Sunday, October 5, 2008

თამაზ ვასაძე

ლიტერატურა, რომელიც ცხოვრებასავით რთულია

(ინტერვიუ თამაზ ვასაძესთან)





ესაუბრა ნინო დეკანოიძე




– ახალი წიგნი, თანაც ჩინებულად გამოცემული თანამედროვე კულტურული ცხოვრების მოვლენად უნდა იქცეს. „ქართული მოთხრობის ანთოლოგია“ XX საუკუნის აღიარებულ პროზაიკოსებს იკრებს. როგორც შემდგენელი და პასუხისმგებელიც ამ საუნჯის ერთად თავმოყრისა, რას ეტყვი „ჩვენი მწერლობის“ მკითხველს. როგორ გაჩნდა იდეა ამ წიგნის არსებობისა?
– რამდენიმე წლის წინათ შევადგინე პროზის ანთოლოგია, რომელიც „დიოგენემ“ გამოსცა. ამ ანთოლოგიის შექმნის იდეა თავის დროზე გია ქარჩხაძეს გავუზიარე და „დიოგენესთან“ მან დამაკავშირა. შემდეგ მე და გიამ ჩავთვალეთ, რომ შეიძლება უფრო ფუნდამენტური, უფრო სრული ანთოლოგიის შედგენა და გამოცემა. გია ქარჩხაძემ კარგად იცის ლიტერატურის ფასი, ამიტომ მასთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. საერთოდ, საგამომცემლო საქმეს სწორედ ასეთი კულტურული ადამიანები უნდა ჰკიდებდნენ ხელს.
– როგორ შედგა არჩევანი? ხანგრძლივი ფიქრის შედეგად თუ ერთბაშად გადაწყდა ნაწარმოებთა თავმოყრა. ალბათ, ვერ უგულებელყოფ, რომ მკითხველმა ამ წიგნში მოისაკლისოს თავისი მწერალი, გულს დააკლდეს თავისი მოთხრობა.
– ამ ტიპის წიგნზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და შედგენის პროცესი ხანგრძლივი არ ყოფილა, მხოლოდ ზოგიერთი მომენტის დაზუსტება იყო საჭირო. აქ მინდა ვთქვა, რას ნიშნავს ჩემთვის ანთოლოგია და რატომ მიზიდავს ამგვარი გამოცემები. მიმაჩნია, რომ ანთოლოგიური პრინციპი შეესატყვისება თვით მწერლის ღრმა მოთხოვნილებას,
შექმნას სრულყოფილებას მიახლოებული ნაწარმოები. ჩვენთვისაც ხომ ყველაზე საინტერესო ასეთი ნაწარმოებებია, საბოლოო ანგარიშით, ისინი ამართლებენ ლიტერატურის არსებობას. რომელიმე პერიოდში, ეპოქაში შექმნილი გამძლე ფასეულობების ერთად თავმოყრა ამ დროის ლიტერატურის ბუნებაში ჩაწვდომის, მისი არსის გააზრების
თავისებური საშუალებაა. რაც შეეხება იმას, რომ მკითხველი ვერ იპოვის ანთოლოგიაში ყველაფერს, რასაც მოელის, ეს, მე მგონია, ბუნებრივია და საგანგაშო არ არის.
– ლიტერატურის ისტორიაში არცთუ ცოტა შემთხვევაა, ავტორს თავის რჩეულ ნაწარმოებად ერთი მიუჩნევია, მაგრამ ამ ეპითეტით შემორჩენილა სულ სხვა მისი ქმნილება.
– რასაც ამბობ, მართალია, თუმცა ჩვენ ხშირად არ ვიცით, თავის რომელ ნაწარმოებს მიიჩნევს მწერალი საუკეთესოდ და კიდეც რომ ვიცოდეთ, ეს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი კრიტერიუმი ვერ იქნება. ანთოლოგიის შედგენისას ვითვალისწინებდი კრიტიკაში გამოკვეთილ აზრს მწერლის და მისი შემოქმედების შესახებ, თუმცა მას, რა თქმა უნდა, მექანიკურად არ ვეთანხმებოდი. ამავე დროს ჩემი მიზანი არ ყოფილა მკითხველის გაოგნება რაღაც არგაგონილით და არნახულით. მაგრამ სიახლეები წიგნში, ალბათ, არის, განსაკუთრებით დღევანდელი ახალგაზრდა მკითხველისთვის. მაგალითად, თავის დროზე გახმაურებული, აჟიოტაჟის გამომწვევი იყო მერაბ აბაშიძის, გიორგი ბაქანიძის, ჯემალ თოფურიძის მოთხრობები – ადრე საზოგადოებას ლიტერატურის მიმართ უფრო ძლიერი ინტერესი ჰქონდა. ახლა რომ გადავიკითხე ეს მოთხრობები, აღმოჩნდა, რომ მათ ღირებულება არ მოკლებიათ, შეიძლება აქტუალობა შეემატათ კიდეც.
– ცოტა არ იყოს რისკის გაწევაა შემდგენელის მხრიდან, როცა აღიარებული მწერლის აღიარებული ნაწარმოების მაგივრად მკითხველს ნაკლებად ცნობილს შესთავაზებ.
– კლასიკოსად აღიარებული მწერალი ზარალდება, როცა მის შემოქმედებაზე სტერეოტიპული წარმოდგენა მკვიდრდება. შეიძლება ამგვარი სტერეოტიპის მიღმა ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებები დარჩეს. ამიტომ ვამჯობინე ზოგიერთი ცნობილი მწერლის ჩრდილში აღმოჩენილი ნაწარმოები შემეთავაზებინა მკითხველისთვის. ვთქვათ, ნიკო ლორთქიფანიძის ცნობილ, ქრესტომათიულ ნაწარმოებს ვარჩიე „საბა“, ნაკლებად დაფასებული, მაგრამ, ჩემი აზრით, ბრწყინვალე მოთხრობა. ასევე ნაკლებად პოპულარულია დავით კლდიაშვილის გამორჩეულად ღრმა მოთხრობა „მიქელა“, რომელიც ანთოლოგიაშია წარმოდგენილი. ზოგჯერ ესა თუ ის ნაწარმოები, კლასიკურად მიჩნეული, „ცვდება“. ასე მოუვიდა, მაგალითად, „სოლომან მორბელაძეს“...
– გაცვდაო... რას გულისხმობ, უფრო ზუსტად განმარტე.
– ამ მოთხრობის ღირებულებას კი არ უარვყოფ, უბრალოდ, ზედმეტად შევეჩვიეთ, ავტომატიზებულად აღვიქვამთ. ამიტომ ხდება საჭირო სხვა ნაწარმოების წინ წამოწევა, რომელიც შეუჩვეველი რაკურსით ავლენს მწერლის შესაძლებლობებს.
– უნდა ვიფიქროთ, რომ ანთოლოგია მაინც სუბიექტურია.
– დიახ, თუმცა ვცდილობდი მაქსიმალურად ობიექტური ვყოფილიყავი, ჩემი სუბიექტურობა ობიექტურობის „გამტარად“ მექცია. ლიტერატურის შეფასების ობიექტურობა სუბიექტური საწყისის ჩახშობით ვერ მიიღწევა, ის მხოლოდ სუბიექტის მედიუმობით შეიძლება იყოს მიღწეული. არსებობს შეფასების საკმაოდ მყარი და სანდო კრიტერიუმები, მაგრამ ეს კრიტერიუმები მხოლოდ შემფასებლის სუბიექტურ ცნობიერებაში ცოცხლდებიან, აქ იძენენ ქმედითობას.
– ანთოლოგიებს, როგორც წესი, წინათ ავტორთა ჯგუფი ადგენდა ხოლმე. როგორ ფიქრობ, პასუხისმგებლობის განაწილება აზარალებდა საქმეს თუ პირიქით, სძენდა ავტორიტეტს.
– ადრე, საბჭოთა დროს, ანთოლოგიები სახელმწიფოს მიერ იყო ნაკურთხი, სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავდა. ამიტომ ანთოლოგიის შედგენას ერთ ადამიანს არ ანდობდნენ. ახლა სხვა დროა, არც ერთი ანთოლოგია „კანონიკური“ არ შეიძლება იყოს. სხვა სხვანაირ ანთოლოგიას შეადგენს. საზოგადოებას არჩევანი მუდამ ექნება. ესეც არის იმის ერთ-ერთი გამოხატულება, რომ ნელ-ნელა დემოკრატიული ცხოვრების წესს ვეჩვევით.
– ანთოლოგიის შედგენისას რაიმე კანონზომიერებას ექვემდებარებოდი? გვერდიგვერდ დაბეჭდილ მწერლებს იდეური და სულიერი ნათესაობა უნდა აკავშირებდეთ.
– ვცდილობდი მოთხრობების თანმიმდევრობა, განლაგება, ქრონოლოგიური რიგის გათვალისწინებით, გარკვეული აზრის შემცველი ყოფილიყო, წიგნს ჰქონოდა ეპოქის ერთგვარი მხატვრული მატიანის თვისება, მასში წარმოჩენილიყო ქართული ცნობიერების, საზოგადოების, მორალის ხედი, მისი დროში ერთმანეთის მონაცვლე შრეებით. წიგნში მწერლები და მათი ნაწარმოებები ერთმანეთს „ემეზობლებიან“ თემატური, კონცეპტუალური ან ესთეტიკური ნიშნით. ვთქვათ, გვერდიგვერდაა დაბეჭდილი ლეო ქიაჩელის და გრიგოლ რობაქიძის მოთხრობები, რომლებსაც აახლოებს ინტერესი არქაული კულტურის მიმართ, ნეორომანტიკული პათოსი. კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიას, ბასილ მელიქიშვილის მოთხრობებში, რომლებიც ასევე გვერდიგვერდაა წარმოდგენილი, ჩანს ბოლშევიკური რეჟიმის პირისპირ აღმოჩენილი ადამიანის ბედი... მოგვიანებით ლიტერატურაში ძლიერდება სწრაფვა პიროვნების ინტიმური, სოციალური სფეროს მიღმა განფენილი სამყაროს წვდომისკენ და ამის მანიშნებელია ოთარ ჩხეიძის, არჩილ სულაკაურის, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები. გურამ გეგეშიძე ისტორიულ მოთხრობაში „ჟამი“ ეძებს იმის ფესვებს, რაც მეოცე საუკუნეში დაგვემართა და ამიტომ მოთხრობა წინ უსწრებს ნაწარმოებებს, რომლებშიც გახსნილია „ჰომო სოვეტიკუსის“ ბუნება და ასე შემდეგ.
– ანთოლოგიაში ძირითადად ქართული თემატიკაა, თუ არ გამოვყოფთ „პროხორისა“ და „მტარვალს“, სადაც იხატება საბჭოთა რუსი, ძალიან უბედური, პირქუში ყოფის ბინადარი.
– ამ მოთხრობებში უფრო მეტად აქცენტირებულია არა იმდენად პერსონაჟთა ეროვნული კუთვნილება, არამედ პიროვნების საბჭოური არსი და ეს ავტორების აზროვნების სიფაქიზეზე მეტყველებს. „პროხორის“ და „მტარვალის“ პერსონაჟები ტიპიური საბჭოელის ზუსტად გააზრებული და შთამბეჭდავი სახეებია. გასაგებია, რომ ეს ნაწარმოებები მხოლოდ საბჭოთა პერიოდის მიწურულში გამოქვეყნდა. ჩვენი ლიტერატურის მაღალი დონის მოწმობაა ის, რომ ქართველი მწერლები ახერხებენ ღრმად ჩაწვდნენ ჩვენგან ბევრი რამით ძალიან განსხვავებულს, „სხვას“, „უცხოს“.
– რა დასანანი და ტრაგიკულია, ბედისწერაცაა ალბათ, თითო-ოროლა მოთხრობით ან ლექსით ლიტერატურის ისტორიაში შემორჩენა. რა არის ხოლმე ამის მიზეზი (აქ არ ვგულისხმობ ძველ ტექსტებს), რას დაარქმევდი ამას, ნიჭის გამოლევას?
– ეს მართლაც ძალიან დასანანია, ბოლომდე გამოუმჟღავნებელ, დაუხარჯავ ნიჭზე უფრო დასანანი შეიძლება არაფერი არ იყოს ამქვეყნად. იმის მიზეზი, რომ მწერალი სრულად ვერ ახდენს თავის შესაძლებლობათა რეალიზებას, ზოგჯერ შეიძლება იყოს მისი განსაკუთრებული მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ, რომელიც უფლებას
არ აძლევს, „ჩვეულებრივი“ ნაწარმოებებით დაკმაყოფილდეს და მხოლოდ უმაღლესი რანგის ნაწარმოებების შექმნა სურს; მიზეზი შეიძლება იყოს მწერლის ბედი, ხასიათის თვისებები, ანდა დროსთან, ეპოქასთან მისი შინაგანი შეუთავსებლობა... მაგრამ ლიტერატურის, კულტურის ისტორია უფრო სამართლიანია, ვიდრე ცხოვრება, ის ნამდვილ
ღირებულებებს არ კარგავს, იმის განურჩევლად, მათ შემქმნელს უფრო მეტის შექმნაც შეეძლო თუ არა.
– რა მიგაჩნია ლიტერატურული ნაწარმოების შეფასების ძირითად საზომად?
– ჩემთვის არ არის საინტერესო და სრულფასოვანი ლიტერატურა, რომელიც არ ცდილობს ცხოვრების, სამყაროს სირთულე, სიმკაცრე და წინააღმდეგობრიობა რამდენადმე მაინც გამოხატოს. თუ ის, რასაც მწერალი გვიჩვენებს, შეუდარებლად უფრო მარტივი და უმნიშვნელოა, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ცხოვრებაში ვეხებით, უნდა დავასკვნათ, რომ ღირებულ ლიტერატურასთან არა გვაქვს საქმე. ლიტერატურული ნაწარმოების ღირსების მთავარ საზომად მივიჩნევ იმას, არის თუ არა მასში გამოვლენილი, მხატვრულად ხორცშესხმული სიმართლე, რომელსაც ამ ნაწარმოების გარეშე ასე ვერ დავინახავდი და ჩავწვდებოდი. მე მგონია, რომ შემოქმედებითი ნიჭი სწორედ სიმართლის, ჭეშმარიტების აღმოჩენის, წვდომის და მძაფრად გამოხატვის ძალაა. ნიჭი გარდაუვალად დაკავშირებულია ჭეშმარიტებასთან.


© ”ჩვენი მწერლობა”

No comments: