Wednesday, April 8, 2009

შოთა იათაშვილი - პოეზია და სიდიდეები


გამომცემლობა “მერიდიანმა” 2007 წელს რეზო გეთიაშვილის "Artყვავილების" მეორე ვერსია დაბეჭდა. "კავკასიური სახლის" მიერ გამოცემული 2004 წლის "Artყვავილების" პირველი ვერსიისაგან იგი თითქოს ბევრი არაფრით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ლექსები ამოკლებულია, რაღაც - რა თქმა უნდა დამატებული, და რაც წიგნის პრეზენტაციაზეც ბევრჯერ აღინიშნა - განსხვავებულია ლექსების დალაგების პრინციპიც. მიუხედავად ამისა, ახალ კრებულს მაინც აქვს თავისი თვისობრივი სიახლე, და ეს თვისობრივი სიახლე მისი ბოლოსიტყვაობაა - შეთხზული საყურადღებოდ მოაზროვნე და მჭევრმეტყველი ზაზა შათირიშვილის მიერ - სადაც თანამედროვე ქართული პოეზიის სპექტრში ორი დიდი პოეტის თამამად გამორჩევის გარდა არის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის მთელი პოეტური პროცესის კონცეპტუალური ანალიზის მცდელობა. ყოველი ასეთი ლიტერატურული ძალისხმევა გასახარია, მით უმეტეს, თუკი იგი არ მიუყვება გაკვალულ ბილიკებს და ცდილობს ახალი ხედვა დაამკვიდროს. სწორედ ესაა ცოცხალი ლიტერატურული პოლემიკის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა, თუმც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზაზა შათირიშვილის ტექსტი რამდენადაც ანალიტიკურია, იმდენადვე ეპატაჟურიცაა, რის გამოც თითქოსდა ბოლომდე სერიოზულად არც უნდა მიუდგე მას, მაგრამ რაკი არცთუ სისხლსავსე ქართულ ლიტერატურულ გარემოში ეს ანალიტიკური ეპატაჟი შედგა, იგი რაღაცნაირად გიბიძგებს, ამ სტატიის მიმართ საკუთარი მოსაზრებები არანაირად არ დამალო და ასევე ღიად გამოხატო.
თავიდანვე, Dდა თუ საჭირო გახდა, ბიბლიაზე ხელის დადებითაც კი უნდა ითქვას, რომ პოლემიკის საბაბი სულაც არაა ის, რომ შოთა იათაშვილი იქ "შეუმდგარ კონცეპტუალისტადაა" გაკვრით ნახსენები საკმაოდ ჭრელ, თუმც ძირითადად შინაგანად ახლობელ ჯგუფთან ერთად. პოლემიკის მიზეზი, - და არავითარ შემთხვევაში საბაბი, - არის ის, რომ იგი, მიუხედავად პოეტობისა (თუ პროზაიკოსობისა - ვინაიდან პროზაიკოსობასაც აქვს მნიშვნელობა ზაზა შათირიშვილის ამ ანალიტიკურ ეპატაჟში) საკმაო ხანია, ანუ დაახლოებით 10 წელია, რაც ქართული ლიტერატურისა და უფრო ხშირად, პოეზიის შესახებ კრიტიკულ წერილებს წერს - ერთი სიტყვით, ცდილობს, იყოს ანალიტიკოსი, თუმც, რამდენად გადასდის ზოგიერთებივით ანალიზი ეპატაჟში, ეს უკვე მკითხველმა უნდა განსაჯოს...
მივადგეთ სათქმელს: ზაზა შათირიშვილის სტატიის ერთ-ერთ მთავარ ტერმინში - მიჯნათაშორისში - ანუ გალაკტიონიდან 90-იანელებამდე მოხვედრილ აბსოლუტურად განსხვავებულ ქართველ პოეტთა გრძელ სიაში (ანა კალანდაძიდან ანდრო ბუაჩიძემდე), ისეთი პოეტიც კი "რიგითია", როგორიცაა ბესიკ ხარანაული. სტატიის ბოლოს კი "რიგითობას" თავს აღწევს და ბოლო პოეტური კრებული-ტრამპლინიდან შესრულებული ერთი ნახტომით "დიდპოეტობაში" გადადის ის პოეტი, რომელიც ავტორისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, აქამდე "საგულისხმო მიჯნათაშორისი” იყო. ცხადია, ასეთი არაორდინარული ხედვა საინტერესოა, მაგრამ საფუძვლიან შემოწმებასაც საჭიროებს. თუმც შემოწმება ვერანაირად ვერ შედგება, თუკი კარგად არ გავიაზრებთ კრიტიკოსის გლობალურ პოეტურ ხედვას, ესთეტიკას, უფრო გლეხურად რომ ვთქვათ, გაგებას. ზაზა შათირიშვილი პოეზიაში მუდამ სიმბოლისტებს იკვლევდა: ქართულში, რუსულში (ფრიად აქტიურად), თუ არ ვცდები, უცხოენოვანშიც... სიმბოლისტებისშემდგომ პოეზიას იგი ალაგ-ალაგ, ხამუშ-ხამუშ ეხებოდა, ამიტომ ძნელია ითქვას, რომ იგი მიმდინარე ლიტერატურული პროცესის დამკვირვებელი თვალი იყო. ამის პრეტენზია მას არც ჰქონია. ყოველთვის აღიარებდა, რომ რაღაც არ აკმაყოფილებსBთანამედროვე ქართულ პოეზიაში, და ჩემთვის სრულიად გასაგებია ის აღტკინება, რა აღტკინებითაც მან დაწერა ის წერილი, რომელშიც, როგორც იქნა, შესაძლებლობა მიეცა, ხოტბა შეესხა იმ ტიპის პოეტისთვის, რომელსაც დიდი ხანი ელოდა და ძლივს ეღირსა. თუმცა აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მის ტექსტში თავისთავად იკითხება, რომ ასეთ პოეტს უშუალოდ ის (და შესაძლოა, მისი სამეგობრო) ელოდა, და არა მთელი საქართველო.
ანუ ელოდა, რომ პოეზია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტაფიზიკური მოვლენა, კიდევ ერთხელ გაცხადებულიყო, როგორც არტისტიზმისა და მუსიკალობის ერთგვარი ნაჯვარი. რა თქმა უნდა, ათასნაირი პოეზია არსებობს და ზაზას ეს ყველანაირი პოეზია ალბათ წაკითხული, შეფასებული და გადაფასებულიც აქვს, თუმც იდეალი პოეზიისა მისთვის მაინც სიმბოლიზმში იყინება. ესაა მისი გულის პოეზია, სხვა კი ტვინის, გენიტალიებისა თუ სხეულის სხვა ნაწილებისა. სათქმელის თუ ფიქრის ის ინტონაცია, რაც, მაგალითად, ბესიკ ხარანაულს მოაქვს, ეტყობა მის გულს ნაკლებად ხვდება, არადა არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სწორედ ხარანაულის, და არა ძველი თუ ახალი სიმბოლისტების კითხვაა მნიშვნელოვანი სულიერი აქტი (ვისაც ხარანაულის პოეზიის ღრმა და სხვადასხვა რაკურსებიდან გაკეთებული ანალიზი აინტერესებს, ვურჩევ, 2005 წლის "ალტერნატივას" ნომრებში წაიკითხოს ნაირა გელაშვილის წერილების ციკლი "თანამედროვედ ყოფნის ნიშნები").
იმას, რასაც მე ცოტა ხნის წინ გული ვუწოდე, ხშირად გემოვნებას არქმევენ და სწორედ ეს იწვევს განაწყენებებს. "როგორ, მე უგემოვნო ვარ, ასეთი ინტელექტუალი, ასეთი კულტუროლოგი?" მახსენდება, ორიოდე წლის წინ, ხანგრძლივი, ცხარე პოლემიკის შემდგომ საბოლოოდ როგორ დავასკვენი და მაშინათვე მოურიდებლად განვუცხადე ერთ-ერთ მსგავს პერსონას, რომ მიუხედავად ყველაფრისა (მათ შორის ერთ-ერთ ქართველ კლასიკოს პოეტზე დაწერილი მონოგრაფიისა), მას არანაირად არ ესმის თანამედროვე პოეზია, და მან ოდნავი სიმორცხვით გამიმხილა, რომ ცოტა ხნის წინ ზუსტად ასეთივე სიტყვებით შეამკო იგი "მიჯნათაშორისშიც" კი არმოხსენიებულმა საკულტო პოეტმა ლია სტურუამ. ასეთი შეფასებები მენიშნა, და არა იმიტომ, რომ მე და ლია სტურუა მაგრები ვართ, ისინი კი უნიჭოები. არა, - უცებ სულ სხვა რამ დავინახე: თანამედროვე, მოდური ყაიდის მოაზროვნეები, რომელთაც ეტყობა გადატვირთული სააზროვნო პროცესების გამო თავიანთთვის ერთი საკრალური, დასასვენებელი სივრცე აქვთ შემონახული, რომელსაც ეწოდება პოეზია და საიდანაც, რამდენადაც შესაძლებელია, გამოძევებულია სათქმელი და დატოვებულია მხოლოდ თვალის (თუ ყურის) მომჭრელი ხატები, მათემატიკურად ზუსტი ჰარმონია, მხოლოდ და მხოლოდ ფორმალისტური სიგიჟეები და ა.შ. შეიძლება არც თუ ისე იშვიათად, ეს ტექსტები დრამატული ან ტრაგიკულიც კია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მოკაზმულია, და სწორედ ეს მოკაზმულობაა ის მაგნიტი, რაც მათ იზიდავთ და რის ტყვეობაშიც ვარდებიან. მსგავსი სიტყვაკაზმულობა (ხანდახან გაპრანჭულობაშიც კი გადასული) დიდ პოეტებში უკვე სულ სხვა სახეს იღებს და თითქმის ყველასთვის მომნუსხველი ხდება, მაგრამ ზაზასნაირ მკითხველში, როგორც ის თავადაც აღნიშნავს, მხოლოდ დიდი პოეტი აღარაა "დიდი", მისთვის ძირითადი ვერსიფიკაციული წესების კარგი დამცველი ყველა საშუალოც შესაძლოა "დიდი" იყოს. სწორედ ამ გულწრფელი პრიმიტიული პოზიციიდანაა დაწერილი ზაზა შათირიშვილის ბოლოთქმა რეზო გეთიაშვილის წიგნისა, რომელიც მართლაც შესანიშნავად ფლობს იმ პოეტურ უნარებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ამტკიცოს, მაინც ვერ დაამტკიცებს ზაზა შათირიშვილი, რომ რეზო გალაკტიონივით (დიდი) პოეტია... არტისტიზმის ხარისხი ერთმანეთს რომც არ შევადაროთ, იმის შედარებაც იქნება საკმარისი, თუ რის თქმას ახერხებს ერთის ლექსები, და რის - მეორე. ანუ, გეთიაშვილის არტისტიზმი ჰაერში ეკიდება და რჩება ეგზისტენციალური ვიბრაციების გარეშე, გალაკტიონის ფორმალისტური სიგიჟეები კი სწორედ იმიტომ იმკვიდრებს ქართველი ხალხის ცნობიერებაში ადგილს, რომ ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად უნიკალურ ჟღერადობებში ჩასმულ ეგზისტენციებს წარმოადგენს. პოეზიისადმი ამ ვიწრო დამოკიდებულებას კიდევ უფრო აზუსტებს ორი სიტყვაუხვი აბზაცი კიდევ ერთი პოტენციურად დიდი პოეტის, რატი ამაღლობელის მართლაცდა შესანიშნავი პროსოდიული სმენის შესახებ, რამეთუ იგი კვლავაც კრიტიკოსის ცალმხრივ გადახრას აზუსტებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის პოეზიის მიმართ.
ვიცი, ახლავე გაჩნდება პროტესტი: "კრიტიკოსს სულ სხვა რამის გამოკვეთა სურდა, თქვენ კი კვლავაც ის გვაუწყეთ, რომ გალაკტიონს ვერავინ შეედრება... ნაცნობი და მოსაბეზრებელია მსგავსი არგუმენტები..." კი ბატონო, არის ამაში რაღაც მართალი და მე ნამდვილად არ მინდოდა, ზაზას მიერ რუდუნებით შექმნილი დიდი პოეტის ახალი სურათ-ხატი ძველისძველი მეთოდებით გამენადგურებინა, მაგრამ რა ვქნა, როცა ჩემი მიდგომა რეზოს პოეზიისადმი აბსოლუტურად საპირისპიროა: მე ვფიქრობ, რომ ის, რაც რეზომ აქამდე შექმნა, თითქმის ბოლომდე ამოწურა და გააფორმა, როგორც პირველი, მეტად საინტერესო ეტაპი საკუთარი Aშემოქმედებისა, უკვე აღარ იძლევა თვისობრივი წინსვლის საშუალებას, და აქედან გამომდინარე, იმედიანად ველი, თუ როდის ამოხეთქავს მასში რაღაც სხვა, გაჩნდება ახალი ინტონაცია, ახალი თემატიკა, ახალი მიდგომა პოეზიისადმი, და ის გამოცდილება, რაც მასში დაგროვდა, რეზო გეთიაშვილის ახალ, უხილავ თუ ხილულ სიღრმეებში წასულ პოეზიად ტრასფორმირდება. Mმაგრამ ზაზა შათირიშვილის სტატიის გამოისობით ეს ლოდინი შესაძლოა ამაო აღმოჩნდეს, ვინაიდან დიდია შანსი, მან "დიდი პოეტის" იმიჯს მიაჯაჭვოს პოეტი და ახალი გზების ძიების წყურვილი ერთი ადგილის საფუძვლიანი ტკეპნით შეუცვალოს.
ბოლოთქმაში დასახელებულია კიდევ ერთი თანამედროვე დიდი პოეტი, - გივი ალხაზიშვილი - რომლის ბოლო პერიოდის კონვენციური ლექსები ჩემი აზრით გაცილებით სათქმელიანია, ვიდრე გეთიაშვილის, თუმც ფორმა აშკარად არაგალაკტიონისებურია, მეტიც, ერთფეროვნად დაბალანსებული, თუმც დიდი ხელოსნობით, ოსტატობით გაკეთებული. ამავე დროს, ლელა სამნიაშვილსაც რომ შევეშვათ, აშკარად ზვიად რატიანზე უფრო სტერილური ქართულით დაწერილი, არადა "ბოლომდე ვერშემდგარი ფრაგმენტირებული 90-იანელების ერთ-ერთი სკოლის" ("ინგლისურენოვანის") მთავარ ნაკლად ზაზა შათირიშვილი სწორედ სტერილურობას მიიჩნევს. ცხადია, ჩემი ამ დებულების მტკიცება ხანგრძლივ პარალელურ ანალიზს მოითხოვს, მაგრამ რაკი ზაზამ უფლება მისცა საკუთარ თავს არგუმენტაციების გარეშე (თუ არ ჩავთვლით რეზო გეთიაშვილის პოეზიის ანალიზს) დაელაგებინა მთელი ნახევარსაუკუნოვანზე მეტი ხნის ქართული პოეზია, ამჯერად მეც მაინცდამაინც ნუ მომთხოვთ გამოწვლილვით ანალიზს, უბრალოდ, ჩემს ადეკვატურ კონტრდებულებად მიიღეთ, რომ გივი ალხაზიშვილი უფრო სტერილურია, ვიდრე ზვიად რატიანი, და თუ ასეა, და თუ სტერილურობა ნაკლია, რანაირადღაა იგი დიდი?
მაგრამ აჯობებს თავიდან მივყვეთ ზაზას ჯგუფებს: პირველი ჯგუფი "ვერშემდგარი "კონცეპტუალისტების ჯგუფია, რომელიც კალამბურსა და უხვსიტყვაობას შორის ირყევა (დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე, შალვა ბაკურაძე, მამუკა ლეკიაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი, დავით რობაქიძე, შოთა იათაშვილი და სხვ.)". კალამბური გასაგებია - ყუბანეიშვილი. ყველაზე მეტად უხვსიტყვაობა დათო ბარბაქაძეს სჩვევია, მაგრამ სხვები? ვერანაირად ვერ ვხვდები, სად უნდა განვათავსოთ, ან რითი გვანან ერთმანეთს დანარჩენები, ან თუნდაც ისინი, "და სხვ."-ში რომ მოხვდნენ. კი ბატონო, კონცეპტუალისტია დავით ჩიხლაძე, მაგრამ რაის კონცეპტუალისტი დაინახეთ შალვა ბაკურაძეში? და თუ "პოეტურ პოეტებში" მოხვდა ელა გოჩიაშვილი, რომელიც სწორედაც რომ სრულიად სხვანაირად პოეტურია, რატომ არ მოხვდა ამ შემადგენლობაში თუნდაც ხანდისხან სიტყვაუხვი ბაკურაძე? "პოეტური პოეტის" ტავტოლოგიური დეფინიცია გაგა ნახუცრიშვილისადმი ინტუიტიურად გასაგებია, მაგრამ რომელი "პოეტური პოეტია" ნიკა ჯორჯანელი, რომელიც ჯობს თვისობრივად რატიანისა და სამნიაშვილის ჯგუფს უფრო მიაკუთვნო, თუმც იმ განსხვავებით, რომ მასთან "პოეტური კულტურა" ძირითადად, ინგლისურენოვანი კი არა, გერმანულენოვანი და რუსულენოვანი პოეზიიდან მოდის?
იმაზე უკვე აღარაა საუბარი, რომ თანამედროვე პოეტური გარემოს შემქმნელი ზოგიერთი ავტორი საერთოდ არაა დასახელებული - მაგალითად, კარლო კაჭარავა და ზაზა თვარაძე მთელი მათი საოცარი და სამწუხაროდ უკვე დასრულებული შემოქმედებით, ან გიორგი ლობჟანიძე ბოლო პერიოდის ლექსებით, რომლებიც რადიკალიზმის იშვიათად სწორი გაგებით სხვათა ზედაპირული რადიკალიზმისაგან ფრიად გამოირჩევა.Aაქვე უპრიანი იქნება გავიხსენოთ კიდევ ერთი ბრალდება, წაყენებული სამივე მიმართულების პოეტების მიმართ: ის, რომ "ისინი თითქოს არ იცნობენ იმ პოეზიას, [...] რომლის ენაზეც წერენ, ან, თუ იცნობენ, - საკმაოდ მცირე დოზებით - იცნობენ მხოლოდ ფრაგმენტებს”. საიდანაც თურმე გამომდინარეობს, რომ "ყველა ზემოთ აღნიშნული პოეტი, ლამის უგამონაკლისოდ, საკმაოდ შეზღუდულად ფლობს ქართულ პოეტურ (და არა მხოლოდ პოეტურ) ენას." შორს რომ აღარ წავიდეთ და თითოეულ პოეტს ცალ-ცალკე პოეტური უნარ-ჩვევების ტესტები არ ჩავუტაროთ, ბარემ ისევ "და სხვ."-ში მოხვედრილი ზაზა თვარაძე გავიხსენოთ, რომლის განუმეორებელი პოეტური სიგიჟე მუდამ კლასიკური ქართული ლიტერატურისა და პოეზიის უბადლო და ღრმა ცოდნას ეყრდნობოდა.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ზაზა შათირიშვილის კონცეფცია იმის შესახებ, რომ სამოქალაქო პოეტური ლირიკა მხოლოდ და მხოლოდ ახალ მილენიუმში დაწერილი რეზო გეთიაშვილის "მკვდრების მანიფესტით" იწყება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმიტომ რომ სამოქალაქო პოეტური ლირიკა იყო 90-იან წლებში თითქმის მთელი "რეაქტიული კლუბი", "ანომალიური პოეზია", ბადრი გუგუშვილი, კარლო კაჭარავა (ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ თვალსაზრისით) და ბევრი სხვა პოეტიც. 21-ე საუკუნეში მას Aახალი, მკვეთრი ინტონაციები შესძინა ნაირა გელაშვილმა, ასევე, დღევანდელი სამოქალაქო პოეტური ლირიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა ზურაბ რთველიაშვილი, თუმც ძველ თემას რომ დავუბრუნდეთ, ეს ლირიკა იყო და არის არცთუ გაპრანჭული, ზაზა&company-ს კი სამოქალაქო ლირიკაც კი გაპრანჭული, ანუ უფრო კულტურულად რომ ვთქვათ, უსაზღვროდ ესთეტიზებული სურს და აქედან გამომდინარე, მის საწყისს მხოლოდ რეზოს კარგ, მაგრამ ერთ რიგით ლექსში ხედავს...
და მგონი მივაღწიეთ როგორც იქნა მთავარ შეკითხვას: სადაა ჭეშმარიტი ქართული პოეზია, იქ, სადაც თუნდაც ძალიან კარგი ერზაცები იქმნება, თუ იქ, სადაც თვისობრივად სულ სხვა რამ ხდება?
შეკითხვა რიტორიკულია, მაგრამ მას ამ წერილში ვერანაირად ვერ ავცდებოდით. საზომებმომარჯვებული პოეტებისა და კრიტიკოსების საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, სწორედ ისინი მიაჩოჩებენ ნელი-ნელა უკეთესობისაკენ საკუთარ ეროვნულ პოეზიებს, მაგრამ ეს ჩოჩიალი მაინც პრინციპულად არაფრისმომცემემია, სანამ ახალი პოეტური გულისცემის ბესიკ ხარანაული ან ანდრო ბუაჩიძე არ დაიბადება (რომელი მიჯნათაშორისია ანდრო, როცა მისი კაეშანი სრულიად განსხვავებული ინტონაციის მიუხედავად, მაინც ტერენტი გრანელის კაეშნის გრადაციას უსწორდება უსიტყვოდ?)... და საერთოდ, ავტორი და სათქმელი ბევრია, ხანდისხან გგონია, რომ ვერც აუხვალ და ამის გამო ღონეც გეცლება, პასიური ხდები, მაგრამ რაღაც მომენტში რატომღაც მაინც იჯერებ ხოლმე, რომ მოკლე სიტყვითა და არგუმენტებით გადახუნძვლის გარეშეც შესძლებ იმის თქმას, რაც გულისგულში მოხვდება მკითხველს და ზედმეტ დასაბუთებებს უკვე აღარ მოითხოვს...
და თუკი მართლა ასეა, ჩათვალეთ, რომ ამჯერად მეც სწორედ ასე მოვიქეცი... შევეცადე, მთავარი გამომეთქვა, დანარჩენი, სიდიდეების მილიმეტრული სიზუსტით ზომვა და მსგავსი დამღლელი პროცედურები შემდგომ, მოსალოდნელ პოლემიკას შევატოვე...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

1 comment:

Anonymous said...

1234