Friday, February 20, 2009

გიგი სულაკაური


















ყაყაჩოების მინდორი


შინიდან გვიან საღამოს გამოვედი. ვერაფრით გავჩერდი სახლში, რა მექნა, არ ვიცოდი, სული მეხუთებოდა, ოთახებში ადგილს ვერ ვპოულობდი.
კოსტავას და პეკინის ქუჩები როგორ გადავჭერი, ნაღდად არ მახსოვს, მაგრამ გადავჭერი, მოვახერხე. ახალი გამომძვრალი ვიყავი ალკოჰოლის ჯურღმულებიდან და გარეთ პირველად იმ საღამოს გამოვეხეტე.
უცნაურად შემოდიოდა ჩემში სამყარო, - ასეთი რამე ადრეც მომსვლია, თუმცა, ასე მძაფრად არასდროს, - მეჩვენებოდა, რომ სკვერი "ბუკიაზე" აღარ არსებობდა, მის ნაცვლად ყაყაჩოების მინდორი იყო გაშლილი. ცასაც უდაბნოს ქვიშისფერი ედო, - ასეთი ცა ამქვეყნად არ არსებობს, თუმცა, მტკიცედ მჯეროდა - ყველაფერი რიგზე იყო, განსაცვიფრებელს ვერაფერს ვატყობდი.
მინდვრის ბოლოს ლილის სახლი იდგა. ლილი მე მელოდებოდა. ოდესღაც ძალიან მიყვარდა ეს ქალი და თავი შემახსენა. ასირიელი ლილი - უხსოვარი დროიდან დაკარგული ჩემთვის, ჩემი მეხსიერებისათვის...
უკვე ვხედავდი კიდეც ოთახს და ტახტს, რომელზეც ლილი იწვა. ოთახში მძაფრი სუნი იდგა, უცნობი ნელსაცხებლების, ასირიული, სხვა რჯულის სუნი, რომელიც ჩვენს ბინებში არანაირად არ ჩერდება, ფეხს ვერ იკიდებს. ნახევრად ბნელ ოთახში წელსზევით შიშველი ლილი ორმაგად შავგვრემანი ჩანდა, ძუძუს კერტებიც მუქი, ნახარში ენდროსფერი ჰქონდა.
"Краплак красный тёмный”, - რატომღაც რუსულად გავიფიქრე. ალბათ იმიტომ, რომ კრაპლაკის ქართული შესატყვისი არ ვიცოდი. მე ის ვიცოდი - საღებავი და ძუძუები შორს არიან ერთმანეთისგან...
უცებ სახე მეტკინა, ჩემ წინ ლილის სახლი კი არა, ჟამისაგან დარბეული და გვერდში ჩატეხილი ჯიხური დამხვდა. ჯიხურს სახურავი დაკარგვოდა და შიგნიდან ყროლი უბერავდა.
- ნელა, კაცო, ეგრე სახეს გაიტეხ!..
ხმამ გამომაფხიზლა. სახით და სხეულით ბაღის რკინის გისოსებს ვიყავი მიწებებული. ისე ვაწვებოდი, თითქოს გისოსებს მიღმა ვაპირებდი გასვლას.
- ეგრე აპირებ ბაღში მოხვედრას, ტერმინატორი ხარ, ძმაო?! - აშკარად დამცინოდა ვიღაც ნაბიჭვარი.
არაფერი მითქვამს, არც შემიხედავს რეპლიკის ავტორისათვის, გამოვტრიალდი და აუზისკენ წამოვედი.
გვიანი შემოდგომა იდგა და შადრევანი აღარ იფრქვეოდა, თუმცა, აუზში წყალი მაინც დავინახე. ლამპიონით განათებულ წყალსაც ნახარში ენდროსფერი მიეღო და მე მივხვდი, - აუზს ფსკერი არ ჰქონდა, წყალი საიდანღაც, პლანეტის სიღრმეებიდან იყო ამოწოვილი. დედამიწის ბირთვის არომატი განძსშემოხვეული დრაკონივით იწვა ირგვლივ.
- ისე უნდაA ჩაგვიარო, რომ სალამიც არ გვაღირსო, არა?!
აუზის ბაგეზე ჩემი ორი "ბებერი" უბნელი იჯდა. ვერ შევნიშნე, ამის დედა ვატირე.
- ვუყურებდით შენს ჯახირს და წვალებას, მაგრამ არ მოგეშველეთ, გვაინტერესებდა, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. - გურამს უყვარდა "პირდაპირი" ლაპარაკი.
- საღამო მშვიდობისა, ბებრებო! რას ვიფიქრებდი, თუ ისევ ქაღალდის ნავებით ერთობოდით, მე კი ამ ბოლო დროს გულუბრყვილოდ გადავწყვიტე, გაიზარდნენ, სერიოზული ბიჭები დადგნენ-მეთქი... თურმე, რა მწარედ ვცდებოდი!..
- კაკია დავკრძალეთ... ქელეხზე ვერ გავჩერდით და წამოვედით...
- რომელი კაკია, ბორჯომელი?
- ჰო, ჩვენი კაკია, ნოზაძე... უაზროდ დაიღუპა ავარიაში. წეროვანთან მოხდა ამბავი.
- მერე ვერ მითხარით, ბიჭო? მე არ გაგაცანით, თქვეჩემა, რით ვერ ისწავლეთ ვერაფერი?!
- გითხარით, მაგრამ არ იყავი. წამო, თითო ჭიქა წავუქციოთ. - ლევანმა პიჯაკი გაიხსნა და არყით სავსე "ნაბეღლავის" ბოთლი დამანახა.
- მაგას ვერ დავლევ, ლევან, ხომ იცი, აკვარიუმის სპირტს არა ვსვამ...
- დაბეჭდილი ვიყიდოთ, რა პრობლემაა... წამო, წამო, გაიხსენე, როგორ გიფრთხილდებოდა კაკია. ჩვენ აკვარიუმის წყალს დავლევთ, შენთვის, რასაც იტყვი, იმას დავითრევთ.
- გამდიდრებულხართ, ბიჭო, ამ ერთი კვირის წინ ფეხშიშველები მახსოვხართ.
- ტყავი ვიყიდეთ... სულ ეგ არი, მეტი არაფერი.
- რაღა დროს თქვენი ჯიბგირობაა, დედა, ბიჭო, რა იდიოტები ხართ, რა გეშველებათ, მე ამის დედა ვატირე!
- რა მექნა, ძმაო, ისე ალმაცერად ედო იმ გორსალას, სულმა წამძლია... კარგი, მოვრჩეთ, რაც იყო, იყო...
- მერე თუ გამდიდრდით, ისევ ეგ "ფეკალური" უნდა სვათ, ღმერთი არა გწამთ, ბიჭო?!
- "პეჩატკას" რომ მივეჩვიოთ, ცოდოები არა ვართ, ვინ მოგვხედავს, ძმაო?!
ხელი ჩავიქნიე და გავყევი.
დოლიძის ქუჩისკენ წავედით და ლიკანის სანატორიუმის ჭიშკართან ამოვყავი თავი - იასგან გამოვედი. ია სანატორიუმში მუშაობდა და მეც კვირაში 2-3 ღამეს მასთან ვათევდი ხოლმე. გვიან მივდიოდი და უთენია ვტოვებდი იქაურობას. რა თქმა უნდა, მე ფეხებზე მეკიდა ყოველგვარი კონსპირაცია და შპიონაჟი, მაგრამ ქალს ვერ დავაღალატებდი. თანაც, ძალიან მომწონდა - ია მაღალი, ფორმებიანი, ენერგიული არსება იყო, ლოგინში არავითარი კომპლექსი არ აწუხებდა. ერთადერთი ნაკლი ჰქონდა - რბილი "ლას"-ი და იმასაც მივეჩვიე, ყურადღებას აღარ ვაქცევდი.
გარეთ დიდი თოვლი იდო, სასტიკად ყინავდა და მზე ამოდიოდა - დათოვლილ მთებს კაშკაშა ნარინჯისფრად ღებავდა. თვალებს მტკენდა, ზედმეტად ლამაზი იყო ჩემთვის და იმ საშინელი დილისთვის.
დალიანდაგებული "სალდათური" ბუშლატა და კირზის ჩექმები მეცვა და შინნაქსოვი მატყლის ქუდიც მეხურა და არაფერი მშველოდა, - მდინარე ნესტიან ყინვას მოაქროლებდა, - ცნობიერიც და ქვეცნობიერიც გათოშილი მქონდა. ჯიბეში "ენისელით" სავსე, ასევე სალდათური მათარა მედო და ვემეგობრებოდი, სხვა გზა არ მქონდა, გავიყინებოდი, კლონდაიკზე გაყინვა კი ნაღდად არ შედიოდა ჩემს გეგმებში.
ბორჯომამდე ფეხით ვიარე,Aარც მანქანა შემხვედრია, არც - ადამიანი. მაწანწალა ძაღლებიც არსად ჩანდნენ, ამის დედა ვატირე. ჩემდა მოულოდნელად, Eეჭვი შემეპარა, ხომ არ მესიზმრება ეს ყველაფერი-მეთქი. ძველ სასტუმროსთან შევჩერდი და ერთხანს ვიწრიალე, იქაც არავინ გამოჩენილა. სასტუმროს არცერთ ფანჯარაში არ ენთო შუქი. ისედაც ბნელი და სარემონტო შენობა წარმოუდგენლად პირქუში, შავი, უსახური და საშიში ჩანდა.
"აქ ალბათ აღარ ცხოვრობენ..." - დავასკვენი. "პალე ისევ მარტოა ქვეყანაზე!.."
ცოტა ხანს კიბეზე ჩამოვჯექი და სული მოვითქვი. ნამთვრალევი, გამოუძინებელი, გადაღლილი და გამოფიტული ვიყავი. მერე ხიდზე გადავედი და პარკისკენ გავუტიე. თამბაქოს კვამლი კონიაკთან და ყინვასთან ერთად მეღვრებოდა სხეულში და მფხაჭნიდა, კატის ბრჭყალებივით მკაწრავდა და ჯიგარს მისერავდა.
პარკი ვეღარ ვიცანი, დიდთოვლობას ისე შეეცვალა იქაურობა. უზარმაზარი, გენიალური ნაძვებიც ზედმეტი ბამბით გადატვირთული, გოიმურ-დეკოტარიულ საახალწლო ნაძვის ხეებს ჰგავდნენ. ანდა მე მეჩვენებოდა ასე, არ ვიცი... ყინულმჭრელივით მივარღვევდი გაუკვალავ თოვლს და ვფიქრობდი, აქ რა მინდა, რამ მომიყვანა, რა დამრჩენია-მეთქი...
მერე ყვავებს დავადექი თავზე. რვა დიდი ყვავი მოძრაობდა თოვლზე, ცერად იხედებოდნენ, დახტოდნენ და, როგორც მომეჩვენა, კარგ გუნებაზე იმყოფებოდნენ. არც დამფრთხალან, ნაბიჯიც კი არ მოუცვლიათ.
"ვაჰ, დედას თქვენსას, ყოვებო..." - გავიფიქრე და გამახსენდა, რომ არწივი არა ვარ, მით უმეტეს, დაჭრილი არწივი და ომი და ჭირსახდელი შორს არის ჩემგან...
"ყინავს, ბიჭო, რა დროს ომი და ატომური ბომბებია..."
უცებ სიცილი ამიტყდა, - ის დღე მომაგონდა, როცა მე და ჩემმა ძმამ ასე ახლოდან პირველად ვნახეთ ყვავი.
საშინელი ქარიანი დღე იდგა თბილისში. მე და ჩემი ძმა ფანჯრიდან ვიხედებოდით, - ქარს ვუყურებდით. რაღა არ დაქროდა ჰაერში: ცელოფნის პარკები, ფერადი ბუშტები და ხმელი ფოთლები, ადამიანები და პრეზერვატივები, მანქანები, სტადიონები და ქუჩები, გარაჟები, ძაღლები და კატები... ამ დროს ყვავიც გამოჩნდა, ქარის საწინააღმდეგოდ მიფრინავდა. ოფლად იღვრებოდა, ფრთებს ნელა, მძიმედ, დიდი გაჭირვებით იქნევდა და მაინც მიფრინავდა. ეტყობა, გადაუდებელი საქმე ჰქონდა, თორემ იმ გრიგალსა და გაუსაძლისში თავს არ გასწირავდა, არ გაწვალდებოდა და გაირჯებოდა. ჩვენი ფანჯრიდან ხუთიოდე მეტრით თუ იქნებოდა დაშორებუოლი.
- ნეტავ, სად ჯანდაბაში მიფრინავს ეს დეგენერატი?! - იკითხა ჩემმა ძმამ.
ორივეს გაგვეცინა და ყვავმაც სწორედ მაშინ მოიხედა. ბედკრულს ისეთი სევდა, ნაღველი, ტკივილი და კაეშანი ედგა თვალებში, მისი საცოდაობით ქვა დადნებოდა.
თითქმის მთელი წუთი იქნია ფრთები ჩვენი ფანჯრის წინ, თანაც ირიბულად გვიყურებდა, უფრო სწორად, შიგ სულში ჩაგვყურებდა. ბოლოს ძალიან მაგრად გაუჭირდა, ერთი ამოიოხრა და შემოგვყრანტალა:
- კარგია, არა, თბილ ბინაში ყოფნა, თქვენი დედა მოვტყან! - მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ქარი მოერია, წაიღო და ერთ წამში გადაკარგა.
მაგრები არიან ყვავები, მიყვარან ეს ჩიტები.
მოულოდნელად, ჩემი ყვავები დაფრთხნენ, წამოიშალნენ და ყრანტალით გადაუარეს ხეებს. სარბიელზე კი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, - მარტო სქელი სვიტრი ეცვა, ჯინსები და ჩემსავით - კირზის ჩექმები. ერთიანად გაოფლილი, მძიმედ სუნთქავდა, - ნარბენი ჩანდა. არ მახსენდება, ზევიდან მოვიდა თუ მდინარის მხრიდან. რომ დამინახა, შეჩერდა და უცნაურად შემათვალიერა.
- გამარჯობა! - მომესალმა.
- გაგიმარჯოს!..
- ხაშურელი ხარ? - დაეჭვებული შემეკითხა და ვიგრძენი, როგორ დაიძაბა.
- არა. თბილისელი ვარ.
- აქ რას აკეთებ?
- რომ გითხრა, ვსეირნობ-თქო, დამიჯერებ?
- დაგიჯერებ. თვალებზე გეტყობა, რომ არ იტყუები.
- ჯიგარი ხარ. კონიაკი მაქვს, დალევ?
- მოიტა... მე კაკი მქვია, შენა?
ვუთხარი და მათარა მივაწოდე. კაკიმ მოზრდილი ყლუპი მოსვა, მათარა დამიბრუნა და ირგვლივ მიმოიხედა.
- სასტურმროში ცხოვრობ?
- არა, ბინა გვაქვს ნაქირავები... ჩარხიწყალზე.
- ვისთან დგახართ?
- ბარათაშვილებთან.
- ეგ სად არი, რა ადგილია, აქ თითქმის ყველას ვიცნობ, ეგენი არ გამიგია.
- აბა, როგორ აგიხსნა, ხარისჭირაშვილების სახლიდან ათიოდე მეტრში ასახვევია... ჩვენი სახლი კარგა მაღლა დგას... თუ არ ვცდები, ბარათაშვილები ახალმოსახლეები არიან...
- იცნობ ძია ანტონას? - კაკი აღარ დაინტერესებულა ჩემი მასპინძლებით.N
- ვიცნობ. შაბათ-კვირას ერთად ვუბერავთ ხოლმე. ამას წინათ ბოცით საკუთარი ღვინო და სიგარეტები გამომიგზავნა, ცოტა ხანში თვითონვე შემოჰყვა თავისავე ძღვენს, დილამდე ვსვით... ან როგორ ამოვიდა იმ აღმართზე?!
- ძველი "ზაკალკაა", მაგარი კაცია, ცოტა "ჩუდაკია", მაგრამ პატივს სცემენ.
- ჰო, მეც მომხიბლა. ხანდახან, თუ არ ეზარება, ომზე, ავსტრიაზე და იქაურ დედაკაცებზე მიყვება ამბებს. კარგი მოყოლა იცის, ოღონდ, - გამეცინა, - ფ-ს ნაცვლად, რატომღაც რუსულ Ф-ს ხმარობს.
- ეგრეა. მის დასაც ხომ არ იცნობ?
- ვიცნობ. ქეთოს შეკვეთას ვასრულებთ ქარხანაში.
- აა, თქვენა ხართ ის მხატვრები? მერე აქ რა გინდა, ძმაო, ამ ყინვაში მართლა სეირნობ თუ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? ახლა ფეჩთან უნდა იჯდე, შეშას უკეთებდე.
- კაკი, არ გიფიქრია, მე რატომ არ გეკითხები, ასე შიშველ-ტიტველი აქ რას აკეთებ-მეთქი?
- არა, - გაეცინა, - არ მიფიქრია... წამო, წავედით, მე ასახვევამდე გამოგყვები და ანტონასთან დავრჩები, შორიდან მენათესავება ეგ კაცი.
- ეგრე კუდაღებულად გარბიხარ, ბალღო? მაიცა, საქმე მაქ შენთან...
შევჩერდით და შემოვტრიალდით. ჩვენ უკან ორი ბრგე მუტრუკი იდგა, გრანიტისგან ჩამოსხმულები, თავგადახოტრილები და წარბებგადაბმულები. მსხვილ ბარძაყებზე შარვლები ასკდებოდათ, მძიმე, "Труд"D-ი ბატინკები ეცვათ და ძალიან ცუდად იღიმებოდნენ. გამიკვირდა, ვერაფრით დავადგინე, როგორ მოგვიახლოვდნენ, არც თოვლის ხრაშუნი გამიგია, არც რაიმე სხვა ხმა, ჩქამიც კი არ გაუღიათ ჩემანალებს.
- წადი, რა, მოტყდი, ძმაო, ამათ ჩემთანა აქვთ საქმე. - ჩუმად გადმომილაპარაკა კაკიმ. - წადი, რა, დამიჯერე, წადი! მერე წინ წამოსულ მუტრუკს პირისპირ შეხვდა და მიმართა:
- ვა, კუროკ, მთვარიდან ჩამოვარდი თუ პირდაპირ აქ დაიბადე, ეგრე გაუპარსავი?!
- რა ძალიან გამითავნიერდი, ბალღო! ხედავ, ბადრი, როგორ მელაპარაკება, - გასძახა მხარსუკან მეორეს, - მე კი ბუშლატა წამოვუღე, ბალღს არ შესცივდეს-მეთქი. - კუროკამ მკლავზე გადაკიდებული ბუშლატა თოვლზე მიაგდო.
- გაბევრებულან, კუროკ, ემანდ მარცხი არ მოგვივიდეს. - ბადრიამ გადაიხარხარა. - ეგ ვინ არი, მღვდელია თუ ბიტელსი?
შეკითხვა მე მეხებოდა, მაშინ გრძელი თმა მქონდა და წვერმოშვებულიც ვიყავი.
- მხატვარი ვარ, - ვუპასუხე. - მღვდელი ეკლესიაშია, ბიტელსი კი ლივერპულში უნდა მოიკითხო, სხვა გზა არა გაქვს, ძმაო, აქ ვერ იპოვი...
- ვაჰ, ვაჰ, რა ჭკვიანია, კაცო?! მაშ ბორჯომს ხატავ, ბალღო? მერე იქნებ ხაშურსაც მიხედო, თორე მხატვრის ხელი აკლია ჩვენ უბანს, - ბადრიამ ისევ გადაიხარხარა და მომიახლოვდა.
- ამ კაცს შეეშვი, ბიჭო, სტუმარია! - ბოღმიანად თქვა კაკიმ.
- შენი სტუმარია, ჩემი ხო არა. - ბადრია უფრო მომიახლოვდა. - გიხდება, ჩემმა მზემ... - ბადრიამ ხელი წამოიღო, გადაწყვიტა ჩემთვის წვერზე მოეთათუნებინა.
ხელი ავუკარი და ეგრევე მუშტიც მომხვდა. ბადრიამ მარცხენა დამარტყა, მაგრად დამარტყა, - ტუჩი გამიხეთქა. არ წავქცეულვარ, მაგრამ უკან-უკან წავედი და თოვლში ჩავჯექი. იმწამსვე კუროკაც დაეტაკა კაკის და წააქცია, მერე ზემოდან გადააჯდა და ურო-მუშტები დააყარა. ერთი, ორი, სამი უმძიმესი მუშტი მოხვდა კაკის, ცხვირ-პირი გაუსისხლიანდა, სახე აღარ უჩანდა. მოკლავდა, დამარხავდა კიდეც კაკის, მაგრამ მოულოდნელად საოცარი რამე მოხდა, - კუროკამ არაადამიანურად დაიყვირა, რაღაც გაუგებრად ამოიხრიალა, გვერდზე გადავარდა და მოიკუნტა, ჩანასახის პოზა მიიღო.
კაკი წამოხტა და ბადრის მიუტრიალდა. ხელში დიდი დანა ეჭირა და რაღაცას გაჰყვიროდა. ბადრიაც ყვიროდა, თუმცა ადგილიდან არ იძროდა, დაბნეული, გაფუჭებული ჩანდა. მე კი უკვე აღარაფერი მეხმოდა, - წყალქვეშ ვიყავი, კოსმოსში, ვაკუუმში, ყველგან, ოღონდ იქ არა ვყოფილვარ. მერე ერთი წამით უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა, სიჩუმის მიღმა სიჩუმე ჩამოწვა ირგვლივ და სამყაროც ისევ ჩაირთო, მომენტალურად დაიქოქა, ახმაურდა და ფერები დაიბრუნა.
კუროკა ნელა წამოიწია, ცალ მუხლზე დადგა. ხელს მარცხენა ფერდზე იჭერდა, მთელი სვიტრი და შარვალი სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი. გაფითრებული, წარბებსქვემოდან აჰყურებდა კაკის და, უცნაურია, არც შიში და ზიზღი, არც ტკივილი და სიბოროტე არ ედგა მზერაში. მერე ტუჩის კუთხეში რაღაც ღიმილის მსგავსი გამოეხატა და "მტერს" მარჯვენა გაუწოდა. კაკი მხარში შეუდგა, ჩვენც მივეშველეთ, - კუროკა წამოვაყენეთ. ძალიან შემეცოდა, ბიჭი მძიმედ იყო დაჭრილი.
- კარგი, ჰო! - თქვა უცებ კუროკამ. - მე თვითონ...
- გივია პაპასთან აიყვანე, - მიუბრუნდა კაკი ბადრიას, - ეგ სახლშიც მკურნალობს ხოლმე... თუ არ იცნობთ, მე გამოგყვებით...
- ვიცნობთ. - მოკლედ მოუჭრა ბადრიამ, ეტყობოდა, გუნება მოშხამული ჰქონდა, არ ელოდა ნადირობის ასეთ დასასრულს.
- შენ, ბალღო, მღვდელი ხარ თუ ბიტელსი? - კუროკა რატომღაც შეეცადა გამხუმრებოდა.
ერთიც ვარ და მეორეც-მეთქი, მისივე მოტივით ვუპასუხე.
კუროკამ თავი რამდენჯერმე დაიქნია, ბადრიას დაეყრდნო და ნელა, მძიმედ გაუყვნენ უკანა გზას ორივენი. ათიოდე ნაბიჯით დაგვშორდნენ და შეჩერდნენ.
- კაკი, ბიჭო, - დაიძახა კუროკამ ისე, რომ თავი არ შემოუბრუნებია, - სახე დაიბანე, ეგრე ნუ გახვალ გარეთ...
მერე, როცა სახეს თოვლით ვიბანდით, კაკიმ ყოვლად ბანალური ისტორია მიამბო, თურმე, გოგოს გამო მომხდარა ყველაფერი.
- მთელი ორი ქალაქი დასდევს, ვერ წარმოიდგენ, იმდენი ომი მაქვს გადახდილი. - კაკიმ კონიაკი მოსვა და მათარა თოვლში "ჩაასო". - არ მეგონა, ბადრია ხელს თუ დაგარტყამდა...
- რა მოხდა, არაფერია, ერთი მაგის... შენ რა გეშველება, უნდა მოტყდე, თორემ ნაღდად დაგბრიდავენ.
არ მიყვარს ცივი კონიაკი. - მათარა ისევ ჯიბეში დავაბრუნე.
- არა, არაფერს არ მიზამენ, ჰო, არაფერს არ მიზამენ, - ორჯერ გაიმეორა კაკიმ, - მე ვიცნობ კუროკას.
- ერთი ის გოგო მანახა, როგორია, რას წარმოადგენს...
- რას უნდა წარმოადგენდეს, ძმაო, ერთი გაჩხიკული, კაპარჩხანა ნაბოზარია, უბრალოდ, ყველა გადარია და მეც ჩემი ძალები მოვსინჯე, ხომ უნდა ვიცოდე, კაკია ვინ არის, რა შეუძლია... სულ ეგ არის, რა...
წავიდნენ ხაშურელი ბიჭები და მზეც საბოლოოდ ამოვიდა. გაანათა თოვლზე სისხლის წვეთები და უზარმაზარი შინდისფერი ლაქა, რომელიც კუროკამ დატოვა. რამდენჯერ გამიგია, - თოვლზე დაწვეთებული სისხლი - ეპითეტი თუ ხატოვანი გამოთქმა, თუ კიდევ 10000 სხვა ჯანდაბა. მაგრამ ის დიდი ლაქა ადამიანის, ხაშურელი ბიჭის სისხლი იყო, რომელსაც თავგამოდებით იწოვდა თოვლი და ჩემი ტვინი, რათა იმ ყინვიან დილას სამუდამოდ ჩამყინვოდა მეხსიერებაში და მოსვენება აღარ მოეცა.
ჰო, ზუსტად ასე იყო ყველაფერი. კაკი მკვდარია და მე იმ სისხლის გარდა ვეღარაფერს ვხედავ, არაფერი მაგონდება.
- ჰა, დაბრუნდი, ბიჭო, თუ ისევ იქა ხარ?! - ჩამესმის გურამას ხმა.
დავბრუნდი. უკვე ოთხნი ვართ, - ბოტა გიგაური შემატებია ჩვენს უძვირფასეს საზოგადოებას. გაპარსულია, დაბანილი (რაც უიშვიათესია მის ხეტიალში) და, როგორც ყოველთვის, მთვრალი.
"სპაილას" გასტრონომში ვართ, კუთხის მაგიდასთან ვდგავართ. ხალხი მიდი-მოდის, "სერიოზული" ნაცნობები თვალს გვარიდებენ, პროდუქტს ყიდულობენ და ელვის სისწრაფით ტოვებენ იქაურობას. ერთი მაგათი, ვფიქრობ და ყველა ფეხებზე მკიდია, გული გასიებული მაქვს, ტვინი - ანთებული, კაკი მტკივა, ამის დედა ვატირე...
ჩვენ წინ "შეუდარებელი" ნატურმორტია: უამრავი პლასტმასის ჭიქა, "ნაბეღლავის" ბოთლით - ფეკალური, ერთი ლურჯი "გომი", ხაჭაპური და ნამცხვრები; მოხალული თხილი და წვენი - “Наш сад”, - ყუთზე მწვანე ვაშლი ხატია, ე.ი. ვაშლიცა გვაქვს და ერთიც არმაზას ბაღის ბროწეული. არმაზაც დიდი ხნის წასულია ამქვეყნიდან.
- შევედი და ნაგლად მოვწყვიტე, არმაზას გაეხარდებოდა. - იპრანჭება ლევანა. - დალიე, ბიჭო, - მეუბნება, - მოგეშვება...
ვსვამ. ჩემ სხეულში საკუთარი ბილიკები აქვს გაჭრილი ალკოჰოლს. დავლიე, წავიდა, თავისი ადგილი იპოვა სასმელმა.
- არ იცი, ბიჭო, იშხანა რა აბიჟნიკი და დამპალიც არი? - აგრძელებს შეწყვეტილ თხრობას გიგაური. - რაღა არი, იყო... ჰოდა, მეც გამიტრაკა, მიყურებდა, მთვრალი ვმოძრაობ, ყველას ვეფერები და ველაქუცები, აბა, რას იფიქრებდა, რომ ეს ჩემი სტილია, ძმაო, რა ვქნა, მიყვარს ადამიანები, მოყვარული კაცი ვარ... იმას კიდევ, ვიღაც ლოხი ვეგონე, რა... არ გახსოვს იშხანა? შეძრწუნებული ყავდა მთელი უბანი, ვერავის ვერ იტანდა და იშხანასაც ვერავინ ვერ იტანდა, დამპალი ჯიგარი ჰქონდა, მაპატიოს გამჩენმა!.. - ბოტამ არაყი გადაჰკრა. - ჰო, იმას ვამბობდი, გამიტრაკა და წავაყარეთ კიდეც ერთმანეთს... მთვრალი ვიყავი და დამაგდო, მერე დანა გახსნა და შვილის საფლავს ვფიცავარ, დამბრიდავდა, ძმაო... მე კიდევ წაქცეულს რიყის ქვა მომხვდა ხელში, ან რა უნდოდა რიყის ქვას ქუჩაზე? მოკლედ, ჩემზე რომ დაიხარა, გვერდიდან გავუქანე და პირდაპირ საფეთქელში გავარტყი... შვილის საფლავს ვფიცავარ, არ მინდოდა მომეკლა... ეგ ჩემისა კი იქვე გათავდა... ავწიე, ნაგვის ურნაში ჩავაგდე და პოლიციაში წავედი. სროკიც ხომ მოვიხადე, მაგრამ მთავარი სხვა რამეა, მაგაზე ვარ გაგიჟებული...
- ბუნკერში რამ გადაგაგდებინა, იდიოტი ხარ, ბიჭო? - ვერ მოითმინა გურამამ.
- აბა, რა მექნა, ქუჩაზე ხომ არ დავტოვებდი, მკვდარი იყო, ძმაო... მაცალეთ, დავამთავრო... ჰო, იმას ვამბობდი, თურმე მთელი უბანი ფანჯრებსაა მომდგარი და გვიყურებენ, სეირს უყურებენ ის ვირიშვილები... მერე უცებ ვიღაც კაცმა გახარებულმა გადმომძახა, მოკალი, ეგ ძაღლისშვილიო? ავიხედე და ეს ამდენი ხალხი რომ დავინახე, კინაღამ დავიცენტრე, თანაც ლამის ტაში დაეკრათ ბოზიშვილებს, რამე რომ იყოს, ბისზე გამომიძახებდნენ, ბიჭო... ნიშნის მოგებით იღიმებოდნენ, კმაყოფილები იყვნენ, იშხანა აღარ ეყოლებოდათ უბანში, მშვიდად დაიძინებდნენ, ისეირნებდნენ და ფულიც შერჩებოდათ ჯიბეზე, არავინ შეაწერდა... ხალხის უგულობამ გადამრია, ბიჭო და დავუძახე, ჩამოეთრიეთ თქვე პედერასტებო, ეგრე ადვილი და სახალისოა ჩხუბის ყურება, სიკვდილი ნახეთ და რამ გაგახარათ, ჩამოეთრიეთ, სეირს აქ განახებთ, თქვენი უჯიშო დედა მოვტყან-მეთქი... ის ქვა ავიღე და უახლოეს ფანჯარას გავუქანე, - შუშიან-ლუსტრიან-ბროლებიანად ავუფეთქე იქაურობა... მე კაცი შემომაკვდა, ის გულგრილი პედერასტები კი ზეიმობდნენ... უჰ, მაგათი... ცოლების ტრაკებს ამოფარებული არაკაცები!.. მეტს აღარ დავლევ, ბიჭებო, მაგრათა ვარ...
- ბიჭო, ბოტა, რაც გამოხვედი, ეკლესიაში თუ ყოფილხარ? კაცის კვლა მძიმე ცოდვაა, მონანიება უნდა, ძმაო, აღსარება მაინც გეთქვა, იქნებ რომელიმე მამაოს შენდობა მოეცა. - ლევანა ისე არიგებს ბოტას, თითქოს თვითონ მამა აბრამის ბატკანი იყოს.
- თუ ძმა ხარ, რა?! რაც ბიჭი დავმარხე, აღარაფერი არ არსებობს ჩემთვის... სასჯელი ხომ მოვიხადე, ჩემი ფეხით წავედი პოლიციაში, მეტი რა გინდა, ძმაო?!
- ეე, ბოტა, სროკი სხვაა, აღსარება - სხვა...
- მიდი, რა, ბიჭო, შენ თავს მიხედე! - უხეშად აწყვეტინებს ბოტა.
- მე ვილოცებ შენთვის! - მტკიცედ ამბობს ლევანა, ეს ყოვლად უღმერთო ადამიანი.
გურამა იცინის. გურამაც უღმერთოა, თუმცა, გიგაურთან და ლევენასთან შედარებით ნეტარი ავგუსტინეა...
ჩემი საბრალო ბებრები და უფრო საბრალო ბოტა გიგაური, მან შვილთან ერთად რწმენაც დაკარგა და ვერ ხვდება, ვერ წარმოუდგენია, რომ ქრისტე ყოველ ახალდაბადებულ ჩვილში აღდგება ხოლმე. დანარჩენი ჩვენი მისახედია, ყველა ნიშანი და მიმართულება ხომ მოცემული გვაქვს...
წამოვედი. უჯრედივით გამოვეყავი ჩემს "უმარტივეს" საზოგადოებას. მივდივარ და ვხედავ, - სკვერი "ბუკიაზე" აღარ არსებობს, მის ნაცვლად ყაყაჩოების მინდორია გაშლილი. მინდვრის ბოლოს ლილის სახლი დგას და ლილი მე მელოდება. მე კი ჯერ არ ვიცი, მივაღწევ თუ არა იქამდე, რადგან უდაბნოს ქვიშისფერ ცაზეც ყვავილები ხატია...G


ღვინო და ყვავილები

აღდგომაა. მეგობრის საფლავთან ვდგავართ მე და გიგიშა. გვიანი დღეა, წვრილად ცრის და ხალხიც შეთხელებულია სასაფლაოზე. თუმცა, მთვრალები მაინც დაბორიალობენ, სიმღერები მაინც ისმის, ხმამაღალი სადღეგრძელოებიც და სიცილ-კისკისიც. ჩვენც ნასვამები ვართ, ოღონდ ჩვენ ქვევით, თბილისში დავლიეთ (ვერ ვიტან სასაფლაოს პურ-მარილებს). მერე ორი ბოთლი ღვინო და ყვავილები წამოვიღეთ, - აღდგომა მივულოცეთ წასულ მეგობარს. ჩვენ ხომ ქართველები ვართ და სენტიმენტალიზმის დანჯღრეული მატარებელი ჯერ ისევ დაგუგუნებს ჩვენი ვენების გვირაბებში. დაე, იგუგუნოს, მე ხელს არ მიშლის...
ცუდ ხასიათზე ვართ, - ცხვირ-პირი ჩამოგვტირის, არ არის ადვილი მეგობრის საფლავთან დგომა.
პირველივე დაღვრილი ჭიქის მერე რატომღაც გავიფიქრე, რომ ბითურობაა საფლავზე ყვავილების მიტანა, სისულელეა, არავითარი აზრი არა აქვს...
"მივხვდი, რაც გაიფიქრე", - მეუბნება მოულოდნელად გიგიშა, - "მაშინ არც არაფერსა აქვს აზრი..."
"შენ, ძმაო, გულთმისანი ყოფილხარ... ჩემთვის დღემდე დაფარული იყო შენი ეგ მხარე..."
მეტი არაფერი გვითქვამს, უხმოდ დავლიეთ დარჩენილი ღვინო და ცოტა ხნით შევჩერდით, მოგვერიდა ეგრევე წამოსვლა.
ჩვენგან მოშორებით ორი მთვრალო ბიჭი დგას. ვატყობ, თბილისელები არიან. საყელოაწეულები საფლავს დასცქერიან და წითელ ღვინოს სვამენ.
"საიქიოში ყველა სული ერთი ფერისაა!" - ერთი მათგანი ხელს წინ იშვერს და მრავლისმეტყველი ჟესტით სასაფლაოს სივრცეს შემოხაზავს.
"ჰო," - ეთანხმება მეორე, - "ჩვენი გივია კი ამბობს, - ღამით ყვავილებს ვდარაჯობ, დღისით - ვისვენებ... ახლა ეგ არის ჩემი ცხოვრება..."
"მაგრები არიან თბილისელი ბიჭები," - ამბობს გზაში გიგიშა, "ჩემზე და შენზე მაგრები, ხედავ, არც სიფათები ჩამოსტირით, არც იუმორის გრძნობას კარგავენ... ბევრად უფრო ჭკვიანები არიან... ამას ყოველთვის ვხვდებოდი და, ჩემდა სამარცხვინოდ, ვერ ვამხელდი..."


სიბრძნე "სიკვდილასი"

ოჟიოს ქუჩაზე მივდივართ. არის თბილისში ასეთი ჯურღმულიც. სამნი ვართ - მე, ლაშა და "პარაოზა". ცივა, აბუზულები და საყელოში თავჩარგულები მივექანებით უცნობი ბედის შესახვედრად. თანაც, უკეთეს იდეას ველოდებით, - ვიცით, აქვეა. გზაში "სიკვდილას" და რაიონელ რამაზას ვხვდებით. "სიკვდილა" ალაპარაკებულია, შეუსვენებლად მეტყველებს, თავისი "ინტელექტის" როზგებს უშენს რამაზას ტვინის "დუნდულებს".
- ჩემო "იმანო", შენი საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, - მიმართავს რატომღაც იმერულ კილოზე. - აბა, მითხარი, რამდენჯერ "გისტოტინე", როცა მძიმე გასაჭირები გადგა, მაგრამ ამაში არ არის საქმე, ანდა, დახმარებას როგორ დავამადლი ვინმეს, მაშინ გაუწყრეს მაღალი ღმერთი სიკვდილას. უბრალოდ იმას გეტყვი, - თბილისი ერთი ქუჩაა, თქვენთვის, ჩამოსული ფარჩაკებისთვის... ამაშიც არ არის საქმე... მე გული მწყდება იმიტომ, რომ ვიცი, - ასე უფრო სწორეა, - რომ შენ, ჩამოსულ კაცს, 80 000 კმ წყალქვეშ გაშორებს კარის მეზობლამდე, თქვენ შორის შავი და უძირო უფსკრულია "დაფჩენილი"... ამ გადაულახავი უფსკრულის გადალახვას კი, "კაკ მინიმუმ", ორი თაობა უნდა... ხომ ხვდები, რას გეუბნები? ჰოდა, თუ ხვდები, მეც შევდივარ შენს მდგომარეობაში, ძმაო, მაგრამ ამჯერად ვერაფერს გიშველი, ვერაფრით დაგეხმარები... მეტი რა შემიძლია გითხრა, სიტყვების გარდა არაფერი მაქვს, რითი გაგართო, როგორ გაგართო... თბილისი მძიმე ტვირთია, ძმაო! შენ ოფელია არა ხარ, რამაზ, მაგრამ აქ ლარიანი არყით ლოთობას, წადი, წადი რა, მონასტერში, სულის სიმშვიდეს მაინც იპოვნი...
და ჩვენც, სამივენი, "სიკვდილას" სიბრძნეს დაყრდნობილები, მოულოდნელად მოვტრიალდით და წამოვედით ნაცნობი დუქნისკენ სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად.


ის დღე ღამის სკოლაში

მეხსიერებას ჯერჯერობით არ ვუჩივი. მაგრამ ზოგიერთმა მოგონებამ წარმოუდგენელი აკვიატება იცის, მოტივივით ჩაგესმის, არ გცილდება, თანა გდევს და ხშირად გაწუხებს კიდეც. ეს ძველისძველი მოგონებაც, რომელიც სასიყვარულო ბრძოლას, კატას და დაკარგულ ოქროს მედალს ეხება, მთელი კვირაა "თავს მესხმის", შემაწუხა და მეც გადავწყვიტე მოგიყვეთ. გულსაკლავია, მაგრამ მაინც მოგიყვებით.
ამბავი კი ასე იყო:
- ოლღა ქელეხსაევა! თუ ეს არ გაჭამო, აკიას დაქერილი ვიყო! - მთელი კლასის გასაგონად გაჰკივის ბელა და მკერდზე მუშტებს იბაგუნებს. ხმა ყრუ და მკერდისმიერია, ხოლო "ეს" - დაფის გასაწმენდი ბალიში, - ბევრი ქართული, რუსული და უცხოური წინადადების, განტოლების, ამოცანისა და ფორმულის შთანმთქმელი. ცარცის "ფქვილით გამძღარი" მძიმე ბალიში ლია ბეგიაშვილის წარმოებულია. ბეგიაშვილი - წარჩინებული, თუმცა, "ოქროს მედალზე" პრეტენზიას ვეღარ აცხადებს. ვინც აცხადებს - მიშიაშვილია - "ოქროთი" აპირებს ისრუსალიმის დაპყრობას.
შეეძლო, განა არ შეეძლო ბეგიაშვილსაც ეოცნება მედალზე, მაგრამ შეუჩნდა ეშმაკი, აღიარა არტოშანი და კლასში თავმოკრულ ტომარაში ჩამწყვდეული კატა მოიყვანა.
- ფისუნია მოგიყვანეთ! - ამაყად გამოგვიცხადა და ტომარას თოკი შეხსნა. არ ვიცი, სად მოიპოვა ეს ველური არსება ბეგიაშვილმა, - ამაზონის ჯუნგლებში, კანადის უსიერ ტყეებში, ლაგოდეხის ნაკრძალში თუ ტაიგაში. ვერავინ უარყოფს, უამრავი ჭრელი "დვარნიაშკა" კატა დაძრწის ჩვენი პლანეტის ჯურღმულებში, მაგრამ არა მგონია, ასეთ "ფისუნიას" ვინმე სადმე ან ოდესმე გადაჰყროდეს, დააქცია იქაურობა, დედა უტირა, დაგვკაწრა, დაგვჭამა, მერე დაფა ჩამოაგდო და რადიატორის უკანაც გაიჭედა. მისმაAჩხავილმა მთელი "პლეხანოვი" შეძრა. შიშით ვერც ვეკარებოდით. ეზოს ჭრელი კატა კი არა, ნაღდი ტირანოზავრი იყო. ბოლოს მიშიაშვილმა, - "სანტეხნიკი" მოვიყვანოთ, რადიატორი მოვახსნევინოთ და სასწრაფოც გამოვიძახოთო...
და უბედურებაც სწორედ მაშინ დატრიალდა: კატამ თავი გაინთავისუფლა, იმავე წამს კი კლასში კოლბებით და სინჯარებით შეიარაღებული "ქიმია-კაცი" გამოჩნდა. კატასაც ბევრი აღარ უფიქრია, კოლბებზე შეახტა და თათის ერთი დაკვრით და შემზარავი ჩხავილით გადააფრინდა თავზე დაზაფრულ პედაგოგს.
- თავისუფლება! I’m free!.. - სულ უფრო და უფრო შორიდან ისმოდა მისი გულიდანამომსკდარი, სასიხარულო ყივილი.
თუმცა, დაკვრაც არის და დაკვრაც, მხოლოდ "ფისუნიას" გაუჩინარების შემდეგ დაეტყო ოთხი ღრმა, ალისფერი და მარადიული კვალი-სახსოვარი "ქიმია-კაცის" მელოტ პერიოდულ სისტემას...
ბეგიაშვილის მშობლები პედსაბჭოზე არ გამოჩენილან.
მშობლები სოფელში არიან, კატა მე "წითელი კუთხისთვის" მოვიყვანე, რა ჩემი ბრალიაო, თავი ასე უმართლებია საბრალო ბეგიაშვილს. სად ნახა იქ "წითელი კუთხე", "ლენინის ოთახი" და ბოტანიკური ბაღი, ღამის სკოლაში როდის აქეთ ბინადრობენ პიონერები და კომკავშირლები, ყოვლად გაუგებარია.
(ჩვენი მუშა-ახალგაზრდობის სკოლა კიევის ქუჩაზე მდებარეობდა. თანად, ორცვლიანი და გენიალური იყო: თუ საღამოს ორიანს მიიღებდი, შეგეძლო მეორე დილით წვეოდი მშობლიურ კედლებს და დამაკმაყოფილებელზე გამოგესწორებინა. მაგრამ, პირადად მე, ჩემს პრაქტიკაში ასეთი გმირობის ჩამდენი კაცი არ შემხვედრია).
ბელა და ოლღა ერთმანეთს გამაყრუებელი შეძახილებით და წივილ-კივილით დასდევენ. ბალიში გაილია, დადნა, - თავისი წილი უკვე ორივეს ნაჭამი აქვს, - სახე, ხელები, ძუძუები, - ყველაფერი გათეთრებული აქვთ. ცარცის ფქვილში განბანილები, "ახლადშეკერილ" ბოროტ მუმიებს ჰგვანან. მხოლოდ თვალებით და ტუჩებით თუ გამოარჩევ ერთმანეთისგან.
- უფრო მეტი ბელილა, ბელა! - ამხნევებს გია, ეტყობა, მოთმინება ელევა.
"ძროხების" ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. ბალიში ხელიდან ხელში მადლიანი გინებით გადადის და ვითარებაც ძალიან იძაბება, - არც ერთი არ თმობს პოზიციებს. სანახაობა მძიმეა, ტრაგიკულია. ყველა ვგრძნობთ, რომ უსისხლოდ არ დამთავრდება, ჭეშმარიტი სასიყვარულო ამბები ხომ უსისხლოდ არასოდეს მთავრდება ხოლმე.
დღეს ბრძოლის ველზე მხოლოდ ოთხი გენერალი ვიმყოფებით: მე, გია, ალიკა და დაზი ანუ დაზმირი. სტალბერი, სამწუხაროდ, არა გვყავს. კახა და გია-2 მთელი კვირაა არ გამოჩენილან. ცოდნა-სინათლე, თუნდაც, ღამის სკოლაში გაბრწყინებული, არ სჭირდებათ, ზედმეტია; რა, უფრო ბევრად ჩახჩახა სინათლეები არ არსებობს ამქვეყნად თუ როგორ არის ჩვენი საქმე?! რუსთაველი ფრიდონა საერთოდ არ ითვლება. ჯერ ერთი - სიყვარულის საგანი და მიზეზია; მეორეც - მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა მილიციის მუშაკის ფორმაში გამოწყობილი და მაშინაც "თავი გამოიჩინა" - სამუდამოდ დაეთხოვა დირექტორს (არ შეშინდეთ, აქ სამუდამოდ ნიშნავს - ატესტატამდე) და მესამეც - ყველაზე მთავარი, - ცოლშვილიანია.
ყველა წესით და რიგით, ამ საშინელ ფაქტს ხელი უნდა შეეშალა და სიყვარულის ტალღებიც უნდა ჩაეხშო ძროხუშკებისთვის. მაგრამ პირიქით მოხდა: ფრიდონას ოჯახურმა მდგომარეობამ ათმაგი ნავთი მისცა გოგოების გულებში აგიზგიზებულ გრძნობების ხანძარს და გულდათუთქული ბელა და ოლღა კლასის რინგზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეარკინა.
(ვინმემ შეიძლება მითხრას, რა დროს გრძნობების ხანძარი და გიზგიზია, ეგ ხომ ცინიზმია, ძმაო... ჰო, შეიძლება ცინიზმი დაარქვა, სისულელე და სხვა ათასი სახელიც მოუძებნო, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა, ბრძოლა ოცდარაღაც წლის წინ მოხდა და მაშინ, სიმართლე გითხრათ, მაგრად გავერთე. თუმცა, ბრძოლამ გული რაღაცნაირად მაინც მომიკლა.)
- ყაიმია! "ბაევაია ნიჩია"! კლასის სექსბომბა-სიმბოლოები ყაიმზე უნდა შეთანხმდნენ! - აცხადებს ალიკა, მერე გოგოებს შორის დგება და ხელებს ზევით უწევს.
გოგოები - თეთნულდი და ანაპურნა - მძიმედ სუნთქავენ, დგანან და ჩვენ დასანახად იღიმებიან და იცინიან. მაგრამ "ამ ორის გულში რა ბალღამიც დუღდა", - ჯობია, თქვენ თვითონ წარმოიდგინოთ.
"ქელეხსაევა თოვლის დედოფალია! - მთელი ხმით ყვირის ალიკა და თვალებში ავხორცობა და სიმრუშე უელავს, - შორიდან ესურვილება ქელეხსაევას.
- ბელა კი - აკიას დაქერილი დედოფალი! წავაგე, თუმანი შენია, დაზმირ... - გია დაბოღმილი და უკმაყოფილოა, არანაირ თამაშში არ უმართლებს.
- ადონაი! - ამბობს შემოსწრებული მიშიაშვილი.
მე არაფერს ვამბობ. მე და სვეტა კლასიდან გარეთ გავდივართ და ავტობუსს ველოდებით. სვეტა ჩემი ნაშაა. სვეტა გრუბერი, რომელიც გაზაფხულზე ისრაელში მიდის. სულ მიდის...
თანაც, გაზაფხულამდე არც ისე შორია და მე და სვეტას ძალიან გვეჩქარება, - ცხოვრების ბანკში ჯერ კიდევ ბევრი სიყვარული გვაქვს შესატანი. ავტობუსი კი, როგორც ყოველთვის, იგვიანებს.
ეს ხომ თბილისია.



© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: