Wednesday, December 24, 2008
ემილ მიშელ ჩორანი
მირჩა ელიადე
თარგმნა თამარ ლომიძემ
ელიადე გავიცანი ბუქარესტში 1932 წელს, ფილოსოფიის კურსის დამთავრების შემდეგ. ის კერპი გახლდათ ახალი თაობისა - მაშინ ამ მაგიურ ფორმულას ამაყად ვიმეორებდით. აბუჩად ვიგდებდით "ბებრუცუნებს", "რამოლის" - ერთი სიტყვით, იმათ, ვინც ოცდაათ წელს იყო გადაცილებული. ჩვენმა სულიერმა მოძღვარმა მათ წინააღმდეგ ნამდვილი საომარი კამპანია წამოიწყო, ერთიმეორის მიყოლებით ანადგურებდა და მიზანს თითქმის არასოდეს აცდენდა. "თითქმის"-მეთქი, ვამბობ, რადგან ის ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა. მხედველობაში მაქვს მისი გამოხდომები დიდი პოეტის - არგეზის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის დანაშაული კი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ის აღიარებული, ოფიციალური მგოსანი იყო. თაობათა შორის გაჩაღებული ბრძოლა სხვადასხვაგვარი კონფლიქტების წვდომისა და განმარტების საერთო პრინციპად გვესახებოდა. ახალგაზრდობის ასაკს ავტომატურად გენიალურობის ასაკად მივიჩნევდით. ალბათ იტყვით, რომ ამგვარი თავდაჯერება ჭაბუკებს ყოველთვის სჩვეოდათ. რა თქმა უნდა, მაგრამ არა მგონია, ვისმე ჩვენსავით შორს შეეტოპა. ეს იყო ისტორიის დამორჩილებისადმი მიმართული ნების უკიდურესი გამოხატულება, ისტორიაში შესვლისადმი, ნებისმიერი ძალისხმევის ფასად სიახლის გამოგონებისადმი ლტოლვა. სიშმაგე ნორმას წარმოადგენდა და ის ხორცშესხმული იყო პერსონაჟში, რომელიც ახლახან დაბრუნდა ინდოეთიდან, ე.ი. სწორედ იმ ქვეყნიდან, რომელიც ყოველთვის უგულებელყოფდა ისტორიას, ქრონოლოგიას, საერთოდ, ნებისმიერ მოძრაობა-განვითარებას. ამ პარადოქსს ხაზგასმით არ აღვნიშნავდი, მაგრამ ის ააშკარავებს ელიადეს ხასიათის სიღრმისეულ დუალიზმს; მასში ურთიერთს უთავსდებიან არსი და მოვლენა, ზედროულობა და ყოფა, მისტიციზმი და სიტყვაკაზმული ლიტერატურა. გამონაკლისის სახით, ამგვარმა დუალიზმმა არ გამოიწვია პიროვნების გახლეჩა: საბედნიეროდ, ელიადეს ეხერხება (ერთდროულად ან მონაცვლეობით) ურთიერთგანსხვავებულ სულიერ დონეებზე ცხოვრება: ექსტაზის ტექნიკის დაუფლებისას ის ანეკდოტსაც არ თაკილობს.
ჩვენი ნაცნობობის დასაწყისში მაკვირვებდა, როგორ შეეძლო მას, ჩასწვდომოდა სანკჰიას (რომლის შესახებ მაშინ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა) და, იმავდროულად, აღტაცებულიყო მოდური რომანით. იმ დროიდან მოყოლებული, ეს უჩვეულო, ყოვლისმომცველი, წრეგადასული ცნობისმოყვარეობა ნიადაგ მხიბლავდა; ამასთან, ელიადეს სულაც არ ახასიათებს ბნელი, ავადმყოფური დაჟინება მანიაკისა, რომელიც ცოდნის ერთი კუნჭულით იფარგლება, ხოლო სხვა ყველაფერს ფრივოლურობად და ზედმეტ გონებრივ ტვირთად მიიჩნევს. მის ერთადერთ მანიას, რომელიც ამასთან, ასაკთან ერთად, შესუსტდა, წარმოადგენს ერთნაირად ხარბი ინტერესი ცოდნის განსხვავებული სფეროების მიმართ; ეს კი იმათი ნიშან-თვისებაა, ვინც ეწაფება სხვადასხვა საგანს მხოლოდ შემეცნებისადმი დაუოკებელი წყურვილის კარნახით. იმ დროს ელიადე ეთაყვანებოდა იოგას. რუმინელი ისტორიკოსი, არაორდინარული, მიმზიდველ-მომნუსხველი პიროვნება ნიკოლაე იორგა ავტორია დაახლოებით ათასი ნაშრომისა, რომელთა ერთი ნაწილი უაღრესად შთამბეჭდავია, მაგრამ ძირითადად - სიტყვამრავალი, ულაზათო და ბუნდოვანი. იმ ქაოსში მხოლოდ იშვიათად თუ გამოკრთება სინათლის სხივები. ელიადე აღტაცებული იყო იორგათი, ისევე, როგორც აღგვაფრთოვანებს ხოლმე ბუნება - ტყე, ზღვა, ნახნავი მიწა, ერთი სიტყვით, ბარაქა, სიჭარბე, ყოველივე ის, რაც აღმოცენდება, იზრდება, ნაყოფს ისხამს და ამკვიდრებს საკუთარ თავს. ელიადეს არასოდეს უღალატია სასიცოცხლო ძალისა და ნაყოფიერების კულტისთვის - განსაკუთრებით, ლიტერატურაში. შეიძლება, ვაზვიადებ, მაგრამ, ჩემი აზრით, ქვეცნობიერად ის წიგნებს ღმერთებზე მაღლა აყენებს და მეტი ხალისით სცემს თაყვანს. მე, ყოველ შემთხვევაში, არ შემხვედრია წიგნებით მასზე მეტად მოჯადოებული ადამიანი. ვერასოდეს დავივიწყებ, როგორი თრთოლითა და სინაზით ეფერებოდა ის წიგნების ყდებსა და გარეკანს, რა სიყვარულით ფურცლავდა მათ პარიზში ჩამოსვლისას (მეორე მსოფიო ომის შემდეგ). წიგნების მაღაზიებში ელიადე კერპთაყვანისმცემელივით ძრწოდა და თითქოს წმინდა რიტუალს ასრულებდა. ამგვარი ენთუზიაზმი გულისხმობს სულიერი ძალების მნიშვნელოვან მარაგს, რის გარეშეც შეუძლებელია სიუხვის, სიმდიდრის, ხელგაშლილობის, ანუ იმ თვისებების შეფასება, რომელთა მეშვეობითაც სული ბაძავს ბუნებას და აჭარბებს კიდეც მას. არასოდეს მიტაცებდა ბალზაკი. სიმართლე რომ ვთქვა, მის ნაწარმოებებზე ჯერ კიდევ სიყრმისას ავიცრუე გული. გზა ვერ გავიკვლიე ბალზაკის სამყაროსკენ, რომელიც ჩემთვის დახშულია. რომ იცოდეთ, რამდენჯერ სცადა ელიადემ ჩემი მოქცევა! ის კითხულობდა "ადამიანურ კომედიას" ბუქარესტში; გადაიკითხა 1947 წელს პარიზში; გამორიცხული არაა, რომ ახლაც კითხულობს მას ჩიკაგოში. ელიადეს ყოველთვის მოსწონდა სისხლსავსე, ბობოქარი სიცოცხლით გაჯერებული რომანი, რომელიც მრავალ პლანში ვითარდება და წარმოქმნის "უსასრულო მელოდიას"; სადაც თვალსაჩინოდ შეიგრძნობა დროის მდინარება, გულმოდგინედაა მონიშნული დეტალები და ხორცშესხმულია რთული, მრავალფეროვანი თემები. ჩემი მეგობარი უფრთხოდა იმას, რასაც ლიტერატურაში ეგზერსისი ეწოდება - ანემიურსა და რაფინირებულ, ესთეტებისთვის ესოდენ სასიამოვნო თამაშებს, სიდამპლეშეპარულ, ოდნავ მყრალ ქმნილებებს, რომლებიც გაძარცულია ინსტინქტისა და ენერგიისგან. მაგრამ ბალზაკით მისი გატაცება სხვაგვარადაც შეიძლება აიხსნას. არსებობს აზროვნების ორი კატეგორია: პირველ მათგანს აინტერესებს პროცესი, მეორეს კი - შედეგი; პირველი აკვირდება აზრისა და მოქმედების თანმიმდევრულ გაშლა-განვითარებას, მათ ეტაპებსა და ეტაპობრივ გამოხატვას, ხოლო მეორე მიისწრაფვის უშუალოდ ფინალისკენ, რეზიუმესკენ, იმგვარად, რომ არ ითვალისწინებს ლოგიკურ შუალედებს. ჩემი ტემპერამენტის ზეგავლენით ყოველთვის მიზიდავდა აზროვნების მეორე ტიპი. შესაბამისად, მიტაცებდნენ შამფორი, ჟუბერი, ლიხტენბერგი - ისინი, ვინც გვაწვდიან ფორმულებს, მაგრამ არ ააშკარავებენ ამ ფორმულებისკენ მიმავალ მარშრუტებს. მოკრძალებულობის თუ უუნარობის გამო ეს ადამიანები ბრმად ხელმძღვანელობენ ლაკონიურობის პრინციპით; მათ სურთ, სათქმელი ქაღალდის ერთ გვერდზე, ერთი ფრაზის ან ერთი სიტყვის მეშვეობით გამოხატონ. დროდადრო ეს ხერხდება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ - ძალზე იშვიათად. ზოგჯერ უმჯობესია ლაკონიზმისგან თავის შეკავება და გაჩუმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს იჩენს მოჩვენებითი იდუმალებით აღსავსე მრავალმნიშვნელოვნება. და თუ ადამიანს მოსწონს გამოხატვის ამგვარი, უკიდურესად პურიტანული და, შეიძლება ითქვას, უგერგილო ფორმა, მისგან გადაჩვევა და სხვა ფორმის გათავისება ძალზე ძნელი საქმეა. ის, ვისაც ჩვევად ექცა ორაკულებისადმი მიმართვა, ვერ ჩასწვდება ბალზაკს. სამაგიეროდ, მას შეუძლია განსაზღვროს, რატომაა სხვა ადამიანისთვის ძვირფასი მწერლის სამყაროში ასახული ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები, თვალსაწიერის სიფართოვე, თავისუფლება, რისაც არაფერი გაეგებათ მაქსიმების - იმ მცირე ჟანრის მოყვარულთ, რომელშიც სრულყოფილებას ასფიქსია ახლავს.
მოვლენათა ფართო სინთეზისადმი მტკიცე ერთგულების მიუხედავად, ელიადემ მაინც შეძლო, თავი გამოეჩინა ერთ პასაჟშიც, მოკლე და ელვისებური სისწრაფით დაწერილ ესეიში. ამას ადასტურებს მისი პირველი თხზულებები, მრავალრიცხოვანი მინიატურული ტექსტები, რომელთაც ის აქვეყნებდა ინდოეთში გამგზავრებამდეც და იქიდან ჩამოსვლის შემდეგაც. 1927 და 1928 წლებში ელიადე რეგულარულად თანამშრომლობდა ბუქარესტის ერთ ყოველკვირეულ გაზეთში. მაშინ პროვინციაში ვცხოვრობდი და გიმნაზიის ბოლო კლასებში ვსწავლობდი. გაზეთი ჩვენამდე დილის თერთმეტ საათზე აღწევდა და სკოლიდან ჯიხურში ვიპარებოდი ხოლმე მის მოსატანად. ამგვარად მომეცა შესაძლებლობა, გავცნობოდი აშვაგხოშის, კერეში ჩომ ბუონაიუტის, ეუხენიო დ'ორსისა და მრავალი სხვის მეტ-ნაკლებად გახმაურებულ სახელებს. უპირატესობას ვანიჭებდი უცხოელ ავტორებს. ჩემს პატარა ქალაქში არ მოიპოვებოდა მათი წიგნები, რომელთა მეშვეობითაც (ჩემი აზრით) შეიძლებოდა იდუმალებისა და ჭეშმარიტების სამყაროში შეღწევა, ხოლო ბედნიერება დაიყვანებოდა ოდესმე მათი წაკითხვის იმედზე. ამგვარად, იმედის გაცრუების შესაძლებლობას სამომავლოდ ვვარაუდობდი, მაშინ, როდესაც რუმინელი ავტორები ამ გრძნობას იმთავითვე აღმიძრავდნენ. საკვირველი ერუდიცია, გზნება და ცხოველმყოფელი ძალა იყო ჩაქსოვილი ამ პატარა სტატიებში, რომლებიც მხოლოდ ერთ დღეს ცოცხლობდნენ. მჯერა, რომ მათ ხიბლსა და ღირებულებას არ აზვიადებს მეხსიერების მრუდე სარკე. სტატიებს გიჟივით ვეწაფებოდი, მაგრამ ჩემს სიგიჟეს საღი გონება ხელმძღვანელობდა. ვაფასებდი, პირველ ყოვლისა, უნარს, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა ელიადეს ტექსტებში ვიბრირებდა და ცოცხლდებოდა თითქმის ისტერიული მიკერძოებით ხორცშესხმული ყოველი იდეა. ამასთან, ეს იყო პოზიტიური, მასტიმულირებელი, ჯანსაღი ისტერია. რა თქmა უნდა, ამგვარი უნარი ახასიათებს მარტოოდენ გარკვეულ ასაკს, მოგვიანებით კი ის იფერფლება, ხოლო თუ მაინც გაჰყვება მოწიფულ პიროვნებას, რელიგიათა ისტორიის კვლევისას მისი დემონსტრირება სრულიად უადგილოა.
ელიადეს ყველაზე ბრწყინვალე თხზულებაა "წერილები პროვინციელისადმი", რომელიც მან დაწერა ინდოეთიდან დაბრუნების შედგომ და ნაწილ-ნაწილ გამოაქვეყნა იმავე ყოველკვირეულ გაზეთში. ვფიქრობ, ელიადეს არც ერთი პუბლიკაცია არ გამომიტოვებია. თუმცა, მათ ყველანი ვკითხულობდით, რადგან ისინი სწორედ ჩვენ გვეხებოდა, ჩვენთვის იყო გამიზნული. ელიადე ხშირად გვკენწლავდა და თითოლეული ჩვენგანი ელოდებოდა თავის ჯერს. ერთხელ მისი მათრახი მეც მომხვდა. ელიადე მთავაზობდა, არც მეტი, არც ნაკლები, გავთავისუფლებულიყავი აკვიატებული იდეებისგან, აღარ დამებეჭდა პერიოდულ გამოცემებში მიღმური მსჯელობები და შემეწყვიტა გაუთავებელი ბჭობა ჩემს საყვარელ თემაზე - სიკვდილის პრობლემაზე. მაგრამ განა ეს მოთხოვნა გავითვალისწინე? სულაც არა! აზრადაც კი არ მომსვლია, სხვა პრობლემებით დავინტერესებულიყავი. სწორედ იმ დროს გამოქვეყნდა ჩემი ტექსტი, რომელიც ეხებოდა "ჩრდილოელ ხალხთა ხელოვნებაში ასახულ წარმოდგენებს სიკვდილის შესახებ" და მტკიცედ გადავწყვიტე, ამ კურსისთვის არ მეღალატა. გულის სიღრმეში ვსაყვედურობდი ჩემს მეგობარს, რომ ის თავდავიწყებით არც ერთ საქმიანობას არ ეძкეოდა; რომ სურდა, ყველაფერი ყოფილიყო და არ ძალუძდა, კონკრეტულად რაიმედ ქცეულიყო; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არ ხელეწიფებოდა ფანატიზმი, ბოდვა, "სიღრმე", ანუ - რომელიმე მანიით ერთიანად გატაცება, მასში ჩაძირვა. ვფიქრობდი, რომ რაიმედ ყოფნა ნიშნავს საკუთარ პოზიციაზე გახევებას, თვალის ცეცების, პირუეტების, განახლებისადმი მზაობის აღკვეთას. გონების ძირითად დანიშნულებად მიმაჩნდა საკუთარი სამყაროს, განკერძოებული აბსოლუტის შექმნა, სადაც, რადაც უნდა დამჯდომოდა, ჩავიკეტებოდი. ამაში ვგულისხმობდი, თუ გნებავთ, ანგაჟირებულობას, მაგრამ ისეთს, რომლის ერთადერთი მიზანი იქნებოდა შინაგანი სამყაროს შექმნა, მხოლოდ საკუთარი თავისადმი მსახურება. ელიადეს ბრალად ვდებდი "მოუხელთებლობას", ჭარბ ღიაობას, ზედმეტ დინამიურობას, იმას, რომ მასში დუღდა და გადმოდუღდა ენთუზიაზმი. სხვა ყველაფერთან ერთად, იმაშიც ვადანაშაულებდი, რომ თავისი საქმიანობა მთლიანად არ მიუძღვნა ინდოეთს. მეგონა, რომ ინდოეთი ყველაფერს მოიცავდა და ამ ქვეყნისადმი ინტერესის ნაკლებობა პიროვნების დეგრადაციის შესახებ მეტყველებდა. ჩემი ბრალდებები ჩამოვაყალიბე სტატიაში, რომელსაც აგრესიული სათაური ჰქონდა - "ადამიანი ბედის გარეშე". საყვარელ მოაზროვნეს მკაცრად გავუსწორდი, გავკიცხე არათანმიმდევრულობის გამო, რაც მას საშუალებას არ აძლევდა, თავისი მოღვაწეობა ერთი იდეისადმი მიემართა; შეძლებისდაგვარად, ყველანაირად ვამტყუნებდი, ყველაფერში უარყოფით მხარეებს ვეძებდი (უსამართლო და არალოიალური მიდგომის კლასიკური ნიმუში!), ბრალად ვდებდი იმასაც, რომ საკუთარ ალაგმულ ვნებებსა და მისწრაფებებს ის სურვილისამებრ განაგებდა, თავს არიდებდა ტრაგიზმს და უგულებელყოფდა "ფატალურობას". ამ ოსტატურად განხორციელებულ თავდასხმას მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა: მას იერიში მიჰქონდა ყველა ფრონტზე, ე.ი. ფაქტობრივად, შეეხებოდა ნებისმიერი ადამიანის ნაკლოვანებებს. ნეტავ, რატომაა, რომ თეორიული აზროვნებისადმი მიდრეკილ, გარკვეული პრობლემებით დაკავებულ ადამიანს ან გმირად მიიჩნევენ, ან კიდევ - მონსტრად? იდეა და ტრაგედია ღვიძლი ძმები როდი არიან, მაგრამ იმ დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ ყოველი იდეა ყვირილში უნდა გადაზრდილიყო. უყოყმანოდ მჯეროდა, რომ პირქუში ხედვა საღი აზროვნების მაჩვენებელია? ამიტომ ჩემს მეგობარს ვაკრიტიკებდი ზედმეტი ოპტიმიზმის, განურჩევლად ყველაფრით დაინტერესებისა და ძალების იმგვარი ფლანგვის გამო, რაც ვერ უთავსდება ჭეშმარიტი შემეცნების მოთხოვნებს. უნებისყოფობით გატანჯული, თავს, ელიადესთან შედარებით, გაცილებით ემანსიპირებულ პიროვნებად ვაღიარებდი, თითქოს ჩემი უნებისყოფობა სულიერი მონაპოვარი ან სიბრძნის შედეგი გახლდათ. ერთხელ ვუთხარი, რომ წინამორბედ ცხოვრებაში ის, უთუოდ, მხოლოდ ბალახით იკვებებოდა და სწორედ ამის წყალობით შეინარჩუნა ეგზომ ნედლი გრძნობები, მიმნდობლობა და გულუბრყვილობა. ვერ ვაპატიე, რომ მასზე უფროსად ვგრძნობდი თავს, რომ მას ვაკისრებდი პასუხისმგებლობას ჩემი მოჟამული ხასიათისა და ხელმოცარულობის გამო და მეჩვენებოდა, რომ თავისი იმედები ჩემი იმედების ხარჯზე მოიპოვა. როგორ შეძლო ელიადემ, წარმატებისთვის მიეღწია რამდენ ურთიერთგანსხვავებულ სფეროში? უშრეტი ცნობისმოყვარეობა, რომელსაც ეშმაკეული წარმომავლობის ვნებად ან, წმ.ავგუსტინეს მსგავსად, "უჟმურად" მივიჩნევდი, ჩემი ბრალდებების ძირითად საყრდენს წარმოადგენდა, თუმცა სინამდვილეში ეს ცნობისმოყვარეობა ღაღადებდა არა ავადმყოფობის, არამედ, პირიქით, ჯანმრთელობის შესახებ. შურით აღვსილი, მას სწორედ ამ ჯანმრთელობას ვდებდი ბრალად. მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში დელიკატური მოტივებიც მონაწილეობდა.
ალბათ, ვერ გავკადნიერდებოდი, დამეწერა "ადამიანი ბედის გარეშე", რომ არა ერთი საგანგებო გარემოება. ჩვენ გვყავდა საერთო მეგობარი ქალი, ძალზე ნიჭიერი მსახიობი, რომელიც, მისდა საუბედუროდ, გაიტაცა მეტაფიზიკურმა პრობლემებმა. ამ გატაცებამ იმსხვერპლა მისი კარიერაცა და ნიჭიც. უშუალოდ სცენაზე, ამა თუ იმ ტირადის ან დიალოგის წარმოთქმისას ქალს უეცრად "წამოუვლიდა" ხოლმე: გლობალური იდეებით შეპყრობილი მსახიობი ყოველგვარ ინტერესს ჰკარგავდა იმის მიმართ, რაც უნდა ეტიტინა მოქმედების მსვლელობის დროს. ეს მტკიცე ხასიათის მქონე პიროვნება თავის განცდებს არც მალავდა, რაც მის თამაშზე ზემოქმედებდა. ქალი დატოვეს თეატრში, მაგრამ მარტოოდენ უმნიშვნელო, არცთუ რთულ როლებს აძლევდნენ. მან ისარგებლა შემთხვევით და მთლიანად მიეცა თავის მიდრეკილებას მედიტაციისადმი, თან ეძებდა პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებშიც აქსოვდა მის მართლაც რომ მგზნებარე სულს. პასუხების მისაღებად ის ჯერ ელიადესთან მიდიოდა, შემდეგ კი, უკვე ოდნავ დამცხრალი, ჩემთან. ერთ მშვენიერ დღეს ელიადემ ვერ მოითმინა და ქალი სახლიდან გააგდო. გაწბილებული მსახიობი ჩემთან მოვარდა, რათა თავისი განცდები გაეზიარებინა. ამის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვნახულობდით; ყველაფრის თქმის საშუალებას ვაძლევდი და ვუსმენდი. რაც მართალია, მართალია, განსაცვიფრებელი პიროვნება გახლდათ, მაგრამ ისეთი მომთხოვნი, ისეთი აბეზარი და ამასთან, ისეთი ჯიუტი იყო, რომ ყოველი ჩვენი შეხვედრის შემდეგ, გაოგნებული და სრულიად გადაქანცული, პირველსავე დუქანში მივდიოდი და ვთვრებოდი. მიყრუებული სოფლიდან ჩამოსული ეს თვითნასწავლი გლეხი ქალი არაჩვეულებრივი აღმაფრენით, ბრწყინვალედ მსჯელობდა არყოფნის უფსკრულის შესახებ. ის დაეუფლა რამდენიმე უცხო ენას, გატაცებული იყო თეოსოფიით, კითხულობდა გამოჩენილ პოეტთა ქმნილებებს. მისი რამდენიმე თავგადასავალი მარცხით დამთავრდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განუცდია ისე მძაფრად, როგორც - უკანასკნელი. მსახიობის ღირსებების, ისევე, როგორც მისი ტრაგიკული განცდების უჩვეულო მასშტაბურობის გამო ჩვენი ნაცნობობის დასაწყისში ვერაფრით ვხსნიდი ელიადეს უტიფარ საქციელს. სამაგიეროს გადახდის მიზნით დავწერე "ადამიანის ბედის გარეშე". როდესაც ეს სტატია გაზეთის პირველ სვეტში გამოქვეყნდა, ქალი აღფრთოვანდა, ხმამაღლა წაიკითხა თხზულება ჩემი თანდასწრებით, თითქოს ის რომელიღაც პიესის საკვანძო მომენტი ყოფილიყო, და თითოეული პარაგრაფი განმარტა: "ამაზე უკეთესი არაფერი დაგიწერია", - მითხრა მან. ეს შეუსაბამო ქება, ფაქტობრივად, მას შეეხებოდა, რადგან თვითონ წამაქეზა საამისოდ და მასალაც მომაწოდა. მოგვიანებით ჩავწვდი ელიადეს დაღლისა და გაღიზიანების მიზეზს, აგრეთვე მის წინააღმდეგ ჩემი გამოხდომის შეუსაბამობას; აღსანიშნავია, რომ სტატიამ მას გული კი არ დასწყვიტა, არამედ - გაართო. ელიადეს ეს თვისება საგანგებოდ ხაზგასასმელია: საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ მწერლებს დიდხანს ახსოვთ და სტანჯავთ ხოლმე მათ წინააღმდეგ მარჯვედ გამიზნული შეურაცხყოფა.
იმავე პერიოდში ელიადე შეუდგა ლექციების კითხვას ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოლოგის ფაკულტეტზე. როდესაც კი შემეძლო, ყოველთვის ვესწრებოდი მათ. სულიერმა გზნებამ, რომლითაც მისი სტატიები უხვად იყო გაჯერებული, ამჯერადაც იჩინა თავი. ეს იყო სიცოცხლის ვიბრაციით ყველაზე მეტად გაჟღენთილი და ყველაზე შთაგონებული ლექციები, რაც კი ოდესმე მომესმინა. ყოველგვარი ჩანაწერების გარეშე, ლირიკული ერუდიციის გრიგალით ატაცებული ელიადე დარბაზში ისროდა ბობოქარ, მაგრამ ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებულ ფრაზებს და მათ ხელის მკვეთრ მოძრაობებს აყოლებდა. გადიოდა დაძაბული საათი, რომლის შემდეგ - მართლაც რომ საკვირველია, - მას დაღლილობის ნიშან-წყალიც კი არ ეტყობოდა. ელიადეს თითქოს შეეძლო დაღლილობის უსასრულოდ გადავადება. ყველაფერი ნეგატიური, ყოველივე ის, რაც იწვევს ფიზიკურსა და სულიერ თვითგანადგურებას, მისთვის უცხო იყო, და ახლაც ასეა. აქედან გამომდინარე, მას არ ახასიათებს უდრტვინველი მორჩილება, ლამენტაციები, თვითგანქიქება, რომლებიც გულისხმობს ჩიხს, მარაზმს, მომავლის არარსებობას. შეიძლება, ეს მსჯელობაც კადნიერი იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, ელიადეს, რომელიც გონებით მშვენივრად სწვდება ცოდვის არსს, ცოდვის გრძნობა არ გააჩნია, საამისოდ ის ძალზე ფიცხი, დინამიური, სულსწრაფია, ზედმეტად აღსავსეა სამომავლო გეგმებით და მიილტვის ახალი შესაძლებლობებისკენ. ცოდვის გრძნობა უჩნდება მხოლოდ იმას, ვინც უსასრულოდ ღეჭავს წარსულის საცოხნელს, ვინც სამუდამოდ გაეჩხირა ამ წარსულში და თავის დახსნა არ შეუძლია, ვინც თხზავს ცოდვებს ზნეობრივი წამებისადმი მიდრეკილების კარნახით და სიამოვნებს თითოეული იმ სამარცხვინო ან გამოუსწორებელი საქციელის გახსენება, რომელიც მან ჩაიდინა, ან კიდევ - აპირებდა ჩადენას. ყოველი ამგვარი პიროვნება შეშლილია. მხოლოდ მას არ ენანება დრო საიმისოდ, რათა ჩააღწიოს თვითგვემის უფსკრულში - დამკვიდრდეს იქ და ლაფში იგორაოს, - ის ხომ იმავე ყალიბშია გამომცხვარი, რომელშიც ჭეშმარიტი ქრისტიანის სული ყალიბდება, ქრისტიანისა, რომელიც გაწამებული არსებაა, შელახული სულით. მისი არაჯანსაღი სურვილია, შეჩვენებულ იქნას. საბოლოოდ ის იმარჯვებს ამ სურვილზე, მაგრამ ეს გამარჯვება (ე.წ. "რწმენის მოპოვება") სრული როდია. პასკალისა და კირკეგორის შემდეგ "ხსნას" ვეღარ წარმოვიდგენთ სხვადასხვაგვარი სახიჩრობებისა და შინაგანი დრამით ფარული ტკბობის გარეშე. ამჟამად, როდესაც მოდაში შემოვიდა "შეჩვენებულობის დაღი" - რა თქმა უნდა, ლიტერატურაში, - გვინდა, რომ მთელი სამყარო, შეჩვენებულივით, კაეშანმა მოიცვას. მაგრამ განა შესაძლებელია მეცნიერის შეჩვენება? ან რა მიზეზით უნდა მოხდეს ეს? ცნობილია რომ რაც უფრო ფართოა ცოდნა, მით უფრო ძნელია ჯოჯოხეთის წარმოდგენა: მისი წრეები ძალზე ვიწროვდება. ალბათ, ახლა ქრისტიანობის მარტოოდენ პირქუში ასპექტები თუ გაგვიღვიძებს გარკვეულ განცდებს; სწორედ მისი ბნელით მოცული სიღრმეების ჭვრეტა ავლენს ამ რელიგიის არსს. და თუ ჩვენი წარმოდგენები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ელიადე ნამდვილად განდგომილია ქრისტიანობისგან, როგორც მისი პროფესიის, ასევე - შეხედულებების ძალით. ხომ არაა ელიადე ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელი ახალი ალექსანდრიზმისა, რომელიც, მისი ძველი ნაირსახეობის მსგავსად, ათანაბრებს ყველა რელიგიას და უპირატესობას არ ანიჭებს არც ერთ მათგანს? რომელი რელიგია უნდა ამჯობინოთ, რომელი დაიცვათ და რომელ ღვთაებას უნდა მოუწოდოთ, თუ არ გსურთ მათი იერარქიულად დაწყობა? ძნელად წარმოსადგენია, როგორ ლოცულობს რელიგიათა ისტორიის სპეციალისტი. და თუ ის მართლაც ლოცულობს, ეს ნიშნავს, რომ მეცნიერი განუდგა თავის პროფესიას, დაუპირისპირდა საკუთარ თავს, ანადგურებს თავისსავე "ტრაქტატებს", სადაც არ ფიგურირებს არც ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა ღმერთი ტოლმნიშვნელოვანია. უმადური შრომაა სხვისი ღმერთების აღწერა. ნებისმიერი შესანიშნავი კომენტარი საქმეს ვერ უშველის - ღმერთებისგან მხოლოდ გამონაწური დარჩება, მათ გაცოცხლებას კი ვერავინ შეძლებს. ღმერთების ურთიერთშედარებისას ელიადე მხოლოდ შუბლით შეაჯახებს მათ ერთმანეთს, რაც საერთო ზარალს გამოიწვევს, არა ღმერთების, არამედ ანემიური სიმბოლოების, რომლებთანაც მორწმუნეს არაფერი ესაქმება - თუ ვიგულისხმებთ, რომ ერუდიციის, მიუკერძოებლობისა და ირონიის ეგზომ მაღალ დონეზე შეიძლება ფეხი მოიკიდოს ორთოდოქსულმა რწმენამ. ჩვენ ყველანი, ელიადეს მეთაურობით, - ყოფილი მორწმუნეები გახლავართ, ჩვენ ვართ მორწმუნეები რელიგიის გარეშე.
© “არილი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment