Friday, July 10, 2009

ჰენრი დევიდ თორო - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა


1845 წელს 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ჰენრი დევიდ თორომ საზოგადოებისაგან, ხელისუფლებისგან, მთელი ამერიკული თუ არაამერიკული ცივილიზაციისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ტყეში გადასახლდა. უოლდენის ტბის მახლობლად ხის სახლის აშენებაში კონკორდელი ინტელექტუალები, მასავით მწერლები და ფილოსოფოსები ემერსონი, ჩანინგსი, ოლკოტი, ძმები კერპიკსები და სხვები ეხმარებოდნენ. ყველანი ერთად (მათ გარდა, მარგარეტ ფულერი, ფრედერიკ ხეჯი, ბრაუნსონი და სხვები) ტრანსცენდენტალისტებად იწოდებოდნენ.
მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულებში კონკორდში, უმეტესად ხელოვანი ხალხით დასახლებულ კოლონიაში, საინტერესო პროცესები ხდებოდა. ახალ ინგლისში პურიტანიზმის მძიმე გავლენას და ამერიკულ მატერიალიზმს ტრანსცენდენტალისტთა დაჯგუფება დაუპირისპირდა, ადამიანის ,,დაცემულ” ბუნებას შეღავათიანი ხედვით შეხედა და საკუთარი ძალების რწმენის იდეა (selfreliance) დაამკვიდრა; პიროვნება, ინდივიდუალობა, მისი უფლებები, მისი სინდისი ღვთაებრივ ფენომენად გამოაცხადა. ესენი იმ- და შემდეგდროინდელი ამერიკისათვის ბევრ მძაფრ საკითხს წამოწევენ: რასიზმს, მონობას, ქალთა უფლებებს, გადამეტებულ მატერიალიზმს და ა.შ. ამერიკელ ტრანსცენდენტალისტთა იდეალიზმმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა განდიზე და ტოლსტოიზეც.
ამ გავლენის კვინტესენციას თოროს ერთი ბრწყინვალე ესე წარმოადგენდა: ,,სამოქალაქო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა” (1848) (თავიდან ასე ერქვა), რომელიც ხელისუფლებისადმი არაძალადობრივი წინააღმდეგობის კატეხიზისად იქცა.
თორო 1817 წელს მასაჩუსეტში, კონკორდში დაიბადა და ჰარვარდში გატარებული ოთხი წლის გარდა, მთელი ცხოვრება იქ გაატარა. დაახლოებით 1836 წელს ტრანსცენდენტალისტებს შეუერთდა, და მათი რელიგიური ფილოსოფიის ერთ-ერთი განმსაზღვრელი წევრი გახდა. 1842-43 წლიდან გადასახადებს პრინციპულად არ იხდიდა. ტყეში ცხოვრების (1845-1847) ორნახევარი წელიწადი აღწერა თავის ცნობილ ,,უოლდენში” (1854). ემერსონი მასზე წერდა: ,,არ იცოდა არც ერთი ხელობა, არ ჰყავდა ცოლ-შვილი, მარტოობა ყველაფერს ერჩივნა, არ დადიოდა ეკლესიაში, პრინციპულად არ მონაწილეობდა არჩევნებში და არ იხდიდა სახელმწიფო გადასახადს, არ ჭამდა ხორცს, ღვინოს პირს არ აკარებდა, თამბაქო არც კი გაუსინჯავს, და, მიუხედავად იმისა, რომ ნატურალისტი იყო, ბუნებაში ყოფნისას არც ხაფანგი დაჰქონდა თან და არ თოფი. უთუოდ ბრძნულად აირჩია, რომ მხოლოდ აზროვნებისა და ბუნების ამარა დარჩენილიყო. ქონების დაგროვების არავითარი უნარი არ ჰქონდა, მაგრამ ის კი იცოდა, როგორ ყოფილიყო ღარიბი ისე, რომ არც ჭუჭყში ეცხოვრა და არც გარეგნობაზე დასტყობოდა...” ემერსონი იმასაც კი წერდა, რომ ტოროს თევზები ხელებში თავისით უცურდებოდნენ, მელიები კი მონადირეებს მის ქოხში ემალებოდნენო.
თორომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ესე დაწერა, რომელთა მკითხველი შეიტყობს, რომ სხვა ადამიანების უუფლებობასთან, ხელისუფლების უზნეობასთან შეგუება, ,,უპრინციპო ცხოვრება”, ,,ღვთაებრივი ადამიანისგან ეშმაკეულის” ქმნაა. თოროს ცხოვრება სიმართლის და თავისუფლების მაძიებლობის ერთი უკომპრომისო გზა იყო, რომელიც მწერალმა სადად და მხნედ განვლო.
ტექსტი იბეჭდება შემოკლებით.


ჰენრი დევიდ თორო

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა


[1] მთელი არსებით ვეთანხმები ამ გამონათქვამს, - ,,საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს”; მინდა, რაც შეიძლება მალე და სისტემურად ვიხილო იგი განხორციელებული. განხორციელებულს კი, საბოლოო დედააზრად ეს ჰქოდეს: ,,საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც საერთოდ არ მართავს”. როცა ადამიანები ამისთვის მზად იქნებიან, ხელისუფლებაც ასეთი ეყოლებათ. საუკეთესო შემთხვევაში, ხელისუფლება სხვა არაფერია, თუ არა მიზანშეწონილება; მაგრამ ხელისუფლებათა უმეტესობა – როგორც წესი, და უკლებლივ ყველა ხელისუფლება კი - ხშირად, სრულიად მოკლებულია მიზანშეწონილებას;
[2] რაზე დგას ეს ამერიკული ხელისუფლება, თუ არა მხოლოდ ტრადიციაზე, და ისიც მოძველებულ ტრადიციაზე, რომელიც ცდილობს შთამომავლობას უცვლელად გადაებაროს, მაგრამ მის მთლიანობას ყოველ წუთს რაღაც აკლდება? ერთი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა და ძალაც კი არ გააჩნია, რადგან ერთ ცალკეულ ადამიანსაც შესწევს იმის ძალა, რომ იგი მოდრიკოს და თავისი მოსაზრებისამებრ მოაქციოს. თუმცა, ამის გამო მის საჭიროებას არა აკლდება, რადგან ადამიანებს აუცილებლად უნდა გააჩნდეთ რთული მექანიზმი, მისი ცხოველქმედების ხმა უნდა ესმოდეთ, რათა ხელისუფლების ყოლის თანდაყოლილი მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ. ხელისუფლება ხომ სწორედ ასე ამტკიცებს, რა კარგად ადგება იგი ადამიანთა საჭიროებებს, თავად ადამიანებსაც რა კარგად ადგება კისერზე უღელად - თითქოს მათსავე სასიკეთოდ. ეს შესანიშნავია, ამაში ყველანი უნდა დავეთანხმოთ. ხელისუფლება ისე არაფერს ითავებს, თუ მონდომება მისივე ზნით და წესით დაწყებულ საქმეს არ მოახმარა.
[3]. მაგრამ ჩვენ საქმეს საქმიანად მივუდგეთ, როგორც მოქალაქეს შეშვენის, და არა იმათსავით, ვინც თავს მსგავს საკითხებზე ფიქრით არ იმძიმებს, და მაშინ ვიტყვი, რომ მე უხელისუფლებობას კი არა, უკეთეს ხელისუფლებას ვითხოვ. გააგებინეთ თითოეულ ადამიანს, როგორი ხელისუფლება სცემს მას პატივს, და პირველი ნაბიჯი გადადგმული იქნება.
[4]. ხელისუფლება, რომლის უმრავლესობა ყველა ვითარებაში მართავს, სამართლიანობის პრინციპებს არ ემყარება, და ეს ადამიანური გაგებითაც კი ასეა. შეიძლება კი არსებობდეს ისეთი ხელისუფლება, სადაც მართალი და მტყუანი უმრავლესობის ძალით კი არა, სინდისით განისჯება? ან, რომლის უმრავლესობაც მხოლოდ იმ საკითხებს გადაწყვეტს, რომლებიც მხოლოდ მიზანშეწონილებით იქნება ნაკარნახევი? განა შეიძლება, რომ მოქალაქემ როდესმე, თუნდ ერთი წუთით, სულ მცირე ხნით, საკუთარ სინდისზე უარი თქვას და კანონმდებელს მიაბაროს? მაშ თითეულ ადამიანს სინდისი რაღად უნდა? მე კი მგონია, რომ ჯერ კაცნი უნდა ვიყვნეთ, ადამიანები, და ქვეშევრდომნი კი მხოლოდ ამის შემდეგ. არც კანონის განდიდება, მისადმი მოწიწება გვმართებს ისე, როგორც უფლებებისადმი. ერთადერთი ვალდებულება, რომელიც გამაჩნია, - და მე უფლებას ვიტოვებ, ასე ვიფიქრო, - ისაა, რომ მუდამ იმას ვაკეთებდე, რაც სწორად თავად მიმაჩნია. უკვე საკმარისად ბევრია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ კორპორაციას სინდისი არ გააჩნია; მაგრამ სინდისიერ კაცთა კორპორაცია ხომ სინდისიერი კორპორაციაა. კანონს ადამიანი უფრო სამართლიანი ჯერ არასდროს გაუხდია; პირიქით, მისდამი მორჩილებით ყველაზე თვალსაჩინო ადამიანებიც კი ყოველდღიურად უსამართლობას ამრავლებენ. კანონის გადამეტებული მორჩილების ბუნებრივი შედეგი კი ისაა, რომ ჯარისკაცები, და მათზე მდგომი სამხედრო პირები, რიხიანად მიაბიჯებენ საომრად, საკუთარი ნების წინააღმდეგ, საღ აზრზე და სინდისზე გადაბიჯებით. იმათ ხომ არც იციან, რომ დაწყევლილ საქმეში მონაწილეობენ, იმათ ხომ ყველას მშვიდობა უნდათ. მხოლოდ ერთეულები - გმირები, პატრიოტები, წმინდანები, ფართო გაგების რეფორმატორები არიან ის ხალხი, ვინც სახელმწიფოს თავიანთ სინდისს ამსახურებენ. გონიერი ადამიანი მხოლოდ მისი კაცებრივი თვისებებით შეიძლება იყოს სასარგებლო, საზარბაზნე ხორცად, უსულო ნივთივით მისი გამოყენება [არ შეიძლება].

,,მე ღვთის შვილი ვარ, ღვთაებრივი წარმოშობის,
მე ვერავინ დამისაკუთრებს.”

[7]. მაშ როგორ უნდა მოიქცეს დღეს ადამიანი ამერიკის ხელისუფლების მიმართ? გიპასუხებთ: თუ მასთან კავშირზე უარი არ თქვა, პატივის აყრას ვერ გადარჩება. ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, როგორიც ჩემი მთავრობაა, რომელიც თან ,,მონების მთავრობაცაა”, მე ერთი წუთითაც ვერ ვაღიარებ.
რევოლუციის მოხდენის, ანუ ხელისუფლებისადმი მორჩილებაზე უარის თქმის და მის წინააღმდეგ აღდგომის უფლებას ყველა აღიარებს, თუ ხელისუფლების ტირანია და მართვის უუნარობა ზღვარს აჭარბებს და ხალხისთვის აუტანელი ხდება., მაგრამ თან ყველა ამბობს, თითქოს ახლა მსგავსი ვითარება არ გვაქვს, თუმცა კი თვლიან, რომ 75 წლის რევოლუციამდე მდგომარეობა ასეთი იყო.
ხახუნი და წინააღმდეგობა ყოველი მექანიზმის მუშაობას თან ახლავს, მაგრამ შესაძლოა, თავად მექანიზმის მუშაობის შედეგი ღირდეს ამად, და მისი ნაკლი გადასწონოს. ასეა თუ ისე, ყურადღების მხოლოდ ხახუნზე გამახვილება დიდი ბოროტება იქნებოდა. მაგრამ თუ ხახუნი მთელს მანქანას მოედება, ადამიანების დათრგუნვას და ძარცვას დაიწყებს, მაშინ ვიტყვი, რომ ასეთ მანქანაზე უარი გვაქვს სათქმელი. სხვაგვარად მოგახსენებთ: როცა იმ ერის ერთ მეექვსედს, რომელსაც თავი თავისუფლების ნავსაყუდელად გამოუცხადებია, თავად იმონებენ, მთელი ქვეყანა კი მომხდურის ბოგინსა და უცხო ჯარისაგან ძარცვას უნდა შეეგუოს, და საომარი დროის კანონებს უნდა დაემორჩილოს, მაშინ, ასე მგონია, პატიოსან ადამიანს წინ აღდგომის, ამბოხის დრო უდგება. ამ მოვალეობის აღსრულებას მნიშვნელოვნებას კიდევ უფრო მეტად ის ფაქტი ჰმატებს, რომ დაპყრობილი ქვეყანა ჩვენი ქვეყანა არაა, ჩვენი - დამპყრობთა ჯარია მხოლოდ.
[9] ფეილი, ზნეობის საკითხების დიდი გამგე და ავტორიტეტი თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში: ,,სამოქალაქო ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების მოვალეობა” მოქალქეობრივ ვალს მიზანშეწონილებამდე ამცრობს, და აცხადებს: ,,სანამ ამას მთელი საზოგადოების ინტერესები მოითხოვს, ანუ სანამ არჩეული ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ან შეცვლა საზოგადოებისათვის ცხოვრების გაურთულებლად შეუძლებელია, ხელისუფლების მორჩილება თავად ღვთის ნებაა, მაგრამ მხოლოდ აქამდე. ამ პრინციპის მიდევნება მხოლოდ იმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, თუ როგორ შედეგს გამოიღებს, რა სახის დანაკარგის და ხიფათის შემცველია წინააღმდეგობის გაწევის ყოველი კერძო შემთხვევა, რაც თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს.” მაგრამ, როგორც ჩანს, ფეილი იმგვარ შემთხვევებზე არ დაფიქრებულა, რომელთა მიმართ მხოლოდ მიზანშეწონილების მისადაგება შეუძლებელია, როცა ხალხმაცა და ცალკეულმა ადამიანებმაც, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, სამართალი უნდა აღასრულონ. თუ დასახრჩობად განწირულ კაცს ხის მორი უსამართლოდ წავართვი, უნდა დავუბრუნო, თუნდ მერე თავად დავიხრჩო. ფეილის ნათქვამს თუ მივყევით, ასეთი საქციელი ადამიანს თურმე ზედმეტ თავსატეხს უჩენს. მაგრამ ვინც თავის გადარჩენას ამგვარად ფიქრობს, დაიღუპავს მას.
[10] მე შორეულ მტრებს კი არ ვებრძვი, არამედ იმათ, ვინც აქვე გვყავს, და თავიანთი უმოქმედობით იმათ, შორეულთ, სამოქმედოდ ხელ-ფეხს უხსნიან; ვისაც ხშირ-ხშირად უყვარს გამეორება, რომ ხალხის მასები ჯერ მოუმზადებელია; მაგრამ უკეთესობას პირი არ უჩანს, რადგან ისინი, მცირენი, იმათზე გონიერები არ გახლავან, ვისაც მრავლობით მოიხსენიებენ. დიდი მნიშვნელობა არც იმას აქვს, რომ ბევრი იმათგანი შენსავით კარგი და კეთილია, რადგან სადღაც აბსოლუტური სიკეთეც უნდა არსებობდეს, რომელთან შედარებით ყველაფერი წუმპედ გამოიყურება. ათასობით კაცი მეგულება, ვინც შეხედულებებით მონობის და ომის წინააღმდეგია, მაგრამ მათს აღმოსაფხვრელად თითსაც არ ანძრევს; ვინც თავს უოშინგტონის და ფრანკლინის სულიერ შვილებად თვლის, მაგრამ გულხელდაკრეფილები სხედან; ამბობენ, რომ იციან, რაცაა საკეთებელი, მაგრამ არაფერს აკეთებენ; ვისაც თავისუფლების საკითხი სამომავლოდ, თავისუფალ ვაჭრობაზე მსჯელობის დრომდე გადაუდვია, ახლა კი, ნასადილევს, მშვიდად კითხულობენ ახალი ფასების მონაცემებს, მექსიკიდან მოსულ ახალ ამბებთან ერთად, და ალბათ, ერთნიცა და მეორენიც თვლემას ჰგვრით. როგორია დღეს პატიოსანი კაცის და პატრიოტის ფასი? ზნეობის ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტ მცველზე ერთი ზნეობრივი ადამიანი მოდის. მაგრამ მოლაპარაკება ხომ ერთი ნამდვილ მფლობელთან უფრო გონივრულია, ვიდრე დანარჩენ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტთან, ვის ხელშიც მოლაპარაკების საგანს მხოლოდ გაუვლია.
ყველა ყაიდის კენჭისყრა თავისებური თამაშია, შაშივითაა, ზნეობის თვალისასახვევი მოვარაყებით; ზნეობის საკითხებით იქ მხოლოდ თამაშობენ, ვითომ მტყუან-მართალს არჩევენ, და ბუნებრივია, სადაც თამაშია, იქ ფსონების დადებაც ჩვეულებრივი ამბავია. ხმის მიცემა ცალკე საკითხია. ხმა, ალბათ, ისე უნდა მივცე, როგორც საჭიროდ მიმაჩნია, მაგრამ სასიცოცხლოდ დაინტერესებული კი არ ვარ, რომ ჩემი უფლება შეურყვნელი იყოს. ამ უფლებას მე უმრავლესობას ვანდობ. მას კი თავის ვალად ის მიაჩნია, მიზანშეწონილების კარნახს არ გადაუხვიოს. მართებული საქმისთვის მხოლოდ ხმის მიცემა თვით საქმეს არაფერს ჰმატებს. ეს მხოლოდ თქვენი სურვილის უღიმღამო გამჟღავნებაა, რომ ამა თუ იმ საქმის გამარჯვებას ემხრობით. გონიერი კაცი საგულშემატკივრო საქმეს შემთხვევას არ მიანდობს, და არც უმრავლესობის ღონით ისურვებს მის შესრულებას. მასების ნამოქმედარს მუდამ სიქველე აკლია.
[14]. პატრიოტიზმის ნაკლებობას ყველაზე ხშირად უკეთილშობილეს ადამიანებს აბრალებენ ხოლმე. მაგრამ ისინი, ვინც ხელისუფლებას ნაბიჯებს არ უწონებენ, მაგრამ ერთგულებას და მხარდაჭერას არ აკლებენ... ცვლილებების უდაოდ ყველაზე დიდი ხელისშემშლელები არიან.
[15]. განა შეიძლება, რომ ადამიანი მხოლოდ აზრის გამოთქმას და კამათს სჯერდებოდეს? განა ეს საქმე მცირედ სიამოვნებას მაინც მოუტანს, თუკი თავს მოტყუებულად გრძნობს? მეზობელმა რომ დოლარი წაგართვათ, მხოლოდ იმის გააზრებაზე შეჩერდებით, რომ მეზობელმა მოგატყუათ, გულს ამის მოყოლით მოიფხანთ, თუ ჭოჭმანს განზე გადადებთ, ვალის დაბრუნებას მოსთხოვთ, და დაანახებთ, რომ თავს მეორედ აღარასოდეს მოატყუებინებთ? პრინციპებით მოქმედება, სამართლიანობის გააზრება და ძიება მოვლენებსა და ურთიერთობებს ძირფესვიანად ცვლის; - სწორედ ესაა რევოლუციური აზროვნება, და არა წარსულის მონარჩენით შეკოწიწებული მცდელობები; მან ერთმანეთისგან მხოლოდ სახელმწიფოები და ეკლესიები კი არა, ოჯახები დაჰყო, ისევე ჰყოფს ორად ადამიანსაც, და ღვთაებრივისაგან ეშმაკისეულს განაშორებს.
[16] არსებობს უსამართლო კანონები: მათს მორჩილებას უნდა დავჯერდეთ, თუ ყველაფერი ვიღონოთ, რომ მათ გაუქმებას მივაღწიოთ, იქამდე კი სანამ კანონობენ, დავემორჩილოთ, თუ იქნებ დავარღვიოთ? როგორც წესი, ასეთი ხელისუფლების შემხედვარე, როგორიც ჩვენ გვყავს, ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ შესაცვლელად იქამდე უნდა დაიცადონ, სანამ უმრავლესობაში არ აღმოჩნდებიან; იმასაც ფიქრობენ, რომ არსებულ ვითარებას შეებრძოლებიან, წამალი საწამლოზე უარესი შეიძლება აღმოჩნდეს. ხელისუფლებას ეს ხელს აძლევს. მაგრამ წამალი რომ საკურნავ ბოროტებაზე უარესია, ამაში თვით ხელისუფლებაა დამნაშავე. განა მთავრობას ბოროტების წინდაწინ განჭვრეტა და რეფორმების გატარება არ უნდა შეეძლოს? ან გონიერი უმცირესობის დაფასება არ მოეთხოვება? რატომ ტირის და ჭირვეულობს დროზე ადრე, სანამ ნამდვილი ტკივილები დაეწყება? საკუთარ მოქალაქეებს თავად რად არ უბიძგებს, რომ მის შეცდომებზე მიუთითონ, რათა შემდეგ მათი გამოსწორება შესძლოს? რატომ ხდება ყოველთვის, რომ ხელისუფლება ქრიტეს ჯვარს აცვამს, კოპერნიკს და ლუთერს ეკლესიიდან განკვეთს, უოშინგტონს და ფრანკლინს შფოთისთავებად აცხადებს?
[17]. ისე ჩანს, რომ ხელისუფლების შეგნებული და ქმედითი უარყოფა ერთადერთი რამაა, რაზეც მთავრობები არასდროს ფიქრობენ და მოელიან. ასე რომ არ იყოს, განა საამისოდ შესატყვის და შესაბამის სასჯელს არ დააწესებდნენ?
[18]. თუ უსამართლობას სახელისუფლებო მანქანის გარდაუვალ ხახუნად ჩავთვლით, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს. რაც უნდა უხმაუროდ იმუშაოს იმ მანქანამ, ბოლოს, თქმა არ უნდა, მაინც გაცვდება. თუ უსამართლობა მისი მექანიზმის არსად გადაიქცევა, და მხოლოდ საკუთარი თავის სასიკეთოდ იმუშავებს, ალბათ, მაინც ღირს დაფიქრება. წამალი უფრო საზიანოა, ვიდრე ბოროტება, მაგრამ თუ ეს მანქანა, ყველა სიკეთესთან ერთად, სხვათა მიმართ უსამართლობის ჩადენასაც მოგთხოვთ, მაშინ, ვამბობ მე, კანონი უნდა დავარღვიოთ. მაშინ თქვენი ცხოვრება ხახუნის შეჩერების დაუსრულებელ მცდელობად უნდა იქცეს. ყოველ შემთხვევაში, კაცი იმ ბოროტებას არ უნდა ემსახუროს, რომელსაც თავად გმობს.
[20]. ასე მგონია, რომ თუ საქმეში ღმერთის შეწევნა იქნა, უკეთესი დახმარების მოლოდინი არც ეგების. მეტსაც ვიტყვი, ყოველი კაცი, რომელიც თავის გარემოცვაზე მართალია, უკვე თავისთავად გახლავთ უმრავლესობა.
[21] დარწმუნებული ვარ, ათასმა, ან ასმა, თუნდაც ათმა პატივსაცემმა ადამიანმა მასაჩუსეტსის შტატიდან - რომელთა ჩამოთვლა სახელებითაც შემიძლია - მონების ყოლაზე უარი რომ თქვას, და ამის გამო საზოგადოებამ მოიკვეთოს, შტატის ციხეში გამოამწყვდიოს, ამერიკაში მონობა უკვე ამის წყალობით გაუქმდებოდა. ასეთ საქმეებში, რაგინდ უმნიშვნელო დასაწყისიც არ უნდა უჩანდეთ, ერთი ანგარიშგასაწევი კანონზომიერება მოქმედებს: რაც ერთხელ მომხდარა, შემდეგ სამუდამოდ დამკვიდრებულა. ჩვენ კი საკუთარ ხვედრს მხოლოდ სიტყვით ვუჩივით.
[22] იმ მთავრობის ხელში, რომელიც ადამიანებს უსამართლოდ აპატიმრებს, მართალი კაცის ადგილიც ციხეშია. დღეს ერთადერთი შესაფერი ადგილი, რომელიც მასაჩუსეტსმა ყველაზე თავისუფალ და დაუთრგუნველ სულებს მიუჩინა, მისი ციხეებია. სადაც შტატს მათი გამწესება საკუთარი კანონმდებლობის თანახმად შეუძლია, და სადაც ისინი საკუთარი პრინციპების გამოისობით უკვე აღმოჩნდნენ გამომწყვდეულნი. სწორედ იქ შეიძლება შეხვდნენ გაქცეულ მონას, მექსიკელი სამხედრო ტყვესა და ინდიელს, თავისი მოდგმის მიმართ ჩადენილ უკეთურებებს რომ არ ეპუება - საგანგებოდ გამოცალკევებულ და შემოსაზღვრულ, მაგრამ უფრო თავისუფალ და საპატიო, ღირსეულ ადგილას, სადაც სახელმწიფო იმათ ამწყვდევს, ვინც მასთან ერთად არ არის, მონობის მაღიარებელი შტატის ერთადერთ სახლში, სადაც ადამიანს თავის ღირსებასთან გაყრა არ ემუქრება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ხალხი ასე გავლენას დაკარგავს, მათი ჩახშული ხმა კი ხელისუფლების ყურთასმენას აღარ შეაწუხებს, რომ მათ, ოთხ კედელში გამომწყვდეულებს, მოწინააღმდეგე მტრად აღარ მოიხსენიებს, მწარედ შემცდარა. ასეთ კაცს არ ესმის, რამდენად ძლიერია სიმართლის ძალა, ან უსამართლობაზე რამდენად მეტი ძალა გააჩნია იმის იერიშს, ვისაც იგი საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი. ხმის მიცემისას მხოლოდ ქაღალდი კი არა, მთელი თქვენი ძალა მიეცით, გავლენა მოიკრიბეთ. უმცირესობა მანამაა უძლური, სანამ უმრავლესობასთან შემგუებლობას სჯერდება. ასეთ შემთხვევაში მას უმცირესობასაც ვერ დავარქმევ; მაგრამ როცა მთელი თავისი წონით იწყებს ზეწოლას, წინ უკვე ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება; თუ საქმე არჩევანზე მიდგება, და საქმე ციხეებში მათს გამწესებასა და ომის თუ მონობის აღმოფხვრას შორის ასარჩევად ექნება, ხელისუფლება ჭოჭმანს არ დაიწყებს. წელს გადასახადების გადახდაზე უარი ათასიოდე კაცს მაინც რომ ეთქვა, გადასახადების აკრეფვას ისეთი სისხლიანი და დაუნდობელი მოვლენები არ მოყვებოდა, როგორც ახლა. როცა გადასახადებს იხდიან, მთავრობას ძალადობის საქმნელად და უდანაშაულოთა სისხლის საღვრელად ხელ-ფეხს უხსნიან. სინამდვილეში სწორედ ესაა მშვიდობიანი რევოლუცია, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთს შესაძლებლად ჩავთვლით. გადასახადების ამკრეფმა, ან სხვა სამოქალაქო მოხელემ რომ მკითხოს, მაშ, როგორღა მოვიქცეთო, ვუპასუხებდი: ,,თუ მართლა გინდა საქმის კეთება, მაშინ სამსახურზე უარი თქვი”. როცა ქვეშევრდომი მორჩილებაზე უარს იტყვის, მოხელე სამსახურიდან გადადგება, რევოლუციაც შედგება. მოსალოდნელ სისხლისღვრაზე ვინ ფიქრობს, როცა სინდისია დაჭრილი? ასეთ ჭრილობებზე დგას ნამდვილი ადამიანობა და სულის უკვდავება.
[23] კანონის დამრღვევის დასჯის წესზე ვფიქრობდი, და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ციხის პატიმრობა მისთვის უფრო მძიმე სასჯელი იქნება, ვიდრე საკუთრების ჩამორთმევა, რადგან, იმის მიუხედავად, რომ ორივე ერთ მიზანს ემსახურება, სახელმწიფოსთან შესაბმელად საჭირო გაბედულების მქონე ადამიანები, ჩვეულებრივ, ქონების დაგროვებაზე დროს არ კარგავენ. ასეთი ხალხისთვის ხელისუფლება მხოლოდ უმნიშვნელო ადგილებს იმეტებს ხოლმე. სულ სხვაა მდიდარი - დამამცირებელი შედარების სურვილი არ მქონია, მაგრამ ასეთი კაცი ყოველთვის იმ ინსტიტუციებსაა მიყიდული, რომელთა წყალობითაც მდიდრდება. რომ განვაზოგადოთ, რაც მეტია ფული, მით ნაკლებია სიქველე; რადგან ფული ადამიანსა და მის პირველდანიშნულებას შუა დგება, აქედან კი ვერარა სიქველე ვერ წამოდგება. ფული კაცს ბევრ თავსატეხს აკლებს, მაგრამ მათს მქონებელს სხვა რიგის კითხვები უჩნდება, რომლებიც, თავისთავად ადვილი საპასუხო არ გახლავთ, თუმცა პასუხის გაცემას კი მოითხოვს.
[24] როცა ჩემს მეზობლებში ყველაზე თავისუფალი აზროვნების მქონეთ ვესაუბრები, კარგად ჩანს, რომ რაც უნდა მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხზე მსჯელობდნენ, ხელისუფლების მხარდაჭერისა და დაცვის გარეშე დარჩენა აშინებთ და იმ შედეგებს უფრთხიან, რომლებიც შეიძლება თავად და მათმა ოჯახებმა დაუმორჩილებლობის პასუხად მოიმკან. მე თვითონ ისე მგონია, რომ მთვარობის ხელის შემყურე და მისი მფარველობის მაძიებელი არასდროს ვიქნები. მაგრამ თუ ხელისუფლების საგადასახადო დეკლარაციის ხელმოწერაზე უარს ვეტყვი, საკუთრებას უსწრაფესად ჩამომართმევს, ხოლო მე და ჩემს შვილებს შევიწროვებით სულს ამოგვხდის. ადამიანისთვის პატიოსნად, და თან კეთილდღეობაში ცხოვრება, გარშემომყოფთა პატივისცემის შენარჩუნება, შეუძლებელია. მაშ ღირს კი ქონების დაგროვება, თუ იცი, რომ მას აუცილებლად დაკარგავ? სრულიად აუცილებელია დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ცხოვრება, ისე, რომ არც ბევრი საქმე გქონდეს საკეთებელი და თან ყოველ წუთს ადგილიდან დასაძვრელად და ახალი ადგილის საძებრად მზად უნდა იყო. ადამიანი სიმდიდრეს თურქეთშიც კი მოიხვეჭს, თუ თურქეთის მთავრობას ყველა თვალსაზრისით კეთილგონიერ და სანდო ქვეშევრდომად შეუდგება. კონფუციუსი ამბობს: ,,როცა სახელმწიფო გონიერებით იმართება, სიღარიბე და გაჭირვება სამარცხვინოა; თუ სახელმწიფოს უგუნურება მართავს, სამარცხვინოდ სიმდიდრე და პატივი იქცევა.” ხელისუფლების დაუმორჩილება და ამისთვის სასჯელის მიღება ხომ ისე ძვირი არ დამიჯდება, როგორც მორჩილება. ამ შემთხვევაში თავს ხომ არარაობად ჩავთვლიდი.
[25]. რამდენიმე წლის უკან სახელმწიფომ ეკლესიის სახელით მომმართა და სასულიერო წოდების წარმომადგენელთა მოსაკრებელში გარკვეული თანხის გადახდა მომთხოვა. ,,გადაიხადე”, მითხრა, ,,თორემ ციხის გზას გაგიყენებ!” მე გადახდაზე უარი ვთქვი. მაგრამ, სამწუხაროდ, ერთმა ადამიანმა ის თანხა ჩემს მაგიერ გადაიხადა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადოს სკოლის მასწავლებელმა გადასახადი მღვდლის სასარგებლოდ; რატომ არ შეიძლება სასულიერო წოდება დაეხმაროს მასწავლებელს.
[26]. საშემოსავლო გადასახადს ექვსი წლის განმავლობაში არ ვიხდიდი. ერთხელ ამის გამო ერთი ღამით ციხეში ჩამსვეს; სანამ ორი თუ სამი ფუტის კედლებს შორის მივდი-მოვდიოდი, ლითონით ნაჭედ უსქეს კარს და რკინის გისოსებს ვათვალიერებდი, რომლებიც ჩემს საკანში დღის სინათლეს არ უშვებდნენ, ჩვენი საზოგადოებრივი ინსტიტუციების სიბრიყვეზე ფიქრი არ მშორდებოდა; მაშ მათთვის ხორცის ერთი ნაგლეჯი ვყოფილვარ, სისხლის და ძვლის ტომარა, რომელიც შეიძლება ოთხ კედელს შუა გამოკეტონ; მიკვირდა, რომ ჩემთვის ამაზე უკეთესი დანიშნულება ვერ მოიგონეს, უფრო გონივრულად ვერ გამომიყენეს. ჩემსა და ჩემს თანამოქალაქეებს შორის მხოლოდ ეს ერთი კედელი რომ ყოფილიყო აღმართული, დიდი გაჭირვებით კედელზე გადმოძრომა ან მისი გარღვევა მოუხდებოდათ, რომ ისეთი თავისუფლება ეგემნათ, როგორიც მაშინ მე გამაჩნდა. პატიმრად თავი ერთი წუთითაც კი არ მიგრძვნია, ის კედლები კი - მისი ქვა და კირი ამშენებლებს სულ ტყუილად დაეხარჯათ. თავს ისე ვგრძნოდი, თითქოს მთელს ქალაქში გადასახადების ერთადერთი გადამხდელი ვყოფილიყავი. არავინ იცოდა, რა მოეხერხებინათ ჩემთვის, როგორ მომპყრობოდნენ, ამიტომ ისე იქცეოდნენ, როგორც სრული ყეყეჩები. ყოველ მუქარასა და ყოველ ქათინაურში შეცდომა მოსდიოდათ, რადგან რატომღაც გადაეწყვიტათ, რომ ყველაზე მეტად იმ ქვის კედლის მიღმა დგომა მსურდა. მეცინებოდა, როცა ვფიქრობდი, რა გულმოდგინედ ურაზავდნენ საკნის კარს ჩემს ფიქრებს, რომლებიც ციხის გარეთ ლაღად და დაუბრკოლებლად დანავარდობდნენ, არადა, ჩემგან ყველაზე დიდ ხიფათს სწორედ ის ფიქრები უქმნიდნენ, სხვა კი არაფერი. რაკი მე ვერ მომწვდნენ, სხეული დამიპატიმრეს და მისი დასჯა გადაწყვიტეს; განა ბიჭებიც ასე არ იქცევიან ხოლმე, როცა იმის მაგიერ, ვისი ბოღმაც გულში ჩაუდვიათ, მის ძაღლს ერჩიან ხოლმე? მაშინ ცხადად დავინახე, რომ სახელმწიფოს ჭკუასუსტობა დამართნოდა, რომ ისეთივე უსუსური გამხდარიყო, როგორც ვერცხლის კოვზების ამარა დარჩენილი შინაბერა, მტერს და მოყვარეს ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებდა; მაშინ იყო, რომ პატივისცემის ის მონარჩენიც დამეკარგა, რომელიც მის მიმართ კიდევ მქონდა შერჩენილი, და შემებრალა.
[27]. ამიტომაა, რომ სახელმწიფო ადამიანის ცნობიერებას, გონების მოღვაწეობასა თუ ზნეობრივ გრძნობას ვერაფერს უპირისპირებს, ხელი მხოლოდ მის სხეულსა და შეგრძნებებზე მიუწვდება. არც გამჭრიახობა აქვს იარაღად და არც პატიოსნება, ადამიანს მხოლოდ ფიზიკური ძალით აღემატება. ოღონდ მე იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ძალა დამატანონ. მე თავისუფლად უნდა ვისუნთქო, ისე, როგორც თავად მსურს. შევეჭიდოთ, ვნახოთ, ვის დარჩება გამარჯვება. განა რა ძალა აქვს უმრავლესობას? ხერხად მხოლოდ ძალადობა დარჩენიათ, მაგრამ მე უზენაეს კანონებს ვემორჩილები. ძალადობენ, და უნდათ, საკუთარ თავს დამამსგავსონ. ან როგორ ცხოვრებას მთავაზობენ? თუ სახელმწიფო გზაზე გადამიდგა და მეუბნება: ,,ფული ან სიცოცხლე”-ო, ვითომ ხელი მაშინვე ჯიბეზე უნდა გავიკრა? თუ გონება ამღვრევია, და აღარ იცის, რა მოიმოქმედოს, მე მანდ ვერაფრით დავეხმარები. საკუთარ თავს თავად უნდა შველოდეს, ისე, როგორც მე ვიქცევი. საზოგადოებრივი მექანიზმის უხინჯო მუშაობაზე პასუხს მე არ ვაგებ; ინჟინრის შვილიც კი არ გახლავართ.
[36]. საგზაო გადასახადის გადახდაზე უარი არასდროს მითქვამს, რადგან ჩემი მეზობლებისთვის კარგი მეზობლობის გაწევა სწორედ იმდენადვე მსურს, როგორც სახელმწიფოს ურჩი ქვეშევრდომობა. რაც შეეხება სკოლების დახმარებას, ჩემი წვლილი თანამემამულეთა განათლების საქმეშიც შემაქვს, მაგრამ სულობრივ გადასახადს მაინც არ გადავიხდი, რადგან არ ვიცი, რა გზას გაუყენებენ ჩემს დოლარს. აქ სახელმწიფოს ნებას არ დავყვები, მისგან გამოკერძოვება და განზე გადგომა მსურს. იმ დოლარის გზაც არ მაინტერესებს - სანამ ჯარისკაცის დასაქირავებლად არ გამოუყენებიათ, ან მუშკეტი არ უყიდიათ, დოლარი სუფთაა, მაგრამ, სამწუხაროდ, თვალის გადევნება მხოლოდ ჩემი დაუმორჩილებლობის შედეგებისთვის შემიძლია. არსებითად, სახელმწიფოს, მშვიდად და აუმღვრევლად, ომს ვუცხადებ, თუმცა, იმ შემთხვევებში, როცა თავად ჩავთვლი საჭიროდ, კვლავაც გამოვადგები, და მისი არსებობით მონიჭებულ უპირატესობებსაც გამოვიყენებ.
[38]. ამ დროისთვის ასეთი შეხედულებები მაქვს. მაგრამ არც საკუთარ აზრზე ჯიუტად დგომაა ყოველთვის სწორი, ისევე, როგორც სხვათა აზრისთვის უმართებულოდ ანგარიშის გაწევა. ადამიანს იმაში დარწმუნება უნდა დასცალდეს, რომ საკუთარი შეხედულებებისა და დროის მოთხოვნისამებრ იქცევა.
[34] ადრე ჩვენში ერთი ჩვეულება არსებობდა: როცა კაცი ვერგადამხდელთა ციხიდან გამოვიდოდა, ნაცნობები შეხვედრისას თითებს ციხის გისოსებივით გადააჭდობდნენ, შუიდან გახედავდნენ, და მოკითხვას ასე დაიწყებდნენ. ჩემი მეზობლები ასე არ დამხვედრიან; ისე მიყურებდნენ, თითქოს შორი მოგზაურობიდან დავბრუნდი. ციხეში რომ გამაქანეს, მეწაღესთან მივდიოდი: შეკეთებული ფეხსაცმელი უნდა გამომერთმია. მეორე დილას, ციხიდან გამოსვლისთანავე ის გზა გავაგრძელე, გაახლებული ფეხსაცმელი ჩავიცვი, და მოცხარის მოყვარული მეგობრების ჯგუფს შევუერთდი: ესენი მოუთმენლად მელოდებოდნენ, ტყე-ღრეში მათი გზისმკვლევი ვიყავი ხოლმე, და ახლაც მე უნდა გავძღოლოდი. ნახევარი საათიც არ გასულა - ან, შესაძლოა, ცხენი მყავდა ფეხმარდი - რომ უკვე ქალაქიდან ორი მილის დაშორებულ ყველაზე მაღალ მთაზე ეკალ-ბარდებში დავძრებოდი.


1849


ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: