Friday, September 23, 2011

მალხაზ ხარბედია – მხატვრული ლიტერატურა სკოლაში




პედაგოგიურ საკითხებზე პირველად სულ ცოტა ხნის წინ მომიწია ფიქრი და წერა. როგორც ჩანს, როდესაც სახლში პატარა გეზრდება, ძალაუნებურად იწყებ იმაზე ზრუნვასა და გნებავთ, ოცნებასაც, თუ რა განათლება შეიძლება მიიღოს მან მომავალში, როგორ არჩევანს გააკეთებს, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება სწავლისადმი, რამდენად შეეგუება იგი სავალდებულო საგნებს, რამდენ დროს დახარჯავს კარგი წიგნების აღმოსაჩენად, წასაკითხად თუ სხვებისთვის გასაზიარებლად... დღეს სწორედ ამ თემაზე მინდა ჩავფიქრდეთ, წიგნებზე და ბავშვებზე, უფრო კონკრეტულად კი, მხატვრულ ლიტერატურაზე სკოლაში, იმაზე, თუ რა გავლენები აქვს ძველ და თანამედროვე ლიტერატურას განათლების სფეროზე.
ზემოთ ვთქვი და აქაც გავიმეორებ, რომ აღზრდის საკითხებზე ფიქრში პირველ ნაბიჯებს ვდგამ, ამიტომ, გადავაწყვიტე დასახმარებლად მეგობრებისთვის მიმემართა, რომლებმაც შეიძლება უფრო ზუსტი მიმართულება მომცენ თავიანთი დაკვირვებებით. ეს ადამიანები სხვადასხვა თაობის, განათლების, შეხედულებებისა და პროფესიისანი არიან. ზოგი მათგანი სოციალურ მეცნიერებას წარმოადგენს, სხვები ლიტერატურათმცოდნეობას, ჟურნალისტიკას ან მწერლობას. მათ ყველას ერთიდაიგივე კითხვები დავუსვი, მივიღე ძალიან საინტერესო პასუხები და მინდა სწორედ ამ პასუხებიდან ამოკრებილი რამდენიმე მოსაზრებით დავიწყოთ თემაზე საუბარი.
პირველი კითხვა ზოგადად ლიტერატურის როლს შეეხებოდა სკოლაში. რატომ უნდა ვასწავლოთ მხატვრული ლიტერატურა? ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხი ალბათ ის არის, რომ იგი ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას და ფანტაზიის უნარს, მაგრამ ეს აზრი ჩვენს საუბარში უფრო საინტერესოდაც გაიშალა. რა თქმა უნდა, ლიტერატურა ხვეწს მოზარდის ენას და მეტყველებას, ანუ აყალიბებს აზრებს და ამ აზრის გამოხატვის ხერხებს. ავითარებს ანალიტიკურ უნარებს. ლიტერატურა მოზარდს საშუალებას აძლევს გასცდეს საკუთარ ვიწრო საზღვრებს და წარმოიდგინოს სხვა კონტექსტი, განიხილოს იგი ან საკუთარი თავი ჩააყენოს ამ კონტექსტში. შესაბამისად, ლიტერატურა იწვევს სოციალურ თანაგრძნობას. მოზარდებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისას უჩნდებათ შესაძლებლობა დაინახონ ერთი რეალობის სხვადასხვა მხარე, გააკეთონ არჩევანი (თუნდაც მორალური არჩევანი).
დაახლოებით ასე შეიძლება რეზიუმირდეს ჩემი მეგობრების პასუხები. ისინი ასე ხედავენ ლიტერატურის როლს სკოლაში.
თავად სკოლა რაღას წარმოადგენს? ალბათ, ეს არის სივრცე, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა გარკვეულ სავალდებულო საქმიანობას ასრულებს, ანუ სწავლობს ბევრ ისეთ რამეს, რაც მას შეიძლება არ აინტერესებდეს, მაგრამ საჭირო იყოს. თავის დროზე ტომას სტერნზ ელიოტმა განსაზღვრა ძალიან ზუსტად განათლების არსი: „ვერავინ გახდება რეალურად განათლებული, თუკი იგი არ ეცდება იმის შესწავლასაც, რის მიმართაც მას ინტერესი არ ამოძრავებს. რადგან იმ საგნებით დაინტერესების უნარი, რომლისკენაც არა გვაქვს მიდრეკილება, განათლების ნაწილს წარმოადგენს“. შესაძლოა ეს განათლების ერთ–ერთი უმთავრესი მხარეც იყოს, რომელსაც მე ტრადიციულს ვუწოდებდი, მაგრამ არსებობს ამავე დროს განათლებისადმი და შემეცნებისადმი შედარებით ჰედონისტური, უფრო ლიბერალური და ცოცხალი დამოკიდებულება, სადაც მეტი ხალისი და ინტერესი არსებობს და თავად მოსწავლის ინიციატივაც უფრო კარგად ჩანს. ვფიქრობ მხატვრული ლიტერატურა ამგვარ თავისუფალ ინტერესებს ყველაზე კარგად და ეფექტურად ავითარებს, რადგან თანამედროვე სამყაროში ლიტერატურა ყოველთვის წარმოადგენდა სწორედ თავისუფლების სივრცეს.
ერთ–ერთმა ჩემმა რესპოდენტმა ამასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ლიტერატურაზე, როგორც ალტერნატიული სივრცის უმთავრეს შემოქმედზე. და ეს როლი, მისი აზრით, განსაკუთრებულად აქტუალური სწორედ თანამედროვე საქართველოში გახდა, ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივ აზროვნებას სერიოზული პრობლემები აქვს. მხატვრული ლიტერატურა კი ამგვარი სააზროვნო კრიზისების დაძლევისა და ისტორიული წარსულისა თუ აწმყოს გადაფასება/გააზრების საშუალებას იძლევა.
კარგი ლიტერატურული ნაწარმოების კითხვისას ყოველთვის ჩნდება სრულიად ლოგიკური განცდები, რომელთაგან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროტესტისა და რეალური სამყაროთი უკმაყოფილების გრძნობა. ასეთი ლიტერატურა ყოველთვის რაღაცის შეცვლისაკენ და არსებულის კრიტიკული შეფასებიკენ უბიძგებს ადამიანს და ამ თავისუფალმა, ლაღმა კრიტიკამ, რომელსაც ჩვენ „პეპი გრძელწინდადან“ და „ჰეკლბერი ფინიდან“ ვიცნობთ, ბავშვები მომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის უნდა შეამზადონ.
უმბერტო ეკო წერდა თავის წიგნში „ექვსი გასეირნება ლიტერატურულ ტყეებში“, რომ ლიტერატურას იგივე ფუნქცია აქვს, რაც თამაშს ბავშვობაში. თამაშისას ბავშვები ცხოვრებას სწავლობენ, რადგან თამაშში ისინი იმეორებენ, უფრო სწორად წარმოადგენენ, დგამენ სიტუაციებს, რომელშიც ისინი თავად აღმოჩნდებიან, როდესაც გაიზრდებიან. ხოლო ჩვენ, უფროსები, ლიტერატურის მეშვეობით ვხვეწთ ჩვენს გარკვეულ უნარებს. და ეს უნარებია წარსულისა და აწმყოს გამოცდილების მოწესრიგება, ე.წ. ცხოვრებისეულ ქაოსში გარკვევა.
ისევ ალტერნატიურ სივრცეს დავუბრუნდები, ზემოთ რომ ვახსენე და ვიტყვი, რომ კარგი რომანი ყოველთვის გადაადგილების საშუალებას უნდა იძლეოდეს. იგი შთაბეჭდილებას უნდა ქმნიდეს, რომ ცალკე, დამოუკიდებელ სამყაროს წარმოადგენს და რომ არსებულ რეალობას იგი არაფრად აგდებს, არაფერში სჭირდება, ანდა მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ შეცვალოს იგი. თავად ამ რომანში, მის ავტონომიურ სამყაროში, ისედაც ყველაფერია, რაც საარსებოდაა საჭირო და აუცილებელი. ასეთია ყველა დიდი მწერლის მიერ შექმნილი სამყარო, სტივენსონის ღირსებითა და სიმამაცით სავსე „განძის კუნძულიდან“ დაწყებული – უილიამ ფოლკნერის იოკნაპატოფას მკაცრი მხარით დამთავრებული.
გარდა ამისა, არსებობს აქტუალური და არააქტუალური ლიტერატურა, ლიტერატურა, რომელიც ფუნქციონირებს, ცოცხლობს და მწერლობა, რომელიც
მხოლოდ ლიტერატურულ კანონს მისდევს და სხვა განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია. ასეთი „კომფორტული“ ნაწარმოები ძალიან ბევრი ვიცით, ზოგი მეტად იდეოლოგიზებულია, ზოგი ნაკლებად, ზოგიც სრულიად დაცლილია ყველაფრისგან და მხოლოდ კეთილხმოვანებით თუ დაგვატკბობს. აქტუალური ლიტერატურა კი მეტ რეფლექსიას მოითხოვს, მეტ თვითიდენტიფიკაციას, გამოსავლის ძიებას, პასუხისმგებლობას.
ხშირია ხოლმე, რომ მასწავლებლები იწუნებენ და გვერდზე გადადებენ ხოლმე ამ ე.წ. აქტუალურ ლიტერატურას, როგორც არასანდოს, საეჭვოს, საფრთხის მატარებელს. ხანდახან მათ უწევთ წიგნის დაწუნება იმის გამო, რომ იგი წერის მიღებულ სტილისტიკას არ შეესაბამება, უცხოა, არადა მთავარი ის კი არაა, რამდენად ნაცნობი, ახლობელი და შინაურულია ესათუის ტექსტი და ბოლოსდაბოლოს, არც ის, რამდენი შეცდომაა დაშვებული წერისას. როგორც მარიო ვარგას ლიოსა ამბობს თავის ერთ–ერთ წიგნში, მნიშვნელობა არა აქვს სტილი გამართულია თუ არა, მთავარია ეს სტილი ფუნქციონირებდეს. ფუნქციონირებს კი მხოლოდ მაშინ, როდესაც სიცოცხლის ილუზიას ქმნის, სიმართლეზე გველაპარაკება, დამაჯერებელია... რამდენი გვინახავს სტილურად დახვეწილი, გაკრიალებული ნაწარმოები, რომელსაც ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოუხდენია მოზარდ მკითხველზე.
კლასგარეშე ლიტერატურის არჩევისას უფრო თამამები შეიძლება გავხდეთ. მხოლოდ ლიტერატურული ნორმების დაცვით შექმნილი, ე.წ. გადახვევებისა და დარღვევების გარეშე დაწერილი ზედმეტად ზრდილობიანი ლიტერატურა უბრალოდ უინტერესო იქნება ახალგაზრდა მკითხველისთვის. მას სიახლე სჭირდება, სიახლე კი პირველ რიგში თანამედროვე ლიტერატურაა. ბავშვები უნდა დავარწმუნოთ, უნდა ჩავუნერგთ მათ იმის რწმენა თუ მოლოდინი, რომ დიდი ლიტერატურა დღესაც იქმნება. მათ არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი საუკეთესო წარსულში დარჩა და 100 ან 50 წლის წინ შეიქმნა. თანაც უბრალოდ, უხერხულია, უფრო მეტიც, სირცხვილია, როდესაც თანამედროვე ადამიანი, თანამედროვე მოზარდი თანამედროვე ლიტერატურას არ იცნობს, არ ესმის და არ კითხულობს.
სამწუხაროა, რომ საქართველოში ლიტერატურა ნაკლებად ასოცირდება თანამედროვეობასთან, არამედ რაღაც დამყაყებულთან, მოძველებულთან, მკერდს მიდებულ ქნართან და ა.შ. იქნებ ამიტომაა, რომ ბევრი თაკილობს ლიტერატურის კითხვას და გაზიარებას? იქნებ ცოტა სხვაგვარად უნდა მივაწოდოთ მხატვრული ლიტერატურა? ტექსტებიც ხომ არ გადაგვეხალისებინა? დარწმუნებული ვარ, უახლეს ტექსტებში ამოკითხული ერთიორი გაბედული ფრაზა, მწარე სიმართლე ან კარგი ხუმრობა უფრო მეტ სააქმეს გააკეთებს, ვიდრე „ოთარაანთ ქვრივის“ გარჩევები.
რა ვუყოთ წარსულის ლიტერატურას? მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა შეუძლია, პირველ რიგში კი ის, რომ იგი ბავშვს ისტორიულ განზომილებაში ჩააყენებს და მისცემს საშუალებას გაითავისოს ისეთი დეტალები, რომელსაც დღეს ვეღარ ნახავს, ეზიარება ტრადიციებს, რომელიც ქრება ან უკიდურესად დამახინჯდა. ძველი ლიტერატურა საოცარ სიღრმეს და სიბრძნეს ინახავს, მე თავად კლასიკური ფილოლოგია მაქვს დამთავრებული და კარგად ვიცი ძველი, მაგრამ უბერებელი ტექსტების ყადრი, რომელთა ყოველი სიტყვაც ლამის ოქროსგანაა ჩამოსხმული. ამ ტექსტებს ენის წარსულში გადაყავხარ, გასწავლის, თუ როგორ უნდა გაერკვე სემანტიკურ ქაოსში და როგორ აღმოაჩინო ის ერთად–ერთი სწორი მნიშვნელობა, რომელიც ამათუიმ სიტყვის მიღმა დგას, მნიშვნელობა, რომელიც იმ კონკრეტულ ეპოქას გვიხასიათებს, ან კონკრეტულ ავტორს გვაცნობს. მოზარდებს, როგორც წესი, ზოგადი განცდები აქვთ და დაკონკრეტება უჭირთ ხოლმე, ხოლო ლიტერატურა იმას ახერხებს, რომ იგი წვრილმანებისკენ მიაპყრობს მათ ყურადღებას, ზუსტია და შესაბამისად კი ნამდვილ პოეტურ განცდებს აღძრავს მასში და არა ყალბს, რაც ძირითადად „პოეტურობის ნიშნებით“ ჟონგლიორობაში ვლინდება ხოლმე და რისი მაგალითებიც საკმარისად გვაქვს საქართველოში.
ჩემს დროს ბევრი მასწავლებელი ძალიან ამახინჯებდა ბავშვების ენას ერთ თარგზე მოჭრილი „თემების“ წერით, სადაც ადვილად ამოიცნობდით კონსტანტინე გამსახურდიას და სხვა ძველი თუ ახალი ყაიდის ნაციონალისტურ დისკურსს, რომელიც მოწოდებული იყო ყოველ წელს, გამუდმებით ერთიდაიგივეზე ეწერა: პატრიოტულ თემატიკაზე ნიკოლოზ ბარათაშვილთან, სიყვარულზე და მეგობრობაზე ვეფხისტყაოსანში, გიორგის და არჩილის შედარებით დახასიათებაზე და სხვ. მაშინ ლიტერატურას უბრალოდ "ევალებოდა" ისეთი ადამიანის აღზრდა, რომელიც სისტემისათვის მისაღები სოციალური უნარებით იქნებოდა აღჭურვილი. და ეს ნაწილობრივ მხატვრული ენის მეშვეობითაც ხდებოდა, სწორედ ამის გამოა, რომ დღეს, ლიტერატურა ხშირ შემთხვევაში კულტურული აუტიზმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს ხოლმე.
საქართველოში საკმაოდ ხშირ შემთხვევაში ლიტერატურა რაღაც ჩაკეტილ სივრცესთან, დაავადებასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე სამყაროს ან ტექსტის ცოცხალ აღქმასთან. ლიტერატურა გარკვეულ წრეებში კულტურული აუტიზმის ერთგვარ ფორმად იქცა: ფსიქოლოგიური და სოციალური კარჩაკეტილობა, ერთიდაიგივე აუდიტორია, ლიტერატურული კლანები, ზედმეტად მაღალი თვითშეფასება. ეს პრობლემა დღეს ქართველი მწერლების ყველა თაობაშია, ძალიან ბევრი წერს კლიშეებით, უმიზნოდ, უშედეგოდ, რეფლექსიის გარეშე, ტრადიცია მხოლოდ ხმაურის სახით არსებობს მათში, თანამედროვეობა კი საერთოდ ვერ აღწევს ამ ჯურღმულებამდე. რა თქმა უნდა, მომავლის მწერლებსაც ვერ ვუწოდებთ მათ, რადგან არაფერი ახალი მათ ნაწერში არაა.
ერთი მხრივ ასეთი ლიტერატურა ან ძალიან ჰერმეტულია ხოლმე და ხშირად ბოდვასაც უახლოვდება, მეორე მხრივ კი იგი ზედმეტად ცხად თემებს ამღერებს, რაც ასევე ბოდვად აღიქმება. კარგი ლიტერატურა კი ორივე ამ ცდუნებისგან იცავს მოზარდს, იგი აყალიბებს ღია, ურთიერთობისთვის გახსნილ, მახვილგონიერ ადამიანს, რომელიც კარგად ორიენტირდება გუგლისა და ბლოგების ეპოქაში.
ცალკე საკითხია კონკრეტულად რას უნდა კითხულობდნენ მოზარდები სკოლის დამამთავრებელ კლასებში. ამაზე მომავალ წერილში ვისაუბრებთ, სადაც შევეცდები თემატურად ჩამოვწერო რეკომენდაციები. აქ კი უბრალოდ ვიტყვი, რომ პირველ რიგში, აუცილებელია ქართული და უცხოური ლიტერატურის ზუსტი შეხამება, ისევე, როგორც ძველი და თანამედროვე ტექსტებისა. და კიდევ, ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც აფხაზურ და ოსურ ლიტერატურას შეეხება. არიან ადამიანები, ვინც მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ნაწარმოები აუცილებლად უნდა იყოს პროგრამაში. ჩემი აზრით, ეს საინტერესო სიახლე იქნება, და გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ბოლო წლების მანძილზე მომხდარი ეთნიკური კონფლიქტების თემაზე შექმნილ არაერთ ნაწარმოებს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია. მომდევნო სტატიაში ამ პრობლემაზეც ვისაუბრებთ.
© "მასწავლებელი"

Wednesday, August 17, 2011

მალხაზ ხარბედია – ჯონ მაქსველ კუტზეე, "სირცხვილი", (1999)




ჩვენში ბევრისთვის რაღაც მაგიური იდუმალებითაა მოსილი სიტყვა ნობელი, ნობელის პრემია, ნობელიანტი. ხშირად გაიგონებთ, თავის დროზე აკაკი წერეთელი იყო წარდგენილი ამ პრემიაზეო, გრიგოლ რობაქიძეცო, არ მისცეს, მათ ნაცვლად კი ვიღაცეებს მიანიჭესო... თანამედროვე ქართველ კანდიდატებზეც ხშირად საუბრობენ ხოლმე. მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი და სიმართლე ითქვას, არც ვაპირებ ნობელის ამ ქართული მითის გამდიდრებას. მთავარი ისაა, რომ ჩვენი დღევანდელი სვეტის გმირი 2003 წლის ნობელის ლაურეატია, ადამიანი, ვინც რამდენიმე დღის წინ, უფრო ზუსტად, კვირას, 7 დეკემბერს, შვედეთის აკადემიაში შეკრებილ მაღალ საზოგადოებას კიდევ ერთი სანობელე ლექცია შეასმინა.
ეს ტრადიცია დიდი ხანია არ დარღვეულა, არ დაირღვა წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ლაურეატის "ლექცია" ძალზე არატრადიციული იყო.

* * *
ნუ დაგაბნევთ ის ფაქტი, რომ კუტზეე ერთად-ერთია, ვინც ორჯერ მიიღო ბუკერის პრემია,. ცხოვრების წესითაც და შემოქმედებითაც, იგი შორს დგას ასეთი ხმაურისგან და 1999-ში პრემიის გადაცემის ცერემონიალზეც კი არ მივიდა. კუტზეე კითხულობს პლატონის კურსს ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ამერიკელ პოეტ მარკ სტრენდთან ერთად კი უოლტ უიტმენის კურსი მიჰყავს. "შიგადაშიგ" რომანებსაც წერს, თანამშრომლობს New York Review of Books-თან, რომანი "სირცხვილი" კი სამი წლის განმავლობაში უკვე მსოფლიოს ორი უდიდესი პრემიის ლაურეატი გახდა.
ახლა კი მემგონი დროა ჩავუფიქრდეთ, მაინც რითაა ასეთი მნიშვნელოვანი ეს რომანი.
თავიდან დიდი არაფერი, თხრობა ჩვეულებრივი CV-ს "რეჟიმში" იწყება, გვაწვდიან ძირითად ცნობებს მთავარ გმირზე: დაიბადა, გაიზარდა, მუშაობს აქა და აქ... თუმცა ამ მშრალი ინფორმაციის წყალობით დასაწყისშივე იმდენად ზუსტად იკვეთება გმირის სახე, რომ მოლოდინით აღვსილ მკითხველს უკვე სიუჟეტისკენ გაურბის მზერა. წიგნის მთავარი გმირი, დევიდ ლური 52 წლისაა, ცოლს დიდი ხანი გაეყარა, დადის მეძავთან, და რომანის პირველივე სიტყვებიდან ვიგებთ, რომ გმირს სექსის პრობლემა მოხსნილი აქვს. ლური პროფესიით ფილოლოგია და როგორც ჩანს კარგად იცის კლასიკური ენებიც, რადგან ხშირად იმეორებს ლათინურ ფრაზებს და მუდამ ახსოვს ქოროს სიტყვები სოფოკლეს "ოიდიპოსიდან", რომელიც, ნიუანსების გარეშე, დაახლოებით ასე ჟღერს: "ადამიანზე, ვიდრე ცოცხალია, ნუ იტყვი ბედნიერიაო".
ესეც პირველი ნიშანი, სიუჟეტისკენ რომელიც გვახედებს, რადგან მომავალში გმირის მთელი ცხოვრება სწორედ ამ ნიშნით წარიმართება. იგი ცოცხალია, მაგრამ უბედური და ეს პირველი უბედურება, მას, თავისი ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას, მელანი ისააკსის სახით ეწვევა.
დევიდ ლური რომანტიკოსი პოეტების სპეციალისტია, უყვარს ვორდსვორთი, არის სამი წიგნის ავტორი, მათ შორის ერთი მეფისტოფელის გენეზისს ეძღვნება, მეორე ხილვებსა და ეროსს, მესამე კი ვორდსვორთის ისტორიოსოფიას. ერთი სიტყვით, თანამედროვე, მოდური ნაკრები აქვს შექმნილი... ასევე მუშაობს მცირე ოპერაზეც, ბაირონისა და გრაფინია გვიჩიოლის სიყვარულს რომ ეძღვნება. მელანის კი ბლეიკი და თეატრი უყვარს, ბევრს კითხულობს თანამედროვე ავტორებს (მათ შორის ტონი მორისონსაც, 1993 წლის ნობელის ლაურეატს).
ერთ მშვენიერ დღეს, მეძავისგან გაწბილებული ლური თავის სტუდენტ გოგონას აეკიდება. ისე, გასართობად, მრავალფეროვნებისთვის, და მოულოდნელად ეს ყველაფერი რომანში გადაიზრდება, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. სამაგიეროდ, ეს მოკლე ეროტიული თავგადასავალი მთელი უნივერსიტეტისთვის (და ქალაქისთვის) ხდება ცნობილი. აღშფოთებულია პროფესურა, ლურის რამდენიმეჯერ მელანის თაყვანისმცემელიც ეწვევა, მანქანასაც დაუზიანებს, ჩამოდის მელანის მამა... ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პროფესორი დევიდ ლური უნდა დაითხოვონ სამსახურიდან, მოხსნან კათედრის გამგეობიდან და ა.შ.
ე.წ. სასამართლოს სცენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რომანში და მასთან ერთად ჩნდება მთავარი თემაც, თემა აღსარებისა, რომელიც ბოლომდე გასდევს რომანს სხვადასხვა ვარიაციით. ეს სასამართლო ერთი მხრივ პლატონის დიალოგებს მოგვაგონებს, სადაც მთავარი გმირი, ამჯერად მდუმარე სოკრატეს როლში გვევლინება, სოფისტებად კი დისკრიმინაციის კომიტეტის წევრები და სხვადასხვა ჯურის ფემინისტები ჩანან, მეორე მხრივ კი სასამართლო დოსტოევსკისა და კაფკას სამყაროს აღადგენს. ლური თავს დამნაშავედ ცნობს, მაგრამ კომისიის წევრები, როგორც ჩანს, კიდევ რაღაცას მოითხოვენ და ეს რაღაც, აღსარებაა. კათედრას მიჩვეული პროფესორი უარს ამბობს ამაზე, გაურბის "დოსტოევშჩინას" და თავის ქალიშვილთან, ლუსისთან მიემგზავრება მიყრუებულ სოფელში. წასვლამდე ერთ-ერთ ჟურნალისტთან წამოცდება, ამ ინციდენტმა ჩემი გამოცდილება გაამდიდრაო, მაგრამ სოფელში ჩასული აღმოაჩენს, რომ ცხოვრებას ქალიშვილისგან სწავლობს, მისი თვალით უყურებს სამყაროს, "ექსკურსიებზე დაჰყვება" მას, შემდეგ კი მთავარი ინციდენტი ხდება, რომლის მოტანილი "სიმდიდრეც" რომანის ბოლომდე არ მოასვენებს დევიდ ლურის.
მათ სამი შავკანიანი მძარცველი შემოუვარდებათ, გააუპატიურებენ ლუსის, გაძარცვავენ სახლს, ლური დამწვრობას მიიღებს და ამის შემდეგ იწყება მცირე აღსარებების მთელი სერიაც. მამა თავის ქალიშვილს თხოვს ყველაფერი უთხრას პოლიციას, ის კი მხოლოდ ძარცვაზე შეიტანს საჩივარს, თხოვს გული გადაუხსნას მშობელს, ის კი ხმას არ იღებს და თავად ისმენს მამამისის აღსარებას. ერთი სიტყვით, იწყება ის, რასაც გამოექცა პროფესორი, ესაა "დოსტოევშჩინა", მთელი თავისი ისტერიკითა და უცნაურობებით (ლური მელანის მშობლებთანაც კი ჩადის და აქ, ავტორი, უკვე "კარამაზოვების" პერსონაჟივით, დააჩოქებს კიდეც მათ წინაშე მთავარ გმირს).
ლური ფიქრობს ციხე-სიმაგრედ აქციოს ქალიშვილის ფერმა, მაგრამ არაფერი გამოსდის. შემდეგ ცხოველების ერთ-ერთ კლინიკაშიც იწყებს მუშაობას, მკვდარ ძაღლებს დაატარებს კრემატორიუმში, ცხოვრობს ნაქირავებში. ბოლოს თავის ოპერასაც უბრუნდება, ზის და ბანჯოზე აწყობს მუსიკას, წერს ლიბრეტოს, განუწყვეტლივ მუშაობს, მარტო ყავაზე და შვრიის ფაფაზეა. ფიქრობს ადრიატიკის ზღვის ტალღებზე არეკლილ რომანიულ მზეზე. "Mio ბაირონ!" ამბობს მისი პერსონაჟი გრაფინია, "სადა ხარ?", ბაირონი კი მკვდარია, აჩრდილთა შორის დაეხეტება... ამღერებს დევიდ ლური ბანჯოს და ამ ინსტრუმენტის ჟღრიალზე ხვდება, რომ ეროსი კი არ უხმობდა მას ამ ნაწარმოების შესაქმნელად, არამედ კომიზმი. წერს ოპერას, სულ მას უტრიალებს, მაგრამ იგი მაინც არ იძვრის ადგილიდან, მასში მოქმედება არაა, ესაა მხოლოდ გაწელილი კანტილენა, ბორძიკით რომ მიიწევს წინ.
აი, სწორედ ასეთ სტატიკაში ამთავრებს კუტზეე ნაწარმოებს და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ლუსის სიტყვებით დავამთავროთ სვეტი: "მე მათ ყველაფერი მოვუყევი, ყველაფერი კი ისაა, რაც მე მოვყევი".
მე ვერაფერი ვთქვი განსაკუთრებული ამ რომანზე და გირჩევთ თავად წაიკითხოთ ყველაფერი, რაც ავტორმა მოგვიყვა.

2003

Sunday, July 24, 2011

მალხაზ ხარბედია – ლამბარენელი განდეგილი



1875 წლის 14 იანვარს, ზემო ელზასის პატარა ქალაქ კაიზერსბერგში, პასტორ ლუი შვაიცერს მეექვსე შვილი შეეძინა. იმ წელს მხარე ყურძნის უხვმა მოსავალმა წალეკა, სარდაფები წყალუკრავი ელზასური ღვინით აივსო. წლების შემდეგ კი უკვე აღიარებული ფილოსოფოსი და თეოლოგი, ორღანისტი და მუსიკათმცოდნე, ჰუმანისტი ალბერტ შვაიცერი სიამაყით აღნიშნავს, რომ დაიბადა ჰაილერ ფონ კაიზერსბერგის ქალაქში ყველაზე ნაყოფიერ წელს.
* * *
ორი ენის, ორი კულტურის წიაღიდან გამოსული ალბერტ შვაიცერი XX საუკუნისთვის უჩვეულო სულიერი სიმრთელით გამოირჩეოდა. მასში ჰარმონიულად იყო შერწყმული უნივერსალური განათლება და ღრმა რელიგიურობა, პრაგმატიკოსი და პოეტი. იგი გატაცებით ასრულებდა ბახის თხზულებებს, მაგრამ არანაკლებ სიამოვნებას გვრიდა ფიზიკური სამუშაოც. წერდა წიგნებს თანამედროვე კულტურის პრობლემებზე და საავადმყოფოსა თუ სხვა საქველმოქმედო დაწესებულების "პროექტის" ავკარგიანობაზეც ფიქრობდა. მკურნალობდა დაავადებულ შავკანიანებს და კონცერტებს მართავდა ევროპის ქალაქებში. ზრუნავდა აფრიკის პატარა დასახლებაზე და უყურადღებოდ არ ტოვებდა მსოფლიოში მომხდარ არც ერთ მოვლენას, რომელიც თუნდაც ერთ სიცოცხლეს დაემუქრებოდა სიკვდილით.
ეს ადამიანი ცხოვრებისა და აზროვნების წესით ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს გვაგონებს. მის სიტყვას საქმე მოსდევდა, განსჯები კი ყოველთვის ღრმა ცოდნაზე იყო დაფუძნებული. მისი "სიცოცხლის ნება" ათასობით ადამიანს აჯილდოებდა სიცოცხლით, ნათელი გონება კი მუდამ ფიქრით იყო მოცული: სამყაროზე, ადამიანზე, მშვიდობაზე.
ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ახირებულ იდეად მონათლეს ოცდაათი წლის სახელმოხვეჭილი მეცნიერისა და მუსიკოსის გადაწყვეტილება, შეისწავლოს მედიცინა და დარჩენლი სიცოცხლე აფრიკის ჯუნგლებში გაატაროს, როგორც უბრალო ექიმმა. 1905 წელს თეოლოგიის პროფესორი თავს ანებებს ყველაფერს და კვლავ სტუდენტი ხდება, ამჯერად სამედიცინო ფაკულტეტისა. სწავლობს ქირურგიას, გინეკოლოგიას, თერაპიას, სტომატოლოგიას და 1913 წელს მეუღლესთან - ჰელენთან ერთად ლიტერატურული და საშემსრულებლო მოღვაწეობიდან მიღებული თანხებით მიემგზავრება აფრიკაში და მდინარე ოგოვეს ნაპირზე, ლამბარენეში აშენებს იმ მხარეში პირველ საავადმყოფოს. ველურ აფრიკაში გამოჩნდა ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობდა უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სიცოცხლეა; და რომელმაც კარიერისტებისა და კოლონიზატორების ქაოსში შექმნა ეთიკურ მოძღვრებაზე დაფუძნებული კულტურა.
იგი უპირისპირდება დაკარტეს თეზისს - "ვაზროვნებ, ესე იგი, ვარსებობ" და განავრცობს არსებობის, სიცოცხლის ცნებას. ამკვიდრებს ოპტიმისტურ მსოფლმხედველობას, ადამიანის შემოქმედებითი ძალების მამოძრავებელს და შემოაქვს ცნება - "სიცოცხლის პატივისცემა". მისი ფილოსოფიის მთავარი გმირი თავად შვაიცერია, "ეთიკური ადამიანი", რომლის აზრითაც მხოლოდ ეთიკური მსოფლმხედველობაა ჭეშმარიტად კულტურშემოქმედებითი ძალა, მსოფლმხედველობა, რომელსაც "სიცოცხლის ნება" წარმართავს. შოპენჰაუერის კვალად შვაიცერს ყოველგვარი ეთიკური თანალმობის გრძნობიდან გამოჰყავს, მაგრამ უარყოფს მის პასიურ, ასკეტურ განდეგილობას, ნირვანას. "სიცოცხლის ნება" მოქმედებისკენ მოუწოდებს ადამიანს, აიძულებს მას ყველაფერს თავისებურად მიუდგეს, იკისროს რაღაც პასუხისმგებლობა. "ცოდნა, რომელსაც სიცოცხლის ნების მეშვეობით მოვიპოვებ, უფრო მდიდარია, ვიდრე სამყაროზე დაკვირვებით მიღებული გამოცდილება" (ა.შვაიცერი).
ლუდვიგ ვიტგენშტაინი წერდა: "თუ წარმოვიდგენთ ყოვლისმცოდნე ადამიანს, რომელიც სრულყოფილად აღწერდა სამყაროს, ასეთ აღწერაში ადგილი აღარ დარჩებოდა ეთიკას". შვაიცერის მიერ აღწერილი სამყაროს სურათი სხვაგვარია, მისი "კოსმოგონიის" პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, იგი ასე აჟღერდება: "დასაბამიდან იყო საქმე - სიცოცხლე იწყება იქ, სადაც ძალას კარგავს სიტყვა". გარესამყაროს შესახებ მიღებული ცოდნა უიმედობამდე მიგვიყვანს, მასსა და ცხოველ აზრს შორის დიდი ზღვარია. ეთიკური არსებობა არაა რაღაც კანონების ერთიანობა, იგი უფრო მისტიკური ფაქტია, მოუხელთებელი, წამიერი მოვლენა, რომელშიც მხოლოდ ა პროპოს აღმოვჩნდებით, იგია სიცოცხლის პატივისცემა, თანაგრძნობის აქტი: "როცა ერთადერთი ბომბით კლავენ ასი ათასს - ჩემი ვალია დავუმტკიცო სამყაროს, რაოდენ ძვირფასია ერთის სიცოცხლე".
ლიტერატურულმა თუ საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ უზარმაზარი ავტორიტეტი მოუტანა ალბერტ შვაიცერს: მისი აფრიკაში ჩასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო უწინ ყველასგან მიტოვებული პატარა აფრიკული დაბა - ლამბარენე და მისი მოძღვარი. შვაიცერის აზრს ითვალისწინებენ სახელმწიფოს მეთაურები, მწერლები, მეცნიერები. პირველი მსოფლიო ომის დროს აინშტაინთან, ცვაიგთან, რასელთან, როდენთან და შოუსთან ერთად იგი მხარს უჭერს რომენ როლანის ანტიმილიტარისტულ პოზიციას. შეურიგებელი იყო ფაშიზმთან ბრძოლაშიც: ჰებელსის მოწვევაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო დიდი ჰუმანისტის ჩასვლით, შვაიცერმა კატეგორიული უარი განაცხადა და პასუხს დამცინავი მინაწერი გაუკეთა: "ცენტრალურაფრიკული სალმით - ალბერტ შვაიცერი" (საქმე ის არის, რომ ჰებელსის წერილი ასე სრულდებოდა - "გერმანული სალმით იოზეფ პაულ ჰებელსი"), ხიროსიმის შემდეგ კი შვაიცერი მშვიდობისთვის მებრძოლთა ავანგარდში დგას, მის მოხსენებებს მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნიან, ითარგმნება წიგნებიც. იგი ახალგაზრდების კერპი ხდება, მის პატივსაცემად აწყობენ მსვლელობებს, წერენ წიგნებს დიდი ჰუმანისტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
1952 წელს ალბერტ შვაიცერს მშვიდობის ნობელის პრემიას ანიჭებენ, რომელსაც მოუცლელობის გამო მხოლოდ ორი წლის შემდეგ იღებს - 1954 წლის 4 ნოემბერს. მისი მოხსენების თემა იყო "მშვიდობის პრობლემა თანამედროვე სამყაროში".
ხანდაზმული მეცნიერი სიკვდილამდე სიცოცხლეს ემსახურებოდა, აინშტაინის სიტყვით: "მისი აფრიკაში გამგზავრება ერთგვარი ამბოხი იყო თანამედროვე ცივილიზაციის უწყალო კანონების წინააღმდეგ". ეს ამბოხი იყო ყველაზე მშვიდობიანი და ნაყოფიერი ცივილიზაციის ისტორიაში.
© “არილი”

Tuesday, July 12, 2011

ჯუანშერ ტიკარაძე - ლექსები


ციფროგრამა

3 წლისამ სარკის პატარა ნატეხი იპოვა –
ალესილ დანას ჰგავდა:
რომ ჩახედავდა,
მარტო თვალები გამობრიალდებოდა ხოლმე.
მოსწონდა.

7 წლისა იყო,
როცა პირველად მიხვდა,
რომ მართლა ქალად დაიბადა:
იმ დღეს მისი ძმები ტყეში გაიპარნენ თოფის სასროლად.
როგორ არ ეხვეწა,
მაგრამ მაინც არ წაიყვანეს.

9 წლისას მკერდი დააჩნდა,
თხილისოდენა,
წვეტიანი ჭიკარტებივით.

12 წლისა ახურებულ ლოყას გრილ მინას მიადებდა
და უსხეულო ზმანებებში ვიღაც მომთენთავ მოლანდებებს გაუყუჩდებოდა,
დაბერილი ნესტოებითა
და ბორნის ბაგირივით დაჭიმული ტანით.

14 წლის რომ გახდა,
უკვე ნამდვილი ქალი იყო
და მის თითოეულ ნაბიჯს
ღამის ტყის იდუმალი შრიალი
და უფსკრულის სიახლოვის თავბრუდამხვევი სუნი დაჰყვებოდა.

16 წლის მეზობელ სოფელში გაათხოვეს
ჩაფსკვნილ,
ჯმუხ,
მუდამ ტაოტში ამოსვრილ ტრაქტორისტზე:
პირველ ღამეს ძალიან ეტკინა.
მეორე ღამესაც.
მერე და მერე შეეჩვია.

17, 19, 21, 23, 25 და 27 წლისამ შვილები დააჩინა:
4 ბიჭი და 2 გოგო.

29 წლის იყო,
როცა მისი ნაბოლარა ბიჭი,
საკალანდოდ,
ცეცხლიდან წუთის წინ გადმოდგმულ,
ადუღებული წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა:
3 დღე იწვალა და მერე მოკვდა.

30 წლისამ გაიგო,
რომ ქმარი მეზობლის ქვრივთან დაძვრებოდა.
როგორ უნდა გახარებოდა,
მაგრამ არც სწყენია:
ახლა ღამღამობით მაინც ისვენებდა.

32 წლის იყო,
სოფლის სასაფლაოზე პატარა სამლოცველო რომ გაიხსნა:
უფრო ინტერესით შევიდა,
ვიდრე რწმენით.
სანთელიც დაანთო,
ოღონდ ვერ უშველა.

35 წლისას თავისი ნაბოლარა ბიჭი დაესიზმრა:
ისევ იმხელა იყო,
მაგრამ უკვე გამართულად ლაპარაკი ესწავლა.
ვითომ ეუბნებოდა, -
აქ სულ მარტო ვარ, დედა,
მოდი და სახლში წამიყვანეო.

თავის 37-ე დაბადების დღეს
(არც კი ახსოვდა,
იმ დღეს მისი დღეობა თუ იყო),
ჩამავალი მზით გასისხლიანებულ ცაზე გაუშტერდა თვალი.
მერე უცებ მიწაზე დაემხო
და ერთად წასკდა,
რაც ცრემლი დაგროვებოდა:
პატარა ბავშვივით გულამოსკვნილი ტიროდა
და საკუთარ თავს უწყრებოდა, -
გაჩერდი, შე სულელო, გაჩერდიო.

იმავე წელს მისი ქმარი ადიდებულ მდინარეში გადავარდა.
ტრაქტორი წყალმა წაიღო.
ეს გადაარჩინეს,
მაგრამ წელს ქვემოთ მოწყდა
და ლოგინიდან აღარც წამომდგარა:
თვალის გახელიდან თვალის დახუჭვამდე ყვიროდა და ცოლს აგინებდა.

38 წლისამ უფროსი გოგო გაათხოვა მეზობელ სოფელში:
სიძეს მიკროავტობუსი ჰყავდა
და თბილისის რეისზე მუშაობდა.

40 წლისა ნათესავის ქელეხში დამანახეს ბიძაშვილებმა, -
აბა, თუ იცნობ,
ვინ არისო.
მერეც ვერ ვიცანი,
როცა მითხრეს,
ვინც იყო:

იქამდე მომკვდარიყო,
ვიდრე 45 წლისას საშვილოსნოს კიბო დაემართებოდა
და 2 ზამთრის შემდეგ მოკვდებოდა.


***

მე რომ გამმართლებოდა და მოვმკვდარიყავი,
ასე,
19-20 წლისა,
მაშინ ხომ ვეღარც მოვასწრებდი,
საკუთარი თავისთვის ამდენჯერ მეღალატა.

ყველა გზაგასაყარის ეკალ-ბარდებს ხომ ვეღარ შევატოვებდი
საკუთარ შერცხვენას,
როგორც ნამუსახდილი ქალის ლეჩაქს.

***

რაღა დარჩა ჩემი ცხოვრებისგან?
მარტო ფუტლიარი,
რომელსაც თუ გახსნი,
ცარიელი დღეები ამოფრინდებიან –
დილა,
შუადღე,
საღამო...
ძილი.


***

რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე -
სითბოც, სიცილიც, ბოღმაც, სიტყვებიც,
გაუთენებელ ღამის კარისკენ
კი არ მივდივარ, ნაკადს მივყვები.
ქარები ავდრებს კვლავ მოდენიან
ცრუ იმედების საპარაკლისოდ.
ეს ღვთისქვეშეთი იმოდენაა,
არც კი მოიცლის, მომისაკლისოს.
რაც ვიყავ, ყოველ მავთულხლართს შევრჩი,
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე.
ცანცარა მარტიც ქალაქის მტვერში
ნიღბებზე ირგებს ფერად პარიკებს.
ფერს უცვლის ღამე მოედნებს, პარკებს,
სიზმრისმიერი შიშით მოვერცხლილს.
როგორ ვიპოვი, სად დავიკარგე
ნაცნობ კორპუსთა სიუცხოვეში.
ეჭვები წყვეტენ დამჭკნარ თარიღებს,
წურბელებივით სულზე მიმსხდარნი.
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე,
არ შემარჩინეს ერთი მისხალი.
დროა!.. ზვირთცემის მუსიკად ვიჭერ
დასაბამისკენ ჟამთა მიქცევას.
რაღა მაშორებს მოზომილ მიჯნას,
როცა ცაც მიწად გადაიქცევა
და მიწისგანვე მოზილავს ხორცის
ახალ ყალიბებს არსთაგამრიგე...
ვიცდი, დავყურებ მინავლულ კოცონს.
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე.


***

ჩემი წლების ქვა-ღორღიდან
სისინით გამოსრიალდა
მომავლის შხამიანი ლანდი:
ს-ს-სიმარტოვე...
ს-ს-სიბერე...
ს-ს-სიკვდილი.



მეტი არაფერი

„tomorrow and tomorrow and tomorrow”

William Shakespeare, “Macbeth”

ხვალ და
ხვალ და
ხვალ და
ხვალ...
სულ ხვალ!

ხვალვე გაქრება დღევანდელი იმედი ხვალის
და შეგუბებული მრისხანებით ფეხმძიმე სასოწარკვეთაში
ზეგინდელი ცრუ იმედებით აღსავსე ახალი ხვალ ჩაისახება.
ადამიანიც ასე ისახება დასიზმრებული უკვდავების დამღლელ მოლოდინში.
ხმელეთზე ამოყრილი თევზებივით ასხმარტალდებიან ორიოდ წუთით
ცხოველური ინსტინქტებით გაჟღენთილ საქორწინო სარეცელზე
თუ სადაც წაუსწრებენ ერთიმეორეს
და ახლა ხორცის ახალ ნაჭერში გაბნეულ თავიანთ გენებს გააყოლებენ
სიცოცხლის ამ მოარულ აჩრდილს
ჯოჯოხეთის ცეცხლისკენ გაფარფატებული ფარვანას განწირულ და ტკივილიან ორბიტაზე...
ჩაქრი, ჩაქრი,
ცივი და ცარიელი სამყაროს უკუნეთში ჩაკარგულო პატარა კანდელო!
ჩაქრი, ჩაქრი,
სულელებისთვის ანთებულო შუქურავ!
მთელი ჩვენი დრო
ერთი რამდენიმეათწლეულიანი ოცდაოთხი საათია
და თუ შემთხვევით გამოსდებ ფრჩხილს
ჟამის დაძენძილი ხალათიდან გამოჩრილი მოგონებების ძაფს,
ვაშლის ნაფცქვენივით გაიშლება გადაგორებული დღეების ფოლიანტი -
10 ათასი უმიზნო გუშინ...
არა,
აღარ ახდება აღარასდროს
ბებიების ზღაპრები ბედნიერებაზე
და ეს გაბრდღვიალებული,
თვალისმომჭრელი,
მაცდური რეკლამების ელექტრონული სისხლით ათასფრად შეღებილი ქუჩებიც
მაინც ისევ ის
დასაბამიდან გაკვალული
არსაითკენ მიმავალი მტვრიანი და უღიმღამო შარაგზაა,
სადაც სულერთია ყველაფერი:
გინდ პირდაპირ იარე,
გინდ მარცხნივ გადაუხვიე,
გინდ - მარჯვნივ,
გინდ უკან მიბრუნდი,
გინდაც ჩამოჯექი ბორდიურზე
და ხმის ჩახლეჩამდე იხმაურე
ქვემოთ მოყოლილი
ძველი ქალაქელი დარდიმანდების ეს იდიოტური სიმღერა:
„დაუკარ, ბიჭო, კლაპიტონა,
სანამდის გულიც არ გამსკდარა.
ქვეყანა დიდი შაპიტოა,
სიცოცხლე - ბებერი მასხარა:
გავიდა ჭრელი მარმაშებით,
გავიდა, გადილაზღანდარა.
ბედი კამათლის თამაშია,
იღბალი - ქალი ბოზანდარა.
არ ვიცი, დროს რას ემდურიან,
თავად შლის, რასაც კი დაჩხაპნის.
შიმშილი ქურდი ხელმრუდია,
სიმაძღრე - შარაგზის ყაჩაღი.
მშვიდობით! სასრულ-დასაბამით,
სულო, კბილებით მიგიტანე.
დღე გაქონილი ყასაბია,
ღამე - გაქნილი მიკიტანი.
ჰოდა, დაუკარ, კლაპიტონა,
სანამდის ეს გულიც გამსკდარა.
ქვეყანა დიდი შაპიტოა,
სიცოცხლე - ბებერი მასხარა.

***

მე ვიცინი
მაგრამ არ მეცინება

მე ვსვამ კითხვებს
მაგრამ მეზარება პასუხების გაცემა

მე მივდივარ წინ
მაგრამ ერთ ადგილს ვტკეპნი სივრცეში

მე მითრევს დავიწყების ლამი და ლია
მაგრამ არ ვიცი
რას მოვეჭიდო

მე ვწერ ამ ლექსს
მაგრამ მირჩევნია გაშლილ სუფრასთან ვიჯდე
ფიროსმანის რომელიმე მოქეიფესავით

მე ვამბობ
მიხარია ვწუხვარ გმადლობთ თანაგიგრძნობთ
მაგრამ ჩემი ყოველი სიტყვა
ემოციისგან დაცლილი ფუტლიარია

მე ვეფერები შენს ტანფეხს დასწავლილი თანმიმდევრობით
მაგრამ იმაზე ვფიქრობ
დაჯდება თუ არა ტოტალიზატორში გამაზული მაასტრიხის X2
და მეტი ყვითელი გლაზგოურ დერბიში

მე ვაკაკუნებ ვაკაკუნებ ვაკაკუნებ
მაგრამ ვინ გამიღებს აჭედილ კარს
სახლის პატრონი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა

მე ვეძებ გზას
მაგრამ ვპოულობ მარტო ჩიხს
უსახურ კედელს ზედ უწმაწური წარწერებით

მე მინდა დავინახო როგორი გავხდი
მაგრამ ნიღაბს სარკის წინაც ვერ ვიშორებ

მე ვარსებობ დე ფაქტო
მაგრამ დე იურე მოვკვდი დიდი ხნის წინ

მე მოვკვდი დიდი ხნის წინ
მაგრამ ეს ცოცხლები დღესაც არ მასვენებენ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მალხაზ ხარბედია - ოთარ ჭილაძის "ჩანაწერები"


DOWNLOAD

გამომცემლობა "ინტელექტმა" ოთარ ჭილაძის ჩანაწერები გამოსცა ცალკე წიგნად. "ცა მიწიდან იწყება", ასე ჰქვია მოზრდილ ტომს, რომელიც მწერლის 1955-2009 წლების დღიურებს მოიცავს. კრებული მწერლის ძმამ, თამაზ ჭილაძემ შეადგინა.

"ინტელექტის" ამ ახალ სერიას "ჩანაწერები" ჰქვია, და მის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე უკვე სამი წიგნი გამოვიდა - ოთარ ჭილაძის, ბაჩანა ბრეგვაძისა და ტარიელ ჭანტურიას უბის წიგნაკები. სერია ოთარ ჭილაძის რვეულებმა გახსნა და დღესაც სწორედ ამ წიგნზე ვისაუბრებთ, წიგნზე, რომელსაც ძალიან ელოდა ყურადღებიანი ქართველი მკითხველი.

ასეთი მოლოდინი ყოველთვის დიდ რისკთანაა ხოლმე დაკავშირებული, დიდია ინტერესიც, ინტერესი ახლის გაგების, საყვარელი მწერლის ახლიდან აღმოჩენის, სხვა მხრიდან დანახვის სურვილი. რისკიც სწორედ ამასთანაა დაკავშირებული, იმიტომ, რომ მკითხველმა შესაძლოა ნაცნობი მწერლისგან სრულიად განსხვავებული, რეალური ადამიანი დაინახოს, რომელიც ვერ მოერგება მკითხველში არსებულ, უკვე ჩამოყალიბებულ ხატებას. თუმცა უფრო ხშირად ისე ხდება, რომ ჩანაწერები მწერლის შემოქმედების გაგრძელებაა ხოლმე, ძველი კითხვების გამეორება ახალი პასუხებით, ანდა ახალი კითხვებისთვის გამოძებნილი დიდი ხნის წინანდელი პასუხები.

რეალურად ნებისმიერი ასეთი ჩანაწერები მწერლის შემოქმედებაა, მისი ნაწილია, უბრალოდ ერთია, ეს ნაწერი ხან გავს კარგად ნაცნობ მწერალს, ხანაც არა. ოთარ ჭილაძის ჩანაწერები ამ მხრივ ოთარ ჭილაძისვე ნაწერებს აგრძელებს და ყურადღებით თუკი წავიკითხავთ, მწერლის შემოქმედებით გზასაც გავადევნებთ თვალს.

მაგალითად, მისი ადრეული ჩანაწერები, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო "პოეტურია", მეტია გარემოზე დაკვირვებები, ე.წ. ყოფის პოეტიზაცია. აქ "სხივები იჩეხებიან არაგვისა და მტკვრის ხეობებში", სიღნაღიდან კი "უსასრულოდ შეგიძლია უყურო ალაზნის ველსა და გაცრეცილ ღრუბლებში ცუდად დამალულ კავკასიონს", შამილი "ამბოხებული ღრუბელია", წვიმა კი კართან ისე გეგებება, როგორც "ფინიშთან მირბენილ სპორტსმენს ტაში". გვიანდელ ჩანაწერებში მეტია წუხილი, ხმამაღალი ფიქრები და რისხვაც კი, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი წარსულის, ჯანმრთელობის, ყოფის გამო. წიგნში ძალიან ბევრი საოცარი ძალის პოეტური ფრაგმენტია გაფანტული, აქ ყველაზე მკაცრ გამონათქვამებს უფაქიზესი ისტორიები ცვლის, მწარე-მწარე სიტყვებს კი სითბო და სინანული.

ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, თავად მწერალზე გაიგებთ. ოთარ ჭილაძე, ისევე როგორც ყველა, ვინც დღიურებს მოჰკიდა ხელი, პირველ რიგში თავის თავზე გვიყვება, მაგრამ ოთარ ჭილაძის ქვეყნის გამო დარდი და წუხილი იმდენად ღრმაა, რომ დღიურების ინტიმურობა მთლიანად ეწირება ამ ნაღველნარევ ან ბრაზიან ფიქრებს. ასეთმა განცდებმა ოთარ ჭილაძეს უმნიშვნელოვანესი აზრები ჩააწერინა თავის რვეულებში. მხოლოდ ორის დამოწმება იკმარებდა:

"ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა".

ანდა:

"რასაც ამ ფაცი-ფუცში მოვიპოვებთ, მალევე დავკარგავთ. რასაც ამ ფაციფუცში დავკარგავთ, ვეღარასოდეს მოვიპოვებთ".

თანამედროვე, უფრო სწორად კი, დღევანდელ საქართველოზე ასეთი ზუსტი გამონათქვამი ბოლო წლების მანძილზე არ შემხვედრია. მწერალი ბევრს ფიქრობდა ამაზე, ქვეყანაზე, სადაც ადამიანებს უკვე თავიანთი ქვეყანა მობეზრდათ, მობეზრდათ ქართველობა, თავიანთი ქვეყნის მომავალიც კი მობეზრდათ. მთელი წიგნის მანძილზე იგი ძალიან მკაცრად აფასებს ქართულ ემიგრაციას, განსაკუთრებით პირველი თაობების ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობას.

ოთარ ჭილაძე სულ მუდამ უბრუნდება ქართულ მწერლობას, მწერლის ხელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენი და მსოფლიო ლიტერატურის წარსულსა და მომავალს. იგი წუხს, რომ რატომღაც ნებისმიერი მწერლის წარმატება საერთოა, ამ შემთხვევაში ზოგადად მწერლობა იმარჯვებს და ყველა ხდება ამ გამარჯვების თანაზიარი, მარცხი კი პირადულია და მწერლურ დამარცხებას მხოლოდ ერთი კონკრეტული მწერალი უნდა გაუმკლავდეს. რვეულებში შეხვდებით ჩანაწერებს საკუთარი რომანების შესახებ, ვრცელი და საკმაოდ კრიტიკულია მისი შენიშვნები მერაბ კოკოჩაშვილის სარეჟისორო სცენარზე ფილმისთვის, რომელიც მისი რომანის მიხედვით, "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" მომზადდა. ასევე არაერთხელ ახსენებს იგი ამათუიმ ნაწარმოებს, რომელსაც ჯერ სახელი არა აქვს, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ საუბარია ხან "აველუმზე", ხანაც "გოდორზე"...

ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო წიგნში თბილისური პასაჟების აღმოჩენა. აქ 40-იანი წლების თბილისიც ცოცხლდება და 60-იანებისაც, უფრო მძიმეა XXI საუკუნის თბილისური სურათები. მწერალი იხსენებს:

"ორმოციანი წლების თბილისში პირველად მოხვედრილი კაცისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რამ მიიქცია შენი ყურაღება ამ ქალაქშიო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ - პიანინოს ხმამო. მართლაც, თითქმის ყველა ბინაში იდგა პიანინო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავად სახლები გამოსცემდნენ ამ ხმას, თითქოს ნებისმიერი სახლი, იმავე დროს მუსიკალური ყუთიც იყო და სარკმელი რომ გამოგეღოთ უნებურად, მაშინვე სავარჯიშო გამები გამოფრინდებოდნენ იქიდან, ტყვეობიდან თავდაღწეული ჩიტებივით".

უკვე 1994 წელს კი გულდაწყვეტით წერდა ზუსტად იგივეზე, როდესაც ერთ-ერთ ბნელ თბილისურ სადარბაზოში ხელისცეცებით შესულს რომელიღაც სახლიდან პიანინოს ხმა შემოესმა: "აშკარად ბავშვი უკრავდა, ალბათ სანთლის შუქზე".

შესანიშნავია ადიდებული მტკვარის ამბავი, ახალგაზრდა მწერალი აღფრთოვანებული აღწერს მოვარდნილ მდინარეს. ბოლო წლებში კი ოთარ ჭილაძე ხშირად გაჰყურებდა ხოლმე მდინარე ვერეს ხეობას, თანამედროვე თბილისის მთავარ წყლულს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე საბოლოოდ გაიწირა, და იმის ნაცვლად, რომ მის განკურნებაზე გვეზრუნა ან ზრუნვაში ხელი შეეწყოთ, მდინარე თითქმის მთლიანად დაიმარხა. ოთარ ჭილაძე ვერ მოესწრო ამ დასაფლავებას, სამაგიეროდ 2007 წელს ასეთი რამ ჩაუწერია:

"ვერეს ჭალაში მალე, ძალიან მალე ჩაჭკნება დღეს მწვანედ მოხასხასე და მოცახცახე ფოთოლი. კვლავ გამოჩნდება შიშველ ტოტებზე მოკონწიალე ათასნაირი ძონძი და ცელოფანის პარკები... ვინ იცის, იქნებ სწორედ აქ, ამ პატარა ჭალაში, სამალავია ჩვენი, დროებით დაკარგული თვალისჩინისა და გონისა. შევინარჩუნოთ როგორმე ეს ბუნებრივი სიმწვანე, რომ განვიწმინდოთ თავადაც, თუკი ამის დროც მოვა".

რვეულებში ბევრი სიზმარია, ისევე, როგორც ჭილაძის პროზაში და ლექსებში. ხანდახან არცაა მითითებული, რომ მწერალი სიზმარს გვიყვება. ერთხელ, გერმანიაში ყოფნისას მშობლები დასიზმრებია და შემდეგ ჩაუნიშნავს: "საოცარია, გერმანიაში იხილო ისინი, ვინც დიდი ხანია მშობლიურ მიწაში განისვენებს".

ბოლო 20 წლის მაძილზე მწერალი ძალიან დამძიმებული იყო სხვადასხვა გარემოებებით. საქართველო, ჯანმრთელობის გაუარესება, სიკვდილზე გამუდმებული ფიქრი და რაც მთავარია, საკუთარ უიღბლობაზე ჩივილი. მაგალითად, მას მიაჩნია, რომ რადგან მისი "აველუმის" გერმანულ ენაზე გამოსვლა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ამბავია, შეიძლება წიგნი სწორედ ამიტომაც არ გამოვიდეს. იგი დარწმუნებულია, რომ ოთარ ჭილაძის დრო არასდროს დადგება საქართველოში, ხოლო საფრანგეთში თავისი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით წერს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ საერთოდაც უარი თქვას წიგნზეო.

ბოლოს მინდა ისევ ქვეყნის სატკივარს დავუბრუნდეთ, რადგანაც ოთარ ჭილაძის ფიქრი მუდამ ამ ქვეყანას დატრიალებდა და 1990 წელს ჩაწერილი ერთი პატარა აბზაცით დავამთავრო. ვიცი, ეს სიტყვები ცოტა ხანს მაინც დაგვაფიქრებს:

"ძეგლის დამხობა იდეას არ კლავს, პირიქით, უძეგლოდ დარჩენილი, ანუ ნიღაბჩამოხსნილი იდეა, კიდევ უფრო მიზანდასახული ხდება!"

© radiotavisupleba.ge