძინე;
მხოლოდ ჭრიჭინა თუ ისიმსიმებს
და გამოგაცლის უცბათ სიმძიმეს,
როცა დუმილი შეგაჩერდება.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

თემურ ჩხეტიანი - ლექსები


ღია კარი და დახურული კარი

1. ღია კარი


სტუმართმოყვარე ქალაქია,
თუ სახლი კეთილი,
სულერთია–ორივეს კარი უნდა ებას
და ეს კარი
კიდეც უნდა იხურებოდეს...

დახურე გული,
დაასვენე და დაალაგე –
ამდენი ხნის აწეწილია.
დახურე გული.
ეს ამდენი მომსვლელ–წამსვლელი,
ეს ამდენი რია–რია და გადარევა,
ეს ამდენი ჭუჭყი, ნაგავი...

და რამდენი ძვირფასი ვინმე
გავიდა და აღარ დაბრუნდა.
და რამდენი ძვირფასი რამე
გაიტანეს და აღარ დააბრუნეს.
მათ ნაცვლად კი აქ ვინ აღარ შემოეხეტა,
ვინ იცის, რა არ შემოგითრიეს–
გადაავსეს და დაამძიმეს.

დახურე გული,
დაალაგე და დაასვენე.
გასატანი გაიტანე და რაც დარჩება,
მიუჩინე თავისი ადგილი.
დახურე გული –
ჭიშკარიც ხომ იკეტება,
მიცვალებულს რომ გაასვენებენ.

დაასვენე და უდარაჯე
მის დახურულ კარს – დაუკითხავად
არც არავინ შემოუშვა
და არც რამე გაიკარო
არასასურველი.
. . . . . .
დახურე გული?
დაალაგე? – მიმოიხედე,
მიმოიხედე და დაინახე – ისევ ღიაა!
ყოველმხრივ ღიაა,
თითქოს კარი არცა ჰქონოდეს!..

ღიაა გული
და ყოველმხრივ გახსნილია.
და არაფერი არ აკავებს
მომსვლელს თუ წამსვლელს.


2. დახურული კარი

„...ჯავრი შავაბი კარადა.“
ხალხური


რა ხანია, ამ კართან ვგდივარ.
ვგდივარ არაქათგამოცლილი,
სასომიხდილი,
ვგდივარ ჩემივე სისხლითა და ცრემლით მოსვრილი
და იმ დროს ვიხსენებ
აქეთ რომ მოვდიოდი,
რომ მოვიჩქაროდი
და ამ კარს პირველად შუბლით რომ შევასკდი.

სად მივდიოდი?
მაინც საით მიმიჩქაროდა?
გასვლა მინდოდა საიდანმე,
თუ სადმე უნდა შევსულიყავი?
არ მახსოვს და, მგონი, მაშინ არც მიფიქრია.
არ მიფიქრია, რა მინდოდა,
ოღონდ ეს კარი უნდა გამევლო!..

იმდროინდელ შეცბუნებას ახლა ვიხსენებ.
ვიხსენებ ჩემს სიბრაზესაც:
– რას ჰქვია, არ იღები! – მეთქი...
მერე ხომ სულ სიგიჟე იყო:
ვეჯაჯგურე, წიხლებიც ვურტყი,
თავიც უკვე ჯიქურ ვახალე.

სიგიჟე იყო –
მხოლოდ ჩემი თავი დავშალე:
ოფლი ვღვარე, ძვალი ვიმტვრიე
და საკუთარ სისხლში და ცრემლში
ჩავიკრიფე, ჩავდნი, ჩავჩუმდი...

რა ხანია, ამ კართან ვგდივარ.
ვგდივარ არაქათგამოცლილი,
სასომიხდილი
და გაჭირვებით თუ ავახელ თვალს,
და თუ ავხედავ,
ისევ ეს კარია –
უძრავი, შეუვალი!..

რა ხანია, ამ კართან ვგდივარ
მე, ვინც ისიც არ ვიცოდი, სად მივდიოდი;
გასვლა მსურდა, თუ სადმე შეღწევა,
მაგრამ ეს კარი უნდა გამევლო.

რა ხანია, ამ კართან ვგდივარ.
კიდევ რა დრო უნდა გავიდეს,
რომ აქ ვინმემ გამოიაროს,
თანაგრძნობით დამხედოს და წყნარი ხმით მითხრას:
„დააკაკუნეთ და გაგიღებენ“.


ტალღა

ჩემამდე უამრავი იყო,
ჩემს შემდეგაც მრავალნი მოდიან.

ეს წუთი კი ჩემია
და მოვრბივარ ხელებგაშლილი.

მინდა მოგეხვიო, ხმელეთო,
და შენთან ჩახუტებაში
გავქრე.


იმედგაცრუება

როცა ტელევიზორი გამეთიშა,
წიგნი გადავშალე.

როცა დავიღალე კითხვით,
შიმშილი ვიგრძენი.

კარტოფილი შევწვი
და ყავა მოვადუღე.

მერე გავიარე ბაღში
და ხელი შევაწოდე შეთვალულ ბალს.

მერე ეზოში ვიჯექი კუნძზე,
ვეწეოდი და საღამოვდებოდა.

და მთელი დღე ვგრძნობდი,
რომ მითვალთვალებდა ვიღაც.

მითვალთვალებდა დაჟინებით,
ალბათ ეგონა,
რამე განსაკუთრებულს ჩავიდენდი.


კალენდრის ფურცელი წიგნში

კალენდრის ფურცელი – „14 იანვარი“.
14 იანვარი,
ანუ ძველით ახალი წელი;
ფურცელი, რომელზეც
თვალებბრიალა ლადო ასათიანი ახატია.
კალენდრის ფურცელი წიგნში:
პაულ ცელანი, „სიმღერა უდაბნოში“.
და მაინცდამაინც ლექსთან
„სიკვდილის ფუგა“.

დაბრუნება


1. „ვინც დაიღალა, დაისვენოს“–ხმა იყო მისი.
ვისმინე და ვითაღლითე – განზე გავდექი.
გავიდა დრო,
დავიღალე უმოქმედობით.
გაფაციცებით ვაყურადებ – იქნებ მიმიხმოს....
მაგრამ მისი
ხმა აღარ ისმის.

2. არის შეცდომა, გადაცდენა, დანაშაული
და ყველაფერი ცოდვად კრისტალდება.
მრავალწახნაგა,
მრავალი სხივით –
თვალისმომჭრელით,
გულის დამკაწრავით...
და ცოდოა ადამიანი,
თუ სასჯელი დანაშაულს აღემატება.

3. მზის ჩასვლამდე ჯერ კიდევ ადრეა.
ჯერ კიდევ ადრეა დაღამებამდე
და შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს –
ის, ვინც სინანულში გვაგდებს,
არჩევანის უფლებასაც გვიტოვებს
და სამსალანაგემებთათვის
პეშვით თაფლიც არ ენანება.

4. ვხედავ, მაგრამ შორს არიან,
თანაც, ვიცი – ვერ მომიცდიან.
თავს ძალა უნდა დავატანო,
უნდა ვიარო.
უნდა ვიარო, რომ კიდევ ვნახო
მათი ღიმილი ჩემს დანახვაზე;
რომ მხარზე მათი ხელი ვიგრძნო
და გავიგონო:
„ისევ ჩვენი ხარ,
შენ ყოველთვის ჩვენი იყავი“.

* * *
რადგან არავის არ სცალია შენს მოსასმენად,
უამბე შენი ამბავი ღამეს;

უამბე მზის სხივს,
დილით ფანჯრიდან რომ შემოვა
და კართან რომ გაისუსება.

უამბე შენი ამბავი ფოთლებს,
რომლებიც ბევრნი კი არიან,
მაგრამ თუკი მოუყვები,
თუკი უამბობ,
მოგისმენენ და არ იხმაურებენ.

უამბე ამათ: ამ საღამოს, ლიკლიკა წყაროს;
უამბე და ისიც გჯეროდეს,
ყველაფერს გულთან მიიტანენ,
რასაც უამბობ.

ყველა გული ქვად არ ქცეულა,
ქვასავით არ დაყრუებულა–
უამბე ამათ, თუ რამე გაქვს საამბობელი.

უთხარი ჩუმად და უბრალოდ
და შენც უსმინე–
მათ სიჩუმეში,
მათ ჩურჩულში,
მათ სიმღერაში
სადღაც შორიდან დანაბარებ
პასუხს იპოვი.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ბელა ჩეკურიშვილი - კავშირი


"გამიშვი, მარია", - მესამე დღეა მექანიკურად იმეორებს ვიტორიო და ფიქრს ქარის ზუზუნს აყოლებს. მესამე დღეა მონადირის ქოხში ხის მერხებზე წვანან და საძილე ტომრებიდან ცხვირები მოუჩანთ. იციან, რომ მალე პრიმუსში ნავთი გათავდება და ჩაისაც ვეღარ დალევენ. ზაქრო ამბობს, რომ უკან უნდა დაბრუნდნენ - მთა არ უშვებთ. მაგრამ ვიტორიომ იცის, რომ მთა კი არა, მარია არ უშვებს, რომ მარიას ეშინია, ვიტორიო არ დაკარგოს და ამიტომ არ უშვებს. შარშანაც ასე იყო და შარშანწინაც. ორჯერ ჩამოვიდა ვიტორიო კავკასიაში, ორჯერ დაიძრა სტეფანწმინდიდან მყინვარის პლატოსკენ, ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ნისლი გადაივლიდა და მწვერვალი გამოჩნდებოდა, მაგრამ მოხევეების პროგნოზი მართლდებოდა, ამინდს გამოდარების პირი არ უჩანდა და ვიტორიოსაც ამ მოგზაურობიდან მხოლოდ ფოტოკარდები რჩებოდა.
მისი ფოტომოწყობილობის დანახვაზე გლეხები იცინოდნენ, ხელებს იქნევდნენ და რაღაცას უხსნიდნენ. ვიტორიოც იცინოდა და ფოტოებს უღებდა მათ, მათ შვილებს, მათ სახლებს, მათ ცხენებსა და თივის ზვინებს.
ამ რამდენიმე დღის წინ სტეფანწმინდაში ბერნანდოსთან ერთად ამოვიდა. ცხენიდან ჩამოხტა თუ არა, ბავშვებმა იცნეს, შემოეხვივნენ და პირდაპირ ზაქროს სახლისკენ წაიყვანეს. გზაში გლეხები ხვდებოდნენ, ნაცნობები, უცნობები, ქუდს იხდიდნენ და ესალმებოდნენ.
მისი დანახვა ზაქროს არ გაჰკვირვებია. იმ ღამეს ისევ ის უცნაური გემოს არაყი დაალევინა და გათენებისას ყაზბეგის მთისკენ წამოუძღვა. იმ ცოტა რუსულით, რაც ზაქრომ იცის, და კიდევ უფრო ცოტა სიტყვებით, რაც ვიტორიოს ესმის, მოხევე ცდილობს, იტალიელებს აუხსნას, რომ მთა არ უშვებთ, რომ ყაზბეგმა ასე იცის, თუ განწყობაზე არ არის, არ აგიშვებს. მაგრამ ვიტორიო სხვაგვარად ფიქრობს, ზაქროს ამას ვერ გააგებინებს, ამდენი რუსული სიტყვა ვიტორიომ არ იცის და რომც იცოდეს, ალბათ ზაქრო არ დაიჯერებს, რომ მთა კი არა, მარია არ უშვებს, რომ მარიას ეშინია, ვიტორიო არ დაკარგოს.
მარიას უკვე ათი წელია ეშინია. ზაფხული რომ მოდის და ვიტორიო ზურგჩანთის ჩალაგებას იწყებს, მარია უძილობას იმიზეზებს და ღამეებს ოთახებში ბორიალში ათენებს. იყო დრო, როცა ვიტორიო მხოლოდ მარიას ხედავდა და ყველა ფოტოსურათს მარიას სახელი ერქვა: შადრევანს ქალაქის მოედანზე და თვითონ მოედანს, და სახლებს და აივნებს ამ სახლებზე, და ქუჩებს და ხიდებს ამ ქუჩებზე, და სოფლებს ქალაქის გარშემო და ბაღებს ამ სოფლებში. მარია წვიმდა ვიტორიოს ფანჯრებზე და მარია იღვრებოდა შუქად მის ოთახში განთიადთან ერთად.
მაგრამ მერე ვიტორიომ მთებისკენ დაიწყო ყურება და ფოტოსურათებზეც მთები გაჩნდა. თოვლით აივსო ოთახები, თოვლიანი მთები წამოსდგომოდნენ მარიას თავზე, სახლის ყველა კუთხეში აღმართულიყვნენ და ვიტორიომდე მისასვლელი გზა ჩაეხერგათ. ვიტორიომ მარია ლომბარდიის მთებზე გადაცვალა. თოვლიანი მთები გაჩნდნენ მათ შორის და მარიას ღამეები თოვლივით გაათეთრეს.
როცა შეამჩნია მარიას უძილო ღამეები, ვიტორიო ისე შეცბუნდა, თითქოს ქუჩაში ღიღინით მიმავალს მოულოდნელად მხრებში ხელი ჩაავლეს და შეანჯღრიეს. ვიტორიომ თავი დამნაშავედ იგრძნო. მაგრამ მორიგი მარშრუტი შედგენილი იყო და ჩანთაც ჩალაგებული. ძალიან, ძალიან დასევდიანდა ვიტორიო, ძალიან, ძალიან მაგრად მოეხვია მარიას და ძალიან, ძალიან ჩუმად უთხრა: "გამიშვი!" მარია დუმდა. და ამ დუმილში ვიტორიომ გაარჩია: "მეშინია, არ დაგკარგო!" ეს მარიას მხრებმა თქვეს, უღონოდ ჩამოყრილმა მხრებმა და მერე მკლავებმა გაიმეორეს. თვალები კი კიოდნენ: "რა გინდა იქ, რა დაგრჩენია?!" ეს საკოცნელად რომ დაიხარა, მაშინ მოესმა. მაგრამ ვიტორიოს პასუხი არ ჰქონდა. მისი პასუხი ის ფოტოსურათები იყო, მწვერვალებზე რომ იღებდა და დაბრუნებული სახლს ავსებდა. ეგონა, რომ მარიას ესმოდა, ვიტორიოს "რა დარჩენოდა იქ". როგორც სიბერეში გადასულ ცოლებს ესმით უსიტყვოდ მოღალატე ქმრების ვნებები მათი ახალგაზრდა სატრფოს დანახვისას.
სახლი სავსეა ვიტორიოს ვნების ვულკანებით, მაგრამ ახლა, ამ მოგუგუნე ვულკანთა შორის, განსაკუთრებით შემაშფოთებლად ჟღერს "კავკასია". ვიტორიომ ეს მთები ჯერ სხვისი ფოტოებით შემოიყვანა სახლში, მერე თვითონაც წავიდა მათ სანახავად. ისე წავიდა, როგორც სატრფოსთან შესახვედრად გარბიან ხოლმე გიმნაზიელები - სულსწაფად, ფართიფურთით.
ვიტორიომ კიდევ ერთხელ უთხრა: "გამიშვი", მაგრამ მარიამ ტუჩების შერხევაც კი ვერ შეძლო თანხმობის ნიშნად. მარიას ეშინია ამ მთების. დაზაფრულია. არა, მარია ამ მთებზე არ ეჭვიანობს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ეჭვი. ეს უსახელო შიშია. როგორც დედას ეშინია წამოზრდილი შვილის შეღამებულზე სახლიდან გასვლის. და ეს შიში ისეთი ძლიერია, ვიტორიოს მთაზე არ უშვებს. მარიას შიში ვიტორიოს სურვილზე ძლიერია, ხვდება ამას ვიტორიო. ამ შიშს მარიასავით დიდი თვალები აქვს და მარიასავით დიდი გული. ამ შიშს სიყვარული ჰკვებავს და იცის ვიტორიომ, რას ნიშნავს, როცა გრძნობას სიყვარული ჰკვებავს.
ქარი არ ჩერდება, სამი დღეა ნამქერს ატრიალებს და მათი ქოხის კედლებს აყრის. სამი დღეა ბერნანდოს სამი სიტყვა არ უთქვამს ზედიზედ. ის ვიტორიოს გადაწყვეტილებას ელოდება. ზაქროც ვიტორიოს გადაწყვეტილებას ელოდება. ვიტორიო კი წევს და მარიას ევედრება, რომ გაუშვას.

* * *
გათენებისას ქარი ჩადგა. ქოხმა მოულოდნელად შეწყვიტა რყევა, ვიტორიომ ეს ძილში იგრძნო. თანამგზავრებს გადახედა. ზაქროს თავი წამოეწია და ვიტორიოს უღიმოდა. ნეტავ რამდენი წლისაა? გაიფიქრა ვიტორიომ. მისთვის ასაკი აქამდე არ უკითხავს. შავ წვერში უკვე ჭაღარა აქვს შერეული, მაგრამ რას გაიგებ, კაფანდარაა, მუდამ წელში გამართული დადის და საუკეთესო მონადირედ ითვლება სტეფანწმინდაში. ვიტორიოს მის სახლში უაზარმაზარი ჯიხვის რქები აქვს ნანახი კედელებზე. დათვის ტყავები უგია საწოლზე და იატაკზე.
ზაქრო იღიმება და ახლა ბერნანდოს უყურებს. ბერნანდო დგება და პრიმუსს ანთებს. ზედ კარდალას დგამს ჩაისთვის. ზაქრო ისევ იმ უცნაური გემოს არაყს იღებს აბგიდან და პატარა რქაში ასხამს. ვიტორიო უკვე მიეჩვია ამ სასმელსაც და ამ რქასაც...
მერე ზაქრო წინ მიდის და ნაპრალებზე აფრთხილებს. ვიტორიოს გულისკოვზთან რაღაც უღიტინებს, ლამისაა ხმამაღლა იმღეროს: "მარია", "მარია". ამ სახელს ყოველთვის იმეორებს, როცა მწვერვალისკენ მიდის. მარიამ არ იცის, რომ ვიტორიო მის სახელს იმეორებს, როცა მწვერვალზე ადის, როგორც არ იცის, რა დარჩენია ვიტორიოს მთებში.
ვიტორიო თოკშია ჩაბმული ზაქროსთან და ბერნანდოსთან ერთად, ფოტომოწყობილობით აღჭურვილი ხშირად ჩერდება და იმის ფიქსაციას ახდენს, რასაც მისი გული გრძნობს და ხედავს. ვიტორიოს ფოტოსურათები თოვლიან მწვერვალებზე დაწერილი ოდები, ჰიმნები და საგალობლებია. ვიტორიო მყინვარის გვერდით გაწოლილ გველეშაპს იღებს. ზაქრომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, სტეფანწმინდაში მოუყვა ამ გველეშაპის შესახებ, კავკასიონზე მიჯაჭვული გმირის შესაჭმელად რომ წამოვიდა, მაგრამ ქართველმა წმინდა მხედარმა გააქვავა და მწვერვალამდე აღარ აუშვა. ისე როგორც მარია არ უშვებდა ვიტორიოს, შიშის ემისრებს გზავნიდა კავკასიაში და ქარბორბალას ატრიალებდა.
ვიტორიო ფოტოზე აფიქსირებს მზის პირველ სხივებს, მთებს რომ ეცემა და თვალს აყოლებს უფსკრულებს, სადაც ეს სხივი ვერ აღწევს. მისი კამერა გრძნობს, როგორ უახლოვდება ნელ-ნელა მყინვარწვერი. კამერა ვიტორიოს გულია, რომელიც მის ხელებში პულსირებს და იმაზე ადრე ამჩნევს ყველაფერს, ვიდრე თვალი დაინახავდეს.

* * *
ბერნანდომ ვიტორიოს მორიგ შესვენებაზე ჩანთიდან ლიმონი ამოიღო და ზაქროსკენ წავიდა. ვიტორიომ იგრძნო, რომ თოკმა დაქაჩა და ვიდრე გაიაზრებდა რა მოხდა, წონასწორობა დაკარგა და შტატივს გადაემხო. ზაქროს ყვირილი რომ მოესმა, უკვე თოვლზე მისრიალებდა. მექანიკურად მოიქნია წერაყინი და თოვლში ჩაასო. თავი რომ ასწია, ზაქრო დაინახა. ისიც წერაყინზე ჩამხობილი იწვა. მერე საიდანღაც ბერნანადოს კვნესაც გაიგონა, ყრუ კვნესა და ძახილი. და ვიტორიო მიხვდა, რომ ნაპრალის პირას იწვა.
"ბერნანდო!, ბერნანდო!" - ყვირის ვიტორო და საფეთქლები უგუგუნებს. "მარია!, მარია!", შხუის სისხლი მის ყურებში და სმენას უხშობს.
ნაპრალი ფართოა და ღრმა. ზაქრო თოკებს ქაჩავს, ვიტორიო ჩასვლას იწყებს, ბერნანდოს ხელები აქვს დაზიანებული, ვერ ეხმარება. ზაქრო მარჯვე და კუნთმაგარი მონადირეა, ასობოთ ჯიხვი ჰყავს აქ მოკლული, ორჯერ დაფლა უკვე თოფი, სისხლგამძღარი და ყავლგასული. ეს ნაპრალი არასდროს შეუმჩნევია, აქ ნაპრალს რა უნდა, მთაში ნაპრალების მეტი რა იცის, ზოგი ზაფხულში ჩნდება და ზოგიც შემოდგომის პირას, მაგრამ ეს ნაპრალი არასდროს უნახავს, აქ ნაპრალს რა უნდა!
ვიტორიოს ჯერა, რომ ზაქროს არაფერი შეშლია, რომ ზაქრო დამნაშავედ ტყუილად გრძნობს თავს, რომ ვიტორიომ იცის, ადრე აქ ნაპრალი არ იქნებოდა, არც ზაქროს ბავშვობაში იქნებოდა, პირველად რომ გამოჰყვა ბიძაშვილებს ამ გზაზე, მაგრამ ახლა ახსნის დრო არ არის, ამდენი რუსული ვიტორიომ არ იცის, და რომც იცოდეს, ვერ აუხსნის, ზაქრო არ დაუჯერებს, თუ ვიტორიო ეტყვის, საიდან გაჩნდა აქ ნაპრალი. ახლა ახსნის დრო არ არის, ახლა მთავარია, ბერნანდო ჩაიყვანონ სტეფანწმინდამდე, ხელები რომ აქვს დამტვრეული და ტკივილისგან დროდადრო გრძნობას კარგავს. ვიტორიოს ბათინკი გაეხა ნაპრალში, თოვლი შევიდა და დასველდა. მარჯვენა ფეხში თანდათან მასაც ეკარგება გრძნობა, მაგრამ ფეხის გაბუჟება რა მოსატანია, უნდა იარონ, სწრაფად უნდა იარონ, ხელებდამტვრეული ბერნანდო როგორმე სტეფანწმინდამდე უნდა ჩაიყვანონ.

* * *
ვიტორიო თვალს მილანის საავადმყოფოში ახელს. ცდილობს გაიხსენოს, რა მოხდა სტეფანწმინდიდან მილანამდე. ბერნანდო? ხელები არტახებში ჩაუსვეს მოხევეებმა. მას კი ფეხი სტკიოდა. მოყინული, გაშავებული ფეხი დაუზილეს, მაგრამ ტკივილი არ ჩაცხრა. ახლა აღარ სტკივა. ვიტორიო ხვდება, რომ მარჯვენა ფეხი აღარ სტკივა. ვიტორიოს შეუძლია ადგეს და გაიგოს, როგორაა ბერნანდო. ორივე ხელი ალბათ თაბაშირში აქვს. სადმე იქნება ახლოს. ეს ხომ საავადმყოფოა. ვიტორიო საავდმყოფოში წევს. ბერნანდოც სადმე ახლოს იქნება. უნდა ადგეს ვიტორიო და ბერნანდოს ამბავი მოიკითხოს. მაგრამ ვერ დგება. ფეხი აღარ სტკივა, მაგრამ მაინც ვერ დგება. ვიტორიო ფრთხილად წევს საბანს და საკუთარ სხეულს დაჰყურებს. როგორც ზევიდან, მწვერვალიდან დაჰყურებს ხოლმე ხეობებს, ფსკერამდე რომ თვალს ვერ აწვდენს, მზის სხივიც რომ გზაში ჩერდება. ვიტორიო ზევიდან დაჰყურებს საკუთარ სხეულს, როგორც უცნობ, დღემდე უნახავ ხეობას და თვალი უშტერდება. როგორც მისი ფოტოკამერა ყუჩდება და იძაბება უჩვეულო კადრის დანახვისას. ვიტორიოს მარჯვენა ფეხის ადგილას სიცარიელე აქვს, დიდი, თეთრი სიცარიელე, დოლბანდში გახვეული მუხლის სიქათქათეს რომ აგრძელებს, როგორც მყინვარის ქუდს მისი ენა...
"ვიტორიო! გაიღვიძე? რა კარგია! ჩემთან ხარ! კიდევ კარგი, არ დაგკარგე!" - მარია ლოგინზე წამომჯდარ, გაკვირვებულ ვიტორიოს იხუტებს. "კიდევ კარგი, არ დაგკარგე!" - დაუსრულებლად იმეორებს მარია და ცრემლები ღვარად ჩამოსდის - "ფეხი არაფერია, ძვირფასო, მთავარია სიცოცხლე არ დაგიკარგავს!" - ცდილობს გაიცინოს.
"არ დამიკარგავს, - დუმილით ეთანხმება ვიტორიო, - თვითონ დავიკარგე... და მარიას ვეღარ ხედავს...

23 მარტი, 2009 წელი

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Wednesday, June 9, 2010

მალხაზ ხარბედია – სასაფლაო – მშვენიერი გამოგონება


1838 წელი. ცხელი ტფილისური ზაფხული. 6 აგვისტო. ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს თავის მეგობარს, მიხეილ თუმანიშვილს: “ჩვენს ქალაქში, რომელიც სიცხისაგან მოსაწყენია და მტვრისაგან სულის შემხუთველი, საყურადღებო არაფერია. მე გამოვცოცხლდები ხოლმე მთვარიან საღამოს, რომელიც ტფილისში მშვენიერია. გუშინ, ერთ-ერთ ასეთ საღამოს, წავედი სახეტიალოდ მოსკოვის სადარაჯოსაკენ და მოულოდნელად თავი სასაფლაოზე ამოვყავი. უნდა გამოგიტყდე, ცოტა შევშფოთდი, როდესაც თვალი მიმოვავლე ამ მყუდროებას: ღამის 11 საათია, არც ერთი სული! გარშემო საუკუნოებრივი სიცალიერე; მთვარე მქრქალად ანათებს საფლავებს, როგორც მიცვალებულის მიმქრალი ბაზმა. ჩუმად და ნელა მოიზლაზნება მტკვარი, თითქოს ეშინია დაარღვიოს ამ სევდიანი ქვეყნის მყუდროება. შენ ახლა არხეინადა ხარ და მე არ მინდა შეგაშფოთო სევდიანი ფიქრებით, რომელიც გამოიწვია ჩემში ამ ზეციურ-ქვეყნიურმა სანახაობამ! გეტყვი კი, რომ სასაფლაო მშვენიერი გამოგონებაა, ის აუცილებელია, რათა მოკვდავი ადამიანი დროგამოშვებით იმაში თავის ცხოვრებას კითხულობდეს: ბედკრულის ნუგეშინისცემა, დასასრული ბედნიერებისა!”
შორს წამოსულა ბარათაშვილი, გასცილებია ქალაქის გასასვლელს, “ზასტავას”, რომელიც ახლანდელ კინოს სახლთან იყო, გადაუვლია ხევი, ახლანდელი ელბაქიძის აღმართზე რომ ჩადიოდა, გვერდზე ჩამოუტოვებია მაშინდელი ახალგაზრდობის მთავარი გასართობის, Tir aux Pigeons-ის ადგილი, სადაც ნაძლევზე მტრედებს ხოცავდნენ ხოლმე, ჩაუვლია თავად სუმბათაშვილის დიდებულ სასახლესთან, რომელიც ქალაქის ბოლოში იდგა, და ვერის სასაფლაოზე ამოუყვია თავი: ხევები, სამხედრო გზა, ქვევით მტკვარი და ერთი წლის წინ ნიკოლოზ I-ს გადარჩენის აღსანიშნავად აღმართული ჯვარი... საფლავებზეც ჯვრები, ქვები და სასაფლაო ფიქრები.
ამ ფიქრებიდან იწყება ტფილისური “სასაფლაოს ტექსტი”, რომელიც დღემდე მოდის ჩუმ-ჩუმად, კლასიკოსებისა და მარგინალური ტექსტების გავლით, მოდის თითქმის უცვლელად. თუკი ადრე მთაწმინდა და ვერის სასაფლაო იყო, ახლა მუხათგვერდის, დიღმის, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებზეც დაეხეტებიან გმირები. იქ, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მეგობარი მწერალიც წევს.
ხდება ისეც, რომ პოეტები სრულიად შემთხვევით ისეთ ადგილებში გადაეყრებიან ხოლმე საყვარელი მწერლების საფლავებს, რომ თვითონაც კი უკვირთ. აი მაგალითად, 10-15 წლის წინ შოთა იათაშვილი ვერის ბაღში მივიდა, მზეს მიეფიცხა და თქვა:
“ვერის ბაღშიბიჭები, გოგოები, ჭიანჭველები, ფოთლები დამე და მაისის სითბო მოვედით ერთხელაც.მე დავჯექი ხის სკამზე დაუეცრად აღმოვჩნდი დანიელ ჭონქაძის საფლავის წინ.

უკვე ვფიქრობ, რომ მისი სული გამომყვება სახლში,ჩამყვება სიზმრებში,ჩემთან დამეგობრებას განიზრახავს...დანიელ ჭონქაძის სული -თურმე ვერის ბაღში რამდენი მოსვლა იყო საჭირო,რომ ბოლოს და ბოლოს მეგრძნო მისი აქ ყოფნა...“
ზვიად რატიანმა დაახლოებით იმავე დროს დაწერა:
“სად დნება თოვლი ყველაზე გვიან? სასაფლაოებზე, ჩემო მეგობარო.
სასაფლაოებზე, საფლავის მიწაზე...”
მანამდე კი ანდრო ბუაჩიძე წერდა ძალიან ბევრს სასაფლაოებზე:
“იქით კი ვაკის სასაფლაოა და ჩემი ძველი ამხანაგები...”.
აკა მორჩილაძესთანაც ბევრია სასაფლაოებზე ხეტიალი, ერთი მოთხრობა მთლიანად სასაფლაოზეა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი ქალაქის ორეული აღმოჩნდება, ქალაქი-სასაფლაო. ეს მოთხრობა “ტიფლისი, გრანტის საგრაფოა”, ქართული “სასაფლაოს ტექსტის” სევდიანი გვირგვინი.
სხვაც ბევრი წერდა სასაფლაოებზე, ყველას რა ჩამოთვლის და ეს შესავალიც მხოლოდ შეხსენებისთვისაა. უბრალოდ, მადლობა გრიგოლ ჩხარტიშვილსა და მის ალტერ ეგოს, რომ გაგვახსენა სასაფლაო, როგორც “მშვენიერი გამოგონება”, სადაც შეგვიძლია ცხოვრება წავიკითხოთ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ბორის აკუნინი – მინდა გაკოცო ბაგეზე



ფრაგმენტები

...საკუთარ თავს "ნეკროფორუსს" უწოდებდა - ლათინურად ასე ერქვა მესაფლავე ხოჭოს, სილფიდების, ანუ მკვდარიჭამიების ოჯახის სახელოვან წარმომადგენელს.
ნეკროფორუსის მსგავსად, პაშა ლენკოვიც მიცვალებულთა ხარჯზე ცხოვრობდა და თან საკმაოდ ბარაქიანადაც.
ის იდეა, რომელიც საშუალებას აძლევდა, გაენაღდებინა ისტორიულ-ფილოლოგიური ცოდნის კაპიტალი, მზარდი საბაზრო ეკონომიკის პირობებში აბსოლუტურად არალიკვიდური რომ გამოდგა, გენიალურად მარტივი იყო: ძველ (სასურველია, გამოუქვეყნებელ) საბუთებსა და მემუარებში პაშა ეძებდა ისეთი ძვირფასი ნივთების მოხსენიებას, მიცვალებულს კუბოში რომ ჩაატანეს. სენტიმენტალურ XIX საუკუნეში ეს ძალზე გავრცელებულ ჩვეულებას წარმოადგენდა. ყველაზე მოსახერხებელი იყო მწერლებით დაწყება, რადგანაც თითოეულ მათგანზე ლიტერატურულ არქივში საგანგებო ფონდი იყო დაცული. შემდგომში პაშამ სხვა არქივებიც აითვისა და პოტენციურ "სპონსორთა" წრე გააფართოვა. ლენკოვის ხელში გამოვლილ "არტეფაქტებს" შორის ყოფილა ბეჭდები, მედალიონები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი რამდენიმე დაშნა, ვარსკვლავის ფორმის ბროლის ორდენები. ზოგჯერ უფრო ეგზოტიკური რამეც გამოერეოდა - მაგალითად, სასიყვარულო წერილების შეკვრა, რომლის საფლავში ჩატანებაც ითხოვა ანდერძში პუშკინის წრის ერთ-ერთმა პოეტმა. ნეკროფორუსმა აღნიშნული პიროვნების საფლავიდან გრუნტის სინჯი აიღო და დარწმუნდა, რომ სინოტივესთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერი იყო. დასაფლავების აღწერის თანახმად კუბო მუხისა უნდა ყოფილიყო და, მაშასადამე, წერილები კარგად იქნებოდა შემონახული. არქივის ბეჭდიან ფურცელს პაშამ მჟავის ხსნარი დააწვეთა, ძვირფასი ინფორმაცია კი, რომელიც ამიერიდან მხოლოდ მის საკუთრებად ქცეულიყო, თავის "კატალოგში" მოათავსა. ეს მართლაც უნიკალური საქონელია, მაგრამ მყიდველსაც განსაკუთრებულს მოითხოვს. ასეთი მყიდველი ჯერ მოსაძებნი ჰყავს. მარგალიტებზე ნადირობის წლებმა ლენკოვის "კატალოგს" არაერთი განძი შეჰმატა.
მაგრამ არტეფაქტის აღმოჩენა საწარმოო პროცესის მხოლოდ დასაწყისი გახლდათ. შემდეგ ეტაპზე კლიენტის მოძებნა ხდებოდა. ახლა პაშას უკვე დაუგროვდა კავშირები, მთელი მსოფლიოს შუამავლებსა და კოლექციონერებთან გაითქვა სახელი, თავიდან კი მაგარი სირბილი უწევდა.
ოკეი, კლიენტიც გამოჩნდა, ფასიც შეთანხმებულია. დგება მოპოვების ფაზა, ანუ სახელდობრ ოპერაცია. ეს საქმე კი თხუნელას გარეშე ვერ გაკეთდება.
უკვე მეოთხე წელი იყო, რაც ერთად მუშაობდნენ, მაგრამ პირადულ, ანუ არასამსახურეობრივ ურთიერთობებში არ შედიოდნენ - პაშამ გადაწყვიტა, რომ ასე უფრო უსაფრთხო იქნებოდა. სატელეფონო ზარი: ამ რიცხვიდან ამ რიცხვამდე გვიწევს მივლინება, ესა და ეს რეისი. მორჩა. თხუნელა ყურმილში ჩაიდუდღუნებს, "ჰოო", არც კი იკითხავს, საით მიფრინავენ. იდეალური პარტნიორია.
პაშა კარგა ხანია სწორედ ასეთს ეძებდა.
რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ყოველ ჯერზე ლოთ მესაფლავეებთან საქმის დაჭერა ზედმეტი რისკი იყო, თუნდაც ერთი ყუთი არყისათვის არც საფლავის გათხრას დაზარდებოდნენ და არც ნეშტის გაჩხრეკას. თავად ლენკოვს საამისოდ ჯანი არ ეყოფოდა, თანაც ეშინოდა.
პირდაპირ სასწაულია, რომელიღაც შემთხვევითმა ხელქვეითმა როგორ არ გასცა ლენკოვი სიმთვრალეში. დრო იყო, ბოლო მოეღო დილეტანტიზმისთვის. აქ საჭირო იყო პროფესიონალი - არც მსმელი, არც მოლაყბე, კარგი ფიზიკური და ტექნიკური მომზადებით.
საქმე კიდევ იმაშიც იყო, რომ ამასობაში პაშა საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად მომწიფდა. იქ კლიენტიც უფრო მდიდარია, სამოქმედო სივრცეც უფრო ფართოა. რუსეთის სასაფლაოები კი მეტისმეტად არასაიმედოა სადეპოზიტოდ. უკანასკნელი ასი წლის მანძილზე აქ ძალიან ბევრმა ომმა, რევოლუციამ და არეულობის პერიოდმა ჩაიარა, სოციალური კატაკლიზმების ეპოქებში კი, როგორც ცნობილია, დევალვაციას განიცდის ყოველგვარი ტაბუს საკრალური მნიშვნელობა, მათ შორის - სამარეთა შებღალვის ტაბუსიც. პაშას უკვე რამდენჯერმე მოსვლია ისე, რომ საკმაოდ დიდი დროის, ფულისა და აღუდგენელი ნერვული უჯრედების ფასად გათხრილი სამარხი კარგა ხნის გამოშიგნული დახვედრია, - ვინ იცის, შეიძლება, სამამულო ომის დროიდანაც.
ოსტატის ძიებაში ლენკოვმა რამდენიმე თვე თანამედროვე სასაფლაოებზე გაატარა, დამკრძალავი ბრიგადების მუშაობას ადევნებდა თვალს. და, აი, ნიკოლო-არხანგელსკის სასაფლაოზე გადააწყდა თხუნელას.
ერთი შეხედით უკვე ცხადი იყო: ეს უბრალო პროფესიონალი კი არა, ნამდვილი ვირტუოზია. ქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი სანახაობა ოსტატის საქმიანობისათვის თვალის დევნება გახლავთ, - სულ ერთია, რა არის მისი ხელობა. სურათს ხატავს, ხორცს ჭრის თუ ფეხსაცმელს აპრიალებს - ამას არა აქვს მნიშვნელობა. როდესაც ადამიანი აკეთებს იმ საქმეს, რისთვისაც ამ ქვეყნადაა მოვლენილი, ის დიდებულია.
თხუნელა სოლებით მონიშნულ მიწის მონაკვეთს მიუახლოვდებოდა და ერთხანს ბანჯგვლიანი წარბების აწევ-დაწევით აკვირდებოდა. ბრიგადა მოწიწებით იდგა შორიახლოს და ელოდა.
შემდეგ გენიოსი მესაფლავე მოხდენილი სიმსუბუქით მოიქნევდა წერაქვს და რამდენიმეგან ჩაასობდა გრუნტში. მუშებიც აისხავდნენ ხელსაწყოებს და - ყველაზე ქვაღორღიანი ან გაყინული მიწაც კი თვითონ ეკვროდათ ნიჩბებზე.
ბრიგადის უფროსი განზე იდგა, აბოლებდა. მას მხოლოდ ფესვის ამოსაძირკვად, ანდა ღრმად ჩაფლული ლოდის ამოსაგდებად აწუხებდნენ. ისიც მაშინვე ორმოში ჩაეშვებოდა, რაღაცას მოკვეთავდა, სადღაც ჩამოჭრიდა და - მორჩა. პაშა არასოდეს შესწრებია ისეთ შემთხვევას, რომ ბრიგადირს ერთ წუთზე მეტი დრო დასჭირვებოდა.
განსაკუთრებით იმან მოხიბლა, რომ მიწის ოსტატი თითქმის უსიტყვოდ მუშაობდა. გამოხედვაც კარგი ჰქონდა - მიმქრალი, თითქოს საკუთარ სიღმეში ჩაბრუნებული. ჭკუის კოლოფი ნამდვილად არ იყო. მაგრამ არც დებილი ჩანდა - თორემ ბრიგადის უფროსობას ვერ გაქაჩავდა.
შემდგომმა შემოწმებამ არჩევანის სისწორე დაუდასტურა. არ სვამს, ენები არ იცის, არც გეოგრაფია. გინდ მადრიდი, გინდ ნიუ-იორი, გინდ პარიზი - მისთვის აბსოლუტურად სულ ერთია. ზის თავისთვის სასტუმროში, უყურებს ფეხბურთს ან, თუ არის, პორნოარხს. სამაგიეროდ ღამით, სასაფლაოზე, ხელსაწყოთი აღჭურვილი - ნამდილი პაგანინია.
აი, ასეთი მეწყვილე ჰყავს.

* * *

თხუნელამ პაშას შარვლის ტოტზე მოქაჩა. ესეიგი, დროა.
პაშამ ნერვიულად გადაყლაპა ნერწყვი და შავ კვადრატში ჩაეშვა. გული სადღაც ყელის არეში უფართხალებდა, მაგრამ ეს სასიამოვნო განცდა იყო - თითქოს ციცაბო დაღმართიდან ეშვები ციგით.
მალე ნეკროფორუსი თხუნელას გვერდით ვიწრო სამარხში აღმოჩნდა და ასწლოვანი სიძველის სუნი შეისუნთქა. ფარნის სხივი კუბოს თავსახურზე დასრიალებდა. მტვრის ერთსანტიმეტრიანი ფენის ქვეშ (ნეტავ საიდან ჩნდება აქ მტვერი?) უხალისოდ ბზინავდა ლაქის ზედაპირი.
- ბრინჯაოსია, - პატივისცემით წარმოსთქვა თხუნელამ, თან თითი კუთხეებში ჩასმულ ფიგუროვან ჭანჭიკებს გადაუსვა., - მაგარია.
ბევრი დროის კარგვის გარეშე ჩართო ელექტროსახრახნისი.
ზზიკ, ზზიკ - გულისგამაწვრილებლად აწივლდა ხელსაწყო და ჭანჭიკიც ამოძვრა ხვრელიდან. თხუნელა დროდადრო მის დასაზეთად ჩერდებოდა, რის შემდეგაც კვლავ იგივე ზრიალი გაისმოდა. გატანჯულ პაშას ყურებზე ხელები აეფარებინა: ზრიალი ბორმანქანის ხმას აგონებდა.
- მიდი, - ხელით ანიშნა თხუნელამ.
ფრთხილად აწიეს კუბოს თავსახური და გვერდზე გადადგეს.
ყოველი შემთხვევისათვის პაშამ საგანგებოდ აიფარა პირზე ლავანდით გაჟღენთილი რესპირატორი. ძველი სამარიდან ზოგჯერ ისეთი სურნელი გეცემა, შეიძლება მთელ სამუშაო ადგილს მოარწყიო. თხუნელას არაფერი ენაღვლება, ასეთ რამეებს შეჩვეულია.
მაგრამ მიცვალებულის დანახვაზე სასაფლაო საქმეთა ოსტატსაც კი კანკალი აუვარდა.
ოსკარ უაილდი აბსოლუტურად გაუხრწნელი იწვა კუბოში. შავი სერთუკი დაშლილიყო, თეთრ საყელოს კუთხეები გაშავებოდა, მაგრამ ფართო შუბლი თეთრი და კრიალა ჰქონდა, სავსე, დონდლო ღაწვებზე კი ვარდისფერი გადაჰკრავდა.
პაშა ამ სანახაობისათვის მზად იყო და კმაყოფილებით ჩაიხითხითა: ამ ერთხელ მაინც თანაშემწეზე უფრო ძლიერი ნერვები აღმოაჩნდა:

სიკვდილიც შვენის ბრძოლის შემდეგ
ლელიანში დაცემულ რაინდს,
გარს ჭიჭყინები ეხვევიან,
თითო ლუკმა ერგებათ მაინც...

- ეს მე და შენზეა. რას იტყვი, თხუნელ, თითო ლუკმა მაინც ხომ გვერგება, ჰა?
- რა ჭირს? რა ლენინივით მთელ-მთელი წევს? - საფლავის სპეციალისტისთვის ეს არნახულად გრძელი ფრაზა იყო.
- აუხსნელი ფენომენია, ჯერ კიდევ 1909 წელს დარეგისტრირებული. მაშინ ნეშტი ბანიოს სასაფლაოდან აქეთ გადმოასვენეს. ეგონათ, ჩონჩხიღა დახვდებოდათ, მაგრამ კლასიკოსმა ყველანი გააოცა. წმინდანივით უხრწნელი გამოდგა. არადა, ისე ულამაზოდ კვდებოდა. სული როგორც კი განუტევა, ყველა ხვრელიდან გაასხა. ყურებიდანაც კი. ესთეტისათვის ძალზე არაესთეტურად მოკვდა. იქნებ იმიტომაც აღარ დალპა, რომ მთელი სიბინძურე გარეთ გადმოანთხია? ასეთ კარგ ფერზე კი იმიტომაა, რომ ამაზე მისმა საყვარელმა, ბობი როსმა იზრუნა. გრიმი დაადო. გადასვენებას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ბობიც სადღაც ახლო-მახლო უნდა იყოს, ისიც აქ დაასაფლავეს.
პაშამ აქეთ-იქით მიმოანათა და მართლაც: სხივმა კუბოს თავთით მდგომი ამფორის მაღალი ფერდი ააბრდღვიალა.
- ოქროსია? - ჭურჭლისკენ ხელი გაიშირა თხუნელამ.

იქვე, მახლობლად განისვენებს
საუცხოოდ მორთული პაჟი.
ხარბი ყორანი, კუნაპეტი,
როგორც ღამე, ტრიალებს ცაში...

- ჩაიბურტყუნა პაშამ, თან გაიფიქრა, როსის სანეშტე ურნაც ხელს ხომ არ გავაყოლოო. არა, არ ღირს. ვიღას ადარდებს დღეს ბობი როსი? მხოლოდ ზედმეტი ტვირთი იქნება.
- ტუფტაა, - ამოიხვნეშა იმედგაცრუებულმა თხუნელამ, როდესაც ამფორის წონა მოსინჯა, - თითბერია.
ოსკარ უაილდის თაობაზე კი შენიშნა:
- სუფთა მსახიობი ზოლოტუხინია.
ლენკოვი "სპონსორის" სახეს ჩააკვირდა და, მართლაც, გაოცდა: გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.
- ხელი გაუთავისუფლე. მარცხენა, - უბრძანა თანაშემწეს აღელვებულმა ნეკროფორუსმა - ახლა უკვე სენტიმენტალურად კი არა, სერიოზული მიზეზის გამო ღელავდა. ოპერაცია კრიტიკულ წერტილს მიუახლოვდა, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტების საათმა ჩამოჰკრა.
შარშან, ლონდონის არქივში მუშაობისას, პაშა გადააწყდა წერილს, რომლის ავტორიც ერთ-ერთი გახლდათ იმ თხუთმეტი ადამიანიდან, ვინც 1900 წლის 3 დეკემბერს დევნილი მგოსანი უკანასკნელ გზაზე გააცილა. პაშას, კარგა ხანია, იზიდავდა ოსკარ უაილდის ფიგურა - ის, უკვე არაერთი თვეა რაც, ბალადისა არ იყოს, კუნაპეტი ყორანივით დასტრიალებდა საბრალო პედერასტს.
კლასიკოსი ხომ საკულტო პერსონაჟი გამხდარა, აუარება მიმდევარი ჰყავს, მისგან შემორჩენილი ნებისმიერი რელიქვია ცეცხლის ფასად იყიდება, ათვლა ათი ათასობით ფუნტიდან იწყება. არადა, სულ უბრალო ჯინჯილიკებია. მაშინ როდესაც მემუარები ცხადჰყოფს, რომ მწვანე მიხაკების მოტრფიალე ორივე ნეკზე დიდრონი ზურმუხტებით შემკულ თითო უნიკალურ ბეჭედს ატარებდა. მას სწამდა, რომ ერთ-ერთს (მარჯვენაზე რომ ეკეთა) მისთვის იღბალი მოჰქონდა, მეორეს კი (მარცხენა ხელიდან) - უიღბლობა. და, რაკიღა დარდის გარეშე ბედნიერებაც არ არსებობს, უაილდი ხელიდან არასოდეს იშორებდა არც ერთ ბეჭედს. ცხადია, ციხეში ჯდომისას ავგაროზებთან განშორება მოუხდა, მაგრამ განთავისუფლებისთანავე ისევ აისხა. მრავალი მემუარისტი გაოცებით შენიშნავს იმას, რომ დევნილს უკიდურესი გაჭირვების დროსაც კი არ გაუყიდია და არ გაუგირავებია თავისი სანუკვარი ზურმუხტები. იჯდა ქუჩაში, რომელიმე ღია კაფეში, აბსენტს წრუპავდა და ელოდა მრავალრიცხოვან პარიზელ ნაცნობთაგან რომელიმეს, ვინც კაფეში მის ანგარიშს გაასწორებდა. ზოგჯერ ლოდინი უგრძელდებოდა. ფრედერიკ ბუტე იხსენებს, თუ როგორ ნახა უაილდი კაფეში სენ-ჟერმენის ბულვარზე თავსხმა წვიმაში. მწერალი იჯდა ეულად, სრულიად დასველებული, ჩამოშლილი ქუდით და მაინც უცვლელად მეფური იერით: მძიმე ნიკაპი ხელჯოხის ბუნიკზე ჩამოეყრდნო, მსუქან ნეკათითებზე ზურმუხტის სკარაბეუსები უბზინავდა, ხოლო ჟესტი, რომლითაც უაილდმა ნაცნობს მოუხმო, დახვეწილ კეთილშობილებას გამოსახავდა.
შემდგომში რა ბედი ეწიათ ბეჭდებს - აი, რა აღელვებდა ნეოფორუსს. არც ერთ მუზეუმში ეს საგნები დაცული არ იყო, არც აუქციონებზე გამოჩენილა. მაშ, პერ-ლაშეზზე ხომ არ მარხია?
ვინმე სიბილ ჰემპტონის წერილმა, სკანდალურად ცნობილი მწერლის გასვენებას მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო რომ დაესწრო, ბრწყინვალედ დაადასტურა ეს ჰიპოთეზა, - ყოველ შემთხვევაში, სანახევროდ მაინც.
სამგლოვიარო ცერემონიის სხვა მონაწილეთა გამოქვეყნებული ჩანაწერები ცხადჰყოფს, რომ ღია სამარის პირას რაღაც უსიამო ინციდენტს ჰქონია ადგილი - იმდენად უსიამოს, რომ ეს ზრდილი ბატონები, გეგონება პირი შეკრესო, მის შესახებ ერთსულოვნად დუმან. მათი ბუნდოვანი მინიშნებების საფუძელზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საძაგელ ალფრედ დაგლასს, საბრალო ოსკარის დამღუპველ homme fatal[1]-ს რაღაც უმსგავსო სცენა უნდა მოეწყო.
მისტერ ჰემპტონი აღმოჩნდა ერთადერთი, ვისაც მიცვალებულთან არაფერი აკავშირებდა, და ისიც სიამოვნებით ეჭორავება მომხდარის შესახებ ერთ თავის ლონდონელ მეგობარ ქალს: "...იმას, რაც შემდგომში მოხდა, მხოლოდ თქვენ თუ გიამბობთ, რადგანაც მჯერა, ძვირფასო მეგობარო, რომ თქვენი ტაქტის პატრონი, საიდუმლოდ შეინახავთ ამ ულამაზო ეპიზოდს - ამის თაობაზე ყველა იქ დამსწრე ერთსულოვნად შევთანხმდით, და ეს სავსებით გონივრული იყო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ პრესის ნაწილი სრულიად არაჯანსაღ ინტერესს იჩენს ყოველივე იმის მიმართ, რაც ბედკრულ მისტერ უაილდს ეხება. მაშასადამე, როგორც უკვე მოგახსენეთ, "ღვთაებრივი ბოუზი" (ამბობენ, სწორედ ასე უძახდა გარდაცვლილი თავის ეფებუსს) სასაფლაოზე დაგვიანებით გამოცხადდა. ამან ხელი არ შეუშალა, ყურისწამღები ქვითინით აეკლო იქაურობა. ლამის გული ამერია, როდესაც ეს ვულგარული ბატონი (დაუჯერებელია, რომ ეს მარკიზ ქუინსბერის ვაჟია!) ორმოში ჩახტა და აყვირდა, ჩემს "უსაყვარლეს სალომესთან" ერთად დამმარხეთო. ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა, უკან ამოძვრა, ოღონდ მანამდე მიცვალებულს ტუჩებში აკოცა, როგორც ჩემი ლაქია ტობი იტყოდა, "კუჭის წვენი ამოუღო". ამ დროსათვის ყველანი ამ ახალგაზრდა ჯამბაზისადმი იმდენად ღრმა ზიზღით აღვივსეთ, რომ კაციშვილს ხმაც კი არ ამოუღია, როდესაც მან გარდაცვლილს მარჯვენა ხელიდან ზურმუხტიანი ბეჭედი ჩამოხსნა, თითზე გაიკეთა და შესძახა: "ამიერიდან სამუდამოდ შევუღლდით!"..."
მარჯვენა ხელიდან - ესე იგი, იღბლიანი ბეჭედია, გაცხარებით გაიფიქრა ლენკოვმა. ლორდ ალფრედი უჭკუო არ ყოფილა. მაგრამ ბეჭედს მისთვის იღბალი მაინც არ მოუტანია. ბოუზიმ სწრაფად დაანიავა მამიკოს ქონება და სიღარიბეში გადაიცვალა.
ამ დორიან გრეის მწირი ავლა-დიდების ნუსხაში ნეკროფორუსმა ვერ აღმოაჩინა ზურმუხტის ბეჭედი. უთუოდ რომელიმე ლომბარდში ამოჰყოფდა თავს, იქიდან კი უკვალოდ ჩაიკარგებოდა.
ამ ყოველივედან სრულიად თავბრუდამხვევი დასკვნების გაკეთება შეიძლებოდა.
ჯერ ერთი, მეორე ბეჭედი თითქმის უეჭველად დღემდე პერ-ლაშეზზე, საფლავში იმყოფება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ის, საძაგელი ბოუზის მსგავსად, მიეთვისებინა კეთილსინდისიერ ბობი როსს, გადასვენების ცერემონიას რომ ხელმძღვანელობდა.
მეორეც ის, რომ სახეზეა სრულიად უნიკალური სიტუაცია - უკანონოდ მოპოვებულ რელიქვიათა ნებისმიერი კოლექციონერისათვის საოცნებო: ისინი, როგორც წესი, იძულებულნი არიან, თავიანთი განძი ყველასაგან საიდუმლოდ შეინახონ. ასეთ საგანს ვერც ხელახლა გაყიდი, ვერც მემკვიდრეობით გადასცემ, ჩვენებითაც მხოლოდ ახლობელს თუ უჩვენებ. აქ კი ყველაფერი სხვაგვარადაა. კლიენტი ყიდულობს პაშას მიერ კუბოდან ამოღებულ ბეჭედს და საჯაროდ აცხადებს, დუგლასის ზურმუხტი აღმოვაჩინეო. გენიალურია! ორმაგი, არა, სამმაგი ფრაისი განაღდებულია!
ლენკოვმა რამდენიმე თვე მოანდომა შესაფერისი კლიენტის ძებნას და ბოლოს და ბოლოს გავიდა ლოს-ანჟელესში გეი-ოტელებისა და ტრანსვესტიტ-კლუბების ქსელის მფლობელ მისტერ რინალდიზე. ისიც სიხარბისაგან აცახცახდა, როდესაც გაიგო, თუ რა საქონელს სთავაზობდნენ. ახლა პაშა ნანობდა, ლიმონზე მეტი რატომ არ მოვთხოვეო. ის ცისფერი ბებრუხუნა მეტის გადამხდელიც არის. ხომ გიჟივით ჩამოქანდა პარიზში. ახლა ზის თავის "კრიიონში", იცდის, ნერწყვებს ყლაპავს. აი, რას ვიზამ, გაუნათდა გონება პაშას: თავს მოვიკატუნებ, ვითომ ბაქსები კი არა, ევროები ვიგულისხმე. რა იყო? საფრანგეთი - ევროვალუტის ტერიტორიაა. ან სულაც გირვანქა სტერლინგებში ხომ არ ავიჭრათ? "სპონსორი" ხომ ინგლისელია.
- გამეცალე, მე თვითონ, - წყვეტილად ამოცრა ნეკროფორუსმა, თხუნელას ხელი ჰკრა და განზე გასწია.
არის! ღმერთმანი, არის!
მიცვალებულს მსუქანი ხელები რატომღაც მკერდზე კი არა, მუცელსქვემოთ ელაგა, როგორც ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანი დატყმისას. მარცხენა ხელზე კაშკაშად აალდა მწვანე ნაპერწკალი. ტაქსის ნათურასავითო, გაიფიქრა პაშამ. რაღაც შემოუტიეს მეტაფორებმა.
- ავშენდით, თხუნელ, ავშენდით! - დაიწივლა გახარებულმა, - საკვნეტა მომაწოდე! - უაილდს კი ინგლისურად მიმართა. - Nor shall I take aught from thee but that little ring that thou wearest on the finger of thy hand.[2]
მაგრამ სახსრის გადაჭა არ დასჭირვებია. ბეჭედი საოცრად მსუბუქად ჩამოსცილდა მუმიფიცირებულ თითს.
და აი, ლენკოვი უკვე ფარნის შუქის ქვეშ ათვალიერებს ზურმუხტის სკარაბეუსს, რომლის ფრთებზე რაღაც ნიშნებია ამოტვიფრული, - როგორც ჩანს, კაბალისტური.
ბეჭედი არათითზე ჩამოიცვა. ოდნავ დიდი ჰქონდა, მაგრამ მუჭა შეკრა.
- უსუნე, - მეწყვილეს სიცილით ააფარა ცხვირზე თავისი ქეციანი მუშტი. - მწვანე ლიმონი, ციტრუსების ოჯახიდან.
ლიმონი რომ ახლა უკვე მწვანე კი არა, ბრიტანული იქნება, ამას თხუნელა ვერც კი გაიგებს. "კრიიონში" მისტერ რინალდისთან მას არაფერი ესაქმება. საფლავის სპეციალისტისათვის პაშას არც კლიენტის სახელი, არც სასტუმროს დასახელება არ უთქვამს. თვითონაც არ დაინტერესებულა.
ეიფორიული ქარაფშუტობის შეტევამ უბიძგა ნეკროფორუსს, მიცვალებულისათვის ფერუმარილიან ლოყაზე ხელი ნაზად მოეთათუნებინა.
ერთბაშად უკან დაიხია - თან ისე, რომ კეფით ქვის ფილას მიეხალა.
- რა არი?
- არა, არაფერი... - ჩაილუღლუღა ლენკოვმა. - წავედით.
ლოყა თბილი მოეჩვენა. და დრეკადი.

* * *
დაესიზმრა ფერხორციანი, მოხდენილად მოძრავი, გამჭვირვალე აბრეშუმით შემოსილი ქალი, უცნაურ ცეკვას რომ ასრულებდა. ხან ცისკენ აღაპყრობდა შიშველ ხელებს, ხან ძირს დაიხრებოდა, ხანაც გაშმაგებით იწყებდა თეძოების რხევას.
რაღაც ორაზროვანი მუსიკა უკრავდა. თან თითქოს სასიყვარულო ვნებით სავსე, თან რაღაცნაირად საშინელი. და ძალიან-ძალიან ნაცნობი, ოღონდ პაშა ვერაფრით იხსენებდა მელოდიას.
შემდეგ მოცეკვავემ ლენკოვს ზურგი შეაქცია, ჩაიმუხლა და ძირიდან რაღაც ასწია. მთელი სხეულით მოირკალა და პაშას ვერცხლის სინი დაანახა, რომელზედაც მოკვეთილი გაბურძგნული თავი იდო. პაშა ეცადა, მაინცდამაინც არ ჩაჰკვირვებოდა მას.
ჩვეულებრივი დეკადენტიზმია, - გაიმხნევა თავი. ზმანებას საფუძვლად უდევს ცნობილი ფოტოსურათი, სადაც პედერასტი ოსკარი სალომეს განასახიერებს. თავის მაგივრად მულაჟია.
ამ დროს წამოვიდა მსხვილი პლანი, როგორც კინოში, და ვარაუდიც გამართლდა. ნეკროფორუსის პირისპირ აღმოჩნდა კლასიკოსის ფერუმარილიანი სახე ჭირვეულად ჩამოშვებული ქვედა ტუჩით. მაშინვე ამოიცნო მელოდიაც. ოსკარ უაილდმა მსახიობ ზოლოტუხინის ხმით წაიმღერა: "У меня жена-а, й-эх, красавица. Ждет меня-а домо-о-о-ой, ждет, печалится". მერე გრძელი, ტუშით გამუქებული წამწამები დაუშვა და ჩურჩულით წამოაყარა ციტატები კოლრიჯიდან, "სალომედან" და კიდევ რაღაც ჯანდაბიდან:
- She had dreams all yesternight of her own betrothed knight...[3] მე სიყვარულის მოგეც დასტური და შეგვაუღლა ღვთაება-კურომ... შენს ბაგეს ვეტრფი. ო, ბაგე შენი ელავს, ვით მეწამული თასმა. ის ჰგავს ბროწეულს, სპილოს ძვლის დანით ორად გაპობილს. მინდა გემთხვიო ძოწის ბაგეზე. ის ყირმიზია, ვით მოაბის ქვეყნიდან ჩამოტანილი სიგური. მორკალულია, ვით სპარსთა ხელმწიფის მარჯნებასხმული მშვილდი. მოდი, გაკოცო!
- თავი დამანებე, - ჩაიბურტყუნა პაშამ და გაერიდა.
მაინცდამაინც არ შეშინებია, მაგრამ უსიამო გრძნობა დაეუფლა.
- განა ბეჭედმა არ შეგვაუღლა? - კვლავაც ლექსად ალაპარაკდა ზმანება, - ღაწვზე შემეხე კრძალვით, და ცივ სამარის კარად გაისმა ფიცი უხმოდ და მალვით. ჩვენ ერთურთს აღარასოდეს დავშორდებით. მოდი, მინდა გაკოცო ბაგეზე!
ასეთი აბდა-უბდა სიზმრის ბოლომდე ნახვა აღარც კი ღირდა. ლენკოვი მეორე გვერდზე გადაბრუნდა, ბალიშს მკლავები შემოხვია და მაღვიძარას ზარამდე სიზმრების გარეშე ეძინა.

* * *

ტელეფონის აპარატთან ჩამომჯდარი ნეკროფორუსი არტეფაქტს ათვალიერებდა, აქეთ-იქით ატრიალებდა, მაგრამ დილის უღიმღამო შუქზე ზურმუხტმა არა და არ ინება ბრჭყვიალი. ნახევარი წუთიღა რჩებოდა. პაშა ზუსტად რვა საათზე აპირებდა დარეკვას, რადგანაც პუნქტუალობა პროფესიონალიზმის მაჩვენებელია.
მაგრამ აი, როგორც იქნა, ბრეგეტის გრძელი ისარი ციფერბლატის უმაღლეს წერტილამდე აბობღდა. პი-პი-პი-პი-პი-პი-პი-პი-პი-პი, - სწრაფად აკრიფა ლენკოვმა სავიზიტო ბარათზე აღნიშნული ათი ციფრი. ბარათზე ეწერა: "Joe Rinaldi, Crillion", სასტუმროს ტელეფონის ნომერი და ოთახის ნომერი. თამაშ-თამაშით წაავლო თითები ბეჭედს, უნდოდა მოეხსნა - და შეკრთა.
ღამით სკარაბეუსი თავისუფლად უმოძრავებდა თითზე, ახლა კი თითქოს მიაკვდაო. ხელი შეუშუპდა თუ რა მოხდა?
- That’s you? - ჩაესმა ყურმილიდან კლიენტის მსუყე ხმა, - Did it... did it go well?[4]
- Perfect. Just perfect[5], - უპასუხა პაშამ, თან გამწარებული ეჯაჯგურებოდა ბეჭედს.
ჯანდაბა! არაფრით არ სძვრებოდა. თან არათითი სულაც არ ჰქონდა შესიებული.
- Have you got it? I mean, the... thing. You’ve got it?[6]
კლიენტი აღელვებას ვერ მალავდა და ეს შესანიშნავი იყო. მწვანე ლიმონიდან ანგლოსაქსურზე გადასვლა გარანტირებული იყო, ოღონდაც როგორმე თითიდან უნდა ჩამოეძრო ეს წყეული ხოჭო. რა იდიოტობაა!
- საპონი! - შეჰყვირა პაშამ.
- Pardon?
- Sure, I’ve got it. It’s right here, on my finger. Oh, you wouldn’t believe how very, very special it feels[7], - ჟღურტულებდა ლენკოვი, თან აბაზანისაკენ მიიწევდა. წყალი მოუშვა, თითი დაისაპნა - და ჩურჩულით შეიგინა. - Shit!
ბეჭედი ერთი მილიმეტრითაც კი არ დაძრულა. პაშას შუბლზე ცივმა ოფლმა ამოასხა. Shit! Shit! Shit!

თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

[1] საბედისწერო მამაკაცი (ფრანგ.).

[2] არაფერს ავიღებ შენგან, გარდა მაგ პატარა ბეჭდსა, თითზე რომ გიკეთია (ინგლ).

[3] და მთელი ღამე ესიზმრებოდა ზრდილი რაინდი თვისი... (ინგლ.)

[4] თქვენ ხართ? რაო... როგორ არის საქმე? (ინგლ.)

[5] შესანიშნავად. შესანიშნავად (ინგლ.).

[6] თქვენთანაა? ის... საგანი? თქვენ გაქვთ? (ინგლ.)

[7] რა თქმა უნდა, ჩემთანაა. აგერ, თითზე მიკეთია. ო, ვერ წარმოიდგენთ, რა განსაკუთრებული შეგრძნებაა! (ინგლ.)