Wednesday, June 9, 2010

რუსა ამირეჯიბი – ორი მოთხრობა


ყველაზე საძულველი

სიმხდალე დილითვე დამეძგერა და ახლაც ისე მაჯანჯღარებს, რომ გულ-მუცელი ერთმანეთში მეზილება. რიგი აქაც თუ იარსებებდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ მეთხუთმეტე მაინც ვიქნები. ამ რაღაც, ერთჯერადად გადასატანი მომენტის შიში გონებას მაკარგვინებს. თან, ამაზე კი არ ვბრაზდები, პირიქით, საკუთარი თავის სიბრალულის კედლებშუა ვარ ჩაჭედილი და მაზოხისტურად მსიამოვნებს, რომ ცოდო ვარ. ეს ისე აღმაგზნებს, როგორც ხარს წითელი ფერი. ნეტავი ხარი მაინც ვიყო რააა, თანაც ესპანელი, მთელ ცხოვრებას ბრძოლაში გავატარებდი, კორიდა და რამე... ვაჟკაცურად ვიცოცხლებდი და მოვკვდებოდი.Aაბა, ესაა სიცოცხლე?
გვერდშიც რომ არავინ მყავს, ვინც ხელს დამიჭერს და თვალებში თანაგრძნობით ჩამხედავს? მამაკაცს ვგულისხმობ. ისე უთავმოყვარეოდ მეშინია, რომ იმასაც კი წამოვიყოლებდი და ვაყურებინებდი, როგორ მჩრიან რაღაც საძაგლობას ხახაში და მე რა საწყლად ვაღვარღვარებ ცრემლებს. ალბათ, ძააან შევეცოდებოდი და ამის გამო უფრო ძლიერადაც შევუყვარდებოდი, რა თქმა უნდა, საერთოდ რომ ვუყვარდე. არ მყავს შეყვარებული და მარტო მივეთრიე ზონდის გადასაყლაპად. მუცლის ღრუში რაღაც მტანჯავს, ექიმმა და დედაჩემმა: სხვანაირად არ გამოვაო... ჯანდაბა რააა. რა გადაუშვებს შლანგს? ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი შეგრძნება მექნება: საყლაპავ მილში გამეჭედება და ისე გამომიტენის, რომ ალბათ ნერწვის ადგილიც არ დარჩება. რა მოხდება, განიერი საყლაპავი აღმომაჩნდეს? ვაიმე, მეშინია რააა, მეშინია და მეზიზღება! რა ვქნა?
რა და, უნდა გავმაგრდე და "გავპირველდე", რიგშიც და საკუთარ თავშიც. დიდი რამე, წვრილი ზონდი ჩამისრიალონ მუცელში. დიდი ამბავი.. რა მოხდა რაა, უარესი არაფერი გადამიშვია? მაგრამ უარესი რა უნდა ყოფილიყო? გველი მე არ გადამიყლაპავს და... მოიცა, ჯერ გავიხსენებ რაები მეზიზღება, იქნება და... აი, მაგალითად, მეზიზღება ვირთხა! ამიტომ თავს დავდებ, რომ არ მიმირთმევია, არც დამიჭერია და შემიწვავს, ანდაც მომიხარშავს. მხოლოდ მიჩხუბია:
უფანჯრო, ბნელ სამზარეულოში ვიდექი და ყავის ფინჯანს ვავლებდი წყალს. სხვა კარიდან შევედი, შუქის ჩამრთველი კი მეორე კართან იყო და ანთება დამეზარა. გარეთ ზაფხული იყო, კარგ ხასიათზე ვიყავი და შლოპანციან ფეხს ჩემს ღიღინს ვაყოლებდი, რომ გასიებული ვირთხა სიბნელეში სულ შემთხვევით დამეჯახა. იმ წუთას ვერც კი მივხვდი რა იყო, მაგრამ ფეხებში რომ ამოძრავდა და ჩემს ყურამდე, საზიზღარი წრიპინიც მოვიდა, მივხვდი რა დღეც დამადგა.Aარ ვიცი საით ჰქონდა მარშრუტი, მაგრამ ჩემი შლოპანცში გაყრილი თითები თვალებში რომ აეფარა, ნამდვილად მადისაღმძვრელად მოეჩვენა (ალბათ სოსისს მიამგვანა, ნანახი კი ექნებოდა და გასინჯულიც). ჰოდა, ეცა! დავიღრიალე. სამკვდრო ბრძოლა გაიმართა ჩვენ შორის სრულ სიბნელეში, მოწინააღმდეგეს კიდევ კარგი ვერ ვხედავდი. ფეხებს ვიქნევდი და შლოპანცებს აქეთ-იქით ვისროდი. ვირთხას ერთი-ორი მოვადე კიდეც. ისიც ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდა. შიშისგან საკუთარ კანშივე ვხტუნაობდი და ტვინში ავარდნილმა სისხლის შხუილმა წამიერად ის ბგერები გამახსენა, ტალღამ რომ ჩამიხვია სარფში და წყლისქვეშა სიბნელეში, ტალღის და კენჭების შხუილმა ფაქტიური სიკვდილი რომ ჩამყვირა შიშისგან გაშეშებულ გონებაში. დღემდე მიკვირს ინსულტი რომ არ ავიკიდე, გინდ მაშინ და გინდ ვირთხასთან.
რა თქმა უნდა, გავიმარჯვე. ჩემი ოჯახის წევრები კი გვერდით ოთახში ისხდნენ და გულხელდაკრეფილნი ისმენდნენ ჩემს ყურითგაუგონარ და უმოწყალო გინებას, ღრიალს და ბრახა-ბრუხს... მე კი ამ დროს იმას ვებრძოდი, რისიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მეშინოდა. როგორც მერე გავარკვიე, სცოდნიათ, რომ ვირთხა ჩვენს ძველ სახლს შემოეჩვია და ჩუმ-ჩუმად უგმანავდნენ ხვრელს. ასე რომ, მშვენივრად მიმხვდარან რაშიც იქნებოდა საქმე, მაგრამ ჩხუბისადმი ჩემი დიდი მიდრეკილების იმედი ჰქონდათ და საკუთარი არტერიებიც ვერ გაიმეტეს შხამიანი სისხლის ცირკულაციისთვის. მე გავიმარჯვე, მაგრამ ვირთხაზე გამარჯვებამ მისი შიში კი არ დამაძლევინა, პირიქით ფობია ჩამომიყალიბა, სამუდამო ზიზღის გრძნობა ჩამინერგა გულში და ნერვებიც თავმოყვარეობასავით გამიშიშვლა. შენიშვნაზე დედაჩემმა მიპასუხა, ვირთხა რას დაგაკლებდა, შენ იმაზე შხამიანი ხარ, კიდევ კარგი თავს უშველა და გაიქცა, თორემ დასასაფლავებელი გამიხდებოდაო.
რა უცანურია, ღიმილი და კარგი განწყობა იმან მომიტანა, ვინც ყველაზე ძალიან მეზიზღება: ვირთხამ! რა დროს კარგი განწყობაა, ვა! სასწრაფოდ თავი უნდა დავირწმუნო, რომ ზონდის გადაყლაპვა არც იმაზე აურესია ვიდრე... ვიდრე... ვიდრე რა?Aაუუფ, ჯინაზე ვერაფერს ვიხსენებ. თითქოს, ისეთი სათნო ანდაც საწყალი ვიყო, რომ ამქვეყნად ყველა და ყველაფერი მიყვარდეს... აუ, მეშინია რაა.
არა, ვერაფრით ვიხსენებ, რა მიჭამია ან დამილევია ისეთი რაც მეზიზღება! ვატყობ ეს უკვე მაინტრიგებს, ოღონდ თან ნერვებს მიწეწავს. ნახე რააა, მაინდამაინც ისინი მიტივტივებენ თავში, რაებიც ძალიან მიყვარს: ლუდი, მარწყვი, შოკმანჟე, ბადრიჯანი, ღომი, ხაჭაპური. რა უბედურებაა ეს? უზმოზე მოდიო!.. მშია. ლამისაა ამ საშინელი შენობიდან მოვკურცხლო, აქვე საცხობს მივვარდე შიზოფრენიკივით, ადამიანების რიგი მუჯლუგუნებით გავარღვიო და დავიკივლო: რამდენიმე ფენოვანი ხაჭაპური! "კ ჩორტუ" ზონდი! გავვარდე? ნერწყვი მახრჩობს. მიშველეთ ვინმემ, ადამიანები არა ხართ? დეეე, დამეხმარე რაა. უი, რა ვუთხრა მერე დედაჩემს? ვერ მოვითმინე, გავქუსლე და მუცელი ამოვიყორე-მეთქი? არაა, ასე არ შეიძლება! კურდღელი კი ვარ, მაგრამ თავმოყვარეობა?! ბარემ აქამდე მოვსულვარ, დავპირდი და ხომ არ დავაღალატებ? არადა, ყავა და სიგარეტი ისე მინდა, რომ ჭამას აღარ დავეძებ, მგონი სული მეპარება. ყავა, ყავა, ყავა... ერთი ამბავი მახსენდება, რა დროს ესააა, მაგრამ...
ეკასთან ჩემი ექს-შეყვარებული დამხვდა თავის ახალ სატრფოსთან ერთად. ეს გოგო ვერ მიტანდა და მეც შესაბამისად... ყავა მოვადუღე, ყველას ჩამოვურიგე მის გარდა და გამარჯვებულმა დავლიე. ზოგს ჩაეღიმა, ზოგმა თავი გაიქნია, მხოლოდ ეგ წყვილი იჯდა დაყენებული სახით, ვითომც ვერაფერს მიხვდნენ. კმაყოფილებამ სულ ცოტა ხნით გადამავიწყა მარტოობის დაფუფქული შეგრძნება, იმ პერიოდში რომ განსაკუთრებით მტანჯავდა... გავიდა დრო. საერთო მეგობრებთან ისევ გადავეყარეთ ერთმანეთს. ვმხიარულობდით, იყო სმა-ჭამა. დრომ თავისი ქნა, მოვითენთეთ. ყავა გაგვახსენდა. ადგა ტურფა და ყავის მოდუღებას შეუდგა. ცოტახანში ყავას ჩემ გარდა ყველა სვამდა. გამეცინა, მესიამოვნა და გული მომეფხანა. და რომ მოედუღებინა?...
თავი კი გავირთე, მაგრამ ზონდის გადაყლაპვა მაინც მიწევს, თანაც ისე, რომ მაგაზე უარესი ვერაფერი გავიხსენე. არადა, ნამდვილად მახსოვს, რომ რაღაცები მთელი ცხოვრება მეზიზღებოდა... რა ჯანდაბა მემართება? არა, როგორმე უნდა მოვერიო თავს და გავიხსენო რა დამილევია ან მიჭამია ისეთი, რაც საზიზღრად არ მიყვარს. საჭიროა საძაგლობაზე ვიფიქრო, უნდა გავიხსენო, ზონდს შევადარო და დავწმუნდე, რომ ყველაზე უარესი გამოვლილი მაქვს და მაგის გადაყლაპვა არც ისეთი ძნელია. აჰა: რძე! აი, რძეს რომ ვუყურებ, ანდაც მის სუნს ვსუნთქავ, გული მერევა. ეს წყეული სითხე ღმერთმა რატომ შექმნა რაა. ჩემთვის ასეა და... სითხე კი არა, ყველაზე საზიზღარი რამეა ამქვეყნად. ფუუ, კისერში მაჟრიალებს. ბავშვობაში დედაჩემისთვის მიკითხავს, დე, რა კარგი ქალი ხარ და რძეს რატომ სვამ-მეთქი... და ამ სიბილწის დალევა საკუთარმა მამამ მაიძულა. დაიჩემა, გინდა თუ არა, დალიეო, არადა იცოდა, რომ ვერ ვიტანდი. სოფელში ვყავდით მე და ჩემი და. ზაფხული იყო. ახალგაზრდა იყო, რომ გავჩნდი და ხუთის ვიყავი, როცა დაშორდნენ. იმ დროს, რძე რომ ჩამასხა, პატარა აღარც ის იყო და მეც აღარ მეგონა, თუ პატარა ვიყავი. გინდა არ გინდა, დალიეო. ვტიროდი, ვეხვეწებოდი. მიყვიროდა. მეშინოდა, ვაჭიანურებდი რძის მოსმას, უარესად ცოფდებოდა. ბოლოს, ერთი ყლუპი მოვსვი და პირში ჩავიგუბე. გემო რომ ვიგრძენი კუჭმა დამქაჩა და გული რომ არ ამრეოდა, პირიდან გამოვასხი. ცუდად გავხდი, პანიკა, შოკი, არ ვიცი ეს რა იყო. დღემდე ვფიქრობ, მინდა გავუგო მამას, რატომ მაიძულა დამელია ის, რაც იცოდა, რომ მეზიზღებოდა. ეს ფაქტი დღემდე ფეთქავს ჩემს მეხსიერებაში. როცა მახსენდება, კადრები ცოცხლდება, იმასაც კი ვხედავ სად ვიჯექი, ის სად და როგორ იდგა, ირგვლივ რა ნივთები იყო. ვერ ვუგებ, პასუხი ვერ მიპოვნია. მას მერე სულ ვცდილობდი ეს ამბავი დამევიწყებინა, ამიტომ არც მიკითხავს არაფერი. ახლა კი, ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად ვკითხავდი. არ ვიცი, ალბათ გულგრილი ადამიანი ვარ, უგულო და ეგოისტი, მაგრამ მამის ისეთი სიყვარული, როგორითაც დედა მიყვარს, არასდროს მიგრძვნია. ისიც არ ვიცი, ეს რძის ბრალია თუ უბრალოდ იმის, რომ უმამოდ გავიზარდე. კი, მესმის, რომ ახალგაზრდა იყო როცა გავჩნდი, მართლა მესმის, მაგრამ მე რა შეღავათი?
სულ ვფიქრობ ხოლმე, ვინ იცის, როგორი ვიქნებოდი მამასთან რომ გავზრდილიყავი. იქნებ უკეთესი ადამიანიც, უფრო ქალურიც, ვიდრე ახლა ვარ. მამაკაცთან ურთიერთობაც უკეთ მეცოდინებოდა. ალბათ ახლა მარტოხელაც არ ვიქნებოდი. უდარდელი, კონკრეტული და უფრო ცივი, გონისმიერ გადაწყვეტილებებს დავემორჩილებოდი და არა ჩემს ემოციებს, რომლებიც გამუდმებით ნეხვის ბუზებივით გარს მეხვევიან. შეიძლებოდა უკეთესადაც კი მეცხოვრა, გვეცხოვრა... მეც შედარებით მეტი კომფორტი მექნებოდა.
შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო, მამისეულ აღზრდას, შეიძლება ჩემში დათესილი პიროვნული მარცვლები დაეჩრდილა და აღარ აღმოცენებულიყო. ხასიათის ეს შტრიხები: ცნობიმოყვარეობა, მუდმივი ძებნის შეგრძნება, სპონტანურობა, აქეთ-იქით ხეტიალი, სიბრალულის გრძნობა, თავისუფლების დადგენა და მისი ამავდროული წყურვილი, მუდმივი დარდიანი უკმარისობა, - ეს ყველაფერი მე რომ მახასიათებს, მექნებოდა? რაღაზე ვიდარდებდი ნეტავი?
ალბათ, ასე სჯობს ვცხოვრობდე, მუდმივი ინტერესით და ცოტათი სევდით, როგორი იქნებოდა მამასთან გაზრდა. კი, ჯობს, რადგან ამაზე ფიქრის თემა აღარ მექნებოდა. არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი და სწორედ ეს მომწონს, რომ არ ვიცი. სწორედ ეს მისაინტერესოებს ცხოვრებას, სწორედ ამას მოაქვს წამიერი, ნაზი და ესთეტიკური სევდის განცდა, როცა მამა მახსენდება. ამ გრძნობის გარეშე ალბათ უშნოც ვიქნებოდი. შეიძლება თავს ვიმშვიდებ, მაგრამ ვერაფერს შევცვლი.
მეორე წყება შვილებთან როგორი ალერსიანი მამა აღმოჩნდა, კეთილი და მზრუნველი. ჯერ გული დამწყდა, მერე ვგრძნობდი, რომ ვბრაზდებოდი, შავი ბოღმა მეპარებოდა გულში. თირკმელზე სიმსივნე რომ ამოჭრეს, სანახავადაც არ მივედი. შევუთვალე დაბოღმილი და ნაწყენი ვარ-მეთქი. არც დაინტერესებულა, რატომ. ამის შემდეგ ჩემთან კონტაქტი გაწყვიტა და აღარ მინახავს, მალე გარდაიცვალა. ყველაზე ცოტა მე ვიტირე... ბოღმა ვარ, უგულო! სინანულის გრძნობა მტანჯავს და ეკლიანი ქარბორბალასავით დაბორიალობს სხეულში, მარადმწვანე ფიჭვივით ამოსულა სულში და თავისი წიწვებით მკაწრავს... თურმე, ჩემი თავი მეზიზღება ყველაფერზე მეტად, რძეზე მეტადაც კი... საკუთარი თავის შეჭმა კი ფიზიკურად შეუძლებელია, ასეც მომიხდება! ხანდახან მგონია, ყველაფერს გაპატიებდი რძე რომ არ დაგეძალებინა. მამა მიყვარხარ, მაპატიე. მინდოდა ისე ძლიერ მყვარებოდი, როგორც დედა მიყვარს და შენც ისე გყვარებოდი, როგორც შენი სხვა შვილები.
ესაა ჩემი თავისუფლება?
ესაა ნაზი და ესთეტიკური სევდა?
მირჩევნია ისევ უთავმოყვარეოდ მხდალი და საბრალო ვიყო.
ესაა საინტერესო ცხოვრება?
უუფ, დღეს ყველაფერი მძაფრად გამოდის, ფიქრიც კი! თვალის ყოველი დახამხამებისას მგონია, რომ შუქი ქრება...
ამასობაში რიგის თავში გავსულვარ, ოღონდ როგორმე ამოვიგლიჯო ეს დეპრესიული განწყობა, ყელზე ქვებივით რომ მკიდია და მიწისკენ მქაჩავს, მუხლებში რომ მღუნავს და მუცელში მატლებივით მიფუთფუთებს, ზონდს კი არა - თოკს გადავყლაპავ! ისევ ზონდი მირჩევნია! ზონდი მინდა!
- აიღეთ, დროზე, ქალბატონო ექიმო, ეგ დაწყევლილი ზონდი და ხახაში ჩამჩარეთ!

"მარშუტკაში”

სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯექი. გატეხილ განწყობაზე ვიყავი. ირგვლივ ყველაფერი მიუწვდომლად შორეული მეჩვენებოდა. გავსწორდი, მინიდან გარეთ ყურება დავიწყე, უცნაურად ვგრძნობდი თავს. მე ვერაფერზე ვფიქრობდი, ტვინი რაც უნდოდა იმას ფიქრობდა და რაც აწუხებდა, იმაზე აზროვნებდა, დამოუკიდებლად დაქროდა გაურკვეველ ადგილებში, უკაცრიელ მიწებს და დიდ თეთრ სათბურებს ხედავდა. არც მხედველობას, არც მგრძნობელობას აინუნშიც არ აგდებდა. მოკლედ, გონებას ვერ ვიმორჩილებდი.
გონება ფიქრობდა: ყველამ მანქანა იყიდა და თოხნისთვის ვისღა სცალია, სად დადიან ეს თბილისელები, მარშუტკით აღარ მგზავრობენ? მეღა დავრჩი უმანქანო. "სვეცკებზე” არ ვამბობ, შვებულებას რომ პარიზში ატარებენ.
თვალები უბრალოდ ხედავდნენ, ვიდეოკამერასავით იღებდნენ მომენტებს. თითქოს საკუთარი გონების ობიექტი ვიყავი. პროტესტის ფორმას ვეძებდი.
ყურებს ესმოდა: “გელაია ნახე ბიჯო? არა, ბიჯო, მაი წევიდა საცხა.” “აზრზე ხააარ?Bბაზარი არააო.Gგავოგნდი რააა”, “დაჯეეეეეეეეექი გოგო რას დეეყუდე, არ შემჭამა ამ ბოვშვმა?”, “ალო, გამარჯობა ჩემო მშვენიერო, მოგენატრე?”, “ეს რა საშინელი რადიოა, რუსულ რომანსებს ატრიალებენ, სურვილი არ მაქვს რომ მოვუსმინო". "აბააააააა, არც კი რცხვენიათ, რატომ უნდა ისმოდეს რუსული ენა საქართველოში?!”... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე პირველად გავბრაზდი ყურებზე იმიტომ, რომ ყველაფერი ესმოდათ.
გონება მიტინგზე იყო: “დავიშალოთ ეხლა, სახლში თითო ჭიქა ავწიოთ”. “გაუმარჯოს საქართველოს”. “ბატონო ლევან, თქვენ გმირი ხართ!” გონებამ თავი აარიდა ამაზე ფიქრს და სადღაც სხვაგან წავიდა.
თვალები ხედავნენ: მარშუტკაში ამოვიდა დაბალი, კომოდივით გოგო, მუთაქებივით ბარძაყები შავშლაქსშარვალში გამოეკრა, წვრილწვეტიანი შავი ფეხსაცმელი ეცვა, კლასიკური შავი პიჯაკის ქვეშ ისე ამაზრზენად უჩანდა სპორტული, ნაცრისფერი ზმეიკიან-კაპიუშონიანი ჟაკეტი, რომ გულწრფელად მომინდა მეჩხუბა. მარშრუტი წერეთლის გამზირს მიჰყვებოდა. დაძაბული მოძრაობა იყო, მანქანები თავის გადარჩენისთვის თითქოს ერთმანეთს აგინებდნენ, მუჯლუგუნებს კრავდნენ, ღალატობდნენ. ამასობაში თეთრი ლიმუზინი გაეჩხირა თვალებს, მტვრიან, ხმაურიან, არაქათგამოცლილ გამზირზე ვარდისფერბაფთიანი თავმომწონედ მოიზლაზნებოდა. ამის შემხედვარეს აგრესია თითქოს მხრებზე შემომახტა, გამაჭენეო, ჩამცხო და მე პირველად გავბრაზდი თვალებზე იმის გამო, რომ ყველაფერს ხედავდნენ. ისევ ჩხუბისკენ გაიწია გულმა. სიამოვნებით ვიჩხუბებდი, მაგრამ კონკრეტულად ვისთან ან რამდენთან? ისევ უნდა ჩამეყლაპა და ჩავყლაპე. აშკარად ნამდვილი ყლაპია ვარ.
ყურები რადიოს უსმენდნენ: "ამ სიმღერას ვუძღვნი ჩემს სასტავს, ეკოს, მაკოს, თაკოს, ლიკოს დიდი სიყვარულით, ნინიკო" და იწყება უგემოვნო ქართული პაპსა. პირი ალბათ გაიცინებდა. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად თავისუფალი მედიაა.
გონებას გაახსენდა: “სულს ამოგხდით, თქვე ფარისევლებო, სულს ამოგხდით!!! ვერ ვიტყვი გონება დამიბნელდა, ვამბობ გონება დაბნელდა. თვალებიც მასთან რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად გაშუშდებოდნენ. გული რომ ყოფილიყო, იბრაგუნებდა, ჩხუბისკენ გაიწევდა. გონებამ პირველად ინატრა პირი.
თვალები: შავ ჯიპში სიგარეტგაჩრილი სათვალიანი გოგო საჭესთან, მონოტონურად უხათქუნებდა თავს მუსიკას და ძალიან კმაყოფილი ჩანდა ცხოვრებით. შავტუფლიანი ახალგაზრდა კაცები საცხობთან ბირჟაობდნენ, ეკლესიასთან მათხოვრები ისხდნენ, შეყვარებული თინეიჯრები ჩახვეულები დასეირნობდნენ, ვიღაც ქალი გაბრაზებული თვალებით მიიჩქაროდა სადღაც, მოხუცებული ურნაში იქექებოდა, საკვებს ეძებდა თუ ბოთლებს, არ ვიცი, ვეღარ ვუყურე. ისევ გავბრაზდი. მზე ამ ყველაფერს კარგად აშუქებდა. საფეთქლები გამიხურდა. გრძნობები უკვე გაბრაზებული კაცებივით დადიოდნენ ჩემში წინ და უკან.. სხეული თითქოს მევიწროებოდა.. ნერვები ჩამეწნა.Mდრო კიოდა, მაგრამ არავის ესმოდა...
აი, გულმა ბრახუნი ამიტეხა, მივხვდი მასზე ფიქრის დრო იყო, მაგრამ გონება გამექცა, მასზე ფიქრისას გულს რა შეგრძნებაც სჩვეოდა, იგივე ემოცია გამოძვრა რომელიღაცა სოროდან და უკანვე შეძვრა. გამახსენდა, რომ ჩემი ტელეფონი არ რეკავდა. პატივმოყვარეობამ ზუსტად იცოდა რა უნდოდა.
პატივმოყვარე არ ვარ, უბრალოდ ხანდახან მაწუხებს ხოლმე. ვერ ვპატიობდი, რომ ის დღითიდღე, თავისი თავისთვის შეუფერებელი ხდებოდა. სინამდვილეში კი, უკვე მიმქრალი და დაბურული, მაგრამ მაინც დიდი ბრილიანტი ედო სადღაც სიღრმეში. ერთმანეთთან შეხვედრა კი იმიტომ არ შეგვეძლო, რომ სიღრმისეულთან მიახლოებაში ხელს ზედაპირული გვიშლიდა. მოკლედ რომ ვთქვათ, "სვეცკი" არ ვიყავი და თუ რატომ არ ვიყავი, ეს სხვა თემაა და ამაზე ლაპარაკის დრო ახლა არც მაქვს და თან თავის მართლებად ჩამეთვლება. ის კია, მისი აზრით, ამის ერთ-ერთი ხელისშემშლელი იყო ჩემი შეუნიღბავი გულახდილობა...
“ამპარტავნობასა და პატივმოყვარეობას მხარს უჭერენ ნაყროვანება და მრუშობა, ეს ყველა ვერცხლისმოყვარეობას უკავშირდება. შედეგი მრისხანებაა, ნაღველი, მოშვებულობა, ანუ გატეხილი გონების სინდრომი. ჰედონიზმი, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებაა. სადაც დაცემა ხდება, იქ უფრო ადრე სიამაყე მკვიდრდება. ამპარტავნობაა დაცემის წინა ნიშანი”... და რატომ არ უნდა მდომოდა მასთან ჩხუბი? თავისი ნებით, შეგნებულად კოტრიალობდა ტალახში, ყველაფერ ზნეობრივს არღვევდა და კიდევ აქეთ მიწუნებდა. ისევ შევცდი. აღმაფრენის ჩამოსვენება.
თვალები ხედავდნენ, რომ გარეთ მზე ყველაზე ბნელ კუნჭულსაც კი ანათებდა, აშრობდა თოკებზე დაკიდებულ სარეცხს, აბრჭყვიალებდა მინებს, ახტუნავებდა ბავშვებს. გარეთ მზე ყველგან ცოცხლობდა. ჩემში კი უძრავად იდგა მისი ჩრდილი.
ყურებმა გაიგონეს, რომ შიგნით ჩიტივით აფრთხიალდა გული.
თვალებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა ის მაღაზიიდან და სიგარეტგაჩრილ გოგოს შავ ჯიპში ჩაუჯდა.
გულში თითქოს საათი გაჩერდა.
და მე ვიგრძენი, რომ იმედი სარეველა ბალახს დამგვანებოდა და მასზე ნატვრა გონების სოროებში ციყვივით აღარ დაძვრებოდა. მძივებივით აესხნენ ფიქრები და სურვილებიც სეტყვასავით წამოვიდნენ: გულს სიყვარული სურს, გონს კეთილდღეობა, სულს ღიღილოების მინდორი.. ნუთუ სამივე ერთად არ შეიძლება?

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


No comments: