Tuesday, February 3, 2009

ახალი ამბები (დეკემბერი, 2008)
























ემილი ბრონტეს რომანი ისევ პოპულარულია

ლონდონის აუქციონზე ემილი ბრონტეს რომანის, “ქარიშხლიანი უღელტეხილის” (“Wuthering Heights) პირველი გამოცემის ეკზემპლარი 114 ათას ფუნტ სტერლინგად - მოსალოდნელზე ორჯერ უფრო დიდ თანხად გაიყიდა. წიგნი, რომელიც 1847 წელსაა გამოცემული, რობერტ კერკმენის ანტიკვარიატის მაღაზიაში შეიძინა ადამიანმა “უცნობი ბრიტანელის” სახელით, როგორც ბრონტეს ნამუშევრების თავგადაკლულმა კოლექციონერმა. ბოლო 35 წლის მანძილზე ამ წიგნის მხოლოდ სამი ეკზემპლარია აუქციონზე გატანილი. “ “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანია. თავად ავტორს საკუთარი სახელი და გვარი წიგნის გამოცემაზე არასოდეს უნახავს. პირველად რომანი მამაკაცის ფსევდონომით - ელის ბელის სახელით გამოქვეყნდა. მხოლოდ ემილი ბრონტეს გარდაცვალების შემდეგ, 1848 წელს რომანის ავტორის ვინაობა ამოიცნეს და “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ინგლისური ლიტერატურის კლასიკად იქცა.


გამოფენა ჯეკ კერუაკის თაყვანისმცემლებისათვის

ჯეკ კერუაკის “On the Road” – ის გამოქვეყნებიდან 50 წლის შემდეგ ნიუ იორკის გამოფენაზე 36 მეტრი სიგრძის ქაღალდის გრაგნილი გამოიტანეს, რომელზეც მწერლის ცნობილი რომანის ხელნაწერია დატოვებული, ასევე აღწერილია წერის პროცესისა და მოგზაურობის მთელი სიგიჟე. ბიტ თაობის ლეგენდარული კერპის რელიკვია - ქაღალდის მასიური გრაგნილი, ასევე მისი და თანამედროვე ბიტნიკების (ბეროუზი, გინზბერგი...) სხვა საბუთები, სურათები, ნივთები, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფინეს. ხელნაწერი “On the Road”–ის ორიგინალურ, ჩაუსწორებელ ვერსიას შეიცავს. იგი ჯერ კიდევ 2001 წელს აუქციონზე გაიყიდა. მისი მფლობელი კერძო პირია, რომელიც 2 მილიონნახევრად შეძენილი ნივთის გამოფენას მხოლოდ განსაკუთრებული პირობით დასთანხმდა - 36 მეტრიდან ნაჩვენები იქნა მხოლოდ ნახევარი, 18 მეტრი.

ასტრიდ ლინდგრენის 100 წლის იუბილე

14 ნოემბერს შვედეთში საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადებიდან 100 წლის იუბილე იზეიმეს. დღესასწაულის ცენტრალური ღონისძიება ვიმერბიუში - ლინდგრენის მშობლიურ ქალაქში გაიმართა. ბავშვები, მათი მშობლები, დიდები, პატარები - შვედეთის ყველა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები ყვავილებით ამკობდნენ საყვარელი მწერლის საფლავს. ქალაქში საზეიმო სვლა და ცნობილი შვედი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საიუბილეო წლის პროგრამა ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარული პროგრამების მთელ რიგს, რომელიც ობოლი და ზრუნვამოკლებული ბავშვების დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. ყველაზე საინტერესო და მასშტაბური პროექტი კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საბავშვო დასახლების აშენება იქნება. ქალაქ “ასტრიდ ლინდგრენის” გახსნა 2009 წელს შედგება.

National Book Awardsის ლაურეატები გამოვლინდა

ტიმ ვეინერი, ამერიკის კონტრდაზვერვის შესახებ დაწერილი წიგნის - ”ფერფლით დატოვებული მემკვიდრეობა: CIA-ს ისტორია”-ს ავტორი, ამერიკული პრემია National Book Awards ის 2007 წლის ლაურეატი გახდა ნომიაციაში “დოკუმენტური ლიტერატურა”. ვეინერი The New York Times-ის მიმომხილველია და მისი პროფილიც სწორედ საიდუმლო სპეც-სამსახურებისა და სამხედრო მდგომარეობის გაშუქებაა. 1988 წელს ვეინერმა პულიცერის პრემია მიიღო რეპორტაჟისათვის, სადაც მან ეროვნული უსაფრთხოების პროგრამები გააშუქა.

ნომინაციაში “მხატვრული ლიტერატურა” პრემიის მფლობელი გახდა დენის ჯონსი, რომანით “კვამლის ხე” ("Tree of Smoke") . საბავშვო ლიტერატურის ნომინაციაში კი ლაურეატად შერმან ალექსი დასახელდა წიგნისათვის “ნახევრად ინდიელის სრულიად ნამდვილი დღიური” ("The Absolutely True Diary of a Part-Time Indian"). სხვადასხვა დროს National Book Awards-ის ლაურეატები იყვნენ ჯონ აპდაიკი, ფილიპ როთი და რალფ ელისონი.










ნორმან მეილერი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

10 ნოემბერს მანჰეტენის ერთ-ერთ საავადმყოფოში ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნორმან მეილერი გარდაიცვალა თირკმელების უკმარისობით. მეილერი 84 წლის იყო და ბრუკლინში ცხოვრობდა. მისი ჯანმრთელობა ბოლო წლებში საკმაოდ დასუსტდა - გარდაცვალებიდან რამდენიმე თვით ადრე მან ფილტვების ოპერაცია გადაიტანა. მეილერი 40-ზე მეტი წიგნის ავტორი და პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატია. იგი პირველივე რომანით გახდა პოპულარული ("The Naked and the Dead") - წიგნი მეორე მსოფლიო ომის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. მწერლის ბოლო რომანი “ციხესიმაგრე ტყეში” (“The Castle in the Forest”) რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. თავისი მკვეთრად განსხვავებული პოზიციისა და გამოხატვის ხისტი ფორმების გამო, მეილერი პროვოკაციულ მწერლად იყო მიჩნეული. ემტერებოდა გორ ვიდალს, ტომ ვულფს, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ფემინისტურ ორგანიზაციებთან.


კარამაზოვები იაპონიაში


ფიოდორ დოსტოვსკის “ძმები კარამაზოვები” იაპონიაში სენსაციური ბესტსელერი გახდა. იაპონური საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, წიგნმა უცხპური ლიტერატურული კლასიკის გაყიდვებში სრული რეკორდი მოხსნა. “ძმები კარამაზოვების” იაპონური ვარიანტი ხუთტომეულია. დღესდღეობით მისი 500 ათასი ეკზემპლარია გაყიდული, და ეს ორჯერ მეტია, ვიდრე 2003 წლის ბესტსელერის - “თამაში ჭვავის ყანაში” - ჰარუკი მურაკამისეული პოპულარული თარგმანი. კარამაზოვების მოულოდნელი პოპულარობა პირველ რიგში თარგმანის განსაკუთრებულობით აიხსნება, რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტის უცხო ენების პროეფესორს, იუკო კამეიამას ეკუთვნის. მისი თქმით, მისთვის მთავარი ამოცანა იყო, რომანი გაემარტივებინა და წასაკითხად იოლი გაეხადა. მიზნის მისაღწევად კი მან ჯერ პწკარედული თარგმანი შეასრულა, შემდეგ კი ტექსტის ადაპტირებული ვარიანტი მიაწოდა მკითხველს.

აზიური ბუკერის მფლობელი დებიუტანტია

აზიური ბუკერის - The Man Asian Literary Prize-ის მფლობელი 61 წლის დებიუტანტი, ჩინელი ძიან რონგი გახდა, რომანით “მგლის ტოტემი” (“Wolf Totem”). პრემია აზიელ ავტორებს გადაეცემათ, რომელთა ნაწარმოებებიც თარმნილია ინგლისურ ენაზე, მაგრამ დაჯილდოების თარიღამდე არ გამოცემულა. წიგნის ავტორის ჯილდო 10 ათასი დოლარია, მთარგმნელის კი - 3 ათასი. “მგლის ტოტემი” ჩინეთში 2004 წელს გამოქვეყნდა და მისი ტირაჟი ჩინეთის ბაზისათვის საკმაოდ დაბალი იყო - სულ რაღაც 20 ათასი ეკზემპლარი. თუმცა სულ მალე წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 20 მილიონიანი ტირაჟით პირატული ვერსია დაიბეჭდა. “მგლის ტოტემის” ინგლისურ თარგმანზე საავტორო უფლებები ბრიტანულმა გამომცემლობამ Penguin Press-მა შეიძინა. ძიან რონგის რომანის ინგლისური ვერსია 2008 წლის მარტში გამოვა გაყიდვაში.

გონკურის პრემია 2007

საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის - გონკურის 2007 წლის ლაურეატი Kჟილ ლერუა გახდა (Gilles Leroy). მწერალს ჯილდო რომანისათვის “ალაბამას სიმღერა” (“Alabama Song”) გადაეცა. წიგნი ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მეუღლის, ზელდა ფიცჯერალდის შესახებ მოგვითხრობს. ჟილ ლერუა 48 წლისაა. მისი პირველი რომანი 1987 წელს გამოქვეყნდა. კონკურენტები საუკეთესო ფრანგულენოვანი რომანის ავტორის წოდებაზე იყვნენ ოლივიე ადამი, ფილიპ კლოდელი, მიშელ ლესბრი, კარლა დიუპონ-მონო.

პრემია 1903 წლიდან დღემდე ყოველ წელს გაიცემა. ათკაციანი ჟიური გადაწყვეტილებას პარიზის რესტორან “დრუანში” (Drouant) იღებს, ჯილდოს ფულადი რაოდენობა კი სიმბოლური - მხოლოდ ერთი ევროა. სხვადასხვა დროს გონკურის პრემიის ლაურტატები იყვნენ სიმონა დე ბოვუარი, მარსელ პრუსტი და ა.შ.










ჰარპერ ლის ჯორჯ ბუში აჯილდოებს

მწერალი ჰარპერ ლი ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს, თავისუფლების მედლის მფლობელი გახდა. მწერალი ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა დააჯილდოვა ლიტერატურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მწერლის ერთადერთი რომანი, “მოკალი ჯაფარა” ("To Kill A Mockingbird") 1960 წელს გამოიცა, მაშინვე პოპულარული გახდა და დღემდე ბესტსელერი წიგნების სიაშია. 1999 წელს ჰარპერ ლის რომანი ასწლეულის საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა, ორჯერ არის ეკრანიზებული და პულიცერის პრემიითაა აღნიშნული. თავად ჰარპერ ლი 81 წლისაა. იგი იშვიათად ჩნდება ხალხში და ინტერვიუებზეც უარს ამბობს, თუმცა, 5 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდა და პრემიაც ჯორჯ ბუშმა პირადად გადასცა.

ჩეხური პრემია ფრანგ ავტორს

ფრანგი პოეტი, 84 წლის ივ ბონფუა, ფრანც კაფკას პრემიის სახელობის ლაურეატი გახდა. პრემია - ფრანც კაფკას მცირე ზომის ქანდაკება და 10 ათასი დოლარი პოეტს 30 ოქტომბერს პრაღაში გადაეცა. ბონფუა, ომისშემდგომი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი ლიტერატორი და ცნობილი მთარგმნელი, მეშვიდეა, ვინც ეს პრემია მიიღო. 2006 წელს კაფკას სახელობის ჯილდო ჰარუკი მურაკამის, მანამდე კი ელფრიდე იელინეკსა და ჰაროლდ პინტერს გადაეცათ. ბონფუა არაერთი ლიტერატურული პრემიის (გონკურის, მონტენისა და საფრანგეთის აკადემიის ჯილდოები) მფლობელია, გამოცემული აქვს შექსპირისა და იეიტსის (William Butler Yeats) თარგმანები, არის არაერთი პოეტური, პროზაული თუ ესეისტური კრებულის ავტორი.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: