Sunday, September 20, 2009

სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები


ჟოელ ბასტენერი

ფრანგული კულტურის ცენტრის დირექტორი

სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები


როდესაც სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდება, ფრანგი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, - მყისვე ენად გაიკრიფება, საკუთარ აზრს გაგიზიარებს, სასუბრო თემის შესაფერის ანეკდოტს გაიხსენებს, დაბოლოს, რაიმე ბრძნულ გამონათქვამსაც მოაყოლებს. ფრანგები ამაყობენ იმით, რომ ესოდენ ლაღად შეუძლიათ ილაპარაკონ სიყვარულზე და ეს უძველესი უპირატესობა სიტყვისა სავსებით გამართლებულად მიაჩნიათ, რადგან ამ გრძნობის არა მხოლოდ ცხოვლად განცდა, არამედ მასზე გადამწყვეტი, მჭექარე აზრის გამოთქმაც ხელეწიფებათ. ფრანგისთვის რაღა სიყვარული და რაღა პეწით გაშლილი სუფრა: ამ სიამოვნებათა შესახებ ფრანგებზე მეტი აბა ვის უთქვამს? ეს განსაკუთრებით იგრძნობა მწერლობაში: არც ერთი ქვეყნის ლიტერატურას არ დაუთმია ამდენი ადგილი სიყვარულისთვის, ესოდენ ხაზგასმით არ წარმოუჩენია, ვინ იცის საიდან მოყოლებული, ამ უნივერსალური პრობლემის უკლებლივ ყველა მხარე და წახნაგი, ესოდენ დაწვრილებით არ აღუწერია გრძნობის საფეხურები და განსხვავებული ფორმები, სექსის "დახვეწილი მანერები" თუ გარყვნილების სიღრმეები. ტრუბადურებიდან კრისტინ ანგომდე, - მადამ დე ლაფაიეტი, გიიომ აპოლინერი და ანდრე ბრეტონიც გავიხსენოთ, - ვინ მოსთვლის რამდენი რამ შევიცანით და რამდენი რჩევა თუ შეგონება მოვისმინეთ, - ფრანგული ლიტერატურა ნებისმიერ კითხვას უძებნის პასუხს, რადგან, როგორც სამართლიანად აღნიშნავს მწერალი და ფილოსოფოსი ფილიპ სოლერსი: "არც ერთ ქვეყანას არ შეუქმნია ესოდენ წინააღმდეგობრივი ლიტერატურა, რამეთუ სხვაგან ვერსად შეხვდებით გვერდი-გვერდ კლოდელს და ვოლტერს, სადს და მადამ დე სევინიეს..."
მრავალსაუკუნოვან, თაობიდან თაობაში გარდამავალ სიყვარულის ჰერმენევტიკის სადარ ტრადიციას კარგად ახსოვს განსაკუთრებული ზეობის პერიოდები: XII-XVIII საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული, XX საუკუნის დასაწყისში და შემდეგ, 1960-70-იან წლებში განვითარების უმაღლეს საფეხურზე ასული ტოტალიტარული ნორმატიული წესის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია, ახალი საუკუნის დასაწყისში ძალებს იკრებს, რათა წინ აღუდგეს უცხოური ლიტერატურების მომძლავრებულ მაცდუნებელ კონკურენციას. ამ აღზევებას თან ახლავს, ლიტერატურაში სექსის და ამასთან ერთად, ღვთიურ მადლს მოკლებული ადამიანის მარტოსულობის განცდის კიდევ მეტი სიმძაფრით წარმოჩენა, რაც, ცხადია, უკავშირდება ეპოქისთვის დამახასიათებელ ყოვლისმომცველ ცინიზმს, რომელიც სრულიად აუფასურებს კეთილ გრძნობებს და "გულის სწრაფვებს". მერე კიდევ, უკანასკნელი ორი საუკუნის ლიტერატურასა და ფილოსოფიაში სიყვარულის აურას თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ წარსულში სენტიმენტალიზმი იშვიათი მოვლენა იყო და ფრანგები, რომლებიც მუდამ ამაყობდნენ სიყვარულის მეცნიერების ზედმიწევნით ცოდნით, არც სულიერი კავშირისა და ერთგულების ქიმერებს წყალობდნენ და არც სხეულის ჯადოს მორჩილებას. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ქირქილით კითხულობს გაზეთში მოსახლეობის უმრავლესობისთვის საძულველი, მუდმივი დაცინვის სამიზნედ ქცეული საზოგადოებრივი ინსტიტუტის, ქორწინების მაცნე განცხადებას, საბოლოო ჯამში, ის მაინც დარწმუნებულია, რომ ოჯახური სიკეთეების დამცველმა კავშირებმა აუცილებლად უნდა სძლიონ გულის ცვალებადობას და სურვილის კონვულსიებს.


სწორედ ამ "იძულებით სიბრძნეს" ადასტურებს ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობა, განსაკუთრებით, ბალზაკის შემოქმედება. საზოგადოებრივი აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა და საკუთარი მარცხის მწარე აღიარება თავისუფლების მეხოტბეთ და ბურჟუაზიული სათნო სიმშვიდის შეურიგებელ მოძულეთ თვით სიყვარულის ძაგებისკენ უბიძგებს. ერთი საშინელი გაფრთხილება ჟორჟ ბატაის ეკუთვნის: "ჩემი ვნება სიყვარულისა გადაჰყურებს სიკვდილს, ისე, როგორც ფანჯარა ეზოს". მსგავსმა თავბრუსხვევამ თავისი დაღი დაასვა პრუსტს და მორიაკს, ისევე, როგორც უელბეკს (მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს თვითონ! იხ. ინტერვიუ). სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ტანჯვა, მონობა, უბედურება და ასე და ამგვარად... ჭეშმარიტი სიბრძნე მისგან გარიდებას გვირჩევს. მორალისტები (აი, კიდევ ერთი წმინდად ფრანგული ხელობა), გრძნობებზე მხოლოდ იმიტომ გვესაუბრებიან, რომ ყველას დასაცინად, სამზეოზე წარმოაჩინონ მათი სიყალბე. ფრანგული მაქსიმებისა და აფორიზმების სისტემა მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის გასაღებს Gგვთავაზობს და სწორედ ამას უნდა უმადლოდეს საკუთარ წარმატებას. ცნების "გასაღები" ხმარება მაშინ, როდესაც საუბარი ეხება ესოდენ ცვალებად, პირადულობის ნიშნით დაღდასმულ თემას, ნიშნავს ილაპარაკო ზოგად ფრაზებზე, გაცვეთილ ტერმინებზე და უნდობლობაზე, რომ არ ვთქვათ, ზიზღზე, ე. ი. ყოველივე იმაზე, რაც არის სათავე სექსუალური წრეგადასულობისა. სწორედ სექსუალური უზომობაა სარჩული თავშეკავებულობისა (აბსტინანცია), რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანული დასავლეთის ისტორიაში. ამაღლებული გრძნობების წინააღმდეგ მიმართულ სარკაზმს ბადებს ილუზიების მსხვრევა, თუმც კი მათ ნაჭდეურებს ვხვდებით სექსუალური თავაშვებულობისა და ბისექსუალიზმის მეხოტბეებთან, თუნდაც ბრიუკნერისა და ფენკილკროტის სკანდალურ ტექსტში "ახალი სასიყვარულო უწესრიგობანი" (იხ. ქვემოთ).
ნიშნავს ეს, რომ ფრანგებს სექსი უფრო იზიდავს, ვიდრე გრძნობა და რომ ხსნა მხოლოდ გულის ტოტალურ უარყოფაშია? ის, ვინც ამ ფაქტს ადასტურებს, შამფორის (1740-1794) სინანულს იზიარებს: "სიყვარული, იმ სახით, როგორც ის საზოგადოებაში არსებობს, მხოლოდ ორი ფანტაზიის ურთიერთობა და ორი ეპიდერმის კავშირია". ბრუკნერი სინანულს გამოთქვამს, რომ სექსუალურ თავისუფლებაზე დისკურსმა დაგვავიწყა არც თუ ისე იდეალისტური ხასიათის "გულის რომანებისთვის" დამახასიათებელი სენტიმენტალური აღსარებანი და ისიც, რომ ძველი მწერლები ამაღლებულ სიტყვებს ერთობ "მიწიერ" მნიშვნელობას შესძენდნენ. გავიხსენოთ თუნდაც აბელარის დასაჭურისება ყოვლად უვნებელი "ლირიკული აღმაფრენის" გამო. იმის თქმაც საკმარისია, რომ ამაღლებული სიყვარულისა და ვულგარული გრძნობიერების დაპირისპირება სასიყვარულო თავგადასავლებით მოყირჭყებული, ყალბი "ცხოვრების გამფლანგველების" მიერ მოგონილი ტრუიზმია. ოვიდიუსის და კაზანოვას კვალდაკვალ, შოდერლო დე ლაკლომ, სტენდალმა და ბევრმა სხვა დიდმა მწერალმა კარგად უწყიან, რომ ის, ვინც ორმხრივი სიამოვნებისგან რაიმე გამორჩენას ელის შემწედ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები უნდა მოიხმოს და ენად უნდა გაიკრიფოს. მოგვიანებით, თემატური ნომრის გაცნობისას, ვნახავთ თუ როგორ იყენებს სულიერ აღტკინებას ზნეობრივი ცხოვრების ნორმების არც თუ ისე თავგადაკლული დამცველი ბენჟამენ კონსტანი, რომლის ნაწარმოები "ადოლფი", მრავალგვარი სურვილის ხლართებში გაბმული ადამიანის ერთი გრძელი აღსარებაა.
შეიძლება ვინმემ დაასკვნას, რომ მაღალი სწრაფვები დიდ წილად სიცრუესა და მოჩვენებითობას ეფუძნება. მართლაც, სურვილის გამოხატვაში ბევრია სიყალბე, უფრორე მაშინ, როდესაც ცდილობ სათქმელს რაც შეიძლება მეტი ხიბლი შესძინო. სწორედ ამას უპირისპირდება სტენდალი თავის ცნობილ ნაწარმოებში "სიყვარულის შესახებ": "სიყვარულის მთელი ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად ითქვას ის, რასაც ამ წუთით თრობისას განიცდი". ვგონებ, არც ისე ადვილი საქმეა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს: ყველა მაცდუნებელს უნდა ახსოვდეს, რომ ქალის გულს ქათინაურებით ვერ მოიგებ, რადგან მან კარგად იცის, რომ ლამაზი სიტყვები ხორციელი სურვილივით წარმავალია. გამოდის, სიტყვები მხოლოდ იმას გამოხატავს, რაც უშუალოდ სხეულს, ხორციელს არ უკავშირდება, და რომ მხოლოდ ზუსტად მიგნებული სიტყვებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ სულიერ სიყვარულზე, რადგან გაუცნობიერებლად ვგრძნობთ, რომ ხსნის ერთადერთი გზა ღმერთის სამსახურია. ან იქნებ, იმის გამო, რომ სუბიექტი სხვა არაფერია, თუ არა ნაკრები ილუზიებისა და წარმოდგენებისა (რომელსაც, როგორც სტრუქტურალიზმი გვიმტკიცებს, იგი საკუთარ თავის შესახებ შეიქმნის), გრძნობებზე საუბარს არავითარი აზრიც არა აქვს?
არა! მსგავსი უკიდურესობანი უცხოა ფრანგული ხასიათისთვის: საფრანგეთი მუდამჟამს იცავდა ზომიერების, მიმტევებლობის და კეთილგანწყობილი ჰუმანურობის პრინციპებს, რომლებიც არასოდეს უპირისპირებს ერთმანეთს გრძნობის ამაღლებულობას და ხორციელ ვნებას. აქ თავს იჩენს ჩვენი ყბადაღებული გულგრილობა, რომელსაც ასე გაცხარებით აძაგებდნენ სელინი, ბერნანოსი და მეოცე საუკუნის სხვა სახელოვანი მწერლები, თუმცა ამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო: ჩვენ ერთნაირად ვუპირისპირდებით თავშეკავებულობას და დონჟუანიზმისთვის დამახასიათებელ ფლობის ჟინს. ჩვენი ავტორები ამ ორ ცდუნებას შორის მუდამ შუალედურ პოზიციას ირჩევენ. მონტენის მოძღვრების მიმდევარნი, ხმას ვუწყობთ მორალისტს და მასთან ერთად ვაცხადებთ: "სამყაროს მოძრაობა ცხადდება სქესთა კავშირში და გამოიხატება სქესთა კავშირით, რამეთუ ეს არის ძალა, რომელიც ყოველივეს განსჭვალავს, ცენტრი, სადაც თავს იყრის ყოველი საგანი". მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ დებულების სისწორეს ბლეზ პასკალის, მკითხველის მიერ ნაკლებად დაფასებული, მცირე ზომის ტექსტიც ადასტურებს, რომელშიც პასკალი უარყოფს გონებისა და სიყვარულის ურთიერთდაპირისპირებას. ტექსტი გამოძახილია აღორძინების ჰუმანიზმისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პასკალის თანამედროვე ლაროშფუკოს ირონიასთან, რომლისთვის სიყვარულის გრძნობა სინამდვილეში არც არსებობს: "ჭეშმარიტი სიყვარული აჩრდილების გამოცხადებას ჰგავს, მათზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს". ჩვენ ვულგარული სურვილების ტყვეობაში ვართ და ეს არის თავი და თავი იმისა, რომ ვერარა ძალისხმევით ვერ ვუახლოვდებით უანგარო სიყვარულის პრინციპს, რომლის არსი დაბადებიდანვე ჩასახულია ჩვენში და რომელსაც, ჩვენივე ნებით, ყურადღების ღირსად არ ვთვლით.
ფრანგების სპონტანურ გონებაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ვნებისა და ტონის სიმსუბუქის, გულწრფელი გატაცებისა და ლიბერტინაჟის (ზნეობრივი ნორმების უგულველყოფა-გ. ე.) ბედნიერი შერწყმა, რომლის კვალი აშკარად საგრძნობია ჩვენი დიდი მწერლების უმრავლესობის შემოქმედებაში და რომელიც, ლიტერატურის სახელოვანი ქალბატონების (მარიამ ფრანგი, მარგარიტ ნავარელი) მიერ პირველად წარმოჩენილი, გრძელდება და გაცილებით მაღალ საფეხურზე ადის კრებიიონის, რეტიფ დე ლა ბრეტონის, სტენდალის, ფლობერის და მოპასანის ნაწარმოებებში. ტრადიცია გრძელდება პიერ ლუისის და ლუი არაგონის ლექსებში, ისევე, როგორც თანამედროვე "შანსონებში". კრებიიონი უმცროსი (1709-1777) სასიყვარულო ისტორიის გადმოცემისას, მიზნად ისახავს წარმოაჩინოს სიყვარული მთელი სისავსით, ე.ი. სხეულიც და გულიც, რადგან ნებისმიერი სიყვარული ფიზიკურია ან მისკენაა მიდრეკილი და ამ სწრაფვის შეფერხება მტკივნეული განცდაა. სურვილი სამყაროს უზენაესი ჭეშმარიტებაა და ყოველივე სექსზე გველაპარაკება, ამრიგად, არ არის აუცილებელი, ალაპარაკო თვით სექსი. ამას ქალებიც აღიარებენ, - მადამ დე ლაფაიეტი "კლევის პრინცესაში" გადაკრულად, პერიფრაზებით უმხელს თავის შეხედულებებს მკითხველს. მისგან განსხვავებით, "წესიერად აღზრდილი ქალიშვილის მემუარებში" სიმონ დე ბოვუარი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღიარებს საკუთარ მრწამს. ის მამაკაცები, ვინც ყველაზე კარგად უგებს ქალებს, არა მხოლოდ ამართლებენ მათ მცდელობას, არამედ მათთან იდენტიფიცირებასაც ახდენენ. გავიხსენოთ ფლობერის ცნობილი ფრაზა: "ქალბატონი ბოვარი მე ვარ".
აი ის ზოგადი მიმართულება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მიყვება ჩვენი ეროვნული პროზა. თუ კი მწერლები ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მოქმედების წვრილმანების აღწერას, ეს იმიტომ, რომ მეტი სიმკვეთრით წარმოაჩინონ გრძნობები და ცოტას თუ ვნახავთ ისეთს, ვინც კრძალვით არ მიაგებს მისაგებელს სადს, რომლის მკითხველთა და თაყვანისმცემელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. საფრანგეთს ვერავითარი აღსარებით ვერ გააკვირვებ და ეს, გნებავთ, გულგრილობა ვუწოდოთ, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება შამფორის ღრმა რწმენას: "სიყვარულში ყოველივე ჭეშმარიტია, ყოველივე ყალბია და ის ერთადერთია, რომლის შესახებ სულელურს ან უაზროს ვერაფერს იტყვი".


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: