Friday, April 23, 2010

ნიკუშა ანთაძე - მე შიშველი ვარ


შვილო, თვალები დახუჭე!
აუ, რამხელა აქვს...
ვგიჟდები ესეთ არანორმალურებზე!
რას მიაშტერდი, ქალო?!
აუ, აუ, აუ...

ამაზე პირველად მაშინ ვიფიქრე, როცა დილით აბაზანიდან გამოვედი ნაბანავები და სარკის წინ დავდექი პირსახოცით ხელში. ვისთან რა მაქვს დასამალი?! ფიქრი და გადაწყვეტა ერთი იყო. ჩასაცმელად გამზადებული შარვალი და მაისური, თავის წინდა-ტრუსიკ-ფეხსაცმელებიანად კარადაში შევჩურთე და სრულიად შიშველი ჩავუყევი სადარბაზოს კიბეს. სკოლისკენ მიმავალი მეზობელი ბავშვები მაწვნისქილაგადაყლაპულებივით მომაშტერდნენ. რამდენიმე ფანჯარაში ფარდა შეირხა - დაინტერესებული, შეკრული შუბლები მათვალიერებდნენ და როგორც კი ავხედავდი, მაშინვე ფარდის უკან იმალებოდნენ. რა ლამაზი დილა იყო. გაჩერებაზე შემჭამეს (ზოგიერთებმა მომაჭამეს კიდეც მგონი) თვალებით. მარშუტკაში სხვა მგზავრებთან ერთად ავედი. მძღოლს ენა სავარძლის ქვეშ ჩაუვარდა. უნივერსიტეტამდე ისე ვიმგზავრე არავის არაფერი უთქვამს.

- გამოქლიავდი? - ვერსად დამალა გაკვირვება მეგობარმა, რომელიც ჩვეულებისამებრ გარეთ მელოდებოდა, რომ ერთად შევსულიყავით ლექციაზე.
- არა, - ვუპასუხე მე და პირველ კორპუსში შევედი.
ჩემს დანახვაზე სტუდენტები ისე გაშეშდნენ, ფილმის ყურების დროს Pause-ს რომ დააჭირო უცებ.
- მთვრალი ხარ?
- არა.
- დაბოლდი? - არ მეშვებოდა მეგობარი.
- არა, - აუდიტორია უკვე თითქმის სავსე იყო.
ჯგუფელები წიგნებს მოსწყდნენ და გაოცებულ-გადარეული მზერებით დამცხრილეს. ჩემი ადგილი დავიკავე.
- რამე მაზიანი წააგე?
- არა.
ლექტორი შემოვიდა. კათედრას მიუახლოვდა და კმაყოფილებით აღსავსემ გადმოხედა მოსწავლეებს, რადგან არ ახსოვდა როდესმე ასეთი სიჩუმე დახვედროდა აუდიტორიაში შემოსვლისას. თუმცა უეცრად შეამჩნია ამ გლობალური დამუნჯების ნამდვილი მიზეზი.
- ვინ მოგცათ უფლება ტანსზემოთ გახდილი იჯდეთ ლექციაზე? - თვალები სათვალის მინებს მიაბჯინა ლექტორმა.
- არა მარტო ტანსზემოთ, პროფესორო, - წამოვდექი მე.
ორმა გოგომ სასწრაფოში დარეკა, დანარჩენები კი ყვავილების ვაზებიდან ასხამდნენ წყალს გულწასულ პროფესორს. მივხვდი ლექცია აღარ გაგრძელდებოდა.
- ლუდი არ გინდა? - მეგობარს ხელით ვანიშნე წავედით-მეთქი.
- რა ჯანდაბა გჭირს, არ მეტყვი?

ლუდის ბარში ნაცნობ ოფიციანტ მაიკოს ოთხი ბოთლი გაუვარდა ხელიდან და ისე გაწითლდა, თითქოს მე დამენახა ის შიშველი. კლიენტები, რომლებიც ლუდთან ერთად სოსისს მიირთმევდნენ, ხველებ-ხველებით, ნახევრად დამხრჩვალები გაცვივდნენ გარეთ.
თითო ბოკალი დავლიეთ.
- სახლში ხანძარი გაჩნდა და ტანსაცმელი დაგეწვა? - მეგობარმა აღარ იცოდა რა ეფიქრა.
- არა, - გამეღიმა და კიდევ ორი ჩამოსასხმელი შევუკვეთე მაიკოს, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა მხოლოდ სახეზე ეცქირა ჩემთვის, მაგრამ არ გამოსდიოდა.
- ესეიგი გამოქლიავდი!

გარეთ ცნობისმოყვარეობამოცული ნახევარი უნივერსიტეტი და საპატრულო მანქანა გველოდა.
- თქვენი საბუთები, თუ შეიძლება, - მომიახლოვდა პოლიციელი. იმ ადგილას დავიხედე სადაც წესით შარვლის ჯიბე უნდა მქონოდა, ჯიბეში კი საბუთები.
- რა გჭირთ? - მკითხა მკაცრად.
- შიშველი ვარ.
- ვხედავ! და რატომ ხართ შიშველი?
- რატომ ვარ შიშველი?
- დიახ!
- იმიტომ რომ შიშველი ვარ.
გასუსულ ხალხს ისე სწრაფად გადაჰქონდა მზერა ჩემგან პოლიციელზე და გადმოჰქონდა პოლიციელისგან ჩემზე, თითქოს ჩვენ ჩინელი პინგ-პონგისტები ვყოფილიყავით, ისინი კი აზარტში შესული მაყურებლები.
- და რატომ ხართ შიშველი-მეთქი?!
- იმიტომ რომ...
- განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ! - აღარ მაცადა, მხარში ჩამავლო ხელი.
- ეს უსამართლობაა! - იყვირა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
- ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა! - იყვირა მეორემ.
- დისკრიმინაციაა! - აღრიალდა ყველა, ცემეს პოლიციელი, რომელმაც მე თავი დამანება და მათ დაშოშმინებას ცდილობდა, გადავიდნენ გზაზე, გადაკეტეს ქუჩა და საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
მეგობრის მაჯაზე საათს დავხედე. შეყვარებულთან დანიშნულ შეხვედრაზე მაგვიანდებოდა.

შეყვარებულმა საშინლად იეჭვიანა, მე მეგონა ცოლად მომიყვანდი და ჩემს გარდა ვერცერთი გოგო ვერ გნახავდა გახდილსო, მეჩხუბა და დამშორდა.

* * *
მეორე დღეს დილიდან დამყვებოდნენ ფოტოგრაფები. გამვლელების გაფართოებულ თვალებში ჩემს თავს ვხედავდი. ვიღაცეები მცნობდნენ, მიღიმოდნენ და ხელს მიქნევდნენ.

* * *
მესამე დღეს თხუთმეტმა გოგომ ჩამომართვა ავტოგრაფი, ორმა ტელევიზიამ ინტერვიუ.

* * *
მეოთხე დღეს ყველაზე ცნობილ ღამის Talk Show-ში მიმიწვიეს სტუმრად.
- გაგვეცანით, - მთხოვა წამყვანმა პირდაპირ ეთერში.
- მე შიშველი ვარ.
- ეგ ვიცით, უფრო ახლოს გაგვეცანით.
- ამაზე ახლოს როგორ გაგეცნოთ? - გამეცინა მე.
- მაშინ მოგვიყევით რატომ ხართ შიშველი.
- იმიტომ რომ შიშველი ვარ.
- და რისი თქმა გინდათ ამით? - არ დაიბნა წამყვანი.
- იმის თქმა მინდა, რასაც ვამბობ - მე შიშველი ვარ!
სტუდიაში ტაში დაუკრეს.
ეს სიუჟეტი იმ ღამესვე აჩვენა CNN-მა და Euronews-მა რუბრიკაში No Comment.

* * *
ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდების და გარეკნების მთავარი სამიზნე გავხდი. ახალგაზრდა რეჟისორებმა ჩემზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყეს. ერთი კვირის შემდეგ კი ქალაქში გამოჩნდა კიდევ სამი შიშველი - ორი გოგო და ერთი ბიჭი.

* * *
ორი კვირის შემდეგ ქუჩებში დაკიდეს ბილბორდები ჩემი გამოსახულებით და წარწერით - მე შიშველი ვარ, შენ? თავისუფლების მოედანზე გაიმართა "შიშველი აქცია", რომელშიც 7000 ადამიანი მონაწილეობდა. პროფესორი იმ ამბის შემდეგ საავადმყოფოში იწვა და როცა ახალგამოწერილი სახლში გადაჰყავდათ, მანქანიდან შემთხვევით მოკრა თვალი დემონსტრანტებს... სასწრაფოდ თავის პალატაში დააბრუნეს ისევ გულწასული. ჩემი მეგობარი უკვე აღარ ფიქრობდა, რომ გამოვქლიავდი და ჩემთან ერთად დადიოდა, ისიც შიშველი.

* * *
ერთი თვის შემდეგ პარლამენტში განიხილეს საკითხი ქვეყნის ნუდისტურ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. მე სიყვარული ავუხსენი ოფიციანტ მაიკოს, მან კი საპასუხოდ იქვე, ლუდის ბარში გაიხადა და ორმაგად გაწითლებული ჩამეხუტა.

* * *
თვენახევრის შემდეგ პრეზიდენტი დემონსტრაციულად გაშიშვლდა პრესკონფერენციის დროს. დამაჯილდოვეს ღირსების ორდენით. ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ სად დამეკიდა და ბოლოს დავიკიდე... მომიხდა.

* * *
მოგეხსენებათ, ზოგს ფრჩხილების დაჭრა ეზარება, თუ იცის, რომ გახდა არ მოუწევს, ზოგი რაღაც-რაღაცეებს არ იპარსავს და ა.შ მოკლედ, თავის მოვლა დაიწყო ხალხმა. ყველა მიეჩვია ყოველდღე მოწესრიგებას. დაიხურა ტანსაცმლის მაღაზიები. სამაგიეროდ იყიდებოდა უამრავი ჩანთა. გაუმჯობესდა ქალაქის დასუფთავების სამსახურები. საერთაშორისო ნუდისტური ფედერაციის გამოყოფილი თანხით ტროტუარებზე დააგეს ხალიჩები. საგრძნობლად იმატა ტურისტების რიცხვმა...

* * *
ახლა საბანაოდ შევდივარ და ჯერ არ ვიცი, მაგრამ, რომ გამოვალ კარადაში შეჩურთულ შარვალს და მაისურს, თავის წინდა-ტრუსიკ-ფეხსაცმელებიანად გამოვალაგებ, ჩავიცმევ და ისე ჩავუყვები სადარბაზოს კიბეს. რა ლამაზი დილა
იქნება.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“



1 comment:

Singularity said...

მაგარია . მოვკვდი სიცილით!