Friday, September 11, 2009

ადოლფო ბიოი კასარესი – პაულინას ხსოვნას


პაულინა ყოველთვის მიყვარდა. ჩემი ბავშვობის ყველაზე ადრეულ მოგონებებში მახსოვს, როგორ ვიმალებოდით ბაღში, დაფნის როტონდაში, მახსოვს ორი ლომის ქანდაკებასთან როგორ მითხრა: მიყვარს ცისფერი, მიყვარს ყურძნის მტევნები, მიყვარს ყინული, მიყვარს ვარდები, მიყვარს თეთრი ცხენები. და მაშინ ვიგრძენი, რომ ბედნიერი ვიყავი, რადგან მის სურვილებში ჩემს თავს ვხედავდი. ჩვენ იმდენად უცნაურად ვგავდით ერთმანეთს, რომ წიგნზე, სადაც საუბარია ადამიანისა და სამყაროს სულის საბოლოო შერწყმაზე, ჩემმა მეგობარმა მინაწერი გამიკეთა: ,,ჩვენი სულები უკვე შეერთდნენ”. სიტყვა ,,ჩვენი” მაშინ მე და პაულინას ნიშნავდა.
ჩავთვალე, რომ პაულინას ეს ბუნდოვანი და ნაჩქარევი მინაწერი მსგავსების შესახებ მე მეხებოდა. მახსოვს, ჩემს წიგნაკში შენიშვნაც კი გავაკეთე: ეს პოემა პოეზიის ნაწილია, ხოლო ყოველი საგნის მიღმა უფლის ხატება ირეკლება. მჯეროდა, რომ ჩვენი მსგავსება განსაკუთრებული იყო. მაშინაც ვიცოდი, და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ პაულინა ჩემთვის თავშესაფარი იყო, სადაც საკუთარ ნაკლოვანებებს ვემალებოდი - სიტლანქეს, დაუდევრობასა და უსუსურობას.
ჩვენი ცხოვრება თითქოს ტკბილი ჩვეულება იყო, რომელიც ბუნებრივად მიედინებოდა ქორწინებისკენ. პაულინას მშობლები გულგრილად ეკიდებოდნენ ჩემს ნაადრევ ლიტერატურულ წარმატებას, მათი თანხმობის მიღების ღირსი მხოლოდ სადოქტოროს დასრულების შემდეგ გავხდებოდი. ხშირად ვგეგმავდით ჩვენს მომავალს, გვჯეროდა, რომ საკმარისი დრო გვექნებოდა მუშაობის, დასვენებისა და სიყვარულისთვის. ჩვენი წარმოსახვა იმდენად ცოცხალი იყო, რომ ლამის გვჯეროდა, რომ უკვე ერთად ვცხოვრობდით.
მაგრამ მოახლოებული ქორწინების მიუხედავად, შეყვარებულებივით არ ვიქცეოდით. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ და ჩვენ ძლიერი მეგობრობა გვაკავშირებდა. არ შემეძლო უცებ შეყვარებულად გარდავსახულიყავი და მრავალმნიშვნელოვნად მეთქვა: ,,მე შენ მიყვარხარ”. ამ დროს რა ძლიერ მიყვარდა! როგორი საოცარი წმინდა სიყვარულით! როგორ ვუმზერდი მის თვალისმომჭრელ სრულყოფილებას!
პაულინას მოსწონდა როცა მეგობრებისთვის წვეულებას ვმართავდით. ყველაფერს თვითონ ამზადებდა, სტუმრებსაც თავად ემსახურებოდა და ოჯახის დიასახლისის როლს სიამოვნებით იფერებდა. გამოგიტყდებით, ასეთი თავყრილობები არ მხიბლავდა. გამონაკლისი არც ის შეკრება იყო, რომელიც ხულიო მონტეროს მწერლებთან გასაცნობად მოვაწყვეთ.
მონტერო პირველად საღამო ხანს მესტუმრა. გულმოდგინედ ამტკიცებდა საკუთარი მოზრდილი ხელნაწერის ღირსებასა და მნიშვნელოვნებას. წავიდა თუ არა, მალევე დამავიწყდა მისი შავი სახე. რაც შეეხება თხზულებას, მართალია, მონტერო დაჟინებით მთხოვდა გულახდილად მეთქვა, ზედმეტად მძაფრი ხომ არ გამოუვიდა ზოგიერთი ეპიზოდი, ჩემთვის მხოლოდ ერთი რამ იყო ცხადი - მისი წიგნი სხვადასხვა მწერლების უნიჭო მიბაძვა იყო და მეტი არაფერი. ნაწარმოების მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ თუკი მელოდია იბადება მუსიკოსის მოძრაობისა და ვიოლინოს ურთიერთობის შედეგად, ხომ შეიძლება ადამიანის სულიც იშვეს მატერიისა და მოძრაობის ურთიერთქმედებისას. რომანის გმირი იგონებს სულების შესაქმნელ მანქანას - რაღაც ხითა და თოკებით შეკრული კარკასის მსგავსს. შემდეგ გმირი კვდება. მიცვალებულს მარხავენ, მაგრამ ის კვლავ საიდუმლოდ აგრძელებს ცხოვრებას ამ კარკასში. უკანასკნელ თავში კი სტერეოსკოპთან, შტატივთან და ტყვიის ნაჭერთან ერთად იმ ოთახში ჩნდება, სადაც ქალია გარდაცვლილი. როცა მის არგუმენტებში ეჭვი შევიტანე, მონტერომ მთხოვა, მწერლებთან შემეხვედრებინა.
- ხვალ საღამოს მოდით და რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ – ვუთხარი.
საკუთარ თავს თავხედი უწოდა და ჩემი მიპატიჟება მიიღო. მისი წასვლა ისე გამეხარდა, რომ სიამოვნებით ჩავაცილე ქუჩის კარებამდე. ლიფტიდან რომ გამოვედით, მონტერომ შიდა ეზოში პატარა ბაღი შენიშნა. ხანდახან, ღამის მკრთალ შუქზე, თუკი ჰოლის შემინულ კარს მიღმა გაიხედავდით, ეს პატარა ბაღი ტბის ფსკერზე ჩაძირული ტყის მისტიურ სურათს მოგაგონებდათ, ღამით კი, იისფერი და მონარინჯისფრო ნათურები მას შაქარყინულის შემზარავ სამოთხედ გარდაქმნიდნენ. მონტერომ ბაღი ღამით იხილა.
- გულახდილად გეტყვით - თქვა მან და ბაღს თვალი მოაშორა – მათ შორის, რაც ამ სახლში ვნახე, ბაღმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
მეორე დღეს პაულინა ადრე მოვიდა. ხუთ საათზე უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა წვეულებისათვის. მწვანე ქვის ჩინური ქანდაკება ვაჩვენე, რომელიც იმ დილით ანტიკვარიატში შევიძინე. ეს იყო შემართული და ფაფარაშლილი ველური ცხენი. გამყიდველი მარწმუნებდა, ვნების სიმბოლოაო. პაულინამ ქანდაკება ბიბლიოთეკაში, თაროზე შემოდო და შესძახა, ,,იგი ისეთივე მშვენიერია, როგორც პირველი ვნება!” როცა ვუთხარი, რომ ეს მისთვის ვიყიდე, ჩქარი მოძრაობით კისერზე ხელები შემომხვია და მაკოცა.
სასადილოში ვისხედით და ჩაის ვსვამდით. პაულინას ვუთხარი, რომ ორწლიანი სტიპენდია შემომთავაზეს ლონდონში. იმ წუთიდან ჩვენს მომავალ ოჯახზე, მოგზაურობასა და ინგლისში ცხოვრებაზე დავიწყეთ ფიქრი, რაც ისეთივე გარდაუვალი ჩანდა, როგორც ჩვენი ქორწინება. ოჯახური ცხოვრების წვრილმანებზე ვმსჯელობდით: იმ ტკბილ დათმობებზე, რაც დროის სწორად გასანაწილებლად იყო საჭირო სწავლას, დასვენებას, სეირნობასა და, რა თქმა უნდა, მუშაობას შორის. ვფიქრობდით, რითი დაკავდებოდა პაულინა, სანამ მე კურსებზე ვიქნებოდი. ავარჩიეთ წასაღები წიგნები და ტანსაცმელი. ყველაფერი ბოლომდე მოფიქრებული გვქონდა, როცა სტიპენდიაზე უარის თქმა გადავწყვიტეთ. ჩემს გამოცდებამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩებოდა და გვეშინოდა, რომ პაულინას მშობლები ქორწილის გადადებას მოინდომებდნენ.
ნელ-ნელა სტუმრებიც მოგროვდნენ. თავს ცუდად ვგრძნობდი. მიზეზს ვეძებდი, რომ მეგობრებთან საუბარი თავიდან ამერიდებინა, საინტერესო თემის შეთავაზება მიჭირდა და თავს ძალას ვატანდი, რომ რამე გამეხსენებინა. აღზნებული, გამოფიტული და დათრგუნული, ხალხის ხან ერთ, ხან მეორე ჯგუფს ვეკედლებოდი და მხოლოდ იმას ვნატრობდი, ეს ხალხი დროზე წასულიყო, რაც შეიძლება მალე დავრჩენილიყავი პაულინასთან მარტო, შემდეგ კი, ჩვეულებისამებრ, სახლამდე მიმეცილებინა.
ჩემი საცოლე დაMმონტერო ფანჯარასთან საუბრობდნენ. როცა გავხედე, თვალები ასწია და თავის უნაკლო სახე ჩემკენ მოუბრუნა. მისი სინაზე ის ხელშეუხებელი თავშესაფარი იყო, სადაც განმარტოება შეგვეძლო. როგორ მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ მიყვარს! გადავწყვიტე იმ ღამესვე გადამელახა სიყვარულზე საუბრის ეს უაზრო და ბავშვური შიში. ნეტავ ახლავე შემეძლოს გავანდო ჩემი ფიქრები - ამოვიოხრე. მის მადლიერ გამოხედვაში ხალისი და გაოცება იგრძნობოდა.
პაულინამ მკითხა, რა ერქვა იმ პოემას, სადაც ქალი და კაცი ისე გაუცხოვდნენ, რომ, როცა სიკვდილის შემდეგ ცაში შეხვდენენ, ერთმანეთი ვერც კი იცნეს. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ბრაუნინგი იყო, რაღაც სტროფები ბუნდოვნად მახსოვდა კიდეც. მთელი დანარჩენი საღამო ოქსფორდის ენციკლოპედიაში ვიქექებოდი პოემის სახელწოდების მოსაძებნად. თუკი პუალინასთან მარტო არ მტოვებდნენ, სხვებთან საუბარს ისევ მისთვის რამის მოძებნა მერჩივნა. მაგრამ რაღაც არ მასვენებდა. ჩემს თავს ვკითხე, ცუდის ნიშანი ხომ არ იყო, პოემას რომ ვერ ვპოულობდი. ფანჯრისკენ გავიხედე. ლუის ალბერტო მორგანმა ალბათ ჩემი შფოთვა შენიშნა და მითხრა, რომ პაულინა მონტეროს სახლს ათვალიერებინებდა. მხრები ავიჩეჩე, ძლივს დავმალე ზიზღი და ნაძალადევი ინტერესით კვლავ წიგნს მივუბრუნდი. თვალის კუთხით მორგანი დავინახე, ჩემს ოთახში შედიოდა. გავიფიქრე, ალბათ პაულინას დაუძახებს-მეთქი. მალე ისიც გამოჩნდა პაულინასთან და მონტეროსთან ერთად.
როგორც იქნა, ვიღაც წავიდა. ნელ-ნელა დანარჩენებიც დაიშალნენ. დადგა წუთი, როცა მე, პაულინა და მონტერო მარტო დავრჩით. როგორც ვვარაუდობდი, პაულინამ თქვა: ,,უკვე გვიანია, სახლში წავალ”.
მონტერომ უცებ გააწყვეტინა: ,,თუ ნებას მომცემ, გაგაცილებ.”
,,მეც გაგაცილებ” - ვთქვი მე.
პაულინას მივმართავდი, მაგრამ მონტეროს ვუყურებდი, მინდოდა თვალებით ზიზღი და სიძულვილი მეგრძნობინებინა.
როცა დაბლა ჩავედით, გამახსენდა, რომ პაულინას ჩინური ცხენი დაავიწყდა.
,,ჩემი საჩუქარი დაგრჩა” – ვუთხარი.
შენობაში ავბრუნდი და ქანდაკება ჩამოვიტანე. შუშის კარზე მიყრდნობილები დამხვდნენ, ეზოს გაჰყურებდნენ. პაულინას ხელი ავიღე და მონტეროს მეორე მხრიდან მიახლოვების საშუალება არ მივეცი. ლაპარაკის დროს მონტეროს შეგნებულად არ ვაქცევდი ყურადღებას.
არ სწყენია. როცა პაულინა მივაცილეთ, ჩემი სახლამდე წამოყოლა დაიჟინა. გზაში გულწრფელად და გზნებით საუბრობდა ლიტერატურაზე. ჩემთვის გავიფიქრე, ეს მწერალია, მე კი ქალის გამო შეწუხებული და დაღლილი კაცი ვარ-მეთქი, თან იმას ვფიქრობდი, რამდენად შეუსაბამო იყო მისი ასეთი ფიზიკური სიძლიერე მის ლიტერატურულ უსუსურობასთან. ,,საკუთარი თავის გარდა ვერავის ამჩნევს, ისიც კი არ ესმის, რას ეუბნება თანმოსაუბრე” - გავიფიქრე და ზიზღით გავხედე მის ხშირ ულვაშს, ანთებულ თვალებს და უხეშ კისერს.
ის კვირა პაულინა თითქმის არ მინახავს. გამოცდისთვის ვემზადებოდი, როგორც კი ბოლო გამოცდა ჩავაბარე, ტელეფონით დავურეკე. რაღაც არაბუნებრივი სიხარულით მომილოცა და მითხრა, რომ საღამოს ჩემთან მოვიდოდა.
სიესტის შემდეგ ზანტად ვიბანავე. პაულინას ლოდინში მიულერისა და ლესინგის წიგნი გადავათვალიერე ფაუსტის შესახებ.
დანახვისთანავე აღმომხდა:
,,როგორ შეცვლილხარ!”
,,რა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, თქმაც არ მჭირდება, ისე ხვდები, რასაც ვგრძნობ.”
ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ. ბედნიერების მწვერვალზე ვიყავით.
მადლობა – ვუპასუხე.
არაფერი ამაღელვებდა ისე, როგორც პაულინას აღიარება ჩვენი სულების სიახლოვის შესახებ. კმაყოფილმა მივიღე ეს Qქათინაური და არც კი მახსოვს, როდის ვკითხე ჩემს თავს, პაულინა რამე სხვას ხომ არ გულისხმობდა-მეთქი და სანამ გონებაში ამ შესაძლებლობას განვიხილავდი, პაულინამ დაბნეულად დაიწყო ახნა:
- პირველივე დღეს თავდავიწყებით შეგვიყვარდა ერთმანეთი.
შევეკითხე, ვის გულისხმობ-მეთქი, პაულინამ განაგრძო:
- ის ძალიან ეჭვიანია, ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ დავპირდი, რომ რაღაც დროის განმავლობაში არ გნახავდი.
მე კვლავ ველოდი რაიმე სანუგეშო განმარტებას, ვერ ვხვდებოდი, პაულინა სერიოზულად ლაპარაკობდა თუ ხუმრობდა. არ ვიცი, რა მეწერა სახეზე, არ ვიცი, რამდენად შემაძრწუნებელი იყო ჩემი გამომეტყველება. პაულინამ განაგრძო:
- მივდივარ, ხულიო მელოდება, არ ამოვიდა, რომ ჩვენთვის ხელი არ შეეშალა.
- ვინ? – შევეკითხე.
იმ წუთას შემეშინდა, პაულინა არ მიმხვდარიყო, რომ ვთვალთმაქცობ და რომ ჩვენი სულები არც ისე ახლოა ერთმანეთთან.
მან მშვიდად მიპასუხა:
- ხულიო Mმონტერო.
პასუხი არ გამკვირვებია. თუმცა იმ საშინელ საღამოს ვერაფერი შემძრავდა ისე, როგორც ეს სახელი. პირველად ვიგრძენი, რომ პაულინა შორს იყო ჩემგან. ლამის ზიზღით შევეკითხე:
- დაქორწინებას აპირებთ?
არ მახსოვს რა მიპასუხა, მგონი ქორწილში დამპატიჟა.
მარტო დავრჩი, ყველაფერი უაზრობად მეჩვენა. არ არსებობდა უფრო შეუსაბამო ადამიანი პაულინასთვის (და ჩემთვის), ვიდრეMმონტერო. ნუთუ ვცდებოდი? თუკი პაულინას ეს კაცი უყვარდა, გამოდის, რომ ჩვენ არასოდეს ვგავდით ერთმანეთს. მაგრამ ეს მსჯელობაც უაზრო იყო. მივხვდი, რომ ადრეც შევჯახებივარ ამ მწარე სიმართლეს.
სევდამ მომიცვა, მაგრამ არ ვეჭვიანობდი. ლოგინზე პირაღმა დავწექი. წიგნი, რომელიც ჩემს გვერდით იდო და ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი, ზიზღით მოვისროლე.
სასეირნოდ გარეთ გამოვედი. ქუჩას გავხედე. იმ საღამოს ცხოვრება წარმოუდგენელი მეჩვენა.
წლების განმავლობაში მახსოვდა განშორების მტკივნეული განცდა, რადგან ისინიც პაულინასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ყველაფერს დაწვრილებით ვიხსენებდი, ვუკვირდებოდი და ხელახლა განვიცდიდი. ბობოქარ ფიქრებში ვცდილობდი ახლებურად ამეხსნა მოვლენები. მაგალითად, პაულინას ხმაში, როდესაც ის თავის საყვარლის სახელს წარმოთქვამდა, სინაზე შევნიშნე და გული ამიჩუყდა: ვიფიქრე, რომ გოგონას ვეცოდებოდი, და მისმა სიკეთემ ისევე შემძრა, როგორც მანამდე მისმა სიყვარულმა. მოგვიანებით, როცა კარგად დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს სინაზე წარმოთქმულ სახელს ეკუთვნოდა და არა მე.
როგორც კი სტიპენდია მივიღე, გასამგზავრებლად მზადებას შევუდექი. ჩემი წასვლის შესახებ, რა თქმა უნდა, ყველამ გაიგო და უკანასკნელ ღამეს პაულინა შინ მესტუმრა.
ვგრძნობდი, რომ ჩემგან შორს იყო, მაგრამ დავინახე თუ არა, ხელახლა შემიყვარდა. სანამ ხმას ამოიღებდა, უკვე ვიცოდი, რომ ეს საიდუმლო სტუმრობა იყო. მადლიერების ნიშნად ხელი მოვკიდე მის აცახცახებულ ხელებს.
პაულინამ თქვა:
- ყოველთვის მეყვარები, რაღაც გაგებით ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარები.
ალბათ თავს მოღალატედ მიიჩნევდა. იცოდა, რომ მის ერთგულებაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ შეწუხებულმა, თითქოს წარმოსახვითი მოწმის წინაშე თავს იმართლებსო, იმ წამსვე დაუმატა:
- რა თქმა უნდა, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, არ ითვლება, მე ხულიო მიყვარს.
შემდეგ თქვა, რომ ეს სიყვარული მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, და რომ წარსული მხოლოდ უდაბნო იყო, სადაც იგი მონტეროს ელოდა და ჩვენი სიყვარული და მეგობრობა აღარც კი ახსოვდა.
ამის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ. ძალიან ცუდად ვიყავი და მოვიტყუე, თითქოს გასვლას ვაპირებდი. ლიფტამდე მივაცილე, კარი გამოვაღე თუ არა, დაიგრგვინა და წვიმამ დაუშვა.
- ტაქსს მოვიყვან – ვუთხარი.
პაულინამ აღზნებული ხმით დამიძახა:
- ნახვამდის, ძვირფასო.
ქუჩა გადაირბინა და გაუჩინარდა. დამძიმებული დავბრუნდი უკან. როცა თავი ავწიე, დავინახე რომ ჩემს ბაღში ვიღაც იმალებოდა. კაცი გასწორდა და ხელი და სახე შუშის კარებს ჩამოაყრდნო. ესMმონტერო იყო.
იისფერი და ნარინჯისფერი სინათლის სხივები ერთმანეთში გადადიოდა მწვანე ბუჩქების ფონზე. კარის სველ შუშაზე მიჭყლეტილი მონტეროს სახე გაფითრებული და დამახინჯებული მეჩვენა.
აკვარიუმის თევზები გამახსენდა. სიმწრით გავიფიქრე, რომ იგი უფრო სხვანაირი მონსტრი იყო, უფრო იმათ ჰგავდა, ზღვის ფსკერზე რომ ცხოვრობენ და წყლის წნევისგან დეფორმირდებიან.
მეორე დილით გავემგზავრე. მთელი გზა კაიუტიდან არ გამოვსულვარ, ვწერდი და ვმუშაობდი.
პაულინას დავიწყება მინდოდა. ლონდონში ცხოვრების დროს, ორი წლის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ვარიდებდი თავს ყველაფერს, რაც მასთან იყო დაკავშირებული - დაწყებული არგენტინიდან ჩამოსული ხალხით, დამთავრებული ტელეგრამებით, რომლებიც გაზეთებში ქვეყნდებოდა. სამაგიეროდ, სიზმრად ისე ცოცხლად და დამაჯერებლად ვხედავდი ხოლმე, რომ ისიც კი ვიფიქრე, ჩემი სული სიზმარში ხომ არ ცდილობს იმის ანაზღაურებას, რაც ცხადში ასე მაკლია-მეთქი. მასზე მოგონებებს მთელი ძალით ვებრძოდი. ერთი წლის თავზე როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ აღარ მესიზმრებოდა და თითქოს სამუდამოდ დავივიწყე კიდეც.
იმ საღამოს, როცა ევროპიდან დავბრუნდი, პაულინა ისევ გამახსენდა. შემეშინდა, რომ სახლში მისვლისთანავე ყველაფერი ისევ გაცოცხლდებოდა. როცა ჩემს ოთახში შევედი, გავჩერდი, წარსულის მძაფრმა სიხარულმა და სევდამ ერთბაშად იფეთქა ჩემში. უცებ სამარცხვინო რამ გავაცნობიერე: არც ძველი სიყვარულის ნარჩენები და არც მოულოდნელი სათუთი მოგონებები აღარ მაღელვებდა. ჩემს ფანჯარაში შუქის ძლიერი ნაკადი შემოდიოდა - ეს ბუენოს-აირესის შუქი იყო!
ასე, ოთხი საათისთვის ყავის საყიდლად გავედი. მაღაზიის მეპატრონემ მიცნო, გულთბილად მომესალმა და შენიშნა, რომ სადღაც ექვსი თვე იქნებოდა, რაც მის მაღაზიაში აღარ გამოვჩენილვარ. როგორც ადრე, ახლაც კილო პური ვთხოვე და მანაც ჩვეული კითხვა მომაგება:
- თეთრ პურს ინებებთ თუ სატოსტეს?
მეც, როგორც ყოველთვის ვუპასუხე:
- თეთრს.
სახლში დავბრუნდი, ბროლივით გამჭვირვალე და სუსხიანი დღე იყო. ყავას რომ ვამზადებდი, პაულინა გამახსენდა. საღამოობით შავ ყავას ვსვამდით ხოლმე. ხალისიანი უდარდელობიდან უცებ ნამდვილ სიგიჟეში გადავეშვი, რაც პაულინას მოულოდნელი სტუმრობით იყო გამოწვეული. დავინახე თუ არა, მუხლებში ჩავუვარდი, თავი მის მკლავებში ჩავრგე და პირველად ავიტრდი იმ ტკივილით, რომელიც მისი დაკარგვის გამო განვიცადე.
მისი სტუმრობა ასე მოხდა: კარზე სამი კაკუნი გაისმა, გავიფიქრე, ვინ უნდა იყოს ასეთ დროს, ვიღაცის გამო ყავა უნდა გამიცივდეს-მეთქი. კარი უხალისოდ გამოვაღე.
შემდეგ - არ ვიცი, ცოტა დრო გავიდა თუ ბევრი, პაულინამ მიბრძანა უკან გავყოლოდი. მივხვდი, რომ ჩვენი ძველი შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა და მომეჩვენა, რომ ამას განსაკუთრებული სიჯიუტით აკეთებდა. როცა მთხოვა ხელი ჩამეჭიდა (ხელი! ახლავე!), მის ნათქვამს უნებურად დავემორჩილე. ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და როგორც ორი მდინარის ნაკადი, ჩვენი სულები ერთმანეთს შეერწყა. გარეთ, სახურავებსა და კედლებზე წვიმა ასხამდა. ეს წვიმა თითქოს მთელი სამყარო იყო, რომელიც მოედინებოდა, როგორც ჩვენი მღელვარე სიყვარულის გამოცხადება.
მოზღვავებული გრძნობების მიუხედავად, მაინც შევამჩნიე, რომ მონტეროს პაულინას მეტყველება დაებინძურებინა. მისი ლაპარაკისას უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემი მეტოქის საუბარი მესმოდა. ყურში მომხვდა მისთვის ჩვეული მძიმე ფრაზები, მეცნო გულუბრყვილო და დაჟინებული მცდელობა, ზუსტი სიტყვებისთვის მიეგნო. მეცნო მისი განუმეორებელი სიტლანქეც.
თავი ძლივს შევიკავე. შევხედე მის სახეს, ღიმილს, თვალებს. ეს პაულინა იყო - ცოცხალი და მშვენიერი. უკვე აღარ მომეჩვენა სხვანაირი.
როცა სარკის ტყვიისფერ ბინდში შავი ანგელოზების მორთულ ჩარჩოში, მის ანარეკლს ვაკვირდებოდი, პაულინა სხვანაირი მეჩვენა. თითქოს მისი განსხვავებული სახე აღმოვაჩინე. თითქოს ახლებურად შევხედე, ამ განშორებამ მისი ხილვის ყოველდღიურობას მომწყვიტა და უკან უფრო მშვენიერი დამიბრუნა მისი თავი.
პაულინამ მითხრა:
- წავედი, ხულიო მელოდება.
მის ხმაში უცნაურად ერწყმოდა ერთმანეთს გულგრილობა და მღელვარება. გულისტკივილით გავიფიქრე: პაულინა ადრე არავის უღალატებდა. როცა თავი ავწიე, უკვე წასულიყო.
ერთი წუთით შევყოვნდი, მერე დავუძახე, ისევ დავუძახე და სადარბაზო ჩავირბინე, ქუჩაში გამოვედი. ვერსად ვიპოვე. დაბრუნებისას სიცივე ვიგრძენი. ქუჩა უკვე გამშრალიყო. ,,რა უცბად გადაუღია, ალბათ ხანმოკლე წვიმა იყო” - გავიფიქრე.
ცხრა საათი ხდებოდა, სახლში რომ დავბრუნდი. მშიოდა, მაგრამ გარეთ გასვლის სურვილი არ მქონდა, არ მინდოდა, ნაცნობებს გადავყროდი. Yყავა მოვადუღე, ორი თუ სამი ჭიქა დავლიე და პურის ყუა მოვიტეხე.
არ ვიცოდი, ოდესმე ერთმანეთს ისევ თუ შევხვდებოდით. პაულინასთან ლაპარაკი მინდოდა. Mმინდოდა, ჩემი ეჭვები გაექარწყლებინა. ის ეჭვები, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდნენ და რომელთა გაქარწყლებაც მხოლოდ პაულინას შეეძლო. უცებ საკუთარმა უმადურობამ შემძრა: ცხოვრებამ საუკეთესო საჩუქარი მომიძღვნა, მე კი უკმაყოფილო ვიყავი. ეს საღამო ჩვენი ცხოვრებების კულმინიაცია იყო. პაულინაც ასე ფიქრობდა. ამიტომაც თითქმის არ გვილაპარაკია, რადგან საუბარი, კითხვების დასმა მხოლოდ ჩვენი განსხვავებულობის ნიშანი იქნებოდა.
მისი ნახვა მინდოდა, შემდეგ დღემდე ვერ მოვითმენდი. გადაჭრით გადავწყვიტე მონტეროს სახლში იმავე საღამოს მივსულიყავი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. პაულინასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ვერ მივიდოდი. აჯობებდა, ლუის ალბერტო მორგანი მენახა და მისგან გამეგო როგორ ცხოვრობდა პაულინა ჩემი არყოფნის დროს.
ყველაზე გონივრული ახლა დაწოლა და დაძინება იქნებოდა. ცოტას დავისვენებდი და ყველაფერში უკეთ გავერკვეოდი. თანაც, არ მინდოდა დაუდევრად ელაპარაკათ პაულინას შესახებ. ძილის წინ ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ხაფანგში ვიყავი გაბმული. გამახსენდა უძილო ღამეები, როცა ლოგინში მარტო იმიტომ რჩები, რომ არ შეიმჩნიო, როგორ გტანჯავს უძილობა. შუქი ჩავაქრე.
პაულინას საქციელზე თავის მტვრევას არ ვაპირებდი. ძალიან ცოტა რამ ვიცოდი იმისთვის, რომ სიტუაციაში გავრკვეულიყავი. რადგან ამ ფიქრებისგან ვერ გავთავისუფლდი, გადავწყვიტე, იმ საღამოს თავი მოგონებებისთვის შემეფარებინა.
პაულინას სახე ისევ ისე მიყვარდა, თუმცა იყო მის საქციელში რაღაც უცნაური და მტრული, რაც ასე მაშორებდა მას. ეს ისევ ის სახე იყო, წრფელი და მშვენიერი, რომელსაც მონტეროს საბედისწერო გამოჩენამდე ვუყვარდი. და მივხვდი, რომ ხანდახან სახეზე აღბეჭდილ ერთგულებას სული არ იზიარებს.
ან იქნებ ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი იყო და ბრმად მინდობილი საკუთარ სურვილებსა და შეხედულებებს, სინამდვილეში წესიერად არც არასდროს ვიცნობდი პაულინას?
ჩემთვის პაულინას ერთი ხატება ამოვარჩიე: მისი სახე სარკის ბნელი და მბრწყინავი ზედაპირის ფონზე და შევეცადე გონებაში გამეცოცხლებინა. დავინახე თუ არა მისი მქრქალი გამოსახულება, მომეჩვენა, რომ პაულინა მავიწყდებოდა და მისი სახის აღდგენას შევეცადე. ფანტაზია და მეხსიერება ამოუხსნელი რამაა: გავიხსენე მისი აწეწილი თმა, ტანსაცმლის ნაოჭები, ბურუსი, რომელშიც გახვეულიყო, მაგრამ მისი სახე კვლავ ბუნდოვანი რჩებოდა.
ჩემი დახუჭული თვალების წინ უამრავმა სურათმა გაიელვა, თითოეული მათგანი დიდ საციცოცხლო ენერგიას ასხივებდა. მოულოდნელად რაღაც აღმოვაჩინე: პაულინას მარჯვნივ, სარკის კუთხეში, როგორც უფსკრულის ბნელ კიდეზე, მწვანე ქვის ცხენმა გაიელვა.
პირველად, როცა ეს გამოსახულება დავინახე, არ გამკვირვებია, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამახსენდა, რომ ეს ქანდაკება სახლში არ მქონდა. მე ხომ იგი ორი წლის წინ ჩემი ხელით ვაჩუქე პაულინას.
გავიფიქრე, რომ ალბათ ჩემს გონებაში სხვადასხვა დროის მოგონებები დამთხვევა ერთმანეთს. ყველაზე ძველი მოგონება ცხენი იყო, ყველაზე ახალი კი პაულინა. ეს კარგი ახსნა იყო და შემეძლო წყნარად დამეძინა. მაშინ თავში სამარცხვინო აზრმა გამიელვა, და თუ მოგვიანებით განვითარებულ მოვლენებს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, სასაცილომაც: ,,თუ კარგად ვერ გამოვიძინებ, ხვალ ფერმკრთალი ვიქნები და პაულინას არ მოვეწონები.”
მალე მივხვდი, რომ ჩემი არგუმენტი ცხენთან დაკავშირებით დამაჯერებლად არ ჟღერდა. ცხენი საძინებელში არასოდეს ყოფილა. სახლში მე ის მხოლოდ მეორე ოთახში, თაროზე შეიძლებოდა მენახა, ანდა ჩემი და პაულინას ხელში.
თავზარდაცემულმა კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ამ მოგონებებს. ისევ დავინახე სარკე ანგელოზებითა და ხის ჩუქურთმებით. ცენტრში პაულინას სახე იკვეთებოდა, მარჯვენა კუთხეში კი ცხენი მოჩანდა. ოთახის ინტერიერი ძალიან მქრქალად ჩანდა. სამაგიეროდ ბიბლიოთეკის თაროზე მკაფიოდ იკვეთებოდა ცხენის შემართული ფიგურა, რომელიც სარკის მთელ ფსკერს მოიცავდა. უცებ სიბნელეში თვალი მოვკარი ახალ პერსონაჟს, რომელიც მანამდე არ შემიმჩნევია და როცა კარგად დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს მე ვიყავი.
ვხედავდი პაულინას სახეს, არა ცალკეულ ნაკვთებს, არამედ მთლიანად, თითქოს მისი მშვენიერება და სევდა განსაკუთრებული ძალით ასხივებდა. ტირილით გამომეღვიძა.
არ მახსოვს, როდის ჩამეძინა. მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს სიზმარი არ იყო. ჩემი გონება ჩემგან დამოუკიდებლად აგრძელებდა მუშაობას და იმ საღამოს მომხდარ მოვლენებს აღადგენდა.
საათს დავხედე. ხუთი იყო. გადავწყვიტე, პაულინას რისხვის მიუხედავად დილით მასთან მივსულიყავი, მაგრამ ჩემი მღელვარება ამ ფიქრმაც ვერ ჩაახშო.
შვიდის ნახევარზე გავიღვიძე, ხანგრძლივი აბაზანა მივიღე და ნელ-ნელა ჩავიცვი.
არ ვიცოდი, სად ცხოვრობდა პაულინა. კარისკაცმა ტელეფონების ცნობარი მათხოვა. მონტეროს მისამართი არსად არ იყო რეგისტრირებული. პაულინას ნომრის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერც ის ვიპოვე. როგორც მითხრეს, მონტეროს სახლში ახლა სხვები ცხოვრობდნენ. გადავწყვიტე, მისამართი პაულინას მშობლებისთვის მეკითხა.
დიდი ხანია ერთმანეთი არ გვენახა (რაც პაულინასა და მონტეროს სიყვარულის ამბავი შევიტყვე, მათთან ურთიერთობა გავწყვიტე). ახლა თავის გასამართლებლად უამრავი რამის ახსნა მომიწევდა, ამის თავი ნამდვილად არ მქონდა.
ყველაზე კარგი იქნებოდა ლუის ალბერტო მორგანთან მელაპარაკა. თერთმეტზე ადრე ვერ ვესტუმრებოდი. ქუჩაში უაზროდ დავეხეტებოდი, ვერაფერს ვამჩნევდი, კედლის კარნიზი ან უცაბედად ნასროლი სიტყვა თუ გამომაფხიზლებდა. მახსოვს, დამოუკიდებლობის მოედანზე ვიღაც ქალი - ფეხშიშველა, ცალ ხელში ფეხსაცმელებით და მეორეში წიგნით, როგორ დადიოდა ნოტიო გაზონზე.
მორგანი თეფშში თავჩარგული დამხვდა, რომელიც ორივე ხელით ეჭირა. მოთეთრო სითხეში პურის ნაჭერი ტივტივებდა.
- სად ცხოვრობსMმონტერო? - შევეკითხე.
რძე მთლიანად დალია და ფიალის ფსკერიდან პურის ნაჭრების ამოღება დაიწყო.
- მონტერო ციხეშია – მიპასუხა მან.
გაოცება ვერ დავმალე. მორგანმა განაგრძო:
- შენ რა, არაფერი გაგიგია?
მას ალბათ ეგონა, რომ მხოლოდ ეს დეტალი არ ვიცოდი, მაგრამ რადგან ლაპარაკი უყვარდა, ყველაფერი მიამბო. მომეჩვენა, რომ გონება დამიბნელდა და თითქოს უფსკრულში გადავეშვი, სადაც საზეიმო მყიფე და მკაფიო ხმა ჩემთვის გაუგონარ საზარელ ამბებს ყვებოდა და თან დარწმუნებული იყო, რომ მე უკვე ყველაფერი ვიცოდი.
აი, რა მიამბო მორგანმა: მონტერომ იეჭვა, რომ პაულინა ჩემს სანახავად მოვიდოდა და ჩემი სახლის ბაღში დაიმალა. გამოსულს უკან დაედევნა და ქუჩაში პასუხი მოსთხოვა. როცა მათ ირგვლივ გამვლელები მოგროვდნენ, მონტერომ მანქანა გააჩერა. მთელი ღამე ტბებთან ახლოს, კოსტანერაზე დადიოდნენ, გამთენიისას კი სასტუმრო ტიგრში პაულინა იარაღით მოკლა. ეს არ მომხდარა წინა ღამით, ეს მოხდა ორი წლის წინ, ჩემი ევროპაში გამგზავრების ღამეს.
ცხოვრების ყველაზე საშინელ წუთებში უპასუხიმგებლობა იღვიძებს, რომელიც გვიცავს იმისგან, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და ყურადღება ყოფით წვრილმანებზე გადააქვს. იმ წუთას მორგანს ვკითხე:
- გახსოვს, ჩვენი უკანასკნელი წვეულება, ჩემი გამგზავრების წინ?
მორგანს ახსოვდა. მე განვაგრძე.
- როცა შენიშნე, რომ ვღელავდი და პაულინას მოსაძებნად საძინებელში შეხვედი, რას აკეთებდა იმ დროსMმონტერო?
- არაფერს განსაკუთრებულს, თუ არ ვცდები სარკეში იხედებოდა.
სახლში დავბრუნდი, Dშემოსასვლელში კარისკაცი შემხვდა და მოჩვენებითი გულგრილობით ვკითხე:
- იცოდით, რომ სენიორიტა პაულინა გარდაიცვალა?
- რა თქმა უნდა, ეს ხომ ყველა გაზეთში ეწერა, სწორედ მე შევატყობინე პოლიციას.
კარისკაცმა დაკვირვებით შემომხედა.
- ცუდად ხომ არ ხართ? - მკითხა და მომიახლოვდა. – თუ გნებავთ, მიგაცილებთ.

მადლობა ვუთხარი და ზემოთ ავედი. ბუნდოვნად მახსოვს, რომ კარის გაღება გამიჭირდა, მერე სადარბაზოს კედლიდან ფოსტა ავიღე, სახლში შევედი და თვალებდახუჭული ლოგინზე პირჩაღმა დავემხე.
შემდეგ სარკის წინ აღმოვჩნდი, გავიფიქრე: ,,ცხადია, რომ გუშინ ღამით ჩემთან პაულინა მოვიდა. სიკვდილის წინ მიხვდა, რომ მონტეროსთან ქორწინება შეცდომა იყო, საშინელი შეცდომა, ჩვენი სიყვარული კი - ნამდვილი. და მობრუნდა სიკვდილის შემდეგ, რათა დაესრულებინა საკუთარი ბედი, ჩვენი ბედი. გამახსენდა ფრაზა, რომელიც რამდენიმე წლის წინ პაულინამ წიგნზე წამიწერა: ,,ჩვენი სულები უკვე შეერთდნენ”. ეს გუშინ ღამით აღსრულდა, იმ წამს, როცა ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხო. მისი ღირსი არ ვარ, რადგან ვეჭვიანობდი, არ ვენდობოდი, პაულინა კი ჩვენი სიყვარულის გამო სიკვდილის შემდეგაც დაბრუნდა.
პაულინამ მაპატია. არასოდეს გვყვარებია ერთმანეთი ასე ძლიერად. არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს.
სიყვარულით, გამარჯვებითა და სევდით ვიყავი გაბრუებული, როცა ჩემს თავს ვკითხე, უფრო სწორად, ჩემმა გონებამ, რომელსაც ჩვევად აქვს ალტერნატიული აზრების შემოთავაზება, მკითხა, ხომ არ ჰქონდა პაულინას გუშინდელ სტუმრობას რაიმე სხვა ახსნა. და მაშინ, როგორც ჭექა-ქუხილი, ერთადერთი სიმართლე დამატყდა თავს.
პაულინა საიქიოდან ჩვენი საცოდავი სიყვარულის გამო არ მობრუნებულა. ეს არ იყო პაულინას მოჩვენება. მე ჩემი მეტოქის ეჭვებით შექმნილ საზარელ ქიმერას შევეფეთე.
ამ ყველაფრის გასაღები ჩემი გამგზავრების წინა დღეს პაულინას სტუმრობა იყო. მონტერო მას უკან აედევნა და მალულად ბაღში ჩაუსაფრდა. მთელი ღამე ჩხუბობდნენ, მაგრამ მონტერომ მაინც ვერ ირწმუნა მისი ერთგულება - ან კი როგორ დაიჯერებდა ის პაულინას სისპეტაკეს. და გამთენიისას მოკლა.
ნათლად დავინახე, როგორ იჯდა ციხეში და არ ასვენდებდა იმაზე ფიქრი, რაც იმ საღამოს მოხდა და თან ჯიუტად თხზავდა საკუთარ ეჭვებს.
ლანდი, რომელიც ჩემს სახლში შემოვიდა და ისიც, რაც შემდეგ მოხდა, მონტეროს საშინელი წარმოსახვის ანარეკლი იყო. ისე ვიყავი დაბრმავებული, რომ ამ ყველაფერს გვიან მივხვდი, მაშინ მხოლოდ ის მსურდა, რომ პაულინას ნებას დავყოლოდი. თუმცა საეჭვო ბევრი რამ იყო. მაგალითად, წვიმა. როცა ნამდვილი პაულინა ჩემი გამგზავრების წინ მესტუმრა, წვიმის ხმა არ ისმოდა. მონტეროს კი, რომელიც ამ დროს ბაღში იმალებოდა, წვიმა პირდაპირ სხეულზე ესხმებოდა და როცა ჩვენ წარმოგვიდგენდა, ეგონა, რომ წვიმის ხმაური ჩვენამდეც აღწევდა. სწორედ ამიტომ ჩამესმოდა ეს ხმა წინა ღამით და ამიტომ იყო, რომ გარეთ გამოსულს ქუჩა მშრალი დამხვდა.
მეორე ნიშანი ქანდაკება იყო. ის სახლში მხოლოდ ერთი დღე გავაჩერე - წვეულების დღეს, მაგრამ მონტეროსთვის ის ჩემი სახლის სიმბოლოდ იქცა და ამიტომ გაჩნდა სარკეში მისი გამოსახულება.
სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარი თავი ვერ ვიცანი, იმიტომ, რომ მონტეროს არ შეეძლო ჩემი მკაფიოდ წარმოდგენა. ამავე მიზეზით არ ჩანდა საძინებელი. პაულინას ცნობაც კი გამიჭირდა - მონტეროს ფიქრებიდან არეკლილი პაულინა არ ჰგავდა საკუთარ თავს და მეტიც, მონტეროსავით საუბრობდა.
ამ ღამის ჩვენებები მონტეროს სასჯელია. ჩემი სასჯელი კი უფრო რეალურია, ეს არის იმის ცოდნა, რომ სიყვარულში იმედგაცრუებული პაულინა არასოდეს დაბრუნებულა ჩემთან, მე არასოდეს ვყოფილვარ მისი სიყვარული. ეს იმის ცოდნაა, რომ Mმონტერო იცნობდა ისეთ პაულინას, როგორსაც მე არ ვიცნობდი, რომ იმ ღამეს, როცა ხელი მოვკიდე - ჩვენი სულების შეერთების წამს - დავემორჩილე პაულინას ბრძანებას, რომელიც სანამდვილეში მის ბაგეებს არასოდეს წარმოუთქვამთ ჩემთან, და რომელიც განუწყვეტლივ ჩაესმოდა ჩემს მეტოქეს.

ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


No comments: