Friday, December 26, 2008

ახალი ამბები (დეკემბერი, 2008)





















ჯონ აპდაიკი - ეროტიკული სცენების ყველაზე ცუდი ავტორი


ბრიტანულმა ჟურნალმა The Literary Review-მ ამერიკელი მწერალი, ჯონ აპდაიკი მხატვრულ ლიტერატურაში ეროტიკული სცენების ყველაზე ცუდი აღწერისათვის სიმბოლური პრემიით დააჯილდოვა. პრემია 1993 წელს ჟურნალის ყოფილმა რედაქტორმა, ობერონ ვომ დააარსა, მის მფლობელს ჯილდოდ თაბაშირის აბსტრაქტული ობიექტი გადაცემა - სექსის სიმბოლურ-მატრიალური გამოხატულება. აპდაიკი აქამდე ოთხჯერ იყო ნომინირებული პრემიაზე, 2008 წელს ფინალისტთა სიაშიც მოხვდა, მაგრამ საბოლოოდ კლიშეებისა და ევფემიზმების შეჯიბრში მას რეიჩელ ჯონსონმა აჯობა. ჯონსონმა სიამოვნებით მიიღო პრიზი და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ პრემიის ლაურეატობა, მით უმეტეს, ისეთი ავტორების გვერდით, როგორებიც ნორმან მეილერი, სებასტიან ფოლკსი და ტუმ ვულფი არიან. ჯონ აპდაიკი კი, როგორც ჩანს, იმდენად გაანაწყენა ჯილდომ, რომ წინა ლაურეატების ავტორიტეტულობამაც ვერ მოხიბლა და დაჯილდოების ცერემონიალზე არც კი გამოცხადდა.

ოსკარ უაილდის ხელნაწერები მორგანის ბიბლიოთეკაში

ნიუ-იორკის მორგანის ბიბლიოთეკას ოსკარ უალდის ცხრა სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერი და ოთხი პირადი წერილი შეემატა. ხელნაწერები ბიბლიოთეკის დირექციას ბრაზილიელმა ლუისია მორეირა სალასმა გადასცა, რომელსაც, თავისმხრივ, კოლექციონერი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შემორჩა ეს ექსპონატები. უაილდის ხელნაწერებისა და წერილების აღნიშნული კოლექცია 50 წლის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. მათს შორისაა ლორდ ალფრედ დუგლასისადმი მიწერილი ტექსტი - უაილდის წერილების დიდი ნაწილი კი ლორდის მიმართ თავად დუგლასმა გაანადგურა. სწორედ დუგლასის მამის, მარკიზ ქუინსბერგის წყალობით გაატარა ჰომოსექსუალიზმში ბრალდებულმა მწერალმა საპყრობილეში ორი წელი. ხელნაწერების კოლექციას, რომელიც 50 გვერდზე მეტს მოიცავს, მორგანის ბიბლიოთეკა ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომს 2009 წლის აპრილში გახდის.

კუტზეე და მურაკამი Australia-Asia Literary Award-ის გარეშე დარჩნენ

პირველი ავსტრალიურ-აზიური ლიტერატურული პრემიის (Australia-Asia Literary Award) მფლობელი ავსტრალიელი მწერალი, დევიდ მალუფი, გახდა. მალუფის მოთხრობების კრებულმა ("The Complete Stories") პრემიის გარეშე დატოვა ისეთი კონკურენტები, როგორებიც არიან ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ მაქსველ კუტზეე და იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი. დაჯლდოების ცერემონიალზე ავსტრალიის მერმა, ჯონ დეიმ, განაცხადა, რომ მგავსი პრემიები ადგილობრივი მწერლების მსოფლიო პოპულარობას დიდად შეუწყობს ხელს. ავსტრალიურ-აზიური ლიტერატურული პრემია 2008 წელს დააარსა დასავლეთ ავსტრალიის შტატის მმართველობამ და იგი გადაეცემა ავტორებს, რომლებიც ავსტრალიასა ან აზიაში ცხოვრობენ. ასევე მწერლებს, რომელთა წიგნებშიც მოქმედბა ამ რეგიონებში ხდება. საპრიზო ფონდი 68 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.


მარკ ტვენი ისევ იბეჭდება

მარკ ტვენის ესე “საფლავის უპირატესობანი” მისი შექმნიდან ასი წლის შემდეგ ჟურნალ The New Yorker-ში პირველად გამოქვეყნდება. მცირე მოცულობის სატირა იმის შესახებ, თუ როგორ დადებითად მოქმედებს თვითგამოხატვის თავისუფლებაზე სიკვდილი, 1905 წელსაა დაწერილი, თუმცა კი მწერლის სიცოცხლეში მისი დაბეჭდვა არავინ აიღო საკუთარ თავზე. The New Yorker-ის რედაქციამ სტატია მარკ ტვენის არქივში აღმოაჩინა, რომელიც კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში ინახებოდა. პუბლიკაცია ჟურნალის დეკემბრის ნომერში დაიბეჭდება. “ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანია მზად იმისთვის, რომ სრული სიმართლე ილაპარაკოს საკუთარ თავზე, აი სიკვდილის შემდეგ გულახდილობისგან მიღებული სიამოვნების განცდის სურვილი კი საკმაოდ ბევრს აქვს”, - წერს მარკ ტვენი. ასევე მწერალი საუბრობს ადამიანებს შორის გამეფებულ სინდრომზე - მეტი პატივისცემა და სიყვარული გამოავლინონ გარდაცვლილი შემოქმედის მიმართ, ვიდრე - მისავე სიცოცხლეში.


















ნობელის პრემიის ლაუ
რეატი ციფრულ ტექნოლოგიებს არ აღიარებს

2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის დარგში, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიომ, ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვაში წიგნების კითხვის ჩვევასა და განათლების გავრცელების მსოფლიო პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ყველანაირი ძალებისა და რესურსების კონცენტრირება თარგმანებზე, რომლებიც მცირე ერების ენაზე უნდა შესრულდეს და ბიბლიოთეკებიც ახალი წიგნებით მომარაგდეს. მწერალი ასევე შეეხო ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისგან მოსალოდნელ კულტურულ საფრთხეს, და აღნიშნა, რომ საზოგადოების ყოველი ფენის უზრუნველყოფა თხევადკრისტალური პლასტიკური მონიტორით - ეს უტოპიაა. ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და მასზე დამყარებული იმედებით მხოლოდ ახალი ტიპის ელიტას შევქმნით, სოციალურ ჯგუფს, რომლის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანიც მხოლოდ ის იქნება, რომ მას ხელი მიუწვდება ახალი დროის სხვადასხვა ფუფუნებაზე. ლე კლეზიომ თავისი სიტყვა ინდოელ მეზღაპრე ქალს, სახელად ელვირას, მიუძღვნა, რომელიც მწერალმა ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში გაიცნო.

ბერნსის 250 წლის იუბილე აუქციონით აღინიშნება

შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბერნსის წერილები მისი მეგობრის, ადვოკატ ეინსლისადმი 2009 წლის იანვარში აუქციონზე გაიყიდება. წერილებს შორის ასევე ნაპოვნია ბერნსის ორი ადრეული ლექსი. ხელნაწერი ტექსტების 25 გვერდი, რომლებსაც ბერნსი 1787-1789 წლებში სწერდა მეგობარს, ერთ-ერთმა ბრიტანელმა სახლის სხვენში ათი წლის წინ აღმოაჩინა, მაგრამ გადაწყვიტა, მათი გატანა აუქციონზე პოეტის 250 წლის იუბილემდე გადაედო - რობერტ ბერნსის იუბილე კი სწორედ 2009 წლის იანვარში აღინიშნება. ბერნსის შემოქმედების მკვლევარები მაინცდამაინც სასიხარულოდ არ თვლიან იმ ფაქტს, რომ აუქციონი პოეტის დაბადების თარიღს ემთხვევა - მათი აზრით, წერილების ავტორსა და მათს ადრესატს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, რაც გავლენას მოახდენდა წერილების შინაარსზეც, უმჯობესი იყო, ხელნაწერების განხილვა და მათს ირგვლივ მსჯელობა სხვა დროისთვის გადაედოთ.

სილვია პლათი თეატრის სცენაზე

ამერიკელი მწერლის, სილვია პლათის ერთადერთი პიესა “სამი ქალი” თეატრის სცენაზე პირველად დაიდგმება. პიესა პლათმა 1962 წელს რადიო-დადგმისთვის დაწერა, ტექსტში წინა პლანზე ქალის, როგორც დედის, პრობლემებია გამოტანილია, რაც სწორედ მისი იმდროინდელი პირადი ცხოვრების გამოძახილია. “სამი ქალის” დადგმასთან დაკავშირებით საავტორო უფლებებზე მოლაპარაკებები უკვე ორი წელია მიმდინარეობს მწერლის გამომცემელსა და რეჟისორ რობერტ შოუს შორის. პრემიერა კი 2009 წლის 5 იანვარს, ლონდონის Jermyn Street Theatre-ში შედგება.
























ხუან მარსე - სერვანტესის სახლობის პრემიის ლაურეატი


ესპანელი მწერალი ხუან მარსე სერვანტესის სახელობის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა. პრემია ესპანურენოვან ლიტერატურულ სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს წარმოადგენს, დაჯილდოების ცერემონიალი კი 23 აპრილს, სერვანტესის დაბადების დღეს, იმართება. მარსეს გარდა სერვანტესის პრემიაზე ნომინირებულნი იყვნენ ანა მარია მატუტე, ხავიერ მარიასი, ფრანსისკო ნიევა, ხოსე მარია კაბალერო ბონალდი და მარიო ბენედიტი. ხუან მარსემ განაცხადა, რომ ლიტერატურულ ჯილდოებს, როგორც წესი, არაფერი საერთო არ გააჩნიათ თავად ლიტერატურასთან, თუმცა კი იგი ძალიან გაახარა ამ წარმატებამ და ფულად ჯილდოსაც, 125 ათას ევროს, ღვინოსა და ქალებში დახარჯავს. მწერალი 1933 წელს ბარსელონაში დაიბადა და დღემდე იგი არაერთი რომანის ავტორია.

ჯეკ კერუაკი ქაღალდის გრაგნილზე

ბირმინგემში, ბარბერის სამხატვრო ინსტიტუტში, ჯეკ კერუაკის რომანის “On the Road”-ის ავტორისეული ბეჭდური ვერსია გამოფენაზე გაიტანეს. ტექსტი 3,6 მეტრი სიგრძის ქაღალდის რვა გრაგნილზეა დაბეჭდილი და ამ სამუშაოს შესასულებლად მწერლი სამი კვირის განმავლობაში მუშაობდა საბეჭდ მანქანასთან. გრაგნილები ერთმანეთთან შეერთებულია და ტექსტი ერთ მთლიანობას წარმოადგენს. ფართო აუდიტორიისათვის დასათვალიერებლად საგამოფენო ექსპონატის მხოლოდ ექვსი მეტრია ნებადართული. რომანის გამოქვეყნებულ ვერსიაში ტექსტი თავებადაა დაყოფილი - ბეჭდური ვარიანტისგან განსხვავებით, რაც იმით აიხსნება, რომ კერუაკს სურდა, წერისას ცნობიერების ნაკადის ტექნიკისათვის მიემართა. გამოფენის კურატორი, დიკ ელისი, აღნიშნავს, რომ მწერალი საბეჭდ მანქანას როგორც ჯაზ-ინსტრუმენტს იყენებდა. იგი ძალიან სწრაფად ბეჭდავდა, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ მისი მოგზაურობა და გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე საკმაოდ სწრაფად ხდებოდა. გრაგნილი 2001 წელს საფეხბურთო გუნდის, Indianapolis Colts-ის მფლობელმა, ჯეიმს აირესმა იყიდა 2,4 მილიონ დოლარად და მხოლოდ ახლა განაცხადა თანხმობა ფართო აუდიტორიის წინაშე მის წარდგენაზე. გამოფენა ბარბერის სამხატვრო ინსტიტუტში 2009 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.


© “ცხელი შოკოლადი”

No comments: