Monday, June 7, 2010

დასავლური ქრისტიანობა აღმოსავლური თვალსაწიერიდან



მერაბ ღაღანიძე
დასავლური ქრისტიანობა აღმოსავლური თვალსაწიერიდან:
“რომის საკითხი” ილია ჭავჭავაძისა და ფიოდორ ტიუტჩევის პოლიტიკურ პუბლიცისტიკაში

© სემიოტიკა

ჯორჯ ორუელი - ინგლისი, შენი ინგლისი



ჯორჯ ორუელი
ინგლისი, შენი ინგლისი

© ჩვენი მწერლობა

Sunday, May 30, 2010

გიორგი კაკაბაძე – გრიგოლ რობაქიძე და ნიკო ფიროსმანი


1916 წლის 10 ივლისს გაზეთ “სახალხო ფურცლის” სურათებიან დამატებაში დაიბეჭდა კარიკატურა. მასზე გამოსახული იყო ფეხშიშველი ნიკო ფიროსმანაშვილი, რომლის გვერდითაც იდგა გრიგოლ რობაქიძე და ეუბნებოდა:
“უნდა ისწავლო ძმობილო! შენს ხანში მყოფს კიდევ ბევრის შექმნა შეუძლია... ორფიულის... ერთი ათი-ოცი წლის შემდეგ კარგი მხატვარი გამოხვალ... აი, მაშინ გაგზავნით ახალგაზრდათა გამოფენაზე...”.
სხვადასხვა წყაროებიდან ვიცით, თუ როგორ გააღიზიანა ამ კარიკატურამ მხატვარი. მან ახლად ჩამოყალიბებულ “ქართველ მხატვართა საზოგადოებსთან” ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. თავისი მეგობრის, მხატვარ გიგო ზაზიაშვილის მეუღლეს კი დაუბარა:
“- ძალოჯან, მაშ გიგოსთან ორ სიტყვას დაგაბარებ. ესე უთხარი: შენ გენაცვალე გიგოჯან, როგორც იმ ხალხს ჩემი სახელი უჩვენე და გადამკიდე, ისე მომაშორე. მაგათი არც ქება-დიდება მინდა და არც არაფერი. გაზეთში გამომიშვეს, გამლანძღეს, კატად გამომხატეს. ბევრს რამეს, დიდ სასახლეებს მპირდებოდნენ... ერთად შევგროვდეთ, ერთად დავსხდეთ და “ზაკონებით” ვხატოთო... მაგრამ როგორც აქამდის მიხნავს და მითესავს, ისე უნდა ვხნა და ვთესო. თავის დღეში ბატონი არა მყოლია და არც მინდა. ძალოჯან, გიგოს შემახვეწე, ჩამომაშოროს ის ხალხი, ჩამომაშოროს, არაფერი მინდა მაგათი”1.
კიდევ ერთი საყურადღებო ცნობაა შემორჩენილი ვასო ჩაჩანიძის მოგონებაში “ვაჟა ფშაველა და ფიროსმანი”, რომელიც როგორც ჩანს უყურადღებოდ დაუტოვებია მაშინდელ ცენზურას. როგორც მონათხრობიდან ირკვევა, ჩაჩანიძეების ოჯახში დაუმშვიდებიათ კარიკატურის გამო შეწუხებული ნიკალა:
“ჩვენ ყველანი ვაიმედებდით, რომ იქნებ გრიგოლ რობაქიძემ ინამუსოს და დაგეხმაროსო”.
მაგრამ ისმის შეკითხვა, რა შუაშია საერთოდ გრიგოლ რობაქიძე?
რა როლი ეკისრება მას ფიროსმანის ბიოგრაფიაში?
მართალია 1922 წლის გაზეთ “ბახტრიონში” გამოქვეყნებულია საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, თითქოს პირველი პუბლიკაცია ფიროსმანზე გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნოდეს, მაგრამ ეს ინფორმაცია შეკითხვებს ბადებს. რამდენადაც ვიცით, პირველიცა და მეორე პუბლიკაციაც ფიროსმანის შესახებ ილია ზდანევიჩს ეკუთვნის, თუ არაფერს ვიტყვით უფრო ადრინდელ, რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ ნარკვევებზე და მიშელ ლე-დანტიუს მიერ ფრანგულ გაზეთში დაბეჭდილ სტატიაზე.
იქნებ ამ შემთხვევაში სიტყვა “პირველს” სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს?
გაზეთ “ბახტრიონის” ამავე ნომერში დაბეჭდილია გრიგოლ რობაქიძის წერილი: “ნიკო ფიროსმან”, მაგრამ რობაქიძის ამაზე ადრინდელ წერილს ფიროსმანის მკვლევარებმა ვერ მიაგნეს.
მიუხედავად ამისა ასეთი წერილი არსებობს და იგი 1916 წლის 15 მაისის გაზეთ “კავკაზში” რუსულ ენაზე დაიბეჭდა. მას ხელს აწერს ვინმე გარრი გოლლენდი. ამ ფსევდონიმში ზმის პრინციპის მოშველიებით ადვილად იკითხება რობაქიძის სახელი “გარრი გოლენდი”. ამასთანავე არ შეიძლება არ გაგვახსენდეს, რომ ერთი პერიოდი გრიგოლ რობაქიძე გაზეთ “საქართველოში” გივი გოლენდის ფსევდონიმით ათავსებდა პუბლიკაციებს.
“კავკაზის” ამ წერილის შესახებ წლების მანძილზე დუმდა როგორც გრიგოლ რობაქიძის, ასევე ფიროსმანის შესახებ დაწერილი სამეცნიერო თუ პოპულარული ლიტერატურა. გაზეთ “კავკაზის” ეს ნომერიც ბიბლიოთეკაში ბოლო დრომდე ამოღებული იყო ხმარებიდან. ამის მიზეზები ალბათ ბევრია და ახლა მათ ვერ გავარკვევთ. მთავრი ისაა, რომ ამ წერილის გამოქვეყნებიდან 93 წლის შემდეგ პირველად გვეძლევა საშუალება გავეცნოთ გრიგოლ რობაქიძის რეაქციას ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების იმ ერთდღიან გამოფენაზე, რომელიც 1916 წლის 5 მაისს ილია ზდანევიჩის ატელიეში მოეწყო:


“ქართველი პრიმიტივისტი”
ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გამოფენის გამო


“თანამედროვე ესთეტიკური ცოდნის ერთ-ერთი შესანიშნავი შენაძენი გახლავთ ის მდგომარეობა, რომ ყოველი ჭეშმარიტად მხატვრული ცნობიერება თავის თავში შეიცავს ავტონომიურ ფასეულობას, დამოუკიდებელს იმ “სკოლისგან”, რომლის ფარგლებშიც იგი წარმოიქმნა. ამ თვალსაზრისით ერთნაირად ფასეულია სხვადასხვა სკოლისა და მიმართულების ნაწარმოებები. მხოლოდ მათში უნდა იგრძნობოდეს ნამდვილი შემოქმედებითი სული. სეზანი არ ხატავდა ისე, როგორც რაფაელი და არც რაფაელი ხატავდა ისე, როგორც სეზანი. მიუხედავად ამისა მხატვრობის საგანძური ვერ შეელევა ვერც რაფაელს და ვერც სეზანს. ჭეშმარიტად მხატვრული შთაგონების სფეროში არ არის წინააღმდეგობა და უარყოფა. იქ, სადაც ჩვეულებრივ წინააღმდეგობასა და უარყოფას ვხედავთ, მხატვრული ხედვისათვის იხსნება მხოლოდ ზრდა და შევსება. მხატვრულ ქმნილებაში იხსნება მარადიული შემოქმედებითი ენერგია და ამ ენერგიის ყოველი გამოცხადება თავისთავად ფასეულია. ამ თვალსაზრისით ყოველი მხატვრული ნაწარმოები მარადიულობის საკუთრებაა. ამავე დროს აუცილებელია ვაღიაროთ, რომ მხატვრული ნაწარმოები თავისი გამოვლინებით “ისტორიულია”; მარადიული მხატვრული ენერგიის ნიღაბია. მხატვრული ნაწარმოები იმავდროულად ისტორიის მოცემული მომენტის “ხორცშესხმაა”. აქედან გამომდინარეობს სკოლებისა და მიმდინარეობების განსხვავება, სტილთა და კულტურათა განსხვავება. მხატვრული აზრის თვალსაზრისით ყველა სტილი ერთნაირად ფასეულია, მხოლოდ მათში უნდა ცოცხლობდეს მხატვრული შთაგონების ჭეშმარიტი “სტილი”, ისტორიული “სახე”.
დღეს შეუძლებელია ისე წერა, როგორც ჰომეროსი წერდა და მიუხედავად ამისა, უფრო სწორად, ამის წყალობით, უსასრულოდ ვტკბებით ჰომეროსის ქმნილებებით. მათში გვაოცებს სწორედ “ადგილობრივი” კოლორიტი, რომელმაც მარადიულობის არომატი გაგვიმხილა.
მხოლოდ ასეთი გზით შეგვიძლია მივუახლოვდეთ თანამედროვე მხატვრულ ძიებებს. პრიმიტივიზმი ერთ-ერთი ასეთი ძიებაა. მხატვრული თვალი დაიღალა ფილიგრანულობითა და დახვეწილობით, მაქმანური სირთულით და დეტალური დასრულებულობით. და აი, მის წინაშე დადგა “პირველადქმნილი ბუნების” ხატი. ამ პირველქმნილებაში არის რაღაც უსასრულოდ უბრალო და იმავდროულად უსასრულოდ უხეში, არის რაღაც დაუსრულებელი და იმავდროულად მოულოდნელი – გენიალურობის შტრიხი. და ყოველივე ეს ახლებურად ელამუნება მხატვრულ მზერას. და მართლაც, როგორ არ მივეცეთ ამ მომხიბვლელობას, როდესაც ყველაზე მარტივისა და ჩვეულებრივის ფონზე მოულოდნელად გაიბრწყინებს “ბუნების გენიალურობა”: ყოვლის მპყრობელი და ყოვლის დამამარცხებელი! ამ თვალსაზრისით შეიძლება დავტკბეთ მხატვრული ლაფნით2, რამეთუ ლაფანშიც შეიძლება გამოანათოს გენიალურობამ. ვისაც არ უნდა ამას დაეთანხმოს მას შეუძლია პირველყოფილი ხალხების სკულპტურულ გამოსახულებებს გაეცნოს. მათში ზოგჯერ ისეთი გამომსახველობითი ძალაა, რომ რომელიმე ბავშვურად გამოკვეთილ რელიეფში მთელი საუკუნეა მომწყვდეული. ხელოვნებაში პრიმიტივიზმი, არის სწრაფვა, რომ ბავშვურად უბრალო გამოსახულებაში, ბუნების გენიალურობის “გამომსახველობითი ძალა” აჩვენოს. არსებითად, ასეთია ფრანგული პრიმიტივიზმის უპირატესობა.
ნიკო ფიროსმანაშვილიც პრიმიტივისტია. თანამედროვე პრიმიტივისტებისაგან მას მხოლოდ ის განასხვავებს, რომ იგი თანამედროვეობის რომელიმე შეგნებული ძიებების თანაზიარი არ გახლავთ. იგი უბრალოდ “მღებავია” რომელიც აბრებს წერს. მისი მხატვრული ნიჭის აღმოჩენა ეკუთვნის ი.მ. ზდანევიჩს. იგი რამდენიმე წელი აგროვებდა თბილისის სხვადასხვა დუქნებში გაფანტულ ფიროსმანაშვილის ნახატებს. ამ დღეებში კი ამ ნახატების გამოფენა მოაწყო. ამ გამოფენამ მხატვრული ენერგიის ის უზარმაზარი ძალა დაგვანახა რომელიც ქართველი ხალხის შემოქმედებით ნიჭშია ჩადებული. ფიროსმანი, საღებავებით მოთხრობილი ზღაპრების ჭეშმარიტი სახალხო მთქმელია. მისი ქმნილებები ისეთივე მშვენიერია როგორც ხალხური ზღაპრები. მათში უამრავი “ბავშურობაა”, უბრალოება, უშუალობა, სადა. იმავდროულად მათში უზარმაზარი გამომსახველობითი ძალა იგრძნობა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მისი “ჟირაფი”. თუკი ვეინინგერი მართალია და ასეთი ცხოველი სიმბოლურად თავის თავში სამყაროს მეტაფიზიკურ განსაზღვრებას ატარებს. ფიროსმანაშვილის “ჟირაფში” ასეთი განსაზღვრების პოვნა ნამდვილად შეიძლება. ჟირაფის თვალები ისეთი ძალითაა გამოსახული, რომ მათი ყურების დროს უკვე გავიწყდებათ, რომ თქვენს წინაშე უბრალოდ ცხოველია და ლამის მისტიკური შიში გიპყრობთ. ასეთივე სიძლიერითაა დახატული მისი “ირემი”. “ირემი” თითქოს თიხისაა, მაგრამ ისეთი თვალები აქვს, რომ მისი სიმკვირცხლე ეჭვს არ იწვევს. კარგია “ქეიფი ბალახზე”3. ეს სამი ფიგურა “ორთაჭალის თბილისის” მთელი პოემაა. ისე ძლიერად იგრძნობა მათში “ადგილობრივი” არომატი. ძალიან კარგი ნახატებია, მხრებზე მტრედებიანი ორი ქალის ფიგურა, აქაც ორთაჭალის თავისებური კოლორიტულობა იგრძნობა. ფიროსმანაშვილის Nature-morte –კი პირდაპირ შედევრია და მხოლოდ შემიძლია აქ ერთი მხატვრის სიტყვები მოვიყვანო რომელიც ჩემთან ერთად ათვალიერებდა გამოფენას: “ეს ნამუშევარი სეზანსაც პატივს დადებდა”.
ასეთია ფიროსმანი. მისი ბედი ყველასათვის უცნობია. ამბობენ გალოთდა და კახეთში გარდაიცვალაო, მაგრამ მართალია თუ არა, უცნობია. ი.მ. ზდანევიჩმა დიდი საქმე გააკეთა, ახლა ქართველი საზოგადოების ჯერი დადგა. მან მთლიანად უნდა შეაგროვოს ფიროსმანაშვილი და მას განსაკუთრებული ადგილი დაუთმოს ქართულ მუზეუმში”.

* * *
ეს უბრალო წერილზე მეტი გახლავთ, ეს მთელი სამოქმედო პროგრამაა და საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი ამას მშვენივრად მიხვდა.
საქმე ისაა, რომ ამ წლებში საქართველოში დაიწყო ევროპული ცივილიზაციის საფუძვლის, ინდივიდუალისტური ცნობიერების დამკვიდრება. გრიგოლ რობაქიძე კი მისი სულისჩამდმელი და მამოძრავებელი ძალა გახლდათ. ევროპიდან დაბრუნებულმა გრიგოლ რობაქიძემ თვალნათლივ დაინახა ის უზარმაზარი განსხვავება, რომელიც ცივილიზებულ ევროპასა და ფეოდალურ ტრადიციებში ჩარჩენილ საქართველოს შორის არსებობდა, სადაც ყველაფერი ისევე იყო გაყინული როგორც წლების წინ, როდესაც მან სამშობლო დატოვა და ევროპაში სასწავლებლად გაემგზავრა. ქვეყანაში აშკარად იგრძნოდა, ცვლილებების აუცილებლობა, აუცილებელი იყო არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ ქართული აზროვნების მოძველებული ფორმების და კოლექტიური ცხოვრების წესის შეცვლა. ამიტომ საგაზეთო სტატიებით, ლიტერატურული მოღვაწეობით, საჯარო ლექციებით თუ აშკარად გამომწვევი, ხშირად ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი პირადი ცხოვრების წესით გრიგოლ რობაქიძე ცდილობდა ცვლილება შეეტანა, გარდატეხა გამოეწვია ქართველ საზოგადოებაში და პიროვნების ინდივიდუალიზაციისთვის შეეწყო ხელი.
ახალი დრო საზოგადოებისაგან სითამამეს, გულმოდგინებას და ახლებურად აზროვნებას მოითხოვდა.
ერთ-ერთი პირველი ასეთი გალაშქრება პოეზიაზე მოხდა.
ზედმეტი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ თითქმის XIX-ე საუკუნის ბოლომდე ქართული საერო ლიტერატურა ძირითადად არისტოკრატთა გასართობი იყო. ამიტომ მკითხველ აუდიტორიას ავტორის ნათესავები და ახლობელთა წრე შეადგენდა. ფართო საზოგადოება ლიტერატურას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ეცნობიდა: ზოგი ავტორი საერთოდ არ დაბეჭდილა და მათი ტექსტები, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ ხელნაწერთა სახით მეგობართა ვიწრო წრეში ვრცელდებოდა; დაბეჭდილი წიგნების შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო საშუალო კლასის ხელმოკლე მკითხველისთვის; მაგრამ ყველაზე მთავარი ის გახლდათ, რომ მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა წერა-კითხვა საერთოდ არ იცოდა. მავანი მწერალი დიდი გულისტკივილით წერდა დაბალი კლასის აუტანელ მდგომარეობაზე, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ ეს ტექსტები დაბალი კლასისათვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად, აქა-იქ გაზეთებში გაბნეული ლიტერატურული ოპუსები საზოგადოების პირადი განცდის ნაწილი არ ხდებოდა და ისინი ქვეყანაში ფასეულობათა სისტემას ვერ ცვლიდნენ.
ამის საპირისპიროდ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ხელოსან პოეტთა და ყარაჩოღელთა იაფფასიან წიგნაკებს, მათ კოლექტიური ცხოვრების წესს, აზიური ფატალიზმისა და სუფიური მსოფლმხედველობის რაღაც სინთეზს, რომელიც ძალინ გავრცელებული იყო XIX-ე საუკუნის ბოლოს და XX-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში.
გაკვირვებული ზაქარია ჭიჭინაძე წერდა:
“ბაყალი ავეტიკაც პოეტი იყო, ბაყალი არუთინაც, ბაღდასარა კალავიც, მიკიტანი გეურქაც, სირაჯი ანტონაც. ერთი სიტყვით ბუდაღ ოღლიც, სკანდარნოვიც, ხარაზი პავლე, მეჩუსტე ნიკოლა, მირზაანა მადათოვიც, ოჰანეზაც, ამიროვიც, გივიშვილიც, ჰაზირაც”...
აღარაფერს ვამბობთ ქართული სალიტერატურო ენის გარყვნაზე, მის გასომხებასა და გათათრებაზე.
ამიტომ ქართველმა სიმბოლისტებმა დაიწყეს ლექსის რეფორმა.
ნელ-ნელა შეავიწროვეს ის აზიური საარშიყო მოტივები, რომელთაც სიმართლე რომ ითქვას, არც ქართველი არისტოკრატები თაკილობდნენ: რედიკი, გაფი, ბეითი, რუბაია, თეჯლისი, ყასიდა, მუსტაზადი, შიქასტი და შემოიტანეს ევროპული ლექსის ფორმები: სონეტი, ტრიოლეტი, სექსტინა, რონდო, ტრიპტიქი, ეკლოგა, კანცონა.
ყველანაირ ბრძოლას თავისი სულიერი დასაყრდენი და საფუძველი სჭირდებოდა, ასეთი დასაყრდენი კი მხოლოდ ის პიროვნება უნდა გამხდარიყო, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ავტონომიურობა.
ლიტერატურაში ასეთი დასაყრდენი ვაჟა-ფშაველა აღმოჩნდა.
გრიგოლ რობაქიძე ერთ-ერთ წერილში ვაჟა-ფშაველას ჰომეროსს ადარებს. ეს კარგად გააზრებული შედარებაა, რადგან ქართველი სიმბოლისტებისთვის ვაჟა-ფშაველა დემიურგია, ყოველგვარი აზიური გავლენებისაგან თავისუფალი, სრულიად ავტონომიური შემოქმედი, რომელმაც საკუთარი მითოლოგია და საკუთარი კოსმოსი შექმნა. ამიტომ როგორც ევროპული ლიტერატურა იწყებოდა ჰომეროსით, ისევე ახალი ქართული ლიტერატურა უნდა დაწყებულიყო ვაჟა-ფშაველას სახელით.
“ჭეშმარიტად ვაჟა-ფშაველა მისტიური ნიშანია საქართველოს მეათეჯერ გაახალგაზრდავების. ყოველი ერი ვაჟა-ფშაველასთანა გენიით იწყებდა თავის ისტორიულ ცხოვრებას: ბერძნებში ჰომერი, რომში ვერგილი; საქართველოში კი გამოდის რომ ევრიპიდეც ყოფილა როგორც რუსთაველი და მეცხრამეტე საუკუნეში ხელმეორედ იწყებს ჰომერის ხაზს ვაჟა-ფშაველა”.
სწორედ ასეთივე ფუნდამენტური როლი ეკისრებოდა ფერწერაში ნიკო ფიროსმანის შემოქმედებასაც.
“წარმოუდგენელია ვაჟა-ფშაველა მეცხრამეტე საუკუნეში, შეიძლებოდა ეს ფენომენი აუხსნელი დარჩენილიყო და საქართველოს ბედს მისწეროდა, რომ ამას არ ამართლებდეს მეორე ვაჟას კონგენიალი ნიკო ფიროსმანი. ეს ორი ის ვეშაპებია, რომელთაც შეუძლიათ დაეყრდნოს კიდევ რამდენიმე საუკუნით საქართველო”. წერდა ტიციან ტაბიძე წერილში “ვაჟა-ფშაველა”.
თბილისის ინტელიგენციაში ნიკო ფიროსმანის გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მას ოთხი საათის მანძილზე 80 კაცი დაესწრო, მაგრამ ფიროსმანის შემოქმედების შესახებ საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: ერთ მხარეს დადგნენ “აკადემისტები” და მათი მიმდევრები, რომელთაც “მაყურებელთა მოტყუებისთვის” გამოფენის ორგანიზატორები სასტიკად გაკიცხეს. ხოლო მეორე მხარეს ახალგაზრდა ავანგარდისტები და ქართველ სიმბოლისტთა ორდენი “ცისფერყანწელები”. აკადემისტების შეხედულება ტრადიციული გახლდათ და იგი ძირითადად რუსი “პერედვიჟნიკი” მხატვრების ესთეტიკურ ფასეულობებს ემთხვეოდა, რომლის თანახმადაც რეალისტური მხატვრობის მიზანია: შინაარსი, სახე, ადამიანის ცხოვრებისეული დრამა, ბუნებისაგან მიღებული შთაბეჭდილება, ქვეყნის ისტორიული ხასიათი, მისი ნაციონალური სული და კიდევ ის უამრავი ტექნიკური საკითხი, რომელსაც მათ პეტერბურგის აკადემიაში ასწავლიდნენ.
მათ შეამჩნიეს, რომ ნიკო ფიროსმანისთვის უცნობი იყო პერსპექტივის ძირითადი კანონები, ადამიანის სხეულის პროპორციები, მისი ანატომიური თავისებურება, დამატებითი ფერების კანონები, საგნების ურთიერთ მიმართება, ჩაღრმავება, პლასტიკა, შუქის ეფექტები და სხვა.
მაგრამ სრულიად შეუმჩნეველი დარჩათ მთავარი - პიროვნების შინაგანი გარღვევა თავისუფლებისაკენ.
ფიროსმანის მსოფლმხედველობა რა თქმა უნდა ბიძგს იღებს რეალიზმისაგან, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მასში ვერ შეხვდებით რეალიზმისთვის დამახასიათებელ ფოტოგრაფიულ სიზუსტეს, ობიექტურობას, დიდაქტიზმსა და დოკუმენტალიზმს. ფიროსმანი არ ცდილობს ყოველი წვრილმანის დეტალურ გამოყოფას და მათ დამუშავებას. მისი ნახატები მხატვრის შთაბეჭდილებაზეა აგებული, ფიროსმანი ყურადღებას ამახვილებს მინიშნებაზე. იმაზე, რაც თითქოს დაუსრულებელია და ბოლომდე უთქმელი. იგი გვიჩვენებს, რომ რეალობა შეიძლება არსებობდეს ჩვენს მიღმა, ჩვენს გარეშე, იგი სუბიექტურია და ეფუძნება მხატვრის, როგორც ნათელმხილველის, შინაგან სამყაროს.
ამგვარად, ფიროსმანის შემოქმედება საზოგადოებას ძველი ტრადიციების შენარჩუნებისკენ კი არა ახალი ტრადიციების შექმნისაკენ უბიძგებდა.
მომწიფდა მამათა და შვილთა ახალი კონფლიქტი. უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, შვილთა სულებისთვის გაჩაღებული ბრძოლა, რადგან აქ პირველ რიგში ასაკობრივი განსხვავება არ იგულისხმება: ნიკო ფიროსმანიც, გიგო გაბაშვილიც, გიგო ზაზიაშვილიც, მოსე თოიძეც, ალექსანდრე მრევლიშვილიც, იაკობ ნიკოლაძეც და სხვებიც თითქმის ერთი თაობის წარმომადგენლები იყვნენ. აქ ბრძოლა იმის გამო დაიწყო, თუ ვის კვალს უნდა გაჰყოლოდნენ ახალგაზრდა თაობის მხატვრები. შემოქმედების რომელი გზა აერჩიათ : აკადემიზმი თუ მოდერნიზმი. ახალგაზრდა თაობას თავისი საკუთარი ხედვა გააჩნდა, ისინი თავისუფლად მსჯელობდნენ და ეს უკვე გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან მათი ყოველი ნაბიჯი აღიქმებოდა როგორც უკვე დამკვიდრებული ეროვნული ფასეულობების, ეროვნული საფუძვლებისა და აღიარებული ავტორიტეტების წინააღმდეგ გალაშქრება.
ამ დაპირისპირების შესახებ საკმაოდ მცირე ფრაგმენტებია შემონახული, მაგრამ რაც შემორჩა, ვფიქრობ, საილუსტრაციოდ ესეც გამოდგება:
“ფიროსმანაშვილი არის დიდი უსწავლელი, მისი სურათები არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს და ასეთი ზრუნვის გამოჩენა ფიროსმანაშვილის მიმართ არის დიდი შეცდომა”. გიგო გაბაშვილი4.
“ქართული აკადემიური მხატვრობა მას (ფიროსმანს გ.კ.) გულცივად ხვდებოდა და ტექნიკას უწუნებდა, რაც რასაკვირველია, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ოფიციალური მხატვრობა უთუოდ ვერ მიიღებდა ნიკო ფიროსმანს, რადგან ის იყო მისი სრულიად საპირისპირო რამ...”. დიმიტრი შევარდნაძე5.
“ისინი ყვირიან მაღალ ხელოვნებაზე და ერთის მხრივ ემხრობიან საგნის ფორმალისტირ-კუბისტურ დეფორმაციას, მეორეს მხრივ პრიმიტივიზმს მხატვრული შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევენ... მათი აზრით ფიროსმანი კულტურის შედევრია. მისი ნახატები ყველაფერია და მეტი აღარაფერი არაა საჭირო. აღარაა საჭირო არც რემბრანტი, არც ლეონარდო და ვინჩი, არც ველასკესი...”. მოსე თოიძე6.
“შევარდნაძის მეგობრები განცვიფრებულნი და აღშფოთებულნი იყვნენ იმის გამო, რომ დიტომ ერთის ნახვით შეიყვარა არაჩვეულებრივი ფიროსმანაშვილი! “აკადემიკოსები” თავს დაატყდნენ ახალგამოჩეკილ “ფიროსმანისტს” მთელი თავისი ენამჭევრობით, რაც მათ ძალიან ეხერხებოდათ, მაგრამ შევარდნაძის სიყვარული მტკიცე აღმოჩნდა”. კირილე ზდანევიჩი7.
“თვითნასწავლი მხატვრების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ძველი თბილისის ლიტერატურულ-მხატვრული ბოჰემის ნამდვილ ავანჩავანს ნიკო ფიროსმანს ბევრი პატივისმცემელი და დამფასებელი გამოუჩნდა ჯერ კიდევ სიცოცხლეში. ეს გასაგებიცაა, მაგრამ მისი სახელის ზენიტამდე აყვანა, ფიროსმანის სახით რაღაც განუმეორებელი ვირტუოზის წარმოდგენა, ჩემი აზრით სინამდვილეს მაინც არ შეეფერება, ამაში მთავარი როლი ქართველი სიმბოლისტების ახირებამ ითამაშა. ცისფერყანწელებს უყვარდათ გადაჭარბება პოეზიაშიც და კრიტიკაშიც”. ივანე ვეფხვაძე8 .
“ჩვენ გვახსოვს მტრობა, დაცინვა და პროტესტი იმ ყურადღების გამო, რომელიც მიიქცია ამ საუცხოო მხატვარმა”. იაკობ ნიკოლაძე, სერგეი სუდეიკინი, ილია ზდანევიჩი, ალექსანდრე წუწუნავა, ტიციან ტაბიძე9.
აქედან გამომდინარე, თუ დავაკვირდებით, ეს კარიკატურა ფიროსმანის კი არა, გრიგოლ რობაქიძისა და შესაბამისად სიმბოლისტების წინააღმდეგ უფროა მიმართული. რა თქმა უნდა თავისთავად იგულისხმება, რომ ფიროსმანი სუსტი მხატვარია, მაგრამ მთავარი დარტყმა საზოგადოების იმ მეამბოხე ნაწილზეა გადატანილი, რომელმაც ფიროსმანი ახალი ქართული ფერწერის ფუძემდებლად აღიარა.
კარიკატურის ტექსტში შემთხვევით არ ყოფილა ნახსენები, რომ ფიროსმანს კიდევ ბევრი “ორფიული” ნაწარმოების შექმნა შეუძლია. ეს სიტყვა საკმაოდ ბევრ ნაშრომში და პუბლიკაციაში გამოტოვებულია, რადგან იგი ზოგისთვის გაუგებარია, ზოგიც მას ტექსტის ზედმეტ სხეულად მიიჩნევს. დასანანია, რომ მას ასეთი ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რადგანაც სწორედ მისი საშუალებით ხდება ამ კარიკატურის დაფარული აზრის ამოცნობა.
ორფეოსი ძველი ბერძენი ლეგენდური მუსიკოსი და წინასწარმეტყველი გახლდათ. მას ყველაზე ხშირად სწორედ ცხოველების გარემოცვაში გამოსახავდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მის ჯადოსნურ მუსიკას ველური ცხოველების დამორჩილება შეეძლო. მისი იდეების საფუძვლად აპოლონისა და დიონისეს კულტის თაყვანისცემას მიიჩნევენ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ამ ორიგინალური მსოფლმხედველობის საფუძველზე ანტიკურ სამყაროში შეიქმნა თეოგონიური პოემები და “ორფიული ჰიმნები”, რომლებმაც საბოლოოდ ორფიულ ღვთისმეტყველებას ჩაუყარა საფუძველი. ორფეიზმს როგორც ახალ რელიგიურ დოქტრინას ანტიკურ სამყაროში ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი და მიმდევარი ჰყავდა.
ახლა გასაგები ხდება, რომ ფიროსმანი ლეგენდური ორფეოსივით ბერძნულ ხიტონშია გამოწყობილი. წინ მის მიერვე “დამორჩილებული” ცხოველი - ჟირაფი ჰყავს. გვერდით კი “ახალი კულტის” თაყვანისმცემელი, ან იქნებ შემქმნელი, გრიგოლ რობაქიძე უდგას.
კარიკატურის აზრი ძალიან გამჭვირვალეა: იგი გვაუწყებს, რომ გრიგოლ რობაქიძემ და მისმა თანამოაზრეებმა ბოგანო ნიკო ფიროსმანაშვილის სახით თავიანთი ორფეოსი და ახალი თაყვანისცემის ობიექტი იპოვეს.
მართალია ქართველი კაცი ამბობს: “დაცინვას კაცი არ მოუკლავსო”, მაგრამ იმასაც ამბობს, “სანამ ხმალი მოვიდა, სიტყვამ თავი გააგდებინაო”. მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც დაუმსახურებელი კრიტიკა და უსაფუძვლო ქილიკი ყოველთვის პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც პიროვნების დევნასა და შევიწროვებას უსწრებდა წინ.
ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ცნობიერების მეტამორფოზა ვერ მოხდა და ევროპულმა ინდივიდუალიზმმა აქ ფესვი ვერ გაიდგა.
სამაგიეროდ, ქართული აზროვნების ფეოდალური ფორმები და კოლექტიური ცხოვრების წესი საოცრად ხელსაყრელი ნიადაგი აღმოჩნდა ახალი, სოციალისტური იდეოლოგიის დასამკვიდრებლად.
სულ რამდენიმე წელიწადში საზოგადოების ტრადიციულად განწყობილ ნაწილს მხარში კოლექტიური ცნობიერების ციტადელი, საბჭოთა სისტემაც ამოუდგა და ინდივიდებზე ნადირობის სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა.
ამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებული და იმედგაცრუებული გრიგოლ რობაქიძე 1931 წელს გერმანიაში გაემგზავრა და იქედან აღარ დაბრუნებულა. დარჩენილებიდან ამ დაპირისპირებას ბევრი შეეწირა. ზოგიერთი მაშინდელი მოდერნისტისთვის კი პიროვნული ინდივიდუალიზმი და თავისუფლება იმთავითვე ნიღაბი და თვალთმაქცობა იყო, ამიტომ ეს ნიღბები მალე გადაყარეს და საბჭოთა ეპოქის დიადი მომღერლები გახდნენ.
საქართველოში ფეოდალიზმის ახალი ეპოქა დაიწყო.


1. გიორგი ლეონიძე, “ცხოვრება ფიროსმანისა”.
2. იგულისხმება საბაზრო ნახატები.
3. იგულისხმება “სამი თავდის ქეიფი”,
4. გიგო გაბაშვილის სიტყვები მოყვანილია მ. ლობჟანიძის მოგონებებიდან
5. “ბახტრიონი”, 1922წ.
6. არსებობს მოსე თოიძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები, რომლის ფრაგმენტებიც დაიბეჭდა ჟურნალში “ლიტერატურნაია გრუზია”, 1972წ.
7. “ბახტრიონი”, 1922წ
8. ი. ვეფხვაძე, “მოგონებები და პორტრეტები”.
9. “ბახტრიონი” 1922წ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

შოთა იათაშვილი – ლექსები


ვაკური ჭლექი

მასპინძელს ყელზე მარგალიტი უკეთია და
განუწყვეტლივ ახველებს,
კედლებზე თაბაშირის ანგელოზები კიდია,
ზიხარ და ტკბილეულს მიირთმევ.
უკვე იმდენი შესანსლე,
გგონია, რომ
ფესვი გაიდგი ამ გაპრანჭულ სახლში,
სადაც ერთხელ რატომღაც და
სამუდამოდ დაგპატიჟეს.
ჰაეროვანი, ინტელექტუალი მასპინძელი
მარგალიტის ყელსაბამით
მდიდრულად გაწყობილ სახლში მიმოდის და ახველებს,
ჭირხლი ფანჯარაზე გახსენებს,
თუ როგორი ტანჯვით მოისწრაფვოდი
გაყინული გარუბნებიდან
მისი თბილი ბუდუარისკენ –
ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა თუ
მეტროს გამოცვლით, –
მარგალიტის ყელსაბამიანი მასპინძელი კი
კვლავაც ახველებს და ფიჭას წუწნის,
"ფიჭა ძალიან, ძალიან მიყვარს" –
გეუბნება, შუქს აქრობს და მაშხალებს ანთებს –
ერთს შენ გაწვდის,
მეორეს ხელში თავად იჭერს, –
ის უცნაურია,
მარგალიტის ყელსაბამი უკეთია,
ხშირად ახველებს,
მოციგურავესავით დასრიალებს
თავის გალაკულ იატაკზე,
ზოგჯერ ჰაერშიც შეხტება ხოლმე და დაბზრიალდება –
მაშხალები ამ დროს მგზნებარე ნაპერწკლებს ყრიან,
მონუსხული უყურებ მის ჯადოქრულ ცეკვას,
ის შუქს ანთებს,
ცოცხს და აქანდაზს იღებს ხელში და
ბალანჩინური მოძრაობებით
მონდომებით ხვეტავს ბინას,
რათა ახალი სტუმარი მიიღოს და დაიტოვოს,
სადღაც რადიოს სულ სხვადასხვა FM-ები
ვაკურ შელოცვებს ბუტბუტებენ,
ის კი ახველებს
ყელზე შებმული მარგალიტებით,
მომაკვდავია (როგორც ყველა ჭლექიანი)
და უკვდავია...

ევრიდიკე

დიანა ანფიმიადის და
ქეთი თუთბერიძეს


ვინ ვის სად სდია,
კუდში ვინ ვის მიჰყვებოდა,
ვინ ჩაეშვა მიწის ქვეშ
ან ვინ რას მღეროდა –
ან სად გაჩერდა,
სად გაშეშდა,
ნარნარი ხმა სად ჩაიწყვიტა –
აღარაფერი მახსოვს ზუსტად,
ამერია დავთრები და
ამემღვრა ტვინი –
ვიღაც მიყვარდა,
ჰო, იყო რომ ვიღაც მიყვარდა
და ვიღაცას თითქოს ვუყვარდი,
სიბნელეში ერთიმეორეს
დინჯი ნაბიჯით დავდევდით და
ვთამაშობდით გაშეშობანას...
სრული წკვარამი ჩვენთვის ხანდახან ინტიმი იყო,
მერე აღარ,
მერე ისევ,
და ისევ აღარ...
„ამო ზემოთ!“ – დავძახოდით,
კარგად მახსოვს,
ერთიმეორეს...
და მე ვიყავი მასზე უფრო ჯიუტი და
იგი იყო ჩემზე უფრო აუტანელი...
ხან მე სიმებს ჩამოვკრავდი ჩემს თლილ თითებს
და ხანაც ის აჟღერებდა ქნარს ახალ ხმაზე...
რამ დაგვათრო,
ნეტა ასე რამ დაგვათრო,
რომ აღარ გვახსოვს,
სად წავედით,
ვინ ვის სდევდა,
ვინ გაჩერდა,
ვინ რას მღეროდა...
...................................
ევრიდიკე ვარ,
გაყინული ვდგავარ და ვფიქრობ:
მთელი ცხოვრება ქნარზე ვუკრავდი
და ვმღეროდი მატკბობელა ხმით,
სანამ სისხლი უსაშველოდ არ ამიჩქროლდა
და ერთ ჭაბუკს მოუსავლეთში არ გავეკიდე...
პირმშვენიერი ეს ჭაბუკი კი
ხან ჰაეროვან კოცნებს გზავნიდა,
ხან იქედნურად იღიმოდა,
ხან ჩერდებოდა,
ხან გარბოდა ან
უკან მომდევდა...
………………………………………………….......................................
ბნელა, თითთან თვალს ვერ მიიტან
და ვერც თვალს თითთან,
ვდგავარ და ვფიქრობ,
ის სად არის –
მაღლა, მზის ქვეშ,
კიდევ უფრო დაბლა, სულმთლად ყიამეთში თუ
აქვე, ჩემს გვერდით...
........................................
ბნელა და ვმღერი...
........................................
და შორიდან მელოდია მესმის ნაცნობი...


ავტობიოგრაფია

იყო დრო,
ის ფიქრობდა ასე:

გაუგებარია – ღმერთი
გასაგებია – კუბიკი
ზუსტია – პარალელეპიპედი
ძნელია – სახლი
სახლშია – კუბიკი
კუბიკშია – ღმერთი
ღმერთშია – გასაგები და ა.აშ.

მერე იყო დრო,
როცა თხზავდა ასეთ კუპლეტებს:

გამოვდიოდი გარეთ,
ამოდიოდა მზე,
მიღებდნენ ლუდის ბარებს,
ასფალტს უგებდნენ გზებს.

შემდეგ ასე დაიწყო წერა:

მე შენ მიყვარხარ,
ისე, როგორც სულ არავის დედამიწაზე...
მე შენ მიყვარხარ,
და ყოველ დილით ველოდები,
როდის ამოვა მზე, ჩემი სახლის
მძიმე კარი როდის, როდის გაიღება
და ღმერთო, როდის
დავიძვრები შენი გულისკენ...

ეს დროც გავიდა,
და დაჯღაბნა:

ამის კარგიც,
ფუ, ამის კარგიც!..

იყო მომენტი, გაიფიქრა:

რა არის ნეტა
ეს კარგადყოფნა ან ცუდადყოფნა...

ხოლო მერე:

ქარი ხან ჰქრის და ხან არა ჰქრის,
ფოთლები კი სულ მიჰქრიან თურმე ქარდაქარ..

აი, ბოლოს კი
მწოლიარემ ლოგინში, თავის
მწვანე კედლებს შეხედა და გაახსენდა:

პარალელეპიპედი,
კუბიკი,
სახლი,
ცხოვრება,
ღმერთი... – მარტივია, რთულია, ზუსტი...


მტვრის რადიუსი

მტვრის რადიუსს ვანგარიშობდი:
15 308 წიგნი
გავამრავლე 718 პურის ნამცეცზე.
გამოვაკელი ჩემს ეზოში ჩამოცვენილი
წითელ-ყვითელ-მწვანე ფოთლები
და გავყავი გაფუჭებული ონკანიდან
ერთი საათის განმავლობაში
გამოჟონილი წვეთების რიცხვზე.
ჩემი შუბლის 2 ნაოჭი
ჩემი კანის 100 უჯრედს სჯობდა,
და მე, ბრძენი,
მტვრის რადიუსს ვანგარიშობდი:
15 308 წიგნს
ვამრავლებდი 718 პურის ნამცეცზე.


ნუკრიანის ტეტრაპტიქი

ნაირა გელაშვილს

1.
მიწას ჩაჰყურებდე.
ფოთლებს გაჰყურებდე.
ზეცას აჰყურებდე.
გიხაროდეს.

2.
ზეცას აჰყურებდე.
ფოთლებს გაჰყურებდე.
მიწას ჩაჰყურებდე.
ნაღვლობდე.

3.
მიწას ჩაჰყურებდე.
ზეცას აჰყურებდე.
ფოთლებს გაჰყურებდე.
თვლემდე...

4.
მიწას,
ფოთლებს,
ზეცას უყურებდე,
ფურცელს დაჰყურებდე,
ცხოვრობდე, წერდე...


ბაბუაწვერა, მე, ნიავი და უფალი

1.
ბაბუაწვერა.

2.
მე.

3.
ნიავი ქრის.

4.
უფალო შეგვიწყალე.


სამი კითხვა

რა მინდა?-ს მერე
აქ რა მინდა? –
მოდის შეკითხვა,
რასაც მოჰყვება
იქ რა მინდა? –
გაურკვეველი...

პარტიტურა

გული იგი – ხან შავი ხვრელი,
ხანაც კიდევ ორკესტრის ორმო –
ორივეგან ბნელა, მაგრამ
შავი ხვრელის მძიმე წყვდიადის უკუპირია
ორკესტრის ორმოს მსუბუქი მრუმე:
სულ რომ არ ელი, სწორედ მაშინ
საკუთარი უცნაური ინსტრუმენტების
აწყობას იწყებენ შიგ ჩამსხდარი
შენი ნაცნობ-მეგობრები, ნათესავები...
შენი პირადი, ზეციური ფოსტალიონი კი მათკენ მირბის
თავგადაკლული,
ნაკვერჩხლებივით შუქნიშნებთანაც კი არ ჩერდება,
რათა გულის ნაინფარქტალი პარკუჭიდან –
ორკესტრის ორმოს კბოდედან დროზე ისკუპოს დაბლა
და ნოტები მოკრძალებით დაურიგოს
ლეგენდარულ მუსიკოსებს შენი ცხოვრების –
ერთის ნოტებში ჭიქის ჭახუნის საოცარი მელოდიაა,
მეორისაში – კალმის წრიპინის,
მესამისაში – ბავშვის ღნავილის...
გულს აყურადებ და იწყება უვერტიურაც.
გულს აყურადებ და გულს გეშვება.
შენი პირადი, ზეციური ფოსტალიონი
კი გულის ორმოდან ამობობღდა
და დირიჟორს ხელში აჩეჩებს პარტიტურას –
ასტრონომიის სახელმძღვანელოს –
რომელშიაც წერია, რომ
შენი გული – შავი ხვრელია.

ფანქარი ცაში
კონვენციური


წვერწათლილი ჩემი ფანქრის
მოძრაობა ცაში ნელი
ხან ნაზია, ხან ლამაზი,
ხანაც კიდევ საშინელი.

ყველა ჩიტი იქ თავს იხრჩობს
ან-ბან-განით, განა ბაწრით,
და პოეტის ნაკვალევს ჰგავს
თვითმფრინავის განაკაწრი.

მოედება ფანქრის წვეტი
მზეს ან მთვარეს, როგორც მერანს,
წეროს, ჯღაბნოს როგორც უნდა,
მიწაზე ვარ, მერე მე რა...

ღრუბლის ქულა საშლელივით
უკან დასდევს ამცდარ ფრაზებს,
თუ დაბნელდა, გაგრძელდება
ლექსის წერა მთვარის ბრაზე.

ჩემი ფანქრის მოძრაობა
დაბლა სწრაფი, მაღლა ნელი,
ყველაფერზე ლაპარაკობს
ცისარტყელის საქანელით.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ახალი წიგნები – 2009 – მაისი


თეონა დოლენჯაშვილი, მემფისი (რომანი), თბ. "სიესტა", 2008

"ჩვენ ვცხოვრობთ მემფისში - უძველეს და მაგიურ ქალაქში, სადაც თავმოყრილია მასალის, ფორმისა და ფაქტურის პარადოქსალური ნაზავი, სადაც არ შეიძლება წინასწარგანზრახულ ხატებს და სქემებს მივეჯაჭვოთ, სადაც რეალობა მუდმივ განახლებას გვაიძულებს". თანამედროვე მემფისი ახალი ტიპის ადამიანებითაა დასახლებული. ესენი არიან ადამიანი-მანქანები, ადამიანი-ავტომატები, რომლებიც გამოგონილი, ილუზიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხოვრებით, სადაც ადამიანურ შეგრძნებებსა და ურთიერთობებს წარმატებით ენაცვლება საგნები და ნივთები. ნივთები კომფორტს ქმნის. კომფორტი სასიამოვნოა, თუმცა, ამასობაში იკარგება მთავარი - გული, რომელსაც შეუძლია განცდა, ტკივილი, დაღლა. ამას კარგად აცნობიერებს ანა, ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც ბედისწერა თბილისის ძველი, აივნიანი სახლიდან ციურიხის ზეპურ საზოგადოებაში გადაისვრის. ექიმები მისი პატარა გოგონას ხსნას ხელოვნური გულის გადანერგვაში ხედავენ, ანას კი არ სურს შვილი-რობოტი, რადგან საგნები ირგლივ ისედაც ბევრია. დონორის სანახავად სამშობლოში დაბრუნებული შემზარავ ამბებს აწყდება. რეალობა ამაზრზენია: მდიდარი ავადმყოფის სიცოცხლეს ღარიბი, ხშირად, უპატრონო ადამიანების ორგანოები ეწირება. მათ შორის მაწანწალა ბავშვებიც არიან. შემზარავია იმის აღმოჩენაც, რომ წლების წინ უკვალოდ გამქრალი დედა ანას გამოსაკვებად გაყიდული თირკმელის ოპერაციას შეეწირა.

ზაზა ბურჭულაძე, ფონოგრამა (მოთხრობები). თბ. "სიესტა", 2008.

ზაზა ბურჭულაძემ თანამედროვე ქართულ რეალობაში უკვე დაიმკვირა სკანდალური მწერლის იმიჯი. "სიმფსონები," "მინერალური ჯაზი," "ხსნადი კაფკა", "სახარება ვირისა...",მისი თითოეული ახალი ნაწარმოები საზოგადოებრივი განსჯის საგანი ხდება. ზაზა ბურჭულაძეს ლანძღავენ ან ადიდებენ, თუმცა, ინტერესი მის მიმართ ყოველთვის დიდია. ცოტა ხნის წინ მსახიობის ამპლუაშიც მოგვევლინა და დათო ჯანელიძის "ჯაყოს ხიზნებში" თეიმურაზ ხევისთავის როლი ითამაშა. კრებულში სამი ახალი მოთხრობაა, რომლებიც ბოლო დროს გამოქვეყნდა ლიტერატურულ პერიოდიკაში: "ფონოგრამა", "შვიდი ბრძენი" და passive attack. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს ზოგმა შედევრიც კი უწოდა. შედევრობის რა მოგახსენოთ, ხომ იცით, ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგსაც მღვდლის ცოლი, თუმცა, ფაქტია, რომ ზაზა ბურჭულაძე ნიჭიერი და გამორჩეული ავტორია. მისი ნაწარმოებების დაგემოვნებას ინტელექტის გარკვეული მარაგი სჭირდება. სტრიქონებს შორის კითხვაც უნდა შეგეძლოთ, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი ზედაპირზე არ დევს და აუცილებელად მოგიწევთ ჩაყვინთვა. მაშ ასე, მოთხრობები მათთვის, ვისაც ჩაყვინთვის არ ეშინია.

მაკა მიქელაძე. წეროს ჯვარი, თბ. "სიესტა", 2008.

მაკა მიქელაძე მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორია, მათ შორისაა "ფლეში," "ბარათი," "ნარჩენი მოვლენები." გარდა ამისა, ბესო ხვედელიძესთან ერთად დაწერა ექსპერიმენტული რომანი "იხვის ტოლმა," სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ექიმი-ფსიქიატრის სახე შექმნა. მაკა მიქელაძე პროფესიით ფსიქოლოგია და ეს ფაქტორი ძალიან ეხმარება პერსონაჟთა პორტრეტების ძერწვაში. მისი მოთხრობები ადამიანებისადმი თანაგრძნობითაა გამსჭვალული და შენც გაიძულებს თითოეული მათგანის ტკივილი და სიხარული გაზიარო. პროზაული კრებული "წეროს ჯვარი" ბოლო წლების პერიოდიკაში გამოქვეყნებული მოთხრობებით აიკინძა. რა ფერისაა საავადმყოფოს სევდიანი სინაზის სინათლე, რა ვნებები ამოძრავებს ახალგაზრდა მწერალ ქალს, როგორია მკვლელობა იტალიურად და რა ჯვარს ატარებს წერო, ამ კრებულიდან შეიტყობთ.

შარლ ბოდლერი, "სევდა და იდეალი", ფრანგულიდან თარგმნა, წინათქმა და კომენტარები დაურთო მერაბ მიქელაძემ, რედაქტორი ბერნარ უტიე, დიზაინი, მაია სუმბაძე. თბ. "GAMS პრინტი", 2008.

"პოეზია არის ის, რაც ყველაზე მეტად ნამდვილია - ჭეშმარიტება, რომელიც სამყაროს მიღმა დგას" - ასე ფიქრობდა შარლ ბოდლერი და მთელი ცხოვრება ამ ჭეშმარიტების ძიებას შესწირა. მართალია, თანამედროვეებმა ვერ დააფასეს მისი ნოვატორული, მძაფრი შეგრძნებებით გაჯერებული და ექსპერსიული პოეზია, თუმცა, გენიოსების ხვედრი, როგორც ამბობენ, ასეთია. 1861 წელს პარიზის ოპერის თეატრში ხომ ვაგნერსაც დაუსტვინეს. თუმცა, ყველას თავისი ბედისწერა აქვს. ვაგნერს უსტვენდნენ, ბოდლერს კი ასამართლებდნენ. "მეამბოხე" პოეტის ქმნილებები ორჯერ წარდგა ძლიერთა ამა ქვეყნისათა სამსჯავროზე: 1857 წელს გამოიცა "ბოროტების ყვავილები." წიგნს მორალურ და რელიგიურ უპატივცემულობაში დასდეს ბრალი და ავტორს სოლიდური ფულადი ჯარიმა დააკისრეს. 1868-ში კი ლილის სასამართლომ "ბოროტების ყვავილების" ბოლო ქვეთავის სრულად განადგურება მოითხოვა. დევნის, ცენზურისა და მძიმე ცხოვრების მიუხედავად, ბოდლერს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მის ქმნილებებს აუცილებლად დააფასებდნენ. ამის დასტურია წინამდებარე გამოცემაც, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ, ორიგინალების თანხლებით გადაიკითხოს ფრანგული პოეზიის მეფის ქმნილებები.

რეიმონ კენო, "ქალი არ უნდა გაანებივრო", ფრანგულიდან თარგმნა მაია ქაცანაშვილმა. თბ. "ააფ-მენეჯმენტი", 2008.

XX საუკუნის ფრანგი მწერლის, პოეტისა და ესეისტის, რაიმონ კენოს პირველი რომანი 1933 წელს გამოქვეყნდა, თუმცა, წარმატებული მხოლოდ 1942 წელს გამოცემული "ჩემი მეგობარი პიერო" აღმოჩნდა. ნამდვილი აღიარება მწერალს 1947-ში, "სტილისტური სავარჯიშოები"-ს გამოსვლის შემდეგ ერგო. ეს იყო ენობრივი ვარიაციები ერთსა და იმავე თემაზე, რომელთა შექმნაც კენოს ბახის ნაწარმოებებმა შთააგონა. ლიტერატურის გარდა, კენო სერიოზულად იყო გატაცებული მათემატიკით და თავის შემოქმედებაში მოახერხა კიდეც ამ ორი საპირისპირო პოლუსის შერწყმა. ლექსების კრებული "ასი ათასი მილიარდი ლექსი" მკითხველს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სონეტის სასურველი კომბინაციით უთვალავი ახალი ლექსი შექმნას. რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო" - 1947 წელს დაიწერა მიშელ პრეისა და სალი მარას ფსევდონიმით. მისი სახელწოდება, ცოტა არ იყოს, პროვოკაციულია და შესაძლოა, ქალთა უფლებების დამცველთა რისხვაც დაიმსახუროს, სინამდვილეში, ეს არის ერთი ამბოხის ისტორია, შეზავებული ეროტიკითა და შავი იუმორით.

პოლ ოსტერი, "ნიუ-იორკული ტრილოგია", ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2008.

თანამედროვე ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი იმ მცირერიცხოვან ავტორთა შორისაა, რომელთაც ერთნაირად სწყალობენ მკითხველებიც და კრიტიკოსებიც, მის წიგნებს კი მაღაზიის თაროებიდან იპარავენ.
ბრუკლინში, ოსტერის სახლთან, ხშირად იკრიბებიან მასთან შეხვედრის მსურველები, რადგან დიდი ალბათობაა, ფეხით მოსეირნე მწერალს გადაეყარონ. საინტერესოა ისიც, რომ ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში ცნობილი ამერიკელი მწერალი საბეჭდი მანქანის ერთგული რჩება. "ნიუ-იორკული ტრილოგია" ოსტერის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომელიც ოცი წლის წინათ დაიწერა (რომანები 1985, 1986 და 1987 წლებში გამოიცა) და ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია ლიტერატურულ სამყაროში. რა არ უწოდეს მას: "რომანი-ექსპერიმენტი", "რომანი თავსატეხი", "პოსტმოდერნისტული დეტექტივი"... ავტორი მკითხველს სიუჟეტის თანამონაწილედ ხდის და უსასრულო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. XX საუკუნის 80-იანი წლებისთვის ეს საინტერესო სიახლე იყო. ტრილოგიის სამი ნაწილი - "შუშის ქალაქი," "აჩრდილები" და "დაკეტილი ოთახი", ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი რომანებია, მაგრამ სიუჟეტური პარალელები, განმეორებადი ლიტერატურული სახეები და სიგიჟის ზღვარზე მყოფი პერსონაჟები მეტაფიზიკურ სამყაროს ქმნის, რომლის ცენტრიც ნიუ-იორკია.

ირმა რატიანი "ჟანრის თეორია", თბ. “ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2009.

რა არის ლიტერატურული ჟანრი? რის საფუძველზე შეიძლება მისი დეფინიცია? როგორია ჟანრის მიმართება არსებულ კულტურულ გარემოსთან? ამ და ბევრ სხვა კითხვებზე პასუხს ირმა რატიანის სამეცნიერო ნაშრომში იხილავთ, რომელიც პირველ რიგში, ლიტერატურის თეორეტიკოსებს დააინტერესებს. ჟანრთა კლასიფიკაციაზე დავა ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იწყება და დღემდე გრძელდება. ავტორის მიზანია იმ ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციების გამოკვეთა, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჟანრის, როგორც ლიტერატურული ფენომენის განსაზღვრებისა და ინტერპრეტაციის საქმეში. ნაშრომში მიმოხილულია ჟანრის თეორიის სხვადასხვა მოდელი, მათ შორის, ანტიკური, რენესანსული, ნეოკლასიკური, რომანტიზმის ეპოქის, პოსტრომანტიკული და თანამედროვე. ჟანრის თეორიის წარმოშობის და განვითარების გარდა, ნაშრომი ამკვიდრებს ფართო და აქტუალურ ტერმინოლოგიურ აპარატსაც.

რეზო ესაძე "კინორეჟისურის შესახებ".

ამ წიგნს თავფურცელს კი აწერია, სახელმძღვანელოაო, მაგრამ, ვეჭვობ, რეზო ესაძის ნააზრევი სახელმძღვანელოს კლასიკურ ჩარჩოებში ჯდებოდეს. ეს უფრო გასეირნებაა რთულ და საინტერესო სამყაროში, რომელსაც კინემატოგრაფი ჰქვია. აკი თავადაც წერს, დიდხანს ვიფიქრე და დავასკვენი, რომ კინოსახელმძღვანელოს დაწერა მართლაც შეუძლებელი ყოფილაო. ამიტომ ადგა და ნაფიქრალი ქაღალდზე გადაიტანა. "მაპატიე, რომ გთავაზობ ფიქრებს კინოს შესახებ, მასში თავის დაკარგვისა და პოვნის ვნებააშლილი სურვილით," - უბოდიშებს ავტორი მკითხველს შესავალში, თუმცა, საბოდიშო ნამდვილად არაფერი აქვს. ეს საინტერესო გამოცემა დამწყებ რეჟისორთათვის ალბათ სამაგიდო წიგნად იქცევა. კინემატოგრაფი საგნებისა და სივრცეების ხელოვნებაა, ხელოვნებაში კი, როგორც რეზო ესაძე წერს, "არ არსებობს ცუდი და კარგი საგანი. ცუდი და კარგი სიტყვა. არსებობს ცუდი და კარგი მთქმელი. ცუდი და კარგი გამკეთებელი. თქვენი ვალია: საგანს, სიტყვას თავისი ადგილი მოუნახოთ, ისევე, როგორც თავის ნაწარმოებში ამას აკეთებს კარგი მწერალი, პოეტი, მხატვარი და ა.შ." წიგნში დეტალურად არის განხილული კინემატოგრაფის, კამერასთან მუშაობის, კინოენის, კინოჟანრების, მონტაჟის, სცენარზე მუშაობის ძირითადი მიმართულებები და უამრავი სხვა საინტერესო დეტალი, რომლის ცოდნაც ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის წყალივით აუცილებელია.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“