Monday, March 8, 2010

აკა მორჩილაძე - Maid in Tiflis


ირაკლი ქასრაშვილი
ცხოვრება გუსტავ დორეს სამყაროში
აკა მორჩილაძე, Made in Tiflis, თბ. 2007, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.


ამას წინათ ერთმა ძველმა მეგობარმა, ამერიკაში მრავალი წლის უნახავი რომ შევხვდი, მითხრა: “საქართველოს ამბები აღარ მაინტერესებს, ტელევიზორში რომ ვუყურებ ჩვენს ხალხს, რაღაც არანამდვილები მგონიაო”. და კიდევ ერთი რამე თქვა, საკმაოდ ტრივიალური, ალბათ სადავოც, მაგრამ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი: “თავისუფალი შინაგანად უნდა იყო, მარტო გარეგანი თავისუფლება რა ბედენააო”. უცნაურად მომეჩვენა მისგან ამ სიტყვების მოსმენა. საქართველოში ცხოვრებისას ის არასოდეს საუბრობდა ასეთ რამეებზე. ნაძალადევში ცხოვრობდა და ერთი ჩვეულებრივი თბილისელი იყო: ცოტას ძველბიჭობდა, ცოტას ეწეოდა, ხშირად სვამდა, ძმაკაცები უყვარდა, აფხაზეთში იომა, მერე ვითომ ბიზნესში ჩაება, რაც ძირითადად ამ ბიზნესზე ტელეფონით ლაპარაკში გამოიხატებოდა. ცოლიც კი შეირთო. მგონი იმიტომ, რომ გარშემო აღარავინ დარჩა უცოლო. თუმცა მალევე გაშორდა. ერთადერთი, რაც არ გაუკეთებია – მუშაობა იყო. არა, სულ სადღაც ირიცხებოდა, მიზერულ ხელფასს იღებდა, ნახევარჯერ არც მიდიოდა – აბა ეს მუშაობაა? სერიოზულად, გასამრჯელოს გულისათვის მხოლოდ ახლა მუშაობს ამერიკაში. ზოგჯერ, თუ საჭიროა, ღამესაც ათენებს და თუმცა მარწმუნებს, მანდაური ამბები არ მაინტერესებსო, სატელიტური თეფში კი დაუყენებია და რუსთავი 2-საც უყურებს, როცა დრო აქვს.
ამ ჩემმა ძმაკაცმა რატომღაც პლეხანოველი მოგელა გამახსენა, Made in Tiflis-ის გმირი. ამ წიგნში არაფერია ინგლისური, სათაურის გარდა. ისეა გაჟღენთილი თბილისური სულით, თბილისური ცხოვრების წესით, როგორც ლუდისა და მოხარშული ცომის ოხშივარით ჩვენი გაუნიავებელი სახინკლეები. ამ წიგნის თბილისი მისტიკური ქალაქია. ქალაქი, სადაც “ყველა კვდება”, სახლებში აჩრდილები დასახლებულან, ცოცხლები კი მიცვალებულთა დანაბარებს თუ საკუთარ ილუზიებს სწირავენ ნამდვილ ცხოვრებას. რეალური არსებობა ამ ქვეყნის, ამ ქალაქის გარეთაა: ამსტერდამში, რუსეთში, სანტა-სიტიში, შესაძლოა, ვენაშიც კი. თბილისში კი სრულიად მოგონილი ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი. ეს არის ტოტალური გაორება. “როცა შიგნით სხვა ხარ, გარეთ – სხვა”. თუმცა ეს არ არის დოქტორ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის კლასიკური შემთხვევა. ეს საერთოდ არ არის ბოროტისა და კეთილის დაპირისპირება ერთ ადამიანში ან მათი ბრძოლა. ეს უბრალოდ ორი ცხოვრებაა. ქცევის ორი სხვადასხვა წესი. ის, რაც კომუნისტებისგან დაგვრჩა მემკვიდრეობით (შემთხვევითი არ არის წიგნში ლავრენტი ბერიასადმი მიძღვნილი პასაჟები), როცა ოფიციალურად რუსეთს ვადიდებდით, სიყვარულით კი “დიდ ნაგავში ნაპოვნი პატარა მარგალიტი”, საქართველო გვიყვარდა, როცა კომუნისტურ პარტიას ვეფიცებოდით ერთგულებას, თან კი რა წაგვეგლიჯა სახელმწიფოსთვის, იმაზე ვიყავით გაფაციცებულები. გაზეთ “კომუნისტში” ამოკითხულ ცნობებს კი რადიო “თავისუფლებაში” გადავამოწმებდით ხოლმე.
ამ ქალაქში მთავარია ურთიერთობები, კავშირები, ვიღაცის მიერ ოდესღაც გამოგონილი პირობითობების დაცვა, თავდაჭერა, ინდივიდუალური პანაშვიდები, ინტონაციები, ჟესტები. ისინი თრგუნავს, ზოგჯერ მეტისმეტადაც თრგუნავს გმირებს. ისინი გარბიან. თუ საზღვარგარეთ არა, წიგნებთან, საკუთარ თავთან მაინც. მაგრამ მთავარია, რომ ამ ქალაქში არ არსებობს კერძო ცხოვრება. კერძო ამ შემთხვევაში განცალკევებულს ნიშნავს და არა პირადს. ადამიანი კლანის, ჯგუფის, სანათესაოს, სამეზობლოს, სამეგობროს ნაწილია. კოლექტივიზმი მეტად მძაფრადაა გამოხატული. თუ არ ხარ არაფრის ნაწილი, მაშინ არც არავინ ხარ. მაგრამ ნაწილად ყოფნა ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია შენს საქმეში ჩარევა, შენი კერძო საქმე მარტო შენი კი არა, სასწაულებრივად კიდევ უამრავი სხვა ადამიანის საქმედ გადაიქცევა. და ისინი არც გეკითხებიან ისე განგსჯიან, ისე ჭორაობენ, ისე ერევიან შენს ცხოვრებაში. უცერემონიოდ და აგრესიულად. ფანჯრიდან გადმოდიან შენს ბინაში, მაცივარს აღებენ, სასმელ-საჭმელს და ყურადღებას ითხოვენ. წესს: “გავასწორეთ ანგარიში, წადი შენს გზაზე” აქ არავინ ცნობს. ეს ურთიერთობები გბოჭავს, მაგრამ ამავე დროს გიცავს კიდეც. თუ გინდა შენთვის იყო, თუკი ინდივიდუალისტი ხარ, კარგად უნდა გახსოვდეს, რომ ამ ქალაქში არ უყვართ ინდივიდუალისტები. მარტო დარჩები თუ არა, ჩაგვრა, დამცირება, შიში და საბოლოოდ სიკვდილიც არ დაახანებს. თუკი იბრძოლებ, მთელი სამყარო ამხედრდება შენს წინააღმდეგ. უნდა მოიქცე ისე, როგორც ყველა იქცევა. კერძო, დამოუკიდებელი, საკუთარი, წესებისგან განსხვავებული ბედნიერება ამ ქალაქში ისევე მიუღწეველია, როგორც მიუღწეველია ის “ალუდა ქეთელაურში”.
ამ ცხოვრებაში, როგორც გუსტავ დორეს ნახატებში, მრუმე ფერებია. ადამიანები აჩრდილებს ჰგვანან. განწირული ადამიანები, რომელთაც ვერც გაუგიათ, რატომ ისჯებიან. ადამიანები, რომლებიც სულ სადღაც გარბიან, მაგრამ ვერსად იმალებიან. ადამიანები, რომლებიც ინერციით ცხოვრობენ.
ბარნოველი ლევიკო მოკვდა. თუმცა შეიძლება, არც მომკვდარა, გაქრა და მისი ნამდვილი ცხოვრებაც მერე გახდა ცნობილი. აქ თბილისში ის ერთი იყო: წყნარი მეოჯახე, წიგნების მოყვარული, განათლებული, საქმის და ძმაკაცების კაცი. და აი, ის ქრება და თითქოს წარსულის აჩრდილებიაო, გუსტავ დორეს სამყაროში შემოდიან და ჩაიქროლებენ მისი მეორე ცხოვრების მაცნეები, ლოვუშკას საყვარლები, “რუსის ქალები”, რომლებთანაც თურმე ათწლეულობით არ წყვეტდა ურთიერთობას. მეგობრის ნამდვილ არსებობასთან გაცნობა პლეხანოველი მოგელასათვის მხოლოდ ახლა იწყება. ქალები მოდიან, სასაფლაოზე გავლენ, ცოტას წაიტირებენ და ქრებიან. ისინი საკუთარ ახალგაზრდობას უფრო ემშვიდობებიან, ვიდრე გაუჩინარებულ საყვარელს. ამ ყველაფრის მიღმა კი დიდი, ძალიან დიდი ტყუილია, თითქოს თავისუფალი და ლაღი, სინამდვილეში კი უთავბოლო და გაორებული ცხოვრება, რომლის სიმძიმემაც შეიძლება გააქრო კიდეც ლევიკო.
ასევე ქრება შირაზის ვარდის ქმარიც. კაცი, “რომელიც ბოლოს აღარც კი მალავდა შპრიცებს”. გამოგონილი ოჯახის გამოგონილი უფროსი. საერთოდ, ქალის ვარდთან შედარება ნაცადი აღმოსავლური ხერხია. იგი ერთდროულად აღნიშნავს სილამაზესაც, დამათრობელ სურნელსაც და იმ ეკლებსაც, რაც ამ ურთიერთობას ახლავს თან. აღმოსავლური ეპოსის სიყვარული კი ჩვეულებრივ ტრაგიკულად მთავრდება ხოლმე. შირაზის ვარდის მამამთილი, კაცი, რომელიც ვენაში ცხოვრობს და საკუთარი სამყაროს არანამდვილობა და ილუზიები ზურგით გადაუტანია ავსტრიაში, როგორც შუასაკუნეების ვაჭრებს დაჰქონდათ საქონელი ქვეყნიდან ქვეყანაში, მხოლოდ ერთხელ ჩნდება წიგნში. თუმცა მისი აქ ყოფნა ყოველ გვერდზე იგრძნობა. იგი აქაა, თვალს გადევნებს, გიყურებს, ამოწმებს, ხომ არ დაარღვიე მისი შემოღებული წესები. და არ იცი როდის წამოგეწევა მისი რისხვა, როგორც ძველ წარმართთა შურისმაძიებელი ღმერთებისა.
ერთადერთი ქართველი პერსონაჟი, რომელიც ნამდვილია ამ წიგნში, მისი მთავარი გმირი, პლეხანოველი მოგელაა. პარადოქსულია, რომ ყველაზე რეალური ადამიანი ამ რომანისა მუდამ მათრობელა ბალახებისაგან გაბრუებული დაიარება. მაგრამ მისი ყოველი საქციელი, მისი ყოველი მოქმედება ნაღდია. მოგელა მარიხუანასადმი საკუთარ ტრფიალსაც კი არ მალავს. სწორედ მის ნამდვილობაშია ის საიდუმლო, რამაც ის, “ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბიჭი” ასეთ “ნასწავლ და განათლებულ” ქალს შეაყვარა. ქალს, რომელსაც მანამდე არასოდეს უცხოვრია ნამდვილი ცხოვრებით, მეტიც, საერთოდ არ უნახავს ის: “თავისუფლება, რომელიც შენს შიგნითაა”. თბილისში ისინი ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს, “ვერასოდეს მოხვდებოდნენ ერთ ქუჩაზე, ერთ ლიფტში, ერთ სუფრასთან, ერთ ოთახში”. რომეო და ჯულიეტა ვერასოდეს გაიცნობდნენ ერთმანეთს ვერონაში. იმისათვის, რომ ერთიმეორე ეპოვნათ, ემიგრაციაში უნდა წასულიყვნენ, ვთქვათ, ამსტერდამში, იქ, სადაც ნამდვილი სამყაროა. ამ ადამიანებს სულ უბრალო რამ – სიყვარული სურდათ. სიყვარული, დაცლილი ჭორაობისაგან, ქვეგამხედაობისაგან, შურის, ბოღმისა და იარლიყებისაგან. სიყვარული, რომელიც მხოლოდ ორი მათგანის საქმეა და მეტი არავისი. ნუთუ ის ასე ძნელი მოსაპოვებელია? მაგრამ გუსტავ დორეს აჩრდილები ყველგან არიან, ისინი არ გიშვებენ, მზად არიან ყელში გწვდნენ, იარაღით დაგადგნენ, როგორც კოლია ბაბუას მიერ გამოზრდილი ოქროსმაძიებელი ბებერი ყაჩაღები, სტივენსონის წიგნებიდან რომ გადმოსულან თბილისში. როგორც მოგელაანთ სახლის აჩრდილები, კოლია ბაბუას ბიბლიოთეკის წიგნების გმირებს რომ შერევიან უკვე და ძველი ფოტოგრაფიებიდან და საბუთებიდან რომ გვიქნევენ ხელს. ლიტერატურაც ხომ ცალკე სამყაროა, საკმაოდ რეალური და არავინ იცის, ვინ უფრო დიდ გავლენას ახდენს ქართველების ცნობიერებაზე, “ვეფხისტყაოსნის” ავთანდილი თუ ქუჩაში მოხეტიალე მისი რომელიმე უსაქმური სეხნია.
ვინ იყო ბაბუაჩემი, კოლია მოგელაძე, სად გაქრა ბარნოველი ლევიკო? რამ გაუხეთქა გული კონგოს? რა დაემართა შირაზის ვარდის ქმარს? რომანი კითხვებით არის სავსე, რომლებზეც ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში პასუხები არ სჩანს. რატომ ეწირებიან ადამიანები ვიღაცის აბსურდულ ახირებებს? რომანი ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა. “მარადიული კითხვები ქუჩაში დადიან”. ეს ნიცშეა, კაცი, რომელმაც საკუთარი სამყარო, ზეკაცის სამყარო გამოიგონა, რათა უპასუხო კითხვებისთვის დაეღწია თავი. Made in Tiflis-ში მხოლოდ გამოგონილ კუნძულებზე თუ დაიმალები, მაგრამ იქიდანაც მოგიწევს დაბრუნება. ძალით თუ ნებით, მოტყუებით თუ დარწმუნებით, სიძულვილით თუ მონატრებით დაგაბრუნებენ დორეს სამყაროში, სადაც პერსპექტივა არ გაქვს, სადაც უიმედობა და სიკვდილი გიცდის და შავებში ჩაცმული პისტოლეტიანი მკვლელი გელოდება. ამ სამყაროში ისჯება ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრების სურვილი. ამიტომ იქნებ უჯობესია, მართლა არ დაგაინტერესოს აქაურმა ამბებმა, საერთოდ არ უყურო ქართულ გადაცემებს, არ წაიკითხო წიგნები, გამოიცვალო ქვეყანა, მოქალაქეობა, ეროვნება, საკუთარი სულიც კი. დაივიწყო “სითი ოფ პლეხანოფ” და შეიყვარო სანტა სიტი. აი, მაშინ კი ნამდვილად მოკვდები, გაქრები, და აღარ იარსებებ, თითქოს არც დაბადებულხარ და შენთან ერთად გაქრება ეს ქალაქი და ეს ქვეყანაც.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: