Saturday, June 19, 2010

ბელა ჩეკურიშვილი - კავშირი


"გამიშვი, მარია", - მესამე დღეა მექანიკურად იმეორებს ვიტორიო და ფიქრს ქარის ზუზუნს აყოლებს. მესამე დღეა მონადირის ქოხში ხის მერხებზე წვანან და საძილე ტომრებიდან ცხვირები მოუჩანთ. იციან, რომ მალე პრიმუსში ნავთი გათავდება და ჩაისაც ვეღარ დალევენ. ზაქრო ამბობს, რომ უკან უნდა დაბრუნდნენ - მთა არ უშვებთ. მაგრამ ვიტორიომ იცის, რომ მთა კი არა, მარია არ უშვებს, რომ მარიას ეშინია, ვიტორიო არ დაკარგოს და ამიტომ არ უშვებს. შარშანაც ასე იყო და შარშანწინაც. ორჯერ ჩამოვიდა ვიტორიო კავკასიაში, ორჯერ დაიძრა სტეფანწმინდიდან მყინვარის პლატოსკენ, ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ნისლი გადაივლიდა და მწვერვალი გამოჩნდებოდა, მაგრამ მოხევეების პროგნოზი მართლდებოდა, ამინდს გამოდარების პირი არ უჩანდა და ვიტორიოსაც ამ მოგზაურობიდან მხოლოდ ფოტოკარდები რჩებოდა.
მისი ფოტომოწყობილობის დანახვაზე გლეხები იცინოდნენ, ხელებს იქნევდნენ და რაღაცას უხსნიდნენ. ვიტორიოც იცინოდა და ფოტოებს უღებდა მათ, მათ შვილებს, მათ სახლებს, მათ ცხენებსა და თივის ზვინებს.
ამ რამდენიმე დღის წინ სტეფანწმინდაში ბერნანდოსთან ერთად ამოვიდა. ცხენიდან ჩამოხტა თუ არა, ბავშვებმა იცნეს, შემოეხვივნენ და პირდაპირ ზაქროს სახლისკენ წაიყვანეს. გზაში გლეხები ხვდებოდნენ, ნაცნობები, უცნობები, ქუდს იხდიდნენ და ესალმებოდნენ.
მისი დანახვა ზაქროს არ გაჰკვირვებია. იმ ღამეს ისევ ის უცნაური გემოს არაყი დაალევინა და გათენებისას ყაზბეგის მთისკენ წამოუძღვა. იმ ცოტა რუსულით, რაც ზაქრომ იცის, და კიდევ უფრო ცოტა სიტყვებით, რაც ვიტორიოს ესმის, მოხევე ცდილობს, იტალიელებს აუხსნას, რომ მთა არ უშვებთ, რომ ყაზბეგმა ასე იცის, თუ განწყობაზე არ არის, არ აგიშვებს. მაგრამ ვიტორიო სხვაგვარად ფიქრობს, ზაქროს ამას ვერ გააგებინებს, ამდენი რუსული სიტყვა ვიტორიომ არ იცის და რომც იცოდეს, ალბათ ზაქრო არ დაიჯერებს, რომ მთა კი არა, მარია არ უშვებს, რომ მარიას ეშინია, ვიტორიო არ დაკარგოს.
მარიას უკვე ათი წელია ეშინია. ზაფხული რომ მოდის და ვიტორიო ზურგჩანთის ჩალაგებას იწყებს, მარია უძილობას იმიზეზებს და ღამეებს ოთახებში ბორიალში ათენებს. იყო დრო, როცა ვიტორიო მხოლოდ მარიას ხედავდა და ყველა ფოტოსურათს მარიას სახელი ერქვა: შადრევანს ქალაქის მოედანზე და თვითონ მოედანს, და სახლებს და აივნებს ამ სახლებზე, და ქუჩებს და ხიდებს ამ ქუჩებზე, და სოფლებს ქალაქის გარშემო და ბაღებს ამ სოფლებში. მარია წვიმდა ვიტორიოს ფანჯრებზე და მარია იღვრებოდა შუქად მის ოთახში განთიადთან ერთად.
მაგრამ მერე ვიტორიომ მთებისკენ დაიწყო ყურება და ფოტოსურათებზეც მთები გაჩნდა. თოვლით აივსო ოთახები, თოვლიანი მთები წამოსდგომოდნენ მარიას თავზე, სახლის ყველა კუთხეში აღმართულიყვნენ და ვიტორიომდე მისასვლელი გზა ჩაეხერგათ. ვიტორიომ მარია ლომბარდიის მთებზე გადაცვალა. თოვლიანი მთები გაჩნდნენ მათ შორის და მარიას ღამეები თოვლივით გაათეთრეს.
როცა შეამჩნია მარიას უძილო ღამეები, ვიტორიო ისე შეცბუნდა, თითქოს ქუჩაში ღიღინით მიმავალს მოულოდნელად მხრებში ხელი ჩაავლეს და შეანჯღრიეს. ვიტორიომ თავი დამნაშავედ იგრძნო. მაგრამ მორიგი მარშრუტი შედგენილი იყო და ჩანთაც ჩალაგებული. ძალიან, ძალიან დასევდიანდა ვიტორიო, ძალიან, ძალიან მაგრად მოეხვია მარიას და ძალიან, ძალიან ჩუმად უთხრა: "გამიშვი!" მარია დუმდა. და ამ დუმილში ვიტორიომ გაარჩია: "მეშინია, არ დაგკარგო!" ეს მარიას მხრებმა თქვეს, უღონოდ ჩამოყრილმა მხრებმა და მერე მკლავებმა გაიმეორეს. თვალები კი კიოდნენ: "რა გინდა იქ, რა დაგრჩენია?!" ეს საკოცნელად რომ დაიხარა, მაშინ მოესმა. მაგრამ ვიტორიოს პასუხი არ ჰქონდა. მისი პასუხი ის ფოტოსურათები იყო, მწვერვალებზე რომ იღებდა და დაბრუნებული სახლს ავსებდა. ეგონა, რომ მარიას ესმოდა, ვიტორიოს "რა დარჩენოდა იქ". როგორც სიბერეში გადასულ ცოლებს ესმით უსიტყვოდ მოღალატე ქმრების ვნებები მათი ახალგაზრდა სატრფოს დანახვისას.
სახლი სავსეა ვიტორიოს ვნების ვულკანებით, მაგრამ ახლა, ამ მოგუგუნე ვულკანთა შორის, განსაკუთრებით შემაშფოთებლად ჟღერს "კავკასია". ვიტორიომ ეს მთები ჯერ სხვისი ფოტოებით შემოიყვანა სახლში, მერე თვითონაც წავიდა მათ სანახავად. ისე წავიდა, როგორც სატრფოსთან შესახვედრად გარბიან ხოლმე გიმნაზიელები - სულსწაფად, ფართიფურთით.
ვიტორიომ კიდევ ერთხელ უთხრა: "გამიშვი", მაგრამ მარიამ ტუჩების შერხევაც კი ვერ შეძლო თანხმობის ნიშნად. მარიას ეშინია ამ მთების. დაზაფრულია. არა, მარია ამ მთებზე არ ეჭვიანობს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ეჭვი. ეს უსახელო შიშია. როგორც დედას ეშინია წამოზრდილი შვილის შეღამებულზე სახლიდან გასვლის. და ეს შიში ისეთი ძლიერია, ვიტორიოს მთაზე არ უშვებს. მარიას შიში ვიტორიოს სურვილზე ძლიერია, ხვდება ამას ვიტორიო. ამ შიშს მარიასავით დიდი თვალები აქვს და მარიასავით დიდი გული. ამ შიშს სიყვარული ჰკვებავს და იცის ვიტორიომ, რას ნიშნავს, როცა გრძნობას სიყვარული ჰკვებავს.
ქარი არ ჩერდება, სამი დღეა ნამქერს ატრიალებს და მათი ქოხის კედლებს აყრის. სამი დღეა ბერნანდოს სამი სიტყვა არ უთქვამს ზედიზედ. ის ვიტორიოს გადაწყვეტილებას ელოდება. ზაქროც ვიტორიოს გადაწყვეტილებას ელოდება. ვიტორიო კი წევს და მარიას ევედრება, რომ გაუშვას.

* * *
გათენებისას ქარი ჩადგა. ქოხმა მოულოდნელად შეწყვიტა რყევა, ვიტორიომ ეს ძილში იგრძნო. თანამგზავრებს გადახედა. ზაქროს თავი წამოეწია და ვიტორიოს უღიმოდა. ნეტავ რამდენი წლისაა? გაიფიქრა ვიტორიომ. მისთვის ასაკი აქამდე არ უკითხავს. შავ წვერში უკვე ჭაღარა აქვს შერეული, მაგრამ რას გაიგებ, კაფანდარაა, მუდამ წელში გამართული დადის და საუკეთესო მონადირედ ითვლება სტეფანწმინდაში. ვიტორიოს მის სახლში უაზარმაზარი ჯიხვის რქები აქვს ნანახი კედელებზე. დათვის ტყავები უგია საწოლზე და იატაკზე.
ზაქრო იღიმება და ახლა ბერნანდოს უყურებს. ბერნანდო დგება და პრიმუსს ანთებს. ზედ კარდალას დგამს ჩაისთვის. ზაქრო ისევ იმ უცნაური გემოს არაყს იღებს აბგიდან და პატარა რქაში ასხამს. ვიტორიო უკვე მიეჩვია ამ სასმელსაც და ამ რქასაც...
მერე ზაქრო წინ მიდის და ნაპრალებზე აფრთხილებს. ვიტორიოს გულისკოვზთან რაღაც უღიტინებს, ლამისაა ხმამაღლა იმღეროს: "მარია", "მარია". ამ სახელს ყოველთვის იმეორებს, როცა მწვერვალისკენ მიდის. მარიამ არ იცის, რომ ვიტორიო მის სახელს იმეორებს, როცა მწვერვალზე ადის, როგორც არ იცის, რა დარჩენია ვიტორიოს მთებში.
ვიტორიო თოკშია ჩაბმული ზაქროსთან და ბერნანდოსთან ერთად, ფოტომოწყობილობით აღჭურვილი ხშირად ჩერდება და იმის ფიქსაციას ახდენს, რასაც მისი გული გრძნობს და ხედავს. ვიტორიოს ფოტოსურათები თოვლიან მწვერვალებზე დაწერილი ოდები, ჰიმნები და საგალობლებია. ვიტორიო მყინვარის გვერდით გაწოლილ გველეშაპს იღებს. ზაქრომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, სტეფანწმინდაში მოუყვა ამ გველეშაპის შესახებ, კავკასიონზე მიჯაჭვული გმირის შესაჭმელად რომ წამოვიდა, მაგრამ ქართველმა წმინდა მხედარმა გააქვავა და მწვერვალამდე აღარ აუშვა. ისე როგორც მარია არ უშვებდა ვიტორიოს, შიშის ემისრებს გზავნიდა კავკასიაში და ქარბორბალას ატრიალებდა.
ვიტორიო ფოტოზე აფიქსირებს მზის პირველ სხივებს, მთებს რომ ეცემა და თვალს აყოლებს უფსკრულებს, სადაც ეს სხივი ვერ აღწევს. მისი კამერა გრძნობს, როგორ უახლოვდება ნელ-ნელა მყინვარწვერი. კამერა ვიტორიოს გულია, რომელიც მის ხელებში პულსირებს და იმაზე ადრე ამჩნევს ყველაფერს, ვიდრე თვალი დაინახავდეს.

* * *
ბერნანდომ ვიტორიოს მორიგ შესვენებაზე ჩანთიდან ლიმონი ამოიღო და ზაქროსკენ წავიდა. ვიტორიომ იგრძნო, რომ თოკმა დაქაჩა და ვიდრე გაიაზრებდა რა მოხდა, წონასწორობა დაკარგა და შტატივს გადაემხო. ზაქროს ყვირილი რომ მოესმა, უკვე თოვლზე მისრიალებდა. მექანიკურად მოიქნია წერაყინი და თოვლში ჩაასო. თავი რომ ასწია, ზაქრო დაინახა. ისიც წერაყინზე ჩამხობილი იწვა. მერე საიდანღაც ბერნანადოს კვნესაც გაიგონა, ყრუ კვნესა და ძახილი. და ვიტორიო მიხვდა, რომ ნაპრალის პირას იწვა.
"ბერნანდო!, ბერნანდო!" - ყვირის ვიტორო და საფეთქლები უგუგუნებს. "მარია!, მარია!", შხუის სისხლი მის ყურებში და სმენას უხშობს.
ნაპრალი ფართოა და ღრმა. ზაქრო თოკებს ქაჩავს, ვიტორიო ჩასვლას იწყებს, ბერნანდოს ხელები აქვს დაზიანებული, ვერ ეხმარება. ზაქრო მარჯვე და კუნთმაგარი მონადირეა, ასობოთ ჯიხვი ჰყავს აქ მოკლული, ორჯერ დაფლა უკვე თოფი, სისხლგამძღარი და ყავლგასული. ეს ნაპრალი არასდროს შეუმჩნევია, აქ ნაპრალს რა უნდა, მთაში ნაპრალების მეტი რა იცის, ზოგი ზაფხულში ჩნდება და ზოგიც შემოდგომის პირას, მაგრამ ეს ნაპრალი არასდროს უნახავს, აქ ნაპრალს რა უნდა!
ვიტორიოს ჯერა, რომ ზაქროს არაფერი შეშლია, რომ ზაქრო დამნაშავედ ტყუილად გრძნობს თავს, რომ ვიტორიომ იცის, ადრე აქ ნაპრალი არ იქნებოდა, არც ზაქროს ბავშვობაში იქნებოდა, პირველად რომ გამოჰყვა ბიძაშვილებს ამ გზაზე, მაგრამ ახლა ახსნის დრო არ არის, ამდენი რუსული ვიტორიომ არ იცის, და რომც იცოდეს, ვერ აუხსნის, ზაქრო არ დაუჯერებს, თუ ვიტორიო ეტყვის, საიდან გაჩნდა აქ ნაპრალი. ახლა ახსნის დრო არ არის, ახლა მთავარია, ბერნანდო ჩაიყვანონ სტეფანწმინდამდე, ხელები რომ აქვს დამტვრეული და ტკივილისგან დროდადრო გრძნობას კარგავს. ვიტორიოს ბათინკი გაეხა ნაპრალში, თოვლი შევიდა და დასველდა. მარჯვენა ფეხში თანდათან მასაც ეკარგება გრძნობა, მაგრამ ფეხის გაბუჟება რა მოსატანია, უნდა იარონ, სწრაფად უნდა იარონ, ხელებდამტვრეული ბერნანდო როგორმე სტეფანწმინდამდე უნდა ჩაიყვანონ.

* * *
ვიტორიო თვალს მილანის საავადმყოფოში ახელს. ცდილობს გაიხსენოს, რა მოხდა სტეფანწმინდიდან მილანამდე. ბერნანდო? ხელები არტახებში ჩაუსვეს მოხევეებმა. მას კი ფეხი სტკიოდა. მოყინული, გაშავებული ფეხი დაუზილეს, მაგრამ ტკივილი არ ჩაცხრა. ახლა აღარ სტკივა. ვიტორიო ხვდება, რომ მარჯვენა ფეხი აღარ სტკივა. ვიტორიოს შეუძლია ადგეს და გაიგოს, როგორაა ბერნანდო. ორივე ხელი ალბათ თაბაშირში აქვს. სადმე იქნება ახლოს. ეს ხომ საავადმყოფოა. ვიტორიო საავდმყოფოში წევს. ბერნანდოც სადმე ახლოს იქნება. უნდა ადგეს ვიტორიო და ბერნანდოს ამბავი მოიკითხოს. მაგრამ ვერ დგება. ფეხი აღარ სტკივა, მაგრამ მაინც ვერ დგება. ვიტორიო ფრთხილად წევს საბანს და საკუთარ სხეულს დაჰყურებს. როგორც ზევიდან, მწვერვალიდან დაჰყურებს ხოლმე ხეობებს, ფსკერამდე რომ თვალს ვერ აწვდენს, მზის სხივიც რომ გზაში ჩერდება. ვიტორიო ზევიდან დაჰყურებს საკუთარ სხეულს, როგორც უცნობ, დღემდე უნახავ ხეობას და თვალი უშტერდება. როგორც მისი ფოტოკამერა ყუჩდება და იძაბება უჩვეულო კადრის დანახვისას. ვიტორიოს მარჯვენა ფეხის ადგილას სიცარიელე აქვს, დიდი, თეთრი სიცარიელე, დოლბანდში გახვეული მუხლის სიქათქათეს რომ აგრძელებს, როგორც მყინვარის ქუდს მისი ენა...
"ვიტორიო! გაიღვიძე? რა კარგია! ჩემთან ხარ! კიდევ კარგი, არ დაგკარგე!" - მარია ლოგინზე წამომჯდარ, გაკვირვებულ ვიტორიოს იხუტებს. "კიდევ კარგი, არ დაგკარგე!" - დაუსრულებლად იმეორებს მარია და ცრემლები ღვარად ჩამოსდის - "ფეხი არაფერია, ძვირფასო, მთავარია სიცოცხლე არ დაგიკარგავს!" - ცდილობს გაიცინოს.
"არ დამიკარგავს, - დუმილით ეთანხმება ვიტორიო, - თვითონ დავიკარგე... და მარიას ვეღარ ხედავს...

23 მარტი, 2009 წელი

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: