Monday, January 26, 2009

ჰარუკი მურაკამი





















ყველა ღვთისშვილს შეუძლია ცეკვა



თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა


(მოთხრობა შესულია 2000 წელს გამოცემულ კრებულში “მიწისძვრის შემდეგ”).


საზიზღარ გუნებაზე გაეღვიძა ნამთვრალევ იოსიას. მთელი ძალით დაქაჩა თვალები, მაგრამ მხოლოდ ერთის გახელა მოახერხა. მარჯვენა ქუთუთო არ ემორჩილებოდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს იმ ღამეს ყველა კბილი ერთბაშად ასტკივდა. დამპალი ფესვებიდან წუთხი მოჟონავდა. თუ რამეს არ იღონებს, ტვინისგან აღარაფერი დარჩება და ვეღარაფრით იფიქრებს. რა უნდა ქნას, ასეა და ასე იყოს, გაუელვა თავში. ცოტა კიდევ მაინც რომ წაეძინა... მაგრამ იოსიამ მშვენივრად იცოდა, რომ ვეღარ დაიძინებდა. აბა, სცადე და დაიძინე, როცა ასე ტრაკულად გრძნობ თავს.
საწოლის თავთან მაღვიძარასკენ სცადა თვალის გაპარება, მაგრამ სადღაც გამქრალიყო. საათი თავის ადგილზე არ იყო. არც სათვალე. ალბათ სადღაც მოისროლა... ისე, შემთხვევით. ადრეც ემართებოდა მსგავსი რამ.
როგორმე უნდა ამდგარიყო, მაგრამ წამოიწია თუ არა, თავბრუ დაეხვა და იოსია ისევ ლოგინზე გაიშალა. სადღაც ქუჩაში სარეცხის ჭოკებით მოვაჭრის მანქანა დაგრუხუნობდა. შეგეძლო ძველი ჩაგებარებინა და ახალი აგეღო. რეპროდუქტორი ირწმუნებოდა რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე მათი ფასი არ შეცვლილიყო. შუახნის კაცის მკვეთრი, გაბმული ხმა იყო. ამ ხმაზე იოსიას კიდევ უფრო დაეხვა თავბრუ. თითქოს გემზე მდგარს აქანავებდა. მაგრამ გულის ასარევად მარტო გულისრევის შეგრძნება არ კმარა.
მისი ერთი მეგობარი ეგეთ წუთებში დილის გადაცემებს უყურებდა. საკმარისი იყო გაეგონა სატელევიზიო “კუდიანებზე მონადირის” სულისგამყინავი წივილი ბოჰემური ცხოვრების ამბებზე, რომ გუშინდლიდან კუჭში შემორჩენილი უკანასკნელი ნარჩენებიც პირწმინდად ამოჰქონდა უკან.
მაგრამ იმ დილით იოსიას იმის ძალაც კი არ ჰქონდა ტელევიზორს მიწვდომოდა. ძლივს სუნთქავდა. სადღაც თვალის გუგების სიღრმეში გამჭვირვალე სინათლე ჯიუტად ერეოდა თეთრ კვამლს. პერსპექტივა საოცრად ბრტყელი იყო. მგონი სიკვდილი უნდა იყოს, გაუელვა თავში. ასე იყო თუ ისე, გამეორების სურვილი აღარ ჰქონდა. უკეთესია აქვე, ახლავე მოკვდეს. ”მხოლოდ ერთს გთხოვ, ღმერთო, ნუ იზამ იმას, რომ მსგავსი რამ კიდევ ერთხელ განვიცადო”. ღმერთის ხსენებაზე იოსიას დედა გაახსენდა. სწყუროდა. დაძახება დააპირა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, რომ სახლში მის გარდა არავინ იყო. დედა სხვა მორწმუნეებთან ერთად სამი დღის წინ გაემგზავრა კანსაიში. მაინც რა სხვადასხვანაირები არიან ადამიანები, გაიფიქრა. დედა ღვთის ნებაყოფლობითი მსახურია, შვილი კი აი ეგეთ დღეშია. წამოდგომის თავი არ ჰქონდა. მარჯვენა თვალს ისევ ვერ ახელს. “ნეტა სად გავიტრიტე ეგრე? არ-მახ-სოვს”. სცადა, მაგრამ ტვინი გაქვავებულივით ჰქონდა. “არა უშავს, მერე გავიხსენებ”.
ალბათ ჯერ კიდევ დილაა. მაგრამ ფარდის ნაპრალებიდან შემოჭრილი მზის კაშკაშა სხივები აშკარას ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ დილა სულ მალე იქცეოდა შუადღედ. იოსია გამომცემლობაში მუშაობდა და თუნდაც მისნაირ ახალგაზრდა თანამშრომლების უმნიშვნელო დაგვიანებას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. საღამოთიც შეიძლებოდა დაკარგული დროის ანაზღაურება, მთავარია საქმე არ გაფუჭებულიყო. თუმცა სამსახურში სადილის შემდეგ გამოცხადებას უფროსი აღარ გაპატიებს - პირში გეტყვის ყველაფერს რასაც შენზე ფიქრობს. ისე, შეიძლება ერთ ყურში შეუშვას და მეორედან გამოუშვას, მაგრამ არ უნდოდა, რომ უხერხულ მდგომარებაში ჩაეგდო ერთი ნაცნობი მორწმენე, რომელმაც ამ სამუშაოზე მოაწყო.
საბოლოოდ იოსიამ შინიდან მხოლოდ პირველ საათზე გააღწია. სხვა დროს რამე საპატიო მიზეზს, მაგალითად ავადმყოფობას მოიგონებდა და სახლში დარჩებოდა, მაგრამ დღეს თითქოს ჯიბრზე დისკეტაზე შენახული ერთი დოკუმენტი უნდა მოემზადებინა და ამოებეჭდა. ამ საქმის სხვისთვის მინდობა არ გამოდიოდა.
იოსია დედასთან ერთად ასაგაიას რაიონში ცხოვრობდა. ამიტომ ცენტრალური ხაზით იოცუიას სადგურამდე მივიდა. იქ მარუნოუჩის ხაზზე გადაჯდა, კასუმიგასეკამდე მივიდა, კიდევ ერთხელ გადაჯდა ხიბიას ხაზზე და კამია-ჩიოს სადგურზე ამოვიდა. დადუნებული, ბამბადქცეული ფეხებით ადიოდა და ჩადიოდა მრავალრიცხოვან კიბეებზე. გამომცემლობა სადგურიდან შორს არ იყო. გამომცემლობა საზღვარგარეთის ქვეყნების ტურისტულ გზამკვლევებს ბეჭდავდა.
საღამოს თერთმეტის ნახევარზე შინ რომ ბრუნდებოდა, სადგურ კასუმიგასეკში უბიბილოო კაცი დაინახა. ორმოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეჭაღარავებული. მაღალი, სათვალეების გარეშე, ძველმოდურ ტვიდის პალტოთი და ტყავის პორტფელით მარჯვენა ხელში. რაღაცაზე ჩაფიქრებული ნელა მიაბიჯებდა ხიბიას ხაზის ბაქნიდან ჩიოიდას ხაზის ბაქნისკენ. იოსია დაუფიქრებლად გაჰყვა უკან. როცა გონს მოვიდა, ყელში მშრალი გორგალი გასჩროდა.

იოსიას დედა ორმოცდასამისა იყო, მაგრამ ოცდაათზე ცოტათი მეტს თუ მისცემდა კაცი. სახის სწორი ნაკვთები, ძალიან აკურატული. პურიტანული კვება და დილა-საღამოს ვარჯიში ხელს უწყობდა მშვენიერი ფიგურისა და სახის კანის შენარჩუნებაში. თან მასსა და მის ვაჟს სულ რაღაც თვრამეტი წელიწადი ჰყოფდა, რის გამოც ხშირად მისი უფროსი და ეგონათ.
დედა ყველაფერთან ერთად ბოლომდე მაინც ვერ გრძნობდა თავს დედად. შეიძლება უბრალოდ ექსცენტრული ბუნებისა იყო. მაშინაც კი, როცა იოსია საშუალო სკოლაში გადავიდა და სექსუალური ლტოლვა გაეღვიძა, ბინაში ისევ ნახევრად ანდა სულაც შიშველი დადიოდა. ოღონდ ეს იყო, საძინებლები ჰქონდათ ცალ-ცალკე. მაგრამ როცა დედას მარტოობა შეაწუხებდა, იოსიას ოთახში შედიოდა, აზრადაც არ მოსდიოდა რამე წამოესხა, ლოგინში შეუწვებოდა, მიეკვრებოდა და დაიძინებდა.
იოსიას მშვენივრად ესმოდა, რომ დედას ისეთი არაფერი განზრახვა არ ჰქონდა, მაგრამ ეს მდგომარეობას ვერ უმსუბუქებდა. თვითონ დედას კი ეტყობა ვერაფრით შეეგნო, რომ აგზნებული ბიჭი იძულებული იყო უხერხულ, არაბუნებრივ პოზაში წოლილიყო.
იოსიას ეშინოდა დედასთან ურთიერთობა ფატალურ შედეგებამდე არ მისულიყო და გამწარებული ეძებდა ისეთ ქალს, უსიტყვოდ რომ ჩაუწვებოდა ლოგინში. და რადგან ასეთის პოვნა არ ხერხდებოდა, დროდადრო ხელოვნურად იკმაყოფილებდა მოთხოვნილებას. უფროს კლასში საღამოობით გამომუშავებული ფულით სათაკილო დაწესებულებებში ხარჯავდა. თვითონ იოსია საკუთარ მოქმედებას როგორც მეტისმეტ სექსუალური დაძაბულობის მოხსნის საშუალებად კი არა, შიშის გამო აღმოცენებულ მოვლენად აფასებდა.
ალბათ სახლიდან უნდა წასულიყო და დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო. იოსია დიდხანს ფიქრობდა ამაზე. მაშინ როცა ინსტიტუტში მოეწყო და მაშინაც როცა მუშაობა დაიწყო. თუმცა ახლა ოცდახუთი წლის ასაკშიც კი ვერა დ ავერ გაებედა. ერთერთი მიზეზი ის იყო, რომ არ იცოდა რა დაემართებოდა დედას როცა მარტო დარჩებოდა. ისედაც მრავალი წელი, უამრავი ძალა და ენერგია შეალია იმას, რათა არ განხორციელებულიყო დედის თვითდამღუპველი (თუმცა კი კეთიმოსურნე) გეგმები.
საკმარისია ერთ მშვენიერ დღეს დედას უთხრას, რომ სახლიდან მიდის და მაშინვე ისტერიკა დაემართება. აქამდე ხომ ერთხელაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ იოსია ცალკე იცხოვრებდა. ცამეტი წლისამ თქვა, რომ აღარ სჯერა ღმერთის არსებობისა. იოსიას მშვენივრად ახსოვს როგორ დარდობდა დედა, როგორ ინგრეოდა მის გარშემო ყველაფერი. ნეხევარი თვე თითქმის არაფერს არ ჭამდა, არ ლაპარაკობდა. არ იბანდა, არ ივარცხნიდა, საცვლებსაც კი არ იცვლიდა. თვიურის დროს თავს არ უვლიდა. ცხოვრებაში პირველად ხედავდა დედას ასეთ ჭუჭყიანსა და აქოთებულს. გულს ტკენდა იმის გაფიქრებაც კი, რომ მსგავსი რამ ოდესმე ისევ შეიძლებოდა გამეორებულიყო.

იოსია უმამოა. დაბადებიდან მხოლოდ დედა ჰყავს.
ბავშვობიდან სულ ერთი და იგივე ესმის მისგან:
- მამაშენი უზენაესია. - (ასე ეძახდნენ თავიანთ ღმერთს) - უზენაესის ადგილი კი ზეცაშია. ჩვენთან ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ უზენაესი - ესე იგი მამაშენი - ერთთავად თვალყურს გადევნებს და გიფარავს.
ამასვე ეუბნებოდა მეურვე ტაბატა, რომელიც ლამის დაბადებიდანვე ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა.
- ვთქვათ და არ გყავს ამქვეყნად მამა. გამოჩნდებიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც ამისთვის დაგძრახავენ. მაგრამ სამწუხაროდ ამქვეყნად ბევრ ადამიანს თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული და საქმის ჭეშმარიტ ვითარებაში ვერ გარკვეულან. მაგრამ შენი უზენაესი მამა თვითონ არის ქვეყნიერება. და შენ ერთიანად მისი სიყვარულით გარშემორტყმული ცხოვრობ. იამაყე ამით და იცხოვრე ისე, როგორც წესი და რიგია.
- მაგრამ ღმერთი ხომ ყველასთვის ერთია? - კითხულობდა სკოლაში ახალი მისული იოსია. - მაგრამ მამები ხომ ყველას სხვადასხვა ჰყავს? ასე არ არის?
- იცი, იოსია, მამაშენი ადრე თუ გვიან გამოგეცხადება. მოულოდნელად, სრულიად გაუთვალისწინებელ ადგილზე, მაგრამ აუცილებლად გამოგეცხადება. მაგრამ თუ შენ დაეჭვდები ან უფრო უარესი - რწმენას მიატოვებ - ის განაწყენდება და მაშინ დაემშვიდობე ყველაფერს. გასაგებია?
- გასაგებია.
- არ დაგავიწყდება ჩემი სიტყვები?
- არ დამავიწყდება, ტაბატა-სან.
თუმცა თუ ალალად ვიტყვით, იოსიას მისი სიტყვები სერიოზელად არც მიუღია. რატომ? ის სულაც არ გრძნობდა თავს რაღაც განსაკუთრებულ “ღვთის შვილად”. ყველანაირად და ყველა თვალსაზრისით ჩვეულებრივი ბიჭი იყო. იქნებ პირიქითაც - ჩვეულებრივზე უარესი: განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა, შეცდომებისა და დაუდევრობების გროვა. ცამეტი წლისა მაინცდამაინც კარგად ვერ სწავლობდა, სპორტში იმედის ნაპერწკალიც არ ჩანდა. ნელა დარბოდა, ძლივს იჭერდა ფეხები, თან არც მხედველობა უვარგოდა და ხელებიც თითქოს იმ ადგილას არ ჰქონდა ამოზრდილი. ბეისბოლის მოედანზე ბურთს ვერ იჭერდა. თანაგუნდელები ბუზღუნებდნენ, მაყურებელი გოგოები ხითხითებდნენ.
ძილის წინ თავის მამას, ღმერთს ევედრებოდა. ”ცხოვრების ბოლომდე მტკიცე ვიქნები ჩემს რწმენაში, შენ კი დამეხმარე იმაში, რომ ბურთი დავიჭირო. მხოლოდ ამას გთხოვ. მეტი არაფერი (ყოველ შემთხვევაში ახლა) არ მინდა. თუ მამაჩემი მართლა ღმერთია, აუცილებლად შეისმენს ამ უბრალო რამეს”. თუმცა მუდარა არ ჭრიდა. ბეისბოლის ბურთი ისევ და ისევ უსხლტებოდა ხელთათმანიდან.
- იოსია, ეს უზენაესის გამოწვევაა, - მკაცრი ტონით ამბობდა ტაბატა. - ის, რომ ევედრები ცუდი არ არის, მაგრამ უფრო დიდი რამისთვის უნდა ილოცო. რაღაც კონკრეტულისთვის ლოცვა, ისეთი რამისთვის, რასაც საზღვარი აქვს, არაფრად არ ვარგა.

როცა იოსიას ჩვიდმეტი შეუსრულდა, დედამ მისი დაბადების საიდუმლო თუ რაღაც ამის მსგავსი გაანდო.
- დადგა დრო, შენ ეს უნდა იცოდე, - დაიწყო დედამ. - ახალგაზრდომაში სრულ წყვდიადში ვცხოვრობდი. სულში ქაოსი სუფევდა, ზუსტად ისე, როგორც პირველქმნილ სამყაროში. შავბნელი ღრუბლები ფარავდნენ ჭეშმარიტების სხივს. იმ დროს უკვე გამოცდილი მქონდა მამაკაცებთან ურთიერთობა სიყვარულის გარეშე. ხომ გესმის სიტყვა “ურთიერთობის” მნიშვნელობა?
- მესმის, - უპასუხა იოსიამ.
როცა საუბარი სექსზე ჩამოვარდებოდა, დედა მოძველებულ სიტყვებს ხმარობდა. თვითონ იოსიას იმ დროისთვის უკვე ჰქონდა “სიყვარულის გარეშე ურთიერთობის გამოცდილება” რამდენიმე ქალთან.
დედა განაგრძობდა:
- პირველად უფროსი სკოლის მეორე კლასში (სკოლა იაპონიაში სამ ასაკობრივ ჯგუფად არის დაყოფილი - უმცროსი, საშუალო და უფროსი. უფროსი ჯგუფის მეორე კლასში 16 წლის ბავშვები სწავლობენ. მთარგმნ. შენ.) დავორსულდი. მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. წავედი საავადმყოფოში, რომელიც ერთმა ნაცნობმა მირჩია და აბორტი გავიკეთე. გინეკოლოგი ახალგაზრდა, თავაზიანი კაცი იყო. ოპერაციის მერე მთელი ლექცია წამიკითხა როგორ დამეცვა თავი. მითხრა, რომ აბორტი საზიანოა როგორც სხეულისთვის, ისე სულისთვისაც, თან არც ვენერიული სნეულებით დაავადებაა გამორიცხული. ახალი პრეზერვატივების მთელი კოლოფი მომცა და მითხრა, რომ აუცილებლად გამომეყენებინა. მე ავუხსენი, რომ ყოველთვის ვხმარობ-მეთქი, რაზეც მიპასუხა: ესე იგი ვიღაც არასწორად იკეთებსო. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, პრეზერვატივის წესიერად ხმარება არ იცის. მაგრამ მე ხომ სულელი არა ვარ. ყოველთვის ფრთხილად ვიყავი. გავიხდიდი თუ არა, მე თვითონ ჩამოვაცვამდი ხოლმე. კაცებს ვერ ენდობი. ხომ იცი რა არის პრეზერვატივი?
- ვიცი, - უპასუხა იოსიამ.
- ორი თვის შემდეგ ისევ დავორსულდი, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგად ვფრთხილობდი. და მაინც ყველაფერი გამეორდა. პირდაპირ დაუჯერებელია. სხვა რა გზა მქონდა, ისევ იმ ექიმთან წავედი. შემომხედა და მითხრა, ახლახან არ გაგაფრთხილეო? ნეტა რას ფიქრობო. ტირილ-ტირილით ავუხსენი, როგორ ვცდილობდი თავის დაცვას. მაგრამ არ დამიჯერა და გამომლანძღა: პრეზერვატივით რომ გესარგებლა, ასეთი რამ არ დაგემართებოდაო. - დედამ იოსიას შეხედა და განაგრძო: - ეს გრძელი ამბავია. ბოლო-ბოლო, დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, ჩემდა გასაკვირად ამ ექიმს ჩავუწექი ლოგინში. მაშინ ოცდაათი წლის იქნებოდა, ახალგაზრდა იყო, უცოლო. ურთიერთობაში ცოტა მოსაწყენი კაცი იყო, მაგრამ წესიერი და პატიოსანი. განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა გარდა... მარჯვენა ყურის ბიბილო აკლდა, ძაღლმა მოაკვნიტა ბავშვობაში. თავისთვის მიდიოდა და უცებ საიდანღაც ვეებერთელა შავი ძაღლი გამოხტა. ჰოდა მოაჭამა ყური. “კიდევ კარგი მარტო ბიბილო, - მეუბნებოდა, - ბიბილოს გარეშეც შეიძლება ცხოვრება. აი, უცხვიროდ უარეს დღეში ვიქნებოდი”. მეც რა თქმა უნდა ვეთანხმებოდი.

- ერთმანეთს ვხვდებოდით. თანდათან საკუთარი თავი დავიბრუნე. მასთან სხვა არაფერზე არ ვფიქრობდი. მისი ნახევარი ყურიც მომწონდა. ბევრს მუშაობდა, ლოგინში კი იმას მიყვებოდა, როგორ დამეცვა თავი დაორსულებისგან. როგორ და როდის არის საჭირო პრეზერვატივის გაკეთება, როდის და როგორ უნდა გაიძრო. მოკლედ თავდაცვის იდეალური საშუალებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც დავორსულდი.
აუცილებელი ანალიზების შემდეგ ორსულობა დადასტურდა. მაგრამ ბავშვის მამად აღიარებაზე ექიმმა უარი განაცხადა. თქვა, რომ როგორც სპეციალისტი, ასპროცენტიან ზომებს იღებდა ორსულობის თავიდან ასაცილებლად და დედა სხვა კაცებთან ურთიერთობაში დაადანაშაულა.
- ამ სიტყვებმა ძალიან მატკინა გული. ერთიანად ამაკანკალა. შენ ხომ იცი როგორი წყენა ვიცი ხოლმე?
- ვიცი.
- სანამ მას ვხვდებოდი, სხვა კაცთან არ ვწოლილვარ. ის კიდე გარყვნილ გოგოდ მთვლიდა. მას მერე აღარ მინახავს. არც აბორტი გამიკეთებია. ერთადერთი ფიქრი მქონდა, ავმდგარიყავი და იქვე მოვმკვდარიყავი. ბატონი ტაბატა რომ არ ყოფილიყო, ალბათ ბორანზე დავჯდებოდი და ზღვას მივცემდი თავს. მაშინ სიკვდილის არ მეშინოდა. მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, შენც არ იქნებოდი ეხლა. მაგრამ ბატონმა ტაბატამ ჭეშმარიტების გზაზე დამაბრუნა და ამით გადამარჩინა. როგორც იქნა ვიხილე სინათლის პაწაწკინტელა სხივი. და სხვა მორწმუნეთა დახმარებით ამ ქვეყანას მოგავლინე.
დედასთან შეხვედრის შემდეგ ბატონმა ტაბატამ თქვა:
- მიუხედავად სიფრთხილის ყველა ზომისა, შენ მაინც ორსულდებოდი. თანაც სამჯერ ზედიზედ. გგონია ეს შემთხვევითია? მე ასე არ ვფიქრობ. რიცხვი სამი უზენაესის გამოცხადების ნიშანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოოძაკი-სან, ღმერთი თქვენგან ბავშვის გაჩენას თხოულობს. და ეს ბავშვი შემთხვევითი ვინმესი კი არა, ცათა შინა მყოფისაა. ბიჭს იოსია დავარქვათ (იოსი იაპონურად სიკეთეს ნიშნავს).
როგორც იწინასწარმეტყველა ტაბატამ, ბიჭი დაიბადა. იოსია დაარქვეს. მას შემდეგ დედა არც ერთ მამაკაცთან აღარ წოლილა, მთელი ცხოვრება ღვთის მსახურებას მიუძღვნა.
- გამოდის, - გაუბედავად იკითხა იოსიამ, - ჩემი ბიოლოგიური მამა ის ექიმი-გინეკოლოგია?
- არა, რას ამბობ! ის იდეალურად იცავდა თავს. როგორც ბატონი ტაბატა ამბობს, მამაშენი უზენაესია. შენ სქესობრივი აქტის შედეგად კი არა, უზენაესის ნებით გაჩნდი, - მოკლედ მოჭრა, თან ელვა გაუკრთა თვალებში.
როგორც ჩანს, მთელი არსებით სჯეროდა იმისი, რასაც ამბობდა. მაგრამ იოსიას ეჭვიც არ შეპარვია: მამამისი ექიმი-გინეკოლოგია. ეტყობა პრეზერვატივს სჭირდა რაღაც, აბა მეტი რა უნდა მომხდარიყო?
- ექიმმა რა, იცის ჩემი დაბადების შესახებ?
- ვფიქრობ, არა, - უპასუხა დედამ, - საიდან უნდა იცოდეს, თუ მას შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს?


მამაკაცი ჩიოიკოს ხაზზე აბიკოს მომართულებით მიმავალ ვაგონში ჩაჯდა. იოსიაც იმავე ვაგონში შეხტა. საღამოს თერთმეტ საათზე ვაგონში ხალვათობაა. კაცი დაჯდა, პორტფელიდან ჟურნალი ამოიღო. მონიშნულ გვერდზე გადაშალა. იოსიას მოეჩვენა, რომ რაღაც სპეციალური ჟურნალი იყო. მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა, გაზეთი გაშალა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს კითხულობდა. თხელ-თხელი კაცი იყო, თლილი, სერიოზული სახე ჰქონდა. “ექიმსა ჰგავს”, გაიფიქრა იოსიამ. ზუსტად იმდენისა უნდა იყოს და რაც მთავარია, მარჯვენა ყურის ბიბილო არ ჰქონდა. თან ისე ჩანს, თითქოს მართლა ძაღლის ნაკბენის კვალიაო.
ეს კაცი ჩემი ბიოლოგიური მამაა, ინტუიტურად იგრძნო იოსიამ. მაგრამ მან არ იცის რომ ამ ქვეყნად ვარსებობ მე. და ახლა რომც ვუთხრა, ალბათ არც დაიჯერებს. ის ხომ დარწმუნებულია, რომ იდეალურად იცავდა თავს.
მატარებელი გასცდა სინ-ოჩიანუ-მიცუს სადგურს, სენდაგის, მაჩიას და მიწის ზედაპირზე ამოვიდა. ყოველი სადგურის შემდეგ სულ უფრო კლებულობდა მგზავრები. კაცი ჟურნალს კითხულობდა და არაფერს არ აქცევდა ყურადღებას. ადგომას არ აპირებდა. იოსია დროდადრო გამომცდელად გახედავდა და სურვილის საწინააღმდეგოდ აგრძელებდა საღამოს გაზეთის კითხვას. თან წინაღამის ამბებსაც იხსენებდა. თავის უნივერსიტეტელ მეგობართან და მის ორ ნაცნობ გოგოსთან ერთად გადაწყვიტეს როპონგიზე დაელიათ. თუ როგორ გადაინაცვლეს მერე ყველამ დისკოტთეკაზე ეს ახსოვდა, უფრო სწორად, როგორღაც აღიდგინა ეს ფაქტი მეხსიერებაში. “მერე რა იყო იმ გოგოსთან? არა, მგონი არაფერიც არ იყო. ისე გავიტრიტე, რომ მაგის თავი არც მქონდა”.
საღამოს გაზეთის ახალი ამბების განყოფილება ისევ მიწისძვრაზე სტატიებით იყო აჭრელებული. დედა სხვა მორწმუნეებთან ერთად ერთერთი რელიგიური ორგანიზაციის ოფისში დაბინავდნენ. ყოველ დილით გატენიდნენ ზურგჩანთებს პირველი მოხმარების ნივთებითა თუ პროდუქტით და საგარეუბნო მატარებლით იქამდე მიდიოდნენ, სადამდეც შეიძლებოდა მისვლა. მერე ფეხით მიდიოდნენ აყრილ-დაყრილი გზატკეცილით კობემდე. იქ ხალხს თან მოტანილს ურიგებდნენ. შვილთან ტელეფონით საუბრისას ამბობდა, რამდენს იწონიდა ზურგჩანთა, ხანდახან მთელ თხუთმეტ კილოგრამს. იოსიას ეჩვენებოდა, რომ მის წინ მჯდარ კაცსა და იმ ადგილს ტრილიონი სინათლის წელიწადი აშორებდა ერთმანეთს.

სანამ იოსია დაწყებით სკოლაში სწავლობდა, კვირაში ერთხელ დედასთან ერთად დადიოდა ქადაგებაზე. ამ ორგანიზაციაში ქადაგება სხვებზე უკეთ გამოსდიოდა. ლამაზი იყო, ახალგაზრდა, ყველაფრის მიხედვით ალბათ განათლებულიც (რაც სიმართლეს შეეფერებოდა), ადამიანებს თბილად ეპყრობოდა. და კიდევ თან პატარა ბიჭიც ედგა გვერდით. ადამიანები უნებურად კარგავდნენ სიფხიზლეს. მათ არ აინტერესებდათ რელიგია, მაგრამ თანახმა იყვნენ მისთვის დაეგდოთ ყური. დედა სადა, მაგრამ თავისი ფიგურისთვის მომგებიან კოსტიუმს იცვამდა, სახლებში დადიოდა, რელიგიურ ბუკლეტებს ავრცელებდა და სახეზე ღიმილით, ყოველგვარი დაძალების გარეშე უყვებოდა რა ბედნიერებაა რწმენაში ცხოვრება. ასეთივე ღიმილით სთავაზობდა დახმარებას, თუ რამე პრობლემა შეექმნებოდათ.
- ჩვენ არავის ვატანთ ძალას. ჩვენ მხოლოდ გავცემთ, - მხურვალედ არწმუნებდა თვალებში სხივჩამდგარი. - ჩემი სული ადრე წყვდიადში ბორგავდა, მაგრამ ამ მოძღვრების დახმარებით გადავრჩი. ეს ბიჭი მუცელში მყავდა, როცა მასთან ერთად ზღვაში გადავარდნა და თავის მოკვლა გადავწყვიტე. მაგრამ უზენაესმა ზეციდან გამომიწოდა ხელი და ახლა შვილთან და უზენაესთან ერთად ნათელში ვცხოვრობ.
იოსიას არ უჭირდა დედასთან ხელჩაკიდებულს უცხო სახლებში სიარული. ასეთ წუთებში დედა საოცრად ნაზი იყო, მისი ხელი - თბილი. არც თუ იშვიათად არაფრის მოსმენა არ სურდათ და აგდებდნენ სახლებიდან. ამიტომ ახარებდათ ნებისმიერი თბილი სიტყვა და ძალიან ამაყობდნენ, როცა ახლად გამომცხვარ მორწმუნეს იშოვიდნენ. მაშინ იოსია ფიქრობდა: “აი ეხლა კი ჩემი მამა-უფალი ბოლოს და ბოლოს მაღიარებს”.
თუმცა, როგორც კი გადავიდა საშუალო სკოლაში, რწმენაზე უარი თქვა. მასში ეგოიზმმა გაიღვიძა. ახლა უკვე აღარ შეეძლო მიეღო საზოგადოებრივ აზრთან შეუთავსებელი ორგანიზაციის მკაცრი მცნებები. თუმცა მარტო ეს არ იყო - რწმენას ძირითადად მშობლების უსაზღვრო გულგრილობამ ჩამოაშორა. სული დაუმძიმდა. იქ სიბნელემ ჩაიბუდა, გულში - ქვამ. დედას ძალიან სწყინდა შვილის გადაწყვეტილება, მაგრამ იოსია ურყევად იდგა თავისაზე.

მამაკაცმა ჟურნალი პორტფელში ჩადო, ადგა და კარისკენ წავიდა. ეს იყო ბოლო სადგური ჩიბას პრეფექტურის წინ. იოსია უკან მიჰყვა. მამაკაცმა ჯიბიდან სამგზავრო ტალონი ამოიღო და ტურნიკეტი გაიარა. იოსია შეჩერდა - სპეციალურ ავტომატში ფულის დამატება იყო საჭირო. კინაღამ არ დააგვიანა, როცა მამაკაცი ტაქსიში ჯდებოდა. იოსია მომდევნო მანქანაში შეხტა და საფულედან ათი ათას იენიანი ახალი კუპიურა ამოიღო.
- აი იმ ტაქსს მიყევით.
მძღოლმა ეჭვით შეათვალიერა იოსია, მერე კუპიურა.
- რამე სახიფათოა? კრიმინალი ხომ არ არის?
- საშიში არაფერია, - დაამშვიდა იოსიამ. - ჩვეულებრივი თვალთვალია.
მძღოლმა უხმოდ გამოართვა კუპიურა და მანქანა დაძრა.
- მაგრამ მრიცხველის მიხედვითაც გადაიხდით. უკვე ჩავრთე.
ორი მანქანა ჟალუზებდაშვებული სავაჭრო კვარტლის გასწვრივ გასრიალდა, რამდენიმე მოტიტვლებული ადგილი გაიარეს, უკან მოიტოვეს განათებულფანჯრებიანი საავადმყოფო და იაფფასიანი მშენებლობების პატარ-პატარა ნაკვეთები. გზაზე მოძრაობა თითქმის არ იყო, ამიტომ დევნა არ ჭირდა და არც მაინცდამაინც თავგადასავალს წააგავდა. მძღოლი ნელ-ნელა ეშხში შევიდა: ხან ჩამორჩებოდა, ხან ისევ შეამცირებდა დისტანციას.
- ღალატის საქმეს იძიებთ?
- არა, რაღაც ტვინებზე ნადირობას უფრო ჰგავს - ორი ფირმა ერთ სპეციალისტზე ნადირობს.
- ოჰო, - გაიკვირვა მძღოლმა, - არ ვიცოდი თუ კონკურენციამ ასეთ მასშტაბებს მიაღწია.
საცხოვრებელი სახლები სულ უფრო იშვიათად ხვდებოდათ, ქარხნებითა და მდინარის გასწვრივ ჩარიგებული საწყობებით სავსე სამრეწველო რაიონში აღმოჩნდნენ. გარშემო სულიერის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ ახალ-ახალი ფარნები გამოკრთებოდნენ ხოლმე სიბნელიდან. პირველმა მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა მაღალ და გრძელ ბეტონის კედელთან. იოსიას მძღოლმა დროზე შენიშნა სტოპ-სიგნალები, ასი მეტრის მოშორებით შეაჩერა მანქანა და ფარები ჩააქრო. ბეტონის ღობის გარდა არაფერი არ ჩანდა, მარტო მდუმარედ მდგარი ლამპები ანათებდნენ ასფალტს. თითქოს დანარჩენ სამყაროს იწვევსო, კედლის თავს მავთულხლართების რიგები გასდევდა. წინა მანქანის კარი გაიღო და უბიბილოო კაცი გადმოვიდა. იოსიამ მძღოლს უსიტყვოდ გაუწოდა ორი ათასიენიანი.
- აქ ტაქსს ვერ დაიჭერთ, ასე რომ იოლად ვერ დაბრუნდებით უკან. იქნებ დაგელოდოთ? - იკითხა მძღოლმა, მაგრამ იოსიამ უარი თქვა და მანქანიდან გადავიდა.
მამაკაცი მაშინვე ნაბიჯით გაუყვა ღობის გასწვრივ ლარივით გაჭიმულ გზას. ისევე როგორც მეტროს სადგურში, მისი ნაბიჯები ნელი და მოზომილი იყო. კარგად აწყობილ რობოტს ჰგავდა, მაგნიტით რომ იზიდავენ საიდანღაც. იოსია პალტოს საყელოებაწეული მისდევდა კაცს, ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, დროდადრო თეთრ ორთქლს უშვებდა პირიდან. მის ყურამდე მხოლოდ მამაკაცის ტყავის ფეხსაცმლის ჭრიალი აღწევდა. იოსიას რეზინის ძირებიანი ფეხსაცმელი სულ უხმოდ მიაბიჯებდა ასფალტზე.
ირგვლივ სიცოცხლის სულ მცირე ნიშანწყალიც არ იყო, სიზმარში ნანახ პეიზაჟს ჰგავდა. დასრულდა გრძელი ღობე და ძველი მანქანების საყრელი გამოჩნდა. მანქანები ღობის იქით ახოხოლავებულიყვნენ. წვიმებისგან საღებავი უკვე გასცლოდათ და ლამპების შუქზე საბოლოოდ დაჰკარგოდათ ფერი. მამაკაცი არ შეჩერებულა. იოსიას ვერაფერი გაეგო. ნეტა რისთვის გადმოვიდა ტაქსიდან ამ შემზარავ ადგილას? სად ბრუნდებოდა, შინ? თუ ცოტა გასეირნება გადაწყვიტა? მაგრამ თებერვლის ღამე სეირნობისთვის მაინცდამაინც შესაფერი დრო ვერ არის, ცივა. სუსხიანი ქარი დროდადრო ზურგში სცემდა იოსიას.
საყრელიც დასრულდა, ისევ უსახური ბეტონის კედელი გაიჭიმა, იმ ადგილას კი, სადაც შეწყდა, ვიწრო შესახვევი გამოჩნდა. მამაკაცმა თითქოს იცოდაო მისი არსებობის შესახებ, იქ შეუხვია. შესახვევის სიღრმეში ბნელოდა, შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, რა იყო იქით. იოსია ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ მაინც შეაბიჯა სიბნელეში მამაკაცის კვალდაკვალ. რადგან აქამდე მოვიდა, უკან გაბრუნება აღარ ღირდა.
ვიწრო შესახვევი ორთავ მხრიდან მაღალ ღობეებში იყო მოქცეული. სწორი იყო და ვიწრო. იმდენად ვიწრო, რომ კაცს ვერ ასცდებოდი. მარტო მამამკაცის ფეხსაცმლის ჭრიალი ისმოდა. იმავე ტემპით მიდიოდა ოდნავ წინ. სამყაროში, სადაც სიმათლის სხივი ვერ აღწევდა, იოსია ამ ხმას მიყვებოდა. მაგრამ მალე ისიც დაიკარგა.
ნუთუ შენიშნა რომ უთვალთვალებდნენ? ალბათ შეჩერდა, სუნთქვა შეიკრა და იცდის. წყვდიადში იოსიას გული ეკუმშებოდა. სუნთქვა აღიდგინა და ისევ განაგრძო გზა. რა მნიშვნელობა აქვს შეამჩნევს თუ არა თვალთვალს? ასე უკეთესიც არის: საშუალება ექნება პირდაპირ, ღიად გაუბას საუბარი. მაგრამ შესახვევი თუ გასასვლელი დამთავრდა. ჩიხი. წინ გზა რკინის ღობით არის გადაკეტილი. თუმცა თუ კარგად დააკვირდები, ნაპრალი ჩანს – თავისუფლად გაძვრება ადამიანი. აშკარად ვიღაცამ გააკეთა ეს გასაძრომი. იოსიამ პალტოს კალთები აიკეცა, დაიხარა და ნაპრალში ჩაყვინთა. მინდორში აღმოჩნდა. არა, მინდორში კი არა, უფრო მოედანზე. იოსია მთვარის მკრთალ შუქზე იდგა და ცდილობდა გარკვეულიყო სად მოხვდა. კაციშვილი არ ჩანდა.
ბეისბოლის მოედანი. მოედნის ბოლოში, რკალის ცენტრში იდგა. ბალახი ფეხქვეშ გათელილია, ალაგ-ალაგ არის ამოჩრილი. “ქალაქის” იქით, სტადიონის მეორე მხარეს დამცველი ბადის შავი ფრთები მოჩანდა. პიტჩერის ბორცვი წანაზარდივით მოჩანდა მიწის ზედაპირზე. აუტფილდის გასწვრივ რკინის მავთულია გაჭიმული. ქარი აქეთ-იქით დაათრევს კარტოფილის ჩიპსების პარკს.
იოსიამ ხელები ჯიბეში ჩაიწყო და შეჩერდა იმის მოლოდინში თუ რა მოხდებოდა. მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. მარჯვნივ გაიხედა, მერე მარცხნივ, სადაც პიტჩერი ეგულებოდა, მიწას დახედა ფეხებთან და ცისაკენ ასწია თავი. იქ გარკვევით იხატებოდა რამდენიმე ღრუბლის კონტური. მთვარის შუქზე მათი სილუეტები უცნაურად ანათებდა. ბალახებიდან სულ ოდნავ სცემდა ძაღლის ექსკრემენტების სუნი. მამაკაცი გაქრა. უკვალოდ. ახლა აქ ტაბატა რომ ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა:
- ხედავ, იოსია, როგორი მოულოდნელი ფორმით გამოგვეცხადება ხოლმე უზენაესი.
მაგრამ ტაბატა სამი წლის წინათ მოკვდა საშარდე ბუშტის კიბოთი. ბოლო რამდენიმე თვე ისე იტანჯებოდა, რომ საცოდავი სანახავი იყო, მაგრამ ერთხელაც არ შევედრებია ღმერთს. მხოლოდ ის სთხოვა, ოდნავ შეემსუბუქებინა ტკივილი. ტაბატა ისე მკაცრად იცავდა მცნებებს, ყველა სხვასთან შედარებით ისე ახლოს იყო ღმერთთან, რომ იოსიას აზრით მარტო ლოცვების ამარა უნდა ყოფილიყო (მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე კონკრეტულია და საზღვარიც აქვს). თანაც, - სხვათა შორის გაიფიქრა იოსიამ, - რატომ არის ისე, რომ ღმერთს შეუძლია გამოცადოს ადამიანები, ადამიანებს კი არა?

საფეთქლებში ტეხდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო, წუხანდელი სიმთვრალისა იყო თუ სხვა რამის. მოიღუშა, ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და ნელი, ფართო ნაბიჯით წავიდა “ქალაქისკენ”. სულ ახლახან სუნთქვაშეკრული მისდევდა კაცს, რომელიც მამას აგონებდა და სხვა არაფერზე ფიქრობდა. მაგრამ აი სრულიად უცნობ ადგილას, რომელიღაც პატარა ქალაქის ბეისბოლის სტადიონზე აღმოჩნდა. საკმარისი იყო მამაკაცი გამქრალიყო და იოსიამ დაკარგა მთელი თავისი მოქმედებების თანმიმდევრულობის შეგრძნება. თვითონ აზრი უკვე დაკარგულია, ვეღარც ძველს დაუბრუნდება. ზუსტად ისე, როგორც ადრე “ფლაი-აუტი” შეიცავდა სიკვდილ-სიცოცხლის ამოუხსნელ ამოცანას, მერე კი სულაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
მაინც რა მინდოდა? - გზადაგზა ეკითხებოდა თავს იოსია. ან თვითონ ვცდილობდი შემემოწმებინა კავშირი იმასთან, რაც აქ არის, ანდა იმედი მქონდა, რომ ახალ სცენარში მომათავსებენ და უფრო მნიშვნელოვან როლს შემომთავაზებენ? არა, ასე არ არის. მე მივდევდი წყვდიადის კუდს, რომელიც თვითონ ჩემში ზის. სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი, გავეკიდე, ჩავეჭიდე კიდეც და ბოლოს და ბოლოს უფრო მრუმე წყვდიადში ამოვყავი თავი. მე მას ალბათ ვეღარასოდეს ვნახავ.
იოსიას სული ადგილსა და დროში ერთიან, მშვიდსა და ნათელ ადგილას მოხვდა. ახლა მისთვის სულერთი იყო, ვინ იყო ის მამაკაცი: მამა, ღმერთი თუ სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც სადღაც დაკარგა ყურის ბიბილო. იქ უკვე ერთი გამოვლენა, ერთი იდუმალი ნაკვალევი იყო. დიდება უზენაესს?
პიტჩერის ბორცვზე ავიდა, სანახევროდ გაცვეთილ ფირფიტაზე დადგა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიშალა მხრებში. თითები გადააჯვარედინა და თავზემოთ შემართა. მერე ღრმად ჩაისუნთქა ღამის ცივი ჰაერი და კიდევ ერთხელ ახედა მთვარეს. ვეებერთელა იყო. ხან იზრდება, ხანაც პატარავდება, ნეტა რატომ? პირველი და მესამე ბაზის იქით პატარა ტრიბუნები ჩანდა. რა თქმა უნდა, შუა თებერვალში იქ არავინ არ არის. მარტო სამი სწორი და გათოშილი სკამების მჭიდრო რიგია გაჭიმული. ბადის იქით რამდენიმე პირქუში შენობაა, ალბათ საწყობი. არც სინათლეა, არც ჩქამი არ ისმის.
შემაღლებულზე რომ იდგა იოსია ხელებს ამოძრავებდა – ზევით, განზე, ქვევით. რიტმში ფეხებსაც აყოლებდა, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან წინ, ხან განზე, ცეკვას ჰგავდა. ნელ-ნელა გათბა, ცოცხალი სხეულის შეგრძნება დაუბრუნდა. თან თავის ტკივილმაც გაუარა.

უნივერსტეტელი მეგობარი გოგო “ბაყაყს” ეძახდა. რატომ? რომ ცეკვავდა ბაყაყს ჰგავდა. იმ გოგოს ცეკვა უყვარდა და ხშირად დაჰყავდა დისკოთეკებზე.
-შენ თვითონ ვერ ხედავ რამსიგრძე ხელები და ფეხები გაქვს? კი არ ცეკვავ, დაატყაპუნებ. მაგრამ ისეთი კარგი ხარ, როგორც ბაყაყი წვიმაში. - ეტყოდა ხილმე.
იოსიას ამის მოსმენა არ სიამოვნებდა, მაგრამ მაინც არ მიატოვა და რაღაც დროის შემდეგ ცეკვაც შეუყვარდა. საკმარისი იყო მუსიკის რიტმს აჰყოლოდა და მაშინვე რელურად გრძნობდა როგორ თანხვდებოდა მისი სხეულის ბუნებრივი რიტმი სამყაროს ძირითად რიტმს. მიქცევა და მოქცევა, მდელოზე მონავარდე ქარი, ვარსკვლავების მოძრაობა - მეც ცალსახად ვარ დაკავშირებული ამ ყველაფერთან, - ფიქრობდა იოსია.
გოგო ეუბნებოდა, რომ არასდროს არ უნახავს ასეთი დიდი პენისი.
- ასეთი დიდი რომ გაქვს, ცეკვაში არ გიშლის? - ხელს მოჰკიდებდა და ისე ეკითხებოდა.
- არა, რას ამბობ, სულაც არ მიშლის, - პასუხობდა იოსია.
მართლა დიდი იყო. რაც იოსიას თავი ახსოვს, იქიდან მოყოლებული. მაგრამ რამეში რომ გამოდგომოდეს, გახსენებით ვერაფერი გაიხსენა. პირიქით, რამდენჯერმე სწორედ ამის გამო უარიც კი უთხრეს სექსზე. ესთეტიკური თვალსაზრისითაც კი მეტისმეტად დიდი იყო, ზორზოხი და იდიოტურად ტლანქი შესახედაობა ჰქონდა. ცდილობდა უცხო თვალისგან მოეფარებინა.
- ის, რომ იოსიას ასეთი ვეებერთელა მეურნეობა აქვს, ღვთიშვილობის ნაღდი ნიშანია, - სიამაყით ამბობდა დედა. თვითონ იოსიასაც სჯეროდა ამისი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი საშინელ სისულელედ მოეჩვენა. ღმერთს ვევედრებოდი, ჩემთვის “ფლაის” დაჭერა ესწავლებინა, მან კი ასეთი მსხვილი ასოთი დამასაჩუქრა. სხვა რომელ სამყაროშია შესაძლებელი მსგავსი გარიგება?
იოსიამ მოიხსნა და კოლოფში ჩადო სათვალე. “დიდი ამბავი, ვითომ რატომაც არა. ვიცეკვებ. - გაიფიქრა. - არც ეს არის ცუდი”. თვალები დახუჭა, კანით მთვარის შუქს ისრუტავდა და მარტო ცეკვავდა. ღრმად ჩაისუნთქა, მერე ამოისუნთქა. ვერაფრით გაიხსენა ხალისიანი მუსიკა და ბალახის შრიალს, ღრუბლების დინებას მიჰყვა. უცებ მოეჩვენა, რომ ვიღაც უთვალთვალებს. აშკარად იგრძნო ვიღაცის მზერა. მისი სხეული, კანი, ძვლებიც გრძნობდნენ ამ მზერას, მაგრამ მისთვის სულერთი იყო. ვინც არ უნდა ყოფილიყო. თუკი უნდა ყურება, უყუროს. ყველა ღვთიშვილს შეუძლია იცეკვოს.
ფეხით მიწას შეეხო, ხელებით მოხდენილი მრუდი მოხაზა ჰაერში. თითოეული მისი მოძრაობა მომდევნოს იწვევდა და რიტმულად გადადიოდა ახალში. სხეული სხვადასხვა ფიგურებს ხატავდა, თითოეულს საკუთარი სტილი ჰქონდა, მისი ვარიაცია, ექსპრომტი იკითხებოდა. რიტმის უკუღმა პირიდან სხვა რიტმი იყო, მათ შორის კი უჩინარი მესამე. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხა მათ მაღალფარდოვან ხლართებში გარკვევა. ტყეში, როგორც სურათ-თვალთმაქცში, სხვადასხვაგვარი ცხოველები აფარებდნენ თავს. მათ შორის აქმდე არნახული საშინელი მტაცებლები. მალე ის ამ ტყეს გაივლის. მაგრამ შიშს ვერ გრძნობს. ანდა რატომ უნდა იგრძნოს - ეს ტყე ხომ თვითონ მასშია. ტყე, რომელიც თვითონ გააშენა და ეს მხეცებიც იქა ჰყავდა.
იოსიას არ ახსოვდა რამდენ ხანს ცეკვავდა. ალბათ დიდხანს. იქამდე ცეკვავდა, სანამ ერთიანად არ დასველდა. მერე კი უცებ მიწის ფსკერზე იგრძნო თავი. თავდაჯერებულად მიაბიჯებდა. გარშემო მრუმე წყვდიადის ყრუ ბუბუნი ისმოდა, ადამინთა სურვილების იდუმალი ნაკადი მოედინებოდა, ფუთფუთებდნენ ლორწოვანი მწერები. მიწისძვრების ბუნაგი, რომელმაც ქალაქი ნანგრევებად აქცია. და ეს ყველაფერი მიწის ერთადერთი შეტოკებაა. იოსიამ ცეკვა შეწყვიტა, სული მოითქვა და ფეხქვეშ დაიხედა - თითქოს უძირო უფსკრულში იყურებოდა.
დედასა და დანგრეულ ქალაქზე ფიქრობდა. დრო რომ უკან დაბრუნდეს და დღევანდელ მეს შეეძლოს შეხვედრა დედასთან, როცა მისი სული ჯერ კიდევ წყვდიადში დაბორიალობდა, ნეტა რა გამოვიდოდა? ალბათ ორივე დავიბნეოდით, ერთმანეთს შევერწყმებოდით, ერთმანეთს ვშთანთქავდით და სასტიკად დავისჯებოდით. მაგრამ ვის აღელვებს ეს? კავმა რომ თქვას, შურისგება გაცილებით ადრე გველოდა. ქალაქი ჩემს გარშემო უნდა დანგრეულიყო.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეგობარი გოგო ქორწინებაზე ალაპარაკდა:
- მინდა ცოლად გამოგყვე, ჩემო ბაყაყო. შენთან მინდა ვიცხოვრო და ბავშვი გაგიჩინო. ბიჭი, ისეთივე დიდი მეურნეობით, როგორიც შენ გაქვს.
- არ შემიძლია, - უპასუხა იოსიამ. - ადრე არ მითქვამს შენთვის, მაგრამ მე ღვთიშვილი ვარ. ამიტომ არ შემიძლია დავქორწინდე პირველ შემხვედრზე.
- რა, მართლა?
- მართლა, - უპასუხა იოსიამ. - მართლა. თუ შეიძლება, მაპატიე.
ნაპრალი მართლა უძირო იყო. იოსიამ ჩაიმუხლა, მუჭით ქვიშა მოხვეტა და ნელა გასცრა თითებშუა. კიდევ მოხვეტა ერთი მუჭა, მერე კიდევ... ცივი ქვიშა თითებშუა იწრიტებოდა. იოსიას გაახსენდა უკანასკნელად როგორ შეეხო ტაბატას გაძვალტყავებულ ხელს.
- იოსია, მე დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერია, - ხრიალით ამბობდა ტაბატა. იოსიამ შეპასუხება დააპირა, მაგრამ ტაბატამ სუსტი მოძრაობით ანიშნა. - ესეც საკმარისია. ცხოვრება კოშმარული სიზმარია. მე გზა მიჩვენეს და აქამდე მოღწევა შევძელი. მაგრამ სიკვდილის წინ აი რა მინდა გითხრა. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ უნდა გითხრა. მე ხშირად მომდიოდა თავში უკეთური აზრები დედაშენზე. როგორც იცი, ოჯახი მყავს და მე ჩემი ოჯახი მთელი გულით მიყვარს. დედაშენს კი უცოდველი სული აქვს. მიუხედავად ამისა, მე მისი სხეული მწყუროდა. და ვერც შევიკავე თავი. ამისათვის პატიება მინდა გთხოვო.
“საბოდიშო აქ არაფერია. “უკეთური აზრები” მხოლოდ თქვენ არ გსტუმრობდნენ. მე, მისი შვილიც კი ცთუნების ზღვარზე ვიდექი”, უნდოდა ეთქვა იოსიას, მაგრამ გადაიფიქრა. იტყოდა და, მხოლოდ გაანაწყენებდა ტაბატას. იოსიამ უხმოდ აიღო მისი ხელი და დიდხანს ეჭირა ასე. თითქოს ხელის საშუალებით უნდოდა გადაეცა ყველაფერი, რაც მის სულში ხდებოდა. ჩვენი გული ქვა არ არის. დროთა განმავლობაში ქვაც კი ქვიშად იქცევა. აი გული კი არასდროს არ ირღვევა. სიკეთე იქნება თუ ბოროტება, ჩვენ უსასრულოდ შეგვიძლია გადავცეთ ერთმანეთს ეს ხელშეუხები სუბსტანცია. ყველა ღვთიშვილს შეუძლია ცეკვა. მეორე დღეს ტაბატა აღესრულა.
იოსია პიტჩერის წრეზე იდგა და თავი დროის მდინარებისთვის მიენდო. სადღაც შორიდან სასწრაფო დახმარების სირენის ხმა ისმოდა. დაუბერა ქარმა, ააშრიალა ბალახი, ყური მიუგდო მის სიმღერას და ისევ ჩადგა.
- ღმერთო, - აღმოხდა იოსიას.


© ”ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”

მაგდა კალანდაძე
























ლიტერატურული კერპთაყვანისმცემლობის კვირეული ფრანკფურტში



ოქტომბერი ლიტერატურული ნაყოფიერებით გამოირჩევა ხოლმე - პრესტიჟული ლიტერატურული პრემიებისა და წიგნის საერთაშორისო ბაზრობების ერთთვიან ორომტრიალში ფაქტების ჯერ მარტო მოლოდინი, მერე დაკვირვება და ბოლოს ანალიზი იმდენად მცირე დროში გვიწევდა, რომ ერთიმეორეს შორის ამოსუნთქვის საშუალებაც ძლივს გვქონდა. თუმცა, ვერაფერს იტყვი - სასიამოვნო პროცესია - ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთელი საერთაშორისო პოლიტიკა ლიტერატურული ტენდენციების გარშემო ტრიალებს და ჩვეული ინფორმაციული საგიჟეთიც მხოლოდ ლიტერატურული სიახლეებითაა გადავსებული. სრული ბედნიერებისთვის ჩვენ მსგავსი ილუზიებიც გვეყო, ევროპის შუაგულში კი ოქტომბრის კვირეული მართლაც მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურულ ერთეულებს - წიგნებს დაეთმო - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა წელს რეკორდული მაჩვენებლებით ჩატარდა. “წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო საქმიანი, ინტელექტუალური, ცოცხალი და სახალისო”, - ამ სიტყვებით შეაფასა დირექტორმა, იურგენ ბოოსმა, ლიტერატურულ სივრცეში მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საორგანიზაციო მხარე კმაყოფილი დარჩა, რადგან მათი ჩანაფიქრი გამართლდა - ბოოსმა წინასწარ არაერთხელ განაცხადა - დროა, ბაზრობის მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ გასართობ მოვლენად არ დარჩეს და საგანმანათლებლო საქმეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოსო. ასეა თუ ისე, სანამ ფაქტების უფრო კონკრეტულ ანალიზზე გადავალთ, ფრანკფურტის წიგნის 59-ე ბაზრობის წარმატებას მარტივი რიცხობრივი მონაცემებიც ადასტურებს - წიგნის ზეიმს, რომელიც 9-დან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდა, წელს 300 ათასამდე სტუმარი ჰყავდა, მსოფლიოს 108 ქვეყნიდან 7448 გამომცემლობა იყო წარმოდგენილი და, თუ ფანტაზია გაგწვდებათ, შეგიძლიათ, ბაზრობაზე გამოტანილი წიგნების 400 ათასი დასახელებაც წარმოიდგინოთ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას და გუტენბერგიდან მოყოლებული დღემდე ლიტერატურის რაობა-ვინაობაზე საუბარს არ დავწყებ - მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ლიტერატურის განვითარებისა და მისი სამომავლო პერსპექტივებისთვის სასიკეთოდ განსაზღვრული წლის ყველაზე მასშტაბური და ამავე დროს, თავისი შინაარსით ნაკლებლიტერატურული მოვლენაა - რამდენადაც წერა-კითხვა და ტექსტებთან უშუალო კონტაქტი ინტიმური და ინდივიდუალური აღქმის პროცესია, იმდენად წიგნის ბაზრობის ფენომენი ამ პროცესის ზედაპირზე გამოტანილი ქაფია და უფრო ბიზნეს-შეხვედრას, საქმიანი გარიგებებისა და ავტორ-მკითხველებს შორის ემოციების (ძირითადად აღფრთოვანების) გაცვლის სასიამოვნო და სასარგებლო რიტუალს ჰგავს. ამიტომ, ბევრს შეიძლება ბაზრობის შედეგები უფრო ხიბლავდეს - მართლაც, ოქტომბრის კვირეულზე წარმოდგენილი ახალი ავტორების, ნაწარმოებებისა თუ თარგმანების გრძელი სია და დაგეგმილი პროექტები მკითხველს მთელი წლის მანძილზე გაჰყვება საგზლად.
ფრანკფურტის წიგნის წლევანდელი ბაზრობა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული გამოდგა - მსოფლიოს 108 ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველო იყო, რომელიც წელს პირველად წარდგა 40 კვ. მეტრიანი კოლექტიური სტენდით. სტენდის ორგანიზატორად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფინანსურ მხარდამჭერად კი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოგვევლინა. დაგეგმილი იყო კულტურის მინისტრის, ბატონი გიორგი გაბაშვილის პრესკონფერენცია ფრანკფურტში, თუმცა მინისტრმა ბაზრობაზე ჩასვლა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ქართულ სტენდს მოულოდნელი და ექსცენტრიული სტუმარი ეწვია - საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ბატონი ედუარდ შევარდნაძე წიგნის ფესტივალზე იმყოფებოდა და გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანს დიტრიხ გენშერთან ერთად საქართველოს კოლექტიური სტენდიც მოინახულა. თუმცა, წიგნის ბაზრობაზე მის გამოჩენას მაინცდამაინც მშობლიური ლიტერატურის განსაკუთრებულ გულშემატკივრობასა და ქომაგს ვერ დავაბრალებთ - 10 ოქტომბერს მისი პოლიტიკური მემუარების გერმანული თარგმანის “Als der Eiserne Vorhang Zerris“ (“როცა რკინის ფარდა დაიმსხვრა”) პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ჰანს დიტრიხ გენშერი უძღვებოდა, თავად ბატონმა ედუარდმა კი თავის გამოსვლაში მსოფლიო გაამხნევა და ცივი ომისათვის თავის არიდებისკენ მოუწოდა.
ექს-პრეზიდენტი იქით იყოს და, ქართულ სტენდთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა საყურადღებო - სწორედ აქ შედგა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული მთარგმნელობითი ფონდის, “მაჩაბლის”, პრეზენტაცია. ფონდის მიზანია, დააფინანსოს თანამედროვე ქართული ლიტერატურის თარგმნა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. მსგავსი ფონდები თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს, რაც, რასაკვირველია, ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მეორე საკითხია, რამდენად წარმატებულად იმუშავებს საქართველოში მსგავსი ფინანსური ორგანიზაცია - დღესდღეობით ლიტერატურულ ბაზარზე ძნელია, ყურადღება მიიქციო და დააინტერესო მსოფლიოს სხვადასხვა გამომცემლები, მით უმეტეს მაშინ, როცა თვითონ ქვეყანაში ლიტერატურული პროცესები, რბილად რომ ვთქვათ, მდორედ მიმდინარეობს. თუნდაც ის ფაქტი, რომ წელიწადში საშუალოდ 5 რომანზე მეტი არ გამოიცემა, ლიტერატურულ ვაკუუმს ქმნის და ფაქტობრივად გამორიცხავს მსოფლიოს ლიტერატურულ ფოკუსში მოხვედრის მიკროშანსსაც კი. მსჯელობისას ნაწარმოებების ხარისხსა და მხატვრულ ღირებულებებსაც თუ გავიხსენებთ, ზემოთმოყვანილი საშუალო ციფრი ყველაზე მცირე ერთეულამდეც კი არ დავა. ზოგადად კი ქართული ლიტერატურის მრავალმხრივობასა და საინტერესოობაზე საუბარი მსოფლიო ბაზარზე გატანის კონტექსტში არასერიოზულად მეჩვენება - თანამედროვე ტემპების გათვალისწინებით, წიგნის მსოფლიო ბაზარს ვერ დააინტერესებ გასული საუკუნისა და თუნდაც, წლების წინანდელი ლიტერატურული შედევრებით. მთარგმნელობითი ფონდის შექმნა, რასაკვირველია, მისასალმებელი და სასიხარულოა, მაგრამ დღესდღეობით ალბათ უფრო უპრიანი იქნება კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები შიდალიტერატურულ სივრცეს მოხმარდეს, კარგა ხნის წინ გაყინული პროცესი როგორმე ადგილიდან დაიძრას და შექმნილი სიცარიელეები ამოივსოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია კომიკურ სახეს მიიღებს - გვექნება ფინანსები, გვეყოლება მთარგმნელი, შეიძლება რომელიმე უცხოური გამომცემლობაც გავაბრიყვოთ, მაგრამ სანთლით საძებარი გაგვიხდება წიგნი, რომლის გატანაც მსოფლიო ბაზარზე არ შეგვრცხვება.
სტენდის ორგანიზატორებმა კიდევ ერთი საიდუმლო გაგვიმხილეს - არ არის გამორიცხული, 2011 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის რანგში საქართველო წარდგეს. 2011 წლამდე კი თურქეთი, ჩინეთი და არგენტინა არიან პროგრამაში. წლევანდელი ბაზრობის საპატიო სტუმარი კატალონია იყო და კატალონიური კულტურის დღეები მთელი ქალაქის მასშტაბით მოეწყო. კატალონიამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 100-ზე მეტი ავტორი და ხელოვნების სფეროში მოღვაწე 600-ზე მეტი სტუმარი წარმოადგინა. ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იყო 4 საავტორო ფილმი, გაიმართა 30 ინტერვიუ მწერლებთან, გამოფენაზე გამოიტანეს ანტიკვარული წიგნების 150-ზე მეტი ორიგინალი, 15-მდე ხელნაწერი, 300-ზე მეტი ფოტო და აუდიო ვიზუალური დოკუმენტი.
კატალონიური გამომცემლობები ესპანური საგამომცემლო ინდუსტრიის 28 %-ს შეადგენს. მათი რიცხვი 150-მდე აღწევს და კატალონიური კულტურისა და მეცნიერების ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეაქვთ. აქამდე კატალონიური ლიტერატურის მხოლოდ 45 ბელეტრისტული ნაწარმოები იყო გერმანულ ენაზე თარგმნილი, და როგორც იურგენ ბოოსმა განაცხადა, საპატიო სტუმრის მოწვევა ამ საკითხს როგორც გერმანიასთან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც მოაგვარებს. კატალონიური კულტურის პროგრამა სამ ძირითად ნაწილად იყო დაყოფილი - კატალონიური კულტურა დღეს, კატალონიური ენისა და ლიტერატურის 8 საუკუნოვანი წარსული და მათი საგამომცემლო ინდუსტრია. მთავარი მოვლენა კი ბაზრობის ფორუმზე გამართული პრეზენტაცია “La Cultura Catalana, Singular i Universal” იყო, სადაც ორგანიზატორებმა კატალონიური საგამომცემლო ინდუსტრიის განვითარების ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ზემოთმოყვანილი რიცხობრივი მაჩვენებლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საეჭვოა, ქართული კულტურის დღეებმაც ასეთივე რეზონანსის მოხდენა შეძლოს მსოფლიოს ლიტერატურულ ფოკუსში, და მით უმეტეს, თუ დაახლოებით მაინც წარმოვიდგენთ, რა თანხებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მსგავსი კულტურის დღეების მოწყობა, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ისევ ღვთის ანაბრად მიტოვებული ეროვნული საგამომცემლო საქმე მახსენდება - განსაკუთრებით, მაშინ, როცა ლიტერატურის მოყვარულები მსოფლიოში უკვე ბინის ფართს ზოგავენ და თაროებზე წიგნების გროვების ნაცვლად ელექტრონულ გამოცემებს ანიჭებენ უპირატესობას, თუ ზედმეტად გადატვირთული დღის რეჟიმი აქვთ, სქელტანიანი რომანების აუდიო ვერსიებს საჭესთან ისმენენ - ეს ის სტატისტიკაა, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ჩატარებულმა გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ბაზრობის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე იურგენ ბოოსის ინიციატივით ონლაინ გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც 86 ქვეყნიდან 1324 ექსპერტი და სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას. გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო, გაერკვია, თუ რამდენად გაიზრდება მოთხოვნილება ლიტერატურის ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე, რაც კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა თანაბრადაა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული გამოცემების ყველაზე დიდი პლაცდარმი.
შეკითხვაზე, თუ რა სახის ლიტერატურული პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მეტად წარმატებული და რაზე კონცენტრირდება მკითხველთა მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ელექტრონული წიგნები - 44%, აუდიოწიგნები - 40%, თარგმანები - 27%, სახელმძღვანელოები - 26%, კომიქსები - 18%, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა - 17%, გასართობი ლიტერატურა - 15%, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები - 8%, პოეზია - 3%. ექსპერტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ სულ რაღაც 50 წელიწადში ორ ყდას შორის მოქცეული ლიტერატურა შეიძლება ძირეულად შეცვალოს კილო- და მეგაბაიტებში გამომწყვდეულმა ტექსტებმა, თუმცა, ამას საგანგაშოდ სულაც არ მიიჩნევენ - თვლიან, რომ ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა და მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრიასაც წარმატებული საქმიანობისათვის გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებისაკენ მოუწოდებენ. თავად იურგენ ბოოსიც თვლის, რომ ციფრული ტექნოლოგიები ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა გლობალური საგანმანათლებლო პროცესის დაჩქარებისათვის.
სამომავლო გეგმებზე მსჯელობის, საავტორო უფლებების გაცვლა-გამოცვლისა და კულტურული რევერანსებს გარდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იმითაც მნიშვნელოვანია, რომ მის ფარგლებში ორი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია გაიცემა. გერმანული საგამომცემლო ინდუსტრიის ჯილდო (Friedenspreis des Deutschen Buchhandels), რომელიც 25 ათას ევროს შეადგენს, ებრაელ ზაულ ფრიდლენდერს გადაეცა მსოფლიოს მშვიდობიან განვითარებაში შეტანილი ლიტერატურული და სამეცნიერო წვლილისათვის. ფრიდლენდერის შრომები ისტორიული ჟანრისაა და ძირითადად ჰოლოკოსტის შესახებ კვლევებს მოიცავს. დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად Paulkirche-ს ტაძარში გაიმართა. სხვადასხვა დროს Friedenspreis des Deutschen Buchhandels-ის ლაურეატები იყვნენ ორჰან პამუკი, სიუზან ზონტაგი, ვარგას ლოსა, ამოს ოზი, ჩინუა აჩებე და ა.შ.
საბავშვო ლიტერატურის პრემია (Der Deutsche Jugendliteraturpreis) ყოველ წელს განსაკუთრებულ ხალისსა და მხიარულებას მატებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას. ჯილდო უკვე 50 წლის ისტორიას ითვლის, იგი სხვადასხვა ნომინაციებში გაიცემა და თითოეული ნომინანტისთვის განკუთვნილი ფულადი პრემია 10 ათასი ევროა. წელს საუკეთესო საბავშვო წიგნად ნორვეგიელი ავტორის, ჯონ ფოსსეს “და” (“Schwester”) დასახელდა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენი “ლურჯი სავარძელია” (Blaue Sofa), სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და პოპულარული გამომცემლები, ავტორები და საგამომცემლო ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლები გერმანიის ცენტრალური ტელევიზიისათვის საჯაროდ ინტერვიუს იძლევიან. წელს წიგნის ბაზრობაზე მისულ სტუმრებს ლურჯ სავარძელში მოკალათებული უმბერტო ეკოს, გიუნტერ გრასის, მარტინ მოზებახის, ზედი სმიტის, კირან დესაის და სხვა ავტორების ხილვა შეეძლოთ. როცა ცოცხალი ლეგენდების პირისპირ დგახარ და მათგან სულ მცირე - ავტოგრაფს ელი, რა თქმა უნდა, არ გახსენდება, რომ ეს სწორედ ის ავტორია, ვის “კუნძულსაც” თავი და ბოლო ვერ გაუგე, რომლის “თუნუქის დოლიც” მეჩვიდმეტე თუ მეთვრამეტე გვერდს იქით გაჭირვებით წაიკითხე, და ვის პრესტიჟულ პრემიასაც დაუმსახურებლად თვლიდი. ეს ის შემთხვევაა, როცა ლიტერატურული ღირებულებები - ხშირ შემთხვევაში პრინციპები და ჭირვეულობები - მეორე პლანზე გადადის და, გინდა-არგინდა, კერპთაყვანისმცემელი ხდები. ასეა, ლიტერატურის გურმანებისათვის წიგნის ბაზრობა ერთგვარი რელიგიური რიტუალივითაა, ლიტერატურით დამუხტული არალიტერატურული კვირეული, რომელიც შინაარსიდან ფორმისკენ გიბიძგებს და ზედაპირზე გაგდებს. ალბათ ასეც უნდა იყოს - წიგნების საკითხავად და მათს ავკარგიანობაზე დასაფიქრებლად ოქტომბრიდან ოქტომბრამდე მთელი თერთმეტი თვე გვაქვს.

© ”ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”

ანდრო ბუაჩიძე



















ზაზა თვარაძე


ხსოვნა

ის ჩვენს გვერდით ცხოვრობდა, მაგრამ თითქოს სხვა სივრცეში იყო და სხვაგან მოგზაურობდა. მე ხომ მას თითქმის ბავშვობიდან ვიცნობდი და ვიცი: გამუდმებით თავის ოცნების ქალაქს აშენებდა. თავდაუზოგავად იპოვებდა საზრდოს თავის ნახევრადრეალური ქვეყნიერებისთვის. შთაგონების წყარო კი რა აღარ იყო - ანგლო-ამერიკული ფოლკლორი და მწერლობა, მითები და რეალობა, სიზმრების ფსკერი და უბადრუკი ემპირიულობის ყველაზე პროზაული სივრცე. ყოველთვის ერთი რამ სურდა: ფრთებშეკვეცილი რეალიზმის მოსაბეზრებელ ჩარჩოებს გასცილებოდა და თავისი საარსებო სივრცე შემოეწერა: ის აშენებდა ქალაქს, სადაც სიკეთეს ბოროტება უნდა დაემარცხებინა. ოღონდ, ეს ქალაქი ლამაზი უნდა ყოფილიყო. ზღაპრულად ლამაზი და ავი თვალის მქონეთათვის მიუწვდომელი.
ყოველივე ეს თავდაპირველად მაშინდელ პავლოვის ქუჩაზე, ერთი ჩვეულებრივი ბინის პატარა ოთახში დაიწყო. ეს იყო ზაზა თვარაძის - ამ უცნაური მეტაფიზიკოსის ლაბორატორია, და ამავე დროს, საყდარი. აქ, "საყდრული მყუდროება" სუფევდა და ამ მყუდროებაში იღვრებოდა ამერიკელი უსინათლო ბარდის - დოკ უოტსონის ერთდროულად ხალისიანი და სევდანარევი, არაამქვეყნიური ხმა. ეს კაცი ხოტბას აღუვლენდა სიცოცხლეს და მისი ჯიუტ ნებასთან შერწყმული ალალმართალი უდარდელობა ზაზას აღფრთოვანებას იწვევდა.
მე ვფიქრობ, იმ ადრეული სიჭაბუკის წლებში ზაზა ზნეობრივ საყრდენებს ეძებდა, ეძებდა ისეთ სულიერ ფასეულობას, რომელიც მის ცხოვრებას აზრს მიანიჭებდა. ეს ინდივიდუალური ძიების გზა იყო, ძალზე მიმზიდველი მიგნებებით აღბეჭდილი.
ზაზას თავისი ცხოვრების წესი ჰქონდა, თავისი ცხოვრებისეული ხელწერა გააჩნდა, ის თითქოს თავისებურ შუქს ჰფენდა საგნებს და განსხვავებულ ელფერს ანიჭებდა. მახსოვს, იმავე ოთახში დაბალ საწოლთან ღამის ნათურა ედგა, რომელიც ბნელ და ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურის შუქურას ჰგავდა. ეს შუქურა უნათებდა მას ღამ-ღამობით ედგარ პოს, ნათანიელ ჰოთორნის, ჰერმან მელვილის, Hჰერბერტ უელსის ზღვასავით მღელვარე ქვეყნიერებას. დღისით კი, თითქოს, ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილი და გამოუძინებელი ზაზა თავის სიზმრებთან ერთად თვითმხილველის ტონით ჰყვებოდა ამონტილიადოს კასრის ან კაპიტან აქაბის გულისშემძვრელ ამბავს.
ზაზას ოთახი ნამდვილი საყდარი იყო, რადგან აქ თავშესაფრის მაძიებელი ადამიანები იკრიბებოდნენ: უბნელები, კლასელები, ახლადშეძენილი უნივერსიტეტელი ამხანაგები. მე ამ უკანასკნელთა შორის ვიყავი და თავდაპირველად მოკრძალებით ვიჯექი ოთახის ერთ კუთხეში, მერე კი მუდმივი საუბრების მონაწილედ ვიქეცი. ზოგჯერ, ფანჯარასთან მიდგმული პატარა მაგიდა ოთახის შუაგულში გადმოინაცვლებდა და ტაფამწვარის ირგვლივ შემოწყობილი ღვინის ბოთლები უფრო და უფრო მეტ სიცხოველეს სძენდა საუბარს. შემოსწრებულთა შორის სრულიად უცხო ბიჭებიც იყვნენ, რომლებიც თავიდან სდუმდნენ, ცოტა ხნის შემდეგ კი ხალისიანად ერთვებოდნენ ცხარე კამათში.
ზაზა უცნაურად იზიდავდა ყველას, ვინც კი ერთხელ მაინც მოხვდებოდა მის ჭერქვეშ. ის ერთნაირად გულწრფელი იყო ყველასთან, თანაბრად ანაწილებდა ყურადღებას. მოგვიანო პერიოდშიც, როცა დაოჯახებული სხვა უბანში გადასახლდა, მისი სახლის კარი ძველებურად ღია იყო სტუმრისათვის. უკვე ცხოვრებისეული გამოცდილებაც ჰქონდა დაგროვილი დ ამ ნდობას, რომელსაც პირველი შეხვედრისთანავე აღძრავდა ადამიანებში, შესატყვისი ცოდნით პასუხობდა. ზაზას ხშირად აკითხავდნენ ის ადამიანები, რომლებიც ეგზისტენციურ სიცარიელეში იყვნენ მოხვედრილნი და იქიდან თავდაღწევის ვერავითარი გზა ვერ გამოენახათ. ასეთ დროს ზაზა მოძღვრად იქცეოდა და უშურველად უნაწილებდა თავის გამოცდილებას თუ დაკვირვების უნარს ყველას, ვისაც საბედისწეროდ აჩნდა ცხოვრებისეული ტრავმების ნაჭდევები.
დღემდე მიკვირს, რა ძალა ჰქონდა ამ მაგნეტიზმს! და იმასაც ვფიქრობ, სწორედ ამ ძალამ ხომ არ დააწერინა ბრწყინვალე მოთხრობა თუ მცირე რომანი "სიტყვები", რასაც ზაზა მისთვის მკვიდრი გარემოდან იღებდა, გულუხვად და უაღრესად თავისებურად გასცემდა ხოლმე. უცნაურად გადატყდა მის ცნობიერებაში ბავშვობის ორი უახლოესი მეგობრის სიკვდილი; "სიტყვებიც" ერთ-ერთ მათგანს ეძღვნება. ამ ნაწარმოებში თითქოს ზაზას მთელი მხატვრული ფანტაზია შენივთდა და კაშკაშა სხივი გამოაბრწყინა. პიროვნების განუმეორებლობაზე და მის მოულოდნელ გაქრობაზე ფიქრი მტანჯველ სასწაულად იქცა. ყოველდღიური პროზა ფანტასმაგორიაში გადაიზარდა და აღმოჩნდა, რომ უნიკალური ადამიანის გაქრობა ასევე უნიკალური სინათლის კვალს ტოვებს ყოფიერების სივრცეში. ეს სინათლე უნათებს სხვა ადამიანებს ცხოვრების გზას.
"სიტყვები" ცოტა ხნის წინ ცალკე წიგნადაც გამოიცა, მაგრამ ზაზას მუშაობა არ შეუწყვეტია, გამუდმებით ქმნიდა ახალ ჩანართებს და ცალკეული ეპიზოდების განსხვავებულ ვერსიებს. ეს თითქოს მისი ღვიძლი თემა იყო, მისი ბედისწერის განუშორებელი ნაწილი. ზაზა თვითონვე უსმენდა "სიტყვების" მსუსხავ მუსიკას და ნატიფი ხელით ცვლიდა მელოდიურ ნახაზს.
ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ გადადებს გვერდით თავის განუშორებელ გიტარას და როგორ იწყებს საუბარს თავის მოთხრობაზე. საუბარი ძუნწია და ფრაგმენტული, მაგრამ ვუსმენ და ვიცი, რომ ამ მოთხრობაზე მუშაობა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
არც უნდა შემწყდარიყო, მაგრამ შეწყდა, რადგან ზაზა თვითონვე გარდაისახა თავის უცნაურ და მშვენიერ მოთხრობად...

© “ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”

ნიკუშა ანთაძე

















The Killers



- ცხვირი მოვაჭრა თუ ყურები? – იკითხა ჩიქომ სპირტში შენახული სახის ნაწილების კოლექციონერივით.
- ყურები არა ნესვი. თუ დაჭრაა, ფეხში უნდა ესროლო, - თითები გაატკაცუნა ოთომ, - კალათბურთელია ხო იცი და...
- მერე რა?
- რა და ცალი ფეხით ვეღარ ითამაშებს.
- მოიცა, ეგ თან ძველი ბიჭია, თან სამქულიანებს ყრის? - სანდრო ლუდის ბოთლებით ხელში დაბრუნდა სამზარეულოდან.
- 21-ე საუკუნეა, ძმაო, - ოთომ ერთი ბოთლი ჩამოართვა, - მოდაშია ეხლა თან სპორტი, თან ძველბიჭობა. ეგ რა არი, შენ ბატუტზე მხტომელი ქურდი თემუკა არ გაგიგია? და მოციგურავე შავი რეზო. კაი რა, ძველი ბიჭი არა ნესვი. ეგეთ ძველ ბიჭებს ყურში აფსამენ მერე ზონაზე. უჭკუო ბავშვები, იარაღი აქვთ და ტვინი არა აქვთ.
- დღესვე უნდა ვნახო, - გადაწყვიტა ჩიქომ, - ვერ ვიტან გაწელვებს და გადადებებს.
- ეგეთთან ლაპარაკი და რამის ახსნა უაზრობაა, თავის ენაზე თუ არ აუხსენი, ისე არ ესმის.
- გავაგებინებ რამენაირად.
- ღიირს? – თვალი თვალში გაუყარა სანდრომ.
- რა არ ღირს სანდრიკ, როგორ უნდა შევარჩინო და რატო უნდა შევარჩინო ესეთი რამე? ჩემ შეყვარებულს იარაღს ადებს ხალხში და რაღაც სირობებს ეუბნება.
- ისე შენი სალომეც კაი ნესვია, - ხელი ჩაიქნია ოთომ, - სულ უმიზეზოდ არ მოხდებოდა ეგ ბაზარი.
- რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც არ არი საპატიებელი. ატირებული მოვიდა გოგო.
- ხოდა არც ეპატიება, ძმაო. ნომერი გაქვს მაგ ტიპის?
- კი, მიწერია ტელეფონში.
- დაურეკე, გავიდეთ და ვნახოთ.
- მარტო მინდა შევხვდე.
- რა მარტო? მარტო არ გაგიშვებ, რა პონტია?
- ეგრე მირჩევნია.
- ხო იცი რანაირი ლაპარაკის შეყვანა იციან ჯიგრებმა, სულ რო მართალი იყო კაცი, მაინც გაგამტყუნებენ და შენ აჯობებ მაგას სიტყვაში? თან გოგოს ნათქვამზე მიდიხარ.
- არ მაინტერესებს, მაჯობებს და მოვაჭრი ყელ-ყურს.
- Джек-Потрошитель.
- ხუმრობის ხასიათზე არა ვარ.
- კაი ძმაო, რა ვიცი, შენ როგორც გინდა რა. პროსტა მაშინ რკინა წაიღე.
- ჩვენი სასროლი აქ არი?
- აბა სად იქნება, - სანდრომ კომპიუტერის კეისისკენ მიუთითა.
- ამოიღე რა.
სანდრომ კეისი მაგიდაზე შემოდგა და გახსნა.
- რამე რო მოხდეს, ხო იცი, პირში ჩავულაგებ სამქულიანებს და კალათზე ჩამოვახრჩობ.
- რა უნდა მოხდეს? რო მომკლას?
- თუნდაც, - ისევ გაიღიმა ოთომ.
- თუ მომკლა მერე რაღად მინდა.
- მაშინ წამოვალ და ეხლავე ჩავულაგებ.
- მარტო მინდა-მეთქი, ვა.
- კაი, კაი.
- ჰა, - სანდრომ "ტეტე" გაუწოდა ჩიქოს და კეისი თავის ადგილას დააბრუნა, - აბოიმა სავსეა, მაგრამ ის რომ უიარაღოდ მოვიდეს?
- უიარაღოდ არა ნესვი. ეგ რო ფსავს, ალბათ მაშინაც გადატენილი უჭირავს და კაცთან შესახვედრად ცარიელი მოვა ხო უეჭველად? - ოთო ადგა, - მივაფსამ და მოვალ.
ჩიქომ თავი ჩახარა.
- გულახდილად მითხარი, - ხელი გადახვია სანდრომ, - გინდა ახლა შენ ეს ყველაფერი?
არ უპასუხა, სიგარეტი ჩააქრო და ახალს მოუკიდა.

ჩიქო მშიშარა არ იყო, არ შეშინებია. უბრალოდ ნერვიულობდა ცოტას და რაღაც მოუსვენრობა აწუხებდა, როგორც ყოველთვის, როცა ასეთ შარში გაეხვეოდა ხოლმე. აკადემიაში აპირებდა ჩაბარებას, სამხატვროში. სიამოვნებით აიღებდა ფუნჯს იმ საღამოსაც, მაგრამ იარაღი ეჭირა. არასდროს არ ყვარებია გარჩევები და "კაჩაობები", უბრალოდ ასეთი რამეების გატარება არ შეეძლო. არა გოგოსა და სიყვარულის გამო. თითქოს თავისუფლად უნდა დაეკიდებინა ვინ რას ეტყოდა სალომეს, რომელიც ოთოს თქმის არ იყოს, მართლაც მაგარი ნესვი გახლდათ. უყვარდა არ უყვარდა, არც იცოდა წესიერად, რა სიყვარული, 43 სალომე ჰქონდა კიდევ წინ ცხოვრებაში, რატომ უნდა გაეგიჟებინა თავი ამის გამო და რატომ წასულიყო ვიღაცეების საჩეხად, მაგრამ თავმოყვარეობა თუ რაღაც ამდაგვარი არ ასვენებდა. მომხდარს სალომეს შეურაცხყოფაზე მეტად, თავის შეურაცხყოფად თვლიდა. მერე თავის თავზე ბრაზდებოდა, იმიტომ რომ გულის სიღრმეში არც არავის ფეხების ხვრეტა უნდოდა და არც არაფერი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მოაგვარებდა საქმეს, იქამდე ვერ ჩერდებოდა.

* * *
პატარაობაში ირაკლი, უფროს ძმას "რაზბორკებზე" კალიასკით დაყავდა. 3-4 წლის იყო მშობლებმა ძმას რომ ჩააბარეს გასაზრდელად და ასე გაიზარდა ქუჩაში. უფროსს უბანი ეჭირა და ესეც ხომ არ ჩამორჩებოდა, დარბოდა იარაღებით, ისროდა აქეთ-იქეთ. ერთი პერიოდი "ბესპრიძელშიკადაც" იცნობდნენ. ქუჩის გარდა ერთადერთი კალათბურთი აინტერესებდა, თუმცა სპორტსა და ძველბიჭობას შორის არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირდა. ვერ გადაეწყვიტა, სად უფრო კარგი მომავალი ელოდა, ქუჩაში თუ მოედანზე. ბოლო დროს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძმას ისე ახლოს მოხვდა ტყვია გულთან, რომ ძლივს გადაარჩინეს, კი შეფიქრიანდა ირაკლი, მაგრამ უბნის მიტოვება ადვილი არ იყო, ვერ წარმოედგინა ცხოვრება ბირჟაზე დგომის გარეშე. ვარჯიშიდან დაბრუნებული გადაივლებდა, სწრაფად ჭამდა და მერე შუაღამემდე ეზოში იდგა ძმაკაცებთან ერთად. ყოველდღე.

- მინი ეცვა იმ დედაგახერხილს, - ირაკლის გარშემო ბიჭები შეკრებილიყვნენ, - ვუყურებდი რა, არც ვუყურებდი, ერთი-ორჯერ გავხედე და ნუ მიყურებო, თორე აგიდგება და რა გეშველება მერეო. თან ხალხი იყო, ყველამ გაიგო, მაგის დაქალები კინაღამ გაიპარენ სიცილში. რა უნდა მეთქვა?
- რა უთხარი?
- რა მეშველება და მიგარჭობ-მეთქი.
- მერე?
- ტირილი დაიწყო, ტო. აზრობ რა გულჩვილი და მგრძნობიარე აღმოჩნდა ცაცკალი, ვითომ უარესი არ უთქვამთ და არ მიურჭიათ კიდევაც, მე მაგის გამომშვები დედა რო...
- ეხლა მაგის შეყვარებული გეძებს თურმე.
- რა იცი?
- გოგოებმა თქვეს. სალომემ მოუყვა ეტყობა და იმას უთქვია ვნახავო.
- მერე მეძებს რა, რომელი ნიულავიმი ჯო მე ვარ რო ვერ მიპოვა? მიპოვოს, მიპოვოს და მიერჭობა მაგასაც. ეგ რა როჟაა საერთოდ?
- დიდი არაფერი. მხატვარი და რაღაც ეგეთი დვიჟენია.
- რამხელაა?
- ჩვენხელა იქნება, 17-ის ან 18-ის, ზუსტად არ ვიცი. ისე შენც რამ გაგაჭედინა, იარაღი დაადო გოგოსო.
- რა იარაღი?
- რა რა იარაღი? ხო გედო დღეს.
- კი მედო, მარა არ დამიდია არავისთვის.
- რავი, ის ეგრე ყვება.
- ხოო? საღოლ. სუ გამოყ... მაიცა, ტელეფონი მირეკავს. და.. კი, მე ვარ, შენ რომელი ხარ?.. ხო, მერე??.. კი.. ლისზე? უფრო შორს არ იცი რამე?!.. მე რა ვიცი, მაგას მერე გაგაგებინებ.. ხარაშო, ხარაშო.. ჰა?.. კაი.. კაი, ბაზარი არაა.. დავაი.
- რაო?
- ხმაზე მაგარი ქინძისთავი ჩანს.
- რა მინდაო?
- ათ საათზეო, ლისის ტბაზე რო ტყეაო.
- უფრო შორს არ იცის რამე?
- მარტო მოვალ და მარტო მოდიო.
- ვაა. ეგ არაფერი, კიდე კაი არ გითხრა, დედიკოს და მამიკოს წამოვიყვანო.
- მაგას არ მეტყოდა, რათ უნდა რო დედიკო იქვე ლაივში მივუხისძირო.
- ეგეც მართალია.
- ეე, რა დროს ეს იყო, თამაში მაქვს ხვალ, ნახევარფინალია.
- უცებ მოუყომარე და წამოდი რა.
- არ არი პრობლემა.
- მარტო წახვალ? როგორც ვაკეთებთ ხოლმე ისე არ გინდა? მარტო მიდი და მერე ჩვენ ვითომ შემთხვევით გავიჩითებით.
- შენ რა ჭკვიანი ხარ. ძაან შემთხვევითობაა 15 ბიჭი ღამე ლისის ტბაზე რო სეირნობს და თან ჩემი ძმაკაცები რო აღმოჩნდებიან.
- არ გკიდია? ეგეც ან მოვა მარტო ან არა, რამე არ გააჩალიჩოს.
- გააჩალიჩებს და რაც მოუვა მერე ჩემზე კარგად იცით.
- თუ მოგკლა მერე რაღად გინდა.
- მომკლავს ხო, აბა რას იზამს.
- მთავარია შენ არ შემოგაკვდეს, თორე ეგ რა ფუნჯიც არი გასაგებია.
- მოკლედ ავუხსნი რო ტრაკი დააყენოს.
- თუ არადა მიჭერი ტრაკში.
- დანაც წავიღო?
- სასროლი მიგაქ?
- არ წავიღო?
- ის არა მგონია იარაღით იყოს.
- მით უკეთესი. გავედი რა.
- თუ რამეა დარეკე.
- კაი.
- აბა ჰე, ჭკვიანად.

* * *
დათქმულ ადგილას შეხვდნენ.
- შენ ხარ ირაკლი?
- კი. შენ ჩიქო ხარ?
- კი.
- შევიწიოთ, პატრული არ გაიჩითოს.
საკმაოდ ღრმად შევიდნენ ტყეში.
ჩიქოს თითქოს დალაგებული ჰქონდა რა და როგორ უნდა ეთქვა, მაგრამ ახლა, როცა გვერდი-გვერდ მიაბიჯებდნენ, ყველაფერი დაავიწყდა. ირაკლის ცოტა უკვირდა, რა თამამად მომყვება ეს ფუნჯიო. ასეთ მომენტებში ყოველთვის ძაღლივით გრძნობდა ხოლმე, როგორ ეშინოდათ მისი, მაგრამ ამ საღამოს არაფერი უგრძვნია.
შეჩერდნენ.
- რა ხდება აბა? – ირაკლიმ ქამარი გაისწორა და ხელები ჯიბეებში ჩაიდო.
- სალომეს საიდან იცნობ? – ძლივს იპოვა დასაწყისი ჩიქომ.
- არ ვიცნობ.
- ჩემი შეყვარებულია.
- ძალიან კარგი. მერე?
- რა მერე?
- მერე რა?
- რომც არ იყოს ჩემი შეყვარებული გოგოა და..
- და?
- არ არი ლამაზი გოგოსთან უზდელობა.
- მე ვიცი ვისთან რა არი ლამაზი, შენ ნუ მასწავლი, ბიჭო, თორე შენც არ ხარ ლამაზი და გაგალამაზებ, – პირველივე შანსზე დაძაბა ირაკლიმ.
- წესიერად ილაპარაკე, - ჩიქო არ აყვა.
- კიდე რჩევებს მაძლევ?! – ირაკლი უფრო დაიჭიმა.
- ნუ პანიკობ, - ჩიქომ ზურგს უკან გააპარა ხელი.
- აუ, შენ, ჩემი დედა, ბიჭო.. - და ირაკლიმ იარაღი ამოიღო გამწარებული სახით, მაგრამ სანამ გადატენიდა ჩიქოსაც დაუნახა თავისნაირი "ტეტე".
- მესროლე, - ჩიქომ აუღელვებლად დაიტრიალა იარაღი თითზე.
- რჩევებს შეეშვი-მეთქი!..
- რატო ამოიღე აბა, თუ არ მესვრი.
- გესვრი! – ჩიქოსკენ გაიწია ირაკლი.
- მესროლე!
- გესვრი!
- მესროლე!
შუბლები ლამის მიაბჯინეს ერთმანეთს და გაჩუმდნენ. ალბათ ნახევარი წუთი იდგნენ ასე. მერე ჩიქომ ზურგი შეაქცია და მოზომილი ნაბიჯებით წავიდა წინ.
- რა იყო, დუელში მიწვევ? – ჩაიცინასავით ირაკლიმ.
- რიგ-რიგობით ვისვრით იქამდე, სანამ ისე არ დავიჭრებით რომელიმე, რომ სროლის თავი აღარ გვექნება. ტყვიები გეყოფა?
- 5 მიდევს.
- ეს 20 მეტრია, - ჩიქო გაჩერდა, - იყოს?
- 30 ჯობია. მეკაიფები?!
- კაი, - კიდევ ათი ნაბიჯი გადათვალა ჩიქომ, იარაღს მჭიდი მოხსნა, სამი ტყვია ამოიღო, ჯიბეში ჩაიგდო და მჭიდი თავის ადგილას დააბრუნა, - მესროლე!
ირაკლი გაოგნებული უყურებდა 30 მეტრით დაშორებულ ადამიანს, რომელმაც ის, ძველი ბიჭი, ქუჩის და უბნის სიამაყე და მომავალი, დუელში გამოიწვია.
- ჰა, მიდი. არა? მაშინ მე გესვრი, - და უცებ ჩიქოს პირველი ტყვია გავარდა.
შუბლზე ოფლის წვეთები ჩამოეკიდა ირაკლის. ძმის სახე გაახსენდა სავადმყოფოში რომ მიიყვანეს და საოპერაციოში რომ შეყავდათ. ინსტიქტურად ტანზე დაიხედა. არ მოხვედრია. ერთი ხელი მეორეზე მოიჭირა, რომ არ აკანკალებოდა, "ტეტე" აწია და დაუმიზნა. ხეს მოხვდა, ჩიქოს უკან.
ჩიქო იმაზე ფიქრობდა თუ მოკვდებოდა, რატომ მოკვდებოდა და გრძნობდა, სახლამდე თუ მიაღწევდა, ხატვაში გაატარებდა მთელ ღამეს. მისი ჯერი იყო. ისროლა. ირაკლი უძრავად იდგა. არადა ძალიან, ძალიან უნდოდა მთელი ძალით გაქცევა. ახლა მან გადატენა და.. კვლავ აცდა. ჩიქოს ტვინში სისხლი მოაწვა, ამ წუთში მზად იყო კაცის მოსაკლავად. მეოთხედ ისროლა. ირაკლიმაც სწრაფად უპასუხა. ბოლო ტყვია დარჩათ. ჩიქომ თვალები მოჭუტა. ფეხებზე ეკიდა სალომე. გამოკრა. ირაკლიმ მძიმედ ამოისუნთქა. ბოლო შანსი ჰქონდა და უნდა გამოეყენებინა, თორემ, უბანში დაბრუნებულს რომ კითხავდნენ, სად წავიდა ტყვიებიო, რა უნდა ეთქვა? სასხლეტს თითი ჩამოუსვა ფრთხილად და
დააჭირა..
მთვარის შუქი თეთრად ეცემოდა ორივეს, გაფითრებულებს გავდნენ. კაი ხანი არ განძრეულან. აღარაფერი უთქვამთ. ორივე მიხვდა...
მიხვდნენ, რომ სროლა არცერთმა არ იცოდა.

© ”ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”

ტარიელ ჭანტურია

აბა-აბა!

ვითვლი წუთებს.
ვითვლი წამებს.
ვითვლი წვეთებს-
ვყლაპავ წამლებს!
ვეფერები,
გულში, ჩემთვის,
ღმერთს და ყველა დიდმოწამეს!

ვებრძვი ფიქრებს-
მაწანწალებს:
,,ჩვენ წავალთ და
სხვებიც წავლენ!”
ეს სიცოცხლე-
თითქო ვიცი!
ეს სიკივდილი-
ვერ ვისწავლე...


* * *

დღეებს ვემდური, ღამეებს-არა! -
გული დღეებით გამებზარა...
დღეებს მაინც მამადლიან.
ღამეებსაც. წამებს-არა!
ამიტომ იყო გული-ორჯერ,
დღისით და ღამით გამებზარა.
ყველა ტვირთი მე ამკიდეს,
თითქო მანქანის ვიყო ძარა!
ტვირთზე ტვირთს რომ მიმატებენ,
ჯერ არვისთვის მითქვამს ,,არა!”
ასნაირი ხარახურით
გადაავსეს ძარა, მარა
ტვირთზე კვლავ ტვირთს მიმატებენ,
წამდაუწუმ, წარამარა...

დღეებს ვემდური, წამებს არა,
დღეებს ვუჩივი, ღამეებს არა...
გული დღისით,
გული დღისით,
გული ღამითაც გამებზარა...

/გამოთხოვება/

ჩემი თაობა - ფოთოლცვენა...


თბილისი. რომი. ბარსელონა.
მოსკოვი. პრაღა. ნიცა. ვენა.
რიონი. მტკვარი. დნეპრი. ტემზა.
პო. მისისიპი. განგი. სენა...
აურაცხელი სიხარული.
აურაცხელი გულში წყენა.
მაინც - ლამაზი ყველაფერი.
ჩემი თაობა - ფოთოლცვენა...

ვიცოდით ჩვენაც - წინანდლის და
ოჯალეშის და ბორდოს ენა.
იყო გრიალი, და გრიალშიც
იყო დროდადრო... ფოთოლცვენა...
გვყავდა ჩვენ, გვყავს ჩვენ სახელები –
სილვიასხელა, ოლდოსხელა...
გარდაუვალი... სასურველიც –
იქაც და აქაც – ფოთოლცვენა...

შუქი თანდათან მიილია.
ლამის ჩაუწყდეს მოტორს ენა...
ათასჯერ ნახეს, მაინც უკვირთ –
ლამაზი, მკაცრი – ფოთოლცვენა...

გულდამწყვეტია, მაგრამ ახლაც
მშვენიერია ბოლო სცენა!
დრამა, საცაა, დასრულდება!

ჩვენი თაობა – ფოთოლცვენა...


ტიციანი /ვარიანტი/

მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
და თითო ლექსი მაკლებს თითო წელს...
ვწუხვარ და ვფიქრობ პოეტისა და
უჟამო ჟამის ბოლო, დიდ ომზე...

ვწუხვარ... ათასერთღამენათევი,
მაგრამ მამშვიდებს ტალღა რიონის –
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე გალაკტიონი...

/გატუნია მახსოვს ბავშვი.../

ყველაფერი ლამაზი და
ყველაფერი ქართულია! –
როგორც ბიჭი – დედას ბიჭი,
ნაღდი ბიჭი – გატუნია!

გეგონება, ოპიზრების
ხელით გადახატულია!
გატუნია – სიმღერაა!
ცრემლიცაა გატუნია!

სულ სიცოცხლით, სულ თამაშით,
სულ სიკვდილით გართულია!
გატუნიას დედა უყვარს!
დედას უყვარს გატუნია!

შექსპირია, გოეთეა,
ესქილეა, კატულია –
იცის, მაგრამ სად ისწავლა,
ეს არ იცის გატუნიამ!

პატარაა, მაგრამ უკვე
სამშობლოს სიქადულია!
საქართველოს დიდებაა
დედას ბიჭი - გატუნია!

* * *

ყოველდღე ათას ავადმყოფს,
ყოველდღე ვტირი ას მკვდარს!
დღეში ასჯერ და ათასჯერ
გული მიტომაც გასკდა...
დამღვრელი ამდენ ცრემლის და
დამლევი ამდენ წამლის –
ყველაფრიდან ჩანს – მე სიკვდილს
ვერაფრით ვერ ვისწავლი...

* * *

ბევრი მლანძღეს, ბევრი მთათხეს,
ბევრი მჟეჟეს, ბევრჯერ მომცხეს –
არაფერი დაკლებია
ერთიბეწო ჩემს სიცოცხლეს!
აქ რა მომყვა, იქ რა მიმაქვს!
ვის რა მივცე, ვინ რას მომცემს!
ვერც რაიმე გამახარებს,
ვერც ვერაფერს გავიოცებ...

გული სინანულმა დახრა,
სული მწუხარებამ შეძრა...
ვინმე მესხი... ვინმე დივნოს...
ვინმე შოთა... ვინმე ეზრა...
ვაი იმას, ბრმა მუცელში
ვისაც დღეს ნაყოფი ეძრა...
ამას ჯობდა, მდინარეზე
ძუის საცრით წყალი ეცრა...

* * *

ეცადე და საუკუნეს
წუთი მაინც გამოსძალე! –
გაავსე და გამოსცალე!
გამოსცალე!

ბრძენიც იყო, რას გაუგებ
წუთისოფლის გამოცანებს!
გაავსე და გამოსცალე!
გამოსცალე!

შენი შესაძლებლობები
კიდევ ერთხელ გამოსცადე! –
გაავსე და გამოსცალე!
გამოსცალე!

* * *

მთელი ქვეყნის ლოყა
ოთხმა ცრემლმა ლოკა:
იოანემ, მათემ,
მარკოზმა და ლუკამ!

ცრემლის ოკეანეს
ცრემლად მიემატეთ –
იოანე, ლუკა,
მარკოზი და მათე...

სხვაზე მეტად უნდა
თქვენმა ლოცვამ მარგოს,
იოანე, ლუკა,
მათე, მამა მარკოზ!

სხვა არ ვიცი, უფრო
წმინდა რამ სავანე –
მხოლოდ ლუკა, მარკოზ,
მათე, იოანე...

* * *

ახლა იქნებ შვიდია ანდა იქნებ რვაც არი
არ ვკითხულობ რა დროა სულ ერთია რაც არი
ვერ ვცნობ უმრავლესობას ზოგი ვინმე ვიცანი
სულ არ მაინტერესებს რა ვქნა იყოს ვინც არი
როგორც იყო ისეა მიწაც არი ცაც არი
არ ვკითხულობ ცეცხლია თუ იმ ცეცხლის ნაცარი
იქნებ სინაგოგაა მეჩეთია ტაძარი
რაში მაინტერესებს რა ვქნა იყოს რაც არი
მასპინძელმა რა დაკლა ხბო იყო თუ ქაცარი
დაკლულს რაღა აზრი აქვს სულ ერთია რაც არი
მძევალია ის ტიპი თუ მძევლების ამყვანი
ის რაც აღმოაჩინეს კუბოა თუ აკვანი
პალტოა თუ შინელი ფრანგია თუ ჩინელი
კეტრინ ზეტა ჯონსია თუ ლაიზა მინელი
პოეტური ცეცხლია თუ იმ ცეცხლის ნაცარი

რა ვქნა ვიყო ვინცა ვარ
ისიც იყოს რაც არი

* * *

ვერ შველიან ჩემს ტკივილს
ვერც ძმები და ვერც დები...
ჩემს თავს თვითონ მივხედავ –
ამას ნაღდად ვეცდები.
ორდენებზე არ ვფიქრობ
და არც დაფნებს ვეწვდები.
ფესვებს ჩავწვდე როგორმე –
ამ ერთს მაინც ვეცდები.
ვიცი, ბევრჯერ შევმცდარვარ,
ალბათ ახლაც შევცდები!
თვითონ გამოვასწორო
ეს სიცოცხლე – ვეცდები...

* * *

ორჯერ ორი რომ – ოთხია,
ხუთი თითივით ვიცი!
ექვსჯერ ხომ მაინც მსმენია
იმ შვიდი მკვლელის ფიცი!
დღეს – არც მეშვიდე გაკვირვებს,
არც საოცნებო მერვე...
დასრულდეს ეს ცრუ ცხოვრება! –
ნამდვილს ვიცხოვრებ მერმე –
ცა რო-ცა გაილანდება-
მაღალი, რიგით – მეცხრე...
.......
კარგია, თვალს რომ შეასწრებ
ახალმოფრენილ მერცხლებს...

* * *

დუმილის უფლებას იყენებდა კლდე
დუმილის უფლებას იყენებდა მთა
დუმილის უფლებას იყენებდა ხმელი წიფელი
დუმილის უფლებას იყენებდა ია
დუმილის უფლებას იყენებდა შვლის ნუკრი
დუმილის უფლებას იყენებდა ჩხიკვი ზაქარა
დუმილის უფლებას იყენებდა მგელი ტოტია
დუმილის უფლებას იყენებდა არწივი
მაგრამ ვაჟამ
ყველაზე დიდმა ფსიქოლოგმა
ყველაზე დიდმა მოძღვარმა
ყველაძე დიდმა მწერალმა
ყველას ყველაფერი ათქმევინა
ყველას ყველა საიდუმლო გაანდობინა
/სხვათა შორის, დისნეიმდე ბევრად ადრე/
და მთელი კაცობრიობა გაახარა
ათასი ლამაზი საიდუმლოთი

გთხოვთ კიდევ ერთხელ გამოსცეთ
გთხოვთ კიდევ არაერთხელ გამოსცეთ
გთხოვთ ყველა ენაზე გამოსცეთ
გენიალური გამომძიებლისა და პოეტის
მრავალტომეული

© ”ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”