Thursday, July 1, 2010

ზურაბ ქარუმიძე – პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი (2)

დასასრული, დასაწყისი იხ. წინა ნომერში


* * *
საქართველო ჯერ ისევ სამოქალაქო თვითგვემის მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც მას გარე სამყარო მოადგა, როგორც “აბსოლუტური სხვა”, რომელთანაც მანამდე მხოლოდ კონტრაბანდულ-კულტურული კავშირი ჰქონდა. ქვეყანას გლობალურ კონტექსტში თავისი ალაგი უნდა მოეძებნა. იწყება შევარდნაძის ხანა.
გამსახურდიასგან განსხვავებით შევარდნაძე პატერნალისტური პოლიტიკური იერის ლიდერი იყო, თუმცა არც იგი გახლდათ დიქტატორი, ანუ - “მამა,” არამედ - “ბაბუ” (აი, ბათუმელი “პატარა ბაბუ” კი სწორედაც “მამა” იყო, ანუ - დიქტატორი). შევარდნაძე პოლიტიკური პოსტმოდერნიზმის ყაიდაზე გაიჩარხა იმ წლებში, რაც სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრად იდგა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური მენტალიტეტი შეუთავსებელთა შერიგებას ახდენდა, ანუ ორმაგ კოდირებას - საბჭოურ-კომუნისტური ხელმძღვანელისა, ერთი მხრივ, და პლურალისტული (ამ სიტყვის გამოთქმაც კი მიჭირსო, აკი თავადვე აღიარა), დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაურისა, მეორე მხრივ. ლენინი, ტროცკი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი, მაო, ფიდელ კასტრო - პოლიტიკური მოდერნისტები იყვნენ, ისინი ცდილობდნენ სამყარო საკუთარი პოლიტიკური ხედვების ტოტალურ სურათში მოექციათ, მარტივად რომ ვთქვათ: შავი და თეთრი; ან კეთილი ან ბოროტი; ან ყველაფერი, ან არაფერი; არსებობს ბრძოლა და ისტორიულ ძალთა პერმანენტული დაპირისპირება. ამათგან განსხვავებით, გორბაჩოვი, მამა ბუში, კლინტონი, ჯეიმზ ბეიკერი, ჰენშერი, შევარდნაძე და ა.შ. - პოსტმოდერნისტები იყვნენ, მოქნილი და პრაგმატიკოსი ხალხი, დიალოგისადმი უფრო გახსნილი, ვიდრე მონოლოგური მოდერნისტები; პოლიტიკურ რეალიებს ფრაგმენტულად იაზრებდნენ, მანამდე არსებული გლობალური წესრიგი დაანგრიეს და ნანგრევებიდან “ახალი წესრიგის” აგება დაიწყეს და ასე “კალატოზობდნენ”...
საქართველოში დაბრუნებულმა შევარდნაძემ სცადა, ბერლინის კედლის დანგრევის შედეგად მორჩენილი “აგურებით” (ანუ თავისი საერთაშორისო კონტაქტების გამოყენებით) ამოევსო ის უფსკრული, რომელიც შავლეგმა სამოთხედ დაგვისახა. საქართველო კაპიტალიზმის და დემოკრატიზაციის გზას დაადგა, კარს გლობალიზაცია მოგვადგა. თუმცა, ეს პროცესი წლებზე გაიჭიმა: “აღმართ-დაღმართ მივდიოდით ჩვენ ნელა...” დემოკრატიზმის მხოლოდ სამწლიანი გამოცდილება გვქონდა - 1918-21 წლებისა, თანაც ამ გამოცდილების მატარებელი ხალხის ნაწილი ან დახოცეს, ან ქვეყნიდან განდევნეს. რაც შეეხება კაპიტალიზმს - ბახვა ფულავას პირველ ნაბიჯს ამ გზაზე ვეღარ მოჰყვა მეორე და მესამე, - ბოლშევიკებმა სხვა გზას გაგვიყენეს.
თავის დროზე გურამ პეტრიაშვილს დათო ტურაშვილისთვის უთქვამს: ახლა კრემლი სექსს შემოგვიგდებს და ასე დაგვამარცხებსო. კრემლმა ვერა, მაგრამ დასავლეთმა მართლაც შემოგვიგდო “სექსი,” ოღონდაც არა პეტრიაშვილისეული გაგებით, არამედ ბევრად უფრო მასშტაბური - ეს იყო გეოპოლიტიკური სექსი, გეოპოლიტიკური პენეტრაცია: საქართველო იქცა სატრანზიტო ქვეყნად - ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი TRASECA და ენერგორესურსების გადამტანი მილსადენები. ამგვარი მილსადენურ-სატრანზიტო პენეტრაციით მოხდა იმ ქალწულებრივი აპკის ჩახევა, რომელშიც საქართველო ისუდრებოდა საბჭოურ-ნაციონალისტურ და ეროვნულ-განმათავისუფლებლურ პერიოდებში. სამოქალაქო თვითგვემაც თანდათან განელდა, მაგრამ გაჩნდა ახალი პრობლემები და გამოწვევები - გლობალიზაცია მართლაც სექსივითაა, სიამოვნებაც მოაქვს, შთამომავლობის სახით მონაგარიც და, სამწუხაროდ, სხვადასხვა სნეულებებიც.
ამ პერიოდის საქართველოში ორი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელიც პოსტმოდერნიზმის ტიპოლოგიაში თავსდება: ელექტროდენით მომარაგების სისტემის კარნავალიზაცია და საბიუჯეტო-ფისკალური სიმულაცია თავისი სიმულაკრუმებით. ენერგოსისტემამ დეკონსტრუქცია განიცადა, მანამდე არსებული ოფიციალური მავთულ-ქსელური კავშირები მოიშალა და გაჩნდა უკანონო ჩართვებისა და მიერთებების ახალი, სპონტანური, უსისტემო სისტემა, რომელმაც დენის მომხმარებელთა თავისუფალ ერთობას დაუდო საფუძველი. შუქის მოულოდნელი წასვლა-მოსვლა მართლაც კარნავალური სიურპრიზების ანაზდეულ რიტმიკას დაემორჩილა; პეტარდებივით ფეთქდებოდა ფიდერები, გენერატორები, იწვოდა ელექტროდანადგარები, ხოლო მითიური “მეცხრე ბლოკი” იმ ღვთაებას განასახიერებდა, რომლის ჯერ სიკვდილსა და მერე აღდგომას ზეიმობდა ხსენებული ენერგო-კარნავალური ქმედება და რომელშიც მთელი მოსახლეობა იყო ჩართული. რაც შეეხება საბიუჯეტო-ფისკალურ სიმულაკრუმებს: სიმულაცია ისეთ ნიშანთა სისტემას წარმოადგენს, სადაც აღმნიშვნელი ან განდევნის აღსანიშნს, ან იმ აღსანიშნის ადგილს იკავებს, რომელიც არ არსებობს. ის ეგრეთწოდებული “ჩათვლები,” რომლითაც ქვეყნის ბიუჯეტი “ივსებოდა,” ამგვარი ნიშანთა სისტემის კლასიკური მაგალითია - ფისკალური აღმნიშვნელები უხვად იყო, ხოლო აღსანიშნები ან ვიღაცის ჯიბეში განიდევნებოდნენ, ან საერთოდ არ არსებობდნენ. მადლობა ღმერთსა და გლობალიზაციას, იყო გრანტები, სესხები და კერძო ფონდებიდან წამოსული დახმარება, რომლითაც ქვეყანა არსებობას ახერხებდა.
საქართველოში ნელ-ნელა იწყებს ჩამოყალიბებას სოციალური მუტანტი - “ორთავა ელიტა,” რაც ასევე პოსტმოდერნისტული ორმაგი კოდირების თავისებური გამოხატულება იყო. ამ ელიტას შეადგენდნენ სახელმწიფო მოხელე-ბიზნესმენები, ერთი მხრივ, და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ე.წ. “ენჯეოშნიკები” - მეორე მხრივ. პირველნი საბიუჯეტო-ფისკალური სიმულაციით საზრდოობდნენ და მათი ნაწილი ოლიგარქებად ჩამოყალიბდა, ხოლო მეორენი საერთაშორისო ფონდებიდან წამოსული გრანტებით იკვებებოდნენ, რის გამოც მე მათ “გრანტოფაგები” შევარქვი, ხოლო ხალხში კი “გრანტიჭამიებად” მოიხსენიებოდნენ; ამათი ნაწილი ჟვანიას პოლიტიკურ კლიენტურაში გაერთიანდა. ეს ორი ჯგუფი საკმაოდ ეკლექტურ სოციალურ ერთობას ქმნიდა, თუმცაღა მშვიდობიანი თანაარსებობის მხრივ მათ შორის დიდი პრობლემები არ იყო, მანამ, სანამ შევარდნაძე-ჟვანიას ტანდემი დაიშლებოდა. სამართლიანობა ითხოვს აღვნიშნო, რომ როგორც ბიზნესმენ-ჩინოვნიკებში, ისე “ენჯეოშნიკებში” საქმის გამკეთებელი ხალხიც ერია და ამიტომაც მოხერხდა, რომ საქართველომ გლობალიზაციისკენ სავალ გზაზე რამდენიმე შთამბეჭდავი ნაბიჯიც გადადგა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო მედიის თავისუფლება, ლიბერალიზმისა და დემოკრატიულობის უფრო მაღალი ხარისხი - ჩვენს უშუალო პოსტსაბჭოთა მეზობლებთან შედარებით. საქართველოში ყველაზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა, გაჩნდა დამოუკიდებელი ტელეარხები და პერიოდული ბეჭდვითი გამოცემები; ხელისუფლების კრიტიკა და, მეტიც, კარნავალური ლანძღვა-გინება ჩვეულ რამედ იქცა. შევარდნაძის, “მისტერ ინტერესთა ბალანსის” (როგორც ერთმა უცხოელმა უწოდა) ძალისხმევით იყო სერიოზული გეოპოლიტიკური წინსვლაც - საქართველო კავკასიის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ მოთამაშედ ყალიბდებოდა.
ქართული კულტურა ფრიად ამორფული ფენომენი იყო, უკუღმართი ისტორიული განვითარების გამო, რაც საუკუნეების განმავლობაში ამა თუ იმ დამპყრობელზე იძულებითი მორგების საჭიროებით იყო განპირობებული. პოსტსაბჭოთა დეკონსტრუქციის პროცესში ეს ამორფულობა კიდევ უფრო გამძაფრდა. დემოკრატიზაციას, გლობალიზაციისადმი კეთილგანწყობას, რელიგიურ თუ სხვა სოციალურ უმცირესობათა ქომაგობასთან (“მე ვარ ქართველი, მაშასადამე - ევროპელი!”), თან ერთვის საზოგადოებაში ქსენოფობური ტენდენციების გაძლიერება და ჩამოყალიბებას იწყებს რელიგიური ნაციონალიზმი (“მე ვარ ქართველი, მაშასადამე - მართლმადიდებელი!”).[1] რელიგიური ნაციონალიზმი ქართული კულტურის ამორფულობისა და პოსტმოდერნისტული ორმაგი კოდირების საინტერესო შემთხვევაა. აქ ერთმანეთშია აღრეული, ერთი მხრივ, წარმართული და ქრისტიანული მსოფლმხედველობა და, მეორე მხრივ - რელიგიური და ნაციონალისტური ფასეულობები. ეს ე.წ. სინკრეტიზმია, რომელიც საზოგადოების განვითარების ადრეულ ეტაპებზე შეინიშნება ხოლმე, არადა ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერი ვართ კაცობრიობის ისტორიაში. რელიგიურ ნაციონალიზმს “ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის” სახელით იხსენიებენ. ეს ტერმინი, გარდა იმისა რომ პლეონაზმია (როგორც “ჭეშმარიტი სიმართლე”), რელიგიურობის სიმულაკრუმსაც წარმოადგენს: მოჩვენებითი, რიტუალური ეკლესიურობის ხარჯზე განდევნილია რელიგიური ეთიკის და მისტიკის შინაარსობრივი საფუძველი, ანუ აღმნიშვნელი აქაც შთანთქავს და ანაცვლებს აღსანიშნს. ყველაფრის თავი და თავი კი ქართველთა “ესთეტიკური” ორიენტაციაა - პოლიტიკაში გინდა, თუ ეთიკაში, რადგან ესთეტიკა სინთეზის ხელოვნებაა, შეუთავსებელთა შერწყმისა და შეხამების ხელოვნება. პოსტმოდერნიზმი ამგვარი ესთეტიკური სინთეზის, განსხვავებულთა ეკლექტური შერწყმის უკიდურეს ფორმებს ქმნის და, ამდენად, ქართული რელიგიური ნაციონალიზმიც ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული პოსტმოდერნიზაციის თანმხლებ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ.[2]
საერთოდ, პოსტსაბჭოთა საქართველო ორმაგად კოდირებული (“დაკოდილი”) ქვეყანა იყო, სადაც კარგიც ხდებოდა და ცუდიც, პროგრესულიცა და რეტროგრადულიც, სასაცილოცა და სატირალიც. და მაინც, ქართული პოსტმოდერნიზმი, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით, უფრო წარმატებული გამოდგა, ვიდრე, ვთქვათ, იგივე ჩეჩნური. თავის დროზე ზელიმხან იანდარბიევმა, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა, ერთ რუსულ საინფორმაციო არხს ასეთი რამ განუცხადა: “ჩეჩნეთში ჩვენ ვაშენებთ ღია, სამოქალაქო და დემოკრატიულ საზოგადოებას, ოღონდაც შარიათის კანონებზე დამყარებულს” (sic!).

* * *
პოსტსაბჭოთა საქართველოს ჩამოყალიბების თანმხლები კარნავალიზაცია მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს და ენერგოსექტორს კი არ შეეხო, არამედ ლიტერატურასაც. ჩნდება ლიტერატურული საძმოები, რომელთაგან პირველი იყო “რეაქტიული კლუბი” - კოტე ყუბანეიშვილის, ირაკლი ჩარკვიანისა და სხვათა მონაწილეობით. თუმცა, კლასიკური ქართული ლიტერატურის კანონების სადარაჯოზე კვლავაც იდგნენ მწერალთა კავშირიცა და ლიტერატურის ინსტიტუტიც. სწორედ ამ კანონების დანგრევა დაიწყეს “რეაქტიულმა პოეტებმა” თავიანთი პერფორმანსებით და ლიტერატურული ლაზღანდარობით. იყო სხვა საძმოებიც, მაგალითად, “ქრონოფაგები,” დათო ბარბაქაძემ წამოიწყო თავისი ვიდეოჟურნალი და შემდეგ ბეჭდვითიც - “პოლილოგი,” კარლო კაჭარავაც - მხატვარი, პოეტი და არტ-კრიტიკოსი - წერდა თავის ვერბალურ და ვიზუალურ ტექსტებს (სამწუხაროდ ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან); ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ლიტერატურული გამოცემა იყო გაზეთი “ლიტერატურე და სხვა” (ქეთი ქურდოვანიძის რედაქტორობით), შემდეგ “არილიც” გამოჩნდა, ასევე გაზეთი “ალტერნატივა” და ა.შ. ერთი მხრივ, ახალი ბეჭდვითი გამოცემები რელიგიური თემატიკით იყო გავსებული, რაც ათეისტური აკრძალვების მოხსნის შედეგად სრულიად ბუნებრივი რამ უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე მხრივ, მწერლები იწყებენ იმ ლიტერატურული ფორმების იმიტაციას, რომლებიც “რკინის ფარდის” ჩამოგდების შედეგად შემოდიოდა რუსული თარგმანების სახით. თანდათან იწყება ლიტერატურული “მეინსტრიმის” - ძირითადი ნაკადის ლიბერალიზაცია.
ისტორიულად ქართული ლიტერატურა უცხოურს ითავისებდა - ბიზანტიურით დაწყებული, ევროპულ-მოდერნისტულით დამთავრებული, სპარსულისა და რუსულის ჩათვლით (გამონაკლისი ვაჟა-ფშაველაა, თავისი უნიკალური მთიულურ-მოდერნისტული სტილისტიკით). 1910-იანი და 20-იანი წლების ქართული სალიტერატურო მოდერნიზმი პილიტიკურმა მოდერნიზმმა (ბოლშევიზმმა) ჩაკლა. საბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურა ჯერ სოცრეალიზმის სავალდებულო ფორმებში მოექცა, ხოლო, 1950-იანი და 60-იანი წლებიდან, საბჭოურ-ქართული ნაციონალიზმის იდეებითა და პათოსით განიმსჭვალა. ცხადია, როგორც აღვნიშნე, საბჭოთა პერიოდშიც ჩნდებიან ავტორები, რომლებიც გაცდნენ კლასიკურ ფორმებს: ოთარ ჭილაძე, თავისი ადრეული პოეზიითა და რომანებით, მერაბ აბაშიძე (“აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!”); იგივე გურამ დოჩანაშვილი და ბესიკ ხარანაული; ტარიელ ჭანტურია, რომლის პოეტურ ექსცენტრიკას შემდგომში სწორედ კოტე ყუბანეიშვილი განავრცობს თავისებურად; ლია სტურუა და თითოოროლა მისთანა “ვერლიბრისტები” (ვერლიბრის გამო დიდი პოლემიკაც კი ატყდა 1970-იან წლებში, “ესაჭიროება თუ არა იგი ქართულ პოეტურ ტრადიციას?”). და აი, ბორხესის, ბახტინის, ეკოს, პავიჩის, ზიუსკინდის წაკითხვის შედეგად საქართველოში ლიტერატურული პოსტმოდერნიზმის მიმდევრებიც ჩნდებიან.
ლიტერატურული პოსტმოდერნიზმის “გადმოქართულების” პირველი კოლექტიური ცდა დაკავშირებულია ალმანახთან “ახალი დროება,” რომელიც 1991 წელს წამოიწყეს თარგმანის კოლეგიიდან გამოსულმა ლიტერატორებმა - გია ჭუმბურიძემ, დათო ზურაბიშვილმა, ზაზა ჭილაძემ, ასევე უნივერსიტეტელმა ფილოსოფოსებმა და კულტუროლოგებმა - კახა კაციტაძემ და გაგა ნიჟარაძემ, თქვენი მონა-მორჩილიც იმათთან გახლდათ. ალმანახში შევიდა როგორც თარგმანები, ისე ორიგინალური თხზულებები და ლიტერატურულ-კრიტიკული განხილვები. “მრგვალი მაგიდა: ლიტერატურული საქართველო” - იმხანად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელზე მინიშნებით შეირჩა სათაური დისკუსიისა, რომელიც ალმანახის ავტორთა მონაწილეობით გაიმართა. ასევე საინტერესო იყო დათო ზურაბიშვილის ვრცელი კრიტიკული წერილი: “ჯეიმზ ბონდის რეაბილიტაცია...” ეს წერილიც და დისკუსიაც, ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, ახალი ქართული ლიტერატურული პროცესის გააზრების მცდელობა იყო, ასევე ქართული ლიტერატურული და, ზოგადად, კულტურული ტრადიციის ხელახალი ინტერპრეტაციის მცდელობაც. ქართული ლიტერატურული პროცესის ჩაკეტილობა, ეთნოცენტრულობა, პროვინციალურობა, პრიმიტიული ლიტერატურულ-კრიტიკული კლიშეები და სტერეოტიპები, მწირი სააზროვნო გარემო, სადაც “შტაინერისტული წიაღსვლები ინტელექტუალიზმის მწვერვალად ითვლება და ბიბლიიდან ციტატის მოტანა - ნაკითხობის ნიშნად” (დ. ზურაბიშვილი), ქართულ ნაციონალურ ნარატივში ჩამოყალიბებული მითოლოგიზებული სტატუსი მწერლისა - ამგვარი იყო ის თემატიკა, რომლის დეკონსტრუქციასაც ეცადნენ “ახალი დროების” ავტორები. პოსტმოდერნიზმი კლასიკის ხელახალი წაკითხვისა და გადაფასების ყველაზე ინტენსიური ეტაპია ისტორიაში, და ადგილობრივი პოსტმოდერნისტებიც ამან აგვიყოლია. სიმპტომატურია ისიც, რომ “ახალი დროების” კრიტიკული შეტევა ქართულ ლიტერატურულ პროცესზე მასკულტურული (ანუ “დაბალი დონის”) პერსონაჟის - ჯეიმზ ბონდის “სახელით” განხორციელდა, რადგან სწორედ პოსტმოდერნიზმმა მოახდინა “მაღალი” და “დაბალი” ჟანრების გატოლება, იერარქიის მოშლა.
ნორმალური ლიტერატურული პროცესი ოთხი ელემენტისგან შედგება: მწერლური, მთარგმნელობითი, კრიტიკული და საგამომცემლო. ცხადია, მეხუთე ელემენტიც არის - მკითხველობითი. ამ ელემენტების ერთობლივი ამოქმედება, თანხვედრა იყო აუცილებელი, რომ საქართველოშიც ლიტერატურული ცხოვრება ახალი დროების მიერ შემოგდებულ გამოწვევებს შეპასუხებოდა. ამ მხრივ, ყველაზე სუსტი რგოლი კრიტიკა იყო; “რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს?” - ილია ჭავჭავიძის მიერ ასი და მეტი წლის წინ დასმული ეს პრობლემა პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისშიც აქტუალური გახდა.[3]
ამ საკითხს და, საერთოდ, ქართული ლიტერატურული და სახელოვნებო პროცესის პოსტმოდერნიზაციას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც გაიმართა ლიკანში, 1996 წელს, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თაოსნობით, ხოლო “მარიფათი” (ანუ გრანტი) სოროსის ფონდისა იყო. “საქართველო პოსტმოდერნიზმის პირისპირ” - ასე ერქვა იმ კონფერენციას, სადაც ძველი და ახალი თაობის მწერლებიც მონაწილეობდნენ, კრიტიკოსებიც, მთარგმნელებიც და მომავალი გამომცემლებიც. კრიტიკის არქონის გარდა საუბარი შეეხო სხვა თანშობილ ლიტერატურულ პრობლემებს, რომელთაგან ერთ-ერთი იყო პაროდიული ლიტერატურის სიმწირე ქართულ კლასიკურ ტრადიციაში. პაროდია, კლასიკის პაროდირება, არა მხოლოდ პოსტმოდერნიზმის უმთავრესი იარაღია, არამედ ევროპული ლიტერატურული ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციაც. ნუ გვავიწყდება, რომ სერვანტესის “დონ კიხოტე” სარაინდო რომანის პაროდიულ წაკითხვას და ინტერპრეტაციას ემყარება, გარდა სხვა უამრავი ლიტერატურული ღირსებებისა, რაღა თქმა უნდა. პაროდიისა და კარნავალური ლიტერატურის მძიმე დეფიციტი ქართულ ტრადიციაში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით აიხსნას - ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობით, კლასიკოსთა და, საერთოდ, წინაპართა საკრალიზაციისადმი მძაფრი მიდრეკილებით, ეთნოცენტრისტული ჩაკეტილობითა და, რაც მთავარია, შუასაუკუნოვანი ქალაქური კულტურის განუვითარებლობით. მუდმივი შიდა თუ გარე ომების, ძლიერი აგრარული მენტალიტეტისა, თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო საქართველოში ვერ განვითარდა თავისუფალი ქალაქები, ის კულტურული სივრცე, რომელშიც თავის დროზე, შუასაუკუნეებში, ყალიბდებოდა ევროპული კარნავალური და პაროდიული ტრადიცია. ეს ტრადიცია, თავის მხრივ, იქცა ევროპული დემოკრატიზმის მასაზრდოებელ ელემენტად, როგორც კოლექტიური ფორმა ოფიციალური იდეოლოგიისა და იერარქიის აყირავებისა - სიცილის, როგორც თავისუფლებისა და სიცოცხლის განახლების სტიქიაში. იგივე კულტურულ სივრცეში და დროში იწყება ევროპული სალიტერატურო ენისა და აზროვნების ურბანიზაცია, რაც ეთნოცენტრისტულ კარჩაკეტილობასაც ანგრევს და უკრიტიკობასაც, რადგან ქალაქი დიალოგიდან მოდის - სხვასთან შეხვედრიდან და მისი გაგების მცდელობიდან, ხოლო კარნავალი არ სცნობს აბსოლუტურ ავტორიტეტებს, რადგან ყველაფერი განახლებადია, როგორც თავად სიცოცხლე. აი ამ პროცესებს მოაკლდა საქართველო და ერთობ გვიან, XIX საუკუნეშიღა ეზიარა, ისიც ძირითადად ერთი ქალაქის - ტიფლისის ფარგლებში. წარმოიდგინეთ, XVII საუკუნის დასაწყისის რომელიმე ქართველ მწერალს თუნდაც მცირე ზომის თხზულება რომ შეექმნა, ვინმე შერეკილ იმერელ აზნაურზე, რომელიც “ვეფხისტყაოსნის” დაუსრულებელმა კითხვამ ისე გადარია, რომ თავი ტარიელად წარმოიდგინა, ცხენს მოახტა და ქაჯების მიერ მოტაცებული ნესტან-დარეჯანის გამოსახსნელად გაემართა, ხოლო ის “ნესტან-დარეჯანი” სინამდვილეში მეზობელ სოფლად მცხოვრები მოახლე გომბიო იყო და სახელად დესპინე ერქვა. ვინძლო, ასეთი ლიტერატურული პრეცედენტის შედეგად ჩვენში კარგად ურბანიზებული ტექსტებიც გაჩენილიყო და, ოთხასიოდე წლის თავზე, დემოკრატიასაც უფრო არსებითად გავუგებდით გემოს. თუმცა, ქართველები იუმორიანი ხალხია, გურული ან კახური იუმორი არაფრით ჩამოუვარდება ირლანდიურსა თუ ინგლისურს, და აქაურ ლიტერატურულ ტრადიციაშიც დაიძებნება რამდენიმე პაროდიული ტექსტი: მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილია, თუმცა არისტოტელეს “პოეტიკის” მეორე ნაწილივით გადამალული და დაკარგული - “ძაღლისტყაოსანი” (XVIII საუკუნე). ლიკანის იმ კონფერენციაზე კი ქართული კარნავალური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები ცხონებულმა ბ-მა ვახუშტი კოტეტიშვილმა გადმოგვილაგა, რაღა თქმა უნდა, სუფრასთან, სამუშაო სხდომების შემდეგ რომ იშლებოდა, და, რაღა თქმა უნდა, ეს იყო ხალხური პოეზია: სკაბრეზისა და პაროდიის მარგალიტები. მოკლედ, მაგარი დრო ვატარეთ, რომელიც სპეციალურ გამოცემაშიც აისახა, სათაურით “ტეტრამერონი.”
იმ წლების ქართული ლიტერატურაც ეძებდა დაკარგულ სივრცეს, ისეთ ქრონოტოპს (სივრცე-დროს), რომლის მეშვეობითაც პოლიტიკური და სოციალური ნგრევის შედეგად გაჩენილი ქაოსის განცდა რაიმენაირ მხატვრულ მიზანშეწინილებასა და სიმწყობრეს შეიძენდა. ასეთ ქრონოტოპად იქცა ქალაქი - ქართველი მწერლებისთვის მანამდე ნაკლებად ათვისებული ტერიტორია. კრიზისულ პერიოდებში ამგვარი “ურბანიზმი” სხვა ლიტერატურებშიც გვხვდება: ვთქვათ, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ არეულ წლებში მთავარ ლიტერატურულ ქრონოტოპად წარმოდგება ჯოისის დუბლინი, ანდრეი ბელის პეტერბურგი, ალფრედ დიობლინის ბერლინი, და მრავალი სხვა. ანალოგიური ქალაქი ახალ ქართულ პროზაში ორ ჰიპოსტასად წარმოდგა - ძველი თბილისი და პოსტსაბჭოთა თბილისი. ორივე ქალაქის საუკეთესო (აღ)მწერლად კი აკა მორჩილაძემ ივარგა. განათლებით ისტორიკოსი, იგი კარგად იცნობს როგორც ქალაქის ისტორიას, ისე XIX საუკუნის ქალაქის ენას - ჟურნალისტურს, პუბლიცისტურს და ყოველდღიურ-სლენგურს; ასევე ლიტერატურულსაც, რომლის პირველწყაროდ მისთვის, და არა მხოლოდ მისთვის, გახდა იოსებ გრიშაშვილის დიდებული “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა.” ძველი თბილისი ჯერ კიდევ საბჭოთა ქართული ნაციონალიზმის პერიოდში იქცა ნოსტალგიის საგნად, მაშინვე დაიწყო ძველი ქალაქის რეკონსტრუქცია, არა მხოლოდ არქიტექტურული, არამედ თეატრალური, ფერწერული, პოპულარულ-საესტრადო, ქორეოგრაფიული და ა.შ. მაგრამ ამგვარი რეკონსტრუქცია, უმეტეს შემთხვევაში, არ გასცილებია ძველებური ქალაქური სტილისტიკის იმიტაციას და, ასევე, ნოსტალგიური მითოლოგიზაციის სახე შეიძინა. ამისაგან განსხვავებით, აკა მორჩილაძე ახდენს ძველი თბილისის პაროდიულ “წაკითხვას” - იგი თამაშობს ძველი თბილისის ენით, პერსონაჟებით; თანაც, ეს თამაში ინტერტექსტუალურია - ანუ სხვა ავტორების პაროდირებით, სხვისი ტექსტების (გრიშაშვილის, ამირეჯიბის, ჰამსუნის, ჭავჭავაძის და ა.შ.) დეკონსტრუქციით ხორციელდება. მის რომანებში ძველი თბილისი თვითმიზანი კი არ არის, არამედ ამ ინტერტექსტუალური, წმინდა ლიტერატურული ავანტიურის განხორციელების საშუალება და ალაგია. იმავე ავანტიურულ-ლიტერატურულ მიზნებს ემსახურება პოსტსაბჭოთა თბილისიც, მისთვის ბავშვობიდან სანუკვარი ლონდონიც, აკაკის დროინდელი ქუთაისიცა და კვაზი-უტოპიური სანტა-სიტიც. პოსტმოდერნიზმისთვის ლიტერატურა უპირველეს ყოვლისა თამაშია, ხოლო თამაში, როგორც ამას იგივე ჰანს-გეორგ გადამერი - ფილოსოფიური ჰერმენევტიკის მამა გვასწავლის, სამყაროს შემეცნების, განმარტებისა და თარგმანების საშუალებაა. ლიტერატურის აყვანა წმინდა თამაშის რანგში ქართული ტრადიციისათვის უცხო ხილი იყო, ხოლო აკა მორჩილაძემ ჩვენში ამ ხილის ფრიად მომგებიანი იმპორტი განახორციელა, განსხვავებით სხვა იმპორტიორებისგან, იმ წლებში უხარისხო საქონელი რომ შემოჰქონდათ.
ქალაქი, როგორც წმინდა ლიტერატურული ქრონოტოპი, სხვა ავტორებთანაც ჩნდება: მორჩილაძის რომანების გარდა (იხ. თქვენი მონა-მორჩილის “ღვინომუქი ზღვა” ან დათო ტურაშვილის “ჩაძირული ქალაქის ღამე” და სხვა). სამოქალაქო ომმა თბილისის შუაგული რომ დაანგრია, მაშინღა დავიწყეთ ლიტერატურული ქალაქების შენება.
თუმცა, ახლაგაზრდა ქართველი მწერლები არც ლიტერატურულ “ნგრევაზე” ამბობდნენ უარს. მაგალითად, დათო ბარბაქაძის “ტრფობა წამებულთა” - ქართული ჰაგიოგრაფიული სტილისტიკის სკაბრეზულ-პაროდიული დესტრუქცია იყო, რამაც მაშინ ბევრი გააღიზიანა და აღაშფოთა. მოგვიანებით კიდევ, ლაშა ბუღაძემ ბევრს “აუშალა ნერვი” თავისი მოთხრობით “პირველი რუსი.” თავის დროზე დასავლურ პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა ჟანრი, რომელსაც ამ დარგის დიდმა მცოდნემ, კანადელმა კრიტიკოსმა ლინდა ჰატჩენმა ისტორიოგრაფიული მეტაპროზა უწოდა: მწერლები ახდენდნენ ბუნდოვანი თუ სადავო ისტორიული ეპიზოდების, “ისტორიის თეთრი ლაქების” თავისებურ რეკონსტრუქციას, შესაბამისი ისტორიული პერსონაჟების და კონტექსტის პაროდირებითა და კარნავალიზაციით. ამგვარი ისტორიოგრაფიულ-მეტაპროზაული ტექსტია “პირველი რუსიც,” სადაც თამარ მეფისა და იური ბოგოლიუბსკის საქორწინო ღამეა “აღწერილი.” გეხსომებათ, რა სკანდალი მოჰყვა ამ მოთხრობას, რელიგიურ-ნაციონალისტური აგრესიით გაჯერებული აღშფოთება.
არანაკლებ სკანდალური იყო ზაზა ბურჭულაძეც, თავისი “ზედმეტად გულახდილი” ტექსტებით. თუმცა, მისი პირველი თხზულებები უფრო მოდერნისტულ “ანტი-პროზას” წააგავდა, ხოლო საკუთრივ პოსტმოდერნისტულ ყაიდაზე მოგვიანებით გადავიდა. მისი წიგნი “სიმპსონები” ორმაგი კოდირების ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს - ეს არის პოპულარული ანიმაციური სერიალის პერსონაჟების პარანოიდალური წაკითხვა, მასკულტურის პარანოიზაცია. ხოლო მისი გვიანდელი რომანი “სახარება ვირისა” კარნავალური ლიტერატურის მიბაძვის სურვილითაა შთაგონებული - ”ვირული დისკურსი” ხომ კარნავალიზაციის და სატირის უძველესი ხერხია, ჯერ კიდევ აპულეუსიდან მოყოლებული.
ამ პერიოდის ქართულ პროზაში ერთი კარგა პოსტმოდერნისტულად გაწყობილი რომანი დათო ზურაბიშვილსაც ეკუთვნის - “მოგზაურობა სიზმარეთში” - ჯადოსნური ზღაპრის, თანამედროვე დასავლეთში ესოდენ პოპულარული “ფენტეზისა” და პოლიტიკური სატირის ინტერტექსტუალური ნაზავი.
პოსტსაბჭოთა ქართული პოეზიის პოსტმოდერნიზაციას უკვე შევეხე, ბესიკ ხარანაული და კარლო კაჭარავა რომ მოვიხსენიე. “ამბის თხრობისას თხრობის ამბის თხრობა,” წერის პროცესის, წერის საშუალებების თემატიზაცია, პოსტმოდერნისტული პროზის (მეტაპროზის) ეს უარსებითესი ელემენტი, პოეზიაშიც მოქმედებს და იქმნება პოსტმოდერნისტული მეტაპოეზია. ამგვარი მეტაპოეტიკითაა აღბეჭდილი რატი ამაღლობელის მეტად დახვეწილად გაწყობილი ლექსები, ვთქვათ, მისი “სეკვენცია,” რომლის პოეტურ ღერძსაც ანბანი წარმოადგენს - კლასიკური ანბანთქების მეტაპოეტურ ადაპტაციას. კიდევ უფრო მკაფიოდ წერის თემატიზაციას იგივე ბესიკ ხარანაულთან ვხვდებით, ლექსში “და მე ვიყიდე ქვეყანა,” ძველი ლექსის სტრიქონის მიერ მართული რომ დადის.
პოსტმოდერნისტ პოეტებში შოთა იათაშვილიც გამოირჩევა, თუმცა მისი ყველაზე წარმატებული ტექსტი პროზაულია - ჟან-ჟაკ რუსოს “იულიას” პოსტსაბჭოურ-ქართული ადაპტაცია - “დიანა, ანუ ახალი იულია,” რომელიც დიანა ვაჩნაძის ფსევდონიმით გამოვიდა. გენდერით ლიტერატურული თამაში და მისტიფიკაცია ჩვენში პაოლო იაშვილიდან მოდის და პოსტმოდერნისტულ პერიოდში ეს ილეთი ხელახლა ჩნდება. ზაზა ბურჭულაძის რომანში “მინერალური ჯაზი” მთავარი პერსონაჟი შუა თხრობაში კაციდან ქალად იქცევა. ისეთ პატერნალისტურ, ფალოცენტრისტულ კულტურაში, როგორიც ტრადიციული ქართული გახლდათ, ამგვარ “ლიტერატურულ ტრავესტიებს,” გენდერულ გარდასახვებს, აშკარად ძალუძს დეკონსტრუქციული ჭიის გახარება (ჯულიან ბარნსის იმ ჭიებისა არ იყოს, ეპისკოპოსის სავარძლის ფეხი რომ გამოხრეს).
რაღაი გენდერს შევეხე, ერთი მწერალი ქალი მაინც უნდა ვახსენო, პოსტსაბჭოურ ქართულ ლიტერატურულ ასპარეზზე რომ გამოვიდა - ანა კორძაია-სამადაშვილი. ქალები საქართველოში მანამდეც წერდნენ (ეკატერინე გაბაშვილი გინდა თუ ნაირა გელაშვილი) და არცთუ ურიგოდ, ხოლო პოეზიაში საუკეთესოთა შორის იდგნენ. წინაპარ-პროზაიკოსთაგან განსხვავებით, ანა კორძაია-სამადაშვილი იუმორით, თვითპაროდიული თვითანალიზით, დახვეწილი სტილითა და გემოვნებით წერს. ქალური დისკურსი პოსტსაბჭოთა საქართველოში საკმაოდ აქტიური იყო, ეროვნული მოძრაობის მატრიარქალური აფეთქებით დაწყებული, საჯარო გამოსვლებისა და პუბლიცისტიკის ჩათვლით. თუმცა იმ პერიოდის ქართულ კულტურაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის სოციალური როლის უპრეცედენტო ზრდა იყო - ქართველ მამაკაცთა დიდმა ნაწილმა ვერც ალღო აუღო სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს, ვერც ტრადიციულ კულტურულ საფუძველთა ნგრევას და სმას და ნარკოტიკებს მიეძალა, ან სასოწარკვეთას და დეპრესიას მიეცა, ან კიდევ იარაღის ძალით იმკვიდრებდა თავს. ამათგან განსხვავებით, ქალებმა ფსიქოლგიური და სოციალური ადაპტაციის მეტი უნარი გამოამჟღავნეს, ოჯახებსაც ისინი ინახავდნენ და ადგილობრივი არასამთავრობო თუ უცხოური სამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაშიც აქტიურად ჩაებნენ.
მოკლედ, ქალებმაც ძალა და გონება გამოამჟღავნეს. ერთადერთი, რაც მაინც “არ გვქონდა,” იყო კრიტიკა. თუმცა, თანდათან გამოჩნდა რამდენიმე საინტერესო ინტელექტუალი, რომლებმაც კულტუროლოგიური ანალიზისა და კრიტიკის საქმე ითავა. ამათ “ატლანტისოკეანედალეულები” და “პოტომაკდალეულები” შევარქვი - ხალხი, რომელმაც გარკვეული დრო დაყო დასავლურ აკადემიურ და სამეცნიერო ცენტრებში. ესენი გია ნოდიას თამადობით იკრიბებოდნენ ხოლმე პოლიტოლოგიური, სოციოლოგიური და ეთნო-კულტურული სჯა-ბაასისათვის, მერე წერილობით პროდუქციასაც უშვებდნენ. ამათგან ზაზა შათირიშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც უშუალოდ პოსტმოდერნისტული კულტუროლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის თემატიკაზე სცადა საქართველოში მიმდინარე პროცესების მორგება[4]. ტრადიციული ქართული ფასეულობების და სამყაროს სურათის დეკონსტრუქციის მხრივ, მეტად საინტერესო იყო გიორგი გვახარიას სატელევიზიო პროგრამა “ფსიქო,” სადაც ასევე ჩნდებოდნენ “ატლანტისოკეან-პოტომაკ-დალეულები” და ისეთ თემებს მიმოიხილავდნენ ხოლმე, რომელთა გამოც ტრადიციონალისტური განწყობის ხალხს თმა ყალყზე უდგებოდა: ჰომოსექსუალისტურ-ლეზბიური ყოფა, სოციალური თუ რელიგიური უმცირესობები, სხვადასხვა ჯურის მარგინალები, განდევნილნი, რეპრესირებულნი და ა.შ. ავად თუ კარგად, იმ საუბრებში ბევრი რამ იქცა გადაფასების, პოსტმოდერნისტული “დაშლა-არმოშლის” საგნად.
* * *

პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი - შესაძლოა ჩემი ამგვარი მიდგომა ვინმეს უმალ ხელოვნურად, თითიდან გამოწოვილად მოეჩვენოს, ან ლიტერატურულ-კრიტიკულ “ღადაობაში” ჩამითვალოს (ისევ და ისევ პოსტმოდერნისტული გაგებისა). პოსტმოდერნიზმის კუთხით პოსტსაბჭოთა ქართული კულტურის წარმოჩენის მცდელობამ მთლიანად იმ კონკრეტული ისტორიული ეპოქის სურათიც, ალბათ, დაავიწროვა, ფრაგმენტული გახადა.
ამ ნაკლულ სურათს ერთი შტრიხი მაინც მინდა დავუმატო. პოსტსაბჭოთა საქართველო “ვარდების რევოლუციით” დასრულდა. ეს იყო ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ქართული დემოკრატიზმის უმაღლესი გამოვლინება, მის მერე კი დაღმასვლა დაიწყო. მაგრამ ქვეყნის პოსტმოდერნიზაცია მაინც არ შეჩერებულა, პოსტ-რევოლუციურ პერიოდში დეკონსტრუქციაც ბევრი ვნახეთ, კარნავალიც და სიმულაციაც - ძალიან ბევრი. თუმცა, ეს უკვე “სხვა საქართველოა,” როგორც იმ სიმღერაშია - “სხვა საქართველო სად არი?” ხოლო თუ მართლა “სად არი” ეს “სხვა საქართველო” ამის გასარკვევად კიდევ ბევრი მღერა მოგვიწევს...

თბილისი
იანვარი, 2009

[1] იმ წლებში ეს ორი ტენდენცია მკვეთრად დაუპირისპირდა ერთმანეთს, თუმცა მოგვიანებით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, მოხდა მათი პარადოქსული შერწყმა, რაც სპეციალურ კვლევას საჭიროებს, მაგრამ საამისო ალაგი აქ არა გვაქვს. [2] თუმცა დღეს რელიგიური ნაციონალიზმი ისე მომძლავრდა, რომ ერთ-ერთ წამყვან ძალად იქცა ქართულ კულტურაში და საზოგადოებაში საერთოდ.[3] კრიტიკის დეფიციტი საბჭოთა ხანაშიც თავლშისაცემი იყო. იმდროინდელი ქართული ლიტერატურათმცოდნეობა (ბრეგაძე-დოიაშვილის ტანდემის გამოკლებით) უმალ პუბლიცისტური იყო და, ძირითადად, ეროვნული იდენტობის პრობლემას უტრიალებდა (გურამ ასათიანი, აკაკი ბაქრაძე, ზვიად გამსახურდია). მაგრამ, 1970-იან და 80-იან წლებში დასავლური ლიტერატურული კრიტიკის იდეები საქართველოში მაინც შემოდიოდა და ამ საქმეს ქართველი დასავლეთმცოდნეები აკეთებდნენ, რომელთაგან მე გამოვყოფდი გერმანისტ რეზო ყარალაშვილსა და ანგლო-ამერიკული პოეზიის მკვლევარს, თემურ კობახიძეს. [4] პოსტმოდერნისტულ ფილოსოფიას, კულტუროლოგიას და ხელოვნებათმცოდნეობას თავისებურად “აქართულებდნენ” დათო ანდრიაძე, გიგი თევზაძე.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ზურაბ ქარუმიძე – პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი (1)

ნორვეგიის საგარეო სამინისტროს დაფინანსებით, ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს ატლანტიკური საბჭო გამოსაცემად ამზადებს წიგნს, სამუშაო სათაურით: "დაკარგული სივრცის ძიებაში: კულტურის პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა საქართველოში." წიგნში გოგი გვახარიას, დათო ბუხრიკიძის, გაგა ნიჟარაძისა და შორენა ლორთქიფანიძის წერილებთან ერთად ზურაბ ქარუმიძის ეს ესეც შევა, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

“პატარა გოგო დამეკარგა, წითელპერანგა...
(სა-ქართ-ვე-ლო! სა-ქართ-ვე-ლო!)”
ი. ჩარკვიანი


საბჭოთა იმპერიის სამხრეთ ნანგრევებზე პოსტსაბჭოთა საქართველოს აღმოცენებამ, ორასწლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყანა ისტორიაში დაააბრუნა, რაც იმდენად დრამატული იყო, ჩემდათავად ამ პროცესს “ქართლის მეორედ მოქცევას” ვუწოდებდი... არასრულფასოვანი, რუსულ-იმპერიულ-ბოლშევიკურ-საბჭოური მოდერნიზაციის (უმეტესწილად - ინდუსტრიალიზაციის) შემდეგ იწყება საქართველოს პოსტმოდერნიზაცია და, შესაბამისად, ქართულ კულტურაშიც - კრძალვით, ნელ-ნელა - პოსტმოდერნიზმი იწყებს შემოსვლას.
პოსტმოდერნიზმის “ვერაგი” მრავალსახეობა მის ამომწურავ ტიპოლოგიზაციას საკმაოდ ართულებს, მაგრამ არის რამდენიმე ძირეული მახასიათებელი, რომლითაც ეს კულტურულ-ისტორიული ფენომენი გამოირჩევა, რაც მისი კონცეპტუალური “მოხელთების” საშუალებას გვაძლევს. თავის მხრივ, ამ მახასიათებლების მეშვეობით, შესაძლებელი ხდება პოსტსაბჭოთა საქართველოში განვითარებული კულტურულ-ისტორიული პროცესების განჩხრეკა.
პოსტმოდერნისტული კულტურის პორველი და უმთავრესი პრინციპი ე.წ. ორმაგი კოდირებაა - ორი განსხვავებული, შეუსაბამო ენობრივი კოდის (უფართოესი გაგებით), დისკურსის, სტილისტიკის თანხვედრა და შერწყმა. ეს ტერმინი ბრიტანელ არქიტექტორსა და ხელოვნებათმცოდნეს, ჩარლზ ჯენკსს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნავდა - პოსტმოდერნისტული არქიტექტურა კლასიკური ტრადიციისა და მოდერნისტული ავანგარდის შერწყმას ემყარებაო. ხელოვნებისა და კულტურის ამგვარ სამომავლო ტენდენციაზე ჯერ კიდევ ფილოსოფიური ჰერმენევტიკის მამა - ჰანს-გეორგ გადამერი მიანიშნებდა - მომავალმა ხელოვნებამ უნდა შეძლოს და კლასიკა თანუწყოს ავანგარდსო.Pპოსტმოდერნიზმიც სწორედ ამ ორმაგი კოდირების ენაზე მეტყველებს - ერთდროულად კლასიკისა და ავანგარდის ენებზე; მაგრამ “ორმაგი კოდირება” შესაძლოა უფრო ფართოდაც გავიაზროთ და საერთოდ ნებისმიერი განსხვავებული ენობრივი კოდების შერწყმის სახით წარმოვიდგინოთ. მაგალითად, დეტექტივის შერწყმა მედიევისტიკასთან - შუასაუკუნეების შემსწავლელ მეცნიერებასთან; ამგვარი შერწყმის შედეგია უმბერტო ეკოს რომანი “სახელი ვარდის” და ა.შ. საერთოდ, ყოველივე ეკლექტური, განსხვავებულთა აღრევაზე დამყარებული ხელოვნება, თავისი არსით, ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი და ა.შ. “კოდირების” ნიმუში გახლავთ.
იმავე ორმაგ კოდირებას გულისხმობს კიდევ ერთი პოსტმოდერნისტული ტენდენცია - გამონაგონისა და ნამდვილის, ილუზორულისა და რეალურის ონტოლოგიური აღრევა. პოსტმოდერნიზმი სიმულაციის ხელოვნებაა, იგი არც არასოდეს არსებულ “ორიგინალთა” აბსოლუტურად “იდენტურ” ასლებს, ე.წ. სიმულაკრუმებს ქმნის. სიმულაკრუმი - ესაა ისეთი “აღმნიშვნელი,” რომლის უკანაც არ დგას “აღსანიშნი,” მაგრამ სიმულაკრუმი მოგაჩვენებს, რომ ასეთი “აღსანიშნი” არსებობს. მაგალითად, ლიტერატურა სიმულაციური თარგმანის სახეს იძენს, ანუ - ვითომც არსებული ტექსტების ინტერპრეტაციასა და გადმოენებას ისახავს მიზნად. ამგვარ სიმულაკრუმებს ქმნიან ნაბოკოვი და იტალო კალვინო, ბორხესზე და მისთანა მისტიფიკატორებზე რომ აღარაფერი ვთქვა (თუმცა, ესეგვარი ილეთი არ ახალია: სერვანტესის “დონ კიხოტეც” ხომ სიდ-აჰმედ ბენ ინჰალის არაბული “პირველწყაროდანაა გადმოღებული,” ან სულაც ჩვენი შოთასეული - “ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები...”) სახვით ხელოვნებაში იმავე სიმულაციებით თამაშობს ენდი უორჰოლი, იმ თავისი ე.წ. ჰიპერრეალიზმით - რეალურზე უფრო “რეალურის” შექმნას რომ გულისხმობს. სარკე გახლავთ პოსტმოდერნიზმის მთავარი სამოქმედო იარაღი, ოღონდაც, ეს სარკე გარე სამყაროზე კი არაა მომართული, როგორც ეს სახელოვნებო რეალიზმშია მიღებული, არამედ სხვა სარკეებზეა მიმართული, სარკედან სარკეში არეკლილი რეალობის “დასაჭერად” - ამგვარ სარკეთა დიდოსტატი რენე მაგრიტია, მხატვრობის ნაბოკოვი.
რეალურისა და ილუზორულის სიმულაციური აღრევით მრავალი პოსტმოდერნისტი მწერალი ოპერირებს (კურტ ვონეგუტი, ჯონ ფაულზი, ჯონ ბართი): ავტორი შეაღწევს თავისი ნაწარმოების სამყაროში და იქაურ პერსონაჟებს “ეკონტაქტება.” ამას კინემატოგრაფშიც ვხვდებით, ვთქვათ - ფელინის, ან ვუდი ალენის ფილმებში.
კიდევ ერთი მახასიათებელი პოსტმოდერნიზმისა არის ფრანგი ფილოსოფოსის, ჟაკ დერიდას მიერ მიმოქცევაში შემოგდებული მეთოდი - დეკონსტრუქცია. სუფრულ-ქართულ ენაზე ეს ტერმინი მე ვთარგმნე, როგორც “დაშლა-არმოშლა,” ხოლო, საკუთრივ, ფილოსოფიური და ზოგად-კულტუროლოგიური გაგებით, იგი შემდეგში მდგომარეობს: ჩვეულებრივ, ყოველი სტრუქტურა ემყარება ცენტრალურ ელემენტებს და ასევე შეიცავს მეორად - მარგინალურ ელემენტებს. დეკონსტრუქციის მეშვეობით ამგვარი ქვეწყობა - ცენტრალური/მარგინალური - ირღვევა, სტრუქტურის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ცენტრალური და მარგინალური ერთმანეთს უტოლდებიან და ერთმანეთს ანაცვლებენ, რასაც სტრუქტურის მთელს აგებულებაში ახალი დინამიკა და მოქნილობა შეაქვს. ასე მაგალითად: ტრადიციული მსოფლმხედველობა იერარქიულ სტრუქტურებს ქმნიდა, რომლის ელემენტები ერთმანეთისადმი დაქვემდებარებული იყო - სისტემის ცენტრს წარმოადგენდა მამაკაცური საწყისი, ფალოსი, რომელიც ჭეშმარიტებას განასიტყვებდა - ლოგოსს, ლოგიკას; ხოლო ქალური საწყისი - ვაგინალური - ასოცირდებოდა ალოგიკურობასთან, ირაციონალურთან, ჭეშმარიტების არქონასთან და მამაკაცურისადმი იყო დაქვემდებარებული. დეკონსტრუქცია ამგვარ ქვეწყობას ხსნის და თანწყობად აქცევს - ქალური საწყისის, ირაციონალურის, არაცნობიერის ემანსიპაციას ახდენს. თუ ტრადიციულ ცნობიერებაში ზეპირი სიტყვა, როგორც ფალოსთან და ლოგოსთან ასოცირებული, პირველადია, ხოლო წერა - მეორადი (დამხმარე ფუნქციისა), დეკონსტრუქცია წერის ფენომენს გაცილებით უფრო ფართოდ იაზრებს, როგორც სხვადასხვაობის, განსხვავებულობის შექმნის პირობას. ფალო-ლოგოცენტრიზმი ტოტალიზების, ძალაუფლების მსოფლმხედველობაა, რომელსაც დეკონსტრუქცია სხვადასხვაობის დემოკრატიულობით უპირისპირდება. ეგო, მეობა, სუბიექტი არ არის თვითკმარი, თავის თავში დაფუძნებული, უპირობო სტრუქტურა, არამედ “სხვასთან” დიალოგში, “სხვისადმი” დამოკიდებულებაში ყალიბდება. იგივე ითქმის უმრავლესობისა და უმცირესობის ტრადიციულ ქვეწყობაზე - დეკონსტრუქცია მას თანწყობად გარდაქმნის. პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში დეკონსტრუქციის მრავალი საინტერესო მაგალითია: ტომ სტოპარდის პიესა “როზენკრანცი და გილდენსტერნი დაიხოცნენ”, სადაც შექსპირის “ჰამლეტის” ცენტრში ამ ტრაგედიის მეორადი პერსონაჟები ექცევიან; ჯულიან ბარნსის რომანი “მსოფლიოს ისტორია 10-ნახევარ თავად,” სადაც აღწერილია წარღვნა და ნოეს კიდობანი იქ შეპარული ჭიაღუების თვალთახედვით, და ა.შ. პოსტმოდერნისტული ხელოვნების უმთავრესი პრინციპი - პაროდირება - დეკონსტრუქციის სახესხვაობაა: კლასიკური ტრადიის, ტექსტების, სტერეოტიპების, მითოლოგიური სახეების ხელახალი წაკითხვა, ინტერპრეტაცია მათთან პაროდიული თამაშის, მათი დაშლის, მორღვევის მეშვეობით.
პაროდირება კულტურის კარნავალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც პოსტმოდერნიზმმა ლამისაა აღმსარებლობის დონემდე აიყვანა. კარნავალი და კარნავალიზაცია ევროპული კულტურის თანმდევი ფენომენია, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული, რაზეც ჯერ კიდევ მიხაილ ბახტინი წერდა. მაგრამ აქ უნდა განვასხვავოთ პოსტმოდერნისტული და შუასაუკუნოვანი კარნავალიზაცია: შუასაუკუნოვანი კარნავალი სიცოცხლის განახლების არქაული რიტუალიდან მომდინარეობდა, ხოლო პოსტმოდერნისტული კარნავალი - მხოლოდღა ნიღბების თამაშია, სადაც პაროდირება თვითმიზნადაა ქცეული. პოსტმოდერნისტული კარნავალიზაცია ისევე ახდენს ტრადიციულად დადგენილი ღირებულებების, ნორმების აყირავებას, დაშლას და მორღვევას, როგორც ეს შუასაუკუნოვან საკარნავალო ქმედებებში ხდებოდა - “ბრიყვების მეფის კურთხევა,” “ვირის დღე” და ა.შ. მაგრამ შუასაუკუნოვანი კარნავალური დესტრუქცია საზოგადოების სასიცოცხლო ძალების განახლების, აღორძინების სიმბოლურ-თამაშისეული გამოხატულება იყო, ხოლო პოსტმოდერნისტული ნიღბების და პაროდიული თამაშის მიღმა მსოფლმხედველობრივი რელატივიზმის სახეს თუ დაინახავ მხოლოდ - ირონიულად და გულმიუდრეკად მომღიმარს. ცხადია, კარნავალური დეკონსტრუქციაც გულისხმობს თავისებურ “განახლებას” - თუნდაც მოძველებული სტერეოტიპებისა და კლიშეების მორღვევის სახით. მეტიც, ჟან-ფრანსუა ლიოტარი კანტის ამაღლებულის პოსტმოდერნისტული ინტერპრეტაციით განასხვავებს ამ კულტურული ეპოქისათვის დამახასიათებელ ორ ტენდენციას - წარსულისადმი ნოსტალგიას, წარსულში დაბრუნების ტენდენციას (აქედან - კლასიკის პაროდიული გადაკითხვა) და, მეორე მხრივ, უსასრულო განახლებისკენ სწრაფვას.
ორმაგი კოდირება, სიმულაცია, დეკონსტრუქცია, კარნავალიზაცია - ეს პოსტმოდერნისტული პრინციპები ართმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გარდამავლობენ. მათი მრავალნაირი მოდიფიკაცია არსებობს, რომელთაგან ზოგიერთს გზადაგზა მოვიხსენიებ.

* * *
პოსტმოდერნიზმის ნიშნები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის საქართველოში ვლინდება, ხელოვნების ისეთ “ჩვენებურ” - ვიზუალურ-ესთეტიკურ დარგებში, როგორიცაა თეატრი, კინო, სახვითი ხელოვნება. ჯერ მიხეილ თუმანიშვილის “ჭინჭრაქა” იყო, მერე რობერტ სტურუას საეტაპო სპექტაკლები - “ხანუმა,” “ყვარყვარე,” “კავკასიური,” “რიჩარდ III” და სხვა. სტურუამ ისეთი პოსტმოდერნი შემოაგდო ქართულ თეატრში, რომ რუსებიც დააშტერა და ევროპელებიც. მრავალენოვანი “ხანუმა” ორმაგი კოდირების ისეთივე მაგალითია, როგორც “რიჩარდ III,” სადაც ტრაგედიის და ფარსის ენობრივი კოდებია სინთეზირებული, კლასიკის პაროდიული ადაპტაციით; “კავკასიურის” უაღრესად კარნავალური ესთეტიკა, და ა.შ.
კინემატოგრაფშიც არანაკლებ საინტერესო პროცესებია - გია დანელიას საკულტო ფილმები: “არ დაიდარდო” და “ქინძაძა;” ეს ფილმები ორმაგი კოდირების და კარნავალიზაციის უნიკალური ნიმუშებია. “არ დაიდარდო” ქართული ეთნოფსიქოლოგიის და რუსული ენის კონტრასტულ შერწყმაზეა აგებული და სევდიანი კარნავალის სურათს ქმნის (მისი ქართულენოვანი ვერსია არაფრად ვარგოდა); “ქინძაძა” - კომიკური ანტიუტოპიაა და ასევე ორი განსხვავებული ენობრივი კოდის შერწყმა გახლავთ. პოსტმოდერნისტული ესთეტიკით მუშაობენ ელდარ შენგელაია - “არაჩვეულებრივი გამოფენა,” “შერეკილები,” “ცისფერი მთები;” რეზო ესაძე - “წკიპურტები;” ირაკლი კვირიკაძე - “ქალაქი ანარა,” ეს ფილმი ღვინისადმი ქართველების მითოლოგიზებული დამოკიდებულების უკიდურესად პაროდიული და კარნავალიზებული დეკონსტრუქციაა. ოთარ იოსელიანის შედევრი - “პასტორალი” ქალაქისა და სოფლის ენების ორმაგი კოდირების ნიმუშია, ისევე როგორც მისი გვიანდელი (“ფრანგული”) ფილმები, კიდევ უფრო მეტი კარნავალურობით რომაა გაჯერებული.
რაც შეეხება ფერწერას, ამ საქმეში ქართველები ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს. საკუთრივ პოსტმოდერნისტული ესთეტიკის გათავისების კუთხით კი მე გამოვაცალკევებდი ირაკლი ფარჯიანს. მისი ტილოები კლასიკის ავანგარდისტული წაკითხვაც არის (ვთქვათ, ვერმეერისა) და ორმაგი კოდირებაც, განსაკუთრებით, მისი შესანიშნავი პორტრეტები, სადაც იგი პერსონის ხასიათისა და მისივე ალტერ-ეგოს ორმაგ კოდირებას ახდენს. აქვე მოვიხსენიებდი ავთო ვარაზის კოლაჟებს, სხვადასხვა მატერიის გამომსახველობითი საშუალებების შერევით შექმნილს; საერთოდ, კოლაჟი ყველაზე გავრცელებული ფორმაა პოსტმოდერნისტულ ხელოვნებაში, რაიც რამდენიმე გამომსახველობითი კოდის შერწყმას გულისხმობს.
იმდროინდელი ქართული მწერლობა ძირითადად ტრადიციულ ხაზს განაგრძობს, მაგრამ პოსტმოდერნის ელემენტები აქაც გვხვდება. პოსტმოდერნისტული პროზის უმთავრესი მახასიათებელია “თვითრეფლექსურობა” - ანუ ლიტერატურა ახდენს საკუთარი თავის თემატიზაციას, ანუ, როგორც უკვე ერთგან ვწერდი: “ამბის თხრობისას მწერალი თხრობის ამბავსაც ამბობს.” ამას მეტაპროზა ეწოდება და ესეც ორმაგი კოდირების პრინციპზეა აგებული - მეტა-ენის (თეორიის ენის) და ენა-ობიექტის (თხრობის ენის) ორმაგი კოდირებისა. ამისი საინტერესო მაგალითია გურამ დოჩანაშვილის “ვატერ(ლო)პოლო,” ხოლო პოეზიის ფორმატში - ბესიკ ხარანაულის ტექსტები.[1] განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მთარგმნელობითი პროცესი. ქართულ ლიტერატურაში კარნავალური და პაროდიულ-დოკონსტრუქციული სტილისტიკის შემოტანის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემდეგმა თარგმანებმა: ჯეიმზ ჯოისის “ულისე” (ნიკო ყიასაშვილისა), ფრანსუა რაბლეს “გარგანტუა და პანტაგრუელი” (გურამ გოგიაშვილისა) და ფრანსუა ვიიონის პოეზია (დავით წერედიანისა), ენტონი ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალი” (გია ჭუმბურიძისა). 70-იან და 80-იან წლებში მოქმედებდა “მხატვრული თარგმანის კოლეგია” და ეს დაწესებულება თავისებური ალტერნატიული ინსტიტუცია იყო, სხვა ოფიციალურ სალიტერატურო ორგანიზაციებთან შედარებით. ამასთან ერთად, “პერესტროიკის” და რუსული ლიტერატურული ჟურნალების მეშვეობით ჩვენში შემოდის სამი უმთავრესი პოსტმოდერნისტული რომანი: უმბერტო ეკოს “სახელი ვარდის”, პატრიკ ზიუსკინდის “ნელსურნელება” (“პარფიუმერი”) და მილორად პავიჩის “ხაზარული ლექსიკონი.”
მოკლედ, თუ თავის დროზე (1920-იან 30-იან წლებში) შედგა სრულფასოვანი ქართული სახელოვნებო მოდერნიზმი, ასევე, 1960-იან 70-იან წლებში ქართველებმა პოსტმოდერნიზმსაც აუღეს ალღო, მაგრამ წინ ბევრად მეტი გველოდა, და არა მხოლოდ ხელოვნებაში... თუმცა, ჯერ საბჭოთა საქართველოს “დაშლა-არმოშლა” უნდა მომხდარიყო.

* * *

თუ ოდესმე დიდი საქართველო არსებობდა “ორ ზღვას შუა,” საბჭოთა საქართველომ “ორ ცხრას შუა” იარსება: 1956 წლის 9 მარტიდან, 1989 წლის 9 აპრილამდე. სტალინის მმართველობის პერიოდში “ხალხების საბჭოური ძმობა” იმდენად ტოტალური იყო, რომ მისი შემადგენელი რესპუბლიკების ინდივიდუალური სახე სრულიად ნიველირებული გახლდათ: ჩრდილოკავკასიელი მეცხვარე რუს მეღორე ქალს ეტრფოდა და პირიქით, მოკლედ, ეროვნებათა სრული სიმბიოზი სუფევდა... მხოლოდ ნაციონალიზმი ახდენს ამ ერების ინდივიდუალიზაციას და საქართველო ერთ-ერთი პირველია ამ მხრივ - 1956 წლის მარტის ამბებით იწყება “საბჭოთა ქართული” ნაციონალიზმი და, შესაბამისად, “საბჭოთა საქართველო,” როგორც ასეთი. იგივე პროცესები თანდათან სხვა რესპუბლიკებსაც მოედება. ეს იყო ნარცისისტულ-ინფანტილური ნაციონალიზმი, განსხვავებით იმისგან, რაც ქართველმა “თერგდალეულებმა,” სომეხმა “დაშნაკებმა,” თუ აზერბაიჯანლემა “მუსავატისტებმა” შექმნეს. “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!” - ეს გზავნილი მოდიოდა არა მარტო ქართული სუფრიდან, არამედ საგანმანათლებლო პროგრამებიდან, სამეცნიერო სფეროებიდან და სახელოვნებო წრეებიდანაც, ზემოჩამოთვლილი გამონაკლისების გარდა. ცხოვრებაც, შესაბამისად, ლაღი და საამური იყო - მთელი ერი ერთი დიდი ქალწულებრივი აპკით შეისუდრა, მთაწმინდაზე დადგმული “ქართვლის დედის” თასით ღვინოს შთანთქავდა და იმ “დედისავე” ხმალს იქნევდა, წარსული დამპყრობლების მოსაგერიებლად...
საბჭოთა საქართველოს “დეკონსტრუქცია” იწყება 9 აპრილის ტრაგედიით და სრულდება სამოქალაქო ომით, საიდანაც პოსტ-საბჭოთა საქართველო იშვა.
9 აპრილის ამბები კოსმოგონიურ აქტს გაუტოლდა: შუმერულ მითოლოგიაში სამყაროს შესაქმე ქალის - თიამათის - განწვალებით ხდება. აპრილის იმ ღამესაც ძირითადად ქალები დაიხოცნენ, თითქოსდა ახალი დროის დაწყებას მათი მსხვერპლი ესაჭიროებოდა. ამ შოკში ჩამგდებ ტრაგიზმს წინ უსწრებდა იერარქიის დეკონსტრუქციული მოშლა: კათოლიკოს-პატრიარქის მარგინალიზაცია და “მამაო ჩვენოს” წამოწყება ერთ-ერთი ნაციონალისტი ლიდერის მიერ. ამას მოჰყვა სამი უსინათლო მომღერლის მიერ ნათქვამი “დაუკარით...” და რეალურ სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციას ქართველებმა ბრძოლის ესთეტიკური სურათი დაუპირისპირეს, ანუ ფიქციურის და რეალურის ონტოლოგიური გატოლება მოხდა. ინტელექტუალური ელიტის გვერდით იბრძოდნენ მუშებიც, გლეხებიც და ლიუმპენებიც - ეს საბჭოური “იერარქიაც” მოიშალა. მაგრამ შემდგომში, სამწუხაროდ, პროცესები ისე განვითარდა, რომ რეალობის ესთეტიკურმა სურათმა რეალობის ობიექტური აღქმა გადაფარა: ინფანტილიზმისა და ნარცისიზმის გადალახვის ნაცვლად ქართული ნაციონალიზმი კიდევ უფრო მეტად გაიჟღინთა ამ ტენდენციებით: “საქართველოს გლობალური უპატრონობის” განცდამ ხალხი ფრუსტრაციაში ჩააგდო. მეტიც, ეროვნული დამოუკიდებლობისკენ მიმართულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ისტერიული სახე მიიღო: ისტორიაში ჩვენი დაბრუნება ისტერიული ნაციონალიზმის აღზევებით დაიწყო. ამასთან ერთად იწყება ჩვენი ოდესღაც კომფორტული საბჭოური ყოფა-ცხოვრებისა და, საერთოდ, კულტურის მიტინგური კარნავალიზაცია - ჩვენ გადავედით პერმანენტული საჯარო აქციებისა და საპროტესტო თავყრილობების მოდუსში. პატრიოტული ლირიკისა და ლოცვების კოლექტიური სკანდირება, ცეკვა-თამაში, სიმღერა, მტრებისა და მოღალატეების ლანძღვა-გინება (რაც დალოცვისა და კურთხევის კარნავალური აყირავებაა), დროშები, ჩოხოსნები, მეხატულების და ხატისკაცების პროცესიები... მეხსიერებაში შემორჩენილ ამ სურათებს ზედ ედება პოსტმოდერნისტული სიმულაცია, თავისი სიმულაკრუმებით: მესიანისტური პერსონების, ერის მამების, ერის კაცების, კაი ყმების ხატ-სახეთა კონსტრუირება კოლექტიურ წარმოსახვაში და სინამდვილეზე მორგება, გაცოცხლება: პოლიტიკურ-კარნავალური ჰიპერრეალიზმი. იმ ამბების შესახებ ერთ ადრეულ მოთხრობაში ვწერდი (“პაროდოსი”), ამჯერად კი ერთ კარგ პოეტს დავუთმობ სიტყვას - ზვიად რატიანს, რომელიც ოცი წლის რეტროსპექტიული გადასახედიდან ასე იხსენებს, რაც ხდებოდა მაშინ:

“შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა -
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით, ენა, მამული,
სარწმუნოება...
შავლეგ, შენი... სულ შენი, შენი
შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,
შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები
და გაგვახედე უფსკრულისკენ - სამოთხეაო;
ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,
როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,
დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ...”
(“ნეგატივი. 20 წლის შემდეგ”)

ასე მივედით სამოქალაქო ომამდე, რომელსაც “ქართველთა უნებლიე თვითდეკონსტრუქცია” შეიძლება ვუწოდოთ. უშუალოდ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას და სამხედრო დაპირისპირებას წინ უძღოდა თავისებური ტექტონური ძვრები ქართულ კოლექტიურ ცნობიერებაში. საბჭოურ-ქართული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული იერარქიული სისტემა აყირავებას განიცდის: მარგინალური, რეპრესირებული ელემენტები წინ მოიწევენ, ყოველივე ორაზროვანი და წინააღმდეგობრივი კიდევ უფრო მძაფრდება. ეს რამოდენიმე დონეზე გამოვლინდა.
ტრადიციულად ქართული საზოგადოება (საბჭოურ-ქართულიც) პატერნალისტური და პატრიარქალური იყო - მამა, მამაკაცი და მამაკაცური საწყისი სოციალურ და კულტურულ ღირებულებათა სისტემის ღერძად მოიაზრებოდა, რასაც კულტუროლოგიაში ფალო-ლოგო-ცენტრიზმი ეწოდება. მაგრამ, 1991-93 წლების სამოქალაქო ომამდე და ომის დროსაც, ქართულ კოლექტიურ ცნობიერებაში მატრიარქალურმა პლასტებმა ამოხეთქა - “მატრიარ-ქალურმა” (sic!). ღიად თუ ფარულად, პოლიტიკურ პროცესებს ქალები მართავდნენ; სწორედ მათგან მოდიოდა მიტინგების ძირითადი ემოციური მუხტი. აქაც ევრიპიდეს “ბაკხი ქალები” მახსენდება: დიონისე მოევლინა ქალაქ თებეს, მაგრამ თებემ არ ცნო იგი, რის გამოც დიონისემ იქაურ ქალებს “სიგიჟე” შეჰყარა, რამაც თებე დააქცია.[2] დიდი ისტორიული ცვლილებების მიღმაც ქალი იმალება ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებული ისტერიული ნაციონალიზმის ჩამოყალიბებასაც ამ მატრიარქალურმა მენტალურმა “ძვრებმა” შეუწყო ხელი. თვით ზვიად გამსახურდიაც, როგორც პოლიტიკური ლიდერი, არ იყო პატერნალისტური პერსონა და, ამდენად, არც დიქტატორი გახლდათ, რადგან დიქტატორები უპირველეს ყოვლისა “მამის არქეტიპიდან” ახდენენ თავის პოზიციონირებას. გამსახურდიას “მესიას” ადარებდნენ, ხოლო მესია “ძეა” და არა “მამა” - კვდომადი და აღდგომადი ღვთაებაა და არა “შვილების მჭამელი ქრონოსი”; იგი “ნეფე-მზეჭაბუკია”, რომელსაც დედასამშობლო ჯერ გულში იხუტებს და მერე ახრჩობს და ა.შ.
ქრისტიანობა, სოციო-კულტურული თვალსაზრისით, პატერნალისტურ-პატრიარქალური რელიგიაა, ხოლო წარმართობა, მისი შედარებით არქაული ბუნების გამო, უფრო სიღრმისეულ, პირვანდელ - მატრიარქალურ შრეებშია გამჯდარი. საბჭოთა საქართველო ათეისტური საზოგადოება იყო, მეტიც, ათეიზმამდელ პერიოდში იგი საკმაოდ შეიცავდა წარმართულ ელემენტებს, “პაგანიზებული” იყო, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. მაგრამ ქრისტიანობა უძველეს კულტურულ ერად თავის წარმოდგენის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი გახლდათ და, საერთოდ, ქართველთა ეთნიკური იდენტობისა. სამოქალაქო ომის შემამზადებელ მენტალურ ძვრებში, მენტალობის მატრიარქალიზაციისას, მოხდა წარმართული ელემენტის აღზევება საკუთრივ ქრისტიანულ-რელიგიურზე. ეს ვლინდებოდა როგორც საჯარო გამოსვლების კერპთაყვანისცემლურ რიტორიკაში, ისე ეკლესიისადმი დამოკიდებულებაში: “როგორ ვსისინებთ, დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ...” აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი ქართული ნაციონალიზმი არ იყო რელიგიური, არამედ წმინდად ეთნოცენტრისტული.
ამ ტენდენციებმა წარმოშვა ის მთავარი და საბედისწერო ოპოზიციური წყვილი სამოქალაქო ომისა: ქალაქი სოფლის წინააღმდეგ, დეკლასირებული კოლმეურნეები ქუჩური გაგების ინტელიგენციის წინააღმდეგ. “თბილისფსელებო გაეთრიეთ აქედან!” - ხელისუფლების მხარდამჭერთა აქციაზე აფრიალებული ეს პლაკატი დამამახსოვრდა. დაინგრა “ბრძენი და მუყაითი ქართველი გლეხის” წარმოსახვითი კლიშეც და “ინტელიგენტი ქალაქელი კაცის” კლიშეც (სხვათა შორის, ჯაბა იოსელიანის ფიგურა, რომელიც თავის თავში აერთიანებდა მწერალ-პროფესორს და კრიმინალურ ავტორიტეტს, ორმაგი კოდირების შესანიშნავი ნიმუშია). “სუნიანები” და “უსუნოები” - ასე იწოდებოდნენ ქართველი გველფები და გიბელინები: “ღველფები” და “გიმელინები”... ეს ბრძოლა “სოფელმაც” წააგო და “ქალაქმაც” და - სრულიად საქართველომაც, რადგან ამ ომს მოჰყვა ჯერ სამაჩაბლოს, მერე კი აფხაზეთის დაკარგვა და საქართველოს გეოპოლიტიკური დეკონსტრუქცია. “ჩვენ დავღუპეთ საქართველო, ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით” (ზ. რატიანი), რადგან პატრიოტული ლიტერატურის, პოეზიის ფიქციური სამყარო ონტოლოგიურად გაუტოლდა და შეერწყა რეალურს. პოლიტიკა, მითოლოგია და ესთეტიკა ისე გადაიხლართა, რომ ინდივიდუალური შემოქმედებისთვის ადგილიც აღარ დარჩა. ყოველივე ერთ რამე კოლექტიურ პერფორმანსს დაემსგავსა - ხმაურითა და მძვინვარებით აღსავსე პერფორმანსს...
ამგვარი პოსტმოდერნისტული ნიშნებით დაიწყო პოსტსაბჭოთა საქართველო.

დასასრული შემდეგ ნომერში

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“



[1] ქართველთაგან პირველი, ვინც მეტაპროზას წერდა, გივი მარგველაშვილი იყო - ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, როცა ეს ჟანრი ევროპაშიც ახალი რამ გახლდათ. მაგრამ გივი მარგველაშვილი გერმანულენოვანი მწერალია და აქაურ ლიტერატურულ პროცესზე იმხანად გავლენა არა ჰქონია. [2] სხვათა შორის, ევრიპიდეს “ბაკხი ქალები” პოსტმოდერნისტული ტრაგედიაა, რადგან მასში ხდება საკუთრივ ჟანრის თემატიზაცია - ამ ტრაგედიის მთავარი პერსონაჟი თავად ტრაგედიის ღვთაება და განსახიერება - დიონისეა.

XX საუკუნის ფრანგული პოეზია


ლანა ღოღობერიძის თარგმანები

გიიომ აპოლინერი

ციკლიდან «ალკოჰოლი»

მირაბოს ხიდი


მირაბოს ხიდისქვეშ მიცურავს სენა
და ეს სიყვარული
და მე მახსენდება განვლილი დღენი
დიდი ტკივილი და მერე სიხარული
დე დადგეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
ჩვენ ერთმანეთთან შერწყმული იქვე
მაშინ როდესაც
ჩვენი მკლავებით გადებულ ხიდქვეშ
დაღლილი ტალღა მოთქმად მოექცა
ჩამოწვეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
მიდის სიყვარული როგორც ეს მდინარე
და ჰორიზონტთან გაკრთება აფრა
ცხოვრება ნელია ზანტი და მცონარე
მხოლოდ იმედია მძაფრი
ჩამოწვეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
არ წყდება დღეთა და კვირათა დენა
და არ დაბრუნდება
არც ეს სიყვარული სიმწრით დაღდასმული
არც დრო გარდასული
მირაბოს ხიდისქვეშ მიცურავს სენა
ჩამოწვეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ

* * *

მაშინ მოვწყვიტე ზამთარას ყლორტი
მკვდარ შემოდგომას გულზე ეწყო თეთრი ლოდები
ვიცი ამ ქვეყნად ვეღარ შევხვდებით
დროის სურნელი გამხმარი ტოტი
და გაიხსენე რომ გელოდები

* * *


და საბოლოოდ მეგობრებმაც ამითვალწუნეს
ვიდრე პეშვებით ვსვამდი ვარსკვლავებს
ვიდრე მეძინა
ანგელოზებმა დაუნდობლად გაანადგურეს
ჩვილი ბატკნები და მწყემსები და მწუხარებით სავსე ბაკები
ცრუ ცენტურიონს ვენახიდან მიჰქონდა ვაზი
ნაცემ-ნაგვემი მათხოვრები უვლიდნენ დავლურს
მიმალულიყვნენ ცისკრის ვარსკვლავნი
და მთვარის შუქზე იფრქვეოდა აირის ცეცხლი
ენთო სანთლები და სცვიოდათ დაჭმუჭნულ კაბებს
სახელდახელოდ მიკემსილი საყელოები
ნიღაბაკრული მშობიარენი
ზეიმობდნენ მკვდრეთით აღდგომას
ქალაქი იყო
ქვეყნიერებას მოწყვეტილი არქიპელაგი
სადაც სიყვარულს თხოულობდნენ ქალები უქმად
მდინარე მახსოვს ბნელზე ბნელი და მახსოვს ისიც
რომ მოფარფატე ჩრდილებიც კი
არ იყვნენ მაშინ არც წარმტაცნი არც მიმზიდველნი

* * *

გთხოვთ მომიტევოთ გულმავიწყობა
მაპატიოთ რომ აღარ ვიცი მიგნება სიტყვის
რომ არაფერი აღარ მესმის და მიყვარს მხოლოდ
ცეცხლის ენებად მოვლენილი ეს ყვავილები
ვარ ღვთაებრივი მჭვრეტელი და მივესალმები
ყველაფერს იმას რაც მე თვითონ არ შემიქმნია
მაგრამ თუ დადგა ისეთი დრო როდესაც უცებ
უცნაური სახის ჩრდილები
ჩამოწვებიან დედამიწაზე
და ჩემს სიყვარულს მრავალნაირს ახდიან ფარდას
მაშინ უეცრად დაინახავთ უცხო ქმნილებებს
მე რომ შევქმენი ჭვრეტასა და მარტოობაში

* * *

აღარ ვიცოდებ საკუთარ თავსაც
ვეღარც სიჩუმის მწუხარებას გაგიზიარებთ
ყველა ის სიტყვა რაც უნდა მეთქვა
იქცა ვარსკვლავად
ჩემი თვალების უპეებიდან თვით იკარუსი ლამობს აფრენას
და ნისლთა შუა გულით მზეთა მატარებელი
თვითონვე ვიწვი
ისიც არ ვიცი როგორ დავკარგე
ღვთისმოსავ კაცთა გონიერება
ოდესღაც მკვდრები დგებოდნენ მკვდრეთით
მხოლოდ იმისთვის რომ აქ ჩემთვის თაყვანი ეცათ
ველოდებოდი ქვეყნის აღსასრულს
მაგრამ მის ნაცვლად
მოვიდა ჩემი დასასრული ქარიშხლის სტვენით

* * *

ერთხელ გავბედე უკან გახედვა
და დავინახე გარდაცვლილი დღეები ჩემი
დღეთა გვამები
ჩემი ცხოვრების მოკლე გზას რომ დაღი დაასვეს
და რომელთაც დღემდე მივტირი
ზოგი იხრწნება იტალიურ ეკლესიაში
ზოგი ლიმონის ხეების ტყეში
რომელიც ყვავის მუდამ და ყველგან
მახსოვს დღეები რომლებიც ძრწოლვით
ელოდნენ სიკვდილს და ქვითინებდნენ
ღვინის სარდაფში
სად ცეცხლოვანი ყვავილები ითელებოდნენ
შავკანიანი ქალის თვალწინ
რომელიც თხზავდა პოეზიას
და ელექტრობის თეთრი ვარდები დღესაც ყვავიან
მოგონებათა მყუდრო ბაღნარში

* * *

ბოლოს და ბოლოს ეს სიცრუეც აღარ მაშინებს
ვუყურებ მთვარეს კვერცხივით რომ იწვის ტაფაზე
და წყლის წვეთების ფაქიზ საყელოს
ამ დამხრჩვალ ქალს რომ სამკაულად გამოადგება
ვნების ყვავილთა თაიგული
ჩუმად მთავაზობს ეკალთა გვირგვინს
ქუჩებს ატყვია შარშანდელი წვიმის სისველე
და მუყაითი ანგელოზები
მთელი ამ წმინდა კვირის მანძილზე
გულმოდგინედ მუშაობენ ჩემთვის ჩემ სახლში
თეთრი მთვარე და მწუხარება ქრებიან ერთად
მეც მთელი კვირა ვხეტიალობ სიმღერ სიმღერით
და ერთი ქალი
თავისი სახლის ფანჯრებიდან თვალს არ მაშორებს
მიყურებს დიდხანს
როგორ ვშორდები სიმღერ-სიმღერით

* * *

გზაჯვარედინთან დავინახე როგორ ცეკვავდნენ
გულმოღეღილი მეზღვაურები
მე მზეს ვუბოძე ყველაფერი
ამ ჩრდილის გარდა
ჩემი სხეულის ჩრდილის გარდა

ნახევრად მკვდარი ანგელოზები
თავს აფარებდნენ დანისლულ სივრცეს
ანემონებით მოკაზმულნი ჩადგნენ ქარებიც
მოვედ ქალწულო მესამე თვის წმინდა ნიშანო


სნეული შემოდგომა

ო შემოდგომავ სნეულო და სათაყვანებო
შენ კვდები მაშინ
როს ქარიშხალი დაუბერავს ვარდების ბაღში
და როცა ხეხილს თოვლი დაფარავს

მე მებრალები შემოდგომავ რადგანაც კვდები
გამჭვირვალე სითეთრესა და სიმდიდრეში
თოვლი ამძიმებს მწიფე ნაყოფს და ცის ლაჟვარდში
დაფრინავს ქორი და დაჰყურებს იმ ქონდრისკაცებს
ვისაც არასდროს და არავინ არ ყვარებიათ

იქ შორეული ტყის პირას კი ბღავის ირემი

ო შემოდგომავ როგორ მიყვარს ეს ხმაურები
ჩამოვარდნილი ნაყოფის ხმა
სამუდამოდ რომ მიწაში რჩება
მტირალი ქარი და ტყე მტირალი
და ყველა ცრემლი შემოდგომისა
ასე ფაქიზად ფოთოლ ფოთოლ შემორჩენილი

ფოთლები
ქარდაქარი
მატარებელი
სწრაფმავალი
ცხოვრება
წარმავალი

მარი

თქვენ ცეკვავდით პატარა გოგო
და იცეკვებთ დიდი დედა
როდის დაბრუნდებით ნეტავ
ჩამოკრავს ყველა ზარი
როს დაბრუნდებით მარი

ირგვლივ ნიღბები მდუმარე
შორით მუსიკა მწუხარე
ის ალბათ მოდის ციდან
მე თქვენ მიყვარდეთ მინდა
ოღონდ მიყვარდეთ ცოტათი
მაბრუებს ხიბლი ცოდვათა

ცხვარს მირეკავენ მთის იქით
მატყლი ვერცხლისფრად ანთია
გული სულ ბორგავს ისე კი
გული ვნებათა ხლართია
და აქეთ იქით მთის იქით
ჯარისკაცები დადიან

სად წავლენ შენი თმები
ზღვის ტალღასავით ხვეული
სად წავლენ შენი თმები
შენი ხელები ეული
ვით შემოდგომის ფოთლები
ჩემს აღსარებას ელიან

მე მივყვებოდი სენას
შენზე ვფიქრობდი მხოლოდ
დარდის უწყვეტი დენა
და ასეთია სენაც
მიდის და არა აქვს ბოლო
კვირა გავიდეს ოღონდ

კლოტილდა

ბაღში ყვავიან ანემონები
სადღაც მთის იქით ისევ თოვლია
და ვგრძნობ სიყვარულს ვით ემონება
გულგრილობა და მელანქოლია

მოდიან ჩვენსკენ ჩვენი ჩრდილები
პირქუში ღამე უღიმით ავად
ელის რომ მალე მზე დაიღლება
და ამ ჩრდილების თანხლებით წავა

და წყლის ღმერთები კამკამა დილით
ჩამოიშლიან ოქროსფერ თმას
შენ ისე გხიბლავს ეს ნაზი ჩრდილი
წადი დაედევნე გაჰყევი მას

რაინისპირი

მიჭირავს ჭიქა გავსებული მთრთოლვარე ღვინით
ვუსმენ სიმღერას რაინიდან მენავის ნათქვამს
შვიდ მწვანეთმიან ლამაზ ქალზე სიგიჟის ჟინით
როგორ იწეწდნენ ტერფებამდე ჩამოშლილ ნაწნავს

იცეკვეთ თვითონ და იმღერეთ ისე ხმამაღლა
რომ აღარ მომწვდეს მდინარიდან ხმა შორეული
მე მომენატრა ამ გრძელთმიან ქალთა დანახვა
და მათი როკვა გადარეული

ო ეს რაინი ეს რაინი მთვრალია ღვინით
და წყლის სარკეში იღიმება ვაზი სიამით
ისმის სიმღერა კარზე მომდგარ სიკვდილის ჟინით
ო ფერიები ჯადოქარნი მწვანეთმიანნი

და ჩემი ჭიქა ტყდება უცებ როგორც სიცილი

ციკლიდან «მელანქოლიური მეთვალყურე»

და რატომ ფეთქავ შენ გულო ჩემო

ვით ნაღვლიანი მეთვალყურე
მე თვალს ვადევნებ ღამეს და სიკვდილს

* * *

ოOგულო ჩემო მწუხარება სიამით სავსე
ვიგრძენი მაშინ როცა დამტოვა
მან ვინც მიყვარდა ტრფიალისგან დაცლილი თასი
შემომრჩა ხელში და ტკივილმა დამიმარტოვა

არვინ გაუწყა ჩემი დარდი ქალო ეულო
მე კი ვარ მაგრად მაგრამ გულო შენ მეცოდები
შენ სიკვდილამდე სევდიანო გაოცებულო
მე რომ აგკიდე უდრტვინველად ჩემი ცოდვები

მეფე ვარ მაგრამ დავალ ქვეყნად მშიერმწყურვალი
ჩემი სიზმრები მიმალულან თუ ისვენებენ
ანდა ელიან ამ ხეტიალს როდის მოვრჩები

და თრთოლვით ვუსმენ ვით ჩამძახის ქარი მწუხარედ
ამაღლდი თავად იარე და გზას გიჩვენებენ
ნაძვის ტოტებზე გამობმული თითთა ჩონჩხები

* * *

და ახლაც მესმის უცნაური ის მინამღერი
რომელშიც სევდა ირონია და ნუგეშია
თუ სხვა გულს ეძებს შენი გული ნაიარევი
ის სხვისი გული იცოდე რომ უკვე შენშია
მაგრამ მე მაინც მუდმივად ვდარდობ
რომ ვარ სტუმარი ამ ქვეყნისა და დავალ მარტო
და ამიტომაც მინდა მოვხვდე უცხო ქალაქში
რომელშიც თურმე მუდამ ღამეა
მე ეს ამბავი წავიკითხე ძველ ფოლიანტში
და თუ სიცოცხლე მხოლოდ წამია
მინდა გავცილდე აქაურობას
და გადავსახლდე იმ მუდმივი ღამის ქალაქში
ვიქცე არწივად და ვიფრინო უმზეო ცაში
და ჩემს გარშემო იყოს მხოლოდ როგორც საფარი
ღამის წყვდიადი და შავბნელ ცაზე
სნეული მთვარე მიუსაფარი
იქნებ ეს არის ჩემი მიგნება
ანდა სიზმარი
ამიტომ ვწვალობ და არ ვიცი ხვალ რა იქნება
ის კი ვიცი რომ
ქვეყნად დიადიც და უღირსიც იქნება მუდამ
და თვით სიკვდილიც მოკვდება მუდამ
ამიტომ არ ღირს იმაზე ფიქრი
ხვალ რა მოხდება
ჯობს გავიხაროთ ამ საღამოს სიგრილით ვიდრე
დიდი ოცნება წინ გველოდება
მე მქონდა ერთი ცოცხალი გული
და ის მინდოდა თქვენთვის მომეძღვნა
მაგრამ ღვთისმშობლის ტაძრებმა და კათედრალებმა
წინ დამახვედრეს ვერცხლისა და ოქროს გულები
შიშით ვუმზერდი მათ უცხო იერს
ვუმზერდი ერთხანს
და თან რატომღაც ძალიან შემრცხვა
და გადავმალე ჩემი გული
გული რომელიც მტანჯავდა ძლიერ
ჩემი მფეთქავი
სისხლიანი
ცოდვილი გული
მოვძებნე მხარე გადაკარგული
იქ ღრმად მიწაში ჩავამასამარე
და მივატოვე ღამის ამარა
თან ჩავაყოლე ჩემი დარდები
და თქვენ კი გელით
რომ მოხვიდეთ და დააყაროთ ორივე ხელით
ზამბახები და ოლეანდრები

* * *

და ვერასოდეს დაამარცხებს გარიჟრაჟხ ბინდი
მოდით გავოცდეთ საღამოებით მაგრამ ვიცოცხლოთ სისხამი დილით მოდით დავცინოთ მარადისობას ვით ქვას ან ოქროს
და დავიბანოთ ეს ხელები გიჟმაჟი ტალღით
ვიდრე დაშრება ქვეყანაზე სულ ბოლო წყარო

ელეგია

ცა და ჩიტები ჩამომსხდარან ორ კვიპაროსზე
რომელთაც ქარი შლეგიანი ვით საყვარელი
იხუტებს გულში რომ გააძროს მწვანე სამოსი
რაინისპირა სახლი იყო დიდი ნათელი

ფართო ფანჯრებით და სახურავით
სადაც დროდადრო ფლიუგერი ქარს უყვიროდა
ქარი კი წყნარად პასუხობდა რა გჭირს მითხარი
და მიკიოტი ავად კიოდა

და ჩვენ ორნი კი ბედისაგან დაუცველები
ჩავჩერებოდით წარწერას ქვაზე
რომ აქ ოდესღაც და რატომღაც მოხდა მკვლელობა
შენ ირხეოდი ნებივრად ასე

- აი აქ წელსა ექვსას ოცდაათს
მოკლეს გოთფრიდი
ბრულის შეგირდი
საცოლე ყავდა ჩუმი მომთმენი
რეკვიემ დონა ეი დომინე -

და ჩავიდოდა მზე წუხილით და დანანებით
და სიყვარული სისხლისაგან დაიცლებოდა
ღამე ამკობდა შემოდგომის ცას ვარსკვლავებით
და აქ ჩვენს ფერხთით ჩუმად კვდებოდა

თვალგახელილი წინ მიქროდა მატარებელი
და ქარის ქროლვას ქროლვით ებრძოდა
კვდებოდა ღამე უბით ცოდვის მატარებელი
და ასე ჩვენი სიყვარული სიკვდილს ერწყმოდა


ლექსები ივონასადმი

ლექსი-წერილი

ჩემი თვალები საბრალონი აღვსილან თქვენით
როგორც ეს ტბორი მთვარის ნათელით
გავედრებთ ჩემს თავს სიყვარულის უსიტყვო ენით
და თქვენს სახელზე ღია ცის ქვეშ იწვის სანთელი

ლექსი - წერილი

ეს აკრძალული ხილი
სამოთხე დაკარგული
ლარნაკი სადაც დილით
კვდებოდა ვარდის გული
კვდებოდა სიხარულით
ზამთრის ქათქათა ვარდი
ფურცლებს მიწაზე ყრიდა
ვიღაცას კლავდა დარდი
რაღაც ცვიოდა ციდან
რაღაცა თოვლის მსგავსი
მარადი სევდით სავსე
მე თქვენ გაღმერთებთ იცით
ქალწულო ზოდიაქოსი
მიიღეთ ჩემი ფიცი
და განწირულის პათოსი
ჩემი გრძნობები მიმქრალი
ჩაყუჩდნენ როგორც ზღვა
რადგან ვგიჟდები იმ ქალზე
რომელსაც უყვარს სხვა
და...
თავზე დაგადგეთ ნათელი
ქარში მიჭირავს სანთელი

ზამთრის ლექსები

ზამთრის რიჟრაჟი

ეს თვალციმციმა ნორჩი რიჟრაჟი
ჩუმად ოცნებობს ოქროსფერ მზეზე
შორით რომ ჩნდება გაცრეცილი როგორც მირაჟი
და მკვდარ ზეცაზე სამკვიდროს ეძებს
მწუხრის სიცივით გათანგული ეს განთიადი
თრთის და კანკალებს და ვერ ჩერდება
იცის რომ დგება გათენების წუთი დიადი
და ამიტომაც შეუმჩნევლად ვარდისფერდება
მზე კი ო მზე კი ცივი მიმქრალი
რადგან სხივები და სიმხურვალე
მოსტაცეს ზამთრის ფერიებმა დაუფიქრებლად
მზე ძალას იკრებს და თანდათან ამოდის ფრთხილად
და მხიარული გარიჟრაჟი
ლაღი გიჟმაჟი
კვდება ქვითინით და დგება დილა
და დგება დილა გაოცებულ ზეცის წიაღში
ცისა რომელიც სირცხვილით იწვის
რომ არის დედა მზის მკვდრადშობილის

* * *

თვალწინ დამიდგა ბავშვობა
წყალი ჭიქაში მძინარე
ცრემლის კამკამა მდინარე
თვალწინ დამიდგა ბავშვობა

ვიგონებ ფერისცვალებას
და ამ ფიქრამდე მივედი
ტანჯვას წინ უსწრებს იმედი
ვიგონებ ფერისცვალებას

ჩამოკრა ზარი განგებამ
ქარი ჩასახლდა ყანაში
უიმედობის თარეშში დასრულდა ყველა თამაში
ზარი ჩამოკრა განგებამ

* * *

საღამოს ტბიდან მიყურებენ გედის თვალები
ტირის ტირიფი და ნება ნება
აქანებს ტოტებს და აღვსილი იდუმალებით
ეს დღე თანდათან ტკივილით ხვდება
რომ უკვე დადგა ჟამი მისი გარდაცვალების

პოლ ვალერი

ნაბიჯები


შენს უტყვ ნაბიჯებს, ჩემი დიდი სიჩუმის ბავშვო,
შენს ყრუ ნაბიჯებს, ფრთხილს და ვნებიანს,
ვუსმენ შეფარვით და გული მამცნობს
აქ ჩემს საწოლთან როგორ წყდებიან.

ღვთიურო ჩრდილო, შეფერილო წმინდა ფერებით,
რა სათუთია ეს ნაბიჯები,
შენი შიშველი ფეხის ტერფები
ჩემს გულის ფსკერზე დააბიჯებენ.

დაველოდები ეგ ტუჩები დაბინდებისას
როგორი გზნებით შეკმაზავენ ალერსის საკვებს,
რომ ბინადარმა ამ ფიქრებისა
ჰპოვოს სიმშვიდე სამუდამო უცებ და აქვე.

არ დააჩქარო ეს აქტი და არ გადალახო
ყოფნა-არყოფნის ვნებათა თხემი,
რადგან ქვეყანას მოვევლინე რომ შენ მენახე
და რადგან შენი ნაბიჯები გულია ჩემი.


ჟაკ პრევერი

მოძრავი ქვიშანი


სასწაულები მოქრიან ჩვენსკენ
და ზღვა მარადი ჩვენი სტუმარი
წევს ქვიშაზე და გვიმზერს მდუმარედ
და შენ კი შენ კი
ირხევი წყნარად ვით წყალმცენარე
და შენთვის ჩუმად ფიქრობ მწუხარედ
სასწაულებზე და დემონებზე
ზღვაზე რომელიც მიიქცა და დაგვშორდა ახლა
მაგრამ დატოვა შენს თვალებში ეს ორი ტალღა
სასწაულები და დემონები
ეს ორი ტალღა რომლებშიაც ჩავიძირები
და მერე ალბათ
მერე ალბათ
დაგემონები

სასოწარკვეთამ სკვერში სკამზე მოიკალათა

სკვერში ხის სკამზე ზის ერთი კაცი
ზის მარტო და ჩუმად გეძახით
როცა შემთხვევით გვერდით ჩაუვლით
იმ კაცს აცვია ნაცრისფერი ძველი კოსტიუმი
და აბოლებს მოკლე სიგარას
ზის სკამზე მარტო და გეძახით როცა ჩაუვლით
ანდა უბრალოდ ნიშანს გაძლევთ
თქვენ არ შეხედოთ
არც დაუგდოთ შემთხვევით ყური
და გაიარეთ
ისე თითქოს არც დაგინახავთ
და არც მისი ხმა გაგიგონიათ
ჩაუარეთ და აუჩქარეთ თანდათან ნაბიჯს
რადგან იცოდეთ
თუ კი შეხედავთ
თუ ყურს მიუგდებთ
როცა ის კაცი ნიშანს მოგცემთ მაშინ ვერავინ
ვეღარ დაგიშლით რომ მიხვიდეთ და გვერდით დაჯდეთ
ის კი გიყურებთ და იღიმება
და თქვენ საშინლად გტკივათ გული
და კაცი ისევ იღიმება
თქვენც იღიმებით იმავ ღიმილით
ზუსტად ისევე
და რაც მეტად იღიმებით გული გტკივდებათ უფრო მეტად
უფრო საშინლად
და რაც მეტად გტკივდებათ გული მეტად იღიმით
დაუსრულებლად და უსაშველოდ
და რჩებით ასე
სკამს მიჯაჭვული
გაღიმებული
და თამაშობენ ბავშვები იქვე
გამვლელები მიდი მოდიან
მშვიდი ნაბიჯით
ჩიტები ლაღად გადაიფრენენ
ერთი ხიდან მეორე ხეზე
თქვენ ისევ იქ ხართ იმავ სკამზე
და იცით იცით
რომ ვეღარასდროს ითამაშებთ როგორც ბავშვები
ვეღარასოდეს ვერ ჩაივლით მშვიდი ნაბიჯით
ვით ეს გამვლელნი
და ვეღარასდროს გადაიფრენთ
ერთი ხიდან მეორე ხეზე
როგორც ჩიტები

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


ახალი წიგნები – 2009 - ივლისი

კოტე ჯანდიერი, კონკიას ღამე, თბილისი. დიოგენე, 2009

ამ კრებულს ბევრი ელოდა. კარგა ხანია კოტე ჯანდიერს წიგნი
აღარ გამოუცია. მიუხედავად იმისა, რომ "კონკიას ღამე" ძირითადად
მკითხველისთვის ნაცნობ მოთხრობებს აერთიანებს, ერთად თავმოყრილი
კიდევ ერთხელ გადაკითხვის სიამოვნებას ჰპირდება ლიტერატურის
მოყვარულთ.
კოტე ჯანდიერი იმ მწერლებს შორისაა, რომლებიც ერთი მოთხრობით გამახსოვრებენ თავს. "საოჯახო ქრონიკა" დღემდე რჩება მისი შემოქმედების თაყვანისმცმელთა ყველაზე საყვარელ ტექსტად. დღესაც მახსოვს მისი წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილება. მერე იყო "დაპატიჟება კინოში," "კონკიას ღამე," "განსხვავებული კალიბრის ვაზნა..."
კოტე ჯანდიერი არ მიეკუთვნება უხვკალმიან შემოქმედთა რიცხვს, თვეში თითო რომანს და ათ მოთხრობას რომ წერენ. მისი ტიპის მწერლები კალამს მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც მნიშვნელოვანი სათქმელი უგროვდებათ. სწორედ ასეთი სათქმელი აღმოჩნდა "გლობალიზაცია." მოთხრობა, რომელიც ავტორმა რადენიმე წლის წინ პირველად ჟურნალ “არილში” დაბეჭდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი მწერალია.
"სამყარო იმისთვის არსებობს, რომ წიგნში იქნეს შეტანილი" - წერდა სტეფან მალარმე. კოტე ჯანდიერმა ამ წიგნში მისეული ხედვით შექმნილი სამყარო შემოგვთავაზა. სამყარო, რომლის ღერძიც ადამიანზე გადის. სამყარო, რომელიც ელოდება მკითხველს.

15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, თბილისი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009

ექვსი წელია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" ქართველ მკითხველს ერთ კრებულად აკინძულ წლის 15 საუკეთესო მოთხრობას სთავაზობს. ამჯერად 2008 წლის პერიოდულ პრესასა და კრებულებში გამოქვეყნებული მოთხრობები შეიკრიბა. ავტორებისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია კარგი ნაწარმოების შესაქმნელად, გამომცემლობისა და მკითხველისთვის - ლიტერატურული პროცესის თვალის სადევნებლად.
კრებულის შემდგენელი ლელა ცისკარიშვილია, რომელიც წლის განმავლობაში ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა სიახლეს და არსებული "სოუსიდან" არჩევს 15 ყველაზე კარგ ნამუშევარს. შერჩევის პრინციპი ახალი ავტორების აღმოჩენას და სახასიათო ნაწარმოებების მოძიებასაც ითვალისწინებს. ამ მხრივ შარშანდელი წელი საინტერესო აღმოჩნდა. უკვე ცნობილი და "საფირმო" ავტორების გარდა, როგორებიც არიან ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე და ბესო ხვედელიძე, წიგნში ბევრი ახალი სახელიც მოხვდა. ნინო თარხნიშვილს, მიშა ბახსოლიანს, დათო ქარდავას, ვასილ სახვაძეს, ხათუნა თავდგირიძეს, გურამ ნავროზაშვილსა და გურამ მეგრელიშვილს ლიტერატურის მოყვარულნი ლიტსაიტებიდან იცნობენ, ეს კრებული კი მშვენიერი საშუალებაა, ფართო აუდიტორიის წინაშეც წარდგნენ. რაც შეეხება დანარჩენ ავტორებს, მათ ქართველი მკითხველი შედარებით უკეთ იცნობს: ზურაბ ლეჟავას, თეა თოფურიას, არჩილ ქიქოძის, ნიკუშა ანთაძის პროზაული ქმნილებები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში და წიგნებადაც გამოდიოდა. 2008 წლის კრებულში ნუგზარ შატაიძის ერთ-ერთი ბოლო მოთხრობაც შევიდა.

თიკა ჭიჭინაძე, ეიფორია, თბილისი. არეტე, 2009

ასეთებს დღეს თბილისში ბლომად შეხვდებით: ძირითადად, ინგლისური და კომპიუტერი იციან, სხედან გაწკრიალებულ ოფისებში, სვამენ ცხელ ყავას და მიბნედილი თვალებით შეჰყურებენ მონიტორს.
ლენა ერთ-ერთი მათგანია. 27 წლის სიმპათიური თბილისელი გოგონა, რომელსაც აქვს კარგი სამსახური, ჰყავს მშვენიერი მეგობრები, თაყვანისმცემლებიც, თუმცა, მის ცხოვრებაში არ არის სიყვარული. ყველაფერი მოულოდნელად იწყება ერთ ბანკომატთან, სადაც ლენა ოცნების მამაკაცს შეხვდება. პარალელურად ვითარდება რომანი ინტერნეტით გაცნობილ ახალგაზრდა ბიზნესმენთანაც.
ეს წიგნი მისწრებაა მათთვის, ვისაც ფსევდოინტელექტუალურმა ლიტერატურამ თავი მოაბეზრა და განტვირთვა მოენატრა. არ ვიცი, რამდენად მართებულია, თუ რომანს ქალურ საკითხავს ვუწოდებ, თუმცა, ვერც იმას იტყვი, რომ "ეიფორია" მამაკაცებისთვის უინტერესო იქნება. თიკა ჭიჭინაძის პირველმა ნამუშევარმა მკითხველის ყურადღება უკვე მიიქცია და ამას ისიც ადასტურებს, რომ გამოცემიდან ძალიან მალე იგი ბესტსელერთა სიაში აღმოჩნდა.

მაკა ლდოკონენი, ქიშმიშიანი ამბები, თბილისი, დიოგენე, 2009

იცით ვინ არის კინკაჟუ? ანდა, რას ნიშნავს უცნაური სიტყვები - მოისკილიკიმაჟურა და ჩაისკილიკიმაჟურა? გსმენიათ რამე ზღაპართასხმულაზე? მაშინ მაკა ლდოკონენის მოთხრობების კრებული უნდა წაიკითხოთ, რომელიც სავსეა ქიშმიშიანი ამბებით და მერე როგორი ქიშმიშიანით! ყელს რომ ჩაგიკოკლოზინებთ და ბავშვობის სურნელით აგავსებთ, თოვლის პაპას არსებობაში დაგარწმუნებთ და ნაძვის ხის ქვეშ დატოვებულ საჩუქრებს მოგაძებნინებთ.
მე არ ვიცი, როგორია მაკა ლდოკონენი, თუმცა, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ლემურის თვალებიან გოგონად წარმომიდგენია, ცალ ფეხსაცმელზე ქუსლმოტეხილს და იმავ ცალი ფეხით აგურის კედელზე მიყრდნობილს, თავზე თეშდიდები და სუქუნები რომ აწვიმს. კიდევ, მგონია, რომ მაკა კი არა, თავისი მოთხრობის გმირის მსგავსად, მომგონია ჰქვია და ხან ჭროღა ქალქვებს იგონებს, ხან ოცნებების ზანდუკს და ხანაც ნატვრის სუფრას. ქიშმიშიან ამბებსაც იმიტომ თხზავს, რომ ადამიანები დაფიქრდნენ და არასოდეს მიატოვონ ქალაქი გრძნობებმა, წელიწადის დროებმა თუ თბილ ქვეყანაში გაფრენილმა ჩიტებმა.

გიორგი ლორთქიფანიძე, იდეაfix, თბილისი, საუნჯე, 2009

"გიორგი ლორთქიფანიძეს ერთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს, რაც ჩვენს ლიტერატურაში იშვიათი ხილია - მას საინტერესო ამბის მოფიქრება შეუძლია. ამ ნიჭს ის, რა თქმა უნდა, ჟანრულ ლიტერატურამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ მან ამ იოლ გზაზე უარი თქვა, რაც უკვე ეთიკური არჩევანია. ამიტომაც ეს წიგნი ჟანრებს შორისაა "გამოკიდებული", ეს კი იმის მაუწყებელია, რომ გიორგი ლორთქიფანიძე ნამდვილად თანამედროვე მწერალია", - წერს ავტორის შესახებ ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი. თანამედროვე მწერალი თანამედროვე თემებს ეხება - პოლიტიკურ თამაშებს, ზნეობრივ არჩევანსა და პიროვნების როლს ამ ყველაფერში. ყველაზე საინტერესო მაინც "გოჭი სილოვანი შავი ხვრელის წინააღმდეგ"-აა, მოთხრობა-ზღაპარი, სადაც მკითხველი სტილიზებულ სინამდვილეს ამოიცნობს, სხვა პლანეტაზე გადატანილ ჩვენს რეალობას.

15-15, თბილისი, სიესტა, 2009

მკითხველის წინაშეა კიდევ ერთი კრებული, რომლის არსებობას ლიტერატურულ კონკურს ლიბ.გე-ს უნდა ვუმადლოდეთ. წიგნში თავმოყრილია პირველ ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეული პროზისა და პოეზიის 15-15 საუკეთესო ნიმუში, რომელთაგან სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პრიზები შემდეგნაირად განაწილდა: პოეზიაში პირველი სამეული შალვა ბაკურაძემ, ეკა ქევანიშვილმა და ალექსა ჩიღვინაძემ დაიმსახურეს, პროზაში – ნინო თარხნიშვილმა, გურამ ნავროზაშვილმა და ალეკო ცქიტიშვილმა. მონაწილეები ძირითადად ინტერნეტსივრცეში "მოღვაწე" ახალგაზრდა ავტორები არიან.
ბოლო დროს ვირტუალური სამყარო აქტიურად ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ბეჭდურ ლიტერატურულ მედიას. ვირტუალურ ლიტკონკურსთა რიცხვმაც იმატა. რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია, თუმცა, მათი ხარისხი აშკარად ითხოვს გაუმჯობესებას. მეორეს მხრივ, მსგავსი წამოწყება აუცილებლად საჭიროებს მხარდაჭერას, იმდენად, რამდენადაც საუკეთესო საშუალებაა ახალი ავტორების ასპარეზზე გამოსასვლელად. ეს კრებული მშვენიერი საშუალებაა გაიცნო და შეაფასო ამ სფეროში არსებული ვითარება.

გიორგი მირზაშვილი, წარმტაცი ქალაქი, თბილისი, სიესტა, 2009

გიორგი მირზაშვილი მხატვარია და ეს მის ლექსებშიც იგრძნობა. ვერ იტყვით, სად გადის ზღვარი მის ლექსწერასა და ფერწერას შორის, ან გადის კი საერთოდ? მხატვარი ხომ იგივე პოეტია, რომელიც ფერებით ამბობს სათქმელს, ფერი რომ შემოაკლდება - ბგერებით. ამ შემთხვევაში, გიორგი მირზაშვილის ბგერწერა "წარმტაც" ქალაქს გვიხატავს, ქალაქს, რომელიც ისეთივე უსახურია, როგორც ზამთრის სიცივე, ისეთივე სევდიანი, როგორც მიტოვებული სახლის თუნუქის სახურავი და ისეთივე უხალისო, როგორც უჩუბჩიკო ჩიჩილაკი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ეს მისი ქალაქია. ქალაქი, რომელიც "უნდა იცოდე, უნდა იცნობდე, უნდა გიყვარდეს, ბოლოს და ბოლოს, უნდა ცხოვრობდე ამ ქალაქში."

იმრე კერტესი, კადიში არდაბადებულ ბავშვზე, თარგმნა ციალა კალმახელიძემ. თბილისი. ინტელექტი, 2009

უნგრელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იმრე კერტესის ნაწარმოებები პირველად გამოდის ქართულ ენაზე. წიგნში შესულია ავტორის ორი საკმაოდ ცნობილი თხზულება: "კადიში არდაბადებულ ბავშვზე" და "თვითმკვლელობა". ასევე ლექცია, რომელიც 2002 წელს ავტორმა ნობელის პრემიის მიღებისას სტოკჰოლმში წაიკითხა.
ჰოლოკოსტი მისი შემოქმედების ცენტრალური თემაა და არცთუ უსაფუძვლოდ. ეს ტკივილი მძიმე პიროვნული გამოცდილებიდან მიიღო, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი, საკონცენტრაციო ბანაკის ენითაღუწერელ კოშმარში აღმოჩნდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი მიზანი არ ყოფილა ეჩვენებინა პიროვნული ტრაგედია. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ მიზეზების ძიება, რამაც ცივილიზებული ევროპა სიკვდილის ბანაკებამდე მიიყვანა. პირველი მოთხრობა ამ თემაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში დაწერა, თუმცა, 1975 წლამდე ვერ გამოაქვეყნა, რადგან ჰოლოკოსტის თემა იმდროინდელ უნგრეთში ტაბუდადებული იყო. მოთხრობას - "კადიში არდაბადებულ ბავშვზე" მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არის მოთხრობა-ტკივილი არდაბადებულ ბავშვზე, რომელსაც არსებობის უფლებას ანტისემიტიზმის უსამართლობით გაწამებული მომავალი მამა ართმევს. "არა!" - ასეთია მთავარი გმირის მოკლე განაჩენი, რომელიც შემაძრწუნებელია თავისი სისასტიკით.
"კადიშის" ერთგვარი გაგრძელებაა რომანი "თვითმკვლელობა." მთავარი გმირისა და მისი მეგობრების, ისევე, როგორც მთელი საზოგადოების ბედი, წინასწარაა განსაზღვრული იმ არაადამიანური დიქტატურით, რომელში ცხოვრებაც კერტესის ნაწარმოებთა გმირებს უხდებათ.

გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია. გერმანულიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელმა. თბილისი. სიესტა, 2008

გერმანული პოეზია მსოფლიო პოეტური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. წინამდებარე კრებული მოკრძალებული მცდელობაა, ქართველ მკითხველს შეძლებისდაგვარად გააცნოს გერმანული კაზმული სიტყვიერება, მისი განვითარების ეტაპების შესაბამისად. მართალია, ეს ყველაფერი არ არის ამომწურავი და სისტემური, თუმცა, დაინტერესებულ მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის.
"გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია" სხვადასხვა ეპოქის პოეზიას აერთიანებს. მკითხველი იხილავს როგორც მისთვის კარგად ნაცნობ ავტორებს, - იოჰან ვოლფგანგ გოეთე, რაინერ მარია რილკე, ჰერმან ჰესე, გეორგ თრაქლი, ნოვალისი, ფრიდრიჰ ჰოლდერლინი, იოზეფ ფონ აიხენდორფი, ედუარდ მორიკე, ნიკოლაუს ლენაუ, გეორგ ჰაიმი და ევა შტრიტმატერი. ასევე გაეცნობით ადრეული და შუასაუკუნეების გერმანული ხალხური პოეზიის ნიმუშებსაც.

იუსტაინ გორდერი, ფორთოხლის გოგონა, ინგლისურიდან თარგმნა დათო აკრიანმა, თბილისი, სიესტა, 2006

ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის ეს მშვენიერი რომანი 2004 წელს დაიწერა. გახმაურებული "სოფიას სამყაროს" ავტორმა დაწერა წიგნი სიკვდილსა და სიცოცხლეზე, არჩევანის თავისუფლებაზე, ცხოვრების დიდ ლატარიაზე, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებული ბილეთები ჩანს.
15 წლის გეორგი დედასთან, მამინაცვალსა და პატარა დასთან ერთად ოსლოში ცხოვრობს. მამა ბუნდოვნად ახსოვს: 4 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. 11 წლის შემდეგ ეს ადამიანი ისევ შემოიჭრა ბიჭის ცხოვრებაში - ვრცელი წერილით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გეორგის ძველ საბავშვო ეტლში ინახებოდა. სიკვდილის წინ მამამ შვილს იდუმალებით მოცული ფორთოხლის გოგონას რომანტიკული ისტორია უამბო, რომელმაც პატარა გეორგი ბევრ რამეზე დააფიქრა.
რომანის ბოლოში გეორგმა უნდა უპასუხოს მამის მიერ დასმულ უკანასკნელ შეკითხვას, რომელიც მისთვის გარდაცვალების შემდეგაც ძალზე მნიშნელოვანია: რას აირჩევდა, რაღაც აღმატებული ძალით მონიჭებული არჩევანის უფლება რომ ჰქონოდა: საერთოდ არმოსვლას თუ მაინც დაბადებას და გარკვეული ხანგრძლივობის სიცოცხლეს? როგორია 15 წლის ბიჭის არჩევანი, წიგნიდან შეიტყობთ.

სოსო ტაბუცაძე, უბრალო დამატება, რედაქტორი მალხაზ ხარბედია, თბილისი, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2009

"თუ მაინც თავი მოვუყარე ამ ტექსტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ორ ყდას შუა მოქცეული, წყობისად განლაგებულნი უფრო მეტს იტყვიან რამდენიმე წლის წინანდელ ლიტერატურულ ცხოვრებაზე და კონტექსტის ძალმოსილების წყალობით, ავტორსა და თავიანთ თავზეც," - წერს წიგნის შესავალში ლიტერატორი და კრიტიკოსი სოსო ტაბუცაძე, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში (ძირითადად 2000 წლის შემდეგ) დაწერილ და ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულ წერილებს მოუყარა თავი.
ავტორი ამ წერილებს ჩვენი კულტურული ცხოვრების უბრალო
დამატებად განიხილავს. რატომ უბრალო და არა პირდაპირი ან ირიბი?: გრამატიკულად "უბრალო დამატება" წინადადების არამთავარი წევრი კია, მაგრამ აბა უმისოდ დაასკვენით რამეო, - განმარტავს ბატონი სოსო.
ლიტერატურული კრიტიკა, პუბლიცისტური წერილები, ინტერვიუ, ფილოსოფიური რემინისცენციები, ესეები ქართველი და მსოფლიო მწერლობის თანამედროვე და კლასიკოსი ავტორების შესახებ - ასეთია სოსო ტაბუცაძის ლიტერატურული ნააზრევის არეალი, რომელიც ლიტერატურულ პროცესებში ჩართულ მკითხველს უთუოდ დააინტერესებს.

ივ ტისიე, ევროპის ლექსიკონი თბილისი, სამეცნიერო რედაქტორი: ოთარ ჯანელიძე, რედაქტორი: მანანა მექვაბიშვილი, ჯისიაი, 2008.

პოლიტოლოგების, დიპლომატებისა და პოლიტიკური მეცნიერებებით
დაინტერესებული მკითხველისთვის ეს წიგნი ნამდვილი საჩუქარია. მასში მოთხრობილია ევროპის ისტორია ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, თანამედროვეობის ჩათვლით. გამქრალი და თანამედროვე სახელმწიფოები 1789 წლიდან დღემდე - ასეთია ამ მასშტაბური გამოცემის გეოპოლიტიკური არეალი.
ცნობილი ფრანგი ლექსიკოგრაფის, ისტორიკოსისა და ტერიტორიული საკითხების სპეციალისტის, ივ ტისიეს ფუნდამენტური ნაშრომი, რომელსაც 2003 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წარდგინებით Verdaguer-ის პრემია მიენიჭა, 2008 წელს უკვე მესამედ გამოიცა განახლებული სახით. სწორედ ეს უკანასკნელი დაედო საფუძვლად ქართულ თარგმანს.
ლექსიკონი ხუთი ნაწილისგან შედგება და მოიცავს: ევროპის ტერიტორიული დანაწილების ისტორიულ ქრონოლოგიას, 46 სუვერენული სახელმწიფოს ანბანურ ლექსიკონს; დღეისათვის სამასამდე გამქრალი სახელმწიფოს ანბანური ლექსიკონს; დანართს (სხვადასხვა სახის უცნაურობები, ადგილობრივი თავისებურებანი, ძირითადი დიპლომატიური აქტების ქრონოლოგია და ა.შ.) და 50 ფერად რუკას.

ნანა კობაიძე
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Monday, June 21, 2010

გაბრიელ გარსია მარკესი – ჩვენი ცხოვრების მდინარე


ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი (ბოგოტასკენ და ბოგოტადან) - საშუალო სკოლაში სწავლის ექვსი წლისა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წლის განმავლობაში.
ყოველი მგზავრობისას გაცილებით უკეთ ვეცნობოდი ცხოვრებას, ვიდრე - სკოლაში. მდინარის წყალუხვობის პერიოდებში ხუთი დღე სჭირდებოდა გემით მგზავრობას ბრანკილიადან პუერტო-სალგარამდე და, შემდგომ, მატარებლით ბოგოტამდე მიღწევას. წვიმების დროს - რაც არცთუ ისე იშვიათი მოვლენა გახლდათ - მგზავრობა სამ კვირამდე გრძელდებოდა.
პუერტო-სალგარიდან ბოგოტისკენ მიმავალი მატარებელი მთაგორიან ადგილებში მიიკლაკნებოდა და კლდოვან ქედებზე დაბობღავდა. ციცაბო აღმართებზე ის უკან მიგორავდა, შემდეგ სიჩქარეს ავითარებდა და კვლავ წინ მიიწევდა. დრაკონივით მძლავრად ქშინავდა და ოხშივარს უშვებდა.
მატარებლის სვლის გასაიოლებლად მგზავრები ზოგჯერ ფეხით ადიოდნენ უახლოეს ქედზე. ლიანდაგის გასწვრივ ჩამწკრივებული გათოშილი, პირქუში სოფლელები ყიდდნენ შემწვარ ყვითელ წიწილებს და კარტოფილის პიურეს, საავადმყოფოს სუნით რომ ყარდა.
მატარებელი ბოგოტას აღწევდა საღამოს ექვსი საათისთვის, რომელიც ახლაც დღის ყველაზე უსიამოვნო მომენტად მიმაჩნია. ამ უხალისო, ცივ ქალაქში ტრამვაები ღრჭიალებდნენ და ყოველ მოსახვევთან ნაპერწკლებს ისროდნენ. ჭვარტლნარევი წვიმა არ წყდებოდა.
ქუჩებში შავქუდიანი კაცები ირეოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და სადღაც მიიჩქაროდნენ. არც ერთი ქალი არ ჩანდა. მთელი წელი ბოგოტაში უნდა გაგვეტარებინა სწავლის საბაბით, სინამდვილეში კი სულმოუთქმელად ველოდით დეკემბერს, როდესაც მაგდალენაზე ხელახლა უნდა გვემგზავრა.
იმ დროს გემებს სამი გემბანი და ორი გრძელი საკვამლე მილი ჰქონდათ. ღამით ისინი გაჩირაღდნებულ პატარა ქალაქებს ემსგავსებოდნენ და სანაპიროს ჩაბნელებული სოფლების გასწვრივ მიცურავდნენ. მუსიკისა და ჯადოსნური ზმანებების შლეიფი არემარეს ეფინებოდა.
გემებს ჰქონდათ ადვილად დასამახსოვრებელი სახელწოდებები: "ატლანტიკო", "მედელინი", "კაპიტანი დე კარო", "დავიდ არანხო". კონრადის მოთხრობების პერსონაჟთა მსგავსად, კაპიტნები სიმკაცრით და, იმავდროულად, გულისხმიერებით გამოირჩეოდნენ. ისინი ხარბად, გარეული მხეცებივით ნთქავდნენ საჭმელს, მაგრამ თავიანთ პატარა კაიუტებში ღამღამობით მარტონი როდი იყვნენ. ეკიპაჟი კაპიტნებს "მეზღვაურებს" უწოდებდა, თუმცა ბრანკილიას ბარებსა და ბორდელებში, ნამდვილ მეზღვაურთა გარემოცვაში, მათ "მენავეების" სახელით იცნობდნენ.
მგზავრობისას დრო ნელა და საინტერესოდ გადიოდა. დღისით გემბანზე ვისხედით და ნაპირებს ვაკვირდებოდით. ჩრდილში გაწოლილ ალიგატორებს, ხის ტოტებს რომ ჰგავდნენ, ხახები ფართოდ დაეფჩინათ, თითქოს ელოდნენ, რომ მსხვერპლი თავისთავად ჩაუვარდებოდათ პირში. ვამჩნევდით ჩვენი ხმაურით დამფრთხალ უამრავ ყანჩას; წყალსავსე ჭაობებში მსხდარ გარეულ იხვებს; თევზთა გუნდებს. მეჩეჩებზე ლამანტინები შვილებს ძუძუს აწოვებდნენ და მათი გაბმული ყვირილი სიმღერასავით ჟღერდა.
ზოგჯერ დღის ძილს გვიკრთობდა ამაზრზენი სიმყრალე და ვხედავდით, როგორ მოჰქონდა დინებას ძროხის ვეება, გაბერილი ლეში, რომელზეც გრიფი დამჯდარიყო. მთელი მგზავრობის განმავლობაში რიჟრაჟზე გვაღვიძებდა მაიმუნების ყაყანი და გრძელკუდა თუთიყუშების გნიასი.
თვითმფრინავით მგზავრობისას ძნელად თუ შეიძენ ნაცნობებს. მაგდალენაზე ცურვის დასრულებისას კი ერთ მრავალრიცხოვან ოჯახს წარმოვადგენდით. მომავალი შეხვედრებით ვხარობდით: ელიას ოჯახი კალამარში ამოვიდოდა გემზე, პენას და დელ ტოროს ჯალაბი - ლა-პლატაში; ესტორინოს და ვინას ცოლ-შვილი - მაგანგვაში, ვილაფანისა - ელ-ბანკოში.
ნავსადგურებში შეჩერებისას გემის არაერთი მგზავრის ბედი იცვლებოდა: ვინსენტ ესკუდერო, სტუდენტი-მედიკოსი, გამარაში დაუპატიჟებლად შეუერთდა მექორწილეებს, ნებართვის თხოვნის გარეშე იცეკვა ყველაზე ლამაზ ქალთან და ამ უკანასკნელის ქმრის ტყვიას შეეწირა. სამაგიეროდ, ბარანკაბერმეიაში მთვრალმა პედრო პაბლო გილიენმა ცოლად შეირთო პირველივე ქალიშვილი, რომელიც მოეწონა. ისინი ახლაც ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ ცხრა შვილთან ერთად. შესანიშნავმა მუსიკოსმა ხოსე პალენსიამ ტენერიფეში მონაწილეობა მიიღო მედოლეთა კონკურსში და ჯილდოდ მიღებული ძროხა იქვე გაყიდა ორმოცდაათ პესოდ, რაც იმ დროს მნიშვნელოვან თანხას შეადგენდა.
ზოგჯერ გემი ორიოდ კვირით ქვიშიან მეჩეჩზე ჯდებოდა, მაგრამ უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამდა: გართობა ხომ კვლავ გრძელდებოდა. კაპიტანი მაძლევდა წერილობით, ბეჭედდასმულ ახსნა-განმარტებას სკოლაში წარსადგენად.
ჩემი უკანასკნელი მგზავრობის დროს, 1948 წლის ერთ ღამეს გაგვაღვიძა შემზარავმა ყვირილმა, რომელიც ნაპირიდან გაისმოდა. თურმე დედალი ლამანტინი მეჩეჩთან ჩამოვარდნილი ხის ტოტებში გახლართულიყო. ჩვენმა კაპიტანმა კლიმაკო კონდე აბელომ (ერთ-ერთმა საუკეთესო კაპიტანმა) ეკიპაჟს უბრძანა, პროჟექტორებით გაენათებინათ მეჩეჩი. ეკიპაჟის წევრები წყალში ჩახტნენ და ლამანტინი გაათავისუფლეს. ეს იყო ოთხი მეტრი სიგრძის - ფანტასტური შესახედაობის არსება, რომელიც უცნაურად მოძრაობდა. გლუვი, ბაცი ფერის კანი ჰქონდა და დაბურული მკერდი ქალისას მიუგავდა. დიდრონი თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
სწორედ ამ კაპიტანმა განაცხადა ერთხელ, რომ მდინარის აუზში მცხოვრები ცხოველების დახოცვა ქვეყანას საშინელ საფრთხეს უქადდა. ის მგზავრებს ნადირობას უკრძალავდა და ყვიროდა, თუ ვინმეს მკვლელობის ჩადენა სურს, ეს თავის სახლში მოიმოქმედოს და არა ჩემს გემზეო.
სამწუხაროდ, მისი ნათქვამი არავინ შეისმინა.
ცამეტი წლის შემდეგ, 1961 წლის 19 ივლისს, მეხიკოში მეგობარმა დამირეკა და მაუწყა, რომ მაგანგუს ნავსადგურში გემ "დავიდ არანხოს" ცეცხლი წაეკიდა და ერთიანად ნაცრად იქცა. როდესაც ყურმილი დავკიდე, დამეუფლა საშინელი გრძნობა, თითქოს ჩემი ახალგაზრდობა საბოლოოდ დამთავრდა და ჩვენს მდინარესთან დაკავშირებული მოგონებები გემთან ერთად ჩაიფერფლა.
ეს მართლაც ასე მოხდა.
ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს. მთავრობის მიერ გარემოს დაცვის შესახებ დაწყებული მსჯელობა (რასაც ბიძგი მისცეს ამ საკითხით დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა) სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გაფანტვის უღირსი ხერხი. მაგდალენას აღდგენას დასჭირდებოდა, სულ ცოტა, ოთხი თაობის ენერგიული ძალისხმევა, ე.ი. მთელი საუკუნე.
ადამიანები ხალისით საუბრობენ ტყეებით მაგდალენას ნაპირების განაშენიანების შესახებ, რაც საჭიროებს 59.1100000 ხის დარგვას. უკეთ გააზრების მიზნით სიტყვიერად გამოვთქვათ: ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხე. ამასთან, მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა ხეების რაოდენობა, არამედ - ტერიტორია, სადაც ისინი უნდა დაირგოს. თითქმის მთელ ვარგისიან მიწებს კერძო მესაკუთრეები ფლობენ და ტყეებით სრული განაშენიანება ნიშნავს ამ მიწების 90 პროცენტის დაფარვას. ერთი ვიკითხოთ, რომელი ჭკუათმყოფელი მეპატრონე გვიბოძებს მისი მიწების 90 პროცენტს მხოლოდ ხეების დასარგავად და დათმობს თუ არა ის საკუთარი შემოსავლის 90 პროცენტს?
დაბინძურება მხოლოდ მდინარე მაგდალენას როდი ანადგურებს. მის შენაკადებს მოაქვს სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ცხოველური ნარჩენები ეროვნული ნარჩენების გიგანტურ რეზერვუარში - ბოკა დე კენიზას სრუტეში.
1980 წლის ნოემბერში ჯარიდან გამოპარული ორი დეზერტირი მდინარე ბოგოტაში ჩახდა. ისინი მდინარის წყლისგან დაინფიცირდნენ და კინაღამ დაიღუპნენ. მაგდალენას ნაპირებზე მცხოვრები ადამიანები მდინარის წყალს არ სვამენ და არც სხვა საჭიროებისთვის იყენებენ. ისინი მაგდალენას თევზსაც არ ხმარობენ საკვებად, რადგან ეს იგივეა - მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის - რაც სკორეს ჭამა.
გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, რეალურია. საამისოდ საჭირო ღონისძიებები დეტალურადაა აღწერილი ჰოლანდიელ და კოლუმბიელ მეცნიერთა ერთობლივ გამოკვლევაში, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დასრულდა. გამოკვლევის ოცდაათი ტომი ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის არქივში იმტვერება. ამ მონუმენტური ნაშრომის დირექტორის მოადგილე გახლდათ ანტიოქიელი ახალგაზრდა ინჟინერი ხაირო მურილიო, რომელმაც თავისი სიცოცხლის ნახევარი შესწირა გამოკვლევას და სულიერი სიმშვიდე დაკარგა: ის თავისი ოცნებების მდინარეში ჩაიხრჩო.
თავისთავად ცხადია, რომ ახლო წარსულში პრეზიდენტობის არც ერთმა კანდიდატმა არ დაუთმო დრო ამ ამოცანის გადაწყვეტას.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

People&The Planet, 1996


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“