სოსო ტაბუცაძე
ბორის ვიანი - მწერალი და მესაყვირე
ბორის ვიანი. დღეთა ქაფი. მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი. გარეკანის დიზაინი და დაკაბატონება გიორგი ტაბლიაშვილი. თბ., "დიოგენე", 2002.
1959 წლის ივნისში "მთელი პარიზი" უკანასკნელ გზაზე აცილებდა ოცდაცხრამეტი წლის მწერალს, რომლის შესახებაც პარიზის უნივერსიტეტის მიერ სამოცდაორ წელს გამოცემულ "თანამედროვე ლიტერატურის ლექსიკონში" სიტყვაც კი არ იყო ნათქვამი. პარიზის კულტურული ელიტა დასტიროდა არა მწერალ ბორის ვიანს, არამედ სენ-ჟერმენ-დე-პრეს ბოჰემური კვარტალის "პრინცს", ომისშემდგომი წლების ჯაზის ცნობილ მესაყვირეს. გასული საუკუნის შუა წლების საფრანგეთის ლიტერატურული ცხოვრებისათვის ეს ნამდვილი კაზუსი იყო, რადგან ყველა თხზულება ვიანმა სიცოცხლეშივე გამოაქვეყნა, მაგრამ დახვეწილმა ფრანგულმა კრიტიკამ ეს ლიტერატურული მისტიფიკატორი სათანადოდ ვერ შეაფასა; მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა "დღეთა ქაფის" ჯიბის სერიით გამოქვეყნება, რომ ეს "იაღლიში" არათუ გამოსწორებულიყო, არამედ მწერალ ბორის ვიანს მართლაც მთელი საფრანგეთი დაეპყრო. დიდი ლიტერატურული და მუსიკალური ტალანტის მქონე შემოქმედი წერდა ლექსებს, პროზას, პიესებს, სცენარებს, სტატიებს, ქმნიდა მუსიკას, თვითონვე მღეროდა საკუთარ ტექსტებს, თამაშობდა კინოში და, ერთი სიტყვით, ფრანგული კულტურული ცხოვრების ცენტრში იყო, მაგრამ, როგორც მწერალი, ის მაინც სიკვდილის შემდეგ დააფასეს. გარდაცვალების მიზეზი კი აღმოჩნდა გულის მანკი, რომელიც ყმაწვილობისას გადატანილმა ინფექციურმა დაავადებამ დაუტოვა, ხოლო საბაბი ... საბაბი კი, რატომღაც, ყოველთვის ერთია ხოლმე - უდიერობა კაცთა. საქმე ის იყო, რომ 1959 წელს კინოსტუდია "სიპრო" მრავალი მოლაპარაკების შედეგად, რომლებსაც ვიანი არ დაასწრეს, გახდა მფლობელი მისი რომანის, "მე დავაფურთხებ თქვენს საფლავებს", კინემატოგრაფიული ადაპტაციისა. "სიპრო" სცენარს თვითნებურად მოეპყრო და მწერალს ურთიერთობა გაუფუჭდა ფილმის პროდიუსერსა და რეჟისორთან, რამაც ჯანმრთელობა სერიოზულად გაუუარესა. ფილმიც სცენარის ავტორის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიღეს. ბორისი ტიტრებიდან თავისი გვარის მოშორებასაც კი მოითხოვდა თურმე, მაგრამ...
23 ივნისს, კინოთეატრ "მარბეფში", 10 საათსა და 10 წუთზე, ფილმის პირველივე კადრებზე ბორისი გარდაიცვალა. ასე საბედისწერო აღმოჩნდა მწერლისათვის თითქოსდა არაფრით გამორჩეული კონფლიქტი; რადგან ბედისწერა ვახსენეთ, არც იმის აღნიშვნაა უმნიშვნელო, რომ ფატალიზმის თემა, ჩანს, ვიანის პირადი ბედ-იღბლიდან გამომდინარე, მართლაც წითელი ზოლივით გასდევს მის შემოქმედებას. მეტიც: ეს საკითხი მწერლის მსოფლმხედველობრივ საყრდენადაც შეიძლება გამოვაცხადოთ. ალბათ, ესეც განაპირობებდა ბორის ვიანის ირონიულ დამოკიდებულებას თავისი დროის იდეოლოგებთან და, კერძოდ, ყველაზე პოპულარულ ჟან-პოლ სარტრთან, რომლის მტკიცებითაც ადამიანი თვითონაა საკუთარი ბედის გამგებელი და მასზე პასუხისმგებელი.
საფრანგეთის ოკუპაციას დაემთხვა ვიანის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში სწავლის პერიოდი. ინჟინრის პროფესიით აღჭურვილი მწერალი სამი თვის თავზე მიატოვებს სამსახურს, რადგან ვერ ეგუება უნებურ და არათავისუფალ შრომას. სხვათა შორის, შრომის ამ მხარესაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის შემოქმედებაში.
ომის პერიოდსავე დაემთხვა მისი ჟაკ ლუსტალოსთან ნაცნობობა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ბორისზე. ლუსტალო ცხოვრების სპექტაკლად გარდაქმნას ლამობდა და ამგვარ გატაცებებსა და მისტიფიკაციებში ითრევდა ვიანსაც. სამყაროსთან ლუსტალოსეული მიმართება ყველაზე უფრო მისაღები აღმოჩნდა ბორის ვიანისათვის და მისმა მწერლურმა გეშმა და ინსტინქტმა სწორედ ჟაკის წყალობით გაიღვიძა. სწორედ ამ დროს იწყებს ვიანი წერას.
ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ საფრანგეთში თანდათან პოპულარობას იხვეჭდა ამერიკული კულტურა და, კერძოდ, ოკეანისგაღმიდან იმპორტირებული ჯაზი. ამას მოჰყვა მწერლობით გატაცება და იმ პერიოდის საფრანგეთში არა მხოლოდ ჰემინგუეი და ფოლკნერი აღაფრთოვანებდა ფრანგ მკითხველს, არამედ - მასობრივი ბელეტრისტიკაც თავისი მძაფრი, ჩახვეული სიუჟეტებით, სუპერმენებითა და ღიად აღწერილი სექსუალური სცენებით...
სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ 1946 წლის 10 მარტს დაიწყო ბორის ვიანმა "დღეთა ქაფის" წერა. მწერლის ამერიკული კულტურით გატაცება რომანს წამძღვარებული მიძღვნითი წარწერითაც მჟღავნდება, - ვუძღვნი ჩემს ბიბის (pour mon bibi); ბიბი იყო ვიანის პირველი ცოლი მიშელ ვიან-ლეგლიზი, რომელსაც მწერალი ამერიკულ ყაიდაზე for my baby-ს ეძახდა... აქ მიძღვნაც საინტერესოა, რომანის დაწყების თარიღიც, მწერლისეული წინასიტყვაობის დაწერის ადგილიც და ... ბოლოს ამ ჩემი ოპუსის თხზვის დროც... დღეს რვა მარტია! ყურადღებაც იმიტომ გამექცა, ალბათ, რომანის ცოლისადმი მიძღვნის ფაქტისაკენ; განა ბევრი გვინახავს საყვარელი მეუღლეებისადმი გულწრფელი მიძღვნა-მოფერებები? რას იზამ, ცოლქმრული ცხოვრების დრამა ნაკლებ ადგილს ტოვებს ნაზ გრძნობათა საქვეყნოდ გამომჟღავნებისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიანს ეს ნამდვილად არ ეხება. რაც შეეხება რომანის დასრულების თარიღს - 1946 წლის 10 მარტს - ეს ავტორის ოცდამეექვსე დაბადების დღეა და, ცხადია, სიმბოლურია; გამოდის, რომ წერა დაიწყო ორმოცდაექვსი წლის 8 მარტს და გაასრულა 10-ში. როგორც აღნიშნავენ, ვიანი საერთოდ კი სწრაფად წერდა, მაგრამ არც ამდენად! თხზულების შექმნის ადგილებად - ახალი ორლეანის, მემფისისა და დავენპორტის მითითება - ერთგვარი მისტიფიკაციაა, რადგან ვიანს ატლანტის ოკეანე არასოდეს გადაულახავს. უკვე ნახსენები წინასიტყვაობის ჩემეულ გადმოცემას კი თვით მის გადმოწერას ვამჯობინებ, რადგან იგი ჯერ ერთი მოკლეა და მეორეც, მნიშვნელოვანია მწერლის მსოფლმხედველობრივი პრინციპების გასაცნობად: "ცხოვრებაში მთავარია ყველაფერი აპრიორულად განსაჯო. ჩანს, მასები მართლაც ცდებიან, ინდივიდები კი მუდამ მართლები არიან. აქედან ქცევის წესების დადგენა საფრთხილო საქმეა: ამ წესებს არ უნდა სჭირდებოდეს ჩამოყალიბება, რათა ადამიანმა დაიცვას ორად ორი რამე: ლამაზი გოგონების ყოველგვარი სიყვარული და ახალი ორლეანის ანუ დიუკ ელინგტონის მუსიკა, რაც ერთი და იგივეა. დანარჩენი, წესით, უნდა გაქრეს, რადგან ეს დანარჩენი სიმახინჯეა. ამის თვალსაჩინო მაგალითი რამდენიმე მომდევნო ფურცელი გახლავთ, რასაც ის ფაქტი აძლიერებს, რომ ეს სავსებით ნამდვილი ამბავია, რაკი თავიდან ბოლომდე მე მოვიგონე. თვით ამის ხორცშესხმა კი, უმთავრესად, სინამდვილის მრუდე, შემთბარ ატმოსფეროში პროეცირებითა და მისი უსწორმასწოროდ მოლივლივე, დაბრეცილ სიბრტყეზე ასახვით მიიღწევა. აი, ნახავთ, სულაც არ არის სათაკილო ხერხი".
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ წიგნზე არაფერი მითქვამს - ქართულ თარგმანზე! ვიანის პრინციპების გამოდევნებამ ჟანრის პრინციპი დამავიწყა და ქართული თარგმანი ვერ წარმოგიდგინეთ. მაშ ასე: ბორის ვიანი. დღეთა ქაფი. მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი. გარეკანზე გამოყენებულია ივ ტანგის ნამუშევარი Divisibilite indefinie. გამომცემლობა "დიოგენე" 2002 წელი.
ფრანგულ გამოცემებს რაც შეეხება, იგი "გალიმარს" გამოუცია 1947 წელს და რომანი აღმოჩენილა იმ ორ წიგნს შორის, რომელიც ჟიურის ე.წ. პლეადის პრემიის მოსაპოვებლად წარუდგენია საბოლოო არჩევანისათვის. რომანს მხარი დაუჭირა ერთადერთმა ცნობილმა ავტორიტეტმა - რაიმონ კენომ, რომელმაც, ჩანს, იმთავითვე შეამჩნია ვიანის ტალანტი, მაგრამ მის თანადგომას შედეგი არ გამოუღია და პრემია აშკარად მეორეხარისხოვან წიგნს რგებია. "დღეთა ქაფის" ამ ჩავარდნას გამომცემელთა ინტერესიც გაუნელებია. პატარა გამომცემლობები კი სტამბავდნენ ვიანის თხზულებებს, მაგრამ დღეს უკვე ჩვენთვის უშუალოდ ნაცნობი სარეკლამო-კომერციული პრინციპებიდან გამომდინარე, უცნობ გამომგონებელთა მიერ დასტამბული წიგნები წლობით რჩებოდა მიჩქმალული წიგნის მაღაზიათა თაროებზე. არადა, რაიმონ კენომ "დღეთა ქაფს" სიყვარულზე შექმნილ თანამედროვე რომანებს შორის ყველაზე გულისგამგმირავი წიგნი უწოდა. თვითონ ვიანი თავისი რომანის შესახებ ამბობდა: "მინდოდა დამეწერა რომანი, რომლის სიუჟეტიც ერთი ფრაზით გამოიხატებოდა: მამაკაცს უყვარს ქალი; ქალი დაავადდება და კვდება". აქედან კარგად ჩანს, რომ მართლაც არაფრით გამოირჩევა სიუჟეტი; პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ბანალურიც კია. თუ მაინცდამაინც რაიმეგვარი გამორჩეულობის ძიებას დავიწყებთ, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ რომანის მიმართება იმ ეპოქასთან, რომელშიც იგი დაიწერა და თუ ამას რომანის მხატვრული განსახიერების ფორმებსაც მივუმატებთ, ეს ორი ფაქტორი ბორის ვიანის შემოქმედების ზოგად შტრიხებადაც გამოგვადგება. ეპოქასთან მიმართებას რაც შეეხება, აქ შეიძლება გაგვეხსენებინა ომისშემდგომი ევროპული ინტელიგენციის დაუცხრომელი ძიება მომხდარი კატასტროფის მიზეზთა გააზრებისა სამომავლოდ მსგავსი კოლიზიების აღმოფხვრის მიზნით. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ერთი ფაქტი ლიტერატურული ცხოვრებიდან: საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ ალბერ კამიუს ოცნებად ჰქონია გადაქცეული "მხიარული რომანის" შექმნა, მაგრამ მძიმე რეალობამ მაინც ქრონიკა-იგავისაკენ უბიძგა და "ჭირი" დააწერინა. ამ არცთუ გამორჩეული ფაქტის აღნიშვნა შეიძლება იმიტომ ღირდეს, რომ იგი ტენდენციის აღმნიშვნელია. მის საპირისპიროდ წავიდა ბორის ვიანი, რომელმაც აიტაცა კამიუს განზრახვა და შექმნა "მხიარული რომანი", რითაც ხელთათმანი ესროლა თავის დროებასა და განწყობილებებს და როდესაც კრიტიკოსთა მხრიდან მისი შემოქმედებისადმი უყურადღებობაზე ვლაპარაკობთ, ამის ერთი მიზეზთაგანი ეპოქის ამგვარი გამოწვევაც უნდა ყოფილიყო. ჩამუქებული და დანგრეული ცხოვრების მიმართ მწერლის დამოკიდებულება კარგად ჩანს რომანის იმ პასაჟში, როდესაც კოლენი და კლოე საქორწინო მოგზაურობაში არიან და უსიხარულო პეიზაჟს დიდი თეთრი ლიმუზინიდან ჩამოღვრემილნი გაჰყურებენ: "ცა ჩამოწოლილიყო, წითელი ჩიტები ტელეგრაფის მავთულების სიმაღლეზე დაფრინავდნენ, მავთულებივით ადი-ჩადიოდნენ და მათი მჭახე სივსივი ტყვიისფერ წყალზე ირეკლებოდა.
- რატომ წამოვედით ამ გზით?" შეწუხებული კითხულობს კლოე, ხოლო "კოლენმა თითი მწვანე, ლურჯ, ყვითელ და წითელ ღილაკებს დააჭირა და მანქანის შუშები შესაბამისმა შუშებმა შეცვალა. თავი ცისარტყელაში გეგონებოდა და ტელეგრაფის ყოველი ბოძის გავლისას ჭრელი ჩრდილები თეთრ ბეწვზე ცეკვავდნენ".
ამგვარი ესკაპიზმი ანუ რეალობიდან გაქცევა კარგად ასახავს რომანის ფილოსოფიას. ასეთი მინიშნებებით, კალამბურებითა და სიტყვიერი თამაშებითაა დახუნძლული "დღეთა ქაფი". სადაგი ყოფისადმი "სულერთია" დამოკიდებულება ახასიათებს ბორის ვიანს, რაც, როგორც უკვე ვთქვი, ერთგვარი გამოწვევა იყო იმდროინდელი ლიტერატურული ტენდენციებისა; ამიტომ იქნა რომანი აღქმული არასერიოზულ ლიტერატურად და ამიტომაც აღმოჩნდა იგი თავისი დროიდან "ამომხტარი". არც ის არის ძნელი წარმოსადგენი, თუ როგორ გააღიზიანებდა ომგადატანილ და ნაშიმშილებ ადამიანებს. ვიანთან აღწერილი იდილიური და რაფინირებული, "თოხლით" გამოტენილი სამზარეულოები და სასმელების ჩამოსასხმელი რაღაცა ჯადოსნურ-მუსიკალური აპარატი, რომელსაც "პიანოქტეილი" ჰქვია. ლიტერატურული თამაშებით შთანთქმულ მწერალს ბავშვურ ოცნებებთან მიახლოებული სამყარო იტაცებს და ამიტომ შეიძლება "დღეთა ქაფისათვის" რომანი-ოცნებაც გვეწოდებინა; ან - სამყარო-ზღაპარი, სადაც ბედნიერება სიყვარულს კი არ უკავშირდება მხოლოდ, არამედ გურმანობას, მოგზაურობას, კომფორტს და ათას სხვა სიამოვნებას...
არ ვაპირებდი, მაგრამ ვერ ვითმენ და მინდა თქვენც შეგახედოთ კოლენის იდილიურ სამზარეულოში, რადგან ამ აღწერილობაში რომანის პოეტიკაც ისახება: "სამზარეულოს დერეფანი ნათელი, ორივე მხარეს შემინული იყო და თითოეული მხრიდან თითო მზე ანათებდა, რადგან კოლენს სინათლე უყვარდა. თითქმის ყველგან გულდასმით გაპრიალებული თითბრის ონკანები ეყენა. ონკანებზე მზის ათინათები ჯადოსნურად კიაფობდა. სამზარეულოს თაგვებს უყვარდათ ცეკვა, როცა ონკანებზე მზის სხივების შეხების ხმა ისმოდა და პატარა რგოლებს დასდევდნენ, რომლებიც, თითქოს პირველი სინდიყი ცვივაო, არეკლილი სხივების ძირს გაბნევისგან ჩნდებოდა. გზად კოლენმა ერთ-ერთ თაგვს მიუალერსა, რომელსაც ძალიან გრძელი, შავი ულვაშები ჰქონდა, ტანად კი ნაცრისფერი, თხელი და საოცრად კრიალა იყო. მზარეული მათ ძალიან კარგად კვებავდა, თანაც ისე, რომ ზედმეტად არ გასუქებულიყვნენ. დღისით თაგვები არ ხმაურობდნენ და მხოლოდ დერეფანში თამაშობდნენ".
მოკლედ, თამაშებრივი საწყისი საკმაოდ ჭარბადაა ვიანთან და იგი უფრო ადამიანურ ემოციებთანაა კავშირში, ვიდრე პროზის ტრადიციასთან. ამიტომ ფანტასტიკური ელემენტი ერთგვარ ემოციურ გარდასახვას ჰპოვებს რომანში: ახლად დაქორწინებულთა ბინა კლოეს ჯანმრთელობის გაუარესებისდაკვალად პატარავდება და იღვრიმება; მოლაპარაკე თაგვი (მულტფილმის პოეტიკის ელემენტი) ვეღარ უძლებს კოლენის ტანჯვას და თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს.
"დღეთა ქაფის" ამგვარი "სინაზე" და "სიფაქიზე" ირგვლივ გამეფებულ დაუნდობლობასა და სისასტიკეს უპირისპირდება, რადგან ადამიანური ბუნება ფატალურად არასრულქმნილია. საერთოდ, ბედისწერის თემას მნიშვნელოვანი გამოძახილი აქვს ვიანის შემოქმედებაში. ამის გამოა, რომ "მხიარული რომანი" თვალდათვალ გადაიქცევა ტრაგედიად. საქორწინო მოგზაურობის სიხარულით აღსავსე კლოე საბედისწერო სენით დაავადდება - ფილტვში ბოროტი ყვავილი ამოეზრდება, რაც ხელოვნებაში კიბოსა და ტუბერკულიოზის მეტაფორად გვევლინება...
იგივე ბედისწერის თემა აახლოებს რომანს იმ პერიოდში მოდად ქცეულ ეკზისტენციალიზმთან. რა თქმა უნდა, არც ის იყო შემთხვევითი, რომ "დღეთა ქაფის" პირველი თავები ჟან-პოლ სარტრის ჟურნალში Les Temps Modernes-ში იბეჭდებოდა. ვიანი ამ გამოცემის კრიტიკულ განყოფილებაშიც მონაწილეობდა, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში სარტრისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. სარტრს მიაჩნდა, რომ ბედნიერება ვერაგი ილუზია იყო მხოლოდ და ცხოვრებაში ყოველთვის მის მხილებას ცდილობდა, ხოლო ვიანის აზრით, ცხოვრებისეული ტრაგიზმი სწორედ ბედნიერების დაკარგვას უკავშირდებოდა. ვიანმა სარტრი რომანში გამოიყვანა ჟან-სოლ პარტრის სახელით, რომლის ლექციებიც აღაფრთოვანებს ახალგაზრდობას. მწერლის ეს ირონია მიმართულია არა ეგზისტენციალიზმის, არამედ მასზე მოდის მიმართ. იმხანად ძალზე მოდური ყოფილა საჯარო ლექციები და კოლექტიური აღფრთოვანებები: "- ეს რაღა არის?.. ჩურჩულით და გულის ფანცქალით იკითხა შიკმა...
- პარტრის შარვალი!.. ამაყად განაცხადა გამყიდველმა.
- როგორ მოახერხეთ? - იკითხა ვნებააშლილმა შიკმა.
- ერთ მოხსენებაზე ვიმარჯვე! - აუხსნა გამყიდველმა, - არც კი შეუმჩნევია. იცით. ჩიბუხისაგან ამომწვარი ადგილები აქვს.
- ვყიდულობ... - თქვა შიკმა.
- რას? - იკითხა გამყიდველმა...
შიკმა ხელი მკერდთან მიიტანა. გულის ძგერა ვეღარ დაიმორჩილა და ცოტა ხანს აცალა, გაშმაგებულიყო.
- აი, ... - თქვა ისევ გამყიდველმა.
ეს იყო ჩიბუხი, რომლის მილაკზეც შიკმა დაუბრკოლებლად იცნო პარტრის კბილების ანაბეჭდი...
- ხომ იცით, - უთხრა გამყიდველმა, - ახლა რწყევის ენციკლოპედიას ამზადებს ოც ტომად და ფოტოებით, ჰოდა ხელნაწერები მე მექნება..."
ეს ირონია სარტრსა და მის "გულზიდვებზე", ვფიქრობ, არც ქართულ მკითხველს გამოეპარება.
ბორის ვიანი მწარე ირონიას გამოხატავს ისეთი ფუნდამენტური ცნებებისადმი, როგორიცაა შრომა, წესრიგი და რელიგია. პროგრესისტი მწერლებისგან განსხვავებით, ვიანს არაშემოქმედებითი შრომა საშინელებად და რუტინად ესახება: მოგზაურობისას კოლენი და კლოე სპილენძის მაღაროების მუშებს შეეყრებიან და მათი შემხედვარე მწერალი სოციალური რომანის სულისკვეთების სტილიზებას ახდენს და ამგვარად ხატავს მუშათა კოლექტიურ პორტრეტს: "რამდენიმე კაცი გაჩერებულიყო და მანქანას თვალს აყოლებდა. თვალებში მხოლოდ და მხოლოდ ქედმაღალი სიბრალული ედგათ. დიდები და ძლიერები იყვნენ და უძრავი სახეები ჰქონდათ.
- არ მოვეწონეთ... - თქვა კლოემ, - წავიდეთ აქედან". ამაზე კოლენი უპასუხებს, რომ მუშაობა არც ისე კარგია, "- მათ უთხრეს, რომ კარგია... საერთოდ ხალხს ეს კარგი ჰგონია. სინამდვილეში კი არავინაც არ ფიქრობს ასე". კოლენი კლოესაც არწმუნებს მუშათა სიჩლუნგეში. "... მაგათ უთხრეს, რომ შრომა წმიდათაწმიდაა... სულელები არიან... მაგიტომ ეთანხმებიან თავსმოხვეულ აზრს, რომ შრომა საუკეთესო რამეა".
ასე რომ, ჩვენში კარგად ცნობილი "შრომის ახსნის" შესახებ ქრესტომათიული იდეის მქადაგებელთა რიცხვოი ვიანს ვერასდიდებით ვერ ჩავწერთ.
შრომის თემას უკავშირდება სოციალური წესრიგის თემაც. მწერალი საერთოდ უარყოფს ყოველგვარ წესრიგს, მაგრამ აქ საქმე ეხება არა გათვლილ და გააზრებულ ანარქიზმს, არამედ ბოჰემის გარკვეულ სახეობას, რომლისთვისაც ელიტარული უპასუხისმგებლობაც შეიძლება გეწოდებინა. ვიანის პიროვნული და შესაბამისად მწერლური სულისკვეთებისათვის მნიშვნელობა არა აქვს კერძო კაცის თვითნებური საქციელი რა ჯაჭვურ განვრცობას ჰპოვებს სოციუმში, მთავარია, რომ ინდივიდმა თავისი საქციელი გამოხატოს.
"დღეთა ქაფში" ძალზე საზიზღარ ინსტიტუტებად გამოსჩანს არმია და პოლიცია. კლოეს მკურნალობისათვის საჭირო თანხის მოსაპოვებლად კოლენი იძულებულია სამხედრო დაწესებულებაში იმუშაოს, სადაც თოფის ლულებს ამზადებენ. აი, თურმე როგორ მზადდება ეს ფრიად საჭირო ატრიბუტი თუ სულაც ძირითადი ნაწილი: "გულისა და ღვიძლის სიმაღლეზე თორმეტ პატარა ორმოს ამოთხრით... და, სულ რომ გაიხდით, გაწვებით მიწაზე, სტერილური შალის ქსოვილს დაიფარებთ... და ისე იზამთ, რომ თანაბარი სითბო გამოყოთ... ასე უნდა დარჩეთ ოცდაოთხი საათის განმავლობაში და ამ დროისათვის თოფის ლულებიც დაიზრდებიან". ეს რიტუალი კრუხის კვერცხებზე დასმას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე საწარმოო პროცესს, მაგრამ აუცილებელი კი ყოფილა, რადგან, თურმე, "თოფის ლულები რომ თანაბრად და დაუღრეცავად იზრდებოდეს ... ადამიანური სითბოა საჭირო". მეუღლის ავადმყოფობით დაზაფრული კოლენი, რასაკვირველია, დარიგებას შეისმენს და გულმოდგინედ ცდილობს "წლარმოების პროცესის" აწყობას, მაგრამ - უშედეგოდ: "ურიკაზე ლურჯი და ცივი ფოლადის თორმეტი ლულა ეწყო. თითოეულის წვერში თითო ქორფა და ლამაზი თეთრი ვარდი გაფურჩქნულიყო"... აქ შეიძლება ბორის ვიანის პაციფიზმზეც ვილაპარაკოთ და პაციფიზმის ირონიაზეც. თუ პირველს მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იგი თვით პერსონაჟის ნატურაშია ჩანერგილი და მისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობს, რადგან მისი სხეულის სითბომ ლულები ვერ გაზარდა... ხოლო თუ მეორეზე გადავიტანთ აქცენტს, აქ პაციფისტთა სწორხაზოვანი იდეების და გავრცელებული კლიშეების (ლულაში გარჭობილი ყვავილი) ირონიზირებასთან უნდა გვქონდეს საქმე.
აღარ გავაგრძელებ სიტყვას რომანში გამოყვანილ სასულიერო პირებზე და საერთოდ რელიგიაზე, რაც ვიანს ფრანგული ეკზისტენციალიზმის ათეიზმთან აახლოებს. მხოლოდ ზოგადად ვიტყვი, რომ მწერლის მსოფლხედვა საოცარ რეზონანსში აღმოჩნდა სამოციანი წლების საფრანგეთის ახალგაზრდობის განწყობილებებთან და ამ პერიოდისათვის ვიანმა წინასწარმეტყველის როლიც კი შეასრულა და მისი შემოქმედება მყისიერად მისაღები და გულთან მისატანი აღმოჩნდა. სიახლეს მოწყურებულმა თაობამ აიტაცა მწერლის ელიტარული ნეგატივიზმი.
ბორის ვიანის შემოქმედებას რომ მხოლოდ ეს ისტორიული ღირებულება ჰქონოდა, იგი ისტორიასვე ჩაბარდებოდა, მაგრამ ლიტერატურის ისტორიკოსნი მას პაროდისტების იმ დიდ ოჯახს განაკუთვნებენ, რომელიც რაბლეთი იწყება და ჯოისით განსრულდება. ვაინთან პაროდიული თამაში შემთხვევით და ეპიზოდურ ხასიათს კი არ ატარებს, არამედ ტოტალური და მიზანმიმართულია. ლიტერატურის განვითარების შემდგომმა ტენდენციებმა სწორედ ასეთი მნიშვნელობა მიანიჭა ვიანის შემოქმედებას. "დღეთა ქაფში" ყველაფერი პაროდირებულია, რაც კი კლიშედ ქცეულა, ანდა ეს-ესაა გაქვავებას და ჭეშმარიტების გვირგვინით შემოსვას ლამობს. მწერალს აინტერესებს "რეალობასა" და "ლიტერატურას" შორის არსებული "ღრიჭოების" აღმოჩენა. და ამ ამოცანას იგი ნაირგვარ სტილზე ურთიერთგადამაშებებამდე მიჰყავს. შედეგად ვიღებთ ვიანისეულ მეტასტილს, რაც, ერთი მხრივ, ჟანრთა პირობითობების აღმოჩენა-მხილებას ემსახურება და, მეორე მხრივ, რეალობასაც უფრო სიღრმისეულად წარმოაჩენს. ამიტომ ტრაგედია უშუალოდ კი არ იშვის, არამედ ტრაგედიის თამაშის წიაღ. კლოეს დასაფლავება ასეა აღწერილი: "მებარგულები ერთ დიდ ორმოსთან შეჩერდნენ; Ala salade-ს (სიმღერა, რომელსაც მღერიან, როდესაც ვინმეს რაიმეში გახვეულს აქეთ-იქით აქანავებენ და შემდეგ წყალში მოისვრიან. შენ. 145) სიმღერით კლოეს კუბო გაიქნ-გამოიქნიეს და საკეტს თითი დააჭირეს. თავსახური აიხადა და რაღაცამ ჭახანი გაადინა ორმოში; ნახევრად გაგუდული მეორე მებარგული ადგილზე ჩაიკეცა, რადგან ღვედი საჭირო სისწრაფით ვერ მოიხსნა კისრიდან... უეცრად, რაღაც გორაკის უკნიდან ძველ, გაქონილ ტანსაცმელში გამოწყობილი მნუთე და შტიქროსანი გამოხტნენ და, მგლებივით აყმუვლებულებმა, ორმოში მიწისა და ქვების ჩაყრა დაიწყეს... შტიქროსანმა, მნუთემ და ორმა მებარგულმა ორმოს გარშემო ... რონდო დაუარეს, მერე უცებ ბილიკისკენ გაცვივდნენ და ბუქნა-ბუქნით გაუჩინარდნენ. მნუთე დიდ საყვირში უბერავდა და მკვდარ ჰაერში ჩახლეჩილი ბგერები ჟღერდა. მიწა ნელ-ნელა თავისთავად იყრებოდა და, ორი-სამი წუთის შემდეგ, კლოეს სხეული სრულიად გაუჩინარდა".
პირველი წაკითხვისას ძნელი გასარკვევიც კია, ეს კლოეს დასაფლავებაა თუ შავი იუმორი და დასაფლავობანას თამაში. "დღეთა ქაფის" მხატვრული სიახლეც ესაა: ტრაგედიის თამაში ხან მხოლოდ თამაშად გამოსჩანს და ხან ტრაგედიად და მკითხველში თანაგანცდის აღსაძვრელ ხერხად; ეს "ხან-ხან" არის სწორედ ის სიახლე, რომელსაც "მოციმციმე ესთეტიკას" უწოდებენ თეორეტიკნი და რომელმაც თავისი განვითარება პოსტმოდერნიზმის ლიტერატურაში ჰპოვა. ამგვარი სტილი არის ფორმალური "პრიომების" გადალახვის მცდელობა მათი მხილება-გაშიშვლების გზით. ასე განიძარცვება რომანტიკული საბურველისაგან სუგესტიური ლიტერატურისათვის ნიშანდობლივი გლობალური პირობითობები. ამასთან ერთად იგივე სტილი უარყოფს ტრადიციული ესთეტიკის პრინციპს, რომლის მიხედვითაც ხელოვნება რეალური ცხოვრების ასარკებაა.
მოკლედ, "დღეთა ქაფში" ერთმანეთს ერწყმის ლიტერატურის თამაშებრივი საწყისი და მისი (ლიტერატურის) მკითხველზე ემოციური ზემოქმედების მექანიზმი... ამ აზრით ვიანის რომანი არის "ტრაგედიის თამაშიც" და "თამაშის ტრაგედიაც". პოსტეპოქისათვის სწორედ ეს აღმოჩნდა ძვირფასი ვიანის შემოქმედებიდან: განსხვავებულ სტილთა მონტაჟის გზით იქმნება მეტასტილი, რომელიც, თავისი მრავალფეროვნებისა გამო, ნებისმიერი მხატვრული გადაწყვეტის ფუნდამენტურ პირობითობას წარმოადგენს. აქ კი უკვე პოსტმოდერნიზმის სიო უბერავს და ... უბერავს!
დაბოლოს, გულს რომ არ დამაკლდეს, მთარგმნელის დამსახურებაზეც ვიტყვი: მე არა მაქვს საშუალება დედანთან შედარებისა, მაგრამ მთავარია, რომ წიგნი ქართულად კარგად იკითხება და, თუ პაატა ჯავახიშვილის რედაქტორობით 90-იან წლებში გამომავალ "ახალი თარგმანების" ორ ნომერსაც გავიხსენებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბორის ვიანის "დღეთა ქაფი" ნამდვილად პროფესიონალი მთარგმნელის ხელში მოხვდა და ამით ბორის ვიანის მწერლური კარიერის დასაწყისში ზემოთ მინიშნებული ერთგვარი ლიტერატურული უიღბლობა, მისი ქართულად ამეტყველების შემდეგ, ნაწილობრივ მაინც, აღმოფხვრილია. მე კი მხოლოდ იმ ციტატების მოხმობა ვცადე, რომლებიც მწერლის რამდენიმე ნიშანდობლივ მხარეს წარმოაჩენდა, რადგან გამიგია, რომ ციტატის მარჯვედ მოხმობა საქმის ნახევარს უდრის. სიმარჯვეზე ვერას ვიტყვი, ხოლო საქმის ორივე ნახევარი ნამდვილად იქნება ვიანის სხვა თხზულებების თარგმნაც. ამ პირველ ქართულ გამოცემაში კი დახვეწილი ქართველი მკითხველი სათავისოს უჩემოდაც აღმოაჩენს.
© “წიგნები – 24 საათი”
No comments:
Post a Comment