Sunday, April 26, 2009

ბელა ჩეკურიშვილი - ლექსები


ჯამბაზი

შევკაზმე სიტყვებით
ფიქრების რაშები,
სიტყვები ავკიდე
დარდების აქლემებს,
ვისწავლე სიტყვების
ბუშტებად გაშვება,
ძველი და ახალი
შევკრიბე სათქმელი,
სიტყვებით ავიგე
კოშკი და მაჩუბი,
სიტყვებით ვაქეზებ
საფრენად შევარდნებს,
სიტყვები შევფუთე
წარსულის საჩუქრად,
მოხვალთ და სიტყვების
ფანტელებს შეგაფრქვევთ,
სიტყვებზე დავკიდე
რწმენა და იმედი,
ნატვრა და სურვილიც
სიტყვებად დავყავი,
სწორედ იმ სიტყვებით
თქვენ რომ გამიმეტეთ,
შევქმენი სიცრუის
პატარა სამყარო,
სიტყვებით შემოვქსოვ
ცდუნების ბადეებს,
სიტყვებით ვხიბლავ და
სიტყვებით დავგესლავ,
ლექსებად გროვდება
სიტყვების ნადავლი,
რა უნდა საბრალო
სიტყვების გალექსვას...
სიტყვებით ვარიდებ
თავს ბედის გამრიგეს
და მიგებს, რამეთუ
თვითონაც სიტყვაა,
სიტყვებით მკლავენ და
სიტყვებით ვნადირობ,
სიტყვებს მიფენენ და
სიტყვითვე მივყავარ,
სიტყვებით შევაღებ
ედემს და სამოთხეს,
სიტყვებით შევიტან
ცოდვას და სიძვასაც,
სიტყვით მადიდებენ,
სიტყვით უარმყოფენ,
სიტყვებად მწერენ და
მარქმევენ სიტყვასაც,
სიტყვებით ვაცინებ
ქუჩებს და დარბაზებს
სიტყვებად გაგონილს
ვაბრუნებ სიტყვადვე,
სიტყვებით გართობთ და
სიტყვებით გაბრაზებთ,
უსიტყვოდ ველი რომ
უსიტყვოდ გიყვარდეთ.



ნატო ინგოროყვას

"რა ქნას მოკვდავმა"
ბესიკ ხარანაული


რა ქნას მოკვდავმა,
თანაც ქალმა,
თანაც პოეტმა,
თანაც ქალაქში,
სადაც ქვაც კი სიბერით სცოდავს,
სადაც ზღვებიდან გადმოსული საღამოები
ახშობენ დილით დაბადებულ იმედის ნოტებს;
რა ქნას მოკვდავმა,
თანაც ქალმა, როცა არსებობს,
მარტივ დღეებად გაფანტული
უცხო სიზმრებში,
როცა სინათლის წყაროა და
მისი მსგავსები,
არქმევენ სატრფოს,
ხან მეგობარს, ხანაც სისხამზე,
უძღვნიან ლექსებს
და მოლოდინს უვსებენ სიტყვით,
როცა ბგერებსაც უწონიან
მისხალ-მისხალზე
და ფეხაკრეფით გაურბიან
უხერხულ კითხვებს;
რა ქნას მოკვდავმა,
თანაც ქალმა,
როცა მარტოა,
როცა წევს მზესთან
და მკლავებით აღვივებს ქვიშას,
როცა სიცოცხლის სურვილებმა
უკვე დატოვეს
და წყლის სიმშვიდით ელოდება
რაიმე ნიშანს;
და რა ქნას ქალმა,
უპასუხომ,
როცა ელიან
მისგან სამოთხეს
და არქმევენ გზასა და ჭიშკარს
იმ სამყაროსკენ,
სადაც საგნებს სხვა სახელი აქვს,
სადაც სიყვარულს არ ატანენ
ქარსა და პირქარს;
და რა ქნას ქალმა
მოტივტივემ
ტალღებზე უხმოდ,
უძვლოდ, უხორცოდ დარჩენილმა
ქალაქში, სადაც
ამინდებია და განწყობა
თბილი და სულ სხვა
პასუხებია და სახლები სადაზე სადა.

* * *

შენ ის მითხარი,
ხელში შერჩენილ თიხის ნამსხვრევებს რა მოვუხერხო,
თორემ კაბაზე ღილის მიკერება დედამ მასწავლა.
რა მოვუხერხო ჩაის ფინჯანს
კარადაში რომ გადავმალე,
მაგრამ ყოველ დილით მაინც მახსენებს,
რომ ჩაიში შინდის მურაბა არ დამავიწყდეს,
რა მოვუხერხო ყვავილების ქოთნებს და მიწას,
ბოტანიკური ბაღიდან რომ ზურგით ვატარეთ
და მერე დიდხანს, დიდხანს ვაფხვიერებდით,
წიგნებს რა ვუყო, ან სურათებს,
ყველაფერს ნაგავს ხომ ვერ გავატან,
ცარიელი კედლები უკვე შიშისაგან იხორკლებიან,
ან საახალწლო ნამცხვარს რა ვუყო,
მისი სუნი ხომ მთელს სახლში დაჰქრის
და დაჟინებით მიმეორებს,
რომ ნიგვზიანი რულეტები თბილ-თბილი უფრო გემრიელია...
შენ ის მითხარი,
როგორ მოვკრიფო რწმენის მარცვლები
მდოგვის მინდორზე,
თორემ სახეზე პუდრის წასმა დედამ მასწავლა...


წუხელი სიზმარი ვნახე

"წუხელი სიზმარი ვნახე, ნეტავ, დედავ, რაო?"
ხალხური

- რაო და,
ის წყალი, თავზე თქეშად რომ გადმოგემხო,
ჩემი ცრემლებია,
ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
- რაო და,
ის თევზი, წყალში რომ შემოცურდა,
შენი ექიმია და
თევზმა ეშვები რომ ჩაგასო,
მისი სკალპელი,
- რაო და,
აკვანს ღერძი რომ გასტეხია,
შენი ხერხემალია და
არტახები რომ დასწყვეტია -
შენი ხელ-ფეხი,
- რაო და,
ავგაროზზე ღილი რომ აუჭრიათ,
შენი თავია,
ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
- რაო და,
ჩიტები რომ მოგეგებნენ,
შენი და-ძმებია,
ჟღურტული მიტომ აღარ შეუძლიათ, რომ
ენა თევზებმა შეუჭამეს,
ბუმბული მიტომ დასცვენიათ, რომ
იმქვეყნად ტანსაცმელი არ სჭირდებათ,
ფრთებით გზას მიტომ განიშნებენ, რომ
თან უნდა გაგიყოლონ,
- რაო და,
თორმეტ ნაწილად გადასერილს
ერთად აგკინძავენ,
ეს ერთმანეთით ისწავლეს და
აღარ შეეშლებათ,
ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
- რაო და,
ლეღვის ხეს ნაყოფი რომ უხმება,
დედაშენის მკერდია და
საწნახელი სისხლით რომ ავსებულა -
მისი მუცელი,
ტყისპირას ტურები რომ გაჰკივიან,
მისი გოდებაა,
ვაი აქვს შენს გამწირავს და ნუგეში არ უნდა. . .

ბარბარობა, 2007

მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი,
თუნდაც წარსულიდან, ანდა მომავლიდან,
ვიღაც ადრე მოდის, ვიღაც იგვიანებს,
ვიღაც არ გვინდა და ვიღაც სულ არ გვინდა,
ვიღაც ღმერთია და ჯვარზე გაკვრას ითხოვს,
ვიღაც ერთგულია, ვიღაც - ეჭვიანი,
ვიღაც ღალატისთვის სამოთხეს დაგვითმობს,
ვიღაც ვერცხლის ფულებს ყურთან გვიჩხრიალებს,
ვიღაც შემოდის და დროებით ჩერდება,
ვიღაც გამვლელია, პედლებს ატრიალებს,
ვიღაც გვემუქრება იმქვეყნად შეხვედრით,
ვიღაც წმინდაა და ვიღაცა – მტვრიანი,
ვიღაც ჩვენს სხეულთან პირისპირ დაგვტოვებს,
ვიღაც ბალახია, სველი და შრიალა,
ვიღაცა ჰაერში აკეთებს სალტოებს,
ვიღაც ძირს ვარდება, ვიღაც მისრიალებს,
ვიღაც დაგვიფარავს ფრთებით და კალთებით,
ვიღაც კოცონია, მწველი და ბრიალებს,
ვიღაცის გვჯერა და კიდეც ვემსგავსებით,
ვიღაც იკოცნება, თანაც ვნებიანად,
ვიღაც იწყება და იკეთებს კონტურებს,
ვიღაც მთავრდება და ცოტას გვაზიანებს,
მე კი წარღვნამდელი მზერით შემოგყურებ
და შენი კიდობნის მტრედებად ვხმიანობ
და ახლადნანახი მიწის სიხარულით,
მზე რომ დედა იყო, თბილი და ბრდღვიალა,
პირველადშეხვედრის რიტუალს ვასრულებ:
მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი... ……

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: