Tuesday, February 1, 2011

ინტერვიუ მიშელ უელბეკთან


ესაუბრა სიუზანა ჰანეველი
ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
„სტუჯიზი“ მოგწონთ?“ - მკითხა მიშელ უელბეკმა ინტერვიუს მეორე დღეს. ელექტრო-სიგარეტი გვერდით გადადო (როდესაც ეწეოდა, ის წითლად ინთებოდა, კვამლის ნაცვლად კი ორთქლს უშვებდა) და ნელა წამოდგა იატაკზე გაფენილი ლეიბიდან. „ჩემი რომანით, „კუნძულის შესაძლებლობით“ შთაგონებულმა იგი პოპმა სიმღერები დაწერა. ასე მითხრა, ერთადერთი წიგნია, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში მომეწონაო“, - მითხრა და სიმღერების მოსმენა შემომთავაზა. საფრანგეთის ცოცხალ მწერლებს შორის ყველაზე ცნობილმა „მაკბუკი“ გახსნა და ოთახს მიერთებულ სამზარეულოში პანკ როკის ლეგენდის ყურისწამღები ხმა გაისმა: „რა კარგია, როცა მკვდარი ხარ“.
მიშელ უელბეკი 1958 წელს მადაგასკართან ახლოს, საფრანგეთის ტერიტორიად აღიარებულ კუნძულ რეუნიონზე დაიბადა. როგორც მისი ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს, ბოჰემური ცხოვრების მოყვარულმა მშობლებმა - ანესთეზიოლოგმა და მთამსვლელმა გიდმა - „მალე შვილის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს“. მას ბავშვობის სურათები არ აქვს. მცირე ხნით დედის მშობლებთან ცხოვრობდა ალჟირში, ექვსი წლიდან კი ბებიასთან, მამამისის დედასთან იზრდებოდა ჩრდილოეთ საფრანგეთში. უმუშევრობისა და დეპრესიის შემდეგ, რის გამოც ფსიქიატრიულ კლინიკაში რამდენჯერმე მოხვდა, უელბეკმა სამსახური იშოვა: ის საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში მუშაობდა (ამბობს, პარლამენტის წევრები „ძალიან საყვარლები“ იყვნენო).
ლექსებს სტუდენტობის წლებშივე წერდა, 1991 წელს კი ამერიკელი მწერლის, ლავკრაფტის შესახებ გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. 36 წლისამ პირველი რომანი „ბრძოლის ველის განვრცობა“ (1994) დაწერა ორი პროგრამისტის საშინლად მოსაწყენ ცხოვრებაზე. ამ რომანის წყალობით მან მრავალი თაყვანისმცემელი შეიძინა. ფანების ჯგუფმა ჟურნალი „პერპენდიკულერი“ დააარსა იმ მიმდინარეობის საფუძველზე, რომელსაც ისინი „დეპრესიონიზმს“ უწოდებდნენ (უელბეკი, ვინც საპატიო ადგილი დაიკავა ჟურნალის ყდაზე, აცხადებს, რომ მათი თეორია ბოლომდე არ ესმოდა და სინამდვილეში დიდად არც აინტერესებდა). მომდევნო რომანი, „ელემენტარული ნაწილაკები“ (1998), რომელიც სოციალური კომენტარებისა და დეტალურად აღწერილი სექსის სცენების ნაზავია, საფრანგეთში 300 000 ცალი გაიყიდა. მისი ავტორი საერთაშორისო დონის ვარსკვლავი გახდა. ასე დაიწყო ცხარე კამათი იმის შესახებ, უელბეკი ბალზაკის ტრადიციის გამგრძელებელ, ბრწყინვალე რეალისტად უნდა შეირაცხოს, თუ უპასუხისმგებლო ნიჰილისტად („ნიუ იორკ ტაიმსის“ ერთმა გულმოსულმა კრიტიკოსმა რომანს „სრულიად ამაზრზენი საკითხავი“ უწოდა, მეორემ კი ის დაახასიათა, როგორც „ავხორცულისა და ფსიქოზურის უინტერესო ნაზავი“). „პერპენდიკულერის“ სარედაქციო კოლეგია გააღიზიანა მისმა პოზიციამ, რომელიც კოლეგიის წევრებმა სექსუალური განთავისუფლების მოძრაობის რეაქციონისტურ შეფასებად აღიქვეს და ის ჟურნალიდან დაითხოვეს.
რამდენიმე წლის შემდეგ დედამისმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ რომანის ზოგიერთ ავტობიოგრაფიულ პასაჟში უსამართლოდ იყო აღწერილი, 400-გვერდიანი მემუარი გამოაქვეყნა. ფრანგულმა პრესამ უელბეკს სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად გამოუცხადა საყოველთაო სიმპათია. კრიტიკოსები იძულებული გახდნენ, ეღიარებინათ, რომ „ელემენტარული ნაწილაკებში“ დაუნდობლად აღწერილი ჰიპი დედის პორტრეტი სრულყოფილად ვერ ასახავდა იმ თავკერძა არსებას, რომელიც მისივე ავტობიოგრაფიაში იკვეთებოდა. წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებული ტურნეს დროს ქალმა თავმომწონედ იკითხა: „ვის არ უთქვამს თავისი ბიჭისთვის, შე საწყალო და გამოსირებულოო?“.
2001 წელს უელბეკის „პლატფორმა“ გამოვიდა - წიგნი იმ სამოგზაურო სააგენტოს შესახებ, რომელიც ტაილანდში სექსუალური ტურიზმის აქტიურ წახალისებას გადაწყვეტს. რომანში ამას მუსლიმი ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი მოჰყვება. მთავარი გმირის ზოგიერთი თვალსაზრისის გამო („როცა კი ვიგებდი, რომ ღაზას სექტორში პალესტინელი ტერორისტი, ბავშვი თუ ორსული ქალი ტყვიამ იმსხვერპლა, სიხარულით მაჟრჟოლებდა - ქვეყნად ხომ ერთი მუსლიმით ნაკლები დადიოდა“) უელბეკი ქალთმოძულეობასა და რასიზმში დაადანაშაულეს. ეს ბრალდება მას ჯერ კიდევ არ გაუქარწყლებია - არადა, მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არ ეხალისება. „როგორ გყოფნით გამბედაობა ასეთი რამეების დასაწერად?“ - ვკითხე მას. “ეს ისეთი ადვილია. უბრალოდ, ვთვალთმაქცობ: ვითომ უკვე მკვდარი ვარ”, - მიპასუხა მან.
ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც „პლატფორმას“ რეკლამის ნაწილი გახლდათ, უელბეკმა დღეისთვის ავად გახმაურებული სიტყვები თქვა: “Et la religion la plus con, c’est quand même l’Islam” (არადამაკმაყოფილებელი, შერბილებული თარგმანი ასეთია: „ისლამი ყველაზე იდიოტური რელიგიაა“). სამოქალაქო უფლებების დამცველებმა მას სასამართლოში უჩივლეს „სიძულვილის ენის“ გამოყენების გამო, თუმცა ეს პროცესი მწერალმა მოიგო, გამოხატვის თავისუფლების საფუძველზე. „არ მეგონა, მუსლიმებს თუ ყველაფერი სწყინდათ“, - ამიხსნა მან, - „ვიცოდი, ებრაელები სულ იმას ცდილობენ, რომ ანტი-სემიტიზმის კვალი სადმე აღმოაჩინონ, მაგრამ მართალს ვამბობ, მუსლიმებზე მსგავსი არაფერი გამეგო“. 2005 წელს მისი მომდევნო რომანი „კუნძულის შესაძლებლობა“ გამოვიდა, რომელიც კლონების მომავალ რასას ეხება.
ვიცოდი, როგორი რეპუტაციაც ჰქონდა უელბეკს: თვრება და ინტერვიუს ჩასაწერად მისულ ქალებს შებმას უწყებსო. ასე რომ, ცოტა შეშინებულმა დავრეკე ზარი იმ უბრალო ბინის კარზე, რომელიც პარიზში მცირე ხნით ექირავა. ერთად ორი დღე გავატარეთ, რომელთა განმავლობაშიც ის უზომოდ ზრდილობიანი და საკმაოდ მორცხვი იყო. ძველი ფლანელის პერანგი და ჩუსტები ეცვა. ქრონიკული ეგზემა გამწვავებოდა, რაც საკმაოდ აწუხებდა. ინტერვიუს დროს, ძირითადად, იატაკზე გაფენილ ლეიბზე იჯდა და ეწეოდა (ცდილობს, დღეში ოთხი კოლოფი შეამციროს. ელექტრო-სიგარეტსაც ამიტომაც მიმართა). ფრანგულად ვსაუბრობდით, ძალიან იშვიათად კი ინგლისურზე გადავდიოდით - უელბეკს ეს ენა მშვენივრად ესმის. თითოეულ შეკითხვას სამარისებური სიჩუმე მოჰყვებოდა ხოლმე, ამ დროს ის კვამლს უშვებდა და თვალებს ხუჭავდა. რამდენჯერმე ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ ჩაეძინა-მეთქი. ბოლოს პასუხს მაინც მცემდა, ძალაგამოცლილი, მონოტონური ხმით, რომელშიც მეორე დღეს ოდნავ მეტი სიცოცხლე იგრძნობოდა. მისი შემდგომი ი-მეილები ექსცენტრული და მომაჯადოებელი იყო.
უელბეკი მრავალი მნიშვნელოვანი ფრანგული ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, თუმცა არა ასე ძალიან სასურველი გონკურის (2010 წლის დასაწყისში, როდესაც ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, უელბეკს ჯერ არ ჰქონდა ეს პრემია მიღებული, რომლითაც 2 თვის წინ დააჯილდოვეს ბოლო რომანისთვის „რუკა და ტერიტორია“). ფრანგულ ლიტერატურულ ისტებლიშმენტში ბევრი უსამართლობად თვლის, რომ მას ეს პრემია არ მიაკუთვნეს. გამოსულია მისი ლექსებისა და ესეების რამდენიმე კრებული. ზოგიერთ ლექსზე მუსიკაც დაიწერა და ისინი თავად უელბეკმა წარმოადგინა პარიზულ ღამის კლუბებში. საფრანგეთის პირველმა ლედიმ, კარლა ბრუნი-სარკოზიმაც ჩაწერა მის ლექსზე შექმნილი ერთი სიმღერა. ახლახან კი კიდევ ერთი ისეთი ინტელექტუალის, ვინც ფრანგებს გულზე არ ეხატებათ, ბერნარ-ანრი ლევისა და მიშელ უელბეკის მიმოწერა წიგნად გამოიცა, სათაურით „საზოგადოების მტრები“. ამ წიგნის ინგლისური თარგმანის გამოცემა მომდევნო ზამთარს იგეგმება. მისი ბოლო რომანი „რუკა და ტერიტორია“ საფრანგეთში სექტემბერში გამოდის.
უელბეკი ამჟამად უცოლოა. ის ორჯერ არის განქორწინებული, პირველი ქორწინებიდან კი ვაჟი ჰყავს. 2000 წლიდან ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს, ხოლო ზაფხულს ანდალუზიაში, საკუთარ ბინაში ატარებს ხოლმე.
2010


- ვინ არიან თქვენი ლიტერატურული წინამორბედები?
- ბოლო დროს ამით მეც დავინტერესდი. საერთოდ, ასე ვპასუხობ ხოლმე: ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ბოდლერმა, ნიცშემ, შოპენჰაუერმა და დოსტოევსკიმ, ცოტა მოგვიანებით კი ბალზაკმა. ეს ყველაფერი სიმართლეა. მათით მართლაც აღფრთოვანებული ვარ. რომანტიკოსი პოეტებიც მიყვარს: ჰიუგო, ვინი, მიუსე, ნერვალი, ვერლენი და მალარმე. მომწონს მათი ლამაზი პოეზია, თავზარდამცემი ემოციური სიმძაფრით. მიუხედავად ამისა, მიკვირს, რომ ბავშვობაში წაკითხული უფრო მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა.
- რას გულისხმობთ?
- საფრანგეთში ორი კლასიკოსი მწერალია, რომლებსაც ბავშვები კითხულობენ: ჟიულ ვერნი და ალექსანდრ დიუმა. მე ყოველთვის ჟიულ ვერნი მერჩია. დიუმასთან მთელი ეს ისტორიული წვრილმანები მბეზრდებოდა ხოლმე. ჟიულ ვერნს კი სამყაროს სწორედ ისეთი ამომწურავი ხედვა ჰქონდა, რომელიც მომწონდა. მას ყველაფერი აინტერესებდა ამ სამყაროში. ჩემზე ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ ძალიან დამწყვიტეს გული. მერე “ცუგა პიფი” იყო - კომიქსი, რომელსაც გამომცემლობა “ვალიანი” გამოსცემდა და კომუნისტური პარტია აფინანსებდა. ახლა, როცა ამ კომიქსს თავიდან ვკითხულობ, პიფის მრავალ თავგადასავალში კომუნისტურ მისწრაფებებს ვამჩნევ. მაგალითად, პრეისტორიული ადამიანი ბრძოლაში ადგილობრივ ჯადოქარს ამარცხებს და მთელ ტომს უხსნის, რომ ჯადოქარი საერთოდ არ სჭირდებათ და ჭექა-ქუხილის არ უნდა ეშინოდეთ. წიგნების ეს სერია ძალიან ინოვაციური და გამორჩეულად ხარისხიანი იყო. ბოდლერი უცნაურად ადრე წავიკითხე - დაახლოებით 13 წლის ვიქნებოდი, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შოკი მაინც პასკალმა მოახდინა. 15 წლის ვიყავი, როცა მთელი კლასი ექსკურსიაზე გერმანიაში წაგვიყვანეს. ეს საზღვარგარეთ ჩემი პირველი მოგზაურობა იყო და რაც უნდა უცნაური იყოს, თან პასკალის “აზრები” წავიღე. გული გამიხეთქა ამ პასაჟმა: “წარმოიდგინეთ ბორკილდადებული, სიკვდილმისჯილი ადამიანები. ყოველ დღე ზოგიერთ მათგანს დანარჩენების თვალწინ უმოწყალოდ კლავენ. ეს უკანასკნელები კი ხვდებიან, რომ ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორშიც მათი თანამოძმეები, ერთმანეთს ნაღვლიანად შეყურებენ და თავის რიგს ელიან. ეს ადამიანური მდგომარეობის სურათია”. მგონი, ამ სიტყვებმა სიღრმისეულად იმიტომ შემძრა, რომ მაშინ ბებიასა და ბაბუასთან ვიზრდებოდი. უცებ გავაცნობიერე, ისინი გარდაიცვლებიან და ეს დღე ალბათ მალე დადგება-მეთქი. აი, ამ დროს აღმოვაჩინე სიკვდილი.
- კიდევ რომელი ავტორები გაღელვებდნენ?
- ბევრი წიგნი წავიკითხე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი და კლიფორდ საიმაკი. მისი “ქალაქი” შედევრია. აგრეთვე სირილ კორნბლატი და რაფაელ ლეფერტი.
- რა გიზიდავთ სამეცნიერო ფანტასტიკაში?
- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რეალობისგან დასვენება მჭირდება. ჩემი აზრით, საკუთარ ნაწარმოებებში ის რეალისტი ვარ, რომელიც ყველაფერს ოდნავ აზვიადებს. თუმცა ჩემზე ერთმა რამემ უდავოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლავკრაფტის “კთულჰუს ძახილში”: სხვადასხვა თვალსაზრისის, სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენებამ. თავიდან ის დღიურის სახით იწყება, რომელსაც მეცნიერის ჩანაწერები და ადგილობრივი იდიოტის აღსარება მოჰყვება. ამის გავლენას “ელემენტარულ ნაწილაკებში” შენიშნავთ, სადაც ცხოველთა ბიოლოგიაზე საუბრებს რეალიზმზე, სოციოლოგიაზე მსჯელობა მოსდევს. სამეცნიერო ფანტასტიკა რომ არა, ჩემზე უდიდეს ზეგავლენას მე-19 საუკუნე მოახდენდა.
- თქვენ მე-19 საუკუნის სოციალური რეფორმატორების, განსაკუთრებით პოზიტივიზმის ფუძემდებლის, ოგიუსტ კონტის თაყვანისმცემელი ხართ.
- უმრავლესობას კონტი ისეთ ავტორად მიაჩნია, რომლის წაკითხვაც შეუძლებელია, რადგან ის არანორმალურობამდე იმეორებს საკუთარ თავს. სამედიცინო თვალსაზრისით, კონტი უდავოდ ახლოს იყო სიგიჟესთან. როგორც ვიცი, ის ერთადერთი ფილოსოფოსია, რომელმაც თავის მოკვლა სცადა: გულგატეხილობის გამო სენაში გადახტა. მას შემდეგ, რაც ვიღაცებმა მდინარიდან ამოიყვანეს, ექვსი თვე სანატორიუმში გააატარა. აი, ეს იყო იმ პოზიტივიზმის მამა, რომელიც რაციონალიზმის მწვერვალად ითვლება.
- ერთხელ თქვით, რომ “ძველი კალვინისტი მუწუკი” ხართ. რას გულისხმობდით?
- ვფიქრობ, სიკეთე და ბოროტება არსებობს და თითოეულ ჩვენგანში ისინი უცვლელ სიდიდეებადაა მოცემული. ადამიანების მორალური ბუნება მყარად განსაზღვრულია და სიცოცხლის ბოლომდე არ იცვლება. ყველაფრის წინასწარ განსაზღვრულობის კალვინისტური იდეა მახსენდება, რომლის მიხედვითაც ადამიანი დაბადებისთანავე გადარჩენილი ან დაწყევლილია და არაფრის შეცვლა არ შეუძლია. მე კი იმიტომ ვარ შემაწუხებელი მუწუკი, რომ მეცნიერული მეთოდიდან გადახვევაზე უარს ვამბობ და არც ის მჯერა, თითქოს ჭეშმარიტება მეცნიერების მიღმა იყოს.
- ერთგვარი სამეცნიერო გამოცდილებაც გაქვთ. სკოლის დამთავრების შემდეგ აგრონომიას სწავლობდით. რა არის აგრონომია?
- ყველაფერი, რაც კი საკვების წარმოებას ეხება. მე ერთი პატარა დავალება შევასრულე: კორსიკის მცენარეულობის რუკა შევადგინე. მიზნად იმ ადგილების პოვნა მქონდა, სადაც ცხვრების მოშენება შეიძლებოდა. სასკოლო ბროშურაში წავიკითხე, რომ აგრონომიის შესწავლის შემდეგ ყოველგვარი კარიერისკენ გზა ხსნილი იყო, მაგრამ ეს სასაცილო აღმოჩნდა. ბოლოს აგრონომების უმრავლესობა სოფლის მეურნეობის სფეროში რჩება, გარდა რამდენიმე თავშესაქცევი გამონაკლისისა. მაგალითად, ჩემი ორი ჯგუფელი მღვდელი გახდა.
- მოგწონდათ კვლევები?
- ძალიან. კინაღამ მკვლევარი გავხდი. ეს ყველაზე მეტად ავტობიოგრაფიული რამაა “ელემენტარულ ნაწილაკებში”. ჩემს ამოცანას იმ მათემატიკური მოდელების პოვნა წარმოადგენდა, რომლებსაც პრაქტიკულად გამოიყენებდნენ რონ-ალპების რეგიონში, ნანტუას ტბაში მობინადრე თევზებთან. თუმცა, რაც უნდა უცნაური იყოს, კვლევაზე უარი ვთქვი და სისულელეც ჩავიდინე, რადგან ამის შემდეგ სამსახურის შოვნა შეუძლებელი გახდა.
- ბოლოს პროგრამისტად დაიწყეთ მუშაობა. გქონდათ ამის გამოცდილება?
- ეს საქმე საერთოდ არ ვიცოდი. ხელი მაშინ მოვკიდე, როცა პროგრამისტებზე უზარმაზარი მოთხოვნა იყო, შესაბამისი სკოლები კი არ არსებობდა. ასე რომ, იოლად შევაღწიე ამ სფეროში, მაგრამ ის მაშინვე შემძულდა.
- რამ დაგაწერინათ პირველი რომანი “ბრძოლის ველის განვრცობა”, პროგრამისტისა და მისი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მეგობრის შესახებ?
- არ წამეკითხა ისეთი რომანი, რომლის ავტორიც განაცხადებდა, რომ ახალ სამსახურში მუშაობის დაწყება თავის დასამარების ტოლფასია; რომ ამ დღის შემდეგ ახალი აღარაფერი ხდება და ისღა დაგრჩენია, თავი ისე დაიჭირო, თითქოს შენი საქმე გაინტერესებდეს. გარდა ამისა, ცხოვრებაში ზოგიერთს ბევრი სექსი აქვს, სხვებს კი ეს არა აქვთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი დანარჩენებზე უფრო მიმზიდველია. მინდოდა, დამემტკიცებინა: თუ ადამიანებს ცხოვრებაში სექსი არა აქვთ, ამას ზნეობრივი საფუძველი კი არ უდევს, არამედ ის, რომ ისინი შეუხედავები არიან. ამას იტყვი თუ არა, ყველაფერი იმ წამსვე ცხადი ხდება, მე კი მინდოდა, რომ მეთქვა.
- სულისშემძვრელი პერსონაჟია საბრალო ტისერანი, რომელთან სასიყვარულო ურთიერთობაც არავის სურს.
- ის კარგი პერსონაჟია. უკან რომ მოვიხედე, გამიკვირდა, ასეთი საინტერესო პერსონაჟის მოფიქრება მხოლოდ მის სექსუალურ დაუკმაყოფილებლობაზე დაყრდნობით თუ შეიძლებოდა. ტისერანის წარმატებამ ბევრი რამ მასწავლა.
- “ბრძოლის ველის განვრცობის” მთხრობელის თანახმად, “უფროსებს ახალგაზრდები სძულთ”.
- ეს ხაფანგის მეორე მხარეა. პირველი პროფესიული ცხოვრებაა - ის ფაქტი, რომ შენს თავს აღარაფერი მოხდება. მეორე კი ის არის, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც შეგცვლის და გარკვეულ გამოცდილებებს მიიღებს. ამას მამის მიერ შვილის ბუნებრივ სიძულვილთან მივყავართ.
- მამის და არა დედის?
- ჰო. როდესაც ქალი ორსულდება, მასში ერთგვარი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება. ეს ცხოველთა ბიოლოგიაა. მამებს კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ შთამომავლობა. ჰორმონები თავის საქმეს აკეთებს - ამასთან ვერცერთი კულტურა ვერაფერს გახდება - რის გამოც, ზოგადად, ქალებს ბავშვები უყვართ, ხოლო კაცებს, ძირითადად, ჰკიდიათ.
- ქორწინებაზე რას იტყოდით?
- ვფიქრობ, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის მკვეთრი კონტრასტია, ერთი მხრივ, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, სადაც უამრავ ვინმეს იცნობს და მეორე მხრივ, სამსახურის ატმოსფეროს შორის, სადაც თითქმის ვეღარავის იცნობს. ცხოვრება მოსაწყენი ხდება. შედეგად, ადამიანები ქორწინდებიან, რათა პირადი ცხოვრება ჰქონდეთ. ამ თემის განვრცობა შემიძლია, მაგრამ ისედაც ყველა ხვდება.
- მაშ, ქორწინება მხოლოდ რეაქციაა...
- მარტოდმარტო ცხოვრებაზე.
- იმ გამომცემლის პოვნა გაგიჭირდათ, რომელიც “ბრძოლის ველის განვრცობას” გამოსცემდა. რატომ იწუნებდნენ მას გამომცემლები?
- წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა ის არაფრით ჰგავდა იმ ყველაფერს, რაც მაშინ იბეჭდებოდა. მაგალითად, იმ დროს ლე კლეზიო დიდ მწერლად მიაჩნდათ.
- რას ფიქრობთ ლე კლეზიოზე, ვინც ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში 2008 წელს?
- არ წამიკითხავს. ვცადე და მომბეზრდა. თუმცა რაც მაშინ იბეჭდებოდა, ბევრ რამეზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ხელოვნება ხელოვნებისათვის. მწერლები „ნუვო რომანის“ ტრადიციას აგრძელებდნენ. არავინ არაფერს ამბობდა ოფისებში დასაქმებულ ხალხზე.
- ანუ „ნუვო რომანის“ თაყვანისმცემელი არ ხართ?
- დრო და დრო მატერიალისტურ თეორიებს ვაყალიბებ ხოლმე. ერთი ასეთი თეორიაა, რომ „ლივრ დე პოშმა“ („ჯიბის წიგნი“ - რბილყდიანი წიგნების ფრანგული სერია, რომლებშიც კლასიკა იბეჭდება) მთლიანად შეცვალა კულტურის გადაცემის პროცესი: ის უფრო ინტერნაციონალური და ნაკლებად შემაკავშირებელი გახადა. უნივერსიტეტში ლიტერატურა არ მისწავლია. „ნუვო რომანი“ კი „ლივრ დე პოშის“ სერიაში არ გამოცემულა, ასე რომ, ერთი ნიმუშიც არ წამეკითხა კარგა ხნის მანძილზე. დიდი დაგვიანებით წავიკითხე. მართლაც ძალიან დამაგვიანდა - ტვინი ხომ ატროფირდება.
- პოეზიაზე რას იტყვით?
- ჩემი აზრით, პოეზია ერთადერთი სფეროა, სადაც საყვარელ მწერალს ნამდვილად შეუძლია თქვენზე ზეგავლენის მოხდენა. ერთსა და იმავე ლექსს ხომ იმდენჯერ კითხულობთ, რომ თავში ბუნებრივად გრჩებათ. ბოდლერი ბევრს წაუკითხავს. მე უფრო უჩვეულო გამოცდილება მაქვს: ფაქტობრივად, მთელი კორნელი წავიკითხე. კორნელს არავინ კითხულობს, მე კი კლასიკოსების გამოცემებს გადავაწყდი და რატომღაც მომეწონა. მომეწონა ტრადიციული თორმეტმარცვლიანი ალექსანდრიული ლექსი. უნივერსიტეტში სწავლისას კლასიკურ ტეტრამეტრებს ვწერდი, რომლებიც სხვა პოეტებს მოსწონდათ. მეუბნებოდნენ, ცუდი არ არისო. რატომ არ უნდა ვწეროთ კლასიკური საზომებით? ეს ხომ შესაძლებელია.
- საკუთარ თავს პოეტად ისევე თვლით, როგორც რომანისტად?
- სულაც არა. საწყენია, მაგრამ როდესაც ისეთ რომანებს წერ, რომლებსაც გარკვეული გამოხმაურება მოჰყვება, გრძნობ, რომ გამომცემლები ლექსებს გულმოწყალების გამო გამოგიცემენ. ეს უხერხულობის განცდას იწვევს.
- ლექსები მაინც ყველა რომანში შეგაქვთ.
- სულ ამაოდ. ყოველთვის ვცდილობდი, რომანებში ლექსები ჩამერთო, მაგრამ ამ მხრივ ნამდვილი წარმატებისთვის არ მიმიღწევია.
- თქვენ თქვით: “ჩემს ცხოვრებაში მუდმივი ბრძოლაა პროზასა და პოეზიას შორის. თუ პოეტურ იმპულსს დაემორჩილებით, დიდი რისკია, რომ მოსაწყენი გახდეთ და არ წაგიკითხონ. თუ მას არ დაემორჩილებით, წესიერი, პატიოსანი “მთხრობელის” კარიერა გელით”.
- შესაძლოა, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ, ცოტა არ იყოს, ზიზღით ვუყურებ ამბების თხრობას, რაც მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. მაგალითად, ძალიან მომწონს აგატა კრისტი. ის, პირველ რიგში, ჟანრის კანონებს ემორჩილება, მაგრამ ხანდახან რაღაც ძალიან პირადს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელს გამოურევს ხოლმე. მე კი, ჩემი აზრით, ამის საპირისპიროს ვაკეთებ. თავიდან არცერთ წესს არ ვემორჩილები, სიუჟეტს არ ვთხზავ, მერე კი დრო და დრო საკუთარ თავს შევძახებ ხოლმე: მიდი, მიდი, ამბად აქციე. საკუთარ თავს ვაკონტროლებ. თუმცა უარს არასდროს ვამბობ ლამაზ ეპიზოდზე მხოლოდ იმის გამო, რომ ის ამბავს ვერ ერგება.
- ახლა რას ფიქრობთ პირველ რომანზე?
- დაუნდობელია, მაგრამ კარგია. ამით დაიწყო ჩემი ხანგრძლივი ურთიერთობა “Les Inrockuptibles”-თან, რომელსაც ის იმავე წამს მოეწონა.
- “Les Inrockuptibles”-თან?
- ეს არის ჟურნალი, რომლის დაახლოებით მესამედს მუსიკა იკავებს, მესამედს - ლიტერატურა, მესამედს კი - სხვა დანარჩენი. პირველი ნომრის გამოსვლისთანავე (1986 წლიდან ყოველთვიურად გამოდიოდა, ხოლო 1995-დან ყოველკვირეული გახდა), მან ფრანგული მედია დაატერორა, იმდენად ბევრად სჯობდა ყველაფერს, რაც იმხანად გამოდიოდა. მასთან შედარებით, ტრადიციული ყოველკვირეული გამოცემები ლიტერატურული დამატებებით სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. ყველა, ვინ კი ინტელექტუალად ითვლებოდა პარიზში, ამ ჟურნალით მოხიბლული იყო. სამწუხაროდ, არცერთ მათგანს პასუხისმგებლობის გრძნობა არ აღმოაჩნდა და ინიციატივა საკუთარ თავზე არავინ აიღო. ახლა ეს ჟურნალი ჩაძირულია.
- თავიდან რა ღირებულებები ჰქონდა?
- შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ ერთი ღირებულება ჰქონდა: მეტი რეალიზმი! მას ჩვენთვის ნამდვილი სამყაროს ჩვენება სურდა - იმ მოვლენების, რაც ახლა ხდება, ადამიანების რეალურ ცხოვრებაში მიმდინარეობს.
- 1998 წელს თქვენი მეორე რომანი “ელემენტარული ნაწილაკები” გამოვიდა, რომელიც დღეს ასეთი ცნობილია. ის ბრწყინვალე მეცნიერისა და მისი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ნახევარ-ძმის ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიებს მოგვითხრობს. რამ დაგაწერინათ ეს რომანი?
- მისი დაწერა 1982 წელს ალენ ასპეს მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა შთამაგონა. მათ EPR-პარადოქსი გამოავლინეს: როდესაც ნაწილაკები ერთმანეთზე ზემოქმედებს, მათი მომავალი ერთმანეთს უკავშირდება. თუ ერთზე ზემოქმედებ, ეფექტი იმავე წამს ვრცელდება მეორეზეც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ერთმანეთისგან დიდი მანძილითაა დაშორებული. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ აზრმა, რომ თუ ორი რამ ერთმანეთს დაუკავშირდა, სამუდამოდ ასე იქნება. ეს ფუნდამენტურ ფილოსოფიურ გადანაცვლებაზე მიგვანიშნებს. მას შემდეგ, რაც ღმერთის რწმენა გაქრა, მატერიალისტური ფილოსოფია გამეფდა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ მარტოები ვართ. მას კაცობრიობა ბიოლოგიამდე დაჰყავს, ადამიანები კი სრულიად წარმავალ არსებებად მიაჩნია, რომლებსაც ბილიარდის ბურთებივით დათვლი. EPR-პარადოქსი ამ მსოფლმხედველობას ძირს უთხრის. ჰოდა, ჩემი რომანიც იმ იდეითაა შთაგონებული, თუ როგორი შეიძლება იყოს მომდევნო მეტაფიზიკური მუტაცია. სავარაუდოდ, ეს ნაკლებად დამთრგუნველი იქნება, ვიდრე მატერიალიზმი, რომელიც - მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - საკმაოდ დამთრგუნველია.
- ამ იდეიდან რომანში მოთხრობილ ამბამდე როგორ მიხვედით?
- მთავარი გმირით, მიშელით დავიწყე, ვინც ფიზიკოსი მეცნიერია. შემდეგ, რადგან ძალიან ვნანობდი, რომ ტისერანი ნაადრევად მოვკალი “ბრძოლის ველის განვრცობაში”, ბრუნოს პერსონაჟი შემოვიყვანე, რომელიც ტისერანის გაგრძელებაა. ამჯერად მისი ცხოვრების მოთხრობა დამჭირდა. ეს მართლაც დიდი სიამოვნებით დავწერე. მიშელზე ნაკლები სიამოვნებით ვწერდი, რადგან ამ დროს უამრავი წიგნის წაკითხვა მომიხდა.
- დიდხანს იკვლიეთ კვანტური თეორია?
- ოჰ, საშინელება იყო. მახსოვს, ისეთი რთული წიგნები მხვდებოდა, რომ ერთსა და იმავე გვერდს სამჯერ ვკითხულობდ. ხანდახან ინტელექტუალური ძალისხმევის გაღება ცუდი არ არის, მაგრამ ამას ალბათ აღარასდროს გავაკეთებ.
- რისი მიღწევა გსურდათ ყველაზე მეტად ამ რომანით?
- ყველაზე მეტად მინდოდა, რომანში ისეთი სცენები ყოფილიყო, “გულისმომკვლელს” რომ უწოდებთ ხოლმე.
- გულისმომკვლელს?
- ჩემი აზრით, მიშელის შეყვარებულის სიკვდილი ძალიან ამაღელვებელი გამოვიდა. ყველაზე მეტად რომანში ასეთი სცენები მინდოდა.
- და რატომ გინდოდათ სწორედ ასეთი სცენები?
- იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეს მომწონს ლიტერატურაში. მაგალითად, “ძმები კარამაზოვების” ბოლო გვერდები: მათი კითხვისას ყოველთვის ვტირი და უფრო მეტიც, მათზე ფიქრის დროსაც კი ვტირი. ლიტერატურაში ყველაზე მეტად სწორედ ეს აღმაფრთოვანებს: მისი უნარი, აგვატიროს. ძალიან ვაფასებ ორ კომპლიმენტს: “ამატირა” და “ერთ ღამეში წავიკითხე, ვერ მოვწყდი”.
- რა თქმა უნდა, მედიის ყურადღება უამრავი სექსის სცენით მიიპყარით.
- არა მგონია, ჩემს რომანში უზომოდ ბევრი სექსის სცენა იყოს. ჩემი აზრით, შოკი ამას არ გამოუწვევია. ხალხი იმან დაშოკა, რომ სექსთან დაკავშირებული მარცხი აღვწერე. როდესაც სექსუალობაზე ვწერდი, მას ხოტბას არ ვასხამდი, არ განვადიდებდი. უპირველეს ყოვლისა, მოცემული რეალობა აღვწერე: სექსის სურვილით სავსე ადამიანი, რომელსაც მისი დაკმაყოფილება არ შეუძლია. ხალხს ამის მოსმენა არ სიამოვნებს. ითვლება, რომ სექსი დადებითი რამ არის. დაუკმაყოფილებელი სექსუალური სურვილის ჩვენება უხამსობად მიაჩნიათ. თუმცა ის ნამდვილად არსებობს. საკითხი ასე დგას: ვისთვის არის ნებადართული სექსი? მაგალითად, ვერაფრით ვხვდები, როგორ უძლებენ მასწავლებელი კაცები ნორჩ, ამაღელვებელ გოგოებს. როდესაც ქალები სექსის მაძიებელი ტურისტები ხდებიან, ეს უფრო მალულად ხდება, უფრო სამარცხვინო და ტაბუდადებულია, ვიდრე კაცების შემთხვევაში. ასევე, როდესაც ქალი მასწავლებელი მოსწავლეს თეძოზე ხელს ადებს - ეს კიდევ უფრო უარესია, კიდევ უფრო წარმოუდგენელი.
- თქვენს რომანებს რეფრენად გასდევს ის, რომ სექსი და ფული მსოფლიოს მთავარი ღირებულებებია.
- უცნაურია: 50 წლის ვარ და ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია, სექსი კარგია თუ ცუდი. ფულსაც ეჭვის თვალით ვუყურებ. ასე რომ, ძალიან უჩვეულოა, იდეოლოგ მწერლად რომ მთვლიან. მეჩვენება, რომ უმთავრესად საკუთარ ეჭვებს ვახმოვანებ. რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებში დარწმუნებული ვარ. მაგალითად, ჩემი აზრით, კარგია, რომ შეგიძლია გოგოს ფული გადაუხადო. უდავოდ ასეა. ეს უზარმაზარ პროგრესს ნიშნავს.
- მეძავებს გულისხმობთ?
- ჰო. ბოლომდე პროსტიტუციის მომხრე ვარ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ყველა მოგებული რჩება. პირადი ინტერესი არ მაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მართლაც კარგი რამაა. ბევრი ბრიტანელი და ამერიკელი იხდის ფულს ამისათვის. ისინი ბედნიერები არიან. გოგოებიც ბედნიერები არიან: ბევრ ფულს შოულობენ.
- საიდან იცით, რომ გოგოები ბედნიერები არიან?
- მათ ვესაუბრები ხოლმე. ეს ძალიან ძნელია, რადგან ინგლისური კარგად არ იციან, მაგრამ მაინც ვესაუბრები ხოლმე.
- რას იტყოდით უფრო ფართოდ გავრცელებული იდეაზე, რომ ეს ქალები მსხვერპლს წარმოადგენენ და ისინი იძულებით მოხვდნენ ასეთ გარემოში?
- ეს სიმართლე არ არის. ტაილანდში ასე არაა. უბრალოდ, სისულელეა ამის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა.
- ამბობენ, რომ პოლიტიკურად მემარჯვენეებისკენ იხრებით, რადგან “ელემენტარულ ნაწილაკებში” 60-იანი წლების ლიბერალიზმს აკრიტიკებთ. რას ფიქრობთ ამ ინტერპრეტაციაზე?
- ძირითადად ამას ვფიქრობ: უმნიშვნელოვანესი სოციალური ცვლილებების წინააღმდეგ ვერაფერს გავაწყობთ. შესაძლოა, დასანანია, რომ ოჯახი, როგორც ასეთი, ქრება. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ამით ადამიანების ტანჯვა იზრდება. დასანანია თუ არა, მაინც ვერაფერს გავაწყობთ. აი, ეს განსხვავებაა ჩემსა და რეაქციონერს შორის. მე წარსულის დაბრუნება ოდნავადაც არ მინდა, რადგან მჯერა, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ დაკვირვება და აღწერა შეგვიძლია. ყოველთვის მომწონდა ბალზაკის ერთი ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადება, რომ რომანის ერთადერთი მიზანი იმ კატასტროფების ჩვენებაა, რომლებიც ღირებულებათა ცვლის გამო ხდება. ის სასაცილოდ აზვიადებს. მე კი, აი, რას ვაკეთებ: იმ კატასტროფებს აღვწერ, რომლებიც ღირებულებათა ლიბერალიზაციამ გამოიწვია.
- თქვენ ისიც დაწერეთ, რომ ხართ “ათეისტი არა მხოლოდ რელიგიასთან, არამედ პოლიტიკასთან მიმართებაშიც”. შეგიძლიათ დააზუსტოთ?
- დიდად არ მჯერა, რომ პოლიტიკა ისტორიაზე ზეგავლენას ახდენს. ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორები მაინც ტექნოლოგიური და ხანდახან რელიგიური ხასიათისაა. არა მგონია, პოლიტიკოსებს, ისტორიული თვალსაზრისით, რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ნაპოლეონისებურად იწვევენ დიდ კატასტროფებს. არც ის მჯერა, რომ ადამიანის ფსიქოლოგია საზოგადოებრივ მოძრაობებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებს. ჩემს რომანებში სწორედ ეს რწმენა გამოვხატე. დილით ვიღაცას ბელგიაზე ვესაუბრებოდი - იმ ქვეყანაზე, რომელიც საერთოდ ვერ აეწყო. ფსიქოლოგიური პოზიციიდან ვერავინ ხვდება - რატომ, რადგან თავად ბელგიელები საკმაოდ სიმპატიურები არიან და მათ ძალიან უნდათ, რომ ქვეყანა ააწყონ. მიუხედავად ამისა, მაინც არაფერი გამოდის. სადაცაა, ეს ქვეყანა გაქრება. ჰოდა, უნდა დავიჯეროთ, რომ არის ისეთი გავლენიანი სოციალური ძალები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ და რომლებსაც ადამიანის ფსიქოლოგიის ტერმინებით ვერ ავხსნით.
- გაგაკვირვათ იმ გამოხმაურებამ, რაც “ელემენტარულ ნაწილაკებს” მოჰყვა?
- დიახ. ველოდი, რომ ისიც ისეთივე წარმატებას მომიტანდა, როგორიც პირველმა რომანმა მომიტანა. დადებით კრიტიკას ველოდი და იმასაც, რომ წიგნი საშუალოდ გაიყიდებოდა. ჩემს ცხოვრებაში ეს გარდამტეხი მომენტი იყო: ამის შემდეგ შემეძლო აღარ მემუშავა.
- ფრანგ კრიტიკოსებს აღიზიანებთ ის, რომ თქვენ, მათი აზრით, ცინიკურად იყენებთ მედიას, “ელემენტარული ნაწილაკებით” დაწყებული, ბაზარზე ყოველი წიგნის გატანისას. როგორი პოზიცია გქონდათ იმ დროს?
- მაშინ ვფიქრობდი, რომ მედიაში ხშირად უნდა გამოჩენილიყავი, თუ წიგნების გაყიდვა გინდოდა. მე კი ფულის შოვნა მართლაც მინდოდა, რათა სამსახურისთვის თავი დამენებებინა. ფულის ქონას მხოლოდ ეს აზრი აქვს: თავისუფალი ხარ და შენი დრო შენ გეკუთვნის. მთავარი ესაა. ახლა ასეთი დარწმუნებული აღარ ვარ, რომ წიგნებს მედია ყიდის.
- მაშ, რა ყიდის?
- ხალხში გავრცელებული ხმა. მაგალითად, იმ დროს საფრანგეთში ყველაზე კარგად მარკ ლევი იყიდებოდა, ის კი მედიაში არასდროს გამოჩენილა.
- “ელემენტარული ნაწილაკების” წყალობით, კრიტიკოსებმა განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება თქვენს ბიოგრაფიაზე, რადგან, მის პერსონაჟებს, როგორც ჩანს, თქვენთან ბევრი საერთო აქვთ. თუმცა ალბათ გაღიზიანებთ ის, რომ ხალხს ყველაფერი ბიოგრაფიამდე დაჰყავს.
- დიახ, ეს გამაღიზიანებელია, რადგან მხატვრული ლიტერატურის მთავარი დამახასიათებელი თავისებურების უარყოფაა - იმის, რომ პერსონაჟები თვითონ ვითარდებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენიმე რეალური ფაქტით იწყებ, შემდეგ კი პერსონაჟს საშუალებას აძლევ, საკუთარი იმპულსით იმოძრაოს. რაც უფრო შორს მიდიხარ, სავარაუდოდ, რეალურ ამბებს მით უფრო შორდები. სინამდვილეში საკუთარ ამბავს ვერ მოყვები. შეგიძლია მისი ელემენტები გამოიყენო, მაგრამ ნუ წარმოიდგენ, რომ იმის გაკონტროლებას მოახერხებ, რასაც პერსონაჟი 100 გვერდის შემდეგ ჩაიდენს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, ისაა, რომ პერსონაჟს შენი ლიტერატურული გემოვნება გადასცე. ამაზე ადვილი არაფერია. უბრალოდ, წიგნი გადააშლევინე.
- ახლახან დაწერეთ, რომ ბებიასთან ბედნიერი ბავშვობა გაატარეთ.
- დიახ, ბებიასთან მამის მხრიდან. მასთან 6-დან 18 წლამდე ვცხოვრობდი. ამ დროს ორ პერიოდად ვყოფ: 6-დან 12 წლამდე ნამდვილად ბედნიერი ვიყავი. მე და ბებია იონის დეპარტამენტში, ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდით. ველოსიპედით ვსეირნობდი. წყალს ვაგუბებდი. ბევრს ვკითხულობდი. ტელევიზორს ხშირად არ ვუყურებდი და ეს კარგი იყო. მერე საცხოვრებლად კრესი-ან-ბრიში გადავედით. ახლა იქ რომ ჩახვიდეთ, სწორ წარმოდგენას ვერ შეიქმნით. მაშინ ის უფრო სოფლური დასახლება იყო, დღეს კი ძირითადად ქალაქის გარეუბანს ჰგავს. მიუხედავად ამისა, თავს კომფორტულად მაინც ვერ ვგრძნობდი. ზედმეტად ბევრი ხალხი იყო, მე კი სოფლური მარტოობა მიყვარდა. თანაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, მოზარდობის ხანა ისეთი სახალისო არ არის, როგორიც ბავშვობაა.
- ბებიათქვენი კომუნისტი იყო?
- ეს ერთგვარი გაზვიადებაა. იმ დროს, საფრანგეთში, ყველა, ვინც გარკვეულ სოციალურ კლასს ეკუთვნოდა, ხმას კომუნისტებს აძლევდა, ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყო მარქსი. ეს კლასობრივი ხმის მიცემა იყო.
- ის მუშაობდა?
- არა, პენსიონერი იყო.
- პენსიაზე გასვლამდე სად მუშაობდა?
- რკინიგზაზე. მგონი, სოფლის სარკინიგზო სადგური ებარა.
- ახლოს იყავით ბებიასთან?
- კი, ძალიან მიყვარდა.
- შესანიშნავი იუმორის გრძნობა გაქვთ. ბებიათქვენი ხალისიანი და ხუმარა იყო?
- არა, ბევრს არ ხუმრობდა.
- მზრუნველი იყო?
- ჰო, ოთხივე შვილი აღმერთებდა. ძალიან კარგი დედა იყო.
- მშობლებს ხშირად ხვდებოდით?
- დედას - ძალიან იშვიათად. მამას - საკმაოდ ხშირად, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე.
- ახლოს იყავით მასთან?
- არც ისე. მასთან ახლოს ყოფნა რთული იყო. უცნაური ვინმე იყო - ნამდვილი მარტოსული. მიუხედავად ამისა, მასთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე დედასთან. მას უკეთესად ვიცნობდი.
- 6 წლამდე დედის მშობლებთან იზრდებოდით ალჟირში. გახსოვთ ადრეული ბავშვობა?
- ძალიან ცოტა რამ მახსოვს. ბუნდოვნად მახსენდება ფოთლებით დაფარული სათამაშო მოედანი. მახსენდება ცრემლსადენი გაზის სუნიც, რომელიც მომეწონა. ცოტათი ომიც მახსოვს: მაგალითად, ტყვიამფრქვევის ჯერი ქუჩებში.
- საშიში იყო?
- სულაც არა. ბავშვებს ასეთი რამეები ართობთ.
- ბევრს კითხულობდნენ იმ სახლში, სადაც იზრდებოდით?
- ჩემი ბებია და ბაბუა საერთოდ არ კითხულობდნენ. ისინი განათლებული ადამიანები არ იყვნენ.
- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება “ელემენტარული ნაწილაკების” გამოსვლის შემდეგ?
- “ელემენტარული ნაწილაკების” უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ფული ვიშოვე და უკვე შემეძლო, აღარ მემუშავა, ამასთანავე, მისი გამოსვლის შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით გამიცნეს. ტურისტობაზე უარი ვთქვი, რადგან წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებული ტურნეები სრულიად მიკმაყოფილებდა მოგზაურობის სურვილს. შედეგად, ისეთი ქვეყნები მოვინახულე, რომლებშიც, ჩვეულებრივ, არავინ დადის - მაგალითად, გერმანია.
- ამას რატომ ამბობთ?
- გერმანიაში სამოგზაუროდ არავინ მიდის. ასეთი რამ არ არსებობს. თუმცა ძალიან ცდებიან, ამას რომ არ აკეთებენ. სულაც არ არის ცუდი აზრი.
- ტურიზმი თქვენი მესამე რომანის, “პლატფორმას” მთავარი თემაა, რომელშიც იმ წამყვანი სამოგზაურო სააგენტოს შესახებ მოგვითხრობთ, რომელიც ბაზარზე სექს-ტურების დამკვიდრებას გადაწყვეტს.
- რომანის წერისას ყველაზე ძნელი ამოსავალი წერტილის პოვნაა - რაღაც ისეთის, რაც მთელ რომანს გახსნის. თუმცა წარმატების გარანტია ესეც არ არის. “პლატფორმაში” წარმატებას ვერ მივაღწიე, მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს შესაცნობად ტურიზმი შესანიშნავი ამოსავალი წერტილია.
- რითი მოგხიბლათ ტურისტულმა ინდუსტრიამ?
- უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ტურისტული გზამკვლევების, განსაკუთრებით “მიშლენის” გზამკვლევების კითხვის დროს. განსაკუთრებით მსიამოვნებს იმ ადგილების აღწერები, რომლებსაც ალბათ ვერასდროს მოვინახულებ. ცხოვრების არცთუ მცირე ნაწილს რესტორნების აღწერების კითხვაში ვატარებ. მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ისინი იყენებენ. მომწონს, როგორ წარმოგვიდგენენ სამყაროს. მომწონს ბედნიერებისა და სიახლეების აღმოჩენების აღწერები. ერთხელაც საკუთარ თავს ვკითხე: მაგალითად, “ჩინეთი 7 დღეში” - როგორ ირჩევენ ისინი განსხვავებულ პლატფორმებს? როგორ აქცევენ დღევანდელ მსოფლიოს იმ სამყაროდ, სადაც ყველაფერი სასიამოვნოა და იყიდება?
- გვიამბეთ ტაილანდში მდებარე პატაიაზე, სადაც სექს-ტურები ხორციელდება.
- სრულიად მომხიბლა პატაიამ, რომელიც წიგნის ბოლო ნაწილშია აღწერილი. იქ ყველა ჩადის. ინგლისელები და ამერიკელები. ჩინელები და იაპონელები. არაბებიც კი ჩადიან. ეს ყველაზე უცნაური რამ არის. გზამკვლევში რაღაც-რაღაცები ამოვიკითხე და ტაილანდში მოგზაურობაც ამის გამო გადავწყვიტე. მაშინ ამბობდნენ, რომ ბანგკოკის ერთ-ერთ სასტუმროში ტაილანდელი ბოზები ჩადრით დადიოდნენ, რათა არაბი კლიენტებისთვის ესიამოვნებინათ. მომხიბლა ადაპტაციის ასეთმა უნარმა. ბევრი ალჟირელი ფრანგი ჩადის პატაიაში ბოზებისთვის. ჰოდა, ტაილანდელი გოგოებიც ფრანგულად ლაპარაკობენ, ოღონდ თავისებური აქცენტით: “Ouais, j’tassure! Ouais, ta mère!”
იაპონელებისთვის კარაოკე-ბარებია გახსნილი, რუსებისთვის კი - რესტორნები, არაყის დიდი მარაგით. ამ ყველაფერს გულსაკლავი მხარეც აქვს: ეს ერთგვარი გზის დასასრულია ყველა ამ ადამიანისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმული ინგლისელებისა და ამერიკელებისთვის. გრძნობ, რომ ისინი აქედან წასვლას ვერ შეძლებენ. შუადღით, როცა სტრიპტიზ-ბარები ჯერ კიდევ დაკეტილია, ქუჩებში მტვერი ირევა. მართლაც არის რაღაც გულისმომკვლელი იმ წუთებში, როცა სკუტერებზე შემომჯდარი გოგოები მოსვლას იწყებენ, ამ დროს კი ბებერი ინგლისელი და ამერიკელი ტურისტები გარეთ გამოეფინებიან ხოლმე, მტვერში მღოღავი კუებივით. რაღაც ძალიან, ძალიან უცნაური ქალაქია.
- წიგნის დასასრულს აღწერილი ტერორისტული აქტით ერთგვარად იწინასწარმეტყველეთ წიგნის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ბალიზე, ღამის კლუბში მომხდარი ტერორისტული აქტი.
- ამის წინასწარმეტყველება ძნელი არ იყო. შეიძლებოდა ეს მალაიზიაშიც მომხდარიყო - კიდევ ერთ მუსლიმურ ქვეყანაში, სადაც უამრავი ბოზი ემსახურება დასავლელებს.
- თქვენს კი ფიქრობთ, რომ პროსტიტუცია ყველასთვის დიდებული იდეაა.
- ჰო, ისლამი უნდა გაქრეს. სხვაგვარად არაფერი გამოვა.
- ანუ იდეალურ სამყაროში პროსტიტუცია უნდა იყოს და ისლამი არა?
- არასდროს არაფერი მითქვამს იდეალურ სამყაროზე. მე ვთქვი, რომ პროსტიტუცია უბედურება არ არის.
- რატომ თვლით “პლატფორმას” ჩავარდნად?
- რომანში ტურისტული ინდუსტრიის საკმარისი ანალიზი არ არის. და თანაც, ერთ პერსონაჟს, ვალერის ზედმეტი ადგილი უკავია. არა, იმას არ ვამბობ, რომ რამის სხვაგვარად გაკეთება შემეძლო. მე მომწონდა ვალერი, როგორც პერსონაჟი და შედეგად, მამრობითი სქესის პერსონაჟი სუსტი გამომივიდა.
- თქვენ თქვით, რომ კრიტიკოსები საკმარის ყურადღებას არ უთმობენ პერსონაჟებს.
- ძალიან მომწონს ის, რომ ხანდახან უბრალო მკითხველებს პერონაჟების მიმართ გრძნობები უჩნდებათ. ამაზე კრიტიკოსები არასდროს საუბრობენ. ეს კი საწყენია. ინგლისურენოვანი კრიტიკოსები სიუჟეტების მოკლე შინაარსებს მშვენივრად გადმოსცემენ, მაგრამ პერსონაჟებზე საუბარს თავს არიდებენ. მკითხველები, პირიქით, თავისუფლად საუბრობენ ამაზე.
- რას იტყვით თქვენს კრიტიკოსებზე? შეგიძლიათ მოკლედ შეაჯამოთ თქვენი დამოკიდებულება ფრანგული პრესის მიმართ?
- პირველ ყოვლისა, მათ იმაზე მეტად ვძულვარ, ვიდრე მე მძულს ისინი. ამ ხალხს ცუდი რეცენზიების გამო არ ვსაყვედურობ. უბრალოდ, ისეთ რამეებზე საუბრობენ, რასაც არაფერი აქვს საერთო ჩემს წიგნებთან - დედაჩემზე, ან იმაზე, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება დაბალი გადასახადების გამო გადავწყვიტე. ამ დროს ისეთ კარიკატურულ სურათს ხატავენ, რომ უამრავი უსიამოვნო რამის სიმბოლოდ ვიქცევი: ცინიზმის, ნიჰილიზმის, ქალთმოძულეობის. ხალხი ჩემს წიგნებს აღარ კითხულობს, რადგან ჩემს შესახებ უკვე მყარი წარმოდგენა აქვს შექმნილი. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ყველა მწერლის ხვედრი ასეთია. ორი-სამი რომანის შემდეგ მას იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ წაიკითხავენ. კრიტიკოსებმა ხომ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.
- როდის დაიწყეთ წერა?
- ძნელი სათქმელია. სკოლაში ჩანახატებს ვწერდით ხოლმე, “შემოდგომის შუადღის აღწერასა” და ასეთ რამეებს. მართალია, რომ მათი წერის დროს სხვებზე მეტ სიამოვნებას ვიღებდი და ამ ჩანახატებს ვინახავდი. გარდა ამისა, დღიურს ვწერდი, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი, შიგ რა ეწერა. ვფიქრობ, უფრო სიზმრებს აღვწერდი, ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარ ამბებს.
- ახლა როგორი წერის გრაფიკი გაქვთ?
- დაახლოებით ღამის პირველ საათზე ვიღვიძებ. წერას სანახევროდ გამოფხიზლებული და სანახევროდ უგონო მდგომარეობაში მყოფი ვიწყებ. ყავას ვსვამ და თანდათან გონზე მოვდივარ. მანამდე ვწერ, სანამ არ მომბეზრდება.
- სხვა პირობები თუ გჭირდებათ წერისათვის?
- ფლობერმა თქვა, მუდმივი ერექცია უნდა გქონდესო. ჩემს შემთხვევაში, ასე არ არის. ხანდახან გასეირნება მჭირდება ხოლმე. სხვა მხრივ, საკვებსა და სასმელს თუ გადავხედავთ, მართალია, რომ ყავა თავის საქმეს აკეთებს. ის სიფხიზლის ყველა ეტაპზე გჭირდება. თავიდან ნახევრად უგონო მდგომარეობაში ხარ. წერ. უფრო მეტ ყავას სვამ და გონებაც იწმინდება. რაღაც საინტერესო სწორედ ამ შუალედურ პერიოდში ხდება, რომელიც შეიძლება საათობით გაგრძელდეს.
- რომანების სიუჟეტებს წინასწარ იგონებთ?
- არა.
- არ იცით, რა მოხდება მომდევნო გვერდზე?
- არასდროს არაფერს ვგეგმავ.
- საკუთარ სტილზე რას იტყვით? დაუნდობელი, ხშირად სახალისო შეპირისპირებები გახასიათებთ, დაახლოებით ასეთი: “იმ დღეს, ჩემმა ვაჟმა თავი რომ მოიკლა, პომიდვრიანი ომლეტი გავაკეთე”.
- ამას სტილს არ ვუწოდებ. უბრალოდ, სამყაროს ასე აღვიქვამ - ერთგვარი ნევროზულობით, რასაც მოულოდნელ შეპირისპირებებამდე მივყავარ ხოლმე. ეს დიდად არ განსხვავდება პანკ-როკისაგან. კივი, მაგრამ თან მცირედ მაინც აკონტროლებ. ისე, ჩემს სტილზე სადიპლომო ნაშრომები დაწერეს უნივერსიტეტებში.
- და რა დაასკვნეს?
- საშუალო სიგრძის წინადადებები მაქვს, მდიდარი პუნქტუაციით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი წინადადებები საშუალო სიგრძისაა, მაგრამ მრავალნაირად არის დაწყვეტილი. ხალხს ზმინიზედები სძულს. მე კი ზმინიზედებს ვიყენებ. კიდევ ერთი რამაა, რაც ჩემს პოეტობას უკავშირდება. ლიტერატურული რედაქტორები ყოველთვის ითხოვენ ტექსტიდან გამეორებების ამოღებას. მე მიყვარს გამეორებები. გამეორება პოეზიის ნაწილია. ასე რომ, მას უყოყმანოდ მივმართავ. მგონი, სულაც ყველაზე მეტს ვიმეორებ დღევანდელ რომანისტებს შორის.
- პროდუქტების სახელების აღნიშვნა გიყვართ, მაგალითად, “loup au cerfeuil Monoprix Gourmet” (“მონოპრი გურმეს” ქორჭილა ჭყიმა მხლით).
- “ქორჭილა ჭყიმა მხლით...” - ამაღელვებლად ჟღერს. კარგი ფრაზაა. პროდუქტების სახელებს კიდევ იმიტომ ვიყენებ, რომ ისინი, სინამდვილეში, იმ სამყაროს ნაწილია, რომელშიც ვცხოვრობ. ისიც მართალია, რომ უფრო ისეთ პროდუქტს ვირჩევ ხოლმე, რომელსაც ყველაზე მაცდური სახელი აქვს. მაგალითად, სიტყვები “ჭყიმა მხალი” ძალიან მიმზიდველია, თუმცა წარმოდგენა არა მაქვს, რა არის ეს ჭყიმა მხალი. მოგინდება, რომ რაღაც ისეთი შეჭამო, რაც ჭყიმა მხლით მოუმზადებიათ. მშვენიერია.
- სადღაც დაწერეთ, რომ თქვენი შთაგონების ერთ-ერთი წყარო ის ამბებია, რომლებსაც ადამიანები საკუთარი ცხოვრების შესახებ გიყვებიან. როგორც ჩანს, უცნობებს თქვენთან გულის გადაშლა უყვართ.
- ვფიქრობ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგი ვიქნებოდი. მე ხომ ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომ საერთოდ არავის განვსჯი. ეს კი ბოლომდე სიმართლე არ არის. ზოგჯერ მთლიანად შოკირებული ვარ ხოლმე იმით, რასაც მეუბნებიან. უბრალოდ, ამას არ ვიმჩნევ.
- თქვენ ლავკრაფტის ბიოგრაფია დაწერეთ. გამაოგნა მსგავსებამ მის უიღბლო სიყვარულსა და თქვენს წიგნებში აღწერილ სიყვარულის ისტორიებს შორის.
- ჰო, ქალი, რომელიც გამბედავია, ენერგიულია და რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს სიყვარულისთვის და კაცი, რომელიც უბედური და უუნაროა.
- როგორი წარმოდგენა გაქვთ კაცისა და ქალის სიყვარულის შესაძლებლობაზე?
- ვიტყოდი, რომ ის საკითხი, ჯერ კიდევ არსებობს თუ არა სიყვარული, ჩემს რომანებში ისეთივე როლს თამაშობს, როგორსაც დოსტოევსკისთან - ღმერთის არსებობის საკითხი.
- შეიძლება სიყვარული აღარ არსებობდეს?
- ახლა სწორედ ეს არის საკითხავი.
- და რა იწვევს მის გაქრობას?
- მატერიალისტური იდეა: მარტოები ვართ, მარტოები ვცხოვრობთ და მარტოები ვკვდებით. ვერ ვიტყვით, რომ სიყვარულთან მისი შეთავსება შეიძლება.
- თქვენი ბოლო რომანი “კუნძულის შესაძლებლობა” მთავრდება უსიცოცხლო, უნაყოფო სამყაროს სურათით, სადაც მხოლოდ მარტოსული კლონები ცხოვრობენ. რამ მოგაფიქრათ ასეთი თავზარდამცემი მომავალი, რომელშიც ადამიანების კლონირებას მანამდე ახდენენ, სანამ ისინი შუა ხნისანი გახდებიან?
- დარწმუნებული ვარ, რომ ფემინიზმი, თავისი არსით, პოლიტკორექტული არ არის. მისი ნამდვილი წყარო ბევრად უფრო ამაზრზენია და სახელდებას გაურბის - ეს, უბრალოდ, მოხუცების სიძულვილია. ქალსა და მამაკაცს შორის ძალაუფლების გადანაწილების საკითხი მეორეხარისხოვანია - მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეხარისხოვანი - იმასთან შედარებით, რისი მოხელთებაც ამ რომანში ვცადე: რომ დღეს ჩვენ ბავშვების სამყაროში ვართ გამომწყვდეულები. ბებერი ბავშვების სამყაროში. მემკვიდრეობითობის გაქრობა ნიშნავს, რომ ხანდაზმული ადამიანი ყოვლად უვარგისი, ხელმოცარული ვინმეა. ჩვენ ხომ ყველაზე მეტად ახალგაზრდობას ვაფასებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე ავტომატურად ხდება დამთრგუნველი, რადგან ის, მთლიანობაში, დაბერების პროცესია.
- “კუნძულის შესაძლებლობის” შესავალში ის ჟურნალისტი ახსენეთ, ვინც ამ რომანის დაწერა შთაგაგონათ. შეგიძლიათ განმარტოთ?
- მეტად უცნაური რამ მოხდა. ბერლინში, ტბისპირა კაფეში ვიჯექი და ჟურნალისტს ველოდი, რომელსაც ჩემგან ინტერვიუ უნდა აეღო. წყნარი ამინდი იყო. დილის ათი საათი ხდებოდა. ირგვლივ სულიერიც არ ჭაჭანებდა. მერე გერმანელი ჟურნალისტი მოვიდა, რომელიც უჩვეულოდ იქცეოდა: დიქტოფონში არ იწერდა და არც ბლოკნოტში ინიშნავდა რამეს. ამ გოგომ მითხრა: “დამესიზმრა, რომ სამყაროს აღსასრულის შემდეგ სატელეფონო ჯიხურში იდექით და მთელ კაცობრიობას მიმართავდით, მაგრამ არ იცოდით, ვინმე გისმენდათ თუ არა”. თავი ისეთ ფილმში მეგონა, სადაც ყველა ზომბია.
- ამან მიგიყვანათ წიგნის მთავარ პირობითობასთან: კლონთან, რომელიც დღიურს წერს, რათა მომდევნო კლონმა წაიკითხოს.
- ამ სიტუაციაზე დავფიქრდი: სამყაროს აღსასრულის შემდეგ სატელეფონო ჯიხურში ვდგავარ და როგორც ჩანს, ვლაპარაკობ, მაგრამ არ ვიცი, ხაზის მეორე ბოლოში ვინმე მისმენს თუ ჩემთვის ვლაპარაკობ, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ხმა გავიგონო. მომეჩვენა, რომ ეს შესანიშნავი მეტაფორა იყო, რომელიც ჩემს ყველა რომანს მიესადაგებოდა. იდეის მომწიფებას გარკვეული დრო დასჭირდა. ამასობაში მესამე რომანი დავწერე. მერე სამხრეთ ესპანეთში ბინა ვიყიდე და იქ მკვდარ სეზონზე, იანვარში ჩავედი, როცა ერთ კაცსაც კი ვერ ნახავდით. დაცარიელებულ პლაჟთან მდებარე სახლში ვცხოვრობდი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მარტოდმარტო ვიყავი სამყაროს აღსასრულის ჟამს. პირველი გვერდები იქ დავწერე. დიდი ხნის განმავლობაში მეტი არაფერი დამიწერია.
- როგორ დაინტერესდით რაელიტების სექტით, რომელმაც წიგნში აღწერილი უცნაური რელიგიური სექტის იდეა შთაგაგონათ?
- სხვადასხვა კულტის შესახებ წიგნები შევიძინე. მერე არა-რაელიტებისთვის განკუთვნილ საორიენტაციო შეკრებაზე მივედი.
- და რა მოხდა?
- მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსიები იმართებოდა, რომლებშიც წინასწარმეტყველი მონაწილეობდა. მან გვითხრა, რომ მეცნიერების წყალობით, ბევრი რამ გაუმჯობესდებოდა. ზოგადად, ეს ერთგვარი ნაზავია მეცნიერული პროგრესის მიმართ ტოტალური ოპტიმიზმისა და სექსისადმი ისეთი დამოკიდებულებისა, რომელიც არც მორალურია და არც ამორალური. აი, ეს იზიდავს სექტის წევრებს. რაელიტები ამბობენ, რომ არსებობენ ისეთი უცხოპლანეტელები, რომლებიც განვითარების დონით ბევრად გვისწრებენ და მათ შეუძლიათ ტექნოლოგიური ბედნიერების საკუთარი რეცეპტები გაგვიზიარონ.
- რატომ არის მთავარი გმირი კომიკოსი?
- ეს პერსონაჟი ორი იმპულსიდან ამოიზარდა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ თურქეთის კურორტზე ვისვენებდი და იქაც გაიმართა ისეთი შოუ, რომელშიც სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული დამსვენებლები მონაწილეობდნენ. ერთი გოგო იყო - ალბათ 15 წლის იქნებოდა - ვინც სელინ დიონს ბაძავდა და ცხადი იყო, რომ მისთვის ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საკუთარ თავს ვუთხარი, ნახე, კაცო, ეს გოგო რას აღარ აკეთებს მიზნის მისაღწევად-მეთქი. სასაცილო ის იყო, რომ მომდევნო დღეს მარტო საუზმობდა და გავიფიქრე, აი, უკვე ვარსკვლავის მარტოობაც იგემა-მეთქი. ვიგრძენი, რომ შეიძლებოდა ასეთ მდგომარეობას ადამიანის მთელი ცხოვრება განესაზღვრა. ჰოდა, კომიკოსსაც მსგავსი გამოცდილება აქვს. ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია ხალხის მასები აცინოს, რაც მის ცხოვრებას ცვლის. მეორე იმპულსი კი იმ ნაცნობმა ქალმა მომცა, რომელიც ერთ-ერთი ჟურნალის მთავარი რედაქტორი იყო და ყოველთვის მიწვევდა ხოლმე ისეთ მოდურ ღონისძიებებზე, სადაც, მაგალითად, კარლ ლაგერფელდი იქნებოდა. მინდოდა, ისეთი ვინმეც მყოლოდა რომანში, ვინც ამ სამყაროს ნაწილი იყო.
- კომიკოსის მსგავსად, თქვენც სავალდებულოდ თვლით, რომ ისეთ აქტუალურ პოლიტიკურ თემებს შეეხოთ, რომლებიც ფრთხილ მიდგომას ითხოვს, თან შეურაცხყოფასაც არ ერიდებით. ეს სასაცილოდ მიგაჩნიათ, ამის გამო სიცილით იგუდებით.
- თქვენ იმიტომ იცინით, რომ შეურაცხყოფა იმას ამტკიცებს და აკონკრეტებს, რაც ისედაც ცხადია. შესაძლოა, ეს ლიტერატურისთვის უჩვეულო იყოს, მაგრამ პირად ცხოვრებაში ასეა. „იცი რა, დამეთანხმე, რომ ისლამი იდიოტური რელიგიაა“, - ასეთ რამეს კერძო საუბრებში იოლად იტყვი. ცოტა არ იყოს, მობოდიშების ტონით ნათქვამი ამგვარი ფრაზები ფრანგული კულტურის ნაწილი მგონია. მაგალითად, ერთი გოგო თავის მეგობარზე მესაუბრებოდა, რომელიც საკმაოდ შეუხედავი იყო და აბორტის უფლების დაკანონებისთვის იბრძოდა. მან მეგობართან გამართული საუბრის შინაარსი მომიყვა და დაამატა: „არ მინდა ბოროტი ვიყო, მაგრამ მისი დაორსულება ხომ მაინც არავის მოუნდება“. საუბრის დროს ფრანგები მობოდიშების ტონით ნათქვამ ასეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს გამუდმებით იყენებენ. ამაში საღი აზრი ჩანს, რაც ძალიან მომწონს.
- შეურაცხყოფის განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ. გსიამოვნებთ სხვების შეურაცხყოფა?
- დიახ. ეს მართლაც კმაყოფილებას მანიჭებს.
- თქვენ თქვით, რომ ამაყობდით იმ პოეტური დღესასწაულით, რომელიც „კუნძულის შესაძლებლობის“ ბოლო ნაწილში წარმოგვიდგინეთ. ეს მაშინ ხდება, როდესაც კლონი ნებართვის გარეშე ტოვებს შემოსაზღვრულ არეალს, რათა უდაბნოში იხეტიალოს და სხვა კლონი ეძებოს.
- “კუნძულის შესაძლებლობის” ბოლო ნაწილი ძალიან მომწონს. ჩემი აზრით, მანამდე მსგავსი არაფერი გამიკეთებია, თუმცა ეს არცერთმა კრიტიკოსმა არ აღნიშნა. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ვგრძნობ, რომ არის რაღაც ძალიან, ძალიან ლამაზი ბოლო ნაწილში. ის კარს აღებს და გარეთ სხვა სამყარო ხვდება. როდესაც ამ პასაჟს ვწერდი, ამბავზე დიდად არც ვფიქრობდი, საკუთარი სიტყვების სილამაზით ვიყავი მთვრალი.
ბოლო ნაწილის დასაწერად რომ ვემზადებოდი, უჩვეულო რამ ჩავიდინე: წერა შევწყვიტე. ორი კვირის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, საერთოდ არაფერი. არავის შევხვედრივარ. ხმა არავისთვის გამიცია. როცა რომანს წერ, არ უნდა გაჩერდე. თუ გაჩერდები და ხელს სხვა რამეს მოჰკიდებ, კატასტროფა გარდაუვალია. ამ შემთხვევაში, მე გავჩერდი და არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ, ვიცდიდი, სანამ სურვილი იზრდებოდა.
- თქვენ თქვით, რომ „ციკლოთიმიკი“ ხართ. ეს რას ნიშნავს?
- ასეთ ადამიანებს დეპრესია მუდმივად დიდი სიხარულით ეცვლებათ და პირიქით. თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მართლაც დეპრესიული ვარ.
- ამ დროს როგორი ხართ?
- უბრალოდ, პასიური. მართალია, რომ, როცა საწოლში ვწვები და არაფერს ვაკეთებ, თავს ცუდად სულაც არ ვგრძნობ. სრულიად კმაყოფილი ვარ. ასე რომ, ამას დეპრესიას ვერც კი დავარქმევთ.
- როგორ ახერხებთ იმის თავიდან აცილებას, რასაც თქვენთვის უდიდესი საფრთხე უწოდეთ - ვგულისხმობ გაბრაზებულ გულზე განმარტოებას, როდესაც გამუდმებით იგინებით და იმას იმეორებთ, რომ არაფერში გიმართლებთ?
- აი, ახლა ჩემი სურვილი, ვუყვარდე, საკმარისია იმისათვის, რომ მოქმედებაზე გადავიდე. მე მინდა, რომ ვუყვარდე, მიუხედავად ჩემი ნაკლისა. სულაც არ არის მართალი, რომ პროვოკატორი ვარ. ნამდვილი პროვოკატორი ის არის, ვინც შოკის მოსაგვრელად ისეთ რამეებს ამბობს, რასაც სინამდვილეში არ ფიქრობს. მე კი ვცდილობ, ის ვთქვა, რასაც ვფიქრობ. და როცა ვგრძნობ, რომ რასაც ვფიქრობ, ის უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაშინვე დიდი ენთუზიაზმით ვამბობ ხოლმე. თუმცა, გულის სიღრმეში, მინდა, რომ ამის მიუხედავად ვუყვარდე.
რა თქმა უნდა, მცირე გარანტიაც კი არ არის, რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება.
- “საზოგადოების მტრები”, ანუ თქვენი მიმოწერა ბერნარ-ანრი ლევისთან ახლა შეერთებულ შტატებში ითარგმნება. რამ მიგიყვანათ მიმოწერის წიგნად გამოცემამდე?
- თავიდან ყველაფერი თამაშივით დაიწყო. მსგავსი რამ არასდროს გამეკეთებინა. მთავარი ის არის, რამაც ამის გაგრძელება და ბოლოს გამოქვეყნება გვაიძულა. ეს საკმაოდ მარტივად მოხდა. ვიფიქრეთ, რომ საინტერესო შედეგი მივიღეთ.
- საფრანგეთში რატომ არ ცხოვრობთ?
- ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნაკლები გადასახადი გადავიხადო და ნაწილობრივ იმიტომ, რომ თქვენი ლამაზი ენა ვისწავლო, მადამ. და კიდევ იმიტომ, რომ ირლანდია ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით დასავლეთი.
- საკუთარი ქვეყნიდან არ გაქცეულხართ?
- არა. როცა წავედი, უდავო დიდების ზენიტში ვიმყოფებოდი და ერთი მტერიც არ მყავდა.
- რას ფიქრობთ ანგლო-საქსონურ სამყაროზე?
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ის სამყაროა, რომელმაც კაპიტალიზმი გამოიგონა. კერძო კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რათა წერილები ადრესატებამდე მიიტანონ, ან შენობებიდან ნაგავი გაიტანონ. ინგლისურენოვანი გაზეთების ფინანსური გვერდების რაოდენობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ფრანგული გაზეთებისა.
გარდა ამისა, შევამჩნიე, რომ კაცები და ქალები უფრო დაშორებულები არიან. მაგალითად, რესტორანში შესვლისას ხშირად დაინახავ, რომ ქალები ერთად სადილობენ. ამ თვალსაზრისით ფრანგები „ძალიან სამხრეთელები“ არიან. თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ერთად სადილობა მათ მოსაწყენად მიაჩნიათ. ერთ ირლანდიურ სასტუმროში შევნიშნე, როგორ საუბრობდნენ საუზმობისას მაგიდასთან განმარტოებული კაცები გოლფზე. ისინი წავიდნენ და მათი ადგილი ქალებმა დაიკავეს, რომლებიც სხვა თემას განიხილავდნენ. თითქოს სხვადასხვა სახეობები იყვნენ და დრო და დრო ერთმანეთს გამრავლებისთვის ხვდებოდნენ. კუტზეეს რომანში ერთი შტრიხი ძალიან მომეწონა. მამა ეჭვობს, რომ მის ლესბოსელ ქალიშვილს ცხოვრებაში ერთადერთი რამ აინტერესებს: ოპუნციის ჯემი. ლესბოსელობა მხოლოდ საბაბია. მას და მის პარტნიორს სექსი აღარ აქვთ: ისინი მთლიანად ინტერიერის მოწყობითა და კულინარიით არიან შთანთქმულები.
იქნებ არის სიმართლის მარცვალი ამაში: საბოლოო ჯამში, ქალებს ხომ ყოველთვის უფრო მეტად აინტერესებდათ ჯემები და ფარდები.
- და კაცებს? თქვენი აზრით, რა აინტერესებთ მათ?
- პატარა ტაკუნები. მომწონს კუტზეე. ისიც დაუნდობლად ამბობს რაღაც-რაღაცებს.
- თქვენ თქვით, რომ შესაძლოა თქვენში არის რაღაც ამერიკული. რითი დაამტკიცებთ ამას?
- ძალიან ცოტა რამით. ფაქტია, ამერიკულ გარემოში რომ მეცხოვრა, “Lexus”-ს ავირჩევდი, რომელიც ამ ფასის მანქანებში მართლაც საუკეთესოა. უფრო ბუნდოვანი მტკიცებულებაც მაქვს: ძაღლი მყავს, რომლის ჯიშიც შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულარულია: უელსური კორგი. ერთი რამ, რასაც არ ვიზიარებ, დიდი ძუძუებით ამერიკელების გატაცებაა. უნდა ვაღიარო, რომ ამის მიმართ გულგრილი ვარ. მაგრამ გარაჟი, რომელშიც ორი მანქანა ეტევა? ეს მინდა. მაცივარი, სხვადასხვანაირი საყინულეებით? ესეც მინდა. რაც მათ მოსწონთ, მეც მომწონს.
- თქვენი ახალი რომანი “რუკა და ტერიტორია”, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდით, საფრანგეთში ძალიან მალე გამოვა, თუმცა მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. წავიკითხე, რომ ეს 500-გვერდიანი წიგნია, რომელიც “თანამედროვე საზოგადოებას ხელოვანის წარმატების პრიზმიდან იკვლევს”. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პერსონაჟი თავად ხართ. მართალია?
- რომანი მხოლოდ 450-გვერდიანია. მისი მთავარი გმირი მხატვარია. უელბეკი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, თუმცა მისი გამოჩენა წიგნის სტრუქტურას ბევრად ართულებს. ამის შესახებ მეტის თქმა არ მინდა.
- თქვენი აზრით, რაშია თქვენი წიგნების ხიბლი, მიუხედავად მათი დაუნდობლობისა?
- საპასუხოდ ბევრი რამის თქმა შეიძლება. ჯერ ერთი, ისინი კარგად არის დაწერილი. მეორე ის რომ, რაღაცნაირად გრძნობ: რასაც კითხულობ, სიმართლეა. მესამე, ჩემი საყვარელი პასუხი: ეს წიგნები ღრმაა. დღეს კი სიღრმის ნაკლებობაა. დრო და დრო უარი უნდა თქვა ჰარმონიაზე, უარი უნდა თქვა სიმართლეზეც კი. როცა საჭიროა, ბოლომდე უნდა გადაეშვა სიღრმეებში. აი, ახლა პავლე მოციქულივით ვლაპარაკობ.
- რას გულისხმობთ?
- “ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული - ეს სამი; ხოლო მათგან სიყვარული უდიდესია”. მე ასე ვიტყოდი: ახლა კი რჩება სილამაზე, სიმართლე და სიღრმე; ხოლო მათგან სიღრმე უდიდესია.
- ლავკრაფტის ბიოგრაფიაში დაწერეთ: “ვერცერთი მგრძნობიარე არსება ვერ იარსებებს ერთგვარი ნებაყოფლობითი სიბრმავის გარეშე”.
- ჰო, მართლაც უნდა აირჩიო, რა მოდგმისა ხარ. ცოტა უნდა გააზვიადო.
- რას იტყვით, რა მოდგმისა ხართ?
- შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რომანტიკოსების დიდ მოდგმას ვეკუთვნი.
- იცით, რომ ეს, შესაძლოა, საკვირველი იყოს?
- კი, ასეა. თუმცა საზოგადოება განვითარდა და რომანტიკოსი ის აღარ არის, რაც ადრე იყო. არც ისე დიდი ხნის წინ ტოკვილის “დემოკრატია ამერიკაში” წავიკითხე. დარწმუნებული ვარ, ერთი მხრივ, ძველი ყაიდის რომანტიკოსებს რომ გადახედოთ და მეორე მხრივ, იმას, რასაც ტოკვილი წინასწარმეტყველებს - რა დაემართება ლიტერატურას დემოკრატიის განვითარებასთან ერთად: მთავარ თემად უბრალო ადამიანს აირჩევს, მომავლით ძალიან დაინტერესდება, უფრო რეალისტურ ლექსიკას გამოიყენებს - თვალწინ მე დაგიდგებით.
- როგორია რომანტიკოსის თქვენეული განსაზღვრება?
- ეს არის ადამიანი, ვისაც იმ უსაზღვრო ბედნიერების სწამს, რომელიც მარადიულია და თან ამ წამსვე ხელმისაწვდომი. მას სიყვარულის რწმენა აქვს. სულის რწმენაც აქვს, რაც ჩემში უცნაურად ფესვგადგმულია, მიუხედავად იმისა, რომ სულ ამის საწინააღმდეგო რამეებს ვამბობ ხოლმე.
- უსაზღვრო, მარადიული ბედნიერების გწამთ?
- ჰო, მწამს. და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ უბრალოდ, პროვოკატორი ვარ.

The Paris Review, 2010, No. 206
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ზაზა შათირიშვილი - გოტიკური რომანის გენეალოგია


რა თქმა უნდა, “გოტიკური რომანი” სწორედ ინგლისში უნდა გაჩენილიყო _ ინგლისში, სადაც მოხდა სამონასტრო ცხოვრების ცენტრალიზებული რედუქცია (ფაქტობრივად, აკრძალვა) და არისტოკრატიის “თვით-გარდაქმნა” ბურჟუაზიად.
გოტიკურ ლიტერატურას დაბადების ძალიან ზუსტი თარიღი აქვს: 1764 წელს ინგლისელმა მწერალმა ჰორას უოლპოლმა გამოაქვეყნა თავისი მოთხრობა ოტრანტოს ციხე-კოშკი (The Castle of Otranto), ხოლო მომდევნო, 1765 წელს – ხელმეორე გამოცემისას – თავის ნაწარმოებს ამგვარი ქვესათაური დაურთო _ “გოტიკური ამბავი” (A Gothic Story). სწორედ ასე დაიბადა ეს ახალი ლიტერატურული (და _ არა მხოლოდ ლიტერატურული!) ჟანრი.
არადა, ერთი შეხედვით, ტერმინები _ “გოტიკური რომანი”, “გოტიკური ლიტერატურა” _ აშკარად საშუალო საუკუნეებზე მიანიშნებს. მაგრამ საყურადღებო ისაა, რომ, როგორც ვხედავთ, “გოტიკურ რომანსა” და “გოტიკურ ლიტერატურას” არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს არათუ საშუალო საუკუნეებთან, არამედ _ რენესანსთან და ბაროკოსთანაც კი.
ულპოლისათვის, როგორც ეს კარგად ჩანს მის მიერვე დაწერილი ამ ორი გამოცემის წინასიტყვაობებიდან, მთავარი იყო თანამედროვე და საშუალო საუკუნეების რომანთა სინთეზი. უოლპოლს “თანამედროვეობა” ესმოდა, როგორც “ბუნების მოსმენა”, “ბუნებრივი წესრიგის” გაზიარება, “საღი აზრი”, ხოლო “საშუალო საუკუნეები” _ როგორც სასწაულებისა და ზებუნებრივი მოვლენების _ ჯადოსნურის _ რწმენა: მისთვის საშუალო საუკუნეების ლიტერატურა იყო ის, რასაც დღეს ჩვენ, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის კვალდაკვალ, “ფენტეზის” ვუწოდებთ. ოღონდ, ცხადია, ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტებით _ უოლპოლისათვის ფანტასტიკური ელმენტის არსებობას ლიტერატურულ ნაწარმოებში მხოლოდ ერთი გამართლება ჰქონდა _ წარსული. თანამედროვეობა მისთვის მხოლოდ ბუნებრივი კანონზომიერებისა და საღი აზრის სამეფო იყო.
XVIII საუკუნე განმანათლებლობისა და რაციონალიზმის საუკუნეა _ “რელიგია _ მხოლოდ გონების ფარგლებში” _ ასეთია არა მხოლოდ კანტის, არამედ მთელი ეპოქის სულისკვეთება. სადაც რელიგია მხოლოდ გონებისა და “რაციოს” ფარგლებში მოიაზრება, ცხადია, იქ ჯადოსნურისა და ფანტასტიკურისათვის ადგილი აღარ რჩება. მაგრამ ადამიანს, როგორც ჩანს, არ შეუძლია მითოსისა და ზებუნებრივის გარეშე არსებობა. ამიტომაც, გოტიკური ჟანრის დაბადება განმანათლებლობის სტერილურსა და რაციონალურ ატმოსფეროში ადამიანური ფსიქიკის კომპენსატორულ ფუნქციაზეც (ფროიდის ამ კონცეპტს თუ დავესესხებით) მიგვითითებს.
როდესაც “გოტიკურ ჟანრზე” ვსაუბრობთ, უნდა გავითვალიწინოთ შემდეგი: “ჟანრი” ამ შემთხვევაში პირობითი ტერმინია, რადგანაც “გოტიკურ ჟანრს” მხოლოდ თემატიკა განსაზღვრავს _ ესაა შემაძრწუნებლისა და ზებუნებრივის (თუ ფანტასტიკურის) ისეთი კავშირი, რომელიც მკითხველსა თუ მაყურებელში შიშისა და იდუმალების გრძობას აღძრავს. ამიტომაც, “გოტიკური” შეიძლება იყოს როგორც პროზა (რომანი, მოთხრობა, ნოველა..), ისე _ პოეზია, პიესა თუ ოპერა (მაგალითისათვის, კარლ მარია ვებერის ჯადოსნური მსროლელი, ჩაიკოვსკის პიკის ქალი, ენდრიუ ლოიდ უებერის ოპერის მოჩვენება), ფილმი და კომპიუტერულ თამაში...
განსაკუთრებით პოპულარული გოტიკა ჰოლივუდის ეპოქაში გახდა _ დრაკულასა და ფრანკენშტეინის უამრავი რიმეიქი, ჰიჩკოკის კინემატოგრაფი, ბოლო პერიოდში გაღებული სხვანი (The Others, 2001 წ.) თუ Twilight –ი თავისი გაგრძელებებითურთ _ აი, მცირე ნუსხა იმ ფილმებისა, რომელიც გოტიკის გლობალურ სამეფოს მიეკუთვნება...
საზოგადოდ, “გოტიკური რომანის” ორი ცენტრალური ქრონოტოპოსი სასახლე და მონასტერია. სწორედ ამ ორი ქრონოტოპოსის დემონიზაცია ხდება გოტიკურ რომანში _ გაუგებარი, შეუვსებელი მოცალეობა და “ფუჭი” მჭვრეტელობა გოტიკური ფანტაზმების ადგილი ხდება: “სიცარიელეს” ავსებს ძალადობა და სექსი. გოტიკურ რომანში მონასტერი ესაა ქრონოტოპოსი, სადაც “თარეშობს ინკვიზიცია” (მეთიუ გრეგორი ლუისის რომანი ბერი, ჩარლზ მეტიურინის მოხეტალე მელმოთი და სხვ.) _ ესაა დახვეწილ “წამებათა” ფანტაზმური ადგილი, ხოლო სასახლე პირდაპირი ან ალეგორიული ეროტიკული ორგიების ფონია.
საგულისხმოა, რომ ტრადიციული არისტოკრატიული ცხოვრების დემონიზაცია ჯერ მიტოვებული და მოშორებული სასახლის ხატის მეშვეობით ხდება _ ადრეულ გოტიკურ რომანს ტრადიციული არისტოკრატიული ცხოვრების წესი ჯერ “უბრალოდ” სივრცულ პერიფერიაზე გადააქვს _ ოღონდ ეს მაინც საკუთარ ლანდშაფტში, საკუთარ ტერიტორიაზე ხდება _ ეს ჯერ კიდევ ინგლისი, ან, საზოგადოდ, ევროპაა. თუმცა, სრულიად ცხადია, რომ პერიფერიაზე “გატანა” გაუცხოებასა და დროში დაცილებას გამოხატავს. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში, ამგვარი სასახლე ან მთლიანად წარსულის საკუთრებაა (მაგალითად, ულპოლის მოთხრობაში) ან, საერთოდ, მივარდნილი და დანგრეულია (მაგალითისათვის, ენ რედკლიფის რომანებში).
XIX საუკუნის ბოლოს გოტიკური რომანი უკვე სხვა _ უცხო _ დაცილებულ გეოგრაფიას ეძებს, რადგანაც “ჭეშმარიტად ევროპული” თანამედროვეობა უკვე მთლიანად გაჯერებულია შრომისა და დასვენების ინდუსტრიით (ჩვენი დასვენება ხომ სხვისი შრომის ნაწილია!). ამიტომაც, მაგალითად, ბრემ სტოკერის დრაკულაში მოცალეობის სამყარო უკვე აღმოსავლეთი (“არანამდვილი”) ევროპა _ ტრანსილვანიაა _ სწორედ აქაა გრაფი დრაკულას მივარდნილი სასახლე. ცივილიზაციისაგან თანადათანობითი დაშორება იმასაც მიგვანიშნებს, რომ მოცალეობა უკვე “ბარაბაროსების” ხვედრია, მაშინ როცა ცივილიზებული ადამიანი _ ესაა გეგმაზომიერი ყოველდღიური შრომის ადამიანი, რომლის ხვედრი სწორედ “მოცალეობის ბარაბაროსული ადგილების” მართვა და მათი ცივილიზაციაში ჩაწერაა.

© kalmasoba.com

ჯეიმს ინგლიში - პრესტიჟის ეკონომიკა


ფრაგმენტი წიგნიდან

ჯეიმს ფ. ინგლიში - ამერიკელი კრიტიკოსი, თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის მკვლევარი და კულტურის სოციოლოგი, რომელსაც კულტურული კოდების ერთ-ერთი ,,გამტეხავის" რეპუტაცია აქვს. მისი პირველი დიდტანიანი ნაშრომი ბრიტანულ ლიტერატურაში კომიზმის და ანეგდოტურობის პოლიტიკურ განზომილებებს ეძღვნებოდა. იკვლევს ლიტერატურის სოციოლოგიას, განსაკუთრებით კი მის ინსტიტუციურ და ტრანსნაციონალურ განზომილებებს. ამ ზოგად საკითხებს, ასევე ლიტერატურული პრემიების ისტორიას, საზოგადოების, მკითხველისა და ავტორის ურთიერთმიმართებებს დროის კონიუნქტურის მიხედვით ეხება თავის წიგნში ,,პრესტიჟის ეკონომიკა. პრიზები, ჯილდოები და კულტურულ ღირებულებათა ბრუნვა". 2005 წელს ზოგიერთმა ამერიკულმა გამოცემამ ეს წიგნი წლის საუკეთესო აკადემიურ ნაშრომად დაასახელა. წლების განმავლობაში იყო ჟურნალის Pოსტმოდერნ ჩულტურე რედაქტორი. იკვლევს ბრიტანულ კინოს, ასევე გლობალიზაციის პროცესების ზემოქმედებას კულტურის სფეროზე.


თავის გაყადრების სტრატეგია, ანუ ახალი წესებით თამაში

,,...თუმცა, მინდა მადლიერების გულწრფელი გრძნობა გამოვხატო ბიუროს... უფრო სწორად, კომიტეტის, ანუ ორგანიზაციის მიმართ იმ 10 000 დოლარის გამო, რომელიც მე დამახარჯეს. დღეს მგონი კიდევ ერთი შეხვედრა მაქვს დანიშნული, ამიტომ როგორც არ უნდა მინდოდეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა, დამშვიდობება მომიხდება. დიდად მადლობელი ვარ. სთადს თერქლსაც* (ამერიკელი რადიოწამყვანი და რამდენიმე წიგნის ავტორი) დიდი მადლობა. მადლობა მისტერ კნოფს* (ამერიკელი გამომცემელი), რომელმაც ამწუთას დარბაზში ჩაირბინა, კიდევ მადლობას ვუხდი ბერჟნევს და კისინჯერს, შეერთებული შტატების რეალურ პრეზიდენტს, და ბოლოს მადლობა ტრუმენ კეპოტეს. ყველას მადლობას გიხდით.”
,,პროფესორ" ირვინ ქორის მიერ თომას პინჩონის სახელით 1974 წლის 18 აპრილს, აშშ-ს წიგნის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვა.


ბუკერი მაღალი ხელოვნების სფეროში ერთერთი ყველაზე საპატიო პრემიაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მის გადაცემას სკანდალები და ურთიერთბრალდებებიც ხშირად ახლავს. ,,ბუკერიზაციის", ანუ სკანდალურობის ბრალდება ბევრი სხვა პრემიის მიმართაც გამოითქმის, თუმცა, მათ, ვინც პრემიის მიღებისას მის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებს არ იშურებს, დღეს კულტურის თავისუფლებისათვის მებრძოლებს უკვე იშვიათად უწოდებენ და არც ხელოვანებსა და ბურჟუებს შორის არსებული მუდმივი დაპირისპირების ნაწილად თვლის ვინმე. ასეთები უფრო ერთგვარი თამაშის მონაწილეებად აღიქვამებიან, რომლის წესები - დაპირისპირებულ მხარეთა შემადგენლობაც კი - ამ სფეროსგან შორს მდგომი ადამიანებისთვის უცნობია. ბუკერის პრემია ამ ახალი წესების ყველაზე ხმაურიან ასპარეზადაა ქცეული.
იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეს წესები, ინტერსს მოკლებული არ იქნება გარკვევა, თუ როგორ არღვევენ მათ. მოდით, გავიხსენოთ ამ, და სხვა მსგავსი დაჯილდოებების დროს პრემიაზე უარის თქმის ხშირი და დაუვიწყარი შემთხვევები. დაჯილდოების ცერემონიალი თავისთავად სიმბოლური ურთიერთგაცვლის რიტუალია და მისი ყველა მონაწილე ვალდებულია, ძღვენის, საჩუქრის გაცემის და მიღების წესები დაიცვას. თუ ლაურეატი გამცემების მიმართ უპატივცემულობას ან უმადურობას ამჟღავნებს, მას თითქმის ყოველთვის ზურგს აქცევენ ხოლმე - არათუ მათი კონტრაგენტები, არამედ უფრო ფართო წრეებიც - მაგალითად, მათთან ერთად, ან წინა წლებში წარდგენილი კანდიდატები და ლაურეატები. ამიტომ, როცა პრემიაზე უარს ამბობს, მწერალს, როგორც ჩანს, სიმბოლური კაპიტალის ზრდის იმედი არ უნდა ჰქონდეს. როგორც წესი, პრემიაზე უარს ისინი ამბობენ, ვისი სიმბოლური კაპიტალიც პრემიის ცნებასთან შეუთავსებელია. ამგვარი კაპიტალის პატრონები იმდენად ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ნოვატორები არ არიან, რამდენადაც ამავე სფეროში არსებულ ვითარებასთან შეუგუებელი ხალხი, ,,ერეტიკოსები". მათი როლი ისაა, დამკვიდრებული ზნეობა განაქიქონ, ძღვენზე კი საზოგადებას უარს იმიტომ ეუბნებიან, რომ დამოუკიდებლები დარჩნენ.
თუმცა, პრემიაზე უარის თქმისას უდავო სიმბოლური ავტორიტეტის მქონე ხელოვანიც რისკავს. მაგალითად, სარტრს, როგორც თავადვე ადასტურებდა, არ უნდოდა, 1964 წლის ნობელზე მისი უარი ხმაურიან მოვლენად ქცეულიყო, ამიტომ შეეცადა, შვედეთის აკადემია წინდაწინვე გაეფრთხილებინა და კანდიდატების სიიდან მისი სახელის ამოღება ითხოვა. რაც ამ ამბებს მოყვა, შეიძლებოდა, არც მომხდარიყო, აკადემიის მდივანს მისი წერილი რომ არ დაეკარგა, რომელშიც ფილოსოფოსი ტაქტიანად განმარტავდა, რომ არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ კომუნისტური ქვეყნების მიერ მინიჭებულ პრემიებზეც მთელი ცხოვრება უარს ამბობდა, და თუ ახლა გამონაკლისს ნობელის პრემიის გამო გააკეთებდა, ყველა წინა უარისთქმის იდეას უღალატებდა. ცერემონიაზე სარტრს თავი ძალიან მოკრძალებულად ეჭირა და არაერთხელ მოიბოდიშა იმის გამო, რომ პრემიის მიიღება არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, მისი საქციელი სიმბოლური აგრესიის აქტად იქნა აღქმული - და საამისო მიზეზებიც არსებობდა. ფრანგ მწერალს მართლაც შეეძლო ბერნარდ შოუსთვის მიებაძა: პრემია, თუნდაც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც აეღო, თან მომყოლი თანხა კი მესამე პირებისთვის გადაერიცხა; სანობელე ლექციით შეეძლო მთელი მსოფლიოს ყურადღება შეჭირვებულთა პრობლემებისთვის, ან ვთქვათ, ფრანგულ აფრიკაში კოლონიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლთათვის მიეპყრო და ფულიც მათთვისვე გადაელოცა. სარტრმა კი ნობელის კომიტეტთან ამგვარ თანამშრომლობაზეც უარი თქვა, რადგან სიმბოლურ ,,აღებ-მიცემობაზე" დათანხმება არ ისურვა და როგორც საკუთარ, ასევე კულტურის კაპიტალს - მისი, როგორც შემოქმედის და ინტელექტუალის ფასეულობასა და მნიშვნელოვნებასა და ნობელის კომიტეტის მიერ შეთავაზებულ ფულად კაპიტალს შორის მკაფიო ზღვარი გაავლო. სარტრს რომ პრემია აეღო, მისი სიმბოლური კაპიტალი უდავოდ იზარალებდა, კომიტეტი კი მხოლოდ იხეირებდა - მისი პრემიის მფლობელი ხომ თვით სარტრი იქნებოდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ძღვენი შეიძლებოდა ტროას ცხენი გამომდგარიყო.
1964 წელს კულტურის ველში ჯერაც შეიძლებოდა ისეთ პოზიციაზე დგომა, რომელიც პრემიაზე ნებაყოფლობით უარისთქმას სიმბოლურ მნიშვნელობას მიანიჭებდა. ეს ველი მაღალ კულტურად და ჯერ კიდევ XIX საუკუნეში საფუძველჩაყრილ მასობრივ კულტურად ადვილად იყოფოდა, ანუ, ბურდიეს თქმით, ,,დუალური სტრუქტურისა" იყო. პირველ, მკაფიოდ შემოსაზღვრულ სფეროში, ავანგარდისტები ხელოვნების ნიმუშებს მათსავე მსგავსთათვის და საუნივერსიტეტო წრეების ინტელექტუალებისთვის ქმნიდნენ; მეორე, გაცილებით უფრო ფართო სფეროში სრულიად განსაზღვრული ხარისხის პროდუქტი იქმნებოდა - თავიდან ბურჟუაზიისთვის, შემდგომ კი მასობრივი თავშექცევისა და გართობის მომხმარებლებისთვის. ორად დაყოფილ (ან, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, თითქოს დაყოფილ) ველში ადგილი ემილ ზოლას მსგავსი პიროვნებებისთვისაც მოიძებნებოდა, რომლებიც მაღალი კულტურის სფეროში დაგროვილ სიმბოლურ კაპიტალს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ: დამოუკიდებლობაზე თავიანთ პრეტენზიას რომ დაამტკიცებდნენ, სიმართლის თქმის უფლებაც ეძლეოდათ. 1970-იანი წლების დასწყისშიც კი, ბაზრის დიქტატურის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ბოლო ტალღის დროსაც, ხელოვანს, რომელიც თავის სფეროში აღიარებას მიაღწევდა, შეეძლო საკუთარი თავისთვის პრემიებზე უარის თქმის უფლება მიეცა, თან ისე, რომ მისი სიმბოლური კაპიტალი ამით მხოლოდ მოიგებდა; გავიხსენოთ თუნდაც მარლონ ბრანდოს და ლუის ბუნიუელის მიერ ,,ოსკარზე" უარის თქმა. ,,ოსკარის" ეს და სხვა ცნობილი მოწინააღმდეგეები, მაგალითად, დასტინ ჰოფმანი ან ვუდი ალენი თვლიდნენ, რომ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო არათუ უსარგებლოა, არამედ ზიანის მომტანიც. ,,რა შეიძლება იყოს ამაზე (,,ოსკარის" მიღებაზე- ჯ.ი.) უფრო ამაზრზენი, - ამბობდა ბუნიუელი, - ეგ ნივთი სახლში არასდროს მექნება."
მაგრამ როცა 1982 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ რომანში ავსტრიელმა პროზაიკოსმა ტომას ბერნჰარდმა აღწერა, როგორ გადაწყვიტა 70-იან წლებში არცერთი ლიტერატურული პრემია აღარ მიეღო (რადგან, მისი სიტყვებით, სერიოზული ხელოვანისთვის ,,პრემიით დაჯილდოება თავზე დაფსმას ჰგავს"), მისი პოზიცია უკვე გამიზნულად ძველმოდურად გამოიყურებოდა. მართლაც, ბერნჰარდმა შეგნებულად შექმნა ძველი ყაიდის მწერალი ინტელექტუალის სახე, რომელიც ახალ სამყაროში თავს გაუცხოებულად გრძნობს. წიგნის დაწერის მომენტისთვის ბერდჰარდი პრემიებზე უარს აღარ ამბობდა, ხოლო დასტინ ჰოფმანი, ,,ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალებს, მართალია, განსაკუთრებული აღფრთოვანების გარეშე, მაგრამ მაინც" ესწრებოდა. ჯილდოებზე უარისთქმა რომ გაეგრძელებინათ, მათ უფრო სერიოზულ და მნიშვნელოვან ხელოვანებად მაინც აღარ ჩათვლიდნენ - უფრო ალბათ ისეთ რეტროგრადებად მიიჩნევდნენ, რომელთა პოზიციები ნაცარტუტადაა ნაქცევი, მოქმედების პოლიტიკა კი უიმედოდ მოუძველდათ. მეტიც, უარეს შემთხვევაში, შეიძლებოდა, მხოლოდ პოზიორის რეპუტაცია ეშოვნათ, რომლებიც ხმამაღლა გამოცხადებული მორალური სისპეტაკისგან ერთობ შორს იყვნენ.
პრემიის მიღებისგან თავის შეკავება, რა თქმა უნდა, ჩვენს დროშიც შეიძლება, მაგრამ ამ ჟესტს კულტურის პრესტიჟის მტკიცებასთან აღარაფერი ექნება საერთო; პირიქით, პრემიების უარმყოფთა და გამცემთა ურთიერთობა ბოლო ხანებში ისე გამწვავდა, რომ უარისმთქმელთა ხმამაღალი განაცხადი და სკანდალი თვით ღონისძიებისადმი ყურადღების მიპყრობის და მაშასადამე, მისი წარმატების გარანტირების საშუალებად აღიქმება. როცა 1996 წელს ჯულია ენდრიუსმა პრემია ,,ტონი" უარყო, არავის მოსვლია აზრად, თითქოს ეს ჟიურის წევრების წინააღმდეგ გალაშქრება ან დამოუკიდებელი კულტურული პოზიციის გაცხადება იყო: აშკარად ჩანდა, რომ ამ საქციელით ენდრიუსი საკუთარი დადგმებისადმი ყურდღების გაღვიძებას შეეცადა. პრესამ მართლაც ატეხა ხმაური და ,,ტონის" კომერციალიზაციის შესახებ მოსალოდნელი კომენტარებიც გაჩნდა, მაგრამ პრემიისთვის ამ ყველაფერს ზიანი არ მიუყენებია, მასმედიის საშუალებებში ხშირი მოხსენიება მასზე მატერიალური თვალსაზრისითაც დადებითად აისახა. კრიტიკოსი პიტერ მარქსი ,,ნიუ-იორკ თაიმსის”'ფურცლებზე აღნიშნავდა, რომ ის, რაც ჯულია ენდრიუსმა მოახერხა, ბროდვეის არც ერთ მორეკლამეს არ გამოსვლია. ,,ტონის" ტაბლიოდების პირველ გვერდებზე ერგო ადგილი და იმათ, ვინც ბაზარზე ამ პრემიის წინ წაწევას ემსახურებოდა, დიდი სიხარული მოუტანა. მართლაც, ცერემონიის ტრანსლაცია ენდრიუსის გეგების ჩანაწერით დაიწყო, ღონისძიების მთელი სცენარი კი ამ მსახიობის უარზე და დაუსწრებლობაზე იყო აგებული.
პრემიებზე უარის თქმა უკვე დიდი ხანია, მხოლოდ პარტიებად თამაშის ერთ-ერთ სვლად იქცა, რომელიც ხანდახან ნაკლებ გასაგებ, ხშირად კი ცრუ წინააღმდეგობას ემყარება. თუ პრემია უარყავით, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ თამაშზე თქვით უარი. ამას გარდა, დღეს კულტურის ველში სფერო აღარ დარჩა, რომელშიც ხელოვნების ხალხს ნამდვილად შეეძლებათ პრემიების და ჯილდოების უგულებელყოფა. სიმბოლური კაპიტალისა და გარშემომყოფთა პატივისცემის მქონე მხატვრების, მწერლებისა და ინტელექტუალების უმეტესობამ პროტესტის უფლება სხვებს გადასცა - კონსერვატიული განწყობილებების ჟურნალისტებსა და ძველი ყაიდის ჰუმანიტარ პროფესორებს - თავად კი შეთავაზებული წესებით ოსტატურად თამაშობენ.
ერთი პოზიციიდან მეორისკენ ერთგვარ გარდამავალ სტადიას წარმოადგენდა თომას პინჩონის ბევრისთვის ავადსახსენებელი ესკაპადა 1974 წელს, აშშ-ში, წიგნის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონიალზე. მწერალს ამ ლიტერატურულ ჯილდოს რომანისთვის ,,დედამიწის მიზიდულობის ცისარტყელა" ანიჭებდნენ. იმ წლებში პინჩონს ჯერ კიდევ შეეძლო თავისათვის ასეთ ჯილდოზე უარი თქმის უფლება მიეცა - 1975 მან დინ ჰოუელის მედალზე თქვა უარი, რომელსაც აშშ-ს ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტი და აკადემია გასცემს. პინჩონმა ჟიურის წინასწარ დაწერილი და განზრახ ,,შეურაცხმყოფელი" სიტყვით მიმართა (სადაც ნათქვამი იყო: ,,არ მსურს თქვენი ჯილდო. რაც არ მინდა, თავს ნუ მახვევთ."), მაგრამ დაახლოებით თხუთმეტი წლის შემდეგ მაკარტურის ფონდის პრემია ,,გენიოსი" ისე მიიღო, მცირე უკმაყოფილებაც არ გამოუთქვამს.
პინჩონმა ასეთი მანევრი გამოიყენა: ცერემონიალზე თავის მაგიერ კომიკოსი ირვინ ქორი გაგზავნა. მსახიობმა, რომელიც ,,პროფესორ ირვინ ქორის" ასახიერებდა, ნორმატიული სიტყვის მაგივრად ბანალური სამადლობელი ფრაზების, აკადემიური ჟარგონის, პოლიტიკური თავდასხმების და აზრს სრულიად მოკლებული პასაჟების გამაოგნებელი ნაზავი ,,წარმოთქვა" და შეკრებილი საზოგადოების გაოცება და გაღიზიანება გამოიწვია. ამ გზით პინჩონმა იმდენად მატერიალურ და სიმბოლურ შენამატზე არ თქვა უარი, რამდენადაც ,,უჩინმაჩინი", განდეგილი მწერლის რეპუტაცია განიმტკიცა: პინჩონი ყურადღების ცენტრში მოექცა, არადა, სწორედ ამას გაურბოდა; მას საკულტო მწერლად თვლიდნენ, თუმცა სწორედ ეს ,,საკულტოობა" სძაგდა (დაახლოებით ასეთი რამ დაემართა ჯერომ დ. სელინჯერსაც). ამ გამოხდომის მერე ,,დედამიწის მიზიდულობის ცისარტყელის" - რიგიანი, მაგრამ იქამდე არცთუ პოპულარული რომანის გაყიდვებმა მკვეთრად იმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პინჩონმა კომერციული წარმატება გაუნაღდა რომანს, რომელიც ფართო წრეებისათვის სულაც არ იყო დაწერილი.
მეტიც, ,,პროფესორ ქორის" მონაწილეობით მოწყობილმა დემარშმა ყურადღება პრემიის მიმართაც გააათკეცა და მას სიმბოლური სტატუსი აუმაღლა: თუ ფული (თავის ამგვარი დაფასების მიუხედავად) თავად პინჩონმაც კი აიღო, მაშასადამე, პრემია რაღაცად ღირს. ამან წიგნის ნაციონალურ პრემიას, რომელიც აშშ-ს ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული ჯილდოს სტატუსის მოსაპოვებლად პულიცერს მუდმივ მეტოქეობას უწევდა, პოზიციები განუმტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ პულიცერი აკადემიურ წრეებში მიღებული კრიტერიუმების იერარქიას ყველაზე ადექვატურად ასახავს. თავის მხრივ, პულიცერის პრემიის ჟიურიმ იმ წელს ხმა ერთსულოვნად მისცა სწორედ ,,დედამიწის მიზიდულობის ცისარტყელას", მაგრამ დამფუძნებელთა საბჭო ,,სკანდალურ'ნაბიჯს არ მოერიდა - ასეთი რამ მაშინ პირველად არ მომხდარა - და ჟიურის საკუთარი გემოვნება და მიკერძოებები მოახვია: რომანი ,,უხამსობისა" და ,,წაუკითხვადობის" მოტივით უარყვეს. იმ წელს გადაწყდა, რომ პრემია არც ერთ რომანს არ მიენიჭებოდა.
კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ თამაშობს მწერალი'ახალი წესებით, ტონი მორისონის შემთხვევაა. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ამ მწერალმა ქალმა'აღებული ჯილდოების რაოდენობით ყველა რეკორდი მოხსნა, დიდი ენთუზიაზმით იბრძოდა მათ დასაცავად და მწერლის შრომის პრემიალური აღნიშვნის ინსტიტუტს თავგამოდებით ექომაგებოდა. დღევანდელი საზომითაც კი, მწერალი ნამდვილი ,,პრემიომანიითაა" დაავადებული. გულმოდგინედ იცავს მწერლისთვის დადგენილ ყველა რიტუალს, რომელიც მაშინაა გასავლელი, თუ ის ფულად პრემიას თავს გაუყადრებს. ამის გამო უფრო ადვილია, მორისონი პრესტიჟის მოსაპოვებლად დამოუკიდებლობის დაკარგვაში დაადანაშუალო.
ეს გარემოება 1988-1989 წლების ლიტერატურული სეზონის სკანდალის მიზეზად იქცა. მისი რომანის ,,შეყვარებული" გამოსვლის მომენტისთვის აშშ-ს მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიები აფროამერიკელებს ძალიან იშვიათად ენიჭებოდათ, ხოლო მას მერე, რაც რალფ ელისონმა 1953 წელს რომანისთვის ,,უჩინმაჩინი" წიგნის ეროვნული პრემია მიიღო, შავ ამერიკელ მწერლებს ოცდაათი წლის განმავლობაში აღარ აუღიათ არც ეს, და არც პულიცერის პრემია. ეს ტენდენცია 1980-იანი წლების დასაწყისში, ლიტერატურულ ასპარეზზე აფროამერიკელი ქალი მწერლების გამოჩენასთან ერთად შეიცვალა. წიგნის ეროვნული პრემია სამჯერ და ზედიზედ ერგოთ ჯერ გლორია ნეილორს, შემდეგ პოლა მარშალს და ბოლოს ელის უოქერს. ტონი მორისონი კი, ამ პლეადის ყველაზე გახმაურებული წარმომადგენელი ე.წ. შორთლისთებს აღარ გასცდენია. რომანს ,,შეყვარებული" კრიტიკოსები კვლავაც დიდი ერთსულოვნებით აღიარებდნენ, მაგრამ საქმე ამაზე წინ არ წასულა. სეზონი გრძელდებოდა, ,,შეყვარებული" კი ჯერ წიგნის ეროვნული პრემიის ჟიურის დარჩა შეუმჩნეველი (ჯილდო ნაკლებად ცნობილ ავტორს, ვიეტნამის ომის ვეტერანს, ლარი ჰაინემანს ხვდა წილად; მორისონს კი წარმატება ეჭვქვეშ არ დაუყენებია და დაჯილდოების ცერემონიალზე ლამის ყველა ნათესავი და მეგობარი დაპატიჟა, რომლებსაც სამი მაგიდა მთლიანად ეკავათ), შემდეგ ლიტერატურის კრიტიკოსების ეროვნული ასოციაციას; მორისონის იმედად მხოლოდ პულიცერი რჩებოდა, ეს პრემია კი აფროამერიკელებს ყველაზე ნაკლებად წყალობდა. სწორედ იმ წლით თარიღდება ცნობილი ეპიზოდი, რომელიც მხოლოდ ჩვენს დროში შეიძლებოდა მომხდარიყო: მორისონის ათეულობით მომხრემ, თავადაც საკმაოდ ცნობილმა პიროვნებებმა, მწერლისგან დაუმალავად, პულიცერის ჟიურის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება სცადეს.
ამ ჯგუფმა ,,ნიუ-იორქ თაიმს ბუქ რევიუს" რედაქციას ღია წერილი გაუგზავნა. სხვებს შორის, წერილს ხელი პოეტმა ქალმა, ჯუნ ჯორდანმა, კრიტკოსმა ჰიუსტონ-ბეიკერ ჯუნიორმა და კიდევ ორმოცდაექვსმა ავტორმა მოაწერა. ხელისმომწერები ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილ მწერალ ჯეიმს ბოლდუინს იხსენებდნენ, რომელსაც არც წიგნის ეროვნული და არც პულიცერის პრემია არ ღირსებია, და მას მორისონს ადარებდნენ.
ბოლოს მოხდა ისე, რომ ჟიურიმ პრემია მართლაც ტონი მორისონს მიანიჭა, თან მისმა ყველა წევრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იქამდე მიიღეს, სანამ ზემოთხსენებული ღია წერილი გამოქვეყნდებოდა. მას შემდეგ მწერალმა და მისმა წიგნებმა კიდევ უფრო მაღალი სტატუსი შეიძინა: დღეს ტონი მორისონი ამერიკის ლამის ყველაზე აღიარებულ მწერლად ითვლება, ,,შეყვარებული" კი - მთავარ ამერიკულ რომანად. სკანდალის თავიდან აცილება თითქოს მოხერხდა, მაგრამ მორისონთან დაკავშირებული ინციდენტი ისტორიაში სწორედ რომ ,,სკანდალურ" და ,,საკამათო" (ამ ეპითეტებს იყენებდა მაშინ ათობით ჟურნალისტი რეპორტაჟებში და საგაზეთო თუ საჟურნალე მიმოხილვაში) ამბად დარჩა.
ნაწილობრივ ეს იმის გამო მოხდა, რომ 80-იან წლებში აშშ-ს კულტურული და რასობრივი პოლიტიკა საგრძნობლად იყო გამკაცრებული. კონსერვატიულმა ძალებმა, რეიგანის მეთაურობით, ხელოვნებაში გამოხატულ მულტიკულტურულობაზე გაილაშქრეს. ხელისუფლებამ უნივერსიტეტებს, ფონდებს, გალერეებს, და რა თქმა უნდა, პრემიების დამაარსებლებს ბრალდება წაუყენეს, თითქოს სახელოვნებო ჯილდოების მინიჭებისას ისინი ხელოვნების ნამუშევრის ესთეტიკურ ღირებულებას კი არ ითვალისწინებდნენ, ეროვნული და რასობრივი უმცირესობების წარმოჩენას ცდილობდნენ. როცა ქეროლ იენოუნმა ჰუმანიტარული მეცნიერებების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, თვალსაჩინოებისთვის ტონი მორისონის შემთხვევა მოიყვანა. იენოუნი მხოლოდ მორისონის რომანს და ღია წერილის ხელმომწერ აფროამერიკელ მწერლებს კი არა, პულიცერის ჟიურისაც აკრიტიკებდა, რომელმაც, მისი აზრით, ,,ლიტერატურული ოსტატობის კრიტერიუმები უგელებელჰყო და ამით დემოკრატიული საშუალოობის დიქტატურის დამყარებას შეუწყო ხელი."
ამავე დროს ყველაზე მძაფრი კრიტიკის მომხრეებისთვისაც კი გასაგები იყო, რომ ტონი მორისონის შემთხვევაზე კამპანიის აგება არ ღირდა - ყველაზე მნიშვნელოვანი აფროამერიკელი მწერლის (მისი სახით კი მთელი აფროამერიკული ლიტერატურის) ასე დაკნინება და ამით ხარისხის რაღაც აბსტრაქტული და აპოლიტიკური ლიტერატურული სტანდარტების დამკვიდრება შეუძლებელი იყო. პრემიებზე კონსერვატორების თავდასხმები სინამდვილეში სულ სხვა მიმართულებით ხდებოდა - პირველ რიგში, გაკიცხვა ელის უოქერს და ჩარლზ ჯონსონს ერგოთ. საბოლოოდ სკანდალური რეპუტაცია მორისონს იმის გამო კი არ შერჩა, რომ რეიგანის და უფროსი ბუშის მმართველობის წლებში მულტიკულტურალიზმის და პოლიტკორექტულობის წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული, არამედ სულ სხვა მიზეზით: კულტურის მოღვაწეთა შორის ძღვენების ურთიერთგაცვლის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილების ნიშნები გაჩნდა.
მომხდარს რომ ვაანალზებ, იმაზე დაფიქრება მიწევს, თუ რას ვუწოდებ კულტურის სფეროს თამაშებს, ან ამავე სფეროს პროტოკოლს და ეტიკეტს (რა თქმა უნდა, ამგვარი ეტიკეტის ნორმები უხინჯო სულაც არ გახლავთ, მათ შორის, რასობრივი საკითხის მხრივაც). ტონი მორისონის საქციელმა აღშფოთება იმიტომ გამოიწვია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჯერაც მოქმედებს ერთგვარი კულტურული იმპერატივი, თუმცა, მნიშვნელოვნება კი დღითიდღე აკლდება. ამ იმპერატივის თანახმად, ხელოვანი პრემიაზე მაღლა უნდა იდგეს და მეტ-ნაკლებად ამის დემონსტრირებასაც ახდენდეს - ახდენდეს მისდამი თავის გაყადრებით. როგორც არ უნდა იქცეოდეს ავტორი, ჯილდოს გამცემთა მიმართ მისი სტრატეგია ამ თავის გაყადრებით განისაზღვრება, მისთვის ხომ ნამუშევრის ესთეტიკური ღირებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პუბლიკის აღიარება; გენიოსობა ჯილდოების დევნაში მიღწეული წარმატებებით არ იზომება.
მორისონის და მისი მომხრეების სტრატეგია კი, პირიქით, ხაზს უსვამდა, რომ ნიჭიერების იერარქია და წარმატების იერარქია იდენტური თუ არაა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მაინც დგას. მწერლებისთვის, რომლებმაც ,,ნიუ-იორქ ბუქ რევიუში" გაგზავნილ ღია წერილს ხელი მოაწერეს, პრემიები ეკონომიკური შინაარსის საცდური ან ლამაზად შეფუთული უაზრობა კი არა, ლიტერატურული ველის ცენტრი, ,,კანონის ქვაკუთხედი" იყო. თუმცა, ლაურეატების მიერ წარმოთქმულ სამადლობელ სიტყვებს მუდმივად გასდევს აზრი, რომ პრემია ვერანაირად ვერ იქნება დაჯილდოებული ავტორის შემოქმედებითი მიღწევების ადექვატური, ხოლო პაექრობაში ღირსეულად გამარჯვებული (მაშ უღირსად გამარჯვებულებიც არსებობენ?) პრემიას წონას იმით სძენს, რომ იგი, ავტორი, ახლა, ან მომავალში ზემოხსენებულ კანონში შეაბიჯებს, - სწორედ ასე, და არა პირიქით.
პრემიების მიმართ მწერლების დამოკიდებულების შეცვლას, რის თვალსაჩინოებადაც ტონი მორისონის ,,შეყვარებულის" ისტორია იქცა, ქრისტოფერ ჰიჩენზი ,,ვენითი ფეირის" ფურცლებზე ასე გამოეხმაურა: ,,ჯილდოების მისაღებად დღევანდელი მწერლები ისეთ ოინებს სჩადიან, ,,ოსკარებზე" ყველაზე გამოცდილი მონადირეც გაწითლდებოდა." ლიტერატორი, რომელიც თუნდაც სხვისი პირით აცხადებს, რომ პრემიის მიღება სურს, თვით ხელოვნების (დღევანდელი ჩვენი გაგებით) იდეას შეურაცხყოფს. იგივე ბოლდუინმა თითქოს ჯუნ ჯორდანის კვალდაკვალ დაწერა: ,,პრემიები ლიტერატურის სამყაროში შეფასების ერთადერთი გააზრებული საშუალებაა." ჰიჩენზი დასძენს: ,,ბოლდუინმა თავისი უხინჯო რეპუტაცია ძველი, ნაცადი ხერხით მოიპოვა: ლიტერატურული შრომით, მარტოობით და იმ მკითხველის დატყვევების უნარით, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსების ნაციონალური საზოგადოების შესახებ არც კი სმენოდა."
,,მარტოობა" - აი ჰიჩენზის სტატიის ნიშანმდებლური სიტყვა. ეს სიტყვა იმის გაგებაში დაგვეხმარება, რით განსხვავდება ხელოვნების შესახებ არსებული თანამედროვე წარმოდგენები ადრინდელი შეხედულებისგან, რომელიც შემოქმედებით საწყისს და კომერციულ გათვლას ერთმანეთს უპირისპირებდა. მორისონის მომხრეებს კარგად ესმოდათ, რომ პრემიები სინამდვილეში მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტრუმენტებია. მაგრამ ეს ხალხი დარწმუნებული იყო: ლიტერატურული ნაწარმოები ხარისხს და სიცოცხლისუნარიანობას სწორედ ჯილდოების მეშვეობით იძენს - და დაუფარავად აცხადებდნენ, რომ პრემია ამისთვის ესაჭიროებათ. გაცხადებული მიზნის მიღწევის ხერხებში კი თავიანთ სიმბოლურ კაპიტალს დებდნენ. ყველანი ვხედავთ, რომ აქ პარტიის გათამაშება მეტისმეტი ანგარებით, ურცხვად ხდება, ფსონები და კოეფიციენტები ცნობილია, მოთამაშეები კი გარგებას ღიად და დაუფარავად ითხოვენ. და მხოლოდ ჰიჩენზის მსგავსი კრიტიკოსები გვახსენებენ: სადაც მისი ნამუშევრის ღირებულებას რაღაც კომიტეტები ადგენენ, იქ ლიტერატორს არაფერი ესაქმება.
მაშასადამე, საკითხს, თუ როგორი სტრატეგია და ტაქტიკაა გამართლებული პრემიების გარშემო წამოწყებულ თამაშებში, უფრო ზოგად პრობლემამდე მივყავართ: როგორია ურთიერთდამოკიდებულება ხელოვანსა და საზოგადოებას შორის? ისინი, ვინც პრემიების დევნაზე უარს ამბობენ, დარწმუნებულები არიან: პატივსაცემ მწერალს აღიარების ასე დაუზარელად ძიება არ შეშვენის - ხოლო უკეთესი ის იქნება, თუ აღიარებაზე ნაკლებს იფიქრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვანი საზოგადოების გარეთ დგას, ხელოვანი მარტოა. როცა ბუკერის პრემიის მიერ ლიტერატურაზე მოხდენილ მავნე გავლენაზე წერდა, კრიტიკოსმა ჯონ გროსმა ,,თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში ჰენრი ჯეიმსი გაიხსენა, რომელიც მომავალ რომანისტებს ურჩევდა, საკუთარ დროშაზე სიტყვა ,,მარტოობა" დაეწერათ. რაღა თქმა უნდა, საზოგადოება ამ დროშებზე გამოტანილი დევიზების კითხვით თავს ნაკლებად იწუხებს და ამიტომ შეიძლება მწერალს ბრჭყვიალა საჩუქრების შეთავაზებით თავი მოაბეზროს; მთავარი ისაა, ამ რიტუალურ როკვაში თავად ხელოვანი არ ჩაებას.

თარგმნა ქეთი ქანთარიამ

© kalmasoba.com

გივი ალხაზიშვილი - სამი ლექსი

საფეხური
/ოქტომბრის ეპისტოლე/

..რაც მახსოვს, ისიც დასავიწყებლად

ღამის მტევნები -
ხელისგული გრძნობდა სისავსეს...

რაც შენ წახვედი, სიტყვები გაქრნენ,
ჩემს სათქმელს შორისდებული ჰყოფნის
და ბოლთას ვცემ მეს და მეს შორის.

ახლაც გული ამიჩუყდა,
მაგრამ უცრემლოდ;
ცრემლს სიტყვა იწოვს და აკრისტალებს
იმ დღისთვის, ჟამი რომ დაუდგება.

ის მიყურებს
ალმაცერ სხივით,
მე ხომ ყველაფერს ვიმახსოვრებ დასავიწყებლად.

თვითონ მე ვარ ის საფეხური,
რომელიც უნდა გამოვტოვო
რომ საკუთარ სისუსტეს გავცდე...
9. 10. 2010 წ.

ჩანახატი შენთვის

გაამზეურებ გარდასულ ზამთრებს,
ერთად ყოფნით რომ გადავაგორეთ...
ეგ თვალებია,
აჩქროლებულ გულს რომ მაჩვენებს
და ამავე დროს,
ცას რომ მაგონებს...

რა გულწრფელია ეს ზედაპირი -
ღიმილის კლიშე
და ჩავარდნილ კლავიშის ბგერა,
გულში რომ ჩაწყდა -
სმენით ვპოულობ
და შეხებისას ძარღვებიც ჟღერენ.

ცრუა ეს კარი,
ღიაობით დაკეტილია,
დგას შოუმენი
და საკუთარ თავს აფიარებს,
შეფუთვის სტილი -
მოსაწყენად ინფანტილური,
ესეც პაფსაა და იაფზე იაფი არი...
.....
გამოვრთავ ეკრანს
და ვგრძნობ სინანულს,
შესაბამისი სიტყვის მიგნებით,
ალბათ, დღეიდან შენთვის ვიცოცხლებ
და შენი ნატვრის ჩრდილში ვიქნები.
20. 10. 2010 წ.

ერთ სიტყვაში..

/ოქტომბრის მეორე ეპისტოლე/

...ჩვენც ავყევით, რადგან სისხლში -
ოქტომბრის მზემ გაიდგა ფესვი
და მოგვანატრა ერთმანეთი
და შეგვიძღვა ერთმანეთში და ერთ სიტყვაში, -
უწყვეტელ დროში
და გვაუღლა იმ დღესთან ერთად,
თითქოს რომ იყო,
თითქოს რომ არის...

შენ ხარ ჩემი - შინ,
არ მეშინია,
გაშინაურდა, მგონი, სულეთი
და ვეღარ ვარჩევ მე რომელი ვარ,
ის აჩრდილი თუ
ეს სილუეტი...

მოგეფერები,
მიწა მიწას რომ ეფერება -
სულაც არ არის ჩემთვის სულ ერთი,
რომ მიყვარს, შენი სიახლოვეა,
შენს ხსენებაზე მოვსულიერდი.
30. 10. 2010 წ.

© kalmasoba.com

მარიო ვარგას ლიოსა: დაგვიანებული ნობელის პრემია


ვოლფგანგ შტოკი
სტოკლჰომიდან დღეს შესანიშნავი ამბავი მოვიდა: წლევანდელი ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო პერუელმა მწერალმა მარიო ვარგას ლიოსამ. ისე საკმაოდ დიდხანს კი მოუხდა ცდა.
მარიო ვარგას ლიოსას პირველად ლიმაში 80-იანი წლების დასაწყისში შევხვდი. ცოტა ხნით ადრე ანდებში, უჩურაკეიში, ინდიელებმა რვა ჟურნალისტი ჩაქოლეს. ეს ის დღეები იყო, როცა ქუჩაში პირველად გაისმა სახელი Sendero Luminoso, (ესპ. გაბრწყინებული გზა) და ამ მაოისტი პარტიზნების სისხლიან ტერორს პერუელების ცხოვრება მომდევნო ათი წლის განმავლობაში კალაპოტიდან უნდა ამოეგდო.
უმწიკვლო რეპუატაციის მქონე, თუმცა უკვე სიბერეშეპარულ პრეზიდენტ ფერნანდო ბელაუნდე ტერის აღელვებული საზოგადოების დაწყნარება მართებდა და მოიწვია კიდეც საგამომძიებლო კომისია, რომელსაც უნდა დაეცხრო მღელვარება საზღვარგარეთსა თუ ადგილობრივ ინტელექტუალურ წრეებში. მერედა ვინ იქნებოდა ამ კომისიის ყველაზე სავარაუდო თავმჯდომარე? ბელაუნდეს არჩევანი შეჩერდა მწერალზე, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ სარგებლობდა უსაზღვრო პატივისცემითა და სიყვარულით, თანაც არა მარტო საკუთარ სამშობლოში. ასე გახდა მაშინ ორმოც წელს გადაბიჯებული მარიო ვარგას ლიოსა ამ სამკაციანი კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეს საშინელი შემთხვევა უნდა გამოეძია.
სამყაროს შექმნისას, - მიხსნიდა მოგვიანებით მარიო ვარგას ლიოსა, - ღმერთმა თავს ბოროტი ხუმრობის უფლება მისცა: მილიონ კვადრატულ კმ-ზე ნაკლებ ტერიტორიაზე სამი სრულიად განსხვავებული ნიადაგური ზონა - საჰარა, ტიბეტი და კონგო - ჩააკვეხა. ამ სამ ლანდშაფტურ ზონაში გაბნეულმა, სამ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და რასისტული თუ სოციალური კონფლიქტებით თავგზააბნეულმა 24 მლ პერუელმა დაბალგანვითარებული ქვეყნის ყველა ჭირი და სატკივარი უკლებლივ გამოსცადა.
ისე, ამ შემთხვევაში, გამართლებულია კი საერთოდ „პერუელობასა“ თუ რაიმენაირ ნაციონალურ იდენტობაზე საუბარი, როცა საქმე ეხება სრულიად განსხვავებულ ხალხთა - ინდიელებისა და ჩინელების, თეთრებისა და შავების ჭრელ ნაზავს? სინამდვილეში, პერუ ქვეყნების კონგლომერატია. საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა კულტურათა ერთობლიობა, რომელსაც სამწუხაროდ სიმტკიცე არ გააჩნია. როცა სანაპიროდან მთებში ადიხარ, იცვლება არა მარტო კლიმატური ზონა, არამედ ენაც და ზოგჯერ გეჩვენება, რომ თვით საუკუნეც. ეს მრავალფეროვნება წარმოადგენს სწორედ პერუს უდიდეს პრობლემას, თუმცა, მეორე მხრივ, ისიც მჯერა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრეცაა. ჩვენ სხვადასხვა მდიდარი კულტურის მემკვიდრენი ვართ.

მაგრამ როგორ უნდა შეძლონ ამ განსხვავებულმა კულტურებმა ერთმანეთთან ჰარმონიაში ცხოვრება? ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს თუნდაც სამი განსხვავებული ენა - ორი ინდიელების ენაა: კეჩუა, აიმარა, მესამე - ესპანური - , რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ დისკრიმინაციაზე. ამ წუთში ჰარმონია ძნელად წარმომიდგენია, რადგან კულტურულ განსხვავებულობათა მიღმა ღრმა ეკონომიკური დისპროპორცია იმალება. გლეხების, კეჩუებისა და აიმარებისათვის სამყარო ესპანიზირებული პერუს სახით არსებობს. მეორე მხრივ, არიან ისეთი კულტურები, როგორიცაა ჩინური და აფროამერიკული, რომელთა ინტეგრაცია პერუს საზოგადოებაში უფრო მაღალია. მკვეთრი აფრიკული გავლენა იგრძნობა არა მარტო ჩვენი სანაპირო რეგიონების მუსიკაში, არამედ ლიტერატურაშიც.
მარიო ვარგას ლიოსასასნაირ პიროვნებას ფრანგები დაახასიათებდნენ, როგორც homme d’esprit-ს, ანუ გონიერ ადამიანს. ჰოდა, ამ გონიერმა ადამიანმა ორი თუ სამი არაჩვეულებრივი რომანი გამოაქვეყნა, ყოველკვიურად აცხობს ესეებს, უმრავლეს შემთხვევაში ზღაპრულს, ექსპრომტად წარმოთქვამს ბრწყინვალე სიტყვას. მარიო ვარგას ლიოსა ენობრივი ტექნიკის ისეთი ვირტუოზია, რომლის მსგავსიც ნაკლებად მოიძებნება თანამედროვე ლიტერატურაში, შესანიშნავი იმაჟინისტი და საერთოდ, მაგარი კაცია. იგი ითვლება თავისი სამშობლოსა თუ კონტინენტის თვალმახვილ და სიტყვაუხვ დამკვირვებლად, პიროვნებად, რომელსაც რჩევასაც ეკითხებიან და უჯერებენ კიდეც.
ვარგას ლიოსა დაიბადა 1936 წელს არეკიპაში, პერუს სამხრეთით. არეკიპა მნახველზე ლამაზი ქალაქის შთაბეჭდილებას ახდენს. 800 000-იანი მოსახლეობა ფანტასტიკური მთიანი ლანდშაფტითაა გარშემორტყმული. არეკიპას პერუს თეთრ ქალაქსაც ეძახიან, რადგან ბევრი მისი ქუჩა თუ გზა თეთრი ვულკანური ქვითაა მოკირწყლული. ვულკან El Misti-ს დათოვლილი მწვერვალი თეთრ ბრწყინვალებას ჰფენს ქალაქს, რომელმაც ძირითადად შესძლო თავისი თვალწარმტაცი კოლონიალური არქიტექტურის შენარჩუნება. თუმცა ამ იდილიაა აქ მაინც ბუნების ძლევამოსილება, განაგებს, რომელიც არავინ იცის, როდის დაგატყდება ვერაგულად თავს მიწისძვრისა თუ ვულკანური ამოფრქვევის სახით. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ან ლავამ უნდა დაგწვას, ან მიწამ გიყოს პირი, რადგან ამ მომხიბვლელ ქალაქს და საერთოდ მთელ ამ ქვეყანას თითქოს საზღაური ეზღვება რაღაც ბნელი დანაშაულის გამო.
რა უნდა ქნას ამ სიტუაციაში კარგმა მწერალმა, ნეიტრალური დარჩეს თავისი ქვეყნის აუტანელი მდგომარეობის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აღწეროს, თუ პირიქით, შეაფასოს ყველა ეს წინააღმდეგობრიობა და გათიშულობა? რა თქმა უნდა, პატიოსანი და ჭეშმარიტი ( აუთენტური) ლიტერატურა მხოლოდ და მხოლოდ სინამდვილის ასახვას კი არ წარმოადგენს, არამედ იგი აფიქსირებს თავის პოზიციასა და თვალსაზრისს. იგი ავლენს რაიმე პერსპექტივას და ეს უკვე შეიცავს შეფასების გარკვეულ სახეობას. ყოველ ნამდვილ ლიტერატურას ხომ ბოლოს და ბოლოს კრიტიკული ფუნქცია აკისრია, მე ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში. იგი აყენებს პრობლემას, აღწერს უკმაყოფილებას, სიცარიელეს ან წუთისოფლის გაუტანლობას.
70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ლათინოამერიკული ლიტერატურის პირველმა ბუმმა პიკს მიაღწია, ამ ლიტერატურის მოყვარულთა მიერ შედგენილ „ჰიტპარადში“ მაშინ ექვსი გვარი ლიდერობდა: კოლუმბიელი გაბრიელ გარსია მარკესი, მექსიკელები ხუან რულფო და კარლოს ფუენტესი, კუბელი ხოსე ლეზამა ლიმა, არგენტინელი ხულიო კორტასარი და პერუელი მარიო ვარგას ლიოსა. დღეისათვის თუ ამ სიას თავიდან შევადგენთ, ამ დიდი ექვსეულიდან ორი გვარიღა თუ დარჩება. სამი მათგანი უკვე მშვიდად შეექცევა „დაიკირს“ ზეცაში, ავტორთა დიად სულ „მანიტუსთან“ ერთად, მეოთხე უაზროდ ხარჯავს თავის მომხიბვლელობას ფუჭ ლაყბობასა და უაზრო ფელეტონების წერაში. მხოლოდ და მხოლოდ „გაბო“, ანუ გაბრიელ გარსია მარკესი და მარიო ვარგას ლიოსაღა აგრძელებენ დრიბლინგს მსოფლიო ლიტერატურის იმ ჩემპიონთა ლიგაში, სადაც ადრე გუსტავ ფლობერი და ფრანც კაფკა თამაშობდნენ.

ვარგას ლიოსა ცხოვრობს პოლ ჰარისის დამბასთან Malecón Paul Harris, უზარმაზარ თეთრ ვილაში, რომლიდანაც წყნარი ოკეანე მოსჩანს. თუმცა ლიმას ამ უბანში, ბარანკო რომ ჰქვია და სადაც გამუდმებით ზღვა ხმაურობს, ძნელად თუ მოიძევ მარიოს და მის სათნო მეუღლე პატრიციას. მარიო, პერუს ეს პირუთვნელი მემატიანე დღეისათვის დაკარგულია სადღაც ლონდონსა და მადრიდს შორის, ნაცვლად იმისა, რომ მალაფროლეს კაფეში იჯდეს, ან ამაზონის ნაპირებზე ისიცხებოდეს და თავისი სამშობლოს ისტორიას იკვლევდეს. ფუხიმორის ავტოკრატულ რეჟიმთან ოპოზიციაში ყოფნამ და Sendero Luminoso-ს ტერორისტების მუქარამ იგი აიძულა ოჯახთან ერთად 90-იანი წლების დასაწყისისათვის ევროპაში ეძია თავშესაფარი. 1993 წელს მწერალმა დამატებით ესპანეთის მოქალაქეობაც მიიღო.
მაინტერესებს, რამდენ ავტორს შეუძლია ისეთ ქვეყანაში, როგორიც პერუა, მარტო მწერლობით გაიტანოს თავი. არცერთს, - მპასუხობს მარიო ვარგას ლიოსა. უმეტესობა სხვა პროფესიასაც ითავსებს, მაგალითად ხულიო რამონ რიბეირო, რომელიც დიპლომატიურ სამსახურშია, სხვები ჟურნალისტობენ ან მასწავლებლობენ. თუმცა მასწავლებელიც და ექიმიც საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობს იმ ხელფასზე, რომელიც 200 ან 300 დოლარს არ აჭარბებს, ამ ქვეყანაში ხომ განათლებაზე თავი არასდროს არავის შეუწუხებია, პერუს სკოლებსა და უნივერსიტეტებს აღჭურვაც ცუდი აქვთ და ვერც კარგი სახელით მოიწონებენ თავს. ვისაც საშუალება აქვს, თავის შვილს კერძო სკოლებში ატარებს, მერე კი სტენდორფსა და სორბონაში აგზავნის.
ყველა პრემიისა და ჯილდოს მიუხედავად ამ მაგისტრის (MVLL-როგორც შემოკლებით პერუში ეძახიან) მწერლურ სიკაშკაშეს მცირე ჩრდილი მაინც ადგას. სულ ოცდაათი გაზაფხული ჰქონდა მოყრილი, - კალენდარზე 1966 წელი ეწერა - თავისი Opus magnum (უმთავრესი ნაწარმოები) რომ გამოაქვეყნა. მწვანე სახლი - დროსა და სივრცეში ვირტუოზულად ჩახლართული რომანია და უპირობოდ მიეკუთვნება მე-20 საუკუნის ენობრივად უძლიერეს 20 ნაწარმოებს. მწვანე სახლი - ესაა ისტორიები პერუს ჩრდილოეთით, ქალაქ პიურაში მდებარე საროსკიპოზე და მთელი ქვეყნის მეტაფორული სახე. იგი აღწერს ამ ქალაქის მცხოვრებთა ავხორცულ ვნებებს, ყოველდღიურობაში გამეფებულ პირველყოფილ ძალადობას, მიკროკოსმოსის სახით წარმოგვიდგენს პერუელ ხალხთა ფეთქებადი ერთადყოფნის პერიპეტიებს.
ყველაფერი, რაც კი მწვანე სახლს მოჰყვა უეჭველად კარგი, ან ძალიან კარგია. თუმცა არც დეიდა ხულია და არც დედინაცვლის ქებათქება, ან თუნდაც მისი ბოლო, 2006 წელს გამოსული რომანი საძაგელი გოგონა ახლოსაც ვერ მივა მწვანე სახლის ენობრივ გენიალურობასთან. ერთადერთი თუ დავასახელებთ ორ ნაწარმოებს: საუბარი ტაძარში და უფრო გვიანდელს ვაცის დღესასწაული, თუმცა მწვანე სახლისნაირი მაინც არც ერთი არაა. ალბათ მარიო ვარგას ლიოსა თავს იმ 100 მ დისტანციაზე მორბენალივით გრძნობს, რომელმაც მჩქეფარე კარიერის დასაწყისში ეს დისტანცია 9,7 წამში დაფარა, მერე კი 10,4-სა და 10,6-ს ვერ ჩამოსცდა. ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდულ ასაკში მიღწეული ასეთი შემოქმედებითი პიკი მარტო დონ მარიოს ხვედრი არ არის და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც შეიმჩნევა. განა „ბიტლზების“ წევრმა, პოლ მაკარტნიმ, 21 წლის ასაკში არ შექმნა თავისი საუკუნო სიმღერა Yesterday? 30 წლის არც კი იყო, უკანასკნელი შედევრი Let it be რომ გამოუშვა.

1990 წელს მარიო ვარგას ლიოსა მამაცურად გადაეშვა ისეთივე მრავალწახნაგოვან და ველურ ავანტიურაში, მის რომანებში რომაა აღწერილი - გადაწყვიტა, ქვეყნის პრეზიდენტობაზე ეყარა კენჭი, რომელიც სრულიად განადგურებული იყო სოციალისტ-პოპულისტ ალან გარსიას მმართველობის შედეგად. გამარჯვების იმედს ის უზარმაზარი ავტორიტეტი უნერგავდა, რაც მას თავის სამშობლოში ჰქონდა და რითაც მთელი თავით უსწრებდა მეტოქეებს. ვარგას ლიოსამ წააგო არჩევნები, თანაც სენსაციურად, დიდი ანგარიშით დამარცხდა ვიღაც არარაობასთან, იმ დროისათვის სრულიად უცნობ, იაპონური წარმოშობის „სენიორ-სანთან“, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკოსთან.
ალბერტო ფუხიმორიმ, რომელსაც ხალხი უფრო სიყვარულით, ვიდრე დაცინვით „ჩინელს“ ეძახდა, თავისი თერთმეტწლიანი პრეზიდენტობის მანძილზე მიაღწია ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას, დააპატიმრა Sendero Luminoso-ს შეშლილი მეთაური, ფილოსოფოსი, პროფესორი აბიმაელ გუზმანი. თუმცა ამავდროულად უშიშროების ფაქტობრივი მმართველის, ვლადიმირო მონტესინოს ხელით მთელი ანდების რესპუბლიკა მოაქცია კორუფციისა და თვითნებობის ქსელში. როცა 2000 წელს ეს ქსელი ერთბაშად ჩაწყდა, აზიაში საქმიანი ვიზიტად მყოფმა „ჩინელმა“ თავის ქვეყანას ორსიტყვიანი ფაქსით აცნობა, პრეზიდენტობაზე უარს ვამბობო.
ვარგას ლიოსამ არჩევნებში დამარცხება მაშინ ძალიან რთულად გადაიტანა. ეს როგორ დაემართა, თანაც ვის, ერის უბრწყინვალეს შვილს. თუმცა ინდიელებმა და უპოვრებმა, ანუ ამომრჩეველთა უმეტესობამ მას ორი სიტყვით გამოუტანა განაჩენი: მეტისმეტად თეთრია, მეტისმეტად მდიდარი, მეტისმეტად ევროპელი. მათ უფრო თავისიანად მიიჩნიეს იაპონელი ფუხიმორი, თავისი უცნაური გამოსვლებითა და ცუდი ესპანურით. ინტელექტულურმა სამყარომ კი ნამდვილ ღვთის წყალობად უნდა ჩათვალოს, რომ ვარგას ლიოსამ 1990 წლის არჩევნები პირწმინდად წააგო. პერუელები დაკარგავდნენ შესანიშნავ მწერალს და მიიღებდნენ საცოდავ პრეზიდენტს.
ვარგას ლიოსა ნამდვილი ლიტერატურული ჯადოქარია, ყველაფერი ეხერხება: წერს ყოველკვირეულ სვეტებს ესპანური გაზეთისათვის El País, ქმნის რომანებს, ისეთ ეროტიკას აცხობს, რომ პლეიბოის მკითხველებსაც კი აწითლებს, წერს პიესებს, გამოდის სატელევიზიო შოუებში და სხვა გზა თუ აღარ აქვს, კინოფილმებსაც კი იღებს.
როცა 1967 წელს მარიო ვარგას ლიოსას რომულო გალეგოს სახელობის უაღრესად საპატიო პრემია გადასცეს, ბევრმა მისი სამადლობელი სიტყვა ფიდელ კასტროსა და საერთოდ ამ ნახევარსფეროზე ატეხილი რევოლუციების მგზნებარე ქებად აღიქვა. საინტერესოა, რამდენად შეიცვალა მისი შეხედულებები დროთა განმავლობაში? ახლა როგორ აღიქვამს სამყაროს? რა თქმა უნდა, რაღაც მოსაზრებები შემეცვალა. თუმცა უფრო პოლიტიკურ ნიადაგზე. რაც შეეხება ლიტერატურასა და ლიტერატურულ მოღვაწეობას, ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. იყო დრო, როცა პოლიტიკურად მარქსისტულ ანალიზს ვემხრობოდი. მაშინ მჯეროდა რევოლუციისაც, დაბალგანვითარებულ ქვეყნებში სტრუქტურათა ძალადობრივი შეცვლის აუცილებლობისაც და ამით ვფიქრობდი ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას. თანდათანობით ჩემში მომწიფდა აზრი მარქსიზმის უსამართლობის შესახებ.
რაში მდგომარეობს მარქსიზმის უსამართლობა, - ვეკითხები მწერალს. რადგან სწორედ უსამართლობის აღმოფხვრა იყო ის დევიზი, რომელიც მის დროშაზე ეწერა. პოლიტიკური, პიროვნული და ასევე შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვით ჰქმნიან ისეთ საზოგადოებებს, სადაც ინდივიდს სუნთქვის საშუალება ესპობა. მე რეფორმატორი ვარ და დიქტატურის ნებისმიერ ფორმას ვეწინააღმდეგები. ჩვენი მიზანი უნდა იყოს იმგვარი მშვიდობიანი თანაარსებობა, რომელიც იფუნქციონირებს არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ხალხს რამე მატერიალურსაც შესთავაზებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყნები იტანჯებოდნენ დიქტატორი მმართველების, კორუმპირებული მთავრობებისა და არაეფექტური ადმინისტრაციების გამო. მე ყველანაირი «ხსნის» თეორიების წინააღმდეგი ვარ, მარჯვნიდან იქნება წამოსული თუ მარცხნიდან. არ მჯერა, რომ პრობლემა შეიძლება გადაიჭრას აბსოლუტურად, მხოლოდ შედარებით მოწესრიგებას ვაღიარებ.

სულით, გულით და გამომეტყველებით მარიო ვარგას ლიოსა განეკუთვნება სამხრეთ ამერიკის განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე, ლიბერალურ მოქალაქეთა ნაწილს. მას მერე, რაც 1977-80 წწ. ავტორთა საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტობაც გამოსცადა, ღრმა და გულწრფელი ანტიპათიით განეწყო გერმანელ გიუნტერ გრასისა და კოლუმბიელ გაბრიელ გარსია მარკესის მიმართ. გრასი ორმაგი სტანდარტით ზომავსო, ჩივის ვარგას ლიოსა. ლათინურ ამერიკაში სულ რაღაცეებს იცავს, მაგალითად, კუბაში პრესისა და სამოქალაქო უფლებათა იმგვარ თავისუფლებას მოითხოვს, რასაც თავის მშობლიურ გერმანიაში არასდროს მოიწონებდა. სწორედ გერმანელებს მართებთ გაფრთხილება ყალბი რომანტიზმის მიმართ. ფიდელ კასტრო ნამდვილად არ არის რობინ ჰუდი.
იგი გაბრიელ გარსია მარკესს გულწრფელად სცემს პატივს და მას ნობელის პრემიის ღირსეულ ლაურეტად თვლის. თუმცა სხვა სამხრეთ ამერიკელს, არგენტინელ ხორხე ლუის ბორხესს უფრო კარგ მწერლად მიიჩნევს. როცა მარიო ვარგას ლიოსა ამ სიტყვებს ნობელის ლიტერატურული პრემია წარმოთქვამს და იმ მწერლებზე მსჯელობს, რომლებმაც ეს პრემია მიიღეს და იმათზეც, ვისაც მისი აზრით უფრო ეკუთვნოდა, ხმას მაღლა უწევს და მოუთმენლობა ემჩნევა. თვითონ სიამოვნებით მიიღებდა, ეს მისი უდიდესი სურვილია, აშკარად ემჩნევა. თუმცა შვედეთის ხელოვნების აკადემია აწვალებს, ალოდინებს, ასე გრძელდება 2010 წლამდე.
და აი, დადგა ეს ნანატრი დღე, მიიღო პრემია. დაგვიანებულია, სამწუხაროდ მეტისმეტადაც კი. ამასობაში ბრწინვალება მოაკლდა ლათინოამერიკული რომანის მაგიური რეალიზმის სიკაშკაშეს. მის ბოლო მოთხრობებში მარიო ვარგას ლიოსას ცნობილი სტილი კი იცნობა, თუმცა რაღაც მოძველებული თუ პატრიარქარული იერიც დაკრავს უკვე. თხრობის დონეების მონაცვლეობა, შინაგანი მონოლოგის ტექნიკა, სიუჟეტური ძაფების ჩახლართულობა - ეს თხრობის ის ტექნიკური მრავალფეროვნება იყო, რაც 1977 წლისათვის ყველას ნუსხავდა. მას შემდეგ ნახევარი მარადისობა გავიდა და დღეს ეს ყველაფერი ნოვატორულად და გზის გამკვალავად აღარ ითვლება. ამასობაში სხვა გიჟები გამოჩნდნენ. ამიტომაც გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ ეს პრემია დაგვიანებული და მართლაც დასანანად გაჯანჯლებულია. თუმცა აქვე სასწრაფოდ ვამატებ: ნამდვილად დამსახურებულია.
გერმანულიდან თარგმნა შორენა შამანაძემ


*ავტორის შესახებ:
ვოლფგანგ შტოკი
- მედიამეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი, ავტორი., გამომცემელი. 1995 წლიდან ხელმძღვანელობს მედიასახლს „სპორტლაით ფერლაგი Spotlight Verlag“ მიუნხენში, გამოსცემს ექვს სხვადასხვაენოვან ჟურნალს, ამას გარდა აქვს ორი ინტერნეტბლოგი: www.stockpress.de , რომელშიც ლიტერატურულ წერილებს, ინტერვიუებსა და რეპორტაჟებს ბეჭდავს და www.stocpunkt.com, სადაც მედიებსა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს აქვეყნებს.
© kalmasoba.com