Friday, February 18, 2011

მაია სარიშვილი - ახალი ლექსები

***
მოვიწიო მოსავალი ხანძრიდანაც,
რომელიც მთელ სახლს მოედო.
ანუ მტევან-მტევან ამოვზიდო ცეცხლიდან
სიმართლე დედაზე –
ნივთებმა სიმწრისგან რომ აღიარეს დანახშირებამდე.
ნაცარი კი სამახსოვროდ მეგობრებს.
ნაცარი სამახსოვროდ ყველა მეგობარს.
ნაცარი სამახსოვროდ ცხრათვალა მეგობრებს.
გახსნიან ჩანთებს
და გამოხსნიან უჯრებს
და ყველგან
ჩემი სახლის ნაცრისფერი ბუღი.
ეს ადვილი დასავიწყებელია.
ერთი სულის შებერვა
და ყველანი დაიწმინდებით.
ეს ადვილი დასავიწყებელია.
ოღონდ, ამომთხარონ პირიდან
გრიგალები და სეტყვაც – მარცვალ-მარცვალ.
დედა, მე უკვე ვიცი
ყველა საშიში საიდუმლო ამქვეყნად.
ჩუ, საყვარელო,
არა, საყვარელო.
ჩუ...

***
ეს თამაში – არავისთან –
ქარის ბარტყებს (სახეზე რომ მაწყდებიან)
ახალისებს –
ვარ და აღარ ვარ.
საქანელას შევყავარ და გამოვყავარ
რაღაც ახალში,
სადაც არ ვდგავარ მარტოდმარტო
არცერთ ღამეში –
გაოგნებული,
ბებუთივით სანახევროდ ჩასობილი
ქალაქის ბეჭში.
ესენი კი წვეთოვანებს აქეზებენ
ჩემს წინააღმდეგ –
თეთრ ხალათებში რომ მალავენ
კანზე მიმჯდარ წყვილ-წყვილ მკერდებს,
როგორც ლეკვებს –
ჯადოს თუ ახსნი,
ქოფაკებად რომ იქცევიან.
წამალი დაშლის,
კვერთხებივით ჩამომართმევს
თვითმკვლელობის ძახილის ნიშნებს.
და დავრჩები
ისე არავისთვის,
როგორც ამოქოლილ გვირაბში გათოვება...
***
მოუსვლელშიც რომ დავიმალოთ,
როგორც ცვრის წვეთებს
ყოველ დილით აქ გვეღვიძება –
ვარდებივით აფუებულ ჩვენს საწოლებში.
და დილიდანვე თუ არ ვსდიეთ, ვერ მოვიხელთებთ –
ყველა ნივთი სადღაც გაგვირბის.
მტვერიც მათ დასდევს – დაეფინოს.
სიძველეც დასდევს –
დაადინჯოს, დაამდუმაროს.
და ნარბენი ნივთებიც
ბოლოს
იეროგლიფებივით გვიყრია ოთახებში.
ვერ წავიკითხავ ასეთ სახლს.
გადაშალეთო თქვენ-თქვენი ამბები
შემდეგ გვერდზე.
აღარა მაქვს შემდეგი გვერდი.
კანის ფორები თონეებია.
ჩაყუდებულან მათში ჩვენი საწყალი შვილები
იქიდან ასეთი დაბრაწული ტყუილების ამოსაყრელად,
რომ ვითომ თქვენთან ვარ,
ვითომ დარდი მაქვს.
საღამოს ნისლს კი საშრობივით ამოაქვს
ზედმეტი ამბები დღეებიდან.
ნახე, რა წესრიგში მაქვს ყველაფერი.
***
ფანტელებია – ზეციურ მხეცებს
ბრჭყალები რომ დააცალეს ხორცებიანად.
მაგრამ ზამთარს შეუძლია
კაპილარებიც ჩაიტოვოს ამ სიქვავეში –
შენთანაც უნდა.
აღრიცხულია ყველა ნერგი ტუჩების ირგვლივ,
რომ რაიმედ კი არ იხარონ,
ეშვებივით ამოელვარდნენ ასეთები –
მთვარის ქვისანი, ჩაზნექილები,
ცარიელი აკვნებივით დარწეულები.
აღარსადა ვართ ასეთები –
ლოცვები თმებად ამოზრდილი
და კეფაზე დახვეული და მოხტუნავე
ვერცხლისწყლის ბურთად.
ხის ტანშიც რომ როგორმე შეძვრე
და შიგნიდან რომ იარო
მისი ტანის ლაბირინთებში,
აღარსადა ვართ,
აღარსადა ვართ შემონახულნი.
***
ეჭვგარეშეა,
რომ ბუნება
გარდაცვლილთათვის გულს არ იზოგავს.
ანუ შუაზე ყოფს ყველაფერს,
რაც გააჩნია.
ხეების ერთი მეორედი მხოლოდ მკვდრებისთვის.
ჭექა-ქუხილის ნახევარიც მკვდრებისთვისაა.
გადათვლილი აქვს ჩანჩქერების ყოველი შხეფი.
ზუსტად შუაზე გაუყვია ქარების ქროლვა.
და ჩვენც, ცოცხლებიც,
ნახევარნი მკვდრებისთვისა ვართ.
მეც, მკვდრებისთვის რომ არსებობენ,
იმათკენ მოვხვდი.
***
ნუგეში,
როგორც შავი თხილის სახეში მოყრა.
შენ თვითონ დატეხეო,
შენ დააცალეო სიტყვებს ნაჭუჭები.
გადაარჩიეო რომელი გჭირდებაო,
რომელი – არა.
დღეს კი გიბრუნებთ ამ ნუგეშებს დაუტეხავად.
არ გამომიყენებია მე ისინი არც არასოდეს.
აღარც მახსოვდა, ტომარაში მიგროვებია.
დღეს მივაგენი, გამოვყარე, აღარ მჭირდება.
არც დამიტეხავს,
არც მინახავს,
არც გამისინჯავს,
ისე ჩაჭკნენ ნაჭუჭებში და ჩაიმჩვარნენ.
***
მისაღები ოთახის ღმერთო,
შენს ქვემოთ
ხან მაგიდაა გაშლილი სტუმრებისთვის,
ხან – ახდილი კუბოებიდან
მკვდრები ამოგცქერიან.
სტუმრებისა და მკვდრების ოთახის ღმერთო,
შენი ბროლის სასახლე
ჩემი ოთახის ჭერზე კიდია
ერთი უწვრილესი გამტარით
და ზიხარ შიგ უხმოდ.
რა მოხდებოდა, იქამდე გადაგემალე
მაგ ბროლის ბურთში,
ვიდრე გაიგებდნენ, რომ ვარსებობდი,
ვიდრე მუცელში ჩავჯდებოდი.
ჩამოვხედავდი ზემოდან
უჩემო დედას და მამას –
ჯერ სუფრასთან და მერე კუბოებში –
მათ სასახლეებში,
სადაც მკვდარი სახეები
თავიანთივე თმების უძრავ ჰამაკებში
ექნებოდათ ჩაქვავებული -
ისე, უჩემოდაც დაღლილებს.
***
ყველამ გადადოს თავისი საქმე,
როცა დღე თითქოს უცვლელია,
შეურხეველი,
მაგრამ რუხი ქვა ადგება
და ხმადაბლა მიდის
ჭრელი ტბებისკენ –
ტანში მარცხნივ რომ გვილივლივებს.
და ვინც კი ამ დროს
გადახუროს თავისი გული
მგლების კრამიტით,
ან გადაიცვას გულზე საქმე,
როგორც ალიბი,
არ დაიწყევლოს,
მაგრამ რა ვთქვა...
ცხადი არ მყოფნის
ავხსნა ეს სევდა –
სიზმრიდანაც ამომაქვს წყალი –
აუმღვრეველი, წამებული, აღარავისი.
© kalmasoba.com

Wednesday, February 16, 2011

დათო ქარდავა – ტუალეტში საკითხავი


დათო ქარდავამ ამ ტექსტის შექმნა თავისი მეგობრების თვალწინ დაიწყო facebook-ში। ნაწილ-ნაწილ, "ნოუთებად" ბეჭდავდა და გვთაგავდა (ღმერთმა მაპატიოს ეს ამდენი ქსელური ნეოლოგიზმი) ყველას, ვისაც ამ ტექსტის წამკითხველად მიიჩნევდა। სულ 6 ნაწილი დაბეჭდა। უკვე მესამე ნაწილის გამოგზავნისას (დათაგვისას) დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემთანაც, აქ, "ლიტერატურა - ცხელ შოკოლადშიც" დავბეჭდავდი ამ "კვლევის" შევსებულ ვერსიას. რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც დათო ქარდავას (ჯიმშერ რეხვიაშვილს) დამეგრობრებული არ ჰყავს facebook-ში?... მოკლედ, წაიკითხეთ, იხალისეთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ცოტა ხანში წრე კიდევ უფრო გაფართოვდება, რადგან "ტუალეტის საკითხავს" "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" წიგნადაც დაბეჭდავს. შედარებით სრულ ვერსიას.
რედაქტორი

ნაწილი 1
წაკითხვისთანავე ჩარეცხე!
კარცერ-ლუქსი იმ ფორმით, როგორზედაც უფროსი ძმა კეჟერაძე ოცნებობდა, ალბათ, უტოპიად დარჩება, თუმცა 21-ე საუკუნემ და მრეწველობის მიღწევათა ხელმისაწვდომობამ, ერთგვარ კარცერ-ლუქსს დაამსგავსა საშუალო შეძლების ადამიანის საპირფარეშო, ანუ ფეხსალაგი, რომელიც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ოთახი ან ნაგებობაა ბუნებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყიფილებლად. და მართლაც, საიმედოდ მყარი, ადამიანის უნდივიდუალურ ჯგუფთა ანთროპოლოგიურ მონაცემებზე გათვლილი უნიტაზი, წყლისა და აკუსტიკის დამჭერი კაფელ-მეტლახი და განიავების ეფექტიანი სისტემა - ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად განმარტოებული ადამიანი, პარალულურად კითხვითაც დაკავდეს. თუმცა, ეს არც ისეთი საპირფარეშოა, როგორიც ლაშა ბუღაძის მოთხრობაში „ბრჭყალებში“-ა აღწერილი:
„წიგნებით სავსე ფეხსალაგში ყველაზე პატარა ადგილს უნიტაზი და ონკანი იკავებდა. აქ სარკეც კი არ იყო, რომ არაფერი ვთქვათ ტუალეტის ქაღალდზე, რადგან მას ღირსეულად ცვლიდა ახალბედა ავტორთა წიგნებიდან ამოხეული არაერთი უინტერესო “თავი”. “ბიბლიოთეკაში მივდივარ”, – იტყოდა ხოლმე ოსტატი და ფეხსალაგში შედიოდა, კედელი, ჭერიც კი – წიგნებით იყო სავსე. ჭერზე მიწებებულ წიგნებს (კერძოდ: პლუტარქეს ორტომეულს, ფლობერის “მადამ ბოვარის”, ნემიროვიჩ-დანჩენკოს “თეატრის დაბადებას”, უცხო სიტყვათა ლექსიკონსა და თეოფილ გოტიეს ლექსების კრებულს) სპეციალური წებო ამაგრებდა, რომელიც მათ მფლობელს ჯერ კიდევ თეირანში ყოფნის დროს ეყიდა.“
ამგვარი უტრირების მიუხედავად, საპირფარეშოში კითხვა ადამიანის ყოფის ნაწილია და, ცხადია ის არაა ლოკალური მოვლენა. ჩინელი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე უიან სიუ (1007-1072) ამტკიცებდა, რომ ყველაზე უკეთ ნაწარმოებებს ცხენზე ჯდომისას, მხართეძოზე წამოწოლილი და საპირფარეშოში ქმნიდა. საერთოდაც, ჩინეთში მიღებული იყო ტუალეტში კითხვა, მათ შორის ხმამაღლა კითხვაც. ძველ რომში კი საპირფარეშოები შეხვედრების, საქმეთა გარჩევებისა და ჭორების განხილვის ადგილი იყო. რომაელი მოქალაქისათვის წარმოუდგენელი იყო ერთადგილიან „კაბინაში“ ჯდომა. რიჩარდ ვუდი წიგნში, რომელიც ტუალეტების ისტორიას ეძღვნება, აღნიშნავს, რომ რომში 315 წელს 144 საზოგადოებრივი ტუალეტი იყო და ზოგიერთი მათგანი 50 კაცზე იყო გათვლილი.
საპირფარეშოში კითხვისკენ თანამედროვე ადამიანს (რომელიც რომის მოქალაქისგან განსხვავებით, მარტოა გამოკეტილი) თვალსაწიერის გაფართოების წყურვილზე მეტად, უალტერნატივობა უბიძგებს. გარეთ დიდი არჩევანია, ათასი რამით შეიძლება დაკავდე, მაშინ როცა საპირფარეშოში, სადაც სივრცე და, შესაბამისად, არჩევანი შეზღუდულია, კითხვა დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა. კითხულობენ როგორც გაზეთს, ჟურნალსა და წიგნს, ასევე ახალ ამბებსა და ელექტრონულ წიგნებს, რომლებიც ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონით შეიძლება ჩამოტვირთო, თუმცა მობილური ტელეფონით საპირფარეშოში შესვლით იზრდება ძვირფასი ნივთის დაკარგვის რისკი, რომელიც ერთიათად მაღალია სოფლად გავრცელებულ ფეხსალაგებში, სადაც სხვა მნიშვნელოვან საგნებსაც (სათვალეს, საფულეს, გასაღებსა და ა.შ.) შეიძლება გამოეთხოვოთ. ბესიკ ხარანაულის „სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდის“ პირველ სიმღერაში არის ასეთი თავი, „ფეხსალაგის ორმოების ჟამი“, რომელშიც „მთვრალ ინტენდანტს ფართო ჩასაჯმელ ხვრელში ნაგანი ჩაუვარდება, მაგრამ დაათრობს არყით სალდათს და იმას ამოაღებინებს“. თუმცა, ისეც ხდება, რომ ფეხსალაგის ორმოებში სულიერი არსებანიც ცვივა. ქათმები და სხვა წვრილფეხობა იქით იყოს. ლაპარაკია, თვით ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანზე. ცნობილია, რომ შუასაუკუნეების ევროპაში ფეხსალაგის ორმოებს სახლების ქვეშაც თხრიდნენ. სწორედ ასეთ ორმოში აღმოჩნდნენ 1183 წელს ერფურტის ციხე-სიმაგრეში მყოფი იმპერატორი ფრიდრიხი და მისი რაინდები, რომლებსაც იატაკი ჩაენგრათ და მძღნერით სავსე ორმში 12 მეტრი სიმაღლიდან ჩაცვივდნენ. ნუ იტყვით და თურმე ბევრი მათგანი დამხვრჩალა.

ფასიანიც და უფასოც

თუ ცნობილი ისტორიული თხზულების „12 კეისრის ცხოვრების“ ავტორს ვერწმუნებით, ფასიანი საზოგადოებრივი ტუალეტების ისტორია სათავეს იღებს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან: Pecunia non olet - ფული არ ყარსო, უთქვამს იმპერატორ ვესპასიანეს უკმაყოფილო ვაჟისათვის, როცა რომის საზოგადოებრივი საპირფარეშოებიდან პირველი შემოსავალი მიუღია.
ორგანიზების თვალსაზრისით, ასხვავებენ სამი ტიპის ტუალეტს: სტიქიურს, საზოგადოებრივსა და კერძოს. კერძოსთან მიმართებით ყველაფერი ცხადია. ის შეიძლება ფასიანიც იყოს და უფასოც.
სტიქიურია და, შესაბამისად, უფასო ნებისმიერი თვალსმოფარებული ადგილი (სკვერები, თაღები, სადარბაზოები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ა.შ.).
რაც შეეხება საზოგადოებრივს, ის, როგორც წესი, ფასიანია და შეიძლება იყოს როგორც სტაციონარული, ასევე - მობილური, გადასატანი. ლაპარაკია, ეგრთეთწოდებულ ტუალეტ-კაბინაზე, რომლის პირველი ეგზემპლარი ნიუ-იორკში გამოსცადეს (კაბინის ფასი 350 დოლარი, შესვლის ღირებულება 25 ცენტი. 20 წუთის შემდეგ კარი ავტომატურად იღებოდა), თუმცა მარჯვე ადამიანების ძალისხმევით ტუალეტი-კაბინა იოლად შეიძლება იქცეს სტიქიურ ტუალეტად, რისი ნახვაც შეიძლებოდა ერთ-ერთი უკანასკნელი სამხედრო აღლუმის დროს, როცა „ელბაქიძის დაღმართზე“ (მ. ჯავახიშვილის ქუჩა) შეკრებილი ქართველი ჯარისკაცები კაბინებში შესვლის ნაცვლად, კაბინებს აფსამდნენ.

"ქარი წუოდა ჩეჩმის ნაფოტებში“

საპირფარეშოებს ტექნიკური აღჭურვითაც ასხვავებენ: იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქალაქად უნიტაზიანი, ხოლო სოფლად ნახვრეტიანი საპირფარეშოები გვხვდება. პირველი მეტად კომფორტულია, მეორე - ნაკლებად. სოფლად ბევრისთვის დღემდე მიუღებელია „ჩეჩმის“ სახლში შეტანა.
რეზო გაბრიაძის რომანში „ქუთაისი ქალაქია!“ წამოჭრილ ჩეჩმების რეორგანიზების ამ პრობლემას (რასაც კინაღამ შეეწირა გერმანელი ტყვე ოტო შულცი) დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. გაბრიაძესთან მცდელობა წარუმატებლად დასრულდა: „სროლით გამოეკიდა გერმანელს. ვის გაუბედე!? პორფირია ბრეგვაძისა და მატა ბალანჩივაძის დანატოვარს?! ომი წააგეს და ახლა ძღრენით უნდათ აგვივსონ ოჯახი! - ვერ წყნარდებოდა ბაბუა.“ ამ დროს კი „ქარი წუოდა ჩეჩმის ნაფოტებში, დროშასავით ფრიალებდა გეოლოგის პლაშის ნაგლეჯები, რაც ჩეჩმას სიდიადეს მატებდა.“
აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ორმოიანი ფეხსალაგები ყოფილა გავრცელებული, მაშინ როცა „იმერთში ფეხსალაგებს ზეზეულ დგამდნენ და „ჩეჩმას“ ეძახდნენ და, რომ, როგორც კი კაცი ჩეჩმისკენ გაემართებოდა, ღორებიც შორიდან მორბოდნენ წინასწარულად კმაყოფილ ღრუტუნით, და, რომ იქაც ყოფილა უსიამნოსავით შემთხვევა, როცა ვიღაცას ლამის მიწამდე ჩაკიდვია ყვერები და ღორებს პირი უტაციათ.“ (ბესიკ ხარანაული. „სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა“)
ფეხსალაგს ღრმად აქვს ფესვი გადმული საქართველოს ყოფით კულტურაში და მის მოშლას კანალიზაციის ქსელის სიმწირე აფერხებს. 21-ე საუკუნეშიც კი საქართველოს მოსახლეობის, სულ ცოტა ნახევარს, ხელი არ მიუწვდება ცენტრალიზებულ კანალიზაციაზე...

ნაწილი 2

სამყარო კანალიზაციის გარეშე

ჩვ. წ. აღრიცხვის 5-ე საუკუნეში, როცა არსებობა შეწყვიტა რომის იმპერიამ, ლათინების სხვა ღმერთებთან ერთად დაეცნენ Crepitus და Cloacina-ს, საპირფარეშოებისა და მიწისქვეშა წყლების მფარველი ღვთაებები. რომის დაცემას დაემთხვა ყოფითი კულტურის, მათ შორის კანალიზაციის, როგორც სისტემის რღვევის ხანა. შუასაუკუნეების ევროპაში აღარც საზოგადოებრივი საპირფარეშოები არსებობდა და, შესაბამისად, ვერც ჰერაკლიტესავით იტყოდა ვინმე, Panta rei! ანუ ყოველივე მიედინება, წარმავალიაო!
სამყარომ კანალიზაციის გამართული (თანამედროვე) სისტემის გარეშე ლამის ჩვენი წელთაღრიცხვის 19-ე საუკუნის მეორე ნახევრამდე გაძლო. შუასაუკუნეების ევროპაში ციხე-სიმაგრეებში, როგორც წესი, გამოყოფილი ჰქონდათ სპეციალური ადგილები (გარეკედლებში დატანებული გარდერობები), რომლებიც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებოდა. ექსკრემენტები ცვიოდა პირდაპირ წყლით სავსე თხრილში ან თუ გარდერობს ჰქონდა დახრილი იატაკი, მას წყლით ჩარეცხდნენ ხოლმე...
მიღებული იყო ღამის განმავლობაში ნაგროვები ექსკრემენტების პირდაპირ ფანჯრიდან გადაღვრაც, რის გამოც ქუჩები აუტანლად ყარდა. 1270 წელს პარიზში გამოსცეს ბრძანება, რომელიც უკრძალავდა მოქალაქეებს ფანჯრებიდან სიბინძურეების გადაღვრას, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრძანება არ სრულდებოდა, რადგანაც 100 წლის შემდეგ ისევ გამოსცეს კანონი, რომელმაც აკრძალა გაფრთხილების გარეშე ზედასართულებიდან ექსკრემენტების გადაყრა: ვიდრე ღამის ქოთანს დაცლიდა, მოქალაქეს სამჯერ უნდა უნდა დაეძახა: „Gare L'eau!“ - “ფრთხილად წყალია!“.
1364 წელს ვინმე ტომას დიბიუსონმა მიიღო დავალება დაეხატა ჭყეტელა-მკვეთრ ფერებში ჯვრები ბაღსა და ლუვრის დერეფნებში, რათა თავი შეეკავებინათ „წმინდა ადგილების“ წაბილწვისგან, მაგრამ მდგომარეობა 300 წლის შემდეგაც უცვლელი იყო...
ინგლისში ტუალეტები შენდებოდა მდინარეებზე, თუმცა მდიდარი ინგლისელები ექსკრემენტებით სავსე ჭურჭელს ბუხარშიც ცლიდნენ ანდა პირდაპირ აგიზგიზებულ ბუხარში მოისაქმებდნენ.
იაპონიაში ტუალეტი-ქოხი იდგმებოდა ხიდზე. მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის განავალი ხელს უწყობდა თევზის ზრდას. ასეთი ქოხები მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა. ძველ კიოტოში არისტოკრატები იყენებდნენ ღამის ქოთანს - ხის ოთკუთხედ მორს, რომელსაც ბატონისათვის მოსამსახურეები დაათრევდნენ. იმის გამო, რომ იაპონელ დიდგვაროვნებს არაერთი კიმონო, ხალათი და მოსასხამი ეცვათ (მათი რაოდენობა 12-მდე აღწევდა) ფეხსალაგში მოსამსახურეების გარეშე ვერ შედიოდნენ: ერთი მოსამსახურე სპეციალურად ამ საქმისათვის დამზადებული ორკაპით უკავებდა ტანსაცმლის კალთებს, მეორე კი შეუცურებდა ღამის ქოთანს. სტაციონარული ტუალეტი მხოლოდ 13 საუკუნეში გამოჩნდა. იმერული ჩეჩმის მსგავსად, ტუალეტის იატაკში ამოჭრილი იყო ოთხკუთხედის ფორმის ღრმული, სადაც იდგა ხის ყუთი, რომელსაც გავსების შემდეგ ცლიდნენ („ყუთში კეთება“ დეფეკაციის სინონიმადაც მიიჩნეოდა). იაპონელები არ ხმარობდნენ ჩამოსაჯდომ სავარძელს (დაცუცქულები მოისაქმებდნენ). სავარძლიანი (უნიტაზიანი) საპირფარეშოები მოგვიანებით გაჩნდა, თუმცა უნიტაზს ძირითადად შინ, სახლებში იყენებენ. თავს იჩენს იაპონელთა თვისება თავი აარიდონ სხვასთან ფიზიკურ კონტაქტს. აკი ხელის ჩამორთმევის ნაცვლადაც ერთმანეთს კვერს უკრავენ, მითუმეტეს ვერ ჩამოსხდებიან უნიტაზზე, რომელიც ჯერ კიდევ სხვის სითბოს ინახავს.
1699 წელს პეტრე პირველმა გამოსცა უკაზი „о соблудении чистоты в Москве и о наказании за выбрасывание сору и всякого помету на улицы и переулки“.
1871 წელს გაზეთი „Русская летопись“ აღწერს წითელ მოედანს, სადაც „настояшая зараза от текуших по сторонам вонючих потоков. Около памятника (Минину и Пожарскому) будки на манер парижских писуаров, к ним и подойти противно. Ручьи текут вниз по горе около самых лавок с фруктами (П.С. Гуревич „Цивилизация начинается с канализации“).
19-ე სუკუნის მიწურულს უკეთესი ვითარება არ იყო ტფილისში, რომელსაც არც წყალსადენი ჰქონდა და არც - კანალიზაცია. ქალაქის ვიწრო, ტალახიანი ქუჩებისათვის დამახასიათებული იყო ასეთი სახელები: „Вонючая балка“, „Грязный проход“, „Собачья деревня“.
კანალიზაციის გაყვანა პირველ რიგში არისტოკრატიულსა და ბურჟუაზიულ კვარტალებში დაიწყო. 20-ე საუკუნის დამდეგისათვის თბილისის კანალიზაციის საერთო სიგრძე მხოლოდ 25 ვერსს (ვერსი - 1,06 კმ) შეადგენდა, მაშინ როცა ტფილისის ქუჩების საერთო სიგრძე 109 ვერსი იყო.
კანალიზაციის მშენებლობას პირველი ბიძგი მისცა წყალსადენმა, რომელიც ყორღანოვმა 1861 წელს ააშენა: მტკვრის ნაპირას მოწყობილი წყლის საქაჩი ორთქლის მანქანა მდინარის წყალს 15 საჟენზე (საჟენი 2,13 სმ) სწევდა და ხის რეზერვუარებში აგროვებდა, იქედან კი წყალი თვითდინებით მიდიოდა ქალაქის მაღალი ფენის ბინებში - გოლოვინისა და სოლოლაკის უბნებში. თუმცა ეს წყალსადენი ტფილისის მოთხოვნილებას ოდანვაც ვერ აკმაყოფილებდა. 1875 წელს ქალაქს დღე-ღამეში 1,5 მლიონი ვედრო წყალი ესაჭირეობოდა („თბილისი ისტორია“, შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე. 1958 წ).
სიბინუძურითა და სიმყრალით 19-ე საუკუნის საქართველო ახლოსაც კი ვერ მივიდოდა მრავალასეულმილიონიან ინდოეთთან, სადაც მოსახლეობის 2/3 ღია ცის ქვეშ მოისაქმებდა. ინგლისელი კოლონიზატორები ინდურ ქალაქებს ირონიულად „მასიურ საპირფარეშოებს“ უწოდებდნენ. ინდოეთში სანიტარულ-ჰიგიენური რევოლუცია უკავშირდება Dr. Bindeshwar Pathak-ის სახელს. ამ ადამიანმა 1970 წელს დააფუძნა მოძრაობა ხელმისაწვდომი სანიტარიისათვის (Sulabh Sanitation Movement), რომლის დევიზია: ტუალეტი ყველა ოჯახს! ცნობილია Mahatma Gandhi-ს ფორმულაც: “Tatti par mitti” (cover human excreta with soil), ანუ ექსკრემენტების მიწით დაფარვა.

უნიტაზი - ცივილიზაციის მნიშვნელოვანი მონაპოვარი

ირკვევა, რომ საპირფარეშოების კეთილმოწყობაზე უზრუნვია ლეონარდო დავინჩისაც, რომელმაც ფრანცისკ პირველისათვის დააპროექტა საპირფარეშო წყლის მომარაგებით, ჩასარეცხითა და კანალიზაციის გაყვანილობით, მაგრამ ყოველივე ეს, როგორც ფლორენციელი გენიოსის ბევრი სხვა ნააზრევი, ქაღალდზე დარჩა.
პირველი ჩასარეცხი მოწყობილობის მქონე უნიტაზი ბუკინგემის სასახლეში (Buckingham Palace) 1842 წელს დაუდგამთ, უფრო ადრე დედოფალ ვიქტორიასათვის დაუმზადებიათ ფაიფურის ჭურჭელი. თანამდროვე ფორმის უნიტაზიც დაუმზადებიათ ბრიტანელ პლამბერებს 1865 წელს, უნიტაზის მილისათვის V-ს ფორმის მიცემის გენიალური იდეა კი ალექსანდერ კამინგსს მოსვლია. შედეგად, ზიარჭურჭელში წყლის დონეების თნაბრობის პრინციპით, შესაძლებელი გამხდარა წყლის საცობით მილის იზოლირება და უსიამოვნო სუნისგან თავის დაღწევა,
ტომას კრეპერმა (Thomas Crapper) სამყაროს აჩუქა გენიალური გამოგონება პირობითი სახელწოდებით „მოქაჩე ზონარს“, რომლის მიხედვითაც მოწყობილ სისტემაში წყლის ავზი მდებარეობს უნიტაზს ზემოთ (დაახლოებით 2 მ სიმაღლეზე), საიდანაც დაშვებულ წყალს ადამიანის სკორე კანალიზაციის ქსელში გადააქვს. ეს სისტემა ფართოდ იყო გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მათ შორის საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, კრეპერის ზონარისთვის ჩვენც არაერთხელ მოგვიქაჩავს.
ტომას კრეპერი სანტექნიკა-კანალიზაციის სფეროს აინშტაინია. ერთ-ერთი ვერსიით ინგლისური სიტყვა "crap“ (ადამიანის სკორე) მისი გვარის მიხედვითაა ნაწარმოები, თუმცა ენეათმეცნიერები ამ ვერსიას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ...

ნაწილი 3

ბატიდან Selpak-ის სათნოებამდე

„სასკორავი, ვითა სტვირი,
ბუნების ხმას ავაყოლე,
არემარე ავაყროლე.
სულ არ მებას ნეტა ცხვირი“. – ეს ფრანსუა რაბლეს გარგანტუაა, რომელიც ყიამყრალობასთან ერთად იშვიათი სიბრძნითაც გამოირჩეოდა:
„გამოწმენდა მოსკორვისა მერე ეგების, თუ არ მოსკორე და სასკორავი სკორითა არ გამოგეგლისა, არცა გამოწმენდა გმართებს... ჟამ-ჟამად დედალიცა გამომისვამს და მამალიცა, ვარიაცა, ხბოს ტყავიცა, კურდღელიცა, მტრედიცა, თევზიყლაპიაცა, ვექილისა გუდა-ნაბადიცა, ყაბალახიცა, ჩაჩიცა, ჩიტისა თავრიელიცა. ბოლოში კი ერთი რამ უცილოდ უნდა ვთქვა: გამოსაწმენდად ბატისთანა, ტყუილია, ქვეყნიერებაზედ არა არის რა, ოღონდ გამოსმის ჟამსა ლაჯთა შუა თავით უნდა გეჭიროს, დახუჭულ თვალსა იმჟამად დია ეამება, რაკი, ჯერ ერთი, ბატისა გერმა ნაზი რამ არის და მეორეცა, თვითონ ბატია თბილი და უკანტანითა თუ კუჭ-ნაწლავითა სითბო პირდაპირ გულსა და ტვინში გარბის.“
გარგანტუსთან მიმართებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ იქცეოდნენ ჩვეულებრივი, მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ვიდრე ჯეიმს ოკლოკი 1857 წელს ტუალეტისთვის გამოსადეგ პირველ ქაღალდს დაამზადებდა?
ითვლება, რომ ტუალეტის ქაღალდით მასიური ვაჭრობა 1928 წლიდან იღებს სათავეს. რა ხდებოდა მანამდე?
ქაღალდის ნაცვლად რომაელი ჯარისკაცები იყენებდნენ ხმელთაშუაზღვის ღრუბელს (porifera), რომელიც წამოცმული იყო ჯოხზე. ხმარების შემდეგ ღრუბელს რეცხავდნენ გამავალ წყალში, რისთვისაც იყენებდნენ მარილიანი და ძმრიანი წყლის რეზერვუარს.
„მწყურია!“ - თქვა იესომ. იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი დაადეს უსუპზე და პირთან მიუტანეს. (იოანე 19.29)“
ვინ იცის, იქნებ, რომაელმა ჯარისკაცმა, დაცინვისა და დამცირების მიზნით, ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს სწორედაც რომ ეს ბინძური ნივთი მიუტანა სახესთან?
იაპონიაში იყენებდნენ ხის ფირფიტებს, პალიმფსესტებს, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისა და გადაფხეკვის გამო ინფორმაციის გადასატანად აღარ ვარგოდა,
შემონახულია ძენ-ბუდიზმის ერთ-ერთი პატრიარქის დოგენის (1201-1253) ინსტრუქცია, რომლის ადრესატები მისი მიმდევარი ბერები არიან: „არ იცინო და არ იმღერო! არ იფურთხო, კედლებზო არ წერო! კუჭში გასვლის შემდეგ გამოისვი ან ქაღალდი ან ბამბუკის ფირფიტა. შემდეგ აიღე ჯამი მარჯვენა ხელში და დაისხი მარცხენაზე... ამის შემდეგ დატოვე საპირფარეშო და დაიბანე ხელები შვიდ წყალში. სამჯერ ნაცრით, სამჯერ მიწით და სულ ბოლოს გლედიჩიის (Gleditsia japonica) კვირტებით, რომელიც ანტიბაქტერიული თვისებებით წარმატებით ცვლის საპონს.
საქმე უფრო რთულად იყო მუსლიმებში. შარიათის მიხედვით, მოსაქმების შემდეგ ანუსი უნდა გასუფთავებულიყო სამი (ან მეტი, კენტი რაოდენობის) ქვით. მოციქული ამასთან დაკავშირებით ამბობს: „ვინც იყენებს ქვებს, დაე, მან კენტი რაოდენობით დაასრულოს“. ამასთან ქვა უნდა ეჭიროს მარცხენა ხელში. შემდეგ იცვლიან ადგილს და გადადიან გამობანვის პროცედურებზე. წყალს ისხამენ მარცხენა ხელზე... აფთაბა - დოქი, რომელსაც ტუალეტში ხმარობენ. ყურანის მიხედვით, ალაჰი წყალობს განბანილებს.
ექსტრემალურ პირობებში წყალი შეიძლება ჩაანაცვლოს ქვიშამ:
„მორწმუნენო! ნუ ილოცავთ, როცა წმინდად არ იყვნეთ; მოიცადეთ ვიდრე განიბანებოდეთ... თუ ბუნებრივი საჭიროება აგესრულებინოთ, ან თუ ქალს მიჰკარებოდით, გაიწმინდეთ სახე და ხელები წმინდა მტვრით, თუ წყალი არ გეშოებოდესთ. ღმერთი სულგრძელი და შემბრალებელია“. (ყურანი მუჰამმადისა. ფრანგულიდან თარგმნილი. თბილისი. 1906 წ)
შარიათის თანახმად ათ რამეს შეუძლია წაბილწოს მორწმუნე მაჰმადიანის რიტუალური სისუფთავე:
1. შარდი 2. განავალი 3. სპერმა 4. გვამი 5. სისხლი 6. ძაღლი 7. ღორი 8. არამართლმორწმუნე (ყაფარი) 9. ღვინო 10. ოფლი აქლემისა და იმ ცხოველებისა, რომლებიც უწმინდურებად მიიჩნევიან.

როგორ წყვეტდნენ დეფეკაციის შემდეგ ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქართველები?
ქართულ ისტორიულ, ეთნოგრაფიულ და ლიტერატურულ წყაროებში ყოფითი კულტურის ამ დეტალზე ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება. საქართველოს ისტორია ძირითადად შემოიფარგლება მეფეებისა და წმინდანების ცხოვრებით, რომელიც სავსეა გმირობით, ღალატით თუ სხვა სახის საქმეებით ძირითადად საზოგადოებრივ, სასულიერო და პოლიტიკურ ასპარეზზე. მოვლენები ვითარდება ციხე-დარბაზებში, სუფრასთან, ბრძოლის ველზე, მონასტრებსა და სენაკებში ისე, რომ საპირფარეშოზე სიტყვა არაა დაძრული. უცნაურია, მაგრამ ამ კუთხით სცოდავენ უცხოელი მოგზაურები და მისიონერები (ალექსანდ დიუმა, ჟან შარდენი, არქანჯელო ლამბერტი). ამ თემას არ ეხება იოანე ბატონოშვილი კალმასობაში, სადაც მედიცინასა და ფიზილოგიას ცალკე თავი ეთმობა. ჩეჩმასა და ფეხსალაგს ვერ ხედავს თედო სახოკია „მოგზაურობანში“, რომელიც 19-ე და 20-ე საუკუნეების მიჯნაზე გაკეთებული ეთნოგრაფიული ჩანაწერებისგან შედგება. წიგნში დეტალურადაა აღწერილი გურიის, აჭარის, სამეგერლოსა და აფხაზეთის ყოფა... „ოდა გურიაში ხისაა, საძირკველი სახლისა ნიადაგს ადლნახევარზე აქვს მოშორებული, სარკმლები უეჭველად უნდა გასცქეროდეს ეზოს. ეზოში ბალახია და ხეები, შიგადაშიგ ხილიცაა, ოდას გვერდით 20-30 მხარის სიგრძეზე, სამზადი უდგას. იმის უკან თავლა, ბოსელი, სასიმინდე... ეზოს უკან მოდებული აქვს სიმინდის ყანა...“ - ასეთია ბახველი აზნაურის კარ-მიდამო 19-ე საუკუნის მიწურულს. მსგავსადაა აღწერილი ყოფა აჭარაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში...
იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს კულტურაში არ ყოფილა შემოქმედი, რომელიც თვალს გაუსწორებდა ადამიანს როგორც ერთიან ფიზიოლოგიურ არსებას. დეფეკაციის პროცესი და ადგილი (შესაბამისი ინვენტარითა და ქცევით) თვალსაწიერს მიღმა დარჩა, განსხვავებით საკვებისა და სასმელის მიღებასა, სიყვარულისა, ძილისა და სხვა საქმიანობისა... როგორც ჩანს, ეს პრობლემა (მსკორავი ადამიანის ვერ შემჩნევისა) ლოკალური არაა. ყოველშემთხვევაში, მასზე ნაფიქრი აქვს თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს რომანისტს, მილან კუნდერას, რომელიც „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის“ მეექვსე თავში („დიდი ლაშქრობა“) დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს:
„...შესაქმის პირველი თავიდან გამომდინარეობს, რომ სამყარო შეიქმნა სამართლიანად და ყოფიერებაც მშვენიერია. ამ ძირითად რწმენას ვუწოდოთ ყოფიერებასთან კატეგორიული თანხმობა... დეფეკაციის წუთები - ესაა ყოველდღიური მტკიცება შესაქმის მიუღებლობისა. ირიდან ერთია: ან სკორეა მისაღები (და ჩვენ არ ვიკეტებით საპირფარეშოში) ან ჩვენ გავჩნდით (შევიქმენით) მიუღებელი სახით. აქედან გამომდინარე, ყოფიერებასთან კატეგორიული თანხმობის ესთეტიკური იდეალია სამყარო, რომელშიც სკორე უარყოფილია და ყველა იქცევა ისე, თითქოს ის (სკორე) საერთოდ არ ასებობს. ამგვარი ესთეტიური იდეალი იწოდება კიტჩად.“
ოდნავ ქვემოთ, კუნდერა განმარტავს: კიტჩი არის სკორეს აბსოლუტური უარყოფა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. კიტჩი გამორიცხავს თვალსაწიერიდან ყველაფერ იმას, რაც ადამიანური არსებობისათვისთავისი არსით მიუღებელია.
თუ მილან კუნდერას დავუჯერებთ, გამოდის, კიტჩში გვიცხოვრია ჩვენ და ჩვენ წინაპრებსაც. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ კიტჩმა (კუნდერასეული გაგებით) დაღუპა იაკობ ჯუღაშვილი, სტალინის უფროსი ვაჟი. კვლავ მილან კუნდერას „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“:
„Лишь в 1980 году мы смогли прочесть в "Санди тайме", как умер сын Сталина, Яков. Взятый в плен во время второй мировой войны, он был помещен в немецкий лагерь вместе с английскими офицерами. У них был общий сортир. Сын Сталина обычно оставлял его после себя загаженным. Англичанам не по нутру было видеть сортир, измазанный говном, хотя это и было говно сына самого могущественного тогда человека в мире. Они попрекнули его. Он оскорбился. Они продолжали попрекать его и принуждали чистить сортир. Яков возмутился, рассорился с ними, затеял драку. В конце концов попросил у начальника лагеря выслушать его. Хотел, чтобы тот рассудил их. Но спесивый немец не пожелал говорить о говне. Сын Сталина не смог снести унижения. Исторгая в небо страшную русскую брань, он бросился к заряженной электрическим током колючей проволоке, ограждавшей лагерь. И угодил прямо в цель. Его тело, которому уже никогда больше не суждено было загадить англичанам сортир, так и осталось висеть на проволочном заграждении.“
ცხადია, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა!

ნაწილი 4

ადგილი, სადაც შეიძლება შერცხვე

ალექსანდრე ნეიმანის „ქართულ სინონიმთა ლექსიკონის“ მიხედვით, ტუალეტის სინონიმებია: საპირფარეშო, საჭიროების ადგილი, ფეხსადგილი, სეირანი, ზარული, ადაბხანა, ჩეჩმა, სათავნაპირო. ასევე იტყვიან სარტირს (ფრანგული ევფემიზმიდან je dois sortir- „უნდა გავიდე“)) და “ნოლ-ნოლს“. ამ სიტყვების აბსოლუტური უმეტესობა ევფემიზმია.
კორეაში ტუალეტსა და დეფეკაციაზე საუბარი არ ითვლება საჩოთირო ამბად. ხშირ შემთხვევაში, ქალები და კაცები საერთო სივრცითაც სარგებლობენ: ქალები ისე შედიან კაბინებში, რომ იქვე პისუარებთან მდგომ მამაკაცებს ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენთან ასეთი რამ წარმოუდგენელია. ქალს (კაცს) მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება შეცდომა, რომლის წყალობითაც მამაკაცთა (ქალთა) ტუალეტში აღმოჩნდა. ჩვენთვის ტუალეტი ესაა ადგილი, სადაც ყველაზე იოლად შეიძლება შერცხვე!
საბჭოთა კავშირში (მათ შორის საქართველოშიც) ადამიანები ისე იქცეოდნენ, თითქოს ტუალეტი საერთოდ არ სჭირებოდათ. ეს ქცევა, პირველ რიგში, გამოიხატებოდა საზოგადოებრივი ტუალეტების სიმცირესა და მოუწყობლობაში. უცნაურია, მაგრამ დედამიწის მეექვსედზე გადაჭიმულ ქვეყანაში, რომელმაც გახლიჩა ატომი და გაიყვანა ადამიანი კოსმოში, გამართულად მომუშავე საზოგადოებრივ საპირფარეშოს ვერ ნახავდით. საბჭოეთში მოხვედრილი ყველა ადამიანი, ვისაც ანოსმია არ სტანჯავდა, სხვის დაუხმარებლად, იოლად მიაგნებდა საპირფარეშოს ქუჩაში, თეატრში, სასტუმროში, რკინიგზის სადგურში, აეროპორტში, უმაღლეს სასწავლებლებელში, სკოლაში, საავადმყოფოში და სხვა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში.
საბჭოთა საქართველო იყო კიტჩის კლასიკური ქვეყანა, სადაც ადამიანები საკუთარ სკორეს ან ვერ ამჩნევდნენ ან ისე უყურებდნენ, როგორც სხვისას (იაკობ ჯუღაშვილის დაღუპვის ინგლისური ვერსიაც ამის დასტურია). შესაბამისად, საპირფარეშოში სისუფთავის დაცვა არ იყო ჩვეულებრივი სამუშაო ან მხოლოდ ჰიგიენაზე ზრუნვა. ტუალეტს ჰქონდა ერთგვარი სიმბოლური, სადამსჯელო და დამთრგუნველი ფუნქციაც. წითელ არმიაში ქართველები (მეტნაკლებად კავკასიის სხვა ხალხების წარმომადგენლებიც) თაკილობდნენ საპირფარეშოების დალაგებას. ამჯობინებდნენ გაცილებით მძიმე ფიზიკურ და, მათი აზრით, ღირსეულ სამუშაოს. ვინც, სხვა ჯარისკაცების მსგავსად, ტუალეტს დაალაგებდა, თანატომელთა თვალში ავტორიტეტთან ერთად დაჰკარგავდა იმუნიტეტს, წინააღმდეგობის გაწევის უნარს: ის ვეღარასოდეს იტყოდა უარს „ბინძური სამუშაოს“ შესრულებაზე. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ „გატეხილ ჯარისკაცს“ სხვა გაუტეხავები და მათ შორის თანატომელებიც ეპყრობოდნენ ისე, როგორც მონას!
საბჭოთა საპყრობილეში კი ადამიანობა სულაც ექსკრემენტების რეზერვუარიდან (პარაშიდან) მანძილით იზომებოდა. პარაშა იყო ღირსების ბარომეტის ერთგვარი შკალა: პარაშის გვერდით ყველაზე უუფლობო პატიმარი ცხოვრობდა, პარაშიდან ყველაზე შორის, ფანჯარასთან კი - ყველაზე პრივილეგირებული. საერთო რეზერვუარის გატანასაც ერთსადაიმავე, ფაქტობრივად უუფლებო პატიმრებს აიძულებდნენ.
უკიდურეს დამცირებად მიიჩნევა სკორეს წაცხება ან წაცხების ვერბალური მუქარა. ივ. ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია“-ში (ტომი პირველი. ქართველების წარმართობა.“) გვხვდება არსენ ონიანის მიერ 1917 წელს გაკეთებული "ადრეკილაა"-ს დღესასწაულის აღწერა, რომლის მიხედვითაც „მეფერხულენი რვა კაცი ერთი მხრით დადგებიან, რვა კიდევ მეორე მხრით და სიმღერას დასძახებენ, რომელიც ასე იწყება: "ადრეკილაა წაგვივიდა და მოგვივიდა". ამ სიმღერის მეორე წინადადებად მეფერხულენი ამბობენ ხოლმე: "ა თქვენისთანა ვაჟებს (ე. ი. მამაკაცებს) თხემებზე ძაღლის სკორემც მოგვიცხია, მოგვიცხია"-ო. ამ მეორე წარსათქმელს მესამე და შემდეგი წარსათქმელი მისდევს, რომლებშიაც "ამისთანა ვაჟებს" მათი სხეულის ყოველ ასოს ასეთსავე უკადრისობას ემუქრებიან.“
დასჯის განსაკუთრებით სასტიკ და სამარცხვინო ფორმად ითვლება მკვლელობა საპირფარეშოში, სადაც არათუ რიტუალური სისუფათვეა დარღვეული, არამედ ჰიგიენის ელემენტარული ნორმებიც არაა დაცული. შემთხვევით არ იყო, რომ 1999 წელს პრემიერ-მინისტრად დანიშნული ვლადიმირ პუტინი არ დასჯერდა ბანალურ მუქარას და სარტირში მკვლელობით („в сортире замочим“) დაემუქრა მეამბოხე ჩეჩნებს:
„…Мы будем преследовать террористов везде. В аэропорту — в аэропорту. Значит, вы уж меня извините, в туалете поймаем, мы и в сортире их замочим, в конце концов.“
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე ამტკიცებს, რომ ვლადიმირ პუტინმა ეს მუქარა შეასრულა. ჟურნალ თბილისელებისათვის 2009 წლის 16 ივლისს მიცემულ ინტერვიუში თარგამაძე ლაპარაკობს 2001 წელს მართვადი ნაღმით საკურად ფეხსალაგში მოკლულ ვეფხია მარგოშვილზე, რომელსაც, გარცელებული ინფორმაციით, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩეჩენ მეამბოხეებთან. ინტერვიუს ფრაგმენტი:
კახა თარგამაძე: „...მარგოშვილის ჯგუფის განადგურება არ დაიბრალოს არცერთმა ქართველმა, ეს გააკეთეს რუსებმა (იცინის).“
“თბილისელები“: „მკითხველს გავახსენებ, მარგოშვილი ააფეთქეს, ტუალეტში.“
კახა თარგამაძე: „რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა „ბოევიკებზე“, „იხ ბუდუ მოჩიტ ვ სარტირეო“ და შემდეგ ერთ-ერთი შეხვედრისას მითხრა, „ია ნე ტებე პორუჩალ ვ სარტირე მოჩიტ ბოევიკოვ, სვოიმ პორუჩალო“. შაყირობდა...“
სარტირში მოკლული მსხვერპლი უკიდურესად დამცირებულია, ფაქტობრივად ის გათანაბრებულია ტუალეტის ხვრელში მობინადრე ვირთხასთან, რომლის გასრესვასაც არ სჭირდება სამართლებრივი პროცედურების (გამოძიებისა და სასამართლოს) გავლა. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ქუთაისის გარნიზონის ჰაუპტვახტის ეზოში ყოველ ღამე შეიძლეობდა იმის ნახვა, თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანის ფეხის ხმაზე დამფრთხალი ვირთხები იქვე, უკარო სარტირის ხვრელში დაბრუნებას. ვირთხების სიმრავლე და ხვრელის სივიწროვე ქმნიდა დუღილის მსგავს ეფექტს. დაახლოებით ისეთს, როგორსაც ადგილი აქვს ვიწროყელიან ძაბრში წყლის მსხვილი ჭავლის მიშვებისას: ვირთხების ნაწილი ვიდრე ხვრელში მოხვდებოდა, ზევით ხტოდა!
ჰარი პოტერის მეორე წიგნშიც (ჯ. კ.როულინგი. "ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი") "ბნელეთის ბატონი", გველ-ურჩხული ბასილისკო ბინადრობს ქვესნელში, სადაც მოხვედრა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, საპირფარეშოში მდებარე უხილავი კარიდან.
სარტირში (ტუალეტში) მკვლელობა მკვლელის სისასტიკეზეც მეტყველებს. დეფეკაციის დროს ადამიანი დაუცველი და იოლად მოწყვლადია, რის გამოც პოტენციურ მოძალადეში სიბრალულს იწვევს. დიდი ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი იხსენებს ამბავს (Orwell G. Homage to Catalonia and Looking back on the Spanish war. — L.: Secker & Warburg, 1968), რომელიც თავს გადახდა ესპანეთში, სამოქალაქო ომის დროს:
„გამოჩნდნენ ჩვენი თვითმფრინავები. ამ დროს სანგრიდან ამოხტა ჯარისკაცი.., რომელიც გარბოდა ბრუსტვერის გასწვრივ და ორივე ხელით შარვალს იჭერდა. ვერ მოასწრო შარვლის ამოწევა და გაქცეულზე იკრავდა ღილებს. არ ვესროლე... მართალია უხეირო მსროლელი ვარ და 100 იარდიდან ალბათ ვერც მოვარტყამდი, მაგრამ არ ვესროლე ძირითადად იმის გამო, რომ შარვალი ჰქონდა ჩამძვრალი. მე ხომ აქ „ფაშისტების“ დასახოცად მოვედი და ეს შარვალჩახდილი რა „ფაშისტი“ იყო?! ჩემსავით უბრალო ბიჭისთვის როგორ მესროლა?!“.
ცხადია, ვლადიმირ პუტინს ჩეჩენ მეამბოხეებთან ანგარიშის გასწორება ვერბალური მუქარის გარეშეც შეეძლო, უბრალოდ ბრუტალური ტიპის მმართველის იმიჯის ფორმირების პროცესში პუტინმა მიზანშეწონილად ჩათვალა კრიმინალური სამყაროს არგოს (мочить - მკვლელობა ) გამოყენება, თუმცა ტუალეტში სიკვდილი საჩოთირო საქმედ მხოლოდ კრიმინალურ სამყაროში როდი მიიჩნევა. ცნობილი ბელორუსი მწერლის ვასილ ბიკოვის თხზულებაში „Сотников“ პარტიზანი (გვარად რიბაკ), რომელიც გარემოებათა გამო მოღალატედ იქცევა, სიცოცხლის დასრულებას ფეხსალაგში აპირებს... „მოღალატე იმსახურებს ყველაზე სამარცხვინო სიკვდილს“ - ასეთი დასასრული მისაღები იქნებოდა როგორც ლიტერატურის საბჭოთა ფუნქციონერებისათვის, ასევე მაშინდელი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, თუმცა მწერალმა სხვაგვარი დასასრული არჩია:
„Рыбак высморкался, рассеянно нащупав пуговицу, застегнул полушубок. Наверно, ничего уже не поделаешь - такова судьба. Коварная судьба заплутавшего на войне человека. Не в состоянии что-либо придумать сейчас, он отбросил крючок и, стараясь совладать с рассеянностью, вышел из уборной. На пороге, нетерпеливо выглядывая его, стоял начальник полиции.“
ვასილ ბიკოვის ამ ნაწარმოების მიხედვით 1976 წელს გადაიღეს ფილმი „Восхождение “, რომელიც ასევე დაიწუნა საბჭოთა ცენზურამ.
ცხადია, საპირფარეშო, როგორც გარესამყაროსგან იზოლირებული სივრცე, სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა. ვიღაცა ფულს მალავდა, ვიღაცა საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა, ვიღაცა კი პირველ სექსუალურ გამოცდილებას იღებდა. ოთარ ჭილაძის რომანში „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ აღწერილია ვითარება მაკაბელების ოჯახში, სადაც ბიჭები წამოიზარდნენ და, ბუბუის გულისგასახეთქად, ფეხსადგილში სიარულს უმატეს. ქაიხოსრო ცუღლუტობის აღსაკვეთად ზომებს იღებს: „ბუზიკა“ ქაიხოსრომ ბიჭებისთვის იყიდა და ფეხსადგილის კარზე დაჰკიდა. უბუზიკოდ ვერც ერთი ბიჭი ვერ შევიდოდა ფეხსადგილში, რათა იქ „რამერუმეებზე“ არ ეფიქრათ და „რამე არ ემამაძაღლათ“. ბიჭები იძულებული იყვნენ, შეესრულებინათ პაპის მოთხოვნა, რადგან განუწყვეტლივ გრძნობდნენ მის მკაცრსა და ფხიზელ თვალს. „ბუზიკა“ ფეხსადგილის კარზე ეკიდა, როგორც მუხლუხო ჭია ფოთოლზე.“

ნაწილი 5

ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება
ცხადია, არა დოჩანაშვილის მიხედვით

სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“: სკორე - ზოგადი სახელი არს განავალთა. ფრინველთასა სკორეს ეწოდებიან სკინტლი, მტრედისასა ნაედომი, თევზთასა - ტურტლი, მძრომთასა ცურცლი, ცხოვართასა დენგრა, თხათა და მისთანათა კურკლი, ზროხათა და კაბეშთასა - ნეხვი და კელი, ღორთასა ჩხრინკელი, ცხენთა და ვირთასა ჩონჩორიკი, ძაღლთა და მხეცთა - მჩორე, კაცთასა მძღნერი. ხმელსა ნეხვსა წივა და ფუნე, თხელსა სკორესა - ტრაწი.
საქონლის სკორე - ნეხვისა და წივის სახით - გამოსადეგია როგორც ნიადაგის გასამდიდრებლად, ასევე საწვავად. აღმოსავლეთი საქართველოს მთიანეთის სოფლებში საწვავად გამზადებული წივისაგან ნაშენებ ყორეებს დღესაც შეხვდებით. ბოლო დროს, ბიომეურნეობებმა ნეხვისგან მეთანის მაღალი შემცველობის (50-75%) ბიოგაზის მიღებაც დაიწყეს, სარგებლის მოტანა შეუძლია ფირინველის სკორეს, რომელიც წლების განმავლობაში ფოსფორიტად ფორმირდება. სწორედ სკინტლით ირჩენდა თავს წყნარ ოკეანეში მდებარე ჯუჯა-სახელმწიფო ნაურუ, რომელმაც სამყაროს თავი შეახსენა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობით. სხვათაშორის ნაურუს ეკონომიკის უმთავრესი რესურსი (რომლისგანაც სამწუხაროდ აღარაფერი დარჩა) თავის დროზე შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს პირველ პოსტსაბჭოთა ხელისუფლებას. გამომცემლობა „დიოგენეს“ მთავარი რედაქტორი, ფილოლოგი ანა ჭაბაშვილი იხსენებს:
„ზვიადის მმართველობის დროს ერთ-ერთი მორიგი თავყრილობა იყო ფილარმონიაში. პრეზიდიუმში იჯდა გურამ პეტრიაშვილიც. განიხილებოდა საკითხი, რით უნდა ირჩინოს თავი დამოუკიდებელმა საქართველომ. ვიღაცამ წამოჭრა იდეა ფერმებში დაგროვილი სკინტლის საზღვარგარეთ გაყიდვისა (აი, ახლა ნაურუს რომ გაუთავდა, იმის). იყო დიდი მსჯელობა და, რა თქმა უნდა, დიდი მხიარულებაც. მერე ვიღაცამ ისროლა ლოზუნგი: "არც ერთი კოვზი მძღნერი საზღვარგარეთ!".
საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს მიესადაგება მეგრული სკაბრეზული გამონათქვამი: კუნდიშ მაჭკომალს კიზი ორტყაფუშა ოკო ალუჩანდასო (მძღნერის მჭამელს კოვზი ქამარში უნდა ჰქონდეს გაჩრილიო). ბევრს ეჭირა მაშინ კოვზი... ზოგიერთს სულაც ორი!
საქონლისა და ფრინველის სკორესაგან განსხვავებით, ადამიანის ექსკრემენტები, როგორც სასუქი, სრულად უსარგებლოა. არადა, იაპონიაში 20-ე საუკუნის 60-იან წლებამდე ადამიანის სკორეთი ანოყიერებდნენ ნიადაგს ბოსტნებში. შესაბამისად, მიღებული იყო ვაჭრობა ექსკრემენტებით. ის იყიდებოდა ფულზე, იცვლებოდა ბრინჯსა და სხვა პროდუქტებზე. ალბათ, ამის გამოა, რომ ტრადიციულ იაპონურ სამზარეულოში, რომელიც მდიდარია უმი თევზისა და მოლუსკებისგან მომზადებული კერძებით, ვერ შეხვდებით თერმულად დაუმუშავებელ ბოსტნეულს.
იაპონელი გლეხივით ამაოდ დაშვრა ჩემი ერთი მეგობრის ჭარმაგი ნათესავი, ურბანულ გარემოში აღზრდილი კაცი, რომელიც ახალმიღებულ აგარაკზე პირდაპირ პომიდვრის ჩითილებს ასკორავდა იმ იმედით, რომ ნიადაგს გაანოყიერებდა და არნახულ მოსავალს მოიწევდა.
სკორეს უკავშირდება არაერთი ცრურწმენა. ფული იცისო, გაამხნევებენ ადამიანს, რომელსაც ჩიტი დაასკინტლავს. სიზმარში სკორეს ხილვაც დიდი შემოსავლის მიღების წინაპირობად მიიჩნევა. თუ სიზმარში უნიტაზზე ზიხართ და გაზეთს კითხულობთ, ჩათვალეთ, რომ სულ სხვა სამყაროში გაიღვიძებთ: დაიწყება სიმშვიდისა და კეთილდღეობის ხანგრძლვი პერიოდი!
ცრურწმენა იქით იყოს და კატალონიელებისთვს შობა წარმოუდგენელია კაგანერის (caganer) - თაბაშირის მინიატურის (დეფეკაციის პროცესში მყოფი გლეხის) გარეშე. ეს ტრადიცია, ცხადია, შეიცავს სატირის ელემენტებს, თუმცა ითვლება, რომ კაგანერს (ნიადაგის განოყიერებით) მოაქვს ხვავი და ბარაქა. მსგავსი ტრადიცია აქვთ ესპანელებს (cagones), იტალიელებს (cacone ან pastore che caca), პორტუგალიელებს (cagöes), ფრანგებს (Père la Colique), ფლამანდრიელებს (Kakkers), გერმანელებს (Hinterlader)...
თუმცა, არიან ადამიანები, რომლებმაც სკორესაგან მართლა მიიღეს სარგებელი. აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ ჩვენი თანამემამულე, ცნობილი ბოლშევიკი და ტერორისტი სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი, იგივე „კამო“, რომელმაც, ბერლინის ციხეში სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მოლოდინში თავი მოიგიჟიანა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის მართლაც გიჟივით იქცეოდა: ყეფდა, ტანსაცმელს იხევდა, ღამეებს ფეხზე მდგომი ათენებდა, იგლეჯდა თმებს, იჭრიდა ვენებს და უარს ამბობდა საკვების მიღებაზე. საცვლების ამარა მყოფმა ნულ გრადუს ტემპერატურაზე მთელი კვირა გაძლო, ვენები გადაიჭრა წვნიანი კერძიდან ამოღებული ძვლით, გაუძლო დაშანთვას, ფრჩხილების ქვეშ ნემსის შერჭობას... ამ საყოველთაოდ ცნობილი სიმულაციის დეტალები აღწერილი აქვს საბჭოთა მწერალ გეორგი შილინს, 1930 წელს გამოცემულ თხზულებაში „Камо“. „სიგიჟის პერიოდს“ იხსენებს თავად ტერ-პეტროსიანიც მაქსიმ გორკის ნარკვევში, რომელიც პერიოდიკაში დაიბეჭდა სათაურით „Камо“, თუმცა არ შევიდა მწერლის თხზულებათა სრულ კრებულში:
„Очень много думал: выдержу или действительно сойду с ума? Вот это было нехорошо. Сам себе не верил, понимаешь? Как над обрывом висел. А за что держусь — не вижу. Они, конечно, своё дело знают, науку свою. А кавказцев не знают. Может, для них всякий кавказец — сумасшедший? А тут ещё большевик. Это я тоже подумал тогда. Ну, как же? Давайте продолжать: кто кого скорей с ума сведёт? Ничего не вышло. Они остались при своём, я — тоже при своём. В Тифлисе меня уже не так пытали. Видно, думали, что немцы не могут ошибиться.“
საბჭოთა წყაროებში არსაადა ნათქვამი, რომ სიგიჟის სიმულირებისას კამომ საკუთარი ექსკრემენტები შეჭამა და, ამით გადაირჩინა თავი, თუმცა „საბჭოთა ანდრეზებში“ „კამოს გმირობა“ და კოპროფაგია (κόπρος ბერძ. სკორე, φάγειν ბერძ. ჭამა) ლამის სინონიმებად იქცნენ. ამ ამბავს ეხმიანება არაერთი საბჭოთა პერიოდის ანეკდოტი. ცნობილ ქართველ პოეტს ტარიელ ჭანტურიას მიეწერება შემდეგი ეპიგრამა:
„ლენინმა უთხრა კაამოს:
გაამოს, გაამოს...“
სიგიჟის სიმულირებისას კოპროფაგიას მართლაც აქვს ლოგიკური გამართლება. სამედიცინო-ლექსიკონის მიხედვით კოპროფაგია, ანუ საკუთარი ექსკრემენტების საკვებად მიღება დამახასიათებულია შიზოფრენიის კატატომური ფორმისა და პროგრესირებადი დამბლისათვის. კოპრფაგიით იტანჯებოდა იენის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 1889 წლის 18 იანვარს მოთავსებული ფრიდრიხ ნიცშე, რომელიც, მაღალი ალბათობით, დემენციის ერთ-ერთი ფორმით იყო დაავადებული და არა ნეიროსიფილისით, როგორც ეს დიდი მოაზროვნის თანამედროვეებს ეგონათ (M. Orth, M.R. Trimble, Acta Psychiatrica Scandinavica, 2006: 439-445). ამონარიდი ფ. ნიცშეს ავადმყოფობის ისტორიიდან:
„ავადმყოფს მაიჩნია, რომ ფრიდრიხ-ვილჰელმ მეორე ან კაიზერია, სანიტარს ბისმარკს ეძახის. ხანდახან საკუთარ ფეხსაცმელებში შარდავს, დრო და დრო ამტკიცებს, რომ მისი მოწამვლა უნდათ, სხვა დროს ამტვრევს ფანჯრის მინას იმ მიზეზით, თითქოს მის მიღმა ქვემეხი დაინახა. ხშირად ამტვრევს წყლიან ჭიქას, რათა, მისი თქმით, ნამსხვრევებით თავი დაიცვას. დრო და დრო მალავს ქაღალდსა და სხვა უმნიშვნელო ნივთებს, იტანჯება კოპროფაგიით“.
დავრჩეთ მედიცინაში და ვთქვათ, რომ ექსკრემენტებს გარკვეულ სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ. პლინიუს უფროსის "ბუნების ისტორიაში" (Naturalis Historia) ვკითხულობთ:
„კატარაქტს შველის თვალებზე მგლის ექსკრემენტების დადება. ჭლექიანისთვის სასარგებლოა ხარის გამხმარი ნაკელის კვამლის შესუნთქვა. კუნთების დაავადებას უხდება ძმარსა და თაფლში მოხარშული თხის კურკლი. ყურის ტკივილის შესამსუბუქებლად კარგია გარეული ღორის ფსელი. ცოფს შველის ნაკბენზე შემთბარი ცხენის ჩონჩორიკისა და ძმრის მიდება.“
კატონ უფროსს კი ურინოთერაპიის (შარდით მკურნალობისა) სჯეროდა, თუმცა, როგორც დიდი რომაელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნაშრომში „მიწათმოქმედება“ („De agricultura“) შენიშნავს, მკურნალობისას გადამწყვეტია კომბოსტო, რომლითაც ლამის ყველა დაავადებისგან განკურნება შეიძლება. აი, როგორია პანაცეა კატონის რეცეპტის მიხედვით: „შეაგროვე იმ ადამიანის ურინა, რომელსაც კომბოსტო აქვს ნაჭამი. აბაზანის მიღების შემდეგ ავადმყოფი განიკურნება. თუ ურინაში განბანთ სუსტი აღნაგობის ბავშვებს, ისინი გაკაჟდებიან სამუდამოდ. სუსტი მხედველობის ადამიანები უკეთ დაინახავენ, თუკი თვალებს ამ სითხით დაიზელენ. თავის ტკივილი და ტვინის დაავადება გაგივლით, თუკი მტკივან ადგილს ურინათი ჩამოიბანთ.“
ცხოველთა სამყაროში კოპროფაგია გავრცელებულია ძაღლებში, ღორებსა და მღრღნელებში. კოფროფაგიას ასევე ადგილი აქვს ბალახისჭამია ძუძუმწოვრებში დედის რძიდან ბუნებრივ კვებაზე გადასვლის პერიოდში (პატარა სპილოები დედა-სპილოებს ანუსში ხორთუმს უყოფენ და ამ გზით იმდიდრებენ ნაწლავურ ფლორას, რომელმაც მცენარეული საკვების ათვისება უნდა გაადვილოს. საკვების უკეთ ათვისების მიზნით მღრღნელებში (მათ შორის კურდღლებში) ადგილი აქვს ავტოკოპროფაგიასაც.
კოპროფაგია მიღებულია კულინარიაშიც. საქმე ისაა, რომ კუნძულ სუმატრაზე ყავის პლანტაციებში ბინადრობს კატა, რომლის განავლისგან საუკუთესო ხარისხის ყავა მიიღება. ცხოველი იკვებება მცენარის ნაყოფით, რომლის გადამუშავებისას ნაყოფს სცილდება რბილი ქსოვილი და განავალში მხოლოდ მარცვლების მკვრივი სუბსტანცია რჩება, სწორედ მათგან მზადდება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა kopi luwak-ი.
კოპროფაგია, კოპროფილიასთან (სექსუალური დევიაცია, რომლის დროსაც ფეტიშის როლს ასრულებს ადამიანის ექსკრემენტები) ერთად, ადამიანებში ფისიქიკური აშლილობის ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევა. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობაში ფიზიკური კონტაქტი სკორესთან იწვევს ზიზღსა და გულისრევას, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არაა გადაულახავი ზიზღი. კოპროლოგია (განავლის ლაბორატორიული კვლევა) იქით იყოს. ფიზიკური კონტაქტის გარეშე (ჰიგიენის საშუალებათა დახვეწის მიუხედავად) შეუძლებელია უმწეოთა - ახალშობლი ბავშვებისა და ლოგინად ჩავარდნილი მოხუცების მოვლა. დიდი ამერიკელი მწერლის, ფილიპ როტის ავტობიოგრაფიულ რომანში „მემკვიდრეობით“ (Patrimony) გვხვდება ეპიზოდი, რომელშიც ავტორი სასიკვდილოდ განწირული მამის (90-ს მიტანებული მოხუცის) ექსკრემენტებისგან წმენდს იატაკს, ხალიჩას, აბაზანას...
„საკმარისია გადალახო ზიზღი, უგულებელყო გულისრევა, თავიდან მოიშორო ფობიები, რომლებიც ტაბუს მსგავსად გვაქვს გამჯდარი და ცხოვრება თვალს აგვიხელს ბევრ ისეთ რამეზე, რისი გაფრთხილებაც გვმართებს“ - ამბობს მწერალი.
როგორც წესი, მხატვრულ ტექსტებში კოპროფაგია (კოპროფილია, კოპროლოგია) ეპატაჟის მიზნით ან მეტაფორად გამოიყენება.
კოპროფილია ყველაზე უხვადაა დოზირებული მარკიზ დე სადის „სოდომის 120 დღეში“, სადაც ადამიანის სკორე გვხვდება თითქმის ყველგან: ანალურ, ვაგინალურ და ორალურ ღრუებში.

„მხატვრული (მეტაფორული) კოპროფაგიის“ ნიმუშია ვლადიმირ სოროკინის რომანი „Норма“, რომლის პერსონაჟები (საბჭოთა მოქალაქეები) რეგულარულად მიირთმევენ საბავშვო ბაღებში დაფასოებული განავლის 150-150 გრამიან ულუფებს ანუ „ნორმას“. ფრაგმენტი რომანიდან:
„Cвеклушин вытащил упакованную в целофан ноpму.
- Уx ты,- Тpофименко потянулcя к аккуpатному пакетику. Cмотpи, какие у ваc... А у наc пpоcто в бумажныx упаковкаx такиx. И бумага гpубая. И надпиcь такая оттиcнутая плоxо, кpиво. Cиняя такая. А у ваc cмотpи-ка, во как аккуpатненько. Шpифт такой кpаcивый...
- Cтолица, чего ж ты xочешь, - Cвеклушин pазоpвал пакет, вытpяxнул ноpму на ладонь, отщипнул куcок и cунул в pот.
Тpофименко потpогал ноpму:
- И cвежая... во, мягкая какая. А у наc заcоxшая. Кpошитcя вcя... оpганизатоpы, бля. Не могут оpганизовать...“
კოპროლოგის შრომის აღწერას დასჯერდა ლაშა ბუღაძე, რომლის მოთხრობა „ბრჭყალებში“ (2002 წ.) ფაქტობრივად ერთი გაბმული ნეკროლოგია დაწერილი ცნობილი ექსკრემენტოლოგისა და სხვა ურიცხვი „ღირსების“ მქონე მონუმენტური ფიგურის - ომარ-უფლისწულის პირადი ექიმის უკვდავსაყოფად. ვინც მოთხრობის ტექსტსა და საქართველოს უახლეს ისტორიას იცნობს, არ გაუჭირდება მთავარი პერსონაჟის პროტოტიპის ამოცნობაც, თუმცა დავუბრუნდეთ ტექსტს:
„აგერ უკვე ექვსი ათეული წელიწადი სამეფო გვარის განავალს ყნოსავდა და მისი ხელობაც სწორედ ეს იყო. მეფის განავალს ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში ყნოსავდნენ ოსტატის დიდი წინაპრები და მონარქის ექსკრემენტის ფერის, სუნისა და მოცულობის მიხედვით იკვლევდნენ ღვთისაგან ხელდასხმულის სხეულში ჩაბუდებული, ამა თუ იმ სენის გაჩენის მიზეზს... ოსტატის წინაპრების – “შავი ზღვის ბრწყინვალე ექსკრემენტოლოგების” ცოდნა თაობიდან თაობაში გადადიოდა. ოსტატს პირველად სწორედ მამამისმა დააყნოსინა განავალი და “ექსკრემენტოლოგთა ლეგენდარული ოთხი მუხლიც” გააცნო: “არ შეჭამო, მხოლოდ დაყნოსე”; “თითი არ ტუცო”; “ქუსლი არ დაჰკრა”; “არ შეინახო”.“
უნდა ითქვას, რომ ლაშა ბუღაძის მიერ ჩამოყალიბებული „ექსკრემენტოლოგთა ლეგენდარული ოთხი მუხლიდან“ არცერთი დაურღვევია იტალიელ კონცეპტუალისტ მხატვარს პიერო მანძონის, რომელმაც სახელი გაითქვა სკორესგან ხელოვნების ნიმუშის შექმნითა და მისი სარფიანად გაყიდვით.
„Merda d'artista“ („არტისტის სკორე“) - ასე ჰქვია 1961 წელს შექმნილ ხელოვნების ნიმუშს, 90 კონსერვის ქილას, რომლებშიც მანძონიმ საკუთარი ექსკრემენტები გაანაწილა და თითოეულს შესაბამისი მასის ოქროს ფასი დაადო. მხატვარი ამტკიცებდა, რომ ამ პროექტით ხელოვნების ნაწარმოებთა მიმნდობი მყიდველების ყურადღების მიპყრობა სცადა.
„მილანელ ბურჟუა-ღორებს მხოლოდ სკორე მოსწონთ“ - განაცხადა მან ნამუშევრის წარდგენისას.
ვის და პიერო მანძონის კი ნამდვილად შეეძლო ეთქვა, ფული მაქვს ნეხვივითო, როცა 2007 წელს „სოტბის“ აუქციონზე ერთი ქილა „Merda d'artista“ 124 ათას ევროდ გაიყიდა, მაგრამ სამწუხაროდ მხატვარი ამ ღირშესანიშნავ ამბავს ვერ მოესწრო: გარდაიცვალა 1963 წელს... ინფარქტით!

ნაწილი 6

ორი თავი, თუ ორი ბოლო?!

ექსკრემენტებისა და დეფეკაციის აღმწერი სიტყვების გარეშე ღარიბი იქნებოდა არანორმატული ლექსიკა, რომელსაც საქართველოში, სპეციფიკური პოლიტიკური კულტურისა თუ ეროვნული ხასიათის გამო, ხშირად საჯარო გამოსვლების დროსაც იყენებენ. როგორც წესი, ეს გამონათქვამები საზოგადოების მეხსიერებაში ღრმა და უსიამოვნო კვალს ტოვებს.
„ჩასარეცხები არიან!“ - საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოპონენტების მისამართით ნათქვამმა ამ ფრაზამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი განარისხა. როგორც წესი, მარტივი მექანიკური მოქმედებით - ჩარეცხვით სრულდება დეფეკაციის პროცესი, შესაბამისად სიტყვა „ჩასარეცხი“ ადამიანის სკორეს ერთგვარ ევფემიზმად შეიძლება მივიჩნიოთ. მოგვიანებით მ. სააკაშვილმა განმარტა: ეს ალე¬გო¬რი¬უ¬ლად ნათ¬ქ¬ვა¬მი სიტყ¬ვა იყო და არა¬ვის ფი¬ზი¬კუ¬რად ჩა¬რეცხ¬ვას არ ვა¬პირებდი, მან¬კი¬ე¬რი საბ¬ჭო¬თა მენ¬ტა¬ლო¬ბის ჩა¬რეცხ¬ვას ვგუ¬ლის¬ხ¬მობ¬დიო.
„ჩასარეცხი“ - ამ შემთხვევაში - უსარგებლოს, დრომოჭმულსა და, შესაბამისად, სკორესავით დაუნანებლად მოსაშორებელს ნიშნავს. თავის მხრივ, ოპოზიციის ლიდერებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ომის დროს (გორში რუსეთის ავიაციის გამოჩენისას) ქვეშაფსიასავით მოიქცა. ქვეშაფსიას (ქვეშაჯვიას, ტრაწიანს) კი იტყვიან მშიშარა და უკანდამხევ კაცზე.
საკითხთან შესაბამისია სკაბრეზულ თქმათა და იდიომათა სხვა ნიმუშები:
მძღნერა, ქაქიოზა - უხასიათო, ყიამყრალი კაცი
გააჯმევინა - უხეში ფორმით თავიდან მოიშორა
მძღნერშია - ძალიან ცუდ დღეშია, გამოუვალ მდგომარეობაშია
ტრაკშია - მიყრუებულ ადგილსაა, საქმის კურსში არაა
თავზე გადაიჯვა - ზედმეტი მოუვიდა, ზედმეტი იკადრა
თავზე დააჯვა - შეურაცხყოფა მიაყენა, უკადრებელი აკადრა
ჩაიჯვა, ჩაიფსა - შეეშინდა, წახდა
საქმეში ჩააჯვა - საქმე გააფუჭა
მძღნერი მომჯმელსა ჰგავსო - იტყვიან ცუდი მშობლის ცუდ შვილზე (ჩამოჰგავს ლათინურ სენტენციას Mala gallina - malum ovum – „ცუდი ქათამი, ცუდი კვერცხი“)
დედიმისისას მიირთმევს - მაგრად მიჰქარავს
გაქცეულს არ მოუჯვია - გაჭირვება არ უნახავს
ტრაკის ტვინი წაიღო (შეჭამა) - თავი მოაბეზრა, უზომოდ შეაწუხა
საინტერესოა ბოლო იდიომა, რომელსაც იაკოვ კროტოვი (პუბლიცისტი, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი) თავისა და საჯდომის სიმეტრიის (თუ ერთგვარი ზიარობის) მორიგ არგუმენტად გამოიყენებდა. საჯდომი და თავი ხშირად ჩაანცვლებენ ხოლმე ერთმანეთს. ჭკვიან ადამიანზე იტყვიან, რა თავიაო, უჭკუოზე - ტრაკით ფიქრობსო. ერთგან ბესიკ ხარანაულიც შენიშნავს („სამოცი ჯორზე ამხედრებული რაიონდი…“): აკი თქმულა, კაცს, რომელიც ბუთქავს, თავში ადგილი გაუთავისუფლდებაო.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ძალაუფლების ატრიბუტებია გვირგვინი (თავი) და ტახტი (საჯდომი). ასევე შემთხვევით არაა, რომ ერთი და იმავე გაგებით იტყვიან: „შენს თავს მიხედე“ ან „შენს ტრაკს მიხედე“; „თავი არ აქვს“ ან „ტრაკი არ აქვს“; "ე(პირ)ფერება ან ტრაკში უძვრება" და ა.შ.
თავის (პირის) და საჯდომის (ანუსის) შეპირისპირებას აქვს ადგილი სახარების ტექსტში: „ვერ გაიგეთ, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ფეხისალაგში გადაიყრება? პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის, რომ ბილწავს ადამიანს. რადგან გულიდან ამოდიან ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი... სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს (მათე 15.17-15.20)“
კროტოვის მიხედვით, ხელისუფლება (თავი), რომელიც ადეკვატურად არ ურთიერთობს ხალხთან, საჯდომად ტრანსფორმირდება. რაც უფრო მეტად დესპოტურია ხელისუფლება, მით უფრო საჯდომია. შესაბამისად რასაც ის ამბობს. ჰგავს არა მეტყველებას, არამედ ქარების გაშვებას.
„თავი ტრაკში აქვს“ - ასე იტყვიან OUT-Si myof adamianze, romelic mowyvetilia movlenebs: verafers xedavs (sajdomiviT), araferi esmis (sajdomiviT) da Sesabamisad, arafers ambobs (sajdomiviT)!

ტუალეტის კედლები, როგორც პალიმფსესტები

„...მოვრჩი ტექსტს,
ვაწერ ხელს,
მივაწექი წამკითხველს!“
ასე სრულდება ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ტუალეტის კედელზე გაკეთებული წარწერა, რომლის დანარჩენი ნაწილიც უკიდურესად სკაბრეზულია.
კედლებზე წარწერები სამყაროსავით ძველია. წარწერები კეთდებოდა 2 ათასი წლის წინ და კეთდება დღესაც, როცა ადამიანს კომუნიკაციისა და აზრის გამოხატვის გაცილებით მეტი საშუალება აქვს. ჰარი პოტერის მეორე წიგნში („ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“. 1998 წ) მნიშვნელოვანი ამბები საპირფარეშოში (მტირალა მირტლის ტუალეტში) ხდება, ხოლო მთავარ ინტრიგას - საიდუმლო ოთახის გაღების ამბავს - წიგნის მთავარი პერსონაჟები კედელზე გაკეთებული წარწერიდან შეიტყობენ: „საიდუმლო ოთახი გაიღო! ძრწოდეთ, მემკვიდრის მტრებო!“
ცხადია, ტუალეტის კედლები იზოლაციის გარდა, ინფორმაციის გადაცემის ფუნქციასაც ითავსებენ. ამასთან (უცნაური ლოგიკით) აქ გაკეთებული წარწერები არ ითვლება ვანდალიზმად. როგორ შეიძლება მელნით წაბილწო ადგილი, სადაც შეუზღუდავი რაოდენობის ადამიანი მოისაქმებს? ამასთან, ტუალეტის „კაბინაში“ გამოკეტილ ადამიანს აქვს შეუზღუდავი თავისუფლების განცდა. როგორც გერმანელი მწერლის ჰაინც გ. კონზალიკის (Heinz Günther Konsalik) რომანის ("Begegnung in Tiflis"- „შეხვედრა თბილისში“) მთავრი პერსონაჟი ამბობს, ტუალეტი რჩება ერთგვარ თავისუფალ სივრცედ: „სხვაგან არსად გაცხადდება ადამიანი ისე მკაფიოდ და ნათლად, როგორც ტუალეტში. იქ იგი თავისუფალია ყოველგვარი საზოგადოებრივი ფორმებისგან, იქ გენერალური დირექტორი საწყობის მუშის გვერდით დგას, ორივე ასველებს მოპირკეთებულ კედელს და კმაყოფილია (თარგმ. ნ. ხუციშვილი).“
თავისუფლების ამგვარი შეგრძნება, რასაკვირველია, ილუზორული და სწრაფადწარმავალია. ალბათ ამის გამოა, რომ საპირფარეშოში შესული ადამიანი კალამსაც შეავლებს ხელს და თავისუფლების მატერიალიზებას ცდილობს. ირკვევა, რომ წარწერების შინაარსსა და რაოდენობაზე გავლენას ახდენს დრო და სივრცე, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოხატულებას ჰპოვებს სოციალურ უსამართლობაში, ტაბუირებული თემების სიმრავლეში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და ა.შ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ წარწერათა აბსოლუტური უმეტესობა უხამსობაა და დაცლილია ინტელექტუალური შემადგენლისგან. ამას შენიშნავს იაროსლავ ჰაშეკიც, როცა „შვეიკის“ („ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომში“) პირველი ნაწილის ბოლოთქმაში „მკვეთრი გამონათქვამების“ მოწაანღმდეგეთა კრიტიკისას ასეთ შედარებას იყენებს: „ეს ტიპები ხალხში ყოფნისას აღშფოთებას გამოთქვამენ, მაგრამ უდიდესი სიამოვნებით დაიარებიან საზოგადოებრივ საპირფარეშოებში და კითხულობენ კედლებზე გაკეთებულ უხამს წარწერებს“.
უხამსი წარწერებითაა დაფარული სკოლის ტუალეტების კედლები. მათი ავტორები (როგორც წესი, თინეიჯერი უფროსკლასელები) მოითხოვენ ბრუტალურ სექსს კონკრეტულ ადამიანთან ან ადამიანების ჯგუფთან და ხელის ერთი მოსმით ხატავენ ფალოსსა და ვაგინას, რომელსაც, რატომღაც ხატვის გაკვეთილზე ნასწავლი ცხრათვალა მზის ფორმა აქვს. სექსი ტუალეტის კედლებს განდობილი სტუდენტების საყვარებლი თემაცაა.
''ვარკეთელი დიდია, გლდანი Yლეზე ჰკიდია" - ეს წარწერა ერთ-ერთმა ჩვენმა თანამემამულემ ვენის აეროპორტის ტუალეტში დატოვა.
უხამსობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ცხადია, კედლების შეთეთრებაა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სხვა ზომებსაც მიმართავენ ხოლმე. ცნობლია, რომ რომის საზოგადოებრივ ტუალეტებში, ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, გამოკრული იყო წარწერა: Deus vidit omnia (ღმერთი ყველაფერს ხედავს). უნდა ითქვას, რომ მსგავს გაფრთხილება-ინსტრუქციებს (გაჯერებულს სპეციფიუცრი ლექსიკითა და იუმორით) მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტუალეტის კედლების გაფორმებაში.
ტუალეტში გაკეთებული წარწერები ინტერნეტ-ფორუმების ერთგვარ წინაპრადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რადგანაც. ხშირია შემთხვევა, როცა წარწერას რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურება და ამგვარი ურთიერთობა რამდენიმე კვირასა და თვეს გასტანს ხოლმე. კომუნიკაციის ასეთი ფორმა ყველაზე მეტად ჩაკეტილ, არათავისუფალ საზოგადოებებშია გავრცელებული. ავსტრიელი ფსიქოლოგი, ნორბერტ ზიგელი (Norbert Siegel) ამტკიცებს, რომ ტუალეტის გრაფიტის პიკი გასული საუკუნის 80-იან წლებზე მოდის და, რომ 21-ე საუკუნეში ტუალეტის კედლებს სულ უფრო იშვიათად იყენებენ ინფორმაციის გადასაცემად.
ვიღაცისთვის კედელზე წარწერა უკვდავებასთან ზიარების საშუალებაცაა. მათთვის საკმარისი არაა არც კულტურული (ან სხვა სახის მემკვიდრეობა) და არც წარწერა საფლავის ქვაზე. პარიზში პერ ლაშეზის (Pere Lachaise) სასაფლაოს საპირფარეშოში ასეთ წარწერებს შეხვდებით: “Jim Morrison”, “Oscar Wild forever”, “Viva Nestor Makhno!”.
„მოვXნავდი ელექტრო ქიმიის მასწავლებელს, მაგრამ რეაქციის მეშინია!“ - ასეთი წარწერა ამშვენებდა თბ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ტუალეტის კედელს ამ ორი ათეული წლის წინ. იქვე ფიზიკის ფაკულტეტის ტუალეტში, ტენზორული აღრიცხვისა და მათანალიზის ფორმულების გვერდით, ამოიკითხავდით წარწერას: „ვაშლი მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენის კორექტული ვერსიაა! კაკას ვშვეობოდიო, ხომ არ იტყოდა?“
ფილოლოგი ბიძინა რამიშვილი იხსენებს: „70-იანებში ლიტვაში ვისვენებდით ხოლმე. ერთ-ერთი საკურორტო ქალაქის ტუალეტს ზეთის საღებავით, მსხვილი ასოებით შესრულებული წარწერა ამშვენებდა: Здесь русский дух, здесь Русью пахнет... (А.С.Пушкин).
როცა 80-იანი წლების ბოლოს გეტინგენში ჩავედი, ცხადია, კულტურული შოკი მქონდა, განსაკუთრებით, უნივერსიტეტთან დაკავშირებით. ყველაფერი საინტერესო იყო, მათ შორის, ტუალეტებიც. მაგალითად, კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის ტუალეტში წარწერების დიდი ნაწილი ბერძნულად და ლათინურად იყო. თანაც გარდა ანტიკური ტექსტებიდან ციტატებისა, დიდი ადგილი ეკავა ტუალეტის სტუმართა შორის მიმოწერას კლასიკურ ენებზე. ფილოსოფიის ფაკულტეტის ტუალეტიდან კი ასეთი წარწერა დამამახსოვრდა: "Immanuel Can't. He never could." (სიტყვათამაში „იმანუელს არ შეუძლია. მას არასოდეს შეეძლო“, „"Immanuel Cant - იმანუელ კანტი“).
ცხადია, პროფესია გავლენას ახდენს წარწერების შინაარსზე. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) თანამშრომელი სევა ნოვგოროდცევი ამბობს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის საპირფარეშოში შემდეგი წარწერები ნახა: "God is dead. Nietzsche“ („RmerTi mokvda. nicSe“). odnav qvemoT ki : "Nietzsche is dead. God.“ (“ნიცშე მოკვდა. ღმერთი“).
ნიცშე მართლაც მოკვდა, მაგრამ ცოცხალია რიგითი ადამიანი, რომლის დიდებულ კვალსაც ყველაგან შეხვდებით, მათ შორის საპირფარეშოებშიც! შეხვდებით რა, ნანახი გექნებათ უთუოდ...
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

შოთა იათაშვილი – მამები, დედები და შვილები (2)

II თავი
ფილიპი
ალენი კრივში ქალაქის იუნიორთა შეჯიბრებაზე გავიცანი. მერვედფინალში შევეჯახეთ ერთმანეთს. მეორე რაუნდში წაქცეული მოციგურავესავით გავასრიალე ტრაკით რინგზე. უკან რომ ვბრუნდებოდით, ავტობუსში გვიან ავედი, ყველა ადგილი დაკავებული იყო, მხოლოდ მის გვერდით იყო ერთი ადგილი თავისუფალი. მივუჯექი და რატომღაც ბოდიშიც მოვუხადე. ალენმა გამიღიმა, მერე მკითხა, საკუთარი სურვილით გავხდი მოკრივე თუ მშობლების ინიციატივით. მშობლები არა მყავს - ვუთხარი. ალენმა მომიბოდიშა. “არა, მთლად ეგრეც არაა, - შევწუხდი, - მყავს, მაგრამ ისინი ჩემი მშობლები არ არიან”. “აყვანილი ხარ?” “ჰო” - რატომღაც იმ მომენტში გულწრფელი გავხდი, არადა ამაზე თითქმის არასდროს ვლაპარაკობ. ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით. მერე მან ხმადაბლა მითხრა: “მეც აყვანილი ვარ”. ისევ ჩუმად ვისხედით. უფრო დიდხანს. მერე მივხვდი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა მეკითხა და ვკითხე: “ცუდად გექცევიან?” “უკვე სულერთია” - მიპასუხა ალენმა. “რატომ?” “მაგას შენ ვერ გაიგებ” - მომიგო კაი ხნის შემდეგ. “ვითომ რატომ?” ალენმა ხელი ჩაიქნია და ფანჯარაში გაიხედა. გარეკილი სამი დედაჩემი გამახსენდა და მკლავზე ხელი წავავლე: “არ არსებობს. მე ყველაფერს გავიგებ. უფრო მეტსაც, ვიდრე შენ” ალენმა გამომხედა და მითხრა: “რინგზე რომ მაჯობე, ეგ არაფერს ნიშნავს. ცხოვრება რინგია, მაგრამ მხოლოდ რინგი არ არის. მეტიცაა”. გამეღიმა. ოღონდ გამეღიმა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ეს ფრაზა ძალიან მომეწონა. მან კი ჩემი ღიმილი სხვანაირად აღიქვა და დაბღვერილმა შემომხედა. და მაშინ, რათა მასზე შოკი მომეხდინა, ვთქვი ის, რაც აქამდე არასოდეს მითქვამს: “შენ იცი, რას ნიშნავს სამი დედა და არცერთი მამა?” ალენი გაშეშდა, ჯერ თვალებში შემომხედა, მერე მთლიანად მომათვალიერა, მერე ისევ თვალი გამიყარა თვალში... და ბოლოს ერთადერთი სიტყვა ამოღერღა: “სამი?” “ჰო, სამი” - მივუგე მაშინათვე. “ეგ როგორ?” “ჩვეულებრივ...” აშკარად ეტყობოდა, რომ გამალებით ფიქრობდა, მერე წაიბურტყუნა: “მაგაზე არც კი მიფიქრია... მე და ჩემს მეგობრებს მარტო ორი დედა გვყავს... ან ორი მამა...”
ასე გავიცანით ერთმანეთი. მეორე დღეს ერთმანეთს შევხვდით და ალენი თავისი ოჯახისა და სამეგობროს შესახებ დაწვრილებით მომიყვა, მე კი ჩემი დარტყმული მშობლები აღუწერე. მერე საერთო შეხვედრაზე წავედით.
- გაიცანით, ფილიპი... მეხუთე - თქვა ალენმა.
- ბრავო! - შესძახა დიდძუძუებიანმა გოგომ და ტაში დაუკრა, - მე კი მარტა ვარ!
- სოფი - მითხრა კიბეზე ჩამომჯდარმა გოგომ, წამოდგა და ხელი ჩამომართვა.
კედელთან აწურულმა ბიჭმა უხმოდ გამომიწოდა ხელი.
- ეს პიერია, ჩვენი მუნჯი მეგობარი - ჩაიხითხითა მარტამ და პიერს კისერში ხელი წაუთაქა. პიერის ფუმფულა მტევანი ჩემს მუშტში მოექცა.
- ფილიპ, ჰევი მეტალი გევასება? - მკითხა უცებ მარტამ.

რა უნდა მეთქვა. მაშინათვე გულს ხომ არ გავუტეხდი... და თავი დამაჯერებლად დავუქნიე.
- იეს! - იყვირა მარტამ და ჰაერში შეხტა. - ძლივს არ ვნახე ჩემიანი?!
მარტა სულელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სოფი მომეწონა, რომელიც ჩუმად იჯდა და გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა.
მერე ვისხედით და “კოკა-კოლას” ვსვამდით. გარდა მარტასი. მარტა ლუდს ყლურწავდა. პიერი საათისკენ აცეცებდა თვალს ხშირად. სოფი საღეჭ რეზინას ბერავდა და ხეთქავდა. ალენი შფოთავდა, თავის სამეგობროს დაძაბული მზერით აკონტროლებდა და მუდამ რაღაც შეკითხვებს სვამდა. ამ კითხვა-პასუხში ჩემი მშობლების მთელი ისტორია მომაყოლა და თავის ძველ მეგობრებსაც დააყაჭინა ჩემთვის საინტერესო სხვადასხვა ოჯახური ინფორმაციები.
სადღაც ერთი საათის შემდეგ კი - წავიდეთ ახლა! - ბრძანა ალენმა და საუბრის ეშხში ძლივს შესულებს ერთმანეთთან დამშვიდობება მოგვიწია.
- პირველი პიერი წავა, ორიოდე წუთის მერე მარტა, მერე სოფი, მერე ფილიპი, ბოლოს კი მე! - გასცა განკარგულება ალენმა.
ავიწურეთ, გავიტვრინეთ და კედელს აყუდებულები საკუთარ რიგს მორჩილად ველოდით. სოფი რომ წავიდა, ცოტა ხანში მეც ჩემს გზას გავუყევი. ამ შეხვედრით აღგზნებული წარმოსახვაში ჩემს ახალ მეგობრებთან დიალოგს ვაგრძელებდი. ეს წარმოსახვითი დიალოგი ფეხით სწრაფ სიარულში გადამეზარდა და რამდენიმე წუთში სოფის წამოვეწიე.
- საით მიდიხარ? - ვკითხე.
აღმოჩნდა, თითქმის ბოლომდე უნდა გამეცილებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გადამეხვია მარჯვნივ. მივყვებოდი გვერდით სოფის და შინაგანად ვთრთოდი. სოფი ხმას არ იღებდა... მეათეხარისხოვან შეკითხვებს ვუსვამდი და ისიც მეათეხარისხოვან პასუხებს მცემდა. უცებ ამან გამაბრაზა და თვით ჩემდა მოულოდნელადაც კი ვკითხე:
- მომისმინე, გიყვარს შენ ვინმე?
სოფიმ თავისი დაჭყეტილი თვალებით შემომხედა და კიდევ უფრო დაჭყიტა.
მივდიოდით. სოფი არაფერს ამბობდა. მხოლოდ დაჭყეტილი თვალებით მიყურებდა და ბოლოს ეს დაჭყეტილი თვალები დახარა.
- გიყვარს! - გამოვუტანე განაჩენი.
ვიარეთ. და როგორც იქნა სოფიმ ხმა გამოსცა:
- ნწ!
ორიოდე წუთის მერე კი მითხრა, რომ სახლთანაა და დამემშვიდობა.
სახლში სამივენი დამხვდნენ. სესილი მორიგი რიტუალისათვის ემზადებოდა, ინგრიდი კომპიუტერს მისწებებოდა, კატარჟინას კი სახეზე კოსმეტიკური ნიღაბი ეკეთა და დივანზე იწვა.
- დედიკო, როგორა ხარ? - თავი აწია კომპიუტერიდან და მკითხა ინგრიდმა. რეაქციის გარეშე სამზარეულოში გავედი და საკვების ძიებას შევუდექი. მაცივარში ძეხვის ნაგლეჯი იდო, გაზქურაზე კი ცივი ფაფით ნახევრადსავსე ქვაბი იდგა. ფაფას შევაგინე და ძეხვი გამოვიღე. მაგრამ საპურეში რომ ჩავიხედე, აღმოვაჩინე, რომ შიგ პურის ერთი ნამცეციც კი არ ეგდო. ახლა დედებს შევაგინე და სამზარეულოში ნიღბიანი კატარჟინაც შემოვიდა.
- გშია? - მკითხა ნაზად.
- მაგრა გიხდება! - ვუპასუხე.
- რაა? - კიდევ უფრო განაზდა კატარჟინა.
- ეგ შენი ტრაგიკული ნიღაბი... თუ კომიკურია და მე ვერ ვხვდები? - უცებ, ერთ წამში, და არ ვიცი რატომ, საძაგელ ადამიანად ვიქეცი.
- ფილ... საყვარელო... - კატარჟინა მომიახლოვდა და თავისი ნიღბიანი სახე ახლოს მომიტანა. - გემუდარები, ასეთი ნურასოდეს იქნები...
- ო’კეი, დედი... ოღონდ ჩაირბინე ახლა და პური ამომიტანე...
- ფილ... საყვარელო... - კატარჟინა ერთსა და იმავეს იმეორებდა - ჩავირბენდი, როგორ არ ჩავირბენდი, მაგრამ ხომ ხედავ... - თავის ნიღაბზე მიმანიშნა - ამითი როგორ ჩავირბინო...

- მერე მოიხსენი, თუ ხელს გიშლის! - ვიყვირე უცებ და დედაჩემს ნიღაბი თეატრალურად ჩამოვგლიჯე - პური თუ ნიღაბი, საკითხავი აი ესაა!.. და პური თუ შვილი თუ ნიღაბი, აი, ესაა საკითხავზე საკითხავი, ჩემო მშობლებო! - სამზარეულოს მაგიდაზე ავხტი, ის ახლა ჩემი ავანსცენა იყო, ვიდექი, ხელში ძეხვის ნაგლეჯი მეკავა, აქეთ-იქით ვაქნევდი მას და იმპროვიზაციულად “დედიკოების ბიჭის” მონოლოგს ვთხზავდი - და დიეტა თუ ლიტერატურა თუ ბუდა, ყველაფერი საკითხავია, ოღონდ არა ერთი რამ: დედა თუ მამა!.. არა, ეს არაა საკითხავი, ყველაფერი გარკვეულია: მხოლოდ და მხოლოდ დედა... მხოლოდ და მხოლოდ დედა... დედა!.. დედა!.. - ჭერს ავყურებდი და ისე გავყვიროდი. ლამის სული შემეხუთა. ინგრიდი და სესილი შემოვარდნენ და კატარჟინასთან ერთად ცდილობდნენ ჩემს დაბლა ჩამოყვანას. მე ვბორძიკობდი, უკვე ერთსა და იმავეს ვბოდავდი და ჩემს დედებს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს და ჩამომიყვანეს, დივანზე წამაწვინეს და სამივენი ერთად მეფერებოდნენ... ხანმოკლე, მაგრამ ასეთი ექსტაზური გამოსვლის შემდეგ გონება გამეთიშა და ძილისკენ წავედი... უკვე ძილბურანში მყოფს სესილის სიტყვები მომესმა: “ნასვამს არ ჰგავს, ხომ არ მოწია ან რამე უარესი ხომ არ ქნა?..” “არა...” - წამოვბოდე და თვალები გავახილე: ჩემი სამი დედა დავინახე, თავზე რომ მადგა, დამყურებდა და სამივე ნამდვილი დედასავით რომ იყო შეწუხებული... ამ სურათმა სახეზე ბედნიერი ღიმილი გადამაკრა... “ღმერთი სამობითაა...” - ვთქვი ერთი ჩემი მართლმადიდებელი მეგობრის ამოჩემებული ფრაზა, ორი თითით პირჯვარი გადავიწერე და საკუთარი ერთადერთი ძილით დავიძინე...
კატარჟინა ჩემი ბიოლოგიური დედაა, ინგრიდი და სესილი კი ჩემი ოფიციალური დედები. პასპორტით მე მათი შვილი ვარ, და როგორც ხშირად მეუბნებიან და მიმტკიცებენ, ლამის ბედნიერიც კი უნდა ვიყო ამით. კატარჟინა შარშან გამოჩნდა. როცა მოვიდა, კარი მე გავუღე. თვალისდამაბრმავებლად ლამაზი ქალი იდგა ზღურბლთან და მიღიმოდა. ინგრიდი იკითხა. ვუთხარი, სამსახურშია, ერთი-ორ საათში მოვა მეთქი. თუ შეიძლება, დავუცდიო - მითხრა და ჩემი ნებართვით ბინაში შემოვიდა. სავარძელში ჩავსვი, “კოკა-კოლა” გამოვუტანე. ის იჯდა, სვამდა “კოკა-კოლა”-ს და ისე დაჟინებით მიყურებდა, რომ დავფრთხი. რა უნდოდა, ვერაფრით ვხვდებოდი. მერე, თანდათანობით გამოკითხვა დამიწყო: სად ვსწავლობდი, როგორ ვსწავლობდი, რა მაინტერესებდა და ასე შემდეგ. რომ ვცადე გამერკვია, თავად ვინ იყო, ინგრიდის ძველი მეგობარი ვარო - მომიჭრა და მაგითი დაასრულა. მერე ინგრიდიც მოვიდა, და კატარჟინა რომ დაინახა, ისე გადაფითრდა და შეიცვალა, რომ ცხოვრებაში პირველად შემეშინდა ნამდვილი შიშით. ინგრიდი და კატარჟინა კაი ხანი უყურებდნენ ერთმანეთს და შიგადაშიგ ჩემსკენ აცეცებდნენ მზერას, ბოლოს კი კატარჟინამ ინგრიდს ჰკითხა: “დავილაპარაკოთ ცალკე?” “ჰო” ამოღერღა ინგრიდმა და ჩამოჯდა. “გავიდე?” - ვკითხე ინგრიდს. “გადი, გადი...” - აღელვებულმა მითხრა ინგრიდმა და მეც ოთახიდან გავედი. თითქმის ორი საათი სამზარეულოში ვიჯექი და ვფიქრობდი, თუ რა ურთიერთობა შეიძლებოდა ჰქონოდათ ინგრიდს და ამ თვალისდამაბრმავებელ ქალს. რა არ წარმოვიდგინე, მაგრამ არა ის, რაც სინამდვილეში იყო. ამასობაში სესილიც მოვიდა და ისიც თავისთან შეიყვანეს. მოხურულ კარს ხანდისხან ვუახლოვდებოდი და ვცდილობდი, მათი საუბრის ნაგლეჯები მაინც დამეჭირა, მაგრამ არაფერი მესმოდა: ყველანი ძალიან ჩუმად ლაპარაკობდნენ. ძალიან გვიან, როგორც იქნა, კარი გაიღო და ინგრიდი გამოვიდა. მე სამზარეულოში ვიჯექი და ჩაის ვსვამდი. “ფილიპ, მეც დამისხი ჩაი” - მითხრა ინგრიდმა და მაგიდასთან ჩამოჯდა. სანამ ჩაის ვუმზადებდი, ინგრიდი ყურებზე ხელებმიჭერილი იჯდა და ეტყობოდა რომ რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა. ჩაი რომ დავუდგი, თავი ასწია, გამჭოლი მზერით შემომხედა და მკითხა: “მზად ხარ?” მართალია, ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე, მაგრამ მეორეს მხრივ ბოლომდე ვხვდებოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი უნდა თქმულიყო. და დამაჯერებლად ვუპასუხე: “მზად ვარ.... ყველაფრისთვის მზად ვარ...” ინგრიდმა ჩაი მოსვა და ჩუმად თქვა: “ეს ქალი შენი დედაა...”
მას შემდეგ კატარჟინა ჩვენთან ცხოვრობს. მას შემდეგ ხშირად ცდილობს, ჩემი მთავარი, პირველი და ნამდვილი დედა იყოს. მაგრამ კატარჟინა ჩემთვის მაინც ძალიან გვიანი დედაა. მე ხანდახან ვუყურებ კატარჟინას მუცელს და ვფიქრობ, რომ რათა ამ ქვეყანას მოვვლენოდი, ამისათვის ოდესღაც მის ამ მუცელში ვიჯექი, მაგრამ სესილი და მით უმეტეს ინგრიდი მაინც უფრო დედები არიან ჩემი. სესილიმ და მით უმეტეს ინგრიდმა მალე გაიშინაგანეს, რომ კატარჟინა მესამე უნდა ყოფილიყო და მიიღეს საკუთარ კამპანიაში. და არიან ისინი - სამნი - ჩემთვის - ერთისთვის. სამივე თავისი ცხოვრების კრედოს მახვევს თავს: კატარჟინასთვის ცხოვრება სილამაზეა, ინგრიდისთვის - შემეცნების პროცესი, სესილისთვის კი ღმერთისკენ სწრაფვა. ჩემთვის? ჩემთვის უკვე კაი ხანია ცხოვრება ამ სამის გაერთიანების უშედეგო მცდელობებად იქცა.
კატარჟინა ბი აღმოჩნდა. რაკი მისი ცხოვრების კრედო სილამაზეა, სადაც კი სილამაზეს ხედავს, ყველგან ესწრაფვის. თავისი მამაკაცებიც ჰყავს, მაგრამ სესილი და ინგრიდიც თავისიანებად გაიხადა. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა: ვხედავდი, როგორ არ უნდოდა და როგორ ებრძოდა საკუთარ თავს ინგრიდი, მაგრამ როგორ დამარცხდა. და რაკი დამარცხდა, როგორ ჩაითრია სესილი კოლექტიურ “მშობლიურ” სექსში... და უკვე რამდენიმე კვირაა, საღამოთი ერთად მეუბნებიან “ძილი ნებისა”-ს სამივენი და საძინებელში იძურწებიან... კატარჟინამ თავისი გამოჩენით სრულიად შეცვალა ჩვენი ყოფა: და ამიტომ კატარჟინა ყველაზე მეტად მძულს და მიყვარს...

გუშინწინისწინ კატარჟინას მუცელზე მედო თავი... კატარჟინა თმას მიქოჩრავდა და მედუდნებოდა. “დე, - ვუთხარი, - მართლა გიყვარვარ?” კატარჟინამ ჩემი თმის მოქოჩვრა შეწყვიტა, თვალებში ჩამომხედა და მითხრა: “არა...” გამეღიმა. “რა გაცინებს?” - მკითხა და ცხვირი გამიქაჩა. რამდენიმე პასუხი ერთდროულად მომადგა პირზე, მაგრამ რაკი ასე იყო, ვერცერთი ვერ ამოვთქვი, გადავბრუნდი და მის მიერ გაქაჩული ცხვირი მის კალთაში ჩავრგე. და ასე, მდუმარედ, გაუნძრევლად ვიყავით მთელი საათი. ამაზე მეტი საერთოდ აღარაფერი მინდოდა. მაგრამ მერე მოვიდა ინგრიდი და ყველაფერი წამში დასრულდა.
გუშინწინ ინგრიდის მუცელზე დავდე თავი... ინგრიდმა ხუთიოდე წუთი გაძლო, მერე კი აფორიაქდა: “ფილ... ცუდად ხომ არა ხარ?” - მკითხა. “არა” - ვუპასუხე. “ფილ... მგონი მაინც ცუდადა ხარ...” - მომესმა რამდენიმე წუთის შემდეგ. “არა” - გავუმეორე... ვგრძნობდი, როგორ შფოთავდა მისი მუცელი... და მარტო მუცელი არა - თავად ინგრიდი შფოთავდა... “ფილ, ხვალისათვის ბევრი რამ მაქვს მოსასწრები” _ მითხრა თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ... თავი ავიღე...
გუშინ კი სამიოდე საათი სესილის მუცელზე მედო თავი. მაგრამ სესილი მედიტაციაში იყო და მგონი ამას ვერც აღიქვამდა. მერე მე თავად მომბეზრდა და ჩემს ოთახში ისე გავიხიზნე, სესილის ეს არც კი უგრძვნია...
დღეს კი... დღეს ვიგრძენი რომ უკვე სულ სხვა რამ მსურდა: სოფის კალთაში ჩამედო თავი... აქამდე ქალები, გოგონები, საერთოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები რაღაცნაირად მაღიზიანებდნენ, სიმშვიდეს მაკარგვინებდნენ, მაბნევდნენ, და სოფი პირველი იყო მათი რიგებიდან, რომელშიც ვიგრძენი, რომ შესაძლო იყო, მას ჩემთვის სიმყუდროვე მოეტანა... თუმც ჯერჯერობით ეს მხოლოდ ალბათობა, საიდანღაც გაჩენილი შანსი იყო, რეალურად კი იგი ახლა სხვა მდედრებზე მეტად მაფორიაქებდა... “შემიყვარდა ვითომ?” - ჩავეკითხე საკუთარ თავს და შორეული სიღრმიდან დადებითი პასუხი ამომესმა...
გაგრძელება იქნება
© kalmasoba.com

დავით ქართველიშვილი – ორი მოთხრობა


საქმის წინ და საქმე
1
დილიდან შუადღემდე წყალზე გავლას ვცდილობდი, არც ერთხელ არ გამომივიდა, არც ერთხელ არ მეყო რწმენა, ვიდექი ნაპირზე გალუმპული და მზეზე ვშრებოდი უკვე მეათედ, ვფიქრობდი: ”ქმედებაში რწმენის გამოხატვა შეუძლებელია, ყოველშემთხვევაში ჩემთვის შეუძლებელია, ყოველშემთხვევაში ჩემთვის ჯერჯერობით შეუძლებელია.”
2
ზღვას გავხედე. ზღვა იყო მშვიდი და უზარმაზარი, და კიდევ ერთხელ ვიგრძენი რამხელა განსამარტოებელ სივრცეს ვკარგავდი, იმის გამო, რომ წყალზე სიარული არ შემეძლო..ზღვის სიღრმეში გემი მიცურავდა თავისთვის..
3
ცას ავხედე, მზე დავინახე, მზის სხივებმა თვალები მომაჭუტინეს.. ვიგრძენი, რომ გავშრი. დავიხარე, ფორმა ავიღე და ჩაცმა დავიწყე.. ჩავიცვი..შარვლის ჯიბიდან საათი ამოვიღე, დავხედე, 2საათი იყო, საათი მარცხენა ხელზე გავიკეთე და ბაზისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი, სამის ნახევარზე პოლკოვნიკს ვხვდებოდი..
4
გზაზე გავიფიქრე, რომ ვერც პოლკოვნიკის ასაკს და ვერც პოლკოვნიკის ჩინს ვერ მივაღწევდი, ახალგაზრდა, რომ მოვკვდებოდი ამის პირობა ბავშვობაში დავდე, მამა ამბობდა: “სიკვდილს მხოლოდ ახალგაზრდობაში აქვს აზრი, სანამ ნამდვილად ცოცხალი ხარ, ყველა ვინც 35 წელს გადაცდება უკვე ცოცხალმკვდარია, ყველა 35 წელს გადაცილებული დინებას მისდევს, დინებას კი ტრაკში მივყავართ.. 35 წლამდე მოკვდი შვილო. აუცილებლად 35 წლამდე..”
“რეებს ეუბნები ბავშვს შე არანორმალურო” ეჩხუბებოდა დედა მამას.
ამ დროს მამა ყოველთვის მე მიყურებდა და მე მას თავს ვუქნევდი იმის ნიშნად, რომ 35 წლამდე აუცილებლად მოვკვდებოდი, 18 წლის, რომ გავხდი ჯარში მოხალისედ ჩავეწერე..
5
პოლკოვნიკი სავარძელში იჯდა, სიგარეტს ეწეოდა, სიგარეტი მარცხენა ხელის თითებით ეჭირა, მანიშნა, რომ მის პირდაპირ დავმჯდარიყავი..დავჯექი. მკითხა:
- გამოგივიდა ?
- არა.
- შეუძლებელი, დამიჯერე, არა, არ დამიჯერო, მაინც უნდა ცადო, მაგრამ შეუძლებელია..
- მაგრამ მან ხომ თქვა, რომ შესაძლებელია თუ გწამს..
- რწმენაა შეუძლებელი - პოლკოვნიკმა სიგარეტი საფერფლეში დაფერფლა - მგონი მისი ყველა სიტყვა მეტაფორაა..
- ვერ დაგეთანხმებით, არ მგონია..
6
პოლკოვნიკი წამოდგა. საწერ მაგიდასთან მივიდა..სიგარეტი საწერ მაგიდაზე მდგარ საფერფლეში ჩააქრო, მარცხენა ხელით წიგნი აიღო, მარჯვენათი წიგნის გადაფურცვლა დაიწყო, რამდენიმე წამის განმავლობაში ფურცლავდა, შემდეგ გადაფურცვლა შეწყვიტა, ერთი წამით შემომხედა, შემდეგ წიგნს ჩახედა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა:
- მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს მას: “¬-წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ, რადგან ფარულად არავინ არაფერს არ აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ გამოეცხადე წუთისოფელს - რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი”.
პოლკოვნიკმა წიგნი დახურა და მაგიდაზე დადო, შემდეგ შემომხედა და მითხრა:
- რწმენა შეუძლებელია.
7
პოლკოვნიკმა საწერი მაგიდის უჯრა გამოიღო, უჯრიდან ფურცელი ამოაცურა და უჯრა მიხურა, მანიშნა რომ მასთან მივსულიყავი..
წამოვდექი. ფორმა შევისწორე, პიჯაკი კალთებით დავქაჩე და პოლკოვნიკთან მივედი.
პოლკოვნკმა ფურცელი გამომიწოდა..
- ეს ბრძანება გენშტაბიდან მოვიდა, შტურმს დღეს ღამე ვიწყებთ..
ბრძანება ბოლომდე ჩავიკითხე, პოლკოვნიკს შევხედა და ვუთხარი:
- მგონი ცოტა ადრეა..
- ჩვენ ბრძენებებს არ განვიხილავთ, ჩვენ ბრძანებებს მხოლოდ ვასრულებთ, სამწუხაროდ..
პოლკოვნიკს თავი დავუქნიე.
პოლკოვნიკმა განაგრძო:
- შენ, შენი ოცეულით აჯანყებულების მეთაურის სახლის დაკავება გევალება, მცირედი წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი უფლება გაქვს ისროლა, თუმცა სასურველია ასე არ მოხდეს და მეთაურის ოჯახის წევრები ცოცხლად გადმოიყვანო აქეთ, ეს ჩვენ ხელმძღვანელობას მასზე ზემოქმედების დიდ საშუალებას მიცემს..
-შეიძლება ერთი არაოფიციალური შეკითხვა? - პოლკოვნიკმა თანხმობიდ ნიშნად თავი დამიქნია - რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?
- არანაირი - პოლკოვნიკმა გამიღიმა და გაიმორა - არანაირი..
8
წინ ტანკები მიდიოდნენ, უკან ჩვენ მივყვებოდით. შენობებს ვაფეთქებდით, ტყეს ცეცხლი წავუკიდეთ, შემდეგ მე ჩემი ოცეულით გამოვეყავი მთავარ კოლონას და აჯანყებულების მეთაურის სახლისკენ წავედი..ჯარისკაცები მომყვებოდნენ, მესმოდა მათი მოძრაობის ხმები, ჩვენს ზურგუკან ტყე და შენობები იწვოდა, მხოლოდ ერთხელ მივიხედე უკან.
აჯანყებულთა მეთაურის სახლის ეზოში უკანა შესასვლელიდან შევედით, “თუ ჩვეში ვინმე ინფორმატორია, სახლში არავინ იქნება” გავიფიქრე და სახლის კარს წიხლი ვთხლიშე, შევცვივდით. სასტუმრო ოთახში, მაგიდასთან შუახნის კაცი იჯდა, წინ ღვინის ბოთლი ედო, ვიცანი აჯანყებულთა მეთაური იყო, შემომხედა და ძალიან წყნარად მითხრა:
-ჩემი ოჯახი საზღვარს იქითაა, სამაგიეროდ მე ვარ აქ, დალევ?
9
ჯარისკაცებს ვუბრძანე გაეჩხრიკათ აჯანყებულთა მეთაური, ორმა მათგანმა საგულდაგულოდ გაჩხრიკა, ვერაფერი უპოვეს..აჯანყებულთა მეთაურის პირისპირ დავჯექი.
-ჭიქები არ გაქვს?
-არა.
ვანიშნე ბოთლი მომეწოდებინა, მომაწოდა. გამოვართვი.
- ყველაფრის დამთავრებას გაუმარჯოს -ვთქვის თვალებში შევხედე და ბოთლი მოვიყუდე..
უგემური ღვინო იყო..
ბოთლი მაგიდაზე დავდგი..
- არაფერი არასდროს არ მთავრდება, თქვენ მე მომკლავთ მაგრამ აჯანყება ამით არ დამთავრდება, მხოლოდ შეფერხდება, მაგრამ ჩემთვის უკვე ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის უკვე აღარაფერს არ აქვს მნიშვნელობა..
10
წამოვდექი. პისტოლეტი ამოვიღე, შუბლზე მივადე და ვუთხარი:
- ეხლა შემიძლია მოგკლა..
ცალი თვალით ამომხედა და გამიღიმა.
- რა მნიშვნელობა აქვს ვინ მომკლავს, რა მნიშვნელობა აქვს როდის მოვკვდები..
- ბავშვებს და ქალებს, რომ კლავდი მაშინ ხო ქონდა მნიშვნელობა…-იარაღის ტარი ჩავარტყი თავში.
სკამიდან გადავარდა, ორივე ხელი თავზე მოიკიდა.
- მაშინ ქონდა, რომ ვკლავდი მაშინ ქონდა, ეხლა აღარ აქვს..
წამოდგა და ისევ სკამზე დაჯდა, თავიდან სისხლი მოდიოდა..
11
ჯარისკაცებმა სახლი გაჩხრიკეს, ვერაფერი იპოვეს..აჯანყებულთა მეთაურს ხელები შევუკარით. რაციით გადავეცი ინფორმაცია შტაბს, რომ აჯანყებულთა მეთაური დავატყვევეთ და უსაფრთხოების კორიდორი გვჭირდება, მითხრეს, რომ რამდენიმე წუთში უზრუნველყოფდნენ ჩემ მოთხოვნას.
12
აჯანყებულთა მეთაური ჩემს წინ იდგა.ხელებზე ბორკილები ედო. რაციით მაცნობეს, რომ კორიდორი მზად იყო და შეგვეძლო მოძრაობის დაწყება. დავიწყეთ..მივდიოდით ნელა. დაძაბულები ვიყავით. აჯანყებულთა მეთაური ალყაში გვყავდა.
მთელი ღამე ვზეიმობდით გამარჯვებას, ხოლო დილით ვიგრძენი, რომ სულ სხვაგან გავიღვიძე.
13
მინდორში ვიწექი მამასთან ერთად, მამა მიღიმოდა, კბილებით ბალახის ღერო ეჭირა და მიღიმოდა. წამოვდექი, მამას ზევიდან დავცქეროდი,მაგრამ ვფიქრობდი, რომ მამა მიცქერდა ქვემოდან.
- ასეთი უცნაური სიკვდილი, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შეცვლი, უკვე მკვდარი ხარ. დახვრეტა გეტკინა შვილო..?
მამას სახე შეეცვალა, ცრემლები წამოუვიდა..
- არა, მამა, არ მტკენია
14
დახვრეტამდე პოლკოვნიკის კაბინეტში ვიჯექი...
-დედაქალაქში მთავრობა შეიცვალა, ის ვინც შეენ დაატყვევე დღეს უკვე გმირია,შენ კი მტერი და მოღალატე..
პოლკოვნიკი კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა, მაგრამ აღარ ვუსმენდი..

15
მამას ხელი გავუწოდე. წამოვაყენე..
- წამო მა ზღვა ვიპოვოთ..
- ზღვა? - მკითხა მამამ და ბალახები ჩამოიფერთხა - ზღვა რად გინდა?
გამეღიმა..
-საქმე მაქვს..

80 წელი დედამიწაზე
1
ალექსანდრეს თვალები დახუჭული აქვს, ალექსანდრემ იცის, რომ ფანჯრის წინ დგას თვალებდახუჭული, ალექსანდრე ფიქრობს: “დღეს ოთხმოცი წლის გავხდი, საღი გონება მაქვს და ვხვდები, რომ სიკვდილთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე სიცოცხლესთან” ალექსანდრე ნერწყვს ყლაპავს და საკუთარ თავს ეკითხება: ” რა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ, არა იქ, არამედ აქ ?” ალექსანდრე თვალებს კიდევ უფრო მაგრად ხუჭავს და ცდილობს წარმოიდგინოს (დაინახოს), როგორი იქნება აქურობა თუნდაც ოცი წლის შემდეგ, მაგრამ არ გამოსდის; არც წარმოდგენა, არც დანახვა, ალექსანდრე თვალებს ახელს და მინაზე საკუთარ ანარეკლს ხედავს, პატარა, რვა წლის ბავშვია და მხრებზე ფრთებიანი ძაღლები ასხედან..
2
“ჰოლივუდი გამოგონილი სამყაროა.. ჰოლივუდურ ფილმებში სიზმარში შეშინებული ადამიანები ძალიან წელშიგამართულად იღვიძებენ, რეალურად ასე გაღვიძება შეუძლებელია” ფიქრობს გაღვიძებილი ალექსანდრე.. საბანი თავზე აქვს წაფარებული და იგივე კითხვას უსვამს საკუთარ თავს, რომელსაც სიზმარში უსვამდა: ” რა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ, არა იქ , არამედ აქ?” ამ კითხვაზე პასუხი ალექსანდრეს არც ცხადში აქვს..

3
ალექსანდრე დგება და აივანზე გადის..ქალაქი განათებულია..ალექსანდრე განათებულ ქალაქს უყურებს, ქალაქი უსულო საგანია..როგორც არ უნდა გაალამაზონ, დახვეწონ ადამიანებმა, ქალაქი მაინც უსულო საგანია.. ”პირველი ქალაქი კაენმა დაარსა” ახსენდება ალექსანდრეს რომელიღაც წიგნში ამოკითხული ფრაზა..ალექსანდრე დღემდე ვერ ხვდება რატომ მიიღო ღმერთმა მხოლოდ აბელის მსხვერპლი..მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრი კომეტარი აქვს წაკითხული და თავადაც ბევრი უფიქრია..

4
ალექსანდრე მიწას დაცქერის. მიწაზე მიმოდიან ადამიანები და მანქანები. ახლა ღამეა და ამიტომ ადამიანიც ცოტაა და მანქანაც. ალექსანდრესთვის სულერთია, რამდენიმე წელია უკვე მხოლოდ საკუთარი თავი აწუხებს, მხოლოდ საკუთარი თავი..ყველაფერი შეუძლია ახლავე დაამთავროს,შედგეს აივანზე და გადახტეს,მაგრამ აივანზე შესახტომი ძალა აღარ აქვს და თვითმკვლელობა არ არის ის გზა, რომლითაც აქედან გაღწევა უნდა ალექსანდრეს…
5
ალექსანდრე ოთახში ბრუნდება, ტუმბოზე შემოდებულ ელექტრო საათს აკვირდება, ღამის სამის ნახევარია.. ეს საათი ალექსანდრეს შვილმა გამოუგზავნა შარშან ამერიკიდან, ის იქ უკვე ათი წელია რაც ცხოვრობს…ალექსანდრეს ეს ამბავი არ აწუხებს, შვილი ცალკე ადამიანია, ეს პირველად მაშინ იგრძნო, როდესაც სამშობიაროში შვილი ხელში აიყვანა და შემდეგ, როდესაცშვილი იზრდებოდა ბუნებრივ, მესაკუთრულ სიყვარულთან ერთად ყოველთვის გრძნობდა, რომ შვილი ცალკე ადამიანი იყო და თავის ცხოვრებით და სიკვდილით. ალექსანდრეს მეორე შვილი ომში მოკვდა..ალექსანდრე მკვდარ შვილზე უფრო ხშირად ფიქრობს ვიდრე ამერიკაში წასულზე,ამს ალექსანდრე იმით ხსნის რომ ამერიკაში წასვლას არ აპირებს, სიკვდილი კი თავისთავად მოდის..
6
ალექსანდრე წვება და თვალებს ხუჭავს. ალექსანდრეს უნდა რომ ძილში მოკვდეს, შეიძლება ძილში სიკვდილი ყველაზე რთული სიკვდილია,მაგრამ ალექსანდრემ არ იცის როგორ კვდებიან ძილში, სამაგიეროდ იცის როგორ კვდებიან საავადმყოფოში, ქუჩაში, ავარიაში,მისი მეგობრები სულ ნაირნაირად მოკვდნენ, თუმცა ერთნაირად ერთფეროვნად იცხოვრეს..ალექსანდრე იძინებს და ძილში ხედავს: ცოლთან ერთად გემით მოგზაურობს,გემზე სხვა მგზავრები არ არიან,მაგრამ ხმებბი ისმის,ისმის ფუსფუსი,მაგრამ ირგვლივ არავინ არ არის... ერთერთი ხმა ამბობს რომ ბრაზილიის სანაპიროებთან არიან..ალექსანდრე ცოლს უყურებს და ეუბნება:
- არ მიყვარხარ..
- არც მე მიყვარხარ - პასუხობს ცოლი - და ერთმანეთს რატომღაც გაღიმებულები ეხუტებიან.. ტაშის ხმა ისმის, თუმცა ირგვლივ არავინ არ არის.

7
ალექსანდრე საწოლში ტრიალდება და გემს და ცოლს ტოვებს..უცხო ქალაქის ქუჩაში მიხეტიალობს, ახალგაზრდაა, ახსენდება, რომ გემზე ასაკი არ ქონდა, დახლთან ჩერდება და გამყიდველს უცნობ ენაზე ლაპარაკობს,გამყიდველი ყველის თავს უწვდის ალექსანდრე ართმევს, მის ხელებში ყველი ქვა ხდება , ალექსანდრეს ქვა ხელებიდან უვარდება და მარჯვენა ფეხზე ეცემა ”ტკივილი არაფერია,მთავარია არ გამეღვიძოს: ფიქრობს ალექსანდრე და ეღვიძება..

8
ალექსანდრე შუქს ანთებს კარადასთან მიდის, აღებს და კარადიდან ჭიქას იღებს,ჭიქის ფსკერს უყურებს,შემდეგ ჭიქას მაგიდაზე დგამს და გაზქურასთან მიდის, ანთებს და თან ეშინია გაზქურა არ აფეთქდეს,არ უნდა ალექსანდრეს ასეთი სიკვდილი,ცეცხლზე ჩაიდანს დებს და მაგიდასთან ბრუნდება,სკამს მაგიდიდან აჩოჩებს და ჯდება,ეს მაგიდა და სკამებიც შვილმა გამოუგზავნა ამერიკიდან..ალექსანდრე ზის და წყლის ადუღებას უცდის..ზველი დროს კარგი იყო, მაშინ სხვა ყველაფერთან ერთად სახლის რადიო არსებობდა,ახლა აღარ არსებობს,ძველი დრო კარგი იყო..კონკრეტული ადამიანისთვის შეუძლებელია ტექნიკურ განვითარებასთან ფეხისაწყობა,ამიტომ ადრე თუ გვიან ყველა ტექნიკური განვითარების მოწინააღმდეგე ხდება..ალექსანდრე აქეთ-იქით იხედება..მის ირგვლივ მხოლოდ საგნები და ნივთებია,რომ შეეძლოს, რომ არ ეშინოდეს ყველაფერს გადაყრიდა..ალექსანდრე ფიქრობს: “დღეს ოთხმოცი წლის გავხდი, საღი გონება მაქვს და ვიცი, რომ სიკვდილთან უფრო ახლოს ვარ ვიდრე სიცოცხლესთან,მაგრამ ნივთების გადაყრის მაინც მეშინია,რისი იმედი მაქვს, რა უნდა მოხდეს, რაში უნდა დამჭირდეს ეს ნივთები?” ალექსანდრე დგება, გაზქურასთან მიდის, აქრობს, შემდეგ ახსენდება რომ ჩაი არ დაუყენებია და ხვდება რომ დაყენების თავი არ აქვს.. ალექსანდრე სამზარეულოდან გადის..

9
ალექსანდრეს შვილი ყოველი თვის ბოლოს ამერიკიდან ფულს უგზავნის, თანხა ყოველთვის ერთიდაიგივეა სამასი დოლარი..ალექსანდრე თვეში ორას დოლარს ხარჯავს, ასი რჩება..ალექსანდრე დარჩენილ ფულს მაქსიმ გორკის მეთვარამეტე ტომში ინახავს ,ათი თვეა უკვე ასეა..ადრე შვილი ცოტა ფულს უგზავნიდა და შესანახი არაფერი რჩებოდა..ალექსანდრე წიგნების კარადიდან მაქსიმ გორკის მეთვრამეტე ტომს ირებს, წიგნს შლის,სხვადასხვა გვერდზე ათი ასდოლარიანი დევს, ალექსანდრე ფულს იღებს და წიგნს ადგილზე აბრუნებს. ფულს ითვლის და თან მაქსიმ გორკიზე ფიქრობს,სკოლაში ნასწავლი ტეხსტები ახსენდება, შემდეგ ფულს ტუმბოზე დებს და გარდერობთან მიდის..

10
ალექსანდრე სარკესთან დგას..ახალთახალი კოსტუმი აცვია..თვალებს ხუჭავს და ახელს..არაფერი არ იცვლება..ალექსანდრეს ერთერთი ბავშვობის მეგობარი ამბობდა, რომ სარკეები იტყუებიან, ხშირად ამბობდა ასე, მაგრამ ალექსანდრეს არც ერთხელ არ უკითხავს მისთვის როდის და რაში იტყუებოდნენ სარკეები.. ”არაფერს აზრი არ აქვს” ფიქრობს ალექსანდრე. .”არც კითხვას, არც გაჩუმებას..უკვე ოთხმოცი წელია დედამიწაზე ვარ და არაფერს აზრი არ აქვს”..

11
ალექსანდრე ქუჩაში გამოდის. ტაქსის აჩერებს..ჯდება და მძღოლს ეკითხება..
- იქ წამიყვანე სადაც ქალები ცეკვავენ და თან იხდიან - სტრიპტიზი ალექსანდრემ ტელევიზორში ერთხელ ტელევიზორში ნახა და მოეწონა- დღეს ჩემი დაბადების დღეა ოთხმოცის გავხდი..
-გილოცავ ძიაკაცო - ეუბნება ტაქსისი მძღოლი და მანქანს ძრავს..
ტაქსის მძღოლი ხან გზას უყურებს ხან ალექსანდრეს და ეღიმება..ალექსანდრე ხედავს მძღოლის ღიმილს, მაგრამ არაფერს არ ეუბნება..დროდადრო თიტებს ატკაცუნებს.

12
სტრიპტიზკლუბის შესასვლელთან დაცვა დგას ორნი არიან..ალექსანდრე მათ ესალმება და და კლუბში შედის..დაცვის ბიჭები იღიმიან..ალექსანდრე ცარიელ მაგიდასთან ჯდება..მაგიდასთან ოფიციანტი მოდის..
-რას ინებებთ?- ეკითხება და ალექსანდრეს უღიმის..ალექსანდრემ იცის, რომ ოფიციანტები ყველას უღიმიან, მაგრამ მაინც სიამოვნებს ოფიციანტი გოგონას ღიმილი.
- გათხოვილი ხარ?- ეკითხება ალექსანდრე ოფიციანტ გოგონას.
- კი,ვარ,გიკვირთ ხომ ქმარი როგორ მამუშავებს ასეთ ადგილას?!
- რა, მე ვიფიქრე თუ მარტო ხართ სახლამდე გაგაცილებდით..
- ძალიან რომანტიკულია,მაგრამ არ არის საჭირო..
-ძალიან საქმიანი თაობა ხართ და ეგ ცუდია, იმიტომ რომ ყველა საქმე უაზრო..
- რას ინებებთ? - შეკითხვას იმეორებს ოფიციანტი გოგონა და სახე4ზე ეტყობა რომ უკმაყოფილოა..
-მე დღეს დაბდების დღე მაქვს და შამპანური მინდა..
- გილოცავთ,კიდევ გინდათ რამე?
- ხილი - ამბობს ალექსანდრე და რატომღაც თავისი ცოლი ახსენდება,კუბოში რომ იწვა მკვდარი, ჯერ ყვავილები, რომ ეყარა გულზე, შემდეგ ხუფი, რომ დაახურეს და შემდეგ მიწა მიაყარეს - ხილი - იმეორებს ალექსანდრე..

13
კლუბში ძირითადად ახალგაზრდები სხედან..პატარა ბიჭები. ალექსანდრე ხან შამპანურის ბოთლს, ჭიქას და ხილს უყურებს, ხან ცარიელ სცენას..ხან შამპანიურს ბოთლს,ჭიქას და ხან ცარიელ სცენას..ათასი უნიჭო ნატურმორტი ახსენდება და ხვდები, რომ არცერთი კარგი სურათის ორიგინალი ნანახი არ აქვს.. ”რომ მქონდეს რა შეიცვლებოდა, არაფერი” ფიქრობს ალექსანდრე, შემდეგ გულში რამდენიმეჯერ იმეორებს ”არაფერი, არაფერი, არაფერი..”

14
ახალგაზრდები ტაშს უკრავენ, მუსიკა ირთვება,სცენა რამდენიმე წამით ბნელდება, შემდეგ სხვადასხვა ფერის შუქებით ნათდება და სცენაზე გოგონა გამოდის, სცენის შუაში რკინის ბოძია, ალექსანდრეს ტელევიზორში სტრიპტიზის ყურებისას განსაკუთერებით ის მომენტი მოეწონა როდესაც მოცეკვავე რკინის მილს შემოეხვია, სემდეგ ცალი ხელი ბოძს მოკიდა და დატრიალდა, ახლაც ელის როდის შემოეხვევა მოცეკვავე რკინის მილს, მაგრამ მოცეკვავე გოგონა არ ჩქარობს, სცენაზე დადის და პუბლიკას უღიმის შემდეგ ერთერთი მაყურებლისკენ იშვერს მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითის შემდეგ მოსაცმელს იხდის და მისკენ ისვრის..
ალექსანდრე შამპანურს ისხამს.. ”კიდევ კარგი ბოთლი გახსნილი მოიტანეს, თორემ მე ამის გახსნის ძალა სადღა მაქვს, გამიმარჯოს!”ალექსანდრეს ჭიქა პირთან მიაქვს და შამპანურს წრუპავს..
15
მოცეკვავე ლიფს იხსნის და ალექსანდრეს უყურებს, ალექსანდრე უნებურად თვალებს ხუჭავს “გადაირია ქვეყანა” ფიქრობს ალექსანდრე და ძილში მიდის, ძილს მიაქვს..სიბნელეშია მოსაყვედურე ხმა ესმის:
- ერთადერთი რამ გთხოვეთ არ დაგეძინათ ამ ღამეს,თქვენ კიდევ დაიძინეთ”
ალექსანდრე გრძნობს რომ ეს სიტყვები წაკითხული აქვს, არა ეს სიტყვები არა, ეს შინაარსი, მაგრამ ვერ იხსენებს სად..
მხარზე ხელის შეხებას გრძნობს და თვალებს ახელს,შისველ მოცეკვავეს ხედავს, ხან ხან მის მკერდს უყურებს, ხან იატაკს, მოცეკვავე მსუბუქად ექაჩება,ალექსანდრე დგება, მოცეკვავეს ალექსანდრე სცენაზე აყავს, ისმის აპლდისმენტები და გამამხნევებელი შეძახილები..ალექსანდრე რკინის მილს კიდებს მარჯვენა ხელს და თვალებს ხუჭავს
- მოკვდა - ყვირის მოცეკვავე გოგონა და ხელებით მკერდს იფარავს..
© kalmasoba.com

შოთა იათაშვილი – მამები, დედები და შვილები (რომანი) (1)


I თავი
სოფი
ზუსტად მახსოვს: თავიდან დედა მყავდა და ის ჟაკი იყო. ეტყობა, პატარაობიდანვე ასე მიმაჩვიეს. მეც რა ჭკუა მქონდა, ანუ სანამ არ მქონდა, რენეს მამას ვეძახდი, ჟაკს კი დედას. ჟაკი რენეზე ნაზი იყო. მეფერებოდა ხშირად, კალთაში მისვამდა, მიხუტებდა გულში... ძირითადად ის ზრუნავდა ჩემს ჩაცმა-დახურვასა და კვებაზე, ის მსვამდა აბაზანაში და მაჭყუმპალავებდა, ტანიდან ჭუჭყს მიგორებდა, თმას მივარცხნიდა... “ჟაკ, ტრაკი აქვს ბავშვს გასაწმენდი!” - უყვიროდა რენე ჟაკს და ისიც ჩემსკენ გამორბოდა... ჟაკი დედა იყო, მერე რაღაცნაირი, ძალიან უცნაური დედა, ბოლოს კი, მაშინ ალბათ ასე ხუთიოდე წლისა ვიყავი, ჟაკს დედა ვეღარ დავუძახე.
ვზივარ მაგიდასთან, ვჭამ ბუტერბროდს და ჩაის ვსვამ. გადავსანსლე ერთი ცალი, მაგრამ კიდევ მინდა. პირი დავაღე, რათა ჟაკს დავუძახო: “დე, ბუტერბროდი მინდა...” მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე... ჟაკი სამზარეულოში ტრიალებს. ხახვს ჭრის და ცრემლი სდის თვალებიდან. მივაშტერდი. იგრძნო ჟაკმა ჩემი მზერა და შემომხედა. მეც მივჩერებივარ: “ერთი ბუტერბროდიც გამიკეთე, დე...” - ვცდილობ ამოვთქვა, მაგრამ ვერ ვახერხებ. ბავშვისთვის უცნობი, გაურკვეველი განცდა მიპყრობს. ხახვის სუნი ამასობაში მთელ სამზარეულოს ედება და მეც თვალები მეწვის. ჟაკი ხახვის ჭრას წყვეტს, დანას მაგიდაზე დებს და ხელის ზურგით ცრემლს იწმენდს. მზერას არ მაცილებს. გაფართოებული თვალებით ვუყურებ და მეც ცრემლი მდის უკვე. უცებ თითქოს ვიღაცამ მკერდში ხელი ჩამიყო და გული მომიჭმუჭნა. დავიკვნესე. ვერ ვხვდები, რა ხდება, მაგრამ რაღაც სასტიკად რომ იცვლება, ვგრძნობ. “რა იყო, სოფი?” - გაბზარული ხმით მეკითხება ჟაკი. მე თავს ვაქნევ. “მაინც?” ისევ თავს ვაქნევ ჯიუტად. არ ვიცი, რა ვუპასუხო. მინდა ვთქვა “დედა” და ვერ ვამბობ, “დედა”-ს რომ ვერ ვამბობ, ამის თქმა კი არ შემიძლია. ხახვის ბოლქვებისგან მოგვრილ ცრემლს ვიმშრალებ, მაგრამ იმწამსვე გული ყელთან მებჯინება და ვბღავი. ჟაკი ჩემსკენ მორბის, რათა ხელში ამიტაცოს. მუშტებს ვუშენ. ჩემი ტირილის ხმაზე ლოჯიდან რენე შემოდის. “უცებ გაგიჟდა! - ჩამესმის ჟაკის ხმა - არ ვიცი, რა სჭირს!..” რენეს ღონიერ მკლავებს ვგრძნობ...
რენემ ჟაკს წამგლიჯა, ხელები გამიკავა და გულზე მიმიკრო. და უცებ, ჩემს ბღავილს ერთი მარცვალიც ამოყვა: “მააა... მააა... მააა...” რენეს ლოჯში გავყავარ, რაღაცას მებუტბუტება, ხან ჰაერში მწევს, ხან საწოლზე მაკოტრიალებს, ცდილობს გამამხიარულოს... მის ზურგს უკან ჟაკის დამფრთხალ სახეს ვხედავ... საბოლოოდ, მახსოვს, რენემ იმით მოიგო ჩემი გული, რომ კისერზე შემისვა და ოთახებში მარბენინა... კისერზე ჯდომა ისე მიყვარდა, რომ ხელად ხასიათი გამომიკეთდა: “მამიკო... კაი მამიკო... ჩემი საყვარელი მამიკო...” - რაღაც ასეთ ტკბილ სიტყვებს ვეტიტინებოდი რენეს. რომ გამახალისა, საწოლისკენ წამიყვანა, მიმაწვინა, თავადაც გვერდით მომიწვა და მომიალერსა. ყელზე მოვხვიე ხელები, თვალები დავხუჭე და დამშვიდებული, უცებ ძილისაკენ წავედი... ერთ წამში გაითიშა ჩემი უცნაურად აღგზნებული ტვინი...

ასე იყო... მას მერე ჟაკისთვის დედა არც დამიძახია. თუმცა პირველად მამა როდის და როგორ ვუწოდე, - ვერც ამას ვიხსენებ. და შემდეგ ისევ ბავშვობის თითქოსდა უწყინარი სურათები ერთი უმნიშვნელო განსხვავებით: რენეც მამაა და ჟაკიც მამა. სკოლაში პირველად რენემ წამიყვანა. ამ დღეს მინდოდა ჟაკიც ჩემთან ერთად ყოფილიყო, ვემუდარე კიდეც, მაგრამ არ ისურვა რატომღაც. სადარბაზომდე გამოგვყვა მე და რენეს, დიდი ხანი მკოცნა, მერე, ქუჩას რომ გავუყევით, კიდევ კარგა ხანს მიქნევდა ხელს გამეტებით. სამაგიეროდ, სკოლიდან რომ მოვბრუნდით, ტკბილეულობით გაწყობილი ჯადოსნური სუფრა დაგვახვედრა ჟაკმა. ვიტენიდი და ვიტენიდი პირში ნამცხვარსა და რახათ-ლუხუმს, ხილსა და ტორტს... პირველი დღის შთაბეჭდილებებზე ვექაქანებოდი მშობლებს და მშვენიერ ხასიათზე ვიყავი. რენე და ჟაკიც ბედნიერად იღიმებოდნენ... ხან მე მიყურებდნენ ჩამთბარი მზერით, ხან ერთმანეთს შესციცინებდნენ. ჟაკმა რენეს მხარზე თავი ჩამოადო. რენემ ხუჭუჭა თმაში შეუცურა ხელი. მეორე ხელი კი მე მომხვია. და ჯერ მე მაკოცა ლოყაზე, მერე ჟაკს - ტუჩებში…...
ხშირად კოცნიდნენ ჟაკი და რენე ერთმანეთს. ხანდახან, თუკი შევაშტერდებოდი, კიდეც დაირცხვენდნენ ხოლმე.
- სოფი, მე და მამას ძალიან, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მინდა რომ ეს კარგად იცოდე - მეუბნებოდა რენე.
ჟაკი კი მიხსნიდა:
- სოფი, მე და მამა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი. ჩვენ ღმერთმა ერთმანეთისთვის გაგვაჩინა...
ჟაკს ეკლესიაში დავყავდი. საკვირაო წირვებზე, ზიარებაზე... ჟაკი იესო ქრისტეზე მელაპარაკებოდა, ჟაკს თავის ოთახში ღვთისმშობლის ხატი ეკიდა და მხურვალედ ლოცულობდა... მე ჟაკმა მასწავლა ლოცვა და უფლის სიყვარული...
თუმცა, მგონი იდილიური სურათის დახატვა დავიწყე. არადა არ იყო ასე და ვერც იქნებოდა. უბრალოდ, ბავშვობიდან ასეთი ლამაზი წუთებიც გადმომყოლია და რაა გასაკვირი, ვიხსენებდე მათ, ვეხარბებოდე... სასტიკსა და სასოწარმკვეთს კი რა გამოლევს ჩემს ცხოვრებაში...
ასე, მეორე კლასში ვიყავი, რენესა და ჟაკს შორის პირველი დაუნდობელი ჩხუბის მომსწრე რომ გავხდი. ჟაკი სახლში არ იყო. რენე გაკვეთილების მომზადებაში დამეხმარა. მერე ტელევიზორს ვუყურეთ ერთად, მერე ვივახშმეთ. რენე დროდადრო ჟაკთან რეკავდა მობილურზე, მაგრამ ჟაკი არ პასუხობდა. რენე თანდათან განერვიულდა. მე მითხრა, დაწექი, უკვე გვიანიაო. სულ ახალი დაწოლილი ვიყავი, ზარმა რომ დარეკა. ჟაკი მოვიდა.
“სად იყავი?” - ზღურბლზევე ჰკითხა რენემ. ვერ გავიგე, ჟაკმა რა უპასუხა. ჟაკი ტუალეტში შევიდა. მე ძილი მომერია, და ამ დროს ტუალეტის კარზე ბრახუნმა და რენეს ყვირილმა გამომაფხიზლა: “დროზე გამოეთრიე შე ბოზო, რას მემალები!” ცოტა ხანში კარი გაჭრიალდა. რენემ კიდევ რაღაც უთხრა ჟაკს და მე ჟაკის პასუხი შემომესმა: “წადი, გააჯვი!” რასაც მაშინვე დარტყმის ხმა და კვნესა მოჰყვა. საძინებლის კარი გაიღო და მოკრუნჩხული ჟაკი შემობარბაცდა. რენემ უკნიდან წიხლი მიაზილა. ჟაკი წინ გადაექანა და შუბლი ჩემი ლოგინის კიდეს ჩამოარტყა. ავკივლდი. თუ ავბღავლდი. თუ რა ხმაც შეიძლება ამ დროს შვიდი წლის გოგომ გამოსცეს. რენე წაქცეულ ჟაკს მიუახლოვდა, თმაზე ხელი წაავლო და თავი საწოლის კიდეზე მთელი ძალით ჩამოარტყმევინა. თან იმეორებდა: “თქვი, ჩათლახო, თქვი, სანამ ცოცხალი ხარ, ვისთან ეგდე!” მოულოდნელად ჟაკმა რენეს უკნიდან ფეხი ამოსცხო. რენე წაიქცა და ლაჯებს შორის წაივლო ორივე ხელი. ჟაკი შემობრუნდა. წარბები გასკდომოდა და სახეზე სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა. “მამა... მამა...” ვუკიოდი მე ხან ჟაკს და ხან რენეს. ჟაკმა არეული მზერით შემომხედა, თვალებიდან სისხლი მოიწმინდა, სკამი, რომელზეც ჩემი ტანსაცმელი ელაგა, აიღო, თავზევით ასწია და რენეს დაალეწა. რენე ყმუოდა და იკრუნჩხებოდა. ჟაკი ჩემს საწოლზე დაეშვა. ალბათ ფიქრობდა, რა მოემოქმედა შემდგომ. “მამაააა!..” - ვუკივლე ახლა ჟაკს მთელი ძალით. ის უცებ გამოერკვა და დაბნეულმა შემომხედა. მერე ხელი გამოიწოდა ჩემსკენ. დავფრთხი, უკან დავიწიე, მაგრამ ჟაკმა ხელი მტაცა და გულზე ამიკრა: ჟაკის სისხლი მეწვეთებოდა, სახე შემეღება, პერანგი გამიწითლდა... კივილი შევწყვიტე. მხოლოდ ვთრთოდი და ვსლუკუნებდი. რენემ ამასობაში კრუნჩხვა შეწყვიტა, იატაკზე წამოჯდა, მე და ჟაკს ამღვრეული თვალებით შემოგვხედა. ჟაკი მკოცნიდა. ორივენი სისხლში ვიყავით ამოთხვრილები... “სოფი... - თქვა რენემ - მოდი ჩემთან...” მე ჩემი ბავშვური ალღოთი უცებ მივხვდი, რომ თუ ჩხუბის გაგრძელება არ მინდოდა, სასწრაფოდ უნდა მივსულიყავი მასთან...

“მაა... - ჩავჩურჩულე ყურში ჟაკს - ძალიან მიყვარხარ...” მერე ხელები გავაშვებინე, დაბლა ჩავხტი და რენესაკენ გავექანე. რენემ ხელები გაშალა... მერე, მახსოვს, რენეს ტკბილ სიტყვებს ვეუბნებოდი, რენე კი სახიდან ჟაკის სისხლს მწმენდდა. ბოლოს სისხლიანი პერანგი გადამხადა და აბაზანაში შემაგდო. ჟაკი უკან გამოგვყვა. “დამანებე თავი, მე მივხედავ!” - შეუღრინა რენემ. საერთოდ, რენე იშვიათად მბანდა. მით უმეტეს მარტო, ჟაკის გარეშე. მაგრამ იმ დღეს მან დამბანა, გამამშრალა, ლოგინში ჩამაწვინა და დამაძინა. ჟაკი აღარც მოგვკარებია.
მეორე დღეს კი: მეღვიძება დილით ადრე. მახსენდება ჟაკის და რენეს ჩხუბი. შიშის გრძნობა მიპყრობს. ზეწრის ქვეშ შემალული ვაყურადებ. ჩამიჩუმი არ ისმის. სიმშვიდე მაგულიანებს. საწოლიდან ვდგები და ფრთხილი ნაბიჯებით მისაღებ ოთახში გავდივარ. იქ არავინაა. რენეს და ჟაკის საძინებლის კარი ოდნავაა შეღებული. ფეხაკრეფით მივდივარ. ისევ ვაყურადებ. ისევ არ ისმის ხმა. ოთახში ვიჭვრიტები. ვხედავ: რენე და ჟაკი, ერთმანეთს ჩახვეულები, შიშვლები, წვანან და უგონო ძილით სძინავთ. “გუშინ ერთმანეთი დახოცეს, დღეს კი…...” - ვფიქრობ, მეღიმება და ვიძურწები ოთახიდან შეუმჩნევლად...
მეხუთე კლასში ვიყავი, რენე და ჟაკი ერთმანეთს რომ გაშორდნენ. რენე გალოთდა. გვიან ღამით მოდიოდა სახლში გინებით. ერთხელ ჟაკს ხატები დაულეწა. მერე სასამართლოში დადიოდნენ. ბინა გაყიდეს და ორი უფრო პატარა ბინა იყიდეს. სასამართლომ გადაწყვიტა, ჟაკთან მეცხოვრა, რენეს კი შაბათ-კვირას ჩემი მონახულების უფლება მისცეს. ახალ ბინაში გადავედით. მე და ჟაკი მარტო ვცხოვრობთ, მშვიდად. რენესთან გერმანელი ბიჭია - ჰანსი. ოცდახუთიოდე წლის, ძალიან მხიარული…... დღედაღამ გიტარას უზის. შემომთავაზა: თუ გინდა, დაკვრას გასწავლიო. რატომაც არა... ჰანსი შაბათ-კვირას მამეცადინებს... უ, რა ძნელი ყოფილა... თითების ბალიშები სულ ჩამეჭრა. სიმებს რომ ვეხები, მგონია, ნერვებზე ქლიბს მისვამენ... ჰანსი მეუბნება, რომ ცოტა უნდა მოვითმინო და მერე ვეღარც ვიგრძნობ ამას... ძალიან მინდა დაკვრა ვისწავლო და ვითმენ... ჰანსი კომპაქტ-დისკებს მჩუქნის ცნობილი გიტარისტების ჩანაწერებით... მამაჩემმა ლოთობას ცოტა მოუკლო ან შეიძლება შაბათ-კვირას რაკი ჩემთანაა, აღარა სვამს ამ დღეებში ბევრს. თუ კარგი ამინდია, მამაჩემის მანქანაში ვსხდებით და პიკნიკზე მივდივართ სადმე. ჰანსი მუდამ რაღაცას ხუმრობს, რაღაც ისტორიებს ყვება... შიგადაშიგ გერმანულშიც მავარჯიშებს ჰანსი... მოკლედ, კაი ტიპია... ყველაზე კარგი ის იქნებოდა, ჰანსი ყოფილიყო მამაჩემი... და სინამდვილეში ასეც გამოდის: თითქოს მე შაბათ-კვირას მამასთან, ჰანსთან მივდივარ ხოლმე, რენე კი ჰანსის მეგობარია და თან დაგვყვება... მანქანას ატარებს, სუფრას შლის მინდორზე, ხორცს წვავს, მე და ჰანსი კი ხან რითი ვართ დაკავებულები და ხან რითი...
რაც შეეხება ჟაკს, რენესთან განშორებიდან სადღაც ერთთვიანი პაუზის შემდეგ საყვარლები გაიჩინა. თანაც რამდენიმე. ხან ვინ რჩება ჩვენს სახლში და ხან ვინ. ჩემს ოთახში შემაგდებენ და ჰგონიათ, არაფერი მესმის ან ვერაფერს ვხვდები. ყველაფერს ვხვდები, ყველაფერი მესმის და ყველაფერსაც ვხედავ. და რაც დრო გადის, მამაჩემი სულ უფრო გულს მირევს. ალბათ მართალიც იყო რენე, რომ ცემდა და ბოზს ეძახდა. უკვე მისი შეხებაც კი აღარ მსიამოვნებს, არათუ მოფერება. ლამისაა რენეს და ჰანსს ვთხოვო მათთან გადასვლა. ვიცი, არ ეპიტნავება რენეს ჩემი მოვლა-პატრონობა და მხოლოდ ამიტომაა, რომ თავს ვიკავებ. რაც დრო გადის, სულ უფრო ვოცნებობ დედაზე. ისეთ დედაზე, ჩემს კლასელებს რომ ჰყავთ. ან თუნდაც ისეთზე, რომელიც აღარა ჰყავთ. აი, მაგალითად, ამელის ერთი წლის წინ გარდაეცვალა დედა, მაგრამ სულ მასზე ლაპარაკობს, სულ მას იგონებს, სულ თან დაატარებს მის სურათს... შესვენებაზე ხანდახან ჩანთიდან ამოიღებს დედამისის ფოტოს და სევდიანად დაჰყურებს. ვერც კი წარმოიდგენს ამელი, თუ როგორ შევნატრი მას ამ წუთებში. ღამე რომ ვწვები, ხშირად ვფიქრობ დედაჩემზე. ვხედავ, როგორ ზის ჩემს გვერდით და როგორ მიკითხავს ზღაპრებს, ან როგორ ვუყურებთ ერთად ტელევიზორს და ვიცინით, ან როგორ ვსაუზმობთ და მერე ის სამსახურში მიდის, მე კი სკოლაში, ანდა სულაც როგორ მიბრაზდება და მცემს. მერე დედაჩემის სიკვდილის სურათებს ვხედავ: მას ხან მანქანა ეჯახება, ხან სიმსივნით დაავადებული, სულს ღაფავს საავადმყოფოში, ხანაც სხვადასხვა გზით თავს იკლავს. თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ერთი სურათი მიტრიალებს თვალწინ: დედაჩემი თავს კი არ იკლავს, არამედ მას კლავენ... და დედაჩემს მამაჩემი კლავს: ხან რენე, ხანაც ჟაკი. ეს სურათი მაშინებს და მინდა, თავიდან ამოვიგდო, მაგრამ არაფერი გამომდის... ამელის დედა ნელ-ნელა მოკვდა: კიბოთი. მე ასეთი სიკვდილი მომწონს. იგი მირჩევნია სწრაფ, მოულოდნელ სიკვდილს. ასე უფრო გიყვარდება დედა. ისედაც ხომ საშინლად გიყვარს და ავად რომ ხდება და თანდათან რომ კვდება და თან შენც და დედამაც ეს რომ იცით, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ სიგიჟემდე უნდა შეგიყვარდეს ამ დროს... ამიტომაცაა, ასე სანატრელად რომ უყვარს ამელის გარდაცვლილი დედა. მეც, როცა ვახერხებ ჩემს ნებაზე ვიოცნებო და ცუდი სურათები ჩემს ფიქრებში ვერ იჭრებიან, ყველაზე ხშირად ამ ვარიანტს ვირჩევ ხოლმე: ავადმყოფობებს ვცვლი, მაგრამ დედაჩემს ყოველთვის საავადმყოფოს პალატაში მწოლიარეს ვხედავ - უკვე დასუსტებულს, უილაჯოს, და საკუთარ თავს, დღედაღამ დედის საწოლთან მოფუსფუსეს. ხან წყალს რომ ვაწვდი და ხან წამალს, ხან ოფლს რომ ვუწმენდ შუბლიდან და ხან პერანგს ვუცვლი, ხან გაზეთებს რომ ვუკითხავ… და ხან ბიბლიას... ბოლოს კი მე დედაჩემის ხელი მიჭირავს ხელში და ის აი, ასე კვდება...

ეჰ, არ იცის ამელიმ, თუ როგორი ბედნიერია... “ბედნიერება არ არსებობს - თქვა ერთხელ რენემ - არსებობს მხოლოდ თრობა...” ჰანსმა კი ირონიული ღიმილით დაამატა: “არც უბედურება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიფხიზლე”. არ ვიცი, კაცები სხვანაირი არსებები არიან, ისინი, მე როგორც ვხვდები, ბედნიერები არასოდეს არ არიან, თუმცა შეიძლება არც უბედურები არიან და მგონი სწორედ ამაზე ლაპარაკობდნენ იმ დღეს რენე და ჰანსი. ამელი კი ბედნიერია. არ იცის, მაგრამ ბედნიერია. მე კი უბედური ვარ. და თან ვიცი, რომ უბედური ვარ. და რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო უბედური ვხდები. ამ ბოლო დროს ჟაკიც ხშირად ოხრავს და იმავეს გაიძახის, მაგრამ მე ვიცი: ეს სხვა რამეა. ჟაკი გატანჯულია, მაგრამ არა უბედური. ის რომ მართლა უბედური იყოს, ჩემს უბედურებასაც იგრძნობდა, მაგრამ მას აზრადაც კი არ მოსდის, რომ მე ასეთი რამ შეიძლება მჭირდეს. გავა დრო და ისევ აიწყობს მამაჩემი ცხოვრებას, ოხვრასაც შეწყვეტს და იხალისებს კიდეც. გული მიგრძნობს, რომ ასე იქნება...
და სადაც ცხოვრებისაგან ამ ბოლო დროს გატანჯული და ისედაც, უფრო გულისხმიერი ჟაკი ვერ ხვდება, რა ხდება ჩემს გულში, სქელკანიანი რენე მიხვდება ამას? ვისკი და ჩემპიონთა ლიგა - მაგას მეტი არაფერი აინტერესებს. რენესთვის ამის ფონზე ჰანსიც კი არაფერია. არადა მე, მიუხედავად იმისა, რომ რაც დრო გადის, კაცებს სულ უფრო და უფრო ვერ ვიტან, ჰანსი ათასჯერ მირჩევნია თრობასაც და ფეხბურთსაც…...
შარშან “მონაკო” ფინალში გავიდა და მონაკოში დაბადებულ-გაზრდილი რენე სიგიჟის დაუჯერებელ ფორმებში გადაიჭრა. გაზაფხულის მშვენიერ პიკნიკებზე ბოდავდა, გიტარასთან მიმსხდარ მე და ჰანსს სისხლს გვიშრობდა ფინალის წარმოსახვითი ვარიაციებითა და პროგნოზთა კასკადებით, სანამ “პორტუმ” ოთხით ნოლი არ დაამყნო “მონაკო” და რენე ერთთვიან დეპრესიაში არ ჩააგდო. ივნისში, რიგით პიკნიკზე, აფორიაქებულმა ჰანსმა მეგობრულად გამიმხილა, მთელი თვის განმავლობაში რენე ერთხელაც არ მომკარებია, ერთიც კი არ უკოცნია ჩემთვისო...
ეჰ, რეებს გიყვებით, მაშინ როცა ასჯერ უფრო რთული ამბები მაქვს მოსათხრობი... მეშვიდე კლასში ვიყავი, პირველი ნამდვილი მეგობარი რომ შევიძინე და რამდენადაც შეიძლება უბედური ადამიანი ბედნიერი იყოს, იმდენად ბედნიერი ვარ ახლა. ჩემს მეგობარს ალენი ჰქვია. ის სხვა სკოლიდან გადმოვიდა და ჩემს პარალელურ კლასში სწავლობს. ალენი თითქმის ჩემსავით უბედურია იმიტომ, რომ მამა არა ჰყავს არანაირად, თუმც სამაგიეროდ დედა ჰყავს ორი. სკოლაში უკვე ერთობიან ამითი: ვისაც მოეპრიანება, ალენს დედას აგინებს და ალენი მუშტების ქნევას როგორც კი იწყებს, მაშინვე დასცინიან - ეგ რომელ დედას იცავო... და ალენი იბნევა, ბრძოლის ჟინი ერთ წამში უქრება, ტრიალდება და სადღაც მირბის, ცდილობს გადაიკარგოს... გოგო კი ვარ, მაგრამ ჩემთვისაც შეუგინებიათ დედა და შემგინებლისთვის პასუხი რომ დამიბრუნებია, უთქვამთ, რას იქაჩები, არ გახსოვს, რომ დედა არა გყავსო?.. ერთხელ საძაგელმა შარლმა მითხრა: შე ორი კაცის გაკეთებულოო - და ამის მერე ზურგსუკან თუ ხანდახან პირშიც კი ორი კაცის გაკეთებულს მეძახიან. ხოლო ალენს, მას შემდეგ, რაც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა, ორი დედის გაკეთებული შეარქვეს. ჰოდა ვართ სკოლაში ორი მეგობარი - ერთი ორი მამის გაკეთებული, მეორე კი - ორი დედის... სახლისკენ გზაც ერთი გვაქვს და გაკვეთილების შემდეგ, როგორც წესი, ერთად მივდივართ და ერთმანეთს შორის ვსაუბრობთ. მე უკვე თითქმის ყველაფერი ვიცი ალენის, მან კი თითქმის ყველაფერი იცის ჩემი. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც არაფერს მიმალავს და მეც ერთადერთი ადამიანი ვარ ალენისთვის, რომელიც ბოლომდე გულახდილია მასთან. ჩვენ საიდუმლო გეგმაცა გვაქვს უკვე შემუშავებული, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი ალენის დედებზე მოგითხრობთ ცოტას...

ალენის ერთი დედა ფრანგია, მეორე კი რუსი. ფრანგს ედიტი ჰქვია, რუსს - ლენა. ერთმანეთი მოსკოვში გაუცნიათ. ედიტი იქ ქალთა უფლებების დამცველთა რაღაც კონგრესზე იყო ჩასული, ლენა კი, როგორც ფრანგულის სპეციალისტი, თარჯიმნად მუშაობდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ედიტმა ლენა მალე საფრანგეთში წამოიყვანა. ლენა თითქოს ედიტზე უფრო ლამაზია, მაგრამ მე ედიტი ლენაზე უფრო მეტად მომწონს. ხანდახან, როცა მე და ალენი ედიტთან ვრჩებით, ისიც კი მეჩვენება, რომ ედიტი დედაჩემია და გული მიჩუყდება, ბურთი მეჩხირება ყელში... თუ ის ამ დროს რამეს შემეკითხა, ენაგადაყლაპულივით ვზივარ და მარტო თავს თუ ვაქნევ “კი”-სა თუ “არა”-ს ნიშნად. ვერ ავხსნი რატომ, მაგრამ ლენასთან ასეთი განცდა არასოდეს მიჩნდება, თუმცა ნამდვილად არაა ლენა ედიტზე ნაკლებყურადღებიანი ჩემს მიმართ. აი, ალენი კი, პირიქით, ლენაზე უფროა მიჯაჭვული. ლენა სულ ცდილობს, ალენს სიმტკიცის, უშიშრობისა და ცხოვრებაში თავის გატანის უნარ-ჩვევები გამოუმუშავოს. ამას წინათ ალენს რუსული გინებაც კი ასწავლა და ბოლო დროს დედას ან დედებს რომ შეაგინებენ, “იძი ნა ხუი”-ს ან “იობ ტვაიუ მაწ”-ს უბრუნებს ხურდად. ლენამ ედიტის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც შესძლო და ალენი კრივზე შეიყვანა. სამაგიეროდ, ედიტის სურვილით ალენმა ვიოლინოზეც დაიწყო სიარული. ლენა ეუბნებოდა ედიტს, მეშვიდე კლასში ბიჭის ვიოლინოზე შეყვანა ძალიან დაგვიანებულია, არავითარი აზრი აღარ აქვსო, მაგრამ ამჯერად ედიტმაც გაიტანა თავისი.
თავდაპირველად მე ეს სიახლე ძალიან არ მომეწონა, რადგან გაკვეთილების შემდეგ ალენს ან კრივზე უწევდა წასვლა, ან ვიოლინოზე და სკოლიდან სახლისაკენ ერთად უკვე ვეღარ მივეშურებოდით. თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა: ჟაკს შევუთანხმდი, ალენის მწვრთნელმაც ნება დამრთო და ახლა საკმაოდ ხშირად ალენს სკოლიდან კრივზე მივყვები ხოლმე. ვზივარ კრივის დარბაზში და ვუყურებ, როგორ უმოწყალოდ უბაგუნებენ ერთმანეთს პატარა ბიჭები. ალენი ჯერ სუსტია და თითქმის ყველა ჩაგრავს, მაგრამ უცნაური ისაა, რომ მას ამის გამო ჩემი არ რცხვენია. ლეწავენ ყბაში და რინგზე ზღართანს მოადენს ხოლმე ხშირად ალენი, წამოდგება ბარბაც-ბარბაცით, ჩემსკენ იხედება და ტანჯული სახით მიღიმის. რამდენიმეჯერ ისიც ვნახე, ნოკაუტში როგორ ჩავარდა. ეს ისეთი საშინელი სანახავი იყო, რომ ერთხელ ხმამაღლაც კი შევკივლე. “არაფერია, - მამშვიდებს ალენი, როცა კრივის დარბაზიდან გამოსულები გზას მივუყვებით, - აი, ნახავ, თანდათან ეს როგორ გამომადგება. ლენა მართალი იყო და მაგარია, თავისი რომ გაიტანა.” “და ედიტი?” “ედიტი?” “ჰო, ედიტი თუ არის მართალი, ვიოლინოზე რომ დაყავხარ?” ალენი მხრებს იჩეჩავს. ბოლოს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამბობს: “კი, ალბათ ედიტიც მართალია...”
მუსიკის გაკვეთილებს რაც შეეხება, მასწავლებელმა ნება არ დამრთო, დავსწრებოდი მეცადინეობებს. თუმცა არც არაფერი უნდა იყოს იქ განსაკუთრებით საინტერესო, კრივის ვარჯიშებივით შთამბეჭდავი. თანაც, რასაც სწავლობს, ისედაც ხომ მიკრავს პირადად მე ალენი. შევიკეტებით მის ოთახში და მიწრუპუნებს ჩემი მეგობარი ახალნასწავლ პიესებს ვიოლინოზე. ერთხელ, როცა ვიცოდი, რომ ჟაკი სახლში არ იქნებოდა, ალენი ჩემთან მივიყვანე და გიტარაზე დავუკარი ის, რაც ჰანსმა მასწავლა. “ჩვენ სიმებიანი დუეტი ვართ” - რომ მომისმინა, თქვა ალენმა და მას მერე რამდენი წელი გავიდა და კვლავ “სიმებიან დუეტს” ვეძახით ჩვენს ტანდემს.
ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მეგობრობა ისეთი გახდა, რომ მერვე კლასიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ საღამოს უკვე ალენის სახლში ვატარებდი. ერთხელაც ლენამ მითხრა: “სოფი, ისედაც სულ ჩვენთანა ხარ და არ გინდა, ბარემ რუსულს გასწავლი”. ეს შემოთავაზება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დავიბენი, უცებ ვერაფერი ვუპასუხე. “მოიფიქრე, თუ გინდა ჯერ შენს მშობლებს კითხე... ისე, რომ იცოდე, რუსული ძალიან მაგარი ენაა, ბევრი გენიოსი წერდა რუსულად. შენ ხომ ლიტერატურა გიყვარს... მე ვიცი ალენისგან, რომ ბევრს კითხულობ...” “ჰო, ლენა დეიდა, მიყვარს კითხვა...” “მერე იცი, რა საოცრებების წაკითხვას შეძლებ რუსულად?” “კი, ლენა დეიდა, ვიცი...” - ვუპასუხე და დიდი რუსი მწერლები ჩამოვუთვალე. “ყოჩაღ, - შემაქო ლენამ, - თუ კარგად ისწავლი, მერე ჩემსავით მთარგმნელიც კი შეიძლება გამოხვიდე. თუმცა მე ფრანგ მწერლებს ვთარგმნი რუსულად, შენ კი რუს მწერლებს გადათარგმნი ფრანგულად”. “კი, მინდა ვიცოდე რუსული, - გადავწყვიტე უცებ, - მასწავლეთ, ლენა დეიდა”.
ასე შევუდექი რუსულის სწავლას. ამაში ალენიც ძალიან მეხმარებოდა, რომელიც საკმაოდ კარგად ფლობდა ერთ-ერთი დედის მშობლიურ ენას. ედიტისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება კი ამ მეცადინეობებმა ჩიხში შეიყვანა. ლენასთან ხშირმა ურთიერთობამ, მის ოთახში მყუდროდ ჯდომამ, ხილის წვენების წრუპვამ და უცნაურ ენაზე ლაპარაკის დაწყების მცდელობებმა ნელ-ნელა მასთან მიმაჯაჭვა და ახლა დედად მას უფრო აღვიქვამდი, ვიდრე ედიტს.
ერთხელ ალენმა მითხრა, რომ ლენას კაცებიც აინტერესებს და ამის გამო მასა და ედიტს შორის ხშირადაა კონფლიქტი. ედიტს სულ ეჩვენება, რომ ლენა ჩუმ-ჩუმად კაცებშიც დადის, არადა ედიტი საშინლად ვერ იტანს კაცებს. ცამეტი წლის ასაკში მამამისმა გააუპატიურა და მას შემდეგ კაცი მისთვის აღარ არსებობს. აი, ლენას კი სულ თვალი გაურბის კაცებისაკენ - ამას მეც კი ვამჩნევო - ალენმა.

რაც ეს გავიგე, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მით უფრო დავინტერესდი ლენათი, მით უფრო მივეჯაჭვე მას. პირველი მენსტრუაცია რომ დამემართა, შოკირებული ვიყავი - აბა ვინ მომამზადებდა საამისოდ: ჟაკი თუ რენე?.. მეორე დღეს ლენასთან ვიჯექი და ის მდედრობით სქესს მიხსნიდა. ვუსმენდი და ვერაფერს აღვიქვამდი: მხოლოდ ორ სიტყვას ვიმეორებდი გულში: “მდედრობითი სქესი... მდედრობითი სქესი...” ლენამ შემომხედა, დამაკვირდა, გამიღიმა და მკითხა: “აბა მითხარი, სისხლი როგორაა რუსულად?” შევკრთი. დავფიქრდი. “აღარ მახსოვს...” - ვუთხარი. ლენამ შემახსენა. “ჰო... ჰო...” “და რომელი სქესისაა სისხლი?” “მდედრობითის?” “ჰო, სოფი, მდედრობითის, და ვფიქრობ, ეს არაა შემთხვევითი. კაცმა შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ცხოვრებაში ერთხელ დაღვაროს სისხლი, ჩვენ კი მას თვეში ერთხელ ვღვრით...”

აი, ასე გახდა ლენა ჩემი ქალური ამბების მესაიდუმლე.
ამასობაში მე და ალენს ორი მეგობარი შემოგვემატა: მარტა და პიერი - ჩვენი უბნელები. აღმოჩნდა, რომ ისინი ჩვენს გვერდითა სკოლაში სწავლობდნენ. ორივე ალენმა გაიცნო, დაუახლოვდა და მერე ერთმანეთსაც შეგვახვედრა. მარტას მამები ჰყავდა, პიერს კი დედები. “ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ - თქვა ალენმა, როცა ისინი წარმიდგინა - რაც უფრო ერთად ვიქნებით და რაც უფრო მეტნი, მით უფრო ვერავინ შეძლებს, მოგვერიოს.” მარტა ჩვენზე ერთი წლით უფროსი იყო, პიერი - ერთი წლით უმცროსი. მარტა ძირითადად ჰევი მეტალზე ლაპარაკობდა, პიერი კი ხმას არ იღებდა. ეს ნაცნობობა საკმაოდ ხელოვნური მეჩვენა და როცა მე და ალენი მარტო დავრჩით, ვუთხარი კიდეც. მაგრამ ალენი შეუვალი და თავდაჯერებული იყო: - სოფი, შენ ჯერ არ გესმის, რამდენად საჭიროა ჩვენი ერთიანობა. მაგრამ ნელ-ნელა მიხვდები. თუ შენ ჩემი მეგობარი ხარ, დამიჯერე და გამომყევი. და ერთიც: ედიტს და ლენას ჩვენი ახალი მეგობრების შესახებ არაფერი უთხრა. ცხადია, არც ჟაკს და რენეს. იცოდე, ეს მეგობრობა ჩვენს საიდუმლოდ უნდა დარჩეს. პიერმა და მარტამაც იციან ეს და ჩვენი გაერთიანების ამბავს არავის გაუმხელენ. ჩვენ დაახლოებით კვირაში ერთხელ შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს და თანაც ისეთ ადგილებში, თვალში რომ არავის მოვხვდეთ. უამისოდ არაფერი გამოვა... ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება...
- კი მაგრამ, რა უნდა გამოვიდეს, ან რა უნდა ჩაგვეყაროს წყალში? - განცვიფრებული ვუყურებდი იდუმალი, მისტიური ხმით მოსისინე ალენს.
- ამას თანდათან აგიხსნი. ჯერ საჭიროა, რომ ჩვენიანები ვიპოვოთ. ოთხი კაცი არაფერია. ბევრნი, რაც შეიძლება ბევრნი უნდა ვიყოთ! - ასეთი აღგზნებული ალენი არასოდეს მინახავს. მისი ემოციები მეც გადამედო. კანი დამებურძგლა, მომეჩვენა, რომ რომელიღაც სათავგადასავლო ფილმის პერსონაჟები ვიყავით.
ასეც გაგრძელდა შემდგომში. ალენის მითითებით, თუ პიერს ან მარტას შემთხვევით ქუჩაში გადავეყრებოდი, ისე ჩავუვლიდი ხოლმე გვერდზე, ვითომ არც ვიცნობდი. და მხოლოდ ერთობლივ შეკრებებზე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მორიგი შეკრების ადგილს ალენი წინა დღეს გვამცნობდა ხოლმე, და ეს ადგილი მუდამ იცვლებოდა: ხან მანქანების სასაფლაოზე ვხვდებოდით ერთმანეთს, ხან ადამიანების სასაფლაოზე და ხანაც პარკის ყველაზე მიყრუებულ ადგილებში.
მარტა საკმაოდ უშნო და ვულგარული გოგო იყო: აწოწილი, წვეტიანცხვირიანი, ჭორფლიანი. მეათეკლასელს უკვე იმოდენა მკერდი ჰქონდა, ბევრი ფოტომოდელი ინატრებდა. ისიც მუდამ ცდილობდა, მოღეღილი ძუძუებით ყურადღება მიეპყრო.
- კაცები უფრო გაინტერებს თუ ქალები? - მკითხა ერთხელ უცებ. რა უნდა მეთქვა: პასუხად მხოლოდ და მხოლოდ სახე ამელეწა.
- რა მორცხვი ხარ, სოფი, ასეც არ შეიძლება. მეგობრები თუ ვართ, ეგ რაღა დასამალია...
- არ ვიცი... - ვთქვი ჩურჩულით - მგონი არც კაცები და არც ქალები...
- იეს! - იყვირა მარტამ - მაგარი ხარ! შევეცი კაცებსაც და ქალებსაც! რა ჩემ ფეხებად მინდიან! გათავებით ჰევითაც ვათავებ! მეტი საქმე არა მაქვს, ჩემი ძუძუები ვასრესინო ვიღაცეებს ან იქ ვინმეს რამე შევაყოფინო!
- ჰო, კაი, კაი... - ჭარხალივით ავბრიალდი...
- რაზე ლაპარაკობთ გოგოებო? - ალენი თავს წამოგვდგომოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ მან შეხვედრაზე დაიგვიანა. მშენებარე კორპუსის ერთ-ერთ ნახევრადაშენებულ ოთახში ვისხედით, გაჯისა და ცემენტის ბუღში. პიერი ჯერ არ ჩანდა. მარტამ დააცემინა, მერე სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.

- კაცებზე და ქალებზე...
- ანუ?
- რომელი ჯობია, კაცი თუ ქალი...
- მერე?
- რა მერე?
- რა დაასკვენით?
- რომ ორივე ერთი ნაგავია - კაციც და ქალიც!
- სწორია... და ორივე ასე ფიქრობთ თუ მარტო შენ?
- არა, თავიდან სოფიმ თქვა, მე კი დავეთანხმე.
- არა, მთლად ასე არ მითქვამს...
- აბა როგორ თქვი? - მარტამ სახე ახლოს მომიტანა და ცხვირში შემომაბოლა.
- რომ ახლა არც ერთი არ მაინტერესებს... იმ გაგებით, რომ... რომ... - ენა დამება, ისევ წამოვწითლდი.
- ეგ გაგებაა მერე ყველაზე მთავარი - მომიგო ალენმა - და ჩვენ, ყველამ, მაგ გაგებით უნდა ვიცხოვროთ! არც კაცი, არც ქალი! და საერთოდ, ნებისმიერი სექსი ერთნაირად ამაზრზენია! მეთანხმებით?
- აბა რა! - თქვა ხმამაღლა მარტამ.
- ჰო - ვთქვი ჩუმად მე.
მერე პიერიც მოვიდა და მასაც ათქმევინეს, რომ კაცები და ქალები ღორები არიან.
ბოლოს კი ყველამ ერთად დავიფიცეთ, რომ მათ არავითარ შემთხვევაში არ გავეკარებოდი
გაგრძელება იქნება

© kalmasoba.com