გაგა ლომიძე
მესამე თაობა, თანამედროვე ავსტრიული ლიტერატურა. რედაქტორები დალი ფანჯიკიძე, ნანა გოგოლაშვილი, რედაქტორ-შემდგენელი მზია გალდავაძე, მხატვარი ლევან დადიანი, თბ. "ენა და კულტურა", 2002.
როგორც არ უნდა იყოს, ბერლინის კედლის ნგრევით ახალი ხანა დაიწყო ჩვენში (ისევე, როგორც დასავლეთში). თუ წინათ თითქმის წარმოუდგენელი იყო უშუალოდ დედნიდან ნათარგმნი თანამედროვე ევროპელი ავტორების ტექსტების გაცნობა, დღეს უკვე სხვა გარემოებაა და ეს, უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში უფრო ნათლად გამოჩნდა. რუსული ენა თანდათან კარგავს უცხოენოვან ტექსტებსა და ქართველ მკითხველს შორის შუამავლის ფუნქციას (რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ რუსული ენის ჰეგემონია და რუსული კულტურა ზოგადად, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი გამორჩეული სახელით შევიდა). სხვისი დამორჩილების ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი ხომ კულტურული ექსპანსიაა. მგონი, პათეტიკური შესავალი გამომივიდა, მაგრამ წინამდებარე კრებულის გამოცემის ფაქტმა სწორედ ასეთი დასაწყისისადმი განმაწყო, - კრებულმა, სადაც მკითხველს შეუძლია გაეცნოს დღეს მოღვაწე ავსტრიელი ავტორების ნაწარმოებებს.
ძნელია თითოეულ ავტორზე შეჩერება და ამიტომაც შევეცდები გამოვყო თანამედროვე, ან "მესამე თაობის" (როგორც სამოღვაწეო ასპარეზზე 70-იანი წლებიდან გამოსულ მწერლებს უწოდებენ ხოლმე) ავსტრიული ლიტერატურის ის ძირითადი ტენდენციები, რომელთაც ამ კრებულში შევხვდი. ალბათ უცნაურია, რომ გლობალიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებების პირობებში, რასაც გამუდმებით ვგრძნობთ ამ ტექსტების კითხვისას, ადამიანთა მარტოობა მტკივნეულად აღიქმება; ვხედავთ, რომ გეოგრაფიული სივრცე გაფართოვდა, საზღვრები გაუქმდა და ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოგზაურობენ, მაგრამ, ამასთანავე, თითქოს გაიზარდა ინდივიდებს შორის უფსკრული; აქ ადამიანებს ერთმანეთისთვის აღარაფერი დარჩათ სათქმელი, რადგან, მარიანე გრუბერის სიტყვების პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, ისე ბნელა, რომ ადამიანები ერთმანეთის სიახლოვეს ვეღარ გრძნობენ. ხშირ შემთხვევაში მათ ტექსტებში ყოფიერების სევდა იგრძნობა, რაშიც ექსისტენციალისტების პოზიცია იკითხება; მაგრამ თუ ექსისტენციალისტებთან ადამიანი ძირითადად ღმერთის, ან არსის ძიებით იყო შეპყრობილი, აქ, "ფოლადის ქალაქში, სადაც სულს არავითარი ჩასაჭიდი არ გააჩნია" (ჰარალდ კისლინგერი, "ზამბსის გამოცხადება"), ადამიანებს ერთმანეთთან შეხება ენატრებათ. "ფოლადის ქალაქის" ეს მეტაფორა ექსისტენციალისტების ანტიტექნიცისტურ განწყობას მოგვაგონებს, რომლის მემკვიდრეც უახლესი ტექნოლოგიების დღევანდელი ქალაქია, სადაც ადამიანებს შორის ურთიერთობის საშუალებად მონიტორი იქცა. ზოგჯერ ეს გაუცხოება ენობრივი დეზინტეგრაციის სახით ვლინდება, როგორც ამას ვხვდებით ზაბინე შოლთან ("სიტყვები სიტყვები სიტყვები"), ან მარგრეტ კრაიდლთან ("ზევიდან ქვევით") – წმინდად ენობრივ დონეზე. სხვა შემთხვევაში იგი სენტიმენტალურ სოლიპსიზმად გარდაიქმნება, ვთქვათ, ბრიგიტე შვაიგერის რომანში ("როგორ ხვდება მარილი ზღვაში"), რომელმაც თავისი flashback-ებით, ან წარსულში ექსკურსიებით "ცნობიერების ნაკადის" ტექსტები შეიძლება გაგვახსენოს. მეორე მხრივ, გლობალიზაციამ სხვა პრობლემაც წარმოშვა: ერის თვითიდენტიფიკაციის საკითხი, რაც ავსტრიაში მეტ-ნაკლებად ყოველთვის მძაფრად იგრძნობოდა. გლორია კაიზერის რომანის, "ვიოლეტას" ფრაგმენტში იქნებ ოჯახური მყუდროების ნოსტალგიაც დავინახოთ, როცა მწერალი ერთმანეთისგან გამოარჩევს ადამიანის სალამანდრისებურ ტიპს, რომლებმაც "არ იციან, სად არიან მათი მშობლები, ბებიები თუ პაპები. თავიანთი შვილების დატოვება იქ უწევთ, სადაც გააჩენენ, იმ იმედით, რომ მალე გაძლიერდებიან და იპოვიან იმ კედელს, რომელზედაც აცოცებას შეძლებენ" და მცენარეული ტიპის ადამიანებს, რომლებიც ზრდას განაგრძობენ ხის ტანში, პაპიდან პაპამდე, დედამდე, ვაჟიშვილამდე თუ ქალიშვილამდე. მათთვის ყველაფერი იოლია, რადგან მყარად არიან შეზრდილი დედამიწას".
გარკვეულწილად, იქნებ ამ "ტექნიცისტური", მამაკაცების მიერ შექმნილი კულტურისადმი დაპირისპირებაა ფემინისტური სულისკვეთების ნაწარმოებები, რომლებიც კრებულში ფართოდაა წარმოდგენილი (სხვათა შორის, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ თანამედროვე ავსტრიელ მწერალ ქალებს გაცნობოდნენ ჟურნალ "არილის" 2002 წლის მეექვსე ნომერში და "24 საათის" ლიტერატურულ დამატებებში). პატრიარქალური სამყაროს საპირისპიროდ, მარიანე გრუბერი თავისი მოთხრობის გმირ ქალს მხოლოდ სახელით მოიხსენიებს, მამაკაცს კი – გვარით (სახელი – უფრო დემოკრატიული, გვარის ავტორიტარულობის საწინააღმდეგოდ). მეორე მხრივ, მარგრეტ კრაიდლთან ფემინიზმი ლესბოსური ესთეტიკის სახით იჩენს თავს, სადაც მამაკაცს, ქალის წარმოსახვის გარეშე თითქოს ფუნქცია ეკარგება.
ალბათ, ამ "დემოკრატიულობის" უნებური გათვალისწინებით, ხედვის მრავალპლანიანობის პრინციპითაა დაწერილი ანტონიო ფიანის "ალბერტინაპლატცი. პანორამა", რომელიც თავისი სტრუქტურით ლიტერატურულ სცენარს მოგვაგონებს. აქ ერთი და იგივე მოვლენის გამო სხვადასხვა მოსაზრება თითქმის მოუხელთებელს, ან უკეთეს შემთხვევაში ბუნდოვანს ხდის სინამდვილეს. რაულ შროტის რომანში "Fannis terrae", რომლის ფრაგმენტია წარმოდგენილი კრებულში, მსოფლიოს რუკა განსხვავებული პერსპექტივიდანაა დანახული. ავტორი მკითხველს ეცნობა, როგორც გამომცემელი, რომელიც აქვეყნებს ერთი არქეოლოგის მამულში ნაპოვნი სხვადასხვა ეპოქის ოთხი მოგზაურის ჩანაწერს. ერთი მათგანია "ბერძენი მეზღვაურისა და ასტრონომის, პითიას მასალიელის შენიშვნების თარგმანი, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წელს აღმოაჩინა ჩრდილოეთ ევროპა". ამ ლიტერატურული "თამაშის" გზით, ავტორს ისეთ მოჯადოებულ სივრცეში შეჰყავს მკითხველი, რომ ძნელია გამონაგონის გარჩევა სინამდვილისგან.
რობერტ მენასეს ესსემ, რომელშიც მოთხრობილია ავსტრიის ისტორიაში ორი უხერხული მოვლენის შესახებ, ჩვენი სინამდვილე – სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული დებატები გამახსენა. ოღონდ, ჩვენგან განსხვავებით, ავსტრიელებს და კონკრეტულ შემთხვევაში რობერტ მენასეს, ჰყოფნის უნარი, რომ ამ ყველაფერს იუმორით თუ თვითირონიით შეხედოს. მაგ., ავსტრიის სახელმწიფო გერბის სიმბოლოს – არწივის შექმნის ისტორიის თხრობისას, ავტორს ჰოისლერის დამცინავი სიტყვები მოჰყავს: "არწივი (მისი უკანასკნელი ესკიზი) მძიმე ავადმყოფ ქათამს ჰგავს, ნიშანწყალიც კი არ ატყვია ძალისა და მხნეობისა"; ხოლო მონეტაზე საუბრისას მოგვითხრობს, რომ 1947 წელს რაიხის მარკის ავსტრიული შილინგით შეცვლისას, მონეტის მეორე მხარეს გადაწყვიტეს მხატვარ ეგერ-ლინცის ნამუშევრის – "მთესველი და ეშმაკი"-ს ფრაგმენტი ამოეტვიფრათ, მაგრამ დაუდევრობის გამო მთესველი გლეხის ნაცვლად, შეცდომით ეშმაკი გამოსახეს.
მკითხველი აქვე შეხვდება ფრანც კაფკას "შვილიშვილის", ულრიკე ლენგლეს მოთხრობას "უფრთხილხით of the naked man", სადაც კაფკას ცხოვრებიდან ერთი ინტიმური ეპიზოდია მოთხრობილი. კრებულში ასევე შესულია ფერდინანდ შმაცის შესანიშნავი ესსე კაფკაზე – პიროვნებაზე, რომელიც უცხოდ გრძნობდა თავს გერმანული ენის სამყაროში. ამ ესსეში მამასთან მწერლის ურთიერთობა ტექსტების თუ პირადი წერილების "გულმოდგინე ანალიზის" გზით ფროიდისეულ კონტექსტშია გააზრებული. იგივე ფერდინანდ შმაცი 1992 წელს წერდა, რომ ენა – ერთსა და იმავე დროს შეიძლება იყოს გზა ურთიერთგაგებისკენ და გაუგებრობისკენ.
ამ კრებულის გამოცემაც ხომ ერებს შორის ურთიერთგაგებისკენ გადადგმული ნაბიჯია. და ბოლოს დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყე: ყოველგვარ ნგრევას ახლის შენება მოჰყვება. ამ შემთხვევაში, ანტონიო ფიანის "ალბერტინაპლაცის" მინიდიალოგი შეიძლება ქარაგმის სახით გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ:
"პირველი: შეხედე, იქ რაღაცას ანგრევენ, ამისაგანაა ეს რია-რია.
მეორე: სწორია, გაზეთში რაღაც ამგვარი აკი წავიკითხე, ვენაში რაღაც უნდა მოანგრიონ, რომელიღაც ძეგლიო.
პირველი: ალბათ რუსებისა.
მეორე: კარგი კი იქნებოდა".
© “წიგნები – 24 საათი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment