Monday, October 13, 2008

დალი კუპრავა

სატკბილეთის ქვეყანა


ირმა მალაციძე, სატკბილეთის ქვეყანა. რედაქტორი მარინე ბედოშვილი, ილუსტრაციები ია გიგოლაშვილისა. თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2004.


წიგნს დიდ-პატარისათვის თვალში მოსახვედრი ლამაზი ყდა აქვს, ამიტომაც არ გამკვირვებია, როცა მაღაზიაში, თაროსთან მდგარს მომესმა "ეს წიგნი მინდა" და ხელმა "სატკბილეთის ქვეყანა" თაროდან აიღო. დამაინტერესა, მოვბრუნდი და ვკითხე, როგორ შეარჩია მეთქი და ყდითო, მიპასუხა მშობელმა, კითხვა ჯერ არ იცისო.
სილამაზეა ის, რასაც ადამიანი, ყველა ასაკში, გვერდს ვერ აუქცევს.
"სატკბილეთის ქვეყანას" სათაურიც მიმზიდველი აქვს. ისიც კი, ვისაც ტკბილ გემოს მწარე, ან ცხარე ურჩევნია, არ უარყოფს, რომ სიტყვა "ტკბილს" მხოლოდ დადებითი ემოცია აქვს. განსაკუთრებით კი ბავშვისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთი ფსიქოლოგიური ტესტია, სადაც ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი ბავშვი შეკითხვას ერთნაირად პასუხობს - "ტკბილი" შეიძლება მხოლოდ კარგი იყოს.
მწერლის მიერ დარქმეული ზღაპრის სათაური მკითხველისთვის ყოველთვის განწყობის შემქმნელია და ამ მხრივაც ავტორის "განზრახვაზე" ლაპარაკობს - ეს ბავშვებისთვის დაწერილი ზღაპარია. ხშირად გვითქვამს კარგი საბავშვო წიგნი უფროსებისთვისაც კარგი საკითხავიაო, მაგრამ ამ შემთხვევაში წიგნი საბავშვოა. ბავშვებს კი ყველაფერი თავისი უფრო უყვართ, ვიდრე უფროსებთან გაზიარებული - სხვადასხვა ზომის ხუთი ერთნაირი ნივთიდან ისინი იმას ირჩევენ, რაც მათი ზომისთვის უფრო შესაფერისია. შინაარსითაც ის ამბავი უყვართ, რაც კარგად მთავრდება, მაგრამ მსვლელობა აუცილებლად დაძაბული უნდა იყოს, გაზადაგზა წინააღმდეგობები, საშიშროებები უნდა ჩნდებოდეს, რაც, უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვს კიდევ უფრო უმტკიცებს კეთილი დასასრულის რწმენას და ამბის ბოლოს სურვილი უჩნდება, ნეტავ კიდევ გაგრძელებულიყოო. "სატკბილეთის ქვეყნის" წაკითხვა შვილებისთვის მშობლებს არაერთხელ მოუწევთ, ისევე, როგორც ერთი და იგივე ზღაპრის მრავალჯერ მოყოლა უწევთ.
სატკბილეთის ქვეყნის ამბავი კი მოგვითხრობს ერთი ქვეყნის, სატკბილეთის ცხოვრებაზე, სადაც ობოლი ბიჭები და გოგონები ქუჩის ამარა არ რჩებიან, სადაც მეფე-დედოფალი ისეთი კეთილები და სამართლიანები არიან, რომ ერთადერთი ქალიშვილის არჩევანსაც, ცოლად გაჰყვეს ღარიბ მოხეტიალე მუსიკოსს, სიხარულით იღებენ.
ამ ზღაპარში კეთილი და ბოროტი გამუდმებით უპირისპირდება ერთმანეთს - სამწერეთის მეფე სატკბილეთს ესხმის თავს, ვეზირი არვინგაგვიგოსი მეფის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, აფთიაქარ ალთეუსის ჯადოსნური წამალი მეფე ნესტარ მეორეს და დედოფალ ზაზუს რამდენიმე საათით კეთილ ადამიანებად აქცევს... მუსიკოს ლინოვიოს მეგობრობა და ხელოვნება ეხმარება, რომ ნაღვლიანი მეფის ასულის გული და ხელი მოიპოვოს. ამ ზღაპარში არის ბევრი შიში, ბევრი განსაცდელი, რომელსაც გმირები მკითხველთან ერთად ძლევენ. ზღაპარში სამართლიანობის და უსამართლობის გამუდმებული ჭიდილი სამართლიანობის გამარჯვებით მთავრდება.
ბავშვისთვის იოლად აღსაქმელია ავტორის მიერ სახელების დარქმევის პრინციპი: ვერაგი ვეზირი არვინგაგვიგოსი, ასეთივე ვერაგი დონ კაკტუსო და მისი შვილები სუსხია და ეკლინა, კეთილი დედოფალი მარმელადინა და მეფე კარამელიუსი, კეთილი გოგონა ვარდია, პრინცესა რაფაელა, გადია ფუნთუშინა, რომელიც მსუქანი უკეთილესი გადიაა, ხარაზი ლანჩა, ბიჭუნა ნიგო, რომელიც ნიგვზის, როგორც ტკბილეულის მეტად გაგემრიელების უტყუარი საშუალებაა, ბოროტი მეფე ნესტარ მეორე.
თუმცა მცირე უყურადღებობები ავტორს მაინც გაპარვია, მაგალითად - ამურთუხუცესი ახ-ოხი ბავშვისთვის გაუგებარი, აუხსნელი სახელი იქნება.
ზღაპარი პირველი პირისგან არის მოთხრობილი, რაც ბავშვებს ძალიან უყვართ - იმათაც ვისაც სხვა უკითხავს და იმათაც, ვინც თავად კითხულობს - ჩნდება შეგრძნება, რომ ამბავს თვითმხილველი უამბობს და ამით ამბავი კიდევ უფრო ნამდვილდება. ბავშვებს არ უყვართ, როცა უფროსები ეუბნებიან ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "ამბობენ", "ნათქვამია", "თურმე" ან "როგორც გვიამბობენ". ისინი ისეთი რეალისტები არიან, რომ უმალ დაიჯერებენ, დონ კაკტუსო ბოროტი კაცია იმიტომ, რომ ეკლიანი სახელი ჰქვია, აბა ხელი მოჰკიდე კაკტუსს, ნახავ რამდენი ხლაფორთი გექნება. ისიც სჯერათ, რომ გოგონა ვარდიას კარგის მეტი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ვერც ჭიამაია შეძლებს ვინმეს გულის ტკენას, მაგრამ მეფე ნესტარ მეორე კეთილი ძალა რომ არ იქნება, ამის მისახვედრად მისთვის ზღაპრის წაკითხვაც არ ღირს. ამ ზღაპარს ბავშვი იმისთვისაც წაიკითხავს, რომ კიდევ ერთხელ იზეიმოს კეთილისგან ბოროტის ძლევა, სიყვარულის და მეგობრობის გამარჯვება და ახალი სასიცოცხლო ძალით აივსოს.
"სატკბილეთის ქვეყანა" კარგი ზღაპარია, უბრალოდ, ის არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა, დიდი ხნის წინათ..." და არ მთავრდება "ჭირი იქა ლხინი აქათი" მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საავტორო ზღაპარია.



© “წიგნები - 24 საათი”

Sunday, October 12, 2008

ვიკი მეჰეფი















ჯეიმს ჯოისის კითხვისას



ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ



როგორ უნდა აღვიქვათ ისეთი ნაწარმოები, როგორიც "ულისეა"? დავუშვათ, რომელიმე "კეთილსინდისიერ" მკითხველს სურს, გულდასმით გაეცნოს ამ წიგნს და, ამასთან, არ შეყოვნდეს მის 31-ე, 152-ე, 314-ე გვერდებზე. წარმოიდგინეთ მისი რეაქცია სტივენის, შემდეგ კი - ბლუმის შინაგან მონოლოგებზე: როგორ განაცვიფრებს მკითხველს უეცარი ვარაუდი, რომ ეს მონოლოგები მძლავრად ზემოქმედებს მისი აზრების უწყვეტ, მდუმარე კომენტარზე. საზრიან მკითხველს უთუოდ თავს შეაწყენს გაჭიანურებული, დეტალებით ჭარბად გაჯერებული პასაჟები. მის იმედგაცრუებასა და გაღიზიანებას გამოიწვევს წიგნის საყოველთაო აღიარება და ამ გრძნობას მხოლოდ ნაწილობრივ შეარბილებს იმის შეგნება, რომ "ულისეს" ძნელად გასაგები იდიომების უმრავლესობა უფრო ქუჩის ჟარგონს განეკუთვნება, ვიდრე - ლიტერატურულ მეტყველებას. ამგვარ მკითხველს, როგორც წესი, აოგნებს ჯოისის სტილი, ზოგჯერ კი ის ემორჩილება მის მომნუსხველ ძალმოსილებას. ხშირად მკითხველი კრიტიკულად (თუმცა ფარული მღელვარებით) ეკიდება სიტყვებისა და განცდების იმ ნაკადს, რომელშიც ასახულია 1904 წლის ერთი დღე. "ითაკაში" მას აოცებს, რომ არავითარი აშკარა ცვლილება არ შეიმჩნევა ლეოპოლდისა და მოლის, ან სტივენისა და ლეოპოლდის ურთიერთდამოკიდებულებებში. მას, უდავოდ, აღაშფოთებს ის ეპიზოდი, როდესაც (565 გვერდის შემდეგ) ბლუმის მზრუნველობაზე სტივენი შეურაცხმყოფელი, ანტისემიტური სიმღერით პასუხობს და არ სურს, მას ღამე გაათევინოს თავისთან. ამგვარ მკითხველს უნდა აუხსნათ, რატომ არ იწვევს მოლის ადიულტერი ნაწარმოების ბოლო ნაწილში ბლუმის კონფრონტაციას ქალთან, და უნდა განუმარტოთ აგრეთვე მომხიბვლელობა "ნაბიჯების ორმაგი ექოსი, რომელიც ღვთის მიერ შექმნილ მიწაზე ხმიანობს, აგრეთვე - აკორდეონის ჰანგებისა, გზიდან რომ გაისმის". დაუსაბუთეთ მკითხველს, რომ ბლუმის ყოყმანს ("მკვლელობა? არასოდეს, რადგან ორმაგი ბოროტმოქმედება მიუტევებელია. დუელი? არა. განქორწინება? ახლა - არა") უპირატესობა უნდა მიენიჭოს ე.წ. "ჰეროიკული" სიტყვებისა ან ქმედებების წინაშე. ამასთან, საბოლოო ანგარიშში მსგავსი მკითხველი, ალბათ, თავს მოტყუებულად მიიჩნევს, რადგან უამრავ დროსა და ენერგიას შეალევს წიგნს და მაინც ვერ მოახერხებს იმ გასაოცარი მდგომარეობის მიღწევას, რომელსაც თავის შექცევას უწოდებენ.
რატომაა, რომ "ულისე" გზას უკეტავს მკითხველებს სიამოვნებისკენ, რომელსაც ისინი მგზნებარედ ესწრაფვიან? რატომაა, რომ მისი გმირები თითქოსდა ცდილობენ, გადაავადონ ნაწარმოების სრულიად ახლებური გაგება, თუმცა იმედს გვიტოვებენ, რომ ამგვარი გაგება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუნდაც - ხვალ? რატომ მთავრდება რომანი მღელვარე მონოლოგით, სადაც გამოთქმულია ურთიერთსაპირისპირო (შეუთავსებელიც კი) სურვილები და თვალსაზრისები? რატომ უტოვებს "ულისე" ქანცგალეულსა და დარეტიანებულ მკითხველს უკმარისობის გრძნობას? თუ ჯოისის ქმნილება არ შეაშინებს მკითხველებს კითხვის პროცესის მოულოდნელობით, ის სიგიჟემდე მიიყვანს მათ მძვინვარე ვნებებით.
"ულისე" არ გვანუგეშებს მკაფიო დასკვნებით, რადგან ნაწარმოების ძირითად მიზანს წარმოადგენს არა გმირების აღწერა-დახასიათება, არამედ - მკითხველთა შინაგანი გარდასახვა. გმირები, ერთი მხრივ, თავიდან ირიდებენ მკითხველებს, მეორე მხრივ კი - ბიძგს აძლევენ მათ, გაიაზრონ სამყაროსთან, ტექსტთან, იდეებთან და ადამიანებთან მიმართებების ახალი შესაძლებლობები. ჯოისის პერსონაჟები უგულებელჰყოფენ მკითხველთა მისწრაფებას, ადვილად (და, მაშასადამე, წინდაუხედავად) გააიგივონ თავი მათთან; ნაწარმოების ენა, აგრეთვე უძალიანდება მისი იოლად ათვისების მცდელობას. როდესაც წყდება გაიგივების ან მექანიკური გაგების პროცესი, მკითხველს თვითრეფლექსიის საშუალება ეძლევა, თუმცა დროის ეს ინტერვალი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვისაც, რომ შევუკურთხოთ ავტორსაც და მის ნაწარმოებსაც. მკითხველთა მასტიმულირებელი ან დამაბნეველი ახლებური პერსპექტივები ხორცშესხმულია ჯერ კიდევ "დუბლინელებში", სადაც მწერალი მიმართავს ე.წ. epiclesis-ს მოთხრობათა დაბოლოების აღსანიშნავად. ჯოისი მიუთითებდა, რომ epiclesis გახლდათ საბრალმდებლო სიტყვის იმ მომენტის აღმნიშვნელი ბერძნული ტერმინი, რომელსაც ბიძგი უნდა მიეცა შესაძლო ტრანსფორმაციისთვის "დუბლინელებში". ჯოისის გმირები "იყინებიან" იმ ზღვარზე, რომლის მიღმა მათი ცნობიერი წვდომა შეუძლებელია. ამ უძრავ ცხოვრებას, ამ "nature morte"-ს არ ახლავს გარკვეული კომენტარი. ავტორი არ მოგვიწოდებს, შემწყნარებლობა გამოვიჩინოთ მისი გმირების მიმართ. აქაც (როგორც შემდგომ "ულისეში") მწერლის ტექნიკა მიზნად ისახავს მკითხველთა სულიერ გარდახორციელებას. ჯოისი გასაოცარი გამჭრიახობით განჭვრეტს ყოფის მომაკვდინებელ ზემოქმედებას ჩვენზე. ამასთან, მისი სტრატეგია სხვადასხვაგვარ ზეგავლენას ახდენს, ერთი მხრივ, გამოცდილ მკითხველებზე, მეორე მხრივ კი - ადვილად "ფროიდიზებად" ახალგაზრდებზე, მაგრამ უკლებლივ ყველას ის ეხმარება, გარდაქმნან მათი ცხოვრების "ენა" "მეტყველებად" (ანუ მოიპოვონ ის შეფარდებითი თავისუფლება, რომელიც, ფრანგ ენათმეცნიერთა მიხედვით, ასოცირდება მეტყველებასთან).
"ულისეს" ერთ ეპიზოდში, კერძოდ, "მზის ხარებში", სტივენი ამბობს, რომ მიმართება გმირსა და მკითხველს შორის, სხეულისა და სულის მიმართების მსგავსად, ზოგჯერ უეცრად კონფლიქტურ ხასიათს ღებულობს. ჩვენ ხშირად უშფოთველად ვაკვირდებით გმირებს, რომლებიც უმკლავდებიან საკუთარ ვნებებს და მით უფრო იოლად მოვთოკავთ ხოლმე ანალოგიურ განცდებს. მაგრამ როდესაც გმირი ვერ ბედავს, ბოლომდე ჩასწვდეს ძალზე არსებითი, გადამწყვეტი მოვლენის არსს, მისი მარცხი სტიმულს აძლევს მკითხველს, ბოლომდე მიიყვანოს ეს ინტელექტუალური ძალისხმევა. სტივენი ვარაუდობს ამგვარ შესაძლებლობას და ლიტერატურულ-თეოლოგიური არგუმენტების მეშვეობით ასკვნის, რომ იმედგაცრუება მატერიალური სამყაროს მიმართ განაპირობებს სულის ტრიუმფებს: სამშობიაროში, მოქეიფეთა წინაშე ის წარმოთქვამს ბლეიკის ან იეიტსის სულისკვეთებით გამსჭვალულ დეკლარაციას, რომლის სტილი ელისაბედის ეპოქის ქრონიკებს მოგვაგონებს:
"იცოდეთ ყველამ, თქვა მან, რომ მარადისობის სრა-სასახლეები დროის ნამუსრევზე აიგება. რას ნიშნავს ეს? ვნების გრიგალი ახმობს მაყვლოვანს, მაგრამ შემდეგ ის იქცევა დროის ჯვარზე აყვავებულ ვარდად. დაიმახსოვრეთ. ქალის საშოში სიტყვა განკაცდება, მაგრამ სულში ყველა არსების შემოქმედისა, საქმე უკვდავ სიტყვად იქცევა. ასე მოხდა სამყაროს შექმნის შემდგომ. Omnis caro ad te veniet".
სტივენი ავითარებს თეორიას ნაყოფის მომწიფებისა და დაბადების ენობრივი გამოხატულებების შესახებ. ამ თეორიას გმირი უკავშირებს ლიტერატურულსა და ქრისტიანულ წარმოდგენებს, რომლებშიც ასახულია ურთიერთმიმართებები ამქვეყნიურ ცხოვრებასა და საიქიოს შორის. მისი აზრით, მიწა და ცა, სხეული და სული დაპირისპირებული და, ამასთან, სადარი ორეულებია, რომლებიც მორიგეობით წარმოშობენ ერთმანეთს. სიტყვა (ან სული) განკაცდება ქალის სხეულში, მაგრამ ამ მოკვდავი სხეულის აღსასრული ხელახლა ზრდის უკვდავ სიტყვას. თეორია სხეულისა და სიტყვის ურთიერთშენაცვლებადობის შესახებ მიესადაგება აგრეთვე მდუმარე, ორმხრივ დიალოგს ავტორსა და მკითხველს შორის, რომელთა მედიატორია დაწერილი, მატერიალური ტექსტი. შემოქმედების პროცესში ავტორი განასხეულებს თავის სიტყვებს, მაგრამ მკითხველიც შემოქმედის როლში გვევლინება, როდესაც "თარგმნის" აღქმულ ტექსტს მის იმგვარ ნაირსახეობად, რომელიც პერმანენტულად ზემოქმედებს ცხოვრების მისეულ გაგებაზე. სტივენი მიიჩნევს, რომ განვითარება რიტმული და ორმხრივი პროცესია. სიკვდილი და სიცოცხლე ურთიერთს აწონასწორებს, ისე, რომ ცხოვრებისეულ ასპარეზზე გმირის დამარცხებამ შეიძლება აიძულოს აღელვებული მკითხველი, თვითონ განახორციელოს გმირის მიზნები.
ჯოისის სიტყვები "განკაცდება" ტექსტის სხეულში, მაგრამ არასრულყოფილმა განკაცებამ შეიძლება რაღაც უფრო სრულყოფილი აღმოაცენოს მკითხველის სულში. როდესაც სტივენი მსჯელობს დროის ნამუსრევზე აგებული მარადისობის სრა-სასახლეების შესახებ, ის გულისხმობს უილიამ ბლეიკის ჩანაწერებს, რომლებშიც გადმოცემულია პოეტის ყოველდღიური წარმოსახული საუბრები ცამეტი წლის წინ გარდაცვლილ ძმასთან. ბლეიკი აღნიშნავს: "ყოველი მოკვდავის აღსრულება უკვდავების მონაპოვარია". ბლეიკი მარადისობას უპირატესობას ანიჭებს დროსთან შედარებით; სულის სრა-სასახლეები ნაცარტუტად აქცევს დროის ნამუსრევს. ამასთან, ჯოისი, ისევე, როგორც მისი თანამემამულე იეიტსი, მიიჩნევს, რომ სული და სხეული გარდუვალად დაპირისპირებული და, თანაც, ურთიერთდაკავშირებული ძალებია. ხელოვნება და ცხოვრება ერთმანეთის შეტრიალებული სარკისებრი გამოსახულებებია. სწორედ ამიტომ ჯოისი არ ცდილობს, რომ მისმა გმირებმა იოლად მოაგვარონ მათი პრობლემები. თუკი მკითხველსა და ტექსტს აკავშირებს შებრუნებული მიმართებები, ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ გმირების წარმატებები აზარალებს მკითხველებს? და იქნებ გმირების მარცხმა მკითხველებს სულიერი სიმხნევე მიანიჭოს? ჯოისის წარმოსახულ სამყაროში ტექსტი წარმოგვიდგება როგორც ეკალი ან ჯვარი, რომელზეც აღმოცენდება და იფურჩქნება ახალი რეალობები. შემეცნების ან გარდასახვის მიზნით ავტორიცა და მკითხველებიც "უნდა მიელურსმონ უმოწყალო წარმოსახვის ჯვარს". ეს არაა მაზოხიზმის ან სადიზმის გამოვლინება, რადგან ავტორსა და მკითხველებს, ჩვეულებრივ, უკვე გააჩნიათ ამგვარი ჯვარცმის გამოცდილება. საკითხავია, შესაძლებელია თუ არა პერიოდული გათავისუფლება (მეტყველება) და როგორ იქცევა ჯვარმცმელი წარმოსახვა - თუ მას გავიაზრებთ, როგორც გზაჯვარედინს - ცხოვრების განახლების საშუალებად?
ჯოისის მსოფლაღქმის ქრისტიანული საფუძველი გამოაშკარავდება, თუ გავითვალისწინებთ ამ რელიგიის ამოსავალ მომენტებს. მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისის ირლანდიაში ქრისტიანული პერსპექტივა გზაჯვარედინს კი არა, ფართო შარაგზას წააგავდა, ეს კი ქვეყანას უქადდა აღმსარებლობათა ისტორიულად განპირობებულ სიმრავლეს. ძნელი იყო ქრისტიანობის მიერ სულიერი რეალობების უპირატესი შეფასების შერიგება ცხოვრების პრაქტიკულ საჭიროებებზე ზრუნვასთან, ამ უკანასკნელს კი ჯოისი იუდაიზმს უკავშირებდა. სტივენი უნდა შეეჯვაროს (დაპირისპირების ან თანალმობის მეშვეობით) ბლუმს, რაც წარმოქმნის "Blephen. Stoom"-ს. უილიამ ბატლერ იეიტსის პოემა "ვარდი დროის ჯვარზე" აგრეთვე გაჯერებულია ქრისტიანული მსოფლაღქმის სხვადასხვაგვარი დანაშრევებით: ვარდი განასახიერებს არა მარტო გვემილსა და აღმდგარ იესოს, არამედ - მრავალტანჯულსა და აღორძინებულ ირლანდიასაც, აგრეთვე - მარადიულ მშვენიერებას, რომელსაც პერიოდულად ანადგურებს ჟამთასვლა, რათა ის კვლავ და კვლავ განახლდეს. ვარდი, რომელსაც ხოტბას ასხამს იეიტსი, ეჯვარება ქრისტიანულ ტრადიციას და ხაზს უსვამს მას: ესაა ქალური საწყისის გამოხატულება და, ამასთან, მოკვდავ სხეულში მფეთქავი გული. ვარდი ჰყვავის იმის წყალობით, რომ გარემოცულია წარმავალი სამყაროთი.
თუ მკითხველი დაძლევს საკუთარ სურვილებს, უარყოფის უდაბნოც კი აყვავდება. სტივენის აზრით, ვნებათა გრიგალის ქროლვით გამხმარი მაყვლოვანი იქცევა ჯვარზე აყვავებულ ამგვარ ვარდად.
თუ კონტექსტს ოდნავ შევცვლით და ეკლისა და ვარდის სიმბოლოებს გამოვიყენებთ ნარატივისადმი, რომელიც უკეთ შეესაბამება "ფინეგანის ქელეხს", ვიდრე "ულისეს", მაშინ მკითხველები წარმოგვიდგებიან ეკლებზე ამოსული ასკილის ვარდის სხვა ნაირსახეობებად. ყოველი მათგანი "მთვლემარე სილამაზეა", რომელსაც ტექსტი მორიგეობით აძინებს და აღვიძებს. ზოგჯერ დაძინება მოვალეობაა: ანა ლივია პლურაბელი ბოლო მონოლოგში, რომელსაც ის წარმოთქვამს "ფინეგანის ქელეხში", საუბრობს "მძინარე სილამაზეთა", როგორც "მძინარე მოვალეობათა" შესახებ, რომელთა გაღვიძებასაც ის სულაც არ ესწრაფვის. ასკილის ვარდის მსგავსად, მკითხველებს აცდუნებს მთვლემარე მსმენელებად ქცევის შესაძლებლობა. ჯოისი ახასიათებს ამგვარ მსმენელებს, როგორც ცოდვისკენ მიდრეკილ "მთვლემარე სილამაზეებს". ამგვარად, მკითხველთა მთავარი მოვალეობაა, დროდადრო იძინონ და გაიღვიძონ, იყონ "მთვლემარე სილამაზეები", რომელთაც ხან აწამებენ, ხან კი - ელაციცებიან. ძილის დროს ისინი ვერ იცნობიერებენ, გაღვიძებისას კი მწვავედ შეიგრძნობენ, რაოდან შემაძრწუნებელია ცხოვრების სიზმარი. ტექსტის მსგავსად, მკითხველი "ფურცელია", მაგრამ ესაა მთვლემარე, შევსებული, შესწორებადი ფურცელი, რომელსაც სხვების გაღვიძების უნარი შესწევს. მკითხველის ახალი ცხოვრება მაშინ იბადება, როდესაც მას ჯვარზე აკრავენ სხვა მკითხველები ან ტექსტი, ან კიდევ - დამარცხებული (და არა წარმატებული) გმირი. სემუელ ბეკეტი უფრო აშკარად მიუთითებს ტექსტის ამ ასპექტზე. "გოდოს მოლოდინში"-ს დასასრულს ვლადიმირი უყურებს თავის მთვლემარე მეგობარს, ესტრაგონს, და კითხულობს: "მეძინა თუ არა, როდესაც სხვები იტანჯებოდნენ? მძინავს თუ არა ახლა? ხვალ, როდესაც გავიღვიძებ ან - მეგონება, რომ გავიღვიძე - რას ვიტყვი დღევანდელი დღის შესახებ?" ის აკვირდება მძინარე პარტნიორს, შემდეგ კი ფიქრობს: "მეც მიყურებს ვიღაც. ჩემზეც იტყვიან, მას სძინავს, მან არაფერი იცის, დაე, იძინოსო". ესაა თვითრეფლექსიით განპირობებული დაეჭვება, რომლის პროვოცირებასაც მიზნად ისახავს ჯოისის მთელი რომანი: მიხვედრა იმისა, რომ სწორედ მაშინ გვღვიძავს, როდესაც ვთვლემთ და უგრძნობელნი ვართ გარესამყაროს მიმართ. ესტრაგონის მსგავსად, ჯოისის გმირები იმით ამთავრებენ, რომ იძინებენ და ელოდებიან ხსნას, რომელიც ჩვევად არ იქცევა. ისინი გამოხატავენ თავიანთ მოწყენას, კაეშანს, მოუთმენლობას, სასოწარკვეთილებას, მაგრამ მკითხველის ძალებს აღემატება, განაცხადოს ვლადიმირთან ერთად, "აი, აქ, ახლა, მთელი კაცობრიობა ჩვენა ვართ, მოგვწონს ეს თუ არა. მოდით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ძალგვიძს, სანამ ძალზე გვიანი არ იქნება".



© “ლიტერატურა - 24 საათი”

ეკა ცხადაძე

ყოფილთა ცხოვრების ესთეტიკა


ირაკლი სამსონაძე, ყურთბალიში (მცირე რომანი). წინასიტყვაობა ანდრო ბუაჩიძისა, რედაქტორი მალხაზ ხარბედია. ყდაზე ლევან ხერხეულიძის ფოტოები. თბ. "არეტე", 2004.


თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ირაკლი სამსონაძე უშეღავათო შემოქმედია, მისი ყველა ტექსტი მკაცრი რეალობის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და ხანგრძლივ შთაბეჭდილებად გვრჩება.
"ყურთბალიში" იმპერიის ნანგრევებში მოყოლილ ხალხსა და ქვეყანას ეხება, მისი მკაცრი რეალიზმი სულისშემძვრელი და ნაღვლიანია. მასში ყველანაირი ადამიანური განცდაა ფოკუსირებული, თითქმის ყველა ახლო წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენაა გახსენებული და ცხოვრების მდინარების კვალდაკვალ ნაჩვენები. "ყურთბალიში" ქაოსის ქმნილებაა, დაშლილი საზოგადოების წუხილია წესრიგსა და სამართლიანობაზე.
ირაკლი სამსონაძე გვიწერს მხატვრულ ტექსტს "ყოფილებზე" და თავის თავს მისსავე ცენტრში მოიაზრებს, ეს არის "ყოფილი მწერლის ცხოვრება ყოფილების საზოგადოებაში". მოქმედების თანამიმდევრობაც ქაოტური დროის შესაფერია, ერთ-ერთი გმირი სამივე ომში დამარცხების შემდგომ იარაღს გაყიდის და კონტრაბანდისტობას იწყებს.
პირველ პირში თხრობას ყოველთვის ახლავს ხოლმე ერთგვარი დუნე განვითარება სიუჟეტისა, მაგრამ ირაკლი სამსონაძის რომანსა თუ მოთხრობაში ამგვარი თხრობის უხერხულობანი სურათთა მონაცვლეობით არის დაძლეული. შთამბეჭდავია მსჯელობა "ყოფილთა" ამქარზე, როცა ყველაფერი შექცეული და გაუკუღმართებულია, როცა მართლაც დაირღვა "დროთა კავშირი" და ყოველი დილა "დაღლილობით იწყება"...
ტაქსის მძღოლი – ყოფილი მშენებელი
სამშენებლო ფირმის მეპატრონე – ყოფილი ექიმი
პოლიტიკოსი – ყოფილი სპორტსმენი
ვაჭარი – ყოფილი გლეხი
წვრილი კონტრაბანდისტი – ყოფილი მწერალი...
"ყოფილი" ადამიანების თემატიკამ ქართული მწერლობა რამდენიმეჯერ მოიცვა, ეს იყო საფუძვლიანი განსჯისა და ყურადღების საგანი გასული საუკუნის პირველ ნახევარში, ეს ახლაც საგანგებო ყურადღების ღირსია. ყოფილი ადამიანი ამაზრზენად ჟღერს და სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი მის არსში გარკვევა. ირაკლი სამსონაძე სწორედ "ყოფილების" შესწავლას ცდილობს, საგანგებოდ ინტერესდება ამ პრობლემით და უწინარესად საკუთარი პიროვნების შეცნობას ცდილობს.
"ყურთბალიში" ოჯახის განცალკევებაზეცაა, როცა დედა იძულებულია ცალკე გავიდეს და შვილისა და რძლის გარეშე მოიწყოს თავისი სადგომი. შვილს არ შეუძლია აიძულოს ორი ძვირფასი ქალი ერთად ცხოვრებაზე დაითანხმოს, მას ეს სურს და არც სურს, საბოლოოდ ყველაფერს ოჯახის მთავარ "კრუხად" ქცეული მეუღლის, ქეთინოს ნება წყვეტს და იქმნება ის რეალობა, რასაც ირაკლი სამსონაძე გვაწვდის. ასეთია ცხოვრება, ასეთები ვართ ჩვენ დღეს, ასეთები არიან ჩვენი მამაკაცები და გადაჭრით ვერავინ იტყვის, ცუდია ეს თუ კარგი.
ირაკლი სამსონაძის პერსონაჟს ყველაფერს ინერტული ყოფა და სიმშვიდე ურჩევნია. ასეთი ფუფუნება სრულიად ზედმეტი ჩანს მისი პატარა ოჯახის ცხოვრების ფონზე. ქაოსი და არამდგრადი "გარდამავალი პერიოდი" აქტიურ მოქმედებას მოითხოვს, თავად მწერალი და ინტელექტუალი იძულებული ხდება, "მისდიოს დროს" და "იყოს სოფელში"... მწერალს, შემოქმედს, მჭვრეტელს "ტვირთად" აწევს ყოფიერების ხუნდი – საკუთარი ოჯახი. მეორდება მრავალჯერ ჩავლილ-ჩასავლელი, რომელიღაც მზიამ აუცილებლად უნდა შეაგდოს ყოველდღიურობის ბილიკზე რომელიღაც მინდია. ამ მინდიამაც უნდა იომოს, უნდა დამარცხდეს, უნდა დაემორჩილოს ქალის მაცდურობას და აიკიდოს თავისი წილხვდომილი "ბუწუწაქსოვილიანი ტომარა". ირაკლი სამსონაძის "ყურთბალიშის" უმთავრესი ღირსებაა ისიც, რომ მას მთლიანობაში ჰყავს წარმოდგენილი თავისი ქვეყანა, მისი იმპერიიდან თავდაღწევის შემდგომი არსებობა.
კონტრაბანდისტობა იძულებითი ნაბიჯია უმეტესობისთვის და რახან იძულებითია, შედეგებსაც მიზერულს იძლევა. ამგვარი "ზარმაცი" კონტრაბანდისტები "ზარმაცად მდგომი ბლოკპოსტებისთვის" ორლარიანებს იმარაგებენ. ძირითადად ამგვარი ცხოვრებაა ნაჩვენები, მაგრამ არც დიდი "გაქანების" საქმოსნების ნამოღვაწარია დავიწყებული, მათ ორლარიანების მომარაგება არ სჭირდებათ და "ბლოკპოსტებიც" ლიფსიტებისთვისაა გათვლილი. ესენი სხვაგვარი კონტრაბანდისტები არიან, სხვა მფარველები ჰყავთ და სხვა პრობლემები აწუხებთ. ამ ორბიტაზე ყურთბალიშის ხიბლი არ ვრცელდება, მისი სიმბოლიკა არ მოქმედებს, მემკვიდრეობითობის და ტრადიციის სიმყარის შეგრძნება მათ სისტემაში მხოლოდ ფულთან არის დაკავშირებული. ყოფიერების არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ასეც უნდა იყოს, უნდა გვქონდეს ყველანაირი მაგალითი, უნდა გვყავდეს ყველანაირი ხალხი, უნდა განვიცადოთ მარცხის სიმწარეც და გამარჯვების სიხარულიც. ირაკლი სამსონაძის "ყურთბალიში" ყოველივე ამას შეიცავს, იგი მარტო შავი ყოველდღიურობის კონტექსტში როდი ჯდება, მასში არის გააზრება ადამიანური ბუნების სხვადასხვა გამოვლენის, მეგობრობისა და თანადგომის სიწრფელის, სინანულის და შთამომავლობის გადარჩენის.
მეგობრობისა და თანალმობის პლასტს ვახოს პერსონაჟი წარმართავს. ვახო არის ამამოძრავებელი ჩვენი მთხრობელი გმირის, რომელსაც ყველაფერს ტელევიზორთან ჯდომა და კარგი ამბის მოლოდინი ურჩევნია. ბოლოს ისიც იძულებული ხდება, აჰყვეს ვახოს და რადიკალურად შეიცვალოს ცხოვრების ნირი. იძულება და აუცილებლობა ამ შემთხვევაში თანასწორუფლებიანი ცნებებია, მათი ერთიანობა მართლაც შთამბეჭდავად აისახა ტექსტში.
ირაკლი სამსონაძის ნაწერის დამაჯერებლობას ხელს უწყობს სხვადასხვა მოვლენათა ცვალებადობა. გარეთ გასული მწერალი მხოლოდ საშოვარზე როდი გადის, ამით იგი ფსკერის მრავალგვარობას ეზიარება, ეცნობა მანამდის განუცდელს. ალღოს უღებს მიუღებელს და ადრე წარმოუდგენელს.
ფსკერიც ორგვარია ირაკლი სამსონაძის "ყურთბალიშში", ერთნი იძულებით არიან მასზე განრთხმულნი, მეორენი უბრალოდ არც იცნობენ სხვაგვარ არსებობას, ანუ "ძროზე" ერთუჯრედიანნიც და მოაზროვნენიც თანაბრად ცხოვრობენ, ფსკერის ცხოვრებას ოცნებები ალამაზებს, იმედი ასულდგმულებს და შედარებით გასაძლისს ხდის. ვისაც იტალიური კინემატოგრაფის ნეორეალიზმი ახსოვს, ძალიან კარგად გაიგებს პოსტსაბჭოური ქვეყნების პირქუშ მომხიბვლელობას. ირაკლი სამსონაძე ძალიან მისანდო და უბრალო შემოქმედია, მისი პოზა არ არის ძალდატანებითი, იგი არ აწუხებს მკითხველს, მას შეუძლია შეინარჩუნოს პიროვნულ-შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი და ისე აუბას მხარი დროის მოთხოვნებს.
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სიმბოლოა "ყურთბალიშში" – გმირს ერგნეთში მიაქვს ბუწუწა ქსოვილისგან შეკერილი ტომარა, მასში ათავსებს წიწიბურას, სხვადასხვა პროდუქტს და უნაწილებს ჯიხურებში ლეილას, მაკასა და დარეჯანს. დროთა განმავლობაში ტომარა სიმბოლოდ იქცევა, სადაც მოქცეულა გმირისთვის ძვირფასი წარსული, ასევე ძვირფასი აწმყო და მომავალი. ტომარა მოუცილებელი რამ ხდება მწერლისთვის, იგი მისი სიზიფეს ლოდია, აკიდების დღიდან მშობლიური. ვახო (ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი) ვეღარ უძლებს, მწერალი იტანს, ერთს არც ცოლი ჰყავს და არც შვილი, მეორეს ორივე ჰყავს და დამატებით დედის მხარდაჭერაც ეგულება. ვახომ სამივე ომი წააგო, მწერალმა სამივე განიცადა, მაინც სამივეს ომს ვეძახით, თორემ სინამდვილეში როგორ იყო და რა იყო, მხოლოდ ყველაფერში გარკვეულმა და წილდებულმა აფთრებმა უწყიან.
იმპერიამ ვეღარ შეძლო შეგუებოდა გარდუვალობას, მასებმა ვეღარ გაუძლეს იმპერიის დამთრგუნველობას, უკმაყოფილებამ და ბოღმამ წალეკა ადამიანური გრძნობები და ამ ქაოსში სულ მიგვავიწყდა, როგორ მოვიპოვეთ ყველაზე ძვირფასი და ხანგრძლივ ნაოცნებარი დამოუკიდებლობა. ჩვენი "შესაქმის წიგნი" თავიდან იწერება.
ირაკლი სამსონაძე თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული ნეორეალიზმის ერთ-ერთ შემოქმედად, რადგან მან პოსტსაბჭოური საქართველოს უტყუარი და ზუსტად ფოკუსირებული ტექსტები შექმნა. მისი "ყურთბალიში" მართალი და შთამბეჭდავია, სწორედ ამიტომ აირჩია იგი "არეტემ".


© “წიგნები - 24 საათი”

Saturday, October 11, 2008

ჰაროლდ პინტერი















"ჩვენი მოვალეობა სრულიად ნათელია - ჩვენ ამ ომს უნდა დავუპირისპირდეთ"


მიმართვა ბრიტანეთის თემთა პალატას, 21 იანვარი 2003


2002 წლის ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი სურათი – შობა დღეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი მუხლებზე დაჩოქილი დგას ეკლესიაში, ლოცულობს მშვიდობისათვის დედამიწაზე, ღმერთს შესთხოვს, რომ სიკეთე მოუტანოს მთელ კაცობრიობას და ამავდროულად, ერაყში დიდი სისხლისღვრისათვის ემზადება, სისხლისღვრისათვის, რომელიც ათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.
ამასწინათ ამერიკის ელჩმა ბრიტანეთში ბრალი დამდო - მე ხომ აშშ-ის ადმინისტრაციას სისხლს მოწყურებული მხეცი ვუწოდე. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: შეხედეთ დონალდ რამსფელდის სახეს და თქვენ თვითონ დარწმუნდებით.
ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ არის მხოლოდ წინასწარ გამიზნული კრიმინალური და ბარბაროსული შურისძიების აქტი, ის ნგრევის სიხარულითაა გაჟღენთილი. ძალა დიდ ვნებებს აღძრავს – ეს არაერთხელ აღუნიშნავთ და როგორც ჩანს, ასეთივე ვნებიანი სიხარულითაა აღსავსე სხვათა მოკვდინებაც.
ამერიკელები "საერთაშორისო საზოგადოების" მოჩვენებითი მხარდაჭერით სარგებლობენ. ეს მხარდაჭერა მუქარის სხვადასხვა საიმედო მეთოდებით გამოიხატება: ძალის გამოყენება, ქრთამი, შანტაჟი, აბსურდი. "საერთაშორისო საზოგადოება" დეგრადირებულ ერთეულად გადაიქცა, რომელიც ულმობელმა მილიტარისტულმა ძალამ თავის სამსახურში ჩაითრია, ძალამ, რომლის მოქმედება უკვე ყველა ზღვარს სცილდება. ყველაზე უბადრუკ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაა, რომელიც თითქოსდა თავისი დიდი მოკავშირის მხარდამხარ დგას, სინამდვილეში კი გამათრახებულ ძაღლს უფრო ემსგავსება. ჩვენ დამცირებულნი ვართ, შეურაცხყოფილნი და პატივაყრილნი იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა აშშ-ს ურცხვად ელაქუცება.
დაგეგმილი ომი მხოლოდდამხოლოდ ერაყის დარჩენილი ინფრასტრუქტურის კოლაფსს, დიდ სისხლისღვრას, სიმახინჯესა და სნეულებას თუ მოიტანს, დაგეგმილი ომი – ეს ნიშნავს მილიონ ლტოლვილს და ძალადობის აღზევებას მთელ მსოფლიოში; ამავე დროს, ეს ერთგვარ მასკარადს დაემსგავსება – "წმინდა ომის", ან "უბრალოდ ომის" ნიღბით, რომელსაც აწარმოებენ "თავისუფლებისმოყვარე დემოკრატები" ერაყში "დემოკრატიის" დასამკვიდრებლად.
მლიქვნელობის სუნი გვახრჩობს.
სინამდვილეში ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავია და უბრალო რამეს გულისხმობს - სუვერენული ტერიტორიის დაპყრობას, სამხედრო ოკუპაციასა და ნავთობის ხელში ჩაგდებას.
ჩვენი მოვალეობა სრულიად ნათელია - ჩვენ ამ ომს უნდა დავუპირისპირდეთ.


© “ლიტერატურა _ 24 საათი”

ჰაროლდ პინტერი

ღმერთმა დალოცოს ამერიკა


აი, იანკების მწკრივები
აღლუმზე დაძრულან ხელდახელ.
იარაღასხმულნი ყელამდე
მღერიან მხიარულ ბალადებს.
მსოფლიო შემოიჯირითეს,
ღმერთი ამერიკის ადიდეს,
და ვინც იანკებს არ შეეკრა,
ვინც ბანი არ მისცა წყობილად,
ვინც მათთან ერთად არ იმღერა,
ვინც ხმა დაკარგა და დადუმდა,
აღგავეს პირისგან მიწისა.
გვამებით გაავსეს თხრილები -
გვამებით, გვამებით, გვამებით.
ვინც ბანი არ მისცა მეომრებს
მოსრეს და აქციეს არარად.
მოჰქრიან შუბებით მხედრები,
ეს შენი თავია - მიწაზე,
ეს შენი თავია - ქვიშაში,
ეს შენი თავია - გუბეში,
ეს შენი თვალები - დათხრილი...
გვამების ოხშივარს იყნოსავ,
ჰაერი სავსეა სიკვდილით
და ეს ამერიკის ღმერთია
სიმყრალეს და გვამთა ხრწნილებას
თავის წიაღში რომ ინახავს.

იანვარი, 2003.

© “ლიტერატურა _ 24 საათი”