დალი კუპრავა
ცოდნის ფართო წრე ყმაწვილებისთვის
საყმაწვილო ენციკლოპედია, წიგნი პირველი, სამყარო. რედაქტორი დოდო წივწივაძე, ილუსტრაციები: მალხაზ კუხაშვილი, თეა მიქაია. საყმაწვილო ენციკლოპედია, წიგნი მეორე, ნაწილი პირველი, ცივილიზაცია, ილუსტრაციები:თეა მიქაია, ნანა სანაია. თბ. ჟურნალი "დილა", 2001-2002.
საბავშვო ჟურნალმა "დილამ" დაარსებიდან მეასე წელთან დაკავშირებით შესანიშნავი საჩუქარი მიუძღვნა ქართველ მოზარდებს – "საყმაწვილო ენციკლოპედია" შვიდ წიგნად.
2001 წელს გამოვიდა პირველი წიგნი, სამყარო. 2002 წელს - მეორე წიგნი, ცივილიზაციის პირველი ნაწილი. 2004 წელს, ჟურნალ "დილის" დაარსებიდან მე-100 წლისთავზე მეშვიდე წიგნის გამოცემით დასრულდება საიუბილეო ნობათი.
ვის და, ჟურნალ "დილას" საუკუნოვანი ურთიერთობა აქვს ყმაწვილებთან, დაწყებული სულ პატარებით, რომლებსაც მშობლები უკითხავენ და უფრო და უფრო მოზრდილებით დამთავრებული.
ჩვენც, უკვე დიდებს, რამდენჯერ ინტერესით გადაგვიშლია "დილა", ახალი წაგვიკითხავს და ძველიც გაგვხსენებია, მაგალითად, ძალიან კეთილი დათუნა და ამოგვიოხრავს "რას იზამდა დრუნჩა, მისცა ერთი მუჭა..."
ორივე წიგნში გამოყენებულია ჟურნალის პუბლიკაციები. საბავშვო ენციკლოპედიის პირველი წიგნი, "სამყარო", ევგენი ხარაძის იდეა ყოფილა. საბავშვო საკითხავად ადაპტირებული მისი "ასტრონომია" წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ჟურნალში. სწორედ ეს პუბლიკაციები დაედო საფუძვლად პირველ წიგნს-"სამყაროს".
ენა, რომლითაც ენციკლოპედია ესაუბრება მკითხველს, მაქსიმალურად არის მისადაგებული ყმაწვილურ ასაკს. ის არც ვითომ ბავშვურად მოჩლექილია და არც მეცნიერულად მშრალი. მიმართვის ტონი ფაქიზია, რომ არ დააფრთხოს ისეთი მოზარდიც, რომელმაც არ იცის, რომ "ცოდნის მასწავლებელს" მოჰკიდა ხელი და ჯერ კიდევ ჰგონია, რომ სურათებიან წიგნს, სხვათაშორის ათვალიერებს.
სამყაროს გაცნობა იწყება ყველასთვის და ყველაზე უფრო ნაცნობი განცდის შეხსენებით, როცა ადამიანი პირველად ასწევს თავს, ცას შეხედავს და პირველი გაოცების თუ აღტაცების შემდეგ იბადება შეკითხვები "ვინ, საიდან, როგორ..."
ვინ მოიგონა ცა, როგორ ავიდნენ ცაში ვარსკვლავები და რატომ არ ცვივიან, ვინ შექმნა დედამიწა...
სამყარო მითებით იწყება: ვინ, სად და რას ფიქრობდა სამყაროს შექმნის შესახებ. თურმე, ძველი ბერძნები საწყისად ქაოსს მიიჩნევდნენ, იაპონელებს სჯეროდათ, რომ სამყარო ტყუპმა ღმერთებმა შექმნეს, რომლებიც დიდხანს ურევდნენ გრძელ შუბს ტალახის ტბაში, ზუსტად ისე, პატარაობისას ყველას რომ უთამაშია; ჩრდილოამერიკელი ინდიელები სამყაროს ყორნის პირმშოდ მიიჩნევდნენ, ხოლო საამების ერთი მითის მიხედვით, სამყარო სიკეთისა და ბოროტების ჭიდილში იშვა.
ენციკლოპედიაში სამყაროს ბიბლიური წარმოშობის შესახებაც არის მოთხრობილი და უფრო პრაგმატულებისთვის, მოცემულია მეოცე საუკუნის მეცნიერთა ჰიპოთეზებიც. ყველაფერი შეთავაზებასავითაა ისე, როგორც დავით გურამიშვილთან: "შენა გწადს აწ რომელითა" და მკითხველი იმ ცოდნით გააგრძელებს კითხვას, რომელსაც თავად აირჩევს. შემდეგ გაეცნობა გალაქტიკებს, ვარსკვლავებს, მზის სისტემას, მთვარეს, დედამიწას და მივა მისთვის საინტერესო და შეუცნობლამდე - როგორ გაჩნდა სიცოცხლე.
ჯერ კიდევ წიგნის დასაწყისში განმარტებულია ევოლუცია, როგორც თანდათანობითი განვითარება და წიგნის ბოლოს უკვე ევოლუციური გზით მკითხველი აკეთებს რევოლუციურ აღმოჩენას, რომ პირველი ადამიანები პრიმატების ჯგუფს განეკუთვნებიან. თუ ეს ვერსია მანამ უცნობი იყო მისთვის, ახლა ენციკლოპედიის ბოლოს ის ილუსტრაციაში იხილავს, რომ მოაზროვნე ევროპელის წინაპარი მაიმუნი იყო. აქვეა ცინცხალი ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ მილიონ შვიდასი ათასი წლის წინ საქართველოს, დმანისის ერთ-ერთმა მობინადრემ "მესიჯი" - თავის ქალა დაგვიტოვა. ვისაც ადამიანის წარმოშობის მხოლოდ მეცნიერული ახსნა არ აკმაყოფილებს, მას შეუძლია გაეცნოს შუმერულ, სკანდინავიურ, აცტეკურ მითებს.
საყმაწვილო ენციკლოპედიის მეორე წიგნი "ცივილიზაციაა", ნაწილი პირველი. ტერმინ "ცივილიზაციის" განმარტების შემდეგ, წიგნი მითიური ცივილიზაციების ღვთაებრივი და ტოტემური შემოქმედიდან ფრიგიამდე, მუშქების სამეფომდე უამბობს მკითხველს.
მტკვარ-არაქსის კულტურის, ქვიშარის საგანძურის და სარმატული ქვების ქალაქისა და უდაბნოს ველის შესახებ, სტუმარ-მასპინძლობის ეთიკეტის დაცვით, ენციკლოპედიის ბოლო გვერდებზეა მოთხრობილი.
ენციკლოპედიებს ახლავს სახელთა საძიებელი და გამოყენებული ლიტერატურის სია იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე, ცოდნას მოწყურებული ყმაწვილი ცოდნის წრის კიდევ უფრო გაფართოებას მოინდომებს.
ორივე წიგნს ყველა გვერდზე აქვს ლექსიკონი, სადაც ახსნილია იმავე გვერდზე შემოტანილი ახალი სიტყვა, ტერმინი.
"სამყაროსგან" განსხვავებით, "ცივილიზაციაში" ილუსტრაციათა სიჭარბე, ან გნებავთ გვერდების სიმცირე, აფერხებს ინფორმაციის აღქმას. ასევე, ძნელად იკითხება გვერდის ფერად ნაწილზე მოხვედრილი ტექსტის ნაწილი. წიგნი თავისი დიზაინით ჰგავს ჟურნალსაც, მაგრამ რიგ შემთხვევაში არც ჟურნალის ფორმაა დაცული, რაც მკითხველის ინფორმაციულ მასალაზე კონცენტრირებას აფერხებს და ცოტა ღლის მკითხველს. როგორც ერთ-ერთმა საქმის მცოდნემ აღნიშნა, "მე დიზაინს სხვაგვარად გავაკეთებდი. ბოლოს და ბოლოს უფრო მეტ გვერდზე განვალაგებდი მასალასო", ე. ი. მკითხველს კონცენტრირების და სულის მოთქმის მეტ საშუალებას მივცემდიო. ენციკლოპედიის კონსულტანტებისა და რეცენზენტების რაოდენობა და პროფესიონალიზმი ინფორმაციის ავტორიტეტულობის გარანტიაა და ზოგიერთ საკუთარ სახელთა დღემდე გავრცელებულისგან განსხვავებული გამოთქმაც არგუმენტირებულია ქართული ენისა და პირველადი ენის სპეციფიკიდან გამომდინარე.
წიგნის ყველა პირველაღმომჩენი სიხარულით იცხადებს, "საბავშვო ენციკლოპედია!" და იწყებს წიგნის თვალიერებას. შემდეგ უჩნდება სურვილი, რომ შეუძინოს ასაკით შესაფერის თავის ახლობელს და იქვე აღმოაჩენს, რომ თვითონაც ინტერესით კითხულობს. "ეს საყმაწვილო კი არა, დიდისთვისაც კარგია", ეს შეფასება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კარგ წიგნსა და კარგ მკითხველს ასაკი არა აქვს.
2002
© “წიგნები – 24 საათი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment