Tuesday, October 23, 2012

თემურ ჩხეტიანი – ახალი ლექსები















მთქნარება

მთქნარება ძილის წინ,
მთქნარება ახლადგაღვიძებულზე.
და ყველაფერი, რაც კი არის - მთქნარებებს შორის.

როგორც სიზმარი დღისა და ღამისა
თავისი ცხადი სტრესებით და კატაკლიზმებით;
თავისი ღამის კოშმარებით და სიურეალიზმით...
მთქნარება გვიან საღამოს,
მთქნარება დილაადრიან.

ჰო,  ყველაფერი სიზმარია:
სიზმარი დღისა,
სიზმარი ღამისა -
ყვავილებიან მდელოზე გამავალი ბილიკით,
თუ მოციმციმე და მოფუსფუსე დარბაზებით;
ავტოსტრადებით თუ ტაიფუნებით;
მეტამორფოზებით
 და კალეიდოსკოპური სისწრაფით ცვალებადი დღეებით...

ყველაფერი სიზმარია -
დაამთქნარე და დაიძინე;
გაიღვიძე და ისევ დაამთქნარე.
მთქნარებისას კი დახუჭე თვალები
და წაუყრუე.

და მაინც... ერთხელ,
როცა დილით გაგეღვიძება,
დაამთქნარებ და გემრიელად გაიზმორები,
შეიძლება გაგეფიქროს შენდაუნებურად,
გაგეფიქროს და გაგეღიმოს:
ვინ შექმნა ეს სამყარო და ეს ყველაფერი?
და ნუთუ ისიც ამთქნარებდა
 თვალმოხუჭული, წაყრუებული,
როდესაც ქმნიდა ?..

 25 იანვარი, 2012 წელი

ყანა, ვენახი, ძროხა...

ყანა, ვენახი, ძროხა...
და კიდევ - ყავისა და თამბაქოს პლანტაციები
სადღაც, ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.

და უამრავი ხელი - ხელები,
ანუ ერთადერთი დიდი ხელის ნებით და სურვილთ.
და ეს ყველაფერი ჩემთვის,
ჩემი დილის საუზმისათვის.

ჩემთვის - ერთი უბადრუკი არსებისათვის,
რომელიც ჭამს პურსა და ყველს;
რომელიც სვამს არაყს და ყავას;
რომელიც ეწევა თუთუნს;
რომელიც დგას საკუთარი სახლის აივანზე,
 შეყურებს იანვრის მზეს და  ფიქრობს:
„ესაა ცხოვრება ?..

ფიქრობს და ასეთივე უკმაყოფილო  სახით დაეხეტება
ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.
29 იანვარი, 2012 წელი

კითხვა

როდესაც  ვხედავ, როგორ ჩუმად და უკვალოდ ქრებიან
ჩემი  ასაკის ადამიანები;

როდესაც ვხედავ, როგორ მიდის ცარიელ შარაზე ფეხარეული ლანდი
და მესმის,
 როგორ იკურთხება ის ღამეში ლამის ყველა მიმართულებით;

როცა ახალგაზრდა, ლამაზი ქალისგან მიყურებს სიმარტოვე
და მესმის მისგან ნათქვამი:
„ თითქოს ყოველღამ სიკვდილთან ვწვებიო“;

როდესაც ყურს მჭრის ყელში გულმობჯენილი ბიჭის სიტყვები:
„მათ უნდათ, რომ ჩვენი თაობაც
 ამ წუმპეში ჩაახრჩონო“;

და, როცა სრულიად ბავშვი - გოგონა -  მეუბნება:
„ძია თემურ, თუ შეიძლება,
თქვენს მხარზე ჩამოვდებ თავს და ვიტირებო“,

არ შემიძლია, არ ამოვიოხრო
და უმისამართოდ არ ვიკითხო:
„ - როდის მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე ?..“

2011 წელი

გაცილება

დამემშვიდობნენ...
ზაფხულმა ხელი გადაჰხვია აგვისტოს და ერთად წავიდნენ.
დავრჩი და თვალი გავაყოლე, მერე შევბრუნდი,
სახლში შევბრუნდი და ღიმილი არ მშორდებოდა.

მერე სუფრა ავალაგე,
ავალაგე და ჭურჭელს ვრეცხავდი;
ვრეცხავდი ჭიქებს, დანა-ჩანგალს, თეფშებს ვრეცხავდი,
ვრეცხავდი და  ისევ ისე მეღიმებოდა...

თეთრ ნიჟარაში
ონკანიდან მომდინარე წყალი ზღვასავით
ხმაურობდა და ლოყაზე ცრემლი
ჩამომიგორდა მარგალიტივით.

ქოთნის ყვავილი

ორი დღის შემდეგ
დედას დაბადების დღეა,
თერთმეტი დღის შემდეგ -
მისი გარდაცვალების...

ეს ქოთნის ყვავილი კი
ისევ ისე ჰყვავის,
როგორც მაშინ,
როგორც ათი წლის წინათ.
...

5 სექტემბერი, 2012 წელი

მამას  დაბადების  დღე

სარკეში იყურები
და კიდევ ერთხელ რწმუნდები იმაში,
თუ როგორ ჰგავხარ მას -
სრულიად ჭაღარა
და სახედაღარული;
მომღიმარი
და თბილნაღვლიანი...

როგორ ჰგავხარ მას,
ვისგანაც ხარ,
ვისგანაც მოდიხარ !..

და უფრო გაუღიმე,
უფრო მოეფერე
მას - შენში დანახულს;
მიულოცე
და მადლობაც
თვითონ უთხარი.

18. 10. 2012 წელი


გარდაცვლილთა მოხსენიების დღე

ხალხმრავალია სასაფლაო -
თითქმის ყველა საფლავთან დღეს ვიღაცა მიდის.

რაოდენობა - რიცხვი მომსვლელ ჭირისუფალთა
ლამის კიდეც უტოლდება
მათ რიცხვს, ვინც აქ მიწისქვეშ წვანან.

წონასწორობა დროებითი, თუნდაც ერთი დღით
და თითქოს ამის აღსანიშნავად
სახელდახელოდ გაშლილი სუფრა -

საერთო სუფრა
ნაღვლიანი ტრაპეზისათვის.

17 აპრილი, 2012 წელი


მსხმოიარენი

სახლის წინ მდგარმა ბებერმა მსხალმა ისევ დაისხა.
დაისხა და როგორ დაისხა! - ვეღარ გაუძლო -
ერთი დიდი, ლამის მთელი ხის ტოლი ტოტი,
ჩამოეხლიჩა.
ნაყოფი კი ჯერ მკვახე იყო,
არ იჭმებოდა -
მეზობელმა გამოკრიფა - ღორისთვის წავიღებო.

ცოტა ხნის მერე
თითქმის ასე მოუვიდა
ახალგაზრდა, ჭიშკართან მდგარ აყლარწულ ქლიავს:
მაგრად ესხა, მასაც ტოტი ჩამოელეწა.
ქლიავები შეთვალული კი იყო, მაგრამ
საჭმელად და სასიამოდ ცოტაოდენი გამოირჩა -
 ბევრი არ ვარგოდა...

მე კი როგორც მეწლეური ხე, წელს ისე ვარ -
მსუბუქად ვარ
და ალბათ ბევრიც გაიფიქრებს:
არაფერი არ ამძიმებსო.
ჰო, მსუბუქად ვარ -
იმ ხეების საფრთხე ალბათ არ მემუქრება -
წელს მე ლექსებიც ვეღარ მოვისხი.

17 ივლისი, 2012 წელი.

წყურვილი

რადგან  ღამეა,
სიბნელეა
და ცაზე  მხოლოდ ვარსკვლავები ჩანან,
მზე  გაქრა?

რადგან ვერ გხედავ,
ვერ გეხვევი,
ვერ  გეფერები,
აღარ  მიყვარხარ ?..

გრაფინიდან  ჭიქაში ვისხამ
წყალს  და  ვეწაფები,
ნაკადული კი
სადღაც  სხვაგან  მიედინება.

დაუმთავრებელი  ამბავი

როცა ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს
და ერთმანეთი გვიხაროდა,
შენ მიამბობდი ხოლმე ერთ საინტერესო ამბავს,
მიამბობდი ნაწილ-ნაწილ, ეპიზოდებად,
მიამბობდი ჩვენსავით ორი ადამიანის შესახებ
და მეც გულისყურით გისმენდი.

ის ამბავი ჩვენი ამბავივით უფრო და უფრო
საინტერესოდ ვითარდებოდა
და მე ყურადღებთ ვიყავი ორივეგან:
იმ ორი უცნობი ადამიანის თავგადასავალშიც
და, რა თქმა უნდა, იმ ამბავშიც,
რაც ჩვენს შორის იყო და ხდებოდა.

მთლად ათასერთი ღამე არა,
მაგრამ ჩვენი და მათი ამბავიც
კარგა ხანს გრძელდებოდა;
გრძელდებოდა და დასასრული
თითქოს არც მას ჰქონდა და არც ჩვენსას უჩანდა.

მაგრამ მოხდა და, ჩვენი ამბავი უეცრად შეწყდა.
შეწყდა, თუმცა არანაირად არ დასრულებულა.
თავისთავად შეწყდა იმ ორის ამბავიც,
რომელსაც ასე ხატოვნად მიამბობდი;
მიამბობდი და მე გისმენდი;
გისმენდი და ერთად ვიყავით.

ერთბაშად შეწყდა ორი ამბავი -
ჩვენიც და მათიც.
ჩემთვის ეს ამბები არ დასრულებულა.
ჩვენი ამბავი ალბათ შენთვისაც არ დამთავრებულა,
თუმცა იმ ორის ამბის ბოლო,
ცხადია იცოდი;
იცოდი, მაგრამ ისე მოხდა,
რომ ვეღარ მიამბე.

მეოთხე  ღამის  ტანკა

როცა გრიგალმა
ლამის ყველაფერი თან გაიყოლა,
აქა-იქ
და უფოთლებოდ დარჩენილმა ხეებმა
ვარსკვლავები გამოისხეს.

სამი  ჰაიკუ

* * *
შენთან რომ მოვიდე,
გზად ჭაობი უნდა გავტოპო,
ალუბლის ყვავილო.

****
ღამით - ხმები რბილად დაცემის,
დილით კი მწიფე გულაბები -
მწვანე ბალახზე.


შემოდგომა

ცის ლურჯ დაფაზე
უკვე  წაშლილია
მერცხლებით  ნაწერი.

სამი მინიმა
***
ბევრი არაფერი,
სულ სამი რამ გამიტყდა
მთელი წლის მანძილზე:
ჭიქა, საფერფლე, გული.

* * *
მეც ვცადე
სინამდვილისთვის თვალის გასწორება,
მაგრამ უმალ
თვალები დამთხარეს.

***
"Nescafe Gold"-
ის მწვანე გემო,
ფანჯრის მიღმა კი
ნირწამხდარი ვარდი...
შემოდგომაა.

© “არილი

Wednesday, October 17, 2012

ბუკერის პრემიის ლაურეატი ჰილარი მენტელი გახდა


ბრიტანელი მწერალი, ჰილარი მენტელი, 2012 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა რომანისთვის "ამოიტანეთ გვამები".
ჰილარი მენტელი ბუკერის პრემიის ისტორიაში შევიდა, როგორც მესამე ავტორი, რომელმაც პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მეორედ მოიპოვა. ის პირველი ქალი გახდა, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ბუკერის პრემია.

ბრიტანელმა მწერალმა პირველი პრემია 2009 წელს რომანისთვის "მგლების დარბაზი" ("Wolf hall") მიიღო. ნაწარმოების სიუჟეტი ინგლისის მეფის, ჰენრი VIII-ს მმართველობის პერიოდზეა და მოგვითხრობს სამეფო კარზე განვითარებულ პოლიტიკურ ინტრიგებზე. რომანის მთავარი გმირი ტომას კრომველი, მეფის მრჩეველი და მასთან დაახლოვებული ისტორიული პიროვნებაა. სწორედ ამ რომანის, "მგლების დარბაზის" გაგრძელებაა მენტელის "ამოიტანეთ გვამები" ("Bring Up the Bodies").ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომაა მენტელი ბუკერის პრემიის ისტორიის გამორჩეული გამარჯვებული. ის პირველი ავტორია, რომელმაც ასეთი მოკლე შუალედით აიღო ბუკერის პრემია 2009 და 2012 წელს . გარდა ამისა ბრიტანელი მწერალი პირველია, რომელსაც ტიტული რომანის გაგრძელებისთვის ერგო. მენტელის და ბუკერის ისტორია შესაძლებელია არც დასრულდეს მწერლის და მისი რომანების ზემოთჩამოთვლილი მიღწევებით. ჰილარი მენტელი ტრილოგიის მესამე ნაწილზე მუშაობს. ჯერჯერობით ახალი რომანის გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის. მესამე წიგნის სამუშაო სახელწოდებაა "სარკე და სინათლე" "The Mirror and the Light".

ბუკერის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ: ეს იყო გრძელი და უნიკალურად საინტერესო მოგზაურობა, არა მხოლოდ ჰილარი მენტელისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ბუკერის პრემიასთანაა დაკავშირებული. ჟიურის წევრებისთვის ეს მოგზაურობა 9 თვიან სამუშაო პროცესს ნიშნავდა, პროცესს, რომელიც სავსე იყო ნერვიულობით და ამავდროულად სიამოვნებით. ჟიურის წევრებმა "შორთ ლისტში" გასული რომანები სულ მცირე სამჯერ წაიკითხეს. ახლა ისინი მათ გადაწყვეტილებაზე საზოგადოების ვერდიქტს ელოდებიან. თუმცა მათ არ აქვს ნერვიულობის მიზეზი, რადგან "ამოიტანეთ გვამები" პუბლიკის და კრიტიკოსების მიერ ერთხმადაა მოწონებული".

Tuesday, October 16, 2012

ლიტერატურული უწონადობა

გადაცემა "ლიტერატურული უწონადობა" მალე "GDS"-ის ეთერში გავა. გადაცემის წამყვანი, მწერალი და პუბლიცისტი, შოთა გაგარინი იქნება. ინტერნეტში გავრცელდა ახალი ლიტერატურული პროექტის რამდენიმე პრომო ვიდეო.


Sunday, October 14, 2012

ჯაბა ზარქუას "მკითხველი უნდა მოკვდეს" - მალხაზ ხარბედია

"მკითხველი უნდა მოკვდეს" - ასე ჰქვია ჯაბა ზარქუას ახალ წიგნს, რომელიც გამომცემელმა, კერძოდ კი, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიაკუთვნა. ასეთ განსაზღვრებას თავად ავტორიც სავსებით იზიარებს და ჩემთან საუბარშიც სწორედ ამ ჟანრს შევეხეთ და ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც ფანტასტიკის ჟანრის წიგნებთანაა დაკავშირებული:

"რომ ვთქვა, ბავშვობიდან სამეცნიერო ფანტასტიკას ვკითხულობდი-მეთქი გამორჩეულად და მაინცდამაინც ეს ჟანრი მქონდა ამოჩემებული, არასწორი იქნება. ეს დავიწყე ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში. ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ყველა სამეცნიერო ფანტასტიკით ვიწყებთ, ვერნით და ამბავით, მაგრამ მაშინაც მაინცდამაინც არ მიზიდავდა, იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, რომელსაც არ მიაჩნდა ეს სერიოზულ ლიტერატურად. და მერე უკვე, ბოლოს, როდესაც წერა დავიწყე - და წერა მე ბავშვობიდან არ დამიწყია, არამედ 18-19 წლის ასაკში, დაახლოებით, - და ჩემს ნაწერს ვაკვირდებოდი, მივხვდი, რომ უფრო ფანტასტიკისკენ, გამონაგონისკენ ვიხრებოდი და სიუჟეტების უფრო მეტად ჩახლართვისკენ ვიჭერდი სიამოვნებას და კაიფს და ასე ნელ-ნელა გადავწყვიტე, მეცადა, თუმცა ამოჩემებული არ მქონდა, რომ მე სამეცნიერო ფანტასტიკას დავწერ მარტო და მეტს არაფერს. ასე არ ვუდგები ამ ამბავს. უბრალოდ, ახლა რაღაცნაირად აჟიტირებული ვარ და აქ ვარ მარტო. მერე, ვნახოთ, რა იქნება."

ეს "სამეცნიერო ფანტასტიკის" ჟანრის წიგნი ჯაბას საკმაოდ ოსტატური და ზუსტი გამოუვიდა. ამაზე მოგვიანებითაც ვიტყვი. მანამდე, უბრალოდ, მინდა მისი წინამორბედები გავიხსენო ერთ სახალისო აბზაცში და შემდეგ თავად რომანზეც გითხრათ ორიოდე სიტყვა. მოგეხსენებათ, ქართულ მწერლობაში ფანტასტიკის ჟანრში სულ ორიოდე ავტორმა სცადა ბედი და მათი კვალი იმდენად უმნიშვნელოა, რომ თანამედროვე პოპულარული ლიტერატურით გაჯერებულ ქართულ წიგნის ბაზარზეც კი განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ ამ ძველი წიგნებიდან. როდესაც ამ წიგნზე გადაცემის კეთება დავიწყე, „გუგლშიც“ დავქექე რაღაცები და ასეთ აბზაცს გადავაწყდი ერთ-ერთ ფორუმზე. მომხმარებელი,  სახელად "Zyklon", წერდა:


"ბავშობაში წავიკითხე რაღაც ქართული. შატილელი ბიჭი ქალაქში სწავლობდა და თბილისის კოსმოდრომიდან იყო მარსზე გაფრენა (პირველი გაფრენა მარსზე), მოკლედ მაგარი ხინკალი ფანტასტიკა იყო. ერეკლე მეორის საგმირო საქმეების გახსენებით და კოსმოსურ ერაში ხევსური ბაბუას მიერ კომპარტიის ქებადიდებით და ასე შემდეგ... ხო და პახოდუ ბოლოში რასაკვირველია იმპერიალისტური ამერიკის ჯაშუშსაც იჭერდნენ, რომელსაც ამ გაფრენის ჩაშლა ჰქონდა დავალებული. დღემდე მახსოვს როგორც ერთერთი იმ სამი ყველაზე ამაზრზენი წიგნიდან, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. კიდე კაი იმ დღეს სხვა წიგნებიც მქონდა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი და მაგ კვერცხობას ეგრევე სტრუგაცკები დავაყოლე, თორე დამახრჩობდა ნამდვილად."

როგორც წესი, ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი წიგნების ხან ავტორები არ ახსოვთ ხოლმე, ხან სათაურები, ხან სიუჟეტები, ახსოვთ მხოლოდ კომიკური დეტალები და ერთი-ორი პერსონაჟის სახელი - ის, რომ მთავარ გმირს ფარნაოზი ჰქვია, ან ის, რომ უცხოპლანეტელი რაჭაში ან მესტიის რაიონის რომელიღაც სოფელში ჩამოვიდა... მოკლედ, ამ ჟანრმა ჩვენთან ვერ იხარა და სიმართლე გითხრათ, თავიდან არც ის მესიამოვნა, რომ ჯაბა ზარქუა ეგრევე ფანტასტიკას ეტაკა. ამ გულდაწყვეტამ ძალიან მალე გამიარა, რადგან პირველივე გვერდებიდან მივხვდი, რომ საქმე ფანტასტიკასთან კი არა, მახვილგონივრულად გაკეთებულ ანტიუტოპიასთან გვქონდა და იგი უფრო ჰაქსლის, ორუელის, ბრედბერის, ბერჯესის, თუნდაც ჩაკ პალანიკის ტრადიციაში უნდა ჩაგვესვა, ვიდრე სტანისლავ ლემის ან არტურ კლარკისაში.

რომანის მოქმედება XXII საუკუნის პირველ მეოთხედში ვითარდება. მსოფლიოში მესამე რაიხის უდიდესი იმპერია ბატონობს, თუმცა არსებობს საქართველოსავით პატარა სახელმწიფო, ვარმშტადი, სადაც 2075 წელს რევულუცია მოხდა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, მკითხველთა და წიგნების სრული დიქტატურა დამყარდა და მთელი ქვეყანა მოიფინა რაღაც კარცერ-ლუქსებით, რომელიც თურმე XX საუკუნის რომელიღაც მწერალს აღუწერია პირველად თავის ერთ-ერთ მოთხრობაში. პოსტრევოლუციურ ვარმშტადელებს ამ იდეისთვის ხორცი შეუსხამთ, კარცერ-ლუქსების გარდა, ვინმე "კლიმებიც" ბლომად დაუქირავებიათ და სულ მალე უცნაური შედეგიც მიუღიათ. ერთ-ერთი მთავარი გმირი ასე ახასიათებს ამ შედეგს: "ჩვენ ვოცნებობდით წიგნების დიქტატურაზე და გულუბრყვილოდ გვწამდა, რომ ეს ისევ და ისევ საზოგადოებისთვის საკეთილდღეოდ იქნებოდა... თუმცა გავიდა დრო... და პოსტრევოლუციურ ვარმშტადში ადამიანი სისტემამ შეცვალა არა თავისსავე საკეთილდღეოდ, არამედ სისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად!"

პატარა სახელმწიფოს - ვარმშტადის - სისტემა საათივითაა აწყობილი და იქ ყველაფერი პროპაგანდაზეა დაფუძნელი. ხუმრობა საქმე ხომ არაა, დიდი მეზობელი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგესხას თავს, პროვოკაციაზე წამოგაგოს, ჯაშუშები შემოგიგზავნოს. ამის გამო წიგნი ძალიან აქტუალურ ქვეტექსტებს სთავაზობს მკითხველს, აქტუალურს და ჯანსაღს, მოქნილს, ირონიულს. სხვათა შორის, ავტორს თავიდან სურდა მთელი რომანი პროპაგანდის თემაზე აეგო, მაგრამ შემდეგ რატომღაც გადაუფიქრია, მომავლისთვის გადაუდვია:

"რაც ყველაზე მეტად მაწუხებს ახლა, დღეს, ეს არის პროპაგანდა - პროპაგანდა, რომელიც უკვე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ყველა ადამიანზე და ამას ვატყობ კიდევაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობაში... თუ როგორ ამძიმებს ხალხს ეს მოჭარბებული დოზებით წამოსული უხარისხო პროპაგანდა. მინდოდა ამაზე დამეწერა, თავიდან საერთოდაც მარტო პროპაგანდაზე მინდოდა დამეწერა და უფრო მეტი ლინკი მინდოდა ყოფილიყო თანამედროვეობასთან, უფრო კონკრეტული კაიფი ამ კონკრეტულ უზნეო ადამიანებზე, მაგრამ ამას მაინც თავი ავარიდე რატომღაც, რატომ, არ ვიცი. ალბათ, სამომავლოდ შემოვინახე. პირველ რომანში მეშინოდა - როგორც ჩანს, ბევრი კომპლექსი მქონდა მაგასთან დაკავშირებით."

ალბათ, ჯაბამ სწორი არჩევანი გააკეთა. პირველ ჯერზე ესეც სრულიად საკმარისი იყო ამ თემის დამუშავებაში. თანაც, მთავარი ისაა, რომ წიგნი მცირე მოცულობისა გამოვიდა და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. რომანში ზედმეტი არაფერია, მასში ძალიან კონრეტული და საქმიანი ქვესათაურებია, მკითხველის რიტმსაც ზუსტად გრძნობს ავტორი, დროითი უკუსვლები და წინსწრებები, პორტრეტები და რეტროსპექტული თხრობებიც ფუნქციურადაა დატვირთული და ნაწერიც ძალიან კარგადაა გამართული. შეიძლება ითქვას, ავტორი ზედმეტად გამართულადაც კი წერს, თითქმის სტერილურად. ეს კი ჟანრის სპეციფიკაშიც კარგად ჯდება, მეორე მხრივ კი, ავტორს სრულიად იხსნის უცხო და ქართული ელემენტების კომიკური შერწყმისგან, რაც ხშირად სდევს ხოლმე თან ე.წ. "ქართულ ფანტასტიკას". პირიქით, წიგნი გარკვეულ პასუხისმგებლობასაც აჩენს მკითხველში და კრიტიკული აღმოჩენებისკენაც კი გვიბიძგებს, ასეთ რამეს კი საქართველოში მხატვრულ ტექსტებში კი არა, პუბლიცისტურ ნაწერებშიც კი იშვიათად შეხვდებით.

© radiotavisupleba.ge

Tuesday, September 18, 2012

ბესიკ ხარანაული – მკვდრების სიმღერა

 როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!

როცა სამართალი ხელთ მახვილს დაიჭერს,
როდესაც ახლები შურისგებით გაძღებიან
და სახრჩობელებიდან გვამებს ჩამოხსნიან,
საფლავებს გათხრიან, ლოდებს გადაყრიან,
ამოაშიშვლებენ, ამოატიტვლებენ
და მკვდრებს, როგორც ცოცხლებს, ისე გალახავენ,
რომ ხსენდეს ის დღე საუკუნეებში
ვით ”მკვდრების გალახვა”...
როცა ყველაფერზე, რაც იმ დღეს მოხდება,
ძეგლი აიგება თუ სახლი დაინგრევა,
წვიმა მოვა თუ მიწისძვრა იქნება,
ბატკანი გაჩნდება თუ ყრმა დაიბადება,
იტყვიან დანანებით თუ თავისმართლებით --
”ეს იყო მკვდრების გალახვის დღესაო”.

მანამდის კი, მანამდის, ვიდრე მიწაში ვართ
და ვისვენებთ ყოველივე ზედმეტობისაგან,
რითაც რომ სიცოცხლე აღჭურავს ადამიანს,
ქალი -- ქალობისგან,
კაცი -- კაცობისგან,
ღარიბი -- ძონძთაგან,
მდიდარი -- ფულისგან,
მეძავი -- სიძვისგან,
პოეტი -- ლექსისგან და სხვა ანცობისგან...
მანამდის,
ვიდრე ძალა შესწევთ ჩვენს ლანდებს,
გაფრთხილებთ:
არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ,
არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!
და უფრო მეტიც...
რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი,
რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც,
რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა,
თუმცა კი ჩვენში არ ერია ერცერთი მართალი,
ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში,
ჩვენ მაინც ვმღეროდით:

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება,
ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ,
ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა,
ვინც ყოყმანით დაიწყო დილა,
ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია,
ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას,
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა და უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა,
ვინც დაკარგულია ”ჰო”-ში და ”არა”-ში,
ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი -- დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის,
ვინც იცის, რომ, რასაც აჰყვები, იმად იქცევი,
რომ, ვინც მსუბუქად ეწევა უღელს, ის უხმოდ კვდება მოხრეშილ გზაზე,
ვინც იცის, რომ სიხარული უბოროტოდ როდი არსებობს,
იმისი მოსვლით მუდამ რაღაც დაივიწყება,
ვინც იცის, რომ ნიჭიერი მილიონჯერ უღალატებს ხოლმე თავის თავს,
უნიჭო კი ერთხელაც არა,
რომ, ვინც არ აფრენს, ის სხვა რამით ზღავს,
ვინც ზიზღის რუკას სიფრთხილით ადგენს, რომ სიყვარულს არ დაამთხვიოს,
ვინც იცის, რა ბოროტებაა, გაღვიძებისთანავე შეუბჯინო ცხოვრებას თვალი,
ვინც იცის, რომ მთავარი სიტყვები უკვე წარმოითქვა
და ახლა საჭიროა მათგან დროზე გაცლა,
ვინც იცის -- ადამიანს ისიც შთააგონებს,
რომ შეუძლია რაღაც შებილწოს,
რომ, უმჯობესია ერთი ნაკლი სრულყო,
ვიდრე მოედო ათას სიქველეს,
რომ, ვინც დალია საწამლავი, თაფლი უკვე ვეღარ უშველის,
რომ მოძულეებს ხიდი არასდროს არ ჩაუტყდებათ,
რომ გაქცეულ ცოლს მზითვით უკან არავინ მისდევს,
რომ სილამაზე არსებობს იმიტომ,
შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებისთვის,
რომ ყველაზე საშინელი გასახსენებელია
სიყვარულის დრო,
რომ ჯეჯილი მოსავალზე მეტი არის, იმედი -- პურზე,
რომ განსაკუთრებით სახიფათონია
ღვთისმოსავები და პატრიოტები
და მორალისტის ერთადერთი თავშესაფარიც -- უზნეობაა,
რომ ხალხმა მარტი პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,
სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა,
ხელი კი არ დაუცალეს, როგორც წვიმას ხელს უცლის ბავშვი,
რომ სიძულვილის გრძნობა ქონება არაა,
მაგრამ სულ უგრძნობლობას მაინც სჯობია,
რომ კაცი მაშინ მღერის ცხოვრებაზე, როცა მასში განსაქონლდება ეშმაკი,
რომ, როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება,
ვგრძნობ, როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი,
რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე,
რომ, განა ი მ ა ს უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა
ვიდრე მე მაქვს -- გაჯავრებისა?
მე ამათში ჩარჩენილი ვარ, ის კი წავიდა,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ ”მე ვტყუი, ესე იგი - ვარსებობ”
და ასე შემდეგ.

ვინც იცის, რომ საპნის ბუშტით ვერ აფრინდები,
იმით მხოლოდ შეიძლება ძირს დაენარცხო --
ქვემოთდახრილ ქუთუთოთა გაკვირვებაში,
ვინც იხუმრა, რომ ორი რამ -- ფული და სული
არავის არ უნდა გაანდო,
ვინც სიკვდილის წინ დაიბარა --
”მეძიეთ მე დაკარგულ საგნებში”,
ვინც იცის, თუ რაზე იოცნებოს: განვითარება და ბუნებრივი კლება
(თითქოს ჭკნობა ყვავილობაში),
როცა სულიცა და სხეულიც ერთად ჩაიწვება,
ვინც იცის, რომ ცხოვრება წაგებულია დავიწყებულ სიზარმაცეებში,
რომ, საქმე და თამაში ის ორი სარკეა,
სადაც ადამიანს თავის სახის ხილვა შეუძლია
და, რომ განუწყვეტელ გადანაცვლებებში
ეს ორი სარკე ერთმანეთს ერწყმის,
ვინც იცის, რომ, თუკი გელოლიავებიან,
ესე იგი რაღაცაზე თვალსა ხუჭავენ,
ვინც იცის, რომ, თუ არ შეეგუები სიბრძნისათვის წაყრუებას და
სილამაზისთვის თითებშორის ცქერას,
ისინი გაგსრესენ,
ვინც არ დაკარგა გულუბრყვილობა, რომ გაიკვირვოს მეათასეჯერ --
რატომ არის ეს ცხოვრება ყოველ წამში ასე ახალი,
როდესაც ასე ძველია და გაცვეთილი,
ვინც იცის, კაცს ეჭვი რომ არ გაუმართლდება,
სიყვარული უნდა დადოს იმის ადგილას,
ვინც იცის, რომ ბრძენი არ დაიცავს თავის სიმართლეს,
ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას, როდესაც მას დაუჯერებენ,
ვინც იცის, რომ საქართველოში
გიჟიც კი არ არის თანმიმდევრული,
რომ ჯვარი, რომელსაც მიაყუდებ, არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის, სულ რომელიც უნდა ატარო
და ასე შემდეგ.

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ვინც ცოლს გაუღრინა - ჩაიცვი, წავიდეთ!..
ეს ცხოვრებაა იმათთვის,
ვინც მრავალწლის ფიქრით შეიგნო,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ საბოლოოს დარწმუნებულები მიწაში წვანან.

ასე ვიცხოვრეთ ჩვენ საქართველოში,
ხან ჯოჯოხეთად რომ ვსახავდით და ხან ლურჯ ქედებად
და თუმცა საჯდომებით სკამებზე ვემაგრეთ,
აზრები მაინც მიმოგვდიოდა
და წვერს ვიპარსავდით რადიოჰანგებზე,
საკუთარი სიმღერა კი საფლავში მიგვქონდა,

და

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!.


© “არილი