Saturday, March 1, 2008

მაკა მიქელაძე

წეროს ჯვარი


წერო გათხოვდა რა, ცხოვრება მოათავა.

ბოლოს როცა იცინა, კარგად ახსოვდა. მეგობარი ესტუმრა ბალტიის ზღვისპირეთიდან და იმ ზღვისპირული თავდაჭერილობით მოუთხრო, როგორ გაანიავა მამა.

გამანიავეთო, მამას თვითონ მოუთხოვია. ოღონდ კრემაციის შემდეგ და აუცი-ლებლად ვალესის კანტონში, მატერჰორნის მწვერვალის მიდამოებში, მე რომ ტბა მიყვარდა, მის ზედაპირზე მიმომაბნიეთო. მამამ ეს საეჭვო ღონისძიება დააფინანსა რა, წინასაკრემაციო მდგომარეობაში გადავიდა.

წეროს მწვავე შეტევასავით მოუვლიდა სიცილი, რამდენჯერაც იმას წარმოიდგენდა, რა გულმოდგინედ დამწუხრებულ ტრაუროსნებს შორის გაიმართა გაწევ-გამოწევა ცნობილი მხატვრის ნეშტის გამო. განსაკუთრებით ნეშტის უკანასკნელი ევროპელი საყვარელი - ანდერძით რომ მთელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერგო - იქცეოდა თავაშვებულად. გახედვას ვერ მოასწრებდი თურმე და გულში ჩახუტებული ურნით სადღაც გარბოდა.

- ინგრიდ, ახლავე დააბრუნეთ მამა თავის ადგილზე! - ხმადაბლა ჩასჩურჩულებდა ყურში თავშეკავებული სირბილით ლოყებშეფაკლული და გულამოვარდნილი წეროს მეგობარი. უკმაყოფილო დედინაცვალი მორჩილად აბრუნებდა ურნას და გაფაციცებული ელოდა მომდევნო ხელსაყრელ მომენტს.

ბოლოს ინგრიდს მაინც უმარჯვია და არასამგლოვიარო სიჩქარით მოძრავი ექსპრესიდან გასანიავებლიანად სადღაც გამქრალა. ცოტა ხანში კვლავ ურნა ჩახუტებული და შვებამოგვრილი დაბრუნებულა.

- ინგრრრიდ! ახლავე დადგით მამა მაგიდაზე, კუპეში თქვენს გარდა უამრავი ჭირისუფალია.

შავპირბადეამოფარებულ გამტაცებელს ურნის სახურავი მორცხვად მოუხდია და როგორც წეროს მეგობარი სევდანარევი იუმორით ყვებოდა...

- სადღაა მამა...

ექსპრესის ფანჯრებში თვალისმომჭრელად ელავდა ღიათეთრი ცა, მუქთეთრი მწვერვალი და გამჭვირვალედთეთრი ტბა.

ასე დახატა ოდესღაც, ჯერ კიდევ გასანიავებელმა ცნობილმა მხატვარმა ეს არემარე.

წეროს მეგობარს ერქვა ასტა.

თბილისში ჩამოფრენისას არ გაუმართლდა. იმ ხანობას ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობა მიტინგები, კარვები და ქუჩის ლეიბებზე მიყრილ-მოყრილი ხალხი იყო მხოლოდ. ფიროსმანის სახლ-მუზეუმი სტუმარს ვერ აჩვენა. დაკეტილი დაუხვდათ. წასასვლელი არ ჩანდა. წერომ მახვილგონივრული გამოსავალი გამონახა. “შეხვედრაზე” წაიყვანა სტუმარი. ინტელიგენციისა და არაფორმალების ხელჩართული “დებატებიდან” მობრუნებულმა მხრებაჩეჩილმა ასტამ მეგობარს მარტო ერთი შეკითხვა დაუსვა:

- სულ რატომ ყვირიხართ?

სამზარეულოში ცენტრალური გათბობის უკანასკნელი სითბო იდგა. გოგონები “კოსმოსის” კვამლში გახვეულიყვნენ და ისე აგემოვნებდნენ დახლებზე ახლადმოძალებულ “ამარეტოს.” მალე ასტა ჯერაც ცხელი წყლით გალიცლიცებულ აბაზანაში ჩაწვა, ცოტა ხანში ხომ ჯერაც “აეროფლოტის” თვითმფრინავის რეისი მიფრინავდა ჯერაც შორეულ საზღვარაქეთში და მალე ახლო საზღვარიქეთში.

- ბოლო ბანაობაა! - აალაგა მაგიდა წერომ. გული წყდებოდა მუზეუმში რომ ვერ მოხვდნენ.

თბილისი მალე ჩაბნელდა.

წერო გათხოვდა. შეიძლება ითქვას, იარაღის ძალით.

შეეშინდა უარი ეთქვა კბილებამდე შეიარაღებული თაყვანისმცემლისთვის და გაჰყვა იმ დროისთვის ყველაზე პრესტიჟულ “საქორწინო მოგზაურობაში” ჩაჟამებული ქალაქის ეულად გამთბარ-განათებული სასტუმროს ლუქსში.

ბარები სავსე იყო შავთავსაკრავიანი შავად მომზირალი შავლულებშემართული შარებით.

ასტას მისალოცი ექვსთვიანი დაგვიანებით მოვიდა და ზედ მიდევნებულმა წერილმა წეროს შესჩივლა: “ბებიაჩემი კომპიუტერის კურსებზე დადის და კვალიფიკაციას იმაღლებს იმ საქმეში, რომელშიც თმა დაევერცხლა. თავისუფლება მძიმე ხვედრი აღმოჩნდა.” წერომ წერილი ჩინურივით წაიკითხა და ხელზე შერჩენილ ნავთის რიგის ნომერს ჩაუკვირდა. Mმერე შეეცადა აგზნებული ქმარი დაერწმუნებინა, რომ შენივე ქვეყნის მეორე ნახევარში, შენივე ხალხთან საომრად წასვლა წამგებიანია. D

დალურჯებული თვალის დამალვა არც უცდია.

სახლში დაბრუნდა.

- დაეცი? - ჰკითხა მამამ და მარილწყალში დამბალი პურის “აჩმა” და თავისი ხელით შეგროვილ ბალახებზე - არავინ უწყის მერამდენედ - დაყენებული ჩაი შესთავაზა.

- ჩამოვიდა შენი ქმარი, - მალევე მოადგა კარზე მამამთილი, - წადი სახლი ნახე. ახალი გიყიდა. - რა უბედურებაა ამდენი მცენარე ერთ ოთახში? ჯუნგლია?

- ჯუნგლის კანონებით სადაც ცხოვრობენ, ჯუნგლი იქაა. - მამისთვის რო გეკითხა, მიწასთან გაასწორა მძახალი.

წერო მორჩილად წაყიალდა, ისე რომ უკან არ მოუხედია. Aარ უნდოდა მამის შვებამოგვრილი ღიმილი დაენახა.

- მამაშენი არი სირი! - აუხსნა მამამთილმა მანქანაში. მის გონებამდე მიაღწია, რომ შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით უპასუხეს.

- მამაჩემს თავის სფეროში მთელ მსოფლიოში იცნობენ. - თავზე გადაიდო იდაყვი წერომ.

- მაგას გეუბნები, მსოფლიო მასშტაბის სირია. - ფანჯრიდან გააპურჭყა მამამთილმა და კაი სახლიაო, შვილით მოიწონა თავი.

წეროს ქმარმა ბოდიში მოიხადა. “ძალიან ცუდი ვარ, ყველაზე ცუდი”-ს ძახილით მომარადიორებული სავარძლის წინ მუხლებზე დაეცა და თავი მანამდე არ აუწევია, სანამ წეროს მიტევების მაუწყებელი კვნესა არ აღმოხდა.

ასე დამთავრდაOომობანა საყოველთაო დამარცხებით.

მთავარ ქუჩაზე მდგარი გაუგებარი ფორმის სახლის მეორე სართულზე განთავსებული ბინის ფანჯრებიდან მხოლოდ სარეკლამო აბრები და ფარები ჩანდა. ქუჩაში ისე ვერ გახვიდოდი თუ ყველა მეზობლის აივანს არ გაივლიდი. ბინა იყო ცივი, დიდი და მოუხერხებელი. შუა, სასტუმრო ოთახს თითო კარი ჰქონდა ყოველ კედელზე. კედელი იყო რვა და თითოეულ კარს სხვა ოთახში ან წერტილში გაჰყავდი. წეროს თავგზა ებნეოდა. ვერაფრით ვერ ხვდებოდა, რომელ ოთახში, რომელი კარი გადიოდა და გაუგებარ ტრაექტორიებზე ფრთხილად მოძრაობდა.

- მე მივფრინავ ფორთოხლის საკრეფად, - შეეჭრა ერთ დღეს აგზნებული ქმარი.

წერომ თვალი მოისინჯა და იკითხა.

- საპირფარეშო საითაა?

- ვა! - გაუხარდა ქმარს - მოგეშვა?!

წერომ საპირფარეშოს ვერ მიაგნო, სამაგიეროდ მიაგნო ასტას გამოგზავნილი წერილების და სურათების დასტას. “მე და პატარა ნიკალასი კლაიპედაში”, “მე, ნიკალასი და მარიუსი ნაციონალური სიმღერების ფესტივალზე”, “მე თეატრში.”

წეროს ისევ ეიეროგლიფა გზავნილი და კერამიკულ კედლის ბუხარში შეუძახა.

ნაგვით სავსე ცივი ბუხრიდან ერთი სურათი გადმოვარდა: ასტა და წერო იურმალას პლაჟზე, საქვეყნოდ ცნობილი საპარფიუმერიო ფირმის სარეკლამო გადაღებებზე.

- შენ ამასთან რამე გქონდა? - გამოგლიჯა ხელიდან სურათი ქმარმა.

- ორჯერ თუ სამჯერ - ალალად გაუსწორა თვალი თვალში წერომ და ხელები ისე აიქნია, თითქოს უკან გადავარდნას აპირებსო.

- წადი მოფსი და ჩამალაგე. - სურათისთვის თვალი არ მოუშორებია ქმარს და როცა წერო საპირფარეშოს მაგივრად სამზარეულოს მიმართულებით წაკონწიალდა, დაამატა. -კაი სანახავი კი იქნებოდა, ბოიშშშ.

გაცილების ცერემონიის ღამეს წერო მედგრად დაუხვდა. თავის ტკივილი მოიმიზეზა.

- დავბრუნდები და მოგი...გონებ! - დაჰპირდა ქმარი.

არ დაბრუნებულა.

წეროსთვის რომ გეკითხა, არც წასულა, ჩრდილად იქცა.

მარტოსულის ოთახებს არაფერი არ ათბობდა. ცისფრად და მწვანედ შეჭიქულ კერამიკულ ბუხარში ჯერ ჟურნალ-გაზეთები ჩაიფერფლა, შემდეგ ეული წიგნები, ბოლოს ტომეულები. ისე ჩანაცრდა წეროს საამაყო და კითხვით ფურცლებგალეული მზითვი, ბოლიც კი არ ასვლია, სუნიც კი არ გამოუცია. მხოლოდ სიცარიელე დატოვა - წეროს საყვარელი ადგილსამყოფელი. სიცარიელეში ქმრის აჩრდილი ვეღარ აგნებდა, ვეღარ ასწავლიდა რომელი ოთახიდან რომელში უნდა გაეხვია. სიცარიელეში მიმართულებას ვერავინ აძლევდა, თავისუფლად მოძრაობდა და სუნთქავდა.

ასეთ დროს უნდოდა დაეჯერებინა, რომ მისი სახლი მუზეუმს ჰგავდა. პატარა, მყუდრო მუზეუმს, სადაც თითქმის არაფერი იცვლება.

- დაეზღვიეთ ქონების გატაცებისგან - მოადგნენ ერთ დილით კარზე.

სადაზღვეო კომპანია მისი სახლის პირველ სართულზე გაეხსნათ.

მესამე სართულზე კი, ზედ წეროს ბინის თავზე ღამის ბარი ემზადებოდა პრეზენტაციისთვის.

- მარჯვენა ფლიგელში მცხოვრები მეზობლები ხელს ვაწერთ განცხადებას ამ სახლის დანგრევის შესახებ - იმედიანად დაუკაკუნა მეზობელმა.

- მარცხენა ფლიგელის მეზობლები ვითხოვთ ბარის და სადაზღვეო კომპანიის ფართების კოოპერატივის მაცხოვრებელთათვის გადმოცემას. - საომრად შემართულები მიადგნენ მეორე დღეს.

- მე თქვენს ზემო ბარის მფლობელი ვარ - მაცდურის ღიმილი გაუბრჭყვიალა სახესთან ვულგარულად შეღებილმა დედაკაცმა - რამდენად ყიდით თქვენს ფართს?

- თქვენ ხომ ძალმომრეობისგან არ დაზღვეულხართ?... ტერაქტები გახშირდა... და ტრეფიკინგისგან დაეზღვიეთ?... - არ ეზარებოდა თავის შეხსენება სადაზღვეო აგენტს.

წერო ყველაფრისგან დაეზღვია,ყველა განცხადებას მოაწერა ხელი, ბარის პატრონსაც დაჰპირდა სახლის უანგაროდ გადაფორმებას და ბარში საცხოვრებლად გადასვლას. Kკარი მტკიცედ გამოიხურა და თავის მუზეუმს დაუბრუნდა.

ჭაღის კავზე ყულფი ჩამოაკონწიალა.

ჩამოხრჩობანას თამაში არც უფიქრია, მხოლოდ თავს შეახსენა, რომ სიკვდილი აქვეა. ცისფერი, მსხვილი ყულფი ჭაღებგაყიდული სახლის ჭეშმარიტ სამშვენისად იქცა.

- გაგიჟებულხარ სახლში ჯდომისგან. - დაასკვნა მამამთილმა. - დედაჩემს გადმოგიყვან და მოუვლი! - ქმრის გადმოგზავნილი ფული საწოლში ჩაუყარა საფერფლეებშემოჯარულ რძალს ზიზღით.

მეორე დღესვე კარზე მოაყენა დავრდომილი.

ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი მუზეუმის მყუდროებას არ არღვევდა.

ბებია ლოგინში უმწეოდ აფათურებდა ხელებს, თითქოს რაღაცა დაკარგულს ეძებდა და სუსტი ხმით ხაოდა:

- წეროო, ბებოო, სადაა ფართობიი?! სად გააქრეს, ბებოო, ამდენი ფაართობიი?!

წერო ჭკუიდან გადაჰყავდა ამ ფრაზას.

- მე მგონი არ იქნება ურიგო ფართის კვადრატურის მიხედვით შევთანხმდეთ ბინის ფასზე. - გაუბრჭყვიალეს მომხვეჭელის ღიმილი განმეორებით. - არ გაწყენინებთ, კომერციული ფართის ფასში ავიღებთ.

- ქალბატონო! - ემჭახა საკუთარი ხმა წეროს - არ ვყიდი ბინას.

- გაყიდი, ჭუკლი, სად წახვალ?! - ჩაიქირქილა და გაქრა ღამის სტუმარი.

- დაეზღვიეთ შანტაჟისგან! - დაუკაკუნებლად შემოაღო კარი გაშიანურებულმა აგენტმა.

- სიცოცხლის დაზღვევას არ აკეთებთ? - ჰკითხა წერომ.

აგენტმა ყულფს ახედა.

- არა.

ღამის ბარი იმ საღამოს იხსნებოდა.

-ე! ველურკა! არ გინდა ახალგაზრდობა გაგახსენო? - მოულოდნელმა ზარმა უხეშად შეაჯანჯღარა წერო. - შენი სახლის თავზე ბარი გაიხსნა, გპატიჟებ, კუროჩკა. - და ჩაბჟირდა დიდი ხნის დავიწყებული თანაკურსელი.

თანაკურსელს უფროსი მამაკაცი ახლდა.

- ეგ არის! - აათვალიერ-ჩაათვალიერეს წერო.

ბარი გნიასებდა, ხორხოცებდა, ღრიანცელი გაუდიოდა. მუსიკის ყვირილში ძლივს აგებინებდნენ ერთმანეთს საქმიან ყვირილს. გაირკვა, რომ წეროს ქათმის რეკლამაში უპირებდნენ გადაღებას.

- არაპოეტურია! - გააპროტესტა უნიათოდ.

- სარფიანია! თან სახე იქნები მაგარი კრუპნი ფირმის. ყველა კუროჩკას დაგიძახებს. - ისევ ჩაბჟირდა.

- კარგი... რადგან ეროვნული პროდუქტია.

- შენ, შენ... ალაოდ... რა ეროვნული... გამოდი სახლიდან! - ენა დაება თანაკურსელს.

ის ღამე სახლში არ გაუტარებია, ბარის გახსნის აღსანიშნავი ფეიერვერკების და დილისთვის შეპირებული ექსკლუზიური ყავის ხათრით. მეორე დღე რეკლამის გადაღებებში დააღამა, გადახალისებული და აგზნებული მიუბრუნდა თავის მუზეუმს და თან გადასაღები მოედნიდან უპასუხისმგებლოდ აღებული საჩუქარი, შვიდი ახალგამოჩეკილი წიწილაც შემოიყოლა.

ქუნქულა წიწილები ციმციმ ჩასვა ფერადი წნელით მოწნულ ბალიშჩაფენილ კალათში. წყალი ჩაუდგა და საკენკი ჩაუყარა.

დაღლილს და გაღიმებულს ჩაეძინა.

იმავე ღამის ხუთი საათისთვის დღიურში ჩაინიშნა:

“...თუ ბარში ხარ და სახლზე არ ფიქრობ რა კარგად ინიღბება მშუქი მუსიკით მოძმის იგნორყოფა, მოყვასის არსიყვარული. ბარში არც კი გახსოვს, ერთხელაცAარ გახსენდება რომ ეს ბარი შენს სახლს ადგას თავზე...”

ასე იმიტომ მოიქცა, საღამოს ათიდან რომ ჩართეს და გაუბერეს... ძილი გაქრა.

ხმის მძლავრი გამაძლიერებლების ღრიალს, ფეხების ბრაგაბრუგს, ჭურჭლის მსხვრევის ხმას და კივილ-წივილს ორივე ფლიგელიდან გამოვარდნილი საბანშემოხვეული მეზობლების აღშფოთებული შეძახილებიც დაერთო. წიწილებმა ტვინის წამღები გნიასი ატეხეს.

- სულ რატომ ყვირიხართ! - ყვირილით გამოვარდა აივანზე პიჟამოიანი წერო და შეცბა - სულ რატომ ვყვირივართ? - ნირწამხდარი შეიყუჟა სახლში. ოთახებში მიმოფანტული წიწილები ძლივს შეკრიბა, დასამშვიდებლად კალათში “გრელკა” ჩაუდგა და კალათა თეთრეულის კარადაში ღრმად შემალა. წიწილები მაინც წიოდნენ უნიათოდ.

აღარ იცოდა რა ექნა და ლაგებას მიჰყო ხელი. მივიწყებულ ფუნჯებს და საღებავებს მოჰკრა თვალი და იატაკზე გადმოაწყო. მთელი ღამე უჯრები ალაგა... თვითონ არეული დარჩა.

ბებოს არაფერი გაუგია. ბებომ კარგ გამოსავალს მიაგნო. ბებო წინა ღამით დაყრუვდა.

წეროს მოხუცის შეშურდა

ლამაზ ბაღში მდგარი ერთსართულიანი თეთრი შენობა, სადაც ასტა პირველად ნახა, მუზეუმი იყო. ასტა აქ გიდად მუშაობდა, მამამ მოაწყო სტაჟისთვის, უმაღლესში ჩასაბარებლად.

საუკუნის დასაწყისში ამ პატარ-პატარა სარკმელებად დანაწილებულ დიდფანჯრებიან სახლში ერთი მუსიკოსი მხატვარი ცხოვრობდა, ჩურჩულივით გვარი ჰქონდა - ჩურლიონისი. სევდიანი ბავშვობა... ტრაგიკული ხვედრი... არაფერი მღვრიე დროებისთვის შეუფერებელი.

მხატვარი ხატავდა გასვენებებს, პანაშვიდებს, ზოდიაქებს, ყულფებს, ადამიანთა სილუეტებს, ცაზე ამაღლებულ მთებს, იმქვეყნიურ ეკლიან ყვავილებს, ერთ ცაზე ბევრ მზეებს, მინდვრებს, მინდვრებს, მინდვრებს და ისევ ყულფებს, ყულფებს, ყულფებს, ჯვრებს და ჯვარცმებს, ჯვრებს და ჯვარცმებს. იგი ხატავდა მუსიკას და წერდა მუსიკას თითოეული ნახატისთვის. მისი ყვითელი იყო სასულე ინსტრუმენტების ლითონებისფრად ცივი. მისი შავი იყო ორკესტრის უორკესტრო ხარო, მისი არპეჯიო - ერთცაზებევრმზისფერი. მისი ჯვარცმები რეჩიტატივივით მეორდებოდა.

მხატვარი ორღანზე უკრავდა, მამა ეკლესიის მსახური ჰყავდა, ფოლკლორს იკვლევდა... არაფერი მღვრიე დროების შესაფერი.

ორღანი უკრავდა ტურისტებისთვის.

წერო არასდროს ყოფილა ამდენად მისტიურ, ასეთ ნათელ, ასეთ საშიშ და ასეთ შინაურ მუზეუმში.

მთავარ ოთახში რომ შეაბიჯა, იქ საიდანაც მუსიკა მოედინებოდა, თვალები მოხუჭა, რადგან უამრავ სინათლეში აღმოჩნდა. სინათლე ფანჯრებიდან, ფარნებიდან და მომეტებულად ნახატებიდან გადმოდიოდა. ოთახი - სინათლით სავსე ჭურჭელი. სინათლეში ალაგ-ალაგ ამოჩრილი გამხმარი ყვავილები, ბზობა-აღდგომისთვის თაიგულად შეკრული ხორბლის თავთუხები, უკვდავები, ნარშავები... ეკლიანი სინათლე. ასტა ამ სინათლის სუსხში ჯერ გაკრთა, მერე გამოკრთა, მერე გამოიკვეთა, ბოლოს გამკვეთრდა.

წერო თვალებგაფართოებული უყურებდა შემოსულს, ირგვლივმყოფნი პირდაღებული შესცქეროდნენ ორივეს.

ერთი სიმაღლისანი იყვნენ, ჯიშიანი ცხენებივით უზადოდ აწყობილები, გადამტვრევას რომ არაფერი უკლდა, გრძელი კისრებით. ასტას მუხლებამდე სცემდა სქელი, ლარივით სწორი ჩალის ძნა-თმა, წეროს მკლავის სიმსხო, წელს გვარიანად ჩაცდენილი კუპრივით შავი ნაწნავი გველივით ეტმასნებოდა ხერხემალზე.

ორივეს ციური სხივი ედგა, ერთს ბალტიის ზღვისფერ, მეორეს შავიზღვისფერ თვალებში. ერთის ტუჩები ასტრებს ჰგავდა, მეორის ტუჩები ბროწეულის ყვავილს.

ცივი და მხურვალე სილამაზე ერთმანეთისკენ გაემართა.

წეროს მოეჩვენა, რომ ძალიან დიდი, დიდი დრო გავიდა მათ შეხვედრამდე:

- gamardjoba! - ოდნავშესამჩნევად გაუღიმა ასტამ. ...და პირველად მაშინ მოხდა: წერომ იგრძნო, რომ სადღაც თავს ზემოთ, სრულიად ცარიელი სხეულის მიღმა ვიღაცას შეხვდა.Aარასდროს ყოფილა ამდენად სავსე, გაწონასწორებული, მშვიდი და ბედნიერი.

- შვენტეს! - ერთადერთი სიტყვა იცოდა წერომ ლიტვურად. სიტყვა დღესასწაულს ნიშნავდა და წეროს ხმამაღლა გაეცინა.

მეორედ როცა მოხდა, თეთრ ქვიშაზე იწვნენ, გადაღებებით დაღლილები და ჩრდილოული მზის ასთენიურ გზავნილში ცდილობდნენ გარუჯვას. Fფოტოგრაფები, სტილისტები და აგენტები უკვე შემოეფანტნენ. წასვლისასOოქროს მთებს დაპირდნენ ორივეს, მაგრამ წეროს ეს მოყვითალოდ თეთრი, უკაცრიელი დიუნები ყველა მწვერვალს ერჩივნა იმ წუთში.

- რა სიჩუმეა, - სიჩუმის დარღვევის შიშით არ თქვა წერომ.

შეხვედრა ისევ მათ თავზე ლივლივებდა. “იქ” სხეულსმიღმა სიმშვიდეში კარგი იყო.

მესამედ ეს მოულოდნელი ერთიანობის გრძნობა თბილისის აეროპორტში ბოლო შეხვედრისას გაუმეორდა.

- დიდი ცვლილებები გველის, - უთქმელად თქვა ორივემ ერთად, ერთად გაისმა ორივეს ფიქრში. ერთი და იგივე სხვადასხვა ენაზე გაიგეს და ერთმანეთს ხელი დაუქნიეს.

ბარი დღითი დღე იკრებდა ძალებს.

ბარი დღითი დღე უფრო და უფრო ბევრ მნახველს იზიდავდა.

ბარი ფართოვდებოდა და სამუშაო საათების რაოდენობას ზრდიდა.

ღამით ძილი შეუძლებელი გახდა.

ჭერს უხეში ზანზარი გაუდიოდა, ვიბრაცია და ჩექმების დრაგუნი ბზარს ბზარზე მატებდა წინა საუკუნეში შებათქაშებულ კედლებს. ნაფშხვენები ანტიკვარულ ავეჯს ეყრებოდა. ძველებური ბუფეტების და კომოდების მოტეხილი ჩუქურთმები იატაკს. კერამიკულ ბუხარს შავ კვადრატებად აჩნდა ჩამოცვენილი, ოდესღაც მოცისფრო-მომწვანოდ მოჭიქული კაფელი. ცარიელი წიგნის თაროები ბრახა-ბრუხით ცვიოდა ძირს. მუსიკა დილამდე ხმაურობდა, ჩხაოდა, ხაოდა, გრგვინავდა, ბზუოდა, წუოდა, წიოდა, წვალობდა, აწვალებდა მსმენელს. კიოდნენ მოცეკვავეებიც, ხანგრძლივი ღამისთევით შეშლილი მეზობლები უკიოდნენ ბარის პატრონს, ბარის პატრონი უკიოდა მეზობლებს და კივილით მოვარდნილ პატრულს. კიოდნენ მთვრალი ქალები იქვე, ეზოში, ან, უკეთეს შემთხვევაში, ავტოსადგომზე ჩაწკაპულ ავტომობილებში განცდილი სიამოვნებისგან. კიოდა სასწრაფოს სირენა და ჭკუიდანგადამდგარი მარცხენაფლიგელელი მეზობლები საავადმყოფოებში გადაჰყავდა. კიოდა სახანძროს სირენა, რომელსაც მომიტინგე მარჯვენაფლიგელელი მეზობლების წყლის ჭავლით დაშლა ევალებოდა.Kკიოდნენ სარეკლამო ფირნიშებიც კი. ხმაურში მათი რეკლამები ჩაიკარგა და გიგანტური ტელევიზორები მოწადინებულად ცდილობდნენ ხმაურის გადაფარვას.

სახლს შემოალყული აივნების მოაჯირებს და ხვეულ კიბეებს ხრიგინით მიუყვებოდნენ როლერები და სკეიტბორდისტები. ხანგამოშვებით ბარის სახურავზე მოზუზუნე ვერტმფრენები ეშვებოდა და მოფრიალებული კარებებიდან მადააშლილთა ახალ-ახალ მოხმაურე ნაკადებს ათავისუფლებდა.

იარაღიც ქუხდა კანტი-კუნტად, ვინმე გულმოწყალე სამორინელი თუ მოიკლავდა თავს ათასში ერთხელ.

ხანგამოშვებით ბარიდან დრომოჭმული “დინამიკები” და “უდარნიკები” ცვიოდა. დღისით ეზოს ბავშვები ამ “უდარნიკებზე” ცდიდნენ ღამით დაგროვილ ძალღონეს.

ჟამდაჟამ ფეხზე დამცველი ზონრით პარაპეტებზე მიბმული მძაფრ შეგრძნებათა მოყვარულები თავით მოექანებოდნენ ასფალტისკენ და კიდევ დიდხანს მიქრი-მოქროდნენ სიკვდილ-სიცოცხლეს შორის აღტყინებული კიჟინით.

შენობა კარკასში იხსნებოდა, იშლებოდა და ყმუილივით ხმებს გამოსცემდა.

სადაზღვეო კომპანიამ ხმაურით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი პოლისები საერთოდ გააუქმა. ხმაური ძვირი ჯდებოდა.

ამ აურზაურში წიწილები ქათმებად გადაიქცნენ, კალათში ვეღარ დაეტიენ, გაექცნენ დასკლინტულ ბალიშს, სუფთებზე მისასკლინტად გადაინაცვლეს და ოთახებს შესეულებმა წეროს ბინა საქათმედ აქციეს. ზრდასთან ერთად ხასიათი შეეცვალათ. ავ, ნევროტიზებულ მტაცებელ ფრინველებად იქცნენ ადრე უწყინარი ფრთოსნები. ჩაწითლებული თვალებით მრისხანედ ეძებდნენ მსხვერპლს და საკორტნად აფხორილები მედგრად იცავდნენ ტერიტორიებს.

დღისით ბებია ითხოვდა სუდნოს და ფართობს. ღამით ვარიები ნადირობდნენ თაგვებზე და ლამინირებულ იატაკს პორჭყნიდნენ, კორტნიდნენ, თხვრიდნენ.

დღისით მეზობლები არემონტებდნენ ბინებს და ხმისგაუმტარ კარკასში სვამდნენ, ღამით ბარის პატრონი იმ მეზობელთა ბინებს არემონტებდა, ვინც ვერ გაუძლო წამებას, დანებდა და ბინა გაყიდა.

წერო ჩამოხმა, ნერვების გორგლად იქცა, გადმოყრამდე დაბერილი ძარღვებით, დაქაჩული თვალებით და გაბუებული თმით მედუზა გორგონას დაემსგავსა.

ამ დროს ასტას წერილი მიიღო.

“ინგრიდი გარდაიცვალა. მივემგზავრები ევროპაში მემკვიდრეობის მისაღებად და საცხოვრებლად.”

- აბა რა! - გაეცინა წეროს. -მამას თუ ანიავებ, სარფიანად უნდა გაანიავო! - და ხატვა დაიწყო. ხატავდა თითქოს ჯუნგლებში გზას კვალავდა, მაჩეტესავით იქნევდა ფუნჯებს და გამოჰყავდა და გამოჰყავდა უხეშ ტილოებზე შაოსანი წეროების მგლოვიარე პროცესიები, მამების კრემაციის ცეცხლოვანი პროცესიები, მუქშავი ცები, კუპრშავი მწვერვალები, გამჭვირვალეშავი ტბები და ბევრი შავი მზე. ყულფები, ყულფები, ყულფები. ფერადად გაზეთილი პიჟამო ფუნჯების შესაწმენდად ეცვა, თორემ ქათმებს შიშველიც მშვენივრად მოიგერიებდა მრისხანედ მოქნეული ფუნჯიდან გაფანტული საღებავის შხეფებით.

- შენ ხარ ღორი. - უთხრა მამამთილმა და დედამისს არც კი დახედა, ისე მიუყარა დავრდომილის წამლები რძალს.

- ეგ, თქვენი ღორი შვილი რომ ჩამოვა, იმას უთხარით! - პირდაპირ ტანსაცმლის კარადას შეახოცა წერომ ფუნჯი.

- უმადური და დაუნახავი რო ხარ... არ ჩამოვა. ქალს მისთხოვდა! ყველამ გაიგო შე ყუმო! - მამამთილმა ამაყად გაიხურა კარი.

- აქ საპირფერეშო საითაა? - წყნარად იკითხა წერომ.

მამა უფრო და უფრო მშიერი მოდიოდა. უფრო და უფრო გაცრეცილი ტანსაცმლით, და უფრო და უფრო საიმედო ცნობებით.

- უნივერსიტეტიდან გამომიშვეს.

- სახლის მუშტარი არ ჩანს, ავარიულიაო.

- ნაკვეთი გავყიდე ჩალის ფასად.

- დედაშენის საფლავის ფულს ვეღარ ვიხდი.

მამა საცოდავად ცდილობდა წეროს ბინის მილაგებას, გულსგარეთ სვამდა ხარისხიან ჩაის, განურჩევლად ღეჭავდა ყველანაირ საკვებს, აგენტებისგან და ქათმებისგან იცავდა თავს, ყრუ მოხუცს საათობით ესაუბრებოდა და სულმობრუნებული იკეტებოდა საკუთარ მარტოობაში.

წერო ხატავდა ხატავდა ხატავდა. ათეულობით ახალი, ფერადი ყულფი დაკიდა ჭერზე.

იმ ჯერზეც მამა იყო სტუმრად. წერო ისეთ ჯვარცმაზე მუშაობდა, სადაც ჯვარი აეროპლანივით მიფრინავდა დიდი ცაცხლოვანი ხრამის თავზე. ქათმები მოხერხებულად მოკალათებულიყვნენ “რენესანსის” რიკულებზე. Bბებომ ის-ის იყო რაღაცა ფართობს მიაგნო და გაირინდა. სწორედ ამ დროს, ჯოჯოხეთურ ხმაურში მკაფიოდ გაისმა, ზედ წეროს სახლის კარებზე როგორ იხმარეს გადამთვრალი ბარმოლეული ქალი.

- ღრმააად, უფრო ღრმააად! - დაბეჯითებით მოითხოვდა ვნებით ჩახრეწილი ხმა.

Uუხერხულ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად წერომ ფანჯარაში გაიხედა. რამდენიმე სართულის ოდენა ეკრანზე მის რეკლამას უშვებდნენ:

- ბარკლები თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის! - გაუღიმა ორეულმა. ხარისხი - სათუთია!!! - დაამატა დიქტორმა.

როცა რახარუხმა გადაიარა, გაალისფერებული მამა მძიმედ წამოდგა და ხავერდგადაცლილი შლაპა ხელებში მოჭმუჭნა.

- მამა... სახლში მინდა... - ძალიან ჩუმად თქვა წერომ.

Uწეროს გასაკვირად მამამ ყინულისფერი გაბოროტებით გამოიხედა თვალებიდან და არადამახასიათებლად მტკიცედ თქვა:

- ეგრე სადაა?! - ჯერ ღორებს აჭამე.

ასტა და წერო თოლიებს აჭმევდნენ ხელისგულებიდან.

თითქოს ზღვა ქვიშას ეფერებაო, ისე მიელამუნა წეროს ბეჭებზე ასტას მშვიდი ხელი.

- ფრთებივით წამოგეწია... - თითქოს ხელისგული დაეწვა, უცებ გასწია, ტუჩებთან მიიტანა და სული შეუბერა.

- იწვი. - გაუცინა მშვიდობიანად.

წერო მაშინაც სხვაგან იყო... თითქოს ერთ-ერთ თოლიაში სახლობდა, ან შეიძლება უფრო ზემოდანაც აკვირდებოდა მომხდარს. იქიდან, ზემოდან ჩანდა თვითონ, ასტა, ზღვა, თოლიები, შორეული, მშობლიური ზღვაც და შორეული მშობლიური ზღვის ბინადარი თოლიებიც. მშობლიურ თოლიებს მშფოთვარე ყაშყაში გაუდიოდათ. ასტა ამ დროს მასთან არ იყო. წერომ კისერი მძლავრად აიქნია. შეეშინდა იმის, რაც დაინახა:

- მე არ ვიწვი, მიწა მეწვის.

მეორე დღეს მამამ შვიდი დაჭმუჭნული თვალაუხელელი გაწეპილი გოჭი ჩაუსახლა შვილს.

- აჭამე.

- ეს რაღას ნიშნავს? - შემოვარდა მამამთილი - ღორები გაკლდათ! ჩემით და ჩემი შვილით გიდგათ სული შენც და მამაშენსაც, არ მეყოფით ღორებად. დედა! ახლავე წავედით სახლში!

- ფაართოობი არაა?! სადაა ფართობი? ცუდი შვილები! წეერო, ბეებო უთხარი დამიბრუნონ ფართობი. - ჩაიჩიფჩიფა დედამ.

- მე გაჭმევთ, მე გასმევთ! ახლა თქვენი ღორები მაკლდა! - მამამთილმა წეროს ფუნჯი გამოტაცა და შუა ოთახში დიდი წითელი ხაზი გაავლო. ზღვარს არ გადმოვიდნენ თორეეე…

- ქათმის გრიპისგან არ დაეზღვევით? - თანაგრძნობით იკითხა სადაზღვეო აგენტის კარებში ძალით შემოკვეხებულმა თავმა და წერომ ვეღარ მოასწრო მამამთილისთვის ეთქვა ცნობილი ფრაზა: მამაჩემთან ათასჯერ უკეთ ვჭამდი და ვსვამდიო.

წითელი ზღვარი მალე “ფრონტის” წინა ხაზად იქცა.

გოჭები და უკვე ბურვაკის ხელა ქათმები ერთმანეთს დაერივნენ. თავდაპირველად ქათმებმა დაჩაგრეს და გოჭები საწოლების ქვეშ გააძევეს.

წეროს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას ჭამდა მისი ცხოველ-ფრინველი. ერთი იყო, რომ ისინი თვალსა და ხელს შუა მატულობდნენ. სხვები თუ დღეებით იზრდებოდნენ, მისი მდგმურები საათობით იყრიდნენ ტანს და ტერიტორიებს იყოფდნენ. ხანდახან მამა მოდიოდა და ცხოველებს აშველებდა.

როგორც კი გოჭები გაღორდნენ, ქათმები ერთიანად შეთქვლიფეს. Aამ ამბის მერე წერო თუ ჩათვლემდა, ესიზმრებოდა, რომ ის და ბებო ქათმების ტრაგიკულ ხვედრს იზიარებდნენ. უარესიც, ესიზმრებოდა რომ დინგი ეზრდებოდა და ღრუტუნით ახვანცალებდა ჩაკვარახჭინებულ კუდს, ბებო კი დიდი ქათამი იყო, რომლის შესაჭმელადაც დაბეჯითებით იწევდა. აკრიახებული ბებო-ქათამი საცოდავად ფართხალებდა და ცდილობდა თვალები ამოეკორტნა გაღორებული თავდამსხმელისთვის.

- ერთი დედალიც არ მერგებოდა საახალწლოდ?! - უსაყვედურა მამამთილმა.

- მოდი დავკლათ ერთი ღორი და შევჭამოთ - საცოდავად ამოღერღა ძლივს მოლასლასებულმა მამამ. - მშია.

- ღორი? - გამოცოცხლდა მამამთილი, - ჰო, მართლა, ღორი მაინც შემახვედრეთ, თან ღორის წელიწადი მოდის, ხალადეცი, მუჟუჟი, შებოლვასაც მოვასწრებთ, ცალკე მწვადი... მე ჩავაბასტურმებ! წაშალეთ ეს წითელი ხაზი. რაღას გვიკეთებს.

- ჰაერის ფართობი მაინც დამიბრუნეთ! - დაიჩივლა ბებომ.

- წერომ ის ის იყო ახალი ტილო მოამთავრა. კრიტიკული თვალით შეხედა და მოეწონა. ეს იყო მისი პირველი ნამუშევარი, რომლიდანაც სინათლე იღვრებოდა. მტკიცე, შეუვალი, სარკასტული სინათლე. ტილოზე თავზე ყურსაცვამებ მორგებულ იესოს გადამრჩენელები აქეთ-იქით ექაჩებოდნენ. ჯვარი არსად ჩანდა. სისხლმდინარე ფეხზე მიმაგრებულ აბრაზე წარწერა ჩანდა, ”დაეზღვიე და არ იქნები ჯვარცმული!”

ფუნჯები დააწყო, ბებოს ბალიში გაუსწორა და დახშულ ყურში წასჩურჩულა.

- ფართობი კი არა ბებო, სივრცე.

- დაუბრუნეთ ეს ბინა ნამდვილ პატრონს! - მიაძახა მამამთილს.

მამას როცა გადმოხედა, გული თითქოს ნეკნებში მოეწეწკა, მაგრამ მაინც თვალი თვალში გაუსწორა და თამამად უთხრა:

- არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დაიჯერო, რომ ღორები გაჭმევენ. - ხელები დაიქნია, ჯერ ყულფებს შორის გაინავარდა, მერე ფანჯარაში გასრიალდა და კამარა შეჰკრა.

ეზოში ბარის ნაგავს წვავდნენ. შავი კვამლი იდგა და ფერფლი მაღალ სართულებამდე აბორიალებულიყო.

ღორებმა დინგები წამოსწიეს და უმალვე საჭმელში ჩარგეს. კვამლის სუნი ემწარათ.

- ფრთხილად! - ერთდროულად შეჰყვირეს მამებმა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. შიშით ვეღარც ზემოთ აიხედეს, ვეღარც ქვევით ჩაიხედეს და მოპირდაპირე შენობას გაუშტერეს მზერა. სარეკლამოდ გამოდგმული გიგანტური ტელეეკრანი საინფორმაციო მაუწყებლობას დაეკავებინა:

- ნოუ-ხაუ მილიონერთა სამყაროში! - ფარული ზეიმით აუწყა თანამემამულეებს თმებდაწყობილმა, ტკბილადმომღიმარე დიქტორმა. - შეძლებულმა ადამიანმა გარდაცვლილი მამის ფერფლი ერთკარატიან ბრილიანტად გადააქცია!

© “ცხელი შოკოლადი”

No comments: