Sunday, January 17, 2010

თემურ ჩხეტიანი - აღმოსავლეთის ექსპრესი

რა ხანია, აქეთ აღარ ვყოფილვარ...
აქ, სოფლიდან მოშორებით,
ვენახებს შორის,
სახნავ-სათეს ადგილებს შორის,
ალაგ-ალაგ ბუჩქნარიც რომ გამოერევა,
რკინიგზა გადის -
რკინიგზის ხაზი,
რომელიც სხვისთვის
იქნებ დიდი არაფერია,
მაგრამ ჩემთვის რაღაცას ნიშნავს.

გაზაფხული აქაც იგრძნობა -
არა მარტო თვალით, ყველაფრით:
ყვავის ხეხილი,
დასტყობია მიწას სიმწვანე
და ძალმოცემულ მზისგან უკვე
რელსებიც თბებიან.

1

ეს არ არის
დიდი სატრანზიტო მაგისტრალი
მისი თანმხლები სიჩქარით და დაძაბულობით;
პერსპექტივებით, მიმზიდველად რომ გვიხატავენ
ტელეეკრანზე თუ პრესის ფურცლებიდან.
ამ ლიანდაგებზე
არ მიგრუხუნებენ ნავთობის ცისტერნები
და არც ბამბა გადაიზიდება;
არც დამსვენებელთა ნაკადი მიედინება -
ზღვისკენ.

ეს არ არის გზა ევროპისკენ,
არც "აბრეშუმის გზა" არ არის -
ადგილობრივი მნიშვნელობის რკინიგზა გახლავთ:
ფუნქციადაკარგული
და თითქმის გაუქმებული რკინიგზა,
სადაც ახლა ათასში ერთხელ
თუ გაივლის შემთხვევითი შემადგენლობა
და მხოლოდ მაშინ თუ შეიშმუშნებიან
თვალებამოღამებული
პატარა სადგურები...

ეს გზა თითქმის აღარ არსებობს,
ჩვენ კი აქა ვართ;
ჩვენ, ვინც უკვე სრულად ვიწვნიეთ
თუ რა არის გარდამავალ დროში ცხოვრება.

2

ძველია ეს გზა,
ძველია და შორიდან მოდის -
ნიკოლოზისდროინდელია;
სულ ახლახან წმინდანად შერაცხული
იმპერატორის დროისა, როცა
ეს ქვეყანა რუსულ დავთრებში
გუბერნიებად და მაზრებად იწერებოდა.

გამიგონია, წამიკითხავს...
და ნაამბობიც მაგონდება, ცხონებული ბებიაჩემი
იმ შორეულ დროს იხსენებდა:

- ერთხელ სოფელში ხმა დაირხა,
"უცხენო" - ანუ მატარებელი - ამოივლისო
(მაშინ, პირველად,
ჯერ რომ არ ენახათ,
სახელიც რომ არ იცოდნენ
რა ერქვა ან რა უნდა დაერქმიათ).

მთელი სოფელი სანახავად გამოვეფინეთ;
დიდ-პატარა თითქმის მთელ დღეს ველოდებოდით,
მაგრამ არ მახსოვს იმ "უცხენომ"
ამოიარა თუ არაო -
ძალზე პატარა ვიყავი და დამძინებოდა
ლოდინშიო, - ასე ყვებოდა.

3

და იქიდან მოყოლებული
(და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე)
ეს გზა იყო ამ კუთხისთვის გზა სამყაროში -

ომი იყო თუ მშვიდობა იყო,
ზამთარი იყო თუ ზაფხული,
მატარებელს ხალხი არ აკლდა
და გზა, როგორც სხეულში ძარღვი,
ისე ფეთქავდა.

და თუმცა ის, "კახეთის მატარებელი",
(თავის დროზე ტიკებით და ხურჯინებით დამშვენებული)
თავის სიზანტით ანეკდოტის თემაც გამხდარა,
ასე თუ ისე, ასრულებდა მოვალეობას.

ხალხი ადვილად ეგუებოდა
ერთად ყოფნას და სივიწროვეს,
ხოლო გზაში ადევნებულ მოწყენილობას
დროებით მაინც აქარვებდა
სასაცილოდ ნათქვამი ამბავი,
მარჯვე ხელით გაშლილი კარტი,
სახელდახელოდ გაშლილი სუფრა...

და ბორბლების რიტმულ ხმაურში
დროც მიდიოდა.

4

სადგურებში ხომ ყოველთვის ფუსფუსი იყო:
მიდიოდნენ ან ჩამოდიოდნენ;
აცილებდნენ, ელოდებოდნენ...
წასაღები მიდიოდა,
მოსატანი შემოდიოდა
და ამინდის მიუხედავად
ტვირთის დიდხანს შეფერხება არ იქნებოდა.

ახლა ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ,
მაგრამ დროდადრო,
რამდენიმე დღით,
სათადარიგო ლიანდაგზე - განცალკევებით
ჩერდებოდა რაღაც ვაგონი,
სათანადოდ მოწყობილი და მიმზიდველი:
"ვაგონი - მაღაზია",
"ვაგონი - კლუბი"...
და ახლო-მახლო მოსახლეთა გახალისებას
მეტი არც უნდოდა!..

მაგრამ ერთხელ იმ ვაგონ-კლუბში
(აქვე, ჩვენთან, ჩემს ბავშვობაში)
ტრაგედიაც დატრიალდა, ხანძარი გაჩნდა!..

გარეთ ყველამ ვერ გამოასწრო
და იმათგანაც, ვინც ცოცხალი გამოიყვანეს,
ბევრი ისე მძიმედ იყო,
ვეღარ გადარჩა...

5

მე და მამა შინ ვბრუნდებოდით.
კარგა ხანი იყო გასული,
რაც მე სახლში არ ვყოფილიყავ
და ახლა შინ მამას მოვყავდი.
ასე, შვიდი წლის ვიქნებოდი და მიხაროდა:
მიხაროდა მატარებელი
და სახლისკენ მომიხაროდა.

ერთხანს ვიარეთ,
მაგრამ მერე სადღაც გავჩერდით;
გავჩერდით და დიდხანს ვიდექით.
ღამდებოდა. უფროსები უკვე ბრაზობდნენ,
პატარებმაც მოვიწყინეთ. ბოლოს კი, მგონი,
ორთქლმავალი შეგვიცვალეს და დავიძარით.

ჩვენს სადგურზე რომ ჩამოვედით,
ბნელოდა და კიდეც ციოდა.
მამამ მხარზე შემისვა და გზას შევუყევით:
მას ერთი ხელით ბარგი მოჰქონდა
და მეორეს მე მაშველებდა;
მე კი, მის თავზე ხელმოხვეული,
მის ჯერ კიდევ შავ თმას ფრთხილად ვეხუტებოდი.
...და უკვე თვლემა მერეოდა,
როცა ჩვენი ჭიშკარი შევაღეთ.

დედა ძალიან თბილი იყო,
ოთახშიც თბილოდა.
მგონი, მაშინაც ლამპა გვენთო - მე შინ ვიყავი!
ჩემს ტიტინა დაიკოს კი უკვე ეძინა,
ეძინა ლურჯად შეღებილ პატარა საწოლში,
ჩემეულ საწოლში.

6

დრო მიდიოდა,
იცვლებოდა სარკინიგზო შემადგენლობა;
ჩვენც ვიცვლებოდით
და, განახლების მცდელობების მიუხედავად,
გზა ძველდებოდა,
ძველდებოდა და ერთადერთი
და შეუცვლელი რომ არ იყო,
თანდათან ვხვდებოდით.

თუმც ბოლო დრომდე
ეს რკინიგზა
და ის, დღისა თუ საღამოს მატარებელი
ხელსაყრელი იყო ყველასთვის:
ვინ სამსახურში მიდიოდა დილაადრიან;
ვინ ბაზრიდან ბრუნდებოდა
ხელდაცლილი და კმაყოფილი;
სტუმარიც ხომ არასდროს გვაკლდა
და აქაური გოგო-ბიჭებიც
(ბევრ რამეზე უკვე თვალებახელილები)
სწორედ ამ გზით მიდიოდნენ დედაქალაქში.

...არცთუ სწრაფი,
მაგრამ მართლა იაფი იყო.
ჩვენ იქნებ კიდეც გვბეზრდებოდა
მისი ზოზინი,
მაგრამ, რა ვიცი,
მაინცდამაინც, მგონი, არსად გვეჩქარებოდა.

ასე იყო აგერ, აქამდე -
ჩვენთვის ვაი-ვაგლახით გასულ
საუკუნის 90-იან წლებამდე,
მერე კი ის მატარებელი
(ბოლო დროს ჩვენი წარსულივით
ქვებნასროლი და შელანძღული)
ასწლეულთან ერთად წავიდა!..

7

ზამთარი იყო. მე მეორე კურსზე ვიყავი,
ჩემი ძმა კი თორმეტი წლის თუ იქნებოდა.
თოვლი იყო, კიდევაც თოვდა -
მაშინ თოვლს უფრო ლამაზად ვხედავდით.
მე ქალაქში მივდიოდი, ის - მაცილებდა,
ორივენი მის ციგაზე მოვთავსდით და ისე დავეშვით;
გზაში კიდეც ამოვტრიალდით
და ასე, კოტრიალ-კოტრიალში,
სიცილ-სიცილში
ჩავაღწიეთ - დროზე მივედით.

მატარებელი რომ დაიძრა,
ძმა სოფლისკენ შეტრიალდა თავჩაქინდრული -
მიდიოდა და თან ციგას მიიყოლებდა...

ხალვათობა იყო ვაგონში.
ასეც მერჩია -
სარკმელთან ჩემთვის ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი
(აგატა კრისტი რომ არ იყო, ნამდვილად მახსოვს);
ვკითხულობდი
და თბილისში ჩასვლამდე მეც სხვაგან ვიყავი,
სადღაც, კენტის საგრაფოში, თუ ეგვიპტეში -
სხვა დროში, სხვა სამყაროში... გარეთ კი თოვდა,
ზამთრის ღამეშიც თბილი იყო მატარებელი,
მიდიოდა, თან თავისი ახლდა სინათლე.

8

ეს გზა ახლა არსაით მიდის.
ეს ფუნქციადაკარგული
და თითქმის გაუქმებული რკინიგზაა,
სადაც მხოლოდ ათასში ერთხელ
თუ გაივლის შემთხვევითი შემადგენლობა
და მხოლოდ მაშინ თუ შეიშმუშნებიან
თვალებამოღამებული
პატარა სადგურები.

...და ამ სადგურსაც
სიმბოლური მორიგეღა შემორჩენია.

P.S. ჩემი შეჩვეული ცალხაზიანი ფურცლები კარგა ხანია
გამითავდა. მიყვარს, როცა პარალელურ ხაზებს
მივაყოლებ სათქმელს და სტრიქონებს.
ამ ოპუსს მე თაბახის ფურცლებზე ვწერდი.
ვწერდი რაღაც ორიენტაციადაკარგული.
იქნებ რამე შემეშალა?..
იქნებ...

სხვა რაღა გითხრათ?
ჩვენთან, ასე ვთქვათ, მშვიდობაა,
სიმშვიდეა ლიანდაგებზეც
და შპალებს შორის
უფრო თამამად ამოდის ბალახი.

© “არილი”

No comments: