Monday, March 8, 2010

გელა ჩქვანავა - ძირითადი ინსტინქტი, ანუ ტყუპთა უტყუარი პრინციპი


მეცამეტე კორპუსის პირველ სადარბაზოში სამოცს გადაცილებული, ტანდაბალი, გალეული კაცი შემოვიდა კარალიოკებით სავსე კალათით ხელში და მორიდებით გაუღიმა ლიფტთან ატუზულ, აწოწილ ბიჭს, ცალი ფეხი ორ, ერთმანეთზე დაწყობილ ცემენტის ტომარაზე არხეინად რომ შემოედო, ხელში კი აბსოლუტურად მრგვალი დიდი ქვა ეჭირა.
- აბა, კარალიოკები!.. კარალევსკი კარალიოკები!.. ოქროს კარალიოკები! - ყოჩაღად დასჭექა მოსულმა და კალათა ძირს დაუშვა.
- არაყიც ხომ არ გაქვს? - საქმიანად ჰკითხა ბიჭმა მოსულს.
- რა არაყი? - საშინლად დაიბნა კარალიოკების გამყიდველი.
- კარალიოკის არაყი. გავსინჯე ერთხელ და ძალიან მაგარი რამე იყო! - ბიჭმა შარვლის ჯიბიდან ოცთეთრიანი ამოიღო და მეკარალიოკეს გაუწოდა. - მომე რა, ერთი ცალი, ოღონდ დიდი და კარგი ამირჩიე.
კარალიოკების გამყიდველმა კალათიდან ყველაზე დიდი კარალიოკი ამოიღო და ბიჭს გაუწოდა, ფულზე კი ხელის გასავსავებით კატეგორიული უარი განაცხადა. ბიჭმა ქვა ცემენტის ტომარაზე ჩამოდო, კარალიოკი პერანგის კალთაზე შეიწმინდა და ჩაკბიჩა. ამასობაში ლიფტიც ჩამოდგა. ბიჭმა კარალიოკი პირით დაიკავა და ცემენტის ორი ტომრიდან ერთს, მასზე დადებულქვიანად კაბინაში ისე მარდად შეუძახა, რომ ქვა არც შერხეულა; შემდეგ წელში გასწორდა, ცემენტიანი ხელი მტვრიან შარვალზე შეიხოცა და კარალიოკს დაუბრუნდა.
- ლიფტი არ გაგექცეს! - უთხრა მეკარალიოკემ ბიჭს.
- მგელი კი არ არის, შე კაცო!.. თუ კაბინაში სიმძიმეა, დილამდე ასე კარღია იდგება... - ბიჭმა კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ შარვლის ჯიბეში მობილური აუწკრიალდა. ბიჭმა ნიშნისმოგებით გაიღიმა და ხელი ჩაიქნია.
- ტელეფონი რეკავს! - შეახსენა კარალიოკების გამყიდველმა.
- გაჩერდება! - არხეინად უპასუხა ბიჭმა. - ხელოსნები მიზვანოკებენ. ვერ იტანენ, როცა ეზოში ჩავდივარ. ეშინიათ აქაურებთან ჩხუბი არ მომივიდეს - ბაბუაჩემმა ჩააბარა ჩემი თავი, მიმიხედეთო.
- რავარი ხალხი ცხოვრობს ამ სადარბაზოში? - იკითხა მეკარალიოკემ, კიდევ ერთი კარალიოკი ამოიღო კალათიდან, საკუთარი პიჯაკის კალთათი გააპრიალა და ბიჭს გაუწოდა.
- მეშვიდეზე ვაკეთებთ რემონტს, იქ პაგალოვნა ყველა ნაბოზვარია! - მშვიდად ამცნო ბიჭმა.- მეექვსეზეც ნაბოზვრები ცხოვრებენ... არ იხმაუროთ და არ აკაკუნოთო. უხმაუროდ რემონტი კი არადა, ბავშვი არ კეთდება-მეთქი... ათ საათამდე ჩქამი არ გავიგოთო. იმათი ძაღლი, როცა მოშივდება, ყეფით რომ იკლებს მთელ სადარბაზოს, ის არაფერი... ვერც აჭმევენ და არც იშორებენ ეგ შობელძაღლები!..
- გმადლობთ! - თქვა კარალიოკების გამყიდველმა.
- მადლობა იქით უნდა გითხრა და აქეთ მეუბნები? - გაოცდა ბიჭი.
- დრო რომ დაკარგე და დამაკვალიანე, იმის მადლობას გეუბნები.
- თუ ასეა, ბინის კარზე როცა დარეკავ, კალათა მაღლა ასწიე, გლაზოკში რომ გამოჩნდეს, თორემ არ გაგიღებენ... ის ეგონებით, რა ქვია მაგას... - ენა დაება ბიჭს.
- მათხოვარი?
- არა კაცო!
- აბა, ქურდი და ყაჩაღი?
- არა, ინკასატორი, დენის კაცი! - როგორც იქნა იპოვა გამოსავალი ბიჭმა. - ან, გაზის... თუმცა, გაზი ამ კორპუსში არ არის... მეთორმეტეზე, დერმატინიან კარს მოერიდე, გიჟი ქალი ცხოვრობს იქ, თერთმეტი კატა ყავს...
- ესე იგი, მეთერთმეტეზე - დერმატინიანი კარი!
- არა, მეთორმეტეზეა დერმატინიანი კარი, ოღონდ თერთმეტი კატა ყავს და გიჟ-მართას ეძახიან! - შეუსწორა ბიჭმა. - მეათეზე, ოროთახიანში ყოფილი ფეხბურთელი ცხოვრობს და იმისთვის მიმაქვს ეს ქვა!
- ქვა რათ უნდა, თანაც ასეთი მრგვალი? - გაოცდა კარალიოკების გამყიდველი.
- როდინისთვის უნდა და თან ფეხბურთიც უნდა ითამაშოს! - გაიხუმრა ბიჭმა. - ვანის ვენტილაციის ტრუბა უნდა გავუწმინდო. სახურავზე ავალ, ქვას შპაკატს გამოვაბამ და იქიდან ჩავუშვებ ტრუბაში. ვენტილაციის ბლოკები ცალკეა ჟეშტით გადახურული, სამერცხლულები რომ გინახავს სოფლის სახლების სახურავზე, ისეთით. ჩიტები იკეთებნენ ბუდეებს იმ სახურავებქვეშ და ის გაჭედავდა, ტრუბაში ჩავარდებოდა რომელიმე... ფულს იძლევა ტრუბის გაწმენდასა და ჟესტის თავსახურის შეკეთებაში. სეტკაც უნდა გადავაკრა ზევიდან, კიდევ რომ არ ჩაცვივდეს ბუდეები... ჩემმა ხელოსანმა, რეიკები გადავაჭედოთ ერთმანეთსო... ზოგჯერ ისეთ რაღაცას დააბრეხვებს, გაგიჟდება კაცი – რეიკები რომ ჩაუშვა, სახურავი ხომ უნა მოხსნა?.. მეხუთეზე გოგო ცხოვრობს, ანტიკაა პირდაპირ, მაგრამ შენ ეგ არ გაინტერესებს...
- არ მაინტერესებს, - დაეთანხმა კარალიოკების გამყიდველი.
- სახლიდან არ გამოდის, დედა ყავს მწოლიარე ავადმყოფი და იმას უვლის, მაგას შემოვევლე!.. იმათ გვერდში, ოროთახიანელებმა კიდევ ორჯერ ჩაუშვეს დაბლა, ანუ მეოთხეზე წყალი და ჩვენ მოგვადგნენ, წყალწაღებულებთან რემონტი გაგვიკეთეთო. ორმოც ლარს მოგცემთო, თან მასალები თქვენს ხაზეინს მოპარეთო. არადა, მარტო ხელობა, კაკ მინიმუმ, ორასი ლარისა იყო, მასალაზე რომ არაფერი ვთქვათ... მეთოთხმეტეზე, ერთოთახიანშიც კარგი გოგო ცხოვრობს, მაგრამ რათ გინდა?
- რა იყო, რო?
- საქმრო ყავს... შეიძლება ახლაც სახურავზე ზის ძმაკაცებთან ერთად... გოგოს ყარაულობენ, რომ არ მოიტაცონ, თან მუსიკებს უსმენენ და არ შეგეშინდეს... სერენადებს აწყობენ, ოღონდ ქვემოდან ზემოთ კი არა, ზემოდან ქვემოთ... იმ გოგოს კრეტინ მშობლებს კიდევ გონიათ, რომ მართლა მუსიკის მოსასმენად არიან იქ. ალბათ გოგოსაც უნდა და სიამოვნებს და იმიტომ არ უიასნებს მშობლებს, შენ რას იტყვი?
- ალბათ, - დაეთანხმა კარალიოკების გამყიდველი.
- სადაც ფსამენ - იქვე უსმენენ მუსიკას, გაგიჟდება კაცი!.. ისე კი, გარეთ, ეზოში რომ დადგე და იქიდან იყვირო ქვემოდან ზემოთ, ვისაც უნდა კარალიოკი, თავისით ჩამოვა.
- მასე დაბალსართულიანებში ვაკეთებ. ასეთებში კიდევ ზემო სართულებიდან ჩამოსვლა ეზარებათ. თუ ჩამოვიდნენ, ლიფტის ფულის დაქვითვას ითხოვენ და...
- ჰო, მართლა, მერვეზე სოფლელებმა იყიდეს ბინა, რემონტი გვინდაო. ნახევარ ფასად მოინდომეს ყველაფერი. ქალაქელებს ეგენი ვერ მოატყუებდნენ და ისევ ჩვენთან სცადეს, ხო აზრზე ხარ!.. დამწვრები არიან ეგ უპატრონოები!.. ვზროსლი ქალებიც არ გაინტერესებს, ან ქვრივები?
- ქვრივებიც არიან?
- სამი... არა, ოთხი, მაგრამ მეოთხე ჩიყვიანია... - აქ ბიჭმა თვალები დახუჭა და რაღაცა დაიანგარიშა გუნებაში. - არა, ხუთნი ყოფილან. ერთი ყოფილი ქვრივია, მესამეზე, ოროთახიანში... მინისტრის მდივანი ყოფილა, სიგარეტსაც ეწევა. სარეცხი დაესვარა ერთხელ და ჩვენ დაგვაბრალა... მაგის ახალი ქმარი კიდევ ერთი მუტრუკი ვინმეა, იმავე მინისტრის ბივში ტელახრანიტელი. ერთხელ ქუჩის ჩხუბში მაგრა უცემიათ, მაგის მერე ცოტა ვერ არის, დევნის მანია აქვს... ორმეტრიანია ის უპატრონო და ერთხელაც არ მინახავს ნასვამი. იყიდის ორლიტრიან კოკას და მოაკონწიალებს დიდის ამბით სახლში. ისე მაინც წამოიღე, შე დალოცვილო, ლუდი, სხვების დასანახად - არ შვრება!.. მურთაზიკოს ეძახის ცოლი, მარტო კოკა-კოლის სამოცი ლარი ქონია მაღაზიაში ვალი... ტუჩებში კოცნიან ერთმანეთს სახალხოდ. ცოლ-შვილი მიუტოვებია იმ შტერს, წინა ცოლი კიდევ მაგარი ანტიკა ყოლია... ქვრივის ბიჭი ამერიკაშია და იქიდან შემოუთვლია დედამისისთვის, გაანებე თავი სახალხოდ ზასავსო... მეოთხე დღეა ბიჭთანაა ამერიკაში ის ქვრივი...
კარალიოკების გამყიდველმა კალათა აიღო და ისევ ძირს დადგა.
- ბავშვებისთვის ყიდულობენ უფრო მეტად კარალიოკებს...
- ბავშვებიც არიან, მეოთხეზე, ტყუპები, ერთოთახიანში... ყველაფერს აოხრებენ, შპალერი სულ გაუფუჭებიათ, სამზარეულოში ხანძარიც გაუჩენიათ... იყვნენ იმათი მშობლებიც, ნორმალურად იხდიან, მაგრამ კრედიტითო, ნაწილ-ნაწილ მოგცემთ ნახევარი წლის განმავლობაშიო... წავედი, თორემ საქმე ფუჭდება... წამოდი შენც...
- გარედან ვიყვირებ! - გადაწყვიტა მეკარალიოკემ. - დავუკლებ ლიფტის ფულს!
- ლიფტი ქვევით უფასოა, არ შეგაცდინონ! - დაარიგა ბიჭმა.
- გმადლობთ!
- რის მადლობას მიხდი, თუ ღმერთი გწამს, კარალიოკი რომ მაჩუქე იმისი?
- რომ დამაკვალიანე, - აუხსნა კარალიოკების გამყიდველმა.
- ისედაც უნდა ვაკვალიანებდეთ ერთმანეთს, სოფლიდანა ვართ მეც და შენც, რაც არ უნდა იყოს... კარალიოკის არაყი რომ გქონოდა, კარგი იქნებოდა, გაუხარდებოდათ ხელოსნებს... - აღნიშნა ბიჭმა.

* * *
მეცამეტე კორპუსის სახურავზე, პირველი სადარბაზოს ლიფტის შახტას დაშენებულ კოშკთან თინეიჯერები მთელ ხმაზე ჩართული მოგნიტოფონიდან მძიმე როკს უსმენდნენ. ნიავქარს მუსიკა დაუზარლად გადაჰქონდა სხვა კორპუსების სახურავებისკენ, ტყუპისცალებივით რომ გავდნენ მათ ნომერ მეცამეტე თანამოძმეს.
მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკში კი მეოთხესართულელი ცხრა წლის ტყუპი ძმები, გიო და აჩი ჩაკეტილიყვნენ. ორივეს ხელში მეთორმეტესართულელი გიჟი მართას თეთრი, შავლაქებიანი, აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსი კნუტი ეჭირა.
ტყუპები კი ერთმანეთს არც ისე ძალიან გავდნენ, მიუხედავად ამისა მშობლებს მათთვის თმები ერთნაირად შეეჭრათ და ერთნაირადვე შეემოსათ. გიო აჩიზე უფრო მოძრავი იყო, უტეხმზერიანი, ტყუპისცალზე ოდნავ მეტად გამოკვეთოდა ნიკაპი. აჩის სევდიანი მზერა ჰქონდა და ცოტათი ენასაც უკიდებდა.
- ჩემმა კნუტმა შენი კნუტის ტკივილი რომ ვერ იგრძნოს? - ჰკითხა აჩიმ გიოს.
- ეს იმას ნიშნავდეს იქნება, რომ ტყუპები ერთმანეთის მიმართ ტელეპატები არ ყოფილან ახლო მანძილიდანაც კი და სულ ტყუილი ყოფილა გუშინწინდელ დოკუმენტურ ფილმში რაც ილაყბეს. - ოღონდ ძალიან ყურადღებით დააკვირდი, შეიძლება მსუბუქად შეშფოთდეს. მე ახლა ქვევით ჩავალ, იმ ძაღლის გარაჟის უკან დავიმალები...
- ვინ ძაღლის?
- პოლიციელზე ვამბობ. ჰოდა, ზუსტად სამის ნახევარზე ჩემს კნუტს ვუჩხვლეტ. თუ კნავილი ატეხა, ამ დარტყმულებს მუსიკები აქვთ მაინც ჩართული და შენ ვერაფერს გაიგებს. შენი თუ აწრიალდა, ესე იგი, თეორია მართლდება, გაიგე?
- გავიგე! - ამოიოხრა აჩიმ და სარკმლიდან ლიფტის მეორე კოშკთან შეკრებილ ხმაურიან კომპანიას გახედა. - პოლიციელის გარაჟთან რატომ უნდა უჩხვლიტო, ძაღლი რომ არის და კატებს ძაღლების ეშინიათ იმიტომ?
- არა, იმიტომ, რომ მახათი და ხელთათმანები იქ მაქვს დამალული - ძაღლის გარაჟს არავინ ეკარება და ვერც ვერავინ ნახავდა... მახათით უნდა ვუჩხვლიტო, ხელთათმანები კიდევ იმისთვის მინდა, რომ არ დამკაწროს, თან პირს ავუკრავ, გაიგე?.. ახლა კი საათები შევამოწმოთ!
გიომ ჯიბიდან ქალის ოქროს საათი ამოიღო და ლიფტის ელექტროძრავაზე შემოდებულ ძველებურ მაღვიძარას შეხედა.
- დედამ რომ გაიგოს, ჩემი ოქროს საათი გამოიტანეს სახლიდანო, გადაირევა! - თქვა აჩიმ. - ეს საათი მამიკოს უყიდია დედიკოსთვის, როცა ცოლად მოუყვანია...
- მეტი საათი ჩვენ არ გვქონდა და გუგულიანს ხომ არ ჩამოვხსნიდი კედლიდან?.. ნუ გეშინია, საათს არაფერი მოუვა!
- ესენი სრულყოფილი ტყუპები არ არიან! - განაცხადა უცებ აჩიმ კნუტებზე. - სრულყოფილი მაშინ იქნებოდნენ, მარტო ორნი რომ გაჩენილიყვნენ, ამათ კიდევ ყავდათ და-ძმა... როცა ტყუპისცალები ბევრნი არიან, ტელეპატიის ინსტიქტი იფანტება და სუსტდება, რადგან უფრო ბევრ და-ძმაზე ნაწილდება!
- ვაი შენს პატრონს უბედურს, ამათ და-ძმები ხომ ვიღაცამ მოუწამლა?! - გაბრაზდა გიო. - ის გააკეთე, რასაც გეუბნებიან!.. მაღვიძარაზე ზარს სამის ოცდარვა წუთზე დაგიყენებ, როცა დარეკავს, გამორთავ და მოემზადები... გაიგე?
- გავიგე! - ნაღვლიანად უპასუხა აჩიმ.

* * *
მეცამეტე კორპუსის სახურავზე, წელის სიმაღლეზე ამოჭრილ, პირველი სადარბაზოს სავენტილაციო მილების ორი ბლოკიდან ერთ-ერთთან მეათესართულელი ხელჯოხიანი ყოფილი ფეხბურთელი და ხელოსნების თანაშემწე ბიჭი იდგნენ. ყოფილმა ფეხბურთელმა სავენტილაციო მილების ბლოკის გვერდზე გადახრილ თუნუქის სახურავს ხელჯოხი მიუკაკუნა, შემდეგ დაიხარა, თავი სახურავსა და მილებს შორის შეყო და მაშინვე გამოსწია.
- ფუჰ, რა სუნები ამოდის, ამის დედაც!.. - შეიგინა მან.
- აბა რა იქნება! - მაშინვე შეაგება ბიჭმა. - ამ სახურავსაც ისე დავაზაკლიოპკებ, ქარი კი არა, ტაიფუნი ვერაფერს უზამს.
ყოფილმა ფეხბურთელმა სუნთქვა შეიგუბა და ისევ შერგო სახურავსქვეშ თავი.
- ბუდეა იქ! - თქვა მან, როცა სახურავქვეშიდან გამოძვრა.
ბიჭმაც შეიგუბა სუნთქვა, სახურავქვეშ დურთა თავი და კარგა ხანს შეყოვნდა.
- ორი კვერცხი დევს ბუდეში, ცისფერია ორივე! - ამცნო მან ყოფილ ფეხბურთელს.
- აბა სხვადასხვა ფერის ხომ არ იქნება! - გაეცინა ყოფილ ფეხბურთელს. - იმისი არ იყოს, თეთრკანიან ცოლ-ქმარს ტყუპები რომ გაუჩნდებათ, ერთი თეთრი და მეორე ზანგი. მამა კიდევ იტყვის, ასეც ვიცოდი, ჩემს ცოლს კუხნაშიც სადილები დღეგამოშვებით, როცა ხასიათზე ვერ არის მაშინ ეხრუკება ხოლმე, მეორე Bბავშვის გაჩენის დროსაც წაუხდა ალბათ ხასიათიო!
ბიჭმა ნაძალადევად გაიცინა - აშკარა იყო, რომ იუმორს ვერ ჩაწვდა.
- ხომ შეიძლება გუგულსაც ჩაედო სხვის ბუდეში ერთი კვერცხი? - შენიშნა მან.
- ამოვა რო გუგული ამ სიმაღლეზე? - დაეჭვდა ყოფილი ფეხბურთელი. - მალადეც, კარგი დიხანია გაქვს. რაც შენ ბუდეში იქექებოდი, თუ არ ჩაგისუნთქია, ყოჩაღ ძმაო... სიგარეტს უნდა დაანებო თავი... სეტკის წამოღება რომ დამავიწყდა?
- ეგ არაფერი! - დაამშვიდა ბიჭმა. - ჩამოვალ და ამოვიტან.
- არ უნდა ვარემონტებდე ამას მარტო მე, მაგრამ სხვას ყველას ფეხებზე კიდია!..
ყოფილმა ფეხბურთელმა სავენტილაციო ბლოკს შემოუარა, ერთი მწარედ შეიგინა და გადააფურთხა.
- რა იყო, პატივცემულო? - იკითხა ბიჭმა.
- რამდენი მოუფსიათ, მე აქ მომფსმელის დედაც!.. - ისევ შეიგინა ყოფილმა ფეხბურთელმა და კარტის თამაშით გართულ, ლიფტის კოშკთან ფეხმორთხმით მსხდომ ბიჭ-ბუჭებისკენ გაიხედა. ისინი დაიძაბნენ, მაგრამ შეპასუხება ვერ გაბედეს.
- ეს არის ჩემი, - ერთ-ერთი მილის ბოლოზე მიუთითა ყოფილმა ფეხბურთელმა.
- თქვენი ხომ მეათე სართულია, ჰოდა, ოთხჯერ სამ-ნახევარი რომ ვიანგარიშოთ თითო სართულზე და კიდევ ერთი სახურავს ზემოდან რასაც ვხედავთ, ხომ არის თხუთმეტი?.. ზნაჩიტ, ეყოფა ეს შპაკატი, თვრამეტზე მეტია, გავზომე წეღან... ჰოდა, გამოვაბამ ახლა შპაკატს ქვას და ქე ჩოვუშვებ ტრუბაში კოხტად...
- კარგად გამოაბი, ე მანდ არ მოძვრეს, თორემ ჩაიტანს ჩემს ვანაში ყველაფერს!
- არ მოძვრება... ამ სახურავსაც ისე დავაზაკლიოპკებ, ტაიფუნი ვერ გაანძრევს! - თქვენ მანამდე ვანაში სავენტილაციო ხვრელს რეშოტკა მოხსენით, რომ ტრუბაში გაჭედილი ბუდის თივა-ბულახი ჩამოცვივდეს.
- არის უფროსო! - გაეხუმრა ყოფილი ფეხბურთელი ბიჭს.
- ერთი რაღაცა მინდა გკითხოთ... მართლა ფეხბურთელი იყავით?
- მართლა.
- მერე ფეხზე რა მოგივიდათ, ფეხბურთის დროს რამე?
- არა, ჩხუბში.
- ვაა!.. ისიც ხომ ქუჩის ჩხუბში... აი, ის, მურთაზიკო...
- ეგ რა შუაშია? - მურთაზისთან შედარება იწყინა ყოფილმა ფეხბურთელმა.
- აუ, როგორ ვუყვარდი ჩემს ფეხბურთის ტრეინერს!.. მაგრამ... ობოლი ვარ და ლუკმა პური რომ მეშოვა, აგერ ქე ვმუშაობ ახლა!
- ობოლი ხარ? - შეიცოდა ყოფილმა ფეხბურთელმა ბიჭი.
- აბა კარალიოკები, კარალევსკი კარალიოკები, ოქრო კარალიოკები! - მუსიკებს შორის პაუზის დროს ამოიტანა ნიავქარმა მეკარალიოკის ხმა.
- სახლში რომ ჩახვალთ, რეშოტკის მოხნა არ დაგავიწყდეთ ვანაში, თან სეტკაც მომიმზადეთ წამოსაღებად, - შეახსენა ბიჭმა ყოფილ ფეხბურთელს. - ყველაფერს რომ მოვრჩები, ზარს გამოვუშვებ თქვენთან, ამოდით და ჩაიბარეთ!
- ზაკლიოპკების კეთებას რომ დაიწყებ, ეცადე ბუდე არ დაზიანდეს. კვერცხები ამოიღე, საქმეს რომ მორჩები, ისევ ჩააბრუნე... ამ ნაბიჭვრებმა თუ შეგაწუხეს, ერთი დამიზვანოკე და მერე მე ვიცი! - დაარიგა ყოფილმა ფეხბურთელმა ბიჭი.
- ფეხები არავინ მომჭამოს! - ყოჩაღად წარმოთქვა ბიჭმა, მაშინვე შეცბა და ყოფილ ფეხბურთელს გაშეშებულ ფეხზე მორიდებით დახედა.
- თუ იცი, რა გითხრა... - შეყოყმანდა ყოფილი ფეხბურთელი. - მოდი რა, სეტკა ყველა ტრუბაზე გადაჭიმე. ჯანდაბას მაგათი თავი. არ უნდა ვუკეთებდე, მაგრამ, როგორც იტყვიან, მადლი ქენი, ქვა ქვას დადე, გაივლი და დაგხვდებაო...
- ყველას? - ჩაეკითხა ბიჭი.
- ჰო, რა იყო, დამატებით ხომ არ უნდა გადაგიხადო?
- როგორ გეკადრებათ! - იწყინა ბიჭმა. - დედას გეფიცებით, თუ ავიღო!
- Hჰოდა, გადაჭიმე, ყველას ეყოფა!..

* * *
აწ უკვე გარდაცვლილი მინისტრის დაცვის ყოფილი წევრი, რომელსაც მეორე ცოლად იმავ მინისტრის მდივანი ყავდა, ზალაში დივანზე იჯდა და ავეჯს ათვალიერებდა. სამზარეულო და საძინებელი უკვე გაეჩხრიკა, მაგრამ ვერაფრით მიეგნო თავისი შავი, მინისტრის ნაჩუქარი პისტოლეტისთვის, რომელიც ახლანდელმა ცოლმა გადაუმალა ამერიკაში თავის შვილთან გამგზავრების წინ.
იმ დღეს ტელეფონმა ზედიზედ ორჯერ დარეკა და მურთაზს ორივეჯერ არავინ უპასუხა. შეიძლება მტრები ურეკავდნენ - ისინი, ვინც კორუფციისთვის დაპატიმრებული მინისტრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ვერ აიძულეს ვერც შანტაჟითა და ვერც იმ სპეცრაზმელების მოგზავნით, ქუჩაში ორჯერ რომ სცემეს. მართალია, მინისტრი ინფარქტით ოთხი თვის წინ გარდაცვლილიყო, მაგრამ მისი მოადგილე, ვინც ის ჩაუშვა და ვისაც მურთაზის ცოცხლად ყოფნა არ აწყობდა, ჯერ კიდევ საღ-სალამათი გახლდათ. გარდა ამისა, მურთაზი ახლანდელ მინისტრზე ბევრ ისეთ ინფორმაციას ფლობდა, რომლის მიხედვითაც მისი დაჭერაც შეიძლებოდა... ან, შეიძლება მურთაზს ყოფილი ცოლი ურეკავდა...
- ეხ, ვიოლეტა, ვიოლეტა, სად გადამალე ჩემი სათამაშო! - თავისი ამჟამინდელი ცოლის მიმართ ჩაილაპარაკა მურთაზმა. - შეგეშინდა არა, თავი არ მოიკლასო?
მურთაზმა ტელეფონის აპარატს შეხედა. ჩემს ყოფილ ცოლთან დავრეკავ და არაფერს ვუპასუხებ; თუ ის რეკავდა ჩემთან, მიხვდება, რომ მე მივხვდი ის რომ რეკავდა და მეორეჯერაც რომ დავრეკავ გამომელაპარაკებაო, გადაწყვიტა...
- აბა კარალიოკები!.. ოქრო კარალიოკები!.. - მოისმა ფანჯრიდან.
მურთაზი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
- ეი, ვაჟკაც! - დაუძახა მან ეზოში ჩამოსულ გიოს, იღლიაში რაღაც ფუთა რომ ამოეჩარა. - შენ რომელი ხარ, აჩი თუ მეორე?
- გიო! - უპასუხა გიომ, ბოქვენი მოიქავა და გადააწიტა.
- მიდი რა, ვაჟკაცურად, მაღაზიაში გადადი და ორლიტრიანი კოკა წამომიღე. ფულს მერე ჩამოიტანს მურთაზი-თქო და მოგცემენ! - სთხოვა მურთაზმა გიოს.
გიომ ჯიბიდან ოქროს საათი ამოაცურა მალულად, დახედა და რაღაც გამოთვალა.
- კარალიოკებიც ხომ არ გინდათ, ბატონო, თაფლივით გემრიელი! - მიმართა მეკარალიოკემ მურთაზს.
- ბავშვს გამოატანეთ ოთხი კილო, - თავისდა მოულოდნელად დათანხმა ის. - ფულსაც ბავშვი ჩამოგიტანთ!
- არის უფროსო! - გახალისდა კარალიოკების გამყიდველი და პიჯაკის ჯიბიდან ცელოფნის პარკი ამოიღო. - საუკეთესოებს აგირჩევთ!
"ვითომ მაღაზიაში მივდივარ, გარაჟების უკან გადავძვრები, ვუჩხვლეტ კნუტს, მოვისტუმრებ საქმეს და მაღაზიაში მერე შევალ. მურთაზიკოს კი ვეტყვი, რიგი იყო-მეთქი, რას გაიგებს!.. ანდა, შევალ მაღაზიაში და სკოჩსაც გამოვართმევ მურთაზიკოს ხარჯზე, რომ ამ კნუტს პირი ავუწებო!" - გადაწყვიტა გიომ, ბოქვენი მოიქავა და წასვლის წინ კარალიოკების გამყიდველს საქმიანად მიუგდო: - თქვენ კი, სანამ გარაჟებიდან... გარაჟები რა იყო, მაღაზიიდან დავბრუნდებოდე, კარალიოკები აწონილი დამახვედრეთ!.. თქვენ კიდევ ფული მოამზადეთ, ძია მურთაზ!
- ეს არსად დაიკარგება! - გიოს მისამართით შენიშნა თავისთვის მურთაზმა.

* * *
მეცამეტე კორპუსის სახურავზე პირველი სადარბაზოს სავენტილაციო მილების ორი ბლოკიდან ერთ-ერთს ორი თინეიჯერი მისდგომოდა და აშარდავდა. კიდევ ორი ხელოსნების შეგირდს ამოსდგომოდა აქეთ-იქიდან.
- ეს ქვა რათ გინდა, თავში უნდა იხალო? - ჰკითხა შავ, გამოხუნებულ, ჩეგევარამიხატულ მაისურიანმა თინეიჯერმა, მეტსახელად "ჩეგევარამ", ბიჭს.
- უკან უნდა შეიტენოს! - შეაგება მიმშარდველთაგან ერთმა, ჟღალწვერიანმა და ბიჭს თვალი ჩაუკრა: - შეგეტევა?.. ამ ტრუბის ოდენი ნახვრეტი გაქვს?
- სტოპ! - უყვირა უცებ ჩეგევარამ მომშარდველებს. - ტრუხაზე არ მოფსათ, გაჩერდით!.. იმ კოჭლის ტრუბაში ჩააფსით!
- აქამდე სად იყავი?! - უსაყვედურა ჟღალწვერიანმა და შარდვა შეწყვიტა. - ჩავაფსათ და ქვაც მივაყოლოთ!
- რაღა დროისაა, მე უკვე მოვრჩი! - ამოიოხრა მეორე, ხუჭუჭთმიანმა და ბიჭს თვალი ჩაუკრა: - ამან რომ არ გვითხრას რომელია იმ კოჭლის ტრუბა?
- გვეტყვის, რა პრობლემაა! - თქვა ჟღალწვერიანმა და იმანაც ბიჭს თვალი ჩაუკრა: - არ გვეტვის და თვითონ მაგას შევტენით!
ბიჭი შეყოყმანდა და ყოფილი ფეხბურთელის მილისკენ თვალი რომ არ გაქცეოდა, ცისკენ აიხედა.
- ჩქარა-მეთქი, ბიჭო! - წაისისინა ჟღალწვერიანმა.
- აი, ეს არის! - ალალბედზე მიანიშნა ბიჭმა ერთ-ერთი მილის ბოლოს.
სწორედ ამ დროს, მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკიდან აჩის განწირული ყვირილი მოისმა - ის, ჯერ კიდევ მაღვიძარას დარეკვამდე, კნუტს გაეკაწრა.
- რა ხდება, ჩემი კარგი!.. - შეშფოთდა ჩეგევარა. - ვინ ყვირის მანდ?
- წამო, დავხედოთ! - გადაწყვიტა ხუჭუჭამ.
ბიჭმა შვებით ამოისუნთქა.
- ჯერ ჩავაფსათ, შუა გზაზე შემაწყვეტინეთ და ბარემ მოვრჩები! - თქვა ჟღალწვერიანმა.
მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკიდან მაღვიძარას ზარის ხმამ გამოაღწია.
თინეიჯერები გაოცდნენ და ბიჭს ისე გადახედეს, თითქოს ის ვალდებული იყო ცოდნოდა, როგორ აღმოჩნდა ლიფტის კოშკში მაღვიძარა.
- რა ხდება, ჩემი კაი! - ყველაზე უფრო ჟღალწვერიანი გაოცდა და პირველიც ის დაიძრა მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკისკენ.
მარტო დარჩენილმა ბიჭმა ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა, მაგრამ ამასობაში ჩეგევარამ მისკენ მოიხედა და ხელით ანიშნა მათ გაჰყოლოდა...

* * *
სააბაზანოში საშინელი გრუხუნი გაისმა.
მურთაზი, რომელიც თავის ყოფილ ცოლთან დარეკვას აპირებდა, ადგილზევე შეხტა და ხელი იმ ადგილზე გაიკრა, სადაც წინათ, კარგ დროში, როცა მინისტრის დაცვის უფროსი გახლდათ, იარაღი ჰქონდა ჩამოკიდებული, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ხმა აფეთქებისა არ იყო. წამოდგა და სააბაზანოსკენ გაემართა.
სავენტელაციო ხვრელიდან გადმოვარდნილ ბურთივით მრგვალ ქვას ბევრი რამე მოესწრო: უნიტაზის ბაკი ნამსხვრევებად ექცია, შემდეგ უნიტაზის პლასტმასის თავსახურიც გაებზარა, იატაკზე გადმოგორებულიყო და მის დაქანებას დამორჩილებული ტრაპის თავზე გაჩერებულიყო. ბაკის მილიდან წყალი შადრევანივით ასხამდა და ტრაპთან, ქვის ირგვლივ გროვდებოდა.
მურთაზს, მრგვალი ქვის დანახვაზე, თვითონაც დაუმრგვალდა თვალები.
"ხომ არ გავგიჟდი და ეს ქვა, ქვა კი არა, ზღაპრული კალაბოკი ხომ არ არის?! - ეჭვმა გაჰკრა მას. - ნეტა ვიოლეტა მაინც იყოს სახლში... რა დროს ამერიკა იყო!.."
ზალაში ტელეფონმა დარეკა. მურთაზი შეხტა, შემდეგ უნიტაზისკენ ნელა დაიძრა. უნიტაზს უკან ზარდახშის მაგვარი, გაბზარული ხის ყუთი ეგდო, იქიდან კი დოლარების სქელ შეკვრას გამოეყო თავი. დოლარებიანი ზარდახშის გამოჩენაზე უფრო მურთაზი იმან გააკვირვა, რომ ის აბსოლუტურად მშრალი გადარჩენილიყო.
"სავენტილაციო ხვრელიდან ჩამოაგდებდა ქვა!" - მიხვდა მურთაზი და სცადა ზარდახშა ისე აეღო, რომ თვითონაც არ დასველებულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა.
ზარდახშაში ფულის გარდა პატარა ტომსიკაც იდო. მურთაზს გულმა უგრძნო, რომ ტომსიკაში ბრილიანტის თვლები იქნებოდა და არც შემცდარა. ეჭვგარეშე იყო, რომ ფულიცა და ძვირფასეულობაც აწგარდაცვლილი მინისტრის იყო, რომელსაც ის ჯერ კიდევ სიკვდილამდე თავისი მდივანისთვის მიებარებინა.
"ხარბი იყო, ცხონებული! - მინისტრზე გაიფიქრა მურთაზმა, ახლანდელი ცოლის მისამართით კი მწარედ გაეღიმა: - ამას მიმალავდი, ვიოლეტა, შე ქალო?!.. მინისტრმა შესანახად მოგცა, შენ კი მისი სიკვდილის შემდეგ შეიტყაპუნე, არა?!.."
ტელეფონის ზარი არ წყდებოდა.
მურთაზმა ფული და ბრილიანტებიანი ტომსიკა ისევ ზარდახშაში ჩატენა, ზარდახშა სარეცხ მანქანაზე შემოდო, სააბაზანოდან გავიდა და ყურმილი აიღო.
- ალლო! - გაჭიმა მან, მაგრამ არავინ უპასუხა.
- ალლო! - გაიმეორა მურთაზმა. - ვიცი რომ შენა ხარ!.. მოვალ მე!.. შენთან მოვალ!.. ვიცი, სახლში არ შემოგიშვებო, იტყვი, მაგრამ მე მაინც მოვალ!..
მურთაზმა ყურმილი დაკიდა და სააბაზანოში დაბრუნდა. კარზე ზარის ხმა გაისმა. მურთაზმა ტრაპს ხუფი ახადა, შიგ წყალი შეუფერხებლად რომ ჩასულიყო, ზარდახშით ხელში შემოსასვლელი კარისკენ გაემართა და საჭვრეტულში გაიხედა.
გარეთ გიო იდგა გაჩხაპნილი სახით, იღლიის ქვეშ რაღაც ფუთა ამოეჩარა, ხელში კი ცელოფნის პარკით კარალიოკები ეკავა. მურთაზმა ზარდახშა ტანსაცმლის საკიდს ზემოთ თაროზე შემოდო, კარი გააღო და გიოს პარკი გამოართვა.
- ზუსტად ოთხი კილოა, ხელმეორედ ავაწონინე! - საქმიანად უთხრა გიომ.
- მალადეც! - შეაქო მურთაზმა, კარალიოკებს ზევიდან დადებული "კოკა-კოლას" ბოთლი ამოიღო, პარკი კი გიოს დაუბრუნა: - შენ და გიომ მიირთვით!
- გიო მე ვარ! - გაიფხორა გიო.
- მაშინ შენ და შენმა ძმამ!
- კარალიოკების ფული?.. სამი და სამოცი მინდაო...
- ჰო, მართლა!.. - გაახსენდა მურთაზს. - შემოდი, ახლავე მოგიტან ფულს!
მურთაზმა თაროზე შემოდებულ ზარდახშას შეხედა და ზალისკენ გაემართა.
გიომ კარალიოკების პარკი გარეთ დადო, იღლიისქვეშ ამოჩრილი ფუთა ორივე ხელით დაიჭირა, კარი გამოიარა და შემოსასვლელში ტანსაცმლის საკიდის გვერდით სარკეში ჩაიხედა. შემდეგ ფუთას ცალი ხელი უშვა და სარკის წინ ბოქვენის მოფხანაში გაივარჯიშა. ფუთა ამოძრავდა და გიოს კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
- კნუტო გაჩერდი! - მკაცრად წარმოთქვა გიომ. ამის თქმა იყო და სააბაზანოში ბრაგვანის ხმაც გაისმა.
- ძია მურთაზ, ვანაში თაროდან რაღაც დიდი გადმოვარდა! - დაიძახა გიომ.
სააბაზანოდან კნუტის ისტერიული ჩხავილი მოისმა. მურთაზი მაშინვე სააბაზანოს კართან გაჩნდა და ფრთხილად გამოაღო. იქიდან თინეიჯერების მიერ სავენტელაციო მილში ჩაშვებული აჩის კნუტი გამოვარდა და შემოსასვლელი კარებისკენ ტყვიასავით გავარდა. გზად სააბაზანოსკენ მომავალ გიოს წამოედო ფეხებში. გიო დაეცა და ფუთა გაუვარდა ხელიდან. ფუთა გაიხსნა, იქიდან სკოტჩით პირაწებილი კნუტი ამოძვრა და თავის ტყუპისცალს უკან მიჰყვა.
- რა უნდოდა თქვენთან კნუტს? - ჰკითხა მასპინძელს გაოცებულმა გიომ.
- სავენტილაციო ტრუბით ჩამოუშვა, ეტყობა, ვიღაცამ! - რომ არ შეშინებოდა ტკბილი ღიმილით აუხსნა მურთაზმა ბავშვს.
- არადა, ჩემმა კნუტმა იგრძნო... იგრძნო, წინასწარ იგრძნო, რომ მისი ტყუპისცალი მოფრინავდა ზემოდან... მოდი და ამის შემდეგ თქვი, ტყუპური ტელეპატია არ არისო!
- როგორი? - გაოცდა მურთაზი.
- ტყუპური! - დინჯად გაიმეორა გიომ და უცებ შეშფოთდა: - კი მაგრამ, ვინ ჩამოუშვა კნუტი ზემოდან?.. აჩი სად არის?
- არ ვიცი! - რატომღაც დამნაშავის ტონით უპასუხა მურთაზმა.
- შეიძლება ისიც, როგორც მე, კნუტმა დაკაწრა და აჩიმაც, რომ დაესაჯა, თავის კნუტს ტრუბაში გადაუძახა. იმენნა ამ ბინის ტრუბაში ჩააგდო, სადაც მე შემოვედი. რა იცოდა აჩიმ, რომ მე აქ აღმოვჩნდებოდი?!.. ეს დიადი მომენტია!..
- რა მომენტი?
- როცა ტყუპური ტელეპატიური ინსტიქტი ორმაგად ამოქმედდა! - საზეიმო ტონით წარმოთქვა გიომ და ჭერისკენ აფშეკილი თითით კერპივით გახევდა.
- რა მოგივიდა? - შეშფოთდა მურთაზი. - კიდევ რამე მოფრინავს ზემოდან?
- საკუთარ შინაგან ინსტიქტს, ანუ ხმას ვაყურადებ! - განაცხადა გიომ.
- მერე, რაო ინსტიქტმა?
- აჩის რაღაცა უჭირსო!.. ბოიშვილი ვიყო, გული მიგრძნობს, რომ რაღაცა უჭირს! - იყვირა გიომ და გარეთ გავარდა.
- მოიცა! - მიადევნა მურთაზმა და ბავშვს უკან გაეკიდა. შუა გზიდან მობრუნდა, თაროდან ზარდახშა აიღო, ჯიბეში ჩაიტენა და ისევ გარეთ გავარდა. გარეთ გასული პარკს წამოედო. პარკი გასკდა, კარალიოკები ზღაპრული კალაბოკებივით მხიარულად დაგორდნენ კიბეების საფეხურებზე, კარი კი ორპირმა მიაჯახუნა...

* * *
მეთოთხმეტესართულელი ანანო, ვისი ჩეგევარას ფანატი თაყვანისმცემელიც თავის ძმაკაცებთან ერთად სახლის სახურავზე აბირჟავებდა, უკვე მესამედ რეკავდა მურთაზისთან - იმ დღეს ძალიან მონატრებოდა და მისი ხმის გაგონება სურდა.
ყურმილს არავინ იღებდა და ის-ის იყო ანანოს ტელეფონი უნდა გაეთიშა, რომ სადენის მეორე ბოლოს გამოეპასუხნენ.
- ალლო! - გაჭიმა ნაცნობმა ხმამ.
ანანოს გული აუჩქროლდა.
- ალლო! - გაიმეორა ნაცნობმა ხმამ. - ვიცი, რომ შენა ხარ!.. მოვალ მე!.. შენთან მოვალ!.. ვიცი, სახლში არ შემოგიშვებო, იტყვი, მაგრამ მე მაინც მოვალ!..
ანანომ ტელეფონი გათიშა და გაოცებისაგან ერთ ადგილას გაშეშდა.
- ჩემთან მოდის? - დაეკითხა ის საკუთარ თავს. - აუ, ჩემი, ჩემთან მოდის!..

* * *
მურთაზმა მეცამეტედან მეთოთხმეტე სართულზე ამავალი კიბეები ორ-ორი საფეხურის გამოტოვებით აირბინა. ის-ის იყო ბოლო სართულის ბაქანზე უნდა შეედგა ფეხი, რომ შარვალი, ჯიბეში ძლივს ჩატეული ზარდახშისაგან დაჭიმული თეძოებზე რომ შემოტკეცოდა, საჯდომზე ხმაურით გაერღვა და ლურჯზოლებიანი საცვალი გამოუჩნდა.
თავისი ბინის კართან ანანო იდგა და მურთაზს უცნაურად შესცქეროდა.
- მე ისა... - დაიბნა მურთაზი.
- მოხვედით? - ჰკითხა მას ხმააკანკალებულმა ანანომ.
სახურავიდან ქალის ყვირილის ხმამ ჩამოაღწია.
- რა ხდება მანდ, კრიშაზე? - იკითხა მურთაზმა.
- გიჟი მართა ბიჭებს დასდევს, ჩემს კნუტებს რატომ აწამებდითო!
- გიოც იქით წავიდა? - შეშფოთდა მურთაზი.
- არა, ჩემთანაა ბინაში... მე შევაგდე ძალით... Aაჩიც იქ არის!
- აჩი ვინ არის? - დაიბნა მურთაზი.
- გიოს ძმა.
- ძალიან კარგი! - თქვა მურთაზმა. - ძალიან კი კივის ის გიჟი ქალი!
- მასე იცის, ხუმრობაც კია ასეთი, "მართაო, ისტერიკა დაიმართაო"! - დაამშვიდა ანანომ, უცებ სითამამის მარაგი ამოეწურა და ერთიანად წამოწითლდა.
მურთაზმა ჯიბიდან ზარდახშა ამოიღო, გვერდულად წავიდა და ანანოს გასცდა.
- შინ შედით, ტყუპებს მიხედეთ!.. გავარკვევ ერთი, რა ხდება ზემოთ!
- კარგით! - დაეთანხმა ანანო, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა.
- შედით! - არ უნდოდა მურთაზს მისი გამორღვეული შარვალი ეხილათ.
- შევალ! - დაჰპირდა ანანო, მაგრამ დანაპირების შესრულებას არ ჩქარობდა.
მურთაზი ისევ გვერდულად აუყვა სახურავისკენ ამავალ კიბეებს.
- არ ახვიდეთ, ძალიან გთხოვთ! - დაადევნა ანანომ. - თავპირიც უმტვრევიათ, რა თქვენი საქმეა!
- მართალი ხართ! - შუა გზიდან მობრუნდა მურთაზი. - ნემსი და ძაფი გექნებათ. ბინის კარი ჩამეკეტა, არადა, შარვალიც გამერღვა!
- მაშინ პატრულსაც გამოუძახეთ, რა!.. - სთხოვა ანანომ. - ვერავინ ბედავს ამას, ჩვენი მეზობელი პოლიციელიც კი არ იღებს ხმას, რომ ის ლაწირაკები პატრულს ჩავახუტოთ და ერთხელ და სამუდამოდ მოშორდნენ სახურავს!.. თუმცა არა, მე თვითონ გამოვუძახებ!
- არ გვინდა პატრული! - წაილუღლუღა მურთაზმა.

* * *
მეცამეტე კორპუსის სახურავზე თმებგაწეწილი გიჟი მართა ყოფილი ფეხბურთელისთვის წართმეული ხელჯოხით თინეიჯერ ბიჭებს დასდევდა.
- რა უყავით ჩემს კნუტებს, თქვე ბოზიშვილებო! - გაჰკიოდა ის. - დარჩენილი ორიც მოკალით არა, სადისტებო!
- მე ვარ, მე... ვერ მიცანით, ქალბატონო მართა?!.. - უაზროდ გაჰყვიროდა მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკში ჩაკეტილი და სარკმლიდან თავგამოყოფილი ყოფილი ფეხბურთელი. - თქვენ კი, თქვე ნაბიჭვრებო, აქეთ წამოდით!..
თინეიჯერებმა როგორც იქნა იაზრეს, რომ გიჟი მართათი გართობა და მასთან კატა-თაგვობანას თამაში არც თუ ისე უსაფრთხო საქმე იყო და მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკისკენ ყველანი ერთად გაიქცნენ.
პირველ კოშკში ჩაკეტილი ხელოსნების შეგირდი ბიჭი კი ჩუმად იყო, რადგან გაჭირვებოდა და კოშკს შიგნით შარდავდა, ჯიბეში კი მობილური უწკრიალებდა.

^^^* * *
ანანოს სააბაზანოში ჩაკეტილი მურთაზი აბაზანაზე ჩამომჯდარიყო და შარვალს კერავდა, თან სარეცხ მანქანაზე შემოდებულ ზარდახშას მიშტერებოდა.
"ეხ ვიოლეტა, შენი დედა!".. - დრო და დრო გაიფიქრებდა მურთაზი. ვერ გადაეწყვიტა, თავისი მეორე ცოლისგან სამუდამოდ წამოსვლის წინ, ზარდახშაში წერილი ჩაედო მითითებით, რომ განძი მისი ნამდვილი პატრონისთვის დაებრუნებინა, შEმდეგ რამე ნაჭერში გაეხვია, სკოტჩით გადაეწება და ანანოსთვის დაეტოვებინა, რომ მას მერე მისი, უკვე ყოფილი მეუღლისთვის გადაეცა, როცა ამერიკიდან დაბრუნდებოდა, თუ ფოსტაში წასულიყო და იქიდან გამოეგზავნა ბანდეროლის სახით ყოფილი მინისტრის ოჯახისთვის...
D"მინისტრის ოჯახს გავუგზავნი!.. - გადაწყვიტა მან ბოლოს. - ვიოლეტამ იმიტომ კი არ გადამალა ჩემი შავი პისტოლეტი, რომ ჩემზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ მისი მითვისება უნდოდა... სამახსოვროდ უნდოდა დარჩენოდა როგორც მინისტრის ნივთი!.."
სააბაზანოს კარზე ანანომ დააკაკუნა.
- მოვიდა უკვე, ბატონო მურთაზ, პატრული, ჩაიხუტებენ იმ ლაწირაკებს, შანსი არ არის! - დაიძახა ანანომ.
პატრულის ხსენებაზე მურთაზი ანერვიულდა. გაკერილი შარვალი ნაჩქარევად ამოიცვა, უნიტაზზე შედგა, ზრდახშა უნიტაზის ბაკზე ჩამოდო, სავენტელაციო ხვრელის პლასტმასის ცხაური ხელით მოსინჯა და მის მოსახსნელად მოემზადა...

* * *
მეცამეტე კორპუსის სახურავზე გააფრთებული გიჟი მართა და საკმაოდ დაღლილი ჩეგევარა დარჩენილიყვნენ. ჩეგევარას ხელში სადღაც სასწაულებრივ ნაპოვნი აგურის ნახევარი ეჭირა, დრო და დრო შეჩერდებოდა და გიჟს მოუღერებდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ვერ შეაშინებდა, შეტრიალდებოდა და სირბილს აგრძელებდა.
- დააგდე, დააგდე-მეთქი, შე კახპის გაგდებულო! - გაჰკიოდა ჩეგევარას დადევნებული მართა. - შენ მომიწამლე არა კნუტები, შე ნაბიჭვარო!
ჩეგევარას აგურის დაგდება ვერ გაებედა, ეშინოდა, რომ გიჟი ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენებდა; სახურავიდან რომ გადაეგდო, გამვლელს მოხვდებოდა.
ქვევიდან საპატრულო მანქანის სირენის ხმა ამოიტანა ნიავქარმა, მაგრამ ის მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკში ჩაკეტილებს არც გაუგიათ. იქ ყოფილი ფეხბურთელი და თინეიჯერები ჩხუბობდნენ და გარეთ დარჩენილი ჩეგევარასთვის კარის გასაღებად ვერ იცლიდნენ. კუთხეში მიყუჟული ყოფილი ფეხბრუთელი ყოჩაღად იგერიებდა სამი თინეიჯერის შემოტევას და მძიმე საპასუხო დარტყმებს წარმატებით ახორციელებდა - ერთისთვის წარბი, მეორისთვის კი ტუჩი გაეხეთქა.
- თქვენ უნდა მომერიოთ, თქვე ნაბიჭვრებო?! - რიტორიკულად კითხულობდა ყოფილი ფეხბურთელი. ხედავდა, რომ თინეიჯერები დაიღალნენ, მალე წინააღმდეგობის გაწევის თავიც აღარ ექნებოდათ და საკუთარი გამარჯვებით წინასწარ ტკბებოდა. - თქვენისთანა ბოზიშვილებმა გამიფუჭეს ფეხი უკან მოპარვით... ახლა კი, მე თქვენი დედები უნდა ვიხმარო!..
პირველი სადარბაზოს ლიფტის კოშკში ჩაკეტილი ბიჭი კარებს გადაფოფროდა და ხელოსნებს გიჟი მართასა და მეორე კოშკში ჩაკეტილი მოჩხუბრების დასაშოშმინებლად გარეთ გასვლას არ ანებებდა.
- სად იქაჩებით, რომ იქაჩებით, თქვე ჩემისანებო?! - ეუბნებოდა ბიჭი ხელოსნებს. - თქვენს სოფელში ხომ არ გგონიათ თავი?.. ესენი იჩხუბებენ და ისევ შერიგდებიან, ჩვენ კი მტრებად უნდა დავრჩეთ!
ჩეგევარას არაქათი გამოცლოდა, აგური თუ მოვიშორე თავიდან, იქნებ შემეშვას გიჟი მართაო, გაიფიქრა, სავენტილაციო ბლოკთან მიირბინა და აგური ალალბედზე ერთ-ერთ მილში ჩაუშვა.
- ფსიო, მირ! - იყვირა მან. - გადავაგდე უკვე აგური, აღარა მაქვს!
...მილი, რომელშიც ჩეგევარამ აგურის ნახევარი ჩაუშვა, მისი შეყვარებულის, მეთოთხმეტესართულელი ანანოს აბაზანიდან ამოდიოდა, სადაც, სავენტილაციო ხვრელში მურთაზს თავისი ზარდახშა გადაემალა დროებით...

* * *
მეცამეტე კორპუსის პირველი სადარბაზოს ლიფტთან მუხლებზე დაჩოქილი კარალიოკების გამყიდველი კიბეების შორისიდან ჩამოცვენილ დახეთქილ კარალიოკებს კრეფდა და ლამის ატირებულიყო.
უცებ ლიფტის კარები გაიღო, იქიდან მურთაზი გამოვიდა, რომელმაც ჯერ არც უწყოდა, თუ რა ბედი ეწია, მისი აზრით საიმედოდ გადამალულ ზარდახშას.
- ამ კარალიოკების ფული არ გადაგიხდია, შე უღმერთო, შენა!.. ლიფტის საფასურს გიკლებთ და მაინც არ იხდით?!.. - მთელი ხმით აყვარდა კარალიოკების გამყიდველი და მურთაზს, გასასვლელისკენ რომ მიიძურწებოდა, წინ გადაუდგა.
- მე ისა... არა მაქვს ფული, ბინის კარი ჩამეკეტა და... თან წასვლა მინდა აქედან სამუდამოდ!.. - ბავშვივით დაიბნა მურთაზი.
- ფული-მეთქი, თორემ ახლავე მივალ პატრულთან!.. აქვე არიან, გარეთ! - კბილებიდან გამოსცრა კარალიოკების გამყიდველმა, ორი დახეთქილი კარალიოკი ქვებივით დაიჭირა ხელში და შეტევაზე გადასასვლელად მოემზადა.
"მოგზავნილს გავს ეს მეკარალიოკე, პროვოკაციას მიწყობენ!.. პროვოკაცია იყო ტრუბაში ქვის ჩაგდებაც და იქიდან შკატულკის გამოვარდნაც!.. თითქოს ციდან გამოიჩეკაო, სინამდვილეში დაგეგმილი იყო ყველაფერი, მე რას გამომაპარებ!.. ვიოლეტაც მოგზავნილია!.. - გაიფიქრა მურთაზმა. - კიდევ კარგი შკატულკა თან არ წამოვიღე. შენ მოპარე მინისტრსო, დამაბრალებდნენ, ან კიდევ წილში გაყავდიო!.. ეძებონ რამდენიც უნდათ, ჩემს ფეხებს მიაგნებენ!.. ყველაფერი იმისთვის კეთდება, როგორც ანანო იტყვის ხოლმე, პატრულს რომ "ჩამახუტონ", ამის დედა კი ვატირე!.. მხოლოდ ის ვერ გაითვალისწინეს, რომ მე ხარბი არა ვარ და შეიძლება შკატულკა თან არ წამომეღო!.."
მეკარალიოკე, მოგზავნილს ნაკლებად, მაგრამ თავისი უფლებების დასაცავად ყველაფერზე წამსვლელს კი ნამდვილად გავდა და მურთაზიც მიხვდა, რომ აქედან პატრულთან "ჩაუხუტებლად" ვერ გააღწევდა, რომლის მანქანაც მეცამეტე კორპუსის პირველ სადარბაზოსთან ციმციმაჩართული იდგა...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: