Tuesday, July 7, 2009

დათო ქარდავა - ვინ არის ვარსქენი?

ვინ არის ვარსქენი?

დათო ქარდავა


დეპრესიას საქსოვი ჩხირებით ვებრძოდი, ამერიკის საელჩოდან რომ დამირეკეს, ერთი წლით ოკეანსგაქმა უნდა გაგაგზავნოთო. ვიფიქრე, უკბილოდ მეხუმრნენ-მეთქი, მაგრამ არა, მოვტყუვდი: ორი კვირის თავზე ჩია, სათვალეებიანმა კონსულმა ჩემი პასპორტის მეთერთმეტე გვერდზე ისრებჩაბღუჯული არწივი დაასახლა და კიდევ ორი დღის შემდეგ, ლონდონის გავლით ვაშინგტონში, ვაშინგტონიდან კი "United Airlines"-ის ბოინგით ვისკონსინის მთავარ ქალაქში, მედისონში ამოვყავი თავი. ერთი სემესტრი ადგილობრივ უნივერსიტეტში ამერიკის ჟურნალისტიკის ისტორიას, ორატორულ ხელოვნებასა და პრესის თავისუფლების მსოფლიო კომიტეტის მოწონებულ პროგრამას ვიზუთხავდი, დანარჩენი დრო კი ჟურნალისტიკის პრაქტიკულ შესწავლას მოვანდომე: ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელში გავდიოდი სტაჟირებას, შემდეგ კი ISTHMUS-ი და MADISONS WEEKLY NEWSPAPER-ი მმასპინძლობდნენ. ვერ ვიტყვი, დრო უსაშველოდ გაიწელაო, მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი დამთავრდა და ჩემს მასპინძლებს უნდა დავემშვიდობო, ასე მგონია, რომ შარშან კი არა, კოლუმბამდე აღმოვაჩინე ამერიკა...
- თავს გაუფრთხილდით, - მეუბნება ენდრიუ და ხელს მართმევს. ჩემზე ათი თუ თორმეტი წლით უფროსი იქნება. მაღალია, ქერა და სპორტული. თავს ვერ დავდებ, გინდა თუ არა მხიარულიაო, მაგრამ თუ ვინმეს თვალსაწიერში მოხვდება, აუცილებლად გაუღიმებს, არადა როგორც თვითონ ამბობს, მძიმე სამუშაო აქვს და, წესით, პირქუში უნდა იყოს. ძირითადად ციხის ჯურღმულებზე, გამოუსწორებელ პატიმრებზე და პირქუშ ზედამხედველებზე უწევს წერა. თურმე წელიწადი ისე არ გავა, რომ საგრაფოში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ერთი ციხე მაინც არ გახსნან. ათიდან ცხრა პატიმარი ლოთი, ნარკომანი ან უბრალოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლია, რომლებმაც არც წერა იციან და არც - კითხვა. ენდრიუც თავის სტატიებში იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ განათლება დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა...
- თავს გაუფრთხილდით, - იმეორებს და, როგორც ყოველთვის, ახლაც მიღიმის. ცდილობს მხნედ გამოიყურებოდეს, მაგრამ თამაში კარგად არ გმოსდის. მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა ვთქვა: ჩვენ შორის რაღაც ხდება, უფრო სწორად რაღაც შეიძლება მოხდეს, თუკი გადავიფიქრებ და დავრჩები, მაგრამ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია: საქართველოში ვბრუნდები! ენდრიუ კი დაბნეულია, როგორ მოიქცეს, არ იცის. პოლიტკორექტულობისა და ბევრი სხვა სისულელის მძევალია, რის გამოც ვერ გადაუწყვეტია, გამომშვიდობებისას მაკოცოს თუ - არა. ასე რომ, პირველი ნაბიჯი მე უნდა გადავდგა: ან ხელი უნდა წავართვა, ანდა გადავეხვიო... ჰო, უნდა გადავეხვიო, ასე აჯობებს, თუმცა არც მე ვარ ბოლომდე დარწმუნებული, სწორად ვიქცევი თუ არა. ამ ყოყმანში უხეირო მოძრაობას ვაკეთებ, რითაც კიდევ უფრო მეტად ვაბნევ საბრალო ენდრიუს და შედეგად შუბლებით ვეჯახებით ერთმანეთს...
- Attention! - თეატრალური პათეტიკით ამბობს კიდევ ერთი მასპინძელი, მისტერ მალკოლმი, რომლის ხავსით დაფარულ ორსართულიან, ქვის სახლში მთელი ერთი წელიწადი ვიცხოვრე და, რომელსაც, მეუღლესთან, მისის მერისთან ერთად დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე კეთილი გულები აქვთ, – Objects in this mirror may be closer than they appear!
ვიცინით. ენდრიუ ამბობს, რომ ბაიკერის ჩაფხუტით უნდა მოვსულიყავიო და მისტერ მალკოლმს ზურგზე უტყაპუნებს ხელს. მისტერ მალკოლმს კი ცოლის მარჯვენა ჩაუბღუჯავს და გულიანად იცინის. ალბათ, ასეთებად დამამახსოვრდებიან ეს მხიარული და სიცოცხლით სავსე მოხუცები, რომლებიც აგერ უკვე მეშვიდე თუ მერვე წელია უსასყიდლოდ თანამშრომლობენ სახელმწიფო დეპარტამენტთან და ყოველ წელს რამდენიმე თვით ჩემნაირ ვიზიტორებს მასპინძლობენ დემოკრატიის დაკლაკნილ გზაზე შემდგარი ქვეყნებიდან.
არ დაგვივიწყოო, მეუბნება მისტერ მალკოლმი და მკერდზე პიგმენტური ლაქებით დაფარულ მტევანს იდებს, აქაო და გული არ მოგვიკლაო. რას ამბობთ-მეთქი, შევიცხადე და ბარათი ვაჩვენე, რომელიც წინა დღით მომცა და, რომელზეც ჩემი მასპინძლების ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერია მითითებული.
მისტერ მალკოლმი ავიაინჟინერი და მოყვარული მფრინავია. წლების წინ ფლორიდაში მუშაობდა, კოსმოსში გასაშვებად შატლებს ამზადებდა. ახლა ის პენსიაშია და დარჩენილ წლებს ავიამოყვარულთა კლუბში, უფრო სწორად კი კლუბის კუთვნილ თვითმფრინავში, როგორც თვითონ ამიხსნა, პენტაგონის მიერ ჩამოწერილ შოტლანდიური წარმოების „jetstream“-ში ატარებს. კვირაში ერთხელ, პარასკევობით დაფრინავს და ამით ძალიან კმაყოფილია. წამოსვლის წინ მეც გადამეკიდა, გინდა თუ არა ფრენა უნდა გასწავლო, ველოსიპედის მართვაზე უფრო იოლიაო. ვერ დამიყოლია, მედგარი წინააღმდეგობა გავუწიე. სულ ბოლოს დაიჩემა, მაშინ ჯორჯიაში უნდა ჩამოვიდე და იქაური ცის დაპყრობაში უნდა დამეხმაროო...
მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი, რომ დიდი სიხარულით ვუმასპინძლებდი მას და მისის მერის საქართველოში, რომ მათ განკარგულებაში იქნებოდა საქართველოს მატერიალური და სულიერი კულტურის ყველა ძეგლი, ბუნების ყველა საოცრება - მთების, ტყეებისა თუ ადამიანების ჩათვლით, მაგრამ ცის დაპყრობის იმედი, ტექნიკური საშუალებების სიმწირის გამო, არ უნდა ჰქონოდა... რატომო, მკითხა გულწრფელად გაოცებულმა.
რა უნდა მეთქვა? ნაღდი ამერიკელი პენსიონერია. 24 საათი ტელევიზორი აქვს ჩართული და რასაც ლაპარაკობენ, ყველაფრის სჯერა. ამას წინათ, CNN - ის სტუდიაში ქართველი პოლიტიკოსი ჰყავდათ მიწვეული. თქვა, რომ ქვეყანა გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება და რომ უკვე დავეწიეთ ევროპას, ამერიკას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასო...
- რა ხდება საქართველოს ცაში, რატომ ვერ ვიფრენთ? .
- რატომ და, - ვცდილობ სერიოზული ვიყო, - ჩვენთან ცაში ფრენა სახიფათოა!
- გარკვეულ რისკს ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა შეიცავს, - სავსებით სერიოზულად მიპასუხა.
არა, მე სულ სხვა სახის ხიფათს ვგულისხმობ-მეთქი, ვუთხარი და გავიხსენე მამა თადეოზის ნათქვამი: ცაში ნუ ფრენ, შვილო ჩემო, იქ არაა ადამიანის ადგილი, დაგეჯახება ანგელოზთა გუნდი და ჩამოვარდები!
ნათქვამმა მისტერ მალკოლმი ძალიან შეაწუხა. იფიქრა, რომ მორწმუნე ვარ და თავისი ცნობისმოყვარეობით ჩემ რელიგიურ გრძნობებს შეეხო... ცხადია, სისულელეა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ სულელური საქციელის გამო ახლაღა ვწუხვარ, როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ და, როცა მივხვდი, რომ სკოლაში ნასწავლი ფიზიკის კანონები მართლა მოქმედებს, რომ ცხოვრება შეუქცევადია, რომ რაც ერთხელ მოხდა, აღარ განმეორდება, რომ რაც დაკარგე, ვერ დაიბრუნებ... ერთი სიტყვით, დიდ, საშვილიშვილო შეცდომას ვუშვებ, არ ვრჩები ათი ათასი ტბისა და ახდენილი ოცნებების ქვეყანაში, სადაც ადამანები ერთმანეთს თუ არა საკუთარ თავს მაინც უღიმიან და სამშობლოში ვბრუნდები!

* * *

...მერილენდიდან თბილისში თვითმფრინავები არ დაფრინავენ, მერილენდიდან თბილისი არ მოჩანს... სხვა ამბავია ნიუ-იორკი, სამყაროს ცენტრი და ცივილიზაციის მწვერვალი, რომლის ჩრდილი ყველაზე შორეულ ქვეყანასა და ქალაქსაც წვდება... ამიტომაც ვმყოფები აქ, ქალაქში, სადაც უკანასკნელ სალახანასაც შეუძლია თქვას, რომ tomorrow is the first day of the rest of your life...
ვდგავარ ტაიმსკვერზე და კოკა-კოლის სარეკლამო ეკრანის ქვეშ თბილისელ ნაცნობს, ნუგზარს ველოდები. ჩასხდომის გამოცხადებამდე 16 საათია დარჩენილი, ნუგზარი კი არ ჩანს... დროგამოშვებით საათს დავყურებ, ვნერვიულობ და ვაკვირდები ხალხის ნაკადს, რომელიც არა და არ ილევა და, რომელსაც ნიუ-იორკი როგორც ვულკანი ლავას, ისე ანთხევს საკუთარი წიაღიდან. მექმნება შთაბეჭდილება, რომ აქ, ტაიმსკვერზე შეყრილი ადამიანები ატრიალებენ იმ უხილავ მექანიზმს, რომელსაც მთელი დანარჩენი სამყარო მოჰყავს მოძრაობაში...
ნუგზარი გასუქებულა, თმაც გაზრდია, წვერიც და მუცელიც. ზომაზე მეტად ნაღვლიანი მეჩვენა. ჯერ საქართველოში დარჩენილი მეგობრები მოიკითხა, მერე მოულოდნელად დაინტერესდა, რას შვებით, როგორ ხართ ქართველები საცვლების გარეშეო. ვიფიქრე, როგორ დაწვრილმანებულა, წლების წინ ნაჩუქარ თეთრეულს მაყვედრის-მეთქი.
- რას გულისხმობ? - ვიკითხე დაბნეულმა.
მშვიდად მიპასუხა: კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ, ჩემო ნინიკოო!
სანამ საქართველოში ცხოვრობდა, ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა, ცალკე კურსი მიჰყავდა მოდის ისტორიაშიც. ნუგზარის თვალსაწიერში ხვდებოდა მოდის ტენდენციები როგორც ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში; ასევე აღორძინების, რეფორმაციისა და კლასიციზმის პერიოდში შეკერილი წაღებ-ქოშები, კაბა-შარვლები, კრინოლინები და სხვა ჭრელა-ჭრულა ჭინჭები. თუმცა, პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა ნუგზარი, მეგობრებთან ერთად, სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე სილამაზის სალონსა და თეთრეულის მაღაზიასაც ამუშავებდა.
ეტყობა ძალიან განიცადა საქართველოდან წასვლა. ვერ მეჩვენა მხნედ.
ვუთხარი, რომ სამშობლოში ვბრუნდებოდი და ბილეთი ვუჩვენე.
ეგონა ვეხუმრე. ახლა არ მითხრა, რომ მამა-პაპათა მიწა გვიხმობს და პატრიოტულ ექსტაზში ქუდზე კაცი უნდა შევიყაროთო.
- არ გადამრიო, ნინიკო! მითხარი, რა გემართება!
მხრები ავიჩეჩე.
- გელოდება ვინმე?
- არა.
- რამე გეგმები გაქვს?
ისევ მხრები.
- მოგდევს ვინმე?
- კარგი რა...
- აბა, მისდევ ვინმეს?
- მორჩი მაიმუნობას!
- აბა, რა გინდა, აქ დაეტიე და შეირგე დემოკრატიის მონაპოვარი!
ბევრი მეჩიჩინა, მაგრამ ბილეთი მაინც ვერ გამომგლიჯა ხელიდან. ბოლოს თავისთან, სალონში დამპატიჟა, რას ჰგავხარ, გაგალამაზებ მაინცო. კვინსში, უკრაინელ ემიგრანტებთან სარდაფს ქირაობდა. სავარძელში რომ დამსვა, მაკრატელი და სავარცხელი რომ მოიმარჯვა, ისევ თბილისელ ნუგად იქცა...
ეჰ, ჩემი ნუგა-ნუგზარა პარიკმახერი კი არა, ნამდვილი ფილოსოფოსია. თმას მარტო ფერს, ფორმასა და სიგრძეს როდი უცვლის. ცდილობს ვარცხნილობასთან ერთად აზრებიც შეგიცვალოს, გექაქანება და გექაქანება...
– ვერავინ დამწამებს გულგრილობას, მაგრამ ვერ ვიტან ვარსქენებს, დაკომპლექსებულ ქართველ მამაკაცებს, რომლებსაც, ვითარცა მძვინვარე მხეცებს, დღენიადაგ ასტამი და მჯიღი აქვთ მომარჯვებული. ამ ვარსქენებთან ბრძოლას შევალიე ჩემი სიჭაბუკე... შენ ხომ კარგად იცი, პოლიტიკა არასოდეს მიტაცებდა, მაგრამ თავი მაინც არ დამიზოგავს - რაც შემეძლო ვიდექი იმ წვიმასა და ქარში, სანამ თირკმელები არ გამიცივდა, ისედაც ნეფროსკლეროზისკენ მაქვს მიდრეკილება, ყმაწვილკაცობიდან დაბალ სიცხეებს ვატარებ... არავის ვაყვედრი, მაგრამ ჩვენს დასაფიცარ სამშობლოს დემოკრატიული მსოფლიოს თვალწინ ერთი ტრუსიკი მეც ჩავაცვი! ვიფიქრე, ვარსქენების დრო ისტორიას ჩაბარდაო და ბავშვივით გავიხარე. რა გულუბრყვილო ვიყავი, არა?..
თან ქაქანებდა, თან თმას მივარცხნიდა. ასე არაფერი ეშველებაო, თქვა და გულის ჯიბიდან მაკრატელი და სავარცხელი ამოიღო. მერე ამასაც რომ მორჩა, უჯრიდან პლასტმასის ქილები ამოალაგა.
- რომელს ხმარობ? - სხვათაშორის იკითხა და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, საღებავი გააზავა.
- 6-6-5, - ვთქვი შეცბუნებულმა.
- 6-6-7 უფრო მოგიხდება, - მითხრა და ვითომც არაფერიო, ღიღინით გააგრძელა საღებავის წასმა. რომ მორჩა, დაველოდოთო, მითხრა და სიგარეტს მოუკიდა. მე კი ვიჯექი და სარკეში ვაკვირდებოდი თმას, რომელიც არა და არ ქერავდებოდა... მერე ჩამომბანა და დამვარცხნა.
- აბა, ახლა ნახე! - მითხრა წელვით და სავარძელი, რომელშიც ვიჯექი, სარკისკენ შემოატრიალა.
- რა გააკეთე? - მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე.
თმა დაემოკლებინა და ალისფრად შეეღება!
ალისფერი ხომ ჩემი თმის ბუნებრივი ფერია, რომელიც შთამომავლობით მერგო და, რომელსაც რაც წამოვიზარდე, მას მერე ვმალავ, როგორც კეთროვანი წყლულს, როგორც ჭლექიანი სისხლიან ნერწყვს...
- ნინიკო, ნახე ახლა სულ სხვა ადამიანი ხარ, - არ ცხრებოდა ნუგზარი, რომელმაც მოახერხა და ვარცხნილობასთან ერთად აზრებიც შემიცვალა.
- ვინ გთხოვა წითლად შეღებვა?
- წითელი? - გულწრფელად გაიკვირვა, - საიდან მოიტანე... წითელი კი არა მზის ფერია... უდაბნოში ჩამავალი მზის ფერი!
- არ ვიცოდი, მზეს თუ ეთაყვანებოდი.
- რას ამბობ, მზეზე ვგიჟდები!
- მერე, ვინ არის წინააღმდეგი, - ბრაზი მომერია, - მაგრამ ერთი მზე იკმარე. რა, მაინც და მაინც მე უნდა ვატარო მხრებით?
- ძალიან გიხდება... რას ერჩი... დაე, მუდამ იყოს მზე!
- გეყოფა! - ვიყვირე, - არ მესმის ეს რა ხუმრობაა! თუ გინდა მზე არ დაგიბნელო, ეს თმები ან გაამუქე, ან გააღიავე!
- არ შემიძლია!
- რატომ?
- ჯერ ერთი ძალიან გიხდება...
- სხვა?
- სხვა... საღებავი არ მაქვს!
- ხუმრობ?
- თვით სერიოზულობა ვარ!
- მომიწევს შენი გამხიარულება, - ვთქვი და მაკრატელს დავწვდი, - იცოდე, ყველაფერს დავამტვრევ ამ საშინელ ოთახში, რაც ჩემს ალისფერ თმებს აირეკლავს!
მიხვდა, რომ მართლა ძალიან გავბრაზდი, რომ მართლა არ ვხუმრობდი, მაგრამ რაღა დროს. უზარმაზარი სარკე, რომელიც ლამის მთელ კედელს ფარავდა საშინელი ხმაურით ჩამოიშალა. არადა, მე არაფერ შუაში ვიყავი, მაკრატელი ისევ ხელში მეჭირა.
სარკის გატეხვა ცუდის ნიშანია!
კარში ორი კაცი იდგა. ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს: შავი თმა მოკლედ ჰქონდათ შეჭირილი, სამყაროსაც შავი სათვალის ოვალებიდან აკვირდებოდნენ, ეცვათ გრძელსახელოებიანი შავი პერანგები, შავი ჯინსები და შავი სამხედრო ბათინკები.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა ნუგზარმა, - ვახო, შენ აქ საიდან?
- საიდან და სარკიდან!.. აი, იმ სარკიდან, რომელიც წუთის წინ აქ ეკიდა... ახლა კი, ნახე რა დარჩა მისგან... - თქვა და ორიდან ერთმა, ვახო რომ ერქვა, ფეხით სარკის ნამსხვრევები მიმოფანტა. - როგორ ფიქრობ, ამ პატარა ნატეხს ახსოვს კედელზე რომ ეკიდა, ლამაზი სარკის ნაწილი რომ იყო და შენნაირ განდონებს რომ ირეკლავდა?
ნუგზარი ოფლში ცურავდა. პასუხზე დიდხანს არ უფიქრია. არ უნდოდა შაოსანი მამაკაცების გაღიზიანება.
- სარკეა, სარკის ნატეხს რა უნდა ახსოვდეს?
- მერე, შენც სარკის ნატეხი ხო არ ხარ, ახვარო, ყველაფერი რომ დაივეიწყე?
- აგიხსნი, - ნუგზარმა ოფლი მოიწმინდა, - თუ დამაცდი, ყველაფერს აგიხსნი!
- რა დროს ახსნა და ლაპარაკია, ნუგზარ, კარგად მიმოიხედე ირგვლივ, აზრზე მოდი, სად იმყოფები. აქეთ, ტაიმსკვერი, იქით სტატუა სვაბოდი, ემპაიერი და ამბავი... აქ ლაპარაკზე დროს ვინ კარგავს, აქ, დრო ფულია, შეჩემა... ბევრი გეძებე, ბევრი დრო დავკარგე, მაგრამ მგონი წვალებად ღირდა... ფული მოიტა, ბიჭო!
ნუგზარს ფული არ ჰქონდა, არადა შავებში ჩაცმული მამაკაცები 5 ათას ითხოვდნენ. ის, რომელიც ხმას არ იღებდა, იარაღით იყო მოსული. როგორც ჩანს, დამტვრეული სარკეც მის სინდისზე იყო, მაგრამ სარკე რაა, ნუგზარსაც არ დაინდობდნენ...
ძველი კადილაკით წაგვიყვანეს. თავიდან ნუგზარს საბარგულში უპირებდნენ ჩატენვას, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს. მე უკანა სავარძელზე დამაჯინეს, ნუგზარი კი ფეხებთან დააგდეს. სკამზე დაჯდომის საშუალება მას არც მერე მისცეს, როცა ხელისკვრით დიდ, უფანჯრებო ოთახში შეგვყარეს.
- შენი ხმა არ გავიგო, - გამაფრთხილა ვახომ და ნუგზარი ხელისკვრით გაიგდო წინ, ოთახის სიღრმეში, სადაც ორკარიანი უზარმაზარი მაცივარი ზუზუნებდა. კარზე ბიჭის ფოტო იყო გაკრული, იქვე ხელისგულისოდენა ხატი იდგა და სანთელი იწვოდა.
- გეცნობა? - ჰკითხა ვახომ.
ნუგზარი სურათს დააკვირდა.
- როგორ არა... რა ქვია, სახელი დამავიწყდა... ზემელზე...
- გიგიბერია.
- ხო, გიგიბერია! გამახსენდა, თემუჩა გიგიბერია!.. რა დაემართა?..
- აქ ვინახავთ. პროზექტურაში ძაან დიდი თანხა მოთხარეს: სუტკა 150 დოლარი. თბილისში აზრზე არიან, მაგრამ მაყუთი არ გვაქვს ტრუპი რომ გავგზავნოთ, არადა დედამისს დავპირდი, ამ ახვარ ბურჟუებს არ დავაფერფლინებ-მეთქი... მოკლეთ, მაგარ გაჭედილში ვართ, ფული გვჭირდება...
- ვახო, ხო იცი როგორ გაფასებ, - შეწუხდა ნუგზარი, - ახლა ცენტიც არ მაქვს, ცოტა მაცადე, სული მოვითქვა და ყველაფერს გადავიხდი...
- როდის გადაიხდი?
- ორ თვეში!
- ვერ გავიგე, ორ დღეში?
- გამიგე რა, არ მაქვს...
- გაგიგებდი, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ახლა ჩემი ჯერია... მე უნდა გამიგო, ფული მჭირდება, ძალიან მჭირდება!
- ვიცი, რომ გჭირდება! ვიცი, რომ გეკუთვნის, მაგრამ უცხო ხომ არა ვარ? ცოტაც მაცალე...
ჯერ ის გამიკვირდა ნუგზარმა ხელკავი რომ გამოსდო მასპინძელს და მერე ის, რომ გარეულ ბატებზე დაიწყო ლაპარაკი: თურმე, უცხო გუნდში მოხვედრილი გარეული ბატები ცნობენ ერთმანეთს და სხვების წინააღმდეგ ერთიანდებიან, ჩვენ რაღა გვემართება, ამ დასაკარგში ერთმანეთს ტყავი რომ არ გავაძროთო...
კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ უსახელო შაოსანმა ფეხებშუა ამოარტყა. ნუგზარი მუხლებზე დაეცა. შაოსანმა უკნიდან შემოუარა. გაჩერდა. ერთი ხანობა უყურა, თითქოს დაფიქრდა, რა გავაკეთოო და ბოლოს მხრებზე დააჯდა. ნუგზარი ტიროდა, შაოსანი მხედარი კი, აჩუ, აჩუო, იძახდა...
- კარგი ეყოფა, - თქვა ვახომ და ნუგზარი სკამზე დააჯინა, - გარეული ბატებიო? ეტყობა, ჩვენი მეგობარი „ვ მირე ჟივოტნიხ“-ს უყურებს, იქნებ „ენიმალს პლანეტ“-საც? კარგი რამეა, ერთხელ მეც ვუყურე ვირთხების ცხოვრებაზე გადაღებულ მაგარ ფილმს. მერე წიგნიც წავიკითხე ვიღაც გერმანელი თუ ავსტრიელი მეცნიერისა...
- არა მაქვს, რომ მქონდეს, ხო იცი, გადავიხდიდი...
- გეტყობა, რომ ძალიან გაინტერესებს შენი ძმების ამბავი... ხოდა, იმას გეუბნებოდი, რომ ვირთხები ოჯახის შიგნით ერთმანეთს არ ერჩიან. ქება და დიდება მათ ამისთვის, მაგრამ თუ ოჯახსმოწყვეტილი, სუნშეცვლილი ვირთხა უკან დაბრუნდება, მას ნაფლეთებად აქცევენ... შენ, ჩემო ნუგზარ, ძალიან გავხარ სუნდაკარგულ ვირთხას...
- გეყოფა, გეყოფა... - ქვითინებდა ნუგზარი.
- და კიდევ, პირველობისათვის ბრძოლაში იცი, რომელი ვირთხა იმარჯვებს? ყველაზე დიდი? ყველაზე ჭკვიანი? ყველაზე ცბიერი? ყველაზე სასტიკი? ნურასუკაცრავად! ის, რომელიც ყველაზე ადრე შეწყვილდება მდედრთან და მისი დახმარებით გაუსწორდება მტრებს! ეგრეა, კარგი მდედრი ბევრს ნიშნავს! - თქვა ვახომ და ჩემკენ გამოიხედა.
- მე გადავიხდი, - ვიყვირე აკანკალებულმა, - ოღონდ 2 ათასს, მეტი არ მაქვს!

* * *

ქუჩაში დამეწია. სულ ბოდიში და მადლობა მიძახა. ასეთ ამაგს მთელი ცხოვრება არ დაგივიწყებ, ფულს კი ორ თვეში დავაბრუნებო, მითხრა და ცრემლები მოიწმინდა. არ ვაპირებდი გაჩერებას, მაგრამ მომეჩვენა, რომ ტუტუცურად ვიქცეოდი და შევურიგდი, თუმცა გადაკოცნა რომ დამიპირა, არ დავანებე.
- რესტორანში წავიდეთ, - ხელკავი ისე გამოდო, თითქოს არაფერი მომხდარა, - თითო ფინჯანი ყავა დავლიოთ და ტოლიკას მოვუსმინოთ.
- ვინ ტოლიკას?
- მაჭავარიანს, მომღერალს...
- რას მღერის... „თბილისოს“?
- რა იყო, „თბილისოსაც“ მღერის და ბევრ სხვა რამესაც... რა გიკვირს, ქართულ რესტორანში მუშაობს...
სენტიმენტალურიც გამხდარა! რომ ჰკითხო, ვარსქენებს ვერ იტანს და თბილისი ეზიზღება.
- იცი, რატომ წამოვედი საქართველოდან? - რესტორანშიც არ მომასვენა, - სიმართლე გაინტერესებს? გითხრა? იმიტომ, რომ არაფერი შეიცვალა - თითქოს რაღაცა მოხდა, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანა ისევ ვარსქენების ხელში დარჩა! ძველებურად ჭამენ, ტ...ნავენ და კლავენ ერთმანეთს, არადა, ნოემბერში ვისთვისაც უნდა გეკითხა, აქ ამ წვიმაში, ქარში და სიცივეში რა გინდა, რისთვის დგახარო, გეტყოდა Liberté, Égalité, Fraternité-ო. მითხარი ასე არ იყო?
თავს ვუქნევ, ვეთანხმები და ვცდილობ დავივიწყო, რაც მოხდა.
- გითხრა, კიდევ რატომ წამოვედი, - ჩურჩულზე გადადის ნუგზარა, - გითხრა?
- მითხარი, არაფერი დამიმალო! - ისე ვამბობ თითქოს მართლა მაინტერესებს, სინამდვილეში კი მთვრალი ვარ და დაკარგულ ფულს მივტირი.
- იმიტომ რომ ტრაკი არ მქონდა!
- რაა?
- რაც გაიგე!
- ნუგზარ! - შევიცხადე მე, - რა ტრაკი არ გქონდა, შენ ხომ გეი ხარ!
- საქმეც ეგ არის! გეი აქ ვარ, თორემ იქ, თბილისში არაფერი ვიყავი!
- ეგ როგორღა გავიგო?
- როგორც გინდა!
- მაინც?
- გეი რომ იყო, ამისთვის მარტო სწორი ნაწლავი არ კმარა! იქ, ჩვენ სათაყვანებელ სამშობლოში გეი რომ იყო, ტრაკიც უნდა გქონდეს!..
- რას გულისხმობ?
- კარგად იცი, რასაც!
ჩემი არ იყოს, სასმელი ნუგზარსაც მოეკიდა. არ ჩერდება, სულ ლაპარაკობს, თუმცა ხმაურის გამო, სიტყვების გარჩევა მიჭირს. რესტორანს „ნიკალა” ჰქვია, დაბალჭერიანია და ფანჯრებიც არ აქვს, კედლებზე კი ვითომ ფიროსმანის ნახატები ჰკიდია: “Feast with Organ-grinder”, “Lamb of god”, “Fisherman Wearing a red shirt...” და მენიუც ვითომ ქართულია. სულგუნის მაგივრად მაცარელა აქვთ, ღომის მაგივრად - მანანის ფაფა, ღვინოც ვარდისფერია, მგონი კალიფორნიული...
– რამაზიკო, ჩემი ბიჭი, - ნუგზარი უხმობს ოფიციანტს, რომლის ქართველობას შავი ჯინსები, შავი მაისური და ჭაღარაშერეული შავი ულვაში ამხელს. - ჭაჭა თუ შეიძლება! - ლამის ყვირილით უკვეთავს და სანამ ოფიციანტი დაბრუნედება, ჭაჭის მოლოდინში არახისის საცივს ხვრეპს.
- ასეც ვიცოდი, - ამბობს გულგატეხილი, - ხორბლის არაყი მომიტანეს...
ამასობაში ტოლიკა „თბილისოს“ მორჩა და „ჩემი ხატია სამშობლოო“ წამოიწყო. თბილისელია, გვარად მაჭავარიანი. მამა რომ გარდაეცვალა, დედა წალკელ ბერძენს გაჰყოლია ცოლად. მზითევი რომ ჰქონოდა, კიდევ ხო, მაგრამ ხელცარიელს ქმრის ოჯახში ბავშვის მიყვანა ვერ გაუბედავს, რის გამოც, ტოლიკამ ბავშვობა კოჯრის სკოლა-ინტერნატში გაატარა. ქართული ესმის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს, დაავიწყდა, სამაგიეროდ მღერის.
დაღამდა. რესტორანში ხალხმა იმატა. საბჭოთა კავშირი რუკიდან გაქრა, თორემ ემიგრანტები კვლავინდებურად შეკრული არიან მძლე და ძმური კავშირით. ქართველი, სომეხი, რუსი, უკრაინელი და აზერი აქ ისევ ერთად არიან. ტოლიკა ახლა მილიონ ალისფერ ვარდზე მღერის...
ნუგზარი მიხსნის, „ნიკალასთან“ სულ ნაღები საზოგადოება იყრის თავს, ვინც წლების წინ უტრუსიკო ცხოვრებას გამოექცაო...
შემოწმება მინდოდა, მართლა ყველა ტრუსიკით იყო მოსული თუ
არა, მაგრამ სახელოში დამქაჩა და წამოდგომის საშუალობა არ მომცა. დებილო, ადგილზე დაეტიე, შენ თავს მიხედეო. საჯდომსო, ალბათ უნოდა ეთქვა.
თუ ნუგზარს დავუჯერებ, ხორბლის არაყი ჭაჭას ვერ შეედრება, მაგრამ, ვხედავ, თავის საქმეს მაინც აკეთებს. სასმელი ჩემზე შუქურასავით მოქმედებს: ხან გამინათდება გონება, ხან კი პირიქით, დამიბნელდება. ბოლო გამონათებისას ჩამესმა:
– ვისაც მე ჩავაცვი, სწორედ იმან გამხადა!
– ჩოხა? - რატომღაც კლასიკოსის ნათქვამი გამახსენდა.
– არა, ტრუსიკი!
მინდოდა მეთქვა, ამ ტრუსიკებში ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვდიო, მაგრამ ვერ მოვასწარი: არახისის საცივი, კალიფორნიული ღვინო და ხორბლის არაყი – ყველაფერი ერთმანეთში აირია და ხმის ამოღება ვერ შევძელი!
მთელი ღამე მეტროთი ვიმგზავრე, ნიუ-იორკის ცნობილი მეტროთი, ხალხი ტალონს სამახსოვროდ რომ ინახავს, აქაოდა ნიუ-იორკის მეტროში ვარ ნამყოფიო, მაგრამ მე ხეირიანად არაფერი მახსოვს მქროლავი ლამპიონებისა და თეთრი კაფელის კედლების გარდა.
მთელი ღამე სახალხო დამცველს ვუხმობდი საშველად და ტრუსიკს ვაჩვენებდი ყველას: არაფერი შეგეშალოთ, მე თქვენ აქ უტრუსიკო ვინმე არ გეგონოთო.
დილას რომ გავიღვიძე, ლოგინში ვიწექი. უტრუსიკოდ, რა თქმა უნდა. მხლოდ პერანგი მეცვა და თავზე შემოხვეული ნუგზარის პატიაშკები მახრჩობდა. გუშინდელი გამახსენდა: ნუგზარის წვერებიანი სახე; წითლად შეღებილი ჩემი თავი, რომელიც საშინლად მტკიოდა; ვახო და მეორე ტიპი... ფული!!!
- უნიფხვო მონებო!!! – დავიყვირე და ტუალეტისკენ გავლასლასდი, მაგრამ იქ ვიღაც მამაკაცი შხაპს იღებდა და აშკარად ჩემს გასაგონად ყვიროდა:
- who is warsqen?
ნეტა, ვინ უნდა იყოს? ხომ არ მომეჩვენა, ენდრიუს ხმას ჰგავს, მაგრამ აქ რა უნდა, საიდან გაჩნდა?
- ნუგზარ! - ვკივი მთელ ხმაზე.
- გაიღვიძე სიცოცხლე? - მშვიდი ხმით მეზობელი ოთახიდან მეხმიანება. - მოდი ძვირფასო, გელოდებით, გაგონილა ამდენი ძილი?
შევდივარ ოთახში, სადაც ნუგზარი, ჩემდა გასაოცრად, მისტერ მალკოლმთან ერთად სიგარეტს ეწევა და ყავას მიირთმევს.
- დილა მშვიდობისა, - მიღიმის მოხუცი მფრინავი, რომელსაც ტყავის მოკლე ლაბადა აცვია. - ძალიან მიხარია, პატარავ, დარჩენა რომ გადაწყვიტე, სწორი გადაწყვეტილება მიგიღია.
- მისტერ მალკოლმ!..
- რა საჭიროა! - შემაწყვეტინა, - ენდრიუ ძალიან ბედნიერია. სავარძელში ძლივს დავაბით, ლამის თვითმფრინავიდან გადმოგვიხტა... ისე, ბედი გქონიათ, დღეს ხომ პარასკევია - კლუბში ფრენის დღე გვაქვს, ჰოდა, შენს დაძახილზე გამოვფრინდით...
- მერე თბილისი? - დაბნეული ნუგზარას მივჩერებივარ, თითქოს მისგან ვითხოვ შველას. - თბილისში რომ მივფრინავ?
- თბილისი? - შეიცხადა ნუგზარამ, - წუხელ სხვანაირად ლაპარაკობდი!
- სად ვლაპარაკობდი?
- აქ, ლაპარაკობდი, აი, აქ, ტელეფონზე!.. ენდრიუს დაურეკე. თუ გიყვარვარ ჩამომისწარი, არ გამიშვა იმ ჯოჯოხეთში, არ გამიშვა, არ ჩამაგდო ვარსქენების ხელშიო, ეხვეწებოდი, დაგავიწყდა?
- მე ვეხვეწებოდი?
- ჰო, შენ! რა, მართლა არაფერი გახსოვს?
- არაფერი!
- კარგი რა, სად გაგექცევა თბილისი, სხვა დროს დაბრუნდები!
- სხვა დროს?
- ჰო, სხვა დროს!
- რომელ სხვა დროს, ნუგზარ, რომელ სხვა დროს, დრო ხომ ერთია!
ნუგზარი დუმს, არაფერს ამბობს, ენდრიუ კი აბაზანიდან ყვირის: “who is warsqen?“
რა ვქნა?
...ისე, არ არის ცუდი ტიპი, თან ვიცნობთ ერთმანეთს, საქმეც და ინტერესიც ერთი გვაქვს... კი ბატონო, დავრჩები, მაგრამ რა ვქნა, რა ვუპასუხო, როგორ ავუხსნა, ვინ არის ვარსქენი?
p.s. აქ, ვისკონსინში დაქალი გავიჩინე, ირინა - სანახევროდ ესტონელი, სანახევროდ უკრაინელი. ერთმანეთი ადგილობრივ უნივერსიტეტში გავიცანით. ძალიან კარგი ვინმეა, სასიამოვნო გარეგნობის და ისეთი ენერგიული, რომ ყველაფერს ასწრებს: თან სწავლობს, თან იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობს. წელიწადში სამჯერ თუ ოთხჯერ სხვადასხვა შტატში სასამართლო პროცესებზე თარჯიმნად იწვევენ ხოლმე. ერთხელ ირინამ მითხრა, რომ ყველაზე ძნელად საბჭოთა ადამიანები იცვლებიანო. მხოლოდ საბჭოთა ადამიანებს შეუძლიათ ყველაზე რთული რამ: დროის გაჩერება! ათი-თხუთმეტი წელი ისე იცხოვრებენ, რომ თავში HI--ის გარდა არფერს შეუშვებენ, ოდნავადაც კი არ შეიცვლებიანო. სწორედ ირინა და მისი ნათქვამი გამახსენდა, როცა ნუგზარი და „რუსული მაფიის“ სხვა წევრები ნიუ-იორკის პოლიციამ დააპატიმრა. 2006 წლის მზიანი დეკემბერი იყო. დილის გაზეთის მეექვსე გვერდზე მოთავსებული სტატიიდან შევიტყვე, რომ თაღლითობდნენ, ქურდობდნენ და თანამემამულეებს ფულს სძალავდნენ... მოგვიანებით ჩვენების მისაცემად სასამართლო პროცესზე მეც დამიბარეს. განსასჯელთა შორის ამოვიცანი მხოლოდ ვახო, უსახელო შაოსანი და გიგიბერია მაცივრის კარზე გაკრული სურათიდან. ნუგზარმა კი წყლიანი თვალებით შემომხედა და გულწრფელი სინანულით მითხრა, მაპატიე, ძალიან გამიჭირდაო...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

1 comment:

GOGEJANR said...

ინტერესით იკითხება...
ვინმეს ტესტადაც წაადგება უნარ-ჩვევების გადასამოწმებლად...