Sunday, March 20, 2011

ნიკა ჩერქეზიშვილი – ლექსები


მარა
შენი სახელია - მარა,
შენ ნამდვილი ხარ და მაშინ,
როცა ცას ღრუბელი ფარავს,
ანუ,
როცა ცივა ცაში,
ჩვენი სახლის კედლებს ათბობ.

შენი სახელია - მარა,
ჩემი ცოლი ხარ და როცა,
სულში მივარდება ქარი
და ჭუჭყით მევსება ხორცი,
არასოდეს მტოვებ მარტო.

შენი სახელია - მარა,
ქალი ხარ, უფრო კი, ბავშვი,
ნეკნი, არ ვიცი და მალა
ხერხემლის, როცა ხარ სახლში -
ქუჩას ეფინება შუქი.

შენი სახელია - მარა,
ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის,
არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ,
გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთი
ერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.

დღენაკლულთა

ფანჯრები დაგმანეთ,
კარები აჭედეთ - შიგნიდან,
მიადგით კარადა კუთხეს და მის უკან ჩასაფრდით,
როგორც იქცეოდით - ეპოქა მაჯებს რომ იღრღნიდა
მაშინ
და
შინ თუ შემოგეჭრნენ -
ჩაბარდით.
ასეა -
რელსებზე დგას დედამიწა და ირწევა,
სრესს ერთეულებს და სიცოცხლეს პირდება დანარჩენს -
სუყველას,
უკლებლივ,
ურყევ გარანტიას იძლევა -
ათიდან ათია შანსი იმისა, რომ გადარჩეს -
ყველა,
ვინც დაგმანავს, აჭედავს, ჩარაზავს და ა.შ.
(ჰაერი, ჰა-ე-რი)
ვაგრძელებ -
ვინც ამოიქოლავს
თვალებს და გაუყრის თავს ყულფში სიტყვების გარეშე,
ცხვარივით,
მორჩილად,
თან იყო - თან არა იყო რა,
დამთავრდა,
გვეყოფა,
ვიკმაროთ,
მოვეშვათ -
გულგრილად
ყურებას -
დამფრთხალი ჩიტების,
მოკლული ბავშვების,
დაიწყოს,
ოღონდაც,
ჩვენიდან დაიწყოს თუ გინდათ -
დავაწყობთ მაჯებს და დაგვაჭრან მკლავები -
გავშრებით -
რომ გამოისყიდოს ამ სისხლმა სიცოცხლის უფლება,
რომ ყველა ჩვენგანში ჩაძაღლდეს ჟან გილიოტენი,
რომ ყველა ჩვენგანმა მოიხსნას კისრიდან ყულფები,
რომ აწ და მარადის დამთავრდეს ვიღაცის ლოდინი,
ვიქნებით პირველი -
და მერე -
მესამე,
მეხუთე,
მეშვიდე -
ცამდეა სავალი,
დაჭრილი ფრთებით გვაქვს საფრენი,
მკვდრებს თუ დაგვინახავთ ცოცხლები იქნება შეშინდეთ,
უყურეთ ჩვენს ცხედრებს მიწაზე გულაღმა დაფენილს -
რომ თქვენმა სიჩუმემ გატკინოთ დავსილი ყურები,
რომ ვეღარ იტანდეთ კედლებზე დაკიდულ საფლავებს -
იქნება შეგზაროთ სარკეში სიკვდილის ყურებამ,
მობრუნდეთ,
გამოგვყვეთ -
შუქისკენ გაფრენილ ფარვანებს -
თაობას,
რომელიც ვერ მოკლეს,
ვერაფრით დამალეს,
ვერაფრით ჩაახშვეს,
ვერ მოსპეს,
ვერ გამოუთხარეს
ძირი და ვყვირივართ -
ვცოცხლობთ -
ვწერთ -
და მალე -
და მალე.........
სხვა თუ არაფერი - ეს ლექსი მომავალს ვუთხარით.

კაცი
შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, ღმერთო, რომ შევალ
ტაძარში და იმ კაცისათვის ზღვაში რომ გადის
ვილოცებ, რადგან მეზღვაური - ის კაცი - მე ვარ
და ახლა მართლა არ მცალია - ვამოწმებ ბადეს -
სადმე არ იყოს გახეული, არ გასხლტეს თევზი,
ღმერთო, მშიერი დამრჩებიან შვილები, ცოლი,
მთელი ოჯახი დავიმშევით, ილოცე ჩემზე
შენ თვითონ, მე არ დავგვიანდე, წითლდება ზოლი
და მზე, აქ, ჩვენთან, როგორც არსად მწველია, დამწვავს,
შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, უფალო, კაცის,
რომელიც წუხელ, შუაღამით (მხოლოდღა) დაწვა
დასაძინებლად და რომელსაც ფიქრები კაწრავს,
რომ არ დაურჩეს დამშეული ოჯახი, დარდობს,
როცა ჯერ ისევ სიბნელეა იღვიძებს, დგება,
ძინავს სუყველას, მეთევზეა მღვიძარი მარტო
და ამას ვინმე თუ გაიგებს - შენ გაგეგება -
უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის,
ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს...
და ღმერთო, თუ არ შეწუხდები - ეგ თოკი გასწი,
მოქაჩე მაგრად, ხომ არ დალპა, ხომ არის საღი,
რომ არ გამწიროს ბედისწერამ შუაგულ ზღვაში,
საღ-სალამათი დავუბრუნდე ცოლსა და შვილებს...
მგონი ჯერ ისევ გამოდგება, ღმერთო, მე მაშინ
მივხედავ საქმეს, შეიბრუნონ ისევე ძილი
ათასებმა, რომ აღგივლინონ მუდარა, ლოცვა
ნაშუადღევზე, შენ არ იყო იმედზე კაცის,
იმ ერთი კაცის, ვინც შორ ზღვაში წერტილად მოჩანს,
მარილის სვეტი, ძვლადქცეული, შენსავით მკაცრი,
შენსავით მარტო, შენი ხატი, ტოლი და სწორი,
მხოლოდ სულ ერთი, ერთი რამით ნაკლები შენზე -
შენ ღმერთი ხარ და ის კაცია და ორჯერ ორი -
ოთხია - ჭეშმარიტებაა - სჭირდება თევზი,
რომ გამოკვებოს ცოლ-შვილი, რომ მივიდეს მათთან
წელგამართული, უფალო, და გადადგეს ზღურბლზე...
ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს
ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.

მზესუმზირები
ნინოს
ვინსენტ,
თუ გაფიქრებაც ცოდვაა,
მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა
და მიხარია,
რომ დღეს შემეცოდა კაცი,
რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს
და მე მხოლოდ გავიფიქრე -
დავხმარებოდი.
შენ არ იცნობ ამ კაცს.
შენ არც იმ კაცს იცნობ,
მახვილგონიერ იდალგოს -
დონ კიხოტს რომ ჰგავს
და შუბლზე ქარის წისქვილები ადგას.
ყველას ვეუბნები და არავის სჯერა.
არ სჯერათ იმიტომ,
რომ სერვანტესი მკვდარია
და თუ მოინდომეს - მის საფლავსაც იოლად ნახავენ.
მე არ მჯერა საფლავების,
ვინსენტ,
მე განახებ კაცს,
რომელიც დონ კიხოტს ჰგავს,
რომლის იდეალებიც განუხორციელებელია
და მიუხედავად იმისა,
რომ ის სასაცილო მდგომარეობაშია,
რომ შუბლზე ქარის წისქვილები ადგას,
წისქვილები ტრიალებენ
და ამ წისქვილების მოძრაობის გამოა,
რომ კაცობრიობა ვითარდება.
მე არც ის მჯერა,
ვინსენტ,
რომ ამბობენ სიყვარული არ არსებობსო,
რადგან ეს რომ სიმართლე იყოს,
გალაკტიონის "მესაფლავე" ჩემი საყვარელი ნაწერი იქნებოდა,
ახლა კი - პირიქითაა,
მეც ვარსებობ
და დედაჩემიც 26-ე წელია
მინებზე ტოვებს თვალებს,
როცა ლოთი მამაჩემი
აგვიანებს სახლში მოსვლას
და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე,
რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ,
რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი.
მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს,
ვინსენტ,
ყველაზე და ყველაფერზე მეტად,
რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.
ჰო,
ვინსენტ,
ასე მარტივად არის ყველაფერი,
ჩვენ კი,
მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ
და თუ ეს არ გამოგვდის,
მხოლოდ იმიტომ,
რომ მე და შენ გენიოსები ვართ.
ნუ გეღიმება,
ვინსენტ,
ეს ლექსი დიდ იაპონელს წავაკითხე წუხელ
და პირველი სიტყვები,
რაც თქვა,
ის იყო,
რომ ეს ნაწერი ზედმიწევნით ჰგავს
ყურწაჭრილ ჰოლანდიელს,
რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი აქვს გაჩრილი
და სწორედ ასეთს ხედავდა მას წყვდიადში.
საბოლოოდ შენ მინდა გითხრა რაღაც,
ვინსენტ,
ჩემი არა,
წარსულისმეტყველის,
სულიერი კარიერისტის,
ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები -
ჭეშმარიტება ოცნებაშია!
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: