Tuesday, April 20, 2010

მალხაზ ხარბედია – ნაკიანი წელი


ანუ გზა 48 გვერდიდან - 32-მდე

არ მინდა ეს წერილი მკითხველმა მხოლოდ ბაკურ სულაკაურის რეპლიკაზე პასუხად აღიქვას და არც რაიმე საპოლემიკო ინტრიგა მინდა დავთესო ჩემი გამოხმაურებით. უბრალოდ, დიდი სურვილი მაქვს, კარგად გავერკვეთ საკითხში, გავაცნობიეროთ, თუ რა დაემართა აგვისტოს შემდეგ ქართულ წიგნიერ კულტურას, რა ვითარებაა საგამომცემლო საქმეში, რა ბედი ეწიათ ქართველ მკითხველებს, მწერლებს, ბიბლიოფილებს, ადამიანებს, ვინც ბევრს კითხულობს, და არც ფულს იშურებს კარგი ახალი წიგნისთვის. ამ წერილში, მე ჩემს სიმართლეზე მეტად (რაშიც დარწმუნებული ვიყავი, რადგან ეს სიმართლე, რამდენიმე გამომცემლის სიმართლეს ემყარებოდა) რეალური სურათი მაინტერესებს, რომელიც ვითარებაში უკეთ გარკვევის საშუალებას მოგვცემს.
ამ სტატიისთვის მასალის შეგროვებამ დიდი ენერგია წაიღო, აქამდე არასდროს დამჭირვებია ციფრებთან მუშაობა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სულის მდგომარეობის ნაცვლად, გაყიდვების მაჩვენებლების აღწერა მომიწევდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან წიგნების გაყიდვების საკითხი არც მაინტერესებდა, მე უფრო ომი და მისი შედეგები მიმღვრევდა ხასიათს და რადგან გარშემო კარგს ვერაფერს ვხედავდი, გადავწყვიტე, სვეტიც დროის შესაფერისი დამერთო ნომრისთვის. მაშინ ამას დაემატა ჩემთვის ძალზე ძვირფას საქმიანობაში, წიგნების დაწერა-გამოცემა-წაკითხვაში ჩართული რამდენიმე ადამიანის ჩივილი, რამაც დამაწერინა კიდეც, რომ ომის შემდეგ ბევრი რამე უარესობისკენ შეიცვალა. იქ დახასიათებული სიტუაცია მემგონი ბევრისთვის არ იქნებოდა ახალი ამბავი. ომის გარეშეც ცხადად ჩანს, რომ “ლიტერატურა” ჩვენს ქვეყანაში არ იყიდება და განათლების რეფორმა და სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი გრანტები რომ არა, ნებისმიერ გამომცემლობას ძალიან გაუჭირდებოდა დღევანდელ საქართველოში. ომმა კიდევ უფრო ცხადი გახადა რაღაც-რაღაცეები, თუმცა, ამის მიუხედავად, უფრო ჩემს გარშემო გამეფებული უიმედობა და რადიკალური ეკზისტენციალური ცვლილებები მალაპარაკებდა, ცვლილებები, რომლებმაც დიდხანს მოწყვიტა ჩემი მეგობრები საყვარელ საქმიანობას.
ამასწინად რამდენიმე კოლეგას მივწერე თხოვნით, ერთ აბზაცში ჩაეტიათ ის, თუ რა გავლენა მოახდინა მათზე, როგორც მკითხველზე ომმა. რა შეიცვალა მათი, პროფესიონალი ლიტერატორების ცხოვრებაში აგვისტოს შემდეგ. ზოგს გაუჭირდა პასუხის გაცემა, ზოგმა კი საერთოდაც, ვერაფერი დაწერა ლიტერატურაზე, რადგან მთელი ეს ბოლო პერიოდი მის გარეშე მოუწია ცხოვრება. ლაშა ბუღაძისთვის ცხოვრება უკვე ორ ნაწილად გაიყო, იგი მწერდა ამასწინათ: “ჩემს ცხოვრებას ასე ვყოფ: აგვისტოს ომამდე და აგვისტოს მერე. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ვფიქრობ ამ ომზე და ასე განვიცდი ამ ომს. ომი საშინელებაა იმიტომაც, რომ მხოლოდ მასზე ხარ კონცენტრირებული. ამ ომმა მე წამართვა წიგნის კითხვის უნარი, გამიქრო მადა, შემიმცირა საურთიერთოდ ასატანი ადამიანების რიცხვი...
არ ვიცი, ციფრები რას გვეუბნებიან, მე მარტო ის ვიცი, რომ ომი ჩვენც გვინდოდა და მერე ძალიან შეგვეშინდა სიკვდილის. ოღონდ ჩვენ სხვანაირი ომი გვინდოდა. ლამაზი და რიხიანი, ისეთი, როგორიც ჩვენს მილიტარისტულ მუსიკალურ ტელე-კლიპებში იყო. კარგი არაფერი მომხდარა 2008 წლის აგვისტოში. იმ პანიკურ შიშს, რომელიც ამ ომმა დამიტოვა, ჯერჯერობით, არაფერი მიქარწყლებს. მხოლოდ ის მამშვიდებს (ისიც შედარებით), როცა გულწრფელად ვყვები ჩემს შიშებზე. არაადეკვატური ოპტიმისტები კი საშინლად მაფრთხობენ. რატომ არ შეიძლება, რომ დამარცხების გაცნობიერების საშუალება მივცეთ ერთმანეთს? რამდენჯერ წავაგეთ და ყოველთვის იმას ვამბობდით, არ წაგვიგია, წაგვაგებინესო. წავაგეთ! წავაგეთ! ჩვენმა ილუზიებმა წააგეს, ჩვენმა იდიოტურმა სადღეგრძელოებმა წააგეს, ჩვენმა მუქარით მოქნეულმა მუშტებმა წააგეს, ბაქიბუქობამ და ინფანტილიზმმა! ამაზე ფიქრი, ამაზე ჩაფიქრება ადეკვატური მგონია, ყველაფერი დანარჩენი - არა-ადეკვატური და სახიფათო. ომში წაგება მძიმეა, მაგრამ, მგონი, არც მოგებაა კარგი. არ მინდა, რომ ომში მოგებული ქვეყნის მოქალაქე ვიყო. ომი საერთოდ არ მაწყობს - არც მოგებული, არც წაგებული. ამ ომმა ჩემი თავი დამაკარგვინა. მას დღემდე ვაკოწიწებ”.
საინტერესო დაკვირვებები ჰქონდა დათო პაიჭაძესაც: “როგორ დაეტყო ომის კვალი წიგნის გაყიდვას, ამაზე შემიძლია მხოლოდ სპეკულაციები შემოგთავაზოთ. მოულოდნელი მეჩვენა ბ-ნ ბაკურ სულაკაურის მტკიცება, რომ 2008 წელი ყველაზე წარმატებული იყო გაყიდვების თვალსაზრისით; მეუცნაურა ასევე ინფორმაცია, რომ წიგნის მყიდველს ბანკიდან კრედიტის აღება არ ჭირდება, ამიტომ ფინანსური კრიზისი წიგნის გაყიდვებს არ დაეტყო. ხშირად ვსტუმრობ წიგნის მაღაზიებს და შარშან ბოლო ოთხი თვის მანძილზე იქ მოქალაქეთა არც განსაკუთრებული მატება შემიმჩნევია და არც განსაკუთრებული კლება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი გამომცემლობების ერთი ნაწილი მომართულია სახელმძღვანელოთა გამოშვებაზე, რაც მათ ბიზნესს რენტაბელობას ანიჭებს. პოპულარულია საბავშვო გამოცემებიც. საკითხავია, ამ ორი წარმატებული მიმართულების გარდა სხვა აქტივობას - მოზრდილთათვის განკუთვნილი ქართული წიგნების ბეჭდვას, იმპორტირებული წიგნების გაყიდვას თუ მოჰქონდა მოგება? ჩვენი გამომცემლები კერძო და საჯარო საუბრებში აღნიშნავენ ხოლმე, რომ საქართველოში ცოტას კითხულობენ. ვგონებ, სწორედ ეს - კითხვის კულტურა, წიგნის ადგილი ქართულ კულტურაში არის გადამწყვეტი ფაქტორი იმის განსაზღვრისათვის, როგორ იყიდება წიგნები ამ ქვეყანაში და არა მაინცდამაინც ომი და ფინანსური კრიზისი. რადგან წიგნის ყიდვის საბჭოთა ”ტრადიცია” მოკვდა: წიგნი აღარც სამშვენისია, აღარც ”დაგროვების საშუალება” - დღეს მას მხოლოდ იმისთვის ყიდულობენ, რომ იკითხონ.”
ძალიან მტკივნეული იყო ბოლო თვეები გიორგი ლობჟანიძისთვისაც: “აგვისტოს ომის დროს, წიგნის მაღაზიაში წასვლა კი არა, ოჯახში წლების მანძილზე, რამდენიმე თაობის მიერ შეგროვილ ბიბლიოთეკასაც გულაყრილი, გაუცხოებული შევცქეროდი. ომმა ყველა ღირებულება თავდაყირა დააყენა და ჩემი სასოწარკვეთა პირველ რიგში წიგნებზე გავრცელდა. წიგნებზე, რომლებმაც ვერ მოახერხეს, მთელი თავიანთი სიკარგის მიუხედავად, სამყარო ოდნავ უკეთესი გაეხადათ.
ეს შეგრძნება დიდხანს გამყვა და მხოლოდ ცოტა ხნის წინათ მოვახერხე, წიგნის მაღაზიებისაკენ მიბრუნება. იქ კი საშინლად გაძვირებული ბეჭდური პროდუქცია დამხვდა. ვიცი, ვინმე შემომედავება: ყველაფერი ძვირდება და რაღა წიგნის ფასები გიკვირსო, მაგრამ წიგნის ფასებზე მეტად ჩვენი ზოგირთი გამომცემლის პოზიცია მაკვირვებს. სხვათა შორის, მწერლობა, რითაც ზოგადად პატიოსანი გამომცემლები ფულს შოულობენ, სულ სხვა რამისთვისაა მოწოდებული: კრიტიკულად გაიაზროს არსებული სინამდვილე და აქტიურად იღვაწოს ამ სინამდვილის გასაუმჯობესებლად”.
მეც სწორედ ამ სინამდვილეს ვუტრიალებდი გასული წლის ბოლოს და დეკემბერში დაბეჭდილ ჩემს “შემაჯამებელ” სვეტში კონკრეტული ციფრების დასახელება მიზანშეწონილად არ მივიჩნიე, რადგან მეგონა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო მკითხველისთვის. ერთი თვის შემდეგ, ბაკურ სულაკაურმა რეპლიკით მიპასუხა, რომელიც, არსებითად ჩემი შენიშვნის ერთ პატარა აბზაცს ეხებოდა: “სამწუხაროდ, 2008-ში წიგნებისთვის არავის ეცალა, აგვისტოს მოვლენებმა კი საერთოდაც, მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა ნულს გაუტოლა, დააცარიელა მაღაზიები, გააძვირა ახლად გამოცემული წიგნები. მყიდველი მოაკლდა სახელმძღვანელოებსაც კი”, რის პასუხადაც ბაკურ სულაკაურმა პუნქტობრივად, სათითაოდ ჩამოაყალიბა კონტრარგუმენტები ხუთივე დებულების გასაბათილებლად. იგი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ 1. “2008 წელს წიგნებისადმი ინტერესი არნახულად გაიზარდა”. 2. “წიგნის ბაზრის ყველა სეგმენტში გაიზარდა წიგნის გაყიდვები”. 3. “არც ერთ წიგნის მაღაზიაში არამც თუ არ შემცირებულა დასახელებათა რაოდენობა, არამედ არსებითად გაიზარდა”. 4. “შარშან წიგნები არ გაძვირებულა”. 5. “აშკარა ზრდა იყო სახელმძღვანელოების ბაზარზეც”.
როცა რაღაცის დამტკიცებას ცდილობ, ყოველთვის უნდა ეყრდნობოდე, ციფრებს თუ არა, რეალურ ფაქტებს მაინც. როცა ბაკურ სულაკაური წერს, “2008-ში წიგნებისადმი ინტერესი არნახულად გაიზარდა, რაზედაც მეტყველებს: გამოცემული წიგნების რაოდენობების ზრდა, გაყიდვების ზრდა, ტირაჟების ზრდა”, მინიმუმ 2-3 გამომცემლობის მაგალითი მაინც უნდა მოიყვანოს. ბაკურ სულაკაურს კი თავისი ხუთივე არგუმენტის გასამყარებლად არცერთი ციფრი თუ ფაქტი არ დაუმოწმებია. რა დააშავა მკითხველმა ისეთი, რომ ზედიზედ მეორე ნომერში დაუზუსტებელი ინფორმაცია იკითხოს და სიტყვაზე მენდოს ჯერ მე და შემდეგ ბაკურ სულაკაურს. ჩვენ ხომ არც ერთს არ შეგვიწუხებია სირბილით თავი და ერთი ციფრიც კი არ დაგვიზუსტებია. იქნებ მკითხველს სწორედ ზუსტი პასუხი ურჩევნია ზოგად განსჯებს, იქნებ მისთვის ფაქტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაკვრით საუბარი ერთი მხრივ პრობლემებზე, მეორე მხრივ კი მიღწევებზე?!
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ამ წერილისთვის მეტი “მერბინა”, მეტი ხელშესახები მასალა მომეძიებინა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, მართლა არნახულად გაიზარდა თუ არა გასულ წელს წიგნებისადმი ინტერესი და მართლა მოახდინა თუ არა ომმა უცნაურად სასიკეთო გავლენა წიგნის მაღაზიებსა თუ გამომცემლობებზე. მე რამდენიმე გამომცემლობას დავუკავშირდი, ასევე ყველაზე დიდ თბილისურ წიგნის მაღაზიებსა და წიგნის გამავრცელებელ სააგენტოებს, რათა დამედგინა განსხვავება ომამდელ და ომისშემდგომ ვითარებასა და ზოგადად, 2007 წელსა და 2008 წელს შორის. აი როგორი შედეგები მივიღეთ.
აღმოჩნდა, რომ გამომცემლობა “ლოგოს პრესის” საერთო გაყიდვებმა წლის მეორე ნახევარში, წლის პირველ ნახევართან შედარებით (ანუ ომის შემდეგ), ერთი მესამედით იკლო. გამომცემლობა “ინტელექტის” გაყიდვები 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 55%-ით შემცირდა, ვიდრე იანვარი-მაისის პერიოდში იყო, ხოლო 2007 წელთან შედარებით 2008 წელს გამომცემლობა “ინტელექტის” გაყიდვებმა 57%-ით იკლო. სხვა სურათი იყო ფასების მხრივ, თუკი 2007 წელს ნაკლები ღირებულების მეტი წიგნი გაიყიდა, 2008 წელს გაიყიდა გაცილებით ნაკლები რაოდენობის წიგნი, რომელიც, შესაბამისად, შარშანდელზე ძვირი ღირდა. ომის შემდეგ, 50-%-იანი ვარდნა ჰქონდა გამომცემლობა “დიოგენესაც”. გაყიდვებმა უმნიშვნელოდ იკლო თავად “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშიც”. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 1,4%-ით ნაკლები წიგნი გაიყიდა, ვიდრე 2008 წლის აპრილ-მაისში.
გაირკვა, რომ აგვისტოს თვე მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა სხვა წლების აგვისტოსთან შედარებით, ანუ, როგორც ბაკურ სულაკაური წერს, “წიგნისათვის ხალხს ეცალა აგვისტოშიც კი”. მაღაზია “პარნასის” მფლობელი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ აგვისტოში ძალიან ცოტამ მოახერხა ქალაქიდან გასვლა და შესაბამისად, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, მეტი მყიდველი ჰყავდა წიგნებს. აგვისტოს უცნაურმა “გამოცოცხლებამ” მაინც ვერ დააზღვია მაღაზია “პარნასი” და აპრილ-მაისთან შედარებით ოქტომბერ-ნოემბერში მაინც 19-20%-იანი კლება აჩვენა სტატისტიკამ, თუმცა ლესელიძის ქუჩაზე მდებარე “პარნასში” 2008 წლის ვაჭრობამ პირიქით, გასულ წელთან შედარებით 31%-ით იმატა. ასევე გამონაკლისი იყო მაღაზია “წიგნის სახლი”, სადაც აპრილ-მაისთან შედარებით ოქტომბერ-ნოემბერში 5%-ით მოიმატა გაყიდვებმა, ძირითადად, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოების ხარჯზე, სამაგიეროდ 2008 წლის მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა 2007-სას 5%-ით.
მაღაზია “სანტა ესპერანსაშიც” უმნიშვნელოდ იმატა ოქტომბერ-ნოემბრის გაყიდვებმა (აპრილ-მაისთან შედარებით) და 3% შეადგინა, სამაგიეროდ 2008 წლის გაყიდვები 17%-ით ჩამოუვარდებოდა გასული წლისას. აქ არ შეიძლება არ ვახსენოთ ერთი უცნაურობა, რომელიც ზემოთ გამომცემლობა “ინტელექტის” შემთხვევაშიც გამოჩნდა. კერძოდ ის, რომ 2008-ში “სანტა ესპერანსამ” დაახლოებით 40 000 ლარით მეტი ივაჭრა, არადა გაყიდვები 17%-ით ნაკლები იყო 2007-თან შედარებით, რაც მაღაზიის მენეჯერის აზრით, ქართული თუ შემოტანილი წიგნების გაძვირებით იყო გამოწვეული.
ძალზე საინტერესო იყო ქვეყნის უმსხვილესი წიგნის გამავრცელებელის (რომელიც ძირითადად რუსულ და სხვა უცხოენოვან გამოცემებზე მუშაობს), “ტაშენის” ოფიციალური წარმომადგენლის, შპს “პრემიერის” მონაცემებიც, რომლის თანახმადაც, 2008-ში, ომამდე, წინა წელთან შედარებით, 50%-ით მეტი ახალი დასახელების წიგნი იყო შემოტანილი, თუმცა კი გაყიდვებს ეს პროცენტული მატება არანაირად არ დატყობია, ანუ მოსალოდნელი 50%-იანი წინსვლა არ შედგა და გაზრდილმა ასორტიმენტმა ვერანაირი გავლენა ვერ იქონია წიგნების გაყიდვაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ “პრემიერის” გაყიდვები ომის შემდგომ საგრძნობლად დაეცა.
სახელმძღვანელოების მხრივაც სერიოზული პრობლემები იყო. ომის შემდგომ პერიოდში წარმოუდგენლად იკლო არაქართულენოვანი სკოლებისთვის გამოცემული წიგნების გაყიდვამ, “დიოგენეს” მონაცემებით, რუსული სახელმძღვანელოების გაყიდვამ 20-30%-ით იკლო, ხოლო გამომცემლობა “ინტელექტის” მიხედვით, სომხურენოვანი და აზერბაიჯანული სახელმძღვნელოების გასაყიდად განსაზღვრული რაოდენობიდან მხოლოდ 5% შეიძინეს.
სხვა საკითხია სახელმწიფოს დამოკიდებულება ზოგადად ლიტერატურისადმი (ამაზე ჩვენ ადრეც გვიასაუბრია) მთარგმნელობითი გრანტების, სუბსიდიების, სტიპენდიების, პენსიების, პრემიების სისტემა, შეიძლება ითქვას, სავალალო დღეშია. ბოლო წლების მანძილზე რამდენჯერმე იყო მცდელობა დაფინანსებულიყო ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურის თარგმანები, ლიტერატურული პერიოდული გამოცემები, თუმცა პერიოდიკის კონკურსს კულტურის სამინისტრო ძალიან გვიან აცხადებდა ხოლმე, და შესაბამისად ჟურნალების მხოლოდ რამდენიმეთვიანი დაფინანსება ხერხდებოდა. შარშან თარგმანის პროექტიც შეკვეცეს და თუკი სახელმწიფო თავიდან 500 ეკზემპლარის შეძენის ვალდებულებას იღებდა, პროექტის დასასრულს ციფრი 150-მდე ჩამოვიდა და ეს მაშინ, როცა წიგნის გამოცემის საქმე უკვე დასრულებული იყო. ცხადია, მცირე გამომცემლობები, რომლებიც მთლიანად ამ გრანტზე იყვნენ დამოკიდებულნი, წაგებაში დარჩნენ, ბევრი კი შიშობს, რომ 2009 წელს საერთოდაც, შეიძლება გააუქმონ ეს პროექტები.
ამგვარი შიშები საკმაოდ გახშირდა, აგერ ჩვენი ჟურნალიც უკვე 48 გვერდის ნაცვლად 32 გვერდამდე შემცირდა და გასული წლის ბოლო ნომრის “შეჯამებაში” დაპირებული საინტერესო სიახლეების ნაცვლად, ნაკლული ნომერი უნდა შევთავაზოთ მკითხველს. თუმცა ეს დანაკლისი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ქართულ ლიტერატურას დააკლდა რამდენიმე დღის წინ. ამ წერილზე მუშაობა თითქმის უკვე დასრულებული მქონდა, როცა ნუგზარ შატაიძის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე. ნუგზარი რამდენიმე დღის წინ დავკრძალეთ. ახლა ძალიან ძნელია მასზე ლაპარაკი და ამაში სამწუხაროდ ვერც ნუგზარის უმდიდრესი ენა დაგვეხმარება. როგორც ჩანს, რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ ახლიდან გავაცნოთ თანამედროვე მკითხველს სევდიანი მხნეობით სავსე ეს შესანიშნავი მწერალი და საყვარელი ადამიანი. ერთი თვის წინ გარდაცვლილი ჯონ აპდაიკის სიტყვებით რომ ვთქვათ: “დროთა განმავლობაში ბევრი წიგნი ძალიან სწრაფად ყვავილობს და შემდეგ უკვალოდ ქრება, მხოლოდ რჩეული უმცირესობა იშლება აუჩქარებლად, ფურცელ-ფურცელ და კლასიკად იქცევა”. იმედია ორიოდე თვის შემდეგ, ერთ-ერთ სპეციალურ ნომერში ჩვენც ასე, აუჩქარებლად, ფურცელ-ფურცელ შევუდგებით ნუგზარის ნაწერების კითხვას და ჩავწვდებით თანამედროვე კლასიკის ნამდვილ გემოს.
იმედია 32 გვერდი ამ წამოწყებას მაინც ეყოფა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


1 comment:

Lord Vader said...

სანამ წიგნი მასობრივად გაყიდვად საქონლად არ იქცევა და ფასის გაზრდას გამყიდვლის შემოსავლის ზრდა მოჰყვება მეტად, ვიდრე ფასის დაწევას მოჰყვებოდა, ბუნებრივია, ფასი გაიზრდება.

თუმცა, წელს მსოფლიოში ელექტრონული წამკითხველების გაყიდვები 10-12 მილიონს აცდება, მაშინ როდესაც 2 წლის წინ სულ 1 მილიონი გაიყიდა. დიდი ალბათობით, უახლოეს 20 წელიწადში ელექტრონული წიგნი (http://bit.ly/9Owh9G) მნიშვნელოვნად შეავიწროვებს ბეჭდურს. B&N საერთოდაც მოელის რომ 50 წელიწადში ის წიგნების სედმენტში შემოსავლების უდიდეს ნაწილს სწორედ ელექტრონული პროდუქციის გაყიდვით მიიღებს და არა ბეჭდურიდან.